სიკვდილის როკვა ანუ სხეულის აგონია ანუ მიზეზი მოკვდინების ექსკლიუზივი
(სიმფონია მედიცინური)
სხეული ძვალწვრილი,
სხეული არწივი,
თითები ყანწივით,
წარბები ამწევი
შუბლისა მაღლა.
სახეზე დაღლა,
ბეჭებში დახრა.
ბეჭები - მკერდიდან სითბოს არ გაშვება,
ბეჭები - სიცივე.
თვალებში სიკვდილი სათნო.
ხელები გაურბიან ერთმანეთს
ტოტებივით,
ფეხები ფესვებივით გაურბიან ერთმანეთს.
შუბლის შუაზე ძარღვი გაკლაკნილი (გასროლილი),
ძარღვი - გასროლა და უცებ გაჩერება,
ძარღვი - დაქანება დაბლა ჩანჩქერებად.
ძარღვები სხეულზე ირგვლივ გაფანტული,
ყველა მჩინარე და ყველა ავადმყოფი,
ყველა გამოსული სააშკარაოზე,
ძარღვები გველები, ძარღვები თოკები,
რომელთაც წყურიათ სხეულის დაოკება.
სხეულის შეკავებას ცდილობენ ზარღვები,
თითქოს ეშინიათ სხეულის დარღვევის.
ფეხები ერთმანეთს ამტვრევენ, ტეხავენ,
ფეხების კუნთები სხლტებიან ფეხებიდან,
ეჯიბრებიან ერთმანეთს ფეხები,
ფეხები ერთმანეთს ბოროტად ეხებიან.
ხელები ერთმანეთს ებრძვიან ხმაურით.
მარჯვენა მარცხენას, მარცხენა მარჯვენას,
მარჯვენაც იმარჯვებს, მარცხენაც იმარჯვებს
მარჯვენაც მარცხდება, მარცხენაც მარცხდება,
მარჯვენაც არ ცხრება, არ ცხრება მარცხენაც,
თითქოს და სხეული ბოროტად როკავდეს.
სხეულში როკავდეს სიკვდილი,
თითქოს და სიკვდილი როკავდეს როკენროლს.
როკენროლს როკავდეს სიკვდილი.
ერთურთს ასკდებიან სისხლის ატომები,
ატომებს სხეულის უნდათ დატოვება,
ძარღვნი დაძაგრულან ვითარცა ფეხები,
ძარღვნი დაძაგრულან ვითარცა ბაწრები
და საქმე ისეა,
რომ საკმარისია შეხება, გაწყდება.
ფეხები ერთმანეთს ამტვრევენ, ამსხვრევენ,
ფეხების კუნთები სხლტებიან ფეხებიდან,
ხელებიც ასევე, თითებიც ასევე
ერთმანეთს ასხლტებიან, ბოროტად ეხებიან.
ორივე თვალებში სამყარო ერთი,
თვალები ერთმანეთს ზვერავენ.
თითქოს და სხეული ბოროტად როკავდეს,
სხეულში როკავდეს სიკვდილი,
თითქოს და სიკვდილი როკავდეს როკენდროლს,
როკენდროლს როკავდეს სიკვდილი.
ფეხები ერთმანეთს ამტვრევენ, ტეხავენ,
ფეხების კუნთები სხლტებიან ფეხებიდან,
ებჯინებიან ერთმანეთს ფეხები,
ფეხები ერთმანეთს ბოროტად ეხებიან.
ორივე თვალებში ჩამდგარა სამყარო,
ჩამდგარა სამყარო ერთი და იგივე,
თვალებმა მშვიდობა ვერ დაამყარეს,
ვერ მოახერხეს მათ მორიგება.
თვალები ერთმანეთს ეჯახნენ წყურვილით,
ერთმანეთს შეამსხვრიეს სამყარო.
სხეული ავადმყოფი და მაინც მაგარი,
სხეული დარღვეული და მაინც დამდგარი,
სხეულში ხრიალი, სხეულში დგანდგარი
და ბოლოს:
სხეული ვეღარ უძლებს აგონიას
და ძარღვი ტვინის, ძარღვი სიცოცხლის,
ძარღვი მთავარი
წყდება.
ამით ყველაფერი წყდება,
სიცოცხლე წყდება,
სხეული კვდება
და მოსისხარი მტრები ერთმანეთის
ხელები, ფეხები, თვალები, სისხლის ატომები
მშვიდობიანი სამუდამოდ.
ვაი, შენ უბედურო ადამიანო!..
1953