მთას
მთაო, თვალ-უწვდო მწვერვალი
ცისთვის რომ მიგიბჯენია,
ნუ იხვევ ნისლს და ღრუბლებსა,
შავად თენდების დღენია!
ხომ იცი, მთაო, შენ უკან
სძინავს ციურსა ლამპარსა:
იმ ქვეყნის ლამაზს ძუძუს სწოვს,
ანგელოზთ უსმენს ზღაპარსა,
სამოთხის ვარდი გულს იმკობს,
სწმენდს თავის ისრებს ნარ-ნარსა,
რომ მეტ სიამით მოჰხედოს
საამქვეყნიო მაღნარსა,
მადლი და ძალი მოჰფინოს
კვნესად და ცრემლად დამდნარსა
და კელეპტარი აღუნთოს
ძმობის, ერთობის ტაძარსა...
მაშ, მთაო, მწვანევ, ზურმუხტო,
მთაო დარაჯო ქვეყნისა,
ნუ სტირი, ნუღარ ქვითინებ,
ნუღარ გდის ღვარი ცრემლისა;
შეხედე-სხივი გაშუქებს
მიმომფანტველი ბნელისა,
წინა-მორბედი მზის მოსვლის,
წყვდიადისაგან მხსნელისა,
ყინულ-სიცივის მაქრობი,
მომსპობი ხაშმის მწველისა,
სულის ჩამდგმელი მშრომელთა.
დამლხინებელი ველისა...