ბარნოვი ვასილ
გაზიარება

ბედის ვარსკვლავი  


ზამთრის ღამე იყო, ცივი, სუსხიანი, ბნელი. გაყინული ნიავი სისინებდა ბოროტად, გაჰქონდა სახლიდან უკანასკნელი სითბო. ბედიანის ბინა თუ დახშული იყო მისთვის და ჩაბეჭდილი, უბედოს სადგომში ხალვათად გრძნობდა თავს და დანავარდობდა თავისუფლად. აქ ყველა მხრიდან გზა ხსნილი ჰქონდა: კარ-ფანჯარა, ბუხარი, ჭერი თუ იატაკი განზე გამდგარიყო იმის წინ, პირი ექმნა, გზა მიეცა სასტიკისათვის. 

მიყრუებული პატარა ქალაქი ჩაშავბნელებულიყო. ხმას აღარ იღებდა სულდგმული; ძაღლიც კი აღარ იყეფებოდა ბუნაგში ჩათბუნებული. მხოლოდ წყვდიადიდან ხანდახან ფრთაფრთა შრიალი გამოისმოდა ძლიერი და ხარხარი რამ გადურბენდა თავს ჩამკვდარ ქალაქს: მავნე დასტრიალებდა თავს კაცთა ჩაქოლილ ბინას, კისკისებდა მათ დაბეჩავების და შეწუხების ხილვაზე. ადამიანთა შევიწროვება ახარხარებდა ბოროტს, გულიანად ახითხითებდა. 

ეძინა მთელ ქალაქს, ეძინა დიდსა თუ პატარას, მდიდარსა თუ ღარიბს: ამ მოსაწყენ ქალაქის ერთგვარი უგემური ცხოვრება ყოველ ჟამს ძილად იწვევდა მიდუნებულ-მიბურდოებულ მცხოვრებს და მეტადრე ამისთანა ბნელს, ცივს, სასტიკ ზამთრის ღამეში. 

ჯერ არ ეძინა მხოლოდ დაბაღ კოპრუას პატარა ბიჭს ბესოს, მისჯდომოდა ის მაგიდას, დაეყრდნო თავი ხელებზე და ჩასცქეროდა წიგნს. ტყავის ქუდი ეხურა ბეწვიანი ტყავივე ჰქონდა წამოსხმული. ციოდა სახლში და ბავშვს კარგად იფარავდა ეს ქურქი. ფეხი კი მაინც ეყინებოდა, რადგან მიწური იატაკი ნესტს აძლევდა; უბერავდა კიდეც საიდანღაც. ტავდავიწყებით კითხულობდა პატარა, გატაცებით. აღარ ესმოდა, სად იყო ან რა ხდებოდა იმის გარემო. აზრით აზდევნებოდა საკითხს და იმის გონების თვალწინ ნათლად იხატებოდა ყოველივე მოთხრობილი. ჭუჭყიანი პატარა მაგიდა ბავშვის წინ მარჯვედ მოწყობილ სცენად გარდაქმნილიყო და ზედ საკვირველის სიცხადით იფურჩქნებოდა ცხოვრებისა და ბუნების სურათები ხელოვნურად ჩახატულ საკითხში. ბავშვის აღფრთოვანებული ოცნება თითონაც დასძენდა სურათებს, ჰქარგავდა მათ ფერადით, აშუქებდა მიბნელებულ კუთხეებს, აყვავებდა ყოველსავე ხრახნილს, ამკობდა ოქროს ვარაყით. გამოუთქმელ სიამესა გრძნობდა ამ გაყინულ ოთახში, როგორც რამ ყოველივე კეთილით და კეთილსანახაობით სავსე ზღაპრულ დარბაზში. ამ წამს მთელი არსება ბავშვისა მოწყვეტილი იყო სინამდვილის დუხჭირობას და აღმაფრენას მისცემოდა განსაცხრომელს. აღარაფერი არ აკავშირებდა ბავშვს ნამდვილ ცხოვრებასთან, გარდა გახრწნილ ტყავების საზარელ სიმყრალისა, რომელიც შეერთებულიყო თრიმლის მძიმე სუნთან. ეს საზიზღარი სუნი ძლიერად ასდიოდა კუთხეში მიყრილ ტყავს და სტანჯავდა პატარას. ვერაფერი ოცნება ვერა ჰფანტავდა ამ მძორის სუნს, რომელიც დაბუდებულიყო ბავშვის საყნოსელში. ეს სუნი თანა სდევდა ბესოს ყველგან და ყოველთვის, ერთს წუთს არ აძლევდა მოსვენებას, ყოველსავე სიხარულს უწამლავდა. სხვები რომ შესჩვეოდნენ ამ სუნს სახლში და ვეღარც კი გრძნობდნენ მას, ბესო არ იქმნა, ვერ შეექვსა და ვერ შეურიგდა. ეხლაც მხოლოდ ეს მძლავრი სუნი აკავშირებდა მას გარემო ცხოვრებასთან. 

მაგიდაზე ეწყო სუფთა რვეულები, მიძველებული სახელმძღვანელოები, საწერ-კალამი, შიშმა, ფანქარი. ბავშვს უკვე მოემზადებინა გაკვეთილები და ეხლა საკითხ წიგნს ჩასცივებოდა. მამალმა ერთი პირი კიდეც იყივლა, ბავშვი კი ისევ კითხულობდა. მისი ძმა ვანო და დედ-მამა ტახტზე იწვნენ მიგლეჯილ საბნებქვეშ მოკრუნჩხულები. ბალღის დედა გაიჩმუჩნა და ლაპმპრის შუქმა რომ შეანათა, თვალები გააღო და წამოჯდა. 

- ისევა გღვიძავ, ბიჭო?! რაზედა ჰბუგავ მა ნავთს? შუა ღამე გადასულა და შენ კი ისევ წიგნს ჩასჩიჩინებ. რით ვერ დაისწავლე გაკვეთილები? 

- გაკვეთილები ვიცი, დედილო: წიგნსა ვკითხულობ. 

- შენ და შენი წიგნი, ილაჯი წაიღე! გააქრე ეხლავ ლამპარი და დაწექ! 

ბავშვმა მოსწყვიტა წიგნს თვალი, ჩააქრო ლამპარი და ჩაწვა ლოგინში ძმის გვერდით. მაშინვე კი არ დასძინებია პატარას: ისევ წაკითხულს მისდევდა ფიქრით და აღ ფრთოვანებული გონება ათას სანახავს უსახავდა. 


დაბაღი კორპუა ქალაქის განაპირასა სცხოვრობდა; იქ ეზო ჰქონდა ნაქირავები, ნაკადის პირას, ხევში. იმის ხელობისათვის საჭირო იყო მუდმივ მომდინარი წყალი და ამისთვის თავის ეზოში ვერ გაემართნა სახელოსნო. უფროსი შვილი მოსწრებული ჰყვანდა, დუქანში მუშაობდა, მხარში ამოსდგომოდა მამას. დაბაღის ცოლი სახლ-კარს უვლიდა, მატულს ართავდა წინდა-პაჭიჭებისათვის, ჰგრეხდა აპეურებს თხის ბეწვიდან: ტყავებს ხშირად მოსდევდა მატყლი თუ ბალანი და ამ მასალის გამოყენება ხელსაყრელი იყო ოჯახისათვის. ჰყიდდა წინდა-პაჭიჭს, აპეურებს და სახლს ეშველებოდა, თორემ მარტო ქმრის ხელობას რომ დანდობოდა, შიმშილით ჩაიხოცებოდნენ. აპეურების გრეხაში ქმარ-შვილი ჰშველოდა მოცლილ დროს. 

ძნელი ხელობა ეჭირა კორპუას, მხოლოდ ყელგადაგდებულ კაცს შეეძლო ამ ხელობისათვის შეებედნა: მუდმივ ასუნებულ ტყავებთანა ჰქონდა საქმე, თრიმლთან თუ ათასნაირ საღებავთან. დიდი ჯაფა უნდოდა ყოველგვარ ტყავის გამოყვანას. ბარძაყებამდის დაკარწახებული, იღლიებამდის დაკაპიწებული ზელავდა ტყავს ფეხით თუ ხელით და აბრუნებდა. ზამთარში ხომ სწორედ სასტიკი იყო ეს ხელობა და საშიში: გაყინულ წყალში ტყავების ფეხშიშველა ზელვა დილიდან საღამომდის აუტანელი ტანჯვაა მშრომელისათვის. მჭვალი თუ სხვა ამგვარი ავადმყოფობა მუდმივ კარს უდგა ამისთანა მუშაკს. ერთადერთი ამათი ნუგეში და გამამხნევებელი საშუალება არის არაყი და ღვინო: სასმელი ახალისებს მათ, უხშობს თანაც გრძნობას და მუსაკი ვეღარ ამჩნევს სამუშაოს სიძნელეს, სიცივის სისასტიკეს და ტყავების თუ მათ გამოსაყვან-დასაფერად საჭირო წამლების სუნს. 

ძნელი ხელობა იყო დაბღობა კორპუასათვის და თანაც უმადური: იმდენს ძლივსა რჩებოდა, რომ ლუკმა პური მიეწოდებინა თავის ოჯახისათვის. ეს იყო მიზეზი, რომ უფროს შვილს ვერაფერი სწავლა ვერ მიაღებინა, მხოლოდ თავისი ხელობა ასწავლა და მუშად გამოიყვანა. თანხა რამ რომ ჰქონოდა, არაფერი უშავდა, ფულსაც მოიგებდა, რადგან მაშინ შორს წავიდოდა, დაუმუშავებელ მასალას პირიანად იპოვნიდა და ეს ძნელი სარფა იქნებოდა მისთვის. ეხლა კი იძულებული იყო იქვე ახლო ეყიდნა ტყავები ყასბისაგან და ისიც ნისიად, დამუშავებულ საქონლის გაყიდვამდე. აქ კი მოგებას ვეღარა ჰხედავდა. ტყავებს მამასახლისად აფასებდნენ, შევაჭრება და ჩინჩი კი არ შეიძლებოდა. ნისიად წამღებს ენა მოკლე აქვს. ეს კი იყო, რომ თუ ახალ გატყავებულს მოასწრობდა ძროხას თუ კამეჩს, იმ დღეს შეეძლო წვნიანი ჰქონოდა სადილად: საქონლის კუდს არ ატყავებენ, კუდი გაუფცქვნელი მისდევს ტყავს. აი, კუდებს დაატყავებდა კორპუა და რიკებს უგზავნიდა დიასახლისს. დედაკაცი გაახაჩხაჩებდა წყალში და შემოსდგამდა ცეცხლზე. კარგი წვენი იცის მსუქანი, ხორცსაც არაუშავს რა: საკნატუნებელია. 

ესე ჯაფაობდა ოჯახი დღედაღამ, სცხოვრობდა თავის შრომით და ოფლით. არავის ხელში შემაცქერალი არ იყო, არც ვისთვისმე მეტი ბარგი. კაცი შესჩვეოდა შრომას და დაჰმორჩილებოდა თავის ბედს, შრომის გარეშე ვეღარასა ხედავდა, აღარც არას ელტოდა; არცღა ესმოდა რამე თავის ხელობის გარდა. ხალხში თუ სტუმრობაში პირუტყვივით იყო და ილალებოდა. უქმ დღეს, როცა დუქანი დაკეტილი ჰქონდა, არ იცოდა, რა ექმნა თავის თავისათვის და როგორ გაეტარებინა დრო - თავისუფლად ყოფნა ეჩოთირებოდა. 

დაბაღის ცოლი არა ჰგვანდა ქმარს: ყოჩაღი დედაკაცი იყო მებრძოლი. ცხოვრების დუხჭირობას და მარად შრომას ვერ დაემორჩილებინა ის, ვერც დაებეჩავებინა. არა ტყდებოდა მედგარი, იბრძოდა მუდამ, მოხრას არ აპირობდა მძიმე ტვირთის ქვეშ. ოჯახის ნამდვილ ბატონ-პატრონი დიასახლისი იყო, ხოლო კაცები ყველაფერში მისი კითხულნი იყვნენ, მისი სურვილის აღმასრულებელნი. ძალიან ეხათრებოდა დედაკაცისა ქმარ-შვილს, კიდეც ეშინოდა მისი. მეზობლებიც მოკრთალებულნი იყვნენ მართასთან: იცოდნენ, ის არას დაუთმობდა მათ, არც არავის დაეჩაგვირნებოდა. არც კი ეჯავრებოდა მართა, პატივსაც კი სცემდნენ, რადგან ახსოვდათ, რომ გაჭირვებაში ისევ დაბაღიანთ მართა იყო მათი ქომაგი და ხელის გამმართველი. დედაკაცი შინ ტუტყიანი დადიოდა, ჩაქშეხეული, ქუსლმოგლეჯილ ფოსტლებით, მაგრამ კარზე გასასვლელად კი ერთი ხელი სუფთა ტანისამოსი ჰქონდა ყოველგვარ მორთულობით, თათმანებიც კი ელაგა ჯერ ისევ თითებ წაუცვეთელი. როცა მოირთვებოდა და გავიდოდა ლხინში თუ ჭირში, ვერავინ იტყოდა, რომ საწყალ დაბაღის ცოლი იყო და არა შეძლებულ მოქალაქის მეუღლე. 

ხელმოკლეობამ ყაირათს შეაჩვია დედაკაცი. იმის სახლში არაფერი არ გაფუჭდებოდა, რაც უნდა უბრალო რამ ყოფილიყო და გამოუსადეგარი. ყველაფერი თავის ადგილს პოულობდა, ყველაფერი თავის შეასფერად გამოდგებოდა. იმის სახლში ცუდად ჯდომაც ყოვლად შეუძლებელი იყო და წარმოუდგენელი: არც თითონ დააყენებდა ხელს, არც სხვას მისცემდა ნებას გულხელ დაკრებილი მჯდარიყო თუნდ ერთს წამს. 

- რა ნაცარქექიასავით მისჯდომიხარ მა კერას? ადექი, ხელი გასძარ, მიდექ-მოდექ! 

- დედაკაცო, ჯერ ხომ ეხლა მოვედი დუქნიდან და დამაცადე შევიქაქანო. 

მაგრამ დედაკაცი არავის არ აძლევდა ნებას შეესვენა და განცხრომას მისცემოდა, მაშინვე სამქეს გაუჩენდა. უსაქმოდ მჯდომი სტუმარიც კი ეკლად ეჩხირებოდა თვალებში. 

დედაკაცი კიდეც აჭარბებდა ხელმომჭირნეობაში, გარდას გადადიოდა. ყველა დახარჯულ გროშს დაკარგულადა სთვლიდა, თუნდაც ფული ისეთ საქმეზე წასულიყო, რომელსაც შეეძლო შემდეგში სარგებელი მოეტანა. 

- ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი მირჩევნია! მე დღეს მიჭირს, გენაცვალეთ, და ხვალისა კიდევ ღმერთმა უწყის, - იტყოდა მართა ამისთანა შემთხვევაში. 

მშრომელ მარჯვენასაც ისე უყურებდა, როგორც ნაღდ ფულს. თუ კი ვისმე შრომის უნარს შეამჩნევდა, თუ კი ვისიმე შრომა მაშინვე მოუტანდა ოჯახს სარგებლობას, დიასახლისი პირდაპირ თხოულობდა ამისთანა მუშაობას დაუყოვნებლივ, ხოლო იმისთანა შრომას, რომელსაც დღეს არა შემოჰქონდა რა და მხოლოდ ოდესმე შეეძლო გამოეღო ნაყოფი კეთილი, ის არად აფასებდა, ამისთანა გასჯისა არა სწამდა რა. ასეთი შეხედულობის ბრალი იყო, რომ მისი უფროსი შვილი ბალღობიდანვე ჩაება სასტიკ ხელობაში და დარჩა უსწავლელი. იმის შვილს ივანეს ეხლა კარგად ესმოდა, რომ უმჯობესი იქმენებოდა პირად მისთვისაც და სახლისთვისაც, რომ იგი ჯერ მოემზადებინათ ცხოვრებისათვის და მერე ჩაეკრათ მისთვის თავი თუნდ რკინის ტაბიკებით, მაგრამ გვიანღა იყო; რაღას უშველიდა ეხლა?! დრო წასული იყო და ხედავდა ჭაბუკი დაღონებული, რომ მტელი თავისი სიცოცხლე მუშა საქონელივით უნდა ეწივნა ჭაპანი უმადურის შრომისა. 


ამ ოჯახის ხელმოკლეობა, მისი გაჭირვება და დიასახლისის მეტისმეტი ანგარიშიანობა იყო იმისი მიზეზი, რომ როცა მისმა უმცროსმა შვილმა ბესომ გამოუცხადა დედას, სასწავლებელში სწავლის ფულსა მთხოვენ და ხვალ უთუოდ უნდა წარვდგინოვო, დედაკაცი შეხტა და დაეცა. 

- ფული?! საიდან უნდა მოვჭრა ეხლა შენთვის ფული? ხომ იცი, რა საცოდავი კაცია მამაშენი; იმდენიც კი ვერ შემოაქვს სახლში, კუჭი გაგვიძღოს. 

- მაშ რა ვქნა, დედი? ხვალ თუ არ მოიტანო, მითხრეს, დაგითხოვთო. 

- თავი ქვას ახალონ, თუ დაგითხოვენ! ეხლა უკვე დიდი ბიჭი ხარ, შენი საკმარისი წიგნი იცი, მუშაობაც შეგიძლიან: წადი დუქანში, მიეშველე შენს მამას და ძმას; იმდენ მაინც გააკეთებ, თავი შეინახო და ტვირთად არ აწვე სახლს. 

დიასახლისმა შემთხვევით ისარგებლა და წარმოსთქვა თავისი გულის ნადები. კარგა ხანი იყო, თავის უმცროს შვილს ისე უყურებდა, როგორც უკვე სახლისათვის გამოსადეგ ძალას. გამოთვლილი ჰქონდა, რა სარფა იქმნებოდა მათთვის, რომ რამე სამუშაოზე დაეყენებინა პატარა. კარგად იცოდა, რომ ბესოს ჭირივით ეჯავრებოდა მამის ხელობა; კმაროდა ის განსაკუთრებითი სუნი, რომელიც ტრიალებდა დაბაღის დუქანში, რომ სამუდამოდ უარეყო ბალღს ეს ხელობა. თითონ დედაკაცსაც არ უნდოდა მეორე შვილიც ამავე საქმეში ჩაება, იმას უნდოდა შვილი ბაზაზთან მიეცა და სოვდაგარი გამოეყვანა. თუ პირდაპირ დაბღობაზე მიუთითა დედამ და თავის ნამდვილი სურვილი ჯერჯერობით დამალა, ეს მხოლოდ იმისთვის, რომ თავის წინადადებით შეეშინებინა ბავშვი და მერე უკეთეს ხელობის შეძლევით გული მოეგო, დაეთანხმებინა. ბესომ რომ მოისმინა დედის სიტყვა, მკაცრი რამ გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე და წარმოსთქვა გადაჭრით: 

- არ შემიძლიან დაბღობა! გამოსასვლელ ტყავების სუნსაც ვერ გავუძლებ. არ მინდა ეგ ხელობა! 

- როდი გეკადრება მამისა და ძმის ხელობა! იქნება ცოტა ხნის შემდეგ ჩვენს აღარ გვიკადრო! - დასცინა დედამ. 

- არა, დედი, მე რა ხეირი მაყრია ამ ხელობაში, რომ ახლა ბესო ჩავაყენოთ ამავე საქმეში. თანაც ჯერ პატარაა, სუსტი და აბა როგორ შესძლებს ტყავების ზელას წყალში თუ იმათ ბრუნებას. - წაექომაგა ბესოს უფროსი ძმა. 

- შენ არავინა გკითხავს! - გააწყვეტინა ხმა დედამ და ის იყო მიუბრუნდა ბესოს შესატევად, რომ მოესმა ქმრის ხმა: 

- მართალს ამბობს, დედაკაცო, ვანუა: სისხლის ოფლსა ვღვრით და ხეირს კი მაინც ვერა ვხედავთ. 

- განა შენც გეთქმის რამე?! მითომ შენც ვაჟკაცი ხარ, ოჯახის შემნახველი! შენი უხეირობით არის, რომ ვერაფერს ხეირს ვერა ვხედავთ, თორემ აბა დაბაღ ღაღუას შეხედე, როგორ ქონი მოიბა გულზე! - გააკმენდინა ქმარს ხმა და მტკიცედ მიჰმართა უმცროს შვილს: 

- მე ფული არცა მაქვს და ვერცა მოგცემ! რახან მამის ხელობაზე გული არ მიგდის, ხვალ წავალ ბაზაზ გიორგისთან, მოველაპარაკები და იმის მაღაზიაში მიგცემ: შენს თავსაც მოუვლი, შინაც შემოიტან ცოტა რამ შეგირდანას, - უბრძანმა დედამ და დარწმუნებული იყო, რომ იმის სურვილს დაჰყვებოდნენ პატარაც და დიდებიც, სიამოვნებით დასთანხმდებოდნენ ამაზე, მაგრამ მოსტყუვდა. 

- მე სასწავლებელს თავს ვერ დავანებებ. თუ გამომაგდებენ, იქვე თავს მოვიკლავ! - წარმოსთქვა ბესომ მტკიცედ და ცეცხლმა რამ გაურბინა თვალებში. 

დედა დააკვირდა შვილს და იგრძნო შეურყეველი ნება თავის პატარისა. მოავლო თვალი სხვებსაც და შეატყო, ისინიც თანაუგრძნობდნენ ბალღს. მიხვდა, რომ ეხლა ვეღარ გაიყვანდა თავის სიტყვას: პატარას უკვე გაეკვლია თავისი მიზანი და მტკიცედ მიიმართებოდა მისკენ. დედაკაცი არ იყო წინააღმდეგობას ჩვეული და იწყინა ასეთი გადაჭრილი უარი. ჯერ განცვიფრდა, მერე გაფიცხდა, გამწვავდა, განრისხდა, დაცოფა იქაურობა. ეცა ქმარს, სწვდა უფროს შვილს, ჩამოქოქა პატარა, ძირს დასცა მთელი სახლი; ამაოდ დაურჩა ყოველივე: მისი ყოველგვარი ცდა ეხეთქებოდა ბავშვის მტკიცე გადაწყვეტილებას, როგორც კლდეს და იმსხვრეოდა ზედ. პატარის გაბედულმა მოქმედებამ დიდროანებიც წაათამამა, ფხა გამოაჩენინა; ეხლა ესენიც სიტყვას უბრუნებდნენ დედაკაცს, ესარჩლებოდნენ ბესოს, აზრს უწონავდნენ. ამ არაჩვეულებრივმა ამბავმა მთლად გადარია მართა, ადამიანის სახე დააკარგვინა. შუაღამე გადასულიყო, როდესაც ძლივს დაწყნარდა ოჯახი. გამწარებულმა სახლობამ როგორც იყო შეაფარა თავი სიბნელესა და ძილს. 


ბესომ რომ მტკიცე უარი სთქვა დაბღის შეგირდობაზე და სამუდამოდ ზურგი შეაქცია მამის ხელობას, ეს ადვილი გასაგები იყო დედისათვის და სხვებისათვისაც: იცოდნენ, რომ სძულდა ეს ხელობა, იმის მოგონებაზე უსიამოვნოდ აჟრჟოლებდა, დაბახანის სუნის გახსენებაზე ჭირის ოფლს ასხავდა და გული უღონდებოდა. ხომ უყვარდა ბესოს მამა და ძმა, მაგრამ მათთან მიახლოვება ეზარებოდა, რადგან მათ ყოველთვის სდევდა თან ეს აუტანელი სუნი. ეს ყველამ იცოდა სახლში და ამიტომ გაუკვირდათ, როცა ბავშვმა უარი გამოაცხადა სასწავლებლიდან დაბახანაში გადასვლაზე. მაგრამ ის კი ადვილად შესაგნებელი არ იყო სახლობისათვის, რად არ დათანხმდა მაღაზიაში შესვლაზე და უარი ჰყო სოვდაგრობის გზა. 

ვერ გაეგოთ, ესე ძლიერ რამ მიიზიდა ბავშვი სასწავლებლისა და წიგნებისაკენ, რად ჩასჭიდა ამ ბოლო დროს მძლავრად ხელი სწავლას და ყოველსავე ღონისძიებასა ხმარობდა, არ მოჰშორებოდა სკოლას, პირველი ადგილი დაეჭირა იქ. ძნელი გასაგები იყო ეს: მართალია, სწავლა არ უძნელდებოდა ბავშვს რადგან საკმაო ნიჭი ჰქონდა და შრომის უნარი, მაგრამ სწავლის სიტკბოება სავსებით არა ჰქონდა ჯერ შეგნებული და მით უფრო მიმზიდველ ძალას ვერ წარმოადგენდა მისთვის მშრალი გაკვეთილები. ის კი მაინც თავს აკლავდა ამ გაკვეთილებს თუ წიგნებს, ჩასცივებოდა მათ, მედგრად ებრძოდა. უკვირდა ეს ყველას და მით უფო, რომ ესეთი დაჟინებული მუშაობა ბავშვმა ამ ცოტა ხანში დაიწყო, თორემ წინად ბევრს არას დაგვიდევდა გაკვეთილების სწავლას, არც თუ წიგნებზე რჩებოდა ძალიან თვალი. ისიც კარგად ესმოდა, რომ რარიბი მამა ბოლომდის სარისტას ვერ მიადევნებდა. არც თითონ უნდოდა ბალღს, ბოლომდის მძიმე ტვირტად დასწოლოდა ხალხს და თავის თავისათვის ენაცვლებინა ოჯახის კეთილდღეობა. შინაობას უკვირდა ასეთი ცვლილება და ვერ მიმხვდარიყვნენ მიზეზს. რა იცოდნენ, რომ ეხლა ბავშვისათვის სწავლას შეუერთდა ბრწყინვალე რამ მიზანი და ამაბ სწავლა მიმზიდველად გარდაჰქმნა მისთვის. ამ ახალმა ძალამ თვალი აუხილა ბავშვს ახალი სივრცის სახილველად, დაიმონა მისი არსება, მოაჯადოვა იგი და სამუდამოდ მიაჯაჭვა წიგნზე, ყურმოჭრილი მონა გახადა წიგნისა და იგი მონობა სასიამოვნოდ დაუხატა. ეს მომხიბვლელი ნათელი უეცრად მოელანდა და მიხვდა ბესო, რომ ერთადერთი გზა ამ ნათელთან მიმყვანებელი იყო ის ბილიკი, რომელიც გადიოდა სასწავლებელზე და რომელიც განათებული იყო სწავლის ბრწყინვალე სხივებით. 

დაბაღ კორპუას სახლი ხომ ქალაქის განაპირას იდგა,, ხევ ზევით, ვაჟთა სასწავლებელი ქალაქის მეორე ნაპირას მოჰქცეოდა. პატარას თავის სახლიდან მთელი ქალაქი უნდა გაევლო, რომ სკოლაში მისულიყო. ქალაქში არსებობდა ქალთა სასწავლებელიც და ეს სასწავლებელი ქალაქის მეორე ნაპირას იყო გამართული. ბესო რომ სკოლაში მიდიოდა ან იქიდან შინა ბრუნდებოდა, ყოველთვის წინ მოსწავლე ქალები ხვდებოდნენ. ბესო მათ არავითარ განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა, რადგან მასში ისევ ეძინა ქალთადმი მიმზიდველ ძალას. გარდა ამისა, იმ სასწავლებლის ქალები სულ სხვა ოჯახებიდან იყვნენ და არც მასთან, არც იმის სახლთან საერთო არა ჰქონდათ რა. სცხვენოდა კიდეც ბალღს ამ მოსწავლე ქალებისა: ისინი ყოველთვის სუფთად იყვნენ ჩაცმულნი და კოხტად, ბიჭს კი ხან მესტები ჰქონდა დაგლეჯილი, ხან ქუდიდან თმა ამოსჩროდა ან მუხლისთავები თუ ნიდაყვები ჰქონდა მოცვეთილი და გამოგლეჯილი. მეტადრე არ უყვარდა მათი შეხვედრა წვიმა-ტალახში: ვერაფერი სანახავი იყო მაშინ ბავშვი ამოზუნზლულ-ამოლაფული! გულისტკივილითა გრძნობდა ამას ბესო, ფეხმარდად და მორიდებით გაივლიდა მოსწავლე ქალების ახლო. მთლად გზასაც აუქცევდა ხოლმე მათ, საცა კი შეიძლებოდა: ეშინოდა, ყურადღება არ მომაქციონ და არ დამცინონო. 

მაგრამ ერთხელ ისეთი მოჩვენება ნახა ბესომ სკოლის გზაზე, რომ ფეხის აჩქარებისა და მორიდების მაგივრად, შედგა განცვიფრებული, გაშეშდა ადგილობრივ, ქვად გარდაიქცა მოხიბლული. 


ბესიკის მომჯადოებელი მოჩვენება იყო თენგიზ ვამეყის ძის პაწაწინა შუქია. მოსწავლედ მიებარებინათ იგი და სასწავლებელში მიდიოდა იმ დილას. ჯარისკაცი მისდევდა უკან მოწიწებით, ხელში ბალღის ჭრელი შალი ეჭირა და წიგნებით, სავსე ხელთაგუდა. პატარა კოხტად იყო გამოწყობილი სასკოლო ტანისამოსში, ზევიდან პაწაწინა ჯუბა ჰქონდა წამოსხმული, აბრეშუმით ნაქარგი, ყვითელ ფეხსაცმელზე იდგა დაწკრიალებულზე, ფაფანაკივით რომ ხავერდის ქუდი ეხურა ოქრომკედით მორთული, კულულებად გადმოჰფენოდა. დილის მზის სხივები ჩაჰკონებოდნენ ბავშვს კულულებში და შარავანდედად შემორტყმოდნენ მის თავს, ნათელ სახეს. მზის მხიარული ციაგით განათებული ბავშვი თითონაც იგივე ნათელი იყო მხიარული, მზის ამყოლის სახედ შენივთებული, სხივსავითვე სპეტაკი, უმწიკვლო, ეთეროვანი, კარგი. 

ბესიკმა რომ ბავშვი დაინახა, ლანდად რადმე მოეჩვენა, იმ ჰაეროვან არსებად, რომელიც ზღაპარში გაეგონა ან ოცნებაში დაეხსნა ბუნდად. შესდგა ბესიკი და მოჯადოებული შეჰყურებდა. პატარამ შენიშა ეს, გაჰკვირდა, კიდეც ეწყინა, ერთი გადმოჰხედა ამაყად და განაგრძო გზა ბაკიბუკით. ბალღმა თვალი ვეღარ მოსწყვიტა ამ ჩვენებას, სანამ იგი თვალთაგან არ მიეფარა. 

ამ პატარა ქალის მამა თენგიზი პირველი კაცი იყო ქალაქში და დიდად პატივცემული. ლაშქარი იყო დაბინავებული ქალაქში და ამ ლაშქრის სარდლად ბრძანდებოდა თენგიზი. ძალიან დამსახურებული კაცი იყო, მთელი მკერდი ჯვრებით თუ სხვა საპატიო ნიშნებითა ჰქონდა სავსე. ამაყი, რიხიანი; ჯიღა წარბები ჩამოჰშლოდნენ მკაცრად გამომეტყველ თვალებზე. ჭაღარა გრძელი ულვაში ყავღას აძლევდა ისეც ბრგე ვაჟკაცს. ბრძანებლობას შესჩვეოდა თენგიზი და თუნდ მცირედი ურჩობა სისხლს უმღვრევდა და აჭარხალებდა ჟინჟილივით ვაკაცს. რომ ჩამოუვლიდა გამწკრივებულ ჯარს ჯინჯილებით და დეზებით შემკულ-მოკაზმული და მჭექარის ხმით დასძახებდა ბრძანებას, უნებლიეთ მოკრძალებას იწვევდა ყველაში. დაუნდობელი იყო სამსახურში, სასტიკი, ცეცხლი იყო შემწველი უგვან ხელქვეითებისა; ამავე დროს მამა მოწყალე გამრჯელთა და აზრიანთათვის, სახლში სხვა იყო თენგიზი: გულხალვათი, ხელგაშლილი, უხვი, დარდიმანდი. მისი სტუმართ-მოყვარება განთქმული იყო მთელ მაზრაში. რა გინდა, სულო და გულო, რომ იმის სუფრაზე არა მდგარიყო! ღვინო ღვარად მოდიოდა, სამხედრო მუსიკა ალიონამდის გრიალებდა, კეკლუცთ რხევა ნაზად აღელვებდა დამთბარ დამტკბარ ჰაერს. მერმე რა ძვირფასადა ჰქონდა სახლი მორთული! ორხოები, ხავერდი, ფარჩა, რბილი სკამ-სავარძელი, არშიები, ბაბთები! ბრჭყვრიალ-კრიალა ავეჯი თუ ჭურჭელი; სისუფთავე, სინათლე, სილბო, სუნნელოვანება; დარაზმული მსახური! 

ეჰ, ვინა სთქვა იმ უშნომ, სიღარიბე საძრახისი არ არისო?! 

დიასახლისი დიდი ოჯახის ქალი იყო, წარჩინებულისა. იმას რომ მზითევი მოჰყვა, დღესაც საზღაპროდა აქვთ ნაცნობებს. ქართულად იცვამდა სულ ფარჩაში თუ ოქრომკერდში იჯდა. გამხდარ-გამხდარი ქალი, გამჭვირვალე, ნაზი, ნარ-ნარი. არ ენახა გაჭირვება, მხოლოდ შორიდან გაეგონა სიღარიბე. იმის ბროლის თითებს არ განეცადათ მუშაობა, არ მიჰკარებოდათ ტლანქი რამ საქმე სამძიმო, ცხოვრების წალკოტში მხოლოდ ყვავილთ ფურცელი ეკრიფნა, ნექტარი ესვა, ყვავილთ სუნი ეყნოსა სუნნელოვანი. ყმაწვილობიდანვე შესჩვეოდა ყველასაგან პატივისცემას, სიყვარულს, თაყვანებას; ეხლაც კი ალერსის ბური ეხვია გარს სათუთ არსებას. 

ამ ბედნიერ დედ-მამის უმცროსი ქალი იყო პატარა შუქური, რომელიც ზეცით მოვლენილ ჩვენებად მოელანდა ბესიკს და რომლის სხივოსნობამ ისე მოაჯადოვა პატარა. 


ბესიკმა რომ სწავლა შეიყვარა ბოლოს დროს, ის რომ დაჟინებით ჩააცივდა კითცვას და დიდი მუყაითობა გამოიჩინა გაკვეთილების მზადებაში ან სხვა წიგნების კითხვაში, ეს სულ შუქურის უნარი იყო, მისი უჩინარი ზეგავლენა ბესიკს მოელანდა ეს შუქისაგან შეთხზილი ქმნილება და თავისი თავი ერთობ ბნელად ეჩვენა მასთან შედარებით, მიწურად, მოუხეშავად, უღირსად. ორივენი ხომ ბავშვები იყვნენ, მაგრამ როგორ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან! საერთო არაფერი იყო იმათ შორის. ან კი რა უნდა ყოფილიყო საერთო ამ წარჩინებულ კაცის შვილის და ვიღაც გლახაკის ბალღის შორის? 

ახ, როგორ არაფერში ჰგავს ეს სპეტაკი ბამბის ქულა მწვირიან, თმა აჩეჩილ, გაზ-ტალახიან, ჩაქშეხეულ დარიკოს, რომელიც მისი ამხანაგია სულ პატარაობიდან და რომელთანაც თამაშობს ბესიკი! კეთილი კია, ერთ ვაშლსაც არ შესჭამს ისე, რომ ბესიკსაც არ გაუყოს. მაგრამ ეს პატარა ქალი სხვა არის, სულ სხვა! 

განათდა ბესიკის აღფრთოვანებულ ოცნებაში შუქური, ეთეროვანი შეიქმნა. ამაღლდა, დაედარა ზღაპრულ რასმე ქმნილებას მიუწდომელს. და ესავდა ბალღი ამ საკვირველებას. ის შეიქმნა აზრი მისი ყოფისა მოჩვენება ისეთ შეუხებელ და ფაქიზ არსებად დაესახა ბესიკს, რომ მისი ნახვა, შეხედვაც კი უნდა რითიმე დაემსახურებინა. რითი შეიძლებოდა ამ ბედნიერების დამსახურება, თუ არა მეცადინეობით, სასწავლებელში პირველობით, კეთილი ქცევით. და წარმატება შეიქმნა ამ დღიდან მიზანი მისი მოქმედებისა. მარტო წარმატებას შეეძლო შეევიწროვებინა ის თვალ უწვდენელი უფსკრული, რომელიც ჩასდევდა ამ ორ პატარა არსების შუა. 

რახან გაუჩნდა ბესიკს საიდუმლო მიმზიდველი, გამახარებელი და გამამხნევებელი, ბალღი მთლად გამოიცვალა. გატაცებით მოეკიდა სწავლას. დედა მისი ნავთის ყიდვას ვეღარ ასდიოდა: ბავშვს შუაღამემდის ედგა ლამპარი და განუწყვეტლად მეცადინეობდა. მასინ იყო, რომ ბესიკმა მთლად ამოირეცხა გულიდან სასწავლებლიდან გასვლა და რამე ხელობის დაწყობა. სხვა ცვლილებებიც ბევრი დაეტყო; აქამდის რომ სასწავლებელში არც ისე ძალიან მიუხაროდა, ეხლა მიეჩქარებოდა, ადრიან მიდიოდა; აქამდის, რომ სუფთაობას ყურადღებას არ აქცევდა, ეხლა შეიყვარა სიფაქიზე: დაიბანდა პირს, გადივარცხნიდა ქოჩორს, ჩაიცვამდა თავის ხელით ღამითვე დაკრიალებულ მესტებს, მოიშნოიანებდა ძონძმანს და გაუდგებოდა გზას. ახლა როგორ იჭერდა სარტყელს! ჩქარობდა, რომ არ ასცდენოდა გზაზე შუქურს, მიდიოდა ფეხმარდად, სანამ იმ ქუჩას მიაღწევდა, რომელზედაც უნდა გაევლოთ მოსწავლე ქალებს; აქ კი ფეხს დააწყნარებდა, ნელა დიოდა, შუქურის გამოვლას ელოდდა. შენიშნავდა თუ არა პატარას, სიხარულით აევსებოდა გული, ახლო გავლას კი ვერ გაჰბედავდა; ქუჩის მეორე მხარეს გაივლიდა მორცხვად, თავდახრილი, მხოლოდ ხანდისხან შეანათებდა თვალებს, რომ სასურველი სურათი აღებეჭდა გულის ფიცარზე, რახან ეღირსებოდა ამ ნეტარებას, მეტი აღარა უნდოდა რა: მთელი დღე სიამოვნების ნათელი ჰქონდა სახეზე გადაფენილი და სიხარულის ღიმი უქროდა ტუჩებზე. მაგრამ როგორ იტანჯებოდა მისი პატარა გული, თუ შუქურს ვერ შეხვდებოდა! ტკივილსა ჰგრძნობდა, სუნთქვა ეხუთებოდა. ეხლა სრულებითაც აღარ უხაროდა ბესიკს დღესასწაულები, მეტადრე გაბმული უქმეები. მაშინ ვეღარ ჰხედავდა შუქურს, მაშინ მზე ვეღარ ამოდიოდა იმისთვის. 

შუქური კი მიდიოდა თავისთვის, ვერაფერს ვერ ამჩნევდა, მისთვის ბესიკი არ ამოჩენილიყო არარაობის უფსკრულიდან, არ არსებობდა მისთვის ბესიკი, როგორც არ არსებობდა ათასი სხვა „ქუჩის“ ბიჭი. მიდიოდა შუქური მალხაზად, ქპრფა სახეზე ამაყი გამომეტყველება დაჰფენოდა, თუმცა იგი მედიდურობა ყოველ წუთს ჰქრებოდა და ცელქი ელვა გამოკრთებოდა იმის ცისფერ თვალებიდან. ან რას შეამჩნევდა შუქური ვიღაც დაგლეჯილ ბიჭს? განა პატარა ვარსკვლავი გამჩნევს შენ, როცა უმზერ და შესტრფი?! 

რაც რამ კეთილს მოქმედებათა ბესიკი, ყოველსავე თავის ბედის ვარსკვლავს მოწიწებით მიუზღვნიდა. დარწმუნებული იყო, იგი ძვირფასი სურათი, რომელსაც ბესიკი ატარებდა გულში, ყველაფერს ხედავდა, კეთილი ახარებდა მას, ბოროტი კი აღონებდა; ყოველივე ბოროტენა შეჰბღალავდა იმ სურათის სისპეტაკეს და ისე აღარ შეეფერებოდა ეხლა ბესიკს, როგორც უშვერი სიტყვა თუ ქცევა ახლად ზიარება მიღებულს. სწამდა, რომ კეთილი ღირსადა ჰხდიდა უმანკო შუქურის ხილვის, ხოლო უხამსი ქცევა და ბოროტი უღირსადა ჰხდიდა მას და აშორებდა მის სპეტაკ არსებას. ბესიკში თავი იჩინა ზნეობრივმა ცვლილებამ: იმის პირიდან აღარ ამოდიოდა ცუდი სიტყვა, თუმცა გარემო უგვიანი თქმა თუ ქცევა ჩვეულებრივი იყო. ჩამოჰშორებოდა უბნის ბიჭებს და იმათ სათამაშო-გასართობებს, დარიკოც კი მიივიწყა, განმარტოვდა, ოცნებათა ფერად სამფლობელოში შედგა ფეხი. 

ასეთი ცვლილება ბესიკისა ახარებდა დედ-მამას. მხოლოდ ერთი აფიქრებდა მათ; ყმაწვილი დაფანტულივით შეიქმნა, დაბნეული ჩანდა, ხშირად ძახილი არ ესმოდა, დაკარგული თვალებით ლანდს რასმე შესტრფოდა, ამ დროს დახშული იყო მისი ყურადღება, გარემო მოძრაობა ვეღარ აწევდა იმის ცნობიერებას, თუნდ სახლი ძირს დაგეცათ, არაფერი ესმოდა. ვერ გაეგოთ, რამ მოახდინა ბავშვში ყველა ეს ცვლილება. და ან როგორ გაიგებდნენ მიზეზს, როდესაც ძე-ქრისტიანმა არ იცოდა ბესიკის საიდუმლო და ვერც გაიგებდა: მას ღრმად ჰქონდა გულში დაკრძალული თავისი ოცნება და ისე უფრთხილდებოდა, როგორც ძუნწი საუნჯეს. ბესიკმა თავისებური სასჯელიც გამოუგონა თავის თავს: იცოდა, როდის ბრუნდებოდა შუქური სკოლიდან, და როცა სწავლაში ვერ გაუმარჯვდებოდა, იმ დღეს ნებას აღარ მისცემდა თავის თავს შეხვედრიყო გოგონას, სხვა გზით დაბრუნდებოდა სახლში დაღონებული. ეშინოდა კიდეც შეხვედრისა: ეგონა მიმიხვდა პატარა, როგორ ცუდად დამამარცხეს დღეს სწავლაშიო! 


ესე გატაცებული იყო ბესიკი თავის მიზან-გაურკვეველი, გულუბრყვილო, ტრფიალით და დაჰმორჩილებულიყო თავის ვარსკვლავის მიმზიდველ ძალას, როდესაც გამოუცხადეს, რომ სწავლის ფულის შემოტანამდის სასწავლებლის კარი დახშული იყო მისთვის. დედამ რომ უარი უთხრა ფულზე, რომ უბრძანა შეეწყვიტა სწავლა და დუქნის ბიჭად მისულიყო ვისთანმე, ბალღს ელდა ეცა, მთლად მისი ბუნება წინააღუდგა დედის ამ სურვილს. 

როგორ შეიძლებოდა თავი დაენებებინა ეხლა სასწავლებლის გზისათვის, როდესაც მხოლოდ ამ გზაზე იყო მისი სიხარული, მხოლოდ ეს გზა იყო ერთადერთი შარა, რომელსაც შეეძლო ერონინებინა იგი მიმზიდველ ნათელის შორიახლო... ყველა სხვა ბილიკი დამაშორებელი იყო იმ სინათლისაგან და, მაშასადამე, საზარელი, ამოსაქოლი. როგორ შეიძლებოდა დასთანხმებოდა ბესიკი დედის წინადადებას?! რომ სთქვა ბავშვმა, თავს მოვიკლავო, გულიდან ამოხეთქილი გრძნობა გამოხატა, რადგან ამ შემთხვევაში იმის პატარა ცხოვრებას აზრი ეკარგებოდა. იმ ღამეს დიდხანს არ დასძინებია და როცა დაეძინა, ნახა რომ დასჭირდებოდნენ, ყელში უჭერდნენ, სადღაც ბნელისაკენ მიათრევდნენ. გულგახეთქილმა გაიღვიძა და წამოვარდა ზეზე. კიდევ იმედი ჰქონდა, იქნება დედის გული მოლბეს და გაიმეტოს სწავლის ფულიო, მაგრამ მოტყუვდა. როცა აიღო ხელში წიგნები და მოემზადა წასასვლელად, დედამ უბრძანა: 

- სადღა მიხვალ, ბიჭო? აკი უთქვამთ, უფულოდ აღარ შემოგიშვებთო. ღარიბები ვართ, ფულს ვერ მოგცემთ. მთელი სახლი ხომ შენ არ შემოგევლება თავს. დარჩი შინ! 

აქ კი ვეღარ მოითმინა ბესიკმა და ამოუშვა ტირილი. თვალთ-ცრემლიანი წავიდა სასწავლებელში, პირდაპირ შევიდა უფროსთან და შესჩივლა თავისი გასაჭირი. ზედამხედველმა გულდასმით მოუსმინა, იგრძნო, რა ბოროტება იქნებოდა, რა სისასტიკე, რომ ბავშვი გაეგდო სასწავლებლიდან და აღუთქვა დახმარება. ადვილად აუსრულა აღთქმა, რადგან ბავშვი კარგად სწავლობდა ეხლა. 

ამ ბედნიერ დღის შემდეგ მარჯვედ წავიდა ბესიკის საქმე. შინაობამ თავი მიანება, ძალას აღარ ატანდა სასწავლებლისათვის თავი დაენებებინა და შესდგომოდა ხელობას თუ ვაჭორას, რადგან ეხლა მათ ფულს აღარავინა სთხოვდა. და გარდა ამისა, ცხადად დაინახეს, რომ ბავშვთან ბრძოლა ამ შემთხვევაში ამაო იქნებოდა და სახიფათო: შეუძლებელი იყო დაეყოლიებინათ და თუ ძალას დაატანდნენ, იქნება კიდეც აესრულებინა მუქარა და მართლა აეტეხნა რამ თავის თავისათვის. 

ბესიკს მოშორდა ის შიში, რომელსაც ჰგვრიდა დედის სურვილი და თავისუფლად ამოისუნთქა; მთელის ძალით მიეცა სწავლას. თვალსაჩინო ნაყოფი გამოიღო შრომამ: ბალღი მალე მოექცა საუკეთესო მოსწავლეთა რიცხვში და კმაყოფილებით აევსო გული. რახან სწავლა შეიყვარა პატარამ, ცოდნაც ეტრფიალება მას, გაუღიმა ტკბილად, გადუშალა მკერდი და მიუპყრა გამოუთქმელი სიტკბოება და სიამე, დაუსახა ფიქრთა და გრძნობათა თვალწარმტაცი წალკოტი სავსე ფერად-ფერად ყვავილებით; იქ სდიოდნენ სურვილთა თუ ოცნებათა ანკარა ნაკადნი, იქ ესვენა ხატება უცვალებელ მშვენებისა თუ ჭეშმარირებისა, იგი ხატი აშუქებდა ედემს წყნარის ნათელით მხიარულით; მუნ მოისმოდა ხმა მწყობრი სადიდებლად იმ გარდუვალის მშვენებისა. მოსწავლე მოხიბლული იყო ამ ტურფა ჩვენებით; ის მხოლოდ ამ ზღაპრულ წალკოსტღა ჰხედავდა სამყაროში, ამ წალკოტის ჰაერითა სუნთქავდა, იმის სურათებს ევლებოდა თავს, იმისკენ იყო მიქცეული მისი არსება. გარემო ცხოვრებისათვის ზურგი შეექცია, საყოველდღეო ცხოვრება საიდანღაც შორიდან მოქმედებდა მასზე. ყმაწვილი დაჰხწევიყო იმის პირდაპირ ზედგავლენას, განზე გამდგარიყო. 

მიჰქროდა დრო. ბესიკი იზრდებოდა, ვითარდებოდა, გონივრდებოდა. უფროს კლასში ყველასაგან საყვარელი მოსწავლე შეიქმნა, სამაგალითო, საქებური გრძნობებით და მისწრაფებით კი ისევ ბავშვი იყო გულუბრყვილო, კეთილი და სპეტაკი. მისი პიროვნება სიტკბოებით იყო გაჟღენთილიყო და სათნოებით, ხოლო უშრეტი წყარო ამ სიკეთისა იყო მის გულში ღრმად დაკრძალული, ტკბილი საიდუმლო მისი. 


მთელი ამ ხნის განმავლობაში ბესიკი მხოლოდ შორიდან შეჰყურებდა შუქურს, შესტრფოდა მას, შეჰხაროდა. ბესიკის ფრთაშესხმულ წარმოდგენაში თანდათან სხივოსანი შეიქმნა შუქური, ნათელმფენელი, ჰაეროვანი, რომლის არსებაში აღარ იყო არაფერი ქვეყნიური, ხორციელი,მძიმე. ყმაწვილი განცვიფრებით უმზერდა მას, სალოცველ არსებად მიაჩნდა, თაყვანსა სცემდა, როგორც ძალას რასმე უხორცოს. თითონ შუქურის შეხედულებაც ასაზრდოებდა ამგვარ წარმოდგენას: ისე იფურჩქნებოდა პატარა, როგორც შროშანა, უმანკო, სათუთი ყვავილი ნაზის გაზაფხულისა. 

მხოლოდ ერთხელ მიეცა ბესიკს ბედნიერი შემთხვევა რამდენიმე წუთი ესუნთქა თავის შუქურთან ერთად ერთი და იმავე ჰაერით. 

დღესასწაული გამართეს სასწავლებელში ნიჭის პატივსაცემლად და სადიდებლად. მოუყარეს თავი მოზარდებს ყველა სკოლებიდან. გამოიყვანეს შეკრებილი ხალხის წინ მჭერმეტყველნი, ლექსთა მთქმელნი, მომღერალნი. ყველანი ესენი მოსწარვლეთაგან იყვნენ დარჩეულნი. შუქური და ბესიკიც წამკითხველთა გუნდში ერივნენ. ძალიან ღელავდა ბესიკი, კრთებოდა, ფერი მისდი-მოსდიოდა. განა ხალხი აღელვებდა მას ხალხს არ უკრთოდა, რადგან ვერც კი ამჩნევდა. ამჟამად მარტო თავის ვარსკვლავსა ხედავდა ის, რომელიც მიმოიძროდა იქ, როგორც რამ ქულა თეთრი ნათელმოსილი. წარსდგა შუქური. რა წკრიალა ხმით წარმოსთქვა ლექსი! ნაზად, მაგრამ მკაფიოდ ნათქვამი სიტყვები დაფრინავდა დარბაზში. ძლიერი ტაშის ხმა და პატარა თაიგულს თაიგულითვე მიართვეს მადლობის ნიშნად. 

ერთი ხმაღა იყო საგალობელი და ბესიკი უნდა გასულიყო სათქმელად. ზაფრანის ფერი დაედო ყმაწვილს, მზად იყო ალაგობრივ გამქრალიყო, რადგან დარწმუნებული იყო, რომ შუქურის შემდეგ მისი გამოსვლა სწორედ სასაცილო იქნებოდა ყველასათვის. თვალები აერია ყმაწვილს. ელვის სისწრაფით დაებადა აზრი, გასცლოდა იქაურობას და გადაკარგულიყო სადმე. ის იყო კიდეც აამოძრავა ბავშვი ამ განზრახვამ როდესაც გამარჯვებულმა და ყველასათვის გამარჯვების მოსურნე შუქურმა შეჰხედა თავის ნათელ თვალებით და ანიშნა წამდგარიყო წინ. შორიდან იცნობდა პატარა ამ ბიჭს, ბუნდად ჰგრძნობდა, რომ იგი მისი თაყვანისმცემელი იყო, ეხლა მსწრაფლ შეიგნო მისი გულისკვეთება და ხელი აღუპყრა, ღონე მიჰფინა. ბესიკისათვის ეს ღიმილი ცის გახსნა იყო, საბედნიერო; მსწრაფლ შეიპყრო ნეტარებამ, სიამის ბურუსში გაეხვია გამოურკვეველში და წარსდგა წინ უნებლიეთ. მხოლოდ მაშინ მოეგო ბესიკი თავს, როდესაც ისევ გაისმა დარბაზში ძლიერი ტაში. მშვენივრად წარმოსთქვა ლექსი აღელვებულმა. 

ეს წამი უბედნიერესი შეიქმნა ბესიკისათვის და დაუვიწყარი. სათაყვანებელ არსების მოულოდნელმა ყურადღებამ, მისმა გამამხნევებელმა ღიმილმა დაიხსნა იგი სამარცხვინო ნაბიჯისაგან, იქნება დანთქმისაგანაც, თუ ქალს არ მიეხედნა მისკენ და არ წაეხალისებინა, ის ვერ გაჰბედამდა ხალხის წინ გამოსვლას, გავარდებოდა გარეთ, დაიმალებოდა; აუტანელ სირცხვილში ჩავარდებოდა. უსათუოდ თავს მოიკლავდა ამისთანა მარცხის შემდეგ. მაშ როგორღა ეჩვენებოდა, როგორღა დაენახებოდა თვალით ან მასწავლებლებს, ან ამხანაგებს, ან სხვას?! ან რა პირითღა შეჰხვდებოდა სკოლის გზაზე შუქურს?! ქალი ხომ მაშინვე იცნობდა და დამცინავის ღიმილით გადახედავდა, ამაყად ან ზიზღით პირს შეაქცევდა. ჟრუანტელმა დაუარა ტანში ამის მოგონებაზე, იმ განსაცდელის მოგონებამ ელვა გაუტარა ბავშვს ტვინში და მწვავე რამ ალმა აუტკრიცა პირისახე. 

და ბესიკს თვალში ისეც ყოვლად სრულ პატარა არსებას ახალი თვისება დაერთო: გულწარმტაცი ყოვლად კეთილობა, მოყვასთა სიბრალული, ლმობიერება ფასდაედები. 


ბესიკის აღტაცებულ გონებაში შიქური გარდაიქმნა იმის ბედისმწერლად, იდგა იგი აწ სივრცეში განცალკევებული, მისკენ მიეპყრო ნათელი თვალები და ეს თვალთა სხივი ამხნევებდა ყოველსავე საქმეში. ბესიკს მკაფიოდ დაესახა გონებაში იგი; ცოცხალივით ედგა ყოველჟამს თვალწინ, შესდუღებოდა იგი სურათი იმის ოცნებას დაუჩრდილავი. თუ რამ მარჯვე ნაბიჯს გადასდგამდა ბესიკი, წაღმართი რამ მოუხდებოდა, ნათელი ჩვენება გაუღიმებდა და თითონაც იზიარებდა ბესიკის სიამეს, მასთან ერთად უხაროდა სასიხარულო, თუ ბოროტი რამ წაეკიდებოდა მას, მარცხი მოუვიდოდა და უკუღმართი ნაბიჯი, ის სახეც დაღონდებოდა მოწმედთან ერთად, შუქმფენი თვალები დაბუნდდებოდნენ. ცრემლით ივსებოდნენ და აღარ უყურებდნენ მას სევდიანები. ეს სურათი თანა სდევდა ბესიკს, განუყრელად მასთან იმყოფებოდა. ის ეხლა შეეჩვია ამ ხელთუქმნელ არსებას, როგორც თავის განუყრელ მფარველს. ეხლა გულწრფელად სწამდა, რომ თვითეულ ადამიანსა ჰყავს განგებისაგან მიჩემებული მზისამყოლი მფარველი და წინამძღვარი, რომ ბედნიერი მარად გრძნობს ამისთანა კეთილ სულის ტანხლებას, ხოლო გამჭრიახი გონების თვალი კიდეცა ჰხედავს მას. ბესიკი უფრო ბედნიერი იყო: იგი იცნობდა თავის ბედის მწერალს, იცოდა იმისი სავანე, იმისი სახელი, მაგრამ იგი მაინც ნივთიერი არ იყო იმისთვის, ჯერ ისევ ნათელი იყო ეთეროვანი. 

და ეს ძვირფასი სახე წინამძღვარი იყო იმის ეკლიან და ძნელ გზაზე შემდეგაც, როცა გასცდა იგი გზა მშობლების სახლს და გავიდა ახალგაზრდა ცხოვრების თვალუწვდენელ ტაშირზე. იგი სახე ევლინებოდა ღრუბლად მაჩრდილებლად ცხოვრების უდაბნოში ფიცხელში და ესხურებოდა ცვარად მაგრილებლად ცხოვრების ალისაგან დამწვარ იმის არსებას; იგი სახე სვეტად ნათლისად უძღოდა წინ ცხოვრების წყვდიადში და უნათებდა სავალს ბნელს. იგი ძვირფასი სახე ახელმძღვანელებდა და გამბედაობას უნერგავდა, როდესაც ბესიკმა გაჰბედა მარტოდ მარტომ უსაგზლოდ ტფილისში ჩასვლა საშუალების მოსაპოვებლად, რომ შესძლებიყო ახლა იქ განეგრძო თავისი სწავლა და შრომა. 

- ... ახლა მსურს საშუალო სასწავლებელში განაგრძო სწავლა, შეძლება კი არა მაქვს: უნდა დამეხმაროთ! - შესთხოვა ბესიკმა ცნობილ ქველმოქმედს. 

შემძლე მობეზრებული იუო ამისთანა მთხოვნელებისაგან, ამგვარ ხალხ ჰგზავნიდა თავის მოურავთან. მას უნდა მიეცა მათთვის განსაზღვრილი პასუხი. მაგრამ ეხლა თითონ გაუწოდა აღელვებულ ჭაბუკს მადლიანი მარჯვენა: ცეცხლი რამ შენიშნა აღგზნებული მთხოვნელის თვალებში, მიმზიდველი გარკვეული აზრი აღბეჭდოდა ფართო შუბლზე. მისი სახე, მთელი მისი არსება გამომხატველი იყო იმ წუთს გულწრფელის და ძლიერის მისწრაფებისა და ამ სანახაობამ მოხიბლა. 

სწორედ სანეტარო დრო დაუდგა ბესიკს ამის შემდეგ: უზრუნველყოფილი, დაწყნარებული, ქვეყნის მადლიერი, ეწაფა სწავლის ნაკადულს, აჰყვა ამ ჩანჩქერის ძლიერს და მალხაზ დენას, ამ ნაკადმა მიიყვანა ბოლოს იმ მეცნიერების ედემში, სადაც მრავლად არის გადაშლილი თვალწარმტაცი ყვავილი სწავლისა ფერად-ფერადი აქ, ამ მეცნიერების ტაძარში, დაუღალავად და შეგნებულად შრომობდა ჭაბუკი და მალე შეიქმნა შესამჩნევი, თვალსაჩინო, იმედების გამღვიძებელი ახალგაზრდა. 

ახ, რა ბედნიერი იყო ის დრო ბესიკისათვის: ყველა სიყვარულით და აღტაცებით იხსენებდა იმის მადლიან სახელს და შორეული სამშობლოც ისე უყურებდა, როგორც მომავალ იმედს. 

10 

შეხედულობითაც კარგი ახლაგაზრდა დადგა ბესიკი; მაღალი, ხმელ-ხმელი, ალვის ხესავით სწორე, გულმკერდიანი; გრძელი ოდნავ ხუჭუჭი თმა მხრებზე გადმოჰფენოდა. აზრი გამოსჭვიოდა იმის მცირედ დაღონებულ თვალებში და გრძნობა ძლიერი, იმის სახეზე ფიქრთა ნასახი აღბეჭდილი. იზიდავდა ადამიანს. კეთილი იყო ბესიკი ბუნებით და პირველ ნახევარზე მიინდობდა კაცს, აზრიანი საუბარი იცოდა, მოკლედ მოჭრილი. მსჯელობდა დინჯად, დაკვირვებით. აზრთა თანისთანობა და კავშირი ძალას აძლევდა მის ნათქვამს. რწმენის კაცი იყო: სანამ აზრი მართალი მიაჩნდა და ნაგრძნობი ფაქიზი, ვერ უღალატებდა მათ, მაგრამ ხათრიანი იყო და ერიდებოდა ძალის-ძალად თავს მოეხვია ვისთვისმე თავისი შეხედულება თუ სურვილი. ხალხის შვილი იყო, გული შესტკიოდა ხალხისათვის და იმის სამსახურად ამზადებდა თავის თავს. იცოდა სიძნელე და სიმძიმე ამ საქმისა, მაგრამ სწამდა, რომ ნაღვაწი არ დაიღუპებოდა და გამოიღებდა ოდესმე ნაყოფს კეთილს. 

„ხალხის შვილი ვარ მშრომლისა, ხალხმა მომანიჭა სიცოცხლე, მანვე მომცა ღონე აღზდისა თუ განვითარებისა, მოვალე ვარ ამაგი დავუფასო მას, მოლოდინი გავუმართლო, მცირედ მაინც შევუმსუბუქო ტვირთი მძიმე ცხოვრებისა“ - ფოქრობდა ახალგაზრდა. 

არ უყვარდა ბესიკს გრძნობათა თუ სურვილთა გამოფენა, მორიდებული იყო; კეთილს ისე უფრთხილდებოდა, როგორც თვალის ჩინს. 

კეთილი გრძნობები თუ მისწრაფებები დიდის შრომითა აქვს კაცობრიობას მოპოვებული, თავის ბუნებაში დანერგილი. იქ ნახარები, გადაფურჩქვნილი და მემკვიდრეობით ჩვენდა გადმოცემული. ჩვენი მოვალეობა გავუფრთხილდეთ ამ ძვირფასს გრძნობებს, გავამრავლოთ, გავაფართოვოთ, გავამშვენიეროთ ეს ფასდაუდებელი საუნჯე, რადგან საბოლოოდ მხოლოდ ამ კეთილმა გრძნობებმა უნდა შესძლონ ადამიანთა ცხოვრების საბედნიეროდ მოწყობა“. 

პიროვნება იყო ბესიკი განსაზღვრული და პირად მისწრაფების მოსპობას არც ჰფიქრობდა, არც საჭიროდ სთვლიდა და ვერც შესაძლებელად. 

„თუ საქმე პირადი მისწრაფება არ დაჰყოლია თან, ის საქმე არ არის სრული, ის საქმე გულმკვდარია და ცივი. მხოლოდ პირადი იგი მისწრაფება უნდა იყოს ფაქიზი და საზოგადო კეთილთან მჭიდროდ ჩაწნულ-ჩახლართული, რომ ორივე, პირადი და საზოგადო, განამტკიცებდნენ ერთმანეთს და ერთად მიილტოდნენ საქვეყნო სიკეთისადმი“, ფიქრობდა ჭაბუკი. 

თითონ ბესიკს პირად კერძოდ ის მიუხაროდა ცხოვრებაში, რომ თუ საზოგადო საქმეს გაუძღვებოდა, რამე კეთილს მოუტანდა ერს, კმაყოფილი შეიქნებოდა თავის თავისა და საყვარელი თავისიანებისა, მცნობებისა, იქნება მთელი ხალხისაც. მაშინ ხომ მისი შუქურიც მიჰხედავდა, შეჰნიშნავდა მას, მოეწონებოდა მისი შრომა და გაუღიმებდა გასამხნევებლად. ეს იქნებოდა საუკეთესო ჯილდო მისთვის მიძღვნილი. სიმდიდრეს და ნივთიერ კეთილდღეობას ვერ დაიდებდა ბესიკი ერთადერთ მიზნად: სიღარიბეში აღზრდილს ხელმოკლეობა ვერ აშინებდა, თუმცა სატრფიალოსაც ვეღარა ჰხედავდა სიღარიბეში და ნაკლულევანებაში. საზოგადოდ ამ კითხვაზე მცირედს ჰფიქრობდა ჭაბუკი. მისი აზრით, საზრდო არა ღირდა იმად, რომ ადამიანს ცხოვრების მიზნად დაესახა მხოლოდ მისი შეძენა. 

ბესიკს თავისი ბედის ვარსკვლავი ჩრდილოეთშიაც უბრწყინავდა შორიდან, იქაც მფარველად მოევლინა და დაიცვა ზნეობრივი ხრწნილებისაგან. იქ ბაღნარია სირინოზთა, მრავალფერია სიმრავლე მათი. გრძნეულნი ჰხიბლავენ იქ მოგზაურთ სხეულთა კეტილ-გემოვნებით და სიადვილით. ბევრი ახალგაზრდა ნიჭი მოგვიშთეს თავიანთ ალერსის ბადეში, ამოსწოვეს ტვინი და სიცოცხლით სავსე იმედის ნაცვლად გადმოგვიგდეს ლეში ხენეში, მშვინიერი. ბესიკი ვერ დაიმონა ამ საცთურმა სანუკველმა, ვერ ჩანთქა იგი მთლად, რადგან ამ მაცთუნებელთა და ჭაბუკის შუა იდგა ხელთუქმნელი სურათი უმანკო შუქურისა და უხილავის ძალით უკუაგდებდა იმას მომაჯადოებელ არედან. 

ეშხში კი სევიდა ჭაბუკი და მისმა შუქურმაც ხორცი შეისხა, უნივთო განყენებულმა არსებამ ნივთიერება შეიმოსა, დაეშო ზეციდან ქვეყნად და გაიფურჩქნა ბესიკის გონების თვალ-წინ სურვილთა შესაკრებელ ქმნილებად, სიტკბოების მომნიჭებელ პიროვნებად. ეხლა შუქური ყმაწვილკაცის წარმოდგენაში ღვთაება აღარ იყო უნივთო, მხოლოდ სული სათაყვანებელი, არამედ ქალი იყო სრული, ყვავილი ნეტარებისა მოსასთვლელად მზაქმნილი. ეხლა შუქური შეიქმნება ბესიკის სიყვარულის განხორციელება, უიმედო სიყვარულისა. 

დიდი მზღვარი სძევს შუქურისა და ცემს შუა, უფსკრული გადუვალი. ვინ, ის, გალაღებულ ოჯახის ქალი მშვენიერი, და ვინ მე, ვიღაც დაბაღის შვილი. 

ოცნებაშიაც კი ვერ გაებედნა ბესიკს სათავისოდ დაესახა შუქური, მაგრამ მაინც ის იყო ერთად ერთი ქალი, რომელთანაც შეეძლო ვაჟს შეეერთებინა თავისი ბედი. 

- და რადგან ესეთი ბედნიერება შეუძლებელია ჩემთვის, ხოლო სხვასთან შეუღლება არ ძალმიძს, ამისთვის ქალ-ვაჟის საკითხი უკვე ფუჭია ჩემთვის და საკუთარ ოჯახზე ფიქრი შეუძლებელი. ეს ხომ იმას ეგვანება, მოვისურვო მიახლოვება მთვარისა ან მოწყვეტა შუქურ-ვარსკვლავისა. 

ეს იყო ჭაბუკის დარდი საიდუმლო, კაეშანი დანერგილი იმის გულში, სევდა ფარული, რომლის შებრძოლება ვერ ძალედვა. ეს სევდა მხოლოდ მაშინ განქრებოდა ჭაბუკის გულში, როცა შესდგებოდა გულისცემა მისი. 

11 

და შუქური გადიფურჩქნა მაისის ვარდად სუნნელოვანად, სავსე მთვარედ მაცისკროვნებლად, მიმზიდველად. აივსო ქალი ნათელი ხორცით განჭვირვალით, შუქმფენელით. შოლტივით მოქნილი ტანი მწყობრი რხევით გულისთქმას აღვიძებდა ძლიერს. ოქროს ფერი თმა უხვად მოსდებოდა გარს ნაქანდაკებ საყვარელ თავს და თვითნებობდა ცელქი: იფურტკნებოდა წამისწამ და ეშხით ეხვევოდა ბროლის ყელს, ეკონებოდა სპეტაკ შუბლს, დაჟინებით ჰკოცნიდა ვერდ ლოყებს. აბორცვებულ გულ-მკერდში ტკბილ სურვილებს დაესადგურებინათ და მძლავრად აღელვებდნენ მას. კარგად იცვამ-იხურავდა ქალი, სუფთად, კოხტად და ისეც მოხდენილ ტალავარს თითონ უფრო ალამაზებდა მშვენიერთა ხელმწიფე. მით უფრო მომჯადოებელი იყო შუქური, რომ მასში მწყობრად შეერთებულიყო ხორცის სიმდიდრესთან და კეთილ ქმნილებასთან სულის სიმდიდრე და სიკეთე. 

ნამდვილი განათლებული ქალი დადგა შუქური და თანაც კეთილი, თანამგრძნობი უბედოთა, მოყვასთ მოსიყვარულე. მამის სახლში ისე იყო პატარა, რომ სწავლა უადვილდებოდა. წიგნი თუ რვეული, ქაღალდი თუ კალამი, საკუთარი კუთხე თუ მაგიდა, ხელმძღვანელი და ყოველგვარი მიმარჯვება მზად იყო მისთვის ყოველთვის. ნიჭიერი ბავშვი ფართოდ სარგებლობდა ამგვარ ხელის შეწყობით და სასწავლებელში ყოველთვის საუკეთესოდ ითვლებოდა. ამასთან ერთად შეეჩვია წიგნების კითხვას და მალე განვითარდა. როცა ზემო სასწავლებელში გადავიდა, პანსიონში მოჰყვა და წინანდელ თავისუფალ ცხოვრებასთან შედარებით ეხამუშა ჯერ, მაგრამ მერე შეეჩვია და ამ გარემოებასაც თავისი გავლენა ჰქონდა იმის ხასიათზე: იქ შეეჩვია თავის სურვილების შეკავებას საზოგადო წესის პატივისცემას და მიყოლას; იქვე გაიცნო ახლო მრავალი ახალი ხასიათი და შეექვსა თავის ქცევა შეეფერებინა სხვის მოქმედებასთან. 

შუქური იცნობდა სოფელსაც: მის პატარაობასაც და შემდეგაც თენგიზის ოჯახი ზაფხულობით სოფლად გადიოდა თავის მამულში. ჰაერის საცვლელად კარგი იყო ეს და მოსავალსაც პატრონის ხელი და თვალი ესსჭიროებოდა. შუქურს არ მოსწონდა განცალკევებული ცხოვრება და სოფლადაც გარშემორტყმული იყო ტოლ-ამხანაგებით. იქ მისი ტოლები თუ მეგობრები იყვნენ სოფლის გოგოები. უყვარდა შუქურს თავის ტოლებთან ყოფნა, მათთან თამაშობა, მათი ზღაპრებისა თუ ლექსების სმენა, გამოცანების ახსნა, მათთან ერთად ტიკინებისათვის ტანთსაცმელის ქსოვნა-კერვა, კარ-მიდამოზე, მინდორში ან ნაკადის პირას ხტომა-თამაში, ყვავილების კრეფა, პეპლების დევნა. თითონაც უამბობდა გოგოებს ქალაქისა ან სკოლის ამბებს, უკითხავდა ლექსებს. 

ბავშვი წამოიზარდა, მაგრამ ტოლ-ამხანაგთან კავშირი არ შესწყვიტა, არც მედიდურად დაუწყო მათ მზერა; არ დააჩნდა იმის ქცევას არავითარი უკადრისობა, არ დაარღვია თავის ამხანაგებთან ერთობა, მხოლოდ ამ ერთობამ ახალი სახე მიიღო ეხლა, განსაზღვრული. სოფელში ყოფნის დროს ქალი ეხლა ასწავლიდა გოგოებს. ეხლა შუქურმა იმათზე გაცილებით მეტი იცოდა და წინანდელი ამხანაგი ეხლა მასწავლებლად მოევლინათ. საქმის დღით თუ არ ეცალათ გოგოებს, კვირა-უქმეობით გარს ეხვეოდნენ შუქურს, წიგნისა და ხელთსაქმის გარდა ქალმა სუფთაობა ასწავლა მათ. თითონ შუქური სოფლადაც ისევ ისე მოხდენილად იცვავ-იხურავდა, როგორც ქალაქში, იქაც ისეთივე ფაქიზი იყო, უმტვერო და თავის სკოლასაც ბეჯითად სთხოვდა ამ სიფაქიზეს. მისი ამალა ეხლა აღარ დადიოდა ხელფეხტუტყიანი, გაზებტალახიანი, კაბაპერანგგაფაშვილი, ჩაქშახეული. დაკერება თუ დაბან-დარეცხას შეეჩვივნენ გოგოები. ეს ყველაფერი ძნელი არ იყო, მეტს ხარჯს არა თხოულობდა. მხოლოდ მეტი ყურადღებისა და შეგნების უნარი იყო და ადვილად მოსახერხებელი. 

შუქურისათვის მეტად სასარგებლო შეიქმნა ხალხთან ერთობა; დაისწავლა ქართული, რომელიც განდევნილი იყო იმის ოჯახიდან და სასწავლებლიდან, შეიგნო მისი სიტკბოება. გაეცნო მდაბიო ხალხს და ნახა მისი გაჭირვება, სიბნელე, დაჩაგრულობა, ჭირ-ბოროტი, გაარჩია სანუგეშო მხარეებიც მისი და დააფასა იგი ხალხი, პატივისცემა იგრძნო მისადმი. შემდეგში ხალხზე ფიქრი და მზრუნველობა ბუნებრივი შეიქმნა მისთვის და სასიამოვნო. საქებურად დაამთავრა შუქურმა სწავლა და წარსდგა პატარა ქალაქის ქართველ საზოგადოების წინაშე შემკობილი ყოველმხრივ, მიმზიდველი, სასიამოვნო. 

12 

უცხო ქვეყნიდან სამშობლოში დიდის სიხარულით წამოვიდა ბესიკი: რამდენიმე წელიწადი ფეხი ვერ მოიცვალა იქიდან სიღარიბის გამო და სამშობლოს ღრუბელი მოენატრა, საქართველოს მიწა სამთხვევლად მოესურვა, თავის ქვეყნის წყალი იაზმად მოუნდა საპკურებლად. სხვაობაში დატანჯულს მის გულს ქართული ალერსი მოჰსურვებოდა, უცხო ბგერით დასერილ მის ყურს ქართული ხმები დასჭირებოდა დამაცხრობელ მალამოდ. მოდიოდა გამარჯვებული, და მოუხაროდა თავის ქვეყანაშ ი, თავის მხარეს, თავის ქალაქში, თავის ოჯახში, სადაც ყოველ საგანს მისი კვალი ჰქონდა ზედ აღბეჭდილი, სადაც ყოველ საგანს თავისი სურათიც აღებეჭდა მის გონებაში. მაგრამ ამ ზოგად მიმზიდველ ძალების გარეშე ბესიკს თავის გულის სიღრმეში კიდევ სხვა განძი ჰქონდა დაკრძალული, სხვა სურათი იყო მის გულის ფიცარზე ამოწერილი და იგი სურათი მძლავრად იზიდავდა თავის ქვეყნისაკენ. მაგრამ ეს სურათი სიხარულთან ერთად შიშსაც ჰგვრიდა ჭაბუკს და ძრწოლას. უნდოდა ჭაბუკს მალე გათავებულიყო გზა გრძელი, ხოლო გზის შემოკლებისა ეშინოდა. ჰსურდა სწრაფად მისულიყო სახლში და გადაჰხვევოდა თავისებს, ხოლო ამ სანატრელ წუთის მოახლოვებას უკრთოდა. იქ, თავის სამშობლო ქალაქში, თილისმა რომ დაეტოვებინა ბესიკს და ვერ იცოდა, დახვდებოდა იგი თავისსავე ალაგას თუ მხოლოდ ბინას ნახავდა მისსა ცარიელს, აფურტკნულს, უაზროს. 

- ნეტავ იქ დამხვდეს შუქური და თავისუფალი! იქნება გავიცნო, იქნება გავაგებინო, ბუნდად მაინც მივახვედრო, რომ ის სულისდგმაა ჩემი, რომ უიმედო სიყვარული ლოდივით დამწოლია გულს და მიხუთავს სუნთქვას, - ფიქრობდა ბესიკი და მით უფრო შეჰკვნესოდა გული, რაც უფრო უახლოვდებოდა სახლს. 

იამა ჭაბუკს სახლის მშვიდობით დახვედრა, გაახარა ოჯახი თავის მშვიდობით და გამარჯვებით დაბრუნებით. იმის მამას ვერ დაეჯერებინა, როდესაც ნახა დავაჟკაცებული შვილი, სიზმარი ეგონალ ვერც კი ჰბედავდა მოსიყვარულე გული გადაეშალნა მისთვის. ბედნიერება იგრძნო, როდესაც ვაჟი გადაეხვია და გადაჰკოცნა. ძმა სცდილობდა დინჯად დაეჭირა თავი, რომ გრძნობათა ტბას არ გადმოენთხია ნაპირები, მაგრამ ვერ ეხერხებოდა და უნებლიეთ იღიმებოდა. დედა გარს უვლიდა ვაჟკაცს და სიყვარულით სინჯავდა, ხელს ახლებდა იმის სუფთა და ლბილ ტანისამოსს, აბრეშუმის ქოჩორს უსწორებდა. 

- ბიჭო, მართლა ეგეთი ძვირფასი ვაჟკაცი დამდგარხარ, თუ დედის თვალს ეჩვენები ესე?! - შეეკითხა გახარებული დედა და განზე გამდგარმა მუშტრის თვალით შეათვალიერა ბესიკი. 

თითონ ბესიკი აღსავსე იყო სიხარულით, დატვირთული იყო ვარდისფერ გრძნობებით, ყელთამდის იყო მოყრილი ჭრელი ბედნიერებით და ამჟამად მზად იყო, შეეწირა თავისი სიცოცხლე ამ უბრალო ადამიანებისთვის, რომელნიც ასეთის ძლიერის სიყვარულით იყვნენ გამსჭვალულნი მისდამი. რამდენი რამე ჰქონდათ ერთმანეთისათვის სათქმელი, რამდენი კითხვები ებადებოდათ და რამდენი მათგანი რჩებოდა უპასოხოდ! აწყდებოდნენ კითხვები ერთმანეთს და გზას აღარ უთმოდნენ პასუხებს. ოჯახის ბედნიერება მის წევრთა ღიმილში იხატებოდა, განუწყვეტელ გაბმულ ღიმილში და წვრილმან რამ უმნიშვნელო მოძრაობაში. რომ მიწვა ბესიკი თავისავე ლოგინში, ტახტის ბოლოს, წინანდელ ადგილს, ეგონა სუნნელოვან ვარდის ფურცლებზე მოვისვენეო. ხომ დაღლილ-დაქანცულ იყო, მაგრამ მაინც ვერ ეძინებოდა. მამლის ყივილამდი ილაპარაკეს. იკითხა ბესიკმა ნაცნობები, მათს ბედნიერებაზე გაიხარა, მათ უბედობაზე დაღონდა. დარიკოც მოიკითხა და ეამა, როცა შეუქეს, კარგი ქალი დადგაო, გამრჯელი. ძალიან უნდოდა ბესიკს გაეგო რამე თავის ბედის ვარსკვლავზე, მაგრამ ვინ რას ეტყოდა, როდესაც მათგანი ვერავინ იცნობდა თენგიზის ოჯახს. ვერც გაბედა პირდაპირი კითხვა, რადგან ეგონა გულიბრყვილოს, მიმიხვდებიანო. ამ ნათელ წუთებს მხოლოდ ეს იდუმალი დარდი ჩრდილავდა ვაჟისათვის. 

- უხარიანთ ამ საწყლებს ჩემი გამარჯვება, დარწმუნებულნი არიან ჩემი უნარით მოვიქმედე ყოველივე, ჩემის საკუთარის გამჭრიახობით. ტყუილია! მამოძრავებდა, შთამბერავდა ძალას მოქმედებისას, მინათებდა წყვდიად გზას, მიწვევდა ან გამევლო მასზე, ან ამოვფხვრილიყავ, ვარსკვლავი ჩემის ბედისა, მათთვის უჩინარი, შუქი ბრწყინვალე, ნათელი მხიარული შუქური ჩემი. ჩემს გულში დაკრძალული მისი სახე არის ცხოველსმყოფელი ძალა ჩემის არსებობისა. ვერ კი შემიძლიან საჯაროდ ვაღიარო იგი ჩემ მასულდგმულებლად ... ნება არა მაქვს ვეახლო და მადლი მოვახსენო კეთილისმყოფელს, ვერც კი შემიძლიან ვიკითხო მისი ამბავი... მადლი მოვახსენო. როგორ გაუკვირდება, როგორ ეწყინება ჩემი კადნიერება! ხომ არ იცის, რა კეთილი მიყო, ხომ ვერც კი მიმიხვდება, თუმც შესაძლო იყოს ხვაშიადის გამჟღავნება მის წინ. ან კი რა საჭიროა იცოდეს ყველა ეს შუქურმა? თვით სიკეთეა ის განხორციელებული, სიხარულის მომფენი თვის გარშემო და სად მიაქცევს ყურადღებას ყველას, ვისაც კი მის ნახვაზე სევდა უკუჰყრია. განა შეიძლება დაითვალოს მზემ, ვის გაუნათა თავის დიდებულ მსვლელობაში წყვდიადი ან რომელი მწერი გაათბო თავის ცხოველსმყოფელ სხივით! 

დაეძინა ჭაბუკს. სახლის ანგელოსი კეთილი გულით დაუხვდა სახლის ძვირფას შვილს: ნაზად გადააფარა ფრთა, მიჰბერა ძილი ტკბილი და მსუბუქი, ხოლო ზმანება დამატკბობელი: შუქური ნახა სიზმრად სასწავლებლის გზაზე, მის შეხედვაზე შესდგა პატარა, გაუღიმა და გაუწოდა შროშანა ნაზი. გამოეღვიძა გახარებულს. ვეღარ კი მოეგონა ჭაბუკს, ჩამოართვა ყვავილი თუ არა. წამოდგა, დედა ჩაიდანს უჯდა გვერდით. მამა და ძმა უკვე გასულიყვნენ სამუშაოდ. აღტაცებული ჭაბუკი შემოეჭდო დედას და დაუკოცნა საყვარელი სახე, ტკბილი გულ-მკერდი. 

13 

ყველა ოჯახში თითო კოჭობი დუღს, ყველა კაცს თითო დარდი აქვს. რაც უნდა მარჯვედ და ბედნიერად მოეწყოს ადამიანის ცხოვრება, იგი დარდი მაინც არა სდნება და არა ქარწყლდება. დროთი დრო ვარდის ფურცლით დაიფარვის იგი და არა სჩანს, მაგრამ დაჰბერავს სიო უბედობისა, გაჰფანტავს ფიფქივით მიფენილ ფურცელს და აღმოჩნდება იგი სევდა გაშავებული. 

ბესიკის დარდიც ყვავილთა ფურცლით იყო ეხლა დაფარული და ვერავინ ხედავდა მას, ვერც ვინმე წარმოიდგენდა რამე სევდის არსებობას ბედნიერ ჭაბუკის გულში. თითონ კი მწვავედა გრძნობდა მას თავის ბედნიერების ყვავილთა შუა, მიხარული იყო ახალგაზრდა: თავის მიზანს სავსებით მიაღწია, გარნა გრძნობდა, რომ შესაძლო იყო მთელ მის ნაღვაწს საძირკველი გამოსცლოდა და ჩანგრეულიყო, შეიძლებოდა მის სიხარულის ნერგს მაცოცხლებელი ნაკადი ჩაჰშრობოდა და ჩაყვითლებულიყო, ჩამჭკნარიყო, გამხმარიყო. 

- ნახევარსაც ღირსი არა ვარ! - იტყოდა თავის გულში მიზანმიღწეული ახალგაზრდა, - მაგრამ ცხადად ვხედავ, რომ ჩემი შრომა ვერ გამოიღებს ნაყოფს კეთილს, თუ ჩამომეცლება ის ძალა, რომელიც მამოქმედებდა აქამომდე. ვსდგევარ ცხოვრების ზღვის პირას, მზად ვარ შევებრძოლო მის ტალღებს, რომ განვახორციელო მისწრაფებები, რომელნიც დამისახნია სამოქმედოდ. შიში მიპყრობს და ძრწოლა; თუ თან არ მეყოლება უხილავი მფარველი, მოვუძლურდები, ღონე მიმხდება და მხოლოდ დავრჩები ტლანქი, კაცის სახით მავალი და დამნთქამს დამძიმებულს ცხოვრების მორევი. 

ადამიანი, თუნდ საზოგადო მისწრაფებით გამსჭვალული, პიროვნებაა განკერძოებული და რაიმე პირადი ლტოლვილება აქვს დართული მის მოქმედებას. ეს პირადი მისწრაფება შესძღვნის მის ღვაწლს თავისებურობას, არჩევს მის ნამოქმედარს სხვის ღვაწლისაგან. განა ყველა პირადი მისწრაფება საძრახისია და საგმობი; არის კერძო მისწრაფებაც ფაქიზი, საქები, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადო კეთილს. ამგვარი პირადი მისწრაფება შეუერთდება საზოგადო კეთილს და განაცხოველებს მას, სულს ჩაუდგამს, ამოქმედებს ძლიერად. 

- და განა ჩემი პირადი მისწრაფება, რომელიც მამოქმედებდა აქამომდის, ფაქიზი არ არის და მოსაწონი! განა ის ეწინააღმდეგება საზოგადო რასმე კეთილს?! სრულებითაც არა! ეს სიცოცხლეა ჩემის გულისა, სინათლეა ჩემთვის უჩრდილო, ვისწრაფი, ჩემმა ღვაწლმა ამამაღლოს, გამასპეტაკოს, ღირსი გამხადოს მისი. მსურს მომიწონოს ჩემმან ხელმქმნელმან. მსურს ისე, როგორც ჰსურს სულდგმულს სიცოცხლე. უიმისოდ გული მომიკვდება, ამემღვრევა ფიქრთა დენა, აზრს დაჰკარგავს ჩემი არსებობა და რაღად ვევარგები ან კერძო ან საზოგადო საქმისათვის. მაშინ ისე გავალ ცხოვრების დარბაზიდან, ისე მივეფერები ცხოვრების მეჯლიშს, როგორც რამ აჩრდილი უმნიშვნელო. და რაღა საჭირო იყო, რომ განგებამ გამომარკვია არარაობისაგან, თუკი არსება ჩემი იქმნება მქრალი, შეუმჩნეველი?! - ფიქრობდა ჭაბუკი და სევდის ზეწარი ებურვებოდა იმის სიცოცხლით სავსე სახეს. 

- შვილო ბესიკი! დაფიქრება რამ დაგჩემებია. რა დარდი გაქვს, გენაცვალე? - შეეკითხებოდა დედა მზრუნველობით და გადუსვამდა ხელს თმაზე. 

მაგრამ ბესიკი მოქმედი ადამიანი იყო, მუშა ოჯახის შვილს საქმიანობა ჰქონდა თან დაყოლილი და არ შეეძლო უძლურად მისცემოდა გამოურკვეველ დარდს. ხელჩართულ ომში შუაგული ადგილი ერჩივნა. უყვარდა კარზე მომდგარ განსაცდელისთვის პირდაპირ თვალებში ყურება. ეს იყო მიზეზი, რომ ჭაბუკმა განიზრახა გამოერკვია საქმის ვითარება. 

- ვიწვნილებ, გავეცნობი, მოვიაზრებ, თუკი შევძლებ მოაზრებას, და ან შევებრძოლები მედგრად, ად დავიკარგები აქედან იმედმიხდილი, - ფიქრობდა ვაჟი. 

მძიმედ კი ეჩვენებოდა ეს საქმე, უიმედოდ. რა იყო ამასთან შედარებიღ იგი მიზანი, რომელიც პატარაობით დაისახა ბესიკმა და ბრწყინვალედ შეასრულა?! არაფერი, სრულებით არაფერი! ჭაბუკი გამოეწყო საუკეთესო ტანისამოსში და მიტრიალ-მოტრიალდა სარკის წინ. დედამ თვალი ვეღარ მოსწყვიტა თავის ვაჟს, მივიდა, რაღაც მტვერი გადაუწმინდა, გარს შემოევლო, ახედ-დახედა და მიჰმართა აღტაცებით: 

- ბიჭო, რა მშვენიერი ვაჟკაცი დამდგარხარ! სწორედ მზეთუნახავის ღირსი ხარ, დედის სიხარულო! 

იამა ჭაბუკს დედის ალერსი და სახე გაუნათდა. კარის ზღურბლს რომ გადააბიჯა, ორი ცხვირი დააცემინეს და გამხნევდა, თან გაეღიმა, რომ სახიფათო საქმემ ცრუმორწმუნეობა გააღვიძა მასში. ისევ ის გზა გაიარა, რომელზედაც ბალღობისას სასწავლებელში დადიოდა. ქუჩებს არაფერი მოჰმატებოდა. სახლები თითქო დაპატარავებულიყო, გაჭუჭყიანებულიყვნენ. დიდ ქალაქის შენობებთან შედარებით მეჩვენებაო ესე, გაიფიქრა. იმ ადგილას რომ მივიდა, საცა შუქური შეხვდებოდა ხოლმე, ისე იგრძნო, თითქო ეხლაც უნდა შეხვედროდა ბავშვი. მივიდა სასწავლებელში, ინახულა ძველი მასწავლებლები: ზრდილობა მოითხოვდა ამას. იქიდან დაბრუნებისას შუქურის სახლისაკენ შეუხვია. ძალიან კარგად იცნობდა ამ ქუჩას პატარაობითვე. სახლი მიძველებული ეჩვენა, გალავანი ადგილ-ადგილ ჩამონგრეული. არავინ არა ჩანდა არც ეზოში, არც წინდგარზე, არც ფანჯრებში. გული დაეხშო. ფეხი დააწყნარა, ეგება ვინმემ გამოიხედოსო. დაღონებული გასცდა ქუჩას. 

უიმედო საქმეს ებრძოდა ბესიკი, მაგრამ შემმართებელი იყო და გაუტეხელი; იგი გაჭირვებაში თვით ღმერთს შეეჭიდებოდა და იბრძოლებდა უდრეკლად, სანამ არ გაიმარჯვებდა. 

14 

გაიგო ჭაბუკმა, რომ შუქური მამის სახლში იყო. სწავლა დაემთავრებინა, სახლში დაბრუნებულიყო და აგერ ერთი წელიწადი იყო, რაც საზოგადოებაში ტრიალებდა. სასიამოვნოდ მოესმა და გულზე მალამოდ მოეცხო, როცა უთხრეს, ქალი მშრომელ ხალხს არ ერიდება, სცდილობს კიდეც დაუახლოვდეს ბედისაგან დაჩაგრულებს და რამე სარგებლობა მოუტანოსო. არ კი სჯეროდა, ზღაპრულ რამ თქმად მიაჩნდა ეს. გარნა რა ტკბილი იყო მისთვის ეს ზღაპარი, როგორ ჭრელ იმედს ჩასჩურჩულებდა იმის გულს! 

- შუქური და უბრალო ხალხის მეგობარი! ვერც მისი ოჯახი, ვერც აღზრდა, ვერც ნათესავები და ნაცნობები ვერ მისცემდნენ მას შემთხვევას და ნებას დაახლოვებულიყო ხალხს, გაეცნო ის, შეეყვარებინა და გული ასტკივნოდა იმის უბედურებით. სულ ტყუილი იქნება ეს! - ფიქრობდა ვაჟი და იმედი უქრებოდა გულში... - მაგრამ შუქური ხომ განხორციელებული სიმშვენიერეა და სიკეთე. რა საკვირველია, რომ მას ღვთაებრივ ბუნებას თავისითვე შეეგნო, სად იყო სიმართლე დათრგუნვილი?! მისი გული სწორედ თავისთავად იგრძნობდა სიბრალულს დაჩაგრულთადმი და მიჰხედავდა მათ!- ფიქრობდა და უღვივდებოდა გულში მიმქრალი იმედი, უცხოველდებოდა იგი და ნეტარების ალად ავარდნილი ადუღებდა მის სისხლს. 

ნამდვილი კი ვერაფერი გაეგო ყმაწვილს, ვერც თვით ქალი ენახა, რადგან საზოგადო ნაცნობები არა ჰყვანდათ და ვერც ერთ ოჯახში ვერ შეჰხვდებოდა ქალს. გარეთაც კი ვერსად მოჰკრა თვალი, რომ ცოტათი მაინც შეეყუჩებინა სურვილი. ან სად შეჰხვდებოდა, როცა ვაჟკაცი ვერც კი ჰბედაბდა იმ უბანში გავლას, სადაც სცხოვრობდა ქალი. ასეთი გამოურკვეველი მდგომარეობა სტანჯავდა ჭაბუკს. განა რისიმე იმედი ჰქონდა, მაგრამ უნდოდა პირისპირ შეჰხვედროდა უბედობას. 

„ვიცი, რომ დაცინვის მეტს ვერას მივიღებ, იქნება გამიწყრეს კიდეც და გამაწბილოს კადნიერებისათვის, მაგრამ გარკვეული წამება მირჩევნია გაურკვეველ ტანჯვას, ერთჯერ მირჩევნის სიკვდილი სულმუდამ დაღონებას. წავალ მერმე, მოვშორდები აქაურობას, რაკი შევიქმნები გულმკვდარი, მხოლოდ აჩრდილებრივ ცხოვრებისათვის გამოსადეგი“. 

შეიძლებოდა ამ მძიმე ფიქრებს რამე უაზრო მოქმედებისადმი გამოეწვია ყმაწვილი, რომ მარჯვე შემთხვევა არ მიჰშველებოდა. 

წარმოდგენას ჰმართავდნენ მოწვეულ განთქმულ მსახიობების დახმარებით. ეს იშვიათი ამბავი ელვის სისწრაფით მოედო პატარა ქალაქს კიდით-კიდე. ხალხი მიაწყდა თეატრის დარბაზს. წარმოდგენის გამგე ხელებს იფშვნეტავდა სიამოვნებით და მუდამ დაღრეჯილ სახეზე მაძღარი ღიმილი უთამაშებდა. წარჩინებული პირველი ადგილები დაეჭირათ და რომ პირველობა დაემტკიცებინათ, უფრო წინ იწევდნენ. ერთს უკანა კალთები გაეწივნა, სცენის კიდეს მიჰყრდნობოდა და ლორნიონს ავლებდა დარბაზს, სხვას ფეხი აედგა ზედ სცენაზე და ხმამაღლა ბაასობდა: სოფლური ქცევა იყო დიდების დამადასტურებელი. მორთულ-მოკაზმული ქალ-ყრმა ჯერ ისევ ირეოდა. ფარდა ჩამოფარებულ სცენიდან რახირუხი ისმოდა. 

ბესიკი იჯდა კუთხეში, შესცეროდა მოტბორებულ ხალხს, ვერ კი ხედავდა ვერავის, მისი თვალთ ხედვა უიმედოდ უვლიდა დარბაზს გარეშემო და წამის წამ დარბაზის კარს აჩერდებოდა: შუქურს ელოდდა. შუქური კი არა სჩანდა. შუქურის მამა პირველ სავარძელში გაბრწყინვებულიყო, შუქური კი არსად იყო. ცარიელი იყო ბესიკისათვის მთელი დარბაზი, არავინ არ იყო იმისთვის იქ, მხოლოდ მისი დაღონებული ფიქრებით იყო დარბაზი სავსე. გაისმა ზარის წკრიალი. ჩამწკრივებული ხალხი მიაჩერდა სცენას. დაიძრა და აფრიალდა ფარდა, შუქური კი არსად იყო. დასწყდა იმედის ძაფები ჭაბუკის გულს. მის თვალებმა დაჰკარგეს გამომეტყველება, გაქვავდა მისი ტვინი, შესდგა მასში ჰაზრთა დენა; ცივმა არარაობამ გამოჰხედა ჭაბუკს სივრციდან. მაგრამ უეცრად იგრძნო სითბო და სინათლე, მაცოცხლებელი სხივი მოადგა გაყინულს სულს და გაათბო, გაანათა. იგრძნო ეს უცნაური ძალა და მიიხედა უკან. თავისი სიცოცხლე დაინახა უცხოდ გადაფურჩქვნილი. მოდიოდა ქალი თეთრებით მოსილი. უმტვერო შაქრიასაგან ნაქანდაკევ ყელზე მარგალიტი ეხვია სამპირად. მკერდი ხაიათი რამ ქსოვილითა ჰქონდა დაფარული და მაცთუნებლად გამოსჩანდა სპეტაკი. რამდენიმე ახალგაზრდა მოსდევდა უკან, ზოგნი სამხედრო ტანისამოსში. სინნელოვანის სიხარულით აივსო ბესიკისათვის დარბაზი, გარნა სიამეს სიმძიმილი დაერთო: ქალის მოარშიყე ყმაწვილკაცობის შედარებით მჩვრად დასახა თავისი თავი, უმნიშვნელოდ, პატარა რამ სულდგმულად, უჩინრად. გამოუცდელი იყო ახალგაზრდა, თვისი ყადრი არ იცოდა. აბა საწყალ დარიკოსათვის ეკითხა, რომელმაც წეღან სიყვარულით გამოადევნა თვალი ჭაბუკს და მაშინვე გაიგებდა, როგორი თვალსაჩინო იყო ის და ძვირფასი. წეღან, როცა ბესიკი თეატრში წამოვიდა, დარიკო ალაყაფის კარებში იდგა და თავი დაუკრა ახალგაზრდას. 

- ნეტა იმ ქალს, რომელიც შენს მკერდს მიაყრდნობს თავს და დაისვენებსო, - შეჰნატრა გულმკვდარმა. 

მაგრამ ბესიკი ვერა ჰხედავდა საწყალ გოგონას, ის აღარა ჩანდა შუქურის სხივებში. როცა მზე ბრწყინვალებს ცაზე, პაწაწინა ვარსკვლავს ვიღა ამჩნევს იქ?! 

15 

შეჰყურებდა ბესიკი შუქურს, იმ ძვირფასს, რომელმაც ბალღობიდანვე გარკვეული მიზანი დაუსახა თვისდა შეუგნებლად, დღევანდლამდის ახელმძღვანელებდა და დღეს თვისავე შეუგნებლად შეეძლო მოესპო მისთვის მოქმედების სახსარი. არ იცოდა ქალმა, რა სიკეთე დაეთესნა, არ იცოდა, რომ შეეძლო მოესთვლა მდელო, რომელიც ააღორძინა თითონვე და გადაფურჩქნა. რა იცის ანკარა ნაკადმა თავის ცელქ სრბოლაში რომელ მარცვალს გააღიებს, ხოლო ღივს გარდაჰქმნის დამამშვენებელ მცენარედ?! ან რა იცის მან, უკვე დიდებულ მდინარედ გარდაქმნილმა, ვის მოაშთობს თვის ძლიერ ტალღებში ან რომელ ჭანდარს მოჰგლეჯს აღელებული და ჩაჰლეწავს თავის სიღრმეში?! რა იცოდა შუქურმა, რომ მისგან ცხოვრებად მოწოდებული ბესიკი მისგანვე შეიძლებოდა მოსპობილიყო საწყალობლად. 

- არ იცის ქალმა და ვერც მიჰხვდება, როგორ ათბობს და ანათებს ჩემს არსებას; ვერც იმას გაიგებს, როგორი წყვდიადი გამეფდება ჩემს გულში, როცა მიეფარება იგი ჩემის თვალიდან. ან რა საჭიროა გაიგოს ეს ყველაფერი?! ის ხომ ოცნებაა ჩემი გიჟური. მართალია, ხორცშესხმულია და არსებობს, აგერ თვალითა ვხედავ, მაგრამ მაინც ოცნებაა ის ჩემთვის მიუწთომელი, ციაგი რამ თვალწარმტაცი შეუპყრობელი, შეუძლებელია ჩემი ბედნიერება! 

გათავდა ორი მოქმედება და შუქური წარჩინებულ საზოგადოებას არ მოჰშორებია. საუკეთესო ახალგაზრდობა ევლებოდა თავს, ფიანდაზად ეგებოდა, იმის სურვილთა მონად გამხდარიყო; მის სიტყვას ძირს არ უშვებდა, მის ნდომას მიწაზე ფეხს არ აკარებინებდა. მათში მეტადრე ირჩევოდა ეშხიანად მოყვანილი ახალგაზრდა ტანისამოსში უსურვაზის წნელივით იგრიხებოდა, თვალებში შესციცავებდა, შეჰღიმოდა, ქათინაურს უხშირებდა, სიტყვალამაზობას ცდილობდა, ფაქიზი ხელით ულვაშს იმწვეტებდა. გული ეუბნებოდა ბესიკს, რომ ეს ვაჟი უმიზეზოდ არ ეალერსებოდა ქალს. ალბათ ქალიც გრძნობდა ამას, რომ სწორედ ამ ყმაწვილს ეპყრობოდა მედიდურად, შეხედვას უძვირებდა, მის საალერსოებზე ღიმიც არ მოსდიოდა, რაღა იმედი უნდა ჰქონდეს საწყალ ბესიკს, როცა იმის გულს ასეთი ჯიქი კეკლუცი დაესახა სთავისოდ?! სიცილადაც არ ეყოფოდა მზეთუნახავს, რომ გაეგო, რა გრძნობებს შეუპყრია მისადმი ვიღაც დაბაღ კორპუას შვილი და რა ახირებული აზრები ტრიალებდა ამჟამად მის საწყალ თავში. 

„სწორედ სასაცილოა ჩემი აზრები და შეუნდობელი ჩემი გრძნობები, მაგრამ რა ვქნა, როდესაც ყმა ვარ ამ აზრებისა და მონა ყურმოჭრილი ამ გრძნობისა?!“ 

სცადა ახალგაზრდამ მოშორებოდა ამ მაცთურ სანახაობას, გული გაერთო და ან სცენისათვის მიეპყრო გულისყური,ან სხვა ვინმე დაენახა ამ ხალხით სავსე დარბაზში. ამაოდ: ყოველი საგანი შუქურისაკენ ანიშნებდა, ყოველი ხმა მისკენ მიჰმართავდა ტყვექმნილს. გაიზარდა სურვილი ბესიკის გულში, გაავსო იგი და გადმოდუღდა მის ძარღვებში ალად დამწველად ჩაფერფლა იმის ტვინში ყოველივე ცნება, ყოველივე წარმოდგენა, ყოველივე სახე, დარჩა იქ მხოლოდ სახე შუქურისა სურვილთა ცეცხლით გასხივოსნებული, მიუწდომელი, სათაყვანებელი. და აწ ლოცულობდა მას ვაჟი, ევედრებოდა უსიტყვოდ, აქებდა, ადიდებდა აღტაცებული და ამ ღაღადისში ჰპოვებდა მწვავ ნეტარებას. ვეღარ ამჩნევდა გატაცებული ბესიკი დროთა მსვლელობას. გათავდა მოქმედება, აიშალა ხალხი. 

- ბესიკი, ერთ წამს ფოიეში გავიდეთ: ახალგაზრდები არიან იქ და გეძახიან, - უთხრა ნაცნობმა. 

ბესიკი შეუგნებლად დამორჩილდა და გაჰყვა. შევიდნენ მცირე რამ დარბაზში. ნაცნობმა შუქურს წარუდგინა. 

- შუქური ბრძანდება, ბატონ თენგიზის ქალი! - და მიუბრუნდა ქალს: - ეს გახლავთ ბესიკი ნარგიზაშვილი, წეღან რომ მოგახსენებდით. 

ქალმა თითონ გაუწოდა ხელი შემკრთალ ბესიკს და გაუღიმა გასამხნევებლად. რა თბილი ხელი იყო პაწაწა! 

- სახალხო საქმე განვიზრახეთ და იმედი გვაქვს დაგვეხმარებით, ყმაწვილო! - უთხრა ქალმა. 

- გვიბრძანეთ, ქალბატონო! მზადა ვარ თქვენ სამსახურად! 

- შორიდან გიცნობთ, ყმაწვილო: გახსოვთ პატარაობისას მგოსნის დღესასწაულზე რომ ლექსები წავიკითხეთ ერთად? 

- მახსოვს, ქალბატონო! განა შეიძლება იმისთანა ძვირფას წამის დავიწყება?! 

ქალმაც და სხვებმაც განუმარტეს ყმაწვილ კაცს, რომ მთელ ზაფხულს აპირობდნენ მდაბიო ხალხისათვის სკოლა და ლექციები მოაწყონ და დასჭირდებათ განათლებულ ახალგაზრდობის დახმარება. ბესიკი სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. რას არ იზავდა, რა შრომას არ იტვირთებდა, როცა ამისთანა იშვიათი შემთხვევა ეძლეოდა ხშირად შეხვედროდა თავის შუქურს და დამტკბარიყო მისი ახლო ყოფნით?! 

ბედნიერად დაუთავდა ბესიკს საღამო. აღტაცებული დაბრუნდა შინ. სიცილს ვეღარ იკავებდა ბნელ ქუჩაში რომ შევიდა, ბალღივით გადახტა, შეითამაშა. შინ მძინარეები კოცნით დააღვიძა. ვახშამზე შემოისხა. ათასი რამ უამბო სასაცილო თუ საგულისხმო. თავისი სიხარული და ბედნიერება სავსებით გადასცა თავისიანებს და მათ გულშიაც აღაგზნო სიხარულის ლამპარი, გააღვიძა და ააღორძინა ტკბილი იმედები. ჰკოცნიდა ყველას, ეალერსებოდა, ეხუმრებოდა. მთელ ღამეს მხიარული ანგელოსი დაჰფარფატებდა საწყალ კორპუას ოჯახს. 

16 

ამ ბედნიერ საღამოს შემდეგ იღბალი უღიმოდა ბესიკს, ზედიზედ უხდებოდა ნახვა თავის ბროლ-ფიქალისა. ზაფხული იყო, ნასწავლი ახალგაზრდობა ესტუმრა ქალაქს და შუქურმა მოახერხა მათგან საკმაო ძლიერ გუნდის შეკრება. ამ წრემ მიზნად დაიდვა ემუშავა ზაფხულის განმავლობაში, ცოტა რამ სიკეთე მოეტანა ჩამორჩენილო მოძმეებისათვის. გამართეს და გააჩაღეს დროებითი სასწავლებელი, სადაც საღამოობით, დუქან-ბაზრის დაკეტვის შემდეგ, წერა-კითხვას ასწავლიდნენ ახალგაზრდობას. კვირა-უქმით ეს სკოლა დილითვე სწარმოებდა და უფრო ფართო საზოგადოებას უყრიდა თავს. შიგადაშიგ ხალხს უკითხავდნენ საგულისხმიერო საგნებზედაც სამშობლო ისტორიიდან თუ გეოგრაფიიდან, ხალხის აწინდელ ცხოვრებიდან თუ უწინდელ მის ყოფიდან, მწიგნობრობიდან, მეცნიერებიდან. სცდილობდნენ ცხადად დაეხატნათ და დაესურათებინათ ნათქვამი, რომ უფრო სახალისო და ადვილად გასაგები შეექმნათ ის. ძალიან საინტერესო ცნობებს აწოდებდნენ ხალხს და ამისთანა გაკვეთილებმა სახელი გაითქვეს საზოგადოებაში. 

მთელი ამ შრომის მომწყობი და სულის ჩამდგმელი იყო შუქური. მოძრავი, სუფთა, ზრდილობიანი, მოყვარული, გატაცებული უნებლიეთ იმორჩილებდა ყველას და სარისტას აძლევდა ყოველსავე. ეხლა მას ძლიერ გამოადგა თავისი გამოცდილება, რომელიც ბალღობიდანვე შეეძინა სოფლად, სადაც ის გარშემორტყმული იყო თავის ტოლ-სწორ გოგოებით. სოფლის გოგოებს მაშინაც ხომ მასწავლებლად მოევლინა შუქური და ხელმძღვანელად. ბალღობიდანვე შეეთვისა მდაბიო ხალხს, ეს გრძნობა შეინარჩუნა, თანდათან შეგნებული შეიქმნა მასში იგი. ხალხის საკეთილდღეოდ აღძრულმა მოძრაობამაც უმნიშვნელოდ არ ჩაიარა იმისთვის: ჩააფიქრა, გაიტაცა და დაუსახა ცხოვრების გეგმა. მისი მოქმედების აზრი იყო: მეტი შრომა ხალხის საკლეთილდღეოდ, რომ აღორძინდეს ერი, კეთილგეყოს შენც, ძეს ერისას. და ეს მცნება ხომ ბესიკის მცნებაც იყო, დედააზრი იმის მომავალ მოქმედებისა. 

შუქური რომ სული იყო და გული ამ პატარა წრისა, ბესიკი შეუდარებელი აღმასრულებელი გამოდგა ყოველი დაწყებილებისა, მხნე, დაუღალავი, აზრიანი. რა ერთგულად ემზადებოდა, რომ თავი ოეწონებინა ყველასათვის, გაეხალისებინა ყველა, გაეტაცნა და დაენერგა მსმენელთა სულში გრძნობა კეთილი, აზრი მართალი და ქება დაემსახურებინა ბედის ვარსკვლავისაგან! ქალს თუ მოეწონებოდა ნათქვამი, გაუღიმებდა, თავს დაუქნევდა, იქნება მადლობაც ეთქვა მომხიბვლელი. ქალ-ყრმა შეეჩვია ერთმანეთს. შუქურმა დააფასა ნიჭიერი, მომზადებული, ხალისით სავსე კეთილქმნილი ახალგაზრდა, რომელმაც სულ მცირე ხანში დაიმსახურა ხალხის თანაგრძნობა. ხალხი კიდეც ამაყობდა ჭაბუკით, რადგან მისი ამხანაგი, მისი წოდების კაცი ეხლა არაფრით არ ჩამოუვარდებოდა არავის, კიდეც სჯობნიდა ყველას. 

ახლო გაიცნო ბესიკმა ქალი და ნახა, რომ ნამდვილი შუქური არაფრით არ ჩამოუვარდებოდა იმ შუქურს, რომელიც იყო ნაყოფი მისი ოცნებისა; კიდეც სჭარბობდა მას, ბესიკი ვერ იფიქრებდა, რომ დიდკაცურად გაზრდილი შუქური უბირი ხალხის გულშემატკივარი შეიქმნებოდა, დაჩაგრულთა სამსახურად გამზადებული. მით უფრო ძვირფასი შეიქმნა ქალი მისთვის, მით უფრო სევდა უმძიმდებოდა ჭაბუკის გულს, როცა წარმოიდგენდა, რომ ჩქარა მოვა წამი, დადგება დრო და იგი უნდა განშორდეს იმ ჰაერს, რომლითაც სუნთქავდა მისი სიყვარული: ქალის შესახვედრად წამოსულს რომ პირი უცინოდა, ქალისაგან დაბრუნებულს სიცოცხლე ტანჯვად ეჩვენებოდა, ჰაერი მძიმედ, მოწამლულად. ახ, როგორ გრძელდებოდა ყოველი წამი და წუთი, როცა ჭაბუკი ვერა ჰხედავდა - თავის სატრფოს! 

ამ ხნის განმავლობაში შუქურმაც დაკვირვებით გაიცნო ბესიკი და შთაბეჭდილება როდი იყო ჭაბუკისათვის საზარალო. გააცნო ქალმა ბესიკი თავის სახლსაც. ქალის დედ-მამამ თუ ნათესავებმა ზრდილობიანად იიღეს ვაჟი, მაგრამ თავის საზოგადოების ნამდვილ წევრად კი ვერ ჩათვალეს: ის ძალიან განსხვავდებოდა მათგან თავისი აზრებით, მისწრაფებებით, საუბრით თუ ქცევით. მთელ ოჯახში მარტო შუქურს შეეძლო მასთან დამეგობრება. ამასა ჰხედავდა შუქური და როცა ბესიკი მათთან იყო, უფრო მეტს ყურადღებას აქეცვდა ვაჟს, რომ განმარტოვებით არ ეგრძნო თავი და გულს არ დაჰკლებოდა. ეს სწყინდა შუქურის მოტრფიალე დასევადებულ ახალგაზრდებს და მტრულად უყურებდნენ ჭაბუკს. სცდილობდნენ გაეკილნათ იგი. რა იცოდნენ დაუფიქრებლებმა, რომ სწორედ ამით აახლოვებდნენ ქალ-ყრმას და იძულებულ ჰყოფდნენ შუქურს ბესიკისთვის მფარველობა გაეწია. ძნელი კი არ იყო ქალისთვის ეს მფარეველობა, რადგან ჭაბუკი შეხედულობით არავის ჩამოუვარდებოდა, განვითარებით გაცილებითა სჯობდა მათ და ენაც მახვილი ააჩნდა, სამართებელივით მჭრელი. 

- სად კოპრუა ბადაღის შვილი, სად განათლება! დაკარწახებეული ტყავებს უნდა ზელავდეს ეხლა ეგ. მერე რა მშვენიერი ახალგაზრდაა! 

- არა, ყმაწვილო, ზრდილობიანიც რომ არის! როგორი მოკრძალებით უჭირავს თავი და თან ამაყად, თითქო კეთილშობილიაო. 

ქალი ადევნებდა თვალს ახალგაზრდას, სწონავდა რა შთაბეჭდილებას ახდენდა იგი იმის დედ-მამაზე თუ ნაცნობებზე, აკვირდებოდა მის ჰაზრებს, იმის მოძრაობას, მოქმედებას. ქალი ძალიან დაეფიქრებინა ჭაბუკის სიახლოვეს. გრძნოებიარე და დაკვირვებული ქალი იყო შუქური და მალე შენიშნა, როგორი თაყვანისცემით შეჰყურებდა ჭაბუკი, როგორის მოწიწებით ეახლებოდა, როგორის მორჩილებით ასრულებდა ყოველსავე იმის სურვილს. ისიც შენიშნა ქალმა თავის სასიამოვნოდ, რომ ჭაბუკისთვის აღარ არსებობდნენ სხვა ქალები, ის სრულებით ვეღარა ხედავდა მათ; მათი მიმზიდველი ძალა დაუძლურებულიყო ვაჟისათვის, გაქარწყლებულიყო. არც ერთს წამს არ მიიხედავდა იგი მათკენ გულისთქმით. ზრდილობიანად ექცეოდა მათ, რაინდულად, მაგრამ მათმა ალერსმა ვერც ერთხელ ვერ გაათბო ვაჟის გული. მათთის გაყინული და გაქვავებული. შუქურს კი აღტაცებით შეჰყურებდა ბესიკი, მეტადრე როცა ეგონა, არავინ მათვალიერებსო. ჰკრძალავდა ყმაწვილკაცი თავის გრძნობას, რამდენიც კი შეეძლო, ცხრაკლიტულში ინახავდა ეშინოდა გრძნობათა დაჩენით არ ეწყენინებინა ქალისათვის, არ დაეღონებინა იგი. მაგრამ არ იმალებოდა სიყვარული ცხოველმყოფელი, მისი ნათელი სხივები გამოსჭვიდოენენ ყოველმხრიდან და ცხად ჰყოფდნენ დაფარულს. ქალი ჩააფიქრა ამ ამბავმა, ბევრჯელ გაუკრთო ძილი: მისი გილიც უკვე გაეთბო სიყვატულის სხივებს და მიეზიდმა მისი გული ჭაბუკისაკენ, ჯერ ისევ რყევაში იყო შუქური, რადგან მხოლოდ შემთბარ გრძნობებს ჯერ სისხლი ვერ აედუღებინათ მისთვის. 

„მშვეიერი ახალგაზრდა, განათლებული, საღი მიმართულებისა, ხასიათიც კარგი აქვს. რა მარჯვეა, რა მახვილია, რა ადვილად შრომობს! რაზედაც სხვას მთელი დღე უნდა, მას ერთ საათში ვერ ჰყოფნის. სწორედ შესძლებს ცხოვრებასთან ბრძოლას. როგორ შევეჩვიე... წამდაუწუმ იმაზე ვფიქრობ უნებლიეთ, - ამბობდა თავის გულში ქალი. - რას იტყვის მაიკო, როცა გაიგებს, ვისზე ვფიქრობ? ტუჩს ამიკრავს, გამკილავს, არც დედ-მამას ესიამოვნება. მაგრამ იმათ ხომ ისიც არ მოსწონთ, რომ მდაბიო ხალხში დავდივარ და მათში ვტრიალებ. ეჰ, არც გასამტყუნარნი არიან: არ იცნობ ხალხს და როგორ შეიყვარებენ?! ვერც ის შეუგნიათ, რომ ეხლა ცხოვრების ასპარეზზე ერი გამოდის მქმედად, ერი მთლიანი; მის წიაღიდან უნდა იშვნენ ხალხის წინამძღვარნიც. უსაზღვრო ძალაა დაკრძალული ერის გულში: მხოლოდ ერს შეეძლო ამოდენა თავგანწირული მოეცა ჩვენთვის, მხოლოდ მასვე შეუძლიან გაგვიზარდოს მხსნელნი ყოველგვარ სამარცხვინო მონობისაგან. - ჰფიქრობდა ქალი და მისი გული უღიმოდა ხალხის წიაღიდან გამოსულ ბესიკს“. 

იზრდებოდა და ძლიერდებოდა თანდათან გრძნობა ქალისა. 

17 

ვაჟის გრძნობა ხომ აღორძინებული იყო, მთლად აღზრდილი და ფრთაშესხმული. ის ვეღარ ეტეოდა ჭაბუკის გულში, მძლავრად ქანაობდა აღელვებული, რომ გიჟურად გადმოეხეთქნა ნაპირები და წამოგრაგნილიყო ღვრად ძლიერად. ბესიკი მედგრად ებრძოდა ამ გრძნობათა სავსებას, თავს იმაგრებდა: შიშობდა, რომ ვერ მიუხვდებოდა ბედის ვარსკვლავი და ჩაქრებოდა მისთვის შემკრთალი, მიეფარებოდა, დასტოვებდა მას ბნელში გარესკნელში მოსპობდა იმის არსებობას. 

მიდიოდა დრო დაუდგრომლად. შეუყოვნებლად, შეუფერხებლად. ვინ შეატბორებდა იმის დიდებულ მსვლელობას, ვინ შეაგუბებდა?! ვინ შეაყენებდა ქვეყანას საუკუნო ლტოლვაში ან სამყაროს მის დიდებულ ბრუნვაში?! აღარ იყო ისუნავე და ვინღა შეჰბედავდა შეემართა მნათობთათვის: „შესდეგ, მზევ და ნუ იძვრი, მთვარევ!“ მიდიოდა დრო და უახლოვდებოდა ჭაბუკს ჟამი მძიმე, ბნელი, განუჭვრეტელი, საზარელი, როდესაც ის უნდა განშორებოდა თავის შუქურს. ის მხოლოდ ერთი ქრთილი იყო, მტვერი რამ შეუმჩნეველი უზარმაზარ ჩარხზე ცხოვრებისა, მხოლოდ ცხოვრების ბორბალი მძლავრად ეზიდებოდა სხვა მხარეს. უგრძნობელი და დაუნდობელი როდი ფიქრობდა ის რამეს, რომ ჭაბუკის გული ჩაჭკნებოდა მზის სხივს მოშორებული. ბესიკი ძრწოლით უმზერდა დინჯად და შეურყევლად მომავალს ჯამს შავს, მძიმეს, და ულმობელი მომავალი გულს აწვებოდა ნელ-ნელა უზარმაზარ ლოდად. 

„გულს გამისრესს განშორების სიმძიმე, ვერ წავალ! მაგრამ რა ვქმნა სხვა გზა დახშულმა? - გმინავდა ჭაბუკი. - უთხარ, შეჰმართე, შეჰვედრე და იგი ან გაცოცხლებს ღვთაებურის ბედნიერებით, ან ამოგწვდის გულს და დარჩები მანქანა ცივი უგრძნობელი; ივლი უაზროდ დედამიწის ზურგზე, მანამ დაუკმაყოფილებელი უაზროდვე არ მიეფარები ცხოვრების მეჯლიშიდან“, - ჩასჩურჩულებდა ბესიკს ხმა იდუმალი. 

ჭაბუკის გულს სწვდებოდა ეს ხმა და სიამით უსმენდა მას. ბევრჯელ სცადა ბესიკმა გაებედა შუქურასათვის მართალი, გაეცხადებინა მისთვის დაფარული, მაგრამ ქალის წინ კრთებოდა ჭაბუკი შიშით მოსული, აღექვებოდა ენა მისი სასასა მისსა და სდუმდა ბედკრული. დრო კი მიდიოდა შეუბრკოლებლად და ცივი წყვდიადი საზარლად უახლოვდებოდა ჭაბუკს და კვნესოდა მისი გული მომავალ სიმძიმის ქვეშ. 

მთლად შეიპყრო ბესიკის გონება ამ საგონებელმა. განშორდა თანდითან წაბუკის აზრს და გრძნობას ყველაფერი, რაც არსებობდა იმის გარემო: დედ-მამა, ნათესავები, ნაცნობები თუ მეგობრები, ხალხი, ერი, ცხოვრების ვარამი ან სიხარული, ცა თუ ქვეყანა შორს გადგა მისგან, განზე გაიწია, უჩინარ იქმნა. ყოველივე არსის ხმა და გულის ძგერა შორიდანღა მოესმოდა ჭაბუკს ყრუდ. განურჩეველ-განურკვეველად გრგვინვა თუ ხარხარი ოდნავღა თუ მოისმოდა შორეულ სივრციდან. მხოლოდღა ედგა შუქური ბესიკს გონების თვალწინ, იმის ბრწყინვალე სახეს დაეჩრდილა ყმაწვილისთვის ყოველივე, როგორც ბრწყინვალე მზეს ვარსკვლავთა გუნდი. 

ახლოვდებოდა წყვდიადი განშორებისა შეუმართებელი და უხუთავდა მას სუნთქვას. ეხლა უკვე ცხდად გამოსჩანდა ჭაბუკის თვალებში, მძიმე, სევდა განხორციელებულიყო და საცნაურ ქმნილიყო მთელ მის არსებაში. 

ამჩნევდა შუქური ამ გამოუთქმელ სევდას, ხედავდა იმის მიზეზს და იტანჯებოდა თითონაც: მისი გულის კარი განიხვა წაბუკისადმი სიბრალულისათვის. იცოდა შუქურმა, რომ მისი ერთი ღიმილი შეჰსცვლის ბესიკის სიმძიმილს სიხარულად, განაბნევს მის სევდას და განაქარვებს მას, როგორც სხივი მზისა წყვდიადს განუჭვრეტელს ჰყვედრიდა თავის თავს, რომ გულქვა იყო და შეუბრალებელი. 

18 

მიიწურა ზაფხული. ამოჩნდა ხომლი ცის კამარაზე, კიდეც შეიმაღლა ცაზე ამ ვარსკვლავთა გუნდმა და სიგრილე საგრძნობელი შეიქმნა ღამ-ღამე. უფრო კი გატკბა მილეული ზაფხული. ხალხი მას უფრო მეტად აფასებდა ეხლა, როდესაც ხელიდან ეცლებოდა იგი და ხარბად სარგებლობდა იმის უკანსკნელი სითბო-სინათლით. შეხუნებული მზეც ჯერ კიდევ გულს არ იტეხდა, ღონეს იკრებდა და უბრძოლველად არ უთმობდა ასპარეზსს შორით მომავალ სუსხს. მთვარეს კი სრულებითაც არ აწუხებდა მზის სხივის გახენება ბეჩავ ქვეყანაზე, ის თავს იმშვენებდა, ივსებოდა, იბადრებოდა და თავის ვერცხლებრივ სხივებს დაუშურებლად აფენდა შავ დედამიწას; უსასყიდლოდ მიეღო ნათელი მშვენიერი, უსასყიდლოდვე აწვდიდა ცაბნელებულ ქვეყანას, რომ მასაც გაჰნათებოდა გული და გალაღებულიყო. 

მთავარის სხივებით განათებულ ველზე გამოჟიჟინბულიყო ახალგაზრდობა და ოცნებობდა სიყვარულზე, სიკეთეზე, სიმშვენიერეზე. შეჰხაროდა ახალგაზრდობა მთვარეს, შეჰღიღინებდა, და დასცურავდა ცხოვრების ზღვაზე ოცნების ნავით. აქვე იყო შუქური, მთვარის სხივით განათებული მნათობი ძვირფასი. შუქურს ახლდა მისგან დამწვარი ბესიკი. შალი გაეშალა ქალისათვის, ხოლო თითონ მოშორებით მოსჯდომოდა მოკრძალებული. შეჰყურებდა ბესიკი ქალს აღტაცებით და ვერა ჰბედავდა ეთქვა სათქმელი, რადგან ეგონა იგი სიტყვა შეარყევდა ამ ჟამს მის ნეტარებას. ქალის გულიც გაეთბო წაბუკის აღტაცებულ სიყვარულს და მისკენ მიექცია აზრები და გულისთქმა. 

- ბესიკი! მე მახსოვს, როდესაც თქვენ დადიოდით აქაურ სასწავლებელშო. შემხვდებოდით თუ არა, შეჩერდებოდით და მიყურებდით გაკვირვებული. ბოლოს ისე შევეჩვიე თქვენთან ერთსადა იმავე ადგილას შეხვედრას, რომ თუ ვერ გნახავდით, თითქო თვალში მაკლდა რამე, - მოუთხრობდა ქალი. 

ჭაბუკის შეგუბებულ გრძნობას ეს საბაბიღა აკლდა, რომ გადმოეხეთქა კიდეები და გადმოდენილიყო ღვარად წარმღვნელად. დაიწყო ჭაბუკმა აღელვებულის ხმით და მოუთხრა დაწვრილებით და რა ძალა ჰპოვა მან შუქურში იმთავითვე, ძალა მიზნის მიმცემი, გზის გამკაფავი. რომ მხოლოდ შუქურის ნათელი სახე უძღვოდა ბავშვობიდანვე ცხოვრების ძნელ გზაზე და მისი შემწეობით გაიკვლია, წავარნა სძლია ყოველსავე დაბრკოლებას; რომ იგი შეიქმნა იმთავითვე მისი ბედის ვარსკვლავი, მისი ოცნება მიუწთომელი. როგორ შეისხა მისმა ოცნებამ ხორცი და მოევლინა უძლეველ სიყვარულად. 

- მიყვარხარ, სულისდგმა ხარ ჩემი და აზრი ჩემის სიცოცხლისა. - წარმოსთქვა ჭაბუკმა და გაჩუმდა უეცრად თავისივე სიტყვებით შემკრთალი და ათრთოლებული. 

სდუმდა შუქური, დაეხარნა წამწამი ძირს და სდუმდა. ჭაბუკის სიყვარულის ცეცხლი დაეგზნო ქალის გულში და იმის მკერდს აღელვებდა გრძნობათა ტალღა. შუქური ხედავდა თვის გვერდზე მხოლოდ მოყვარულ არსებას, ქმნილებას სრულს, ღირსს სიყვარულისას. იმაზე არღა ფიქრობდა, ვინ იყო თითონ და ვინ იყო ბესიკი. რომელი წრისა, წოდებისა თუ მოდგმისა. ამ წამს ბესიკიც ისეთი ბუნების შვილი იყო როგორიც შუქური. ორივენი შეპყრობილნი იყვნენ ბუნების უძლიერესის ზალით, რომელიც განხორციელებულიყო მათში და განუყრელად აკავშირებდა მათ, ჰქმნიდა მათ ერთხორც და ერთსულ. ქალი აწ აღარა ფიქრობდა, მხოლოდ გრძნობდა ნეტარებას მომხიბვლელს და სდუმდა. 

აღელვებულმა ჭაბუკმა ვეღარ შეიმაგრა თავი და შეუგნებლად მოჰკიდა ქალს ხელი ხელზე და დაეწაფა, როგორც მწყურვალე ნაკადულს, ქალმა ხელი არ გააცალა, ოდნავ მოუჭირა კიდეც ხელი ხელს და ეს მცირედი მოძრაობაც საკმარისი იყო, რომ გაეღო ჭაბუკისთვის კარი ბედნიერებისა, გიჟურის ნეტარებისა. 

მთავრე კი მისცურავდა ლაჟვარდ ცაზე მხიარულად და უღიმოდა ახლად გამონასკვნილ ბედნიერებას. მთვარე კეთილის, იმის გულს ახარებს ტკბილის სიყვარულის გარდაფურჩქვნა და სხივებნის გვირგვინით ამკობს შეყვარებულთ. იცის, რომ მხოლოდ სიყვარულია, გრძნობა უკვდავი და უხარიან მისი აღგზნება. 

შინ რომ მიდიოდნენ ტრფიალნი, ქალს თან აედევნა ფრაზა: დაუტეოს კაცმან დედა თვისი და შეერთდეს ცოლსა თვისსა. ეს ფრაზა მიფარფატებდა ქალის წინ და მხიარულად ჩასცქეროდა ნათელ თვალებში. ქალიც არ უფრთხოდა, თვალს არ არიდებდა, დამშვიდებით უყურებდა მას როგორც მეგობარს ერთგულს. 

19 

გაჩაღებული იყო პატარა ქალაქის დიდი ეკლესია; ჭაღი, სანთლები, ლამპრები მხიარულად ლაპლაპებდნენ, მათი შუქი კრთებოდა ხატების ვარაყზე და იპნეოდა გარშემო. ხალხით გაჭედილი იყო ტაძარი, მაგრამ ხალხი ისევ მოდიოდა მოზღვავებული, მოსდევდა ტალღა ტალღას გაუთავებლად, მოდიოდა მაღალი საზოგადოება, ქალი თუ კაცი ძვირფასად ჩაცმული; მოდიოდა ჩოხიანი ხალხიც და ქალ-რძალიც ლეჩაქ-თავსაკრავიანი. გაივსო ეკლესია, გაიტენა, ჭდევა აღარ იყო, ნემსის ყუნწიც ვერ ჩავარდებოდა. ბუღი იდგა ეკლესიაში საშინელი, ჰაერი ძლიერ შეხუთული იყო. 

შუა ტაძარში ალისფერ ფარჩის ფიანდაზა ეშალა და ზედ იდგა შუქური უმტვერო თეთრ ტანისამოსით მორთული სადედოფლო ლეცაქით თავზე, ლამპრების შუქით განათებული ციდან მოწყვეტილი შუქურ-ვარსკვლავი. სიამოვნების სხივით განათებული ოდნავ მოღიმარე მისი სახე იზიდავდა თვალს. გვერდს ედგა მაუდის ტალავარში გამოწყობილი ბესიკი. გვერდზე გადავრცხნილი ხუჭუჭა თმა ყორნის ბოლოსავით უბრწყინავდა. ფიქრიანი მაღალი შუბლი აწ სიამით გაჰშლოდა ნეტარება შეჰხებოდა ბესიკს და სახე გაებრწყინებინა მისთვის. ეღიმებოდა, ეცინებოდა, უნდოდა ხარხარით მოჰხვევოდა ყველას, მაგრამ იცოდა, რომ არ შეიძლებოდა ცელქობა, დინჯად ეჭირა თავი. შუქური ედგა გვერდზე, აწ თავისი შუქური და უნდოდა ხშირად მიეხედნა იმისკენ, სულ მისკენ უნდოდა მუბრუნებულიყო, მაგრამ გრძნობდა, უხეხული იყო ეს და ხან სხვასაც უყურებდა. მოუთმენლად ჰსურდა შეჰხებოდა, მხოლოდ ცოტად შეჰხებოდა, შუქურის მკლავს, მაგრამ ჰგრძნობდა, ეს არ შეიძლებოდა, და თავს იმაგრებდა, დინჯად ეჭირა თავი. 

- რა მშვენიერებაა ქა! ავი თვალით არ ინახებიან კურთხეულის შვილები! - შესძახა ვიღაცა დედაკაცმა და იქვე დალოცა მეფე-დედოფალი. 

პატარძლის მხარეს სულ სუფთა ხალხი იდგა სამხედრო თუ საერო, წარჩინებული. ქალს გვერდში ამოსდგომოდნენ მორთულ-მოკაზმულნი ფერიებივით ასულნი. იქვე იდგა ძვირფასად მორთული პატარძლის დედა, ხოლო იმის გვერდით ჯინჯილებით, ჯვრებით და საპატიო ნიშნებით გაბრწყინებული თენგიზი. შალვრის ტოტებზე წითელი ბაბთები ჩადევდა, ბრჭვრიალა წაღებზე დეზები ეკეტა. 

ვაჟის მხარეს უბრალო ხალხი იდგა, ვაჭარ-ხელოსანი, ჩიხა-ახალუხში, ვერცხლის ქამრებით, შალის განიერ შარვლებით, წუღა-მესტებით ფეხზე. ვაჟს გვერდზე ედგა მისი უფროსი ძმა ვანუა. მოკლე კალთებიანი ახალუხი ეცვა ცისფერ ქიშმირისა, ბრტყელი ვერცხლის ქამრის შუა გობაკი ღვთაების გუმბათივით აწეულიყო. გულზე ეკიდა ვერცხლის გრძელი ძეწკვი საათისა. წელმოკლე შავი ნაოჭმიყრილი ჩოხა, განიერი შარვალი ჩუსტის ყელში ჩატანილი. ქამარში ერთი წვერით გამაგრებული აბრეშუმის ჭრელი ხელსხოცი. დინჯად იდგა, ამაყად, თითქმის უძრავად. ვანუას გვერდით, ცოტა უკან იდგა დარიკო. სუფთად ეცვა. იმის მაგარ და მადიან აგებულობას მკაფიოდ ასურათებდა ლბილად შემოხვეული ჩითის კაბა. გული უჩქროლავდა, მკერდი უღელავდა, სახეზე- კი მორჩილება აღბეჭდილიყო ბედისადმი. უყვარდა დარიკოს ბესიკი, უყვარდა ჩუმად, უსიტყვოდ, საიდუმლოდ, მაგრამ ეხლაც კი არ ემდურებოდა ბესიკს, მისი ძუძუ კიდეც ჰლოცავდა, ქალი არ იყო ცხოვრებისაგან გალაღებული, იგი დათმობას იყო ნაჩვევი და მოთმინებას, ხოლო მისი აზრიანი თვალი ხედავდა რომ ვერ შეეფერებოდა ბესიკს და ვერც შეედრებნოდა შუქურს. უკან, მოშორებით, იდგა მეფის მამა მობეჩავო ღიმილად გარდაქმნილი, ისეთის თვალით შეჰყურებდა შვილ-რძალს თითქო ლოცულობსო მათზე. წინ დარჭობილიყო ბესიკის დედა, მორთული თავის სადღესასწაულო ტანისამოსით, ყელმოღერებული; სახად იდგა, ტოქად, თითქოს საბრძოლველად იწვევს ყველა იქ მდგომს, მთელ ხალხს, მთელ დუნიასაო. 

ბრწყინვალედ შემოსილი მღვდელი ჯვარსა სწერდა. გარკვევით, ხმა მაღლა როცა წარმოსთქვა, „იქორწინების მონა შენი კეთილშობილი ბესარიონ“, შუქურის მამა სეტოკდა, მსწრაფლ ფეხი შეიცვალა, დეზები შეაჟღრიალა, კინაღამ შესძახა: „კეთილშობილი ბესარიონ, დაბაღ კოპრუას ბიჭი ბესო?!“ მაგრამ დღეს ეს კოპრუას შვილი მისი სიძე ხდებოდა და აბა რაღას იზამდა?! ღელავდა ბატონი თენგიზი, ბობქრობდა, მაგრამ ხედავდა აუცილებელი რაღაცა ხდებოდა დღეს იმის თავს და ბოღმას გულშივე იტრიალებდა. მეტადრე აცოფებდა თენგიზს ბესიკის დედა. ერთი ფეხი წინ წაედგა, თავის აეღო, კეხიანი ცხვირი საყვირივით მაღლა აეშვირნა. თენგიზს აზიებდა იგი ცხვირი, ბრაზზე მოჰყავდა, ვაჰ, რომ არ შეიძლებოდა მისი მახვილით წაკვეცა! მობრუნდა დედაკაცი. მივიდა პატარძალთან და სადედოფლო ჩიქილა გაუსწრორა. შუქურმა მომხიბლავად გადაჰხედა დედამთილს ნაზად თავი დაუხარა. თენგიზის ცოლმა ტუჩი აუკრა მძახალს. ბატონი თენგიზი აიმღვრა, ნაპერწკლები დააკვესა მისმა მრისხანე თვალებმა; შემოჰკრა ფეხი ფეხს, დეზები შეაჟღრიალა, უნდოდა შეეძახნა თავხედისათვის: 

„შედექი, გასწორდი, ხელები ძირს!“ მაგრამ გრძნობდა, უღონო იყო და ბოღმია ალს გულშივე იტრიალებდა. იძროდა ხალხი ეკლესიაში, ხმაურობდა მხიარულად, გუგუნებდა სასიამოვნოდ, ხოლო ეს გაურკვეველი გუგუნი აცოფებდა ბატონს, სურდა შეეძახნა თავისებურად, რიხიანად: 

„წყნარად!“ 

მაგრამ გრძნობდა ხალხთა კრება ვერა ჰგვანდა იმის მონა ჯარისკაცთა მწკრივებს და ისევ ჰყლაპავდა ბოღმის ნაკვერჩხლებს, სახე უსისხლიანდებოდა, ძარღვები ებერებოდა, მძიმედ ქშინავდა... 

გათავდა ჯვარის წერა. ხალხიდან გამოვიდა ჩასპანდურად ჩაცმული მოსხეპილი ჯეელი თაიგულით ხელში, ეშხიანად მიართვა ყვავილთა კონა დედოფალს და მიჰმართა მეფეს. 

- ბესიკო, ძმაო, მოგვილოცნია ბედნიერება! ღმერთმა ისე გაგაბედნიეროს როგორც სთხოვს სენი გული და როგორც შეეფერება შენს მზეთუნახავს. ჩვენც გვიხარიან, ძმაო, შენი სიკეთე: ჩვენი ხარ, ჩვენი ძმა, ჩვენი სისხლ-ხორცი და ვამაყობთ, რომ ეგეთი კარგი ხარ. იხარეთ ორივემ ქვეყანაზედ! ჩვენს ნუ დაგვიოვიწყებთ; ნუ დაივიწყებთ, თვალს ნუ აარიდებთ საწყალ ხალხს! 

ბესიკმა გარდაკოცნა მიმლოცველი, შუქურმა ხელი ჩამოართვა და გაუღიმა ტკბილად. 

[1910]

??????