ნადირაძე ნინია
გაზიარება

*** ჩვენ ვუწერთ ლექსებს მეგობრებს ექსკლიუზივი

ჩვენ ვუწერთ ლექსებს მეგობრებს,
რომელთაც ვკარგავთ
მეგობრებს, რომელთაც ვერ გაიგონეს ჩვენი ჩურჩული,
მეგობრებს, რომელთაც გაიგონეს და პასუხს გვაძლევენ,
მეგობრებს, რომელთაც შეუძლიათ ბოლომდე გვათრიონ
ცხოვრების კაბალისტიკურ გაჩერებებზე,
მეგობრებს, რომლებიც დაგვეხოცნენ.
მეგობრებს, რომელთაც დავეხოცეთ.
ჩვენ ვუწერთ ლექსებს ბიჭებს,
რომლებიც გვიყვარს,
ბიჭებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ჩვენი შეყვარება,
ბიჭებს, რომლებიც არ შეგვიყვარდა,
ბიჭებს, რომლებმაც დაგვიმახსოვრეს,
ბიჭებს, რომლებიც გვახსოვს.
ბიჭებს, რომლებიც დაგვეღუპა.
ჩვენ ვუწერთ ლექსებს დედებს, 
დედებს, რომლებსაც ესმით ჩვენი,
დედებს, რომლებსაც არ ესმით და თავს იტყუებენ,
დედებს, რომელთა ხმაც ამ ქაოსში ვერაფრით გვწვდება,
დედებს, რომლებსაც დავუყვირეთ,
დედებს, რომლებმაც მიგვატოვეს,
დედებს, რომლებიც აღარ გვყავს.
დედებს, რომელთაც აღარ ვყავართ.
ჩვენ ვუწერთ ლექსებს სიყვარულს,
რომელიც ხელიდან გაგვისხლტა,
სიყვარულს, რომელიც ოქროს თევზივით, 
სურვილისჩაუთქმელად ჩვენითვე გავუშვით,
სიყვარულს, რომელიც გვაცოცხლებს,
სიყვარულს, რომელმაც დაგვხოცა.
ჩვენ ვუწერთ ლექსებს სიკვდილს,
რომელიც არასდროს გვტოვებს მარტო,
სიკვდილს, რომელსაც ხან გავურბივართ
და ხანაც დავდევთ,
სიკვდილს, რომელიც მოგვიკვდა,
სიკვდილს, რომელსაც მოვუკვდით.
ჩვენ (აქა-იქ)ვუწერთ ლექსებს ქვეყანას,
ქვეყანას, რომელიც არ აგვირჩევია,
ქვეყანას, რომელმაც დაგვაბერა,
ქვეყანას, რომელსაც ხან ჯიბეებში ვმალავთ
და ხან დროშებად ვაფრიალებთ,
ქვეყანას, რომელსაც, კაცმა არ იცის, ვუყვარვართ თუ - არა,
ქვეყანას, რომელიც გვიყვარს
და ქვეყანას, რომელიც გვეზიზღება.
არც კი ვიცი, რა ბოდვაა ეს ნაწერი,
უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვახერხო დარჩენა იქ, სადაც ვარ.
ალბათ წავალ და გავფენ ღამეს, რომ ჰაერმა გაუაროს.

??????