პრანჭიები
სულ ერთი ციცქნა, პაწია
ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას,
ისე პატარა ბოსტანი,
ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია.
იქვე ბაჭიას მეზობლად
ციყვს ჰქონდა ნაძვზე ფუღურო,
შიგ ედგა ერთი ქოთანი,
ცარიელი და უყურო.
და მათ მეზობლად, ღრუბლების
იმედითა და ნუგეშით,
პატარა იხვი ცხოვრობდა
გობისოდენა გუბეში.
ბაჭია გაიძახოდა:
- შრომით მასკდება ოფლიო,
სტაფილოთი და მწვანილით
მე ვამარაგებ მსოფლიოს! -
იხვი გუბიდან ყვიროდა:
- ცა თავზე ქუდად მხურავსო,
რაც მსოფლიოში თევზია,
სულ ჩემს გუბეში ცურავსო! -
ციყვი ისეთი ფრთხილია,
ფუღურო ჩაკეტილი აქვს,
შიგნიდან გაიძახოდა:
- ეს ჩემი ორი კბილია,
ისეთი ალესილია,
რაც მსოფლიოში თხილია,
სულ ჩემი დაკვნეტილია! -
ტრაბახში დადგა ზამთარი,
ერთ თვესაც არ გაუვლია,
იხვსაც,
ციყვსაც
და ბაჭიას
შიმშილით გასძვრათ სულია.
იხვი,
ციყვი
და ბაჭია
სამთავე იყო პრანჭია.