ალჰამბრა ანუ ამბავი არაბი ვარსკვლავთმრიცხველისა (თარგმანი: ალექსანდრე ელერდაშვილი)
შორეულ წარსულში, ძალიან დიდი ხნის წინ, მავრთა ქვეყანაში ცხოვრობდა მეფე, რომელსაც სახელად აბენ ჰაბუსი ერქვა. ამ ქვეყნის მთავარი ქალაქი გრანადა და მთელი მისი შემოგარენი მრავალი ბრძოლით და ომით ჰქონდა დაპყრობილი ხსენებულ მეფეს. ახალგაზრდობაში უძლეველ მეომრად ცნობილი აბენ ჰაბუსი იმხანად უკვე მოხუცებული იყო და სიმშვიდის გარდა აღარაფერს ნატრობდა ქვეყნად. ბრძოლებით გადაღლილი ხელმწიფის საზრუნავი მხოლოდ ის იყო, მეზობლად მდებარე დაპყრობილი ქვეყნები მორჩილებაში ჰყოლოდა. იჯდა ასე განცხრომით სამეფო ტახტზე აბენ ჰაბუსი და ნებივრობდა იმ სიმდიდრეში, ოდესღაც სხვებს რომ წაართვა.
მაგრამ ვაი, რომ დაბრძენებულ და მშვიდობისმოყვარე მეფეს მალე ბევრი მტერი გამოუჩნდა. აბენ ჰაბუსის სიმდიდრე მოსვენებას არ აძლევდა ახალგაზრა უფლისწულებს. მათ გრანადის დიდ მპყრობელთან შუღლით და ჭიდილით დიდების მოპოვებაც სურდათ და წინაპართა ჯავრის ამოყრასაც ნატრობდნენ.
დიდი და თვალუწვდენელი გახლდათ მავრთა ქვეყანა, მისი სამფლობელოები კი დედაქალაქიდან შორეულ მხარეებამდე იყო გადაჭიმული. იყო დრო, როცა ყველა უსიტყვოდ მორჩილებდა აბენ ჰაბუსს, მაგრამ მალე ესეც დავიწყებას მიეცა. ხან ერთ და ხან მეორე მხარეში, დროდადრო აჯანყდებოდნენ ხოლმე ხელმწიფის დაუძინებელი მტრები და ისინი ქვეყნის მთავარ ქალაქზე გალაშქრებასაც ბედავდნენ. ამიტომაც იტევდა მრავალ საფრთხეს უკაცრიელი, კლდოვანი მთებით გარსშემორტყმული საბრძანებელი აბენ ჰაბუსისა. გამუდმებული შფოთვით შეწუხებულ მეფეს მოსვენების უფლებას არავინ აძლევდა, ის სულ იმის ფიქრში იყო, თუ საიდან შემოესოდა მტერი.
რა აღარ იღონა, რომელ ხეობაში აღარ ჩააყენა მოდარაჯეთა რაზმები, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა საბრალო მბრძანებელი გრანადისა.
"მტრები თუ შემოგვესივნენ, ღამით კოცონი აანთეთ და დღისით ცას კვამლი მიაწვდინეთო " - ნაბრძანები ჰქონდათ მოდარაჯეებს, მაგრამ რა? - მარჯვე და მოხერხებული ყაჩაღები გვერდს ადვილად უვლიდნენ ხოლმე ხაფანგს და აბენ ჰაბუსის ცხვირწინ აპარტახებდნენ დედაქალაქის შემოგარენს და ნაძარცვით დატვირთულნი, ტყვეებთან ერთად, კვლავ მთებში უჩინარდებოდნენ.
აბა, როგორ უნდა ეცხოვრა მოსვენებით, როგორ უნდა მისცემოდა მშვიდობიან განცხრომას აბენ ჰაბუსი, რომლის საბრძოლო ჟინი წარსულის ხსოვნასღა შემორჩენოდა?
სად იყო და სად არა, ერთ მშვენიერ დღეს, უიმედოდ დარჩენილი მეფის სასახლეს ერთი მოხუცი არაბი ეწვია. ამ მოხუცს უბადლო მკურნალის სახელით იცნობდა ყველა. მთლად გათეთრებული წვერი ლამის მუხლებამდე ჰქონდა ჩამოფენილი და ცხადზე უცხადესი იყო, რომ მეტად ხანდაზმული ასაკის ბრძანდებოდა.
მოხუცს სახელად იბრაჰიმ იბნ აბუ აიუბი ერქვა.
ხმა დაირხა - ეგვიპტიდან მავრთა ქვეყანამდე ფეხით იარაო ამ არაბმა... გზას ეგვიპტური იეროგლიფებით აჭრელებული ჯოხით მოიკვლევდაო.... ყველგან პატივით და მოკრძალებით ხვდებოდნენო მას...
იმასაც ამბობდნენ - ალაჰის მოციქულის მაჰმადის სიცოცხლესაც კი შესწრებია ეს ბრძენკაცი და რომ მამამისი, აბუ აიუბი, მუსლიმანთა დიდი წინაპრის ერთგული მსახურიც კი ყოფილაო.
ზოგს ისიც სმენოდა, რომ სიყმაწვილის ასაკში ეს კაცი ეგვიპტეში არაბთა ლაშქარს ჩაჰყოლია, რომელსაც ამრუ მიუძღვოდა წინ. იქ თითქმის მთელი ცხოვრება გაუტარებია და ბნელეთით მოცული მრავალი მოძღვრება და ჯადოსნობა შეუსწავლია ეგვიპტელი ქურუმებისგან.
მავანნი გაიძახოდნენ - უკვდავების წამალი გამოიგონა ამ არაბმა და 200 წლის ასაკს სწორედ მისი წყალობით მიაღწიაო. ასეთი წამალი კი ხანდაზმულობის ასაკში შეუქმნია და ამიტომაც სამარადისოდ მხოლოდ თეთრი წვერის და დანაოჭებული სახის შემონახვა შეძლოო მან.
დიდი პატივით მიიღო ეს უცნაური მოხუცი გრანადის მბრძანებელმა. იმხანად მეფე აბენ ჰაბუსი, როგორც ყველა ასაკოვანი კაცი, თავის ჯანმრთელობაზე დიდად ზრუნავდა და ამიტომაც ისურვა, სასახლეში დაებინავებინა სტუმარი, მაგრამ არაბმა ბრძენმა საცხოვრებლად ერთი გამოქვაბული არჩია. ეს გამოქვაბული სწორედ იმ მთაში იყო ნაკვეთი, რომელიც გრანადას გადმოჰყურებს და სადაც მოგვიანებით თავად ალჰამბრას სასახლე ააშენეს. არაბი ვარსკვლავთმრიცხველის სურვილით გამოქვაბული მეტად გააფართოვეს და წრიულ დარბაზს დაამსგავსეს. მან ისიც ინება, რომ, ჭიდან ამომავალი ხვრელივით, ზეცისკენ სარკმელი გაეჭრათ, რათა დღისით თუ ღამით ვარსკვლავებისთვის ემზირა. გამოქვაბულის კედლები არაბმა ბრძენმა ეგვიპტური იეროგლიფებით და ზოდიაქოს ნიშნებით მოხატა. შემდეგ დარბაზში თავი მოუყარა უამრავ ხელსაწყოს, რომლებიც მისი მითითებით გრანადის ცნობილმა ოსტატებმა დაამზადეს, ხელსაწყოთა მოხმარების იდუმალება კი მხოლოდ ამ უცნაური მოხუცისთვის იყო ცნობილი თურმე.
მალე იბრაჰიმ იბნ აბუ აიუბი მთავარი მრჩეველი გახდა მეფისა. გაჭირვების ჟამს აბენ ჰაბუსი მხოლოდ მას ეთათბირებოდა და რჩევასაც ყურად იღებდა. ერთხელ მეფემ ისიც დაიჩივლა ბრძენკაცთან, რომ მეზობლები ძლიერ აწუხებდნენ და გამუდმებულ შფოთსა და მღელვარებაში უხდებოდა ცხოვრება. ეს ამბავი რომ შეიტყო, ვარსკვლავთმრიცხველი ერთხანს მდუმარედ უმზერდა მეფეს და ბოლოს უთხრა:
"მინდა გაუწყო, ჩემო მბრძანებელო, რომ ეგვიპტეში ყოფნისას, მე ვნახე საოცარი რამ, რომელიც ოდესაღაც გრძნეულ დედაბერს შეუქმნია. იქ არის ერთი მთა, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს ქალაქი ბორსა და ნილოსისპირა დიდი ველები. მთაზე კი ერთი ვერძი დგას, რომელსაც ზურგზე მამალი შემოსჯდომია. ვერძიც და მამალიც გადამდნარი სპილენძითაა ნაქანდაკარი და ორივე მათგანს ღერძის გარშემო ადვილად შეუძლიათ ბრუნვა. ყოველთვის, როცა მტრები მოადგებიან ქვეყნის საზღვრებს, ვერძი იმ მხარეს იბრუნებს ხოლმე პირს, საიდანაც მოძალადენი მოდიან და მამალიც თავისებურად იწყებს ყივილს. ამის წყალობით ქალაქის ბინადრებმა წინასწარ იციან, საიდან მოელით საფრთხე და თავის დაცვასაც ადვილად ახერხებენ.
"დიდება უფალს! - შესძახა მშვიდობას მონატრებულმა აბენ ჰაბუსმა. - ო, რა დიდი საჩუქარი იქნებოდა ჩემთვის ასეთი ვერძი, რომელიც მტრების მოახლოებას მამცნობდა! და ის მამალიც, ყივილს რომ მორთავდა საფრთხის დროს! დიდ არს ალაჰი! ო, რა მშვიდად დავიძინებდი სასახლეში, მის სახურავზე ასეთი დარაჯები რომ მყოლოდა.
ვარსკვლავთმრიცხველი ერთხანს გაყუჩდა, ვიდრე აბენ ჰაბუსის მღელვარება დაცხრებოდა და შემდეგ განაგრძო:
"მას შემდეგ, რაც ძლევამოსილმა ამრუმ (შეინდოს უფალმა მისი სული!) ეგვიპტის დაპყრობა დაასრულა, მე ამ ქვეყნის ქურუმებთან დავრჩი. მსურდა, მათგან წარმართულ რწმენათა ადათ-წესები შემესწავლა და თავადაც ჩავწვდომოდი იმ იდუმალ გრძნეულებას, რამაც ქურუმებს ამქვეყნად სახელი გაუთქვა.
ერთხელ ნილოსის ნაპირზე ვიჯექი და ერთ მხცოვან ბრძენთან ლაპარაკით ვიქცევდი თავს. უცებ საუბრისას მან თითი გაიშვირა უზარმაზარი პირამიდებისკენ, რომლებიც მთებივით აღმართულიყვნენ ჩვენს მახლობლად გადაშლილ უდაბნოში.
"ჩვენთან ბევრი რამ შეგიძლია ისწავლო - მითხრა მოხუცმა - მაგრამ ეს არაფერია იმ სიბრძნესთან შედარებით, რაც ამ ვეება ნაგებობს შორისაა გადამალული. მთავარი პირამიდის შუაგულში არის იდუმალებით მოცული ერთი სამარხი და იქ განისვენებს მუმია უზენაესი ქურუმისა... კაცისა, რომლის ნება-სურვილითაც ააგეს ის უზარმაზარი პირამიდა. მუმიასთან ერთად სამარხში არის ერთი საოცარი წიგნიც, სადაც გრძნეულების და ჯადოსნობის ყველა საიდუმლოა თავმოყრილი ერთად. ეს წიგნი სამოთხიდან დევნილმა ადამმა წამოიყოლა თურმე და მას შემდეგ თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ვიდრე ბრძენთაბრძენ მეფე სოლომონს არ ჩაუვარდა ხელში. ამბობენ - სწორედ ამ წიგნის წყალობით ააშენაო სოლომონმა იერუსალიმში წმინდა ტაძარი... და არავინ იცის, ყოვლისმცოდნე უფლის გარდა, თუ როგორ დაეპატრონა წიგნს პირამიდების ამშენებელი გრძნეული ქურუმი.
ეგვიპტელ ბრძენკაცთან საუბრის შემდეგ, ერთადერთი სურვილით ამიძგერდა გული, რომ როგორმე ხელში ჩამეგდო ის წიგნი. ჩემს ნება-სურვილს მაშინ არაბთა ლაშქრის ბევრი მეომარი და ეგვიპტის სხვა მრავალი ბინადარიც ემორჩილებოდა. გავუძეხი მათ წინ და ერთობლივი ძალით პირამიდებს შორის დახვავებულ ლოდებში გავიკვლიეთ გზა. დიდი წვალების და ოფლისღვრის შემდეგ, როგორც იქნა, მივედი შორეულ სიღრმეში მიმალულ ერთ შესასვლელ კართან. შიგნით რომ შევედი, საზარელ ლაბირინთებს გავცდი და ბოლოს პირამიდის შუაგულში ამოვყავი თავი. სწორედ იქ ვიხილე ის იდუმალებით მოცული სამარხი, სადაც უზენაესი ქურუმის მუმია მრავალსაუკუნოვან ძილს მისცემოდა... ფრთხილად ავხადე სახურავი მუმიის განსასვენებელს, დავიწყე აურაცხელი სახვევის და არტახის შეხსნა, ვხსნიდი და ვხსნიდი... სანამ არ მივაგენი ჩემთვის სანატრელ წიგნს. ხელის კანკალით დავწვდი მას, შემოვბრუნდი და ძლივსღა გამოვიკვლიე სინათლისკენ გზა... მუმია კი დარჩა სამარხის მარადიულ მდუმარებასა და სიწყვდიადეში და დღესაც მოელის მკვდრეთით აღდგომის და განკითხვის დღეს".
"ო, ძეო აბუ აიუბისა! - შესძახა მეფე აბენ ჰაბუსმა - მრავალი საოცრების და გრძნეულების მნახველი მოგზაური ყოფილხარ! მაგრამ მე რით მანუგეშებს იდუმალი პირამიდის ამბავი? ან რას მომცემს სიბრძნე სოლომონ ბრძენის წიგნისა?"
"სწორედ ამას მოგახსენებ, მეფეო! დიადი წიგნის წყალობით მე ჩავწვდი ჯადოსნობის აზრს და შემიძლია ჩემს სურვილს დავუმორჩილო ყველა ჯინი და გრძნეული არსება. ბორსას მფარველ ავგაროზად ქცეული ვერძი აღარ არის ჩემთვის შეუცნობი რამ, მისი მსგავსი და მასზე უკეთესი მეც შემიძლია შევქმნა..."
"ო, ბრძენთაბრძენო იბრაჰიმ იბნ აბუ აიუბ! - კვლავ შესძახა აბენ ჰაბუსმა - ერთი ასეთი ავგაროზი აჯობებს ყველა დარაჯს და მოთვალთვალეს, მე რომ Mმთებში მყავს ჩაყენებული. სადმე ჩემთვისაც აღმართე ასეთი მფარველი და მთელ ჩემს სიმდიდრეს და განძეულობას არ დავიშურებ შენთვის.
არაბი ვარსკვლავთმრიცხველი მაშინვე შეუდგა ხელმწიფისათვის სასურველი ავგაროზის შექმნას. მისი ბრძანებით ალბასინის მთის წვერზე აშენებული სამეფო სასახლის სახურავზე მაღალი კოშკი აღმართეს. ეს კოშკი ეგვიპტიდან ჩამოტანილი ქვებით ააგეს და ხმა დაირხა - ამ ქვებით პირამიდა ყოფილაო აშენებული ერთდროს. კოშკის ზედა ნაწილს მრგვალი დარბაზი აგვირგვინებდა, რომლის ოთხი ფანჯარა ქვეყნიერების ოთხი მხარისკენ იყო მიმართული. ყოველი ფანჯრის წინ იდგა მაგიდა, რაზედაც ჭადრაკის ფიგურებივით ელაგა ხისგან ნაკეთები ცხენოსანი და ქვეითი ჯარი; მთელი ლაშქრის სათავეში კი იმ ქვეყნის ხელმწიფის პატარა გამოსახულება ჩანდა, საითაც ფანჯარა იყურებოდა. თითოეულ მაგიდაზე იდო სადგისისხელა პატარა შუბიც, მათზე კი ქალდეველთა ანბანის ასოები იყო ამოტვიფრული. დარბაზში შესასვლელი სპილენძის კარი საიმედოდ იყო ჩარაზული ფოლადის საკეტით, გასაღები კი თავად მეფეს ჰქონდა და სხვას არავის ანდობდა ცოცხალი თავით.
კოშკის წვეროზე მავრი ცხენოსნის ბრინჯაოს ქანდაკება იდგა, რომელიც ღერძის გარშემო ბრუნავდა. ამ ქანდაკებას ერთ ხელში ფარი, მეორეში კი ცისკენ ზეამართული შუბი ეჭირა. ბრინჯაოს მხედარს სახე ქალაქისკენ ჰქონდა მიმართული, თითქოს თვალყურს ადევნებსო ქალაქელთა ყოფას და ცხოვრებას, მაგრამ თუ საიდანმე მტერი გამოჩნდებოდა, მხედარს უმალ იქით უნდა ებრუნებინა სახე და შუბიც იქით მიემართა ისე, თითქოს ბრძოლის დაწყებას აპირებსო მტერთან.
როდესაც დასრულდა მფარველი ავგაროზის აგება, მეფე აბენ ჰაბუსს ერთი სული ჰქონდა, მისი გრძნეულება საქმეში გამოეცადა. ამიტომაც მოენატრა კვლავ ომი და სისხლისღვრა მანამდე მშვიდობის მაძიებელ მეფეს და მისი საწადელი სულ მალე ასრულდა კიდეც. ერთხელ, განთიადისას კოშკის სათვალთვალოდ მიჩენილმა გუშაგმა მეფეს ამცნო - ბრინჯაოს მხედარი ელვირის მთებისკენ შებრუნდა და შუბი პირდაპირ ლოპეს უღელტეხილისკენ გაიშვირაო.
"დაჰკარით დაფდაფებს, ბუკის ხმა მიაწვდინეთ ქალაქის ლაშქარს, მთელი გრანადა ფეხზე დადგეს!"-ო - გასცა ბრძანება აბენ ჰაბუსმა.
"მეფეო@! - უთხრა ვარსკვლავთმრიცხველმა. - ძილს ნუ დაუფრთხობ შენს ქალაქს, ნურც მეომრებს უბრძანებ იარაღის ასხმას. ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება ძალების მოკრება მტრის მოსაგერიებლად. მიუშვი თავის ნებაზე შენი ამალა, ჩვენ კი მარტონი ავიდეთ კოშკის საიდუმლო დარბაზში."
მოხუცი აბენ ჰაბუსი აუყვა კოშკის კიბეებს; ის მასზე ბევრად უფრო ასაკოვანი იბრაჰიმ იბნ აბუ აიუბის მხარს ეყრდნობოდა და წვალებით მიიკვლევდა გზას ზემოთ. მათ გააღეს სპილენძის კარი და დარბაზში შევიდნენ, იქ კი ფანჯარა, რომელიც ლოპეს უღელტეხილს გასცქეროდა, ღია დახვდათ.
"აი, ამ მხარიდან მოდის შენი მტერი - უთხრა ვარსკვლავთმრიცხველმა მეფეს. - მივიდეთ მაგიდასთან და გაჩვენებ, მეფეო, რა სასწაულმოქმედი ძალაც აქვს მას!".
აბენ ჰაბუსი მიუახლოვდა მაგიდას, რომელზედაც ხის ცხენები და კაცუნები იყვნენ ჩამწკრივებულნი. უცებ მეფემ თავისდა გასაოცრად დაინახა, რომ უსულო ფიგურები ამოძრავდნენ. ცხენები ფლოქვებს სცემდნენ და ყალყზე დგებოდნენ, მეომრები აქეთ-იქით იქნევდნენ ფარ-ხმალს, ყრუდ ისმოდა სალაშქრო ბუკ-ნაღარის ხმა და დროდადრო ცხენების ჭიხვინიც სწვდებოდა ყურთასმენას. თუმცა ეს ყველაფერი ფუტკრების ზუზუნს და ბუზების ბზუილს უფრო ჰგავდა, ჩრდილში მთვლემარე კაცს რომ ჩაესმის ხოლმე პაპანაქება სიცხეში.
"შეხედე, მეფეო! - თქვა ვარსკვლავთმრიცხველმა - ესენი შენი მტრები არიან, რომლებიც უკვე მზად არიან თავს დაგესხან. ისინი აი, იმ მთებში არიან და სადაცაა ლოპეს უღელტეხილს მოადგებიან. თუ გინდა, რომ მათ შორის არეულობა და ჩოჩქოლი შეიტანო და სისხლის დაუღვრელად აქცევინო ზურგი, ამ ჯადოსნური შუბის ბლაგვი წვერი შეახე ხის კაცუნებს და თუ გწადია, რომ ისინი დაერიონ და მუსრი გაავლონ ერთმანეთს, კაცუნებს შუბის წვერი შეახე".
აბენ ჰაბუსს სახე გაუფითრდა, აკანკალებული ხელით დასწვდა პატარა შუბს, მაგიდისკენ დაიხარა და მას მღელვარებისგან თეთრი წვერიც კი აუცახცახდა:
"აბუ აიუბის ძეო! - თქვა მეფემ და ეშმაკურად ჩაიქირქილა. - მე მგონი, ჩვენ მცირეოდენი სისხლის დაღვრა მაინც მოგვიხდება აქ".
ამის თქმა იყო და მეფემ ზოგ კაცუნას ჯადოსნური შუბის წვერი აძგერა, ზოგს კი ბლაგვი ბოლოთი შეეხო; შუბით განგმირულნი უმალ უსულოდ დაეცნენ დაფაზე, დანარჩენები კი ერთმანეთს დაერივნენ და ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, ბრძოლა შემზარავ ზედახორას დაემგვანა.
ძლივსღა მოახერხა ვარსკვლავთმრიცხველმა ერთდროს ყველაზე მშვიდობისმოყვარე მეფის შეჩერება; რომ არა ბრძენი არაბი, აბენ ჰაბუსი თავის მტრებს ერთიანად გაჟლეტდა. მერე იმაშიც დაარწმუნა, რომ კოშკიდან უნდა ჩასულიყვნენ და ლოპეს უღელტეხილისკენ შიკრიკები გაეგზავნათ ამბის გასაგებად.
შიკრიკები მალე დაბრუნდნენ და აუწყეს მეფეს, რომ ქრისტიანთა ლაშქარი თითქმის გრანადის ზღუდეებთან იყო მომდგარი. მაგრამ მოულოდნელად მათს რიგებში განხეთქილებამ იჩინა თავი. მეომრებმა ერთმანეთისკენ მიმართეს იარაღი და ენითაუწერელი სისხლისღვრის შემდეგ ხელმოცარულნი უკან გაბრუნდნენ.
აბენ ჰაბუსი აღაფრთოვანა ავგაროზის სასწაულმოქმედმა ძალამ.
"ბოლოსდაბოლოს შემიძლია მშვიდად ვიცხოვრო - თქვა მეფემ - და ყველა მტერი ჩემს ნებას დავუმორჩილო. ო, ბრძენო იბრაჰიმ იბნ აიუბ, ასეთი დიდი წყალობის სანაცვლოდ რით შემიძლია დაგასაჩუქრო?"
"მეფეო, განა რა უნდა ისურვოს უკვე მოხუცებულმა და დDღედაღამ სიბრძნის მაძიებელმა კაცმა, მცირეოდენი გასამრჯელოს გარდა? მომეცი მხოლოდ ის, რაც ჩემს სენაკში ცხოვრებას გამიადვილებს და სხვა არაფერი მინდა შენგან."
- "დიახ, ნამდვილ ბრძენს ყოველთვის ამშვენებს მოკრძალებული სურვილი!" - აღმოხდა მეფე აბენ ჰაბუსს და ფარული კმაყოფილება იგრძნო ასეთი უმნიშვნელო გასამრჯელოს მოთხოვნის გამო. მან თავის ხაზინადარს უხმო და უბრძანა, რომ მიეცა იბრაჰიმისთვის ყველაფერი, რაც მისი სენაკის მორთვა-მოკაზმვას დასჭირდებოდა.
...და ვარსკვლავთმრიცხველმა ისურვა, პიტალო კლდეში კიდევ რამდენიმე ოთახი გამოეკევეთათ, ოღონდ ისე, რომ ეს ოთახები გასასვლელებით დაკავშირებოდნენ მის მთავარ სამუშაო დარბაზს. მან ისიც ინება, რომ ძვირფასი ტახტები და სავარძლები დაედგათ ოთახებში, კედლები კი უნატიფესი ფარჩით და აბრეშუმით მოერთოთ.
"მე უკვე მოვხუცდი და ჩემი ძვლები ქვაზე წოლას ვეღარ უძლებენ... ეს ნესტიანი კედლებიც ხომ უნდა დაიფაროსო რამით" - ამბობდა ვარსკვლავთმრიცხველი.
მალე მან ესეც არ იკმარა და თავისთვის აბანოც მოიწყო, სადაც ნაირგვარი ნელსაცხებლები მოატანინა აბენ ჰაბუსის მსახურებს... "ხშირი დაბანა აუცილებელიაო სიბერის სნეულებათა დასაძლევად - ეუბნებოდა მათ ბრძენი არაბი. - ფიქრით გადაღლილ გონებას კი სხეულის მხნეობა და სიმტკიცე სჭირდებაო მუდამ".
მერე ბრძანა, ვერცხლის და ბროლის აურაცხელი სანათი ჩამოეკიდათ სენაკის კედლებზე. მათში სურნელოვანი ზეთი ჩაასხა მან, ამ ზეთის დამზადების წესი კი ეგვიპტის პირამიდების გაცნობისას ჰქონდა შესწავლილი თურმე. ნამდვილად საოცრება იყო ეს - ზეთი არასოდეს ილეოდა სანათში და მისი წყალობით დღის სინათლესავით მკრთალი შუქი იფრქვეოდა ირგვლივ. "მზის ელვარე სინათლეს ვერ უძლებენო მოხუცებულთა თვალები. ჩემს საფიქრალს კი სწორედ ასეთი სანათის ციმციმი მოუხდებაო" - ამბობდა ვარსკვლავთმრიცხველი.
აბენ ჰაბუსის ხაზინადარს ისღა დარჩენოდა ბუზღუნით ეთვალა ქონება, რასაც დღითიდღე ფლანგავდა არაბი ბრძენის სენაკის მოსართავად. მაგრამ ადგა ერთხელ ხაზინადარი და ხელმწიფეს შესჩივლა ეს ამბავი, თუმცა კი კარგად იცოდა, რომ მეფის სიტყვას ვერაფრით შეცვლიდა. აბენ ჰაბუსმა მხრები აიჩეჩა: - "მოთმინება გვმართებსო ყველას. მოხუც ბრძენკაცს უნდა, რომ ეგვიპტის პირამიდების ნანგრევებში შემორჩენილ დარბაზებს დაამგვანოს თავისი საცხოვრებელი. დასასრული ყველაფერს აქვს და ოდესმე მისი გამოქვაბულიც აივსებაო ყველა სიკეთით" - თქვა მეფემ და ასეც მოხდა:
ბოლოსდაბოლოს დასრულდა ვარსკვლავთმრიცხველის დარბაზების მორთვა-მოკაზმვა და ის მიწისქვეშეთის მდიდრულ სასახლედ გადაიქცა. "ახლა სხვა აღარაფერი მინდა" - თქვა ამ სასახლის მფლობელმა, განმარტოვდა თავის საცხოვრებელში და სამი დღედაღამე თვალით აღარავის უნახავს. მეოთხე დღეს კი კვლავ ესტუმრა ხაზინადარს და უთხრა: - "კიდევ მჭირდება ერთი რამ - დროდადრო მცირედი გასართობიც მოუხდებოა ჩემს დაუსრულებელ საფიქრალს".
- "ო, ბრძენო იბრაჰიმ! ნაბრძანები მაქვს შენს სასიკეთოდ ყველაფერი გავაკეთო... მითხარი, რას ინებებ კიდევ?"
- "კარგი იქნებოდა, მოცეკვავე ქალებიც რომ მყოლოდა".
- "მოცეკვავე ქალები?!" - შეიცხადა გაოცებულმა ხაზინადარმა.
- "ჰო, მოცეკვავე ქალები - დარბაისლურად დაუდასტურა ბრძენმა - ოღონდ ისინი ახალგაზრდები და ლამაზები უნდა იყვნენ, რომ სიყმაწვილის და სილამაზის მზერამ ხალისი შემატოს ჩემს სიბერეს... ხომ იცი, საფიქრალში ჩაფლული ერთი უბრალო კაცი ვარ და ასეთი მცირედი სურვილიც მიტომ გამიჩნდაო" - თქვა ბოლოს ვარსკვლავთმრიცხველმა"
სანამ სწავლული იბრაჰიმ იბნ აიუბი თავის სენაკში ბრძნულ საფიქრალს მისცემოდა, მშვიდობისმოყვარე აბენ ჰაბუსი კოშკში იჯდა და ხის კაცუნების გააფთრებული ბრძოლების ცქერით ირთობდა თავს. ეს სწორედ რომ დიდებული გასართობი იყო მისი მსგავსი მოხუცებული კაცისთვის. კოშკიდან გაუსვლელად მას ისე შეეძლო გაეჟლიტა მტრის აურაცხელი ლაშქარი, თითქოს ჭიანჭველების გროვას გაავლოო მუსრი.
მცირე ხნის შემდეგ აბენ ჰაბუსი მთელი არსებით ჩაეფლო საბრძოლო თავგადასავლებში და მეზობელ ხელმწიფეებს თავად იწვევდა ბრძოლის ველზე დასაცინად და დასამცირებლად. მრავალმა მათგანმა იწვნია მწარე მარცხი, აღარავის შეეძლო მასთან გამკლავება და მიტომაც დაფრთხნენ ძველი მტრები, აღარავინ აწუხებდა აბენ ჰაბუსის სამფლობელოს შემოსევებით. ბრინჯაოს მხედარი მრავალი და მრავალი თვის განმავლობაში მხოლოდ მშვიდობიან ცხოვრებას დასცქეროდა და შუბი გამუდმებით ცისკენ ჰქონდა აღმართული. გრანადის მოხუცებელ ხელმწიფეს კი მშვიდობიანი ყოფა აღარ სურდა, ენატრებოდა საყვარელი თავშესაქცევი და ბუზღუნითღა ატარებდა მოსაწყენად ქცეულ წუთისოფელს.
და ერთ მშვენიერ დღეს, როგორც იქნა, ამოძრავდა ავგაროზადქცეული მხედარი - ის უცებ შემობრუნდა თავისი ღერძის ირგვლივ და ერთ ადგილზე გაქვავებულმა შუბი გვადიქსის მთებისკენ გაიშვირა. აბენ ჰაბუსი გულისფანცქალით ავიდა კოშკში, მაგრამ დაინახა, რომ მოსალოდნელი საფრთხის მიმართულებით დადგმულ მაგიდაზე არცერთი კაცუნა არ იძვროდა. გაოცებულმა მეფემ მთებში უმალ ცხენოსანთა რაზმი გაგზავნა იქაურობის დასაზვერად. სამი დღის შემდეგ მზვერავები ასეთი ამბით დაბრუნდნენ:
- "ჩვენ ყველა მთა და ხეობა მოვიარეთ - მოახსენეს მათ მეფეს, - მაგრამ ერთი მეომრის შუბი ან ჩაფხუტიც კი არსად გაელვებულა არსად. იქ მხოლოდ ერთ საოცრად ლამაზ ქრისტიან ქალწულს გადავეყარეთ. მას ნაშუადღევს წყაროს პირას ჩასძინებოდა, ჩვენ ის შევიპყარით და აქ მოგგვარეთ, დიდო მეფეო!"
- "საოცრად ლამაზი ქალწული?! - შესძახა აბენ ჰაბუსმა და თვალები აღტაცებით აუციმციმდა - ახლავე აქ მომიყვანეთ და მაჩვენეთ!"
მეფის ბრძანება უმალ შეასრულეს და მოუყვანეს მშვენიერი ქალწული, რომელსაც ტანზე იმდროინდელი საუკეთესო სამოსი ეცვა. სწორედ ასე იმოსებოდნენ არაბთა დაპყრობის ხანაში ესპანელთა ტომის ქალები. გიშრისფერ თმაში უსპეტაკესი მარგალიტები ჰქონდა ჩაწნული ქალწულს; მის შუბლს უძვირფასესი ლალი ამშვენებდა, ბრწინვალებით ტოლს რომ არ უდებდა მისსავე ელვარე თვალებს. ყელზე კი ოქროს ძეწკვი ჰქონდა შემოვლებული, რაზედაც წელამდე ჩამოწვდენილი ვერცხლის ჩანგი ეკიდა.
ქალწულის შავად მოელვარე თვალებიდან ისეთი სხივები იფრქვეოდა, რომლებიც ცეცხლად ედებოდნენ აბენ ჰაბუსის დაბერებულ გულს და ისიც კვლავ ახალგაზრდულად ძგერდა. ლამაზმანის ნარნარმა მიმოხვრამ კი მთლად გადარია მოხუცი ხელმწიფე.
"ო, ქალთა შორის ულამაზესო! - შესძახა გრძნობამორეულმა აბენ ჰაბუსმა - ვინ ხარ და საიდან ხარ შენ?"
"მე ვარ ასული გოთების ხელმწიფისა, რომელსაც მცირე ხნის წინ ეს ქვეყანა ემორჩილებოდა. მამაჩემის ლაშქარი რაღაც უხილავმა ძალამ მთლად ამოჟლიტა მთებში, მან ძლივს დააღწია თავი ბრძოლის ველს, მე კი - მის ქალიშვილს - ტყვეობა მერგო წილად".
"ფრთხილად იყავი, მბრძანებელო! - ჩასჩურჩულა იბრაჰიმ იბნ აიუბმა მეფეს - შეიძლება ეს ლამაზმანი სწორედ ის ჩრდილოელი ჯადოქარია, რომლის შესახებაც ბევრი რამ გვსმენია. ხომ იცი, მას შეუძლია ისეთი მშვენიერი სახე მიიღოს, რითაც აცდუნებს ყველას, ვინც დაუჯერებს. მე ვხედავ ჯადოს მის თვალებში და გრძნეულებას ვამჩნევ მის ყოველ მიმოხვრაში. ეჭვი არ არის, სწორედ ეს არის მტერი, რომელზეც ავგაროზმა მიგვანიშნა".
"ყური დამიგდე, აბუ აიუბის შვილო - უპასუხა მეფემ. - შენ გონიერი კაცი ხარ და ვიცი, უსაზღვრო ცოდნასაც ფლობ, მაგრამ ქალებისა ბევრი არაფერი გაგეგება. ამ საქმეში მე ვერავინ შემედრება, თუნდაც ის ცოლებით და მხევლებით განებივრებული სოლომონ ბრძენი იყოს. ამ ქალწულში მე სახიფათოს ვერაფერს ვხედავ... ის ისეთი მშვენიერია, რომ ძნელია თვალი მოსწყვიტო".
"ერთსაც გეტყვი, მბრძანებელო - კვლავ ჩასჩურჩულა ვარსკვლავთმრიცხველმა - ჩემმა ავგაროზმა შენ ბევრი გამარჯვება და სიმდიდრე მოგიტანა, მე კი არასოდეს მითხოვია მათგან რაიმე სარგებელი. მაშ, მე მომეცი ეს უნებლიდ ტყვედჩავარდნილი ქალი, რომ ვერცხლის ჩანგის დაკვრით გამამხიარულოს მარტოობისას. და თუ ის მართლა ჯადოქარია, მე მოვუძებნი შელოცვებს მის გრძნეულ ძალას".
"რაო! შენ ეს ქალიც გინდა?! - დაიყვირა აბენ ჰაბუსმა - მოცეკვავე ქალები აღარ გყოფნის მარტოობისას?!"
"დიახ, მბრძანებელო! მოცეკვავე ქალები მყავს, მაგრამ მომღერალი არავინ არის. ჩემს დამქანცველ ფიქრებს კი ადვილად გამიქარვებდა მცირეოდენი ჰანგები ტკბილხმოვანი სიმღერისა".
"თავი მომაბეზრე შენი მარტოობით და ფიქრებით" - შეჰყვირა უცებ აბენ ჰაბუსმა. - ეს ქალი ჩემთვის მინდა. მე ის უფრო მეტ სიამეს მაჩუქებს, ვიდრე სოლომონ ბრძენის მამას, დავითს სჩუქნიდა პირმშვენიერი აბიშაღ სუნამითელი".
ვერც თხოვნა-ვედრებით და ვერც გაფრთხილებით მოინადირა ვარსკვლავთმრიცხველმა გაჯიუტებული მეფის გული და ბოლოს ძლიერ მომდურებულნი დაშორდნენ ერთმანეთს. წავიდა იმედგაცრუებული ბრძენი და თავის სენაკში გამოიკეტა. წამოსვლის წინ კი ერთხელაც გააფრთხილა მეფე, რომ ყურადღება არ მოეკლო ამ სახიფათო ტყვექალისათვის. მაგრამ როდის იყო, შეყვარებული ბერიკაცი უჯერებდა ვინმეს? აბენ ჰაბუსმაც არად ჩააგდო გაფრთხილება და მთელი არსებით დანებდა ტრფიალის ძალას. ახლა მას ისღა უნდოდა, რომ თავი მოეწონებინა ქრისტიანი ლამაზმანისთვის. მართალია, მეფე ახალგაზრდობით ვეღარ შეაყვარებდა თავს ქალწულს, მაგრამ ის ძალიან მდიდარი იყო და გულუხვობით ცდილობდა თავისი სიბერე დაევიწყებინა სატრფოსთვის.
იმხანად მთელი გრანადა სავსე იყო უძვირფასესი აღმოსავლური საქონლით და სამშვენისებით; რას აღარ ნახავდით იქ: ფარჩა-ატლასს თუ აბრეშუმს, თვალ-მარგალიტსა თუ სამკაულებს და უნაზესი სურნელების ნელსაცხებლებს. აზიის და აფრიკის მთელი სიმდიდრე და ძვირფასეულობა საჩუქრად მიართვა მეფემ სანატრელ ასულს. ათასგვარი სეირი და გასართობა მოიგონა მისთვის ხელმწიფემ: მომღერლები და მოცეკვავეები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს, ფალავანთა ჭიდილს ხარებთან ბრძოლა ენაცვლებოდა... და ასე დაემსგავსა ერთხანს ქალაქი გრანადა ერთ დიდ და უსასრულო სანახაობას.
მაგრამ გოთების დედოფალი ისეთი თვალით უმზერდა ამას, თითქოს ყველაფერი ჩვეული და ნაცნობი იყო მისთვის. ის ყველა ძღვენს საკუთარი ღირსების საკადრის პატივად, ან ეგებ თავისი მშვენიერების დამსახურებადაც თვლიდა... მშვენიერება კი ხშირად მეტად ფასობს, ვიდრე ნებისმიერი ღირსება. ან ეგებ ფარულ სიამესაც ანიჭებდა ხელმწიფის უსაზღვრო გულუხვობა ქალწულს? მეფის ხაზინა ცარიელდებოდა და ამას ლამაზმანი აუღელვებლად ადევნებდა თვალს. რა აღარ იღონა, რით აღარ ეცადა ქალწულის გულის მონადირებას, მაგრამ სიყვარულით გაბრუებული ხელმწიფე მაინც ვერაფერს გახდა. მართალია, წარბს არ იკრავდა ქალი მეფის დანახვაზე, მაგრამ არც ღიმილის ღირსს ხდიდა მას. როგორც კი გრძნობას გაუმხელდა აბენ ჰაბუსი სატრფოს, ქალწული მაშინვე ააჟღერებდა ხოლმე ვერცხლის ჩანგს. ამ ჩანგის ხმაში კი რაღაც გრძნეული ძალა ბუდობდა, რითაც მეფე უმალ ბრუვდებოდა, თვლემა ერეოდა და მალე ღრმა ძილით იძინებდა. ძილი მას თითქოს ახალ სიცოცხლეს მატებდა, გამოღვიძებულს ყმაწვილური ძალაც ეძლეოდა, თუმცა მცირე ხნით ავიწყდებოდა სატრფოც და მტანჯველი გრძნობებიც. გაოგნებულ ხელმწიფეს ერთხანს აღარაფერი ახსოვდა, კვლავ საამო სიზმრებთან დაბრუნებას ნატრობდა და ტკბილ ზმანებებში იქარვებდა სიყვარულის გრძნობეს.
ასე დაუსრულებლად თვლემდა აბენ ჰაბუსი, ამასობაში კი მთელი გრანადა დასცინოდა მის სასიყვარულო გატაცებას და ყველა ჩიოდა, რომ გრძნეული სიმღერის ჰანგებს ქვეყნის სიმდიდრე ეწირებოდა.
ბოლოსდაბოლოს მოხდა ის, რომ აბენ ჰაბუსს დიდი საფრთხე დაემუქრა, რაც წინასწარ თვით მფარველმა ავგაროზმაც ვერ გააგებინა მეფეს. აჯანყებამ თავად დედაქალაქში იფეთქა. იარაღასხმულმა ხალხმა ალყა შემოარტყა მეფის სასახლეს და სიკვდილით ემუქრებოდნენ მეფესაც და მის ქრისტიან სატრფოსაც. ამან აბენ ჰაბუსის მიძინებულ მეომრულ სულში კვლავ ბრძოლის ჟინი ააბრიალა, ის წინ გაუძღვა თავის ერთგულ ჯარისკაცებს, მეამბოხენი უკუაქცია და აჯანყება ძირშივე ჩაახშო.
გრანადაში კვლავ მშვიდობამ დაისადგურა და ქვეყნის მბრძანებელმა თავისთან იხმო ვარსკვლავთმრიცხველი, რომელიც სენაკში გამოკეტილიყო და მეფისგან მიღებულ წყენას გულიდან ვერ იშორებდა.
აბენ ჰაბუსმა წყენის გასაფანტავად მშვიდად უთხრა ვარსკვლავთმრიცხველს:
" - ო, ბრძენო იბრაჰიმ იბნ აიუბ! შენ მართალი იყავი, რომ მეუბნებოდი - უფრთხილდიო ლამაზმან ტყვექალს. შენ ხომ ყველაფერი იცი! მაშ, მირჩიე, როგორ ავიცილო თავიდან ჩემი ახლანდელი გასაჭირი?"
" - თავიდან მოიშორე გრძნეული ქალწული... სწორედ ის არის ყველაფრის მიზეზი" - უპასუხა ბრძენმა.
- "არა! - დაიღრიალა აბენ ჰაბუსმა - უმალ ჩემს სამეფოს მოვიშორებ თავიდან... ქალს კი - არა!"
- "ფრთხილად იყავი, მეფეო, ორივე არ დაკარგო!" - უთხრა ვარსკვლავთმრიცხველმა.
- "ნუღარ მიწყრები, ბრძენთა შორის უბრძენესო, მოილბე გული და შემიბრალე მე, როგორც მეფე და როგორც შეყვარებული - კვლავ დაუყვავა აბენ ჰაბუსმა. - ეგებ კიდევ მოიფიქრო რამ, რაც ამ გაჭირვებიდან გადამარჩენს?! არ მინდა სიდიადე... არ მინდა სიმდიდრე... ოღონდ მქონდეს სადმე თავშესაფარი და შემეძლოს ვიცხოვრო იქ წყნარად... გავშორდე ამქვეყნის ყველა დარდსა და საზრუნავს... ეგებ დარჩენილი სიცოცხლე მაინც გავატარო მშვიდობით და სიყვარულით".
ვარსკვლავთმრიცხელმა წარბი შეიკრა და წამიერი მზერა შეავლო მეფეს:
- "...და რას მომცემ, თუ მე ასეთი თავშესაფარი მოგიძებნე?!" - იკითხა არაბმა.
" - თავად აირჩიე შენი საჩუქარი! - შესძახა მეფემ. - ვფიცავ ჩემს სიცოცხლეს, არაფერს დავიშურებ შენთვის და მოგცემ ყველაფერს, რის მოცემაც შემეძლება".
- "შენ, ალბათ, გსმენია, მეფეო, რომ სვებედნიერ არაბეთში არის ერთი საოცარი ბაღი, რომელსაც აირემის სახელით იცნობს ყველა..."
" - მსმენია - უპასუხა მეფემ - ეს ბაღი ყურანშის იმ თავშიც არის ნახსენები, რომელსაც "გათენება" ჰქვია. მექაში ნამყოფ მლოცვლებსაც ბევრი უცნაური ამბავი უთქვამთ ამ ბაღის შესახებ. მაგრამ მგონია, რომ მათი ნაამბობი სულ ტყუილია. ასეთ ზღაპრებს ხშირად ყვებიან ხოლმე უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული მოგზაურები"
" - ნუ სძრახავ, მეფეო, მოგზაურთა ნაამბობს! - პირქუშად შეიცხადა ვარსკვ-ლავთმრიცხველმა. - მათ შორეული ქვეყნებიდან ხშირად ჩამოაქვთ ცოდნა-განათლებისთვის საჭირო უძვირფასესი ცნობები. გჯეროდეს, სრული სიმართლეა, რაც მათ აირემის სასახლის და ბაღის შესახებ გიამბეს. მე ჩემი თვალით მინახავს ყველაფერი და მინდა ჩემგანაც მოისმინო ერთი თავგადასავალი, რითაც შენი გაჭირვების საშველსაც მოგახსენებ მალე". - თქვა ვარსკვლავთმრიცხველმა და ასეთი რამ უამბო მეფეს:
"ყმაწვილობისას მეც უდაბნოს ბინადარი არაბი ვიყავი და მამაჩემის აქლემებს ვმწყემსავდი ხოლმე ხშირად. ერთხელ, ადენის უდაბნო რომ გადავიარე, ერთი აქლემი ჩამორჩა ქარავანს და დავკარგე ის. ძალიან დიდხანს, მაგრამ ამაოდ ვძებნე დაკარგული; შუადღისას დაღლილ-დაქანცულმა ერთი პალმის ძირას ჩავიმუხლე და იქვე, დამშრალი ჭის გვერდით ღრმა ძილს მივეცი თავი. რომ გამეღვიძა, ქალაქის ჭიშკარს მოვკარი თვალი. შევედი ქალაქში და თვალწინ უამრავი ქუჩის, ბაღის და ბაზრების ხედები გადამეშალა. ირგვლივ სრული დუმილი სუფევდა და ადამიანის ჭაჭანებაც კი არ იყო სადმე. დიდხანს ვიხეტიალე ქალაქში სანამ ერთ მდიდრულ სასახლეს არ მივადექი. სასახლის გარშემო ბაღი იყო გაშენებული, სადაც მრავალი შადრევანი თუ აუზი, მდელო თუ ყვავილნარი ახარებდა თვალს. იქვე საუცხოო ხილით ტოტებდამძიმებული ხეებიც მოჩანდა, მაგრამ სულიერი არსება არც აქ იყო სადმე. იდუმალებით მოცულმა მარტოობამ შემაშინა და უკან დაბრუნება გადავწყვიტე. ჭიშკარს რომ გავცდი, ერთხელაც მომინდა საოცარი ქალაქისთვის თვალის შევლება, მოვბრუნდი, მაგრამ, უკიდეგანო უდაბნოს გარდა, ვეღარაფერი დავინახე იქ.
მალე იქვე მახლობლად ერთი დერვიშს წავაწყდი, რომელიც იმ ქვეყნის ყველა წესის და საიდუმლოს ცოდნას იჩემებდა და ვუამბე, თუ რა საოცარი ამბავი გადამხდა თავს.
- შენ რაც ნახე, სახელგანთქმული აირემის ბაღია - მითხრა დერვიშმა. - უდაბნოს ეს საოცრება ხშირად ელენდებათ შენსავით გზააბნეულ მოგზაურებს და მათს მზერას მდიდრული ციხე-კოშკებით თუ ტოტებდახუნძლული ხეხილის ბაღებით ატყვევებს, მაგრამ მალე ბაღი ქრება და უდაბნოს მეტი აღარაფერი ეჩვენებაო თვალს. - დაასრულა დერვიშმა და შემდეგ ასეთი რამ მიამბო:
უძველეს დროს, როცა ამ მიდამოებში მომთაბარე ტომები თარეშობდნენ, ნოეს შვილიშვილმა და ედის შვილმა, დიდმა მეფე შედადმა გადაწყვიტა, აქ საუცხოო ქალაქი აეშენებინა. მშენებლობა რომ დასრულდა, მეფეს თვალწინ ენით აუწერელი სიდიდადე გადაეშალა. მას გული ზვიადი და ამაყი გრძნობებით აღევსო და ქალაქის შუაში სამეფო სასახლის აგებაც განიზრახა. ხელმწიფემ ისიც ინება, რომ იქვე ბაღები გაეშენებინათ, რომლებიც ყურანში ნახსენები სამოთხის ბაღს ტოლს არაფერში დაუდებდნენ. მაგრამ მის მედიდურ ზრახვებს ზეციური რისხვა დაატყდა თავს. მეფეც და მისი ყველა ქვეშევრდომიც ერთ დღეს აღიგავნენ პირისაგან მიწისა, სასახლეს და ბაღებს კი სამარადისო წყევლა დაებედათ. იმ დღის შემდეგ აღარავის შეუძლია ქალაქის დანახვა და ის მხოლოდ დროდადრო მოელანდება ხოლმე რომელიმე მოკვდავს, როგორც მარადიული ხსოვნა ადამიანთა ცოდვისა".
"ო, დიდო მეფეო! დერვიშის ნაამბობი და ჩემივე თვალით ნანახი საოცრება სამუდამოდ ჩამეჭედა გონებაში. დიდი ხნის შემდეგ, როცა ეგვიპტეში აღმოვჩნდი და სოლომონ ბრძენის მოძღვრებათა წიგნს დავეუფლე, გადავწყვიტე უდაბნოში დავბრუნებულიყავი და აირემის ბაღი ერთხელაც მენახა. ასეც მოვიქეცი და მალე მივაგენი გრძნეულებით შეიარაღებული თვალით უდაბნოს საოცრებას. შევედი მეფე შედადის სასახლეში და რამდენიმე დღე მის მიერ შექმნილ სამოთხეში გავატარე. ჯინები და ავსულები, რომლებიც სასახლეს დარაჯობდნენ, მალე ჩემს ჯადოსნურ ძალას დამორჩილდნენ. სწორედ მათი წყალობით ჩავწვდი იმ საიდუმლო წყევლას, რითაც ბაღი და მთელი ქალაქი უჩინარი არსებობისთვის იყო განწირული. ო, დიდო მეფეო, ასეთი ბაღი და სასახლე მეც შემიძლია ავაშენო შენთვის თუნდაც აი აქ, ამ ქალაქის თავზე აღმართული მთის წვერზე. ხომ გჯერა უკვე, რომ ჩემს ძალას ემორჩილება ყველა გრძნეულება? ხომ იცი, რომ სოლომონ ბრძენის მოძღვრებათა წიგნი სრულყოფილად მაქვს შესწავლილი?"
"- ო, ბრძენთაბრძენო იბრაჰიმ იბნ აიუბ! - შესძახა მღელვარებით აკანკალებულმა აბენ ჰაბუსმა. - შენ ნამდვილად დიდი მოგზაური ხარ და მრავალი საოცრება გინახავს ამქვეყნად. მაშ, ჩემთვისაც შექმენი ასეთი სამოთხე და მთხოვე მერე, რაც გინდა... თუნდაც ეს ჩემი სამეფოს ნახევარი იყოს".
"- ვაი, რომ ბევრს ვერაფერს მოგთხოვ, მეფეო - უპასუხა არაბმა - მე ერთი მოხუცი სწავლული ვარ და მცირედითაც შემიძლია დაკმაყოფილება. ერთადერთს გთხოვ - მაჩუქე ის ცხენი თავისი მხედრით ან პირუტყვი თავისი სასაპალნეთი, რომელიც პირველი შევა იმ სამოთხის გრძნეულებით მოცულ კარიბჭეში".
ხელმწიფე სიხარულით დასთანხმდა ასეთ უმნიშვნელო სათხოვარზე და ვარსკვლავთმრიცხველი საქმეს შეუდგა. იმ მთის წვერზე, რომლის წიაღში თავად ბრძენის სენაკი იყო გათხრილი, არაბმა მოხუცმა დიდი ჭიშკრის აშენება ბრძანა, მის იქით კი, შუაგულ ადგილას, მიუვალი კოშკის აგება დაავალა მშენებლებს.
კოშკის მისადგომებთან ძალიან მაღალი თაღიც ააგეს, რომლის ქვეშ ალაყაფის ორი მძიმე კარი ჩამოკიდეს. ალაყაფის ჩამრაზავ საკეტზე ვარსკვლავთმრიცხველმა საკუთარი ხელით ამოჭრა ვეებერთელა გასაღების გამოსახულება, ჭიAშკრის ზემოთ კი უზარმაზარი ხელი დაკიდა. მან სწორედ ამ თილისმებს ანდო ის სასწაულმოქმედი ძალა, რაც მათში ყველასათვის უცნობ ენაზე, გრძელ-გრძელი შელოცვებით, ჩააქსოვა.
ჭიშკრის აგება რომ დაასრულეს, ვარსკვლავთმრიცხველი თავის სამისნო დარბაზში გამოიკეტა და ორი დღის განმავლობაში იდუმალ ჯადოსნობას მიეცა. მესამე დღეს კი მთის წვერზე ავიდა და დილიდან დაღამებამდე არ დაბრუნებულა იქიდან. მხოლოდ შუაღამისას გამოჩნდა არაბი ბრძენი სასახლეში და პირდაპირ მეფეს ეახლა.
"როგორც იქნა დასრულდა ჩემი სამუშაო, დიდო მეფეო - თქვა ვარსკვლავთმრიცხველმა. - მთის წვერზე აღმართულია უმშვენიერესი სასახლე, რომლის მსგავსი არც გონებით წარმოუდგენია ვინმეს და არც გულით უნატრია ოდესმე. მასში ბევრი მდიდრული დარბაზი და დერეფანია; მის გარშემო წალკოტის მსგავსი ბაღები ყვავის, სადაც შადრევნებიც გაგაგრილებს და სურნელების მფრქვეველ აუზებშიც შეგეძლება ტანის დაბანა. სიტყვით არ ითქმის, თუ როგორ სამოთხედ გადაიქცა მთის შემოგარენი. აირემის ბაღის მსგავსად შენს სასახლესაც ჯადოსნური ძალა იცავს და მას ვერასდროს ნახავს და ვერც ვერსად დალანდავს ადამიანის თვალი, რადგან თილისმების გრძნეულების დაძლევა არავის შეუძლია."
იმ ღამეს ბედნიერ ხელმწიფეს თვალი არ მოუხუჭავს. განთიადისას, როცა მზის ათინათი სიერა-ნევადის თოვლიან მთებზე ათამაშდა, აბენ ჰაბუსი შეჯდა თავის ბედაურზე და ორიოდე რჩეულ მხლებელთან ერთად მთის ციცაბო კალთებზე მიმავალ ბილიკს შეუყვა. მის გვერდით მოჩანდა თეთრ მერანზე შემომჯდარი გოთების დედოფალი, რომელსაც მთელი სამოსი სამკაულებით ჰქონდა მორთული, ყელზე შემოვლებულ ძეწკვზე კი ვერცხლის ჩანგი ჰქონდა ჩამოკიდებული. იქვე, მეფის შორიახლოს კი ვარსკვლავთმრიცხველი ფეხით მიუყვებოდა ბილიკს და გზას იეროგლიფებით მოხატული ჯოხით მიიკვლევდა, რადგან ცხენზე ამხედრება მისთვის მიუღებელი ფუფუნება იყო მუდამ.
აბენ ჰაბუსი ამაოდ ცდილობდა ცადაზიდული მთის წვერზე მოელვარე კოშკების დანახვას და ვერც ტერასებზე დაფენილ ბაღებს ხედავდა მისი თვალი.
"ეს იმიტომ, რომ აქაურობას ჯადოსნობით შენიღბული ძალა იცავს - ამშვიდებდა მეფეს ვარსკვლავთმრიცხველი. - არავის შეუძლია სასახლის დანახვა, სანამ იდუმალებით მოცული ჭიშკარი არ გაიღება მისთვის".
ჭიშკარს რომ მიაღწიეს, ვარსკვლავთმრიცველი შედგა და მეფეს თაღებქვეშ დაკიდული გრძნეულებით მოსილი ხელი და გასაღები დაანახა. "აი, თილისმები, რომლებიც ამ სამოთხეში შესასვლელ კარს იცავენ - უთხრა არაბმა ბრძენმა აბენ ჰაბუსს. - სანამ ეს ხელი არ დასწვდება გასაღებს, არც სულიერს და არც უსულოს არ შეეძლება ამ მთის ბატონ-პატრონს სიავით ავნოს რამე".
სანამ აბენ ჰაბუსი გაოცებისგან პირღია შესცქეროდა გრძნეულ თილისმებს, მშვენიერი ქალწულის ცხენმა გზა განაგრძო, თავის მხედართან ერთად ჭიშკარს გასცდა და შარაგზის შუაგულში აღმოჩნდა.
"შეხედე! - დაიყვირა ვარსკვლავთმრიცხველმა - აი, შენგან დაპირებული საჩუქარიც - ის ცხენი თავის მხედრით, რომელმაც პირველმა შეაბიჯა სამოთხის ჭიშკარში".
აბენ ჰაბუსმა გაიღიმა და ეს სიტყვები მხოლოდ ხუმრობად ჩათვალა, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ მოხუცი არაბი მართლაც ითხოვდა დანაპირებს და მას ჭაღარა წვერი მრისხანებისგან აუცახცახდა:
"იბრაჰიმ იბნ აიუბ! - შეიცხადა სახემოღუშულმა მეფემ - Eიქნებ ეშმაკობით გინდა გამაბრიყვო? კარგად იცი, რასაც დაგპირდი - ცხენი თავისი მხედრით ან პირუტყვი თავისი სასაპალნეთი... შეარჩიე საუკეთესო ბედაური ჩემს ამალაში, აჰკიდე მას ჩემი საგანძურის უძვირფასესი ნივთები და შენი იყოს ყველაფერი. ამ ქალწულზე კი ფიქრიც არ გაბედო! - ის მხოლოდ ჩემს გულს უნდა ახარებდეს...
"რად მინდა შენი საგანძური? - ქედმაღლურად შეეპასუხა ვარსკვლავთმრიცხველი - მე ისიც მყოფნის, რომ სოლომონ ბრძენის მოძღვრებათა წიგნი მაქვს და მისი წყალობით მთელი ქვეყნიერების სიმდიდრეს დავეპატრონები. წესით და კანონით, ქალწული ჩემია. შენი მეფური სიტყვა უკვე ითქვა და ვითხოვ მას, რაც მხოლოდ მე მეკუთვნის".
ამასობაში კი თეთრ მერანზე ამხედრებული მშვენიერი ასული ამაყად იმზირებოდა და სიყმაწვილის და მშვენიერების დაპატრონების ჟინით შეპყრობილი ორი მოხუცის კამათზე მის ვარდისფერ ღაწვებს დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა. აბენ ჰაბუსის მრისხანება კი საზღვარს გასცდა და დაიყვირა: "ეი შენ, უდაბნოს საბრალო ნაშიერო! დიდი ცოდნის და ოსტატობის მბრძანებლად მოგაქვს თავი, მაგრამ იცოდე - შენი მბრძანებელი მე ვარ და გრძნეული ხრიკებით ვერ გააბრიყვებ შენს ხელმწიფეს".
"ჩემი მბრძანებელი?! ჩემი ხელმწიფე?! - გამოძახილივით შეეპასუხა მეფეს ვარსკვლავთმრიცხველი - შენ, თხუნელასავით სოროში შემძვრალ კაცს, გინდა იბატონო ჩემზე - სოლომონის თილისმების მფლობელზე?! მაშ, მშვიდობით, აბენ ჰაბუს! იმეფე შენს უბადრუკ ქვეყანაში და მოილხინე ბრიყვთა სამოთხეში! მე კი მწარედ დაგცინებ, ჩემს ფიქრებთან რომ მარტო დავრჩები."
თქვა ეს არაბმა ბრძენმა, ქალწულის ცხენის სადავეს სწვდა და თავისი ხელჯოხი მიწას დაჰკრა. იმავ წამს მიწამ პირი დააღო და ისე ჩაყლაპა ვარსკვლავთმრიცხველიც და გოთების დედოფალიც, რომ ჭიშკრის თაღებქვეშ მათი ნაკვალევიც კი აღარსად დარჩა.
ამის შემხედვარე აბენ ჰაბუსს ერთხანს ენა წაერთვა. გონს რომ მოეგო, ბრძანება გასცა, მოეყვანათ ნიჩბებით და წერაქვებით შეიარაღებული ათასი მუშა და ამოეთხარათ მიწა იქ, სადაც ვარსკვლავთმრიცხველი გაუჩინარდა.
მათ დაიწყეს თხრა... თხრიდნენ... თხრიდნენ, მაგრამ სულ ამაოდ... ბარი და წერაქვი ვერ ერეოდა ქვადქცეული მთის წიაღს. თუკი სადმე ამოთხრიდნენ პატარა ორმოს, ის იმდენივე მიწით ივსებოდა, რამდენის ამოყრასაც ასწრებდნენ მუშები ზემოთ. მერე აბენ ჰაბუსმა გადაწყვიტა მთის ძირში მღვიმის შესასვლელი ეპოვა. სწორედ ამ მღვიმიდან შედიოდა ვარსკვლავთმრიცხველი თავის სენაკში... მაგრამ ამასაც ვეღარ მიაგნო მეფემ. იქ, სადაც ადრე შესასვლელი კარი იყო, ახლა მხოლოდ მთაში ჩაკირული უზარმაზარი ლოდები ჩანდა. იბრაჰიმ იბნ აიუბის გაქრობასთან ერთად ავგაროზებმაც დაკარგეს გრძნეული ძალა. ბრინჯაოს მხედარი ერთ ადგილზე გაშეშდა და სწორედ იმ მთისკენ მიმართა შუბი, სადაც ვარსკვლავთმრიცხველი გაუჩინარდა, თითქოს სწორედ იქ იმალებაო აბენ ჰაბუსის დაუძინებელი მტერი.
დროდარო მუსიკის ჰანგები და ვიღაც ქალის სიმღერის ხმა მოისმოდა ხოლმე მთის შუაგულიდან. ერთხელ კი ერთმა გლეხკაცმა მეფეს ასეთი ამბავი აუწყა: "წუხელის კლდის ნაპრალში შევძვერი და უცებ მიწისქვეშეთის დარბაზის კარს მივადექი. კარს მიღმა მდიდრულ ტახტრევანზე წამომჯდარი ვარსკვლავთმრიცხველი მოჩანდა. ის თავჩაქინდრული თვლემდა, მშვენიერი ქალწული კი ვერცხლის ჩანგს უკრავდა და, მგონი, ამით ჰყავდა მოჯადოებული მოხუცი მსმენელი".
აბენ ჰაბუსმა მაშინვე დაიწყო კლდეებში ნაპრალის ძებნა, მაგრამ ირგვლივ ყველაფერს პირი ჰქონდა შეკრული. მეფე ისევ შეეცადა თავისი მტერი მიწიდან ამოეთხარა, მაგრამ ისევ ამაოდ. სასახლის თილისმებად ქცეული ხელი და გასაღები კი არაფრით ემორჩილებოდნენ უბრალი ადამიანის ნებას. მთის წვერზეც არსად ჩანდა არც სასახლე, არც ბაღები და მთელი ის არემარე უკაცრიელ სანახაობად ქცეულიყო. არავინ იცის, დაპირებულ სავანეს რაიმე გრძნეულება მალავდა ადამიანის მზერისგან თუ ყველაფერი ვარსკვლავთმრიცხველის შეთხზული ზღაპარი იყო. ბოლოსდაბოლოს ხალხმა ყველაფერი ტყუილად ჩათვალა და ზოგი მას "მეფის უგნურებას", ზოგი კი "ბრიყვთა სამოთხეს" უწოდებდა.
აბენ ჰაბუსის გაჭირვებას სხვა უბედურებაც დაერთო ზედ. ძალა დაკარგა მისმა მფარველმა ავგაროზმა მხედარმა, რომლის წყალობითაც გრანადის მეფე შემოსეულ მტრებს მუდამ ამარცხებდა და მათი მუსრის გავლებით სიამეში და ნეტარებაში ნებივრობდა. მოშურნე მეზობლებმა გაიგეს აბენ ჰაბუსის დაუძლურების ამბავი და კვლავ ყველა მხრიდან შემოუტიეს მის საბრძანებელ მიწა-წყალს. ასე გადაიქცა მშვიდობისმოყვარე ხელმწიფის დარჩენილი ცხოვრება დაუსრულებელი შიშის და საფრთხის აბლაბუდად.
ბოლოსდაბოლოს აბენ ჰაბუსი მოკვდა და ისიც მიწას მიაბარეს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მრავლისმნახველი მთის წვერზე ალჰამბრად წოდებული სასახლე ააშენეს. რომელიც ზღაპრული მშვენიერებით თითქოს აირემის ბაღის ორეულად იქცაო. მის შიგნით კი ისევ არსებობს გრძნეულებით მოცული ჭიშკარი. ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ჭიშკარს კვლავაც იცავენ მისი თილისმები - ჯადოსნური ხელი და გასაღები. ახლა მას მართლმსაჯულების ჭიშკარი ჰქვია და ციხე-სიმაგრის მთავარ შესასვლელს წარმოადგენს. ამბობენ, მის ქვემოთ, მიწისქვეშეთის დარბაზებში, ტახტრევანზე ისევ ზის მთვლემარე ვარსკვლავთმრიცხველი და ქალწულის ვერცხლის ჩანგის ჰანგები იავნანასავით ჩაესმის ძილში.
იმასაც ამბობენ, რომ ზაფხულის ღამეებში სასახლის ჭიშკრის მოხუც და ხეიბარ დარაჯებს ხშირად ესმით მუსიკის ხმა. ვერც ისინი უძლებენ ამ ჰანგების მომნუსხველ ძალას და მშვიდად თვლემენ თავის სადარაჯოზე. უფრო მეტიც - იმ ადგილის ძილისმომგვრელი იდუმალება დღისით-მზისით მოდარაჯე მცველებსაც აბრუებს და ხშირად ნახავთ მათ ალაყაფის ქვის სკამებზე ან სადმე ხის ძირებში ჩაძინებულებს. ამიტომაცაა, რომ ალჰამბრას ჭიშკრის სადარაჯოები მთელ ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე მეტად უკარგავენ სიფხიზლეს სამხედრო გუშაგებს. და როგორც ძველი თქმულება გადმოგვცემს, ასე გრძელდება საუკუნიდან საუკუნემდე: ქალწული მუსიკით ატყვევებს ვარსკვლავთმრიცხველს... ვარსკვლავთმრიცხველი თავს ვერ აღწევს გრძნეულებით მოცულ თვლემას და ასე იქნება მანამ, სანამ ჯადოსნური ხელი არ დასწვდება მისთვის მომარჯვებულ გასაღებს და გრძნეულებას არ განაშორებს მოჯადოებულ მთას.