ნადირაძე ნინია
გაზიარება

*** ქუჩაში სიარულისას ექსკლიუზივი

ქუჩაში სიარულისას
იმასაც კი ხმა აქვს,
თუ საით იყურები.
ეს თუ თებერვლის ქარებია, 
ეს თუ თებერვლის ტყეებია, 
ეს თუ თებერვლის სხეულმა თქვა,
მე შენს თავს ვყირი.
ხეების ჰაერს ვერ ვეყოფი,
ხეების ხელებს ვერ მოვიხვევ,
ხეების ხელებს.
სხეული სულს რომ გაეცლება,
სხეული წყალს რომ გამოიცვლის,
სხეული ხმას რომ ამოიდგამს,
ადგება წვიმა...
და ხელებს გაშლის, ქარებივით,
ეს თუ თებერვლის ქარებია,
ეს თუ მკივანი ქარებია,
და ეს თუ მართლა ქარებია,
მე ხეებს ვყვირი.
არავის უთხრა, 
თუ შემთხვევით გაიგონე,
როგორ ახველებს პატარა ღმერთი
ჩემი ტანიდან.
ის ყოველთვის ასე იქცევა,
როცა სიცხე აქვს
და ძმრიანი ქარიშხალით ითბუნებს ფეხებს.
მე ვთქვი:
ნეტარ არს კაცი, ვინც ნახა ტყეების უკანასკნელი ხანძარი,
თავისი ღმერთი ბოლომდე მიიტანოს.
სიკვდილი არავის უსწავლებია,
მხოლოდ ქოშინი დავიზეპირეთ.

??????