ნადირაძე ნინია
გაზიარება

*** ჩემი ღმერთი აღარაა ფილმის სერიოზული ექსკლიუზივი

ჩემი ღმერთი აღარაა ფილმის სერიოზული, გაწონასწორებული,
თავდაჯერებული გმირი, რომელიც კვდება,
ჩემი ღმერთი აღარაა თოვლი, რომელზეც სისხლიანი დანა ეცემა, 
ბროწეულის წვენისა და დაფშვნილი ყინულის 
სიყვარულის ისტორიას რომ ყვებოდა.
ჩემი დაღლილი ღმერთი აღარაა კაპიუშონიან ქურთუში გამოწყობილი 
მისტერ რობერტი, რომელიც მიცვალებულის თაიგულებს ყიდის.
ჩემი მოუსვენარი ღმერთი აღარაა ჩემი ფეხებმოკანკალე მოლოდინი,
რომელიც შეშინებული უყურებდა ფილმის სერიოზულ, გაწონასწორებულ,
თავდაჯერებულ გმირს, ღმერთი რომ ერქვა და ბოლოს კვდებოდა.
ჩემი ჭკვიანი ღმერთი აღარაა ჩემი გახუნებული მეგობარი,
რომელიც შეშინდა ჩემი ფეიერვერკებიანი თვალების დანახვისას.
და მაშინაც შეშინდა, სიკვდილი რომ ჩავიწვინე გუგებში და ვაძინებდი.
ჩემი ღმერთი აღარაა ერთ-ერთი თვის ერთ-ერთი რიცხვი,
რომელშიც არასდროს გვიცხოვრია მე და შენ ერთად.
ჩემი ღმერთი,
ჩემი პატარა და გაქცეული ღმერთი
მხოლოდღა ფითილჩამწვარი გათენებაა,
ტყეების ბოლოში რომ ქოშინებს 
და თავს იმშვიდებს, გადავრჩიო.

??????