კიპლინგი რადიარდ
გაზიარება

თუ (მთარგმნელი:ანი კოპალიანი) 

თუ შეგიძლია შეიკავო თავი, როდესაც
შენ ირგვლივ ყველა თავს კარგავს და ეს შენ გბრალდება
და თუ თვითრწმენას ინარჩუნებ, თუნდაც მოგესმას
ეჭვის ხმა - და თან ამ ხმისათვის ყურის დაგდებას
შეძლებ. თუ ელი და ლოდინი ლოდად არ გადევს,
თუ გატყუებენ და ტყუილის ხლართებს ირიდებ,
ხარ საძულველი და სიძულვილს თავს არ უყადრებ,
თან თვალს არვის სჭრი და არც სიბრძნე გცვივა პირიდან:

თუკი ოცნებობ და არ გექცა ოცნება ვნებად,
თუ გეგმავ, მაგრამ არ გმართავენ შენი გეგმები,
თუკი იგემებ დიდ მარცხსა და დიდ გამარჯვებას
და სატყუარას მათსას თუ არ წამოეგები;
და თუკი იტან, შენ წრფელს სიტყვას, აზრშეცვლილს განგებ,
არამზადები სულელებს რომ უგდებენ ყბაში
და სულ მოითქვამ, მისდგები და ხელახლა აგებ,
როცა დანგრეულს ხედავ იმას, რისთვისაც დაშვრი.

თუკი ერთ დღესაც ხელს დაავლებ მთელს შენს მონაგებს
და ბედისწერის კამათელზე შეაგდებ მშვიდად,
ისე წააგებ - არ დატოვებს ღიმილი ბაგეს,
დაიკაპიწებ ხელებს მერე - ხელახლა ქმნი და
უბრძანებ შენ გულს, შენს ყველა კუნთს, ყველა ძაფს ნერვის -
განაგრძოს თმენა, მოძრაობა, განაგრძოს ფეთქვა,
თუ მედგრად დგახარ, მაშინ, როცა, ყველაზე ბევრი,
ნებისყოფა თუ ჩაგჩიჩინებს: ,,დადექი მედგრად!“

თუ შეძლებ იყო ხალხში, მაგრამ არ აჰყვე მასებს,
მეფესთან ჭრიდეს შენი სიტყვა და დარჩე სადად;
თუკი ვერც მტერი, ვერც მოყვარე ვერასდროს გაგსრესს -
მათგან ყოველთვის შორი-ახლოს იდგები რადგან.
და თუკი შეძლებ, შეაჩერო სამოცი წამი
ყოველი წუთის - მთვრალმა მათი მშვენების განცდით;
შენი იქნება ამ სამყაროს ხმელიც და წყალიც
და, უფრო მეტიც, ჩემო ბიჭო, - გერქმევა კაცი.

??????