ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

ერთი კენტავრი ექსკლიუზივი

(მაქციური ციკლიდან)

მას დაავიწყდა თავისი მიწა.
მას აღარ ახსოვს:
როდის. საიდან.
და, მითუმეტეს, არ ახსოვს:
რატომ.
მას დაავიწყდა:
ვინ იყო ადრე.
და ისიც:
როგორ იქცა კენტავრად.
და როცა იქცა:
რა შემორჩა და
რა გამოება -
თავი თ ტანი.
სახლი მღვიმეა, თუმცა კარი აქვს.
მას კი თავი აქვს ადამიანის.
რათა ხანდახან გაყოს კარიდან
და დაანახოს ადამიანებს.
მან კარგად იცის:
ხალხია გარეთ.
გარეთ ხალხია ჭრელი ან რუხი.
და გარეთ რაღაც ხდება ჯიუტად.
მგონი:
ვიღაცას უნდა და ეძებს.
ზოგჯერ პოულობს და უხარია.
მას ეშინია:
გავიდეს გარეთ
და მათ თავისი ტანი აჩვენოს.
მას ეშინია :
რომ დაიხედოს
და დაინახოს თავისი ტანი.
მას ეშინია უფრო იმიტომ,
რომ დაავიწყდა:
ვინ იყო ადრე.
და ისიც:
როგორ იქცა კენტავრად.
და კიდევ:
როდის. საიდან. რატომ.
მას თვალები აქვს ადამიანის.
და თვალები აქვს უფრო იმისთვის,
რომ ღამეებმა ამოუღამონ,
მოუკდებიან ვიდრე თვალებში.
მას დაავიწყდა
და კარგად იცის,
აღარასოდეს გაახსენებენ.
მას ახსოვს მხოლოდ:
მოვიდა ქარი.
კიდევ მოვიდა.
კიდევ და კიდევ.
წავიდნენ მერე
და თან წაიღეს
მოტანილიც და არმოტანილიც.
მას აღარ ახსოვს თავისი მიწა.
მას აღარ ახსოვს,
რა არის ფრთები
(ფრთები,
ვინ იცის,
ყავარჯნებია?).
მას ახსოვს მხოლოდ მრავალი ექო
(მას, უფრო სწორად, ახსოვს თვალები)
- რომ
უჯიათი ამინდის გამო,
ფრენა სასტიკად აკრძალულია.

??????