მეუნარგია იონა
გაზიარება

მეუნარგიას ჭორები ილიას შესახებ 

რუსეთსა და ევროპაში ჩვეულებად აქვთ: გამოჩენილი მწერლების შესახებ არ გამოაქვეყნონ მათი კერძო ცხოვრების ნაკლულებანი იმისთანა გამოცემაში, რომელნიც ხალხისთვის არიან დანიშნულნი. ამგვარს გამოქვეყნებას შეხვდებით მხოლოდ მემუარებში, რომელნიც აინტერესებენ ზემო კლასების ინტელიგენციას, და ისიც ძლიერ ნაკლებად. მოვიყვანთ რამდენსამე მაგალითს.
კრილოვი ისეთი ზარმაცი იყო, რომ პირსაც კი ყოველდღე არ იბანდა, და, თუმცა მუქთა სახსარი ჰქონდა ცხოვრებისა და თავისუფალი იყო ყოველივე საქმისაგან, წელიწადში ძლივს სწერდა ერთს პატარა იგავ-არაკსა. მაგრამ მის ბიოგრაფიაში ამის ხსენებაც არ არის.
პუშკინი ერთს განსაკუთრებულს სფეროში სწორედ ჰოტენტოტურ ეთიკას მისდევდა. სხვის ცოლებზე გამარჯვება მას სასიქადულოდ მიაჩნდა; მაგრამ, როცა მის საკუთარ ცოლს გაუარშიყდა მისივე მახლობელი ნაცნობი დანტესი, ეს კი საზიზღრობად ჩასთვალა, დუელში გამოიწვია და თავი შეაკლა.
ლერმონტოვმა, მაგალითად, ასეთი რამე ჩაიდინა: ორს შეყვარებულს და დანიშნულს შორის ჩაეჩხირა, ქალს შეყვარებულად მოაჩვენა თავი, თავისკენ გადმოიბირა,უარი ათქმევინა დანიშნულზე, და ამის შემდეგ თვითონაც ქალს გაშორდა, მიატოვა ორი თავისი ნაცნობი გააუბედურა იმ განზრახვით, რომ გამოეცადა თავისი გავლენის ძალა. აბა ახლა გაიხსენეთ პუშკინის და ლერმონტოვის ბიოგრაფიები და თქვენთვის ცხადი შეიქმნება, რომ ამისთანა კერძო ლაქების შესახებ იქ კრინტიც არ არის დაძრული.
ბაირონს ღვიძლ დასთან ხორციელი კავშირი ჰქონია, და ეს უკიდურესი საზიზღრობა მხოლოდ ახლა გამომჟღავნდა. ასის წლის შემდეგ, ერთს სპეციალურ გამოცემაში, სადაც დაიბეჭდა თვით ბაირონის წერილი მისი დასადმი, რომელშიაც იგი ნაგვიანებ სინანულს აცხადებს თავისი მიუტევებელი ცოდვის შესახებ. ნეტავი ეხლაც არ გამომჟღავნებულიყო.
რად აფარებენ ზეწარს ხალხის თვალში გამოჩენილი მწერლების კერძო ნაკლულევანებას? თვით ხალხის სასიკეთოდ: რამდენიც მეტად დაეწაფება ხალხი თავისი სასიქადულო მწერლების ქმნილებათა წყაროს, მით უფრო განათლდება გონებით, ამაღლდება მისწრაფებით, და წმინდა ზნეობით. ამ დაწაფებას კი ხელს ძლიერ შეუშლის ხალხის საუკეთესო მოძღვართა კერძო ლაქების გათვალისწინება და გამოქვეყნება.
იქნება არც ერთს მსოფლიო გენიოსს არა ჰქონდეს იმოდენა მნიშვნელობა თავისი ერისათვის, რამოდენაც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსათვის. ეს უმაგალითო მნიშვნელობა დამოკიდებულია ერთის მხრივ ილიას განსაკუთრებულ ნიჭზე, მეორე მხრივ ჩვენის ქვეყნის დაცემაზე.
ულმობელმა გარემოებამ ნამდვილად ჩვენის ქვეყნის ყველა ცენტრები მიანგრ-მოანგრია, ეკლესია და სარწმუნოება დაუძლურდა, ხალხის განათლება და განვითარებას კრიჭა შეეკრა, უფლება ხალხს არ აღირსა, და ხელს უწყობს მხოლოდ დაბალის, პირუტყულის ინსტიქტების გაძლიერებას, ალბათიმ ტენდენციით, რომ ადრიანად გადაშენდეს ჩვენი ერი და დასცალოს ადგილი სხვა ელემენტების გადმოსახლებისათვის. ერთად ერთი ცენტრი, ერთად ერთი ძალა, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ამ დამღუპველ ტენდენციას, არის ქართული ლიტერატურა. მან თავისი პირდაპირი დანიშნულების გარდა, უნდა იტვირთოს როლი სკოლისაც და სარწმუნოებისაც. ამ ლიტერატურაში მეტი მნიშვნელობა აქვთ იმ მწერლების ქმნილებათა, რომელნიც განირჩევიან განსაკუთრებული აღმზრდელი ხასიათით, ზემოქმედებით, გავლენით. თუ ქართველი მწერალი მგოსანია, საკმარისი არ არის იგი გენიალური პოეტი იყოს,-უკიდურესად საჭიროა რომ ეს გენიალური პოეტი იყოს აგრეთვე გენიალური მოძღვარი, გენიალური პედაგოგი თავისი ერისათვის. სწორედ ასეთია ილია ყველა მის უკვდავ ქმნილებაში გაისმის მაღალ ნიჭიერი ქადაგება უმაღლესი ეთიკისა, საქვეყნო ღვაწლისა, თავდადებულობისა, მადლისა, სიყვარულისა, და ყველა ეს განხორციელებულია საოცარ სიტყვაკაზმულობით. ილიას ქმნილებანი რომ რუსულად გადაუთარგმნონ ლევ-ტოლსტოისა, იგი მას საუკეთესო მსოფლიო გენიოსების რიგში საპატიო ადგილს დაუთმობს. რამდენისამე დღის წინეთ ერთმა ქართველის ინტელიგენტის განვითარებულმა მეუღლემ მითხრა: როცა ილიას რომელსამე ქმნილებას ვკითხულობ, სულით დაგულით ვმაღლდები, პირად აღდგომას ვდღესასწაულობო.
ასეთსავე ამაღლებას, ასეთსავე აღდგომას, იგრძნობს ჩვენი ერი, როცა იგი ხარბათ დაეწაფება ილიას ქმნილებათა. ამ დაწაფებას კი შეიძლება წინ გადაეღობოს ის, რაც მეუნარგიამ დაროშა ქუთაისში ილიას საღამოზე. ამ დაროშვილში რომ სიმართლეც ერიოს, მაშინაც იგი დიდი საყვედურის ღირსია. მაგრამ მის მიერ დაროშვილი თავიდან ბოლომდინ სიცრუით სავსე ჭორია, ამიტომ მისი საქციელი უნდა ჩაითვალოს მიუტევებელ ცოდვად მთელის ერის წინაშე.
სანიმუშოდ განვიხილოთ ერთი მთავარი ჭორი.
ილია ძუნწი იყოო, უთქვამს მეუნარგის, დავეკითხოთ ფაქტებს. ილია იყო მსხვილი მემამულე და ბანკიდანაც კარგი ჯამაგირი ჰქონდა. ამასთან უბრალოდ იცვამდა, უბრალოდ სჭამდა, უბრალოდ სცხოვრობდა. სიკვდილის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ვალი აღემატებოდა მთელს მის ქონებასა. როგორ მოხდა ესა, ქაღალდში აგებდაო , ამბობს იონა. იგი რომ მართლა დაახლოვებული ყოფილიყო ილიასთან, ამ შეუსაბამო ჭორს არ გაიმეორებდა. ჯერ ერთი ესა, სადა სცალოდა მრავალი საქმით დატვირთულს ილიას ხშირათ ეთამაშნა ქაღალდი, მეორედ, ბანქოს მოთამაშე, თუ იგი ჭკვიანია, დინჯი, აუღელვებელი და დაუღალავი, უფრო ხშირად არის მოგებაში ვიდრე წგებაში. ყველა ეს თვისება ილიაში ჭარბად იყო, და ამიტომ იგი უფრო იგებდა ვიდრე აგებდა.
მაშ, რაში ხარჯავდა ფულს? ჯერ “ივერიაში”, რომელიც პირველად კვირეულ გაზეთად გამოდიოდა, მერე ჟურნალად და ბოლოს ყოველდღიურ გაზეთად. ჩვენის დროის გაზეთი, რომელსაც 5000-6000 ხელის მომწერი ჰყავს, მაინც დეფიციტს ვერ იცილებს თავიდგან, “ივერიას” გაზეთობის დროსაც კი, ათასი ხელის მომწერელი არასდროს არ ჰყოლია. წელიწადში ილია რამდენსამე ასს თუმანს ადებდა “ივერიას” თავის ჯიბიდან.
კარგი ფული ეხარჯებოდა “გულქვას და ძუნწს” ილიას გაჭირვებულის მეგობრების, ნაცნობების ვექსილებში. მარტო ბანკის დირექტორის დავით ავალიშვილის ვექსილში ექვსასი თუმანი უნდა გადაეხადნა ბოლოს წლებში.
ილიასაგან ხარჯს ითხოვდა აგრეთვე უცხოელების დახვედრა. მოვიდოდა თუ არა ჩვენში რომელიმე ევროპიელი და ქართველებს ჰკითხავდა, ჰყავთ ქართველებს დიდი ადამიანიო, ყველა ერთსა და იგივე პასუხს აძლევდა: როგორ არა, გვყვავს დიდი ილია ჭავჭავაძეო. და ილიასაც უმდა მიეწვია თბილისში, წაეყვანა საგურამოშიაც, გაეყოლებინა თან მთელი კამპანია სტუმრებისა და ხელ-გაშლით გამასპინძლებოდ, ხარჯი ბლომად გაეწია. მილიონერებს არ მისდით იმდენი მთხოვნელი, რამდენიც ილიას მისდიოდა. ზოგს ეხმარებოდ ,ზოგს უარს ეუბნებოდა, და ეს უკანასკნელები საზოგადოებაში ავრცელებდნენ ხმებს: ჩვენ მცირე შემწეობაზე უარი გვითხრა, იმ საღამოს კი ათასი თუმანი ბანქოში წააგო.
ბოლოს ჯიბეს უცარიელებდა ილიას ფანტაზიორობა მეურნეობაში.
სოფელს საგურამოში ბოლოს წლებში ააშენა სახლი, რომელიც 20000- მანეთად დაუჯდა. რად უნდოდა? ილია დარწმუნებული იყო, რომ იგი დიდხანს ვეღარ იცოცხლებდ; ასული და ძე მას არ ჰყავდა, არც მახლობელი მემკვიდრე მოეპოებოდა სამაგიეროდ. “წერა-კითხვის საზოგადოებას” ჩინებულს სახლს დაუტოვებდა. ააგო საგურამოში ევროპული წისქვილი, რომელიც მარჯვე ადამიანებმა შვიდას თუმნად დაუსვეს, და ისე , კარგად გაუკეთეს, რომ შემოსავალს უბრალო წისქვილისას იძლევა, და სხვანი.
ამის შემდეგ განა პიტალო ცილისწამებად არ უნდა ჩაითვალოს, რაც მეუნარგიამ სთქვა ჭავჭავაძის ძუნწობის და ყომარბაზობის შესახებ?!
დიდებულის გიოტეს შესახებაც გერმანიასა და ევროპაში ძლიერ გავრცელებული იყო ხმები მის ძუნწობასა და გულქვაობაზე; მაგრამ როცა ინგლისის გამოჩენილმა მეცნიერნმა ლიუსმა დაწვრილებით შეისწავლა წხოვრება გიოტესი, ისეთი ფაქტები აღმოაჩინა ინტენსიური, ფარული კაცთმოყვარეობისა, რომ გიოტეს ვრწელს ბიოგრაფიაში ლიუსი სწერს: “ამ ფაქტების გაცმობამ ჩემში აღძრა ისეთი უკიდურესი სიყვარული გიოტესადმი, რომ ველური კაცივით მისი შექმნის სურვილი დამებადაო”.
დაიცადეთ ჭორიკანა ლილიპუტებო, და რომელიმე ქართველი ლუისი აღმოაჩენს გულივერ ილიას ცხოვრებაში იმისთანა ფარულს კაცთმოყვარეობას, რომ თქვენს სირცხვილის ალში დაიწვებით, თუ ნიჭი სირცხვილისა სრულიად არა გაქვთ დახშული.

??????