ნადირაძე ნინია
გაზიარება

*** გმადლობთ, სიჩუმის მარცვალო! ექსკლიუზივი

გმადლობთ, სიჩუმის მარცვალო!
რადგან დიდი ქარიშხლების შემდეგ,
დაუდეგარი ქარიშხლების შემდეგ,
ანარქისტი ქარიშხლების შემდეგ
ასე დიდგულობ, სუფევ
და მეფობ.
ასეთ დროს ყველაზე ძლიერად მინდა გმორჩილებდე.
გმადლობთ, სიბნელის მარცვალო!
რადგან კაშკაშა მზეების შემდეგ,
აბრდღვიალებული სინათლეების შემდეგ,
ჩახჩახა ქუჩების პანაშვიდების შემდეგ,
ასე დგახარ, ასე ბევრი ხარ, ასე მივლი და მეფერები,
ასეთ დროს, არავინ მეგულება შენზე ერთგული.
გმადლობთ, სევდის მარცვალო!
რადგან ამდენი სიცილის შემდეგ,
ვადიანი სიხარულის შემდეგ,
მუდამ საშიში მხიარულების შემდეგ
ჩემს გვერდით წვები და ამ თმაზე ხელს მითათუნებ,
ასეთ დროს მგონია, რომ შენსავით ვერავის ვერ შევეჩვევი.
გმადლობთ, უფლისკენ აწოწილო ხეებო!
ფეხსაცმელდაწუწული ნოემბრის შემდეგ,
შუბლშეტრუსული სხივების შემდეგ,
ფოთლების ასეთი შრიალის შემდეგ
ასე მყარად უძლებთ მიწას და გჯერათ, რომ გმირობა ასე დგომაა...
და მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველაზე დიდი მადლი ღმერთმა თქვენ მოგცათ,
როცა მიწაში ასე ღრმად ჩაგრგათ და გმირობის უფლება მოიპოვეთ.
გმადლობთ, დუმილის მარცვალო!
რადგან ხმაურის და ალიაქოთის შემდეგ,
რადგან ყურებზე ხელების აფარების შემდეგ,
ყოველდღიური ომებისა და ქვემეხების გრუხუნის შემდეგ
შემიძლია ჩემთან მოგიხმო და ხმელეთის თევზიც კი გავხდე.
ასეთ დროს მგონია, რომ ჩემი მოსაპოვებელი სამოთხე შენ ხარ.
და გმადლობთ, სიკვდილო!
რადგან ამდენი წოწიალის შემდეგ,
რადგან ამდენი ჩახოცილი ლექსის შემდეგ,
რადგან ხორხში ნაყლაპი ამდენი ტკივილის შემდეგ,
რადგან ამდენი სიმსივნიანი იმედის შემდეგ,
რადგან ამდენი სამყაროს დამხობის შემდეგ,
რადგან ხელისგულზე შემწვარი ამდენი კვერცხის შემდეგ,
რადგან ნემსის ყუნწში ამდენი გაძრომით გადაყვლეფილი კისრის შემდეგ,
რადგან ამდენი წაგებული ბრძოლის შემდეგ,
რადგან ასე დაშვებული ხელების სიმძიმის შემდეგ,
ჩემთან მოდიხარ, არ მიცოდებ, არ დამცინი,
არ მღალატობ, არავისზე წინ და არავისზე უკან არასდროს არ მაყენებ
და მიჯდები ყოველთვის პირისპირ
და მიყურებ ყოველთვის თვალებში,
მერე ხელს მხარზე მადებ, შუბლზე მკოცნი,
უსიტყვოდ დგები, მიდიხარ და რაც მთავარია,
უკან მოსახედად არასდროს არ ტრიალდები.

გასიპულ ხელზე უსახელო სიზმრები სხედან...
ასე მგონია, სადაც დავმთავრდი, იქვე სადმე საწყისიც იყო
და ვერ ვიპოვნე...

გარეთ შაბათივით უქმე დეკემბერია...

??????