ბუღაძე ლაშას ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ ლაშა ბუღაძესთან 

თვეს ერქვა: ივნისი. დღეს: სამშაბათი. 
მოქმედების ადგილი: ლიტერატურული კაფე. 17.00 საათი. 
ლიტერატურულ კაფეში ხალხი გროვდება. სადაცაა ჯემალ ქარჩხაძის წიგნების პრეზენტაცია უნდა გაიმართოს. ამგვარ პრეზენტაციებს აქ ლაშა ბუღაძე უძღვება. და აი, ისიც გამოჩნდა. მოდის, როგორც ყოველთვის, მხიარული და ენერგიით სავსე. შეთანხმებული ვარ - პრეზენტაციის შემდეგ ინტერვიუ უნდა ჩამოვართვა. 
17 საათი და 40 წუთი. 
პრეზენტაცია დასრულდა. სხვა ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად ჩემსა და ლაშას შორის ცოცხალი კედელივით აღემართება. კომანტარს სთხოვენ. მოუთმენლად ველი ჩვენი საუბრის დაწყებას. ვიცი, ბევრი სიურპრიზი მელის და, რაც მთავარია, სასიამოვნო ლაპარაკი ლიტერატურაზე, რომელსაც არაერთხელ გაწყვეტენ ჩემი რესპონდენტის მობილური ტელეფინის ზარი და კაფეში შემოსული მრავალი ნაცნობი სახე. 
17 საათი და 45 წუთი. 
ინტერვიუ იწყება...

"დედები კი შიშის კანკალით ელიან თავიანთი ვაჟების მეთხუთმეტე დაბადებისდღეს - თხუთმეტი წლიდან ხომ სადარბაზოსთან ჩაკუზვის, ფურთხის გუბეთა დაყენების, ცხვირთა ქექვის, შავი ქუდის ნიკაპამდე ჩამოფხატების, ხმაში ხრინწისა და მგლების ხროვასავით, ძმაკაცებთანერთად, ეზო-ეზო სუნსულის დრო დგება..."
- მწერალი ან იმას წერს, რაც თავს გადახდენია, ან - რისთვისაც თვალი მოუკრავს, დაკვირვებია და გულში ჩარჩენია. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა - დაწერე, როგორი იყო თხუთმეტი წლის ლაშა და მისი გარემოცვა თუ დღევანდელი თაობის აღწერა განიზრახე? 
- შეიძლება ითქვას, რომ დავწერე იმაზე, რასაც ფანჯრიდან ვხედავდი, რადგან თავად ასეთი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ჩემს 15 წლის ასაკს პროზაული პერიოდი დაემთხვა. მაშინ ეზოში დგომისა და სუნსულის შესაძლებლობა არ იყო. ხალხი ისედაც დასუნსულებდა და ეს სუნსული პატრიოტულ-სოციალური სულისკვეთებისა იყო. ყველა პოლიტიკური პერიპეტია, რაც ქვეყანას შეიძლება, თავს დაატყდეს, ჩემი ყმაწვილკაცობის ყველაზე რთულ, გარდატეხის ასაკს დაემთხვა. "ბოლო ზარი", საიდანაც ციტატა მოიყვანე, დაკვირვებების საფუძველზე შეიქმნა. ეს არის ნეგატიური, მაგრამ გავლენიანი სამყარო, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვეხებით, გვესმის მათი ხმები. არ მინდა, ძალიან რადიკალური ვიყო და ვთქვა, რომ ჰაერი ამ სამყაროთია მოწამლული, მაგრამ სავსე კი ნამდვილად არის. ყოველთვის მინდოდა, დამეწერა ისეთი ტექსტი, სადაც ეს სამყარო შეძლებისდაგვარად დამაჯერებლად იქნებოდა გადმოცემული, თუმცა გაშარჟებული და სატირული. დაცინვა არ მიფიქრია, მაგრამ კრიტიკული კი ნამდვილად მინდოდა, ვყოფილიყავი. 
- და იმ მკითხველმა, რომელიც ყველაზე მეტად ეტანება "ბოლო ზარს", მიიღო ეს კრიტიკად? 
- ამაზე ყოველთვის ვფიქრობ. გარკვეულ ასაკში ძნელია, ადამიანმა თქვას, რომ ეს ტექსტი მასზეა დაწერილი, რომ ეს არის სარკე და აღიაროს, რომ ის ასეთია. ნაწარმოების კითხვისას ყოველთვის სხვას გულისხმობს და არა საკუთარ თავს. ეს ბუნებრივი ადამიანური მდგომარეობაა. ახალგაზრდები, არ მინდა, მათ ბავშვები ვუწოდო, რომლებიც ამ წიგნს კითხულობენ, იცინიან ნაცნობ სიტუაციებზე, ენაზე, ცნობენ ადამიანებს, შეიძლება, მოწონთ კიდეც, მაგრამ წაკითხულს ნაკლებად აანალიზებენ. ამ ასაკში არ უყვართ ხოლმე თითოეული გვერდის ჩაკითხვის შემდეგ ხელზე თავის ჩამოდება და ფიქრი, რა დაწერა მწერალმა. და თუ მაინც ვინმე აანალიზებს, ჩემთვის სასიხარულოა. როგორც წესი, უფროსები, ძირითადად კი, მშობლები, უყურებენ ამას კრიტიკულად და ტექსტს პედაგოგიური თვალსაზრისით განიხილავენ. არადა, ჩემგან ცოტა უხერხულია პედაგოგიკაზე ლაპარაკი. ღმერთმა დამიფაროს დიდაქტიკისგან, თუმცა, ცხადია, არც უმაგისობაა. უპირველესად, მთავარი იყო, ახალგაზრდა ადამიანებს კითხვის პროცესი დაეძლიათ, რაც საშინელ სიზარმაცესთანაა დაკავშირებული. ახლა სხვა დროა. უამრავი საცნაური რამ ხდება ჩვენს გარშემო და ძალიან ძნელია, ამ ასაკში წიგნს მოუძებნო დრო. გგონია, რომ როცა კითხულობ, რაღაც მნიშვნელოვანს აკლდები და დროს კარგავ. უფრო მშობლის ხათრით იღებ წიგნს ხელში. მერე და მერე კი შეგიტყუებს და ნელ-ნელა იწამლები. ასე იწყება კითხვის უცნაური პროცესი. ორი და მყავს. ორივენი 17 წლისანი, არიან, თუმცა ტყუპები არ გეგონოს. ახლა, ალბათ, მკითხავ - აბა, დები როგორღა არიანო? ამას საიდუმლოდ დავტოვებ. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და, მინდოდა, ჩემს დებსაც წაეკითხათ, რადგან კარგად ვიცი, რამდენი რამ არის მათთვის მიმზიდველი. ძნელია, ახალგაზრდა ადამიანს ლიტერატურასთან ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს - ეს მეტაფორაა, აქ უნდა წარმოიდგინო და იგულისხმო რაღაც, ახლა ქვეტექსტები უნდა ამოიკითხო. დგება დრო, როცა გსურს, პირდაპირ წაიკითხო იმაზე, რაც შენს გარშემო ხდება. წესით, ასეთი სიტუაციური რომანები ბევრი უნდა იწერებოდეს. ახალგაზრდა კაცს ჩაკითხვა არ დაეზარება, თუკი ტექსტები მკვეთრად სოციალური, მისთვის ნაცნობი იქნება. ბევრ ქვეყანაში სწორედ ასე დაიწყეს კითხვა.

"თუმცა სნობიზმისთვის დაისაჯა კიდეც”.
- არის თუ არა სნობიზმი სენი და რამდენად მოედო იგი ჩვენს ქალაქს? როგორ ფიქრობ, ისჯებიან კი სნობად ქცევის მოსურნენი სნობიზმისთვის? 
- გააჩნია სნობიზმის კატეგორიას. არიან ინტელექტუალური და პროვინციალური სნობები. ჩემი დაკვირვებით, სწორედ ეს უკანასკნელია ყველაზე ტიპიური და გავლენიანი დღეს. საგემოვნებო სნობიზმი ძალიან დიდი გავლენას ახდენს ნებისმიერ სფეროზე, რაც საზოგადოებრივი პრობლემაა. ისჯებიან თუ არა სნობიზმისთვის? სნობიზმი ხომ არ არის ცოდვა?!.

"დემურს კითხვა დედამ შეაყვარა.”
- შენ ვინ შეგაყვარა კითხვა, ბავშვობიდანვე გიყვარდა წიგნები? და გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟები თუ გყავდა? 
- ჩემს მიერ წაკითხულ წიგნებად იმ წიგნებსაც მივიჩნევ, რომლებსაც ბავშვობაში მიკითხავდნენ და, მგონი, ყველამ ასე უნდა ჩათვალოს. თუკი მშობელს, რომელსაც გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს ჩვენზე აღებული, ეზარება, ძილის წინ ჩამოგიჯდეს და რაღაცა ამბავი გიამბოს, სხვა სამყაროში შეგიტყუოს რეზო ინანიშვილის მსგავსად, შვილიშვილებს მეორედ, მესამედ და მეოთხედაც კი რომ უყვებოდა ერთსა და იმავე ისტორიას, მერე, როცა მისი შვილი 20 წლისა გახდება, თავში ხელს ნუღარ შემოირტყამს, კითხვა ეზარებაო. ბანალურ ჭეშმარიტებას ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველანაირი პოზიტივი და ნეგატივი სწორედ ოჯახიდან მოდის. ეს ის იმპულსებია, რაც მნიშვნელოვანია და საძირკველშივე უნდა ჩაიდოს. ოჯახის თითქმის ყველა წევრი მანებივრებდა ამბების თხრობით თუ კითხვით. განსაკუთრებით კი ბებიაჩემი აქტიურობდა, რომელთანაც მუდმივი კონფლიქტი მქონდა. მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა და ინტელექტუალური პასუხისმგებლობა ხშირად არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რადგან ყოველ მეორე გვერდზე თვლემა მოერეოდა ხოლმე და ერთ-ორ-სამ აბზაცს ისე გამოტოვებდა, როგორც არაფერი. მერე გვიხდებოდა ხელახლა დაწყება. ის ლიტერატურა, რომელიც წესით მე უნდა წამეკითხა, სწორედ ბებიაჩემმა და მშობლებმა გამაცნეს - სათავგადასავლო ამბები, რაინდული ეპოსი და სხვა და სხვა. თუ არ ვცდები, დამოუკიდებლად მსხვილი ასოებით დაბეჭდილი "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი" წავიკითხე, რომელიც, ძირითადად, ილუსტრაციებით იყო დახუნძლული და ამიტომაც არ დამეზარა და არ შემეშინდა მისი წაკითხვისა. რაღაც ამბებს არა ტექსტების, არამედ ნახატების სახით ვეცნობოდი. ძალიან მიყვარდა კომიქსები და კარიკატურები. განსაკუთრებით მხიბლავდა დანიელი კომუნისტი კარიკატურისტის, ჰერლუდ ბიდსტროპის ნამუშევრები. მეც მისი წაბაძვით ვხატავდი აქტიურად და, შეიძლება ითქვას, საყვარელი პერსონეჟებიც მაშინ გამოჩნდნენ.

"თბილისში, როგორცწესი, ხალხს სწორედ წიგნიერების გამო ჩაგრავდნენ. 
მეტისმეტად წიგნიერი, ზრდილი და საამოდ მოსაუბრე ყმაწვილი პატივისცემას არ იმსახურებდა..."
- შენი დაკვირვებით, დღეს თბილისში როგორ ადამიანებს სცემენ პატივს? 
- ფასეულობების თვალსაზრისით, ხალხი დაბნეულია. ფრთხილობს. ის, ვინც არ უშინდება სხვებს, საშინლად ილანძღება. უფრო ზოგადი რომ გამოვიდეს ჩვენი საუბარი, თუ ვინმე თავისი პატრიოტიზმის აფიშირებას ახდენს, მას ურაპატრიოტად თვლიან, ხოლო ვინც ჩქმალავს და აბსოლუტურ ლიბერალს თამაშობს, ის მასონი და იეღოველია. დღეს ვის სცემენ პატივს? არ ვიცი. არ მინდა, პესიმისტურად გამომივიდეს, მაგრამ მოკლედ რომ გაგცე პასუხი - არავის და, მგონი, ეს ნორმალურიცაა.

-"ბოლო-ბოლო, მეც ვისწავლი ძერსკობას."
- ძერსკობა, ალბათ, თინეიჯერების პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. შენ თუ მოგდომებია ოდესმე, ძერსკი ყოფილიყავი? 
- ადამიანურად, იმ კონტექსტით, რა კონტექსტშიც ეს პერსონაჟი ამბობს ამ სიტყვებს, არასდროს გამჩენია ამის სურვილი. თუკი ვინმე ამ სიტყვას ამბობს, იგი ძველბიჭობასთან და რაღაც კრიმინალთან ასოცირდება, ჰო? ყველას, ვინც არ მიცნობს და მხოლოდ ჩემი ტექსტები წაუკითხავს, ჰგონია, რომ ასე ვლაპარაკობ, არადა, ჟარგონი ჩემთვის უცხოა. თუკი ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, თუმცა არ შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამი იყოს, თუ მაქვს მცდელობა "ძერსკობისა", ვცდილობ, ეს იყოს მხოლოდ ლიტერატურაში. რამდენად გამომდის, სხვა საკითხია. 
 
"ტაქსის მძღოლებს, მშიშრებსაც და მამაცებსაც, როგორც წესი, სალაპარაკოდ სამადსამი თემა აქვთ. პირველი - მთავრობის ლანძღვა... მეორე - პროფესია... და მესამე - ქალები..."
- ცოტა უხერხულიც კია, მწერლები ტაქსის მძღოლებს შეადარო, მაგრამ მაინც გკითხავ, ერთად შეჯგუფული მწერლები რაზე საუბრობენ ხოლმე? 
- თითქმის იგივეზე, თუმცა მხოლოდ ამ თემებით არ შემოიფარგლებიან. ტაქსისტებისგან განსხვავებით, მწერლები არ მორალისტობენ. ტაქსის მძღოლები კი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ქალებზე საუბრობენ და ეს რაღაც ეროტიკულ თავგადასავლებთან არის ასოცირებული, ამბავს მორალისტური, პედაგოგიური აქტით ასრულებენ. ასე რომ, მწერლები უფრო პერვერსიულები არიან.

"დაიწყებოდა ახალი დღე.
ძველი იქნებოდა მხოლოდ შეკითხვა - ქართველთა მტანჯველი, შხამიანი შეკითხვა:
- ამ საღამოს რა ვქნათ?"
- როგორ ატარებ თავისუფალ დროს ანუ რას აკეთებ "მოცალეობის ჟამს"? 
- შემიძლია, მოკლედ გაგცე პასუხი - თავისუფალ დროს ვწერ.

"შუა გზაზე მიტოვებულ წიგნზე საცოდავი ამ ქვეყნად არაფერია. ასეთი წიგნი შეიძლება მტრადაც მოგეკიდოს, როგორც, მაგალითად, მე ერთ დროს ჩემს მიერ დასაწყისშივე მიტოვებული სენკევიჩის "ჯვაროსნები", ვერფელის "ოპერის რომანი" და ჟენეს "ქურდის დღიური", რომლის წინასიტყვაობა მაქვს სხვათა შორის წაკითხული. აქა-იქ ჯიუტად მისვენებულნი, თაროებზე მტვერდადებულნი, გაყვითლებული სანიშნეებით არც დღისით მასვენებენ და არც ღამით."
- შენს მიერ მიტოვებული წიგნები უკვე დაასახელე და ამაზე აღარ გკითხავ. ბუნებრივია, როგორც მწერალს წიგნისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ რაღაც გამოცდილება შეგძინა. და მაინც - როგორ უნდა მოახერხო, დაწერო ისეთი წიგნი, რომელსაც შუა გზაზე მიტოვების საშიშროება არ დაემუქრება? 
- უპირველესად, თავად უნდა დაძლიო თემა, რომელიც თავში მოგივიდა და საკუთარ სიზარმაცესა და სიტლანქესთან ბრძოლა წარმატებით უნდა დაასრულო. მეორე ეტაპია, რომ ეს სიტლანქე მკითხველს არ შეეპაროს და ბოლომდე ჩაიკითხოს წიგნი ან თუნდაც პატარა ტექსტი. ამ მხრივ, ცუდი მკითხველი გახლავარ. არიან ავტორები, რომელთაც ვერაფრით ვკითხულობ, პირველ აბზაცსაც კი. მარკესი ფიქრობს, რომ ამ საიდუმლოს გასაღები პირველ წინადადებაშია. თავად 17 წლის განმავლობაში წერდა პირველ წინადადებას, პირველ აბზაცს ცნობილი რომანისა "მარტოობის ასი წელი", არადა, მთელი წიგნი თითქმის მზად ჰქონდა. სხვა მწერალი ვარაუდობს, რომ მთავარი ოსტატობაა. ახლახან წავიკითხე, შეიძლება ითქვას, "პოპსა", თუმცა ინტელექტუალური რომანი, რომელმაც სკანდალი გამოიწვია და მას მთელი მსოფლიო კითხულობს - დენ ბრაუნის "და ვინჩის კოდი". ამ ტექსტს სახელი გაუთქვა იმ ფაქტმაც, რომ მას ვატიკანში შეხვდნენ რადიკალურად. ვიღაცამ ბრაუნი ეკოს შეადარა, რაკი საქმე, ასე თუ ისე, ინტელექტუალურ დეტექტივთან გვაქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. უმბერტო ეკო მწერალია, დენ ბრაუნი კი მომყოლი, კარგი მთხრობელი. ამ და სხვა მსგავსი ტექსტებიდან დავასკვენი, რომ უკვე ძალიან დაიხვეწა ლიტერატურული ტექნოლოგიები. ადამიანებმა იციან, როგორ დააინტერესონ მკითხველი. როგორ დაიწყონ ყოველი თავი ისე, რომ ბოლომდე წაგაკითხონ. ეს ტექნოლოგიები კლასიკოსებმა, მართლა კარგმა მწერლებმა შეიმუშავეს, დღეს კი მომწერლო ადამიანებმა დახვეწეს თითქმის მეცნიერებადქცეული სფერო. ვფიქრობ, რომ მთავარია შეიკრას იდეალური სამკუთხედი - ოსტატობა, ამბავი და ნიჭი.

"მირჩევთ, რაც გავიგე, აღარ გავიმეორო? რატომ? როგორც თქვენ, მეც ხომ ამით ვცხოვრობ... სმენა იმიტომ მაქვს, რომ ყური მოვკრა რამეს, პირი იმიტომ, რომ გავიმეორო... თქვენ კი... თევზივით დავმუნჯდე, მეუბნებით?.."
- შესაძლოა, მწერალი თევზივით მართლაც დამუნჯდეს, პირიც აიკრას და ნათქვამი თუ ყურმოკრული აღარ გაიმეოროს, თუმცა მეეჭვება, ერთი დეტალი მაინც სადღაც, ოდესღაც, არ გამოიყენოს. რა უფრო სჭარბობს შენს ნაწერებში - ყურმოკრული, მონათხრობი, საკუთარი თვალით ნანახი თუ გამონაგონი? 
- მაგალითად, "ბოლო ზარში" უმნიშვნელოდ სახეცვლილი მოსმენილი ტექსტებია თავმოყრილი. კონკრეტული სიუჟეტისთვის, სიტუაციისთვის შენი სოციუმიდან უნდა აკრიფო მასალა. რაღაც უნდა გიკარნახოს ნებისმიერმა ჟესტმა, სახასიათო თუ აბსოლუტურად არასახასიათო მანერამ - ყოველივე ამას უნდა შეერწყას შენი, როგორც მკითხველის, ემოცია და შთაბეჭდილება. ნებისმიერი რამ შეიძლება, შეიცავდეს იმპულსს, რომელსაც მშვენიერი სახელდება მისცა მიხეილ ჯავახიშვილმა - ეს არის კენჭები მდინარის ძირზე, რომელიც ჩვენს ფერხთითაა. შესაძლოა, ყოველდღიურად ვეხებით, მაგრამ ვერ ვხედავთ, არადა, კენჭები იქ არის. არ მინდა, პათოსში გადავვარდე, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით, ეს მეტაფიზიკური მოვლენაა.

"ადამიანს ფული რომ არ გამოეგონებინა სამყაროში, ლენინის თქმისა არ იყოს, ნაკლები ბოროტება იქნებოდა..."
- შესაძლოა, ფული რომ არ გამოეგონებინათ, მართლაც ნაკლები ბოროტება ყოფილიყო, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ის მაინც საჭიროა. დღევანდელ დღეს როგორ ახერხებს მწერალი ფულის შოვნას?

- დღეს საქართველოში არცერთი მწერალი არ ცხოვრობს მწერლობით. მაგალითად, შესანიშნავი პოეტი ზვიად რატიანი ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიაში მუშაობს და მისი ხელობისგან აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში უწევს ყოველდღიურად ცხოვრება, რაც მის შემოქმედებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. აკა მორჩილაძე, მიუხედავად იმისა, რომ ბეთსელერების ავტორია, ყოველდღიურად სპორტული გაზეთის რედაქციაში ზის და, მართალია, უყვარს ეს საქმე, წერს სპორტულ სვეტებს და ფოტოსურათებს სახელებს არქმევს.
თუმცა, ვიმედოვნებ, ეს სურათი შეიცვლება. მის ერთ წიგნს კარგი მომავალი "ეჭყანება" (გადავაფურთხოთ!). მე კი, შემიძლია, რამდენიმე სამსახური ჩამოგითვალო, სადაც ვმუშაობ, თუმცა, ჩემდა საბედნიეროდ, თითქმის ყველა წერასა და წიგნთან არის დაკავშირებული. ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენთვის არ არის აქტუალური. დიდი მწერლები გავიხსენოთ - ნობელიანტები - ჩესლავ მილოში და გიუნტერ გრასი რაღაც ფონდებს აარსებენ, პარალელურად, ლექციებს კითხულობენ და მთელ დღეს აქეთ-იქით სირბილში ატარებენ. მარკესმა, აგერ უკვე მეორედ ვახსენე, გადაწყვიტა, მექსიკური ტელევიზიის დაკვეთით მხატვრული ფილმისთვის სცენარი დაწეროს, რათა ბოლოს და ბოლოს, იფიქროს ოჯახის კეთილდღეობაზე. არადა, მისი წიგნები მილიონობით ტირაჟით იყიდება მთელ მსოფლიოში. ეს თემა აქტუალურია ყველა მწერლისთვის, თუ საქმე მკვეთრად ბულვარულ ან ფსევდობულვარულ ლიტერატურასთან არ გვაქვს, როგორიც არის მაგალითად, პაულო კოელიო. ის მარტოოდენ ქალბატონებს და ისიც, ზერელე ქალბატონებს მოსწონთ.

"ჩვენ მიწის ქვეშ მაინც ვაღწევთ ბოლშევიკურ ერთიანობას და ვიზუალურადაც ერთნაირად გამოვიყურებით, მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტადჩვენი იქ უკვე აღარაფერია."
- გიყვარს ფილოსოფიურ და მარადიულ თემებზე ფიქრი? 
- ფიქრისას, შესაძლოა, გაგიჩნდეს ილუზია, რომ ეს ფიქრები ასე თუ ისე დახვეწილია, მაგრამ როდესაც ქაღალდზე გადადის, დახვეწილობასა და სიმპათიურობას კარგავს და ხელოვნური ხდება. ახლახან ჯემალ ქარჩხაძეზე ვსაუბრობდით. მისი ლიტერატურა ნიშანდობლივი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა შეერწყას ინტელექტუალური ფიქრები მხატვრულ ტექსტს ისე, რომ დახვეწილობა და მიმზიდველობა არ დაკარგოს. მე, როგორც მკითხველს, მიზიდავს ასეთი ჰიბრიდები, სადაც ლიტერატურა მხოლოდ სიუჟეტი კი არა, კვლევის და თვითკვლევის საგანია. რაღაცას ვიგებთ ჩვენს თავზე, გარემოზე და ამა თუ იმ ასეთი ტექსტის დაძლევისა და წაკითხვის შემდეგ, გვიჩნდება ილუზია, რომ ცოტა უფრო ჭკვიანები გავხდით. ასეთი ილუზიებისთვის ღირს ცხოვრება.

"რას გარგებს ტელეეკრანზე მანჭვა, ანდა გაზეთში ბეჭდვა ფერადი სათაურით..."
- მართლაც თუ გაძლევს რამეს ეკრანზე გამოჩენა ანდა გაზეთების ფერადი სათაურები? 
- მგონი, როგორც მწერალს, მხოლოდ მვნებს. ის, ვინც ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე, ხშირად ილანძღება. ამბობენ - რა გაგვიჭირა საქმე, თუ მწერალია, სახლში დაჯდეს და წეროს, სხვის საქმეში რას ყოფს ცხვირსო და ა. შ. გვაქვს შემთხვევები, როცა ადამიანს თვითმიზნად აქვს ქცეული ტელეეკრანსა თუ ჟურნალ-გაზეთში გამოჩენა და შანსს არ უშვებს ხელიდან, რაც, მგონი, ადამიანურ პრობლემათა კატეგორიას განეკუთნება. მკითხველის გაღიზიანებას თავისი ტრადიცია აქვს და ის საბჭოეთიდან იღებს სათავეს. მე-19 საუკუნეში მწერალ-მოძღვარს პოზიტიური, აბსოლუტურად ობიექტური მნიშვნელობა ჰქონდა. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს პათოსისათვის, მაგრამ სხვაგან არსად იყო ეროვნული იდენტიფიკაციის თვითშეგნება ისე, როგორც მწერლებში. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, მწერალი-მოძღვარი მწერალ-შემსრულებლად გადაიქცა. ის იყო ნეგატივის პროპაგანდისტი. კარგმა მწერლებმა და კარგმა ადამიანებმა ჩრდილში გადაინაცვლეს. თუკი მწერლის სოციალიზაცია ხდებოდა, მხოლოდ ცუდი მწერლებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, ასეთივე ცუდი ადამინები იყვნენ. ასე რომ, ინერციით, დღეს თუ მწერალს ხშირად ხედავენ ტელეეკრანზე, ჩნდება შიშიც - ეს იმ სოციალურად აქტიური მწერლების შთამომავალი ხომ არ არის, ჩვენ რომ გევზიზღება?! ზოგადად კი, მწერლები ყველგან აქტიურები არიან.

"ჩვენ მკითხველს პატარა პიესას შევთავაზებთ, რომლის რემარკებიც აბსოლუტურად არასცენურია, სიუჟეტი - არა სადადგმო და რომლის იუმორითუ სევდაც მკითხველში ვერანაირ გამოძახილს ვერ ჰპოვებს."
- რა უფრო მნიშვნელოვანია პიესის წერისას - რემარკა, სიუჟეტი თუ იუმორი? ბუნებრივია, იდეალური იქნებოდა, სამივე ერთნაირი სიძლიერითა და ოდენობით  რომ ყოფილიყო, მაგრამ მაინც, რომელს ანიჭებ უპირატესობას? 
- ცხადია, დიალოგს. თუ ქმედება და დიალოგი შერწყმული, ბალანსირებულია, ეს დრამატურგის ოსტატობაზე მიგვანიშნებს. არის პიესები, რომლებიც მხოლოდ იკითხება და არ იდგმება. მას თავისი მკითხველი ჰყავს. იდეალური დრამატურგის, სამუელ ბეკეტის პიესებში ძალიან დიდი როლს ასრულებს რემარკა. მისთვის ეს არის პერსონაჟის ბუნების გამოხატვა, ქმედება. როცა წერს, რომ ამა თუ იმ პერსონაჟმა უნდა გადადგას, არც მეტი და არც ნაკლები, რვა ნაბიჯი, არ ხუმრობს. იგი თავად ესწრებოდა რეპეტიციებს და ყოველ მინიშნებას მკაცრად აკონტროლებდა, თუმცა ეს ერთგვარი პედაგოგიკის გამოვლინება უფრო იყო - თეატრში დრამატურგი რომ დაეფასებინათ. აი, ამ ტექსტში, საიდანაც ციტატა მოიყვანე, ერთი ცნობილი მწერალია ნახსენები, რომლის სახელსაც ახლა გავაცხადებ - გიო ახვლედიანი. ხშირად გვიკამათია, დაეწერა პიესა. გიო ვერ იტანს თეატრს. ამბობს ხოლმე, ეს ამბები არ მაინტერესებსო. ისიც კი მითხრა, ფრჩხილებში როგორ უნდა დავწერო, კაცმა სიგარეტს მოუკიდაო. მისთვის სწორედ ეს პრიზმაა მნიშვნელოვანი, მე კი მინიშნებები მიყვარს და, ალბათ, ამიტომაც ვწერ პიესებს.

"...არასოდეს შეგვშლია კლასიკოსებთან ურთიერთობა. გენიოსი ხარ? შენთან ვდგავარ. უნიჭო და ზარმაცი ხარ? ვერ ჰქმნი მომავლისთვის საჭირო კულტურულ ველს? ანუ არ გინდა შრომა და კითხვა? გაეთრიე მაშინ აქედან!"
- ამ მხრივ, რა მდგომარეობაა საქართველოში? ხომ არ გვეჩაგრებიან კლასიკოსები და თავს კარგად გრძნობენ უნიჭოები? 
- ესეც გარკვეული სტერეოტიპია. ბევრი პოეტი და პროზაიკოსი მოსულა ჩემთან და უთქვამს, ტექსტებს არ მიბეჭდავენო, თითქოს ამ სახელმწიფოში ცენზორი არსებობდეს. თვითკრიტიკისა და საკუთარი თავის შეფასების ნულოვანი დონეა. ის არ უშვებს, რომ შესაძლოა, საგემოვნებო პრობლემა არსებობდეს. გამორიცხულია, ადამიანი ასე თუ ისე ნორმალურად წერდეს და ის არ დაიბეჭდოს. არ მჯერა, რომ სადღაც უნიჭიერესი რომანისტი ზის სახლში გამოკეტილი, რომანს რომანზე აწყობს საწერი მაგიდის უჯრებში და მკითხველამდე ვერ აღწევს. ასეთი რამ არ არსებობს. უსამართლოდ ჩრდილში დღეს უკვე არავინ ექცევა.

"აქ, იქნებ, მკითხველს გაეცინოს კიდეც!"
- წერის პროცესში რამდენად ხშირად ფიქრობ მკითხველსა და მის ემოციებზე? 
- შეიძლება ითქვას, რომ ამ ბოლო დროს გამუდმებით ვფიქრობ. იმ ავადსახსენებელი სატელევიზიო გამოსვლებისას ბევრი ღიზიანდებოდა, როცა ჩემი სახელისა და გვარის ქვეშ მწერალი ეწერებოდა და ეს გასაგებიც იყო. რაღა დაგიმალოთ, და მეც ასე ვიყავი იმიტომ, რომ შეუძლებელია, 19-ის, 20-ის, თუნდაც 22 წლის ადამიანი მწერალი იყოს. პროზა, ალბათ, დაკვირვებების ხელობაა, ამ ასაკში კი დაკვირვებების ნუსხა ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე, შენს ტექსტებში ჩადებული მინიშნებები შემოფარგლული და შეზღუდულია, რასაც გრძნობს მკითხველი. მწერალი ჭკვიანი უნდა იყოს. როცა პირველი პიესა დაიდგა, მაყურებლის რეაქციას დავაკვირდი. მერე და მერე, ძალაუნებურად სწავლობ მეთოდიკას, სად და როდის შეიძლება, გაიცინოს მკითხველმა. სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, თუ სცენიდან ჟარგონი ისმის, ნებისმიერ შემთხვევაში გაისმის ტაში და სიცილი - ზოგი უხერხულობისგან იქცევა ასე, ზოგსაც ასეთი მდარე იუმორი აქვს. როცა პიესას წერ, იცი, რომ შთაბეჭდილებებისა და ემოციების მანიპულირების შესაძლებლობაც გეძლევა.

"არის ასე, რომ ადამიანს თავის ცხოვრებაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ავიწყდება, რადგან იმდენად ძლიერია ამ მოვლენის იმწამიერი აფეთქება, რომ შემდეგ მისთვის მეხსიერებაში ადგილის მოძებნა ძალია ნუჭირს."
- შენს ცხოვრებაში თუ მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი, წამიერი გაელვება, რომლისთვისაც შენს მეხსიერებას ადგილის მიჩენა გაუჭირდა, მოგვიანებით კი, როცა გაგახსენდა, თავადაც გაგიკვირდა, ეს როგორ არ მახსოვდაო... 
- რაც დრო გადის, მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტები, რაც ბავშვობაში გადაგხდენია თავს. ჩემს ცხოვრებაში სწორედ ბავშვობის პერიოდი იყო ყველაზე ხანგრძლივი. შემდეგ, მოგვიანებით ძალიან აჩქარდა დრო, სწრაფად იცვლებოდა მოვლენები. ბავშვობაში თითქოს ყოველდღიურობა იტევდა ბევრ ინფორმაციას. პირველადი შეხებების სიამოვნებანიც თურმე ძალიან დიდ კვალს ტოვებს ადამიანში. რაღაც ფაქტები ამოტივტივდება ხოლმე და შენც გიკვირს - რა ნაცნობი ყოფილა და როგორ დამავიწყდაო. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური პროცესია.

"ჯერ არ დაბადებულა ისეთი ადამიანი, ვისაც პირველ პირში მოეთხროს საკუთარი შობის სცენა!"
- ალბათ, თითოეული ადამინის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფია სწორედ ამ სცენით იწყება. გადმოცემით მაინც ხომ გეცოდინება ადამიანს, როგორ მოევლინე ქვეყნიერებას? 
- სხვათა შორის, როგორც ჩანს, ეს მაშინ დავწერე, როცა ნაკლები წიგნი მქონდა წაკითხული. გიუნტერ გრასის რომანის - "თუნუქის დოლი" - პერსონაჟი, ოსკარი თავის დაბადების პროცესს ემბრიონალური მდგომარეობიდან აღწერს. ადამიანმა მართლა შეიძლება, ეს სცენა დამაჯერებლად მოყვეს. ცხადია, მწერალი მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას არ იყენებს, სხვისასაც წერს და ბევრად უკეთესადაც. მოდი, მესამედაც ვახსენებ ამ გვარს და ამით შევკრათ ეს წრე. ისევ მარკესს ვგულისხმობ. ერთგან წერს - რა სამწუხაროა, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ვერ აღვწერ - ეს არის სიკვდილი. არადა, მართლა რა საუცხოოდ აღწერდა?!

"გენიალობა - ეს ჩემი პროფესიაა! ფულს უნდა მიხდიდნენ ამაში."
- რა არის შენი პროფესია და რაში გიხდიან ფულს? 
- მინდა თუ არ მინდა, მრცხვენია თუ არა ამ ხმამაღალი სიტყვის დეფინიცირებისა საკუთარ თავთან, სხვა არჩევანი არ მაქვს და, აქვე გეტყვი, ეს სასიამოვნო არჩევანია. რატომღაც უფრო მოკრძალებულად მეჩვენება და რაღაც ანკეტებშიც ასე მივუთითებ ხოლმე, რომ ვარ დრამატურგი. მწერალი მაინც პროზაული ფრაზაა. მახსოვს ადრე, როცა შავ მაისურებში გამოწყობილი, ერთნაირი სახის მქონე, მსუქანი, გაბოროტებული და მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პოლიციელები შავმინიანი შავი მანქანებით დასეირნობდნენ, ხშირად გაჰყვიროდნენ - გადააჩერეთ! მე, როგორც წესი, ტაქსში ვიჯექი ხოლმე. ხანდახან საღერღელი აეშლებოდათ და კითხვებსაც სვამდნენ. ერთხელაც მკითხეს - რა პროფესიის ხარ? რა უნდა მეთქვა? ვუპასუხე - მწერალი. იმ სიტუაციაში ამ სიტყვამ ისე დისონანსურად გაიჟღერა, რომ მივხვდი, "მწერლის" ასე უაპელაციოდ წარმოთქმა ძალიან სავალალო, საუკეთესო შემთხვევაში - კომიკურ, უარეს შემთხვევაში კი - უფრო ნეგატიურ შედეგს მოიტანს. თუმცა, შემიძლია, ვთქვა, რომ ამის გარდა, სხვა არც არაფრის კეთება ვიცი.

"ჩემი ხასიათი აი, ასეთი გახდა: ყავისფერი და გასიებული, როგორც ღორის დინგი! აი, როგორი გავხდი მე!"
- ყველაზე ხშირად რა განაპირობებს შენი ხასიათის ცვალებადობას? 
- ხშირადაც არ მეცვლება ხასიათი. მოგეხსენება, ადამიანი ჯიუტი არსებაა და ცდილობს, რაც არ სიამოვნებს, იმას მიწა მიაყაროს და სამუდამოდ დაივიწყოს. შესაძლოა, კონკრეტულმა სიტუაციამ დროებით შემიცვალოს გუნება-განწყობა, მაგრამ, ზოგადად, ჩემი ხასიათი სტაბილურია.

"საწყალი ქართველი ქალი! რა იყო მისი ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ახალ იორკში - ტანჯვა და წამება, სხვა არაფერი!"
- ეს დავით კლდიაშვილისეული ტრაგიკომედიაა, უბრალო ირონია, ცინიზმი, იუმორი თუ რეალობის შეულამაზებელი სურათი? 
- თუკი ამგვარ სიტუაციებზე სერიოზულად დავწერთ და დამოკიდებულებაც მკვეთრად სერიოზული იქნება, შეიძლება, ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზედმეტ პათეტიკაში გადავვარდებით და ყოველივე ეს სერიოზულ, ძალიან დამთრგუნველ სადღეგრძელოს დაემსგავსება. ასეთ შემთხვევებში, იუმორი ოქროს შუალედის პოვნაში მეხმარება.

"ასეა, თუკი გინდა, რომ ოკეანის გაღმა წმინდანად შეგრაცხონ, უნდა დასთმო შენი ქართველობა..."
- ოდესმე თუ გქონია შემთხვევა, როცა შეგრცხვენია იმისა, რომ ქართველი ხარ. თუნდაც გულში გაგივლია მსგავსი რამ? 
- რაღაცების ძალიან შემრცხვენია, მაგრამ ასეთ პათეტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ ხოლმე. ძირითადად, ეს მაშინ ხდება, როცა უცხოეთში ჩადიხარ და შენს პასპორტს წარამარა ატრიალებენ იმიტომ, რომ ამ პასპორტის მიღმა შენი თანამემამულეების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი საშინლად ბევრი დანაშაული დგას. საოცარი უნდობლობა გამოსჭვივის არა იმდენად შენს, არამედ შენი ეთნოსის მიმართ. სწორედ ეთნოსია ამაზე პასუხისმგებელი. მებაჟემ ხომ არ იცის, შენ რა კარგი ხარ...

"ჭაღარა თბილისს უკვე ქაჩალი ერქმოდა."
- მწერალთაგან ბევრს ვეკითხები ხოლმე, როგორ აღიქვამს ჩვენს ქალაქს. ტრადიციას არც ამჯერად დავარღვევ და გკითხავ - რა არის თბილისი შენთვის? 
- სხვათა შორის, ამას წინათ ძალიან კარგად დაწერა ზაალ სამადაშვილმა ერთ-ერთ ესეში, რომ თბილისი, სინამდვილეში, ერთი პატარა ქალაქია - ავლაბარი, სოლოლაკი, ვერის ნაწილი და მთაწმინდა. დანარჩენი სხვა ქალაქია. თუ თბილისზე რაიმე პოზიტიური გაგონდება და ღელვას იწყებ, სწორედ ეს ადგილებია. სოროკინს აქვს ასეთი მოთხრობა - "სხვადასხვა ქალაქის ეროგენული ზონები". ის ქალაქს ერთგვარ ქალწულად აღიქვამს, რომელსაც უნდა დაეუფლოს. აღნიშნავს, რომ მოსკოვს შვიდი ეროგენული ზონა აქვს, არც იმას ივიწყებს, რა დრო დასჭირდა ამ ქალაქისთვის თავი რომ შეეყვარებინა, ყველაზე აღმგზნები და ცოცხალი კერებისთვის რომ მიეგნო. ლონდონის დასაუფლებლად 10 დღე დასჭირვებია, პარიზი კი შვიდ დღეში მოუნადირებია... სწორედ ასეთი ცოცხალი ადგილები გვიდგება ჩვენც თვალწინ - არავის აგონდება ბახტრიონი, გლდანი... გახსენდება პატარა ადგილი - ლესელიძიდან ვიდრე...

"შარშანწინ - არც ერთმა. შარშან - რამდენიმემ. წელს ათმა კაცმა მაინც მითხრა, რომანი დაწერეო." 
- მარტო შეძახილებით ვერაფერს გახდებოდნენ, როგორც ჩანს, შენც გქონდა სარომანედ დაგროვილი სათქმელი... 
- როგორც ჩანს, მართლაც მქონდა სათქმელი. თავად ამ ამბებმა განაპირობა ყოველივე. ამ კონკრეტული სიტუაციების შესახებ იმდენი რამის დაწერა მინდოდა, რომ მივხდი - პიესა არ გამოვიდოდა. ის სხვა პირობითობასა და სხვა სახის დამაჯერობლობას მოითხოვს.

"ტოლსტოის უხრწნელი რომანი "ომი და მშვიდობა" მახსენდება და მისი ვეებერთელა ფრანგული შესავალი... მე კი შემაზიზღა, როგორც ფრანგული ენა, ასევე ჟანრი, სახელად - რომანი. უფრო სწორად, ჟანრი, სახელად - რუსული რომანი."
- შესაძლოა, მართლაც შეგზიზღდა რუსული რომანი, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ საყვარელი რომანისტები არ გყვანან... 
- რუსული რომანი ყოველთვის მეჯავრებოდა და ახლაც მძულს. ცხადია, მიყვარს რუსული პროზა, მცირე პროზა, ნაწილობრივ, რუსული პოეზიაც. თუკი გოგოლის "რევიზორსა" და ჩეხოვის "დათვს" და "ალუბლის ბაღს" გავიხსენებთ, რუსული დრამატურგიაც მიყვარს. განსაკუთრებულად ჩამრჩა პუშკინის პატარა ტრაგედიები, რომელიც ადრეულ ასაკში მაქვს წაკითხული. კარის მეზობელ ბავშვებთან ერთად რომელიმეს დადგმა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით, სამაგიეროდ, "ფაუსტი" დავდგით. პუშკინი ვერ დავძლიეთ და გოეთეს შევეჭიდეთ. ბევრი რომანისტი მომწონს, რომლებიც მხოლოდ ადრეული ეპოქის კლასიკოსები როდი არიან. საერთოდ, ცნება "კლასიკოსი" პირობითია. ფოლკნერისთვის უიტმენი იყო კლასიკოსი, მაგრამ დღეს თავად ფოლკნერი და აპდაიკიც კლასიკოსები არიან. სადღაც ვთქვი და გავიმეორებ - დღემდე წაუკითხავ წიგნში, რომელიც მიზიდავს და მაინტერესებს, შემიძლია, გავცვალო ყველა წაკითხული წიგნი. ცნობისმოყვარეობის ჭია მღრღნის ხოლმე. ქართველებიდან კი, უპირველესად, მიხეილ ჯავახიშვილს დავასახელებ - XX საუკუნის ყველაზე კარგ პროზაიკოსს.

"ბალღობაშივე შევიძულე განი და სიგრძე და ღმერთად ვაღიარე დიალოგი, შიგადაშიგ სულ პაწაწინა მინიშნებებით."
- ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ დიალოგების წერა იოლი როდია. მეტსაც გეტყვი - მსმენია, თითქოს მწერალი, შესაძლოა, სწორედ დიალოგების წერისას "გაიყიდოს", ან პირიქით -  საკუთარი შესაძლებლობები ამ გზით გამოავლინოს. არის თუ არა ეს ასე, თუ ყველაფერი უფრო მარტივადააა და შენც იოლ გზას დაადექი? 
- დიალოგები მწერლის პირველი გამოცდაა - რამდენად დამაჯერებელია ავტორი, როგორ ქმნის პერსონაჟებს, რადგან ამ უკანასკნელთა მახასიათებელი ნიშანი სწორედ მეტყველების მანერაა. არიან მწერლები, რომლებიც სქელტანიანი წიგნის დასაწერად ტექსტებს დიალოგებით ავსებენ. იქ ნაკლებია აღწერილობა. პიესაში კი თუ არ იქნა დიალოგი, აბა, სხვა რაღა უნდა იყოს? განუწყვეტელი რემარკა. სხვათა შორის, ასეთი პიესებიც არსებობს, ძირითადად, ექსპერიმენტული თეატრებისთვისაა განკუთვნილი. 1997 წელს პირველი პიესის დაბეჭდვა გადავწყვიტე და შადიმან შამანაძეს მივუტანე. პიესა არ იყო ექსპერიმენტული. 4 გვერდი, აქედან 3,5 რემარკა და 2 წინადადება - დიალოგი. შადიმანმა დამარიგა, ზოგადად, პირიქით ხდება ხოლმე. გაიხსენე შექსპირი, სადაც მინიშნება ორი სიტყვით არის გადმოცემული. აი, ასე რომ დაწერ, მერე დაგიბეჭდავო. კი გავბრაზდი მაშინ, მაგრამ რა უნდა მექნა?!

"სხვათა შორის, კარგად იკითხება."
- თუ შეგიძლია, მომავალ თაობას რჩევის სახით დაუსახელო რამდენიმე წიგნი, რომელიც კარგად იკითხება? იქნებ, კარგად კითხვას მცირე მოცულობაც განაპირობებს? 
- ძნელია, ჩამოთვლა. თუ კლასიკოსებს გავიხსენებთ, ყველაზე კარგად იკითხება მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, დავით კლდიაშვილი.. ბავშვებს ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ბერძნული მითების წაკითხვას, ტექსტებისა, სადაც არის ერთგვარი თავგადასავალი და არა - ფსევდოისტორია. ცხადია, მოცულობასაც აქვს მნიშვნელობა განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, როცა არათუ დიდი წიგნის, ზოგადად, კითხვა გეზარება. თუმცა იმასაც დავძენ, რომ წიგნი მაინც აღწევს ახალგაზრდა მკითხველამდე, როგორც ეს "ჰარი პოტერის" შემთხვევაში მოხდა.

"ესეც ასე. მეოთხედი უკვე ვიცხოვრე. მოვაღწიე ამა და ამ დღემდე და დავწერე ესა და ეს, ოთხი რომანი. უფრო სწორად, ოთხი რომანის მოკლე შინაარსი." 
- რა ლიტერატურული ქონების პატრონია ლაშა ბუღაძე? 
- რამდენიმე პიესის და შერეული კრებულისა, სადაც პიესები და მოთხრობები ერთადაა თავმოყრილი. აქედან, მინიმუმ სამი წიგნი სინანულთა კატეგორიას განეკუთნება. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ამ ამბებს ან სხვანაირად, ან საერთოდ არ დავწერდი.

"ვბეჭდავ, ოფლად ვიღვრები, რაკი დასასრულის მოახლოებას ვგრძნობ. რაღაცნაირად უნდა შევკრა ეს ყველაფერი, თორემ მკითხველი ჩათვლის, რომ უნიჭო ვარ."
- თუ გაუკრიტიკებიხარ ვინმეს სასტიკად, უწოდებია შენთვის უნიჭო და რამდენად დიდია შენში თვითკრიტიკის გრძნობა? 
- -როგორ არ გავუკრიტიკებივარ?! ძალიან ბევრჯერ. არსებობს კრიტიკის ორი ფირმა - სუფთა ლიტერატურული და იდეოლოგიური. ეს უკანასკნელი უფრო მეტი ყოფილა, მაგრამ არასოდეს შემხებია. ლიტერატურული კრიტიკა კი მართლა მტკივნეულია. ყველაზე კარგად მაინც თავად იცი, რისი გამკეთებელი და რა შესაძლებლობების პატრონი ხარ. თუ კონკრეტულ სიტუაციაში კრიტიკამ დაგთრგუნა, მოგვიანებით ხვდები, რომ კრიტიკოსი მართალი იყო. კარგი კრიტიკოსი კი ის არის, ვინც იმაზე მიგითითებს, რაზეც პროდუქციის შექმნისას თვალი მოხუჭე, რასაც ნიჰილისტურად, გულგრილად, სიზარმაცით მოეკიდე...

"მაქვს სურვილი - ავიღო ახალი ფურცელი და დავწერო:
პირველი მოქმედება
სცენა პირველი
ტრიალი მინდორი. ჰქუხს და ელავს. შემოდის სამი...
(და ა. შ.)
- თავად ხშირად უსვამ ხოლმე მწერლებს ამ შეკითხვას და ახლა შენ გკითხავ - როგორია ლაშა ბუღაძის  სამწერლო "სამზარეულო"?
- კარგა ხანია, კომპიუტერზე ვმუშაობ ანუ კომპიუტერის კლავიშებზე ვკრეფ. მანამდე, რადგან ფურცელზე წერისას ადვილად მეღლებოდა მაჯა, საბეჭდ მანქანაზე ვბეჭდავდი. ადრე მეგონა, რომ ხმაური ხელს არ მიშლიდა. ახლა კი ვგრძნობ, რა კარგია, როცა შენს გარშემო სიმშვიდეა, გვერდით ოთახიდან ტელევიზორი არ გიღნავის. სხვათა შორის, ეს ახირებები და ოინები, საბოლოო ჯამში, მცდელობაა, როგორმე არ დაწერო. თავის დაზღვევაა - დღეს ვერაფრით დავწერ. ჩვენი ცხოვრება ჩვენს საკუთარ მანკიერებათა ბრძოლაში და, საწუხაროდ, დამარცხებებში გადის. ამ მანკიერებათაგან ერთ-ერთი სერიოზულია სიზარმაცე.

"წიგნებით სავსე ფეხსალაგში ყველაზე პატარა ადგილს უნიტაზი და ონკანი იკავებდა. აქ სარკეც კი არ იყო, რომ არაფერი ვთქვათ ტუალეტის ქაღალდზე, რადგან მას ღირსეულად ცვლიდა ახალბედა ავტორთა წიგნებიდან ამოხეული არაერთი უინტერესო "თავი". "ბიბლიოთეკაში მივდივარ", - იტყოდა ხოლმე ოსტატი და ფეხსალაგში შედიოდა, სადაც მას ათასობით წიგნი ელოდა."
- შენი აზრით, როგორი და რომელი წიგნებია განწირული ამგვარი "ბიბლიოთეკებისთვის"?
- სხვათა შორის, ასეთ პროზაულ ადგილებში ძალიან კარგი წიგნები მინახავს. ნანახი მაქვს ჰემინგუეის სახლის ფოტო, სადაც ვეებერთელა, ჭერამდე აზიდული ბიბლიოთეკაა და შუაში ტახტრევანივით დგას უნიტაზი - ეს ტუალეტია, ოთხივე მხრიდან წიგნებით სავსე თაროებით. როგორც ამბობენ, ჰემინგუეის ერთ-ერთი სერიოზული დაავადების გამომწვევი მიზეზიც ეს ოთახი ყოფილა, სადაც უნიტაზზე მჯდომი საათობით კითხულობდა თურმე წიგნებს. ფეხსალაგში შესაძლოა, მართალაც მოხვდეს კარგი წიგნები, თუმცა იქ თვალს თითქმის ვერ მოკრავთ საკრალურ ლიტერატურას. ისე კი, თუ ადამიანი მაინცდამაინც ამ ნიშნით არჩევს წიგნს, ეს უკვე სხვა პრობლემებზე მიუთითებს.

"( ნუ დაიზარებთ, ხმამაღლა წაიკითხეთ!)"
- ამბობენ, პიესებს ხმამაღლა კითხვა უხდებაო. როგორ ფიქრობ, შენზე უკეთ სხვა წაიკითხავს შენს პიესას?
- შესაძლოა, მსახიობმა ჩემზე უკეთ წაიკითხოს და ითამაშოს, მაგრამ როცა თავად ვკითხულობ ხოლმე ჩემს პიესას, ყოველთვის მინდა, რეჟისორმა და მსახიობმა რიტმი დაიჭირონ. ჩემთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. თუ რიტმი იკარგება, იკარგება ამბავიც.
- ერთ 5 წუთიან პიესას ჩვენს ინტერვიუზეც ხომ არ შექმნიდი ექსპრომტად?
- ამას სჭირდება კომპიუტერი, ჩემს სახლში ჯდომა, გვერდით ოთხში გამორთული ტელევიზორი და ა. შ. უამრავი ფოკუსი და ოინი, რომლის გარეშეც არ იწერება ერთი გვერდიც კი.
თეა ყიფშიძე

??????