ეკო უმბერტო
გაზიარება

ყოველთვის სხვები მომწონდა (მთარგმნელი: ნინო ქაჯაია) 

- დავიბადე პიემონტში, ვცხოვრობ მილანში და ვასწავლი ბოლონიის უნივერსიტეტში. მყავს ცოლი, ორი შვილი და შვილიშვილი. ფაშისტი არა ვარ, ბერლუსკონის ხმას არ ვაძლევ, სოციალ-დემოკრატი ვარ. ვიყავი სხვადასხვა კათოლიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელი, მას მერე უფალს ჩემი აღარ სჯერა. ვუშვებ -Aუდოლინო--ს.
- რომელი სიტყვა მოგწონთ?
- სიგარეტი. შეიძლება, მომკლას, მაგრამ ინტერვიუს ამის გარეშე ვერ გავუძლებ. 
- მაშინ მეც მოვუკიდებ, სენიორ ეკო... საიდან მოდის ეს გვარი - ეკო?
- ჩემმა მეგობარმა იპოვნა გამონათქვამთა სია, რომელსაც 600 წლის წინ იეზუიტები იყენებდნენ, ნაპოვნი ბავშვებისთვის სახელის დასარქმევად. ერთ-ერთი იყო -ეხცელსის ობლატოს-, რაც ზეცის საჩუქარს ნიშნავს.^აქედან მოდის ეკო - სახელი, რომელიც დაარქვეს პაპაჩემს - უმამო პოეტ-ტრუბადურს. ესე იგი, მეც ზეცის საჩუქარი ვარ, იმედია, ადამიანები დამაფასებენ.
- თქვენ? თქვენ მოგწონთ საკუთარი თავი?
- არა. ჩემი სახე არ მომწონს, თქვენი უკეთესია. ყოველთვის სხვები უფრო მომწონდა. 
- ბავშვობაში ყველაზე მეტად ვინ გიყვარდათ?
- ბებია დედის მხრიდან, რომელიც პირველი იყო, ვინც დიდი კულტურული გავლენა იქონია ჩემზე. ამ ქალს კულტურისა სრულიად არაფერი გაეგებოდა, მაგრამ გიჟდებოდა კითხვაზე. საოცარ წიგნებს მაძლევდა წასაკითხად: ბალზაკს, ტოლსტოის ან სრულიად უვარგის წიგნებს, რადგან მათ შორის ვერავითარ განსხვავებას ვერ ხედავდა.
- ასე გაიარა ომმა?
- ომი მშვენიერი გამოცდილებაა, რადგან თავის გადარჩენას სწავლობ. 11 სექტემბრის მერე დაბნეულ ადამიანებს ვხედავ. მე თვითონ დაბნეულობაში დავიბადე და ვისწავლე, რომ ამ ვითარებაშიც უნდა შეგეძლოს ცხოვრება.
- არ გეშინიათ?
- ერთადერთი, რისაც მეშინია - ალცჰეიმერის დაავადებაა. მეხსიერების დაკარგვა საკუთარი -მე--ს დაკარგვაა. ყველა სხვა ხიფათი მეორადია. ამიტომ, როცა პირისპირ ვრჩები რელიგიასთან, რომელიც მეუბნება, რომ რეინკარნაცია მელის და შეიძლება, ვთქვათ, ძროხად მოვევლინო ქვეყნიერებას, ვკითხულბ: -როგორ ძროხად? მემახსოვრება, რომ უმბერტო ეკო ვიყავი?- თუ შეიძლება, დადებითად ვუპასუხო ამ კითხვას, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
- ძალაუფლება თუ გსურთ?
- არა. მე მინდა ავტორიტეტი მქონდეს, რომ ნებისმიერი ამბობდეს: -ეკომ ამა და ამ წიგნში ესა და ეს თქვა და მართალია.-
- სექსზე რას იტყვით?
- ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ არ გიამბობთ, რადგან პატივს გცემთ. 
- ჩემზე ნუ წუხდებით.
- ჩემი აზრით, სექსი ძალიან სასარგებლო რამაა. მისი წყალობით გამიჩნდა ორი შვილი, რომლებიც ძალიან მიყვარს, მერე შვილიშვილი, ისიც ძალიან მიყვარს. სექსს დიდ პატივისცემით ვეკიდები.
- რადგან სიცოცხლის გაგრძელების საშუალება მოგცათ?
- და კიდევ იმიტომ, რომ სახალისოა.
- თქვენ აზრით, რომელი ასაკია საუკეთესო?
- ჩემი ასაკი, რადგან ყველაფერი მტკივა, მამტვრევს და სხეულს უკეთ ვგრძნობ.
- თქვენ გგონიათ, რომ ტკივილისგან შეიძლება რამე ისწავლო?
- ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი გამოცდილებაა, და ძალიან მიხარია, რომ მოვახერხე ამის დაგროვება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სიკვდილი არ მინდა, ისაა, რომ არ მინდა, ჩემი გამოცდილება დაიკარგოს. შეიძლება, ამიტომაც იწერება წიგნები.
- თქვენ ამბობთ, ადამიანს უტოპიები სჭირდებაო. თქვენი უტოპია როგორია?
- ყველა ქალაქში იყოს ბარი, სადაც ზედმეტი კითხვების გარეშე მომიტანენ ყინულიან მარტინის, რადგან ეცოდინებათ, რომ მიყვარს.
- შეიძლება თუ არა, რომ დიდებამ ადამიანს სახე დააკარგვინოს?
- უბრალოდ, დიდებას სერიოზულად არ უნდა მოეკიდო. ძალიან მიხარია, თუკი ადამიანები ჩემს წიგნებს კითხულობენ, თუმცა ამას გარკვეული უხერხულობაც ახლავს. ამის საფასური იქნება ჩემს მეგობრებთან ერთად უფრო ხშირად სეირნობა.
- ცინიზმი თუ ზრდის ადამიანს?
- ჩვენ სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. გულზე გვხვდება მშიერი აფრიკელი ბავშვების ამბავი და ბევრი სხვა რამ, რაზეც 200 წლის წინ არავინ დარდობდა. არა მგონია, რომ ახლა უარესები ვუყოთ.
- თქვენ მითოლოგიურ პერსონაჟებზე წერდით. ჯადოსნური სამყარო გაინტერესებთ?
- დიახ, მაგრამ კიდევ ნაყინიც მიყვარს. ჩემი აზრით, ისინი, ვისაც ზედმეტად სჯერათ ჯადოქრობის, ცუდი ადამიანები არიან, ყველა ფაშისტია.
- მაგას რატომ ამბობთ?
- იმიტომ, რომ ვიცი.
- კარგი, დროის დინებაზე ვილაპარაკოთ, ამაზე ბევრს წერდით.
- გაზეთებში არ ღირს ლაპარაკი არც დროის დინებაზე, არც ღმერთზე, არც სიკვდილზე.
- კეთილი, მაშინ იმაზე ვილაპარაკოთ, რამაც შეგძრათ.
- პირველად რომ ვნახე მკვდარი. ეს ომის დროს მოხდა, ქუჩაში ვნახე, ტყვიით შუბლგახვრეტილი. მაგრამ მგონია, რომ ცხოვრების საიდუმლო ისაა. რომ ყველაფერი, რაც თავს გადაგხდება, გულისშემძვრელი უნდა იყოს. მძაფრი განცდების გარეშე პროგრესი არ არსებობს.
- მოზრდილი რამ შეგძრათ?
- მამაჩემი გარდაიცვალა, როცა ჩემი შვილი დაიბადა. ამ დამთხვევამ ისე შემცვალა, რომ მთელი წელიწადი თვითმფრინავში არ ჩავმჯდარვარ. უეცრად მამაჩემად ვიქეცი. 
- რა ისწავლეთ მამისგან?
- უნდობლობა. ბრმად არასოდეს არ მჯერა ის, რასაც ამბობენ.
- რით შეგიძლიათ, იამაყოთ?
- მე და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, დიპლომი რომ მივიღეთ, ვთქვით: -ახლა რა ვქნათ? - წიგნი უნდა დავწეროთ და ბავშვი ვიყოლიოთ - ეს ორი რამაა, რაც სიკვდილს ამარცხებს.- ჩემს მეგობარს ერთი ქალიშვილი ჰყავს და 15 წიგნი აქვს დაწერილი. მე - ორი შვილი და 40 წიგნი. ბედნიერები ვართ.
- რა არის აუცილებელი, რომ მთელი ცხოვრება ერთ ქალთან გაატარო?
- ეგ იმას უნდა ჰკითხოთ, ჰა-ჰა.
- თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ?
- მთავარი ერთგულებაა. კარგი ქმარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ერთგულებას ვაფასებ.
- სიკვდილი არ გაშინებთ?
- ჩვენ, ფილოსოფოსებს, გვესმის, რომ ცხოვრება სიკვდილისთვის მზადებაა, მაგრამ მინდა, რომ ბოლო წუთს ლამაზი სიტყვები ვთქვა.
- უკვე მოიფიქრეთ?
- უკვე ავარჩიე, რისი ამოტვიფრა მინდა ჩემი საფლავის ქვაზე - ესაა უკანასკნელი სიტყვები კამპანელას დიალოგიდან -მზის ქალაქი-: -მოიცა, მოიცა - არ შემიძლია, არ შემიძლია-.

??????