ვონეგუტი კურტ
გაზიარება

ხანგრძლივი გასეირნება მარადისობისკენ (მთარგმნელი კახაძე ემხვარ) 

ისინი ერთმანეთის მეზობლად გაიზარდნენ. ქალაქის გარეუბანში - მინდვრების, ტყეებისა და ბაღების გარემოცვაში, საიდანაც ჩანდა ულამაზესი სამრეკლო, რომელიც ბრმების სკოლას ეკუთვნოდა.

ახლა ისინი ოცი წლისანი არიან და თითქმის ერთი წელია ერთმანეთი არ უნახავთ. მათ შორის მხიარული და თბილი ურთიერთობა ყოველთვის არსებობდა, თუმცა სიყვარულზე არასოდეს უსაუბრიათ.
ბიჭს ნიუტი ჰქვია, გოგოს – კატერინა. ნაშუადღევი იყო, როცა ნიუტმა კატერინას სახლის კარზე დააკაკუნა. კატერინა კართან მივიდა, ხელში სქელტანიანი, ცარცის ქაღალდზე დაბეჭდილი ჟურნალი ეჭირა, რომელსაც დაკაკუნებამდე კითხულობდა.

ჟურნალი მთლიანად საპატარძლოებისთვის იყო განკუთვნილი.
– ნიუტ! – თქვა მან. გოგო გაკვირვებული ჩანდა.
– შეძლებ სასეირნოდ წამოსვლას? – თქვა ბიჭმა. იგი, კატერინასთანაც კი, ძალზე მორცხვი იყო. თავის სიმორცხვეს დაბნეული ლაპარაკით მალავდა – თითქოს რაზეც საუბრობდა და რაც მისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო – მისგან ძალზე შორსაა, თითქოს ის საიდუმლო აგენტია, რომელსაც ხანმოკლე შესვენება აქვს ლამაზ, შორეულ და ავბედით მისიებს შორის. საუბრის ასეთი მანერა ყოველთვის იყო დამახასიათებელი ნიუტისთვის, მაშინაც კი, როცა საკუთარ თავზე საუბრობდა. 
–სასეირნოდ? – თქვა კატერინამ.
–„ნაბიჯ-ნაბიჯ, ფოთლებზე გავლითა და ხიდებს გადავლით“.
–არ ვიცოდი, ქალაქში თუ იყავი.
–ეს–ესაა ჩამოვედი – თქვა ბიჭმა.
–ისევ ჯარში, როგორც ვხედავ, – ჩაილაპარაკა გოგომ.
–შვიდი თვე დამრჩა. ბიჭი არტილერიის პირველი კლასის რიგითად მსახურობდა.

დაჭმუჭნული სამხედრო ფორმა და მტვრიანი ბათინკები ეცვა. გაუპარსავიც იყო.

ბიჭმა ხელი ჟურნალისკენ გაიწოდა:
მაჩვენე ეს ლამაზი წიგნი – თქვა მან.
გოგომ ჟურნალი გაუწოდა.
–ვთხოვდები, ნიუტ – თქვა გოგომ. 
–ვიცი, – თქვა ბიჭმა – წავიდეთ სასეირნოდ.
–უამრავი საქმე მაქვს ნიუტ, ქორწინებამდე სულ ერთი კვირა დარჩა.
–თუ სასეირნოდ წამოხვალ – თქვა ბიჭმა, _ ლოყაწითელა საპატარძლო გახდები. ჟურნალი გადაფურცლა, კატერინას ლოყაწითელი საპატარძლოების ფოტოები უჩვენა და თქვა – როგორც ეს, როგორც ეს, როგორც ეს ლოყაწითელი საპატარძლოები.

კატერინამ გაიფიქრა ლოყაწითელ საპატარძლებზე და თვითონაც გაწითლდა. 

–ეს ჩემი საჩუქარი იქნება ჰენრი სტიუარტ ჩეზენსისათვის – თქვა ნიუტმა. სეირნობის შემდეგ მე მას ლოყაწითელა საცოლეს დავუბრუნებ.
–სახელიც იცი?
–დედამ მომწერა, პიტსბურგიდანაა ხომ?
–ასეა, შენ იგი მოგეწონება.
–შეიძლება, – თქვა ბიჭმა.
–შეძლებ...? შეძლებ ქორწილში მოსვლას, ნიუტ? – თქვა გოგომ.
–ვეჭვობ.
–ხანმოკლე შვებულებულება გაქვს?
–შვებულება? – თქვა ნიუტმა, თან სარეკლამო ჩანართზე ვერცხლის სუვენირების რეკლამას ათვალიერებდა. – მე არ ვარ შვებულებაში.
–რა?
–ამას თვითნებურად წამოსვლა ჰქვია.
–ნიუტ, რას ამბობ, შეუძლებელია!!!
–ასეა, თქვა ბიჭმა და ჟურნალი ისეევ გადაფურცლა.


–რატომ, ნიუტ? – თქვა გოგომ.
–მინდა, შენთვის ვერცხლის სუვენირების ნიმუშები ვიპოვო. იგი ჟურნალში სუვენირების დასახელებებს კითხულობდა – ალბემარლი? მანანა? ლეგენდა? ვარდი? – მერე გოგოს შეხედა და გაუღიმა.
–მინდა, შენ და შენს ქმარს კოვზი გაჩუქოთ – თქვა ბიჭმა.
–ნიუტ, ნიუტ – სერიოზულად მიპასუხე.
–გავისეირნო, მინდა.
გოგომ, დასავით განიცადა ნათქვამი და ხელები მოიფშვნიტა.
–ნოუტ, შენ იხუმრე თვითნებურად წამოსვლაზე – თქვა გოგომ.
–ნიუტმა, წარბების აწევით, წყნარად განასახიერა პოლიციელის სინერა.
–საიდან, საიდან გამოიქეცი? 
–ფორტ ბრეგიდან – თქვა ბიჭმა.
–ჩრდილო კაროლინიდან? – თქვა გოგომ.
–ასეა – ფაეტვილის მახლობლად, სადაც სკარლეტ ო’ჰარა სკოლაში დადიოდა. 
–როგორ მოაღწიე აქამდე, ნიუტ? – თქვა გოგომ.
–ბიჭმა მაღლა აწია ცერა თითი, აქნევდა ისე, თითქოს გამვლელი ავტომანქანას „ავტოსტოპით“ აჩერებსო. ”ორ დღეში” – თქვა მან.
–დედაშენმა იცის? – თქვა გოგომ.
–დედაჩემისთვის არ ჩამოვსულვარ – უთხრა ბიჭმა გოგოს.
–აბა, ვისთვის? – თქვა გოგომ.
–შენთვის _ თქვა ბიჭმა.
–რატომ ჩემთვის? – თქვა გოგომ.
–იმიტომ, რომ მიყვარხარ – თქვა ბიჭმა – შეგვიძლია ახლა სასეირნოდ წასვლა? – თქვა მან – „ნაბიჯ–ნაბიჯ, ფოთლებზე სიარულითა და ხიდების გადავლით...“
შემდეგ ისინი მიაბიჯებდნენ ტყეში ყავისფერ ფოთლებით დაფარულ მიწაზე.
კატერინა ნაწყენი და შეშინებული იყო. ატირებას არაფერი უკლდა. ”ნოუტ” – თქვა მან, – ეს ნამდვილი სიგიჟეა. 
–მაინც რა? –თქვა ნიუტმა.
–მითხრა მიყვარხარ, როცა ყველაფერი გადაწყვეტილია – თქვა მან.

_ ეს არასოდეს გითქვამს წინათ. – იგი გაჩერდა.
–გავიაროთ, – თქვა ბიჭმა.
–არა, მეტს აღარ წავალთ. საერთოდ არ უნდა წამოგყოლოდი _ თქვა გოგომ
–და მაინც წამომყევი – თქვა ბიჭმა.
–იმიტომ, რომ სახლიდან გამომეყვანე – თქვა მან – რას იფიქრებდა ვინმე, რომ მოსულიყო ჩემთან და მოესმინა, როგორ მესაუბრები ქორწილამდე ერთი კვირით ადრე.
–რა უნდა ეფიქრათ? – თქვა ბიჭმა.
–იფიქრებდნენ, რომ შენ გაგიჟდი? – თქვა გოგომ. 
–რატომ? –თქვა ბიჭმა.
–კატერინამ ღრმად ამოიოხრა და თქვა: მინდა გითხრა, მე ღრმად შემძრა შენმა გიჟურმა ქცევამ, რომელიც ჩაიდინე _ ”მე არ შემიძლია დავიჯერო, რომ შენ მართლა თვითნებურად გამოიქეცი ჯარიდან’ თუმცა შეიძლება ასეცაა. არც ის მჯერა, რომ მართლა გიყვარვარ. მაგრამ შეიძლება ასეცაა. მაგრამ...“
–კი, ჩავიდინე – თქვა ნიუტმა.
–კარგი, გული ამიჩუყდა.

თქვა კატერინამ, – მეც ძალიან მიყვარხარ, როგორც მეგობარი ნიუტ. განსაკუთრებული სიყვარულით – მაგრამ უკვე ყველაფერი ძალზე გვიანია. გოგო რამდენიმე ნაბიჯით გაეცალა ბიჭს. 
–არც კი გიკოცნია ჩემთვის ოდესმე, – თქვა გოგომ და სახე ხელებში ჩამალა. – არ მინდა ისე გაიგო, თითქოს ახლა უნდა გააკეთო ეს. მე ვიგულისხმე, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალზე მოულოდნელია. არც კი ვიცი, რა გიპასუხო.
–უბრალოდ, ცოტა კიდევ გავიაროთ,დრო სასიამოვნოდ გავატაროთ, – თქვა ბიჭმა.
მათ განაგრძეს სეირნობა.
– ჩემგან რა რეაქციას ელოდი? – თქვა გოგომ.
–საიდან უნდა მცოდნოდა რა მელოდა? – თქვა მან.

_ მსგავსი ხომ არასოდეს გამიკეთებია. 
–გეგონა მკლავებში ჩაგივარდებოდი? – თქვა მან.
–შეიძლება. – თქვა ბიჭმა.
–მაპატიე, იმედი რომ გაგიცრუე– თქვა მან
–არ გამცრუებია – თქვა ბიჭმა. არც მიფიქრია. მშვენიერია, როცა უბრალოდ სეირნობ. კატერინა ისევ შეჩერდა. „იცი რა მოხდება შემდეგ? - თქვა გოგომ.
–არა - თქვა ბიჭმა.
–ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ – თქვა გოგომ _ ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ და მეგობრებად დავშორდებით.

აი, რა მოხდება შემდეგ.
ნიუტმა თავი დაუქნია. “კარგი“, თქვა მან. _ „გამიხსენე დროდადრო. გახსოვდეს, თუ როგორ მიყვარდი“. კატერინას უნებლიედ ცრემლი წასკდა. ნიუტს ზურგი შეაქცია
და ხეების უსასრულო ორმაგ რიგს გახედა.
–რას ნიშნავს ეს? - თქვა ნიუტმა.
–ბრაზი! - თქვა კატერინამ. ხელები მოკუმშა _ „უფლება არ გაქვს“.
–უნდა მცოდნოდა - თქვა ბიჭმა.
–რომ მყვარებოდი, აქამდე გეტყოდი – თქვა გოგომ.
–მეტყოდი? - თქვა ბიჭმა.
–კი, გეტყოდი, _ თქვა გოგომ.

გოგო ბიჭისკენ შემობრუნდა და შეხედა, მთელი სახე გაწითლებოდა. „შენ აუცილებლად გაიგებდი“ – თქვა მა.
–რანაირად? – თქვა ბიჭმა.
–სახეზე შემატყობდი. ქალები იმდენად ჭკვიანები არ ვართ, ეს დავმალოთ _ თქვა გოგომ.
–ნიუტი დაჟინებით დააკვირდა კატერინას სახეს. თავისდა გასაოგნად ქალი მიხვდა, რომ სიმართალე თქვა. ქალს არ შეუძლია სიყვარული დამალოს.
ნიუტი ახლა სიყვარულს ხედავდა.
და ის მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. მან გოგოს აკოცა.

–ჯოჯოხეთია შენთან ყოფნა, - თქვა გოგომ, როცა ნიუტმა ხელი გაუშვა.
–ჯოჯოხეთი? - თქვა ნიუტმა.
–ეს არ უნდა გექნა? - თქვა გოგომ.
–არ მოგეწონა? – თქვა ბიჭმა.
–რას ელოდი - ველურ, დაუოკებელ ვნებას? – თქვა გოგომ.
–მე კიდევ ერთხელ გეუბნები _ არასოდეს ვიცი რა მოხდება შემდეგ. – თქვა ბიჭმა.
–ჩვენ ვიტყვით „მშვიდობით“, – თქვა გოგომ.
ნიუტი ოდნავ მოიღუშა.

„კარგი“ - თქვა ბიჭმა.
გოგომ საუბრის თემა შეცვალა. „მე არ ვნანობ, იმას რომ ერთმანეთს ვაკოცეთ“ - თქვა მან. „ეს ტკბილი იყო. იმდენად ახლოს ვიყავით, რომ ერთმანეთისთვის უნდა გვეკოცნა. ყოველთვის მემახსოვრები, ნიუტ. წარმატებებს გისურვებ“.
–მეც გისურვებ - თქვა ბიჭმა.
–ოცდაათი დღე.
–რა? - თქვა გოგომ.
–ოცდაათი დღე გისოსებში _ თქვა ბიჭმა. _ ეს იქნება ერთი კოცნის ფასი.
–მე...

მე ვწუხვარ - თქვა გოგომ. – მაგრამ მე არ მითხოვია ჯარიდან თვითნებურად წამოსვლა.
–ვიცი - თქვა ბიჭმა.
–რა თქმა უნდა, გმირის არანაირ ჯილდოს არ იმსახურებ. სისულელე ჩაიდინე – თქვა გოგომ.
–გმირობა კარგი უნდა იყოს _ თქვა ნიუტმა. ჰენრი სტიუარტ ჩეზენსი გმირია?
–შანსი თუ მიეცემოდა, შეიძლება გამხდარიყო კიდეც, _ თქვა კატერინამ. მან შეწუხებულმა აღნიშნა, რომ კვლავ განაგრძობდნენ სეირნობას. დამშვიდობება დაავიწყდათ.
–მართლა გიყვარს ჰენრი? – თქვა ბიჭმა.
–რასაკვირველია, მიყვარს, – გაღიზიანებით თქვა კატერინამ. _ არ გავყვებოდი ცოლად, რომ არ მყვარებოდა! 
–რა დაინახე მასში კარგი? - თქვა ნიუტმა.
–„მართლაც!“ - იყვირა გოგომ და ისევ გაჩერდა.

„არ უნდა ფიქრობდე, რა აუტანლად იქცევი? ბევრი, ბევრი, კარგი თვისება აქვს ჰენრის! შეიძლება ბევრი ცუდიც! მაგრამ ეს რა შენი საქმეა. მე მიყვარს ჰენრი და შენთან არ უნდა ვკამათობდე მის ღირსებებზე“ – თქვა გოგომ.
–მაპატიე – თქვა ნიუტმა.
–მართლაც – თქვა კატერინამ
ნიუტმა კვლავ აკოცა გოგოს. მან კვლავ აკოცა გოგოს, იმიტომ რომ გოგოს ასე უნდოდა.

ერთმანეთს დიდ ხილნარში ესაუბრებოდნენ.
„როგორ აღმოვჩნდით სახლიდან ასე შორს, ნიუტ?“ – თქვა კატერინამ.
„ნაბიჯ-ნაბიჯ, ფოთლებზე გავლითა და ხიდებს გადავლით“, თქვა ნიუტმა
„ფეხაწყობით“, - თქვა გოგომ.
შორიახლოს ბრმების სკოლის სამრეკლოზე ზარებმა დარეკეს.
„ბრმების სკოლა“ - თქვა ნიუტმა. 
„ბრმების სკოლა“ - თქვა კატერინამ. თავი უსიცოცხლოდ უცნაურად გადაიქნია. „უკან უნდა დავბრუნდე“ – თქვა მან.
-დამემშვიდობე, - თქვა ნიუტმა.
-დავაპირებ თუ არა დამშვიდობებას, ვფიქრობ, რომ მაკოცებენ. –თქვა კატარინამ.
ნიუტი ვაშლის ხის ქვეშ მოკლედ გაკრეჭილ ბალახზე დაჯდა.

„დაჯექი“ - თქვა ბიჭმა.
-არა, - თქვა გოგომ.
-საერთოდ არ შეგეხები - თქვა ბიჭმა.
-არ მჯერა შენი, - თქვა გოგომ.
-გოგო, ოცი ნაბიჯის მოშორებით, სხვა ხის ქვეშ დაჯდა და თვალები დახუჭა.
-ჰენრი სტიუარტ ჩეზენსი დაისიზმრე - თქვა ბიჭმა.
-რა? - თქვა გოგომ.
-შენი საოცარი საქმროს დასიზმრებას გისურვებ, - თქვა ბიჭმა.
-რატომაც არა, დავისიზმრებ. გოგომ თვალები კიდევ უფრო მაგრად დახუჭა. საქმროს სახე წამით რომ წარმოედგინა.
ნიუტმა დაამთქნარა.
ფუტკრები ხეებში ბზუოდნენ, კატრინსაც თითქმის ჩაეძინა. როცა თვალები გაახილა, დაინახა, რომ ნიუტს მართლაც ჩასძინებოდა.
ნიუტმა ფშვინვა დაიწყო.
კატერინას მთელი საათი არ გაუღვიძებია ბიჭი, რომელსაც მძინარეს მთელი არსებით ეთაყვანებოდა. 
ვაშლის ხეების ჩრდილები აღმოსავლეთისკენ გაიწელა. ბრმების სკოლის სამრეკლოს ზარებმა ისევ ჩამორეკეს.
„წიწკ, წიწკ-წიწკ“ - აწიწკინდა წიწკინა.
სადღაც შორს მანქანას ქოქავდნენ. მანქანა იქოქებოდა და ქრებოდა.

იქოქებოდა და ქრებოდა. ბოლოს სულ ჩაქრა.
კატერინა წამოდგა, მივიდა ნიუტთან და მის წინ დაიჩოქა.
„ნიუტ?“ თქვა გოგომ.
„ააა?“ თქვა ბიჭმა და თვალები გაახილა.
„გვიანია“ თქვა გოგომ.
„სალამი კატერინა“, თქვა ბიჭმა.
„სალამი, ნიუტ“, თქვა გოგომ.
„მიყვარხარ“, თქვა ბიჭმა.
„ვიცი“, თქვა გოგომ.
„ძალზე გვიანია“, თქვა ბიჭმა.
„ძალზე გვიანი“, თქვა გოგომ.
ბიჭი წამოდგა და გაიზმორა. „მაგარი გასეირნება გამოგვივიდა“ - თქვა მან.
„მეც ასე ვფიქრობ“, თქვა გოგომ.
„გამოვემშვიდობოთ ერთმანეთს?“, თქვა ბიჭმა.
„შენ საით?“ თქვა გოგომ.
„წავეთრევი ქალაქში, უკან დავბრუნდები“. თქვა ბიჭმა
„ბედნიერად“, თქვა გოგომ.
„შენც ასევე“ - თქვა ბიჭმა. „გამომყვები ცოლად, კატერინა?“.
„არა“, თქვა გოგომ.
ბიჭმა გაიღიმა. წამით დაჟინებით მიაცქერდა გოგოს და სწრაფად გაეცალა. კატერინა ხედავდა, თანდათანობით როგორ იკარგებოდა ნიუტი ჩრდილებისა და ხეების გრძელ რიგში.

იცოდა ბიჭის გაჩერება, მისკენ მობრუნება და ერთხელ დაძახება საკმარისი იქნებოდა, მისკენ გაქცეულიყო. სხვა არჩევანი მას აღარ ექნებოდა.
ნიუტი გაჩერდა. შემობრუნდა და გოგოს დაუძახა.
– კატერინა, - დაიყვირა მან.
გოგო ბიჭისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. - ლაპარაკი აღარ შეეძლო..

??????