ზღაპარი მოწნულ სკამზე (თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა)
ყმაწვილი კაცი საკუთარ მანსარდაში იჯდა განმარტოებით. სურდა, მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ საამისოდ მნიშვნელოვანი სირთულეების გადალახვა იყო საჭირო. ჯერჯერობით კი იგი მშვიდად ცხოვრობდა სხვენის ოთახში, ასაკი სულ უფრო ემატებოდა და პატარა სარკის წინ ჯდომა და საკუთარი პორტრეტის ხატვის მრავალგზის მცდელობა ჩვევად გადაჰქცეოდა. უკვე მთელი რვეული გაევსო ამგვარი ნახატებით და ზოგიერთი მათგანი ძალიანაც მოსწონდა.
,,იმ კაცისათვის, რომელმაც განათლების მიღება ჯერ ვერ მოასწრო, - უთხრა საკუთარ თავს, - ეს ნახატი მართლაც რომ არ არის ურიგო. როგორი ცნობისმოყვარე ნაკეცია აი იქ, ცხვირთან. აშკარაა, ჩემში არის რაღაც მოაზროვნის, დიახ, რაღაც ამის მსგავსი უდავოდ არის. საკმარისია პირის კუთხე ოდნავ უკან დავწიოთ, რომ მაშინვე, აი, ასეთი განსაკუთრებული გამომეტყველება გაჩნდება, პირდაპირ ტრაგიკული."
მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, როცა საკუთარ ნახატებს ათვალიერებდა, უმეტესად, სრულებით არ მოსწონდა ისინი. ეს უსიამოვნო რამ იყო, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ოსტატობის მხრივ შეუპოვრად მიიწევს წინ და საკუთარი თავისადმი სულ უფრო მომთხოვნი ხდება.
საკუთარი სხვენის ოთახთან და იმ ნივთებთან მიმართებით, რაც იქ იდგა და ელაგა, ყმაწვილ კაცს არც თუ თბილი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ იმავდროულად - არცთუ ურიგო. იგი უსამართლო იყო მათდამი, მაგრამ არა იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ადამიანები. ის მათ თითქმის ვერც კი ამჩნევდა და ცუდად იცნობდა.
თუ მორიგი ავტოპორტრეტი მას მთლად იღბლიანად შესრულებულად არ მიაჩნდა, იმ წიგნებს მიუბრუნდებოდა ხოლმე, რომლებშიც მოთხრობილი იყო, თუ როგორ ცხოვრობდნენ მასავით მოკრძალებული და ყველასათვის უცნობი ახალგაზრდები, ხოლო შემდეგ კი სახელი გაითქვეს. ამგვარ წიგნებს სიამოვნებით კითხულობდა და მათში საკუთარ მომავალს ხედავდა.
აი, სწორედ ასე იჯდა ერთხელაც, ოდნავ სევდიანი და დათრგუნული და კითხულობდა წიგნს ერთ ძალზე ცნობილ ჰოლანდიელ მხატვარზე. წიგნში ეწერა, რომ ამ მხატვარს ერთადერთი ნამდვილი ლტოლვა ჰქონდა, პირდაპირ შეპყრობილი იყო შეშლილი სურვილით, მთლად მოეცვა ერთადერთ მისწრაფებას - მას სურდა, კარგი მხატვარი გამხდარიყო. ყმაწვილი კაცი თვლიდა, რომ მას ამ ჰოლანდიელთან გარკვეული მსგავსება აკავშირებდა. თუმცა შემდგომი კითხვისას აღმოაჩინა ისეთი რამ, რაც ნაკლებად შესაძლებელი იყო, რომ თავადაც შეხებოდა. სხვა დანარჩენთან ერთად, მან ამოიკითხა, რომ ჰოლანდიელი ცუდ ამინდში, როცა ქუჩაში ხატვა არაფრით შეიძლებოდა, შეუპოვრად და არანორმალური ვნებით ხატავდა ყველაფერს ერთმანეთის მიყოლებით, ნებისმიერ სრულიად უბადრუკ საგანსაც კი, რაც თვალში მოხვდებოდა. ერთხელ ასე დახატა ძველი ხის ფეხსაცმელები, მეორედ - ძველი, მოღრეცილი სკამი, უხეში, მძიმე, სამზარეულოს გლეხური სკამი იაფფასიანი ხისაგან, მოწნული დასაჯდომით, რღვევისპირას მისული ჩალით. და ეს სკამი, რომლისთვისაც სინამდვილეში არც ერთ ადამიანს არ მიუქცევია ყურადღება, მხატვარმა იმგვარი სიყვარულითა და თავდადებით ასახა, იმგვარი ვნებითა და თავდავიწყებით, რომ ეს ნახატი მის შემოქმედებაში ერთ-ერთ უმშვენიერეს ქმნილებად იქცა. ბევრი კარგი, ჭეშმარიტად ამაღლებული სიტყვა მიუძღვნა მწერალმა ამ სკამს. აქ ყმაწვილმა კაცმა კითხვა შეწყვიტა და ჩაფიქრდა. ეს ისეთი რამ იყო, რაშიც სურდა, დაუყონებლივ თავი გამოეცადა. გადაწყვიტა მაშინვე - რადგან უკიდურესად გაბედული ჭაბუკი იყო - დიდი ოსტატის მაგალითისთვის მიებაძა და დიდებისკენ ამ გზით სიარული ეცადა.
მანსარდას თვალი მოავლო და შეამჩნია, რომ თურმე ხეირიანად არც კი შეუხედავს იმ ნივთებისათვის, რომელთა შორისაც რა ხანია ცხოვრობდა. გვერდმონგრეულ სკამს მოწნული ჩალის დასაჯდომით ვერსად მიაგნო, არც ხის ბაჩები ჩანდა სადმე, ამიტომ იგი წამსვე მოიკუნტა და მოიღუშა. თითქმის ისეთივე იმედგაცრუება იგრძნო, რაც არაერთგზის დამართნია დიდ ადამიანებზე მონათხრობის კითხვისას: ფიქრობდა, რომ სწორედაც ის წვრილმანები და მინიშნებანი, ის საოცარი ნიშნები, რომლებიც სხვათა ცხოვრებაში ესოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, რატომღაც მას გვერდს უვლიდნენ და იძულებული იყვნენ, ამაოდ ეცადათ. მაგრამ მალე ისევ შეჯანჯღარდა, გაიაზრა, რომ ახლა მისი მთავარი ამოცანა სწორედ ის იყო, რომ შეუპოვრობა გამოევლინა და დიდებისაკენ მიმავალ მძიმე გზას მიჰყოლოდა. დაკვირვებით შეათვალიერა ოთახში ყველა საგანი და ბოლოს აღმოაჩინა მოწნული სკამი, რომელსაც მშვენივრად შეეძლო მისთვის მოდელის მოვალეობა გაეწია.
სკამი ფეხით თავისკენ ახლოს მიიწია, ფანქარს წვერი წაუმახვილა ესკიზების ბლოკნოტი აიღო, მუხლებზე დაიდო და ხატვას შეუდგა. რამდენიმე ოდნავ შესამჩნევმა პირველმა შტრიხმა, როგორც მოეჩვენა, საკმაოდ ხარისხიანად, ფორმა შემოხაზა, სწრაფად და დამაჯერებლად, უფრო მსუყე შტრიხებით აზუსტებდა მოხაზულობას და შემდეგ ხელი ფორმის გამუქებას მიჰყო. ღრმა სამკუთხედმა ჩრდილმა კუთხეში ყმაწვილის ყურადღება მიიპყრო და მისი დატანა ენერგიულად დაიწყო სურათზე; ასე განაგრძნობდა მუშაობას, ვიდრე არ იგრძნო, რომ რაღაც ხელს უშლიდა.
ერთხანს კიდევ განაგრძო მუშაობა, შემდეგ ბლოკნოტი განზე გასწია და ნახატს გამომცდელი მზერა მიაპყრო. დაინახა, რომ მოწნული სკამი სრულიად არასწორად იყო გამოსახული.
განრისხებულმა კიდევ ერთი ხაზი გაავლო და სკამს აღშფოთებული მზერა სტყორცნა. ნახატი არაზუსტი იყო. ყმაწვილი კაცი განრისხდა.
- არა, შენ სკამი კი არა, გრძნეული ხარ, - მთელი გულით აღმოხდა მას, - ასეთი თავნება ურჩხული არასოდეს შემხვედრია!
სკამმა ოდნავ გაიჭრიალა და მშვიდად განაცხადა:
- შენ კი მაინც შემომხედე! აბა, ნახე, როგორი ვარ და შეცვლას არც ვაპირებ.
მხატვარმა ფეხი ჰკრა. სკამი უკან გაიწია და ისევ სრულიად სხვაგვარად გამოჩნდა.
- რა სულელურად ხარ მოწყობილი! - წამოიძახა ყმაწვილმა, თან სკამს მიმართავდა, - ყველაფერი ცერად გაქვს, მოღრეცილი.
მოწნულმა სკამმა ოდნავ გაიღიმა და ფრთხილად უთხრა:
- ამას პერსპექტივა ჰქვია, ყმაწვილო.
- პერსპექტივა?! - შესძახა გაცოფებულმა, - ეს ერთი ციცქნაც რომ ბედავს, რაღაც მასწავლოს! პერსპექტივა - ეს ჩემი საქმეა და არა შენი, გაითვალისწინე, თუ შეიძლება!
სკამმა არაფერი უპასუხა. მხატვარი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, ვიდრე გაბრაზებული კაცის ჯოხის კაკუნი არ გაისმა ქვედა სართულიდან. ქვევით მოხუცი მეცნიერი ცხოვრობდა, რომელიც ხმაურს ვერ იტანდა.
ახალგაზრდა კაცი ჩამოჯდა და ხელთ ისევ თავისი ბოლო პორტრეტი აიღო, მაგრამ არ მოეწონა. მოეჩვენა, რომ სინამდვილეში გაცილებით მიმზიდველად გამოიყურებოდა და ეს მართლაც ასე იყო.
წიგნს მიუბრუნდა, სადაც ისევ იმ ჩალის დასაჯდომიან ჰოლანდიურ სკამზე იყო საუბარი, ახალგაზრდა კაცი გაბრაზდა. მიაჩნდა, რომ ამ სკამის ირგვლივ ისედაც დიდი აურზაური იყო ატეხილი...
ყმაწვილმა თავისი შავი ფართოფარფლებიანი ქუდი აიღო - ისეთი, მხატვრებს რომ უყვართ - და გარეთ გავიდა სასეირნოდ. გაახსენდა (რაც ერთხელ, საკმაოდ დიდი ხნის წინ იგრძნო), რომ ფერწერაში არის რაღაც საზიანო. მას მხოლოდ იმედგაცრუება მოჰქონდა და, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში საუკეთესო მხატვარსაც ხომ მხოლოდ საგნების ზედაპირის საშუალოდ გამოსახვა შეეძლო. ადამიანისთვის, ვისაც სიღრმეში ყურება უყვარს, საბოლოოდ, ეს პროფესია არ არის. და ის კვლავ, როგორც ადრე არაერთგზის უფიქრია, ახლაც იმ აზრს დაუბრუნდა, თავის ადრინდელ მიდრეკილებას გაჰყოლოდა და ჯობდა, მწერალი გამხდარიყო. მოწნული სკამი მანსარდაში მარტო დარჩა. წუხდა, რომ მისი ახალგაზრდა ბატონი უკვე წასულიყო. იმედოვნებდა, რომ ოდესმე მათ შორის, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი ურთიერთობა დამყარდებოდა. სკამი დროდადრო უდიდესი სიამოვნებით გადაუკრავდა სიტყვას, თუ ეცოდინებოდა, რომ რაიმეს შეასმენდა ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ ასე ახალგაზრდა იყო, ასწავლიდა რაიმე ფასეულს. მაგრამ, სამწუხაროდ, აქედან არაფერი გამოვიდა.