ჭილაძე ოთარ
გაზიარება

ბუხარი 

მე შენთან სტუმრად მოვსულვარ ახლაც,
აქ მიპოვია დღის დასასრული.
მე მიყვარს შენი პატარა სახლის 
სიმყუდროვე და კედლების სუნი.

მე მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი რატომ,
ფესვი გადგმული სულში ისეა,
და იქნებ ჩემი სტუმრობა მარტო
ჩვეულება და სინდისია!

შენ ისევ ისე მიხდი მადლობას
და ისევ ისე ამზადებ ჩაის,
(ვინ იცის,თოვლი როდის გადნებადა
რა იქნება ვინ იცის გაისს).

როგორ ბერდები.როგორ ბერდები,
როგორ გეცვლება ხმა და იერი...
ჩემი გზებით და იმედებით
სულ სხვანაირედ ვარ ბადნიერი
.
და მაინც მიყვარს ეს ჩუმი სახლი,
ეს ძვლისძველი დიდი ბუხარი,
შენი ფერმკთალი და წყნარი სახე
ისე ლამაზად არის მწუხარე.

ერთ დროს შენც იყავ ნაზი და ჩვილი
შენც გერხეოდა ყურზე საყურე...
დადიხარ,ფიქრობ და გეჩვენება
როგორ ადაბლებს თოვლი სახურავს.

ასეა,როცა გაივლის ქარი
ტყეშიც ამგვარად დგება ზამთარი.
დრო,გაფრენილი საოცრად ჩქარა
შენს თმებში ვერცხლად არის ჩამდნარი.

და მე მგონია,იმიტომ მიშვებ შენთან,
მდუმარე და მწუხრისფერი,
რომ შენს მახლობლად მეც ვიგრძნო შიში
სადღაც მოარულ ჩემი სიბერის.

მე დღეს ბუხარი ვერაფერს მეტყვის,
მე დღეს სურვილებს გრიგალს ვატოლებ,
ის აიშენა მან,ვისაც მეტი
ჰქონდა წუხილი და სიმარტოვე.

გარეთ შრიალებს იანვრის თოვლი,
იძინებს ბაღი ქარით ნარწევი...
ახლა მშვიდობით.მე კიდევ მოვალ
შენი მსმენელი და ხმის გამცემი.
1956წ

??????