შავი კეტები
მოქმედი პირები (და არა მხოლოდ პირები):
დედა გოია – საროსკიპოს დიასახლისი და მფლობელი
მზია – საროსკიპოს სტაჟიანი თანამშრომელი
ზეზვა – პროფესორი (საროსკიპოს შემთხვევითი კლიენტი)
მედიკო – საროსკიპოს თანამშრომელი (ორი შვილის დედა)
ლოლა – საროსკიპოს თანამშრომელი (თანამშრომლებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ქალი, მაგრამ ყოველთვის მაღალ ქუსლებზე, კლიენტების მომსახურების დროსაც კი)
ბატონი გურამი – საროსკიპოს მუდმივი კლიენტი
ქალი ჯანმრთელობა – ბატონი გურამის მეუღლე
პოლიციელი – მუქთა კლიენტი
დეპუტატი – საროსკიპოს ხშირი სტუმარი
მაჩო – გაწვალებული ახალგაზრდა კაცი
ბიჭი – შეყვარებული კლიენტი
ფემინისტი ქალები – საქველმოქმედო, არასამთავრობო ორგანიზაციიდან
ბოდღო ყვალთავა – (უნებლიე კლიენტი) და მისი ორი კაცი
ამ წინასაარჩევნო პიესის მოქმედება ხდება თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში. ბინა წარმოადგენს არალეგალურ საროსკიპოს, რომელიც სამოთახიანია, მაგრამ მაყურებელი ხედავს მხოლოდ წინა ორ ოთახს, რომლებსაც ერთმანეთისგან ყრუ კედელი ჰყოფთ და ორივე ოთახს აქვს ცალ-ცალკე შემოსასვლელი მესამე, დიდი ოთახიდან.
უკანა, მისაღებ ოთახს, რომელსაც მაყურებელი ვერ ხედავს, აქვს მოსაცდელის ფუნქცია, ხოლო კლიენტების მომსახურება ხდება სწორედ წინა ორ ოთახში და ზოგჯერ ერთდროულადაც კი, ერთმანეთის პარალელურად. Oორივე ოთახს აქვს თითო ფანჯარა, საიდანაც ზოგჯერ მანქანებისა და ქუჩის ხმაური აღწევს.
(ასევე შესაძლებელია სცენა წარმოადგენდეს ქვემოთ ერთ დიდ, მისაღებ ოთახს და კლიენტების მომსახურება კი ხდებოდეს ზემოთ, ორ პატარა ოთახში, თუმცა ეს უფრო სპექტაკლის რეჟისორისა და მხატვრის გადასაწყვეტია).
პიესა კი იწყება არჩევნების დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე საროსკიპოს ერთ-ერთ ოთახში, სადაც შუქი ჩამქრალია და სიბნელეში მხოლოდ გახშირებული სუნთქვის ხმა ისმის. ამ ხმას პერიოდულად ერთვის კვნესა, რომელიც მორიგეობით აღმოხდება ხოლმე ქალსაც და კაცსაც სექსუალური აქტის დროს ეს ხმა ნელ-ნელა მატულობს და სწორედ იმ წამს, როცა ეს ურთიერთობა კულმინაციას აღწევს, კონტრაპუნქტში ქალი და კაცი, ერთდროულად, საბოლოოდ ამოიკვნესებენ და სინათლეც აინთება.
სინათლის ანთებისთანავე, ორივენი სასწრაფოდ, აჩქარებით გადაიფარებენ ზეწრებს შიშველ სხეულებზე და გაოგნებული სახეებით შეხედავენ დედა გოიას, რომელმაც დაუკაკუნებლად შემოაღო კარი მათ ოთახში და სინათლეც თვითონვე აანთო.
დედა გოია – სწრაფად ჩაიცვით, პოლიცია მოდის!
(პოლიციის ხსენებაზე კაცი ისეთი სახითა და სისწრაფით ჩაიცვამს, რომ ქალებს გულწრფელად გაუკვირდებათ და უადგილოდ გაეღიმებათ).
მზია - ჩანთა დაგრჩათ (წამოიყვირებს მზია და პროფესორის ჩანთით ხელში, უკვე ოთახიდან გასულ კლიენტს აჩქარებით გამოეკიდება).
დედა გოია – ბავშვებივით არიან (იტყვის უფრო თავისთვის და გვერდით ოთახის გამყოფ კედელზე გამეტებით დააკაკუნებს. იმ ოთახში საროსკიპოს სხვა თანამშრომელს, მუდამ მხიარულ ლოლას ძინავს, რომელიც კაკუნის ხმაზე გაიღვიძებს და გაიზმორება.
Kკაკუნი ისევ განმეორდება და ლოლაც წამოდგება, ნაუცბათევად, ერთობ შილიფად შეიმოსება და იმ ოთახში შევა, სადაც ამ საროსკიპოს მფლობელი დედა გოია ისევ კედელთან დგას და აკაკუნებს. მხოლოდ ლოლას დანახვისას დაუშვებს ხელს, კედლის საათს შეხედავს და გაბრაზებული მიმართავს მას):
დედა გოია – ორ საათამდე გძინავს!
ლოლა – მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, სტუდენტებს სტიპენდიები აუღიათ და დილამდე არ ამომასუნთქეს, მეგონა სტიპენდიები აღარც არსებობდა...
დედა გოია – (აწყვეტინებს) წუთი-წუთზე პოლიცია მოვა
ლოლა – (გულწრფელად გაბრაზებული) გუშინ ხომ იყვნენ?!
დედა გოია – დღეს მოადგილე მოდის, უკვე დარეკეს
ლოლა – ესე იგი ტყუილად გამაღვიძე, ხომ იცი რომ პოლიციელებს მზია და მედიკო მოწონთ, ჩემნაირებს უფრო სტუდენტი-ახალგაზრდობა ეტანება...
დედა გოია – (ისევ აწყვეტინებს მზიას) მედიკო სოფელშია წასული
ლოლა – Lმზია ხომ აქ არის
დედა გოია – ორივე მოადგილე რომ მოვიდეს?
(ლოლა ისევ დააპირებს შეპასუხებას, მაგრამ ღია კარში აქოშინებული მზია გამოჩნდება)
მზია – ლექციაზე მაგვიანდებაო და ისე გარბოდა, ძლივს დავეწიე
ლოლა – (მზიას, გაკვირვებული) დღესაც იყვნენ სტუდენტები?
მზია – (ამაყად) სტუდენტი კი არა, უნივერსიტეტის პროფესორია
ლოლა – მეც არ გამიკვირდა? სტუდენტებმა მთელი სტიპენდია გუშინ აქ დატოვეს და მერე გზის ფულსაც მე მთხოვდნენ...
დედა გოია – (ორივეს) გზის ფულიც აღარ გექნებათ, პოლიციის მოსვლამდე აქაურობას თუ არ დავალაგებთ
მზია – (დედა გოიას) დედა გოია რატომ შეგარქვეს?
დედა გოია – ახლა ამის დროა?
ლოლა – (დედა გოიას, უკვე ცოცხით ხელში) სულ გვპირდები და მაინც არ გვეუბნები.
დედა გოია – ვითომ არ იცი
ლოლა – მზიამ ხომ არ იცის
(დედა გოია ძალიან მკაცრ გამომეტყველებას მიიღებს და კედელზე ჩამოკიდებულ შიშველი ქალის სურათს ამოატრიალებს, რომლის უკანა მხარესაც რომელიღაც ციხესიმაგრეა გამოსახული. ლოლას გაეღიმება და რაღაცის თქმასაც დააპირებს, მაგრამ შემოსასვლელიდან ზარის ხმა ისმის და საროსკიპოს დიასახლისი ხელებგაშლილი მიდის კლიენტის შესაგებებლად)
დედა გოია – (ხმამაღლა) მობრძანდით, მობრძანდიით
(ფართოდ გაღებული კარის ზღურბლს შინაურულად გადმოაბიჯებს უნიფორმიანი პოლიციელი და მასპინძლებს ომახიანად მიესალმება).
მზია – (იმავე ინტონაციით) მობრძანდიით!..
პოლიციელი – (სერიოზული და საქმიანი გამომეტყველებით) აბა როგორ მიდის საქმეები, რამე გაუგებრობები ხომ არ ყოფილა?
დედა გოია – ისეთი არაფერი...
პოლიციელი – მაინც?
დედა გოია – ამასწინათ სტუდენტები იყვნენ და ცოტა ფული დააკლდათ...
პოლიციელი – მერე?
მზია – არაფერი ისეთი, ცოტა ნასვამებიც იყვნენ
პოლიციელი – რაღაც ძალიან მოუმატეს სტუდენტებმა თქვენთან სიარულს
დედა გოია – სტუდენტებს სტიპენდიები მოუმატეს და უკეთეს ადგილას სად წავლენ
პოლიციელი – ყველას მოუმატეს?
ლოლა – მარტო ხუთოსნებს და სწორიც არის, ვინც კარგად სწავლობს, იმან უნდა ისიამოვნოს
დედა გოია – პენსიებს რატომ არ ზრდიან?
პოლიციელი – მალე პენსიებსაც მოუმატებენ
მზია – ოროსნებმა რა ქნან?
დედა გოია – (ღიმილითა და მარჯვენა მუშტის ვერტიკალური მოძრაობით, რაც მასტურბაციას ნიშნავს) უნდა ისწავლონ
პოლიციელი – ზოგს უჭირს სწავლა
ლოლა – (პოლიციელს) ალბათ თქვენც გიჭირდათ
(საროსკიპოს მფლობელი თვალებს დაუბრიალებს ლოლას ამ უხერხული ფრაზის გამო და პოლიციელს კი განსაკუთრებული მლიქვნელობით მიმართავს)
დედა გოია – ხომ არ გირჩევნიათ რომ ჯერ ისიამოვნოთ (ხელით ქალებზე ანიშნებს) და მერე ვისაუბროთ და ჩაიც მიირთვით, დღეს მედიკო აპირებს სოფლიდან დაბრუნებას, იმედია მოგისწრებთ და მურაბასაც ჩამოიტანს, დედამისი ისეთ მურაბებს აკეთებს...
პოლიციელი – (აწყვეტინებს) დღეს ამისთვის არ მცალია, სერიოზულ საქმეზე ვარ მოსული, დავალებაა ზეიდან: აინტერესებთ რა ხალხი დადის აქ ყველაზე ხშირად, როდის გყავთ ყველაზე მეტი კლიენტი და ვის აძლევენ ხმას არჩევნებზე
ლოლა – (პოლიციელს, გახარებული) სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებთ? მეც სოციოლოგიის შესწავლა მინდოდა, სანამ აქ მოვხვდებოდი...
(უკვე გაბრაზებული პოლიციელი დედა გოიას გადახედავს ისეთი გამომეტყველებით რომ მისთვის გასაგები იყოს რისი თქმაც სურს პოლიციელ ჩინოვნიკს)
დედა გოია – მე გიხდით ბოდიშს, ასე უშნოდ და უადგილოდ ხუმრობა მაინც ვერ მოვაშლევინე ამას
ლოლა – (გულწრფელად) არ ვხუმრობ, მართლა მინდოდა რომ სოციოლოგი გავმხდარიყავი, იცით რა საინტერესოა, თანაც ჩვენთან ხომ ადრე სოციოლოგიაíარც არსებობდა...
დედა გოია – (პოლიციელს) ნუ მიაქცევთ ყურადღებას (ლოლას თვალებს დაუბრიალებს) და გვკითხეთ, რაც გაინტერესებთ
მზია – ნუ დაგვზოგავთ
პოლიციელი – (ჩაახველებს) ესე იგი ჩვენ გვაინტერესებს რა ხალხი დადის ძირითადად, როდის მოდიან უფრო ხშირად და ვის უჭერენ მხარს...
დედა გოია – (აწყვეტინებს მონდომებული) ძირითადად მოდიან ღამე, სუფრების მერე, რომ დათვრებიან ხოლმე და ხალისობა მოუნდებათ და ქალებთან ღლაბუცი...
პოლიციელი – არა, ჩვენ გვაინტერესებს სეზონების მიხედვით რა ხდება, ზაფხულში უფრო ხშირად დადიან ესე იგი შვებულებების დროს თუ სამუშაო საათებში, თუ როდის.
ამას მომავალი არჩევნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს...
ლოლა – ზამთარში, ყველაზე მეტი კლიენტი ზამთარში გვყავს ხოლმე, იმიტომ რომ ზამთარში ცივა და კაცებს კი სიცივის ეშინიათ
პოლიციელი – (უნებურად) რატომ კაცებს?
ლოლა – იმიტომ რომ კაცები სუსტები არიან და ზამთარს და სიცივეს ჩვენთან ემალებიან.
(პოლიციელს გაახსენდება რომ ლოლას აზრი ყველაზე ნაკლებად უნდა აინტერესებდეს და დემონსტრაციულად გადახედავს დედა გოიას პასუხის მოლოდინში)
დედა გოია – (თითქოს დაფიქრდება და გაიხსენებს) ისე მართლა ზამთარში უფრო მეტი კლიენტი გვყავს, ვიდრე სხვა დროს
ლოლა – მეც ეს ვთქვი და ამიტომაც ზამთარი ჩვენთან უფრო გრძელია, ვიდრე სხვაგან...
პოლიციელი – (ახლა მზიას მიუბრუნდება) რა ხალხი დადის ყველაზე მეტად?
მზია – იცით რა, ყველანაირი ხალხი დადის: სტუდენტები უკვე გითხარით, დეპუტატები, ბიზნესმენები...
პოლიციელი – პოლიტიკოსებიც ხშირად დადიან?
მზია – ზოგჯერ ისინიც მოდიან
(პოლიციელი ჭერს ახედავს, დანარჩენებიც ჭერს ახედავენ, ოღონდ შეშინებული სახეებით, რადგან მიხვდებიან პოლიციელის ჩანაფიქრს. მხოლოდ ლოლას გაეცინება)
პოლიციელი – მთავრობა მოდის ხოლმე თუ ოპოზიცია?
მზია – (დედა გოიას გადახედავს) ისინიც და ისინიც
ლოლა – (თითით ჭერზე ანიშნებს) კამერები უნდა დაგვიყენოთ?
(პოლიციელი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით შეეცდება არ მიაქციოს ყურადღება ლოლას, კედლის საათს შეხედავს და აშკარად უკმაყოფილო სახით დედა გოიას მიმართავს)
პოლიციელი – უფროსი მელოდება, უნდა წავიდე, ამ დღეებში ისევ გამოგივლით და მანადმე კი იმაზე იფიქრეთ რაც ჩვენ გვაინტერესებს და კლიენტების სახელი და გვარი თუ იცით, ჩაიწერეთ და დღეებიც აღნიშნეთ.
(პოლიციელი გასასვლელისკენ დაიძრება და ყველანი მლიქვნელური ღიმილით გააცილებენ. მხოლოდ Lლოლა დარჩება წინა ოთახში და კიდევ ერთხელ ახედავს გაბზარულ ჭერს).
ლოლა – ამათ ჩვენ მართლა ბოზები ხომ არ ვგონივართ?
დედა გოია – (ლოლას, გაბრაზებული და ხელებგაშლილი) რა სოციოლოგია აგიტყდება ხოლმე?!
(ლოლა (რასაკვირველია) დააპირებს შეპასუხებას, მაგრამ ვერ მოასწრებს, რადგან ოთახში მედიკო შემოვა ორი დიდი, სავსე ჩანთით და ხმამაღლა მიმართავს თანამშრომლებს):
მედიკო – ყველაფერი ჩამოვიტანე
ლოლა – (მედიკოს) ბავშვები როგორ არიან?
მედიკო – (ბედნიერი სახით) პატარას უკვე კითხვა უსწავლია და სულ წიგნით ხელში დამსდევდა.
დედაჩემმა მითხრა თვითონ ისწავლაო და ისეთი საყვარელია, ისეთი საყვარელი რომ წამოსვლა აღარ მინდოდა (უცებ ცრემლები წამოუვა)
ლოლა – (გულწრფელად და გულუბრყვილოდ) დარჩენილიყავი
მედიკო – (სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდება, მაგრამ მაშინვე გაახსენდება რეალობა და დედა გოიას გადახედავს) როგორ?
ლოლა – (ყველას დაასწრებს პასუხს) უნდა დარჩენილიყავი, არჩევნების დროს ხომ მაინც იქ უნდა იყო.
(გახარებული მედიკო დედა გოიას აკოცებს და კარისკენ გაიქცევა, რადგან ზარის ხმა ისმის, რაც იმის მაუწყებელია რომ კლიენტი მოვიდა.
სინათლე ქრება და ინთება ერთ-ერთ ოთახში, სადაც მხოლოდ ორნი სხედან საწოლის მოპირდაპირე კიდეებზე: მედიკო და ბატონი გურამი - საროსკიპოს მუდმივი კლიენტი. მედიკო ნელ-ნელა იმოსება, ბატონი გურამი კი დაღლილი და ოფლიანი, სინანულით დაჰყურებს საკუთარ ღიპს და გულზეხელმოკიდებული, აჩქარებით სუნთქავს)
მედიკო – აი ჩვენ ხომ გვეძახიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს და რომ დაუკვირდე, რა გამოდის?
ბატონი გურამი – (ძლივს გასაგონად) რა გამოდის?
მედიკო – გამოდის რომ პატიოსანი ქალები არიან მძიმე ყოფაქცევის, ასე არ არის?
გურამი – (აშკარად არ უსმენს) რა?
მედიკო – რა და მძიმე ყოფაქცევის და მძიმე ხასიათის ქალს, არ ჯობია მსუბუქი ყოფაქცევის და მსუბუქი ხასიათის მხიარული ქალი?
გურამი – (მარცხენა ხელის მაჯაზე ცერა თითით ეძებს პულსს და გაუგებრად პასუხობს ხელებგაშლილ მედიკოს) ჩაბუჯუმდ...
მედიკო – აი, ამაშია საქმე, რომ საქართველოს გარდა ჩვენს შრომას ყველგან აფასებენ და ჩვენი პროფესიის ქალებს უცხოეთში ხელისგულზე ატარებენ
ბატონი გურამი – (ისევ გულზე მოიკიდებს ხელს და ახლა უკვე აშკარა ბუტბუტზე გადავა) ბუდიდუდბ...
მედიკო – (ქალი მაინც ვერ ამჩნევს რომ ბატონი გურამი აშკარად ცუდად არის და მედიკოც თავის მონოლოგს ენერგიულად აგრძელებს) უნდა წავსულიყავი, ჩემი ბრალია, ჩვენი სოფლიდან რამდენი წავიდა თურქეთში, მე რა ვერ წავიდოდი? ახლაც შემიძლია წასვლა. რომ მოვინდომო, რა ვერ წავალ?
ბატონი გურამი – (გულზე მიდებული ხელი ჩამოუცურდება უკვე სულ გათეთრებულს და სიტყვებსაც ვეღარ ამბობს, მხოლოდ ასოებს თუ ბგერებს) ბმდგხ...
მედიკო – არა, თურქეთში არ წავალ, არ მინდა, საბერძნეთი მირჩევნია, წავიყვან ჩემს შვილებს და გავთხოვდები, მამაჩემის ოქროს სასმისსაც თან წავიღებ და თუ გამიჭირდა, ბოლო-ბოლო გავყიდი. არ გამატანს? არ გამატანს და მოვპარავ და მაინც წავიღებ.
(მედიკო მონოლოგს მოულოდნელად შეწყვეტს, რადგან აღმოაჩენს რომ მისი ღიპიანი კლიენტი ლოგინზეა გაშხლართული და მგონი არც სუნთქავს. მედიკო სასწრაფოდ გააღებს კარს და ყველას ერთად საშველად უხმობს. დედა გოია მაშინვე, პირველი შემოვარდება ოთახში და გულწასულ კლიენტს შეშინებული დახედავს)
დედა გოია – რამდენჯერ უნდა გასწავლოთ რომ კლიენტთან ნელ-ნელა უნდა გაიხადოთ, რამდენჯერ უნდა აგიხსნათ რომ არ უნდა იჩქაროთ
მედიკო – (აწყვეტინებს) ძალიან ნელა გავიხადე და თვითონაც გამაფრთხილა ძალიან ნაჭამი ვარო, მაგრამ რომ მოვრჩით, მერე გახდა ცუდად, დასაწყისში კი არა. რას ვიფიქრებდი თუ აწყენდა, პირველად ხომ არ არის ჩვენთან და თან ნაჭამზეც რამდენჯერ მოსულა აქ და არაფერი...
მზია – დავრეკო სასწრაფოში?
(დედა გოია ისეთი სახით გადახედავს მზიას, რომ ეს უკანასკნელი ცივად, შეპასუხების გარეშე დადებს ტელეფონის ყურმილს და სხვებს მიეხმარება ამ მართლაც ძალიან მძიმე კლიენტის ტრანსპორტირებაში.
ჯერ იატაკზე გადმოაგორებენ ბატონ გურამს ყველანი ერთად და მერე უკანა ოთახში გაახოხიალებენ მას ოხვრითა და კრუსუნით. მაყურებელს მხოლოდ შემოსასვლელი კარის გაღების ხმა ესმის, მაგრამ მოქმედებას ვერ ხედავს და ამიტომაც დანამდვილებით არ იცის რა ბედი ეწია ბატონ გურამს. თუმცა ხმებისა და რეპლიკების მიხედვით მაყურებელს (საფუძვლიანი) ეჭვი უჩნდება რომ გულწასული კლიენტი უბრალოდ კიბეზე დააგორეს)...
საწოლზე ორნი სხედან, ერთმანეთთან ძალიან ახლოს და ორივენი სიგარეტს ეწევიან. Lლოლა ზურგით ეყრდნობა კედელს, ბიჭი კი ოდნავ წელში მოხრილი ზის და ლოლასაგან განსხვავებით, აშკარად ღელავს.
ბიჭი – პირველად რომ ვიყავი აქ, მაშინვე მინდოდა რაღაც მეკითხა შენთვის, მაგრამ მომერიდა
ლოლა – ახლაც გერიდება?
ბიჭი – ახლაც მერიდება, მაგრამ მაინც გკითხავ
ლოლა – მკითხე
ბიჭი – არ გეწყინება?
ლოლა – არც მეტკინება
ბიჭი – (ღიმილით) დარწმუნებული ხარ?
ლოლა – დიდი ხანია
ბიჭი – მაინც?
ლოლა – აქ რომ აღმოვჩნდი, იმ დღიდან
ბიჭი – ეგ დღე როდის იყო?
ლოლა – როდის იყო თუ რატომ იყო?
ბიჭი – რატომ იყო
ლოლა – ეს გაინტერესებდა?
ბიჭი – ესეც მაინტერესებს, მაგრამ ვიცი რომ არ მეტყვი
ლოლა – შეიძლება ოდესმე მართლა გითხრა და ყველაფერიც მოგიყვე
ბიჭი – როდის, აქედან რომ გაიქცევი, მერე?
ლოლა – აქედან ვერ გავიქცევი
ბიჭი – რატომ?
ლოლა – კეტები არა მაქვს
ბიჭი – რა კეტები?
ლოლა – შავი კეტები, ოღონდ ძირებიც შავი უნდა ჰქონდეს, მოდაშია
ბიჭი – ადრე თეთრი კეტები იყო მოდაში
ლოლა – როდის?
ბიჭი – ადრე, ბავშვობაში
ლოლა – საქართველოში ყველაფერი ეგრეა: ან თეთრი ან შავი, უკიდურესობების ქვეყანა ვართ, შუალედი არ არსებობს
ბიჭი – (გაკვირვებული) შენ რაზე სწავლობდი?
ლოლა – ნუ გეშინია, ფილოსოფოსი არა ვარ, უბრალოდ კლიენტებზე დაკვირვება მიყვარს, ამ სამსახურში ეს აუცილებელიც კი არის.
ბიჭი – ამ სამსახურში ეს მაღალი ქუსლებიც აუცილებელია?
ლოლა – (ღიმილით დახედავს თავის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს)
ეს ჩემი პროტესტია, ალმოდოვარის ჯინაზე, კლიენტების შესაშინებლად
ბიჭი – არ მინდა რომ შენთვის მხოლოდ კლიენტი ვიყო
(კარზე კაკუნისა და დედა გოიას ხმა ისმის)
დედა გოია – მალე მორჩებით?
ლოლა – რა ხდება?
დედა გოია - ხალხია მოსული
ლოლა – ვინ არიან?
დედა გოია – ბოდღო ყვალთავაა და მისი ორი კაცი
ლოლა – მზიასთან შეუშვი
დედა გოია – მზიას კენჭის გავლა აქვს და პოლიკლინიკაში ჩავიდა ნემსის გასაკეთებლად
ლოლა – მედიკო?
დედა გოია – მედიკო საბერძნეთის საელჩოშია წასული საბუთების შესატანად
ლოლა – დაელოდონ, რომელიღაც ხომ დაბრუნდება, პოლიკლინიკა აქვე არ არის? ხუთი წუთი უნდა ნემსის გაკეთებას
დედა გოია – კლიენტებს რა ვუყოთ?
ლოლა – მეც კლიენტი მყავს
(დედა გოია ლოლას თავს დაანებებს და მოსაცდელიდან ისმის თუ როგორ სთავაზობს სტუმრებს ჩაის და ყავას)
ბიჭი – (ზურგით მიეყრდნობა კედელს და ლოლას თვალებში შეხედავს) არ მინდა რომ კლიენტი ვიყო
ლოლა – (ამ თემაზე საუბარს აშკარად თავს არიდებს) მედიკომ უკვე მესამედ შეიტანა საბუთები, მაგრამ კონსული მაინც არ აძლევს საბერძნეთის ვიზას
ბიჭი – გიკვირს?
ლოლა – რა თქმა უნდა მიკვირს, იაზონი და ბერძენი არგონავტები აქ რომ მოგვადგნენ, საქართველოს ვიზები მათთვის არავის მოუთხოვია
(ბიჭს აღარ გაეღიმება, ლოლას თავისკენ შემოაბრუნებს და ტუჩებში აკოცებს. მერე ადგება და კარისკენ წავა)
ბიჭი – მე არ მინდა რომ შენი კლიენტი ვიყო
(ბიჭი კარს ხმაურით გაიხურავს და ლოლას ოთახში სინათლე ქრება და მაშინვე ინთება გვერდით ოთახში, სადაც მზია შეშინებული უყურებს უცნაურ კლიენტებს: ჩოხებში გამოწყობილი ბოდღო ყვალთავა და მისი ორი კაცი (ყაბალახებით თავწაკრულები), ყურადღებით აკვირდებიან კედელზე გაკრულ პლაკატს შიშველი ქალის გამოსახულებით. ბოდღო ყვალთავა ფანჯარასთან მივა, ეზოში გადაიხედავს და მერე თავისიანებისკენ შემობრუნდება)
ბოდღო ყვალთავა – თქვენ ქვემოთ ჩადით და ცხენებს მიხედეთ, უკვე მოშიებულებიც იქნებიან და რამე დაუყარეთ და აჭამეთ.
(ბოდღო ყვალთავას სიტყვებს ბრძანების კილოც დაჰკრავს, მაგრამ ამ ფრაზის გამეორება კიდევ ერთხელ მოუწევს ბატონ ბოდღოს რადგან მისი თანმხლები პირები თვალს ვერ აშორებენ შიშველი ქალის პლაკატს.
როცა ისინი ოთახს დატოვებენ, ბოდღო ყვალთავა ნაბადს სკამის ზურგზე გადაკიდებს, ხანჯალსა და იარაღს შეისწორებს და იმავე სკამზე ჩამოჯდება. მერე ჩაახველებს და შეშინებულ და გაკვირვებულ მზიას ომახიანად და პათეტიურად მიმართავს)
ბოდღო ყვალთავა – ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ და ამიტომაც ძალადობის ყოველგვარი ფორმა, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ მშვიდობიანად ვიზრუნოთ გზააბნეულ ადამიანებზე და მათ ჭეშმარიტებისაკენ მოვუწოდოთ. ჩვენი ორგანიზაცია აღიარებს ვენის, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებს და ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი უმთავრესი საზრუნავია, მაგრამ როცა ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ამორალური ადამიანები, ჩვენ არა გვაქვს დუმილის უფლება. მეტიც: ჩვენ მოვალენი ვართ ისინი გადავარჩინოთ და ზნეობისა და მორალის გაკვეთილები ჩავუტაროთ.
მზია – (გულწრფელად) საშინაო დავალებებიც გვექნება?
ბატონი ბოდღო – (ცოტა დაბნეული) მგონი თქვენ კარგად ვერ გამიგეთ
მზია – შევეცდებით რომ ყველაფერი გაგიგოთ, აქ ზოგჯერ ისეთ უცნაურ რაღაცეებს გვთხოვენ ხოლმე, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ უკმაყოფილო არავინ გავუშვათ. ამასწინათ მაგალითად ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კლიენტი გვყავდა, ძალიან ნორმალური, მაგრამ უცებ ისეთი რამე მომთხოვა, თქვენ ჯვარი გწერიათ და...
ბოდღო ყვალთავა – (აწყვეტინებს) თქვენ არა მარტო თქვენს თავს ღუპავთ, არამედ ახალგაზრდობასაც უბიძგებთ გარყვნილებისაკენ, თქვენ სხვებსაც ითრევთ ამ ჭაობში
მზია – (გაკვირვებული) სად?
ბოდღო ყვალთავა – ამ ჭაობში, აქ
მზია – რას ამბობთ, აქ ადგილი არ არის, ორი ოთახი გვაქვს და სამნი ვმუშაობთ, ყველას უარს ვეუბნებით სამსახურზე, სადღაც მრცხვენია კიდეც რომ მე სამუშაო მაქვს და ირგვლივ ამდენი უმუშევარია, თანაც ისეთი კარგი გოგოები გვეხვეწებიან, მაგრამ რა ვქნათ, ჩემს ადგილს ნამდვილად ვერავის დავუთმობ, ოჯახი როგორღა უნდა ვარჩინო
ბოდღო – ოჯახიც გყავთ?
მზია – (ძალიან გაკვირვებული) ოჯახი რომ არ მყავდეს სარჩენი, აბა აქ რა გამაჩერებდა
ბოდღო – მე მეგონა რომ თქვენ მიწიერ ვნებებს აჰყევით და უბრალოდ გსიამოვნებდათ ასეთი ცხოვრება...
მზია – (აწყვეტინებს და ყვირის) რა უნდა მსიამოვნებდეს, ჩემი ქმარი რომ მთელი დღე სვამს და მერე მთელი ღამე არწყევს? ათი წელი რომ არ უმუშავია და დედაჩემს პენსიას პარავს? მამაჩემი რომ უფასო სასადილოში დადის და ჭამის დროს ტირის რომ არავინ იცნოს?
(მზიას თვალები ცრემლებით აევსება)
ბოდღო ყვალთავა – ამას არ ვგულისხმობდი, ბოდიშს გიხდით, მე სულ სხვა რაღაცის თქმა მინდოდა, ხომ შეგეძლოთ სხვაგან გემუშავათ, რაღაც სხვა სამსახური მოგეძებნათ...
(მზიას აღარ ესმის ბოდღო ყვალთავას სიტყვები რადგან უკვე ხმამაღლა ქვითინებს და ბატონი ბოდღო წამოდგება, გულწრფელად შეწუხებული სახით მიუახლოვდება მზიას და მეგობრულად მოხვევს ორივე ხელს)
მზია – (ქვითინით) როგორ შეიძლება ეს იყოს სასიამოვნო?! ზოგს ისეთი პატარა აქვს.
ბოდღო – (გულში ჩაიკრავს მზიას) როგორ გიხდებათ ცრემლები...რა ლამაზი ყოფილხართ...რა ბედნიერები არიან თქვენი კლიენტები
მზია – რას აკეთებთ?..
ბოდღო – (ბოდღო ყვალთავა ცალ მუხლზე დგას და მკერდზე კოცნის მზიას) ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის, ყველაფრისთვის მზად ვარ...ნუ დამზოგავთ მზია...
(სინათლე ქვრება და ინთება გვერდით ოთახში, სადაც მედიკო სკამზე ზის და ფურცლებსა და საბუთებს გაბრაზებული დაჰყურებს)
მედიკო – ჩათლახები!..
(კარს ახალგაზრდა კლიენტი შემოაღებს, რომელიც აშკარად ტკბილად არის ანუ კაიფშია)
კლიენტი – გამარჯობა დაიკო
(მედიკოს თვალებში გაკვირვება და ორი კითხვის ნიშანი გამოესახება)
კლიენტი – უბანში მაჩოს მეძახიან, ანტიგენდერული ბალანსის პონტში კი არა, პროსტა მაჩოტაძე ვარ გვარად და ხო აზრზე ხარ. თუ გინდა შენც მაჩო დამიძახე ჩემი დაიკო
(მედიკო ისევ თავის საბუთებს დახედავს, სკამზე გაბრაზებით დაახეთქებს და გახდას დაიწყებს)
მაჩო – რამე პრობლემაა ჩემი დაიკო?
მედიკო – (გულგრილად) საბერძნეთის ვიზა არ მომცეს
მაჩო – იმ პონტში კი არ გეუბნები, მარა ნაღდი შემიძლია რა დახმარება, უფრო სწორად მამაჩემს შეუძლია, ბიზანტიოლოგია და მაგათ ყველას იცნობს, მაგათი ელჩი ვაბშე ჩვენთან სახშიცაა ნამყოფი, ხო აზზე ხარ...
მედიკო – არადა ყველა საბუთი წესრიგში მაქვს
მაჩო – მითუმეტეს, ჩემი დაიკო
მედიკო – (გახარებული) ფული აი აქ დადეთ (ხელით ანიშნებს)
მაჩო – (უკანა ჯიბიდან საფულეს ამოიღებს და ფულს გადათვლის) ცოტა მაკლია, მარა ხო აზზე ხარ, დღეს უნდა ამეღო კიდევ სხვა მაყუთი და ცოტა იგვიანებს და მეთქი შევივლი და ამას ცოტა პატივს ვცემ-მეთქი, ხო აზზე ხარ (ხელით ხვანჯარზე ანიშნებს)
მედიკო – იცით რა, საერთოდ ჩვენთან ფასდაკლებები არ ხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხარჯები გვაქვს, ბინის ქირა თავისთავად, მერე გადასახადები, დენი, გაზი და თანაც დეპუტატებს და პოლიციას უფასოდ ვემსახურებით, ჩაგეძინათ?
მაჩო – არა, დაიკო, რა ჩამეძინა. მაიცა დეპუტატებს რატო არ ახდევინებთ, ფულის მეტი რა აქვთ
მედიკო – ჩვენი დეპუტატები დაგვპირდნენ რომ ლეგალიზაციაში დაგვეხმარებიან
მაჩო – რა პონტში?
მედიკო – ოფიციალური სტატუსი გვექნება
მაჩო – ოფიციალური ბოზები იქნებით?
მედიკო – ჩვენ ბოზები არა ვართ
მაჩო – ესე იგი მთავრობის ხალხი ხშირად დადის აქ?
მედიკო – ხშირად არა, არჩევნების წინ უფრო ვახსენდებით ხოლმე
მაჩო – რატო ტო, მაგათ მაშინ უფრო უნდებათ ხოლმე?
მედიკო – ხმები სჭირდებათ და იმიტომ, ხომ იციან რომ ბევრნი ვართ და მხარდაჭერას გვთხოვენ ხოლმე
მაჩო – მეც დამიჭირეთ მხარი და სეილი გამიკეთეთ
მედიკო – თქვენთვის გამონაკლისს გავაკეთებთ, მამათქვენის ხათრით რა თქმა უნდა
მაჩო – იმენა გამკეთებელია, პროსტა შუქი უნდა ჩავაქროთ, თორე მაგრა არ მევასება კაშკაშა სექსი...
(მედიკო სინათლეს ჩააქრობს და სიბნელეში მათი დიალოგი (სექსის პარალელურად) მანამ გრძელდება, სანამ მედიკო შიშისა და გაოგნებისაგან, არ შეჰკივლებს)
მედიკო – (მაინც არ სჯერა) რა სუნია?
მაჩო – აზზე არა ვარ
მედიკო – (სინათლეს აანთებს, საბანს გადაწევს და თვალები შოკისაგან გაუფართოვდება) ეს რა არის?
მაჩო – აზზე არა ვარ
მედიკო – ჩაისვარეთ?
მაჩო – მე მეუბნები ჩემი დაიკო?
მედიკო – გაგიჟდება დედა გოია, გუშინ გამოგვიცვალეს თეთრეული
მაჩო – (სიგარეტს მოუკიდებს და გაკვირვებული დახედავს დასვრილ ზეწარს) ფერფლი ხომ არ ჩამყვა საჭმელში?
მედიკო – რა ჭამეთ?
მაჩო – დილით სუში ვჭამეთ ბიჭებმა
მედიკო – გაგიჟდება დედა გოია
მაჩო – საიდან გაიგებს
მედიკო – (ხელით ანიშნებს ფაქტზე) ამას რა ვუყო?
მაჩო – ფანჯრიდან ვერ გადააგდებ?
მედიკო – რას ამბობთ, მეზობლები მაშინვე პატრულს გამოიძახებენ, ისედაც სულ გვიჩივიან
მაჩო – პატრულთან მე გავაიასნებ, მამაჩემი იურისტია და ხო აზზე ხარ...
მედიკო – (აგრძელებს) არა, ჩუმად უნდა გავიტანოთ აქედან
მაჩო – აქედან რომ ეს ამბავი გავიდეს, ჩემი დედას შევეცი თუ აქ ვიღაცა არ დაიჭრას!..
მედიკო – აბა აქ დავტოვოთ? მთელ სახლს ააყროლებს
(მაჩო შარვლის უფანა ჯიბიდან დანას ამოიღებს, ეგრეთ წოდებულ ბაბოჩკას და დაატრიალებს აშკარად მხოლოდ საჩვენებლად და შესაშინებლად, მაგრამ მედიკო მაშინვე, წარმოუდგენელი სისწრაფით ამოაძვრენს ხელჩანთიდან პატარა გაზის ბალონს და მაჩოს თვალებში შეასხავს).
მედიკო – (გაკვირვებული დახედავს ბალონს) მგონი მართლა მუშაობს
მაჩო – (ჩაიკეცება) ბოიშვილი ვიყო...
(სინათლე ქრება და მეზობელ ოთახში ინთება, სადაც ლოლა და შეყვარებული ბიჭი ჩუმად სხედან და ეწევიან).
ბიჭი – (ხელს გადახვევს ლოლას და სიჩუმეს დაარღვევს) იმ ქალს მგონი არ ესიამოვნა ჩემი მოსვლა
ლოლა – დედა გოიას?
ბიჭი – ისე აღარ მხვდება, როგორც ძველ კლიენტს, ადრე დედასავით მეგებებოდა
ლოლა – ჩვენც დედასავით გვექცევა და ამიტომაც ყველანი დედას ეძახიან
ბიჭი – და გოია რა შუაშია?
ლოლა – გოია სამხატვრო აკადემიაში დაარქვეს
ბიჭი – აკადემიაში სწავლობდა?
ლოლა – ნატურშიცა იყო, იქაც დედასავით მზრუნველი და გოია კი ქოქოსამ დაარქვა, დათო გაგოშიძემ, ჩვენი კურსელი იყო, ასეთ ქალებს გოია ხატავდაო
ბიჭი – მგონი მართლა ჰგავს გოიას ქალებს, ცუდად რომ იყო ეგეთ ქალებს ხატავდა
ლოლა – დედა გოია ამბობს ფულს იმისთვის ვაგროვებ რომ ესპანეთში წავიდე და ჩემი თვალით ვნახო გოიას ქალებიო
ბიჭი – (ღიმილით) ყველა ბოროტება სიკეთის სახელით კეთდება, მაგრამ ასეთი კეთილშობილური მიზნით ბარდელის გახსნა, მაინც ძალიან ორიგინალურია
ლოლა – (მასაც გაეღიმება) თვითონაც ძალიან ორიგინალურია, ერთხელ ისიც თქვა რომ ქალის გაბოზება მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემაა და კაცის გაბოზება კი მთელი ქვეყნისო
ბიჭი – (ისევ ღიმილით) ადამიანს ყველაფრის გამართლება შეუძლია
ლოლა – თუ არ მოგწონს, შეგიძლია აქ არ მოხვიდე
ბიჭი – როდემდე?
ლოლა – სანამ აქაურობას დედა გოია მღვდელს არ აკურთხევინებს
ბიჭი – შავი იუმორი?
ლოლა – არ გეხუმრები, ადრე მართლა ამბობდა ხოლმე ახლობელი მღვდელი მყავს და უარს არ მეტყვისო
ბიჭი – მერე?
ლოლა – (ღიმილით) უარი უთხრეს და ძალიან გაბრაზდა, ისე მართლა კეთილი და კარგი ქალია
ბიჭი – შენ რაზე სწავლობდი აკადემიაში?
ლოლა – კერამიკაზე
ბიჭი – თიხა ბავშვობიდან გიყვარდა?
ლოლა – ბაბუა მიყვარდა ძალიან, შროშელი იყო და იმან მთხოვა კერამიკაზე ჩაბარება. შროშა სოფელია იმერეთში...
ბიჭი – მეც ძალიან მიყვარდა პაპაჩემი, ქართლში ბაბუას პაპა ჰქვია, უფლისციხელი იყო, მაგრამ არც თვითონ არის ცოცხალი და აღარც ის სახლი არსებობს, სადაც ბავშვობაში ზაფხულში ჩავდიოდით ხოლმე...
ლოლა – ესე იგი აქედან რომ გავიქცე, უფლისციხეში შენთან ვერ დავიმალები?
ბიჭი – რატომ ვერ დაიმალები, უფლისციხეში გამოქვაბულების მეტი რა არის
ლოლა – მაგრამ უფლისციხემდე კეტების გარეშე ხომ ვერ ჩავაღწევ?
ბიჭი – (თვალებში ჩახედავს ლოლას და სერიოზულად, ძალიან სერიოზულად ჰკითხავს მას) მართლა გინდა რომ კეტები მოგიტანო?
ლოლა – ოღონდ კეტები შავი უნდა იყოს
ბიჭი – შავი კეტები, ქლიბი და სავარცხელი?
ლოლა – შავი იუმორი შავი იუმორის წილ?
ბიჭი – შავ კეტებს რომ მოგიტან და გაიქცევი, თუ გამოგეკიდებიან, ჯერ სავარცხელს გადააგდებ და მერე ქლიბს, ოღონდ არ უნდა აგერიოს: ჯერ სავარცხელი, მერე ქლიბი
ლოლა – ქლიბი ჰქვია თუ სალესავი?
ბიჭი – რაც ჰქვია
ლოლა – შენ რა გქვია, რატომ არ მეუბნები?
ბიჭი – რა აზრი აქვს, შენთვის მაინც ერთ-ერთი უსახელო კლიენტი ვარ, როგორც ნებისმიერი სხვა, ვინც აქ მოდის და მიდის
ლოლა – შენც მალე გაგივლის და წახვალ
ბიჭი – უშენოდ არ წავალ
(ბიჭი ადგება და გასასვლელისკენ დაიძრება, კარს გააღებს და ისე წავა, რომ არც კი დაემშვიდობება ავანსცენაზე დარჩენილ ლოლას.
ოთახში სინათლე ქრება და მეზობელ ოთახში ინთება, სადაც მზია დაბნეულ კლიენტს უღიმის)
კლიენტი – (გაუბედავად) რა გქვიათ?
მზია – მზია.
თქვენ?
კლიენტი – ზეზვა
მზია – იმ დღეს სახელიც ვერ გკითხეთ
ზეზვა – დიახ, ვღელავდი და მეც არ მიკითხავს თქვენი სახელი. იმ დღეს პირველად ვიყავი აქ, შემთხვევით აღმოვჩნდი თქვენთან, მაგრამ მომეჩვენა რომ ჩვენ ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს, საუკუნეებისა და ათასწლეულების წინ (პროფესორი კლიენტი სიგარეტს მოუკიდებს)
მზია – იმ დღესაც ბევრს ეწეოდით
ზეზვა – დღესაც შემთხვევით აღმოვჩნდი თქვენთან, აქეთ საქმე მქონდა, ასე ვთქვათ შემოვიარე...
მზია – საერთოდ ბევრს ეწევით?
პროფესორი - საერთოდ ბევრს არ ვეწევი, მაგრამ როცა ვფიქრობ, მაშინ ყოველთვის ვეწევი
მზია – ესე იგი ბევრს ფიქრობთ
პროფესორი – დიახ, საკმაოდ ხშირად მიწევს ფიქრი და ასე ვთქვათ აზროვნება, მე ხომ უნივერსიტეტში ვმუშაობ
მზია – დიახ მახსოვს, თქვენ ხომ პროფესორი ხართ, პირველად რომ იყავით ჩვენთან, მაშინ მითხარით რომ ლექციებს კითხულობთ უნივერსიტეტში
პროფესორი – მე გითხარით?
მზია – დიახ
პროფესორი – როდის?
მზია – იმ დღეს, თქვენ რომ აქ იყავით, სანამ იმას დავიწყებდით...
პროფესორი – (უხერხულობისგან ჩაახველებს) დიახ, მაგრამ დღეს სულ სხვა მიზნით შემოვიარე, ასე ვთქვათ სულ სხვა საქმეზე ვარ მოსული და არც კი ვიცი როგორ დავიწყო...
მზია – ცოლი ხომ გყავთ?
პროფესორი – არა...დიახ მყავს, ცოლიც და შვილებიც
მზია – შეგიძლიათ ისე დაიწყოთ როგორც თქვენს მეუღლესთან იწყებთ ხოლმე
პროფესორი – იცით რა, ამას ჩემს მეუღლესთან საერთოდ არ ვიწყებ ხოლმე, უფრო სწორად, მე კი ვიწყებ ხოლმე, მაგრამ ჩემი ცოლი ყოველთვის წინააღმდეგია და ამიტომაც ეს არასოდეს გვქონია...
მზია – (გაკვირვებული) აბა შვილები საიდან გყავთ?
პროფესორი – არა, თქვენ მე ვერ გამიგეთ, უფრო სწორად სხვანაირად გამიგეთ, მე სწორედ იმას ვგულისხმობ, რის გამოც აქ მოვხვდი სრულიად შემთხვევით...
მზია – დიახ, მეორედ
პროფესორი - დიახ, მაგრამ პირველად ვერ გითხარით ჩემი აქ მოსვლის ნამდვილი მიზეზი
მზია – არ მოგეწონათ?
პროფესორი – არა, რას ბრძანებთ, პირიქით, ყველაფერი კარგი იყო და თქვენ შესანიშნავი ადამიანი ბრძანდებით, უფრო სწორად შესანიშნავი პროფესიონალი ხართ და სწორედ ამან გამაბედინა კიდეც აქ მოსვლა, უკვე მეორედ...
მზია – მითხარით, ნუ მოგერიდებათ, პირდაპირ მითხარით
პროფესორი – დიახ, იმის თქმა მინდოდა, უფრო სწორად იმის თქმა მინდა, რომ ჩემი მეუღლე საკმაოდ ტრადიციული ქართული ოჯახიდანაა და ათწლეულების მანძილზე, შესაძლებელია ასწლეულების მანძილზეც კი, მკაცრად ჩამოყალიბებული და ცნობიერებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, კონსერვატორული აზროვნება და მენტალური შეზღუდვები, მას აიძულებენ უარი თქვას ორალურ სექსზე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ოჯახის სიმტკიცეს, მიუხედავად ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი თანაცხოვრებისა...
მზია – (აწყვეტინებს) ბოდიშით, მაგრამ კარგად ვერ გავიგე
პროფესორი – დიახ, ასეც ვფიქრობდი რომ თქვენთვის ზემოთქმული გაუგებარი და ცოტა დაუჯერებელიც იქნებოდა, მაგრამ ეს რეალობაა და ამ რეალობამ მაიძულა თქვენთან მოვსულიყავი
მზია – (ხმაში სიბრაზე ეტყობა) და რას მთხოვთ, რასაც თქვენი ცოლი არ გიკეთებთ, მე გაგიკეთოთ? მე ვიკადრო? მე თქვენ მართლა ბოზი ხომ არ გგონივართ? რადგან აქ ვმუშაობ, გგონიათ რომ ნამუსი აღარ მაქვს და ყველაფერს ვიკადრებ? თანაც მარხვის დროს? ხორცს საერთოდ არ გავკარებივარ, რაც მარხვა დაიწყო...
პროფესორი – ამ მარხვაში თევზი ხსნილია
მზია – (ცრემლნარევი ხმით აგრძელებს თავის მონოლოგს) აქ მეც შემთხვევით მოვხვდი, წლების მანძილზე ცირკში ვმუშაობდი, იცით რა სარისკო ნომრებს ვასრულებდი? იცით რა სიმაღლიდან ვხტებოდი ბატუტზე და თანაც ზოგჯერ დაზღვევის გარეშე?
პროფესორი – (გულწრფელად შეწუხებული) მერე? აქ როგორ აღმოჩნდით?
მზია – მერე ქვეყანა აირია და ცირკში კაპიკებს გვიხდიდნენ, დედა გოია ჩვენი მეზობელი იყო და შევეცოდე, ჯერ სხვა სამსახურის მოძებნა მირჩია და რომ ვერაფერი ვნახე, თვითონვე შემომთავაზა აქ მოსვლა – რაღაც კაპიკებად რაღა ბატუტს უნდა ახტებოდეო და აქ მომიყვანა
პროფესორი – თავიდან ალბათ გაგიჭირდათ კიდეც
მზია – გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ოჯახი ჩემი სარჩენი იყო და თანაც მაშინ ქმარმაც მიმატოვა
პროფესორი – მაშინვე მიგატოვათ, როგორც კი აქ მუშაობა დაიწყეთ?
მზია – არა, მანადმე წავიდა ამერიკაში, აიჩემა იქ სამსახურს ადვილად ვიშოვი: შამპუნის რეკლამებისთვის ქერტლიანი ხალხი სჭირდებათო და ჩემს ქმარს კი ყოველთვის იმდენი ქერტლი ჰქონდა, ტახტზე რომ იწვა ხოლმე, მერე მტვერსასრუტი მჭირდებოდა, არადა სულ ტახტზე იწვა, იქვე ეწყო ბოთლები და მერე იქვე არწყევდა ხოლმე, რასაც სვამდა...
(მზია გაჩუმდება და ცხვირსახოცით ცრემლებს შეიმშრალებს)
პროფესორი – მერე?
მზია – მერე წავიდა ამერიკაში, რომ არ წასულიყო, ნამდვილად მოკვდებოდა აქ და გზის ფულიც მე მოვაგროვე, ყველაფერი გავყიდე, რაც გვქონდა
(მზიას ისევ ცრემლებით აევსება თვალები და ისევ ცხვირსახოცს მოიმარჯვებს)
პროფესორი – (გულწრფელად მონდომებული რომ თანადგომა გამოხატოს მზიას მიმართ) მერე?
მზია – მერე წავიდა, მაგრამ ამერიკაში ჩასვლისთანავე, მოულოდნელი რამ მოხდა
(მზია თავშეუკავებლად ასლუკუნდება)
პროფესორი – დიახ, გისმენთ, განაგრძეთ
მზია – ამერიკაში ჩავიდა თუ არა, ქერტლი საერთოდ გაუქრა
პროფესორი – (ძალიან შეწუხებული სახით) მერე?
მზია – რაღა მერე, ვინღა გადაიღებდა შამპუნების რეკლამებში ქერტლის გარეშე და უმუშევარი დარჩა და უკანაც ვერ ბრუნდება, მე კი ისე მენატრება რომ ფულს დავაგროვებ თუ არა, მაშინვე გავუგზავნი. იცით როგორ მიყვარდა? იცით როგორ მენატრება? იცით როგორი აკრობატი ვიყავი? იცით როგორ სარისკო ნომრებს ვასრულებდი? იცით რამდენ ხანს მიკრავდა ტაშს აღფრთოვანებული პუბლიკა?
პროფესორი – მაპატიეთ, ყველაფერი მაპატიეთ...
(პროფესორი ხელზე კოცნის მზიას და მასთან ერთად ხმამაღლა ტირის.
სინათლეც ქრება)
მედიკო და ბატონი გურამი მდუმარედ სხედან ოთახში და მედიკო სიგარეტს ეწევა. Bბატონ გურამს თავი დაბინტული აქვს და ოხრავს:
ბატონი გურამი – იმ დღეს აქედან რომ წავედი, კიბეზე ისე ცუდად გავხდი, რომ პოლიკლინიკამდე ძლივს ჩავაღწიე
მედიკო – კიდევ კარგი რომ პოლიკლინიკა აქვეა
გურამი – აქვეა მაგრამ არ მიღებდნენ, ჩვენს რაიონს არ ეკუთვნითო, არადა წინა კორპუსში ვცხოვრობთ
მედიკო – როგორ? აქვე დაგორდი და სხვა პოლიკლინიკაში ხომ არ წახვიდოდი
გურამი – მეც ეგ არ ვუთხარი? თავი ვერ გაგიტეხია კაცს ექიმების შიშით
მედიკო – სახელის გატეხას მაინც თავის გატეხა ჯობია, ბებიაჩემი სულ ამას მეუბნებოდა
გურამი – იცოდა რომ აქ მუშაობდი?
მედიკო – ბებიაჩემი ოცი წლის წინ მოკვდა, მაშინ მე ვინ მამუშავებდა საერთოდ, მამაჩემი მთელს სამეგრელოში უმდიდრესი კაცი იყო
გურამი – შეიძლება გული უგრძნობდა, ბებიები ყველაფერს ხვდებიან...
მედიკო – (ყურადღებას არ აქცევს ბატონი გურამის სიტყვებს და თავის ამბავს აგრძელებს) მამაჩემი მართლა დიდი ქონების პატრონი იყო, საკუთარი ტრაქტორებიც კი ჰყავდა იმ დროში, მაგრამ განსაკუთრებით თავისი ხარებით ამაყობდა – უზარმაზარ ხარები იყვნენ და სპილენძის ფეხები ჰქონდათ
გურამი – სპილენძში ერთ დროს კარგი ფული კეთდებოდა
მედიკო – მერე ქვეყანა რომ აირია და ხალხმა ტროლეიბუსების ხაზების მოპარვაც დაიწყო სპილენძის გამო, მამაჩემის ხარებსაც მიადგნენ.
ხარებს რაღაცას უკეთებდნენ, აძინებდნენ და იმ სპილენძის ჩლიქებს ახერხავდნენ...
გურამი – ალბათ თურქეთში მიჰქონდათ გასაყიდად
მედიკო – მაშინ საბერძნეთი ერქვა
გურამი – და ყველაფერი დაკარგეთ?
მედიკო – ერთადერთი, რაც მამაჩემისგან დაგვრჩა, ოქროს სასმისია, რომელიც იმიტომ ვერ წაიღეს რომ მამაჩემმა სადღაც გადამალა, მაგრამ ისე გადამალა რომ სხვებმა კი არა, მერე თვითონაც ვეღარ მიაგნო
გურამი – მერე?
მედიკო – მერე ეძებდა, სანამ ცოცხალი იყო, სულ ეძებდა, მაგრამ მაინც ვერ მიაგნო და თან გადაჰყვა კიდეც, მაგის დარდმა მოკლა,
გურამი – ნაღდი ოქრო იყო?
მედიკო – სუფთა ოქრო იყო
გურამი – დიდი სასმისი იყო?
მედიკო – ყველა განსხვავებულზე დიდი
გურამი – ამდენ ოქროს გადაყვებოდა აბა რა იქნებოდა
მედიკო – არა, ოქროს კი არ დარდობდა
გურამი – (გაკვირვებული) აბა რას?
მედიკო – ოქროზე მეტად სადღეგრძელოს დაკარგვას დარდობდა
გურამი – რას?
მედიკო – იმ სასმისზე სადღეგრძელო ეწერა
გურამი – (კიდევ უფრო გაკვირვებული) რა სადღეგრძელო?
მედიკო – საიდუმლო სადღეგრძელო, ძალიან მნიშვნელოვანი
გურამი – მერე ზეპირად რატომ არ ისწავლა?
(მოულოდნელად კარზე ვიღაც დააკაკუნებს და ბატონი გურამი ინსტინქტურად წამოხტება. მიუხედავად იმისა რომ არც გაუხდია, ასევე ინსტინქტურად, მაინც საგულდაგულოდ შეიკრავს ისედაც შეკრულ კოსტუმს. მედეა კი, უხალისოდ, ცალყბად დაინტერესდება დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობით).
მედიკო – ვინ არის?
(პასუხი არ არის)
მედიკო – (ისევ უხალისოდ) ვინ არის?
(პასუხი არ არის, ტომ...)
მედიკო – ვინ არის?
(მედიკო პასუხს აღარ დაელოდება, წამოდგება და კარს გააღებს. კარის გაღებისთანავე ოთახში ენერგიულად შემოაბიჯებს აშკარად ჯანმრთელი ქალი, რომელიც ბატონი გურამის ცოლი აღმოჩნდება და შემოსვლისთანავე ბატონ გურამს ისე სწრაფად მიუახლოვდება, რომ იმავე ოთახში სხვა ქალის არსებობას, არც შეიმჩნევს)
გურამის ცოლი – (ჩანთიდად ბინტს, ბამბასა და მალამოს ამოიღებს) ყველგან ასე უნდა გსდიო ბავშვივით? ხომ გასაგებად გვითხრა ექიმმა რომ საფენები ყოველ სამ საათში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ (ცოლი ჯერ ძველ საფენს მოხსნის ბატონ გურამს და მერე მალამოსა და ბამბას საგულდაგულოდ დაადებს ქმარს და ბინტითაც ხელახლა შეუხვევს ჭრილობებს. დაბნეული და გაკვირვებული ბატონი გურამი ძალიან უხერხულად გრძნობს თავს და ამიტომაც საკმაოდ გაუბედავად მიმართავს თავის ცოლს)
ბატონი გურამი – აქ როგორ მომაგენი?
გურამის ცოლი – (ჩანთიდად წამალს ამოიღებს და მოულოდნელად მიმართავს მედიკოს) ერთი ჭიქით წყალი გენაცვალე, თუ შეიძლება (გურამის ცოლი მიმართავს მედიკოს, ვისთანაც წუთის წინ ქმარს შეუსწრო, მაგრამ ისე მიმართავს, რომ მის არსებობას ამ ოთახში, კვლავ არ იმჩნევს)
ბატონი გურამი – მე შემოვიტან წყალს (ბატონი გურამი წამოდგება, მაგრამ მედიკო მაშინვე მიხვდება რომ წყალი საუკეთესო მიზეზია ამ ოთახიდან გასასვლელად და კარებისკენ წავა)
გურამის ცოლი – (გურამს, როცა მარტონი დარჩებიან ოთახში) წამალი არ უნდა დაგელია? რომ გამოვარდები ხოლმე სახლიდან, ყველაფერზე მე უნდა ვიფიქრო?
ბატონი გურამი – აქ როგორ მომაგენი?
გურამის ცოლი – ანტიბიოტიკების დალევა ასეთ დროს აუცილებელია, მაგრამ გესმის ჩემი? გესმით ჩემი? ან შენ, ან შენს შვილებს?
ბატონი გურამი – აქ როგორ მომაგენი?
გურამის ცოლი – შვილებიც იმიტომ არ მიჯერებენ რომ შენ არაფერს მიჯერებ და ამას ხომ ისინიც ხედავენ...
(კარს მედიკო შემოაღებს წყლიანი ჭიქით ხელში და გურამის ცოლი ისე გამოართმევს მას ჭიქას რომ ამჯერადაც არ შეიმჩნევს მედიკოს არსებობას)
ბატონი გურამი – (მედიკოს) მადლობთ
(გურამის ცოლი ქმარს ენაზე წამალს დაუდებს და წყალსაც ისე მიაყოლებინებს, როგორც ავადმყოფ ბავშვებზე ზრუნვისას იციან ხოლმე ქართველმა დედებმა)
გურამის ცოლი – (უფრო თავისთვის) ოღონდ შენი იყავი კარგად და ჩვენს შვილებს არაფერი მოაკლო და მე ყველაფერს ავიტან და ყველაფერს გავუძლებ.
სადაც გინდა იქ იარე და რაც გესიამოვნება ის გააკეთე, ოღონდ მე ნუ დამანახებ და მე ნუ მეცოდინება. ოღონდ არაფერი მოგვაკლო და...ხომ იცი რომ წელს გოგო აბარებს და ჩვენს დასაღუპად მოიგონეს ეროვნული გამოცდები...
(გურამის ცოლი ცრემლებს ვეღარ იკავებს და სლუკუნით ტოვებს ოთახს, სადაც მხოლოდ ბატონი გურამი და მედიკო რჩებიან და სინათლეც ნელ-ნელა ქრება).
ბიჭი ზურგით ეყრდნობა ლოლას ზურგს და სიგარეტს კი ისე გემრიელად ეწევა, როგორც მხოლოდ სექსის შემდეგ უყვართ ხოლმე გაბოლება მწეველი მამაკაცების უმრავლესობას.
ლოლა – გახსოვს რა მკითხე?
ბიჭი – როდის?
ლოლა – ბოლოს რომ იყავი აქ
ბიჭი – მაღალ ქუსლებზე?
ლოლა – არა. თანაც უკვე აღარ მაცვია (ლოლა მარჯვენა ხელით აწევს ორივე ფეხსაცმელს და ბიჭს ღიმილით აჩვენებს)
ბიჭი – რატომ, აღარ მოგწონს?
ლოლა – არც არასოდეს მომწონდა
ბიჭი – მაგრამ ყოველთვის გეცვა ხოლმე
ლოლა – კლიენტებთან ყოველთვის ის მაცვია, რაც მეზიზღება
ბიჭი – მე აღარ ვარ შენი კლიენტი?
ლოლა – შენ უსახელო კლიენტი ხარ და თანაც უფლისციხელი
ბიჭი – რა გკითხე?
ლოლა – რატომ უყვარდებათ ქართველ კაცებს პუტანკები
ბიჭი – არ ვიცი. მითხარი
ლოლა – რომ გითხრა, გეწყინება
ბიჭი – მითხარი
ლოლა – ჯერ შენი სახელი მითხარი
ბიჭი – აფრიკაში რომ მივდიოდით...
ლოლა – (აწყვეტინებს) აფრიკაში რა გინდოდა?
ბიჭი – კილიმანჯაროზე მივდიოდით, მწვერვალზე
ლოლა – მთამსვლელი ხარ?
ბიჭი – ზოგჯერ
ლოლა – (ღიმილით) მერე?
ბიჭი – მივდიოდით ტანზანიის გზით და გაგვაფრთხილეს რომ ტანზანიაში დღემდე ცხოვრობს კანიბალების ერთი ტომი, რომელიც შეიძლება უცებ შეგხვდეს სადმე კილიმანჯაროს მისადგომებთან. შეგეშინდა?
ლოლა – რომელი კანიბალი შემაშინებს ბიჭო, კანიბალების მეტი რა მინახავს
ბიჭი – (გულწრფელად გაკვირვებული) სად?
ლოლა – აქ ძირითადად კანიბალები მოდიან. დედა გოიას ვეძახი ხოლმე საშველად, თორემ მთლიანად შემჭამდნენ
ბიჭი – მეც კანიბალი ვარ?
ლოლა – არა, მთამსვლელი ხარ, შენ არ მითხარი?
ბიჭი – მე არ გეხუმრები
ლოლა – შენ არ მეხუმრები, მაგრამ მე რომ არ ვიხუმრო ზოგჯერ მაინც, აქ შეიძლება გავგიჟდე
ბიჭი – აქ ყოფნა რომ არ გინდოდეს, წახვიდოდი...
ლოლა – (აწყვეტინებს) კეტების გარეშე სად წავიდე. ქართულად როგორ ჰქვია: კეტები თუ კედები?
ბიჭი – კეტები.
Kკედები რუსულად ჰქვია
ლოლა – ესე იგი კეტები ქართულია?
ბიჭი – არც კეტებია ქართული, იმიტომ რომ მანადმე ეგ სიტყვა საერთოდ არ გვქონდა
ლოლა – რატომ არ გვქონდა?
ბიჭი – იმიტომ რომ თვითონ კეტები არ გვქონდა.
ლოლა – (ღიმილით) შენ მთასვლელი ხარ თუ ენათმეცნიერი?
ბიჭი – ღამ-ღამობით კარავში სხვა რა საქმე მაქვს, როცა არ მეძინება, გავიხდი წინდებს, საძილეში ჩავთბები და ვფიქრობ...
ლოლა – წინდების გარეშე არ გცივა?
ბიჭი – ნასკები მაინც მაცვია.
აი ხომ ხედავ, ადრე არც ეს სიტყვა გვქონდა ქართველებს და ნასკებსაც წინდებს ვეძახით, არადა ნასკი სხვაა და წინდა სხვა.
ლოლა – ნასკის შესატყვისი რატომ არ გვქონდა?
ბიჭი – იმიტომ რომ ნასკებიც არ გვქონდა
ლოლა – აბა გიორგი სააკაძეს რა ეცვა?
ბიჭი – (ღიმილით) შავი კეტები
ლოლა – შიშველ ფეხებზე?
(ბიჭს გაეცინება და ლოლას ლოყაზე აკოცებს, მერე ძალიან სერიოზულ სახეს მიიღებს და აშკარად რაღაც მნიშვნელოვანის თქმას დააპირებს, მაგრამ უცებ კარებზე დააკაკუნებენ, რასაც დედა გოიას აღშფოთებული ხმაც მოჰყვება):
დედა გოია – (გარედან) დრო უკვე გავიდა!
ლოლა – (წამოდგება და კარებთან მივა) ჩემი დრო მიდის, შენ რა გენაღვლება
დედა გოია – ხალხია მოსული
ლოლა – ჯგუფებს მე არ ვემსახურები
დედა გოია – ფემინისტი ქალები არიან, არასამთავროები, ჰუმანიტარული დახმარება მოგვიტანეს
ლოლა – ხომ იცი რომ სოიოს კატლეტებს ვერ ვიტან და ყველაფერი ნამდვილი მიყვარს
(ბიჭი წამოდგება და კიდევ ერთხელ აკოცებს ლოლას)
ბიჭი – მე წავედი, დედა გოიას ნუ გააბრაზებ
ლოლა – აფრიკის ამბავი?
ბიჭი – მერე მოგიყვები
ლოლა – მერე როდის?
ბიჭი – როცა მოვალ...
(მისაღებ ოთახში ყველანი ერთად არიან, საროსკიპოს სტუმრები – ფემინისტი ქალები სკამებზე სხედან, ხოლო მასპინძლები, საროსკიპოს თანამშრომლები, ფეხზე დგანან. მხოლოდ Lლოლა ზის იატაკზე ფეხმორთხმით და უყურადღებოდ უსმენს მათ დიალოგს.
დედა გოია – (სტუმრებს) ჩაის ინებებთ თუ ყავას?
ერთ-ერთი ფემინისტი ქალი – მგონი პირდაპირ საქმეზე გადავალთ. უკვე გითხარით რომ ჩვენ ვართ ფემინისტური ორგანიზაცია და ვიბრძვით ქალთა უფლებებისათვის საქართველოში, ვიბრძვით თანასწორობისათვის, ვიბრძვით ძალადობისა და გენდერული ბალანსის დარღვევის წინააღმდეგ...
ლოლა – (აწყვეტინებს) და ჩვენ გიშლით ხელს?
ფემინისტი ქალი – ამის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ რადგანაც თქვენ ბრძანეთ, ეს იმას ნიშნავს რომ თვითონაც კარგად გესმით რა სამსახურს უწევთ მამაკაცებს, რომლებიც თქვენგან სიამოვნებას ყიდულობენ...
მედიკო – მაგრამ სიამოვნებას ჩვენც ვიღებთ მათგან, გარდა ფულისა
ფემინისტი ქალი – (გაოცებული) როგორ?
მზია – სხვადასხვანაირად. ისე ზოგმა კი იცის ხოლმე - ისე გეტაკება რომ სიამოვნებასაც არ დაგაცლის...
ფემინისტი ქალი – (აწყვეტინებს და დანარჩენ ფემინისტებს უფრო გაოცებული სახით გადახედავს) ჩვენ გვეგონა, კი არ გვეგონა, ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით რომ თქვენი სახით თანამოაზრეებთან გვექნებოდა საქმე, რადგან თქვენ ყველაზე კარგად იცით თუ რა საზიზღარია ნებისმიერი მამაკაცი, ვისთვისაც ქალი მეორეხარისხოვანი ადამიანია...
მედიკო…- ჩვენ მაგათთვის პირიქით ვართ
მზია – კი გვეზიზღებიან, მაგრამ მაგათ გარეშე უფრო ძნელია
ფემინისტი ქალი – თქვენ მგონი ვერ გამიგეთ, ან მე ვერ აგიხსენით კარგად
დედა გოია – ისეთი კარგი მოსმენა იციან ჩემმა გოგოებმა
ფემინისტი ქალი – მე იმის თქმა მინდოდა რომ თუ ჩვენს უფლებებზე ჩვენ თვითონ არ ვიზრუნეთ, ქართველი კაცები ისევ გააგრძელებენ ოჯახურ ძალადობას ქალების წინააღმდეგ, ისევ ცემენ და ისევ დაჩაგრავენ ცოლებს
მზია – ჩვენთან პირიქითაა, ძირითადად ისეთი კაცები მოდიან აქ, ცოლებს რომ ვერ უძლებენ
მედიკო – პირიქით, ჩვენზე გიჟდებიან, ცოლები რომ აწუხებენ ხოლმე, აქ მოდიან და ჩვენ ვაწყნარებთ. საჩუქრებსაც გვჩუქნიან და წინა არჩევნებს, მაგალითად, ერთად შევხვდით. დილით აქედან წავიდნენ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ჩასაყრელად.
მთელი ღამე ვქეიფობდით და იმდენი ვიცეკვეთ, რომ დედა გოიამ ბეჭი ამოიგდო. სასწრაფოდ ასკურავასთან წავიყვანეთ, კიდევ კარგი რომ ბატონი ბიჭიკო სახლში დაგვხვდა...
დედა გოია - ალბათ ახლაც აქ მოვლენ ჩვენი კლიენტები და ამ არჩევნებსაც ერთად შევხვდებით, დიდ სუფრასაც გავშლით, მედიკომ სოფლიდან უკვე ყველაფერი ჩამოიტანა...
ფემინისტი ქალი – (მართლა ძალიან გაკვირვებული) ჩვენ კი გვეგონა რომ თქვენი უფლებები ილახებოდა, თქვენ შეურაცხყოფას გაყენებდნენ, გჩაგრავდნენ...
დედა გოია – როგორ გეკადრებათ, ამათ ვინმეს დავაჩაგრინებ? ეს ბეჭი მარტო ერთხელ კი არა მაქვს ამოგდებული და თანაც მარტო ცეკვისგან. რამდენჯერაც ვინმემ აქ რამე დააპირა, იმდენჯერაც ღრანჭებში მიიღო.
(დედა გოია მარჯვენა მუშტს შეკრავს და სტუმრების საჩვენებლად დაატრიალებს)
ფემინისტი ქალი – ჩვენ კი გვეგონა დახმარება გჭირდებოდათ და პრეზერვატივები წამოგიღეთ, მართალია ბევრი არ არის, მაგრამ რამდენიც შევძელით, იმდენი შევაგროვეთ ჩვენი დონორების დახმარებით.
დედა გოია – უი ღმერთიც გიშველით, თორემ მთელი ფული მაგაში გვეხარჯება. ადრე ერთი დეპუტატი გვამარაგებდა ხოლმე საბითუმო ფასებში, მაგრამ მერე ცოლმა გაუგო და კარგა ხანია საერთოდ აღარ გამოჩენილა. არადა ეს ქართველი კაცები, ხომ იცით ბავშვებივით არიან: ზოგმა მოხმარებაც არ იცის და წელავენ და ხეთქავენ, ზოგი ბუშტივით ბერავს და სკდება. იცით რამდენი გვიფუჭდება? რას ამბობთ, ღმერთიც გიშველით, დიდი მადლობა.
(გაკვირვებული სტუმრები ნაძალადევი ღიმილით ემშვიდობებიან მასპინძლებს და მხოლოდ Lლოლა ზის გაუნძრევლად, თუმცა გასვლისას მაინც დააწევს სტუმრებს უპასუხო კითხვას):
ლოლა – ბოლოს როდის ისიამოვნეთ?
(როცა ოთახში მხოლოდ საროსკიპოს თანამშრომლები დარჩებიან, გაბრაზებული დედა გოია ლოლას მიმართავს):
დედა გოია – ხალხი დასახმარებლად იყო მოსული და მადლობა მაინც გეთქვა
ლოლა – მგონი დახმარება თვითონ უფრო სჭირდებათ
მზია – (აშკარად განმუხტვის მიზნით) მარჯვენა ხელისგული რომ გეფხანება, რას ნიშნავს?
მედიკო – ფული მოდის
მზია – მარცხენა?
მედიკო – ფული მოდის
მზია – და რა განსხვავებაა?
ლოლა – მარცხენა რომ გეფხანება, კონვერტირებადი ფული მოდის და როცა მარჯვენა - ეროვნული
მზია – ცხვირი რომ გეფხანება?
ლოლა – ესე იგი კაიფში ხარ...
(სინათლე ქრება და ინთება ოთახში, სადაც მზია გაოგნებული დაჰყურებს საწოლზე მიმოფანტულ უამრავ ფულს. Kმკითხველისა და მომავალი მაყურებლისათვის უკვე ნაცნობი კლიენტი მაჩო იქვე დგას ძალიან კმაყოფილი სახით და სიამოვნებით იფხანს ცხვირსა და ყვერებს მორიგეობით).
მზია – მთელი დღე ხელისგულები მეფხანებოდა, ვფიქრობდი ნეტა რა მჭირს-მეთქი
მაჩო – ხო შეგისრულე ჩემი დაიკო, ეს სულ შენია
მზია – გაგიჟდება ოთარი სიხარულისგან, ხვალვე გავუგზავნი ბილეთის ფულს
მაჩო – ოთარი ვინ არის?
მზია – ოთარი ჩემი ქმარია, ნიუ-იორკში ჩარჩა და უკან უნდა დავაბრუნო
მაჩო – ჩემი დაიკო, ამდენ ფულს იმიტომ გჩუქნი რომ ჩემს გარდა არავის მისცე
მზია – ჩემი ქმრის დარდი არ გქონდეთ, ამისთვის არ ჩამომყავს, მაგრამ სხვა კლიენტებს რა ვუყო, არ ვიცი, დედა გოია აქ აღარ გამაჩერებს
მაჩო – სხვა სამსახურს მე მოგიძებნი ჩემი დაიკო, მამაჩემი მთავარი ექიმია და ხო აზზე ხარ...
მზია – მამათქვენი ხომ იურისტია
მაჩო – ვინ გითხრა ჩემი დაიკო
მზია – მედიკომ მითხრა
მაჩო – როდის?
მზია – იმ დღეს, აქ რომ იყავით და ცოტა რომ გაგეპარათ
მაჩო – ჩემი დედას შევეცი თუ მე რამე გამეპარა
მზია – სულ ცოტა იყოო მედიკომ, ეტყობა რაღაცამ გაწყინათ
მაჩო – ეხლა მაგრა მაწყენინებ ჩემი დაიკო
მზია – თქვენი წყენინება სულ არ მინდოდა, დედა გოიაც სულ გვეუბნება რომ კლიენტი ყოველთვის მართალია და ეს არის კარგი მენეჯმენტის მთავარი საფუძველი...
მაჩო – მენეჯმენტის მეც მაგარი აზზე ვარ, უბანში წამალს მე ვანაწილებ
მზია – ვაიმე რამდენი წამალი დამჭირდა ამასწინათ კენჭის გავლა რომ მქონდა, მთელი ფული წამლებში დავხარჯე, მერე ვაშაძემ მიშველა, ღმერთიც გაახარებს...
მაჩო – სინათლე ჩავაქროთ და თან საქმეს მივხედოთ, ჩემი დაიკო
(მზია სინათლეს ჩააქრობს და სიბნელეში ისმის მათი დიალოგის, უფრო ხშირად კი მზიას მონოლოგის ხმა სექსის პარალელურად)
მზია – ჯვარი გწერიათ, მაგრამ თქვენც თუ რამე აგტკივდებათ, პირდაპირ ვაშაძეს უნდა მიაკითხოთ.
მიხვალთ ქავთარაძეზე რომ ლეჩკომბინატია იქ და იკითხავთ დავით ვაშაძეს, რიგები კი არის ხოლმე, მაგრამ...რას აკეთებთ? არა, მანდ არა, ცოტა ქვემოთ, მიაგენით? ხო აი ეგრე...
მაჩო – მაცალე რა თუ ჩემი და ხარ!..
მზია – კი ბატონო, როგორც თქვენ გესიამოვნებათ, მე უბრალოდ დახმარება მინდოდა, ვიფიქრე არ გაწვალდეს-მეთქი. ასეთი შემთხვევები, სხვათა შორის, ძალიან ხშირია და ხშირად ვერ აგნებენ ხოლმე იმიტომ რომ ადრე ჭავჭავაძეზე რომ ლეჩკომბინატია, იქ იყო ვაშაძე და მერე გადავიდა ქავთარაძეზე...
მაჩო – (აწყვეტინებს) ცოტა შენც დამეხმარე და გაინძერი რა, ამდენ ლაპარაკს
მზია – კი გენაცვალე, აბა მე აქ რისთვის ვარ, აბა მე აქ სხვა რა საქმე მაქვს, თქვენ ისეთი პატივი მეცით, როგორ გადაგიხადოთ არც კი ვიცი. დედა გოია გაიგებს, თორემ სხვა კლიენტები რაღად მინდა. ამდენ ფულს თუ მომცემთ ხოლმე, სხვებს აღარც გავეკარები
მაჩო – ცოტა შენც იმოძრავე რა თუ ჩემი და ხარ
მზია – ა ბატონო. ექიმი კი მეუბნება ზედმეტ მოძრაობას მოერიდე, თირკმელებისთვის არ ვარგაო, მაგრამ თქვენ უარს როგორ გეტყვით, ოღონდ თქვენ ისიამოვნეთ და კენჭის გავლა თუ გამიმეორდა, აგერ არ არის დათო ვაშაძე? უიმე სულ სველი ხართ, საერთოდ ხშირად იცით ხოლმე ოფლიანობა?
მაჩო – გაჩუმდი რა შე ჩემა! შენი დედას რო...
მზია – კი ბატონო, სულ გავჩუმდები, მაგრამ რაღაი ახსენეთ, საწყალი დედაჩემი რომ მოსწრებოდა ოთარის დაბრუნებას, როგორ გაუხარდებოდა, რომ იცოდეთ. რომ იძახიან სიდედრებს სიძეები არ უყვართო, ტყუილი ყოფილა. ცხონებული დედაჩემი გიჟდებოდა ისე უყვარდა ოთარი.
არც იცის დედაჩემის ამბავი, რომ ჩამოვიყვან, მერე ვეტყვი. არ ვუთხარი, რატომ უნდა მეთქვა, მე მგონი სწორად მოვიქეცი. თქვენ რაღას შვებით, ვეღარ დაამთავრეთ? მოვკდი, აღარ შემიძლია, მეც ხომ ადამიანი ვარ?!...
მაჩო – (დგება, სიბნელეში ტანსაცმელს ეძებს) სინათლე!
(მზია სინათლეს ანთებს და კარებისკენ მიმავალ მაჩოს ისე აცილებს რომ მაინც არ ჩერდება და ისევ ლაპარაკობს)
მზია – არ გადადოთ და აქედანვე წადით ვაშაძესთან, ახალგაზრდა კაცი ხართ და ყველაფერი წინ გაქვთ, მაგრამ არ აგერიოთ, ადრე იყო ვაკეში რომ ლეჩკომბინატია, იქ და ახლა უკვე ქავთარაძეზეა, საბურთალოზე გადავიდა, საბურთალო ხომ იცით სადაც არის?..
მზია ისევ აგრძელებს ლაპარაკს, მაგრამ მაჩო უკვე წასულია, აღარაფერი ესმის და სინათლეც ისევ ქრება)...
(სინათლე ინთება ოთახში, სადაც მედიკო წევს და ქვედასაცვლის ამარა შემოსილი დეპუტატი კი სკამის ზურგზე გადაკიდებულ თავის კოსტუმს ყურადღებით აკვირდება. მერე კოსტუმის საყელოზე დახრახნილ დეპუტატის სამკერდე ნიშანს დააორთქლავს და ცხვირსახოცს ფრთხილად გადაუსმევს, მერე კი მაჯის საათს დახედავს და მედიკოსკენ შებრუნდება)
დეპუტატი – ერთსაც მოვასწრებთ
მედიკო – კი ბატონო, მაგრამ სულ ორი წუთი დამასვენეთ, ხომ შეიძლება და ხომ შეიძლება თან რაღაც გკითხოთ?
დეპუტატი – მითხარი, გენაცვალე
მედიკო – ჩვენ საკმაოდ ბევრი კლიენტი გვყავს და იცით რა მაინტერესებს? აქ ვინც მოდის, ჯანმრთელი სტუდენტების გარდა, მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ შეუძლიათ და სრულიად მესმის მათი, ჩვენ ისეთი წლები გამოვიარეთ, არა დენი, არა გათბობა, ცისტიტი, პროსტატიტი...თქვენ კი, ღმერთმა გაძლება მოგცეთ, მაგრამ ყველასაგან განსხვავებული, ასე ვთქვათ ამ მხრივ ძალიან გამორჩეული ხართ ჩვენი სხვა კლიენტებისგან,...
დეპუტატი – (აწყვეტინებს, ამაყად) მაგრამ მე ხომ დეპუტატი ვარ და მევალება კიდეც ვიყო საუკეთესო
მედიკო – მაგრამ საიდან ამდენი ძალა და ენერგია?
დეპუტატი – ხომ გითხარი რომ მე დეპუტატი ვარ და პარლამენტის სხდომები ზოგჯერ მთელი დღის მანძილზე გრძელდება და შუადღის ძილი, ენერგიის აღსადგენად, არის საუკეთესო საშუალება. აი ერთხელ შენც სცადე გენაცვალე დღისით დაძინება და მაშინვე იგრძნობ ახალ ძალებს...
მედიკო – რას ამბობთ ბატონო, შუადღისას ძილს ვინ დამაცლის. ღამე ხომ არ გვძინავს და არ გვძინავს და ზოგჯერ დღისითაც იმდენი კლიენტი გვყავს, რომ ზედვე მეძინება ხოლმე...
დეპუტატი – ასე როგორ შეიძლება გენაცვალე, უნდა მიხედო თავს, შენ თუ არ იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე, სხვა არავინ მოიცლის შენთვის, არავინ! დამიჯერე გენაცვალე, სხვა არავინ იზრუნებს შენზე! მე დეპუტატი ვარ და ვიცი რასაც გეუბნები
მედიკო – დიდი მადლობა რჩევისათვის, აქ ხშირად ისეთი ხალხიც მოდის, არც კი დაგელაპარაკებიან წესიერად, ნეტა ყველა თქვენსავით გულისხმიერი ადამიანი იყოს
დეპუტატი – როგორ გეკადრება გენაცვალე, ჩემი მოვალეობა არის ხალხთან ყოფნა რაც შეიძლება ახლოს. მართლა ისე კი არ არის, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ რომ პარლამენტში ფულის საშოვნელად მივედით.
Fფული მანამდეც იმდენი მქონდა რომ მთელ ოპოზიციას ვიყიდი რომ მოვინდომო, მაგრამ რად მინდა
მედიკო – (აშკარად მლიქვნელურად) მართალი ბრძანდებით, რად გინდათ, მე თქვენ გეტყვით და რამეში გამოგადგებათ რომელიმე. მე არ ვიცი რისი მაქნისია ოპოზიცია? ჩვენთან არ დადიან ხოლმე?!.. ისე გვაწვალებენ რომ ვერ წარმოიდგენთ, ზოგს ნისიადაც უნდა ხოლმე და ერთი ჩვენც გვკითხონ ნისიად როგორია ოპოზიციის მხარდაჭერა. თქვენ ხომ უმრავლესობაში ხართ?
დეპუტატი – რა თქმა უნდა, მე ყოველთვის უმრავლესობაში ვიყავი და ყოველთვის უმრავლესობაში ვიქნები. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ყოველთვის ხელისუფლებას დავუჭერ მხარს. მე ასე გამზარდეს, მე ოჯახში ვიზრდებოდი ზოგიერთებისაგან განსხვავებით და არა ქუჩაში
მედიკო – არ შეგვჭამეს ამ ქუჩა-ქუჩა წანწალით და მიტინგებით? თან რომ არ ეზარებათ ეს ქუჩაში დგომა. თვითონ არაფერს აკეთებენ და სხვას მაინც აცალონ ასფალტის დაგება და მერე ტკეპნონ რამდენიც უნდათ
დეპუტატი – ამას ყველას კი ვერ შეაგნებინებ, აბა შენ უნდა იყო აქ და ოპოზიციის ზოგიერთი ვაიდეპუტატი პარლამენტში? ისე თუ გიფიქრია დეპუტატობაზე?
მედიკო – ერთხელ გათხოვილი უკვე ვიყავი, ორი შვილიც მყავს, მაგრამ ჩვენი პროფესიის ხალხი მაინც ძირითადად სულ ოჯახის შექმნაზე ფიქრობს, ჩვენ მაინც სულ ოჯახურ კერაზე ვოცნებობთ, ნამდვილ სიყვარულზე, ყვავილებზე...
დეპუტატი – (აწყვეტინებს) ეგრეთ წოდებულ ქალურ ბედნიერებაზე, მესმის შენი გენაცვალე, მაგრამ ვინ გითხრა რომ ოჯახის შექმნა ხელს შეგიშლის, პირიქით, ახალი არჩევნები ახლოვდება, ჩვენი სიით გახვალ პარლამენტში და იქნები დედა-დეპუტატი ზღვა გამოცდილებით
მედიკო – რას ამბობთ, ჩემი გამოცდილება თქვენ აბა რაში გამოგადგებათ
დეპუტატი – როგორ გენაცვალე, იმდენი რამე გინახავს, იმდენი განსხვავებული შეგხვედრია
მედიკო – რას ამბობთ, არ გეწყინოთ, მაგრამ კაცები თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ბოდიში და ყველას ერთნაირი აქვს
დეპუტატი – ვერ გამიგე გენაცვალე, მე იმას ვგულისხმობ რომ უამრავი განსხავებული ადამიანი გინახავს და მათთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გაქვს
მედიკო – და რა უნდა გავაკეთო?
დეპუტატი – პიარს ჩაიაბარებ, საზოგადოებასთან ურთიერთობას გაუძღვები, ფაქტიურად იგივეს გააკეთებ, რასაც ახლა აკეთებ, ოღონდ იმის გარეშე, ხომ გესმის?…
მედიკო – იცით რა? მიჩვევა ცოდნია და იმის გარეშე, შეიძლება ცოტა გამიჭირდეს
დეპუტატი – მაგრამ იმ დროს ხომ უკვე ქმარი გეყოლება
მედიკო – უი, სულ დამავიწყდა
დეპუტატი – (საათს დახედავს) უნდა გავიქცე, კომიტეტის სხდომა გვაქვს და ვერ გავაცდენ
მედიკო – ვაიმე, კიდევ ერთხელ რომ გინდოდათ, ვეღარ მოასწრებთ? სულ ჩემი ბრალია, ამდენი ვიქაქანე და მგონი შეგაწუხეთ კიდეც
დეპუტატი – არა უშავს, ამ დღეებში ისე გამოვივლი რომ ყველაფრის დრო გვქონდეს
მედიკო – მალე გამოივლით?
დეპუტატი – აუცილებლად
მედიკო – მაშინ პროგრამა წამომიღეთ
დეპუტატი – რა პროგრამა?
მედიკო – თქვენი, პოლიტიკური პროგრამა, ხომ გაქვთ?
დეპუტატი – არ ვიცი, მაგრამ ვიკითხავ და თუ არის რამე, აუცილებლად წამოვიღებ
მედიკო – დიდი მადლობა
დეპუტატი – რისი მადლობა
(დეპუტატი მიდის, მედეა კი ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი სახით ემშვიდობება სტუმარს და სინათლეც ქრება).
(ნახევრადგანათებულ ოთახში, ჩუმად სხედან ლოლა და ბიჭი და სიჩუმეს ბიჭი არღვევს)
ბიჭი – შეყვარებული ყოფილხარ?
ლოლა – (ღიმილით) აფრიკის ამბავს რატომ არ მიყვები?
ბიჭი – შეყვარებული ყოფილხარ?
ლოლა – შენ?
ბიჭი – მე ყოველთვის შეყვარებული ვარ
ლოლა – ასე ადვილია?
ბიჭი – ყოფილხარ შეყვარებული?
ლოლა – ერთხელ
ბიჭი – ერთხელ შეყვარებული ყველა ყოფილა
ლოლა – მეც ყველა ვარ
ბიჭი – შენ ერთადერთი ლოლა ხარ და სხვა ლოლა არც არასოდეს შემხვედრია
ლოლა – Lლოლა ბებიაჩემს ერქვა და მართალი ხარ, ვერსად შეგხვდებოდა, შროშაში ცხოვრობდა, მაგრამ გზის პირას არ იდგა თიხის დოქებით, ამბობდა ქართულ მიწას ვერ გავყიდიო
ბიჭი – (ღიმილით) იმ ბიჭს რა ერქვა?
ლოლა – ვის?
ბიჭი – ვინც გიყვარდა
ლოლა – რა მნიშვნელობა აქვს
ბიჭი – მე თუ მგავდა
ლოლა – შენ არ გგავდა, პრეზერვატივს სიამოვნებით ხმარობდა
ბიჭი – არ გეხუმრები
ლოლა – არც მე გეხუმრები, აკადემიაში სწავლობდა ფერწერაზე და სალვადორ დალიზე გიჟდებოდა.
სალვადორ დალი კი იცი რას ამბობდა?
ბიჭი – რას ხატავდა ვიცი, მაგრამ რას ამბობდა, არ ვიცი
ლოლა – სალვადორ დალი ამბობდა რომ პრეზერვატივით სექსი იგივეა, აირწინაღით ყვავილს რომ უსუნოო
ბიჭი – არ გეხუმრები-მეთქი
ლოლა – არც მე გეხუმრები, იმასაც ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ჩემზე მეტად სალვადორ დალი უყვარდა
ბიჭი – მერე?
ლოლა – მერე არჩევანი გააკეთა და წავიდა
ბიჭი – მერე?
ლოლა – (ღიმილით) მერე შენ წახვედი აფრიკაში და აღარ მომიყევი კანიბალების ამბავი, ტანზანიაში რომ შეგხვდნენ
ბიჭი – არ შეგვხვედრიან, მაგრამ გაგვაფრთხილეს რომ შეიძლება შეგხვდნენო
ლოლა – ამის მოყოლა გინდოდა? სულ ეს იყო?
ბიჭი – (ღიმილით) არა. გაგვაფრთხილეს რომ თუ შეგხვდებიან და ღამე ცეცხლის პირას მიგიპატიჟებენ, რაზეც გინდათ ესაუბრეთ, ოღონდ თქვენი სახელები არ უთხრათო
ლოლა – რატომ?
ბიჭი – იმიტომ რომ ვისი სახელიც არ იციან, იმას თურმე არ ჭამენ, ასეთი ტრადიციის ტომია
ლოლა – ამიტომ არ მეუბნები შენს სახელს? (გაეცინება) ნუ გეშინია, არ შეგჭამ...
ბიჭი – ერთ ამერიკელ ქალს ძალიან ეშინოდა კანიბალების, იქ გავიცანით კილიმანჯაროზე, ეშინოდა მაგრამ მაინც მოდიოდა ჰემინგუეის სიყვარულით.
ლოლა – მეც წაკითხული მაქვს
ბიჭი – მჯერა
ლოლა – მერე?
ბიჭი – თავიდან ჩვენც კანიბალები ვეგონეთ, მერე კი ძალიან დაგვიმეგობრდა, საქართველოზე ყველაფერს მეკითხებოდა დაწვრილებით და რითი დაგეხმაროთო, აღარ მოგვეშვა
ლოლა – ამერიკელებმა ეგრე იციან
ბიჭი – ბოლოს ძალიან რომ შეგვაწუხა ყველაზე მეტად რა გაკლიათ და რა გიჭირთო, გავეხუმრე სახანძრო მანქანები გვიჭირს და არ გვყოფნის-მეთქი
ლოლა – ხუმრობა შენც გიყვარს
ბიჭი – გამომართვა კოორდინატები და დაგვემშვიდობა. ჩვენც თბილისში დავბრუნდით და სამი თვის შემდეგ ფოთიდან დამირეკეს, თქვენ სახელზე სახანძრო მანქანა ჩამოვიდა ამერიკიდან გემით და წაიყვანეთო
ლოლა – ალბათ აღარც გახსოვდა
ბიჭი – ის ქალი კი მახსოვდა, მაგრამ მაინც ხუმრობა მეგონა და ფოთიდან კი ყოველდღე მირეკავდნენ ჩამოდით და მანქანა წაიყვანეთო
ლოლა – და რა ქენი?
ბიჭი – მივედი მეხანძრეებთან და ვუთხარი ასეთი ამბავია და ამერიკულ სახანძრო მანქანას გჩუქნით-მეთქი და გაგიჟდნენ სიხარულისგან. თურმე მართლა არ ყოფნიდათ სახანძროები და მე რა ვიცოდი
ლოლა – ჩამოიყვანეს?
ბიჭი – თვითონ ჩამოიყვანეს ფოთიდან თბილისში და ახლაც ამერიკული ნომრები უკეთია, ყველაზე დიდი სახანძროა საქართველოში და ყველაზე დიდი გასაშლელი ბალიში აქვს. მეათე სართულიდანაც რომ გადმოხტე, თუ ქვემოთ ეგ ბალიში დაგახვედრეს, ვერაფერს გაიგებ, ისე დაფრინდები
ლოლა – არც შემეშინდება?
ბიჭი – რომ შეგეშინდება, უკვე გაღიმებულ მეხანძრეებს დაინახავ.
იცი რა კარგი ხალხია, ადრე მეგონა რომ მარტო დომინოს თამაში იცოდნენ
ლოლა – ესე იგი მეხანძრეებს კარგად იცნობ და აქედან თუ გავიქცევი, სამსახურის მოძებნაში დამეხმარები
ბიჭი – სახანძროში ქალებს არ იღებენ
ლოლა – ესე იგი ფემინისტები მართლები ყოფილან, მაინც ირღვევა გენდერული ბალანსი
ბიჭი – შენ თუ აქედან გაიქცევი, სხვა სამსახურს მოგიძებნი
ლოლა – კეტების გარეშე როგორ გავიქცე?
ბიჭი – კეტები გექნება
ლოლა – როდის, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ?
ბიჭი – როცა მოისურვებ
ლოლა – ჩვენს ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ყველა დაპირება და სურვილი ავიწყდებათ
ბიჭი – მე არ დამავიწყდება
ლოლა – მაინც არჩევნებამდე მირჩევნია
ბიჭი – კარგი, ეგრე იყოს
(ბიჭი მიდის და სინათლე ქრება და ინთება იმ ოთახში, სადაც მზია და ზეზვა სხედან)
ზეზვა – (პროფესორი ფეხზე წამოდგება და ჩაახველებს) მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ დღის გამო, თვითონაც არ ვიცი რა დამემართა
მზია – რას ბრძანებთ, პირიქით: მე გიხდით ბოდიშს რომ იმ დღეს ვერაფრით დაგეხმარეთ
ზეზვა – როგორ გეკადრებათ, ისე მიჭირდა აქ მოსვლა, მაგრამ რომ არ მოვსულიყავი და თქვენთვის ბოდიში არ მომეხადა, უბრალოდ არ შემეძლო
მზია – თქვენ საბოდიშო არაფერი გაქვთ, პირიქით: მე ვგრძნობ თავს დამნაშავედ იმის გამო რომ უარი გითხარით, იმიტომ რომ ჩვენ მოვალენი ვართ კლიენტის ნებისმიერი სურვილი შევასრულოთ, ზომოიერების ფარგლებში, რასაკვირველია
ზეზვა – დიახ, იმ დღეს მე ზომიერებამ მიღალატა, არადა მეცნიერისთვის მთავარი, სწორედ ზომიერების გრძნობაა და თქვენი უარიც ჩემთვის, სრულიად გასაგებია
მზია – მგონი არასწორად გამიგეთ, მე თქვენ კი არ გითხარით უარი, არამედ საერთოდ ვერიდები ორალურ სექსს. ისეთი სიზმარი მაქვს ნანახი ათი წლის წინ, რომ იმის შემდეგ, შეუძლებელია ვინმემ ამაზე დამითანხმოს
ზეზვა – კარგად მესმის თქვენი
მზია – ჩემი ქმარიც ისე მთხოვდა ხოლმე ამ საძაგლობას პახმელიაზე როცა იყო: სისხლძარღვებს გამიფართოვებსო, მაგრამ რის უფლებასაც ჩემი სინდისი და პატიოსნება არ მაძლევს, იმას ვერაფრით გავაკეთებ
ზეზვა – რა თქმა უნდა, მართალიც ბრძანდებით
მზია – არადა სულ პახმელიაზე იყო ხოლმე
ზეზვა – რა ძნელია ქალისთვის
მზია – აბა კაცებს რა ენაღვლებათ, მთელი დღე იმაზე ფიქრობენ რა ჭამონ და რა დალიონ
ზეზვა – მე საერთოდ ძალიან უჭმელი ვარ
მზია – დალევაც არ გიყვართ?
ზეზვა – ძალიან იშვიათად, თუ რაღაც განსაკუთრებული დღეა, აუცილებლად დავლევ ხოლმე, თუმცა ქართული სუფრა კი მიყვარს
მზია – მაშინ აუცილებლად უნდა მობრძანდეთ ჩვენთან არჩევნების წინა ღამეს, დიდი სუფრა გვექნება, ჩვენი კლიენტები წინა არჩევნებსაც აქ შეხვდნენ
ზეზვა – მუსიკა იქნება?
მზია – რა თქმა უნდა
(მზია ამ ბოლო ფრაზას სიხარულით წამოიყვირებს, სინათლე ჩაქრება და იმწამსვე აინთება ოთახში, სადაც საროსკიპოს თანამშრომლები მხიარულად ცეკვავენ მუსიკის ხმაზე, რომელიც ბოლომდეა აწეული და სტუმრები კი, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, ამ საროსკიპოს კლიენტები, სუფრასთან სხედან გარდა თამადისა, რომელიც ფეხზე დგას და ძალიან მთვრალია. თამადა რასაკვირველია ბატონი ზეზვაა, პროფესორი, რომელსაც ჰალსტუღი მხარზე აქვს მიფენილი, ხოლო გულისპირი ღვინისაგან დასველებული. ერთადერთი, ვინც აქ არ არის, ის შეყვარებული ბიჭია, რომელიც ლოლას შავ კეტებს დაპირდა).
ბატონი ზეზვა – (აგრესიულად, თან ქანაობს) გამორთეთ ეს ჯოჯოხეთი და ყველამ მე მომისმინეთ, როცა სადღეგრძელოს ვამბობ!
დედა გოია – რა მოხდა ბატონო ზეზვა, იხალისონ ახალგაზრდებმა, ხვალ არჩევნებია, ისედაც დამთავრდება ხალისობა
ზეზვა – არჩევნების წინ დისკოტეკა მე არ გამიგია, არჩევნებს უხდება ნამდვილი ქართული სუფრა
პოლიციელი – ამ ახალგაზრდებს აღარც ტრადიციები უნდათ, აღარც უფროსები იციან
ბოდღო ყვალთავა – (განუყრელ ჩოხაში) სულ დაგვაჯვეს თავზე
ბატონი გურამი – ნი ტო სემდისიატ შესტოიში, ნი ტო სედმოიში, ხაბაროვსკში ვართ ბიჭები და იქ მოგვისწრო არჩევნებმა...
მაჩო – ხაბაროვსკის დედას შევეცი, შარშან ამსტერდამში შევესწარით არჩევნებს მე და გიორგა ნაკაშიძე, ხო სუ მაგას იძახდა გიორგა რო ერთი ამსვა-დამსვა და ამსტერდამში ჩამსვაო და შარშან აი მაგარი შევუსრულე ძმობის ამბავში..
ზეზვა – (მაჩოს აწყვეტინებს) შენ ბიჭო დალიე სტალინის სადღეგრძელო თუ ეგეც გამოტოვე!?
მაჩო – სტალინის არა კაგანოვიჩის
მზია – ბატონო ზეზვა, ოღონდ ამას ნუ დააძალებთ რა, ძალიან გთხოვთ
პოლიციელი – (მაჩოს) შენხელა რომ ვიყავი (ფიქრობს რა თქვას) დღეში რამდენჯერმე ვსვამდი სტალინის სადღეგრძელოს
ლოლა – ახლა ვინ გიშლით?
ზეზვა – დიახ გვიშლიან, ჩვენც გვიშლიან, სტალინის სადღეგრძელო არ დალიოთო, ქრთამები არ აიღოთო, ყველანი პიდარასტები გავხდეთ?!
ლოლა – თქვენ ცოტა გაგიჭირდებათ
დედა გოია – გისმენთ ბატონო ზეზვა, ბრძანეთ სადღეგრძელო და ყველანი გისმენთ
გურამი – სემდისიატ ვასმოი გოდია და მე და ჩემი ცოლი მურმანსკში ვართ სვადებნიში, აქედან დარეკა და კაი სასტუმრო გაგვიკეთა ცხონებულმა მიხაკო ორაგველიძემ
ზეზვა – დიდი კაცის, მიხაკო ორაგველიძის თამადობით, ვინც ამ არჩევნებს ვერ მოესწრო, ყველას ხსოვნა იყოს
(ყველანი ფეხზე დგებიან და ისე მიირთმევენ ღვინოს, მაჩოს კი მზია ეხმარება ადგომაში და მის ჭიქას თვითონ ცლის)
ბოდღო ყვალთავა – ამ სადღეგრძელოზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება
პოლიციელი - სწორია
ზეზვა – დიახ და მე მინდა ჩვენს შვილებს გაუმარჯოს, მომავალ თაობას, ვისაც ჰყავს
დედა გოია – აი მედიკოს ორი შვილი ჰყავს
მედიკო – ეხლა ვიყავი ბავშვებთან სოფელში, ისე უხარიათ ხოლმე არჩევნების მოახლოება
პოლიციელი – ჩემი ბიჭი ჯერ ჩვიდმეტი წლისაა, მაგრამ უბანში უკვე ავტორიტეტი აქვს, ღმერთმა გაუმარჯოს! თანაც მარტო თავის ასაკში არ გეგონოთ, მაგაზე დიდებიც უკვე მაგარ პატივს ცემენ...
დეპუტატი –(პოლიციელს) ბიჭი თუ გყავს ისე უნდა გაზარდო რომ კაცი დადგეს, აბა რა, გენაცვალე ჯიგარში! ჩვიდმეტი წლის ბიჭები ვიცი მარტო წიგნზე და კომპიუტერზე რომ ფიქრობენ, მაგათგან რა უნდა გამოვიდეს.
შენ ბიჭს ვენაცვალე ყვერებში, მოდი გაკოცო!
(ბოდღო ყვალთავა მონდომებით კოცნის პოლიციელს, რომელიც ძალიან ამაყი და ბედნიერია შვილის გამო)
გურამი – ხოდა მურმანსკში ვართ სვადებნიში მე და ჩემი ცოლი და სასტუმროს რესტორანში საღამოობით ცეკვავენ ვარიეტეს ქალები ვილნიუსიდან...
ბოდღო ყვალთავა – თელავის ინტურისტებში იყო ხოლმე რიგის ვარიეტე, რა ქალები ყავდათ რომ მახსენდება, რა ქვეყანა დაგვინგრიეს ამ პიდარასტებმა
ზეზვა – ოცდაჩვიდმეტ მანეთად ჩაფრინდებოდი მოსკოვში, კონიაკს ჩაიტანდი, ლუბოი საქმეს გააკეთებდი და საღამოს ყველა ქალი შენი იყო. ქალებს გაუმარჯოთ! თქვენ გაგიმარჯოთ, სულ ასეთი ლამაზები იყავით და ყველას გისურვებთ ქალურ ბედნიერებას!
ლოლა – ქალური ბედნიერება რომელია?
(ლოლას, რომელსაც ეღიმება, არავინ პასუხობს და მისთვის ქალებს არც სცალიათ, რადგან ყველანი ძალიან კმაყოფილები უქნევენ თავებს (მადლობის ნიშნად) ფეხზე ამდგარ კაცებს, რომლებიც მათ ადღეგრძელებენ და განსაკუთრებით კი ფემინისტი ქალი აქტიურობს, რომელიც მთვრალია და ყველას ნაცვლად, სამადლობელს იხდის).
ფემინისტი ქალი – ვაიმე, დიდი მადლობა და ღმერთმა ერთი დღე არ გვაცოცხლოს თქვენს გარეშე. გამოგიტყდებით და ჩვენს ორგანიზაციას იმისთვის აფინანსებენ რომ კაცებმა ქალები არ დაჩაგრონ, მაგრამ კაცი თუ მამაკაცური არ იქნება, კაპიკია იმის ფასი.
კაცი უნდა იყოს ძლიერი და მე მინდა თქვენც ისეთი ძლიერები იყოთ ყოველთვის, როგორებიც ახლა ხართ...
(ფემინისტი ქალი, ღვინით სავსე ჭიქას, უცნაურად დაატრიალებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაცლის. მერე ცარიელ ჭიქას ცერა თითზე ამოიტრიალებს ნიშნად იმისა რომ ბოლომდე დალია და კაცებს არ ჩამორჩა)
ბოდღო ყვალთავა – შენი ჭირიმე!
(შემოსასვლელიდან ზარის ხმა ისმის და დედა გოია კუნტრუშით წავა კარის გასაღებად. მალევე დაბრუნდება ყუთით ხელში და იმ ყუთს ლოლას გადასცემს)
ლოლა – რა არის?
დედა გოია – არ ვიცი, საჩუქარია ალბათ, ვიღაცას გამოუგზავნია შენთვის ქურთი მარატიკას ხელით
ლოლა – მარატიკა ვინ არის?
დედა გოია - პირველ სართულზე რომ ქურთები ცხოვრობენ, იმათი ბიჭია, ლოლას მიეცით და ფანჯრიდან გადმოიხედოსო.
(ლოლა ფანჯარასთან მივა, გადაიხედავს და გაიღიმებს. მერე ავანსცენაზე დადგება და ყუთს გულში ჩაიკრავს. ამასობაში მაჩოს უკვე წასვლა უნდა, მაგრამ თამადა არ უშვებს მას და სუფრის დანარჩენი წევრებიც კიდევ ერთხელ არიან აღშფოთებულები ახალგაზრდობის გადაგვარებით).
ზეზვა – ამ სუფრის მიტოვების უფლებას არავის მივცემ!
დეპუტატი – რა უზრდელობაა მართლაც
მაჩო – უზრდელობა რა შუაშია ბიძაჩემო, ჩემი დედას შევეცი თუ მაგრა არ მეჩქარებოდეს
ბოდღო ყვალთავა – აი ასე ვთმობთ ტრადიციებს ყოველდღიურად, ყოველ ნაბიჯზე
პოლიციელი – ჯერ საქართველოს სადღეგრძელო არც დაგვილევია
მზია – (ჯერ თამადას, მერე დანარჩენ კაცებს) გაუშვით რა, ვერ სვამს, თორემ ისე გიჟდება საქართველოზე, ძალიან უყვარს, იცით რა პატრიოტია?..
დეპუტატი – თუ პატრიოტია, მაშინ დალიოს
(ბატონი ზეზვა ბარბაცით გავა, შემოსასვლელ კარს გადაკეტავს და ოთახში გასაღებით დაბრუნდება)
ზეზვა – არ დალევს და არ გავუშვებთ აქედან
მაჩო – ჩემი დედას შევეცი თუ დავლიო
(ბატონი ზეზვა გასაღებს დემონსტრაციულად, ყველას დასანახად გადაყლაპავს და ჭიქას მაღლა ასწევს)
ზეზვა – არ დალევ და ვერ წახვალ! Gგაუმარჯოს ჩვენს სამშობლო საქართველოს! (ჭიქას ბოლომდე გამოცლის) ასე მტერი დაეცალოს!
დედა გოია – (აშკარად შეწუხებული) სხვა გასაღები არცა გვაქვს
(კაცები აღფრთოვანებულები არიან თამადის საქციელით და ბატონ ზეზვას რიგ-რიგობით კოცნიან. ავანსცენაზე მდგარ ლოლას კი, შავი კეტები უკვე აცვია და ისეთი ბედნიერია ამ საჩუქრით, რომ არც კი იცის ოთახში რა ხდება. ოთახში კი დიდი არეულობა იწყება, რადგან მაჩომ უკვე დანა გახსნა და თამადის დასაჭრელად მიიწევს, თუმცა ეს არც ისე ადვილია რადგან დანარჩენები, შეშინებულები, მაგრამ მონდომებულები მაინც ცდილობენ სიტუაციის დაშოშმინებას.
Lლოლა ყურადღებას არ მიაქცევს არავის და ოთახში გაივლის და გამოივლის. რამდენჯერმე კმაყოფილი დახედავს თავის შავ კეტებს და კარების გაღებას შეეცდება და როცა აღმოაჩენს რომ კარები დაკეტილია, ისეთი ხმით იკივლებს, რომ ყველანი გაჩერდებიან)
ლოლა – კარი გააღეთ!
დედა გოია – (ხედავს რომ Lლოლა ძალიან აღელვებულია და მის დამშვიდებას ცდილობს) გასაღები არა გვაქვს, თამადამ გადაყლაპა
(ბატონი ზეზვა კმაყოფილი დაიტყაპუნებს მოშიშვლებულ ღიპზე თითებს და მერე იმ თითებით ლოლას საჰაერო კოცნას გაუგზავნის)
ზეზვა – ჩემი ცოლის ჯინაზე, ახლა ყველას უნდა გაგასინჯოთ...(ბატონი ზეზვა შარვლის გახდას დაიწყებს, თუმცა ისეთი მთვრალია რომ ძალიან გაუჭირდება)
დედა გოია – რას კადრულობთ ბატონო ზეზვა, ამ არჩევნების წინ?!
ზეზვა – მაინც გააყალბებენ...
ლოლა – გააღეთ კარები!
(ლოლას ხმაში ბრძანების კილოც ისმის და აშკარა ისტერიკაც)
დედა გოია – დამშვიდდი, რა მოგივიდა, დილით გავაღებთ, ხომ იცი რომ კარები რკინისაა და მაინც ვერ გავტეხავთ
ლოლა – მივდივარ
დედა გოია – დილით წახვალ, რაღა დარჩა, ან გული აერევა, ან რაღაცა იქნება
ლოლა – სულ მივდივარ, სამუდამოდ
მზია – (ჩურჩულით) გაიქეცი ლოლა, გაიქეცი...
(ლოლა ფანჯრისკენ წავა, ფანჯარას გამოაღებს და ფანჯრის რაფაზე ისე სწრაფად ახტება, რომ ვერავინ მოასწრებს რეაგირებას და ყველანი გაშეშებულები, მხოლოდ თვალებით თხოვენ რომ ეს არ გააკეთოს, მაგრამ უკვე Gგვიანია)
ლოლა – ყველანი მეზიზღებით, თქვენი დედა მოვტყან!
(ლოლა შეტრიალდება, მერე ერთხელაც მოიხედავს, ყველას შეაფურთხებს და ფანჯრიდან გადახტება. Yყველას ერთდროულად აღმოხდება ყმუილის მაგვარი ხმა და მზია იატაკზე დაემხობა, დანარჩენები კი ისევ გაუნძრევლად არიან და ვერავინ ბედავს ფანჯარასთან მიახლოებას. სიჩუმეში მხოლოდ ვიღაცის ჩურჩულით ნათქვამი ისმის – მეშვიდე სართულია.
სიჩუმე კი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, გრძელდება მანამ, სანამ კარზე ვიღაც არ დააბრახუნებს და ეს ხმა ყველას გამოაფხიზლებს)
დედა გოია – (გაუბედავად, თან პოლიციელს გადახედავს) ვინ არის?
(მე ვარ – ჩაკეტილი კარის იქით აშკარად ქალის ხმა ისმის, რომელსაც ბატონი გურამი იცნობს)
გურამი – ჩემი ცოლია
(გურამი კარებთან მივა და მათ დიალოგს დანარჩენები გასუსულები უსმენენ)
გურამის ცოლი – ფანჯრიდან სახანძრო დავინახე ამ კორპუსთან და ასე, ხალათში გამოვიქეცი
გურამი – რა სახანძრო?
გურამის ცოლი – ქვემოთ სახანძრო იდგა და ისე შემეშინდა,…რომ ეგრევე გამოვარდი.
ხომ კარგად ხარ გურამ? ბავშვები ნანულისთან დავტოვე
გურამი – ხანძარია?
გურამის ცოლი – ყველას ხანძარი გვეგონა, მაგრამ ხუმრობა ყოფილა, ვიღაცას შეყვარებულის მოსატაცებლად სახანძრო მოუყვანია და დიდი საბანი გაუშლია...
(მზია წამოხტება, ფანჯარასთან აჩქარებით მივა და გადაიხედავს. მერე შემობრუნდება, ცრემლებს მოიწმინდავს, ხმამაღლა გაიცინებს და ყველას იმ მოძრაობას უჩვენებს ორივე ხელით, რომელსაც გოლის ავტორი ფეხბურთელები აკეთებენ ხოლმე როცა ძალიან, ძალიან ბედნიერები არიან.
მუსიკასაც თვითონ მზია ჩართავს და გიჟურად ცეკვას დაიწყებს. დანარჩენები კი რიგ-რიგობით, მაინც შეშინებულები უახლოვდებიან ღია ფანჯარას და მხოლოდ მაშინ ეცვლებათ სახეები, როცა ხვდებიან, რომ მსხვერპლი არ არის, ამ ჯოჯოხეთს კი ერთმა ადამიანმა, უკვე თავი დააღწია და გათავისუფლდა - აი ასე, უბრალოდ, ხელები გაშალა და გაფრინდა)...
ფარდა.