მისიმა იუკიო
გაზიარება

ღოლოს ყვავილები ექსკლიუზივი

ჯიბიდან ბურთი ამოიღო - და მაღლა ცაში ააგდო.
ცისფერი ზეცა.
ზეცამ მიიღო ბურთი, თავისთან აიტაცა - და ძალიან სწრაფად დააბრუნა უკან.
ბიჭუნამ ბურთი დაიჭირა და ისევ ააგდო- თითქოს ამ ზეცას დაეუფლა.
მერე კი ჰაერი შეისუნთქა, ღრმად-ღრმად. აქამდე არასდროს, არც სახლში, არც ქუჩაში, ასე არ შეეძლო სუნთქვა: იქ საჭმელი მეტი იყო, ვიდრე ჰაერი. პირს ივსებდა ჰაერით და უცნაურ გემოსა და სუნს შეიგრძნობდა - ცისფერი ცა და თეთრი ღრუბლები... საიდან მოვიდა მასთან ეს სურნელი და გემო - არ იცოდა; მხოლოდ გრძნობდა, რომ გულის სიღრმეში უწყოდა მათი ასავალ-დასავალი.
ისევ სიხარულმა მოიცვა.
ჭეშმარიტების შეცნობის - გემოსა და სურნელის წყაროსი. და მან შეიცნო დედამიწის არსი.
მიწამ დაიწყო თავისი ცეკვა, გულის ძგერის მსგავსი. ტყე, ყოველივე, რაც ტყეში იყო, ამ ცეკვისთვის მუსიკას უკრავდა. და მას ყველაფერი ესმოდა - მუსიკაც, ცეკვაც. ტყე მღეროდა, მღეროდა მწვანე ველების ზღვა, მღეროდნენ პატარა ჩიტუნები. ამ მომენტში მას ფრთოსნებთან ლაპარაკიც კი შეეძლო.
ბიჭუნა ტყეში ღრმად შევიდა - და დაიკარგა. მთვარე გამოჩნდა. მოულოდნელად - ტყის ჩრდილიდან კაცი გამოემართა მისკენ.
-საით მიეშურებით?
-სამოგზაუროდ... ოღონდაც რაღაც დამრჩა შინ...
-შინ? თქვენ იმ მიტოვებულ ნაცრისფერ სახლს გულისხმობთ გორაკზე, რომელსაც ,,ციხეს" ეძახიან?
-დიახ, ჩემს სახლს ,,ციხე'' ჰქვია... -ასე უპასუხა კაცმა, გაოცებით.
-ალბათ პატიმარი ხართ... თქვენ რაღა უნდა დაგრჩენოდათ თქვენს ციხეში? ან როცა იპოვით, ისევ გამოხვალთ?..
ბიჭუნამ მამაკაცის მზერა დაიჭირა-და დიდხანს არ აურიდებია თვალი. ბიჭუნას თვალები შემოდგომის ტბას ჰგავდა - ისეთი კრიალა იყო, რომ ყველა კენჭის დათვლა შეიძლებოდა ფსკერზე. აშინებდა ეს სიკრიალე. აშინებდა თავისი სრულყოფილებით... როცა სუფთა მარგალიტს ხედავ - დიდხანს გეშინია მასთან შეხების: ისე გაფრთხობს თავისი სისუფთავის საიდუმლოებით.
-ჰო, ასეა, -ამოთქვა უპასუხოდ კაცმა.
ის ჯერ კიდევ ბლუყუნებდა ამას, ბიჭი კი უკვე მისკენ გაქაანდა და სახე ჩამალა შემხვედრად გამოწვდილ ხელებში და ატირდა...
ბულბულიც აჰყვა ტირილში, მაღალ ხეზე წამოსკუპებული.
-თქვენ არ უნდა გამოხვიდეთ იქიდან!.. ჩვენ აგვიკრძალავენ აქ თამაშს, გორაკზე... დაბრუნდით უკან თქვენს ნაცრისფერ სახლში.
კაცმა ოხვრით ახედა მთვარეს. თვალები ისეთივე სუფთა ჰქონდა, როგორიც აკახიკოს თვალები იყო.
-მე შვილი მყავდა; ასეთივე პატარა ბიჭუნა...
-სად არის ახლა?
-ის ახლა თოლიააა და ზღვის თავზე დაფრინავს. როცა ნადირობს, ტალღებს შორის თევზის ვერცხლისფერი ქერცლის ძებნაში კისრით წყალში ეშვება. და ამბობს: ,,ნაცრისფერ საღამოს ზღვაში მომკლეს, ჩემი მკვლელი - შავ ფსკერზეა. და სანამ არ ამოვა ზედაპირზე, ვალდებული ვარ აქ ველოდო, ამ ზღვის თავზე დაკიდებული..."
-რას გულისხმობთ?!
კაცი განაგრძობდა:
-ეშმაკმა, რომელმაც ის საცოდავი თოლია მოკლა, გზა იპოვა ზედაპირისკენ. და იცი, ვინ უჩვენა მას ეს გზა? შენ... მე შენ გაგაბედნიერებ. ციხეში ვბრუნდები.
ტყის პირას მსჯავდებული ბავშვს ტოვებს-და ფერდობისკენ მიემართება, თავისი ნაცრისფერი სახლისკენ.
წელიწადი გადის.
როდესაც ისევ იშლება ღოლო - ციხის კარიბჭეში გათავისუფლებული ჩნდება. ბიჭუნები, მისი მეგობრები, ელოდებიან.
გათავისუფლებული გამოდის.
ირგვლივ ბევრი კაშკაშა სინათლეა. ბავშვები მირბიან მისკენ და მის გარშემო ბალახზე სხდებიან.
ბრწყინვალება, სიკაშკაშე და ყველგან - აყვავებული ღოლო.
ბავშვები ქვემოთ იყურებიან- იქ, გორაკის ძირას, უცებ ამჩნევენ, თანდათანობით როგორ იძვრის მათკენ რაღაც დიდი და შავი. ეს ქალები არიან, აკიხიკოს დედა. ტოსიკოს დედა. სამი, ოთხი... მათი ნაბიჯები ცივი და უგრძნობია. უკვე ახლოს არიან - და ბავშვებს ხელებში აფრინდებიან:
-დამნაძავეს ხელით შეეხე? რა საძაგლობაა!.. _ ბავშვურ ხელებს ცხვირსახოცებით წმენდნენ. კაცი ყველაფერს აკვირდება, როგორ ბრჭყვიალებს მათი ფარფატა ცხვირსახოცები. გამძვინვარებული ქალები მას უყვირიან. კაცი უსიტყვოდ იხრება, ღოლოს ყვავილებს წყვეტს და ბავშვებს აწვდის: თითოს-თითოს, და იქაურობას ეცლება, უკანმოუხედავად. თითოეულ ბავშვს ახლა მარჯვენა ხელში ერთი ცალი ყვავილი უჭირავს.
-გადააგდე ეს! გადააგდე!- დედების თვალები ეკლიანია.
ღოლოს ყვავილები. მიწაზე დაცემულნი ბრწყინვალედ ბრწყინავენ დაისში.
ეჰ, ღოლოს ყვავილები: წითელი სიცხით- გაგრილებულ ბალახზე...

??????