განდეგილი (დომინიკა ერისთავი)
გაზიარება

ვნახე ლამაზი 

ვნახე ლამაზი,
ნარნარი, ნაზი,
სარეცელს მწოლი ტურფად ჰშვენოდა;
წამწამთა ჯარნი,
ვით მოისარნი,
თვალთა გარემოს გარდაჰფენოდა;
ლალისა ბაგით,
მნახველთ დამდაგით,
მძინარე ოდნავ იღიმებოდა
და მუნით კბილთა,
ალმასებრ თლილთა,
ციმციმ-კაშკაში გამოჰკრთებოდა.
ღაწვთა ელფერი, ვითა ეთერი,
თრთოდა, ცელქობდა, ციალდებოდა
და მთავარის შუქი,
როგორც ჭაბუკი,
მარმარას მკერდსა ზედ აკვდებოდა...
ბროლისა მკლავნი,
ტრფიალთა მკლავნი,
თხემ ქვეშ დაეწყო, ვითა მარტვილსა,
და კენარ ტანი,
გულის წამტანი
ასხივოსნებდა სარეცელს ლბილსა.
საკინძე გახსნილს,
მას, გაბაონს ზრდილს,
არა-რა ჰქონდა ამ ქვეყნიური,
მისს მშვენებასთან,
ელვარებასთან,
უკუნად სჩანდა მნათი ციური...
ვნახე და გულმა,
მისგან დაგულმა,
შესწყვიტა ძგერა, დაჰკარგა ძალა,
მიმეღო ცნობა,
გამეფდა გრძნობა.
რაკი იგემა ტრფობის სამსალა!..
პირქვე დავეცი,
თაყვანი ვეცი,
ვითა საესავს ზენათ-ზენასა,
მსურდა სიტყვის თქმა,
მაგრამ გამოთქმა
აღარ შეეძლო უძლურს ენასა!..
არა, არ ვტირი...

არა, არ ვსტირი _ ცრემლები
სულით მდაბალთა წესია _
არ ვსტირი, თუმცა მწარე ხვედრს
საჩემოდ დაუკვესია.

ქედს არ მოვუდრეკ შავ-ბედსა,
რაკი მტრად შემომესია,
მებრძოლოს, რადგან საჩემოდ
მახვილი გაულესია!

არც ვილხენ! გული სალხენად
არა მაქვს აძგერებული:
შუა გადმიტყდა ჩანგური,
სატრფოსთვის აჟღერებული.

მტერმა მომტაცა კეკლუცი,
მორცხვი და მოკრძალებული,
გულით წრფელი და სულით-კი _
ზეცამდე ამაღლებული.

იმედმა ზურგი მიჩვენა,
უკუღმა დამატრიალა,
ცრემლ-სისხლის ჟანგმა შესწყვიტა
სიმთა ხმა, ნაზად წკრიალა.

??????