ტიბეტი არ არის შორს
დასაწყისი
პირველად იყო ტიბეტი, როგორც შორეულზე შორეული ოცნება — ჯერ მხოლოდ შემთხვევით ამოკითხული ბავშვობის წიგნებში და მერე კი მონდომებით შესწავლილი იმავე წიგნებიდან.
ყველა სასწაული წიგნებიდან იწყებოდა კიდეც და ინტერესთან ერთად დაიბადა სურვილიც — საკუთარი თვალით მენახა სასწაული, რომელსაც ტიბეტი ჰქვია.
მერე სურვილი, უზარმაზარ მოთხოვნილებაში გადაიზარდა, როგორც მოსალოდნელი იყო და სერიოზულად დავიწყეთ იმაზე ფიქრი, როგორ გვექცია ოცნება — ახდენილ ოცნებად. ოცნების ახდენას კი, სჭირდებოდა ფინანსური მინიმუმი მაინც და ამიტომაც გაჩნდა ფილმის გადაღების იდეა, რომელსაც ყველაზე მეტად ბატონმა რეზო ჩხეიძემ დაუჭირა მხარი და უპირველესი მადლობაც სწორედ მას ეკუთვნის.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები გამგზავრებამდე, ბოლო დღემდეც მრავლად გვქონდა, პირველი ქართული კინოექსპედიცია ტიბეტში მაინც შედგა და ჩვენმა ჯგუფმა უნიკალური მასალების მოძიება და გადაღებაც კი შეძლო. თუმცა გზა წარმატებამდე იყო გრძელი და რთული და ექსპედიციას ჩაშლის საფრთხე, მოსკოვში ჩასვლისთანავე დაემუქრა.
მოსკოვიდან უნდა გავფრენილიყავით კატმანდუში და მოსკოვშივე უნდა შეგვეძინა კინოფირები კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი თანხებით, მაგრამ ფირის ფასი ზუსტად სამი დღის გაძვირებული დაგვხვდა ყველა მაღაზიაში, სადაც კი მოვიკითხეთ და უკან დასაბრუნებელი გზაც უბრალოდ აღარ გვქონდა. რამდენჯერაც ვიანგარიშეთ ჩვენი ფულადი შესაძლებლობები, იმდენჯერ დავრწმუნდით, რომ ფინანსურად საკმაოდ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ კინოფირების გარეშე ტიბეტში გამგზავრებას რა აზრი ჰქონდა ჩვენი ექსპედიციისთვის და გაძვირებული, მაგრამ მაინც შეძენილი ფირით დამძიმებული ჩვენი ბარგი, საგულდაგულოდ შევკარით. კინოკამერაც საგულდაგულოდ დავშალეთ და ზურგჩანთაში გადავმალეთ, რადგან მოსკოვურ საბაჟოსთან მწარე ურთიერთობის საკმაო გამოცდილება უკვე გვქონდა სამწუხარო შედეგებით და როგორც წესი, თუ ცუდი მებაჟე შეგხვდა, მათ ცივ გულებს, ვერანაირი ხვეწნა და თვალზე მომდგარი ცრემლი ვეღარ გაალღობს.
და საერთოდ — მოსკოვში ცრემლების მართლა არ სჯერათ...
რატომ არ სჯერა მოსკოვს ცრემლების
კატმანდუში გაფრენამდე, საიდანაც უნდა დავდგომოდით ტიბეტის ნანატრ გზას, ხუთი დღე მოსკოვში გავჩერდით საბუთებისა და აუცილებელი საგზალისათვის. ჩვენი კინოექსპედიციის ოთხივე წევრს (ჩემის ჩათვლით), ûძალიანაც ეჩქარებოდა ჰიმალაების ნახვა, მაგრამ მოსკოვს ერთი უცნაური თვისება აქვს — ადვილად გითრევს და ქართველების უმრავლესობა, როგორც ცნობილია ჩათრევას, ისევ ჩაყოლას ამჯობინებს. თუმცა ზემოთქმული მხოლოდ ქართველ კაცებს ეხებათ და არა ქართველ ქალებსაც, რადგან ქართველმა ქალებმა რუსი ქალები ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში შეიძულეს — როცა ვახტანგ მეექვსეს ათას ორასი რჩეული ქართველი მამაკაცი მოსკოვში გაჰყვა და უკან არცერთი აღარ დაბრუნებულა. ადვილი წარმოსადგენია მეთვრამეტე საუკუნის მოსკოვში, მდედრობითი სქესის მოსახლეობაში რაოდენ სიხარულსა და ბედნიერებას გამოიწვევდა საქართველოდან ჩასული ათას ორასი რჩეული მამრის დანახვა. როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, შემდგომი, მეცხრამეტე საუკუნის რჩეულ ქართველთა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, არამხოლოდ ჩინ-მედლებმა და ორდენებმა განაპირობეს — სუბიექტურად ვეჭვობ, რომ რუს მდედრთა ფაქტორმაც, გარკვეული როლი შეასრულა ამ არჩევანის გაკეთებისას და ამ ვარაუდის აბსურდულობასაც, დარწმუნებული ვარ, უამრავი მომხრე ეყოლება ჩვენში. ჩემი თავხედური აზრი, განსაკუთრებით არ მოეწონებათ მეოცე საუკუნის ქართველ მამაკაცებს და კონკრეტულად კი ჩვენი მამების ûძვირფას თაობას — თაობას, რომელმაც შექმნა და მოიგონა ჩვენი დროის მოსკოვი, სადაც მათ აღარ ახსოვდათ არცერთი ბოროტება, რომელიც ამ ქალაქს უკავშირდებოდა დღიდან რუსული იმპერიალიზმის გაჩენისა და შეზარხოშებულებს სრულიად აკმაყოფილებდათ რუსი ქალების სითბო და ალერსი. რუსი ქალებისთვის კი, თუნდაც ორი საუკუნის შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობდა ლეგენდა ქართველ მამაკაცზე, რომელიც რუსეთის არმიის ჰუსართა პოლკის ქართველმა ოფიცერებმა შექმნეს.
თუმცა რუსეთის გარდა (საუკუნეების მანძილზე), ჩვენმა წინაპრებმა კიდევ მრავალი ქვეყნის სიძლიერეს შესწირეს საკუთარი ნიჭი და ენერგია, მაგრამ არსად ისე უმადურად არ მოქცევიან ქართველებს, როგორც რუსეთში და ზემოთქმულის საილუსტრაციოდ, დავით გურამიშვილის თავგადასავალიც იკმარებდა. დიდმა ქართველმა პოეტმა თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე რუსეთის არმიას კი მოახმარა, მაგრამ სანაცვლოდ შეურაცხყოფაც მიიღო და მთელი იმ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზეც დაუზარებლად წერდა საჩივრის წერილებს რუსეთის სამეფო კარს. დავით გურამიშვილი ითხოვდა კუთვნილი, დამსახურებული მიწის მიღებას თუნდაც შუაგულ რუსეთში, მაგრამ ამაოდ და ისე მოკვდა, რომ ის პატარა მიწაც კი არ აღირსეს რუსეთისათვის არაერთხელ დაჭრილსა და ტყვედყოფილს. პირიქით, გურამიშვილი დაასახლეს დაპყრობილი უკრაინის იმ ჭაობიან ნაწილში, სადაც ყველაფერი რუსული საშინლად სძულდათ ადამიანებს და ადვილი წარმოსადგენია, რა მწარე სიბერე ექნებოდა ქართველ პოეტს იმ უკრაინელ ნაციონალისტთა გარემოცვაში, ვისთვისაც ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი მხოლოდდამხოლოდ რუსი დამპყრობელი იყო. რუსეთი კი სწორედ ის ქვეყანაა, სადაც რიგით ჯარისკაცს თუ ყველაზე ჭკვიან მეცნიერს (მაგალითად დიმიტრი ლიხაჩოვს), იმპერიულ საკითხთან დაკავშირებით, ზუსტად ერთნაირი აზრი აქვთ და მათი აზრით კი საქართველო რუსეთის გუბერნია უნდა იყოს და როგორც არ უნდა შეეცადო საწინააღმდეგოს ან საერთოდ რაიმეს ახსნას (თუნდაც ცრემლმორეული თვალებით), აზრი არა აქვს, რადგან მოსკოვში ცრემლების მართლა არ სჯერათ.
თუმცა
მოსკოვს მაინც ყოველთვის ჰქონდა ისეთი ცდუნება, რომელიც (ზემოთქმულის მიუხედავად), მაინც ყოველთვის იზიდავდა ქართველებს და ქართველებსაც ყოველთვის ავიწყდებოდათ მთავარი მტერი და მთავარი ცდუნება კი მაინც ქალი იყო და რაც მოსკოვში და რუსეთში (ამ თვალსაზრისით) ხდებოდა ან შეიძლება მოხდეს, მგონი მართლა არსად ხდება.
მაგალითად:
მოსკოვში, ტიბეტში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე (სანამ ვიზებისა და საბუთების პრობლემებს ვაგვარებდით), ჩვენი პატარა სასტუმროს პატარა ოთახის კარზე, მორიდებით დააკაკუნა მშვენიერმა გოგონამ და გამარჯობა გვითხრა.
ჩვენც გამარჯობა ვთქვით და ასე გავიცანით რუსი გოგონა, რომელმაც ის დარჩენილი სამი დღე ჩვენთან ერთად გაატარა მოსკოვში და პირველი, რაც აღმოვაჩინეთ, იყო უცნაური რეალობა — ჩვენ ვეღარ ვლაპარაკობდით რუსულად და მხოლოდ ვუღიმოდით ქალს, რომელიც აუგუსტ სტრინდბერგისა და ლუკ ბესონის ფანტაზიების ერთობლივ ნაყოფს უფრო ჰგავდა. ისიც მხოლოდ გვიღიმოდა ხოლმე და განსაკუთრებით კი მაშინ, როცა აღელვებული გიო მგელაძე პირდებოდა მას ფილმში გადაღებას და მისთვის მართლაც სულერთი იყო ჩვენი ყველა ცრუ და მართალი დაპირება. მას არაფერი მოუთხოვია ჩვენგან, აბსოლუტურად არაფერი და ზუსტად რა უნდოდა, ვერც დავადგინეთ. სამი დღის მანძილზე იყო ჩუმად — ჩუმად გვილაგებდა საწოლებს (ან გვისწორებდა ლოგინებს, იმის მიხედვით, თუ როგორ იტყოდნენ ამას აკაკი და მზექალა შანიძეები), გვიდუღებდა ჩაის, გვირეცხავდა წინდებს (სინამდვილეში ე.წ. „ნასკებს“, რომელიც რუსული სიტყვაა და გასაგებ მიზეზთა გამო ქართული შესატყვისი არ გააჩნია), ყიდულობდა ჩვენთვის საჭირო პროდუქტებს და ასევე ჩუმად გვთხოვდა დამატებით დაგვევალებინა რამე. იმდენად გაოგნებულები ვიყავით მისი გამოჩენითა და საქციელით, ჩვენს აღფრთოვანებას ვერც გამოვხატავდით და ვდუმდით. ერთადერთმა, ისევ გიო მგელაძემ მოიფიქრა და მადლიერების ნიშნად უცნობი ფერისა და წარმოების მაისური აჩუქა მას.
მან თქვა მადლობა, მორცხვად დახარა თავი და ისევ გაიღიმა. გამახსენდა სიზმარი, რომელიც ათასჯერ მინახავს და სკოლის მერხზე მჯდარსაც ათასჯერ ამომიცნია კადრები იმ ჩემი სიზმრიდან სწორედ იმ დაფაზე, საკლასო ოთახში რომ ეკიდა. დაფა ჰგავდა კინოეკრანს, რომელზეც ადვილად შეიძლებოდა დათოვლილი რუსული სოფლის დანახვა (სადღაც ტამბოვის გუბერნიაში) და მესმოდა ფეხის ხმა — ერთადერთი სუნთქვა, რაც რუსული ზამთრის სიჩუმეს არღვევს. მესმოდა მასწავლებლის ხმაც, რომელიც რუსეთის ისტორიას გვიხსნიდა, მაგრამ გამხელილ ცოდვას რა უნდა სჯობდეს და ზოგჯერ, ცალთვალა კუტუზოვზე მეტად, ორივე თვალით ჯანმრთელი, ლოყებღაჟღაღა და რძეზე გაზრდილი მშვენიერი ქალი უფრო მაინტერესებდა, წუთი-წუთზე რომ შემოაღებდა ჩემი სახლის კარს. სინამდვილეში, წარმოდგენასა და რეალობაშიც, სახლი (თუ უბრალოდ ქოხი), მას ეკუთვნოდა, მე კი მისი სტუმარი ვიყავი და რამდენიმე წამით გაღებული კარიდან აშკარად ვგრძნობდი გარედან შემოვარდნილ სიცივეს, რომელიც მაშინებდა მხოლოდ მე, მისთვის კი მხოლოდ ღიმილის მომგვრელი იყო და მზრუნველი სახით კეტავდა კარს ჩვენსა და დანარჩენ სამყაროს შორის. რა ერქვა იმ მშვენიერ ქალს, არავინ იცის (როგორი ბეჯითი მოწაფეც არ უნდა იყო, შეუძლებელია გაკვეთილზე ყველა დეტალის ზუსტად დამახსოვრება), მაგრამ ზუსტად ვიცი რა მერქვა მე, საიდან მოვდიოდი, საით მივდიოდი, ვისი გორისა ვიყავი და ვიყავი თუ არა საერთოდ გორში, ვთქვათ სტალინთან. რასაკვირველია არა — იმ წუთებში (სანამ ზარი დაირეკებოდა) ვიყავი შუაგულ რუსეთში, მიყრუებული სოფლის ჩვეულებრივ, ღარიბულ სახლში, სადაც ღარიბულ, ჩვეულებრივ სუფრას ამშვენებდა იქვე, იმავე სახლში გამოხდილი არაყი და მოხარშული კარტოფილი, მჟავე კიტრი და არანაკლებმჟავე კომბოსტო.
არაყი არ იყო ჭაჭასავით გემრიელი, მაგრამ ვთვრებოდი სწრაფად და ალბათ მათრობდა ჩემი მასპინძლის რძისფერი კანი, ღიმილი და სითბო — სითბო, რომლის წყაროც ღუმელი იყო — ღუმელი დიდი და ფართო, ღუმელი, რომელზეც მეძინა, რომელზეც ერთად გვეძინა.
მაღვიძებდა სკოლის ზარი, რომელიც გაკვეთილის დამთავრებას გვამცნობდა ხოლმე და მართლა ახალგაღვიძებულივით ვტოვებდი საკლასო ოთახს, საიდანაც ტიბეტი ჯერ კიდევ ოცნებაზე შორს იყო...
თვითმფრინავი
ჩემი დაბადების დღე ისე მეზიზღება, რომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ამ დღეს ვიყო სახლიდან ძალიან შორს და მეტი შორს სადღა უნდა ვიყო — ვზივარ თვითმფრინავში, რომელიც ცხრასაათიანი ფრენის შემდეგ ნეპალის დედაქალაქში უნდა დაეშვას და მერე კი იქიდან ტიბეტის გზას უნდა დავადგეთ, მაგრამ მანამდე, დაახლოებით ხუთ საათში, ჩვენი თვითმფრინავი, ჯერ არაბეთში, ემირატების რომელიღაც ქალაქის აეროპორტში უნდა დაფრინდეს საწვავის შესავსებად. თვითმფრინავი, აეროპორტი და საერთოდ მგზავრობა, ძალიან მიყვარს თუნდაც ეკზიუპერის სამყაროს გამო, სადაც ფუფუნებისა და განცხრომის ისეთი ბედნიერი საშუალება გეძლევა რომ შეგიძლია გაიცნო ადამიანები, ვისაც მიწაზე ვერასოდეს შეხვდები. თუმცა სანამ ჰაერში ხარ (თვითმფრინავის დაფრენამდე), შეგიძლია დაიჯერო, რომ ამ ხალხზე ახლობელი, შენ არავინ გყავს და ამ საოცარ სიახლოვესა და პირობითად სულიერ ინტიმს, ის ქვეცნობიერი შიში ბადებს, რომელსაც ადამიანში საერთოდ თვითმფრინავის ხსენებაც კი იწვევს. ამიტომ, არავინ იცის, მაგალითად გიორგი სააკაძე ისეთივე მშვიდი იქნებოდა თუ არა თვითმფრინავის სალონში, როგორც სახელოვანი ომების წინ, რადგან საკუთარი თვალით მინახავს ჩემი მეგობარი შალვა ჯავახაძე (გიორგი სააკაძეზე არანაკლებ უშიშარი, მამაცი და ახოვანი), როგორ ემუდარებოდა გაოგნებულ სტიუარდესას რამე მიშველეო, როცა თვითმფრინავი საკმაოდ მშვიდად, შეუმჩნევლად მიაპობდა ქათქათა ღრუბლებს. მერე მეჩხუბებოდა მე — ნორმალურმა ადამიანმა თვითმფრინავში როგორ უნდა დაიძინოსო და რადგან საკუთარ ნორმალურობაში თვითონაც ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი, აღარ შევკამათებივარ. გაღვიძებულს დამხვდა უგონოდ მთვრალი — იდგა ზურგით ეკიპაჟისკენ, სახით მგზავრებისაკენ და განწირული ხმით მღეროდა ცედურ მრავალჟამიერს. ახლა ის სტიუარდესა ეხვეწებოდა შალვას, თვითმფრინავი დაშვებას იწყებს, თქვენს ადგილას დაბრძანდით და მოემზადეთო.
მომზადებაში, რასაკვირველია სავარძელზე დამონტაჟებული ქამრის შეკვრას გულისხმობდა, მაგრამ როგორი დასაბმელი იქნებოდა მთვრალი შალვა ჯავახაძე, ადვილი მისახვედრია.
თუმცა თვითმფრინავში სმა, შალვა ჯავახაძის მოგონილი ნამდვილად არ არის და პირველი ავიასადღეგრძელოც იმ ქართველებს ეკუთვნით, ვინც პირველები აღმოჩნდნენ თვითმფრინავში, თუმცა ეს მხოლოდ შიშის ბრალი არ იყო, რადგან ისიც ფაქტია რომ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, პარიზში დაარსებული საფრენოსნო სკოლის უკვე მეორე გამოშვებას, ქართველი კურსდამთავრებულებიც ჰყავდა. შეიძლება სწორედ ამიტომაც, ჩვენი მშობლების თაობა, სერიოზულად განიცდიდა იმ უსამართლობას, რომ საბჭოთა კოსმონავტიკაში, ეროვნებით ქართველი კოსმონავტისათვის ადგილი არ მოიძებნა. ჩვენი მშობლების ამ ერთ-ერთი მთავარი დარდისადმი თანაგრძნობის გარდა, იმ დღეს თვითმფრინავში დალევის კიდევ რამდენიმე სხვა მიზეზიც მქონდა, მაგრამ დალევას მაინც არ ვაპირებდი, რომ არა მშვენიერი გოგონა რომელიც მოულოდნელად გვერდით მომიჯდა, გამიღიმა და ჭიქა გამომიწოდა.
დავლიე და გავუღიმე. სანამ მეორედაც შემივსებდა ჭიქას, საკუთარი პასპორტი ამოიღო, იმ გვერდზე გადაშალა, სადაც დაბადების თარიღია ხოლმე მითითებული და გაკვირვებისაგან, თვითონვე ვიგრძენი საკუთარი თვალების გაფართოება — ჩემი დაუპატიჟებელი სტუმარი ზუსტად იმ წელს, იმ თვესა და იმ რიცხვში იყო დაბადებული, როდესაც მე გავჩნდი თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში. სამშობიარო სახლი და საკუთარი დაბადება, რასაკვირველია, ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე თვის ასაკში ვხედავდი სცენას, სადაც მკაფიოდ შეიძლებოდა იმ კაცის გარჩევა, რომელიც იჯდა მაგიდასთან და წერდა. მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ის კაცი იყო ხულიო კორტასარი და სწორედ იმ წელს ქმნიდა თავის ცნობილ მოთხრობას „სამხრეთის გზა“.
თუმცა ვერაფრით დავადგინე რატომ უნდა დამენახა რამდენიმე თვის ასაკში კაცი, რომელიც შორეულზე შორეულ არგენტინაში, საწერ მაგიდასთან იჯდა, მაგრამ ვხედავდი აშკარად და არ მიკვირდა. გამიკვირდა მოგვიანებით, როცა აღმოვაჩინე, რომ მაგიდასთან მჯდარი კაცი იყო ხულიო კორტასარი და გამიკვირდა თვითმფრინავში, როცა ჩემმა დაუპატიჟებელმა სტუმართა ჩანთიდან ხულიო კორტასარის მოთხრობების კრებული ამოიღო (მესამე ჭიქის შემდეგ) და გამომიწოდა. უფრო სწორად შემეშინდა, შემეშინდა ჩემი ბავშვობისდროინდელი სიზმრის და ქალის, რომელმაც გამიღიმა და მითხრა ფრაზა, რომელიც ალბათ ნებისმიერ ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეაშინებდა:
— ßz xfcnj dbltkf tuj d ltncndt.
— ult? — ვკითხე მართლა შეშინებულმა და ვიგრძენი, როგორ დამბურძგლა მთელს სხეულზე.
— xnj ult? — კითხვითვე მიპასუხა და ბოთლიდან მოსვა არაყი.
— Ãult ns tuj dbltkf? — დავაკონკრეტე კითხვა.
— ÂÂd Vjcrdt, z ;t bp vjcrds , — თქვა და ისევ გამიღიმა.
—ÍÍyj jy ;t fhutynbytw — ვთქვი და ახლა მე შევეცადე გაღიმებული სახე მქონოდა.
_ rjhnfcfhf bp vjcrds nj;t vj;yj edbltnm eckb k.,bim xbnfnm_ vtyz pjden vfhbif b z pyf. xnj vs hjlbkbcm d jlby b njn;t ltym
— საიდან, — ვკითხე ქართულად (ალბათ პირდაღებულმა) და უკან გავიხედე — უკანა სავარძელზე უბედნიერესი გიო მგელაძე იჯდა ყურებამდე გაკრეჭილი (ოღონდ პირის გაღების გარეშე), ძალზედ კმაყოფილი მარიშას აღმოჩენით და რაც მთავარია, კმაყოფილი არყის ჩაცლილი ბოთლით. კიდევ რაღაცის კითხვა თუ თქმა დავაპირე, მაგრამ თვითმფრინავი უკვე ჯდებოდა ქალაქ ჩარჯაში და მგზავრებს მომზადებისაკენ ომახიანად მოგვიწოდეს...
მაღვიძებდა სკოლის ზარი, რომელიც გაკვეთილის დამთავრებას გვამცნობდა ხოლმე და მართლა ახალგაღვიძებულივით ვტოვებდი საკლასო ოთახს, საიდანაც ტიბეტი ჯერ კიდევ ოცნებაზე შორს იყო...
მარიშა
ქალი, რომელიც კატმანდუსაკენ მიმავალ თვითმფრინავში გვერდით მოგიჯდება და კონიაკით სავსე ჭიქას შემოგთავაზებს, რასაკვირველია ძალიან ლამაზია და ასეც რომ არ იყოს, ის მაინც დაუყონებლივ შეგიყვარდება, მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ მისი სახელი იცი. თუმცა გარდა სახელისა, უკვე ისიც ვიცოდი რომ გოგო, რომელიც იჯდა ჩემს გვერდით და ჯიუტად არ იკრავდა უსაფრთხოების ღვედს, იყო მოსკოველი რუსი, მაგრამ სულ არ ჰგავდა რუსს ერთი შეხედვით და ამიტომ მეორედაც შევხედე:
—ÌÌvfhbif heccrjt bvz?
— ÍÍytn, vjyujkmcrjt, — მიპასუხა აშკარად დაცინვით და შეიძლება კონიაკის გამო აღმოვაჩინე, რომ მასში აშკარად იყო რაღაც ანტიკური, მონღოლური და რაც მთავარია, ჯადოქრული. სანამ თვითმფრინავი დაჯდებოდა, ისიც გავარკვიე, რომ მიდიოდა ჰიმალაის მთებში დაკარგულ რომელიღაც მონასტერში და მიზეზითაც დავინტერესდი, როგორც ჩანს, ძალიან გულურბყვილოდ:
—Êrfr pfxtv – z nfv execm...
ყოველთვის ბორხესი უფრო მიყვარდა, ვიდრე კორტასარი და ამიტომაც არ ვიცოდი იმ გრძელი და ამოჩემებული სიზმრის საიდუმლო, რომელიც მარიშამ იცოდა, მაგრამ არაფერი მითხრა.
მითხრა მხოლოდ იმ სასტუმროს სახელი, სადაც რამდენიმე დღით გაჩერდებოდა კატმანდუში მთებში წასვლამდე და წიგნიც იქ უნდა მიმეტანა.
— pyfxbn vs ,kbpytws, — ვთქვი უფრო ჩემთვის და ისიც აღმოვაჩინე, რომ მას მივმართავდი შენობით, უცნაურ ქალს, რომელსაც ყურადღებით ვაკვირდებოდი არაბული ქალაქის, ჩარჯას აეროპორტის მოსაცდელში — ის იყო მართლაც ლამაზი, გამხდარი და მაღალი, მოკლედ, ბიჭურად შეჭრილი თმებით, ოდნავ აწეული ცხვირით და ძალიან ლურჯი თვალებით. ფეხზე ეცვა შავი, მაღალყელიანი ბათინკები, რაც ყველაზე მაცდური მიზეზი იყო იმისათვის, რომ მარიშა შემყვარებოდა აქვე და ახლავე, არაბული აეროპორტის მოსაცდელში, სადაც ერთი საათის ლოდინის შემდეგ, გამოგვიცხადეს, რომ დელის აეროპორტში გაფიცვა იყო და კიდევ სამი საათი ჩარჯაში უნდა ვმსხდარიყავით. დელის აეროპორტში არანაირი საქმე არ გვქონდა, მაგრამ როგორც აგვიხსნეს, ინდოელები იმის უფლებასაც არ გვაძლევდნენ, რომ ინდოეთის ცაზე გადაგვეფრინა და ამიტომაც ვისხედით არაბულ აეროპორტში და ეს არაბები სულაც არ ჰგავდნენ შოთა რუსთაველის არაბებს და ვცდილობდი კორტასარის წაკითხვას. თუმცა პარალელურად კორტასარის მფლობელსაც ვუთვალთვალებდი, მაგიდებს შორის, მხიარული გამომეტყველებით რომ მოძრაობდა ჭიქის მისაჭახუნებლად და ისიც აღმოვაჩინე, რომ უკვე ვეჭვიანობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ აშკარად ვეჭვიანობდი, როცა მარიშა რომელიმე მაგიდას მიუახლოვდებოდა, ოქროებასხმულ, გასიებულ კაცებთან ერთად დალევდა არაყს და ზუსტად ისე გაუღიმებდა, როგორც მხოლოდ კაცებს ჰგონიათ, რომ რაღაცის იმედი შეიძლება ჰქონდეთ. იმ იმედში დედამიწის მამაკაცთა უმრავლესობა, ერთიდაიგივეს გულისხმობს, ყოველ შემთხვევაში, აზიაში მაინც და იქ და მაშინ, მომეჩვენა, რომ მარიშა ამას განზრახ, ჩემს გასაბრაზებლად თუ გასაღიზიანებლად აკეთებდა. რა ჩემი საქმე იყო, ვინ როგორ მოიქცეოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მარიშამ ზუსტად იცოდა როგორ იყო საქმე ზოგადად სამყაროში და კონკრეტულად ჩარჯაში.
შესაძლოა სწორედ ამას სწავლობდა კიდეც ჰიმალაის გადაკარგულ მონასტერში და ისიც ფაქტია, რომ გავბრაზდი, საშინლად გავღიზიანდი იმის გამოც, რომ ჩვენი რეისი გადაიდო და იმიტომაც, რომ მარიშამ სულ ადვილად ამოიცნო, რომ ერთი კი არა, ორივე ქუსლი აქილევსის მქონდა. ჩემს წინ გიო მგელაძე იჯდა, რომელიც განსხვავებულების შემდეგ უკვე ვეღარ ლაპარაკობდა, მაგრამ მშვენივრად ვიცოდი, რისი თქმაც სურდა ჩემთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მარიშა ჩვენს მაგიდასთან მოვიდა, გიოს თვალი ჩაუკრა და ჩემს მუხლებზე (დაუკითხავად) მოკალათდა. მერე გიოს ჭიქა მიუჭახუნა და მე მადღეგრძელა. აეროპორტის ფორმიანი თანამშრომელი მოგვიახლოვდა, ზრდილობიანად, მაგრამ მკაცრად მოგვიწოდა წესიერებისაკენ და გიო მგელაძისათვის მისი ნათქვამი, რასაკვირველია არ გადამითარგმნია.
გიოსთვის არათუ არაბულის (ან ინგლისურის), მშობლიური ენის ამოცნობაც სერიოზულ სირთულეს წარმოადგენდა უკვე და მეც გამიჭირდა იმის მიხვედრა, რა უნდა მექნა, რადგან მარიშა, წესრიგისაკენ მოწოდებას, საკმაოდ აგრესიულად დაუპირისპირდა. ამიტომაც არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გზის გაგრძელებას კატმანდუს მიმართულებით, მხოლოდ მეორე დღეს თუ შევძლებდით. სასწრაფოდ ჩამოგვართვეს პასპორტები და აეროპორტის გასასვლელამდე მიგვაცილეს.
აეროპორტი უნდა დაგვეტოვებინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დახვრეტა თუ არა, დაპატიმრება მაინც არ აგვცდებოდა იმ არაბულ ქვეყანაში, სადაც დათრობა კანონით ისჯება. წამოვიკიდეთ ბარგი (რეზო თაბუკაშვილმა და გიორგი ბერიძემ გიო მოიკიდეს) და გავყევით აეროპორტის გახარებულ თანამშრომლებს, სიამოვნებისაგან ხელებს რომ იფშვნეტდნენ და ჩვენზე უკეთ რომ იცოდნენ, რაც გველოდა. ჩვენ არ ვიყავით პირველი ქართველები, ვისაც უნდა გაეგო რა ხდებოდა არაბულ თბილისში ოთხი საუკუნის მანძილზე, სანამ დავით აღმაშენებელი იმერეთიდან ქართლში გადმობრძანებით პატივს დაგვდებდა. გამახსენდა აბო თბილელიც (ალბათ მეტეხის ციხის ქვეცნობიერი ასოციაციით) და ჩუმად, გულში, ინდოელ ხალხს შეწევნა ვთხოვე. შევახსენე ჩვენი მრავალსაუკუნოვანი, აბრეშუმივით ურთიერთობა და რაც მთავარია, გაფიცულ ინდოელებს მოვაგონე მაჰათმა განდი, ვინც მათ (საერთოდ) გაფიცვა ასწავლა და ისიც შევახსენე, რომ მათი სათაყვანებელი მაჰათმა განდი, წარმოშობით გუჯარეთელი იყო და სწორედ იმ ეთნიურ ჯგუფს ეკუთვნოდა ჭრელ ინდოეთში, ჩვენ რომ გვენათესავება.
ერთადერთი ქართველი, ვინც არაბეთიდან ინდოეთამდე ლოცვის მიწვდენას ახერხებდა, როგორც ცნობილია, შოთა რუსთაველი იყო და ამიტომაც ვერ დავიჯერებ, რომ იქ, დელის გაფიცულ აეროპორტში, ვინმემ ჩემი ლოცვა-ვედრება შეისმინა და ინდოეთის ცა გახსნა. უბრალოდ მოხდა სასწაული (სასწაულები როგორც წესი, უბრალოდ ხდება), ინდოეთის ცა გაიხსნა ჩვენი თვითმფრინავისათვის და ჩვენი პასპორტები, როგორც ჩამოგვართვეს, ისეთივე სისწრაფით დაგვირიგეს.
ჩაგვსვეს ჩვენს მიტოვებულ თვითმფრინავში და კეთილი მგზავრობაც გვისურვეს და კატმანდუში დაჯდომამდე, მგონი ჩემს გარდა, ყველა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მგზავრს ეძინა. დაძინება მეც მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო, რადგან არ შემეძლო არ მეფიქრა ქალზე, ვინც იმავე თვითმფრინავში იჯდა, რომელიც მალე ნეპალის დედაქალაქში უნდა დაშვებულიყო.
ჩვენ გველოდა ქალაქი, რომელიც იწყება საშინელი სუნით, იმ ნაგვის, ჭუჭყისა და სიბინძურის გამო, რითიც სავსეა კატმანდუს ქუჩები და ამ ქუჩების გავლის გარეშე კი, ტამელში ვერც მოხვდები.
ტამელი ტურისტულ, ყველაზე სუფთა და იმ გაკაშკაშებულ უბანს ჰქვია, სადაც ძირითადად ალპინისტები, დამსვენებლები, გიჟები და ჰიპები ცხოვრობენ. ჰიპებმა ნეპალში დასახლება სამოციანი წლების ბოლოს დაიწყეს, თუმცა კატმანდუს ქუჩებში ახლაც შეიძლება შეხვდეთ უკვე დაბერებულ, მაგრამ ძველებურად თმებმოშვებულ ჰიპებს, რომლებსაც განსხვავებული კანის ფერისა და სიმაღლის გამო, ადვილად ამოიცნობთ. Eევროპელებთან შედარებით ნეპალელები, მართლა პატარები არიან და როგორი პატარებიც არიან, ისეთივე პატარა სახლები აქვთ და იმ პატარა სახლებში ისეთივე პატარა ტახტები უდგათ. სახლებს პატარა ფანჯრები აქვთ და იმ პატარა ფანჯრებიდან მათი პატარა ცხოვრებაც მოჩანს და მშრომელი კატმანდუ კი მზის ამოსვლამდე იღვიძებს. მათი სამუშაო დღე გათენებამდე იწყება და გათენებულზე კი ნებისმიერი პროფესიისა და საქმიანობის ადამიანი შეგხვდებათ ქუჩაში, სადაც გამუდმებით, საღამომდე დაგსდევს რამდენიმე ნეპალელი ერთად და შესაბამისი თანხის საფასურად ათასგვარ სამსახურს გთავაზობს.
მაგალითად, მათ შეუძლიათ თქვენი ყურების საგულდაგულოდ გამოწმენდაც კი, თუ თქვენ ზარმაცი ხართ ან სხვა რომელიმე მიზეზის გამო, ამას თქვენ თვითონ ვერ ახერხებთ.
მაინც ჩამეძინა.
გაყრა
გავიყარენით ჩასვლისთანავე. მარიშა გაყვა გრებენშიკოვის ბუნდოვან ჯგუფს გაურკვეველი მიმართულებით. მიმართულების გარკვევა არც მიცდია, რადგან კატმანდუში, ერთიდაიგივე ადამიანს, დღეში რამდენჯერმე აუცილებლად შეხვდები და მთებში წასვლას მარიშა, დანამდვილებით ვიცოდი, რომ ჯერ არ აპირებდა. ისიც ვიცოდი, რომ ერთი კვირით მაინც დარჩებოდა კატმანდუში და მისი ნახვა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ჩემთვის. ერთი კვირა ჩვენც გვჭირდებოდა მოსამზადებლად, ტიბეტში გამგზავრებამდე და ამიტომაც მშვიდად, აუღელვებლად დავშორდით ერთმანეთს კატმანდუს აეროპორტში. ჩვენ ჩვენის ბარგით იმ სასტუმროში მივლაგდით, სადაც ქართველებს, აქ უკვე ნამყოფი ქართველი მთასვლელების გამო, კარგად იცნობენ. კატმანდუში, ჰიმალაის მთებისკენ მიმავალი პირველი ქართული ექსპედიციის წევრები, სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ.
პირველი რვაათასიანი მწვერვალი კი, რომელზეც ოთხმოცდაათიან წლებში ქართული ექსპედიცია ავიდა, დაულაგირი იყო, მაგრამ მანამდეც, ჰიმალაებში მოხვედრაზე, ქართველი მთასვლელების არაერთი თაობა ოცნებობდა. ყველაზე ახლოს ამ მიზანთან ქართველი ალპინისტები სამოციან წლებში იყვნენ, როცა ჩვენს ქვეყანას ნეპალის მაშინდელი მეფე ეწვია სტუმრად და (თუ ეს ლეგენდა არ არის), სვანეთის მთებში ჯიხვიც კი მოინადირა. მერე ნეპალის კმაყოფილმა მეფემ, ქართველი ალპინისტების იმდროინდელი, უძლიერესი გუნდი, ჰიმალაებში მიიწვია, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ ქართული ექსპედიციის ნეპალში გაშვებაზე უარი თქვა.
1982 წელს (სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია) ჰიმალაის მთებში პირველი ქართველი მთამსვლელი აკაკი ხერგიანი მოხვდა საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდთან ერთად. ექსპედიციის თერთმეტმა მონაწილემ დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე ღამის ასვლა განახორციელა, მაგრამ მათ შორის აკაკი ხერგიანი არ ყოფილა. მიზეზი უცნობია, ფაქტი კი ის არის რომ იგი ჟურნალისტის მოვალეობას დასჯერდა.
1991 წელს უკვე რუსეთის გუნდი დაიძრა იმავე ევერესტის დასალაშქრად და მწვერვალზე ასვლის სიხარული, სხვებთან ერთად, 54 წლის რომან გიუტაშვილმაც გაიზიარა. თუმცა წარმატებული ექსპედიცია მისთვის კინაღამ ტრაგიკულად დამთავრდა, როცა უკანა გზაზე, მწვერვალიდან დაშვებისას, ბატონ რომანს ტკბილად ჩამოეძინა. მერე კი (რამდენიმე წლის შემდეგ), იყო სწორედ ის პირველი ქართული ექსპედიცია დაულაგირზე, რომლის გამოც კატმანდუს იმ პატარა სასტუმროში ქართველებსაც იცნობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იციან ჩვენი ქვეყნის სახელი ინგლისურად, მაგრამ ნეპალური ვერსიით და „ჯორჯიის“ ნაცვლად გამოთქვამენ „ძორძიას“.
ზუსტად ასე, „ძორძიის“ ძახილით, ხელებგაშლილი დაგვხვდა სასტუმროს მომსახურე პერსონალი სასტუმროს შესასვლელთან. სადაც თქვენი მთასვლელები შარშან ცხოვრობდნენ, იქ მოგათავსებთ შეღავათიან ფასებშიო და ჩვენი ბარგი, ჩვენთვის განკუთვნილ ოთახებში მონდომებით აარბენინეს. დავბინავდით თუ არა, აჩქარებით მივედ-მოვედეთ კატმანდუს მონატრებულ ქუჩებს, რადგან კატმანდუ, მართლაც საოცრებაა თავისი გამორჩეული ფერებით, ღიმილით და ადამიანებით, როლებსაც ძალიან სურთ რომ სამყარო იმაზე უფრო ლამაზი და კეთილი იყოს, ვიდრე არის. ამიტომაც ჩამოდის აქ ათასობით ადამიანი იმ ქვეყნებიდან, სადაც ადამიანებს მობეზრდათ გაუთავებელი ფიქრი ფულზე და პოლიტიკაზე, სოციალურ და რასობრივ უთანასწორობაზე და ყველა იმ პრობლემაზე, რომლის მოგვარებაც კაცობრიობამ, ჯერჯერობით ვერ შეძლო. პრობლემები არსებობენ ყველგან, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემებს კატმანდუში გაურბიან, სადაც ყველა შენი მეგობარია, ყველას სურს იყოს კეთილი და ლამაზი, მეგობრული და მხიარული, იყოს ისეთი კეთილშობილი, როგორიც არასოდეს ყოფილა.
კატმანდუში ყველა ეწევა და შენც გულით, უდიდესი სიამოვნებით გთავაზობს. ეწევიან ყველაფერს, რაც ასე წარმატებით ხარობს ნეპალის ძირძველ, ღვთისმშობლის არაწილხვედრ მიწაზე.
ეწევიან ყველანი (ალბათ ჩემს გარდა), რადგან კატმანდუში, თითქმის ერთადერთი ადამიანი ვარ მხოლოდ სიგარეტს რომ ვაბოლებ და ჩემის არაორდინალური არჩევანით, საკმაოდ ვკმაყოფილდები. როგორც არ უნდა დაბოლდე, აქ არავინ შეგაწუხებს, პირიქით — შეიძლება ადგილობრივი პოლიციელი მოვიდეს და მადლობა გითხრას იმისათვის, რომ ნეპალელი მოსახლეობის შრომას აფასებ და მათი ოფლით მოწეულ მცენარეულ კულტურებს, სიამოვნებით ყიდულობ. ხოლო თუ განსაკუთრებულ სიამოვნებას ვერ იღებ (ანუ მოსაწევი ცოტა ტრუხაა), იგივე პოლიციელს (შეწუხებული სახით) ბოდიშის მოხდაც შეუძლია იმის გამო, რომ შარშანდელი მოსავალი, აშკარად სჯობდა წლევანდელს. ამიტომაც ჩემი მიზეზი სხვაა — ცოტა დაუჯერებელი, მაგრამ ჩემის ღრმა რწმენით, ადამიანს ღმერთი ისედაც აძლევს ფანტაზიისა და შემოქმედების იმ შინაგან უნარს, რომელიც მან (ადამიანმა) დამხმარე, გარეგანი ფაქტორების გარეშე უნდა განავითაროს. და თუ ვიღაცას ეჩვენება, რომ რომელიმე ნარკოტიკი (თუნდაც ყველაზე მსუბუქი), ადამიანის შემოქმედებით ენერგიას მრავალფეროვანსა და უფრო ნაყოფიერს ხდის, ეს მხოლოდ დროებითი ილუზიაა და პირიქით, ნებისმიერი ნარკოტიკი საბოლოოდ, სწორედ იმ ბუნებრივი საწყისის განვითარებას აფერხებს, ადამიანში თავისთავად, დაბადებიდანვე რომ არსებობს. თუმცა არსებობს წამებიც, როცა შეიძლება ისე შორს გაფრინდე, ფხიზელ მდგომარეობაში წარმოდგენაც რომ ძნელია, მაგრამ სიცოცხლის არსიც სწორედ ეგაა, რომ გაფრენა შეძლო, ოღონდ ნარკოტიკის გარეშე...
მარიშას ძებნა (ჯერ მხოლოდ თვალებით). კატმანდუს ქუჩებში პირველივე დღეს დავიწყე და მართლა დარწმუნებული ვიყავი რომ აუცილებლად შემხვდებოდა, თუმცა პირველ დღეს მხოლოდ მოსაწევის გამყიდველები მხვდებოდნენ და განსაკუთრებული მონდომებითაც მთავაზობდნენ ერთმანეთზე უკეთეს არჩევანს, მაგრამ მე ვდუმდი უარის ნიშნად.
ისინი დარწმუნებულები არიან რომ კატმანდუში ჩამოსული ნებისმიერი ადამიანი სიამოვნებით დაბოლდება და მათ არ იცოდნენ, რომ მე ისედაც დაბოლილი ვარ, როცა მინდა მაშინ და თანაც მოსაწევის გარეშე.
თუმცა ერთხელ მართლა დავბოლდი, უფრო სწორად კი უბრალოდ მოვკვდი. უნივერსიტეტში, ლექციებზედ მიმავალს, ჩემმა მეზობელმა ღია ფანჯრიდან გადმომძახა — ბავშვი შემეძინა და ამო, დავილოცოთო. ბოდიში და წინა ღამის ნამთვრალევს, დიაღაც გამიხარდა ზემოდან მოვლენილი შვება და ვიფიქრე ავალ, ახალშობილს დავლოცავ, სისხლძარღვებს გავიფართოვებ და განა სისხლძარღვებგაფართოებული, უფრო მეტს და უკეთ არ შევისწავლი მშობლიურ უნივერსიტეტში-მეთქი?
აველ და რას ვხედავ — რამდენიმე სხვა ჯეელ მეზობელს, ჩემამდე მოუყრია აქ თავი და როგორც თვითონ ამიხსნეს, ახალშობილის ამბავში, მოსაწევს აბოლებენ. ერთადერთი, რისი თქმაც მოვახერხე, ლექციებზე მეჩქარება-მეთქი და ზედიზედ, აჩქარებით დავარტყი რამდენიმე ნაფაზი (აბა რა უნდა მექნა). წამოვედი, მაგრამ რა წამოვედი — ვღიღინებ, ვუსტვენ და ვხალისობ. ზუსტად იქ, სადაც ჭავჭავაძის პროსპექტს რიგის ქუჩა კვეთს, აღმოვაჩინე, რომ გული უნივერსიტეტისაკენ მიმიწევს, ფეხი კი — იქვე მდებარე, ქალაქის ნომერ მეცხრე საავადმყოფოსაკენ. საავადმყოფოსაკენ მიმიწევს მხოლოდ მარჯვენა ფეხი, მარცხენას კი, საერთოდ ვერ ვხმარობ.
რასაკვირველია მივხვდი, რომ ჩემი საქმე კარგად ვერ იყო და მხოლოდ ის მოვახერხე, რომ ის მარცხენა, უფუნქციოდ დარჩენილი ფეხი, ძლივს მივათრიე მიშა ხიზანიშვილის სახლამდე. დავაკაკუნე, ვთქვი რომ ცუდად ვიყავი და მერე აღარაფერი მახსოვს, გარდა იმისა რომ მეცხრე საავადმყოფოს მისაღებში საღამომდე ცდილობდნენ ჩემს გაცოცხლებას. მიუხედავად ერთგულებისა ჰიპოკრატეს ფიცისადმი (როგორც გადმოცემით ვიცი), მეცხრე საავადმყოფოს მონდომებულმა მედპერსონალმა, ჩემი გაცოცხლება მაინც ვერ შეძლო. ხოლო როდესაც საავადმყოფოში არსებული უკანასკნელი ჟანგბადის ბალიშიც წარუმატებლად, ამაოდ მოვიხმარე, ზუსტ მეცნიერებებთან იმთავითვე, ბავშვობიდანვე დაახლოებულმა ჩემმა მეგობარმა ლაშა ჯაიანმა თურმე ხმამაღლა, განწირული ხმით იყვირა: ამას, სუფთა მორფის გარდა, არაფერი უშველისო. სიტყვა და საქმე ერთი იყო და ლაშა ჯაიანმა (როგორ დავუკარგავ), ნახევარ საათში, ჩემს გადასარჩენად, სუფთა (ნაღდი) მორფი იშოვა. ისიც უნდა ითქვას, რომ ლაშა ჯაიანი იმთავითვე, ბავშვობიდანვე ისეთი მოძულე გახლავთ ნარკოტიკებისა, რომ ჩვენი უბნის ûძვირფასმა მორფინისტებმა ერთადერთს, სწორედ მას ანდეს ჟანგბადივით წამალი. მაშინ ისიც უნდა ითქვას (ჩემი უბნის ნარკომანთა სასახელოდ), რომ ეს იყო სრულიად უანგარო და გმირული ნაბიჯი მათი მხრიდან ჩემს გასაცოცხლებლად.
მთავარი გმირი კი, რა თქმა უნდა იყო ლაშა ჯაიანი, რადგან მას (ჩემს გადასარჩენად მომავალს), ვინ იცის რამდენი კაცი შეხვდა გზაში და რამდენმა უთხრა, _ თუ მაინც კვდება ძმაო, ჩვენ დაგვითმეო, მაგრამ მაინც არ დათმო. უებარმა წამალმა კი, როგორც ჩანს, იმდენად დადებითად იმოქმედა ჩემს შერყეულ ჯანმრთელობაზე, რომ ასეთი სიამოვნებით (მაშინ რომ ვიკადრე) არასოდეს გამიხელია თვალები დღიდან დაბადებისა. არადა, მართლაც ჰგავდა ხელახალ დაბადებას ის დაბრუნება, როცა თავიდან აღმოვაჩინე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალის დეფიციტი ჩემში.
რაც შეეხება მორალის სამამულო კრიტერიუმებს, ამაზედ დიალოგი მხოლოდ მეორე დღეს შედგა, როცა დილით, მეცხრე საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ჩვენთან დარეკა და დედაჩემთან სატელეფონო საუბარში, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
ჩემმა ძვირფასმა დედამ, ცოტა რომ გაიკვირვა დასმული შეკითხვა, მეცხრე საავადმყოფოს მორიგე ექიმმა სიხარულით განმარტა სატელეფონო ზარის ჭეშმარიტი მიზეზი — გუშინ თქვენი შვილი ჩვენთან მოიყვანეს, თურმე პლანი მოუწევიაო. დედაჩემი, ბუნებრივია (როგორც ნებისმიერი ქართველი დედა ასეთ შემთხვევაში), აღშფოთდა მოსმენილით და კატეგორიულად უარყო, რომ მე, მისი საამაყო ვაჟიშვილი პლანის მოწევას ვიკადრებდი. რას ბრძანებთ ქალბატონოო, — არანაკლებ აღშფოთდა თურმე მეცხრე საავადმყოფოს მორიგე ექიმი — თქვენი შვილი აქ ისეთი დაბოლილი მოიყვანეს, ძლივს გავაცოცხლეთო.
სწორედ მაშინ, დედაჩემმაც, როგორც იქნა დაიჯერა, რომ მეც ადამიანი ვარ.
გამოყრა
ვარ ადამიანი. ვარ კატმანდუში და ტიბეტში წასასვლელად ვემზადები.
ასეც რომ არ იყოს, მაინც სასიამოვნოა საკუთარ თავში ადამიანური თვისებების აღმოჩენა და მაგალითად კატმანდუში აღმოვაჩინე რომ ძალიან მომწონს მარიშა, რომელიც რუსია და აცვია შავი, მაღალყელიანი ბათინკები, თმები გადახოტრილი აქვს და რაღაცას დარდობს.
თითქოს ჩემი, საკუთარი დარდები არ მეყოფოდა, რომ კატმანდუში ჩამოსვლიდან მესამე დღეს, ტიბეტიდან გამოყრილი, დევნილი ტიბეტელების მიტინგზე აღმოვჩნდი. ტიბეტელები ტიროდნენ, მღეროდნენ და სამშობლოში დაბრუნებაზე ხმამაღლა ოცნებობდნენ. ლოცვებსაც ხმამაღლა და ძალიან სევდიანად ამბობდნენ, მაგრამ იმ იმედით, რომ ჰიმალაის მთების იქით, მონატრებულ სამშობლოში, მათი სამშობლოს დამპყრობლებს, ადრე თუ გვიან, გონება გაუნათდებათ, კეთილშობილები გახდებიან და ჩინელები ტიბეტიდან ჯარებს გაიყვანენ. ტიბეტელებს სჯერათ, რომ ადამიანს სიცოცხლე იმიტომ სჭირდება, რომ იმაზე უკეთესი გახდეს, ვიდრე არის და ადამიანს ყოველთვის შეუძლია საკუთარი ცხოვრების შეცვლა, თუ ამას მოინდომებს. ტიბეტელების აზრით კი ადამიანს ყველაზე მთავარ ძალას ლოცვა აძლევს და ამიტომაც ლოცულობდა ათასობით ტიბეტელი 1950 წელს, როცა კომუნისტური ჩინეთი თავს დაესხა დამოუკიდებელ ტიბეტს. თენზინ გიათსოს, ტიბეტელების მეთოთხმეტე დალაი-ლამას და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხის სულიერ ლიდერს, ძალიანაც სურდა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით, განსაცდელისაგან ეხსნა საკუთარი ქვეყანა, მაგრამ ჩინელი მაო ძე დუნი დარწმუნებული იყო რომ ჩინური სოციალიზმის ექსპორტის მიზნით,ûძალის გამოყენებაც შეიძლებოდა.
ტიბეტელები კი პირიქით, საუკუნეების მანძილზე თეოკრატიულ სახელმწიფოს ქმნიდნენ და აგრესია, თუნდაც მტრების მიმართ, აღარც არსებობდა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ქვეყანაში. ტიბეტი იყო და არის ყველაზე მაღალი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არამხოლოდ გეოგრაფიული გაგებით და ჩინელების ოკუპაციამდე ტიბეტში, ექვსი ათასამდე მონასტერი მოქმედებდა. ანექსიის პირველივე წლებში ჩინელებმა ნანგრევებად აქციეს მათი უმრავლესობა, ათასობით ბერი დახვრიტეს და ტიბეტმა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა. თეოკრატიულ ქვეყნებში, რელიგიური ლიდერები იმავდროულად პოლიტიკური ლიდერებიც არიან და ტიბეტის დალაი-ლამამ, იმჟამად თხუთმეტი წლის თენზინ-გიათსომ, უარი თქვა ნებისმიერ თანამდებობაზე დამპყროებელი ჩინეთის ხელისუფლებაში და ბრძოლა დაიწყო. თითქმის ათი წლის მანძილზე გრძელდებოდა ბრძოლა თავისუფლებისათვის, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი და მაშინაც კი, როცა დამპყრობელი ათასჯერ უფრო ძლიერი, დაუნდობელი და სასტიკია. თუმცა დალაი-ლამა მაინც შეეცადა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებას და მიუხედავად დიდი რისკისა, ის მაინც ჩავიდა ბეჯინში (და არა პეკინში, როგორც რუსებს ჰგონიათ) და შეხვდა მაო ძე დუნს, თუმცა ამაოდ. ჩინეთის ხელისუფლებაში ვერავინ გაიგო, რატომ ამბობდა თენზინ-გიათსო უარს დიდ თანამდებობებზე და ირჩევდა პატარა სამშობლოს.
თვითონ დალაი-ლამამ კი მშვენივრად იცოდა, რომ ეს იყო დევნისა და წამების, უსასრულო ტანჯვის არჩევანი, მაგრამ თენზინ-გიათსო მზად იყო ამ არჩევანისათვის, რადგან ის იყო ტიბეტის დალაი-ლამა, ტიბეტი კი იყო მისი ერთადერთი და განუმეორებელი სამშობლო...
თავდაპირველად ჩინელებმა ლოიალური დამოკიდებულება გამოამჟღავნეს ტიბეტელი ხალხის ტრადიციების, რელიგიისა და სახელმწიფოებრივი წყობის მიმართ, მაგრამ ცოტა ხანში, დევნისა და შევიწროების ფაქტებმა თავად ჩინელებივით იმრავლეს და 1959 წლის სახალხო აჯანყების დამარცხებისთანავე, თენზინგ გიათსო იძულებული გახდა რომ ტიბეტიდან ჩრდილოეთ ინდოეთში გახიზნულიყო.
1989 წელს ამ საოცრად ჭკვიან, განათლებულ და ნიჭიერ ადამიანს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში, რომელიც რამდენიმე ათეული წელია მუდამ ღიმილითა და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით ცდილობს მონატრებულ ტიბეტში დაბრუნებას.
ის ტიბეტელებიც, კატმანდუში რომ მიტინგს მართავდნენ სწორედ იმ დღეს, ჩვენ რომ ნეპალის დედაქალაქში ჩავედით, დევნილები იყვნენ და რა გული გამიძლებდა რომ მათთვის, სოლიდარობა არ გამომეცხადებინა. მიუხედავად იმისა რომ მაშინაც მეგონა და ახლაც მჯერა რომ თავისუფალი მხოლოდ ის არის, ვინც სხვის თავისუფლებაზეც ფიქრობს, მაგრამ იქვე, (მაშინვე), მგონი ისიც გავიფიქრე რომ ტიბეტელების მიტინგზე მარიშაც აუცილებლად მოვიდოდა. მარიშა არც იქ მოსულა და არც იმ სხვა მიტინგზე, რომელიც კატმანდუში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიმართა, თუმცა ჩვენ მაინც წავედით.
გაყრა-გამოყრა
კატმანდუში უამრავი ტურისტია, მაგრამ ნეპალში ჩვენი ჩასვლიდან მესამე დღეს, იმ ხალხმრავალ მიტინგს, რომელიც ჩხუბსა და სისხლიან შეტაკებაში გადაიზარდა, ქართველების გარდა, მხოლოდ ის უცხოელები ესწრებოდნენ, ვინც ჩვენთან ერთად აპირებდა ტიბეტში წამოსვლას. ჩემი ეჭვიც, რომ ჩვენი მომავალი ჯგუფის წევრები ჩვენსავით შპიონები იყვნენ, იმ ფაქტმაც გააძლიერა, რასაც იმთავითვე მივაქციე ყურადღება — რადგან მიტინგის შესახებ წინასწარ იცოდა მთელმა კატმანდუმ, უცხოელებიდან დილიდანვე არავინ გამოსულა გარეთ და ქუჩებშიც მხოლოდ ჩვენ დავბოდიალობდით: ოთხი ქართველი, ორი ამერიკელი, ორი იაპონელი, ორი ავსტრალიელი და ერთიც ებრაელი ამიტ — ყველანი ერთიდაიგივე ჯგუფის წევრები ტიბეტის მომავალი ექსპედიციიდან. კატმანდუს ვიწრო ქუჩებში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, შეგიძლია ტურისტული სააგენტოს აბრა ამოიკითხო და კარზეც ომახიანად დააკაკუნო.
ასეც მოვიქეცით და ტურისტული კომპანიის პატარა და მშვენიერ ოფისში აღმოვჩნდით. მასპინძლებმა ჩვენ, როგორც ტიბეტში მიმავალ ტურისტებს, სხვა ტურისტებთან ერთად, ინსტრუქციის სახით ლექცია ჩაგვიტარეს და ყველა ის რჩევაც გულმოდგინედ მოგვცეს, რომელთა გათვალისწინება ტიბეტში, აუცილებელი იყო.
ყველაზე მეტი სიმკაცრით გვთხოვეს არ წაგვეღო დალაი-ლამას ფოტო (შემთხვევით), რადგან ჩინელები, საზღვრიდან დაწყებული, მთელი ტიბეტის ტერიტორიაზე, უცხოელებს განსაკუთრებული მონდომებით ჩხრეკენ და განსაკუთრებული პრობლემები სწორედ იმ შემთხვევაში შეგექმნებათ, თუ თენზინ-გიათსოს ფოტოს გიპოვნიანო. რომ არ გავეფრთხილებინეთ, რასაკვირველია, აზრადაც არ მომივიდოდა დალაი-ლამას სურათის ტიბეტში წაღება, მაგრამ რადგან კატმანდუში ასე მკაცრად გვირჩიეს ამ მხრივ ყურადღებით ყოფნა, რაღა დასამალია და სამი დღის შემდეგ, როცა ჩინეთის (სინამდვილეში ტიბეტის) საზღვარს მივადექით, ყველა ჯიბეში დალაი-ლამას თითო ფოტო მაინც მედო. ის ტურისტებიც, ვისთან ერთადაც მოგვიწევდა ტიბეტში მოგზაურობა, სწორედ იმ ოფისში გავიცანით და ტურისტობისა (ჩვენი არ იყოს), მათაც არაფერი ეტყობოდათ.
ის მიტინგი კი, ნეპალელმა წითლებმა წითელი დროშების ფრიალით დაიწყეს და სანამ ჩვენს ჩამოივლიდნენ (რამდენიმე წამით ადრე), ყველა მაღაზია დაიკეტა და ხალხიც რამდენიმე წამში სადღაც გაქრა. ქუჩაში ვიდექით მხოლოდ ჩვენ, ჩვენი პატარა სასტუმროს წინ და მომიტინგეებსაც ალბათ შპიონები ვეგონეთ.
ჩაგვიარეს შეძახილებით ჩვენთვის გაუგებარ ნეპალურ ენაზე და გავყევით უკან. ვსდიეთ მანამ, სანამ არ შევეჩეხეთ პოლიციელებს. მოგვაწვნენ, მივაწექით (ჩვენ რატომ ვაწვებოდით, არ ვიცი). რეზიკო თაბუკაშვილს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ტაბახმელასთან გვაწვებოდა მეთერთმეტე არმია და ჩვენ კი ვიცავდით თბილისს. კატმანდუს ვიწროებში სტრატეგიულად დავმარცხდით — წინა რიგებიდან დაჭრილი მომიტინგე გამოიყვანეს და მივხვდი, რომ ბრძოლა წაგებული გვქონდა. ნეპალელ პოლიციელებს წელზე საბრზოლო კუკრი აქვთ შემორტყმული, რომელიც ხანჯალსა და ხმალს შორის გარდამავალ იარაღს ჰგავს, ოღონდ ფორმით ოდნავ მოღუნულია და ჩვენ, უიარაღოებს ადვილად გვძლიეს. შეტაკება მალე დასრულდა, რამდენიმე წამში ყველა მაღაზია ისევ გაიღო და დემონსტრანტებიც გაუჩინარდნენ.
კატმანდუს ქუჩებში ისევ გაჩნდნენ უცხოელები და ჩვენი უბანი ტამელიც ისევ ახმაურდა. ისევ ამოძრავდა რამდენიმე წუთით შეჩერებული მდინარე და ჩვენი სასტუმროს მეპატრონემ საიდუმლო გაგვანდო — ჯერ მომიტინგემ გაუყარა პოლიციელს დანა და მერე იმან გამოუყარაო — გვითხრა ჩუმად და მარჯვენა თვალიც მრავალმნიშვნელოვნად ჩაგვიკრა. მერე გაგვიღიმა და ასე გაღიმებულმა მოგვილოცა დამდეგი ახალი წელი და ერთი შეხედვით თითქოს სრულიად უდროოდ. თუმცა ჩვენ არ გაგვკვირვებია, რადგან ვიცოდით, რომ მეორე დღიდან ნეპალში, ჰინდუსთა კალენდრით, ახალი, 2054 წელი იწყებოდა. გოზინაყის გამკეთებელი ჩვენს შორის არავინ იყო, მაგრამ ზეიმის მიზეზი ჩვენც გვქონდა — ჩვენი კინოექსპედიციის ლეგენდარულ ოპერატორს, 1954 წელს დაბადებულ გიორგი ბერიძეს, მეორე დღეს, უმარტივესი გამოთვლით, დაბადებიდან 100 წელი უსრულდებოდა. რომელი ქართველი არ აღნიშნავდა ამ ძვირფას იუბილეს შორეულ კატმანდუში, სადაც გიორგი ბერიძეს ყველა კატმანდუელი ბავშვი იცნობდა, რადგან მისი კინოკამერა ყველა ქუჩაზე იდგა, სადაც რაიმე საინტერესო ხდებოდა, მაგრამ კატმანდუელმა ბავშვებმა, რასაკვირველია არ იცოდნენ, რომ გიორგი ბერიძე ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართველია, რომლის ნამუშევარიც ამერიკულ „ოსკარზე“ იყო წარდგენილი. თუმცა კატმანდუში გიო მგელაძეზე პოპულარული ქართველი, არავინ იყო და მას ყველგან ისეთი გახარებულები ხვდებოდნენ ხოლმე და ისეთი მონდომებით ართმევდნენ ხელს, რომ თვითონ გიოსაც კი უკვირდა.
როგორც აღმოჩნდა, კატმანდუელებს გიო მგელაძე, სწორედ ის ნეპალელი კინოვარსკვლავი ეგონათ, რომლის გამოც კინოთეატრების მისადგომებთან (უშველებელ რიგებში), ასობით ადამიანი იდგა ხოლმე და იმ ნეპალელ მსახიობს რაჯუ ერქვა. იმ რაჯუს დიდი ფოტო ვნახეთ კიდეც კინო-აფიშაზე და ნეპალელი მსახიობი კი არ ჰგავდა ჩვენს გიოს, არამედ გიო იყო, ოღონდ ნეპალელი. ნეპალური კინო კი, ისევე ვითარდება, როგორც ინდური კინო და ნეპალელი რაჯუ-მგელაძეც ისევე უმღერის ფილმებში შეყვარებულებს, როგორც ჩვენი ბავშვობისდროინდელი ინდური კინოს გმირები იმ თავის სატრფოებს, განიერ ხეებს რომ ეფარებოდნენ.
სხვათა შორის კატმანდუში, კინოსტუდიასაც ვეწვიეთ და იქაც ვნახეთ ერთი ადგილობრივი ვარსკვლავი, მოტოციკლეტზე ამხედრებულს, უამრავი ფანატიკოსი ქალი, კინოსტუდიის ჭიშკართან რომ შეეგება. ვარსკვლავს, აშკარად ეტყობოდა, მრავლად ეპკურებინა თმაზე ბრიოლინი და ფეხზე კი, სწორედ ისეთი კოვბოური ჩექმა ემოსა, ნიკო კახეთელიძეს რომ სიჭაბუკეში ჰქონდა სანამ ნაძალადევის რაიონის გამგებელი გახდებოდა. თუმცა კატმადნუს ერთ-ერთ ბაღ-რესტორანში, იმ საიუბილეო სუფრაზე, სადაც გიორგი ბერიძის ასი წლის იუბილე აღვნიშნეთ, სხვა მეგობრებიც გავიხსენეთ და იუბილარის ოპერატორულ მიღწევებზე საუბრის სემდეგ, კიდევ უფრო მეტი შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვეთ მომავალში. სამადლობელ სიტყვაში კი გიორგი ბერიძემ, განსაკუთრებულად ისაუბრა იმ ადგილის შესახებ, სადაც იუბილე იქნა გადახდილ და ეს იყო ღია ცის ქვეშ, ყვავილებში ჩაფლული რესტორანი, რომელიც მას ორთაჭალის ბაღებს აგონებდა.
შეკამათება კი დავაპირეთ, მაგრამ რეზო თაბუკაშვილმა სამართლიანად გაგვაჩერა — კაცს, რომელიც ასი წლის გახდა, ბუნებრივია ჩვენზე უკეთ ახსოვდა როგორი იყო ძველი თბილისი და რატომ ხატავდა ნიკო ფიროსმანი ორთაჭალის ტურფებს. შეიძლება გიორგი ბერიძე ცდებოდა შედარებაში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სინამდვილეს, როცა სინამდვილე შეიძლება ისეთიც იყოს, როგორიც შენ გინდა რომ იყოს, როცა იჯერებ, რომ ცხოვრობ მსოფლიოს ერთადერთ ქალაქში, სადაც დასავლეთი აღმოსავლეთს ხვდება და თანაც იქ ჯერ მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეა: ოპერაში ჯერ კიდევ დირიჟორობს იტალიელი ბარბიერი, რომელიც პარტიტურას არ ხმარობს და მტკვარს კი ჯერ არ დაუფარავს გენერალ მადათოვის კუნძული; კვირაობით სეიდაბადის კარით აქლემები შემოიზლაზნებიან ქალაქში და მეიდანზე აზიის უდაბნოების მტვერი და ქვიშა შემოაქვთ. თავაზიანი მეიდნის დარბაისლობა აზიის ქარებსა და ქარავნებს, ოდნავაც არ უფრთხის, რადგან მათ მშვენივრად მოეხსენებათ რომ ორბელიანების აბანო ყველაფერს წაშლის და ჩამორეცხავს სირცხვილის გარდა.
განა სირცხვილი არ იყო ამ ქალაქის დანგრევა და მასივების აშენება?
განა ძველი თბილისი ვერ დაგვიტევდა მეოცე საუკუნის ქართველებს, თუკი საუკუნით ადრე იგი მთელ სამყაროს იტევდა?
განა ამდენი უნდა დალიოს კატმანდუში ტიბეტისკენ მიმავალმა მგზავრმა?...
მარიშა
“რუჩკებს არ ენდოთ”
შალვა რამიშვილი
დილით გამეღვიძა გვიან.
კარგად გამოვიძინე და თავი არც მტკიოდა. ოთახში ვიყავი მარტო. (ალბათ გადაღებაზე ადრე წავიდნენ და არ გამაღვიძეს).
თავი არ მტკიოდა, მაგრამ ოდნავ მაწუხებდა სისხლძარღვების შევიწროება გუშინდელი ალკოჰოლის გამო. ცხელი შხაპი მეც მესიამოვნა და ჩემს სისხლძარღვებსაც. კარებზე დააკაკუნეს ისე მორიდებულად, როგორც ეს კატმანდუში ხდება. გავაღე და ვერც კი გავიღიმე. ზღურბლზე იდგა მარიშა — ლამაზი და ფხიზელი. ჰქონდა ზღვის სუნი და გამიკვირდა. ზღვა იყო ძალიან შორს, მარიშა კი ძალიან ახლოს.
ეცვა თხელი, ალბათ ჩითის კაბა და მაღალყელიანი შავი ბათინკები. ბათინკების დანახვისას ვიგრძენი საკუთარი სისხლი, აჩქარებით რომ დაიარა ჩემი სხეული და კიდევ უფრო გამიფართოვა წუხელნაწვალები სისხლძარღვები.
— pf[jlb — ვთქვი ჩუმად და კიდევ ერთხელ გამახსენდა, რომ რუსულად მეტყველება საკმაოდ მიჭირს, უფრო მეტად, ვიდრე თუნდაც ამ ხუთი, ან შვიდი წლის წინ.
— cgfcb,j, — მარიშამაც თქვა ჩუმად და ოთახში შემოვიდა. მახსოვს, რომ აჩქარებით მივხურე კარი და გასაღებიც გადავატრიალე. გასაღების გადატრიალებისას ხმამაღლა ჩავახველე და შემრცხვა, რომ ავჩქარდი. ამოვიცვი შარვალი და კიდევ ერთხელ შემრცხვა საკუთარი ფიქრის გამო. ადამიანი საკმაოდ სწრაფად ფიქრობს მაშინ, როცა ჩქარობს. ჯერ ვიფიქრე, რომ შარვლის ჩაცმა არ მჭირდებოდა.
რომელი იდიოტი ქართველი კაცი დაიჯერებს, რომ რუსი ქალი სხვა მიზნით შეიძლება გესტუმროს შინ და არა მიზნით სარეცელის გაყოფისა და მახსოვს როგორ შევავლე თვალი ჩემს არეულ სარეცელს. მერე ისიც გავიფიქრე, რომ შესაძლოა აუჩქარებლობა ჯობდეს, რადგან თუ ეს ქალი რეალური პროგრამითაა მოსული, შარვლის გახდას (მითუმეტეს ჩაცმას) ყოველთვის მოასწრებ. ამიტომაც ჩავიცვი და შარვლის ჯიბეში თბილისიდან სწორედ ასეთი (გაუთვალისწინებელი), შემთხვევისათვის წამოღებული „დიროლი“ მოვძებნე.
მარიშა იდგა ფანჯარასთან, ჩემსკენ ზურგით, სახით მზისკენ, ხელში წიგნით. და გამიკვირდა — შემოსვლისას წიგნი არ დამინახავს, დავინახე მზე, რომელიც მას აშიშვლებდა, ძალიან გამჭირვალეს ხდიდა მის თხელ (ალბათ ჩითის) კაბას და ძალიან მომინდა ახლოს მისვლა. მომინდა მიახლოება, ზურგიდან ხელების შემოხვევა მუცელზე და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მხრებზე კოცნა. მერე კისერზე, მერე მკლავებზე, თითებზე, თვალებში, ტუჩებში...
მერე შემობრუნდა ჩემსკენ და გამიღიმა ისე, როგორც ალბათ მისი წინაპრები უღიმოდნენ მონღოლებს რამდენიმე საუკუნის წინ, როცა მონღოლებს ზუსტად ისეთი სახეები ჰქონდათ მისი წინაპრების დანახვისას, როგორც ახლა მე და გაუბედავად, შეშინებულმა გადავდგი მხოლოდ ერთი ნაბიჯი. ვინ იცის, ამ პირველი ნაბიჯის გადადგმა, მონღოლებსაც ჩემსავით გაუჭირდათ, როცა ყიჟინით გადალახეს რუსეთის დაუცველი საზღვრები და პირველად აღმოაჩინეს ქალი, რომლის მსგავსი არასოდეს ენახათ.
მათაც ჩემსავით იგრძნეს საფეთქლებთან საკუთარი, ამღვრეული სისხლი და რა იცოდნენ მაშინ მონღოლებმა, რომ ამ ველური სისხლის გადასხმა რუსებისათვის, ახალი სიცოცხლის დასაწყისი იქნებოდა მათთვის. მეც ახალი სიცოცხლე მინდოდა. მეც მინდოდა ველური სისხლი. მეც ვგრძნობდი საფეთქლებთან საკუთარ სხეულს — ათრთოლებულს და აკანკალებულს იმ წამის მოლოდინში, როცა წამი, ყველა იმ საუკუნეებზე მეტია, რასაც კაცობრიობა ეწამება...
ალბათ მეც ნაწამები სახე მქონდა. ვიდექი გაუნძრევლად. ვიდექი მანამ, სანამ მარიშა თვითონ არ მომიახლოვდა, ბავშვივით არ მომხვია ხელი და ლოყაზე არ მაკოცა. შემრცხვა და თავი დავხარე.
ის იყო ჩემზე მაღალი და მართლა ვგავდი ბავშვს, როცა დედა ეალერსება პატარას და ის კი ცდილობს, რაც შეიძლება ნაწყენი სახე ჰქონდეს, გული აუჩუყოს დედას და ისიც კი გაახსენოს, რომ შარშან (მაგალითად), ველოსიპედი არ უყიდა. მე კი გამახსენდა ბებიაჩემი, რომელიც ასეთ კაბას „კრებდიშინს“ ეძახდა, უფრო სწორად, მახსოვს, რომ არსებობდა „კრებდიშინის“ კაბა და ეს ბებიაჩემისაგან ვიცოდი. არ ვიცოდი, რამდენად ჰგავდა „კრებდიშინს“ კაბა, რომელიც მარიშას ეცვა და რომელიც გადავწყვიტე, რომ მისთვის ზედმეტი იყო. მოგონილი სიმშვიდით შევუხსენი ზედა ღილი და მარჯვენა ხელით მოვძებნე შემდეგი. მან თავისი გაშლილი ხელისგული დაადო ჩემს ხელს და თქვა ჩუმად:
— yt yflj...
— why not — ვთქვი საპასუხოდ დავლატოვის მოთხრობის სათაური, ვთქვი ინგლისურად, როგორც მას უწერია (და როგორც მე მქონდა მომზადებული).
— yt yflj, — გაიმეორა მან და გავბრაზდი, უფრო მეტად საკუთარ თავზე, რადგან მომეჩვენა, რომ ავჩქარდი, მაინც ავჩქარდი.
— yt yflj, — თქვა კიდევ ერთხელ და ის ზედა, უკვე გახსნილი ღილი მარჯვენა ხელის თითებით შეიკრა, — nt,t yf gfvznm — მითხრა უკვე ხმამაღლა და მარცხენათი წიგნი გამომიწოდა.
მადლობა არ მითქვამს. წიგნი გამოვართვი და საწოლზე ჩამოვჯექი. ფეხებში ვიგრძენი სისუსტე და ამიტომაც ჩამოვჯექი.
ვიგრძენი ისიც, რომ შემეძლო მეტირა და ცრემლების შემეშინდა. შემრცხვა საკუთარი დამარცხების და მერე ჩემს საწოლზე ვიწექი, სახეს ვიფარავდი ხელებით და ვდუმდი.
— z pfdnhf etp;f., — ამბობდა მარიშა, — yfib [jnzn lj,hfncz lj ,fpjdjuj kfuthz tdthtcnf...
მე არაფერს ვამბობდი. ვიყავი ჩუმად და არაფერი მინდოდა, რადგან ვიყავი გულწრფელი და იქ, კატმანდუში, ჩვენი პატარა სასტუმროს პატარა ოთახში, მართლა მიყვარდა მარიშა — ქალი, რომელმაც ჩემს ოთახში ზღვის სუნი მოიტანა. მიკვირდა ის, რომ ზღვა იყო ძალიან შორს კატმანდუდან, მარიშას კი ზღვის სუნი ჰქონდა იმ დღეს. გამახსენდა რომ რუსებს არასოდეს ჰქონიათ ზღვა და ამიტომაც ხშირად აწუხებდნენ იმ მეზობლებს, რომლებიც ზღვის პირას ცხოვრობდნენ. მე კი მაწუხებდა საკუთარი მარცხი და მენატრებოდა ჰიმალაების თეთრი თოვლი — ორი დღის შემდეგ საკუთარი თვალით რომ უნდა მენახა. მაწუხებდა მარიშას უარი, მაშინაც კი, როცა ჩემს საწოლზე ჩამოჯდა ჩემს გვერდით და ჩემს გაუპარსავ ნიკაპს მსუბუქად შეახო საჩვენებელი თითი, მერე ორი თითი, მერე თითები.
მერე გაუპარსავ ლოყაზე ვიგრძენი მისი ხელისგული და თვალები დავხუჭე — შეიძლება სიამოვნებისაგან, შესაძლოა ბავშვობაში მოსმენილი ფრაზის გამო, რომელიც გამახსენდა სწორედ იმ შეხებისას და მომეჩვენა, რომ მარიშამ ის ფრაზა ზუსტად ამოიცნო: ქალი ძალიან ჰგავს შენს ჩრდილს და რაც მეტად უახლოვდები, უფრო გშორდება და რაც მეტად შორდები, უფრო გიახლოვდება. ამ უმარტივეს ფრაზას ალბათ ჩვენი ქართველი მამები თუ ამბობდნენ სუფრებზე და ამიტომაც მახსოვდა. ალბათ ამბობდნენ იმავე სუფრებზე, სადაც ჩვენ, პატარებს უკვე ჩაძინებულებს, გვაღვიძებდნენ და სუფრასთან გვაბრუნებდნენ, რათა სტუმრებისათვის კუტუ გვეჩვენებინა, რომელსაც ბიძიები რატომღაც პასპორტს ეძახდნენ (შესაძლოა ქვეცნობიერი მოთხოვნილების გამო ჰქონოდათ საკუთარი, ქართული პასპორტი).
ალბათ ამიტომ ეშინია ლაშა ბუღაძეს (დღემდე) ქართული სუფრის, სადაც ყოველ წუთს შეიძლება ვიღაც წამოდგეს და დაჟინებით მოითხოვოს მისგან ქვედასაცვლის ჩახდა ლექსისა და არამარტო ლექსის დემონსტრირებით. ამიტომაც, ალბათ ერთადერთი ხალხი ვართ მსოფლიოში, ყველაზე ეროტიულ სიტუაციაშიც კი, სუფრის გახსენება რომ შეგვიძლია და მეც, როგორც ქართველს, ჩვენი მრავალტანჯული ბავშვობის ეს უცნაური ატრიბუტი სწორედ მაშინ გამახსენდა, როცა მარიშამ, წეღან ლოყაზე ჩამოცურებული ხელი, ახლა თავზე გადამისვა და გვერდით მომიწვა. ახლა კი დანამდვილებით ვიცოდი, რომ არ მეჩქარებოდა. არც ავჩქარებულვარ.
მინდოდა დიდხანს, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ზღაპარი და ვმოძრაობდი ნელა, ისე მშვიდად, როგორც არასდროს — ფრთხილად გავუხსენი საკინძე, მერე კიდევ ერთი ღილი, მერე კიდევ ერთი და ფრთხილად ვაკოცე მკერდზე. მკერდი ჰქონდა ულამაზესი — ისეთი ლამაზი, როგორსაც ვერცერთი პროგრამისტი ვერ ააწყობს ვერცერთ კომპიუტერში და ეს ყველაზე კარგად, თვითონ მარიშამ იცოდა, რადგან გზად არანაირი ლიფი (გნებავთ აზღუდი), არ შემხვედრია.
და გზა გავაგრძელე — ვაკოცე მუცელზე და გამახსენდა ბათინკები და მაშინ კიდევ ერთხელ დავფიქრდი: ამ შავ, მაღალყელიან და მრავალთასმიან ბათინკებს ვინ გახდიდა მას, რადგან მე უკვე მოუთმენლად ველოდი წამს, როცა ჩვენ სხეულებს შორის გაქრებოდა ზღვარ და ჩვენ გავხდებოდით ერთი, მთლიანი და ჰარმონიული სხეული. და როცა ამ ჰარმონიამდე რჩებოდა მხოლოდ რამდენიმე, სულ რამდენიმე წამი, ჩვენი პატარა ოთახის კარზე ვიღაცამ ისე დააკაკუნა, როგორც ამას მხოლოდ ქართველები ახერხებენ ხოლმე. მიუხედავად კატმანდუსა (და საერთოდ ნეპალში) არსებული უდანაშაულობის პრეზუმციისა, მაინც ისე წამოვხტი, როგორც დამნაშავე და ფეხაკრეფით, შეშინებული მივუახლოვდი ჩემი ხელით გადარაზულ კარს. მივუახლოვდი კარს, სადაც მომდევნო ათი წუთი წელზეპირსახოცშემოხვეულმა გავატარე იმის ახსნაში, რომ ოთახში მარტო არ ვიყავი და შიგნით ახლა ვერავის შევუშვებდი, მითუმეტეს გიო მგელაძეს, რომელიც იმ მომდევნო ათი წუთის მანძილზე აკაკუნებდა მონოტონურად და ითხოვდა დაჟინებით „სულ ერთი წუთით შემოშვებას“. რასაკვირველია მარიშაც უკვე ჩაცმული იყო და ერთი წამით გავიფიქრე კიდეც რომ ამ ხამს შემოვუშვებ-მეთქი, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე და მაინც არ გავაღე კარი. და მართალიც ვიყავი: ერთი წუთი (მას) ნამდვილად არ ეყოფოდა იმის ამოსაცნობად, თუ რა ეტაპზე იყო ჩვენი ურთიერთობა და რაც მთავარია (როგორც ყოველთვის) მარიშას მერამდენედ დაპირდებოდა ახალ ფილმში გადაღებას, რასაკვირველია მთავარ როლში და სცენარის მოყოლასაც იქვე დაიწყებდა.
იმ სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარს კი, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდება, ერთ წუთში ადამიანი ვერ მოყვება და ამანაც შემაშფოთა. იმ ერთი საათის შემდეგ, მარიშას რომ ჩემთვის ეთქვა, მე და გიო ცოტა ხნით დაგვტოვეო, სულ არ გამიკვირდებოდა (ყოველ შემთხვევაში, ნოე ჟორდანიაზე მეტად გაკვირვებული სახე არ მექნებოდა — რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოტევა რომ მოახსენეს და ლენინმა მე რაფრა მიღალატაო, — შეიცხადა). არადა, გიო მგელაძეს ნამდვილად ჰქონდა უპირატესობა (ჩემთან შედარებით) და სავსებით რეალურიც იყო რომ მარიშას გიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა არჩევანი და ამიტომაც არ შემოვუშვი.
და ყველაფერი თავიდან დავიწყე.
თუმცა დაწყებამდე, მაინც დავუშვი (თეორიულად მაინც), რომ გიო მგელაძე ფანჯრიდან შეეცდებოდა ამოძრომას დაAფანჯრისაკენ მაინც (ყოველი შემთხვევისათვის), თვალი გავაპარე, მაგრამ ეს საშინელი აზრი, დაუყონებლად უკუვაგდე. წინა მცდელობასთან შედარებით, ახლა გაცილებით სწრაფად შევუხსენი ღილები მარიშას კაბას და კიედვ ერთხელ აღმოვაჩინე მისი ულამაზესი მკერდი, რომლის ცქერაც ალბათ არასოდეს მომწყინდებოდა, სხვა საქმეც რომ არ მქონოდა. იმ სხვა საქმისათვის რომ ჩავაცურე ხელი, ისევ ის თეორიული და საშინელი აზრი ამეკვიატა და ავდექი. მივედი ფანჯარასთან და მაინც გადავიხედე. მჯეროდა, რომ გიო არ იკადრებდა, მაგრამ მაინც გადავიხედე თუნდაც იმაში დასარწმუნებლად, რომ მესამე სართულზე ამოძრომა, ასეთი ხალხმრავალი ქუჩის მხრიდან, შეუძლებელი იყო.
დავრწმუნდი, დავმშვიდდი და შემოვბრუნდი. მარიშა დამხვდა ჩაცმული, ხელში კორტასარის წიგნით, თვითმფრინავში რომ მათხოვა:
— tne rybue ,the j,hfnyj, ne rybue z nt,t gjlfhbkf— თქვა და წავიდა. გააღო საგულდაგულოდ ჩარაზული კარი და წავიდა. წავიდა ისე სწრაფად, სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი. დავრჩი ხელამოგდებული (ალბათ დასამშვიდობებლად რომ გავიშვირე) და მასთან დამშვიდობებაც ვეღარ მოვასწარი. ვიდექი გაუნძრევლად. ვიდექი მანამ, სანამ ალბათ არ შემცივდა.
მერე ჩავიცვი და იქვე, საწოლთან დატოვებულ წიგნს დავხედე, რომელსაც დიდი ასოებით, ინგლისურად ეწერა სათაური:
Ali and Nino
არც იმ საღამოს, არც მეორე დღეს, არცერთს არ დავლაპარაკებივარ, გიორგი ბერიძეს ან რეზო თაბუკაშვილს რაღას ვერჩოდი, მაგრამ მაინც. სიმართლე რომ ვთქვა, გიო მგელაძესაც უდანაშაულოს სახე ჰქონდა, მაგრამ მთელი დღე მისთვის ხმა არ გამიცია, მხოლოდ ტიბეტში გამგზავრების წინ, ბარგს რომ ვკრავდით, ხელი გადამხვია და ღიმილის გარეშე მითხრა:
— მაინც ვერ მოტყნავდი...
— რატომ? — მაინც შევეცადე გაპროტესტებას.
— არ მოგცემდა, ძმაო და იმიტომ.
აღარ შევპასუხებივარ. ან რა აზრი ჰქონდა. იმ დღეს ბარგი შევკარით და კიდევ ერთხელ მივადექით იმ ტურისტული კომპანიის ოფისს, რომელიც ჩვენს გამგზავრებას ტიბეტში, კატმანდუდან უზრუნველყოფდა. ბოლო დარიგებები მოგვასმენინეს და ორი სინგაპურელი გოგონაც გაგვაცნეს — როგორც ჩვენი ჯგუფის ახალი წევრები. პატარა ავტობუსი, გათენებამდე მოგვაკითხავდა სასტუმროში და დასაძინებლად ადრე დავწექით. თუმცა დაძინება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რადგან დილით მივდიოდით ტიბეტში — ქვეყანაში, რომლის ნახვაზეც თითქმის იმ ასაკიდან ვოცნებობდი, როცა საერთოდ ოცნება ვისწავლე.
შეიძლება ამიტომაც ვერ დავიძინე. ავანთე სინათლე და წიგნი გადავშალე, რომელიც მარიშამ მაჩუქა და რომლის დახურვა არც მიფიქრია, სანამ არ დავამთავრე, სანამ არ ჩავიკითხე უკანასკნელი გვერდი კატმანდუდან ტიბეტისაკენ მიმავალი ავტობუსის ბოლო სკამზე. თავი არც ამიწევია და რეზიკომაც რამდენჯერმე მკითხა — ასეთი რა გაჩუქაო. თურმე მაჩუქა ზუსტად ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვასაც მეორე დღისთვის ვერაფრით გადადებ და ამიტომაც ბოლომდე რომ ჩავედი, მხოლოდ მერე დავიძინე. გამაღვიძა ჩვენი ავტობუსის საერთო ყიჟინამ: ფანჯარაში მთელის თავისის სიდიადით ჩანდა ჰიმალაის თეთრი მასივი, მაგრამ ჰიმალაის მწვერვალებამდე მელოდა კავკასიის მშობლიური ქედი — თავიდან აღმოჩენილი წიგნში, რომელიც მარიშამ მაჩუქა.
რა ვიცოდი, რომ იმ წიგნში მელოდა უცნობი საქართველო და საიდუმლოებით მოცული უცნობი ავტორიც, რადგან იმ წიგნზე ამოკითხული ქურბან საიდი, იმ ადამიანის ფსევდონიმი აღმოჩნდა, რომლის ნამდვილი ვინაობაც არავინ იცის. იციან მხოლოდ ის, რომ იგი დაიბადა ბაქოში, მეოცე საუკუნის დასაწყისში.
1921 წელს დატოვა მშობლიური ადერბეიჯანი და ერთხანს იმყოფებოდა ბერლინში, შემდეგ ვენაში და ბოლოს იტალიაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სრულიად ახალგაზრდამ, ოციან წლებში ავსტრიაში დაწერა რომანი „ალი და ნინო“ — წიგნი, რომელიც რამდენიმე ათეული წლით გაქრა და მარიშასთან ჩვენს შეხვედრამდე რამდენიმე წლით ადრე, გერმანელმა წიგნისმოყვარულებმა ხელახლა აღმოაჩინეს. თარგმნეს კიდეც რამდენიმე ენაზე და ამ წიგნს ახლა მთელი მსოფლიო კითხულობს. მთელმა მსოფლიომ უკვე იცის მუსულმანი ალი შირვანშირისა და ქრისტიანი ნინო ყიფიანის სასიყვარულო ისტორია, რომელსაც ასად ბეიმ თავისი რომანი უძღვნა, მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ რომანი და ალბათ ამიტომაც ჩამყვა ძილში იმ წიგნის ფერები და სუნი...
გამაღვიძა საყოველთაო ყიჟინამ — ჩვენი პატარა ავტობუსის უკვლებლივ ყველა მგზავრი, სიხარულისაგან გაფართოებული თვალებით უყურებდა თოვლიან მთების მასივს, რომელიც ნეპალსა და ტიბეტს, ერთმანეთისაგან ჰყოფს როგორც ბუნებრივი საზღვარი: სახელად ჰიმალაია...
სა-ზღვა-რი
ზღვა თუ ჰყოფდა ოდესღაც მიწებს და ჩვენმა წინაპრებმაც ალბათ ამიტომ მოიგონეს ეს სიტყვა იმ გამყოფის აღსანიშნავად, სხვა ქვეყნებსა და ხალხებს რომ აშორებდათ. შავი ზღვის იქით, სხვა ქვეყანა იყო, კასპიის ზღვის იქით — სხვა ხალხი ცხოვრობდა. შავ ზღვაში იყო თევზი, კასპიის ზღვაში — ნავთი. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ბაქოს ნავთობის ოთხმოცდათვრამეტი პროცენტი, ნაბიევისაგან ქართველებმა შეისყიდეს, მაგრამ ბაქოელმა ასად ბეიმ ისეთი კარგი წიგნი დაწერა ქართველებზე, იმ ერთ წიგნში სიამოვნებით დავთმობ კუთვნილ წილს — ოთხმოცდათვრამეტივე პროცენტს.
და რადგან კასპიის ნავთობის ურთულესი საკითხი, ასე იოლად მოვაგვარე გაღვიძებისთანავე, ჩვენი ჯგუფის დანარჩენი წევრების სიხარულს მეც სიამოვნებით შევუერთდი — ჰიმალაის თოვლიანი მწვერვალები ისე ლამაზად ჩანდა უღრუბლო ამინდში, რომ ძნელიც კი იყო იმ სიტყვისა და ფრაზის მოძებნა, ამ მშვენიერებას რომ აღწერდა. ჩვენც ვდუმდით და მართლა პირდაღებულები ვუახლოვდებოდით ამ საოცრებას და რასაკვირველია ბრძენი მოჰამედიც გამახსენდა, რომელიც ერთხელ (სხვათა შორის), მაინც აჩქარდა _ მან კაცთათვის ოთხი ცოლი მაშინ დააკანონა, როცა თავად ჰყავდა ოთხი ცოლი და ალბათ აღარც წარმოედგინა თუ ვინმე კიდევ შეუყვარდებოდა. თუმცა რადგანაც მოციქულის გარდა, კაციც იყო, ახალი, მეხუთე სიყვარული ისევე ეწვია, როგორც მოგვიანებით მეექვსე, მერე მეშვიდე, შემდეგ მერვე და ბოლოს მეცხრეც...
მახსოვს რომ როცა ტიბეტის საზღვარს მივადექით, მაშინ კიდევ ერთხელ გავიფიქრე თუ რას ეძებდა ან რას ემალებოდა მარიშა ჰიმალაის მთებში და პირველი თავის ტკივილიც ვიგრძენი, მაგრამ არა მარიშას, არამედ სიმაღლის გამო.
ჩვენი პატარა ავტობუსი გაჩერდა, ბარგი გადმოვალაგეთ და უღელტეხილისთვის მოვემზადეთ. ყველაზე მაღალი უღელტეხილის გადავლა მხოლოდ ყველაზე ძლიერი, მხოლოდ საბარგო მანქანით შეიძლება და ნახევარი საათიც დრო გვქონდა კოდარის (და არა კოდორის) ხეობაში უპირველესად საბუთებისა და პასპორტების გასამზადებლად. ხეობის გადაღმა, უღელტეხილის ûძირში (ხიდის მეორე მხარეს), მესაზღვრეების საგუშაგოს თავზე ტიბეტის აკრძალული დროშის ნაცვლად, ჩინეთის წითელი დროშა ფრიალებდა. დურბინდში კარგად გავარჩიე დროშის ფერიცა და ზედ გამოსახული ვარსკვლავებიც. ჩვენმა კატმანდუელმა გამყოლებმაც კიდევ ერთხელ აგვიხსნეს, რომ ვინაიდან ტიბეტი ამჟამად ჩინეთის შემადგენლობაშია, ხოლო ჩინელები, უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე, იშვიათად ხუმრობენ, საზღვართან მიახლოებისთანავე აუცილებლად მოგვეთხოვება სამაგალითოდ მოქცევა, რაც ჩვენ გავიგეთ ზუსტად ისე, როგორც გვესმოდა _ თბილისიდან წამოღებული კინოკამერა საგულდაგულოდ დავშალეთ და სხვადასხვა ზურგჩანთებში გადავანაწილეთ.
აგრეთვე გადავმალეთ ყველაფერი, რაც ჩვენის ვარაუდით, საეჭვოდ მოეჩვენებოდათ კომუნისტური ჩინეთის მესაზღვრეებს (თუ მოინდომეს, ნებისმიერი მესაზღვრისათვის (ნებისმიერ ქვეყანაში), ნებისმიერი ნივთი შეიძლება ძალიან საეჭვო იყოს). კადარზე გადებული ხიდის საკმაოდ გრძელი მონაკვეთი, რატომღაც ფეხით გადავიარეთ და ნეპალელ მესაზღვრეებს არანაირი განსაკუთრებული ყურადღება ჩვენთვის არ მოუქცევიათ. ხიდის ბოლოში კი, უკვე ჩინელი ჯარისკაცები იდგნენ, მაგრამ იდგნენ სწორედ ისე, როგორც მოსკოვში, მავზოლეუმის წინ დგანან წითელარმიელები და არ გამცინებია. ჩვენს პასპორტებს ამოწმებდნენ მონდომებით, მაგრამ ისე ზანტად, რომ როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ვიგრძენი როგორ დამეძაბა მთელი სხეული. ჩვენი ზურგჩანთებიანად ავძვერით საბარგო მანქანაზე, სადაც ჩვენი ჯგუფის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა, წვრილვაჭრებსა და გლეხებსაც რომ ჰგავდნენ და ისეთი სახეებით ჩასჭიდებოდნენ ძარაზე დამაგრებულ რკინის მოაჯირებს, რომ მივხვდი _ საშინელი გზა გველოდა. თუმცა რასაც არ უნდა მივმხვდარიყავი, მაინც ვერ შევძლებდი ბოლომდე იმის წარმოდგენას, რაც გველოდა. გასაკვირიც იქნებოდა რომ ჰიმალაებში, დედამიწის ყველაზე მაღალ უღელტეხილზე კარგი გზა დაგვხვედროდა, მაგრამ რაც გავიარეთ, იმის აღწერა შეუძლებელია.
Mერე, ტიბეტიდან დაბრუნების შემდეგაც, რამდენჯერაც გამახსენდებოდა ხოლმე ის გზა (კარგა ხანს), ზუსტად ისე მეშინოდა, როგორც მაშინ — როცა უფსკრულებსა და უძირო ხევებს ჩავხედავდი ხოლმე იმ ჩვენი ღია საბარგო მანქანიდან, ღრუბლებს ზემოთ რომ მიიწევდა უკვე და თვალებს ვხუჭავდი. მაშინებდა არა მარტო ცუდი გზა და უფსკრულები, მაშინებდა დაუჯერებელი სილამაზეც და თვალებს ვხუჭავდი უკვე გაიშვიათებული ჟანგბადის გამოც. ასეთი იყო და არც იყო თუშეთის გზა, როცა უნივერსიტეტის პირველკურსელები პირველად წავედით ომალოში და თორღვას უღელტეხილზე ჯარჯი აქიმიძემ ჭაჭის არაყი დამალევინა. მაშინაც მივდიოდით საბარგო მანქანით თუშეთის დაკლაკნილ გზებზე, მაშინაც ვიდექით ზემოთ, ძარაზე და მაშინაც შეშინებულები დავყურებდით ნისლებით ამოვსებულ უძირო ხეობებს.
თუმცა მაშინ სტუდენტები ვიყავით და ისეთი ჭაჭა გვქონდა რომ მართლა ძნელი წარმოსადგენი იყო როგორ დაუთმობდა ჩვენი საბარგოს მძღოლი გზას შემხვედრ სატვირთოს ან საერთოდ როგორ აუქცევდა ორი დიდი მანქანა გვერდს ერთმანეთს ამ საცალფეხო გზაზე. ეტყობა, თვითონაც არ იცოდა მანამ, სანამ არ ამოგვძახა, არაყი ხომ არა გაქვთო და ჩვენი არაყი ბოთლიანად ჩავაწოდეთ იმûთუშ მძღოლს. ჯერ ბოლომდე დაცალა ბოთლი, მერე თავი გამოყო და თუშეთის მთების გასაგონად რაღაც იყვირა.
მერე მანქანაც დაქოქა...
ჰიმალაის მთებშიც, ნეპალისა და ჩინეთის (სინამდვილეში ტიბეტის) საზღვარზე, გზაზე, რომელიც მთათუშეთის სამანქანო ბილიკივით ვიწრო იყო, ასევე შემოგვხვდა საბარგო მანქანა უღელტეხილზე და როგორც მაშინ, ახლაც ვერაფრით მივხვდი, როგორ არ აღმოვჩნდებოდით უფსკრულში და როგორც ჩანს, ჩვენი მძღოლიც იგივეზე იყო ჩაფიქრებული მანამ, სანამ არ ამოგვძახა — მოსაწევი ხომ არა გაქვთო. იმ მგზავრებმაც, წინ, მძღოლთან უფრო ახლოს რომ იდგნენ, ციმ-ციმ ჩააწოდეს და ჩვენმა მღოლმა ჯერ ღრმა ნაფაზებით, ბოლომდე მოწია შეკეთებელი პაპიროსი და მერე კი რაღაც იყვირა ჰიმალაის მთების გასაგონად. მერე მანქანაც დაქოქა...
პირველი სასაზღვრო ქალაქი იყო ზანგმუ და ჰგავდა ტყიბულს მოულოდნელი მრავალსართულიანი სახლებით, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ზანგმუში მრავლად ირეოდნენ ჩინელი ოფიცრები და ჯარისკაცები და ტყიბულში კი (სადაც ერთი წლით ადრე გავლით აღმოვჩნდით), მხოლოდ ერთმა კატამ გადაირბინა ქუჩაზე და ისიც მაშინვე გაქრა.
ზანგმუში კი გველოდა ხელახალი და გაცილებით სერიოზული შემოწმება, დაკითხვა და ჩხრეკა. ქვემოთ, ხიდთან, მხოლოდ შესავალი იყო იმასთან შედარებით, რაც ზანგმუში, ამ პატარა და უცნაურ ქალაქში დაგვახვედრეს ჩინელმა მესაზღვრეებმა. ჩვენი ქართული პასპორტები საგულდაგულოდ გადაფურცლა ყველამ, ვისაც არ დაეზარა და ნახეს ჩვენი დაშლილი კინოკამერის ნაწილებიც, მაგრამ საკმაოდ ადვილად დაიჯერეს, რომ ეს იყო მხოლოდდამხოლოდ ფოტოაპარტის დეტალები, რომელიც იმ მიზნით დავშალეთ, რომ გზაში არ დამტვრეულიყო. სინამდვილეში მშვენივრად მოგვეხსენებოდა, რომ კინოკამერის შეტანა ტიბეტის ტერიტორიაზე (კომუნისტური ჩინეთის ხელისუფლების მიერ), სასტიკად არკძალულია და ჩვენი განზრახვის ამოცნობა (მათ მიერ), ჩვენი ძვირფასი ტვირთის დაუყონებლივ ჩამორთმევას გამოიწვევდა. დაპატიმრება ალბათ არ დაგვემუქრებოდა, მაგრამ სავარაუდო იყო რომ ზემოთქმულის შემთხვევაში, ტიბეტში არ შეგვიშვებდნენ.
ჩვენ კი ძალიან გვინდოდა ტიბეტის ნახვა, რომელიც მთებში აშენებულ იმ პატარა ქალაქით დაიწყო, სადაც პირველი ჩინური ჩაი დავლიეთ და მერე ჩვენი ბარგი სატვირთო მანქანიდან ისევ ავტობუსში გადავიტანეთ. ავტობუსი იყო პატარა — აშკარად სოციალისტური წარმოების, რომელშიც ყველანი მოვთავსდით, მთელი ჯგუფი მძღოლისა და გამყოლის ჩათვლით. მძღოლისათვის სახელი არ გვიკითხავს, გამყოლს კი, ჯერ გიდს ვეძახდით, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, მგზავრობისაგან გამწარებულებმა (რომ აღარ გამოჩნდა ტიბეტის შეპირებული და აღთქმული დედაქალაქი), მოსე დავარქვით. მოსე-გიდმა, დავტოვეთ თუ არა ზანგმუ, ჩვენს დასანახად და გასაგონად, შვებით ამოისუნთქა — ხვალამდე ჯარისკაცები აღარ შეგვაწუხებენო და ნიალამამდე, ხმა არ ამოუღია. ნიალამი პირველი ტიბეტური სოფელი იყო, სადაც პირველი ტიბეტური ღამე გავათენეთ, მაგრამ როგორი იყო ნიალამი, მხოლოდ ბუნდოვნად დამამახსოვრდა, რადგან სოფელში რომ შევედით, უკვე ბნელოდა, დილით კი, გაიშვიათებული ჟანგბადის გამო, გონება უკვე საკმაოდ დაბინდული მქონდა. მახსოვს ოთახი, ხის მაღალი საწოლებით, სადაც ყველას ერთად გვეძინა ტანსაცმლიანად და მახსოვს დილის ჩაი, რომელიც დავლიე და დილის ფაფა, რომელიც ვერ შევჭამე. მახსოვს, რომ ვმოძრაობდი ზანტად და ინერციით და აშკარად მქონდა ამნეზიის (ალბათ საწყისი) ნიშნები და დებილი ბავშვივით დავყვებოდი დანარჩენებს.
დანარჩენებივით ავიტანე ზურგჩანთა ჩვენს მიკროავტობუსში და ეტყობა ისეთი სახე მქონდა რომ იაპონელებმა რაღაც აბები მომაწოდეს და ჩემი დახმარება გიომაც გადაწყვიტა და გასამხიარულებლად სალდო გამახსენა. Eტიბეტში წამოსვლამდე, ამ ყველაზე მხიარული სასწაულთმოქმედის ნახვა კატმანდუში, ჩვენი სასტუმროს ადმინისტრატორმა ისე დაჟინებით გვირჩია, რომ ყველანი სიამოვნებით წავედით. წავიღეთ ყველაფერი (რაც გამოგვადგებოდა გადასაღებად) და წამოგვყვა ჩვენი უბნის — ტამელის ყველა ბავშვი, ვისაც ეცალა და მდინარის პირას მოვძებნეთ სალდო. იყო გაურკვეველი ასაკის და იჯდა უშველებელ ქვაზე. გიომ ჰკითხა — აბა რა შეგიძლიაო და გიორგი ბერიძემაც კამერა მოიმარჯვა. სალდო წამოდგა და სწორედ იმ ქვასთან დაკავშირებით (წეღან რომელზეც იჯდა), ასეთი უცნაური ფრაზა გვაკადრა: ათი დოლარი მომეცით და აი ამ ქვას, აი აქ ჩამოვკიდებო. რასაც იგი გულისხმობდა ( ანუ რაზეც ჩამოიკიდებდა), იქვე წარმოადგინა კიდეც და ის თოკიც გვაჩვენა, რომლითაც (მისი განმარტებით) გადაბმა უნდა მომხდარიყო.
ხელოვნებისთვის (კინოც ხელოვნებაა) რას არ გაიღებს ქართველი კაცი და ჩვენც გავიღეთ ის ათი დოლარი ქართული კინოს ბედნიერებისათვის და იმ (ჩვენი ცოდვით სავსე) სალდომაც, ის (ალბათ ოცკილოიანი) ქვა (თუ მეტი არა), თოკით ჩამოიკიდა ზედ. მერე მარჯვენა ხელი ოსტატურად შეაშველა საკუთარ საჯაყს (დავით ქართველიშვილის ვერსია) და ის ლოდივით ქვა, მართლა ასწია. დაგველოდა კიდეც სანამ ჩვენს სახეებზე გაოცებას ამოიკითხავდა, მაგრამ რომ არ შევიმჩნიეთ არაფერი, თვითონ მიიღო გაკვირვებული და ძალიან დაბნეული გამომეტყველება. ჩვენ კი გაგვეცინა, საკმაოდ ხმამაღლა და გულწრფელად. რეზო თაბუკაშვილმაც, საკმაოდ სერიოზულად მოსთხოვა იმ სალდოს გადახდილი ფულის ნახევრის, ხუთი დოლარის უკან დაბრუნება — ჩვენ გვეგონა ხელს საერთოდ არ შეაშველებდი და ისე ასწევდიო. სალდომ კიდევ უფრო გაოცებული სახე მიიღო რეზოს შენიშვნაზე და აღშფოთებულმა ამოიოხრაც — ხელი რომ არ მიმეშველებინა, აბა როგორ ავწევდი ამოდენა ქვას, მხეცი ხომ არა ვარო. გიო მგელაძემ თბილისიდან წამოღებული, სკოლისდროინდელი ჩანგალი ამოიღო და კისერში გაიყარა — ფული უკან დააბრუნეო და იმ სალდომაც ისეთი განწირული ხმით იყვირა რომ ნახევარი კატმანდუ, რამდენიმე წამში ჩვენს ირგვლივ მოგროვდა.
რასაკვირველია უფრო სეირის საცქერლად, ვიდრე სალდოს დასახმარებლად, მაგრამ ის ხუთი დოლარი მაინც არ გამოვართვით — ხალხი არა ხართ, ასე რამ გაგამწარათ, ამ ქვისგან ნახეთ რა დღეში მაქვსო და შეგვეცოდა.
რომ არ წამოვსულიყავით, ისევ ამოიღებდა, ისევ გვაჩვენებდა და ამას კი, ნაღდად ვეღარ გავუძლებდით. წამოვედით დამარცხებულები, გაბრაზებულები და ნაწყენები საკუთარ გულუბრყვილობაზე, ტურისტულმა ცნობისმოყვარეობამ, ათი დოლარი რომ დაგვაკარგვინა და ათი დოლარი კატმანდუში, დიდი ფულია. ათი დოლარი აქ, ტიბეტშიც დიდი ფულია, მაგრამ ჰიმალაებში სალდოს გახსენებაზე, წყენა სადღაც გაქრა და მიუხედავად დამძიმებული თავისა, მაინც სიამოვნებით გამეღიმა. გამეღიმა და იმდენად საეჭვოდ გაღიმებული დავრჩი რომ გიორგი ბერიძემ ავტობუსის გაჩერება მოითხოვა. მძღოლმა თქვა, ხუთ წუთში ისედაც ვჩერდები, ექვსი ათასი მეტრის სიმაღლეს ვუახლოვდებით და შესვენება ისედაც გეკუთვნითო. კუთვნილმა შესვენებამ, როგორც ჩანს, ძალიან მარგო.
შესაძლოა იმ აბებმაც იმოქმედეს ჩემს ორგანიზმზე დადებითად, ჩვენმა იაპონელებმა რომ გადამაყლაპეს და ფაქტია, რომ შუადღის შემდეგ გავცოცხლდი — სამყაროს აღქმის ჩვეულებრივი, ნორმალური უნარიც დამიბრუნდა. შუადღის შემდეგ აღარ მტკიოდა თავი, აღარ მიმძიმდებოდნენ ქუთუთოები, აღარ მიშრებოდა პირი, აღარ მაშინებდა აჩქარებული სუნთქვა და აღარ მაწუხებდა უცნაური კითხვა: ვინ ვიყავი, საიდან მოვდიოდი, როგორ მოვხვდი ამ უცნაურ ავტობუსში და საით მივდიოდი. თუმცა შუადღის შემდეგ დანამდვილებით ვიცოდი, რომ ვიყავი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში მიმავალი ქართველი მგზავრი და ეს ყველაფერი კი ჰიმალაის მთებში ხდებოდა...
ჰიმალაია
ჰიმალაია და არა ჰიმალაი, როგორც შეცდომით ვუწოდებთ ხოლმე დედამიწის ამ უდიდესი მთების მასივს, რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ვრცელდება და ჰიმალაია ისეთ მწვერვალებსაც მოიცავს, რომლებიც ბუნებრივი საზღვრების ფუნქციასაც ასრულებენ მეზობელ ქვეყნებს შორის. ასეთია მსოფლიოს უდიდესი მწვერვალი ევერესტიც და ამიტომაც დედამიწის უმაღლეს წერტილამდე ასვლა როგორც ტიბეტის, ასევე ნეპალის მხრიდანაც შეიძლება. როდესაც პირველი ექსპედიციები გამოჩნდნენ ჰიმალაის მთებში და ალპინისტებმა რვაათასიანებზე ასვლები დაიწყეს, მათი მარშრუტები სწორედ იმის მიხედვით იგეგმებოდა ან იცვლებოდა, რომელი ქვეყნის მთავრობაც უფრო კეთილად იყო განწყობილი ევროპული ინიციატივების მიმართ. პოლიტიკურის გარდა, ექსპედიციისათვის ნებართვის მიცემისას, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი რელიგიაც იყო და ამიტომაც ერთხელ (მეოცე საუკუნის დასაწყისში) მწვერვალ კანჩენჯანღაზე, რომელიც წმინდა მთად ითვლებოდა, ინგლისელებმა ბოლომდე არ ავიდნენ და როცა მწვერვალამდე მხოლოდ ხუთი მეტრი რჩებოდა, უკან დაეშვნენ. ვისაც ერთხელ მაინც დაუდგამს ფეხი რომელიმე მწვერვალზე, ადვილად მიხვდება, რა მტკივნეული იქნებოდა ინგლისელი ალპინისტებისათვის რვაათასიანი კანჩენჯანღადან ისევ ქვემოთ დაბრუნება. მაგრამ მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, რადგან სიტყვა მისცეს ნეპალის მეფეს და ჯენტლმენურად შეასრულეს კიდეც.
ჰიმალაიში ახლაც არის ასეთი მწვერვალები და, მაგალითად, ნეპალის მშვენება, ჩემი საყვარელი მწვერვალი მაჩაპუჩრე (იგივე მაჩაპუჩარი), დღემდე ფეხდაუდგმელია. და სანამ მასზე, როგორც უწმინდეს მთაზე, ტაბუ არ მოიხსნება, ვერავინ შეძლებს ასვლას. ჩუმად, ხელისუფლებისაგან მალულად, ამის გაკეთება პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ყველა მწვერვალი მკაცრად კონტროლდება და აქაური კანონის დამრღვევს საშინელი სასჯელი ელის. მინიმუმალური სასჯელიც კი, ნებისმიერი მთამსვლელისათვის მძიმეზე მძიმე განაჩენია _ იგი ვერასოდეს ნახავს ჰიმალაის სანატრელ მწვერვალებს.
ყველაზე დიდი ინტერესი, თოთხმეტ რვაათასიანს შორის, რა თქმა უნდა, იმთავითვე ევერესტის მიმართ არსებობდა. თუმცა საკმაოდ დიდხანს, თითქმის მეოცე საუკუნემდე, დედამიწის უმაღლეს მწვერვალად დაულაგირი ითვლებოდა (იყო სხვა მოსაზრებებიც). ჩვენი საუკუნის დასაწყისში კი, პოლკოვნიკ ევერესტის წყალობით, კამათი შეწყდა და დედამიწის უმაღლეს მწვერვალს სწორედ მისი სახელი ეწოდა. თუმცა, ევროპელებისაგან განსხვავებით, სამყაროს უდიდეს მთას ნეპალელები საგარმათხას, ხოლო ტიბეტელები ჩომოლუნგმას ეძახიან.
მოხდა ისე, რომ ალპინისტებმა რვაათასიანებს შორის, პირველად არა ჩომოლუნგმაზე, არამედ ულამაზესსა და უმშვენიერეს ანაპურნაზე შეძლეს ასვლა 1950 წელს და იმ ფრანგულ ექსპედიციას ლეგენდარული მორის ჰერცოგი ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, თავდაპირველად ასვლა დჰაულაგირზე იყო დაგეგმილი და სოფელ ტუკუჩადან, სადაც მათი საბაზო ბანაკი განლაგდა, გამუდმებით აწარმოებდნენ კიდეც დაზვერვით სამუშაოებს, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ მწვერვალის მისადგომებს საკმაოდ მიუახლოვდნენ, მაინც მიიჩნიეს, რომ გზის გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი და ნილგირის ხეობებით გეზი ანაპურნას მიმართულებით აიღეს. იმ უღელტეხილს კი, რომელიც ჰერცოგის ექსპედიციამ დაულაგირის მიმართულებით გადაიარა, ახლაც ფრანგების სახელი ჰქვია, ხოლო სოფელ ტუკუჩაში, ადგილობრივ ოჯახებში დღემდე აქვთ შენახული დიდ ფრანგებთან ერთად გადაღებული სამახსოვრო ფოტოები. ისინი მართლაც უდიდესი ალპინისტები იყვნენ და საფრანგეთის ხელისუფლებამ ანაპურნადან დიდებებით დაბრუნებულ მორის ჰერცოგს საფრანგეთის უმაღლესი ეროვნული ჯილდო უბოძა. იგი ფრანგი ხალხის ეროვნული გმირი გახდა და მშობლიური ქალაქის მერადაც კი აირჩიეს. ბუნებრივია, ყველამ არ იცოდა საფრანგეთში, რა იყო ალპინიზმი ზუსტად, მაგრამ თითოეულმა მათგანმა დაიჯერა, რომ რაც ჰერცოგის ექსპედიციამ შეძლო, უდიდეს გმირობასთან იყო დაკავშირებული და ფრანგებიც სამართლიანად დღემდე ამაყობენ ანაპურნაზე პირველამსვლელების სახელებით.
ჩომოლუნგმაზე კი (ანუ იგივე ევერესტზე), მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1953 წელს დადგა პირველად ფეხი ადამიანმა და საკმაოდ დიდხანს საიდუმლოდ დარჩა კიდეც ევერესტზე პირველამსვლელის ვინაობა. Kარგა ხანს არავინ იცოდა სიმართლე, ვინ ავიდა სინამდვილეში პირველი: ახალზელანდიელი ედმუნდ ჰილარი თუ შერპა თენსინგ ნორგეი. მხოლოდ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე თენსინგ ნორგეიმ შეთანხმებული დუმილი შეგნებულად დაარღვია და აღიარა, რომ მწვერვალამდე მარშრუტი მასზე წინ ედმუნდ ჰილარიმ გაიარა.
ედმუნდ ჰილარსა და თენსინგ ნორგეიმდე რამდენიმე თავგანწირული მცდელობა იყო ჯომოლუნგმაზე ასვლისა და მათ შორის განსაკუთრებული პატივის ღირსი, რა თქმა უნდა, მორის ვილსონია, რომელმაც რაც კი ებადა, ყველაფერი გაყიდა აკვიატებული, მაგრამ სანუკვარი მიზნის მისაღწევად.
მშობლიური ინგლისიდან ერთადგილიანი, საკუთარი თვითმფრინავით გაფრინდა ჰიმალაისაკენ და მწვერვალებს მიღწეულმა, ის თვითმფრინავიც პროდუქტებში გადაცვალა, რათა რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ევერესტზე ასულიყო და საკუთარი თავისა და კაცობრიობისათვის დაემტკიცებინა, რომ მთავარია უზარმაზარი სურვილი და რწმენა და ადამიანი შეუძლებელსაც შეძლებს.
მორის ვილსონმა ევერესტისკენ მიმავალ გზაზე, უკანასკნელი ბუდისტური მონასტერი დატოვა და მწვერვალისკენ დაიძრა, მაგრამ იმ დღის შემდეგ იგი ცოცხალი აღარავის უნახავს. ნახეს ერთი წლის შემდეგ, ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორც მოკვდა _ სახით მწვერვალისაკენ და ყინულში თითებჩარჭობილი _ მას ძალა აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც მიიწევდა აუხდენელი და სანუკვარი ოცნებისაკენ...
მორის ვილსონის გარდა სხვებიც იყვნენ, მარტომარტო რომ ცდილობდნენ ევერესტზე ასვლას (და არა მის დაპყრობას, როგორც ჟურნალისტები ამბობენ), მაგრამ სწორედ იგი შევიდა ჰიმალაისა და ალპინიზმის ისტორიაში, როგორც სიმბოლო ადამიანის დაუცხრომელი სწრაფვისა საკუთარი შესაძლებლობების გადასალახად.
მორის ვილსონამდე კი, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში, ინგლისელებმა კარგად ორგანიზებული, დიდი ექსპედიცია მოაწყეს ჩომოლუნგმაზე და ამ ექსპედიციის შედეგები დღემდე საკამათოა. მაგრამ, რადგან ჯერჯერობით ინგლისელი ალპინისტების ირვინგისა და მელორის მწვერვალამდე მიღწევა არ დასტურდება, პირველწარმატებულად ითვლება ევერესტზე ჯონ ჰანტის 1953 წლის ასვლა _ სწორედ ის ექსპედიცია, რომლის წევრებიც იყვნენ ჰილარი და ნორგეი.
რაც შეეხება სრულიად ახალგაზრდა ინგლისელ მთამსვლელებს (უმამაცეს ირვინსა და მელორის), მათ, სხვათა შორის, კინოკამერაც ჰქონდათ (ერთ-ერთი პირველი გამოშვებისა) და თუ ოდესღაც მოხერხდა მწვერვალზე დაკარგული ფირის პოვნა, კომპანია `კოდაკმა~, მზადყოფნა გამოთქვა, ხარისხისა და მდგომარეობის მიუხედავად, გაამჟღავნოს ფირი და საბოლოოდ გაირკვეს სიმართლე.
მიუხედავად იმისა, რომ მელორისა და ირვინგის პირადი ნივთები მწვერვალიდან ძალიან ახლოს იპოვნეს, ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, ისინი ასვლისას დაიღუპნენ თუ უკანა გზაზე დაშვებისას, როგორც გამარჯვებულები. და რადგანაც ასე ხშირია მთაში სიკვდილი, ალპინიზმთან დაკავშირებით (მაინც რატომ მიდიან ადამიანები მთაში), ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ ყველაზე კარგი პასუხის ავტორი, მაინც ყველაზე მაგარი ალპინისტი რაინჰოლდ მესნერია, რომელმაც მარტივად და ზუსტად განმარტა ამ ვნების საიდუმლო _ მაინც მიდიან, რადგან ევერესტი არსებობს...
მეორე ღამე
„მარკო პოლომ იცოდა, რომ ადამიანთა წარმოდგენებში არსებული სამყარო ისეთივე რეალურია, როგორც სამყარო, რომელსაც ადამიანები რეალურს უწოდებენ“.
ხორხე ლუის ბორხესი
იმ სოფელს, სადაც მეორე ტიბეტური ღამე გავათენეთ, ტინგრი ერქვა და როგორც წესი, მეორე ღამე პირველზე უფრო მშვიდია. თუმცა ასეთი მშვიდი ცა მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო და ტინგრი ვესტის პატარა სასტუმროს აივანზე, დილამდეც დავრჩებოდი რომ არა სიცივე და იმ ვეებერთელა ვარსკვლავების ცქერაც, ალბათ არ მომბეზრდებოდა. ცასთან კი ისე ახლოს ვიყავი რომ იმ კომეტას, რომელიც ჩვენს თავზე ეკიდა, ხელითაც კი მივწვდებოდი. ეს კომეტა მანამდე (ტიბეტში წამოსვლამდე), გარეჯის ცაზეც ვნახე, მაგრამ გარეჯის უდაბნოდან ის მაინც ძალიან შორს იყო და ტიბეტში კი იმ ღამეს ისიც მომეჩვენა რომ სხვა ცივილიზაციებთანაც ძალიან ახლოს ვიყავი. მერე ისიც ვიფიქრე რომ საუკუნეების მანძილზე ტიბეტი, ალბათ ამიტომაც იყო უცნობი და ყველაზე საიდუმლოებით მოცული ქვეყანა, სადაც შეღწევა, მითუმეტეს დასავლეთიდან, შეუძლებელი იყო. თუმცა მაინც შეაღწიეს და პირველი ევროპელი, ვინც ტიბეტში იმოგზაურა, მარკო პოლო იყო.
თუმცა მარკო პოლო მხოლოდ ვაჭარი იყო და მისგან სინდბადიც არ გამოვიდა, მაგრამ ის მაინც იგრძნო, რომ ტიბეტის მისტიკა მისთვის მიუწვდომელი იქნებოდა თუნდაც ფულის გამო, ხშირად რომ ითვლიდა თუნდაც პროფესიის კარნახით და ტიბეტში ყველაზე ადვილად ის შეამჩნია, რომ ტიბეტებელი ფულს, მარილისაგან ამზადებდნენ. პირველივე ღამეს, როცა ტიბეტელმა მასპინძელმა მარკო პოლოს, როგორც კეთილ სტუმარს, ოჯახის ასულთან ერთად დაძინება შესთავაზა, მან იფიქრა, რომ თვითონ იყო ველური ვენეციის მოქალაქე და არა ისინი, ვინც ველურებად მოეჩვენა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ქვეყანაში ვაჭრობა ცუდად იყო განვითარებული მშობლიური ვენეციისაგან განსხვავებით. ეს არ იყო მისი პირველი და ერთადერთი შეცდომა და მარკო პოლოს წიგნში უამრავი შეცდომაა. თუმცა მარკო პოლოს წიგნს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ასეა ცნობილი, სინამდვილეში ის პიზელი პატიმარი წერდა, ვინც მარკო პოლოსთან ერთად, გენუის ციხის იმავე საკანში იჯდა, სადაც დიდი ვაჭარი და მოგზაური სასჯელს იხდიდა. მარკო პოლო მხოლოდ კარნახობდა, თანაც რამდენიმე წლის დაგვიანებით და რა გასაკვირია, რომ ზოგჯერ ქვეყნების სახელებიც კი, ერთმანეთში არეოდა. ტიბეტისა არ იყოს, ზუსტად არ ახსოვდა საქართველოში იმ ტბის სახელიც, სადაც მისივე თქმით თევზი მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როცა თევზი ხსნილი იყო, ხოლო მარხვის დროს, თევზები ქრებოდნენ. ღვაწლი კი მარკო პოლოსი, მაინც განუზომელად დიდია _ მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით გაიგო, რატომ უნდა სცოდნოდათ უძველესი მედიცინის საიდუმლოებები მაინცადამაინც ხევსურებსა და ტიბეტელებს, ციხეში დრო უქმად არ დაუკარგავს და რამდენ ადამიანს, შინიდან გაუსვლელად, რამდენი ქვეყანა გააცნო.
ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა იმ რუსტიჩანოს — თანასაკნელ პატიმარს გაუმართლა, რომელმაც საკნიდან გაუსვლელად ისეთი ამბები გაიგო, რომ ალბათ თავის პროკურორს მადლობის წერილიც კი გაუგზავნა დაპატიმრებისათვის. თურმე რუსტიჩანოს, ფეხი ფეხზე გადადებულსა და ზედა ნარზე წამოწოლილს, ტიბეტის ხსენებაზე, ქვემო ნარზე წამოგორებული მარკო პოლოსათვის გადმოუხედავს და შეშინებულს უკითხავს, ტიბეტში თოვლის კაცი ხომ არ შეგხვედრიათო. თოვლის კაცის, იეტის ხსენებაზე, დიდვაჭარსა და მოგზაურს, ჯერ გაღიმებია, მერე სერიოზული გამომეტყველება მიუღია და სერიოზული სახითვე, იქით მიუმართავს კითხვით რუსტიჩანოსათვის — თქვენ საიდან იცით, რომ ტიბეტში თოვლის კაცი ცხოვრობსო. რუსტიჩანოს კი სწყენია მარკო პოლოს შეკითხვა, მაგრამ არ შეუმჩნევია წყენა და ნაძალადევი ღიმილით უპასუხნია — ტიბეტში რომ იეტი ცხოვრობს, ხომ ვიცი და ვიცი და ისიც კარგად მომეხსენება, რომ სადღაც იქვე, შამბალა უნდა იყოსო.
ამაზედ სულ გადარეულა მარკო პოლო და სწორედ მაშინ გასჩენია ეჭვი, რომ მისი თანასაკნელი რუსტიჩანო, არა ჩვეულებრივი კრიმინალი, არამედ პროფესიონალი ნასედკა იყო. ეჭვი კი გასჩენია, მაგრამ იმისი არ იყოს, არც ამას შეუმჩნევია რამე და პატიმრობის დარჩენილი დღეები ისევ ურთიერთგაღიმებასა და ზრდილობიან მასლაათში გაუტარებიათ. გენუის ციხეში, იმ ორადგილიან საკანში, ჩხუბსა და აყალმაყალს, აბა რა აზრი ჰქონდა მაშინ და მარკო პოლომაც უცებ გაიაზრა უკეთესი არჩევანი, ქვედა ნარზე ძველებურად წამოწვა და აღიარა, რომ პირადად იეტს ტიბეტში არ შეხვედრია, მაგრამ შეეძლო მოეთხრო რუსტიჩანოსათვის ყველაფერი, რაც კი იცოდა თოვლის კაცის შესახებ და მოუთხრო კიდეც.
— ვაა! — იძახდა შეშინებული რუსტიჩანო.
— მაშ! — ამბობდა აღელვებული მარკო პოლო და ყვებოდა იმ ტიბეტელი მონადირის შესახებ, ღამით, გამოქვაბულში, უცნაურმა ხმაურმა რომ გამოაღვიძა და გაკვირვებულმა თვალები მოიფშვნიტა: გამოქვაბულის შესასვლელში უზარმაზარი, ტანზე უხვადთმაშემოსილი კაცი იდგა და გამოქვაბულში უკვე ჩამქრალი კოცონის მიმართულებით, კენჭებს ისროდა.
ტიბეტელ მონადირეს შიშის დრო აღარ ჰქონდა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე და მომარაგებული შეშისაგან ისეთი ცეცხლი ააგიზგიზა, თოვლის კაცმა იფიქრა, ვიღაცაა (ოხერი) ჩემზე უარესი შემხვდა, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და გამოქვაბული დატოვა. მაგრამო, — თქვა მარკო პოლომ და რუსტიჩანოს ახედა, — თოვლის კაცებზე საშიშები, თოვლის ქალები არიან, ანუ მდედრობითი სქესის იეტებიო და უცებ ისიც აღმოაჩინა, რომ შეშინებული რუსტიჩანო აღარაფერს იწერდა.
— კალამი მოიმარჯვე, რუსტიჩანო, ეს სიმღერას უხდება! — ომახიანად წამოიძახა მარკო პოლომ, მაგრამ თანამესაკნეს აღარ ემღერებოდა, რადგან თოვლის ქალები, თოვლის კაცებზე აგრესიულები აღმოჩნდნენ და ზემოთქმულის დადასტურება, ნებისმიერ ტიბეტელს შეუძლია. ნებისმიერი ტიბეტელი იმ შემთხვევაზეც გიამბობთ, ჩვენ რომ გუშღამ ზანგმუ გამოვიარეთ, იქ რომ მოხდა: მძინარე კაცს თურმე მაშინ გამოეღვიძა, სახლის იატაკი საეჭვოდ რომ აჭრიალდა. იატაკი ხის იყო და შეშინებულმა კაცმა სასწრაფოდ აანთო ტიბეტური სანთელი — იქვე ოთახში გრანდიოზული სიდიდის შიშველი ქალი იდგა, უზარმაზარი, ჯერარნახული მოცულობის მკერდით. კაცმა მხოლოდ ერთხელ მოასწრო დაყვირება და გრძნობა დაკარგა (თვითონ მოგვიანებით კი ამბობდა დარტყმისაგანო, მაგრამ სავარაუდოა რომ შიშისაგან). ყვირილის ხმაზე, მეზობელი ოთახიდან, სახლიკაცი შემოვარდა, მაგრამ მასაც იგივე ბედი ეწია, რაც პირველს — თოვლის ქალმა ისიც თოკით დააბა იმავე ბამბუკის საწოლზე და ორივენი გააშიშვლა. მდედრი იეტი მთელი ღამე გულმოდგინედ აკვირდებოდა შიშველ კაცებს და გაოცებას ვერ მალავდა იმ ფაქტის გამო, რომ მას ორი დიდი ძუძუ ჰქონდა, მათ კი — არაფერი სხეულის იმავე მონაკვეთზე.
თოვლის ქალს აკვირვებდა ისიც, რომ კაცებს, ფეხებს შორის (თანაც ორივეს), რაღაც ხორცმეტი ებათ და იმას (იმავე ადგილას) არაფერი ეკიდა ამის მსგავსი. რამდენჯერმე ხელით მოსინჯა კიდეც ორივე ხორცმეტი და თვალებიც ბავშვივით გაუფართოვდა — ისე, როგორც პატარები ვერ მალავენ ხოლმე სიხარულს, ახალი სათამაშოს დანახვისას. ითამაშა, გული იჯერა და გამთენიისას ჩაეძინა კიდეც დაღლილსა და ღამენათევს. ხორცმეტამოგდებულ, გაკოჭილ კაცებს, ხვრინვისმაგვარი ხმა რომ შემოესმათ, ერთმანეთის დახმარებით თავი გაითავისუფლეს, საჩქაროდ ჩაიცვეს და საშველად მეზობლებს უხმეს, მაგრამ მეზობლებთან ერთად უკანმობრუნებულებს, სახლში აღარავინ დახვდათ — თოვლის ქალი წასულიყო და მის ყოფნას ოთახში რამდენიმე წუთის წინ, მხოლოდ ნიორის მძაფრი სუნი ადასტურებდა.
— ნიორი რა შუაშია? — გააწყვეტინა რუსტიჩანომ მარკო პოლოს და ამ უკანასკნელმა მხრები აიჩეჩა:
— ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ თოვლის კაცებსა და ქალებს ნიორის საშინელი სუნი ასდით. ალბათ არც არავინ იცის რატომ. თუმცა მათი განსაკუთრებული დაინტერესება ადამიანთა სექსუალური ცხოვრებით, ჩემთვის გასაგებია, — თქვა მარკო პოლომ და წყალი მოსვა. მერე წამოდგა, საკნის გისოსებიანი სარკმელი მერამდენედ მოსინჯა ხელით და გააგრძელა:
— იყო შემთხვევაც, როცა თოვლის ქალმა ტიბეტური სოფლიდან მამაკაცი გაიტაცა და რამდენიმე წლის განმავლობაში (პირადი მოხმარების მიზნით) გამოქვაბულიდან არც გამოუშვა.
რამდენიმე წლის შემეგ გატაცებული კაცი მშობლიურ სოფელს კი დაუბრუნდა, მაგრამ ლაპარაკისა და აზროვნების უნარი საბოლოოდ დაკარგული ჰქონდა. იტკიებდა სასქესო ორგანოს და ამბობდა მხოლოდ ერთ სიტყვას — „ვავა“, ვერ იტანდა ნიორს და ხელების მოძრაობით წინასწარმეტყველებდა სილიკონის გამოყენებას მკერდის გასადიდებლად.
— და შამბალაზე რას მეტყვით? — კიდევ ერთხელ გააწყვეტინა რუსტიჩანომ.
— შამბალაზე სხვა დროს, — თქვა მარკო პოლომ, გადაბრუნდა და დაიძინა.
Wish you were here
ვიჯექი ფანჯარასთან მარჯვენა მხარეს, რადგან მარჯვნივ უნდა გამოჩენილიყო ევერესტი, ტიბეტურად ჩომოლუნგმა და თუ გაგვიმართლებდა (კარგი ამინდის შემთხვევაში), საკმაოდ ახლო მანძილიდან დავინახავდი მწვერვალს, რომლის დალაშქვრაზეც მსოფლიოს ნებისმიერი ალპინისტი ოცნებობს. მათ შორის ქართველებიც და სწორედ ახლა, ქართველი მთასვლელების ორი ჯგუფი ჩომოლუნგმაზე ასვლას ცდილობს. ერთი ჯგუფი ჩვენი, ტიბეტის მხრიდან, მეორე კი — ნეპალის ბაზიდან. იქ, ნეპალის მხარეს, ევერესტის საბაზო ბანაკში, ახლა ალბათ უკვე აღარ ძინავს მარიშას, ჩვენი წერილი რომ წაიღო ქართველი მთასვლელებისათვის გადასაცემად და ალბათ ქართულდროშიან კარავს ეძებს. ერთი თვის წინ, ევერესტისკენ წასულ ჩვენს ალპინისტებს, ალბათ როგორ გააკვირვებს და გაახარებს ჩვენი გასამხნევებელი წერილი.
ავტობუსში ფანჯარასთან ვზივარ და ტიბეტის დედაქალაქისაკენ მიმავალი, იოლად წარმოვიდგენ სცენას ჰიმალაების გადაღმა: მზეზე გარუჯული, უკვე ტუჩებდამსკდარი ბიჭები ქართულდროშიანი კარვის წინ ჩაის ხვრეპენ და უცებ (ევერესტის ûძირში), იმავე მზისგან ჭორფლებმომრავლებული მარიშა (ტომით რუსი, მოსკოვიდან) ქართულენოვან წერილს აძლევს მათ და უღიმის.
ტიბეტის ავტობუსში არც იმის წარმოდგენაა რთული, ჩვენს ბიჭებზე (ერთი თვის მანძილზე მხოლოდ კლდეებსა და მათსავით გაუპარსავ კაცებს რომ უყურებენ), რა ეფექტს მოახდენს მარიშას სილამაზე. მათ შორის ერთს მაინც ხომ გაუელვებს აზრი, რომ შემთხვევით ადამიანს ამ წერილს არ გავატანდი და აუცილებლად (ერთ ქართველ მთასვლელს მაინც) გაუჩნდება ეჭვი, რომ ჩვენს შორის იქ, კატმანდუში რაღაც იყო და რაღაც მოხდა.
და განა ქართველის გულს რამე ახარებს უფრო მეტად, ვიდრე მეორე ქართველის მიერ დაკრული ხანგრძლივი, ოვაციებში გადაზრდილი ტაში? განა რომელიმე ქართველი კაცი დათანხმდება (თუნდაც) შარონ სტოუნის მოტყვნას იმ პირობით, რომ ეს არავის, არცერთ სხვა ქართველს არ ეცოდინება? ალბათ არა (სხვათაშორის, ბოლდვინს, იმთავითვე რომ ეკითხა შარონ სტოუნისათვის — შარონ, საიდან მოდიხარო, იქნებ ამერიკული კინოც სხვაგვარად განვითარებულიყო). ტიბეტის პატარა ავტობუსის მარჯვენა ფანჯარასთან, ზემოთქმული რომ წარმოვიდგინე, ერთგვარი სიამაყითაც კი გადავხედე ჩვენი ჯგუფის დანარჩენ წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვამ თუ არა, მე მაინც ვიცოდი დანამდვილებით, რომ მარიშა მე არ მეკუთვნოდა. არც არაფერი იყო და არც არაფერი მოხდა იქ, კატმანდუში, გარდა იმისა, რომ მგონი შემიყვარდა, შეიძლება შემიყვარდა ჯერ კიდევ გზაში, თვითმფრინავში, რადგან მიზეზი იმისა, რომ შემყვარებოდა, მართლაც მქონდა. უფრო მეტიც — მქონდა რამდენიმე მიზეზი, რომელთაგან განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია შემდეგი სამი: პირველი — მინდოდა, რომ ვიღაც შემყვარებოდა, მეორე — მარიშას ეცვა მაღალყელიანი, შავი ბათინკები და მესამე (და მთავარი?) — მას ჰქონდა ჭორფლები. როდის ამოვიჩემე ჭორფლები, აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ჩემი პირველი ჭორფლიანი სიყვარული — პეპი მაღალიწინდა.
დღევანდელი ბავშვებისათვის პეპის, გრძელიწინდა ჰქვია, მაგრამ ჩვენს ბავშვობაში, იმ პირველქართულ თარგმანში მაღალი ერქვა და წიგნის გარეკანზეც სწორედ ისეთი ეხატა, როგორიც შემიყვარდა — ყურებამდე გაღიმებული, კიკინებითა და ჭორფლებით. ტიბეტის ავტობუსშიც (მარჯვენა მხარეს, ფანჯარასთან მჯდარს), სწორედ ასეთი პეპი გამახსენდა, როცა აღმოვაჩინე მარიშასთან მისი მსგავსება და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ მარიშა ისე მომენატრა, როგორც საკუთარი ბავშვობა, მომენატრა უფრო მეტად, ვიდრე სიდ ბარეტი როჯერ უოტერს, ან რომელიმე სხვას ყურებში გარჭობილი ჯგუფიდან „Pink Floyd“. ვიჯექი და ვუსმენდი. ვუსმენდი მანამ, სანამ ავტობუსი არ გაჩერდა იქ, სადაც ტიბეტის მთავარი გზა ორად იყოფა: მარჯვნივ რომ მიდის, ევერესტის მისადგომებთან მიგიყვანს, თუ მარცხნივ წახვალ, ლჰასაში ჩახვალ. ვიდექით ორი გზის გასაყარზე და ქვაზე ამოკვეთილი წარწერის წაკითხვას ამაოდ ვცდილობდით. ტექსტი იეროგლიფური იყო და აქ გაიარეს ქართველმა მთასვლელებმაც, რომლებიც ევერესტისკენ წავიდნენ. ქართველი ალპინისტების რამდენი თაობა ოცნებობდა ჰიმალაებში ექსპედიციის მოწყობას თუნდაც რომელიმე რვაათასიანზე და ახლა, არათუ რომელიმე რვაათასიან მწვერვალზე, თვით ევერესტზე ადის ორი ქართული ჯგუფი.
ჩვენ რითი შეგვეძლო მათი დახმარება. ვიდექით და ველოდებოდით მოულოდნელ გამოდარებას, როგორც ხშირად იცის ხოლმე მთაში, რომ წამით მაინც დაგვენახა ჩომოლუნგმა — დედამიწის უმაღლესი მთა. და სანამ ჩინელი ოფიცრები უკვე მერამდენედ და საგულდაგულოდ ამოწმებდნენ ჩვენს ავტობუსს, ისიც ვიფიქრე, იქნებ რომელიმე ალპინისტურმა, ევერესტისკენ მიმავალმა ჯგუფმა გამოიაროს და ტიბეტის საბაზო ბანაკისკენაც ერთი წერილი გავგზავნოთ-მეთქი, მაგრამ ამაოდ. არავის გამოუვლია. ერთადერთი გამონაკლისი სწორედ ის, ჩვენსავით პატარა ავტობუსი იყო, ამერიკელი ტურისტები რომ მიჰყავდა ტიბეტის დედაქალაქისკენ და ჯერ კიდევ გუშინ რომ აღმოვაჩინეთ. ოღონდ გუშინ ჩვენ წამოვეწიეთ, ტინგრი ვესტამდე, რომელიღაც პატარა, გზისპირა სოფელთან, სადაც დუქნისა თუ ტრაქტირის ტიპის სასადილოში ვივახშმეთ — ორმა ავტობუსმა ერთად. გავიცანით კიდეც ერთმანეთი ხელისჩამორთმევით — ჩვენგან განსხვავებით, იმ ავტობუსის ყველა მგზავრი ერთიდაიგივე ქვეყნიდან, კერძოდ ამერიკიდან იყო და მეზობელი მაგიდიდან (ჭამის დროს) ხმამაღალი, ამერიკული ინგლისურის მოსმენამ, ცოტა შემაწუხა კიდეც.
თუმცა გაძლებად ღირდა — ამერიკულ ჯგუფში ორი ისეთი სილამაზის ქალი აღმოჩნდა, თვალი ვერ მოვწყვიტეთ (ვჭამდით და ვტიროდით). ვტიროდით და ვჭამდით მომოს, რომელიც ხინკალზე პატარაა ზომით, ნაოჭები არა აქვს და იაკის ხორცისაგან მზადდება. ის ამერიკელი ქალები კი, ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ გზაგასაყართან, მათი ავტობუსის გამოჩენისთანავე, ევერესტზე გამოდარებით იმედს იოლად შევეშვით და ოთხივემ ზურგი შევაქციეთ ჰიმალაებს. კარი გაიღო და ავტობუსიდან ყველანი ჩამოვიდნენ. მათ შორის ორი, მართლაც ულამაზესი ქალი და პირდაღებულებმა, გიო მგელაძემ და გიორგი ბერიძემ, ფოტოაპარატების მომარჯვებაც ვერ მოახერხეს. ის იყო (მათი სილამაზით გაოგნებულებს) ხმამაღლა (გუშინდელივით) უნდა ამოგვეოხრა, რომ სრულიად მოულოდნელ კადრს წავაწყდით და განცვიფრებისაგან, ხმა ვერ ამოვიღეთ: იმ ამერიკელმა, ულამაზესმა ქალებმა, ასე საუბარ-საუბარში, ჩვენს თვალწინ, იქვე, გზის პირას, ზედ ჩვენი ავტობუსების მისადგომებთან, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ჩაიხადეს და მოშარდეს. გიორგი ბერიძემ (იუბილე გადახდილმა) სირცხვილისაგან, თვალებზე ორივე ხელი აიფარა, გიო მგელაძე სიცილისაგან კინაღამ გაიგუდა, მე კი ძლივს დავამშვიდე რეზო თაბუკაშვილი — იმდენი (და ისეთი სიტყვებით) აგინა ყველა ამერიკელს (თომას ჯეფერსონიდან მოყოლებული), რომ იმ დღეს სხვა, არათუ ფრაზა, სიტყვაც არ დასცდენია და სახის გამომეტყველებაც, საღამომდე არ შეცვლია.
ე მანდ შარში არ გავეხვიოთ-მეთქი და გზა რომ გავაგრძელეთ, ჩვენს მძღოლსა და გიდს ვთხოვე, იქნებ ისე გვატაროთ ტიბეტის ვიწროებში, რომ იმ ამერიკულ ჯგუფს აღარ შევხვდეთ და სანაცვლოდ პატივისცემასაც დავპირდი. პატივისცემა უნდოდათ თუ შემთხვევისა გამო, ის ქვეშაფსია მზეთუნახავები, აღარსად შეგვხვედრია და რეზოც ნელ-ნელა დამშვიდდა, თუმცა საბოლოოდ ამოიგდო გულიდან ყველაფერი ამერიკული — ამერიკული დემოკრატიის ჩათვლით. თუმცა რეზოს დამშვიდებაში ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას, განსაკუთრებით გიო მგელაძე აქტიურობდა — იქნებ ცისტიტი აქვთ და თავი ვერ შეიკავესო და თვითონ გიოს ეს (უშნო) ხუმრობა ძალიან ძვირად დაუჯდა სამი დღის შემდეგ, როცა ხშირი შარდვა დაეწყო და მხოლოდ ტიბეტიდან უკან დაბრუნების შემდეგ შეუჩერდა. ამ მხრივ (რაღა დასამალია და) არც მე ვიყავი უკეთეს დღეში, რადგან ჩვენს ავტობუსში საკმაოდ ციოდა, სოციალისტური ჩინეთის მანქანათმშენებლობა კი (როგორც ჩანს) ჯერ ისეთ სიმაღლეებს არ შესწვდენია, ავტოპროდუქცია რომ თბებოდეს და ჰიმალაის მაღალ მთებში, მგზავრებს გულს უხარებდეს. არადა ტიბეტში ცივა, თუმცა სიმაღლის მიუხედავად, იგი საკმაოდ მზიანი ქვეყანაა და წელიწადის ნებისმიერ დროს მზის ენერგია იმდენი რაოდენობით გროვდება, რომ მისი გამოყენება სრულიად საკმარისია მთელი ტიბეტის გასანათებლად.
სწორედ შიგაცეში (იმ ღამეს რომ დავრჩით), პირველად ვნახეთ ტიბეტური სახლის ეზოში უცნაური, მრგვალი ფორმის დანადგარი, რომელზეც ჩაიდანი იდგა და თუხთუხებდა. მზეზე ადუღებული ჩაიც დილით, პირველად შიგაცეში დავლიეთ და პირველად ვნახე რეალობა, სადაც ადამიანები მზის სხივებს ისე აგროვებდნენ, როგორც ეს, ჩვენი ბავშვობის ზღაპრებში ხდებოდა.
შიგაცე კი ძალიან ჰგავდა ხაშურს და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ხაშურის მსგავსი რამე საერთოდ არსებობდა დედამიწაზე. საღამოს კი ხაშურივით მომეჩვენა, მაგრამ დილით რუსთავსაც ჰგავდა
დილით, სანამ გზას გავაგრძელებდით, შიგაცეს ცენტრში ბაზრობა უნდა განახოთო და საუზმის შემდეგ, მთავარ მოედანთან მიგვიყვანეს. გარდა იმისა, რომ ფულს მონდომებით ვზოგავდით, საჩუქრების ყიდვას ლჰასაში უფრო ვაპირებდით და ადგილებიდან არც გავნძრეულვართ. მხოლოდ ავტობუსის გაღებული ფანჯრებიდან გავაყოლეთ თვალი ჩვენი ჯგუფის რამდენიმე წევრს, მაინც რომ ჩავიდნენ ქვევით და ბაზრობის დახლებს შორის გაუჩინარდნენ. გიომაც აიჩემა _ ჩავალ, თეონა მამფორიას ერთ მძივს მაინც ვუყიდი საჩუქრად, ნახეთ რა ხდებაო და მართლაც საოცრება ხდებოდა — უამრავ დახლზე იმდენი სამკაული იყო დახვავებული, კაცს ეგონებოდა, რომ რაც კი ტიბეტელ ხალხს საუკუნეების მანძილზე მძივი და სამაჯური შეუქმნია, ყველა აქ მოუზიდავს და დღესვე გაყიდვა გადაუწყვეტიაო. მერე რომ ვიხსენებდით, იმ წუთში დიდად არ მიგვიქცევია ყურადღება, თორემ კი გვითხრა გიდმა ასეთი უცნაური ფრაზა (თითქოს ჩვენი სურვილით აღმოვჩნდით ბაზრობაზე) _ აქაო, შიგაცეშიო, ცოტა აგრესიული გამყიდველები არიანო და რასაც ჩვენი ავტობუსიდან ვუყურებდით, მართლაც აძალებდნენ კლიენტებს სამკაულების შეძენას, მაგრამ უცხოელები ყველაფერს დიდხანს და მონდომებით ათვალიერებდნენ, მაგრამ არაფერს ყიდულობდნენ. როგორც ჩანს, ჩვენმა გიომ, თეონა მამფორიას ჯერ უყიდა ერთი მძივი, მერე ერთი სამაჯური, მერე მეზობელ გამყიდველსაც ვერ უთხრა უარი და კიდევ ერთი მძივი იყიდა, მერე კიდევ ერთი გამყიდველი შეეცოდა, მერე სხვამ კიდევ სხვა სამაჯური შეაძლია ალბათ და გამოიქცა.
დავინახეთ, როგორ მორბოდა მძივებასხმული და ქართულად, განწირული ხმით ყვიროდა სამ სიტყვას: უთხარით ჩქარა დაქოქოს!
ავტობუსს შემოახტა სახეწაშლილი და ტანზე (ხელებზე, ფეხებზე და განსაკუთრებით კისერზე) ასხმული ჰქონდა თითქმის ყველაფერი, რაც ტიბეტელ ხალხს, საუკუნეების მანძილზე შეუქმნია. უკან მოსდევდა შიგაცეს უბედნიერესი მოსახლეობა, გახარებულები იმით, რომ ნამდვილმა კლიენტმა (როგორც იქნა) ამ ქალაქშიც ჩამოიარა. გიოს მოსდევდნენ ისინი, ვისგანაც ჯერ არაფერი ჰქონდა შეძენილი და ფეხდაფეხ ამოყვნენ კიდეც ავტობუსში. გასაკვირი კი იყო, იმდენი ხალხი როგორ დაეტია იმ ჩვენს პატარა ავტობუსში, მაგრამ უფრო იმან გამაოცა, ადამიანთა ნაკადი რომ არ წყდებოდა ავტობუსის გაღებული კარიდან და რაც კიდევ უფრო დაუჯერებელი ჩანდა, ზოგიერთები (თავიანთი პროდუქციით კბილებში) ფანჯრებიდანაც რომ მოძვრებოდნენ. გიოს პირველგამოჩენას (ზემოაღწერილ მდგომარეობაში), რა თქმა უნდა, სიცილით შევხვდით, მაგრამ ავტობუსის ბოლო სკამზე რომ მიიმწყვდიეს და თვალები რომ ისეთი გაუხდა, როგორც ცხრა აპრილის ღამეს, მივხვდით, რომ საქმე სახუმაროდ ნამდვილად აღარ გვქონდა. სასწრაფოდ დავკეტეთ ფანჯრები და შევეცადეთ ავტობუსში უკვე ამოსული ტიბეტელებისთვის იმის ახსნას რომ ავტობუსში მათ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან გიო მგელაძეს, თეონა მამფორიასათვის კიდევ რაიმე საჩუქრის შეძენა, მართლა აღარ შეეძლო. თუმცა ტიბეტელებს ჩვენი არგუმენტები სასაცილოდაც კი არ ეყოთ და ყველას ერთად რომ არ გვემარჯვა, გიოს აუცილებლად ჩაათრევდნენ ავტობუსიდან იმ დარჩენილი და გადანახული ფულის აღმოსაჩენად მისი შარვლის ჯიბეებში რომ მაინც ეგულებოდათ.
იმ ქალაქ შიგაცეს, კარგა მანძილით გამოცილებულები ვიყავით უკვე, პირველად რომ გაგვეღიმა და ცოტა დავწყნარდით. ჩვენ კი დავმშვიდდით, მაგრამ ჩვენი ჯგუფის დანარჩენ, არაქართველ წევრებს, მაინც კარგა ხანს ჰქონდათ ერთობ შეშფოთებული სახეები გიო მგელაძის დანახვისას და ერთადერთი, ვისაც საერთოდ არ აკვირვებდა ჩვენი უცნაური ქცევა, ებრაელი ამიტი იყო. მეტიც, ჩვენზე არანორმალურის შთაბეჭდილებას თვითონ ამიტი უფრო ტოვებდა ხოლმე და როცა ქალაქ გიანცეში ჩავაღწიეთ და პირველად (ტიბეტის ტერიტორიაზე) შხაპიან სასტუმროში აღმოვჩნდით, რასაკვირველია, ჯერ ცხელ წყალს დავეწაფეთ, მერე კი დაგვიანებული ვახშმის ძებნას შევუდექით და ებრაელი ამიტი, ჩვენთან ერთად, ფეხშიშველი წამოვიდა. თვალებს არ ვუჯერებდი და რამდენჯერმე ყურადღებით დავაკვირდი ამ უცნაურ მოვლენას, რაზეც მან მხოლოდ გაიღიმა და ეს უცნაური მოვლენა ძალიან მარტივად ახსნა: ჩემი ბათინკები ცხელ წყალში გავრეცხე და სულაც არ მცივაო. ოთხი ათას მეტრ სიმაღლეზე, უკვე შებინდებულზე, პატარა და ცივ ქალაქ გიანცეში, ძნელი წარმოსადგენი კი იყო, როგორ არ ციოდა ჩვენს ფეხშიშველ ებრაელ მეგობარს, მაგრამ თვითონ არ იმჩნევდა და არც ჩვენ შევიმჩნიეთ, რომ ეს არ იყო ისრაელის ცხელი უდაბნო, ცხელი ქვიშა და ცხელი მზე...
ამიტის გარდა, ჩვენი ჯგუფის დანარჩენ წევრებთანაც მალე დავმეგობრდით და იმავე საღამოს, როგორც კი ცხელწყლიან სასტუმროში აღმოვჩნდით, ყველანი ჩვენს ოთახში დავპატიჟეთ, ყველას ღვინო დავალევინეთ და ყველანი ვადღეგრძელეთ კიდეც. ძალიან კი უკვირდათ რომ ასეთი მონდომებით, რამდენიმე დღის წინ გაცნობილი ადამიანიც კი შეიძლება ადღეგრძელო, მაგრამ ჩვენ არ ვხუმრობდით და მეც ძალიან სერიოზულად ვაძალებდი ყველას მარიშას სადღეგრძელოს და ბოლოს მგონი ყველანი ძალიან შევაწუხე...
მუცო და შატილი
„როცა რკინის ჩიტი გადაუფრენს ტიბეტის ცას, მოვლენ წითელი კაცები და ტიბეტის დევნილი ხალხი მთელ სამყაროს მოეფინება...“
პადმასამბჰავა, VIII საუკუნე
დილით ადრე ავიბარგეთ და ძალიან ავჩქარდით. ტიბეტის დედაქალაქ ლჰასამდე გვრჩებოდა ერთი გრძელი დღე — დიდი უღელტეხილითა და მომქანცველი გზით.
ის სასტუმრო გიანცეში, სადაც ცხელი წყალი ვიგემეთ, ჰგავდა საბჭოთა პერიოდის ტიპიურ ტურბაზას და ჩინური ტელევიზიის გადაცემებიც პირველად იქ ვნახეთ. სანამ ნომერს (თუ ოთახს) დავტოვებდით, ცნობისმოყვარეობის გამო ჩავრთეთ ტელევიზორი და საბჭოურ მაუწყებლობასთან მსგავსებამ, ისე შეგვაშინა, დაუყოვნებლივ გამოვრთეთ ტელევიზორი და სასტუმრო დავტოვეთ. დავტოვეთ ქალაქი გიანცეც და მთაზე აშენებული მონასტრის დანახვამ მართლა გაგვაოგნა. გიანცეს მონასტერი — ციხე-სიმაგრე იმდენად ჰგავდა შატილისა და მუცოს არქიტექტურას, რომ თვალები საგულდაგულოდ მოვიფშვნიტე და ეს სიზმარიც, ჟანგბადის ნაკლებობას დავაბრალე.
ეს სიზმარი განმეორდა იმ დღესვე, უღელტეხილზე, თოვლიან მწვერვალებს შორის, ტაატით რომ მიიკვლევდა გზას ჩვენი ავტობუსი და გზის პირას, თოვლში რამდენიმე ხევსური აღმოვაჩინეთ. ალბათ ათამდე ადამიანი იქნებოდა, ქალებიც, კაცებიც. ეცვათ ზუსტად ისე, როგორც იმ ხევსურებს, მიხეილ ჯავახიშვილმა რომ აღმოაჩინა საუკუნის დასაწყისში და გიო მგელაძემ ისეთი ხმით იღრიალა გააჩერეთო, რომ შეშინებულმა მძღოლმა დაუყონებლივ დაატორმუზა.
თოვლიან მწვერვალებს შორის, საით მიიკვლევდნენ გზას ეს ადამიანები, ვერც მივხვდით, მაგრამ ცხადი იყო, რომ შუა საუკუნეების ტიბეტიდან მოდიოდნენ და მათთვის არ არსებოდა დრო, რომელიც გარემოს ცვლის. ისინი ცხოვრობდნენ ისე და იქ, სადაც მათი ტიბეტელი წინაპრები და მიუხედავად ღიმილისა პასუხად ჩვენს მისალმებაზე, უფრო სევდიანი სახის ადამიანები არსად და არასოდეს მინახავს.
დალაი-ლამა, — თქვა უცებ მათ შორის ყველაზე პატარამ და მაშინვე მივხვდით, რასაც გვთხოვდა. გიომაც მაშინვე ამოიღო გულის ჯიბიდან დალაი-ლამას ფერადი ფოტო და ბავშვს გაუწოდა. მერე ხელით ანიშნა შენი იყოსო და ბავშვს გაეღიმა. ჯერ სურათს აკოცა და მერე გიოს ჩამოართვა პატარა ხელი. მერე იმ ქალს გადახედა ბედნიერი სახით, გვერდით რომ ედგა და იმ ქალმა აჩქარებით წაიძრო თითიდან ვერცხლისფერი ბეჭედი. გიოს გაუწოდა, რაღაც უთხრა ტიბეტურად, მაგრამ გიომ, უარის ნიშნად თავი გააქნია.
მერე კაცმაც იგივე უთხრა და გიომ ფოტოაპარატი მოიხსნა, ბავშვს ჩამოკიდა კისერზე და ქალს მხოლო ამის შემდეგ გამოართვა ბეჭედი. პატარა ტიბეტელს მეც ჩამოვართვი ხელი და ტიბეტელ ხევსურებს დავემშვიდობეთ. ავტობუსი რომ დაიძრა, უკან მოვიხედეთ, მაგრამ თოვლში, გზის პირას, აღარავინ ჩანდა. ისე უცებ გაუჩინარდნენ, რომ კიდევ ერთხელ გამახსენდა სიზმრის ეჭვი და გიოს ახალ ბეჭედს დავაკვირდი — ბეჭედი იყო ულამაზესი და უძველესი, ვინ იცის დამზადებული როდინდელ ტიბეტში. ვიცოდი, რომ აუცილებლად შეგვხვდებოდნენ კიდევ ერთხელ ადამიანები, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასი მაინც გაღიმებული თენზინ-გიათსოს ფოტოა და მისი სურათები, ჩემი ზურგჩანთიდან, ისევ ჯიბეებში გადმოვილაგე. იმ დღეს კიდევ ერთხელ გაგვაჩერეს ჩინელმა ჯარისკაცებმა და ზურგჩანთებიც საგულდაგულოდ გაგვიჩხრიკეს, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოგვიჩინეს და ავტობუსიდან ამ დროს ჩამოსულებმა, სიამოვნებით გავაბოლეთ. იქვე, რამდენიმე ათეულ მეტრში, რამდენიმე ათეული ადამიანი, თოვლიანი მთის ფერდობზე, რაღაცას თხრიდა.
დავაკვირდი ყურაღდებით (მიზნის ამოსაცნობად), მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რა მიზნით თხრიდნენ ეს ქალები და კაცები მიწას ტიბეტის მაღალ მთებში და ერთადერთი, რაც ადვილად გავარკვიე, იმ ოფიცრის ფუნქცია იყო, თხრილის პირას რომ მიდი-მოდიოდა დოინჯშემოყრილი და მშრომელებს შეძახილებით ამხნევებდა. ჩვენი ავტობუსი რომ საკმაო მანძილით დაშორდა იმ უცნაურ ნიჩბოსანთა ჯგუფს, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ ასეთი ხალხი, მზეჭაბუკ ამირეჯიბთან წყალობით, უკვე ნანახი მყავდა საუკუნის წინ, საირმის თოვლიან ტყეში.
თუმცა ახლა ყველა ცუდ მოგონებას გავუძლებდი, რადგან ვიცოდი, რომ დღეს საღამოს აუცილებლად დამთავრდებოდა ეს გრძელი და მომქანცველი გზა ტიბეტის დედაქალაქისაკენ და ლჰასაში ვნახავდი პოტალას — დალაი-ლამას ულამაზეს რეზიდენციას, რომელიც მან 1959 წელს დატოვა. ვიცოდით, რომ მანამდე გზაზე ვნახავდით ულამაზეს ტბას ხუთი ათასი მეტრის სიმაღლეზე, რომელსაც ჰქვია იამდროკ ცო. ცა კი, ტიბეტურად პურს ნიშნავს და ტბა იყო მწვანე, ისეთი მწვანე, რომ დავეჭვდით კიდეც, თუ იმ ტბის ნაპირებს მივყვებოდით მართლაც, მანამდე რომ ფოტოებზე გვქონდა ნანახი, მაგრამ ლურჯი ფერის. იამდროკ ცოს დანახვამ დიდად გაგვახარა, რადგან რუქის მიხედვით ამ ტბის შემდეგ ბოლო უღელტეხილიღა გვრჩებოდა გადასავლელი და მერე ალბათ პოტალაც გამოჩნდებოდა. მაგრამ ტბა ისეთი გრანდიოზული აღმოჩნდა, რომ არაფრით დამთავრდა იამდროკ ცო და ნერვებმა გვიმტყუნეს _ ავტობუსი გავაჩერეთ და გადმოვლაგდით.
ამიტმა მშვიდად გაიხადა ბათინკები, შარვლის ტოტები აიკაპიწა და წყალში შევიდა. წყალი კი ისეთი ცივი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა და ჩვენსკენ შემობრუნება შეძლო, გაოგნებული სახით დააკვირდა საკუთარ, გაყინულ ფეხებს და განწირული ხმით იყვირა მრავალტანჯული ებრაელი ხალხის სახელით. რამდენიმე წამში გავიხსენეთ ჩვენი ურთიერთობის ოცდაექვსივე საუკუნე და ებრაელი მეგობარი სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. უფრო მეტიც, გიო მგელაძემ (მართალია დროებით) ფეხებმოყინულ ამიტს, ბაბუამისის, პავლე ინგოროყვას ნაქონი ხევსურული წინდები ამოაცვა. გიოს განმარტებით, ეს წინდები პეტერბურგში ვაჟა-ფშაველამ აჩუქა აკაკი შანიძეს. აკაკი შანიძემ — პავლე ინგოროყვას, პავლე ინგოროყვამ სიძეს, გუგული მგელაძეს და ბოლოს კი წინდები გიო მგელაძეს დარჩა. ამიტომაც (ქართულ-ებრაული, ურთიერთკეთილგანწყობის მიუხედავად) მხოლოდ დროებით ათხოვა გიომ ამიტ ცუკერმანს ესოდენ ისტორიული წინდები და ორიოდ საათში, კამბალის უღელტეხილზე უკანვე დავიბრუნეთ.
უღელტეხილიდან ხელისგულივით ჩანდა ძლივსუკანმოტოვებული მწვანე ტბა და შორს, ჰიმალაის დიდი მასივი. მინდოდა დამენახა ევერესტი, მთა, რომლის ძირშიც მარიშა მეგულებოდა, მაგრამ თეთრი ღრუბლების ქარავანს ისე დაეფარა მწვერვალები, რომ მათი ამოცნობაც კი ჭირდა. ვიდექით უღელტეხილის ყველაზე მაღალ წერტილში, სადაც ტიბეტელი ბუდისტები სალოცავ ნიშას ფერადი ნაჭრებით ამკობენ და ეს ერთადერთი ადგილი არ არის ტიბეტში, სადაც ამდენ ფერს ერთად წააწყდები. ფერადი ნაჭრები ტიბეტური სახლების თავზეც ფრიალებენ და იმდენად კონტრასტულია ერთფეროვნებას უკვემიჩვეული თვალისათვის, რომ ეჭვიც კი გებადება, რომ სიჭრელის მოთხოვნილება მათ, სწორედ იმიტომ უჩნდებათ, რომ ერთფეროვნებისადმი შეგუება უჭირთ. პირადად, სხვა ვარაუდიც მქონდა ცაში აფრიალებულ ნაჭრებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი მოსაზრება მხოლოდ ვარაუდი იყო და მეტი არაფერი, რადგან ტიბეტელებს ეკრძალებათ საკუთარი, ნაციონალური დროშის სახლში შენახვაც კი და იქნებ ეს პატარა და ფერადი ნაჭრები, მათი ჭრელი ეროვნული დროშის ერთგვარი ჩანაცვლებაა.
თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი მოკრძალებული ვარაუდი იყო და ასე მეგონა. ისიც მეგონა რომ ტიბეტში მხოლოდ მთები იყო და სხვა არაფერი, მაგრამ როცა კამბალის უღელტეხილი მშვიდობით გადავიარეთ და მოულოდნელად გამოცვლილ ლანდშაფტს ყურადღებით დავაკვირდით, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი მიკრო-ავტობუსი უდაბნოში მიუყვებოდა გზას. ტიბეტში თუ ქვიშიან უდაბნოს წავაწყდებოდით (ამ მარადიულ მყინვარებსა და თოვლიან მწვერვალებს შორის), იმდენად ვერ წარმომედგინა, რომ სათითაოდ გადავხედე ჩვენი ჯგუფის დანარჩენ წევრებს და ვიფიქრე რომ ნამდვილ სასწაულს ვხედავდი.
თუმცა მერე ისიც გამახსენდა რომ ახლა სწორედ იმ ქვეყანაში ვიყავი, სადაც ყველაზე დიდ სასწაულებსაც კი, ყველაზე უბრალოდ და გენიალურად ხსნიდნენ ტიბეტური ბუდიზმის ლოგიკით:
„უდიდესი ბედნიერებაა ცხოვრობდე იმ ადამიანთა შორის, ვისაც შენ სძულხარ, როცა შენ არ გძულს ისინი.
ბედნიერებაა იყო ღარიბი, როცა ირგვლივ მიწიერი სიმდიდრის მოხვეჭას ლამობენ, შენ კი თავისუფალი ხარ საშინელი სიტყვისაგან „ჩემია“.
ცხოვრება ჰგავს ჩვენს სხეულებსა და სულებს და ჩვენი ცხოვრებაც ისე წარიმართება, როგორც ამას ჩვენი გული და გონება გვკარნახობს.
თუ ჩვენს გონებაში ჭარბად იქნება ავი განზრახვა, ძნელი იქნება მუდმივი უბედურებისაგან თავდახსნა, მაგრამ თუ ჩვენი გული კეთილი ფიქრითაა სავსე, ჩვენი სიცოცხლისათვის თანამდევი უსასრულო სიხარული იქნება.
სიხარული მცირეა იქ, სადაც ბოროტება მრავლდება, რადგან ყოველი ბოროტება ზუსტად ისეთი შედეგის მომტანია ბოროტისათვის, როგორც ის ამას სხვას უსურვებს. თუ ბოროტებისაგან ადამიანი დროულად არ გათავისუფლდა, ბოროტება აუცილებლად დაიმორჩილებს ადამიანის სულსა და სხეულს, მაგრამ უნდა შეეცადო დროულად აღმოაჩინო იგი, მიუხედავად იმისა, რომ ადვილია იმის შემჩნევა, რომ ვიღაც სხვა ცდება, ძნელია საკუთარი შეცდომების დანახვა.
ადვილია სხვაების განკითხვა და ძნელია საკუთარი სიმახინჯის აღმოჩენა.
ადამიანების სულიერი სიმახინჯეც ღრმავდება მანამ, სანამ ადამიანებს სხვაების განკითხვის სურვილი აქვთ.
ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს გველის შხამი — თუ არა გაქვს რაიმე ჭრილობა, შეგიძლია ხელითაც კი შეეხო მას და სრულიად უვნებელი დარჩე.
ბოროტებაც მხოლოდ ბოროტი ადამიანებისთვისაა საშიში, რადგან სულიერად ჯანმრთელი ადამიანისათვის ბოროტება უბრალოდ არ არსებობს.
თუ მიხვდები რა ანგრევს სამყაროს ჰარმონიას, მარადიულობის საიდუმლოსაც აღმოაჩენ. სირთულე სურვილშია — რისი გაკეთებაც გსიამოვნებს, შესაძლოა მხოლოდ ფუჭი ნაყოფის მომტანი იყოს, ხოლო კეთილი და მნიშვნელოვანი ნაყოფი, მხოლოდ მძიმე, აუტანელი შრომითა და წამებით მიიღწევა.
მთავარია არ შეგეშინდეს, რადგან მშიშარა ადამიანი მოძალადე ხდება სწორედ იმის გამო რომ ეშინია თვითონ არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.
უშიშარი ადამიანის იარაღი კი სიმართლეა, რადგან სიმართლეს ვერაფერი ამარცხებს და როცა გეშინია, გძულს კიდეც. თუ შეძლებ სიძულვილისაგან გათავისუფლებას, დაძლევ შიშსაც, რომელიც ბოროტებასა და ძალადობას ბადებს და სიბრძნეც მხოლოდ უშიშარი ადამიანების ხვედრია.
მშობლები კი ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შვილები ეკუთვნიან მხოლოდ მათ და ამიტომაც შვილებმა მათი კარნახით უნდა იცხოვრონ. მშობლები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შვილებმა უნდა გააკეთონ ის, რაც მშობლებს სურთ და სწადიათ. მშობლები ცდებიან თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად მშობლებიც არ ეკუთვნიან საკუთარ თავს და სინამდვილეში ადამიანი თავისუფლებისათვის იბადება...
დედაქალაქი
„გული გრანდ-ოტელი არ არის, რომ ყველაფერი დაიტიოს“.
აკა მორჩილაზე
ლჰასაში ღამით ჩავედით. ლჰასაში და არა ლხასაში — როგორც რუსები უწოდებენ მას და საერთოდ ისინი ხშირად ამახინჯებენ (უცხოურ) საკუთარ სახელებს.
ასეთი მიდრეკილებები (თუმცა ნაკლები დოზით) ინგლისელებშიც შემიმჩნევია და ალბათ ეს, საერთო იმპერიული სისუსტეა.
სასტუმრო იყო პატარა, მაგრამ ჰქონდა ეზო, სამი მხრიდან ჩვენი სასტუმროსავით ორ და სამსართულიანი შენობებით შემორტყმული და მეოთხე მხარეს ღია, თაღიანი შესასვლელით. ერთი შეხედვით თბილისურ ეზოსაც ჰგავდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან თბილისურ ეზოს ანალოგი არა აქვს არსად (იტალიაშიც კი) და თბილისელებიც (ასეთ არქიტექტურას), შეცდომით იტალიურს უწოდებენ.
მგზავრობისაგან დაღლილებს, მაინც არ მოგვსვლია აზრად დაძინება ან დასვენება. ბარგი დავყარეთ და ტიბეტის ნანატრი დედაქალაქის ჩაბნელებულ ქუჩებს ხმაურით გავყევით. განათებული იყო მხოლოდ მთავარი მოედანი — ახლადაშენებული დისკოთეკით, სადაც ნებისმიერ ტიბეტელ ახალგაზრდას შეუძლია დილამდე იცეკვოს და ნაკლებად იფიქროს საკუთარ ქვეყანაზე, რომელიც ჩინელებმა დაიპყრეს. დაიპყრეს და ნანგრევებად აქციეს, ათეულ ათასობით ადამიანი დახვრიტეს და დააპატიმრეს, აკრძალეს ყველაფერი ტიბეტური და თითქმის გაანადგურეს უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ხალხი და ქვეყანა. თითქმის და არა საბოლოოდ, რადგან თავისუფლებისმოყვარე ტიბეტელები ალბათ არასოდეს შეეგუებიან იმის დაკარგვას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისათვის და ტიბეტში ახლაც (დღემდე) არიან ადამიანები, უარს რომ ამბობენ ჩინური პასპორტების მიღებაზეც კი, მაგრამ ისინი ცოტანი არიან.
ბევრნი არიან ჩინელი ოფიცრები (ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტიბეტში) და ისინი მრავლად დაგვხვდნენ ლჰასაშიც, იმ უზარმაზარი დისკოთეკის დარბაზშიც — მაგიდებს უსხდნენ მთვრალი, კმაყოფილი ჩინელი დამპყრობლები და მათ ემსახურებოდნენ ტიბეტელი გოგონები. იმდენად არასასიამოვნო გარემო იყო, რომ ათ წუთში გარეთ გამოვედით. უკან, ჩვენი სასტუმროსაკენ გამოვუყევით ლჰასას ჩაბნელებულ ქუჩებს და ხმა არ ამოგვიღია, ჩუმად ვიარეთ. ის ღამე პირველი იყო ტიბეტში, კარგად რომ გამოვიძინეთ, რადგან დილით არსად გვეჩქარებოდა — პოტალას ნახვას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა, შესაძლოა რამდენიმე დღის ლოდინით. ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი (რის გამოც მივისწრაფოდით ლჰასასაკენ), სწორედ პოტალა იყო — რამდენიმე საუკუნის წინ აშენებული საოცარი სასახლე, ტიბეტელი ლამების რეზიდენცია, რომელსაც სამი დღის განმავლობაში, მხოლოდ გარედან ვუყურებდით. სანამ მისი დათვალიერების ნებართვას მივიღებდით, დრო, რასაკვირველია, უქმად არ დაგვიკარგავს და ტიბეტის დედაქალაქი, საგულდაგულოდ, რამდენჯერმე მოვიარეთ. ალბათ ძნელია დედამიწაზე სხვა ხალხის ნახვა, რომელსაც ასე მკვეთრად და გამოხატულად შეიძლება ჰქონდეს სახეებზე აღბეჭდილი მწუხარება, საკუთარი ქვეყნის დაპყრობის, დამონებისა და დაბეჩავების გამო.
და ამ ხალხის ცქერა იმდენად მძიმეა, რომ პირველი სამი დღე თავჩაღუნულები და თვალცრემლიანები დავდიოდით ლჰასას ქუჩებში. მერე გიო მგელაძემ თქვა — რამე თუ არ მოვიფიქრეთ, ცოტა თუ არ გავმხიარულდით, სევდა მოგვკლავსო და გამოსავალიც თვითონ მოძებნა. ერთ საღამოსაც ეზოდან ხმაური შემოგვესმა და ფანჯარაში გადავიხედეთ (ჩვენსავით გადმოიხედა ჩვენს სასტუმროში მყოფმა უკლებლივ ყველა უცხოელმა) — გიო მგელაძე ამაყად მოუძღოდა ჩვენთვის უცნობ ინსტრუმენტებზე დამკვრელ მუსიკოსთა ჯგუფს, ყვავილებით ხელში და მხარზე გადებული გრძელი კიბით.
ტიბეტური საზანდარი — ორკესტრი შუა ეზოში ჩაამწკრივა და მუსიკა შეუკვეთა, რამაც არნახული გამოცოცხლება გამოიწვია ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში. საყოველთაო ტაშისა და აღტაცების ფონზე, ერთადერთმა, რეზო თაბუკაშვილმა გამოთქვა განსხვავებული აზრი ღიმილის გარეშე:
— კრსელმთნი ნეყჩთყინûღ!..
გიომ ის გრძელი კიბე, გიორგი ბერიძის დახმარებით, სასტუმროს კედელზე ააყუდა, ზედ აძვრა ყვავილებით კბილებში და მეორე სართულზე იმ ოთახის ფანჯარას მიუკაკუნა, სადაც ჩვენი ჯგუფის სინგაპურელი წევრები ცხოვრობდნენ. სინგაპურელები, მშვენიერი გოგონები იყვნენ და იმ ორიდან ერთი, სახელად ჯესიკა, მთელს ჩვენს ჯგუფში გამოირჩეოდა მშვენიერი გარეგნობითა და ხასიათით. გიო მგელაძის ყვავილებსა და მუხამბაზს, ღიმილითა და მადლობებით შეხვდნენ, მაგრამ მხოლოდ ცეკვა-სიმღერა ამ საქმეს ვერ უშველიდა.
იმ კიბეზეც სულ ტყუილად აძვრა გიო და ყვავილებიც ამაოდ მიჰკრიფ-მოჰკრიფა სინგაპურული გულის მოსაგებად, რადგან როგორც იმთავითვე შევნიშნე (ავტობუსში ჩასხდომის პირველივე დღეს), მშვენიერი ჯესიკას გული, მეორე სინგაპურელს ეკუთვნოდა, მიუხედავად სქესთა თანხვედრისა. ისიც იმთავითვე შევნიშნე, რომ ალბათ ფუნქციათა შესაბამისი გადანაწილების მიხედვით, ჯესიკა უფრო ნაზი, ქალური და ნარნარი იყო, ხოლო მეორე სინგაპურელი კი — აშკარად მამაკაცური და ზოგჯერ აგრესიულიც. აგრესიულობას ვამჩნევდი მაშინ, როცა ჯესიკასთან, რომელიმე ჩვენთაგანი, თუნდაც უბრალოდ გასაუბრებას ცდილობდა ხოლმე, თუნდაც არაგაარშიყების მიზნით. ამიტომაც ჯესიკასთან კონტაქტების ûძიება დასაწყისშივე გამოვრიცხე და ზემოთქმულისათვის სხვა მიზეზიც მქონდა — ჩემი პეპი-მარიშა იმდენად მენატრებოდა, რომ ორი დარდის თავი, აქ, ტიბეტის მაღალ მთებში, ნამდვილად არ მქონდა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელი მიზეზისა გამო, მხოლოდ ერთხელ (ისიც ცალყბად თუ ზერელედ) გავესაუბრე ჩვენს სართულზევე განლაგებული, სამხრეთაფრიკული ჯგუფის ულამაზეს წევრს, სახელად ლიზას. სინამდვილეში ვუთხარი მხოლოდ ერთი წინადადება, მხოლოდ ერთი ფრაზა და თვალები ცრემლებით ამევსო: ûძვირფასო ლიზა, არამი იყოს თქვენი თავისუფლებისათვის დაღვრილი ნიკო ბაგრატიონის ქართული სისხლი!..
სამხრეთაფრიკელმა ლიზამ, დიდი ლურჯი თვალებით, საპასაუხოდ მხოლოდ გაიღიმა და მეც აღარ ამიხსნია მისთვის, რა კავშირი შეიძლებოდა ყოფილიყო ნიკო ბურსა და ასტრიდ ლინდგრენს შორის. იყო კიდევ ერთი, ასევე ყურადღების ღირსი, აშკარად ვიკინგების ჩამომავალი ნორვეგიელი ქალი, სასტუმროს ბუფეტში რომ გვხვდებოდა ხოლმე და გვიღიმოდა თანდაყოლილი ზრდილობის გამო.
მეორე თუ მესამე გაღიმებაზე, მეც ღიმილით ვუთხარი მადლობა იმ შვიდასი ვიკინგის გამო, მეთერთმეტე საუკუნეში რომ ჩამოვიდნენ საქართველოში ბაგრატ IV-ის მხარდასაჭერად. საქართველოს ადგილმდებარეობა რომ ავუხსენი, ცოტა კი დაეჭვდა ჩემს ნათქვამში, მაგრამ იქვე ისიც შევახსენე, რომ ვიკინგები, უკვე მეათე საუკუნეში, ამერიკაში იყვნენ ნამყოფი და რა გასაკვირია, რომ საქართველომდეც ჩამოეღწიათ. ბოლო არგუმენტმა ნორვეგიელ ქალზე დადებითად კი იმოქმედა, მაგრამ დიალოგი აღარ გაგვიგრძელებია. იყო კიდევ ერთი, სერბი კინომცოდნე (მეზობელი სასტუმროდან), ერთობ სიმპათიური გოგონა, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებული საკუთარი ქვეყნისა და კულტურის ქება-დიდებით. საღამოობით იმ საერთო ბუფეტსა თუ სასადილოში, ვახშმად შეკრებილ საზოგადოებას, მესამე ან მეოთხე ჭიქის შემდეგ, აუცილებლად ახსენებდა ხოლმე, რომ სერბი მილორად პავიჩი, საუკეთესო მწერალი, ხოლო ემირ კუსტურიცა — საუკეთესო რეჟისორია მსოფლიოში. თავიდან არ ეტყობოდა, მაგრამ ცუდი სიმთვრალე ჰქონდა (სამწუხაროდ) და პირველად მაშინ გამოამჟღავნა, როცა ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვი მილორად პავიჩის შესახებ. მილორად პავიჩი, რასაკვირველია, დიდი მწერალია, მაგრამ სერბული შოვინიზმის აღზევება, მისი დამსახურებაცაა და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ გამოკითხულ სერბ ჯარისკაცთა უმრავლესობა (ომებს შორის) სწორედ მისი წიგნების კითხვით იქცევს თავს.
ამ, ჩემს მოკრძალებულ აზრს, ზრინკამ (ზრინკა ერქვა), ყურადღებით მოუსმინა, კონიაკით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოსცალა და არამოკრძალებულად მითხრა — ვერცერთი თქვენი მწერალი, პავიჩთან ახლოსაც ვერ მივაო. ტიბეტში (როგორც ყველგან), წაღებული მქონდა „ვეფხისტყაოსნის„ 1966 წლის საიუბილეო გამოცემა, პატარა, ლადო გუდიაშვილის მიერ მოხატული, ჯიბით სატარებელი წიგნი. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, წიგნი თითებით მოვსინჯე, ერთი კი ვიფიქრე, ამოვიღო, პირდაპირ თავში ვგლიჯო, ღირსი არ იქნება-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე — არც იქ გამიგებდნენ სწორად და ჩემი ასეთი საქციელი თვითონ შოთა რუსთაველსაც, ალბათ არ მოეწონებოდა. წამოვედი დაღონებული და მეძინა ცუდად. მეორე საღამოს, ვახშმად დამჯდარს, ზრინკა თავზე წამომადგა, თვალი ჩამიკრა და ჩემს პირდაპირ დაჯდა. კონიაკის დასხმა დააპირა თუ არა, ჭიქაზე ხელი დავუფარე (რა ჩემი საქმე იყო, მაგრამ მაინც). გაეცინა, აღარ დაასხა, მაგრამ მაინც მაწყენინა — ვერცერთი თქვენი რეჟისორი, კუსტურიცასთან ახლოსაც ვერ მივაო.
გიო მგელაძე იქვე იკრიჭებოდა, ვიფიქრე ჩემ გიოს გადავუთარგმნი ზრინკას ნათქვამს, გიო კინოკამერას ააწყობს, ზრინკას თავში გლიჯავს და ზრინკაც მოისვენებს, ჩვენც-მეთქი, მაგრამ ესეც გადავიფიქრე. ამასაც არასწორად გაგვიგებდნენ ვიცოდი და საკუთარ უმწეობაზე გაბრაზებულმა, კონიაკი დავლიე. დავლიე და ცოტა დავმშვიდდი. დავლიე და გამახსენდა, რომ კუსტურიცა (ჯერ ეს ერთი), მხოლოდ სანახევროდაა სერბი და მეორეც: ემირ კუსტურიცას (ერთ-ერთ) ყველაზე გახმაურებულ ფილმში „ბოშათა ჟამი“, მთავარ როლს, ქართველი სალომე მაჩაიძე ასრულებს და ფილმისა და თვითონ კუსტურიცას წარმატებაში (ზემოთქმულიდან გამომდინარე), ქართველებსაც მიგვიძღვის ჩვენი წვლილი. ზრინკამ მომისმინა, აღარ დალიოო, — მითხრა და რადგან იმ საღამოს ცხელ წყალს დაგვპირდა სასტუმროს ადმინისტრაცია, სასადილოდან ადრე წამოვედით. ადრე დაძინებასაც ვაპირებდით, რადგან მეორე დილით პოტალა უნდა გვენახა და შხაპის შემდეგ დაუყოვნებლივ მივაჰორიზონტალურეთ, მაგრამ რადიოქსელში რაღაც მუსიკა ჩართეს და სიმღერის ხმამ ეზოდან, აღარ დაგვაძინა. დამესიზმრა მარიშა, დილით კი, უკვე მერამდენედ, ჩვენი სასტუმროს ეზოში, დავინახე წყვილი, თუ არ ვცდები ფრანგები, ბიჭი და გოგო, პური შუაზე გაეტეხათ, მადიანად შეექცეოდნენ და პურს აყოლებდნენ მინერალურ წყალს (ალბათ საფრანგეთიდან წამოღებულს).
ვუყურებდი ჩვენი ოთახის ფანჯრიდან. არ მშურდა მათი. პირიქით, არ ვიცი რატომ, მაგრამ მიხაროდა. მე რა, მაგრამ მაინც. რატომ ვიფიქრე, რომ ფრანგები იყვნენ. ალბათ იმიტომ, რომ გოგონას საფრანგეთის ნაკრების მაისური ეცვა (ალბათ ზურგზე ნომრით, მაგრამ ზურგით კედლისკენ ისხდნენ და ნომერიც არ დამინახავს). მეც ვიფიქრე, რომ ფრანგები იყვნენ (იტალიელი იტალიის მაისურს ჩაიცმევდა, ალბათ) და გამახსენდა: ხახაბოდან მივდიოდით არდოტში.
ცხენები არ გვყავდა. ორწყალთან ზურგჩანთები მოვიხსენით და შევისვენეთ. სწორედ იქ, სადაც გურამ რჩეულიშვილმა ხევსურებს გენიოსები უწოდა, ხახაბოდან წამოღებული ჟიპიტაური ჩამოვასხი და შევსვით. არაყი დავლიე და დავინახე კიდეც — მდინარის გაღმა ორნი ისხდნენ, დურბინდში კარგად ჩანდა: ბიჭი და გოგო, პური გაეტეხათ და წყალს აყოლებდნენ. შეიძლება შემშურდა კიდეც, მაგრამ სიხარულიც მახსოვს და სითბოც (ჟიპიტაურის?). გადავედი (და არა გავედი) გაღმა და გადმოვიპატიჟე. ექიმები აღმოჩნდნენ.
უფრო სწორად, სამედიცინოს სტუდენტები. დანარჩენები შატილში არიან, ჩვენ კი მთავარ ჯგუფს იმიტომ მოვწყდით, არდოტში მკურნალი მიგვასწავლეს, ტრეპანაციის საიდუმლო რომ იცის და ჩვენი თვალით გვინდა ვნახოთო. არაყი შევთავაზეთ და გაიკვირვეს, ცხელაო. დალიეს და ესიამოვნათ. ერთი გზა გვქონდა არდოტამდე და ერთად ვიარეთ. გზაში კიდევ ერთხელ შემშურდა, როცა ბიჭმა გოგო ხელში აიყვანა და წყალში შეტოპა. ნაპირზე გასულ ბიჭს გოგომ აკოცა და მადლობა უთხრა.
არდოტში რომ ავედით, აღარ ცხელოდა. ზვიადაურებს წინა დღეებში მოხარშული ლუდი ჰქონდათ და კრუშკებით მიირთმევდნენ. მართლა რკინის კრუშკა იყო და არა ჭიქა, შემივსეს და მეც დავლიე. მერე მეორე, მესამეც. მეოთხეზე სიმძიმე ვიგრძენი და მეხუთეზე ხევსურული სიმჟავე. მეექვსეს ვსვამდი, ცეკვისა და სიმღერის ხმა უკვე ხეობას რომ აზანზარებდა. ჩვენგან ცეკვავდა ირაკლი ცინცაძე, მასპინძელთაგან კი ხევსურულ ტალავერში ჩამჯდარი, ალბათ საუკუნის არდოტიონი.
ასაკისაგან წელში რამდენჯერმე მოხრილი, მუსიკის ხმაზე მაშინვე სწორდებოდა, წელში იმართებოდა ჭაბუკივით და ცეკვისას სიხარულს ვერ მალავდა. ჩვენც ვერ ვფარავდით აღფრთოვანებას და მოხუცი ხევსური შინ რომ შევიდა ფარისა და ხმლის გამოსატანად, ცრემლები წამომივიდა. სახლიკაცებს რომ არ დაეშოშმინებინათ, ალბათ კრწანისისაკენ დაიძრებოდა (რასაკვირველია ფეხით) და ჩავიდოდა კიდეც. კრწანისის ხსენებამ კი (ლუდმა და ჟიპიტაურმაც) უფრო აახმაურა ხეობა და მეც უფრო მომინდა მარტოობა. გავცდი სოფელს და მდინარემდე ჩავყევი დაკიდებულ ბილიკს. ვიჯექი ალბათ დიდხანს. არ მახსოვს.
მახსოვს, რომ მსიამოვნებდა მიწისა და ბალახის სუნი და გამაღვიძა ვაჟას ხმამ. მივხვდი, რომ მეძებდნენ. წამოვდექი და ხელი დავუქნიე ჩვენებს. დამინახეს და ბილიკზე დაეშვნენ ვაჟა-ირაკლის ჩემი ზურგჩანთაც წამოეღო და საკმაოდ დაღლილი ჩანდა. მაინც არ უნდოდა იმ ღამეს არდოტში დარჩენა — ანდაქისკენ წავიდეთო.
— ისინი სად არიან? — გამახსენდნენ სტუდენტები და გაკვირვებულმა ვკითხე.
— შატილში, — თქვა და გაიღიმა — ცოტა უნდა ვიჩქაროთ.
— ვიჩქაროთ ნელა, — თქვა ნიაზმა და მასაც გაეღიმა.
— ჰო, — ვთქვი მე და ჩემი ზურგჩანთა წამოვიკიდე.
იმ დილით პოტალა უნდა გვენახა, დევნილი დალაი-ლამას რეზიდენცია...
დალაი-ლამა
„რადგან ქვეყანა შენისთანა ნეხვით არის სავსე, მზემაც აღარ გამოიხედოს?“
მაჰმუდ ჟამბეკოვი
თენზინ გიათსოს, ტიბეტის მეთოთხმეტე დალაი-ლამას, ლონდონში, ერთ შეხვედრაზე ჰკითხეს:
— ფიქრობთ თუ არა, რომ ბუდიზმი საუკეთესო რელიგიაა დედამიწაზე?
— რასაკვირველია, — თქვა მან — ბუდიზმი საუკეთესო რელიგიაა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, სხვისთვის საუკეთესო შესაძლოა სხვა რელიგია იყოს — და გაიღიმა, სწორედ ისე, როგორც მას სჩვევია, რის გამოც მას მთელი მსოფლიო „მუდამ გაღიმებულ ლამას“ უწოდებს.
ის არის ტიბეტის პოლიტიკური და სულიერი ლიდერი. ის იყო ტიბეტის სულიერი ლიდერი, სანამ ჩინელები დაიპყრობდნენ ტიბეტს და ის იყო მხოლოდ ტიბეტელთა ლიდერი. ჩინელებმა ტიბეტის მოსახლეობა გაანახევრეს, დევნილი დალაი-ლამა კი მილიონობით ადამიანის მოძღვარი გახდა მთელს მსოფლიოში.
ოცდაათი წლის წინ, ლამაისტური, ტიბეტური ბუდიზმის აღმსარებელი, მხოლოდ ტიბეტის მცირერიცხოვანი მოსახლეობა იყო, ახლა კი ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრები ყველგან არიან, მთელს დედამიწაზე, განურჩევლად ეთნიური წარმომავლობისა. მეთოთხმეტე დალაი-ლამას მრევლი, უმოკლეს დროში, წარმოუდგენელი სისწრაფით გაიზარდა ყველა კონტინენტზე და ამ საიდუმლოს გასაღები თავად თენზინ გიათსოს ფენომენშია. û იმ პასუხშია, ლონდონის შეხვედრაზე, ურთულეს კითხვას უმარტივესად რომ გასცა. მის დამოკიდებულებაშია თავად რელიგიის, ადამიანების, მტრების, სიყვარულის, სიცოცხლის, სიკეთის მიმართ. საპირისპიროდ დასავლეთის მოლოდინისა, დალაი-ლამასათვის ჩინური ძალადობა, არ გამხდარა ანტისოციალისტური დაპირისპირების საფუძველი, რადგან მისი აზრით, ჩინეთი არის დამპყრობელი არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი სოციალისტურია. პირიქით, კაპიტალისტურ სახელმწიფოსაც შესაძლოა ჰქონდეს იმპერიალისტური მისწრაფებები და კაცობრიობის ისტორიაც, ამის დადასტურებაა. ამიტომ დალაი-ლამა, მსოფლიო პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, არ ჰყოფს სამყაროს პოლიტიკური სისტემების მიხედვით და მისი აზრით, უმთავრესი პრობლემა ჩვენს სისხლიანსა და გაბოროტებულ სამყაროში, ადამიანია.
და ამ სამყაროს გალამაზება და გაკეთილშობილება, ისევ ადამიანზეა დამოკიდებული და არა რომელიმე პოლიტიკურ მოძღვრებასა თუ სისტემაზე. და მისი ღრმა რწმენით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია თუ მოძღვრება, სწორედ ის ჩარჩო და შეზღუდვაა, რაც ადამიანს აფერხებს პიროვნული თუ ნაციონალური თავისუფლების გზაზე. თავისულება კი დოგმის უარყოფიდანაც იწყება, იმ დოგმისა, რომელიც არ არსებობს დალაი-ლამასთვის და ამიტომაც მას უსმენენ ისინიც, ვისაც ტიბეტთან არასოდეს ჰქონია რაიმე შეხება და მას უჯერებენ ადვილად და უბრალოდ, რადგან იგი დარწმუნებულია, რომ ადამიანს სასიკეთოდ, ნებისმიერი რელიგია ცვლის და არა მხოლოდდამხოლოდ მისი მშობლიური ბუდიზმი. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტურმა ჩინეთმა ცეცხლითა და მახვილით დაიპყრო მისი მშობლიური ტიბეტი, თენზინ გიათსოს მაინც სჯერა, რომ ჩინელებისაგან ტიბეტის გათავისუფლება მხოლოდდამხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს, რადგან მისი ღრმა რწმენით, ნებისმიერი ძალადობა, ადრე თუ გვიან, სწორედ მოძალადეს აზარალებს.
ადამიანი კი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გონიერი არსებაა, ადამიანს მაინც კეთილი გული აქვს და მაინც იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე არის. ამ იმედით ლოცულობს დალაი-ლამა, წერს წიგნებს და კითხულობს ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ადამიანებს მისი დანახვისას ეღიმებათ და იმ დღეს მაინც, ოდნავ უკეთესები ხდებიან. თენზინ გიათსოს საიდუმლო, იქნებ სწორედ იმ ღიმილშია, ყველას რომ აჯადოებს და ასე კეთილად განაწყობს არა მარტო დალაი-ლამას, საერთოდ ტიბეტელების მიმართ.
სწორედ მისი დამსახურებაა, რომ უამრავ ქვეყანაში არსებობენ ორგანიზაციები თუ მოძრაობები ტიბეტური თავისუფლების მხარდასაჭერად. მისი დამსახურებაა იმის გაცნობიერებაც, რომ სხვისი გასაჭირი და პრობლემა სინამდვილეში არ არსებობს, რადგან ნებისმიერ სხვა ხალხისა და ქვეყნის პრობლემა შენც გეხება და რამდენადაც გაწუხებს სხვისი ტკივილი, იმდენად უძლებ საკუთარ გასაჭირს. და თავად თენზინ გიათსო იმდენად გულწრფელია თუნდაც მისთვის უცხო და შორეული ადამიანებისადმი დამოკიდებულებაში, რომ მას ყველგან ენდობიან, ყველგან ხვდებიან როგორც ახლობელ, კარგად ნაცნობსა და ძვირფას ადამიანს. ადამიანებს ყველგან ეჩვენებათ, რომ ის გამორჩეულად ჭკვიანი და განათლებულია, გამორჩეულად კეთილი და ნიჭიერია. ის არის სწორედ ისეთი ლიდერი თავისი ხალხისა, როგორსაც ინატრებდა ნებისიერი ქვეყანა და ასეთი ადამიანები არც ცდებიან. თუმცა ერთის შეხედვით, ჩვენთვის სრულიად ამოუხსნელი პრინციპი დალაი-ლამას ტიბეტური არჩევისა, უპასუხო კითხვებს ბადებს, მაგრამ შესაძლოა ასეთ პრინციპში, იმალება კიდეც ტიბეტის უმთავრესი საიდუმლო. რეინკარნაციის მხოლოდ ლამებისათვის ცნობილი გზა, ბუდისტებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ტიბეტში, გარდაცვლილი დალაი-ლამას შემდეგ ზუსტად იმ ბავშვს მიაგნონ, ვის სხეულშიც წინა ლიდერის სული გადაინაცვლებს.
ნებისმიერი სკეპტიკოსისათვის, როგორც არ უნდა აუხსნან ყველაზე ბრძენმა ბუდისტებმა, თუ როგორ ხდება სწორედ იმ ახალდაბადებულის აღმოჩენა, მაინც საეჭვო იქნება ასეთი არჩევანის ჭეშმარიტება, მაგრამ გენიალური იმავდროულად უმარტივესიცაა და იქნებ ყველა საიდუმლოს ამოხსნასაც, ყველაზე მეტად ნამდვილი რწმენა სჭირდება.
ბავშვს, რომელსაც ტიბეტელები მიაგნებენ ხოლმე იმ ნიშნების კარნახით, საუკუნეების მანძილზე რომ ეძლევათ, აღსაზრდელად მიაბარებენ ტიბეტის რჩეულ მოძღვრებსა და სწავლულებს. ბავშვი იზრდება და ხდება დალაი-ლამა და იქნებ ეს, არამხოლოდ ტიბეტის, სამყაროს უმთავრესი საიდუმლოს ამოხსნაცაა. იქნებ ნებისმიერ ახალშობილში ერთნაირად არსებობს ყველა საწყისი და მათი ჩამოყალიბება პიროვნულ თვისებებად, იმის მიხედვით ხდება, თუ როგორ აღგვზრდიან. იქნებ ნებისმიერი ბავშვი შეიძლება იყოს დალაი-ლამა. იქნებ მხოლოდ ბავშვმა შეიძლება დაწეროს წიგნი სათაურით „ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა“ და დაიჯეროს, რომ ნებისმიერი ზღაპარი კეთილად უნდა დასრულდეს, რადგან ტიბეტიც ზღაპარია და ადრე თუ გვიან, ყველა ბოროტ გველეშაპს აუცილებლად დაამარცხებს სიკეთე. თუმცა, როგორც წესი, წყაროს თავზე მოკალათებულ არცერთ გველეშაპს (კაცობრიობის ისტორიაში), ჯერ არც წყალი არ დაუთმია ნებით და არც მსხვერპლი, მაგრამ დალაი-ლამას სჯერა, რომ ჩინელებიც ადამიანები არიან, ადამიანი კი სიკეთე უფროა, ვიდრე ბოროტება.
თუმცა ჩინელებს ისიც სჯერათ, რომ კი არ დაიპყრეს ტიბეტელები, არამედ გააბედნიერეს — მართალია უამრავი ადამიანი დახოცეს, მაგრამ სამაგიეროდ, ჩინეთის ოკუპაციამდე ტიბეტელებს (მაგალითად) ტრაქტორიც კი არ ჰქონდათ ნანახი.
ტიბეტელებმა კი, მადლობის ნაცვლად, ბრძოლა გამოუცხადეს ჩინელებს და მათ დღემდე უკვირთ, რატომ ანიჭებენ ტიბეტელები უპირატესობას ჩამორჩენილ თეოკრატიას (აყვავებულ სოციალიზმთან შედარებით) და შეიძლება ისიც კი იციან, რომ თუკი თეთრკანიანებისათვის ზებრები თეთრი ფერის ცხოველები არიან (რომელთაც შავი ფერის ზოლები აქვთ), შავკანიანებისათვის პირიქით — ზებრა შავი ცხოველია, ოღონდ თეთრი ზოლებით.
პოტალა უნდა გვენახა — დალაი-ლამას რეზიდენცია...
ყოფილი.
პოტალა
„შენ ისეთი სახე გაქვს, კარგი ბინა გექნება“.
ნიკო თოფურიძე
იყო გრანდიოზული, შეუდარებელი და ბრწყინვალების გამო (თუნდაც), ძნელად აღსაწერიც. არც აღვწერ (ან როგორ უნდა აღვწერო). წამოვედი აღფრთოვანებული და ცოტა ნაწყენიც, რადგან პოტალა მონასტერი იყო და ახლა მუზეუმია. მონასტერი მაინც ცოცხალია, მუზეუმი კი — მაინც მკვდარი და თანაც ყოველ ნაბიჯზე ვიღაც გითვალთვალებს. თუ ახალგაზრდაა, ჩვენი ბავშვობისდროინდელ კომკავშირელს ჰგავს, თუ ასაკოვანი — კაგებეშნიკს. აცვიათ ერთნაირად გრძელი, ღია ფერის თხელი ლაბადები და კეფაზე დამაგრებული აქვთ დამატებითი, წყვილი თვალები. ჩვენს კინოკამერას (1951 წლის გამოშვების) ისეთი ხმა ჰქონდა ჩართულ, მუშა მდგრომარეობაში, რომ გადაღებისას ოთხივენი მონდომებით ვახველებდით, რომ აპარატის გრუხუნი ჩაგვეხშო.
ვიღებდით წვალებით და ჩუმად და მახსოვს რომ პოტალას დათვალიერებამ, მართლა ძალიან დაგვღალა.
მახსოვს ძალიან მოწმენდილი ცაც უკანა გზაზე კატმანდუსკენ, როცა თვითმფრინავით ვბრუნდებოდით ნეპალში და ვიცოდით, რომ ნებისმიერი თვითმფრინავისათვის, რომელიც ჰიმალაის მთებს გადაუფრენს, საჰაერო მარშრუტი სწორედ ისეა დაგეგმილი, რომ მგზავრებმა ზემოდან გადმოხედონ დედამიწის უმაღლეს მწვერვალს. ევერესტზე კი, იმ პერიოდში ორი ქართული ჯგუფი ცდილობდა ასვლას და სრულიად სერიოზულად წარმოვიდგინე, რომ შესაძლო იყო მომხდარიყო საოცარი დამთხვევა — ჩვენი მთასვლელები სწორედ მაშინ აღმოჩენილიყვნენ მწვერვალზე, როცა ჩვენი თვითმფრინავი ევერესტს გადაუფრენდა. რასაკვირველია, ძნელი იქნებოდა სახეების გარჩევა, მაგრამ საქართველოს დროშას, თეთრ თოვლიან ფონზე, ხომ აუცილებლად დავინახავდი. ჩვენებისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ მომეჩვენა, რომ იგივეს ფიქრობდნენ და წარმოვიდგინე ის ბედნიერი წამი ჰაერში, ჩვენი გაგიჟებული ყიჟინა და გაოცებული მგზავრები თუ სტიუარდესები...
აეროპორტში წაგვიყვანეს გამთენიისას. ლჰასა რომ დავტოვეთ, ჯერ ისევ ბნელოდა. ავტობუსში ვიჯექი ბოლო სკამზე, ზურგით დანარჩენებისკენ და ვუყურებდი მზის ამოსვლას. მზე იყო წითელი და მე არ ვიცოდი, ვნახავდი თუ არა ოდესმე ტიბეტს, თუნდაც კიდევ ერთხელ ლჰასას და ქვეყანას, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა უამრავი ადამიანისათვის.
იმაზეც ვფიქრობდი რომ მიუხედავად ყველაფრისა, ტიბეტი არ არის შორს, ისევე როგორც თავისუფლება, რომელიც თვითონ არასოდეს მოდის, მაგრამ ყოველთვის გელოდება.
პირველივე დღეს კი, კატმანდუში დაბრუნებისთანავე, ისიც აღმოვაჩინე რომ ტიბეტი უკვე მართლა ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის და მიუხედავად საშინელი დაღლილობისა, იმ საღამოს მაინც შევუერთდი დევნილი ტიბეტელების მიტინგს ტიბეტისა და პანჩე-ლამას გათავისუფლების მოთხოვნით.
სწორედ იმ დღეს, პანჩე-ლამა, ყველაზე მცირეწლოვანი პატიმარი დედამიწაზე, რვა წლის გახდა ბეჯინის (და არა პეკინის) ციხეში და ჩინელებისûძალადობისადმი საპროტესტო აქციას მეც შევუერთდი. მიტინგზე პანჩე-ლამას ხმაც მოგვასმენინეს და ყველა დამპყრობელი და მტერი გამახსენდა, რაც კი საქართველოს ჰყოლია. სიტყვა ვთქვი მოკლე და მარტივი, მაგრამ აცრემლებულმა ტიბეტელებმა, მადლიერების ნიშნად მაჩუქეს ტიბეტის დიდი, აკრძალული დროშა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავაგებინე რა ქვეყნიდან ვიყავი და რატომ მაწუხებდა მათი თავისუფლება. რუკაზე გაჩვენებთ სამშობლოს-მეთქი, — ვუთხარი და ვაჩვენე კიდეც, როგორც ლჰასას აეროპორტში ჩინელ მესაზღვრეებს, მაინც რომ ვერ გაიგეს რანი ვიყავით და საიდან მოვდიოდით. პასპორტებიც ატრიალეს ჩვენი და ჩვენს ღიმილზე, არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. ეჭვიც გამიჩნდა, რომ მაინც არ დაიჯერეს ასეთი ქვეყანა რომ არსებობდა ბუნებაში და ჩვენი პასპორტებიც სათამაშო უფრო ეგონათ, ვიდრე ნამდვილი.
ამ უკანასკნელში განსაკუთრებით დაეჭვდნენ, იმდენად, რომ ბეჭდებიც არ ჩაგვირტყეს, ისე აღმოვჩნდით თვითმფრინავში. დავჯექი ფანჯარასთან, მოვემზადე მწვერვალებისთვის, მაგრამ აფრენისთანავე ამინდი შეიცვალა, ცა მოიღრუბლა და იმის იმედი, რომ ჩვენს ალპინისტებს ევერესტზე დავინახავდი, თითქმის გადამეწურა. მაგრამ მთებში სასწაულები ისეთივე სიხშირით ხდება, როგორი სისწრაფითაც ამინდი იცვლება და როცა გამოაცხადეს, რომ ჩვენი თვითმფრინავი ჰიმალაების მასივს უახლოვდებოდა, დავინახე, როგორ ამოიზარდნენ ღრუბლებიდან რვაათასიანი მწვერვალები. დავინახე ევერესტი ჩვენს ქვემოთ და გავიგონე საკუთარი, აჩქარებული გულის ხმა იმის გამო, რომ რამდენიმე წამში შესაძლოა დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე ქართველი მთამსვლელები და აფრიალებული ქართული დროშა აღმომეჩინა. უკანასკნელ წამამდე მჯეროდა, რომ ასეც მოხდებოდა. წარმოვიდგინე კიდეც საკუთარი აკანკალებული სხეული სიხარულისგან და საკუთარი, განწირული ხმა, მაგრამ ევერესტზე არავინ იდგა. მწვერვალი იყო თეთრი, აბსოლუტურად თეთრი, შავი და წითელი წერტილების გარეშე...
ისევ კატმანდუ
“ერთ მდინარეში ორჯერ მხოლოდ ედგარ პო შევიდა”
ხალხური
კატმანდუში სიახლე ის იყო რომ კედლებზე და მაღაზიების ვიტრინებზე გაკრული ნეპალის მეფის ფოტოები ყველგან ჩამოხეული დაგხვდა.
ნეპალში უკვე მერამდენე წელია მემარცხენეებიი ძალიან აქტიურობენ და მგონი მართლებიც არიან. ნეპალის მეფე, მდაბიურად, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა, ყველა ალპინისტური ექსპედიციის წილშია (კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვა _ ზის) და ზედაპირული დაანგარიშებითაც კი, უზარმაზარი შემოსავალი აქვს. თოთხმეტი რვაათასიანი მწვერვალიდან რვა (მათ შორის ევერესტი) ნეპალის ტერიტორიაზეც არის და წელიწადში ორი სეზონის მანძილზე (გაზაფხულზე და შემოდგომით) მსოფლიოს უამრავი ქვეყნის ალპინისტური ექსპედიციები ახორციელებენ ასვლას ამა თუ იმ მარშრუტით. ძალზე ხშირად (იმდენია მსურველი) საბაზო ბანაკში რამდენიმე ექსპედიცია იყრის ხოლმე თავს. აღარაფერს ვამბობ ევერესტზე, გრძელი რიგები რომ დგას ზოგჯერ და ალპინისტები წლობით ელოდებიან ნებართვას. ეს ნებართვა, საოცრად ძვირი ღირს. სხვადასხვა მწვერვალს სხვადასხვა ფასი აქვს, მაგრამ შვიდი ათას ამერიკულ დოლარზე იაფად ვერც ერთ მათგანზე ვერ მოხვდები (ყველაზე ძვირი, რა თქმა უნდა ევერესტის ნებართვა ღირს).
ამას გარდა, ნებისმიერ მდინარეზე დაშვება თუ ხეობაში მოგზაურობა (რასაც უამრავი ტურისტი ეშურება მთელი მსოფლიოდან), აგრეთვე შემოსავლის წყაროა და ყოველი სოფლის კარიბჭესთან ქვაზე ჩამომჯდარი პოლიციელი საგულდაგულოდ გიმოწმებს შენი ფოტოთი დამშვენებულ ნებართვის ქაღალდს, რომელსაც კატმანდუში გაძლევენ და რაშიც, აგრეთვე, ფულს იხდი.
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ნეპალის მეფე (ბუტანისა არ იყოს) ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია მსოფლიოში და არმად ნაშოვნ ფულს არასაკმარისად ახმარს საკუთარი ქვეყნის განვითარებას.
სხვა აბა, რითი უნდა აიხსნას ამდენი უსახლკაროს, დავრდომილისა და მშიერ-მწყურვალის არსებობა კატმანდუს ქუჩებში, რომელთა დიდ ნაწილს პირდაპირ მიწაზე სძინავს. მოსაქმებითაც იქვე, შენს თვალწინ მოისაქმებს ხოლმე და მერე იმ დაუბანელი ხელებით სიამოვნებით მიირთმევს (ძირითადად) ბრინჯს. სახალხოდ მოშარდვის გარდა ნეპალელებს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს სრულიად უადგილო და ყოველწუთიერი ფურთხება. ჩემი, უკვე არამწირი, გამოცდილებით შემიძლია დავასკვნა, რომ არ არსებობს მსოფლიოში ერი, რომელსაც შეიძლება ნეპალელებზე მეტად უყვარდეს ფურთხება. (ახლაც, როცა ამ სტრიქონს ვწერ ჩვენი სასტუმროს ეზოში, ყურადღებით ვაკონტროლებ მიმდებარე ტერიტორიას, რომ, უნებლიეთ, თავზე არავინ დამაფურთხოს. მათ საქებრად უნდა ითქვას, რომ თანამემამულეთა ნანერწყვალს თვითონ საკმაოდ ოსტატურად იცილებენ ხოლმე...).
კატმანდუ მართლაც კონტრასტების ქალაქია და ფუტკარივით დაუზარელსა და მშრომელ ნეპალელთა გვერდით უამრავი უსაქმური დააბოტებს და დახოხავს, ამ ბოლო სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ისე, რომ ფეხზე წამოდგომაც ეზარებათ და მდიდრული სასტუმროებისა და ნაგებობების ფონზე მათი დანახვა საკმაოდ არასასიამოვნოა.
ყველაზე ენერგიულები მაინც ნარკოტიკების გამყიდველები არიან (ძირითადად ჰაშიშის), დილიდან დაღამებამდე დღეში ასჯერ რომ შეუძლიათ მოსაწევის შემოთავაზება და ბოლოს იმას გთხოვენ რომ თუ არ მოწევ, ერთი ნაფაზი მაინც დაარტყა. _ არ ვარ მე ის კაცი, _ ცდილობ დაარწმუნო და რაც მეტად ცდილობ, უფრო მეტად ეღიმებათ.
საერთოდ, ღიმილი ამ ხალხის თანამდევი თვისებაა და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას ღიმილიანი, გადამდებად კეთილგანწყობილი სახე აქვს _ დაწყებული თუნდაც იმავე მათხოვრით და დამთავრებული პოლიციელით.
ადამიანების გარდა, კატმანდუში უამრავი უსახლკარო ძაღლია, ღამის ქუჩებში რომ გამოლაგდებიან და იშვიათად, მხოლოდ იმიტომ ყეფენ, რომ ძაღლები ჰქვიათ. სხვა მხრივ აქაური ადამიანებისა არ იყოს, არაძაღლურად მშვიდები და ასევე კეთილგანწყობილები არიან.
მაგრამ ცხოველებს შორის ყველაზე დიდ პატივში რა თქმა უნდა ძროხაა, რადგან ძროხა ჰინდუსებისათვის წმინდა არსებაა და, შესაბამისად, ხელშეუხებელია. ერთხელ შორტების საყიდლად მივდიოდი (სიცხეს ვეღარ გავუძელი, თორემ არ ვიკადრებდი) და რიქშას ანცმა მესაჭემ ისე გიჟივით გააქანა სამთვლიანი ტრანსპორტი, რომ გულმა მაშინვე რეჩხი მიყო. მხარზე ხელის დატყაპუნებაც დავაპირე _ ცოტა ნელა-მეთქი, რომ გზაზე გაწოლილ ძროხას გამეტებით შევასკდით.
ჩვენ დავზარალდით, იმან კი მშვიდად გააგრძელა ცოხნა, მაგრამ მთელი კატმანდუ მაინც ჩვენ გამოგვეკიდა და ვიწროებში რომ არ შეგვესწრო, რითი დამთავრდებოდა ყოველივე ეს, კაცმა არ იცის.
მთელი გზა (სირბილის პარალელურად) რიქშას ანც მძღოლს იუდა გამყიდველი ვეძახე. ის კი მე მაბრალებდა ყველაფერს _ ხომ გითხარით სერ, თოფი უნდა წამოგვეღოო...
სხვათა შორის, რიქშას მართვა და მესაჭეობა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და მას, როგორც ყველაფერს ამქვეყნად, ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. კიდევ ერთხელ სხვათა შორის, მათი მომსახურება იმ საერთო, აგრესიული სერვისის ნაწილია, პირველ თუ არა, მესამე დღეს მაინც რომ მომაბეზრებელი ხდება.
რიქშების გარდა, მოტორიქშებიც დაქრიან კატმანდუს ქუჩებში და პატარა ავტობუსებიც. ოღონდ ჩემთვის დღემდე გაუგებარია, როგორ ეტევა ჩვენებური `მარშრუტკისხელა~ ტრანსპორტში სამოცი-სამოცდაათი ადამიანი ერთად. ეტყობა ნეპალელები მართლა პატარები და, რაც მთავარია, ერთი ზომისანი არიან; ზუსტად და კონკრეტულად მორგებულნი იქაური ცხოვრების წესსა და კლიმატურ გარემოს, განსხვავებით ახლადჩამოსული უცხოელებისაგან, რომელთაგან ზოგიერთს სერიოზულად უჭირს აკლიმატიზაციის გავლა.
აგრეთვე დიდ და სერიოზულ საშიშროებად უნდა ჩაითვალოს ღიად დარჩენილი ფანჯარა ძილის წინ. რამდენადაც ნეპალში ადამიანები პატარები არიან, იმდენად ბუმბერაზები გვხვდებიან ადგილობრივი კოღოები.
რასაც ისინი სჩადიან (თუ ფანჯარა ღია დაგრჩა) კბენაც აღარ ჰქვია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სისხლი (არა მარტო ქართული) ვედროებით მიაქვთ. ვედროს ქართულად (სხვათა შორის) სათლი ჰქვია და ერთ დილას, ღიად დარჩენილ ფანჯარას რომ ავხედე და მერე ჩემს დაგლეჯილ და გაუბედურებულ სხეულს დავაკვირდი, ჰიჩკოკის ყველაზე საშინელი ფანტაზიის ნაყოფიც კი საბავშვო გასართობ ფილმად მომეჩვენა.
რაც შეეხება მუსიკას, ყოველგვარი ჩანაწერის შეძენა შეიძლება კატმანდუში, კარუზოდან ბონ ჯოვამდე. მოსმენითაც ყველაფერს წააწყდები, რაც კი გაინტერესებს, იმ მრავალრიცხოვან საღამოს (და არა ღამის) კლუბებში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გხვდება. ღამის კლუბი ან ბარი აქ არ არსებობს _ მეფის ბრძანებით თერთმეტზე ანუ ოცდასამ საათსა და ნოლ-ნოლ წუთზე ყველაფერი იკეტება და ქალაქში სინათლე ქრება. როგორც მივხვდი, ევროპულად, დილამდე რომ იმუშაონ ბარებმა, დასაძინებლად არცერთი ევროპელი არ წავა და, შესაბამისად, იმ `ტრეკინგ~ მარშრუტსაც აღარავინ გაივლის, ამდენი შემოსავალი რომ მოაქვს მეფისა და სახელმწიფო ხაზინისათვის.
ყველაზე ლამაზები კატმანდუში, როგორც ყველგან, რა თქმა უნდა, ბავშვები არიან, რომელთაც დაუსრულებლად ვუღებდით ფოტოებს და, ვინც მთელი დღე ულამაზეს საჰაერო ფრანებს დასდევენ. კატმანდუს ცა, ზემოთ რომ აიხედავ, ფერად-ფერადი ფრანებითაა აჭრელებული და ამ უჩვეულო სცენას უამრავი მაყურებელი ჰყავს. აქაურები, საერთოდ, ზედმეტად ცნობისმოყვარენი არიან და აეროპორტის სახურავზე, მაგალითად, ნემსის ჩასაგდებ ადგილსაც ვერ იპოვნი.
სხედან ზედ კატმანდუელები, არც არავის ხვდებიან და არც არავის აცილებენ. სხედან და უყურებენ ბავშვურად გაფართოებული თვალებით აფრენილ თვითმფრინავებს. ან დაჯდება რომელიმე რეისი, ტაშს დასცხებენ და ისე ამოისუნთქავენ, თითქოს თვითმფრინავში მხოლოდ მათი ბიძაშვილები ისხდნენ.
არადა, როგორც ვთქვი, ზარმაცებიცა ჰყავთ; ალბათ, სპეციალურად მათთვის აშენებული ისეთი სალოცავებიც ვნახე, მრგვალ, ბრუნვად დაფაზე ლოცვები რომ არის ჩამოწერილი და ზარმაცისთვის ხელის წაკვრა და დატრიალება სრულიად საკმარისია, რომ ლოცვაში ჩაეთვალოს.
მეორე, თვალშისაცემი კონტრასტი, შრომისადმი დამოკიდებულების გარდა, უზარმაზარი განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის. მდიდრები, რა თქმა უნდა, უმცირესობაა, მაგრამ ზღაპრული, ფეშენებელური სასახლეებითა და მოსამსახურეებით, მოახლეებითა და გრძელი ლიმუზინებით. ისინი, რა თქმა უნდა, ცოტანი არიან და ბევრნი არიან ისინი, ვისაც არ ეზარება კელებზე გაკრული ნეპალის მეფის სურათების ჩამოხევა და იმ დღეს კატმანდუში მათი მორიგი მიტინგიც იყო დანიშნული, მაგრამ მე მაინც ტიბეტელების დასახმარებლად წავედი სწორედ იმ დღეს, როცა ტიბეტიდან დავბრუნდით. ტიბეტელების მიტინგში ჩემი მონაწილეობა, ვერაფერი შველა იქნებოდა მათთვის, მაგრამ ის ნაჩუქარი ტიბეტის დროშა მაინც ამაყად მოვიტანე შინ და მერე იმ სასტუმროში წავედი, სადაც მთებიდან დაბრუნებული მარიშა მეგულებოდა. სასტუმროს ადმინისტრატორმა გამიღიმა — ის, ლამაზი, მაღალი რუსი გოგო მთებიდან კი დაბრუნდა, მაგრამ გუშინწინ მოსკოვში გაფრინდა, მგონი ავად იყოო.
წამოვედი ფეხით, ნაცნობ რიქშებს ხელის აწევით ვეუბნებოდი მადლობას, რადგან მინდოდა მევლო მარტო ან მარიშასთან ერთად კატმანდუს ვიწრო, აჭრელებულ ქუჩებში. მარიშა კი უკვე მოსკოვში იყო და მართლა მენატრებოდა.
ამიტომაც ჩვენს სასტუმროში გვიან დავბრუნდი, სადაც კიდევ ერთხელ გადავითვალეთ ფული და საბოლოოდ დავწმუნდით რომ დარჩენილი რამდენიმე დღის მანძილზე, ეს თანხა არ გვეყოფოდა. გადაწყდა, რომ პირველივე რეისს მოსკოვისკენ აუცილებლად გავყვებოდით, მაგრამ კიდევ ოთხი დღე, თუნდაც უიაფეს კატმანდუში, აღარ გვეყოფოდა დარჩენილი ფული. კატმანდუში ყველაფრის გაყიდვა ან გაცვლა შეიძლება, რაც გაბადია და ჩვენი ტანსაცმლიდან, რაც ზედმეტად მივიჩნიეთ, ყველაფერი გავყიდეთ ან გავცვალეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე, ზედმეტი ჩასაცმელი არასოდეს მქონია, სიხარულით გავყევი დანარჩენებს კატმანდუს იმ მოედანზე, სადაც აღებ-მიცემობა, გაცვლა-გამოცვლა და ყიდვა-გაყიდვა ხდება ყველანაირი ნივთისა, რის მიტანასაც იმ მოედნამდე მოახერხებ. კარგი მოვაჭრეები, ჩვენგან რომ არ გამოვიდოდა, იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ თბილი ტანსაცმლის საკვებზე გადაცვლა მაინც მოვახერხეთ (თბილისში უკვე ნამდვილი გაზაფხული დგებოდა), ერთადერთი, რასაც ვერაფერი მოვუხერხე, ჩემი ბათინკები თუ შუზები იყო. ნეპალის მოსახლეობა, როგორც ცნობილია, საკმაოდ მცირე სიმაღლისა და მოცულობისაა და შესაბამისად, მათი ფეხის ზომაც, ოცდაჩვიდმეტს, ხშირ შემთხვევაში კი ოცდათექვსმეტს არ აღემატება.
ამიტომაც ვერავინ დავარწმუნე, რომ ჩემი, ორმოცდაორი ზომის შუზები თუ ბათინკები ზამთარში მათთვის პირდაპირ მისწრება იქნებოდა თბილი წინდების ჩასაფენად. ჩვენ (სამნი), ვაჭრობაში აშკარად მოვიკოჭლებდით, გიო მგელაძემ კი ამ საქმეში გასაოცარი, შეიძლება ითქვას პირველი გილდიის უნარი გამოამჟღავნა — სრულიად მოულოდნელად ამეტყველდა ყველა იმ ენასა თუ დიალექტზე, რომელთა მოსმენაც კატმანდუში შეიძლება და კინორეჟისორობასაც, ალბათ გადაიფიქრებდა, მოსკოვიდან თვითმფრინავი რომ არ ჩამოფრენილიყო.
„აეროფლოტის“ კატმანდუს ოფისში რამდენჯერმე გვითხრეს (ალბათ ქრთამის გამოძალვის მიზნით), ამ შაბათს თვითმფრინავი მოსკოვიდან ალბათ არ ჩამოფრინდებაო, მაგრამ მაინც ჩამოფრინდა. ბარგი შეკრული გვქონდა და უკანასკნელი რუპიები ტაქსის მძღოლს მივართვით. ჩავსხედით თვითმფრინავში და ცხრასაათიანი ფრენის შემდეგ, შუაღამისას, მოსკოვის აეროპორტში დავეშვით.
გათენდა თუ არა, მარიშასთან დავრეკე და მისი ხმის მოლოდინში, საშინლად ამიჩქარდა გული. მიპასუხა და გულწრფელად ვუთხარი, რომ კატმანდუ ჩემთვის ცარიელი იყო მარიშას გარეშე და ძალიან მინდოდა მისი ნახვა.
მარიშას არ უთქვამს, რომ სიამოვნებით შემხვდებოდა, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, რომ შემხვედროდა. დამთანხმდა, ოღონდ საღამოსთვის და არა მაშინვე, როგორც მე მინდოდა. ვღელავდი ისე, თითქოს პირველად მივდიოდი პაემანზე და გიოს ვთხოვე, რომ წამომყოლოდა. რასაკვირველია წამომყვა (რასაკვირველია სიხარულით) და საღამოს, ახალ არბატზე, წიგნების სახლის წინ, ორი საათი ვიდექით... და მარიშა არ მოვიდა.
ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ ვერ მოვიდოდა, როგორც მეორე დღეს, როცა ისევ დავურეკე და ისევ დამპირდა, რომ შემხვდებოდა, მაგრამ ისევ არ მოვიდა. დავურეკე მესამე დღესაც და მივხვდი — თუ მოვიდოდა, სამუდამოდ დავრჩებოდი აქ, როგორც ჩემზე უკეთესი ქართველები სამი საუკუნის წინ ვახტანგ მეფის ამალიდან. მესამე დღესაც ვიდექი ახალ არბატზე, წიგნების სახლის შესასვლელთან და ველოდებოდი მარიშას, ჩემი ბავშვობის ჭორფლიან სიყვარულს, ამდენი წლის შემდეგ შემთხვევით რომ გავიცანი ტიბეტისკენ მიმავალ გზაზე და ის მაინც არ მოვიდა.
არ ვიცი რატომ. ვიცი, რომ მიყვარდა, ვიცი, რომ ეცმეოდა შავი, მაღალყელიანი ბათინკები, რომ მოსულიყო, მაგრამ არ მოვიდა.
ვიდექი დიდხანს. ვგრძნობდი, როგორ მისველდებოდა თვალები და როგორ მძულდა ეს ხალხი, რომელსაც ამდენი კარგი წიგნი ჰქონდა თუდაც ამ მაღაზიაში და იმიტომაც გვიგებდნენ ყველა ომს, რომ ყველზე კარგი და ბევრი წიგნები ჰქონდათ ყოველთვის.
ვიდექი დიდხანს. მერე შევედი შიგნით, მაღაზიაში და ვიყიდე წიგნები, ბევრი წიგნი, მაგრამ მაინც არასაკმარისი იმისათვის, რომ ომი მომეგო, თუნდაც ერთი ომი და მერე ისევ ვიდექი მაღაზიის შესასვლელთან, ისევ ველოდებოდი მარიშას და ისევ არ მოვიდა.
მაინც არ მოვიდა.
იმ ღამეს დამესიზმრა ტიბეტი და დილით გამაღვიძა გიომ:
— მთელი ღამე ტიროდი, — მითხრა მართლა შეწუხებული სახით.
— ûძილში? — გავიკვირვე მე.
— ჰო, ûძილში, — თქვა უფრო შეწუხებულმა, მერე ფანჯარაში გადაიხედა, გაბრაზებული სახე მიიღო და შემობრუნდა:
— არ მოვიდა და ნუ მოვიდა, ერთი მაგის დედაც მოვტყან! — თქვა ძალიან გაბრაზებულმა და ზურგჩანთის შეკვრა დაიწყო.
— ვისი? — ვიკითხე ისე, თითქოს მართლა ვერ ვხვდებოდი, ვის გულისხმობდა.
— ვისი და იმ მარიშა ნაბოზარის და ახლა არ მითხრა, მართლა შემიყვარდაო, — ზურგჩანთა წამოიკიდა, წამოდგა და ვაგვიანებთო, — მითხრა.
— მართლა შემიყვარდა, — ვთქვი და მეც წამოვდექი. პირი სასწრაფოდ დავიბანე და ყველაფერი ზურგჩანთაში ჩავყარე.
— შეგიყვარდა არა ტოლმა, — მაინც თქვა გიომ, სანამ ოთახიდან გავიდოდით და დედაჩემმა მართლა ტოლმა დამახვედრა. თბილისში უკვე ნამდვილი გაზაფხული იყო და ძალიან მესიამოვნა თბილისური გაზაფხულის მონატრებული სუნი.
თუმცა ყველაზე მეტად მაინც ხევსურეთი მენატრებოდა.
მესამე დღეს ხევსურეთში წავედი...