მაღრაძე დავითის ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ დავით მაღრაძესთან 

სადღაც არსებობს სურათი, რომელიც ფოტოგრაფ ლევანხერხეულიძეს გადაუღია - კაფე "აპოლოს" კიბეებზესამიადამიანიჩამომჯდარა: სოფიო მაჭავარიანი, ანა კორძაია-სამადაშვილი და გელა კირვალიძე. ფოტო თვალით არასოდეს მინახავს. აღბეჭდილთაგან მხოლოდ ერთს ვიცნობ - ანას, დანარჩენები კი მკითხველებში სამუდამოდ შეჯვარდნენ დ აერთ არსებად იქცნენ: სოფიო ... ... კირვალიძე. სწორედ ერთის სახელს და მეორის გვარს ამოეფარა კორძაია-სამადაშვილი, როცა გაუბედავად გადადგა პირველი ნაბიჯი სამწერლო ასპარეზზე. პირიქით რომ აერჩია, პირველის გვარი და მეორის სახელი, მაშინვე გაიყიდებოდა - მის პროზას აშკარად ეტყობ აქალის ხელი. თუმცა, ჩვენ ქალაქში არასდროს არაფერი იმალება და არც ეს ამბავი დარჩენილა დიდ ხანს იდუმალებით მოცული. წიგნმა "ბერიკაობა" 2003 წელს ლიტერატურულიპრემია "საბა"მოიპოვა და იმ კვარცხლბეკზ ეპირველად გამოჩნდა მწერალი ქალი - ანა კორძაია-სამადაშვილი. მას შემდეგ ფსევდონიმი აღარ დასჭირვებია, ა მხერხისთვის აღარ მიუმართავს. ანდა, რა აზრი ჰქონდა?! იმ დღიდან ყველას წორედ ანასგან ელოდა ახალ თავგადასავლებს, ახალ გმირებს, ახალ ადგილებს, რომელთ ასიმრავლესაც ავტორი საკუთარფანტაზიას კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ გატაცებას - მოგზაურობა სუკავშირებს.
"ერთ თემაზე ჯაჯღანს ადამიანები დიდხანს ვერ უძლებენ, მითუმეტეს, როცა ჯაჯღანი საქმეს ვერ შველის". 
- ალბათ, ჯაჯღანით ადამიანს ხელში კალამს ვერ ააღებინებ, ეს საქმეს არ უშველის. რამ გადაგაწყვეტინა, წერა დაგეწყო? 
- წერა დავიწყე შორეულ გერმანიაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეგონა, ეს ფულს მომიტანდა. იქ მართლაც შემოსავლიანია ეს საქმე და მეც ბრიყვულად გადავწყვიტე, რომ აქაც ვიშოვიდი ფულს. მოკლედ, მერკანტილური ამბავია. სტაბილურად წერა გაზეთ "24 საათში" დავიწყე 2001 წელს. იქ, მინდოდა-არ მინდოდა, უნდა დამეწერა, მაგრამ მომწონდა. ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც გამიტაცა. დღეს შეიძლება ბეჭდური ასოს დანახვაზე არდა­სამართი დამემართოს, მაგრამ გამოსავალი აღარ არის. ჯაჯღანი ვეღარ გაჭრის.
- ხომ არ გეჩვენება, რომ მწერლები ერთმანეთს უფრთხიან და სიტყვაძუნწობენ ნაწარმოების შეფასებისას. და საერთოდ, მართებულია, მწერალმა მწერალს შენიშვნა მისცეს? 
- მიყვარს, როცა ჩემ ნაწერთან დაკავშირებით მწერალი მეუბნება რამეს. ეს უკვე ქათინაურია. ეს იმას ნიშნავს, რომ წაიკითხა და დაინტერესდა. რა თქმა უნდა, ცუდს კარგი მირჩევნია. თუმცა, როდესაც შენიშვნაზე მიმითითებს ის, ვინც ჩემთვის ავტორიტეტია, კარგად წერს და დანამდვილებით ვიცი, არ მერჩის, უბრალოდ, ცდილობს, რაღაც გამოვასწორო, სასიამოვნოა. შესაბამისად, მათთან, ვინც ახლობელია და დარწმუნებული ვარ ცუდად არ გამიგებს, არასოდეს მოვრიდებივარ შეფასებას. მაგრამ თუ ადამიანს აქვს გაღუნული ფეხები და მხოლოდ ამას ამტკიცებ, საქმეს ვერ უშველი, ის ფეხები არ გასწორდება. შეგიძლია, მხოლოდ სხვა ქვედაბოლოს ჩაცმა ურჩიო, ესაა და ეს.

"გაძლებით ყველგან ძლებდა, იქაც კი მშვიდად იძინებდა, სადაც მატარებლის მგზავრები თავიანთ ბარგს აწყობენ ხოლმე". 
- არასოდეს დაგიმალავს, რომ შენი გატაცება მოგზაურობაა. შეგიძლია, ისე ჩაალაგო ბარგი და წახვიდე, რომ არც კი იცოდე, ხვალ სად გაგითენდება თუ დაგიღამდება. რამდენად გეხმარება ამგვარი განწყობა წერაში? 
- ეს არის ერთადერთი, რის გამოც დღემდე შემიძლია, რაღაცა ვწერო. საქმე ისაა, რომ მე არ მაქვს ფანტაზია, ეს ნაწილი ამოვარდნილია. ოცნებების გამოგონებაც კი არ შემიძლია. რაღაც უნდა იყოს რეალური. არც ერთი დიალოგი, ეპიზოდი თუ პერსონაჟი არ არის მოგონილი. შემიძლია მხლოდ ის, რომ ამ დიდ ქვებზე აკრეფილი ამბები და ადამიანები ასე ვთქვათ ქაღალდზე დავსვა. მხოლოდ დიდ მწერლებს შეუძლიათ ადგილიდან გაუსვლელად წერონ სხვადასხვა რამეზე. მაგალითად ჟიულ ვერნს არასოდეს უმოგზაურია, თუმცა მე ასეთი გაქანება ნამდვილად არა მაქვს.
- რომ არ გემოგზაურა, ესე იგი, არაფერს დაწერდი? 
- რომ არ მემოგზაურა, ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არა მაქვს, როგორ ვიცხოვრებდი და რას გავაკეთებდი. უკან რომ დამაბრუნონ, იგივეს მოვიმოქმედებდი, არაფერს შევცვლიდი.
- მოგზაურობისას როგორ პოულობ შენ გმირებს, როგორ იქმნება მათი პორტრეტები? 
- სიმართლე რომ გითხრა, ნებისმიერი ადამიანისგან, რომელიც არ დაიზარებს და დაგელაპარაკება, შეიძლება გმირი შექმნა. ბოლოს ამსტერდამში ვიმოგზაურე. ამსტერდამის აეროპორტში, ვერც წარმოიდგენ, ისე მეძინებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ჩამეძინებოდა, უკლებლივ ყველა თვითმფრინავი გაფრინდებოდა. მოვიდა ახალგაზრდა გოგო ბრემენიდან, ჩამომიჯდა და ძალიან დიდხანს, მონდომებით მელაპარაკა. თუ მე ჯანი მეყო, ის აუცილებლად გახდება ჩემი გმირი. იცი, როგორი ჯღანუკა იყო? პატარა, უშნო, მაგრამ საყვარელი. ზოგჯერ რამდენიმე ადამიანი ერთიანდება იმ ერთში, რომელიც ყველაზე ნიშანდობლივი იყო ჩემთვის.

"... ყველაზე მეტად ნოემბერი მეჯავრება. თვითონაც ხომ საზიზღარია, მერე ხომ ზამთარი იქნება. მოკლედ, ნოემბერში რომ მოვკვდე, ნამდვილად არ ვიდარდებ".
- ვინ ან რა არის ის პირველი იმპულსი, რომელიც გიბიძგებს, უცხო სამყაროს კარი შეაღო, სხვა თვალით დანახული გონებაში ჩაიბეჭდო და შემდეგ ქაღალდზე გამოსახო?
- ვინაც არის და რაც არის, რომლებიც ყოველთვის არსებობენ ან შენს წარმოსახვაში ან სინამდვილეში. წარმოსახვა იწვევს ხოლმე სინამდვილეს, ხანდახან პირიქითაც ხდება. ისინი უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. რა თქმა უნდა, ყველაფრის სათავე სიყვარულია, რომელიც ვიღაცისთვის ტანჯვა, გვემა, ტკივილი, დეპრესიულობის საგანი, ჩემთვის კი დღესასწაულია. სულ მიყვარდა, თუმცა, მთავარია, ადამიანი სულელივით ბედნიერი არ იყო. დღესასწაული ყველაფრით ერთად მოდის - სიხარულს სევდაც ახლავს თან. წარმოსახვას ვუწოდოთ რა, სინამდვილეს - ვინ, ორივეს ერთად კი - ლექსი.

"ვწერდი დილამდე, მოდებულ ხავსით,
გახსნილ მაჯიდან დადენილ წვეთით
და ჰორიზონტის ბოლოში დავსვი
გემი, რომელიც მოჰგავდა წერტილს." 
- ამბობენ, მწერლობა მძიმე ტვირთიაო. ხშირად წერას მძიმე ფიზიკურ შრომასაც კი ადარებენ. მიგაჩნია თუ არა, რომ ეს ასეა და გიჭირს ამ მძიმე ტვირთის ზიდვა?
- ალბათ, ტვირთად მაშინ იქცევა, როდესაც  აქვეყნებ შენს სულიერ სამყაროს - მთლიანს, ან ნაწილს, ან ნიშანს, რომელიც მკითხველს ამ სამყაროზე უქმნის წარმოდგენას. ყველაფერ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა სდევს თან. უზნეობა, არა მორალისტის გაგებით, და ღალატი დაუშვებელია. თანაგრძნობას შენგან ხომ აღარ ეღალატება? თუმცა ტალანტი არც მოგცემს ამის უფლებას, რადგან, ვფიქრობ, რომ ტალანტი კეთილშობილებიდან აღმოცენდა. არა მგონია, მკაფიო ნიჭის მქონე ადამიანმა, ჩემს თავს არ ვგულისხმობ, ზოგადად ვამბობ, შეძლოს და თვალთმაქცურად გაატაროს თავისი ცხოვრება. სხვა შემთხვევაში უნიჭო ნაცოდვილარი გამოგივა, რომელიც ვერც თანაგრძნობისკენ, ვერც სიყვარულისკენ, ვერც კეთილსშობილებისკენ, ვერც დღესას­წაულისკენ და ვერც წუხილისკენ ვერ განაწყობს ადამიანს. 
წერის დროს არჩვეულებრივი განცდა მეუფლება და მშვენიერი სულიერი მდგომარეობა მაქვს, რომელსაც პირველ პაემანს შევადარებდი. აი, რა სულიერი თრთოლვაც მაშინ გაქვს, საკუთარი გულის ფეთქვა რომ გესმის, თითქოს გამჭვირვალე ხარ და ვერც აკონტროლებ საკუთარ თავს და არც ცდილობ ამას. ასეა წერის დროსაც. კონტროლიორი კვდება და გიპყრობს თავისუფლებისკენ დაუოკებელი სწრაფვის ჟინი.

"ამოტვიფრული, დამტვერილი
ფოტოალბომი
ინახავს ამბავს..."
- ბევრია ისეთი სტრიქონი, რომელიც დაუწერელი დაგრჩა, რომლის ამოთქმაც გსურდა, მაგრამ ფურცელმა არ მიიკარა? რა გიშლის ამ დროს ხელს?
- მართლაც არის ასეთი სტრიქონები და ვერ დამიწერია იმიტომ, რომ ფორმა ვერ მომიძებნია იმ სათქმელის, განცდის გამოსახატავად. მარკესი ჰყვება, როგორ იპოვა "მარტოობის ასი წელიწადის" გასაღები - რამდენჯერაც დავიწყე, არა და არ მომწონდა. მერე გამახსენდა, როგორ მიყვებოდა ბებია ირეალურ ამბებს დამაჯერებელი სახით ისე, რომ ეჭვიც არ ეპარებოდა ამ ამბებში. მივხვდი, ეს ის ფორმაა, რომლითაც ჩემი სათქმელი უნდა გამოვხატო, მივაგენი გასაღებსო. ასეა. ხანდახან, ამ გასაღებს კარგა ხანს ვერ აგნებ და სათქმელს ფიქრის არქივში ინახავ. თავს ძალა არ უნდა დაატანო, ნაძალადევი გამოვა და ხელოვნური იერი მიეცემა. მართალი არ იქნები. ეს სიმართლე შენში დარჩება, ნაწერში კი არ აირეკლება.

"მაესტრო ჩარლი
კინოეკრანს ფანქარში ხატავს
და სულს უბერავს
სხეულებში დათრგუნულ მოცარტს."
- თითქმის ყოველი შენი ლექსი გამოხატავს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მხატვრობის, მუსიკის, ზოგადად, ხელოვნებისადმი. რაში გეხმარება ან პირიქით, გიშლის ხელს ხელოვნების სხვა დარგებიდან მიღებული ემოციები?
- თუ ეს ყველაფერი მიიღე, აუცილებლად დაგეხმარება. მდიდრდები. ფერწერა უდიდესი რამაა, მაგრამ მხატვრის ნიადაგი მაინც ფანქარია. ერთი ცნობილი ფერმწერი ამბობდა, მთელი ცხოვრება მინდოდა, მხატვარი გავმხდარიყავი, გავხდი კარგი ფერმწერი, მაგრამ მხატვარი ვერაო. მართალია, ხელოვნებათმცოდნე არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საღებავებიც რომ არ ჰქონდეს, მხატვარი მხოლოდ ფანქრითაც მიგახვედრებს, არაჩევულებრივი ნამუშევრის შექმნა თუ შეუძლია. ნელ-ნელა შემოქმედება სადღაც ქრება და მასკულტურა იწყება. ძალიან ადვილია, უცოდინრობა შენიღბო იმით, რომ ვითომ ყველაფერი ეს იცი, მაგრამ ჩავლილ ეტაპად მიგაჩნია. თქვა, რაღა დროს ოსტატობაა ხელოვნებაში და ამ განზრახვით თავგზააბნეულმა ასეთივე თავგზააბნეულებს თავი მოაწონო.
- ვფიქრობ, მწერლობა, მხატვრობისგან განსხვავებით, არ ისწავლება... 
- მგონი, ერთადაა. ამ თვალსაზრისით არ არის სხვაობა. არ ისწავლება მხოლოდ შემოქმედება. შეიძლება გამართული ლექსის წერა ისწავლო, ჰქონდეს შინაარსი, იცავდე ელემენტარულ კანონებს, ლექსთწყობას, მაგრამ ამ ლექსმა არაფერი გითხრას. ხელოვნება იქ იბადება, სადაც ვერაფერს გასწავლიან, სადაც შენამდე არსეებული კაცობრიობის ისტორია ვერ გიშველის. შეიძლება, იყო მხატვარი, შეგეძლოს ნატურის, ნატურმორტის, პეიზაჟის ხატვა, იმისა, რაც ისწავლება, ოღონდ ჩაიდება თუ არა ის დუენდე, რაც შენსა და მაყურებელს, მკითხველს, მნახველსა თუ მსმენელს შორის უნდა გაჩნდეს, ეს ნიჭის ხარისხზეა დამოკიდებული.

"... ფრთებით შეგეხე, გაცოცხლება
ვცადე დროების, თოკს ჩამოვქაჩე
და დაგრეკე, როგორც ერთხელ
ჩემს ბავშვობაში,
გაუქმებული ეკლესიის
სამრეკლოს ზარი." 
- საქართველოში მწერალს მრავალი ვალდებულებებით ხუნძლავდნენ ხოლმე. როგორ ფიქრობ, რა ძალუძს პოეტს და რას არ აკადრებს არასოდეს საკუთარ თავსა და ხალხს? 
- ალბათ, უპირველესად, არ აკადრებს ტყუილს. პოეტს შეუძლია, ცხოვრებას მისცეს აზრი, ხალისი, ადამიანი უფრო მეტად მგრძნობიარე გახადოს, აქციოს მშვენიერების მოტრფიალედ. ამქვეყნად მხოლოდ ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად არ ვართ გაჩენილნი. ამ ყოფითმა ცხოვრებამ, შესაძლოა, ჩაგვძიროს, გვშთანთქას. როცა გაივლის ცხოვრება, მერეღა მივხვდეთ, რომ ჩვენს სულიერ სამყაროში მეტი რესურსი იყო, ვიდრე ეს გაწერილი ყოფა. პოეტი ამ საზრუნავებიდან გაღწევის საშუალებებს იძლევა, ახსენებს ადამიანებს, რომ არსებობს ცა, რომელსაც ხანდახან მაინც უნდა შეხედონ, მოაგონებს შეყვარებულის სურნელს, შეუქმნის ამაღლებულ განწყობას. ახსენებს ღმერთს. ჭეშმარიტ ხელოვნებას ვგულისხმობ, რომელიც, ჩემი აზრით, ახლოა ქადაგებასთან. სადღაც იდუმალ სამყაროში შეიძლება ერთი ფესვიდანაც კი იყოს ნასაზრდოები. ვან გოგის ერთი ნახატი მომაგონდა "მეშახტე" - ანთია ცეცხლი, მეშახტე, რომელსაც ეტყობა, როგორი დაღლილია, ოთახში ზის და წიგნს ჩასჩერებია. ვან გოგს ამ ყოფიდან გარღვევის მომენტი აქვს აღბეჭდილი. განზრახვა ასეთია, რაც ზუსტად გამოხატავს კითხვის პასუხს - რა შეუძლია ხელოვნებას, ამ შემთხვევაში, ნახატს და ნახატში წიგნს.
რაც შეეხება ვალდებულებებს, ის, ძირითადად, ილია ჭავჭავაძემ განაპირობა. "მგზავრის წერილებით" დაბრუნდა საქართველოში და მერე დაწერა "მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა". ამის განზოგადება არ შეიძლება და არ შეიძლება ყოველივე ეს პროფესიული ამქრის თუ ერთი კონკრეტული ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ლოზუნგად იქცეს. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ილია ჭავჭავაძის მიმართ და მიმაჩნია, რომ ის იყო საქართველოში ერთადერთი, რომელმაც შეძლო სამშობლოდ განსხეულებულიყო. ეს არ იყო მხოლოდ ამბიცია, რომელიც მოდის იმ უზარმაზარი ტალანტიდან და სიყვარულიდან, ღმერთისგან, მფარველი ანგელოზისგან რომ წამოიღო და მიწაზე ატარებდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა, ვისაც ხელში კალამი აუღია, იგივე ტვირთი უნდა შეიდგას მხრებზე. ჯერ ერთი, უფალი ამბობს, თქვენი სამყოფი ჯვარი ზიდეთო. ვერ ატარებ უზარმაზარ ჯვარს, რომელსაც შეუძლია, ჩაგიტანოს. მხრები არ გეყოფა მის საზიდად. შენთვის ეს ტრაგედია იქნება, ვიღაცისთვის - კომედია. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ჩვენი თავი ილიას სინათლეში დავინახოთ, შემოქმედების პასუხისმგებლობაა   იმ სამყაროს მიმართ, რომელსაც გინდა, ეკუთვნოდე.

"გზაზე დავაგდებ მოხელის მუნდირს
და თან წავყვები დაღლილ ქარავანს." 
- მართლაც არაერთხელ "დააგდე მოხელის მუნდირი", რისი მოწმენიც ყველანი გავხდით. იქნებ, იმიტომ, რომ პოეტი მოხელე თუ პირიქით, მოხელე პოეტი შეუთავსებელი სიტყვათშეთანხმებაა? 
- არა მგონია, შეუთავსებელი იყოს. ნიკოლოზ ბარათაშვილი მოხელე იყო და შედევრებს წერდა. ტალანტი არ იკარგება...
- თუმცა, მაინც არის შანსი, მოხელემ პოეტი მოკლას...
- ვერც მოხელე და ვერც ვერაფერი პოეტს ვერ მოკლავს. ტყვიაც კი ვერ კლავს პოეტს... უბრალოდ, იმდენად ხშირად გიწევს ფიქრი სავალდებულო საკითხებზე, რომ შეიძლება განწყობა აღარ შეგრჩეს აღარც დღის ბოლოს და არც გამთენიისას. სამსახურეობრივი საქმიანობა  დროს საწერად კი არა, განწყობებისთვისაც აღარ გიტოვებს. რა თქმა უნდა, მიაქვს ენერგიაც და ზღუდავს სულიერი თავისუფლების არეალს, სივრცეს, თუმცა პოეტს ვერ კლავს. ის მაინც იტყვის სათქმელს. ვაჟა-ფშაველა გავიხსენოთ. მისი ვაჟის, ვახტანგ რაზიკაშვილის წიგნიდან "მამაჩემი ვაჟა-ფშაველა" კარგად ჩანს, ხშირად მიუტოვებია სათიბი, რადგან განწყობა მოსვლია და ამის გამო მეუღლეს უსაყვედურია. როცა "ალუდა ქეთელაურზე" ფიქრობ და მის დაწერას აპირებ, სადაც გინდა იყავი, სათქმელს მაინც იტყვი და საამისოდ დროს ყოველთვის გამონახავ. ბოდიშს ვიხდი, ისეთი მაგალითები მოვიყვანე, თითქოს მათ ვადრიდე თავს, უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის გავიხსენე. ნიკო სამადაშვილი  მთელი ცხოვრება ბუღალტერი იყო და როგორც ბოლოს გაირკვა, თურმე მშვენიერ ლექსებს წერდა. მამაკაცური იდეა, "ზნენი სამამაკაცონი" არ უნდა დაიკაგოს პოეტში. შემოქმედი არ უნდა იყოს ნარცისი და თავს არ უნდა ამადლიდეს დანარჩენ სამყაროს.
- აბა, რამ განაპირობა "მუნდირის მიგდება"? 
- რამ განაპირობა და მოხდა ასე, მომიწია. უარი არ ვთქვი, იმიტომ, რომ გარკვეული მიზნები მქონდა, თორემ ჩემი გულწრფელი წადილი არ არის მოხელეობა და ამაზე არც არასდროს მიოცნებია. პასტერნაკს უწერია ერთგან, ხელოვანი ისე უნდა ცხოვრობდეს, რომ გაიხედოს ფანჯარაში და იკითხოს - რომელი ათას­წლეულია გარეთ? ჩვენს დროში ამის ფუფუნება არც ერთ ხელოვანს არა ჰქონია. მამაკაცურ ნაბიჯად არ მიმაჩნია, თვალი აარიდო ყველაფერს, რაც გარეთ და შენს გარშემო ხდება. მე არ ავიცდინე ჩემი სამშობლოს ბედი. ასე მომიწია. პოსტზე რომ წავედი, განზრახვა მკაფიო მქონდა, ვიცოდი, რომ იმ დროს ის ჩემგან გასაკეთებელი საქმე იყო. რა და როგორ მოვახერხე, ეს ცალკე განსასჯელი თემაა. ეს ჩემი სულიერი მოთხოვნილება რომ არ იყო, შემდეგ შეუთავსებლობაში გამოვლინდა.
- ოდესმე ხომ არ გინანია? 
- მინანია? სინანულით ბევრი რამ მინანია. ისე მიკვირს იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ საკუთარ ცხოვრებაში, თავიდან რომ დაეწყოთ, არაფერს შეცვლიდნენ. ნუთუ, ასეთი კმაყოფილები არიან?! მე გულწრფელად ვამბობ, ბევრ რამეს შევცვლიდი. დროში რომ დამაბრუნონ, იგივე პოსტზე... ალბათ, წავიდოდი და მერე წამოვიდოდი, რადგან დიდხანს ჩემი იქ ყოფნა შეუძლებელი იქნებოდა. როცა დასახულ მიზანს აღწევ და რაც გინდოდა, აკეთებ, ხოლო ახლის გასახორციელებლად ასპარეზი აღარ გაქვს, რაღა გინდა იქ? მაშინ პანსიონატში უნდა ჩაჯდე, ხელები ზურგზე დაიკრიფო და გამოწერილ დროს ისეირნო.

"... ეს სახიჩარი მამული
რაინდს სამშობლო ჰგონია." 
- ყველა პატრიოტს, და ამიტომაცაა პატრიოტი, განსაკუთრებუკლად უყვარს თავისი ქვეყანა, რა გინდ წყალწაღებულიც იყოს. რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს იმ სახელმწიფოსადმი, რომლის ჰიმნის ავტორიც თავად არის? 
- როგორც ამ ლექსშია, ისეთი დამოკიდებულება მაქვს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არის ადამიანთა კატეგორია, რომლისთვისაც ეს სამშობლო კი არა, შემოსაზღვრული ტერიტორია, ცხოვრების მოსაწყობი ასპარეზია. ეს ქვეყანა თავისი კარიერისტული წინსვლისთვის უნდა, ამ ქვეყნის დანიშნულებას მხოლოდ მაში ხედავენ, თავის დანიშნულებას კი სამშობლოს მიმართ ვერ გრძნობს. სხვათა შორის, ადრეც ასე იყო. ბავშვობაში გამიგონია, იმას იმხელა ქონება აქვს, შვილთაშვილებს ეყოფაო. ესე იგი, ეს კაცი იმდენად თავხედია, რომ თავის შვილიშვილის შვილის ბედშიც წინდაწინ ერევა, რომ ის პრივირეგირებულად აქციოს. ამ დროს კი სრულიად მივიწყებულია სულიერება. ეს ხალხი თავის მეშჩანურ აზროვნებას შთამომავლობასაც ახვევს. ვერ ხვდებიან, რომ შეუძლიათ, მოკრძალებული წვლილი მხოლოდ კეთილი საქმით შეიტანონ.
აფხაზეთში რომ დაიწყო ომი, ვხედავდი ვერის ბაღიდან როგორ მიდიოდნენ ბიჭები. მაშინ მივხვდი, რომ თაობიდან თაობას სულიერებაც გადაეცემა. ამ ყმაწვილებს არც ომი ენახათ და არც ომის საშინელება, მაგრამ წარმოსახვითი წარმოდგენა ხომ მაინც ჰქონდათ, რომ ან დაბრუნდებოდნენ ცოცხლები, ან - ვერა. ყველა მათგანს თუ არა, უმრავლესობას ჰყავდა შეყვარებული, რომელსაც გულში მაინც დაეთხოვა... აი, ისინი მყავს ნაგულისხმევი. სახიჩარია მამული ამ მეშჩანებისგან, მაგრამ როცა რაინდად ხარ დაბადებული, მათთან ერთად გიყვარს ეს ქვეყანა და არა - განცალკევებით.
ჰიმნზე რა ვთქვა. არის უჩვეულო განცდა, რომელიც მანამდე არასდროს მქონია. ყმაწვილები შენს ტექსტზე მღერიან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს. ეს ტექსტი შენ შეადგინე, შენ შეარჩიე. პასუხისმგებლობაა უზარმაზარი. ეს უკვე სხვა პასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე.
- დღეს გაჩნდა ჰიმნი. ახლაფეხმადგმული და ამეტყველებული ბავშვიც კი ღიღინებს... ეს, ალბათ, სიამაყის განცდას ბადებს შენში...
- როცა გადავწყვიტე, რომ ჰიმნის კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, საგანგებოდ ხშირად ვკითხულობდი იაკობ გოგებაშვილის წიგნებს - "ბუნების კარი", "დედაენა"... იმიტომ, რომ იაკობ გოგებაშვილს ჰქონდა ის იდუმალი ხიბლი, რომელიც ერთნაირად მისაღები იყო ასაკოვანისთვისაც და ყმაწვილისთვისაც. მინდოდა, ამ იდუმალებით ისე გავჟღენთილიყავი, რომ გამოეჟონა. ჰიმნის საუკუნეებში წასული ისტორია არ გვქონია. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ტექსტი უნდა დაწყებულიყო სიღრმიდან, ქართული კულტურის საგანძურიდან და არა - ჩვენით. ამიტომ შევარჩიე აკაკის სიტყვები: "ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა". თან ეს სიტყვები აირეკლავს ვაჟა-ფშაველას წერილს კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმზე, რომელიც მიმაჩნია, რომ კაცობრიობას სახელმძღვანელოდ გამოადგება. ასე შეიქმნა ჰიმნი. უსიყვარულოდ არ მიცხოვრია, მაგრამ ახლა მეტია ეს გრძნობა ყველაფერ იმის მიმართ, რაც სამშობლოს ეხება. იყო საფრთხე, ტექსტი პარლამენტს დაემტკიცებინა და ხალხს, თავისდაუნებურად, არ მიეღო. არ მინდა, რაიმე გადაჭარბებულად ვთქვა, ამიტომ შენ სიტყვებს გავიმეორებ - გაჩნდა ჰიმნი... რა თქმა უნდა, არის საიმაყეც, პასუხისმგებლობაც, სიხარულიც. თუმცა, ეს ტექსტი დანარჩენ შემოქმედებასთან ერთ კონტექსტში არ აღიქმება. ის საგანგებოდ არის შექმნილი.
- თუმცა, საერთოა სამშობლოს სიყვარული... 
- რა თქმა უნდა. რაც ერთი ადამიანისგან მომდინარეობს, იმას ექნება საერთო. სათავე ერთია. მდინარე რამდენადაც უნდა დაიშალოს და დაიტოტოს, სათავე ერთი აქვს და ერთი წყალია. ბავშვობა ძეგვში მაქვს გატარებული. იქ არის ჩემი დედულეთი. ამ ადგილას ხეკორძულა მტკვარს უერთდება. ასე რომ, მეც მისვამს ხეკორძულას წყალი. აი, მცხეთას როგორ ავაგებ, ვნახოთ...

"... მთელი სიმკაცრით ისჯება
დღესასწაულის წადილი." 
- მწერლებს დღესასწაულებით დიდად არ ანებივრებენ, თუმცა რიგითი ადამიანებისგან განსხვავებით, მათ შესწევთ ძალა, სულიერი ზეიმი მოიწყონ. როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართველი მწერალი საზოგადოებისთვის და რა უნდა გააკეთოს ამ უკანასკნელმა "დღესასწაულის წადილი" "მთელი სიმკაცრით" რომ არ "დასაჯოს"? 
- ეს მარადიული პრობლემაა. დღესასწაულის წადილი თითოეულ არსებაშია. ხანდახან ადამიანები აგრესიულები არიან. ალბათ, იმიტომ, რომ ხელი შეეშალათ, ვერ შედგა მათი დღესასწაული. თუმცა გაავებაც არ არის სწორი. თუ შენი ვერ შედგა, სხვისით მაინც გაიხარე, გახდი თანაზიარი და შენთვისაც იქნება ეს დღესასწაული. მწერალს ერთადერთი რამ მოეთხოვება - თავი საზოგადოების მსახურად მიიჩნიოს და არა პირიქით, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ჩვენში. საკუთარი საზოგადოებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება ჰქონდათ. მწერალს მხოლოდ ჰონორარი ეკუთვნის, თუ კონტრაქტს დაუდებენ. ხოლო სიყვარული და პატივისცემა დამსახურებისამებრ მოდის. თავად საზოგადოებას კი არანაირი სხვა ვალდებულება არა აქვს.
- ამ საზოგადოებამ ხელი არ უნდა შეუშალოს... 
- ეს ვალდებულება აღარ არის. ხანდახან რაც საზოგადოებას არ შეუძლია, მას ვერც სხვას პატიობს. ადამიანი, რომელიც მთელი გულწრფელობით მიიღეს და აღიარეს, დააფასეს, მეორე ნაწილისთვის გამაღიზიანებელი ხდება და ჩასაფრებული უთვალთვალებს, ეგებ, ფეხი დაუცდეს. ეს ლექსი დათო ყიფიანს ეძღვნება. იმ პერიოდში სხვა არავინ მახსოვს, იმხელა სიხარული მიენიჭებინოს ხალხისთვის, რამდენიც მან თავისი პროფესიით. მერე დამოკიდებულება შეიცვალა. არ მინდა ამ თემის განზოგადება. გული დამწყდა, რომ მოკლეს ის დღესასწაული, რომელიც ამ კაცმა მათ აჩუქა. გმირისადმი არ არსებობს ერთნაირი დამოკიდებულება. ქაქუცა ჩოლოყაშვილი რომ გარდაიცვალა, ემიგრანტებმა მხოლოდ მის საფლავს დააწერეს -საქართველოს ეროვნული გმირი. საქართველოში კი არ იყო მის მიმართ ერთიანი აზრი - ხალხის ნაწილი მიიჩნევდა, რომ იმ აჯანყებას უფრო მეტი რეპრესია მოყვა, ვიდრე აჯანყების გარეშე მოყვებოდა. მთავარია, რომ წადილი ჰქონდა გულწრფელი, ვნება - წრფელი, განზრახვა - მართალი. საზოგადოებას არაფერი უნდა მოსთხოვო. უხერხულია. თუ გრძნობ ამ უხერხულობას, კარგია.

"... ჩემი ტკივილი 
საუკუნის იქითაც გასტანს 
რადგან ზეიმი 
არასოდეს მითამაშია."
- ცნობილია, რომ შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი ჩვენს დედაქალაქს, თბილისს და მის ახლებურ იერს უკავშირდება. კულტურა დააბეტონესო, - წერდი წლების წინ. დრომ მოაშუშა იარა თუ კვლავაც სისხლი სდის? 
- არ მოშუშდა. ალბათ, ასე იოლად აღსაქმელი არ არის ის, რომ ძველი თბილისიც ეროვნული საგანძურია. ძალიან კარგად მესმის ბიზნესინტერესებიც, მაგრამ ამ ძეგლის განადგურებით გამდიდრება, რატომ არის კარგი, არ ვიცი. ერთადერთი, რაც მოვახერხე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ჩემსავით შეტკიოდათ გული - ეს თემა საზოგადოების განხილვის საგნად ვაქციე. როცა საყოველთაო განსჯის საგანი ხდება, აგრესია კლებულობს, ხელისუფლებაცა და დაინტერესებული მხარეც უფრო თავშეკავებულია. რაც მოხდა, იმას აღარაფერი ეშველება. ოპონენტები მეუბნებოდნენ, შენ წერ, ჩვენ ვაშენებთო. რაზეც ვპასუხობდი - მე ცარიელ ფურცელზე ვწერ და არა გალაკტიონის ხელნაწერზე-მეთქი.
ერის კულტურა სახელმწიფო შენებაში უფრო ჩანს, ვიდრე ლექსსა და ნახატში.

"... დღეს არა, ხვალზეგ...
ლოდინი მაინც არ არის სანდო..." 
- და მაინც, ლექსის "გამოძერწვისას" გიწევს ლოდინი? რა განცდა გეუფლება ამ დროს? 
- ლოდინი მგონი არ არის ამ სულიერი მდგომარეობის გამომხატველი სიტყვა... ლოდინს ვერ დავარქმევ...
- მოლოდინი? 
- მოლოდინი, შეიძლება, არის. ეს სხვა სიტყვაა, რომელმაც სხვა ემოცია გამოიწვია. რაც უფრო გრძელდება ეს მდგომარეობა, მით მეტად კარგად ხარ. შემოქმედებითი მუხტი არ ნელდება. შეჩერდი, წამო! - არ ყვირი, რადგან არ გინდა მისი შეჩერება.

"და ოცნება შემეწევა ყველგან, -
ნატვრის ხეზე განასკვული ნაჭრის." 
- ბავშვობისდროინდელი ოცნებები ხშირად ფერმკრთალდება და ხასხასა ფერებს კარგავს. უკვე მოზრდილს ახალი იმედები გესახება. გარკვეულ ასაკს მიტანებული კი ნატვრას ზეციურ წიაღში სამუდამოდ ტოვებ. თუ აიხდინე რომელიმე ოცნება და რა დაგრჩა სამუდამოდ აუხდენელი? 
- სამუდამოდ აუხდენელი ოცნება არის ის, რომ ვერასოდეს გავაცოცხლებ იმ ჩემთვის ძვირფას ხალხს, რომლებიც  გვერდით აღარ მყავს. ისინი  ჩემში ცოცხლობენ და ცხოვრობენ, თუმცა პირდაპირი კონტაქტი შეწყდა.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოცნებები გაქვს, თუმცა იმ მდინარისა არ იყოს, სათავე ერთია. სხვათა შორის, ოცნება ისეთი რამაა, რამდენჯერაც აისრულებ, ვერ კმაყოფილდები. ასრულებით არ სრულდება. ყველა შემოქმედი უკეთესს ესწრაფვის, თუმცა თავისთვის იდეალურს ვერ ქმნის. მარადიულია სწრაფვა ხატისკენ, რომლის კონტურებსაც ხედავ, მაგრამ ბოლომე ვერ წერ. მისკენ მიისწრაფვი, მიილტვი, უახლოვდები...

"... ეს გზა იქნებდა არც ღირდა.
გზა თუა,
სახიფათოა..." 
- როგორია გზა იმ კაცისა, რომელიც "სამსხვერპლო ცხენზე" ამხედრებული კარგა ხანია გეზს არ იცვლის? 
- გზა არის ეს, გზა.
- როგორია ეს გზა?
- მთავარია, რომ გზაა. როგორი და, ალბათ, ისეთი "SALVE"-ში რომ არის. თუ ამ გზაზე შედგები, რა თქმა უნდა, სახიფათოა, სულ გღრღნის ეჭვი: შეგეძლო-არშეგეძლო, იყო შენი საქმე - არ იყო. ეს ეჭვი მუდმივად არსებობს. ერთმანეთის გვერდითაა ეჭვიც და რწმენაც. მორწმუნე  სწორედ ამ ეჭვის დასაძლევად ცდილობს უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას. ასეა ამ გზაზეც. არსებობს რწმენა - ეს შენი არჩეული გზაა, შენ გეძახდა და შენ ეძახდი, მაგრამ იქვეა ეჭვიც - სწორად აირჩიე და სწორად აგირჩია?!

თეა ყიფშიძე

??????