ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ჩემი სიმღერა 

ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი,
სურათი რამე, კარგზე მგლოვარი,
ზოგს ვარდი - წიგნში ჩანატოვარი, -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
ბარათი, სისხლის ცრემლნატბოვარი,
ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,
საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი, -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
თმა, როგორც განძი ძნელსაშოვარი,
წიგნი რამ, ომით მონაპოვარი,
საფერფლე, მამის დანატოვარი, -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

1934

??????