კარმელი შალვა
გაზიარება

ფირუზისფერი აბაჟურით ჩაქრა შანდალი 

ფირუზისფერი აბაჟურით ჩაქრა შანდალი,
ცივი ბალიში თეთრ ლოცვებმა დამინოტიეს.
თოვლიან იღბალს ანადგურებს ხელი ვანდალი.
მაკრთობს სიკვდილი უცაბედად, როგორც გოტიეს.
მე მივენდობი წუთისოფელს – სუსტი ნიბლია,
მაგრამ ბალდახინს მაინც მიაქვს ყველა იმედი...
შიშიანობას ჩემი სული მოუხიბლია
და მომდევს ღამე გაშიშვლებით, ვით არქიმედი!..
ყვითელ ეტრატზე თუ ამსახავს მემატიანე,
ვიქნები ფერშავ ოდრიკალში ბედსაბრალისი.
დამანამია ნაზ ცხედრებმა შარა მტვრიანი
და საფლავებში ჩაიტანა ჩემი ხალისი...
ვტიროდი დებზე და სიბნელე თავზე მეხურა,
მსურდა სიმძიმე პირამიდის აუნუსხავი.
სხეულს ყინავდა გამძაფრებით ყინვა ტეხურა,
ფანჯრის დარაბებს აკვნესებდა ქარი მსუსხავი...
განთიადისას მაჯლაჯუნამ სული განაბა,
მაგრამ აისი უმირაჟოდ იყო ჯანაბა.
ვწყევლი ანგელოსს, მეშინია – არ მიმიკაროს.
დავიღუპები – ფრთაგაშლილი ზღვაზე იკაროს.
ისე კი ბედი კორიანტელს არ ამაცილებს,
ვებრძვი ჰაერში მოთამაშე ჭლექის ბაცილებს.

1919

??????