* * * ღამე და ოთახში სინათლე ექსკლიუზივი
ღამე და ოთახშ სინათლე განფენილი,
წიგნები სართულებად დაწყობილი,
ფიქრებში დრო გავლილი და დრო გარბენილი,
უცნობი სახეები, ოდესღაც გაცნობილი.
რაღაც სიხარული გამო რაღაცისა,
გამო რაღაცისა ტირილი ჭირვეული,
ფოთი, ზესტაფონი, ირაგა, ახალციხე,
სადღაც დაკარგული ლექსების რვეული.
მძიმე სიყვარული ჩუმი, უცნაური
და სიყვარულები უამრავი,
წყურვილი გაქანების, მაინც უძრაობა,
ფიქრი: ქათმებივით ლექსები მოვამრავლო.
მერე სტუდენტობა წიგნების გარეშე,
კითხვა გარეშე წიგნების,
არ შესვლა აუდიტორიის კარებში,
გენიალური მიგნება:
კიროვის პარკი და ზოოპარკი,
ვარაზის ხევი ვერ ამოვსებული,
საუბარი, კამათი, ლაპარაკი.
აღმფრთოვანებელი ფილმები ჰოლივუდის,
იტალიური ფილმები,
მათ ერთ ფილმს ჩვენი ორი უდრის,
მაინც ჩვენია პირველი.
მათი გმირების გადმოსვლა ეკრანიდან,
პარტერის პირველ რიგში დასხდომა,
ფილმის დამთავრება, დავა მეკარესთან,
თბილისის ქუჩებში გასხლტომა.
და მერე მათგან თბილისის მოწონება,
აღარ დაბრუნება ეკრანზე.
თბილისის ქუჩებში მათი წოწიალი,
ფიქრი: თბილისში ვერ გავძლებ.
მე თვითონ ეკრანის გმირი ვარ ერთ-ერთი,
რომელმაც ეკრანზე მოვკალი საქმოსანი,
მიყვარდა ასული ის, რომ არ შემრთავდა,
თუმცა ვიყავი ასულთან საქმროსავით.
და მერე ეს საქმე მკვლელობით დამთავრდა
და დამნაშავე ვიყავი აქ მოსვლამდი
და რომ არ მეგო პასუხი მკვლელობისათვის,
გადმოვედი ეკრანიდან სასწრაფოდ.
მე ეხლა სასჯელს ვერავინ ვერ მომისჯის,
ვერავინ გაბედავს რაიმე დამწამოს.
მოკლედ, ასეა ცხოვრება თბილისში
გმირები გარბიან ეკრანებიდან,
რაც შემოვიდა ფილმებით,
უკან ვერაფერი ვერ ფავიდა.
მე იძულებული ვარ აქ ლექსი დავამთავრო,
ჰოლივუდის ფილმზე მაგვიანდება.
ვაშა და დიდება ამ მთავრობას,
საკ. ფილმებით რომ არ ნაგვიანდება.
1958