განდეგილი (დომინიკა ერისთავი)
გაზიარება

დილა არის... ტყე და ველი 

დილა არის... ტყე და ველი
იზმორება, იფშვნეტს თვალებს,
აგერ მზემაც ოქროს ჯიღა
ზედ დაადგა მთის მწვერვალებს,
ისარი ჰკრა ცის კამარას,
გადმოხედა მძინარს სოფელს,
მიესალმა კავკასიონს,
მკერდზე ნაკადშეუშრობელს,
გადმოჰხედა ტურფა ბაღჩას,
ქალწულივით მინაზებულს,
ზედ გადაშლილს მწვანე საფარს,
ათას ფერად აჭრელებულს;
პატარა ბუჩქს, ფოთოლთ რაზმით
შემოზღუდულს, დატყვევებულს
და ზედ დროშად ამართულს ვარდს,
მარგალიტით გულ მოქარგულს.
დააშტერდა...… ამ დროს სიომ
წასჩურჩულა ვარდს რაღაცა,
შეკრთა ვარდი გადიხარა,
სამკაული სხვას გადასცა.
მაგრამ მანაც ვერ დაჰკრძალა
ეს ძვირფასი გულ-საკიდი
და ფოთლიდგან გადმოგორდა
ცის ობოლი მარგალიტი.
ფრთებს ჩამოყრილს სნეულ ბულბულს
ზედ დაეცა, ვით მანანა,
უცბად გასხლტა, გადაცურდა,
ყელ-კისერი გარდაჰბანა.
და მომაკვდავს რა ესხურა
ცით ნაკურთხი აიაზმა _
გამოცოცხლდა, გაკეკლუცდა,
სახმატკბილოდ მოიკაზმა;
შეფართქალდა, შენავარდდა,
თავს მოევლო ვარდს და იას,
“განმკურნაო სატრფოს ცრემლმა!”
ველს ახარა გულ-მკერდ ღიას.

??????