*** "ახლაც უეცრად მოვარდა ქარი" ექსკლიუზივი
ახლაც უეცრად მოვარდა ქარი,
პირველყოფილი ძალით და ვნებით,
და აღარ მესმის, რა ხდება გარეთ,
ვერ ვხედავ, როგორ ცხოვრობენ სხვები.
ვერ ვხედავ, ანდა აღარ ჩანს კაცი,
რომელსაც ადრე ჩემს ღმერთად ვთვლიდი,
რომელიც სულის და ხორცის ნაწილს
ჯერ ლექსად ამბობს და მერე ყიდის.
და ქარზე მძლავრი, და ქარზე ჩქარი –
ჩემი გულის ხმა აწყდება კარებს.
მეც ვიცი, ვიდრე ჩადგება ქარი,
რაღაცა უნდა გადატყდეს გარეთ.
და თუმცა ქარის მსახვრელი ხელი
თანდათან გვიცვლის ხმასა და იერს,
ჯერ კიდევ ბევრი ხიფათი ელის
ჩვენს შორის უფრო თამამს და ძლიერს.
ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ქარი?!
ანდა რა უნდა გადატყდეს გარეთ?!
და ქარზე მძლავრი, და ქარზე ჩქარი –
ჩემი გულის ხმა აწყდება კარებს.
1960წ