ირაკლი, მომგები ასი ომის
ყოველი მხრიდან ჰბერავდა ქარი,
მაგრამ ქართველი ქედს არ იხდიდა,
ოდეს სამშობლოს გარს ერტყა ჯარი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.
და ხმალს ფერავდა მეფე ირაკლი
და იგი ხმალი ელვასებრ სჭრიდა,
ერთ მებრძოლს ასი ეხვია მტერი
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.
ლომო ირაკლი, იბრძოდი ისე -
შენს ხმალს არასდროს ბედი არ სცრიდა
და გაოცებას იყო მსოფლიო
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.
მრისხანე სტვენა იმა ხმალისა
მტერს და მუხანათს შიშის ზარს ჰგვრიდა
და ქება ქუხდა ირაკლის ხმალის
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან.
გამარჯვებული ბრუნდება ჯარი,
მზე ელვარებად იფრქვევა ციდან,
შენი, სამშობლოვ, შენი, ირაკლი,
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან!