ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

* * * თქვენ არ გელოდით 

თქვენ არ გელოდათ
ფიანდაზით მორთული წირთხლი,
არ დაეძებდა
ამა სოფლის საბელს კისერი, _
ყოფის გალავანს
სხვათა შორის მოჰკარით წიხლი
და შემოინგრა
შემთხვევით და საბედისწეროდ.

საბედისწეროდ მოასწარით
ახრაც თვალების
(ახლა, მით უფრო,
ქვეყანასთან რა მოგარიგებთ!)...
ხელი გტაცეს და
ღამეულად აყრანტალებულ
ხეებზე თეთრი ყვავებივით ჩამოგარიგეს.

ყელი სამღერად მოიღერეთ,
ფრთათა ფართქალით,
როცა მზეთამზეს ჩამოსცვივდა
ამო ჩინჩხალი.
მაგრამ შეიტყვეთ _
სადღაც მგელმა ჭამა ბატკანი
და წუთისოფლის სამდურავი წამოიჩხავლეთ.

მერე კი... თუმცა
მერე თვალიც ვეღარ მოჰკარით,
ზრიალით როგორ დაბზრიალდა
ზეცის ჯამ-თასი _
გაავებული დაგორავდა მიწის გორგალი,
ზედ მირიადი მაინც იდგა ჯუჯა ჯამბაზი.

დედამიწური ხელოვნებით ნაგვირისტევი
მდელო შორეთში აფრიალდა _
ჭრელი ნაფლეთი _
თავრეტდასხმულნი
თავდაყირა
თავპირისმტვრევით
წამოხვედით და გეგონათ, რომ
ცაში აფრინდით!

თქვენია მთვარის ანარეკლი _
თიხა ნახეში,
იმქვეყნიურმა განთიადმა თუ არ დაცოფა,
სანამ სივრცეში გახირულხართ,
როგორც მახეში,
და ბაქიბუქობთ
ცის და მიწის შუაკაცობას!

თქვენ არ გელოდათ
ფიანდაზით ნაფენი წირთხლი,
არ დაეძებდა ამა სოფლის საბელს კისერი, _
გალავანს ისე,
სხვათა შორის მოჰკარით წიხლი
და შემოხვედით
შემთხვევით და საბედისწეროდ.

??????