ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

დამწველი თავის სიმშვენიერით 

დამწველი თავის სიმშვენიერით, 
დამშვენებული უხვი განგებით 
ფეხთან პერანგი იწვა ცბიერი, 
როგორც ელვარე ფარშავანგები. 

შიშველი, წმინდა, როგორც ნაკადი! 
დიდხანს საჭირო არ იყო ხვეწნა, 
უცხო სახეზე შემონახატი, 
წარბები - მშვიდი და თმები - ძეწნა. 

მე სხვა ქალებს ვერ დავემალები, 
მათში ბევრია პროზა, ქრონიკა, 
მაგრამ სხვა იყო შენი თვალები 
და შენი კოცნა... ო, ვერონიკა!

??????