სასაფლაო ექსკლიუზივი
-გამარჯობა!
-ვინა ხარ? - ვკითხე და საფლავთან შეუმჩნევლად მოსულ მაღალ კაცს ავხედე.
-მე?.. მე ვანო ვარ, აქაური, - თქვა კაცმა, ბაზალტის ქვაზე ჩამოჯდა და გულის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, - აქაური ვარ, ბაგებიდან.
-ერთი სიგარეტი მომეცი.
-პრიმაა...
-სულერთია, - სიგარეტი მომაწოდა და ასანთიც გაჰკრა. ალმა წუთით გაანათა მისი სახე. ძალიან ნაღვლიანი თვალები ჰქონდა და სწორი, ლამაზი ცხვირი. ასე, ორმოცდაათი, ორმოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა, შეიძლება უფრო ნაკლებიც, გაუპარსავი წვერი აბერებდა.
რომ არ ჩამქრალიყო, ასანთი ორივე მუჭში მოიმწყვდია და ისე გამომიწოდა მოსაკიდებლად. ცეცხლი დაჭერილ ციცინათელასავით იმზირებოდა მისი ვეებერთელა ტორებიდან.
-აქ რას აკეთებ? - ვკითხე.
-მე?.. აკი გითხარი, აქაური ვარ-მეთქი, - მიპასუხა და სიგარეტს მოუკიდა.
-ჰოო...
-წეღან გამარჯობა გითხარი...
-ღმერთმა გაგიმარჯოს! - ვუთხარი და მუხლზე ხელი შევახე ბოდიშის ნიშნად.
-რა არის შენი? - მკითხა და საფლავის ქვას შეხედა.
-შვილია!
-ვანოს ხველება აუვარდა.
-ძნელია? - მკითხა, სული რომ მოითქვა.
-?!..
-მეც გეკითხები რა?.. - გაიღიმა ცალყბად, - მაგაზე ძნელი რაღა უნდა იყოს... ქიზიყში ვიყავი მოყვრებთან, რომ ჩამოვედი, მითხრეს, ქრისტეს ტირილი იყოვო... - არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ თავი დავუქნიე. - კაცი რომ დაუფიქრდეს, ჭკუაზე გადავა. აქ წინათ სოფელი იყო, ახლა სასაფლაოა, აი, ამ ადგილას ბაღები მქონდა! გაღმა გავედით მთელი სოფელი, - თქვა და მთის კალთაზე შეფენილ სოფელს გახედა.
-გავრბივართ და მოგვდევს ეგ შეობელძაღლი... - ახლა სასაფლაოს გახედა: - სად გაექცევი?! - იკითხა ბოლოს.
-ვერსად! - ვუპასუხე და ახალი სიგარეტი გამოვართვი.
-დაბადება-გარდაცვალების თარიღი და მამის სახელი რად არ დააწერე საფლავის ქვაზე? - მკითხა დიდი ხნის დუმილის შემდეგ.
-ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არა აქვს.
-სხვისთვის?
-სხვისთვის მით უმეტეს.
ვანო დაფიქრდა , მერე თავი მოიფხანა.
-ეგეც მართალია... მაინც რამდენი წლისა იყო?
ხუთის.
-ღმერთი არ არის?! - ვანომ მუხლზე დაირტყა ხელი.
-აბა, რა ვიცი, - საფლავის ბორცვიდან წამოვდექი. მიწა ჩამოვიფერთხე.
-ღამით რომ დადიხარ, არ გეშინია? - მკითხა უცებ.
-რისი უნდა მეშინოდეს?
-აბა, რა ვიცი, რაც არ უნდა იყოს, სასაფლაოა, ეს მკვდირს სულებიო, ეს ლანდებიო, ეს აჩრდილებიო, მაგას რომ თავი დავანებოთ, ათასი ჯურის ყაჩაღი და ყომარბაზი დადის ღამით სასაფლაოზე...
-ამაზე უარესი რა უნდა დამემართოს?!
-ეგეც მართალია, - თქვა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ვანომ.
-ნახვამდის! - გამოვეთხოვე მე და პატარა რკინის ჭიშკარი მოვიხურე.
-ღმერთმა მშვიდობით გატაროს და ნუგეში მოგცეს. - თქვა ვანომ და წამოდგა.
-გმადლობთ, - ვუთხარი და წავედი. ცოტა რომ გავიარე, უკან მოვიხედე. იგი ისევ ჩემი შვილის საფლავთან იდგა. სიბნელეში შავი მარმარილოს ქანდაკებას ჰგავდა. ისე ჰგავდა, სხვა ქანდაკებებში ვერ გაარჩევდი... და ჩემდა გასაოცრად სიცოცხლეში პირველად შემეშინდა სასაფლაოსი.
***
ჭირისუფალთაგან თითქმის უკვე მიტოვებული ვერის სასაფლაო იყო მყუდრო, მოშრიალე ტყით, და საამოდ, ბალახმორეული საფლავებით და ალაგ-ალაგ შავ-თეთრი მარმარილოთი ლამაზად გაწყობილი. იგი სამოთხის ბაღს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასაფლაოს, ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემს ბიძაშვილებს, ზურაბსა და ვახტანგს, ასე გვეგონა, როდესაც ბიცოლაჩემ ნანას კვირაობით დედამისის საფლავზე დავყავდით.
ვიდრე იგი სევდიანი და თავდახრილი იჯდა დედის საფლავთან, ჩვენ ვთამაშობდით ყაჩაღობანას, თვალდახუჭობანას, დაჭერობანას, ვეძებდით დავიწყებული საფლავების ლურჯ სუროში ჩამალულ ჩიტის ბუდეებს, ზღაპრული კალათებივით ჭრელ-ჭრელი, ჭორფლიანი კვერცხებით სავსეს, მერე მადიანად შევექცეოდით თეთრ პურსა და ცივ კატლეტს და უამრავი თავსატეხი კითხვებით ვაწუხებდით ჩემს ანგელოზსავით ლამაზ და მწვანეთვალებიან ბიცოლას.
-ბიცოლა ნინა, რატომ არის ჩიტის კვერცხები ჭრელი და ჭორფლიანი?
-იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ ბარტყები ჭრელფრთება და ლამაზები გამოიჩეკოს.
-დედა, რატომ მოკვდა ბებია? - ამას ვახტანგი ეკითხება.
-იმიტომ, შვილო, რომ... ბებია კი არ მოკვდა, ბებია ძალიან მოხუცდა, დაიღალა და წავიდა ჩვენგან...
-შენც რომ ძალიან მოხუცდები და დაიღლები, წახვალ ჩვენგან?
-ამას ზურაბი ეკითხება.
-წავალ... ალბათ წავალ, შვილო...
-მაშინ ჩვენც წამოვალთ შენთან - ეუბნება ვახტანგი.
-არა, შვილო, თქვენ ჩემს საფლავს უნდა მოუაროთ. - პასუხობს შეწუხებული ბიცოლა.
-არა, წამოვალთ! - ჯიუტად იმეორებენ ჩემი ბიძაშვილები.
ბიცოლა პირზე ხელს აფარებს ორივეს და ისევ სათამაშოდ გვისტუმრებს.
ჩვენ ისევ ვთამაშობთ ამ მყუდრო სავანეში და მხოლოდ მზის ჩასვლისას ვბრუნდებით შინ.
ასე რომ, სასაფლაო ბავშვობიდანვე საოცარი სიმშვიდითა და სილამაზით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.
რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი ბიცოლა ძალიან ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ შვილებმა შემზარავი სიჯიუტით შეუსრულეს დანაპირები და მე შემძულდა სასაფლაო საშინელი სიძულვილით. იმდენად შემძულდა, რომ არც ერთი მათგანის საფლავი აღარ მინახავს.
შემდეგ, როდესაც მე საკუთარი საფლავი გამიჩნდა, ჩემდა მოულოდნელად და გასაოცრად, კვლავ დამიბრუნდა სასაფლაო სიმშვიდითა და სილამაზით, რომლითაც მიზიდავდა ბავშვობაში.
***
-ჩვენ თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემო ბატონო, ინდუსტრიალიზაციის რელსებზე გადავედით... - ამას სასაფლაოს დირექტორი მეუბნება.
-დიდი და საპასუხისმგებლო მეურნეობაა. დღევანდელი სასაფლაო ის სასაფლაო აღარაა, გუშინ რომ იყო... წელს უკვე მოვრჩით სასაფლაოს სრულ ელექტროფიკაციას და მელიორაციას, ახლა უკვე მუდმივ გაზზე ვფიქრობთ, ასე ვთქვათ, მარადიული ცეცხლის ორგანიზაციისათვის მილები უკვე ჩავყარეთ. ცოტა ხელის შეწყობა გვაკლია, ორი ჰექტარიღა დაგვრჩა ასათვისებელი, მოთხოვნილება კი მოგეხსენებათ...
-აი აქ, თუ შეიძლება. - გავაწყვეტინე.
-აქ?!.. ეს ადგილი უკვე დაბევებულია, მაგრამ თქვენთვის ყველაფერს გავაწყობთ... - თქვა ყოყმანის შემდეგ.
-ისე კარგი ადგილია, საუცხოო ჰაერი და გადასახედი, აქეთ მცხეთა, იქით თბილისი... სამეზობლოც ძალიან სოლიდურია. ეს პროფესორი ხეთაგური გახლავთ, ეს - აკადემიკოსი ჯანჯღავა, ეს - ექიმი თათარაშვილი, ეს - რესპუბლისკის დამსახურებული მასწავლებელი გულარიძე, ეს... ამან არ შეგაწუხოთ, ნახალოვკელი ქურდი ჭყეტელაა, მაგრამ ქურდები დაპირდნენ, მალე გადაგასვენებთო, სხვათა შორის, ქურდებმა დამარხეს, ეს ლაბრადორიც მაგათმა ჩამოუტანეს კიევიდან. თქვენ რა ქვას ინებებთ?
-ბაზალტისას!..
-ხელოსნებმა არ გაგაბრიყვონ, ბატონო, ტყავს აძრობენ ჭირისუფლებს, აქაოდა დამწუხრებულები არიან და ვაჭრობას არ იკადრებენო.
-აქ! - ვთქვი მე.
-გასაგებია!
-ნახვამდის.
-ნახვამდის, ბატონო, მიიღეთ ჩემი სამძიმარი, თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მამა. - დირექტორი გაშრა.
-უკაცრავად, ბატონო, რამე ზედმეტი თუ გითხარით. - შეწუხდა ძალიან.
-ყველაფერი კარგად ბრძანეთ.
-ნახვამდის, ბატონო.
-ნახვამდის.
***
ორი წელი ყოველდღე ვკვდებოდი. მესამე წელს მივედი სასაფლაოზე,დილით ადრე, ექვს საათზე. სასაფლაო იყო მყუდრო, გრილი, საამოდ მოშრიალე ტყით, ფრინველთა გალობითა და მარმარილოს ძეგლებით სავსე.
წელზევით გადაჭრილი და გაქვავებული ქანდაკებები ტყეს შეფარებული, შეშინებული ლტოლვილებივით იცქირებოდნენ ყოველი ხის ძირიდან და ბუჩქიდან.
დიდხანს ვიჯექი ჩემს საფლავთან. შორიდან ქვაზე ჩაქუჩისა და საჭრეთელის კაკუნი ისმოდა. ავდექი და იმ ხმას გავყევი გაბმული თოკივით. მივედი და რაც მე იქ ვნახე, იმის სრულად გადმოცემა შეუძლებელია.
-გამარჯობა, ვანო!
-ვინა ხარ? - გადმომხედე ზემოდან.
-ვერ მიცანი? - ვანო დამაკვირდა და მიცნო.
-შენზე მითხრეს, კვდებაო.
-არ მოვკვდი.
მან ჩაქუჩი და საჭრეთელი კვარცხლბეკზე დააწყო, კალთიდან ქვის მტვერი ჩამოიბერტყა და სკამზე დაჯდა.
კვარცხლბეკიდან წელზევით გამოკვეთილი საოცრება იმზირებოდა.
ეს იყო ძეგლი, არა, არც ძეგლი, არც პორტრეტი, არც ბარელიეფი, არც გორელიეფი და არც არფერი. ეს იყო არაფერი და ყველაფერი ერთად, ბრტყელ ბაზალტის ქვაზე ამოკვეთილი ადამიანის გამოსახულება, ყოველგვარი ფორმის, მოცულობის, პერსპექტივის, ნაკვთის და ძარღვის გარეშე. ეს იყო რაღაც ხელოვნების მიღმა, ათასი საუკუნის იქიდან მზირალი, რაღაც პირველყოფილი ქმნილება, რასაც სახელი არ აქვს...
და მაინც, მე ვფიქრობ, ეს იყო კერპი, ბუნების გამოუცნობი საიდუმლოთი განცვიფრებული, პირველყოფილი ადამიანის ხელით ქვაში გამოკვეთილი ღვთაება, კერპი, მაგრამ რისი?
-აქ რას აკეთებ, ვანო? - ვკითხე და გვერდით მივუჯექი. მან პრიმა ამოიღო გულისჯიბიდან, მეც მომაწოდა, მოუკიდა, ძალიან ღრმად ჩაისუნთქა და გვიან მიპასუხა.
-ვერა ხედავ, რას ვაკეთებ?
-ეგ რა არის, ვანო?
ვანო ისევ დადუმდა, პრიმა ბოლომდე ჩაიყვანა და გვიან მიპასუხა:
-შვილია ჩემი.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი, როგორ წამომიდგა თმები საფეთქელზე.
-რას ამბობ?
-შარშან ამ დროს... ქსნის ციხის ქონგურზე ასულა ნასვამი, ფეხი დასცურებია და მოწყვეტილა... არწივივით მხრებგაშლილი მოდიოდა თურმე, ბიჭებმა სთქვეს... ეჰე-ჰეი... ყიოდაო, ვაი მამაშენს, შვილო. - ვანომ ქვევიდან ირიბად ახედა კერპს.
-ეგ რა არის, ვანო? - ვკითხე ისევ და კვლავ შემაჟრჟოლა ტანში.
-აკი გითხარი, ადამიანო, შვილია-მეთქი ჩემი.
-შენ თვითონ გააკეთე?
-მე. ცოტაღა დამრჩა, აი ეს ადგილი.
ადგა და მკერდზე დაადო ხელი კერპს.
-შენ ქანდაკებისა რა იცი, ვანო? - ვკითხე უზომოდ შეწუხებულმა.
-ჩემზე კარგად ჩემი შვილი ვინ იცის? - შემომხედა გაკვირვებულმა.
-ეგ მართალია, მაგრამ მაგას მაინც ცოდნა უნდა, ეგ ხო შენ შვილს არა ჰგავს.
-ვინ გითხრა, რომ არა ჰგავს, მაშ, ეს რა არი, აი მისი ლამაზი თვალები, აი მისი მომშვილდული წარბები, აი მისი არწივივით კისერი და ღონიერი მკლავები, ოთხი მტკაველა ბეჭები, მამა ენაცვალოს...
-ვანო თან ლაპარაკობდა, ათრთოლებულ ხელს უსვამდა მოფერებით ბრტყელ ქვაზე ამოკოდილ თვალებს, ცხვირს, ბეჭებს და უცებ თითქოს ღვთის ხელი შეეხო, ქვა გაცოცხლდა და ამოძრავდა...
თვრამეტი წლის ჯმუხი, შავგრემანი ბიჭი მიღიმოდა ბაზალტის ქვიდან და მე კინაღამ გული გამიჩერდა. ვანო დადუმდა, ათრთოლებული ხელი ჩამოუვარდა და მოწყვეტილი ტოტივით დაეკიდა მხარზე. ქვა კვლავ შემზარავ კერპად იქცა.
-შენ კი ამბობ, არა ჰგავსო... სხვებიც ამბობენ, მე ხომ სხვისთვის არ ვაკეთებ, სხვამ ჩემი შვილი რა იცის?
-თუ შენთვის აკეთებდი, ეგ ძეგლი სახლში დაგედგა, ვანო - შევბედე ფრთხილად.
-მაგის სახლი ახლა აქ არის! - თქვა ჯიუტად .
ვერაფერი ვერ ვუპასუხე. ავდექი და წამოსვლა დავაპირე.
-ნუ წახვალ, ბიჭო, ნუ დამტოვებ მარტო, მომკლა ამ მარტოობამ...
-მთხოვა და ორი დიდი კურცხალი გადმოუვარდა თვალებიდან.
***
უკვე ბინდდებოდა, სასაფლაოდან რომ გამოვედი.
ვაკის პარკის პირდაპირ გადახურულ საცუარო აუზს აშენებდნენ.
უზარმაზარი ბაზალტის ლოდები ეყარა მშენებლობაზე. ამწეს მკლავზე დაკიდებული ერთი მათგანი ირწეოდა ცაში და სულ მაღლა, მაღლა მიიწედვა.
უნებურად თვალი იმ ლოდისკენ გამექცა.
-ეჰე-ჰეეე!!! - იძახდა მშენებლობის მაღალ ქონგურზე მდგარი არწივივით მხარგაშლილი ბიჭი, თან ამწეს მაღალ ჩონჩხში პატარა ბუდესავით ჩამჯდარ ბუდრუგანაში გამომწყვდეულ კაცს ანიშნებდა - აქეთ, აქეთო.
შეშინებული მოვწყდი ადგილს.
-ეჰეი, ბიჭო, კაცო, შვილო, ძმაო, ვიღაცა ხარ, რა გქვია! - შევკივლე იმ ბიჭს ქვევიდან.
-რა იყო, ძია?
-ჩამოდი, თუ ძმა ხარ, ჩამოდი შენი ჭირიმე, არ ჩამოვარდე.
-ნუ გეშინია, ძია, არ ჩამოვვარდები!..
-მაინც ჩამოდი, დედას გაფიცებ, ჩამოდი!..
-ბიჭმა ხელი ჩაიქნია და თავისი საქმე განაგრძო.
ბაზალტის ლოდი კი ნელ-ნელა ირწეოდა და იმ ბიჭისკენ მიცურავდა მაღლა ცაში.
გონს მოვეგე, შემოვტრიალდი და ჩქარი ნაბიჯით წამოვედი სახლისკენ. ცოტა ხნის შემდეგ გულმა არ მომითმინა და უკან მოვიხედე. ახლა ის უზარმაზარი ლოდი, როგორც ზღაპრულ გოლიათს, იმ ბიჭს თავს ზევით ეჭირა აღმართული ორთავე ხელით და მშენებლობის მაღალ ქონგურზე ასვენებდა.
მზე ბიჭის ზურგს უკან იყო და მისი შუქი ნათელივით ადგა თავზე.
ახლა სასაფლაოს გავხედე. ჩამავალი მზის შუქით განათებული, სამოთხის ბაღს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასაფლაოს და მე სადღაც, გულის კუნჭულში, აუხსნელი სიმშვიდე ვიგრძენი, რომ ამ სამოთხეში საკუთარი საფლავი მქონდა.