დუმბაძე ნოდარ
გაზიარება

ბოშები ექსკლიუზივი

გურიაში ბოშებს ჩაჩნებს ან ციგნებს ეძახდნენ.
ამიტომ, როდესაც 1943 წლის ივლისში ჩვენს სოფელს მაცნე მოედო, ზენობანში ჩაჩნები და ციგნები ამოვიდნენ და ლაშის ღელის ჭალაში დაბანაკდნენო, - ეს ცნობა ისე აღვიქვი, როგორც ყაჩაღების შემოსევა, რადგან ციგანიცა და ყაჩაღიც ეშმაკისა და გაღლეტილის სინონიმებია აგრეთვე გურიაში.
მათი ბანაკის დასაზვერად რომ წავედი, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, ჯიბეში, სხვათა შორის, ბაბუაჩემის ნაქონი დიდი ჯაყვა მედო, მხარზე მისივე ნაქონი ფილთა თოფი მეკიდა, 1905 წლის შემდეგ რომ არ გავარდნილა და არც გავარდებოდა, რადგან იმ გავარდნის დროს მოგლეჯილი ჩახმახის თავის ადგილას მიმაგრებაზე აღარავის უზრუნვია.
ასე იყო თუ ისე, ბანაკს მივეპარე, შორიდან დავზვერე და რას ვხედავ... ბოშები, ჩემი ხმაურიანი, მოცეკვავე, მომღერალი, ქურდბაცაცა და მოჩხუბარი, საყვარელი, შავტუხა ბოშები...
ბოშებს თავის მხრივ ისე გაუკვირდათ და გაუხარდათ ამ მთაში დაკარგულ სოფელში რუსულის მცოდნე ბიჭის აღმოჩენა, რომ კინაღამ მიშვილეს.
ის დღე დაბანაკებას, სამჭედლოს გამართვას და ცხენების დაბორკვას მოანდომეს. დილით კი, როდესაც მამაკაცებმა ქურები დაბერეს, გრდემლზე უროების კაკუნი ასტეხეს და სამფეხების, საბუხრე ჯაჭვების, ნამგლების, ნაჯახების და ცელების გამოჭედვას შეუდგნენ, ძუძუთა ბავშვებით ახინძლული მათი ჯალაბი - ზოგი ორსული, ზოგი გასათხოვარი და ყველა მაინც ერთნაირად მზეთუნახავი და ეშხიანი ბოშა ქალი - კერკეტა ნიგოზივით გურული დედაკაცები, ალბათ, საღამოსათვის ხეებს ფოთლებიც აღარ შერჩებოდათ.
- ყველაფერი ერთ დღეს უნდა ჩახეთქონ და ჩათქვლიფოთ, თქვე ოხრებო და ქაჯებო?! პატარა ხვალიზაც მეიტიეთ! - უკიოდნენ ისინი ბოშებს და ეს დაუოკებელი, მორჩილებას მიუჩვეველი ბოშები, ჩემთვის აუხსნელი მორჩილებით ანებებდნენ თავს რბევას და თავიანთ ენაზე ტუქსავდნენ აღვირახსნილ ბავშვებს, რომლებსაც მაინცდამაინც არ მოსწონდათ მშობლების მორჩილება.
მოკლედ რომ ვთქვა, სწორედ ამაზე იყო ნათქვამი: მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო.
ბოშებზე იმდენი რამ თქმულა, დაწერილა, დადგმულა და გადაღებულა მსოფლიოში, თანაც იმ სათაურით, რა სათაურიც ჩემს მოთხრობას აქვს, რომ მე ახლა აბა, რა უნდა ვთქვა, მაგრამ ის, რაც ჩვენს სოფელში მოხდა ორმოცდასამი წლის ზაფხულის ორ კვირაში, ვფიქრობ, მაინც ღირს მოსაყოლად.
წეღან ვთქვი - ბოშები სოფელს კალიასავით მოედვნენ - მეთქი.
იმ დროს მთელი სოფელი თუ არა, ნახევარი მაინც მგლოვიარე იყო. მოგეხსენებათ, ქართულ სოფლებში გვარებად და უბნებად ცხოვრობენ. ბევრი ერთმანეთის ღვიძლი და ახლო ნათესავია. ფრონტიდან მოსული დაღუპვის ერთი ცნობა ბარე ხუთ ოჯახს ჩააცმევდა ხოლმე ძაძებს.
ასე გადაძაძულ სოფელში მოხვდნენ ბოშები, ამიტომ ცდილობდნენ თავიანთი თანდაყოლილი ცხოვრების ხალისი, ენთუზიაზმი, ზარ-ზეიმი, ხოლმე ქართული წყევლა და  ბოშური გინება, მაგრამ მწვავე კონფლიქტამდე საქმე მაინც არასდროს მიდიოდა.
მე ხელად დამიმეგობრეს ბოშებმა. ის კი არა, რომ გაიგეს, ობოლი ვიყავი, მათთან ბანაკში წასვლა, ცხოვრება და გაბოშებაც კი შემომთავაზეს. - ვინ იცის, დროთა განმავლობაში ბოშათა ბარონიც კი გახდეო, მაგრამ მე ისევ ბებიაჩემის თხის მწყემსვა ვარჩიე და ძირითადად სოფლისა და ბოშა დედაკაცებს შორის თარჯიმნის ფუნქციებით დავკმაყოფილდი, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ მასწავლიდნენ ბოშურ სიმღერებს, „ჩიჩოტკას“ და გიტარაზე დაკვრას.
კაცებს თარჯიმანი მაინცდამაინც არ სჭირდებოდათ,  რადგან ძირითადად სასოფლო-სამეურნეო იარაღით ვაჭრობდნენ და, მოგეხსენებათ, ვაჭრობისა და გაცვლა-გამოცვლის ენა ის საერთაშორისო ენაა, რომელსაც თარჯიმანი არ უნდა, რომლითაც დაიწყო კაცობრიობამ თავისი არსებობა და რომლითაც აპირებს მის დამთავრებას.
- ნენა, მომიყვანე ერთი კაი მარჩიელი ჩაჩანი ქალი და მე ვიცი შენიო პატივისცემა, მინდა, ჩემს ვანოიაზე ვარჩევიო, რაცხა წერილს შეაგვიანდა, - მთხოვდა მეზობელი და მეც მომყავდა.
- აგრაფინასთან რომ მარჩიელი ციგნის ქალი გყავდა, მეც იგი მომიყვანე, კაი ამბები უწინასწარმეტყველებია, ნენა და მე ვიცი შენი პატივისცემა! - მთხოვდა მეორე და მეც მომყავდა, აბა, რა მექნა?!
ყველა დაქცეულ ოჯახს თუ არა, ნახევარს მაინც ამოუმშრალეს მდუღარე ცრემლები თვალთაგან, ბევრ ჩაქრობაზე მიმდგარ კერას შეუბერეს სული, ისევ გააღვივეს, ისევ ააფუტეს და ყოველივე ამას რაღაც ერთი მუჭა თუთუნად, ორ თუ სამ კვერცხად, ნახევარ წველა ყველად, ერთ პატარა მჭადის ნატეხად, ერთ ბოთლ ადესა ღვინოდ და ხანაც სულ უფასოდ, წყაროზე მირთმეული ერთი ჭიქა ცივი წყლის საფასურად აკეთებდნენ.
ერთი მარჩიელობის ამბავი მაინც მინდა, მოგიყვეთ.
დილით ძნელაძის ქალი გადმოვიდა ჩვენს ეზოში და ბებიაჩემს დაუძახა.
- რა იყო, ნინა? - გამოეხმაურა ბებია.
-  ქერქაძის ქალო, შენი ბაღანა უნდა მათხოვო!
- მთლად გყავდეს, თუ მიაგნებ და რამეში გამოიყენებ მაგ უგვანოს, მე მაინც არაფერში არ მარგია, მთელი დღე იმ ციგნებთან აგდია და გიტარას უბარტყუნებს, გუშინ ხუთი მასავით ყაჩაღი მომიყვანა, პირის გასასველებელი ბალი და პრასი აღარაა ჩემს ეზოში, რაც მიწის ქვეშ იყო და მიწის ზევით, სულ გააწყვეს ყველაფერი....
- დედა, ჩემი სიკვდილი, სულ არ დაუტოვებიათ არაფერი? - შეიცხადა ნინამ.
- რავა არა, ტილი დაუტოვეს იმდენი, წუხანდელს აქეთ ვხილავ და ვერ გამოვულიე.
- მაინც მათხოვე! - არ დაიწუნა ძნელაძის ქალმა.
- ხომ გითხარი, თუ მიაგნებ, შენი იყოს-თქვა! - გამაჩუქა ბებიამ.
ამას ჩემი ყურით ვისმენდი, რადგან ხეზე ვიყავი გასული და გუშინის მერე ეგერ-აგერ სასწაულით გადარჩენილ ბალს ვეძებდი ზედ. ჩამოვედი და ვეახლე ძნელაძის ქალს.
- რა იყო, ბებია ნინა, რაზე დაგჭირდი?
- დამასახლე, ნენა, მომიყვანე ერთი კაი მარჩიელი ჩაჩნის ქალი და მე ვიცი შენი პატივისცემა, ჩემს გრიშაზე მინდა ვარჩევიო... - ნინა ბებიას თვალები ცრემლითა და მუდარით ჰქონდა სავსე. უარს როგორ ვეტყოდი. წავედი, თან გზაში ვფიქრობდი, ვინ მიმეყვანა ამ უბედურისთვის, შვილის დაღუპვის ცნობა და მისივე გულის ჯიბიდან ამოღებული დედამისთან გამოსაგზავნი, ტყვიით გაგლეჯილი წერილი შინ ედო...
აგერ უკვე მეორე წელია მოთქვამს, ნეტა თუ კიდევ რაიმეს იმედი აქვს?.. როგორც ჩანს, დედის გული მაინც სხვაა, რაც თავისი თვალით არ უნახავს, არ სჯერა... სულ ცოტა, ერთი ციცქნა იმედი მაინც აქვს გულის კუნჭულში...
ამ ფირებით მივადექი ბოშათა ბანაკს. თითქმის ყველა საშოვარზე იყო წასული, მარტო ბანაკის უფროსის ნიკოლას ორსული ქალიშვილი ოქსანა დამხვდა კარავში, უკვე მეცხრე თვეში იყო, სიარული უჭირდა და იშვიათად დადიოდა სამარჩიელოდ. დავუჩოქე:
- ოქსანა, ყელი არ გამჭრა. უარი არ მითხრა, წამყევი, უბედური ქალია, ცოტა ანუგეშე...
- აქვს რამე? - მკითხა ოქსანამ უხალისოდ.
- ალბათ, აქვს რაკი გეძახის, - დაეჭვებულმა ვუთხარი, რადგან როგორც ყველა სოფელი, ომის დროს ჩვენი სოფელიც შიმშილობდა და ძირითადად ხილსა და ფხალეულზე გადადიოდა. უფრო მართალი რომ ვთქვა, სულს ღაფავდა.
- ალბათ, ალბათ... ვერა ხედავ, ძლივს ვსუნთქავ, - წამოდგა უკმაყოფილო ოქსანა, მაგარამ ხათრი ვერ გამიტეხა და წამომყვა.
მე კი გამოვეცხადე მესიასავით ბებია ნინას, მაგრამ ოქსანა რომ დაინახა, ცოტათი შეკრთა.
- ეს ვინ მომიყვანე, ბიჭო, ამას რომ მშობიარობა დაეწყოს ახლა, საიდან მოვუყვანო მე ბებიაქალი? - ლოყა ჩამოიხოკა ძნელაძის ქალმა.
- მაგას ნუ წუხარ შენ, თავისი საქმე თვითონ უკეთ იცის, - დავამშვიდე.
- რას ამბობს? - მკითხა ოქსანამ.
- ძალიან ახალგაზრდაა და მარჩიელობა საიდან იცისო, - მოვატყუე.
- არხეინად იყოს! უთხარი, ტაშტი მოიტანოს, წყალი, ერთი პეშვი მარილი, ოქროს ბეჭედი და სამი ნატეხი შაქარი, - ყველაფერი ვუთარგმნე ძნელაძის ქალს.
- მაგი ხომ არ გადარეულა, ნენა, შაქარი სამი წელიწადია არ დამსიზმრებია! - შეიცხადა ბებია ნინამ. ახლა ოქსანას ვუთარგმნე ძნელაძის ქალის ნათქვამი . იმდენი იცინა, გული კინაღამ შეუღონდა.
ყველაფერი მოუტანა ბებია ნინამ ოქსანას შაქრის გარდა, მერე ძლივს წამოიძრო მარჯვენა ხელის არათითიდან თავისი ქორწილისდროინდელი სანიშნო ბეჭედი და ისიც გადასცა ოქსანას. ოქსანამ ხვნეშით მოიკალათა ბუხართან, ტაშტზე წყალი დაასხა და ის ერთი პეშვი მარილი შიგ ჩაყარა.
- უშაქროდ გამოვა? - იკითხა შეშინებულმა ძნელაძის ქალმა.
- უშაქროდ არა! - თქვა ოქსანამ.
- აბა, რა გვეშველება? - შეწუხდა ბებია ნინა. ოქსანამ ჭრელი და ფარფაში წელქვედას ჯიბიდან შაქარყინულის სამი პატარა ნაჭერი ამოიღო და წყალში ჩაყარა.
- ღმერთო, სიტკბო და სიკეთე არ მოუშალო ამ ღვთისნიერ ქალს! - დალოცა ძნელაძის ქალმა და პირჯვარი გამოსახა ოქსანას.
- რაო - გვერდზე გაიწია ოქსანა.
- გლოცავს, ავუხსენი მე.
ოქსანამ დიდხანს ურია ხელი წყალში და როდესაც მარილი და შაქარყინული გადნა, შიგ ძნელაძის ბეჭედი ჩააგდო.
ბეჭედმა წკაპანი გაადინა ტაშტის ფსკერზე, ცოტა ხანს ძგიდეზე იდგა, მერე დაწვა.
- სუფთა ოქროა? - იკითხა ოქსანამ.
- ბაჯაღლო! - ამაყად თქვა ძნელაძის ქალმა.
- ვისზე ვურჩიო? - მკითხა ოქსანამ.
- შვილზე, შვილზე, გრიშაზე... - ორჯერ უთხრა ძნელაძის ქალმა და ამით აგრძნობინა, სხვა დარდი და საფიქრალი არ მაქვსო.
ოქსანამ მარჩიელობა დაიწყო, იგი ნახევარ საათს ბუტბუტებდა რაღაცას თავის ენაზე.
- მითარგმნე, - მეხვეწებოდა ბებია ნინა.
- თავის ენაზე ლაპარაკობს და არ მეყურება! - ვუხსნიდი მე.
ოქსანამ უცებ შეწყვიტა ბუტბუტი და ძნელაძის ქალს მიუბრუნდა.
- ვხედავ, - თქვა მან, - ვხედავ, ცოცხალია, უცხო ხალხშია, წამოსვლა უნდა, არ უშვებენ, ტყვედ არის...
- ვაი, შვილო, - ამოიგმანა ძნელაძის ქალმა, - სული ედგას და იყოს...
- თავი აქვს შეხვეული თეთრი დოლბანდით, დაჭრილია ალბათ, მაგრამ ცოცხალია... - განაგრძო ოქსანამ. ძნელაძის ქალმა ეჭვით შემხედა ჯერ მე, მერე ოქსანას, უცებ ადგა, ის ტყვიით გაგლეჯილი წერილი მოიტანა და ოქსანას გადასცა.
- ამას რას უშობი?! - სისხლშემხმარი წერილი რომ დაინახა, ოქსანას სახე შეეცვალა.
- „ტი კუდა მინია პრივიოლ, ბალვან?!“ - მკითხა ხმადაკარგულმა.
რა მეთქმოდა, თავი ჩავღუნე და ოქსანას განაჩენს დაველოდე. ოქსანა ძალიან დიდხანს ფიქრობდა, ძალიან დიდხანს, მე და ძნელაძის ქალი გაოგნებული მივჩერებოდით და ოქსანამ თქვა:
- წერილი სხვისი ხელით არის გამოგზავნილი და ის კაცია მოკლული...
ძნელაძის ქალი მუხლებზე დაეშვა ოქსანას წინ.
- იმ შვილს გაფიცებ, რომელსაც ელოდები, - შეჰღაღადა მან ოქსანას. როდესაც ძნელაძის ქალის ნათქვამი ვუთარგმნე, ოქსანა გაშრა, შიშისაგან თვალები გაუფართოვდა, გაფითრდა, სახე გაუქვავდა და მუცელზე ხელები დაიფარა, თითქოს რაღაცისაგან თუ ვიღაცისაგან იცავდა. მერე ფერება დაუწყო, თან რაღაცას ბუტბუტებდა თავის ენაზე; მე მომეჩვენა, რომ იგი ლოცულობდა, თან ისე მხურვალედ, რომ რაღაც უსაშველო პატიებას თხოვდა თავის ღმერთსა და კერპს. უცებ სახეზე ღვთიური სიმშვიდე გადაეფინა, ფერი დაუბრუნდა და ნაღვლიანი ღიმილით მითხრა:
- „სკაჟი ეტაი სტარაი სწერვე, შტო ჟივ იო სინ... ი ვოტ ზნამენია. უმინია როდი ნაჩილის, რაძიტსია სინ ი ია ივო გრიშაი ნაზავუ!..- და ვიდრე ხმის კანკალით ყველაფერ ამას ვუთარგმნიდი ბებია ნინას, რომელიც შიშველ ფეხებს უკოცნიდა ბოშა ქალს, ოქსანას კივილმა ცა და დედამიწა შეძრა.
ნახევარ საათში მთელი ზენობანი და საბოშეთი ძნელაძის ქალის ეზოში იყო.
ღვთისმშობელივით ხელში ატატებული წაიყვანეს ბოშებმა თავიანთი ბელადის ქალიშვილი და გრიშა.
მეც მათთან ვიყავი.
უზარმაზარი კოცონის გარშემო დილამდე არ შეწყვეტილა ცეკვა,  სიმღერა, თამაში, სმა, კოცნა, ხვევნა, ყაყანი და შიგადაშიგ ჩხუბიც.
მაგრამ ეგ არ არის მთავარი ამბავი, არც ის, რომ ძნელაძის ქალმა ოქსანას თავისი ნიშნობის ბეჭედი აჩუქა. არა, მთავარი მერე მოხდა...
ერთ მშვენიერ დილას, სოფელმა რომ გაიღვიძა, ლაშის ღელის ჭალაში ჩამიჩუმი არ ისმოდა, ბოშები ღამით აყრილიყვნენ, საკუთარი გუდა-ნაბადი აეკრათ, თან სოფლის ერთი თხა, ორი გოჭი, ერთი ხბო, ოციოდე ქათამი, კიდევ რაღაც, წვრილ-წვრილი ნივთები აეწაპნათ და უგზო-უკვლოდ გამქრალიყვნენ.
ეხლა ეს ქონება შეიძლება, ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მაშინ ეს დიდი კაპიტალი იყო და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი გოჭის გულისთვის კაცი კაცს ჰკლავდა.
ბოშების დაწევაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, ისეთი ოთხთვალა დროგები და გადარეული ცხენები ჰყავდათ, მით უმეტეს არავინ იცოდა, ოზურგეთის გზით ეძებნათ ციგნები თუ ჩოხატაურის გზით...
     და ვიდრე სოფელი მძვინვარებდა...
     და ვიდრე სოფელი ქოთქოთებდა...
     და ვიდრე სოფელი ბჭობდა...
საღამოს კაცი ამოვიდა ზენობანში და ამბავი მოიტანა: - მილიციამ იჭვით ჩაჩნები დააკავა ჩოხატაურში, გამოტეხა ქურდობაში და ზენობელ დაზარალებულებს რაიონში გიბარებენო.
ყველა არა, მაგრამ ნახევარი სოფელი მაინც წავედით, ზოგი მართლა დაზარალებული, ზოგი სეირის საყურებლად.
მივედით, მილიციის ეზოში იდგნენ ბოშები. თვალს ვერ გვისწორებდნენ, რომელ წუთს გამისკდებოდა გული, არ ვიცოდი, ისე მრცხვენოდა, ტირილი მინდოდა და იმ წუთში რატომღაც ბოშებთან დგომა მერჩია, ვიდრე ჩემს სოფლელებთან.
„ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ეს უბედურები ქურდები არ არიან, უბრალოდ, სისხლში აქვთ ქურდბაცაცობა და რომც არ უნდოდეთ, გვერდით რომ ჩაუვლიან ნივთს, ის ნივთი თვითონ აეკვრებათ ხოლმე, როგორც მაგნიტს“, - ვფიქრობდი მე, მაგრამ მე ვინ მკითხავდა.
როგორც იქნა, გამოეტია კაბინეტიდან მილიციის უფროსი კიკიტიე ოსეფაიშვილი, აივნის მოაჯირს დაეყრდნო და ისე მიმართა ზენობელებს, როგორც სარდალმა აღლუმის მონაწილეებს:
- იცნობთ თქვენ ამ ხალხს?
- რავა არ ვიცნობთ, შე კაცო, ორი კვირაა ზენობანში დგანან, - გამოვიდა სოფლის უხუცესი, ბრძენი ლევარსი ბერეჟიანი.
- თქვენია იგი საქონელი? - მიუთითა კიკიტიამ ხალხს მოპარულ პირუტყვსა და ნივთებზე, რომლებიც ეზოს ერთ კუთხეში იყო მიყუჟული და მიბმული.
- აგი ჩემია!
- აგი ჩემი!
- აგი ჩემი! - მიცვივდა ყველა თავის პირუტყვს, ფრინველს და ნივთს.
- დაბრუნდით უკან, თქვე უგვანოებო! - მიუბრუნდა თანასოფლელებს ლევარსი ბერეჟიანი. ხალხმა დამდუღრულივით დაყარა ნივთები და ხელი უშვა პირუტყვს.
- რაშია საქმე, ბატონო კიკიტია, რაზე დაგვიძახე? - ჰკითხა ახლა მილიციის უფროსს.
- დაყრუვდი, ლევარსი ბერეჟიანო? ხომ გეუბნებით, მიხედეთ თქვენ-თქვენ საქონელს და ამათ მე მივხედავ მერე.
- რომელ საქონელს, კიკიტია ბატონო?
- კაცო, ხომაა ეს საქონელი თქვენი? - გადაირია კიკიტია.
- იყო, ბატონო კიკიტია!
- რას ქვია- იყო?! - გადახედა სოფლელებს მილიციის უფროსმა.
- იყო ბატონო კიკიტია, და გავუცვალეთ, ზოგი სამფეხში, ზოგი ჯაჭვში... არსენა გუდავაძე, რომელია შენი საქონელი? - მიუბრუნდა ლევარსი თავის მეზობელს.
- რომელია და ის ყურგაჭრილი გოჭი! - ხელი გაიშვირა არსენამ თავისი გოჭისკენ.
- ხომ გაუცვალე მაგი შენ ჩანჩნებს სამფეხში და ჯაჭვში?
- გავუცვალე, აბა არ გავუცვალე?
- არ გამიგია მე სამფეხის ოთხფეხში გაცვლა, - გაეცინა კიკიტიას. 
- მაგი ჩემი საქმეა! - ამაყად თქვა არსენამ და გვერდზე გადგა.
- აგი მეორე გოჭი? - იკითხა კიკიტიამ.
- მაგას არ ჰყავს პატრონი! - თქვა ვიღაცამ ხალხიდან.
- ეს თხა ვისია?
- არ ვიცი მე! - რომ არ უკითხავთ მისთვის ისე იუარა ძნელაძის ქალმა და ისიც გვერდზე გადგა. გვერდზე რომ გადგა, თხა პეტელით გამოეკიდა თავის პატრონს.
- შენი თუ არაა, რაზე მოგდევს, ნინა, აგი თხაი? - ჰკითხა კიკიტიამ.
- იმაზე მომდევს, კიკიტია, რომ თხაია და უჭკუოა ჩამსავით. - უპასუხა ძნელაძის ქალმა, მერე მოკიდა თხას ხელი, ძალით მიათრია ბოშების დროგთან და ზედ მიაბა.
- ქალებო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ქათმები მაგ მარჩიელობაში და კარგ ამბებში გაუცვალეთ თქვენ ამ ჩაჩნის ქალებს,  - მიმართა  სოფლის დედაკაცებს ლევარსი ბერეჟიანმა.
- ნამდვილად მასეა, - აყაყანდნენ ქალები.
- აბა თუ არაფერი არ დაგიკარგავთ, რამ გადმოგაცვინათ ამ შუაღამეზე ჩოხატაურში? - იკითხა მოულოდნელობისგან საქციელწამხდარმა კიკიტიამ.
- რაღაც სხვა ფარცაგი უბედურება გვეგონა, კიკიტია ბატონო, ხომ იცი? ომია და... - გაამართლა სოფელი ლევარსი ბერეჟიანმა.
- არც ამ ხბოს ჰყავს პატრონი? - უკანასკნელად გაიბრძოლა კიკიტიამ.
- მაგი ჩემი იყო და ვაჩუქე ჩაჩნების უფროსს, - თქვა ლევარსიმ.
- რატომ აჩუქე, ლევარსი, ბიძაშვილად გერგება? - ჰკითხა კიკიტიამ.
- რატომ და მის ქალიშვილს ბაღანე გაუჩნდა ჩვენს სოფელში და ზენობნიდან წასული გრიშაიე ძნელაძის სახელი დაარქვა...
განცვიფრებული ბოშები ხან ჩვენ გვიყურებდნენ და ხან მილიციის უფროსს. გრძნობდნენ, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა მათ გარშემო, მაგრამ როგორ და რა - ბოლომდე ვერ გარკვეულიყვნენ.
- კარგი, - თქვა ბოლოს მილიციის უფროსმა, - რახან ასეა საქმე, დაბრუნდით ზენობში, მაგრამ არ იფიქროთ, ავტობუსი გათხოვოთ, რავარც გამაბითურეთ და შემარცხვინეთ ამ ჩაჩნებთან, ისე წაბლაყუნდით ახლა ფეხით! - გვითხრა და ზურგი შეგვაქცია.
- „ეზჟაიწე, დარაგიე, ი იზვინიწე, პაჟალუსტა, ნეტ უ ნიხ კ ვამ ნიკაკიხ პრიტენიზიი“, - მიუბრუნდა იგი ბოშათა ბანაკის უფროსს, ნიკოლას.
ჩვენ და ბოშები ერთად გავედით მილიციის ეზოდან.
კარგა ხანს ვიდექით ერთმანეთის პირდაპირ. მერე ბოშებს ნიკოლა გამოეყო, მივიდა ლევარსი ბერეჟიანთან და მკერდზე ემთხვია. მერე უხმოდ შეტრიალდა და წინა დროგის კოფოზე დაჯდა.
უცებ გაისმა ველური ყიჟინი, სტვენა, მათრახების ტკაცუნი, ბორბლების გრიალი და ბოშების თავაწყვეტილი ბანაკი საჯავახოს გზაზე გაფრინდა.
წავიდნენ ჩემი შავტუხა, ხალისიანი, მოჩხუბარი, მჭედელი, მოცეკვავე, მარჩიელი და ქურდბაცაცა ბოშები. წავიდნენ უკანმოუხედავად, თან წაიღეს ჩვენი სოფლის ერთი ციცქნა დოვლათი, სამაგიეროდ, ლაშის ღელის ჭალაში იმედის ისეთი კოცონი დაგვიტოვეს, დღესაც მანთია გულში.
წავიდნენ ჩვენი ბოშები... ჩვენ კი, სევდიანი, მაგრამ საკუთარი საქციელით უზომოდ კმაყოფილები და ბედნიერები, ფეხით შევუდექით ზენობნის გრძელ და გაუთავებელ აღმართს.

??????