ბარნოვი ვასილ
გაზიარება

მრუდე მსხალი 

1

- ხალხო და ჯამაათო! თქვენ ამის სახეს კი ნუ უყურებთ და ფერს, იმას კი ნუ იტყვით, მუქი პატარძალი მოიყვანაო კანებიანი, ტქვენ ამის უნარი ნახეთ და გამრჯელობა! ქალის ჯარასავით ტრიალი ოჯახს წაღმა დააბრუნებს, ამის გავარჯიშებული ხელი, ჭრა-კრვაში დახელოვნებული მარჯვენა სოფელსაც დაეხმარება. ათი თითი სანთელია სახლში შენათებული, აგრემც მიცოცხლებს ღმერთო ამ ჭარამუდათ შვილს! - თქვა ძალუამ მართამ, როცა შეიყვანა პატარაძალი სტუმრებით სავსე დარბაზში.
სჯობდა არაფერი ეთქვა ძალუა მართას, რადგან იმისმა სიტყვებმა მეტი ცნობისმოყვარეობა აღძრეს ხალხში და ყველამ თვალები შეანათა მწარიაანთ გარუჟულ გოგოს. პატარაძალი ისეც კრთებოდა და იბუზებოდა, ეხლა ხომ მთლად დაიწო სირცხვილით, ალმური აედინა, თავი ჩაღუნა, წელში მოიხარა, თუ რამ ყავღა ჰქონდა, ისიც დაჰკარგა და დუხჭირით რამ წარსდგა ხალხის წინ.
- მუქი კი არა სწორედ ზანგია ეს გულკვდარის შვილი.
- მწარიაანთ ჯიშია და კუპრში გამოსული!
- აფსუსი არ არის, ამ თეთრ ბიჭს ნახშირა გოგო ჩაეკრას გულში.
- ეგ თვალდამდგარი იმ ათიოდ თუმანს თუ დახარბდა, რომ აღუთქვეს, თორემ ესეთ ჯოჯოს რად აუთრევდა თავის ნანინანატრ შვილს.
- ქრთამის გარდა ოჯახსაც მიეტანა: მაწარიაანთ ძლიერ კერას დაემოყვრა, ზურგი მექნებაო პირველ ხანებში.
- ცალკე გამოსვლას ხომ არ აპირობს?
- არც უიმისოა.
- სახლიკაცებს კიდეც იმისთვის ჩამოსტირით თავ-პირი.
- ხუმრობა ხომ არა არის, მონახევრეა: ერთი ძმისა რომ ეგენი არიან, მეორე ზმისა მალხაზა არის.
ესე ლაპარაკობდა ქორწილის ხალხი და კვლევა-ძიებაში იყო ერთხანს. მალე გადიყარეს გულიდან ფიქრები; შავმა ნუნიმ, უხვმა ვახშამმა დაავიწყეს მექორწილეებს პატარძალიც და ყველა მისი მისადევარიც. აივსო ღვინით ჯერ ისევ ბოზბაშიანი ჯამი, დატრიალდა ყანწი; ხალხი შეზაეხოშდა, აჟიჟინდა, კარგ გუნებაზე დადგა და მწარიაანთებული აპუტიც შაქარზე ტკბილად მოეჩვენა, უთეთრესად.
ქორწილმა მაინც ისე მხიარულად ვერ ჩაიარა, როგორც შეეფერებოდა ცალყურაანთ ოჯახს და მათ სამზადისს: უკმაყოფილების ბინდი გადაჰფენოდა ოჯახიშვილებს და სტუმრებსაც უჩრდილავდა სიხარულს.

2
მაწარიაანი კანით ხომ შავნი იყვნენ, გულიც შავი ჰქონდათ, გამურული, ჩახვეულ-გაუტანელი. იმათი ქალის წამოყვანა, და ისიც უფროსის დაუკითხავად, არ უამათ ცალყურაანთ; შეფიქრიანდნენ, ვაითუ ჩვენმა განთქმულმა ოჯახმაც ვერ დაიტიოს ახალი რძალი და რყევა დაიწყოს, დაირღვესო.
ოჯახი კი სწორედ განთქმული ჰქონდათ ცალყურაანთ, თითით საჩვენებელი, ხალხითა და დოვლათით სავსე. ჭდიან დარბაზში რომ თავს მოიყრიდა ჯალაბობა, სტუმრეული გეგონებოდათ. პაპა და დიდედა, მათი უფროსი შვილი დემეტრე, მისი ნაშენი შვიდი ვაჟი და ორი ქალი, რძლები და წვრილფეხობა, მალხაზა თავის დედით; მთელ ჯარს წარმოადგენდა ეს ამოდენა ხალხი.
ეს ერთი ძმა დემეტრე იყო გამრავლებული, თორემ მეორე ძმა თითქმის ამოწყვეტილად ჩაითვლებოდა: თითონ ის ადრევე მოკვდა, იმის ქვრივს უფროსი შვილები დაეხოცა და ერთადერთი შვილიღა შერჩა მალხაზა. ზალუა მართა მხოლოდ მალხაზასღა შეჰყურებდა, ცისა და ქვეყნის მის მეტი არავინ გააჩნდა. როცა დავაჟკაცდა ბიჭი, ძალუა მართამ თავის ნებით შერთო იმას ცოლი. შავი ქალი მოუყვანა, თვალად ნასი, მაგრამ მწარიაანთ თეონა ნამდვილ შინაური პური ეგონა იმას, მახობელა.
ტყუილად გასწია ურჩობა და აწყენინა სახლიკაცებს: მაზლიცა და მაზლის ცოლიც თავაზიანად ეპყრობოდნენ იმას და პატივისცემით, მათი შვილებიც და შვილიშვილებით ყოველთვის სიყვარულით ეალერსებოდნენ; მის შვილ მალხაზას უფროსები თავის შვილებიდან არ არჩევდნენ და პატარებმა ხომ არც კი იცოდნენ, რომ ეს ძია სხვა ძიებზე შორეული იყო მათთვის.
ეს ყველა ესე იყო, მაგრამ ძალუა მართას გული მაინც ნაკლული ჰქონდა, კეთილით სავსე არ იყო მისი გული, ერთ კუთხეში ბოროტი გრძნობა ჩასდგომოდა და დღითი დღე მატულობდა: ძალუა მართას ჰშურდა, რომ უფროსი რძალი შვიელბით იყო გარშემორტყმული და ქმარიც ცოცოხალი ჰყვანდა, თითონ კი კარგი ქმარ-შვილი დაჰკარგა; უფროსი რძალი აგერ შვილიშვილებითაც აივსო, ის კი ერთ ღერ შვილს შეჰყურებდა თავისას, ჯერ ისევ დაუქორწინებელს.
ძალუა მართას უნდოდა, მისი შვილი გაერჩიათ სხვებისაგან, სხვა მოძმეებისაგან, უნდოდა უფრო მეტი მიეკერძათ იმისთვის, უფრო მეტი შეღავათი მიეცათ და რადგან ამას ვერა ხედავდა, ჯავრობდა, ბოღმა მოსდიოდა. ჰქონდა კიდეც საჯავრ-სადარდი: ნახევარი მამული და სახლ-კარი მალხაზასი იყო, სახლისკაცები კი თითქოს ვერა გრძნობდნენ ამას და ბიჭს თავიანთ ერთად ამუშავებდნენ, მხარდამხარ.
ძალუა მართა მეტადრე მაშინა გრძნობდა თავისთავს დაჩაგრულად, როცა ახალი რძლის მოყვანაზე ჩამოვარდებოდა ოჯახში ლაპარაკი: პაპა რიგ-რიგზე აქორწინებდა ბიჭებს. აგერ ჯერი მეხუთე ბიჭზე იყო მიმდგარი, მაგრამ ეს მეხუთეც მისი შვილი მალხაზა როდი იყო, რადგან ის მეხუთეზედაც უმცროსი იყო, სულ რამოდენიმე თვით პატარა, მაგრამ უმცროსი ერქვა. მალხაზა კი უცოლოდ რჩებოდა ჯერჯერობით, თუმცა აგერ ოცდასამი წლისა შესრულდა.
- როდემდის უნდა ველოდო მაგათ? როდის დააქორწილებენ ეგენი თავიანთ ბიჭებს, რომ ახლა ჩემი შვილისათვის მოიცალონ, - ჩადიოდა მართა.
- ერთადერთი შვილი დამრჩენია და მეჩქარება ვნახო მის ბედნიერება: ვინ იცის, დღეს რა მოაქვს და ღამეს რა.
ჩემო რძალო! ერთი მალხაზას უთხარ საფქვავი წაიღოს წისქვილში და დღესვე გამოფქვას, ეხლავ დააყაროს.
- დააყრის, ბატონო, თუ ჯერი მიერგო.
- უთხრას, რომ პირველად იმას ჩამოაფქვევივონ.
- როგორ შეიძლება, ბატონო! თუ სხვის ჯერი იქნება, არ დაუთმობენ.
- ჰოდა, ჩემო რძალო, თუ იქ ჯერით არის საქმე და წესით, აქაც რიგი უნდა იყოს დაცული და უფროსობა, თორემ ოჯახს პირი ეერთმევა, აიბნევა და დაიქსაქსება, - მიუგო უფროსმა და ჩიბუხს დაუწყო ტენა.
ძალუა მართა ცივად გაბრუნდა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, აღარ დაჰმორჩილებოდა უფროსის ნებას.

3
სამართლიანი იყო უფროსის სიტყვა და ჭეშმარიტი, მაგრამ სასიამოვნო არ იყო ძალუა მართასათვის და გულის მოსაფხანი. განა ყოველთვის ტკბილია სიმართლე და აღდგომის კვერცხისავით ხელში სათამაშებელი! ესე რომ იყოს, ყველა ხელს წაატანდა იმას.
ძალუა მართა მოუთმენლად მოელოდა შვილის გაედნიერებას. ოცდასამი წელიწადი მოელოდდა ამ დღეს და რა დროსღა ცდა იყო, ან ჯერი? აკი აღარც დაიცადა! ურჩი გაუხდა ოჯახს, თავწვერაობა გასწია და სახლში რძალი დაუკითხავად შემოიყვანა.
ვაჟკაცებს არ მოსწონდათ ძალუა მართას თვითნებობა, სწყინდათ, რომ წინ წაუარა უფროსებს და შეარყია ოჯახის წესი. მემრე ვისთვის? ვიღაც გონჯი გოგოსათვის, რომელიც უფულ-იმზითვოდ გამოისტუმრეს, თუმცა აღუთქვეს დედაკაცს; არ კი შეჰშვენოდა მწარიაანთ ოჯახს ცარიელი ქალის გასტუმრება, არც ცალყურაანთ ოჯახს ცარიელი რძლის მოყვანა.
- თანაც ხმა დაუყრიათ, ისე იხვეწებოდნენ ცალყურაანი, რომ თუ ფეხი დაგვეჭირებინა, თითონ მოგვიტანდნენ საქორწილოსაო.
- რა გვქონდა სახვეწი?! გოგოს სილამაზეს დავხარბდით თუ იმის ჯიშსა და ჯილაგს?!
- თუ ჩემთვის ეკითხა ძალუა მართას, მე მაგ ქალს სახლში არ შემოვაყვანინებდი, - თქვა ბებიამ.
- მერე რამდენ ლამაზ გოგოს ეჭირა მალხაზაზე თვალი!
- ჩვენ ოჯახს ვინ დაარიდებდა ქალს.
- ალბად, ეგეც ბედია და იღბალი: ცოლქმრობის საქმე ზეცას რიგდებაო.
- რაც მოხდა, მოხდა! ეხლა მწარიაანთ თეონაც ჩვენი სახლის შვილია, ოღონდ შეგვითვისოს და ოჯახს რყევა არ დაუწყოს, - დააბოლოვა სიტყვა პაპამ!
მაგრამ პატარძალმა ვერ შეითვისა სამქრეულო, თავიდანე აითვალისწუნა ცალყურიაანთ კერა, გული ვერ გაუსწორა ვერც კაცებს, ვერც ქალებს, ვერც ყმაწვილებს. ქალები იმას არაფერს უშავებდნენ, კიდეც ანებივრებდნენ როგორც პატარძალს, მაგრამ თითონ შნოიანები იყვნენ და დუხჭირმა გოგომ შური აართო იმათ, შეიძულა. იმათი დანაშაული მარტო ის იყო, რომ როცა ქალს, აბანებდნენ, ან რთავდნენ და შუსტაკს უსვამდნენ, ღიმილი ვერ შეეკავებინათ, ბევრჯელ კიდეც ანიშნებდნენ რასმე ერთმანეთს და წასჩურჩულებდნენ. ახალძალა კი ეჭვიანი იყო, ამჩნევდა ამას ყველაფერს და გესლით ივსებოდა, მაზლებიც აითვალისწუნა; იცოდა, ისინი წინააღმდეგნი იყვნენ მის მოყვანისა და ერიდებოდა, ცივად ეპყრობოდა; კაცებიც გრძნობდნენ ამას და ზურგს უქცევდნენ. რადგან უფროსები უგემურად ეპყრობოდნენ ქალს, ბავშვებიც უფრთხოდნენ, არ ეკარებოდნენ, თუმცა ალერსის ეშხზე მოსული ქალი. ცდილობდა მიეზიდნა ისინი. ვერ შეექვსა მალხაზას ცოლი ცალყურაანთ კერას და ოჯახმაც გარიყა ის, ვერ შეისისხლხორცა.
რძალი ხომ განზე გადგა, დედმათილიც მისკენ გადიხარა, მხარდამხარ გაჰყვა მას და ამ ორმა დედაკაცმა რომ გაიწია, მალხაზაც ადვილადგადითრიეს, რადგან ჯამბარით იყო მათზე მიბმული. ოჯახის კედელმა პირი ჰქნა, გადიზნიქა და დანგრევაზე მიდგა ცალყურაანთ განთქმული კერა.

4
- თეონავ, შვილო! ხომ ხევად, როგორ აბუჩად აგვიგდეს და დაგვცნიან, - ეჩურჩულებოდა და დედამთილი რძალს - ჩვენ მალხაზასაც ეხლა უფრო მეტს ამუშავებენ, მინამ წინათ: ჰაი ტყე, ჰაი წისქვილი, ჰაი ქირა! სულ მალხაზა და მალხაზა! შინ კი ვეღარ დავინახეთ და...
- იმ დღეს, დედიჯან, სოლომონამ დაუყვირა, ადექ, რაღა დროს ძილია, შუადღე მოვიდაო, ჯერ კი მტრედისფრადაც არ იყო ნანათი.
- გატანჯულია დედმკვდარი მაგათგან.
- ამ წინაზე კიდევ პაპამ უთხრა, ნუ გეზარება, ეხლა ცოლშვილიანი ხარ, მეტი გინდა და უნდა მეტი გაისარჯოვო.
- სწორედ ჩვენთვის დაუბრმავა მა ბერიკაცს თვალები! ცოლშვილიანი რომ არის, მამულიც ნახევარი მაგისია, ბატონკაცურად უნდა აცხოვრონ, საცა სამართალია. არა, აღარ შემიძლიან ამათი გაძლება! კმარა, რაც ჯანი შევალიე ამათ.
ესე ტუტუნებდნენ რძალ-დედამთილი და გზას იწალდავდნენ განზე გასასვლელად; თავიანთ სურვილს თითონვე ამართლებდნენ, გაყრის მიზეზი გვაქვსო.
- შვილო მალხაზ! - ეკითხებოდა ძალუა მართა თავის ბიჭს, - ისევ შენ უნდა წახვიდე საზამთროს ქირაზე?
- ჰო, დედი! სხვებს არა სცალიანთ.
- რა ცალი ჰკიდიათ? სცალიანთ, მაგრამ ერიდებიან ბოსტანში წასვლას, არ დაგვაცადოსო; წილის წამოსაღებად მარდად ჩამოვლენ!
- რა წილის წამოსაღებად, დედიაჯან? - შეეკითხა რძალი.
- არ იცი, გენაცვალე? მაგრამ თქვენებურები ხომ ვერ დადიან ბოსტანში. ალგეთის ბოლოზე დიდძალი ბოსტანია. ნესვ-საზამთროს ურმით ეზიდებიან ქალაქში. თითო ურმის ქირა ოთხი-ხუთი მანეთია. ქირის გარდა მეურმეს ათი- თხუთმეტი ნესვ-საზამთრო ეძლევა ურემზე. ეს არის წილი. ამის წილს მეურმე ჰყიდის ან შინ ააზიდვინებს. როდესაც ურმები მიდიან ქალაქისაკენ, აქედან ცხენებს ჩავაშველებთ ხოლმე წილის წამოსაღებად.
რძალ-დედამთილი თავიანთ ვაჟკაცით ერთ მხარეს გადგნენ, ერთი პირობა ჰქნეს, კავშირი დადეს ოჯახის წინააღმდეგ. ჯერ არ გაემჟღავნებინათ სურვილი, გადაჭრით არა ეთქვათ რა, მაგრამ ყველანი გრძნობდნენ მომავალ განხეთილებას და აურზაურს.
პაპაც ატყობდა ამას და სწყინდა, რადგან ხედავდა, რომ ერთ ოჯახად ყოფნა უფრო ხელსაყრელი იყო მათთვის, ვიდრე დანაწილება. დიდ ოჯახში მარჯვედ იყო განაწილებული შრომა, ყველა საქმისათვის მზად იყო რომელიმე მორბედი, მარტოელი კი ვერ გასწვდებოდა სოფლის აუარებელ საქმეს; ყოფნა ან ავადმყოფობა, რადგან სანაცვლო მშრომელი მოიპოვებოდა სახლში. მცირე ოჯახის ჩარხი კი უნდა დამდგარიყო ამისთანა შემთხვევაში. სიმხიარულეც მეტი იყო დიდ ოჯახში: ცილ-თქართქარს ბოლო არ ჰქონდა. ამისთანა ოჯახი ბეგარასაც ადვილად იხდიდა, ყველას ადვილად ისტუმრებდა, მღვდელი იყო ის თუ დალაქი, სასოფლო ხარჯი თუ სახელმწიფო. დიდი ოჯახი კავშირი იყო მოქმედ მოძმეებისა, ძლიერი კავშირი და ადვილად უმკლავდებოდა ყოველნაირ მოთხოვნილებას.
მაგრამ ასეთი თვისება რომ ჰქონიყო დიდ ოჯახს, საჭირო იყო თანხმობა, გულწრფელობა, უფროს-უმცროსობა, მორჩილება. პაპამ კი დაინახა, რომ თანხმობა დაირღვა იმის სახლში; მიხვდა, სარგებლობის მაგივრად ვნებასღა მოიტანდა იმისთანა ნაძალადევი ერთობა, აწ შური, ბუზღუნი და გულღრძოობა დაისადგურბდა მათ კერაზე. ამისათვის გადასწყვიტა აესრულებინა ძალუა მართას სურვილი, როცა ის ცხადად გამოსთქვამდა თავის გულისნადებს, თუმცა კი ეძნელებოდა დარღვეული ოჯახის დანახვა.

5
შვილდი მოზიდული იყო, ლამბა დაჭიმული და მცირე რამ მოძრაობა კმაროდა, რომ ისარი გაფრენილიყო ვისიმე გულის გასაგმირად; ცალყურაანთ ოჯახი ისე იყო ზავთით სავსე, რომ საშარის კვარიც ეყოფოდა ბოორტის გადმოსანთხეველად, ქარბუქის ასატეხად. მაინც ქრთილის ტოლა იყო ის ამბავი, რომელმაც არეულობა ასტეხა ოჯახში და დაარღვია ის.
ჩვენი წესია, უმცროსი ქალ-რძალი წინ უნდა მიდიოდეს, გამოცდილები კი უკან მისდევდნენ. საყდარშიაც ამავე რიგზე დგანან. რადა? რა ვიცი! იქნება იმისათვის, რომ გამოუცდელ დეკეულს ზურგით ფოცხვერი რამ არ წაეტანოს. დიდ ხუთშაბათს ცალყურაანთ ქალ-რძალი რომ საყდარში წავიდა, უფროსები ვერ გაჰყვნენ თან, არ ეცლათ. თეონამ შეიგვიანა სახლში და უკან მოექცა ქალებს. იმათ არ მიაქციეს ამ გარემოებას ყურადღება და იმავე რიგზე მივიდნენ საყდარში; აქაც იმავე რიგზე მოუხდათ დგომა, ისე რომ უმცროსი რძალი უკან იდგა მწარიაანთ ქალმა ეს ძალიან ითაკილა და საწყენად მიიღო; ალბად აბუჩად ამიგდესო, იფიქრა და გაწყრა. წყენა მარტო ტუტუნ-მურმურით გათავდებოდა, რომ სახიფათო შემთხვევა არ დართობოდა ზედ.
თორმეტ თავ სახარებაზე ხომ ხალხს სანთელი უჭირავს, სახარების კითხვის დროს ანთებენ, გათავებისას აქრობენ. ამ დროს ბევრი ლეჩაქ-ბაღდადი იტუსება ხალხით გაჭედილ ეკლესიაში, ზოგი შემთხვევით, ზოგი განზრახ. მწარიაანთ ქალსაც გაფრიალებულ ლეჩაქზე მისცეს სანთელი და აუბურბურეს. ჩავარდა ჩოჩქოლი. მიცვივდნენ, მოუსრიეს ლეჩაქ-ბაღდადი, გაუქრეს ცეცხლი, მაგრამ რა გამოვიდა; ახალი თავსახურის მაგრივრად ნაწვებიღა ჩამოსძენძოდა უშნოდ ჩაწნულ ბუწკებზე. ამ ამბავმა სიცილი ასტეხა ახლო-მახლო. სიცილი ოედო გარშემო ყველას, საწიგნემდინ მივიდა იგი სიცილი და დიაკვანი გააცინა, სიცილმა მიაღწია თვითონ მღვდლამდინ. კუჭკუჭებდნენ ცალყურაანთ რძალებიც; გაზაზედაც სიცილითა კვდებოდნენ, ხელსახოცებს იფარებდნენ.
- აი, ბატონო, ლეჩაქი და ბაღდადი დამიწვეს, მასხარათაც ამიგდეს: საყდარშიაც და გზაზედაც სიცილს მაყრიდნენ, - შესჩივლა დედამთილს თეონამ.
- ვინა, გენაცვალე?
- აი, ამათ! დახე, ეხლაც როგორ ითხიჭებიან; დუქნებ-წინ სულ ხარხარით მომდევდნენ.
აილურსა ძალუა მართა, აიწვერა. რძლებმა რომ შეხედეს, უფრო აუტყდათ სიცილი. იმ გუნებაზე იყვნენ ისინი, როდესაც კაცს თავისთავად ეცინება და კისკისებს, ამან მთალად გაამწარა ძალუა მართა და ხმა აამაღლებინა.
- რას ითხიჭებით? - შეუტია ქალებს, - რძალი გამითახსირეთ და ხარხარებთ კიდეც ლირფად!
- თითონ რომ უშნო იყოს, ჩვენი რა ბრალია, - გაუბედა უფროსმა რძალმა.
- უშნოებიცა ხართ და უნამუსოებიც! კიდევ ურცხვად რომ ხმას იღებენ...
- რა ენა წაგიგრძელებია და ლაშქრავ ყველას! ჰკითხა მაგათაც, როგორ ყოფილა საქმე და ისე ილაპარაკე, - გამოექომაგა რძალს მისი დედამთილი.
- საკითხავი არაფერია! ამოდენა ხანი ვითმენ თქვენ ხელში, ათასი მწარე დღე გამოვიარე თვქენ სამსახურში და ეხლა გინდათ ჩემი შვილ-რძალიც იმავე დღეში ამყოფოთ. არა, დედავ და თვალო, სხვის შემაცქერლები როდის ვართ, რომ სხვის მონები ვიყვნეთ!
- ეე, ჩემო რძალო! ვიცი, რაც გალაპარაკებს, თორემ, ღმერთმა ხომ იცის, შენ ჩვენ ოჯახში არა გაგვიჭირვებია რა, განზე გადგომა გინდა, გინდა ბიჭი გაგვყარო, მაგრამ ვანახოთ, მარტო წვერაობით რას შეიძენ.
- თუ არა შევიძენთ, ბატონო, წყნარ ცხოვრებას მაინც გავატარებთ, თავისუფალს.
- ასრულდეს ნება ღვთისა!
რახან ერთი დაიწყო გაყრაზე ლაპარაკი, აღარ შესდგა: კამთმა თანდათან იმატა, იზარდა, გაფართოვდა, ჩაითრია ოჯახის ყველა წევრი, ხმა გაიმსხვილა, აიმაღლა, შფოთად გადაიქცა. დათრგუნა ყოველივე კეთილი გრძნობა, აზრი, პატივისცემა.
მაინც ეგრე ვიცით ჩვენში! გაყრა და მამულის გაყოფა ისე საძნელო საქმედა გვაქვს დადებული, ისეთი სახიფათო რამეა ჩვენთვის, რომ თავისი თავისს არ ინდობს, ძმა ძმის ბოროტსა ნდომობს, თვეობით და წლობით ოჯახს მოსვენება არა აქვს და სისხლის ღვრამდის მიდის. ანგარიშს არა ვართ შეჩვეული და მისთვის ხდება. შემდეგ განაყოფები მოშურნეებათ ჩაუდგებიან ერთმანეთს და სისხლს უშრობენ.
იბრძოდნენ ცალყურაანი. იბრძოდნენ შინ და გარედ, სახლში და ბანზე, დერეფანში და ეზოში, გომურში, ბაკში, კალოზე, მინდროში, ტყეში; ყველგან იბრძოდნენ! სახალხოდ ლანძღავდნენ ერთმანეთს, ათღევდნენ, ლაფს ასხამდნენ. ბისაც აქამდის კარგის მეტი არა გეგონა რა ცალყურაანთი, ეხლა მათი ავი გაიგო გადაჭარბებით, ერთიანად. გადმოაბრუნეს სახლი, საქვეყნოდ გამოფინეს, თუ რამ დაგლეჯილ-დაფლეთილი ჰქონდათ და ჭუჭყიანი! თავზე გადიბერტყეს, თუ რამ მტვრიანი ებადათ და მწვირიანი. მასხარები შეიქნენ და სამასხარაოდ გახადეს თავიანთ კერა. ბოლოს მოხეკეები და შუამავლები ჩაერივნენ საქმეში და, როგორც იყო, გააზავეს მებრძოლნი.

6
რომ გაჭირდა საქმე და სახრინავზე მიდგა, შუაკაცები დასახეს მოსარიგებლად; რამდენიმე ქეთხუდა კაცი მიიწვიეს. შუაკაცებმა ჯერ ურჩიეს ზალუა მართას არ გაჰყრიყო იმისთანა დიდ ოჯახს, რადაგან ესეთი ძლიერი კერის მფარველობის ქვეშ უფრო უზრუნველად იცხოვრებდა, მაგრამ როცა დედაკაცი უარზე შეადგა, მიჰყვეს ხელი და გაჰყვეს ყოველი უძრავ-მოძრავი.
მამული მამაპაპეული აღმოჩნდა და ზედ შუაზე გადასჭრეს, ნახევარი მალხაზს აკუთვნეს, ნახევარი სხვებს. ამ გარემოებამ გული ატკინა დანარჩენებს; მალხაზას წინათ ძმადა სახავდნენ, თავიანთ თანასწორ მოძმედ, ეხლა კი გამოვიდა, რომ ის ერთი სხვა ყველა ძმებს უდრიდა. ამ გარემოებამ შური აღძრა განაყოფების გულში. თითონ მალხაზას თითქოს შერცხვა და თავი მაღლა ვეღარ აიღო, თვალი ვეღარ გაუსწორა მოძმეებს, ძალუა მართა კი ცას დაეწია სიხარულით და სწორედ გადაიხარხარებდა, თუ კაცებსა არ შერცხვენოდა.
შუაკაცებმა სადგომი სახლი დიდ ძმას დაუთმეს, როგორც ჯალაბიანს, და მის საბადლოდ მეტი ეზო მოუზომეს მალხაზას. თანაც ნება მისცეს საკუთარი სახლის აშენებამდის ისევ საერთო სახლში ეცხოვრა, მხოლოდ ცალკე ოდაში.
მოშველდნენ ცალყურაანი, მოისპო მათ შუა ხმამაღალი ლაპარაკი, აყალმაყალი, ჩხუბი; განაყოფებს შუა ეხლა ქიშპი ჩამოვარდა, ჯიბრი უსიტყვო, მაგრამ ძლიერი. ძალუა მართა ცდილობდა ისე მარჯვედ წაეყვანა თავისი საქმე, როგორც განაყოფებს მიჰყვანდათ და უფრო უკეთაც და თანაც ისე უდნოდად ოეხერხებინა ყველაფერი, განაყოფების თავი არაფერში დასჭირებიყო; მთლად განკერძოვდა ახალი მოსახლე, აღარაფერი იმშვნია საერთო. ოდის კარი და განაყოფების დარბაზის კარი ერთსა და იმავე დერეფანში გამოდიოდა; ძალუა მართამ დერეფანი გაყო, გადაღობა, ლასტები ჩახირა შუაში. ფრინველი აღარ გამოაჭაჭანა. განაყოფებმა თითქმის უმძრახად დაიჭირეს ერთმანეთი.
ამ გაბოროტებულ ურთიერთობაში მალხაზას უფრო უჭირდა საქმე, რადგან მარტოხელა იყო. ცალად მოშაობდა ვაჟკაცი მარტოდ მარტო და აბა როგორ გაუსწორებდა უღელს გამრავლებულ ოჯახს. წელზე ფეხს იდგამდა ბეჩავი. ძალუა მართა ხომ თავს არ იზოგავდა და თავის მაგალითით ამხნევებდა ისეთს შ რომად გადაქცეულ შვილ-რძალს. დასაძინებლად რომ დაეყრებოდნენ, არაქათი აღარა ჰქონდათ ერთმანეთისათვის სიტყვა ეთქვათ. ეს ჭაპანწყვეტა მაინც ვერ აკმაყოფილებდა იმათ და გული ემღვრეოდათ, ჯავრობდნენ. არამც თუ განაყოფებს არ ელაპარაკებოდნენ ან ლანძღვა-თრევას ეტყოდნენ, ერთმანეთსაც ბუზღუნით ეუბნებოდნენ ქანცგაწყვეტილნი. ახლა საჭმლის გაკეთებას არ იტყვით? ძალუა მართა ათვალიერებდა რასაც ხარშავდნენ განაყოფები და ცდილობდა თითონაც ის მოემზადებინა, იმაზე მეტიც შეემზადებინა. იმას კი აღარა ჰფიქრობდა, რომ მეორე სახლში ათასი მორბედ-მოქმედი ტრიალებდა. მალხაზას მეტადრე მკაში გაუჭირდა ძალიან. ერთი ნამგალი რა თავწყალგაადენდა შემოსულ ყანას? ჭირნახული იპნეოდა, მომკალი დასჭირდა. მეკალოეც დასჭირდა. თან სახლის შენებაში იყო გართული. ახლა სოფლის ათასგვარ მოთხოვნილებების გაძღოლა და ყველასათვის პასუხის გაცემა! მარტოხელობას უჩვევმა ვერ აიტანა ამოდენა შრომა და მოიქანცა, ჩაწყდა; გააცდა, აზავთდა, აღრინდა.
არც მეორე მხრიდან იყვნენ გულსავსენი და მხიარულნი. ძალიან სწყინდათ, რომ მთელი მამული ორად გაეყოთ და ყველგან შევიწროვდნენ - სახლში, ეზოში, კალო-საბძელში, ბაღში, მინდორში. რაც აქამდინ თავიანთი იყო, ეხლა სხვისა გახდა და მერმე ისე, რომ ფეხის გადადგმის ნებას არ აძლევდნენ, არ აწაწანებდნენ, ყველგან ღობეს, ხარიხოს ან ლასტს უხირავდნენ, წინ. ბაღიც ხომ შუაზე გასჭრეს და ღოე გადაავლეს.
ესე აზავთებულნი რომ იყვნენ ცალყურაანი, მაშინ მოუხდათ ხიფათი.

7
მკათათვე განახევრებული იყო, როდესაც მრუდე მსხალს თვალი შეუვიდა. გახსოვს, ეს მსხალი ცალყურაანთ ბღში იდგა, ზედ შუაზე, ვეება ხე იყო, მაგრამ მაღალი არა ჩანდა, რადგან ღერო წაზნექილი ჰქონდა და მარტო ტოტები აეშვირნა ზევით: ისე იყო ხე წაწოლილი, მარჯვე ბიჭები უხელოდ გავდიოდით ზედ. ვენახი რომ გაჰყვეს ცაყურაანთ, მიჯნამ ზედ იმ ხის ძირზედ გაიარა: ძირი განაყოფიანთ წილში მოჰყვა, ღერო და ტოტები მალხაზას წილში. მაშინ ამ გარემოებას ყურადღება არ მიაქციეს, სწორედ აქ კი ყოფილიყო ეშმაკის მახე დაგებული.
მალხაზაანი ჰკრეფდნენ შემწიფებულ მსხალს და შეექცეოდნენ. ვინ ჰყვანდათ დამშლელი? განაყოფები თავიანთად სთვლიდნენ ამ მსხალს. მაგრამ აზრადაც არ მოუვიდოდათ დაეშალნათ მალხაზაანთვის ხილის მოწყვეტა. მალხაზაანი წააქეზა ამ ამბავმა და მრუდე მსხალს თავიანთი ხე დაარქვეს. ჰაი ჩვენი მსხალი, ჰაი ჩვენი მრუდე მსხალი! მალხაზა ჯერ არ ეთანხმებოდა დედაკაცებს, მაგრამ ბოლოს ისიც დარწმუნდა, რომ მსხალი მართლა მისი იყო.
- რად უნდა იყოს იმათი? - მარტო ფესვებია იმათ წილში! მთელი ხე კი საჩვენოშია, - ეუბნებოდნენ დედაკაცები და მალხაზაც ეხლა წინააღმდეგი აღარ იყო. რას აგებდა? რაღაც ეჭვი კი ჰქონდა გულში და ყოყმანობდა.
- მაინც ხომ საიმათოშია ამოსული მსხალი.
- ადგილი კი საჩვენოში უჭირავს და მაშ ჩვენია!
- რა გელაპარაკოთ! ლაჩარი კაცი ხარ, ლაფაჩი რამ და ლუკმას ხელიდან გამოგტაცებენ. სწორედ უგერგილო ხარ, ლუყურტი! მე თუ არ მებრძოლა, იქნება მთლად უწილკერძო გამოეგდეთ სახლიდან.
ამ ლაპარაკში იყვნენ მალხაზაანი, როდესაც ეზოში გამოვიდნენ, გაიხედეს ეზოსაკენ და ელდა ეცათ: ეშმაკად, განაყოფიანთ წენგუა ჩასულიყო ვენახში და მრუდე მსხალს მოჰქცეოდა თავს.
- დედი, დედი! შეხედე, ჩვენ მსახალზე ვიღაც ასულა, - თქვა რძალმა.
დედამთილამ ხელი მიიდო შუბლზე და გაიხედა.
- წენგუაა, შეჩვენებული წენგუა! დახე, როგორ ბერტყვას! დაუჩემებიათ მსხალი, სწორედ დაუჩემებიათ!
- აბა თუ დაუჩემებიათ და მე გიჩვენებთ იმ ბლუკუნას სეირს! - თქვა მალხაზამ, მისწვდა სახრეს და გაექანა.
- შენ, ეი! ამ წამს ჩამოეთრიე ძირს, ამ წამს!
- რა გინდა, კაცო?
- ღმერთმა რომ არ გიცის! არ გეყოთ, რაც ჩემი მამული ჭამეთ, რომ ეხლაც არ მასვენებთ?
- რას ამბობ, კაცო? ეს მსხალი ხომ ჩვენია, საჩვენოში ამოსული! - მიუგო წენგუამ და ჩამოვიდა.
- თქვენ წილში მარტო ფესვები აქვს; წადი და ღრღენი ფესვები. მთელი ხე საჩვენოშია გადმოსული და მსხალი ჩვენია.
- კარგი, მალხაზ, თუ ღმერთი გრწამს! აგერ კაკალი მთლად გზაზეა გადასული და მაშ გამვლელ-გამომვლელისა იქნება.
- ჩვენია-მეთქი, თორემ ამ სახრეს ხედავ! ძალიან თავს წახვედით ამ ბოლო დროს.
- თავწასულები თქვენა ხართ, რომ მტრად მოგვეკიდენით, აღარ გვასვენებთ, - თქვა წენგუამ და აიღო კალათი შინ წასაღებად, მაგრამ მალხაზამ არ დაანება მსხალი, ხელიდან გამოსტაცა.
- რას მიჰქარავ, ბიჭო! - შესძახა წენგუამ და ხელი წაატანა მალხაზას.
მალხაზა გადახტა უკან და მძალვრად დაუქნია ხელი სახრე. წენდუა წინ იწევდა, ცდილობდა ხელი მოეკიდნა ბიჭისათვის, მაგრამ ის მარდად ხტებოდა უკან, ხან გვერდზედ და თან მარჯვედ ხმარობდა ჯოხს; სახრეს სულ შხივილი გაჰქონდა ჰაერში.
გიჩხუბნია სახრეებით? არა?! ვაი, რა უშნოდ გაუზდიხართ გოგოსავით! სახრე სახიფათო იარაღი არ არის, იმით მკვლელობა ან დასახიჩრებბა შეუძლებელია. იფნის სახრე აიღე, რომ წვრილ წვერში არ გადაგიტყდეს, მარდად გაისარჯე, სხარტად! როგორა ხტის ცერცვისავით! ჰაი, შე უშნოვ! ხარსაც არ დაჰკრავენ თავში და შენ სახეში უმიზნებ?! ქვევით ჩამოჰკარ რბილოსა, კოჭებში დაჰკარ, კოჭებში, რომ დადაგო, რა შხივის! რა ტკაციტკუცი გააქვს სახრის წვერს! ცეცხლს უკიდებს, ცეცხლს! რას იღრიჯები, შე ლაჩარო! სასიკვდილოდ ხომ არ გკოდავს, მხოლოდ გწვავს. მოითმინე და შენია გამარჯვება, ოთხ-ხუთ დღეზე ნაშოლტარიც გაქრება.
წენგუა არ ჩამოუვარდებოდა მალხაზას, მაგრამ ხელცარიელი შერჩა უიარაღო და მხოლოდ დასაჭერად ეტანებოდა ბიჭს, ის კი გველანასავით უსხლტებოდა ხელიდან. შეახურა, ალანძა, დაწვა, დადაგა ბიჭი. გამწვავებული წენგუა ბოლოს ერთი გადახტა ვეფხვივით, ჰკრა ორივე ხელები მალხაზას გულში და მსახლს მიაწყვიტა. თუ თავის დიდი ქუდი ჰხურებოდა ბიჭს, არა უშავდა რა, მაგრამ ჩხუბში ქუდი გადაჰვარდნოდა და ტვინი შეანთხია ხეს. სწორედ ამ დროს კიდეც ჩამოეშველნენ მოჩხუბრებს. შეიმქნა ალიაქოთი: წყალი, ყურები, ლავიწები, ჯანჯღარი. სულ ტყულიად! მოკვდა ბიჭი, მოკვდა!

8
დედაკაცები უყრებდნენ მალხაზას, როდესაც ის ბაღისკენ მირბოდა; უხაროდათ, როცა წენგუა ჩამოაგდო ხიდან; მხნეობა შეუქეს, როხა მსხლის კალათა დააგდებინა ხელიდან; როცა სახრე შეიმაღლა და ცემა დაუწყო კაცს, მაშინ კი შეშინდნენ, წივილ-კივილი შეჰქმნეს.
- ჯერ მალხაზაა გამარჯვებული, ძალა ჯერ მისკენ არის, მაგრამ წენგუა ხომ ლეკია დაუნდობელი.
ამ ფიქრმა ელვასავით გაურბინა დედაკაცებს და შიშის ზარმა აიტანა ისინი. გაეშურნენ ბაღისაკენ; ძალუა მართას შიშისგან მუხლი მოეჭრა; მეზობლებმა მიასწრეს, კალოობა იყო, კაცები შინ ირეოდნენ და ჩხუბის ხმაზე მიაშურეს; ვეღარ მიასწრეს: მალხაზა გულშემოყრილი ეგდო, როცა ისინი მივიდნენ. მივარდა მართაც და მოეჭიდა მომაკვდავს: კალთაში ჩაისვენა, ჩასძახოდა, ჰკოცნიდა. მალხაზამ ერთი გაიბრძოლა, თითქო ამოძრომას აპირებსო დედის უბიდან, და გაითანგა.
სახტად დარჩა ძალუა მართა, გაშტერდა, გაშრა. გამოართვეს შვილი ხელიდან; ფარდაგზე დააწვინეს; სახლში აიტანეს; ტახტზე დაასვენეს; ჰბანენ, სისხლსა სწმენდენ; ბალიში დაუდეს თავით, ასწორებენ, ძალუა მართაც ფუსფუსებს, მისდი-მოსდევს, თუმცა ადამიანის სახე აღარ ადევს, თვალები ჩასცვივნია, გაქვავებულა. აგერ მღვდელიც მოფარფატდა, ეზოშივე ჩამოიკიდა ოლარი. მხოლოდ დახედა. არ აზიარა.
- რატომ მაშინვე არ ემატყობინეთ? კიდეც გადაცვლილა.
- მაინც ვეღარ მოასწრობდით, მამაო, ზიარებას: მაშინვე მოკვდა, ერთი კი გაიბრძოლა და მისცა სული.
- საწყალი ბიჭი! - სთქვა მღვდელმა, პირჯვარი გადასახა მიცვალებულს და თვალცრემლიანმა შეჰვედრა:
- უფალო ყოვლად მოწყალეო, კეთილი ანგელოზი დაადევნე განსვენებულს და შეიწყალე! - მერმე მიუბრუნდა ძალუა მართას:
- პირჯვარი დაიწერე, უბედურო! ილოცე, ცრემლი გაღირსოს: იქნება ჰპოვო რამ შეღავათი.
ძალუა მართა მხოლოდ თვალებს აჭყეტდა, სმენით კი აღარაფერი ესმოდა.
მოამზადეს მიცვალებული, დასუსდრეს; ტახტები აჰყარეს, საფენი ძირს დააგეს; დასვეს ჭირისუფალი, რძალი გვერდით მოუსვეს, ორივე ძაძებში. განაყოფიანთ დედაკაცებიც გარს შემოუსხდნენ ცხედარს. უფროსი რძალი ხმითა ტიროდა, სხვები ქვითინებდნენ. ძალუა მართა მხოლოდ ვაის იყრიდა ნელის ხმით და ლოყასთან ხელს აქანებდა დახოკვის სახით. შემოვიდა მღვდლის ჯალაბი.
- ეს რა მოგსვლია, უბედურო? მოგიკლეს ნანინანატრი შვილი!
- არა, მღვდლის ჯალაბო, ჩემ მალხაზას მხოლოდ სძინავს.
- მტერმა დაიძინოს ესე!
- სძინავს, როგორ არა! გაიღვიძებს და თითონ გიამბობს, როგორც მოხდა ყველაფერი. არა, შვილო მალხაზჯან? - შეეკითხა დედა და ცხედარს მიეყრდნო, როგორც ძუძუთას აკვანში; ნანა დაიწყო დედის ხმით. ნანას თანდათან ძალა მიეცა; მაღლა-მაღლა წავიდა და შესაზარად ათრთოლდა. ძალუა მართას მიცვალებული კი არ ედო წინ, ჩჩვილი ედვა აკვნით და თავის იმედებს დაჰმღეროდა, ზედ, თავის ნატვრებს მოუთხრობდა: პაწაწა მალხაზ ი, ძუძუს ძლივს იდებს, მოჩიტდა მალხაზა, დედა იცნო, თვალებში გონება დაეტყო; მოიზარდა, ტიკტიკი შესძლო; თავმომწონე ახლაგაზრდაა მისი მალხაზა, საცოლედ გამზადებული; ვაჟკაცთა მარჯვე, კოხტა, შინაცა და გარეთაც გამოსადეგი, ყველასთვის სასიამოვნო, საყვარელი; ქორწილია გაჩაღებული, მალხაზას ქორწილი; ცალკე მეოჯახეა მალხაზა, სოფლის თვალი კაცი, თითით საჩვენებელი...
ნანის ხმაზე ისინიც შეგროვდნენ, ვინც გარეთ იყვნენ ან შინ ფუსფუსებდნენ, გარს შემოეჯარნენ, გამწარებული დედა რომ უცრემლოდ მოსთქვამდა, სხვები ცრემლად იღვრებოდნენ; კაცებს ქუდები მიეფარებინათ თვალებზე და ქვითინებდნენ.

9
როცა ძალუა მართა მოსთქვამდა ნანას ხმაზე იმ იმედებს, რომლებიც თავის მალხაზაზე დაემყარებინა, იქ მივიდა, როგორ უმტყუნა ბედმა ბიჭს, როცა იმან სხვის საკუთრებას წაატანა ხელი დედისა და ცოლის დარიგებით. თუ იმათ არ წაექეზებინათ, არ მიესიათ, მალხაზას ფიქრადაც არ მოუვიდოდა პანტის გულისათვის ჩხუბი და მაშ ეხლაც საღსალამათი იჯდებოდა თავის სახლში. ეს უბედური აზრი წარმოუდგა დედას, განათდა, გაზვიადდა და დაიმონავა ის. ძალუა მართამ ეხლა მკვლელად ჩასთვალა თავისი თავი, თავის შვილის მკვლელად, და ამ საზარელმა ფიქრმა ხმა გააწყვეტინა ჭირისუფალს, ალაგობრივ ჩაკეცა ის.
- უი. ჩამქოლეთ, გენაცვალეთ, ჩამქოლეთ! - შეიხმაურა დედაკაცმა და ლოყას ხელი იკრა, ჩამოიხოკა.
ამ ჭირს ვერ გაამჟღავნებდა უბედური, ვერ იტყოდა, მე წავაქეზე შვილი, მივაგდე სახიფათო სამეზედაო; მაშინ დედა კი არა, სულთამხუთავი გამოვიდოდა თავის შვილისა. მაგრამ ამ ჯოჯოხეთურ ფიქრის მთლად დაფარვაც რომ არ შეიძლება! ძალუა მართას იქვე გვერდით უზის უბედურობის მოწმე. იგი მოწმე თვითონაც შიგ ურევია საქმეში და პირი აქვს აკანილი, საგმობელ-საზიზღარი გახადოს იგი. ეს მოწმე მისი რძალია, საწყალი მალხაზას შავბნელი ცოლი. მართამ უნებლიეთ შეხედა იმას; რძალმაც თვალი თვალში გაუყარა და აგრძნობინა, რომ ისიც იმაზე ფიქრობდა მაშინ.
- დამქოლეთ, გენაცვალეთ, დამქოლეთ, ვუუ! - შესძახა დედაკაცმა და ლოყები ჩამოიბდღვნა, სისხლის ღვარი დაიდინა.
მოთქმით ტირილი ვეღარ მოახერხა ჭირისუფალმა და სევდის გამოსახატავად მხოლოდ ერთხმივღა ღმუოდა.
- ეჰ, კაცს რომ წერა აიტანს და ეშმაკი შეუჯდება, თორემ ხიდისათვის თავი როგორ შეაკლა სხვას, - სთქვა ერთმა.
- რა ბიჭი დაიღუპა სულ უბარალოდ!
- გულკეთილი იყო, ხათრიანი და ისე რამ გააბრაზა, ცემა დაუწყო კაცს?
- ალბად, მაცთური შეუჩნდა, მავნე, თორემ განა არ იცოდა, რომ ის ოხერი მსხალი სხვისაა, სხბია წილში ამოსული.
ეშმაკი კი არა, ხალხო, მე ვიყავ, მე, რომ შევუჩნდი უბედურს და აღარ მოვუსმენე; მე ავაზავთე და წავაქეზე, თორემ ჩემ მალხაზას ჩხუბი არ უყვარდა, ის ხელს არავის ახლებდა თქვა მართამ გულში და ისევ შეხედა თავის რძალს.
რძალმა თვალი თვალში გაუყარა დედამთილს. რა გონჯი რამ მოეჩვენა გოგო!
- მე ვარ, ხალხო, ჩემი ბიჭის ბედი მწერალი და დამღუპველი! თავიდანვე მე ავუჩნდი მაცდურად თორემ აბა ამ ჯოჯოს შეირთავდა, ამ გომბიოს მოიყვანდა?! - ამბობდა გულში მართა.
მაგრამ პირზე კლიტე ედვა და ცეცხლზე ცეცხლი ედებოდა. სიტყვა აღარ ჰქონდა პირში და მხოლოდ საზარლად გაღმოუდა.
რაღა უნდა ეთქვა, რაღა ეთქმოდა?! სიხარბემ და ზავთმა რომ დასძლია და შვილს აქეზებდა ავ საქმეზე, ეხლა ცხადადა ჰქონდა ეს თავლწინ, მაგრამ ხომ ვერ იტყოდა ამას, და ეს გამოუთქმელი ვარამი ბურთივით ჩასჩროდა ყელში, სიტყვა აღარ ათქმევინა არც ეხლა, როცა მიცვალებული ედო წინ; არც გასვენებისას, არც ეკლესიაში, არც სასფალოს გზაზე, ორდესაც დედაკაცები უკან ჩამოაყენეს სოფლის პირას და მოხლოდ კაცებმა წაიღეს მკვდარი სამარისაკენ. ჭირისუფალი მხოლოდ გაუღმოუდა ჩახლეჩილი ხმით და პირს იხოკდა, თმას იგლეჯდა.
ეს გაურკვეველი ღმული შეეთვისა ძალუა მართას, მის საკუთარ ხმად გადაიქცა და მარად ისმოდა მის სახლიდან, დერეფნიდან, მიდამოდან, ბანიდან; ისმოდა იგი ხმა დღედაღამ, ყოველჟამს, მარადწუთს, ყოველწამს.
გაბმით ღმუილმა შეაწუხა შინაურიც და გარეულიც. რძალმა ვეღარ გაუძლო შემზარავ ხმას და გაეცალა. მარტოდ დარჩენილმა დედაკაცმა თავი იპოვა და უფრო უმატა ვაებას.
განუწყვეტელმა ზარმა თავისი ნასახი დაადო მართას: თვალები ჩაუსისხლდა, შეუშუპდა, დაეღარა, სახე მოუტყდა, დაებღნიჯა; წელში მოიხარა, თავის რაცრაცი დასჩემდა.
- გენაცვათ, ბაიყუში შეიქმნა ეს დაღუპულის შვილი! ამისმა მოთქმამ ილაჯი წაიღო, სასოება დაგბიკარგა.
ნახამ, თუ კიდევ არ ამოჭამოს ვინმე.
- თავისთავი ამოიჭამოს! თითონვე იყო დამნაშავე, რომ ის საწყალი ცალკე გაიგდო და ააზავთა, - ამბობდნენ განაყოფები.
და ნატრობდნენ ან დღე მოჰღებოდა ბოლო მის ერთხმივ გაძახილს ან ღამე, როცა ცოტა მაინც დაესვენა მათ ყურს.

10
ვარბაში იყო ძალუა მართა, განუწყვეტლივ მისტიროდა დამიწებულს და თან არ აკლებდა მას არავითარ წესს, რომ საიუქიოს ყოველი შეღავათი მისცემოდა მას. ზეითუნი, სანთელ-საკმელი, ზედაშე, სეფისკვერი, წანდილი, სულის ახსნა და წირვები, ხილი, ზურგიელი, ყველა თავის დროზე ჰქონდა განსვებეულს.
სულეთისაკენ გზაგანათლებულზე უნდა ევლო გულსავსეს, მაგრამ მურაზით გაუმაძღარ ბიჭს სააქაო მაინც არ ეთმობოდა და უსხლტებოდა ხელიდან სულთამცველებს, რომ თვალი მოევლო სოფლისათვის, მიდამოსათვის, სახლისათვის. ეს იყო მიზეზი, რომ ძალუა მართა ხშირადა ხედავდა შვილს სიზმრად და ყოველთვის საყვედურს უსმენდა მისგან.
- შენ იყვა მიზეზი, რომ შევძულდი ქვეყნად ძმებსა და მეგობრებს, მოვისპე ქვეყანაზე და ვერ დავტკბი მანდ ვერაფრით, - ეტყოდა დედას განსვენებული.
და ისე მტრულად შეხედავდა, რომ დედაკაცი თავზარდაცემული წამოხტებოდა და პირჯვარს იწერდა.
როცა რძალი წაუვიდა, მაშინ უფრო გაბოროტებული ელანდებოდა მალხაზა; ყელში წაუჭერდა, ახრიალებდა, ახრჩობდა. შეშინებული დედაკაცი მეორე დღეს მოახსენინებდა მიცვალებულს; მიდიოდა საყდარში კისატანზე.
როგორ ფარფაშობდა დავით დიაკვანი! ისე დაშინაურებული დადიოდა ძალუა მართასას, როგორც თავის ოდაში, ისე ესაუბრებოდა გულგახეთქილ დედაკაცს საიქოზე და იქაურ ყოფა-განსვენებაზე, თითქო თითონ უცხოვრია იქ და ყველაფერი უნახავსო.
- საძნელოა სულეთის გზა და სახიფათო. ეშმაკები უხვდებიან წინ, სამაოთხისაკენ არ უშვებენ, ეღობებიან, ჯოჯოხეთისკენ ეწევიან; არც აჭმევენ არაფერს, თუ ნაკურთხი არ არის და პირჯვარგადასახული, - უქადაგებდა დედაბერს დავით.
და ასწავლიდა, საფერსცვალებოდ როგორი ტაბლა უამებოდათ განსვენებულებს ან სულთმოფენობას როგორი...
ბეჩავ, დავით დიაკვანო! ერთი-ორი კიდევ უნდა გყოლოდა იმისთანა მსუქანა მკვდარი, რომ ქონი მოგება, დაბზინებულიყავ.
მაგრამ დიაკვნის რჩევაც ვეღარ სჭრიდა: არ იქნა, ვერ დააწყნარეს მიცვალებული, ვერ განუსვენეს მას, ვერ მიახედეს საიქიოსკენ! სააქაოსკენ იმზირებოდა, ერთი ფეხი ამ ქვეყანაზევე ედგა, ერთი თვალი შინათკენვე ეჭირა, მრისხანე თვალი. მტრულად წარმოსდგომოდა მიცვალებული ჭირისუფალს, მოსვენებას არ აძლევდა მას; ძილში აღარ აკმარა ტანჯვა, ცხადადაც ასმინა მის ყურს თვისი ხმა.
შუაღამე გატეხილი იყო, როდესაც გულის ძილიდან გამოაღვიძა ძალუა მართა შვილის ძახილმა.
- დედი, დედი! - შემოესმა დედაკაცს და თვალები ღია დარჩა.
ჯერ გონს ვერ მოვიდა ბეჩავი, ეგონა მალხაზა ცოცხალი ჰყვანდა და ეძახდა, მაგრამ აზრი რომ მოიკრიფა, შეშინდა და ათრთოლდა! ჭირის ოფლი დაასხა.
ამის შემდეგ მართას ხშირად ესმოდა მალხაზას ძახილი; იძულებული შეიქმნა სხვა დედაკაცი დაეწვინა ღამე თავისთან; იმანაც ვერა უშველა რა. რა ფარ-ხმალი იყო ვიღაც დედაკაცი მალხაზას წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლად დადიოდა თავის სახლში და ხმას აძლევდა ხან აქედან, ხან იქიდან.

11
გაეწამა ძალუა მართა. ნანატრი შვილი დაჰკარგა და განუწყვეტელი ცრემლითაც ვეღარ გაინელა ცეცხლი, აუტანელი გრძნობაც დაერთო: დაკარგული შვილი მტრად გადაექცა მშობელს და საიქიოდან მოსვენებას აღარ აძლევდა მას.
შიშმა მოიცვა დედაკაცი და ძრწოლამ. ეშინოდა საყვარელი შვილისა მის ხილვას უკრთოდა, მის ხმაზე თრთოდა და ეს უმსგავსი შიში უთქმელ ტანჯვას ჰბადებდა მის გულში, ტვინს ურევდა, სისხლს უშხამავდა.
ვაიმე, შვილო საყვარელო! მოგისპე სიცოცხლე ტკბილი და დავიწვი. მყვედრიდი განა, როდესაც უკანასკნელად გაიბრძოლე ჩემ უბეში და ბოროტად შემომხედე.
- მე ვარ ხალხო და ჯამაათო, დამნაშავე, მე! ნეტავ მორჩილი არა მყოლიყო, იქნება არ დაეჯერებინა ჩემი სიტყვა და აგვცდენოდა უბედურება. ეხლა რაღა ვქნა, რაღა ვუშველო იმას ან ჩემ თავს?
ვეღარაფერი უშველა ვერც კიცვალებულს, რომ განესვენებინა და დაეწყნარებინა, ვერც თავის თავს, რომ ცოტა მაინც დაემშვიდებინა თავისი გული და გონება. უფროც შეაშფოთა ის, წუთისოფლისკენ გამოადგმევინა მის აჩრდილს ფეხი. ეს დაჭარბებულმა მწუხარებამ ჰქმნა, რომელშიაც ურჩობა იხატებოდა განგებისადმი.
ძალიან გადააჭარბა ძალუა მართამ. სადაური იყო?! სულ ტიროდა, არც ერთ ამბავს ცხოვრებაში, არც ერთ მიმავალ წამს არ გაუშვებდა ისე, ზედ თავისი მკვდარი არ დაეტირებინა. მზიანი დღე იყო, გაიძახოდა:
- ყველა მზის სხივით ტკბება მშვენივრად, შენ კი მიწას ამოჰფარებიხარ!
ღრუბლიანი იყო დღე და წვიმდა. მაინც გასტიროდა:
- შავ მიწას ამოსცქერიხარ გულაღმა და ღვარი დაგდის ზედ.
სუყველაფერზედ ვაის აყრიდა და უის აფენდა. არ დაასვენა მიცვალებული, ვერ მოასვენა. აკი სააარაკო საქმე დაემართა.
ერთხელ ნახირის მოსვლისას მორთო მოთქმა:
- შენი ღრუბელა წინ მოდის, შვილო, შენ კი არსადა ხარ, რომ მიეგებო და შეამოაბრუნო!
მრავალმა შეიმაღლა, რომ ისევ მოსთქვამდა. ეზოში იჯდა კუნძზე,ისე ტიროდა. სოფელი მიწყნარდა. ძაღლის ყეფაც გაჩუმდა. ძალუა მართამ მაშინღა დაუშვა ხმა და შინ შესვლა დააპირა. დასუსტებულიყო, წაბარბაცდა; იქვე ბოძს მიეყრდნო დასასვენებლდა. მოესმა ნელი ხმა: დედი, დედი! თანაც იგრძნო, კუნძის გვერდზე ვიღაც იძროდა. შიშის ზარმა ათრთოლა. უძლეველი ძალა ეწეოდა მას მიეხედა მოჩვენებისაკენ. უნებლიედ მიიღო იქით თავი და თავის მალხაზა დაინახა კუნძზე ჩამომჯდარი. ჟრუანტელმა დაუარა, ბეწვი აეშალა. მალხაზა შეიძრა, ადგა, წელში გაიმართა, გადადგა დედისკენ ნაბიჯი და ჩაანათა ჩასისხლიანებული თვალები. მართამ ერთი კი შეჰკივლა და იქვე ჩაიკეცა.

12
ამის შემდეგ მიცვალებული არამც თუ მხოლოდ ხმას აძლევდა დედას, თითონაც ხშირად ევლინებოდა მას. ლოგინზე დაუჯდებოდა, უკან ჰყვებოდა ჩრდილივით, ბუხრიდან გადმოჰხედავდა ჩასისხლიანებული თვალებით. შეძრწუნებული დედაკაცი დღისითაც ვეღარა რჩებოდა სახლში მარტო და უცხო ვინმე უნდა ჰყოლიყო განუშორებლივ. ამითაც ვერა ეშველა რა: კოჭლი ოსანა კი არა, თვით დავით დიაკვანიც გვერდზე უნდა ჩამომდგარიყო აქ.
- რა ჰსურს იმ საწყალს, ან რა დარჩენია ამ ქვეყნად ისეთი, რომ ესე დაუდგომლად მოიბრძვის აქეთკენ? ყოველივე წესი მიგვიდევნებია, შეგვისრულებია რაღა აღონებს იმ უბედურს? - ამბობდა დავით დიაკვანი.
- აგერ, დავით, მალხაზას ხმა მესმის და თვითონაც მალე მომეჩვენება, - თქვე მართამ და წალოს დააშტერდა.
- ჩვენთანა არს ღმერთი! გადიწერა დიაკვანმა პირჯვარი.
ამ გაჭირვებიდან ოსანამ გამოიყვანა ძალუა - მართა: ურჩია მკითხავისათვის ეკითხებინა: დიკვანიც მიემხრო. მაშ რა უნდა ექნათ! ღვთის გზით რომ ვერ მიაგნეს მიცვალებულის გასაგისს, ეშმაკის გზას უნდა დასდგომოდნენ: ორივე გზა საიქიოსკენ მიდის.

??????