ჭეიშვილი რეზო
გაზიარება

ნობელი ექსკლიუზივი

ალფერდ ნობელი დაიბადა 1833 წელს სტოკჰომში, გარდაიცვალა 1896 წელს სან-რემოში. მთელი ცხოვრება ასაფეთქებელი ნივთიერებების შესწავლას შესწირა. 1867 წელს აიღო დინამიტების შესწავლას შესწირა. 1867 წელს აიღო დინამიტების წარმოების პატენტი, რომელმაც უმდიდრეს ადამიანად აქცია იგი. ნობელის ანდერძის თანახმად, დაარსებულ იქნა ყოველწლიური, სამი საერთაშორისო პრემია: ფიზიკა, ქიმია, ფიზიოლოგია, მედიცინაში_ ერთი, ლიტერატურაში- მეორე დამშვიდობის საქმეში- მესამე. 1904 წელს, ნობელის გარდაცვალების მეშვიდე წლისთავზე, გასცეს პირველი პრემია, რეგულარულად რომ ენიჭებად დღემდე გამოჩენილ ადამიანებს.მისი სახელი კი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰუმანიზმის, პროგრესის და შვიდობის სახელს. აი, რა შესძინა დინამიტების წარმოებამ ალფერდ ბერნარდის ძე ნობელს დათუ რა მოუტანა სოფელ ბუყნურის საზოგადოებას დინამიტმა, ამას ქვემოთაც დავინახავთ.
სოფელ ბუყნურში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ათი კილოგრამი ამონალი მოდის და დინამიტის მოხმარებით იგი ბევრად წინ უსწრებს მეტად თუ ნაკლებად განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს.
სოფელი ბუყნური ძევს ნაქერალას მთის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე; იქვეა ქვანახშირის ცნობილი საბადოები და შახტები, რაც თავისთავად განაპირობებს დინამიტების სიუხვეს და ჭარბწარმოებას.
თუმცა ეს სოფელი მარტო ამ საქმიანობით არ იქცევს ყურადღებას.ამდენ შრომისუნარიან ინვალიდს ძნელად თუ შეხვდებით დედამიწის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში.მართლაც ბევრი უხელო და უთითო კაცი ცხოვრობს აქ და ბუყნურელებს, რომ პატრონი ჰყოლოდათ და ეს საკითხიც თავის დროზე საგანგებოდ შეესავლა, მათი სახელი და დიდება შეიძლება გასცდენოდა კიდეც რესპუბლიკის ფარგლებს. დღესაც ნახავთ ბუყნურში, როგორ შეიბამს ღვედით ცალხელზე გლეხი თოხს და ისე ჩადგება სვრელში, ვითომც არაფერი.სამი და ოთხი თითი რომ კაცს აკლია, ეს საერთოდ არ ითვლება არაფრად. ცერი თუ შეგრჩა, სიკეთეში ჩამოგართმევენ და საღსალამათ კაცს კი ეჭვის თვალითაც კი დაგიწყოს ყურება.
იქნებ იფიქროთ, რომ სამამულო ომიდან დაბრუნდნენ ასე, ამნაირად, ანდა რაიმე ლოკალურ, არაოფიციალურ ომებში იღებდნენ დღესაც მონაწილეობას.არავითარ შემთხვევაში! ამ სოფლიდან, ისე როგორც ქვეყნის ყოველი კუთხიდან, ომში მართლაც ბევრი წავიდა, მაგრამ ეს მოვლენა, ესე იგი, უხელთითობა, სოციოლოგები რომ დინამიტებს და შახტებს უკავშირებდნენ, ომის შემდეგ პერიოდს უფრო განეკუთვნება.ახლა გეტყვოთ, რომ კაციშვილი შახტში სერიოზულად არ დაშავებულა, თუმცა ბევრი ბუყნურელი მუშაობდა და მუშაობს ქვანახშირის შტოლნებში.უბრალოდ, ამ შახტებიდან. როგორ და რაგზით,არც ვიცით, არც გვაინტერესებს ამჯერად, გამოაქვთ ამონალი და პატრუქები, კერძოდ, დინამიტები ზოგადად და შედეგიც, როგორც იტყვიან სახეზეა.
დინამიტი ბუყრუნელთა ძირითადი საბრძოლო, საწარმოო, სამეურნეო თუ გასართობი იარაღია, არც კი ვიცი, რა სახელი ვუწოდო.ბუყნურელებს აღარც კი ახსოვთ, როდის ამოიყვანეს დინამითით ლაყუჩებდახეთქილი უკანასკნელი ლიფსიტა მდინარიდან. მას შემდეგ თავკომბალების მეტი არ უნახავთ იქაურ წყალსატევებში.
დინამიტს, ბუყნურელთა აზრით, ერთი დიდი ნაკლი აქვს: გაფრენილ, ან ტელეგრაფის სინაზე ჩამომჯდარ ჩიტს ვერ ესვრი; სამაგიეროდ, მელის ან მაჩვის სოროში შეაგდებ თავისუფლად და კატის კუდზეც გამოაბამ,თუ გაგიჭირდა.
საზეიმო დღეებში, განსაკუთრებით ქორწილებში, დინამიტი მისწრებაა.რამდენჯერ მინახავს ასეთი სურათი: მთვარიანი ღამეაა. ბუყნურელ მაყრევს დედოფალი მოჰყავთ შუხერიდან. ისმის სიმღერა ქალი მოგვყყავს ნათელიო და ასე შემდეგ;იელით გადაყვითლებულ უკანასკნელ სერს გადმოლახავენ თუ არა, ოდა სახლის აივანზე ვიღაც იყვირებს : ნეფე მოსის, ნეფე მოდისო და ატყდება კიდეც დინამიტების ბათქა-ბუთქი ორღობეებშიდა ფოლორცებში. დიდებული სანახავია ამ დროს ბუყნური.
ჭირის თუ ლხინის სუფრის დაწყებამდე თავაიანი დიასახლისი მომხიბლავი ღიმილით გამოაცხადებს ხოლმე: სტუმრებს გთხოვთ, დინამიტები ჩაგვაბარეთ, წასვლისას დაგიბრუნებთ უკლებლადო და სტუმრებიც კეთილსინდისიერად იცარიელებენ ჯიბეებს. არაფრის დიდებით დინამიტებით სუფრაზე არ დასხდებიან. ამ წესს თუ ტრადიციას შესაშური პუნქტუალობით იცავენ სიმთვრალეში, მაგრამ 
სიფხიზლეში ივიწყებენ ყველაფერს.ეს უკვე, ჩემი აზრით, ობიექტური ფაქტორებითაც უნდა იყოს განპირობებული. თევზი ამ ახლომახლო ღელე-მდინარეებში გაწყდა, ანდა, როგორც იქაურები ამტკიცებენ, თავკომბალებად გადაგვარდა, მელიას და მაჩვის სახსენებელიც მოისპო, ხეზეჩიტს, როგორც მოგეხსენებათ, დინამიტს ვერ ესვრი და რა ქნას ამ ხალხმაც?! მართლა ყველაფერშიც კი ვერ გაამტყუნებ.
სწორედ ამიტომაც დინამიტებს აფეთქებენ ნაძლევზე, პურმარილზე და ზოგჯერ სულ არაფრის ამოც. აფეთქებენო, რომ ვამბობ, ამასაც დაზუსტება სჭირდება. კი არ აფეთქებენ იფეთქებენ შორიახლოს და ზოგჯერ- ფეხებშიც კი.დინამიტის აფეთქების სიშორე და სიახლოვე საზღვრავს მსროლელის ოსტატობას, ნაძლევის რაოდენობას,ხარისხს და ვაჟკაცობას საერთოდ. მაგალითისთვის დინამიტს იფეთქებენ ათმეტრზე, ზუთ მეტრზე და უფრო ახლოსაც. არიან სამმეტრიანები, ორმეტრიანები, ერთმეტრიანებიც და, შესაბამისად, ერთხელიანები, ორთითიანები და ერთთითიანები. 
გასულ სამეურნეო წელს გარდაიცვალა ცნობილი მეთევზე-მედინამიტე, ორმოცდაათ წელს გადაცილებული დომენტი მელქაძე. დომენტი ცნობილი მეთევზე ყოფილა. იფი მართლაც ხოცავდა თურმე თევზებს მდინარეში, მაგრამ ეს იყო უხსოვარ დროსო,თუმცა, ჩემი ვარაუდით, არცთუისე შორეულ წარსულში, რადგან ბუყნურში ახლაც ნახავ ცოცხალმოწმეს, რომელიც დაადასტურებს სხვის ნათქბამს და გაიხსენებს თავადაც, თუ როგორ ჭიჭყინებს მდინარიდან.
-...იყო, ბიძია, თევზი მაშინ და მოიტანდა, აბა, რას იზამდა, აბა, ახლა ამოიყვანოს და მოიტანოს... ცოდნა და გამოცდილება რას გვიშველის, არ არის და, რას ამოიყვან... გადასხვაფერდა, ბატონო, ბუნება, გადასხვაფერდა... -მწუხარებით იტყვის ხოლმე დარბაისელი ბუყნურელი.
მოკლედ, გარდაიცვალა ის დომეტი მელქაძე. გაასვენეს დიდებულად. სრულიად საქართველოს მეთევზე-მედინამიტეებმა გამოაგზავნეს თურმე დაკრძალვაზე თავიანთი წამომადგენლები. მარტო ხუთასი კაცი ერთდროულად დასვეს სუფრაზე.ვინ როგორ გააისტუმრა და გადაიხადა თავისი მორალურ-მატერიალური ვალი, რამდენი დახარჯა, რამდენი შემოვიდა, გასავალმა უსწორა შემოსავალს თუ გადააჭარბა, ზუსტად არცაა დადგენილლი და სალაპარაკოდაც არ ღირს. ამაზე, რასაკვირველია ჩვენ არ შევჩერდებით.
ჩაასვენეს ის ჩვენი დომენტი მელქაძე სამარეში, უკანასკნელად დაიტირეს ჭირისუფლებმა, მოაფრქვიეს ცრემლი და ამონალიც, მიაყარეს ბოლოს თითო პეშვი მიწა და, ახლა ჩვენ ჩვენებურად უნდა ვცეთპატივი, როგორც ჩვენი რიგი და წესია, ანდერძიც უნდა ავუგოთო,თქვეს თავკაცებმა, რომლებსაც საგანგებოდ შერჩეული ვაჭკაცები გაენდოთ და არც თვითონ მოსულიყვნენ ხელცარიელნი. დინამიტები უყვარდა საწყალ დომენტისო, საქვეყნოდ ცნობილი მებადური იყოო (თავის დღეში ბადე არ სჭერია ხელში) და საიქიოს უდინამიტებოდ არ არ ცხონდებაო! თქვეს და აღასრულეს. დაცხეს, მაგრამ რა დაცხეს. სულლაწალუწით ცვიოდა ძირს ცაცხვის ტოტები.
სად იყო და სად არა, საიდან გამოტყვრა, არავის გაუგია, სასაფლაოზე გამოცხადდა ამავე სასაფლაოს დარაჯი ვარდენ კუჭუხიძე.იგი თავიკაცის მესამე მოადგილედ იყო დანიშნული;მუშამომსახურეთა თვალყურის დევნება და გამგეობა ევალებოდა და საყარაულო პოსტზე აღარავინ ელოდებოდა.
ვარდენ კუჭუხიძემქვანახშირის შახტებში დალია ორმოცი წელიწადი. დაენიშნა მაღალი პენსია, კოლმეურნეობაში შრომა აიცდინა,შეინარჩუნა საკარმიდამო,დაათხოვა ქალიშვილები, გაეფორმა სასაფლაოს დარაჯად(რად უნდოდა ამ სასფლაოს დარაჯი?) და, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მშვენივრად ააწყო ცხოვრება. რაც მთავარია,შახტებში იგი ამმფეთქებლად მუშაობდა, დღენიადაგდინამიტებთან ჰქონდა საქმე, მაგრამეს ხანდაზმული კაცი სოფელში დამკვიდრების შემდეგ წვრილფეხა მედინამიტეებს არ აჰყოლია. არავის არაფერში არ წასდგომია, დიდი ცოდნა და გამოცდილება არავისთვის გაუზიარებია;თუმცა, კაცმა,რომ თქვას, საამისოდ არც არავის შეუწუხებია.
-რა ამბავია, რა სროლა გაქვთ უჩემოდ?!. აქაურობა მე მაბარია ჯერჯერობით ოფიციალურად და პასუხს მე მომთხოვენ, თქვენკიარა...ბოლოსდაბოლოს,ჩემთან უნდა შეგეთანხმებინათ ეს საკითხი, კაცი ვარ მე, თუ რა ვარ?..ესეც, რომ არ იყოს,თქვენზე ნაკლებად არ მიყვარდა მე ნათლიაჩემი დომენტი!..
-უყვარდა, კი... დაემოწმა ვიღაცა.
-მომეცით მაშინ მეც ერთი დინამიტი და ჩემს ვალს მოვიხდი კაცურად!..
-მივცეთ?-იკითხა ერთმა.
ჯერ სიჩუმედადგა, შემდეგ გადალაპარაკება და ჩურჩული შეიქნა.
-მთვრალი ხარ, ვარდება, შენ და წადი, დაგვანებე თავი!- ურჩია ვიღაცამ.
ვარდენი ამაზე ძალიან განაწყენდა:
-ვის ეუბნები, ბიჭო, მაგას? პირზე რძე არ გაგშრობია და ჭკუას მასწავლი? მთვრალი ვარ თუ რაცხა ვარ, არ ვიცი მე?.. მთელი შეგნებული ცხოვრება შახტებში მაქვს გატარებული,შენი წონა ნახშირი მექნება შესუნთქული!...
ამ არგუმენტს უკვე წყალი არ გაუვიდოდა და მისცეს ვარდენს კუჭუხიძეს დინამიტი. ვარდენმა სიგარეტი მოქაჩა, პირდაპირ პრიმით ააშიშხინა პატრუქი.
-ისროლე ახლა, ვარდენ ბაბუა!-ითხოვა ერთმა ახალგაზრდამ და ყოველი შემთხვევისათვის ხეს ამოეფარა.
-ტარანი თვლითაა,ბიძიკო,შენ გინახავს, რა არის დინამიტი?მე ვითვლი ჯერ გუნებაში... როდის უნდა ვისროლო და როდის არა, ბარემ ესეც მასწავლეთ და ის იქნება...
-ეს ამოგვწყვიტავს სულყველას...-ჩაილაპარაკა ჭარმაგმა გლეხმა და დინამიტმაც იგრიალა ვერდენის ხელში.
რამდენი დაითვალა გუნებაში, კაცმა ვერ დადგინა, მაგრამ ანგარიში რომ აერია, ლაპარაკი არ უნდოდა.იგი ახალგათხრილი სამარის გრილმიწაზე იყო მისვენებული და მხოლოდ კვნესოდა...
-ჩვენ კარგად ვართ, ვარდენ ბიძია, არ შეგეშინდეს!-ანუგეშა ვიღაცამ.
-ერთ დღეს დაგწყვიტათ ჭირმა სულყველა!- ამოიკვნესა ვარდენმა.
-დაკარგა მარჩენალი მარჯვენა,სულმუქთად!-სინანულით ჩაილაპარაა იმ ჭარმაგმა გლეხმა, ავის მომასწავებელი ნიშნები რომ ადრევე ამოიცნო.
ჩამავალი მზე დასავლეთიდან მოსდგომოდა სასაფლაოს. ნარინჯისფერი სხივები ყვითლად დაფენოდა მოუვლელ საფლავებს, ჩაჟანგულ მესრებს, დახავსებულ ლოდებს. ძველი ციხის თუ ნაციხრის მორღვეულგალავანთან ორი ახალგაზრდა კაცი იდგა. ერთი ბუყნურის კლუბის გამგე იყო, მეორე დომენტი მელქაძის დაკრძალვაზე ამოსულიყო თბილისიდან.
-როგორ დაიკარგე, ჩემო გოგი... დაიკარგე და დაიკაგე... აღარ ამოდიხარ, აღარ გვნახულობ... ამასწინებზე ტელევიზორში დაგინახე და გული სიამით ამევსო... ძალიან მიხარია, ბიჭო,შენი წარმატება, ძალიან...
-ლაპარაკობდა ქელეხზე შეჭიკჭიკებული კლუბის გამგე.
გოგი კი ამ ქებაზე უხერხულად იშმუშნებოდა და აშკარად ეტყობოდ, რომ წასვლას აპირებდა და ვერ ახერხებდა. სასაფლაოზე აღარავინ ჩანდა.მესაფლავენიც წასულიყვნენ.
-მე ჩავრჩი, გოგი, ჩავრჩი ამ სოფელში... ეს წლები კი გაილია თვალდახელუა...
-კარგი სოფელია... თქვა უადგილოდ გოგიმ.
-კი, ჰაერი და წყალი კარგია,- დაემოწმა კლუბის გამგე .
მწუხრი დაწყებულიყო. ბინდი დადგმოდა ჩახავერდებულ გორებს.საქონელი ბრუნდებოდა სოფელში სარეკელას რაკუნით...
-ისე, მშვენივრად კი მოწყობილხარ, მშვენიერი სახლი გაგიმართავს, შვილები მოგსწრებია.
-ამაშია მერე, გოგი, საქმე?... ნახე რამხელა სახლები აქვთ წამოჭიმული... ეს არის მთავარი, გოგი? სახლებშია საქმე?!
-ამაშიცაა... ისე, ხალხი გაფასებს,პატივს გცემს...
-ვინ ხალხი,სადაა ხალხი? მხეცებია, ბიჭო ესენი... დაწერე, გოგი, ჩვენზე რამ, დაწერე ,თუ გიყვარდე... დაწერ?
-არ ვიცი, ვნახოთ.
-გოგი, გახსოვს, ინსტიტუტიდან გასტროლებზე რომ დავდიოდით? რა დრო იყო, არა? შალვა ხელაშვილი გახსოვს? სად არის? ცოხალია? რას აკეთებს?
-არ ვიცი, ვერ გეტყვი, ვეღარ ვნახულობ...
-გულიკო ბოგერია სად არის, თუ იცი?
-არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მგონი გათხოვდა.
-კარგი გოგო იყო, არა, გულიკო ბოგერია?
-იყო. კი.
-მე ჩავრჩი, გოგი ბუყნურში...შენს სახელს რომ გავიგონებ გოგი, მეამაყება,ძმობას გეფიცები... ტელევიზორში გნახე ამასწინებზე...ისე, მეც კარგად ვარ მოწყობილი, რომ გნახო, გაგეხარდება,თუმცა ,ხომ ნახეე, მაგრამ ამაში არ არის დაქმე, არა ვარ მართალი? თუ არა ვარ, მითხარი?!
-მართალი ხარ, ალბათ...
-,,ოიდიპოს მეფის" დადგმა მინდოდა, პირველად, რომ ჩამოვედი, ამათ ხელში ოიპიდოს დადგამ? ხალხია ესენი?.. დაწერეგოგი, ჩვენზე რამე, დაწერე ბიჭო!ოიდიპოს მეფე რავარია?
გოგი იდგა და ხმას აღარ იღებდა. კლუბის გამგე კი სიგარეტს უკიდებდა წვალებით. ნიავი ზედიზედ უქრობდა ასანთის ღერებს. ქანაობდა, ხელახლა ანნთებდა, თითქოს ხელიც უკანკალებდა. სახეზე საღამოს ბინდი ეფინა და გოგი ვერ არკვევდა, ტროდა თუ არა კლუბის გამგე.წასვლა უნდოდა, ვერ მიდიოდა, რაღაც შეუცნობელი სევდა მორეოდა და მძიმედ აწვებოდა გულზე, ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო, რატომ უნდოდა ამ კაცს მაინცდამაინც ,,ოიდიპოს მეფის" სადგმა და არა სხვა რამის. ვთქვათ: ,,ვარდბულბულიანის" ან ,,ვიდრე ჰხვალ უფალოსი"...

??????