ნაბახუსევზე
ვუმზერ საყვარლად მოსაუბრე
ცისფერ ჩაიდანს,
სოლოლაკის ხედს, ორთაჭალას,
ბებერ მაიდანს.
“ზარმაცების ხაშს” მივაკითხო
ახლა იქნება,
ნაბახუსევზე, კაცმა რომ თქვას,
არის მისწრება.
სახლში არ მინდა,
ჟინი მიტანს სადღაც გავლაზე,
დამირეკავდეს ნეტა ახლა
თემურ შავლაძე.
ირევა ქუჩა, აზელილი
მტვერში, ხმაურში,
ფული რომ მქონდეს,
გავიგიჟებ თავს გუდაურში.
რუსთველზე გავალ _
ქუჩა ვნებით ნამთვრალევია,
რა ქედნის წელი,
რა თვალები,
რა ქალებია!
თუ არაფერი გამოვიდა,
ნახე სიბრაზე,
წავალ, ერთს მაგრად გამოვთვრები
მაგათ ჯინაზე!..