ჭილაძე ოთარ
გაზიარება

ჩრდილი ექსკლიუზივი

ნუ მომახედებ ნურასდროს უკან,
ვიცი, სიცოცხლე გზადაგზა მრჩება
და თუ მეღირსა ნამდვილი ვნება, 
ის დაადგება ჩემს ცხედარს შუქად.

ჯერ კი მიწაზე ეცემა ჩრდილი
სხვა სამყაროში გასულ სხეულის,
გამოფიტული და დამსხვრეული,
ეცემა პირქვე და მწარედ ტირის.

და ჩემ მაგივრად სხვები ცდილობენ, 
რომ მთად აქციონ ჩრდილის ტირილი.
ის კი მარტოა და ნადირივით
საკუთარ ნერწყვით ირჩენს ჭრილობებს.

მე არ მცალია ჩრდილისთვის ახლა,
ფრთებად ქცეულან ძველი ცოდვები
და მე ამ ფრთებით მიწას ვშორდები
და უსასრულოდ მივიწევ მაღლა.

და იქნებ მართლა შემომხვდეს სადღაც
ვნება, რომელიც იქცევა შუქად...
არც მე ვეყოფი ამ მიწას ლუკმად,
არც ჩემი ცრემლი აუვსებს კათხას.
1966წ

??????