განდეგილი (დომინიკა ერისთავი)
გაზიარება

თავად ნიკოლოზ ბარათაშვილს 

მრავალის წლისა დამიწებულს შენს წმიდა გვამსა
და შენს სამარეს დღეს ეხება ქართველის ხელი;
მოგაშორებენ შენთვის უცხოს ბნელსა სავანსა
და განგინათლებს წმიდა ცხედარს ცისა ნათელი.
დღეს დაუტევებ იმ ადგილსა და იმ უცხო თემს,
უკანასკნელად სად დალიე ნექტარი სული,
შეუერთდები შენს წინაპართ წმიდა საფლავებს,
რისთვისაც მარად წრფელის გრძნობით გიცემდა გული!
კვლავ დაბრუნდები შენს საყვარელ საქართველოში
იმ დროს, როდესაც ტყე და ველი მწვანედ ბიბინებს,
როს შენს საამოდ ყოვლის მხრიდან სტვენენ ფრინველნი,
თუმცა, პოეტო, შენ ვერ ისმენ ამ საამო ხმებს!..
მაგრამ საკუთარს სიტკბოებას შენ არ ჰნატრობდი,
სხვის უნაწილოდ უარს ჰყოფდი კერძო სიამეს,
თვით უძვირფასეს სიცოცხლესაც უარსა ჰყოფდი,
თუ საჭირო დროს ვერ არგებდი შენს თანამოძმეს...…
მოხვალ, დიდის ხნის დაკარგული, შენს სამშობლოში,
ივერთ ღვთის-მშობლის წმიდა კალთა დაგეფარება,
გულში ჩაგიკრავს იგი მიწა, სადაც შობილხარ
და სამუდამოდ გეცხედრება, გესამარება...

??????