მატეო ფალკონე
მთარგმნელი ქიქოძე გერონტი
ჩრდილო-დასავლეთით პორტოვეკიოდან გზა მთებისკენ მიდის და საკმაოა კაცმა სამი საათი იაროს მიხვეულ-მოხვეული ბილიკით, რომელსაც ალაგ-ალაგ კლდის ნაპრალები გადმოჰყურებს, ხოლო ალაგ-ალაგ თვალუწვდენელი ხრამები სჭრის, რომ ბოლოს ფართო ტევრს მიაღწიოს. აქ ცხოვრობენ კორსიკელი მწყემსები და ყველა ის ადამიანები, რომელნიც ვერ მორიგებულან მთავრობის მართლმსაჯულებასთან. უნდა ითქვას, რომ კორსიკელი გუთნისდედა ნაკელს არ ხმარობს, მხოლოდ ტყეს სწვავს, სანამ მიწის დამუშავებას შეუდგებოდეს; არა უშავს რა, თუ ხანძარი მეტ მანძილს მოედო, ვიდრე განზრახული იყო: რაც უნდა მოხდეს, ფერფლით გაპოხიერებული მიწა კარგ მოსავალს იძლევა.
პურის მომკის შემდეგ (ჩალას სტოვებენ იმიტომ, რომ ის ძნელი ასაღებია) ხელუხლებლად დარჩენილი ხის ფესვები ხშირ ყლორტებს იყრის, ეს ყლორტები რამდენიმე წლის განმავლობაში ატეხილ შამბნარად იქცევა. აქ სხვადასხვა ჯიშის ხეები და ბუჩქები ერთმანეთში არიან გადახლართული, და ადამიანს მხოლოდ წალდით თუ შეუძლია გზის გაკაფვა. ალაგ-ალაგ ეს ტევრი იმდენად ხშირი და გაუვალია, რომ გარეული ვერძიც ვერ გაატანს.
თუ კაცი შემოგაკვდათ, პორტოვეკიოს ტევრს შეაფარეთ თავი და იქ სრულიად უშიშრად იცხოვრებთ; მხოლოდ თოფი არ უნდა დაგიჟანგდეთ და ტყვია-წამალი არ შემოგაკლდეთ; არ დაგავიწყდეთ, აგრეთვე, კორსიკული კაპიუშონიანი წამოსასხამი, ლეიბიდაც გამოგადგებათ და საბნადაც. მწყემსები რძეს, ყველს და წაბლს არ მოგაკლებენ. არც მართლმსაჯულებისა უნდა გეშინოდეთ და არც სისხლის აღებისა, სანამ ქალაქში ჩასვლა არ დაგჭირდებათ მარაგის შესავსებად.
მატეო ფალკონე ამ ტევრის მახლობლად ცხოვრობდა, როდესაც კორსიკაში ვიყავი 18... წელს, იგი საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდა ანუ, უკეთ ვთქვათ, კეთილშობილად, იმიტომ რომ თვით არაფერს არ აკეთებდა, ხოლო თავს ირჩენდა თავისი ცხვრის ფარითა და საქონლის ჯოგით, რომელთაც მწყემსები ჰყავდათ მიჩენილი. როდესაც ის ორი წლის შემდეგ ვნახე იმ შემთხვევიდან, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მატეო ორმოცდაათი წლის კაცი იყო.
წარმოიდგინეთ მომცრო ტანის ჯმუხი მამაკაცი კუპრივით შავი თმით, არწივისებური ცხვირით, თხელი ტუჩებით, დიდი, ცოცხალი თვალებითა და სპილენძისფერი სახით. იგი სახელგანთქმულ მსროლელად ითვლებოდა თვით ამ ქვეყანაში, სადაც მრავალი კარგი მსროლელია. მატეო, მაგალითად, გარეულ ვერძს არასოდეს საფანტს არ ესროდა, არამედ ას ოცი ფეხის ნაბიჯზე ტყვიას ახვედრებდა თავსა და მხარში. ღამით თოფს ისევე თავისუფლად ხმარობდა, როგორც დღისით. მისი სიმარჯვის მაგალითები შეიძლება დაუჯერებლად ეჩვენოს ყველას, ვისაც კორსიკაში არ უმოგზაურია, ორმოც ფეხის ნაბიჯზე ანთებულ სანთელს დაუდგამდნენ თეფშისოდენა გამჭვირვალე ქაღალდის უკან. დაუმიზნებდა თუ არა, სანთელს ჩააქრობდნენ; ერთი წუთის შემდეგ, სრულ სიბნელეში, ქაღალდს ესროდა და ოთხიდან სამს მოარტყამდა.
თავისი მაღალი ხელოვნების წყალობით მატეო ფალკონემ დიდი სახელი მოიხვეჭა. ისევე ნაღდ მეგობრად ითვლებოდა, როგორც საშიშ მტრად; მაგრამ რადგან სულგრძელი და ხელგაშლილი იყო, ყველასთან მშვიდობიანად ცხოვრობდა პორტოვეკიოს ოლქში.
თუმცა ამბობდნენ, რომ კორტაში, საიდანაც ცოლი მოიყვანა, შეუბრალებლად გაუსწორდა, თავის მოქიშპეს, რომელიც საშიშ ადამიანად ითვლებოდა, როგორც ბრძოლაში, ისე სიყვარულშიო; ყოველ შემთხვევაში მატეოს გასროლილად სთვლიდნენ იმ ტყვიას, რომელმაც მოულოდნელად მისი მოქიშპე განგმირა, როცა იგი წვერს ფანჯარასთან იპარსავდა. როგორც კი ეს საქმე მიყუჩდა, მატეო დაქორწინდა. მისმა ცოლმა, ჯუზეპამ, ჯერ სამი ქალი აჩუქა (ეს გარემოება მას ააფთრებდა), ხოლო ბოლოს ვაჟი, რომელსაც ფორტუნატო დაარქვა; ეს იყო ოჯახის იმედი და გვარის განმგძობი. ქალები კარგად გათხოვდნენ: გაჭირვების დროს სიძეების ხანჯლები და კარაბინები მატეოს განკარგულებაში იქნებოდა. ვაჟი ათი წლისა გახდა, მაგრამ უკვე ეტყობოდა, კარგი ვაჟკაცი უნდა დამდგარიყო.
ერთხელ, შემოდგომაზე, მატეო ცოლითურთ ალიონზე წავიდა სახლიდან ტყის ნაკაფებში თავისი ჯოგის დასათვალიერებლად. პატარა ფორტუნატოსაც უნდოდა გაჰყოლოდა, მაგრამ საძოვარი შორს იყო და სახლის დატოვებაც არ შეიძლებოდა სრულიად უპატრონოდ. ამიტომ მამამ არ წაიყვანა; შემდეგ დავინახავთ, როგორ ინანა.
უკვე რამდენიმე საათი გავიდა, რაც მატეო წავიდა; პაწია ფორტუნატო მზის გულზე იწვა, ლურჯ მთებს გასქეროდა და ოცნებობდა - მომავალ კვირას სადილად ბიძია კაპრალს ვესტუმრები ქალაქშიო.
უცებ მისი ოცნება თოფის ხმამ შესწყვიტა. ზეზე წამოხტა და იქით გაიხედა, საიდანაც ეს ხმა მოისმა. თოფის სროლა უფრო და უფრო ახლო განმეორდა. ბოლოს ბილიკზე მამაკაცი გამოჩნდა; მას მთიელის წვეტიანი ქუდი ეხურა, გრძელი წვერი ჰქონდა და ძონძებში იყო გახვეული, თოფს დაყრდნობოდა ყავარჯენივით, მაგრამ მაინც ძლივს მოაბიჯებდა: ეს-ეს იყო ტყვია მოხვედროდა ბარძაყში.
ეს კაცი ფირალი იყო. იგი ღამით ქალაქში წასულიყო ტყვია-წამლის საყიდლად, მაგრამ გზად კორსიკელი ვოლტიჟერების რაზმის საფარს წასწყდომოდა. განწირული შეტაკების შემდეგ მას თავი დაეღწია თავისი მდევრებისა და მათი ტყვიებისათვის და ისეთი ციცაბო კლდეები გადაელახა, სადაც მხოლოდ მთიულსა და გარეულ ნადირს შეუძლია სიარული. მაგრამ ვოლტიჟერები ფეხდაფეხ მოსდევდნენ და ჭრილობაც ნებას არ აძლევდა გზა განეგრძო ტევრისკენ.
ის ფორტუნატოს მიუახლოვდა და ჰკითხა:
- მატეო ფალკოეს შვილი ხარ?
- დიახ.
- მე ჯიანეტო სანპიეროს მეძახიან.
ყვითელსაყელოიანები მომდევენ. სადმე დამმალე, მეტი სიარული აღარ შემიძლია.
- რას მეტყვის მამა, თუ მის ნებადაურთველად დაგმალე?
- გეტყვის, კარგი გიქნიაო.
- ვინ იცის?
- ჩქარა დამმალე, შორს აღარ არიან.
- დაიცა, სანამ მამა დაბრუნდებოდეს.
- როგორ თუ დავიცადო? ხუთ წუთში აქ იქნებიან. დამმალე, თორემ მოგკლავ.
- შენი თოფი დაცლილია, სამასრეში კი ტყვიები აღარ გაქვს.
- სატევარი ხომ მაქვს.
- ჰო, მაგრამ განა შეგიძლია დამეწიო?
ბავშვი განზე გადახტა რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე.
- არა, შენ მატეო ფალკონეს შვილი არა ხარ! ნუთუ ჩემს თავს შენი სახლის წინ დააჭერინებ?
ფორტუნატო, ცოტა არ იყოს, შეკრთა.
- რას მომცემ, რომ დაგმალო? - თქვა მან და ჯიანეტოს მიუახლოვდა.
ფირალმა ხელი ჩაჰყო ტყავის ჩანთაში, რომელიც სარტყელზე ჰქონდა ჩამოკიდებული და ხუთფრანკიანი ამოიღო. ეს ფული, ალბათ, თოფის წამლის საყიდლად ჰქონდა გადანახული. ვერცხლის ფულის დანახვაზე ფორტუნატომ გაიღიმა, ბრჭყვიალა ლითონს ხელი სტაცა და ჯიანეტოს წასჩურჩულა:
- ნუ გეშინია.
მაშინვე შესაძრომი გააკეთა თივის ზვინში, რომელიც იქვე იდგა სახლის გვერდით.
ფირალი შიგ შეძვრა, ბავშვმა თივა ისე მიაყარა, რომ უჰაერობისაგან არ დამხრჩვალიყო და გარედან არც არაფერი გამოჩენილიყო. გარდა ამისა, პაწია ველური ადამიანის ოინს მიმართა: მოათრია კნუტებიანი კატა და ზვინზე დასვა, რათა კაცს სჩვენებოდა, თივას დიდი ხანია არავინ მიჰკარებიაო.
ბოლოს მიწა დააყარა სისხლის კვალს ბილიკზე და ხელახლა მზეზე წამოწვა სრულიად დამშვიდებული.
რამდენიმე წუთის შემდეგ მატეოს სახლთან ექვსი ყვითელსაყელოიანი ყავისფერტანისამოსიანი მამაკაცი გაჩნდა ათისთავის მეთაურობით. ეს ათისთავი ფალკონეს შორეული ნათესავი იყო. კორსიკის მთებში ნათესაური კავშირი უფრო შორს მიდის, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში. მას ტეოდორ გამბას ეძახდნენ. იგი ძალიან ყოჩაღი იყო, ფირალები დაშინებული ჰყავდა, მრავალი მათგანი დაეჭრა კიდეც.
- გამარჯობა, ძმისწულო, - უთხრა ფორტუნატოს: - როგორ გაზრდილხარ! აქ გავლილი კაცი ხომ არ დაგინახავს?
- მაინც თქვენოდენა არა ვარ, ბიძია, - უპასუხა ბავშვმა გულუბრყვილოდ.
- არა უშავს რა, გაიზრდები. მაშ მითხარი, გზაზე ხომ არავინ დაგინახავს?
- ხომ არ დამინახავს?
- ჰო, მამაკაცი, რომელსაც შავი ხავერდის გიდელა ქუდი ახურავს და წითელ-ყვითელი ძაფით ამოქარგული ხალათი აცვია.
- მამაკაცი, რომელსაც შავი ხავერდის გიდელა ქუდი ახურავს და წითელ-ყვითელი ძაფით ამოქარგული ხალათი აცვია?
- ჰო, ჰო, ჩქარა მიპასუხე და ჩემს კითხვებს ნუ იმეორებ.
- დღეს დილით ჭიშკართან მღვდელმა გაიარა, ცხენზე იჯდა. მკითხა, მამა როგორ არისო, მე ვუპასუხე...
- ეი, მატყუარავ, (რაღაცას ეშმაკობ), ჩქარა მითხარი, საით წავიდა ჯიანეტო.
ჩვენ მას ვეძებთ, და ნამდვილად ვიცი, რომ აქ გაიარა.
- საიდან იცი?
- როგორ თუ საიდან? ვიცი, რომ შენ დაინახე.
- განა ვისმე დაინახავ, როცა გძინავს?
- შენ არ გძინებია, ეშმაკის ფეხო! თოფის ხმამ გაგაღვიძა.
- მაშ თქვენ გგონიათ, თქვენი თოფები აგრე სჭექენ? მამაჩემის კარაბინი ზარბაზანივით ქუხს.
- ეშმაკმა წაგიღოს, შეჩვენებულო ბიჭო! დარწმუნებული ვარ, რომ ჯიანეტო დაინახე. შეიძლება დამალულიც გყავს. ამხანაგებო, - მიმართა ათისთავმა ჯარისკაცებს, - შედით სახლში და კარგად გაჩხრიკეთ, შეიძლება იქ იმალებოდეს. მას ერთი თათიღა დარჩა ჯანსაღი. იმ არამზადას იმდენი ჭკუა კი აქვს, რომ კოჭლობით გზას არ გაუდგეს ტევრისაკენ. გარდა ამისა, სისხლის ნაკვალევი აქ თავდება.
- რას იტყვის მამა, როცა გაიგებს, რომ ჩვენს სახლში ნებადაურთველად შეხვედით?
- გარეწარო, დაუყვირა ათისთავმა გამბამ და ყურში ხელი სტაცა. - თუ მოვისურვე, სხვანაირად აგამღერებ! საკმაოა ოცჯერ ხმალი შემოგკრა სიბრტყით, და სიმართლეს მეტყვი.
ფორტუნატო წინანდებურად იღიმებოდა.
- მამაჩემი მატეო ფალკონეა! - თქვა ხმის აწევით.
- იცი თუ არა შენ, ჭინკავ, რომ შემიძლია ქალაქში ჩაგიყვანო? იქ ვუბრძანებ ციხეში ჩაგსვან, ჩალაზე დაგაგდონ, ბორკილები დაგადონ და თავიც მოგჭრან, თუ არ მეტყვი სად იმალება ჯიანეტო სანპიერო.
ბავშვს ხარხარი აუტყდა ასეთი სასაცილო მუქარის გაგონებაზე; მან გაიმეორა:
- მამაჩემი მატეო ფალკონეა.
- ათისთავო, - თქვა ხმადაბლა ერთმა ჯარისკაცმა, - ნუ გადავიმტერებთ მატეოს.
გამბას აშკარად შეშფოთება ეტყობოდა.
იგი ხმადაბლა ესაუბრებოდა ჯარისკაცებს, რომელთაც უკვე მთელი სახლი გაჩხრიკეს. ამას ბევრი დრო არ დასჭირვებია, იმიტომ რომ ყოველი კორსიკელის ბინა ერთ ოთახს შეიცავს. მთელი მისი მოწყობილობა ერთი მაგიდასა, ორიოდე სკამისა, ზანდუკებისა და თოფ-იარაღისაგან შედგება. იმავე დროს, პაწია ფორტუნატო კატას ეფერებოდა და, როგორც ეტყობოდა, კმაყოფილი იყო თავისი ნათესავის და მისი ჯარისკაცების შეშფოთებით.
ერთი ჯარისკაცი თივის ზვინს მიუახლოვდა. კატას შეხედა და ხიშტი ჰკრა თივას, ამასთანავე მხრები აიჩეჩა, თითქოს თვით გრძნობდა, ეს სიფრთხილე სასაცილოაო. არაფერი განძრეულა და ბავშვის სახეზეც არავითარი მღელვარება არ გამოხატულა.
ათისთავმა და მისმა რაზმმა მოთმინება დაჰკარგეს; ისინი უკვე დაბლობისაკენ იცქირებოდნენ, თითქოს უკან დაბრუნებას ფიქრობდნენ; მაგრამ უცებ გამბამ გადაწყვიტა უკანასკნელი ღონისძიებისათვის მიემართა და ალერსითა და საჩუქრებით მოენადირა უშიშარი ბავშვის გული.
- ძმისწულო, - თქვა მან, - შენ ყოჩაღი ბიჭი ხარ, კარგი მომავალი გელის, მაგრამ შენი დღევანდელი საქციელი დასაძრახისია.
ჩემი ნათესავის, მატეოს გაჯავრებისა რომ არ მეშინოდეს, ეშმაკს ვფიცავ, თან წაგიყვანდი.
- ვაჰ!
- მაგრამ, როცა მატეო დაბრუნდება, ყველაფერს ვუამბობ, და ისე გცემს ტყუილის თქმისთვის, რომ სისხლს გადენს.
- თქვენ ასე ფიქრობთ?
- აი ნახავ... მაგრამ მისმინე... თუ კარგად მოიქცევი, რაღაცას გაჩუქებ.
- მე კი, ბიძია, ერთ რჩევას გაძლევ. თუ კიდევ დააყოვნებ, ჯიანეტო ტევრს შეაფარებს თავს, და მაშინ კიდევ რამდენიმე თქვენისთანა ძმაბიჭი დაგჭირდებათ მის დასაჭერად.
ათისთავმა ჯიბიდან ძეწკვიანი ვერცხლის საათი ამოიღო და ხელში დაიჭირა. იგი ათი ეკიუ მაინც ღირდა. პატარა ფორტუნატოს თვალები გაუბრწყინდა.
- ეშმაკის ფეხო, შენ, ალბათ, ასეთი საათის ჩამოკიდება გინდა გულზე. ფარშავანგივით ამაყად გაივლი პორტოვეკიოს ქუჩებში; გამვლელები გკითხავენ: რომელი საათია, ფორტუნატო? შენც უპასუხებდი: დახედეთ ჩემს საათსო.
- როცა დიდი გავიზრდები, ქალაქელი ბიძია ისედაც მაჩუქებს საათს.
- ჰო, მაგრამ შენი ქალაქელი ბიძის ვაჟს უკვე აქვს საათი.
ის კი შენზე პატარაა.
ბავშვმა ამოიოხრა.
- მაშ, გინდა თუ არა ეს საათი?
ფორტუნატომ ალმარეცად შეხედა ძვირფას ნივთს, როგორც კატამ, რომელსაც ეშინია ბრჭყალებით შეეხოს გემრიელ ლუკმას და პირს არიდებს მას, თითქოს პატრონს ეუბნებოდეს, რა სასტიკია შენი ხუმრობაო!
მაგრამ, ათისთავ გამბას, ეტყობოდა, მართლაც უნდოდა საათის ჩუქება. ფორტუნატოს ხელი არ გაუწვდია, მხოლოდ მწარე ღიმილით უთხრა:
- რად დამცინით?
- გეფიცები, არ დაგცინი! მხოლოდ მითხარი, სადაა ჯიანეტო და საათი შენი იქნება.
ფორტუნატომ თვალი თვალში გაუყარა ათისთავს, ცდილობდა გამოეცნო, შეიძლება თუ არა მის სიტყვებს ვერწმუნოო.
- ჯარისკაცის პატიოსან სიტყვას გაძლევ, - წამოიძახა ათისთავმა, - საათს მოგცემ ამისთვის: ჯარისკაცები მოწმეები არიან; მე არ შემიძლია სიტყვა გავტეხო.
საათი სახესთან მიუტანა, თითქმის ეხებოდა ბავშვის გაფითრებულ ლოყას. ბავშვს სახეზე ეხატებოდა ბრძოლა, რომელიც მის სულში წარმოებდა საათის მიღების მძაფრ სურვილსა და სტუმართმოყვარეობის ვალდებულებას შორის. გაღეღილი მკერდი უთრთოდა, გული ყელში ებჯინებოდა. ამავე დროს საათი მის თვალწინ ტრიალებდა და რამდენჯერმე ცხვირის წვერს მოხვდა.
ბოლოს ნელ-ნელა ხელი გაიწოდა საათისაკენ, შეეხო მას... ციფერბლატი ცისფერი იყო, ახლად გაწმენდილი.
ვერცხლის სახურავი მზეზე ბრჭყვიალებდა... მეტად დიდი იყო ცდუნება.
ფორტუნატომ მარცხენა ხელი ასწია და ცერით მიუთითა უკან, ზვინისკენ, რომელსაც თვით იყო მიყრდნობილი. ათისთავი მაშინვე მიხვდა. ძეწკვს ხელი გაუშვა და ფორტუნატო საათის ერთადერთი მფლობელი გახდა. იგი ქურციკივით განზე გახტა. ვოლტიჟერები იმწუთშივე ზვინის დაშლას შეუდგნენ. თივა შეინძრა და თავი გამოჰყო სისხლში მოსვრილმა ხანჯალიანმა მამაკაცმა.
მაგრამ, როცა ფეხზე წამოდგომა დააპირა, ძალ-ღონემ უღალატა, და მიწაზე დაეცა. ათისთავი ეცა და სატევარი გამოგლიჯა, მაშინვე მაგრად გაბაწრეს.
ჯიანეტო მიწაზე ეგდო, როცა ფორტუნატო მიუახლოვდა.
- არამზადავ! - უთხრა მას ფირალმა უფრო ზიზღით, ვიდრე გულისწყრომით.
ბავშმა უკან გადაუგდო ვერცხლის ფული, რადგან იფიქრა, არ დამიმსახურებიაო, მაგრამ ფირალმა ამას, როგორც ეტყობა, არავითარი ყურადღება არ მიაქცია. მან სრულიად დამშვიდებულად მიმართა ათისთავს:
- ძვირფასო გამბა, სიარული აღარ შემიძლია; ჩემი ხელით წაღება მოგიხდებათ ქალაქში.
- ეს არის ჯიხვის სისწრაფით გაგვირბოდი, - უპასუხა ათისთავმა, - მაგრამ არა უშავს, მე ისე მიხარია შენი დაჭერა, რომ ზურგით გატარებ და დაღლილობას არ ვიგრძნობ. ჩვენ, მეგობარო, ტახტრევანს გაგიმართავთ შტოებისა და შენივე წამოსასხამისაგან, ხოლო კრესპოდის ფერმაში ჩასვლილას ცხენებს ვიშოვით.
- ძალიან კარგი, - თქვა დატყვევებულმა. - მხოლოდ ცოტა ჩალა დასდეთ ტახტრევანზე, რომ გვერდები არ მეტკინოს.
სანამ ვოლტიჟერები ფუსფუსებდნენ, - ზოგი წაბლის შტოების ტახტრევანს კრავდა, ზოგი ჯიანეტოს ჭრილობას უხვევდა, ტევრისკენ მიმავალი ბილიკის მოსახვევში მატეო ფალკონე გამოჩნდა ცოლითურთ. დედაკაცი ქედმოხრილი მოდიოდა, ზურგზე უზარმაზარი, წაბლით სავსე ტომარა მოეკიდებინა. ქმარი კი მსუბუქათ მოაბიჯებდა; ერთი თოფი ხელში ეჭირა, ხოლო მეორე მხარზე ეკიდა, რადგანაც ვაჟკაცს არ შეჰფერის რაიმე ტვირთი ზიდოს, გარდა თოფ-იარაღისა.
ჯარისკაცების დანახვაზე მატეოს თავში აზრმა გაუელვა, ალბათ ჩემს დასაჭერად არიან მოსულიო.
მაგრამ რა? განა რაიმე უთანხმოება ჰქონდა პოლიციასთან? არა, მას არც მთავრობის, არც ხალხის თვალში სახელი არ ჰწონია გატეხილი; მაგრამ იგი კორსიკელი მთიელი იყო, კორსიკელ მთიელებს შორის კი იშვიათია ისეთი ვაჟკაცი, რომელსაც წარსულში რაიმე პაწია ცოდვა არ ჩაედინოს, ვისმესთვის თოფი არ ესროლოს ან სატევარი არ ჩაეცეს. მატეოს სხვებზე უფრო სუფთა სინდისი ჰქონდა, რადგან ათ წელიწადზე მეტია მისი თოფი კაცისკენ არ მიმართულიყო; მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა, და ვოლტიჟერების დანახვაზე, ყოველი შემთხვევისათვის, თავის დასაცავად მოემზადა.
- დედაკაცო, - უთხრა მან ჯუზეპას, - ტომარა მიწაზე დასდე და მზად იყავ.
ცოლმა მაშინვე შეასრულა მისი ბრძანება. მატეომ ერთი თოფი ქალს გადასცა, მეორე გატენა და ნელის ნაბიჯით გაემართა სახლისაკენ, მხოლოდ გზის პირად ჩამწკრივებულ ხეებს მიჰყვებოდა, რათა მტრული მოქმედების დაწყებისთანავე რომელიმე მსხვილ წაბლის ხეს ან წიფელს ამოჰფარებოდა და პასუხი გაეცა. ცოლი ფეხდაფეხ მისდევდა, ხელში სათადარიგო თოფი და სამასრე ეჭირა. ბრძოლის დროს კარგი დიაცის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ქმარს თოფი დაუტენოს.
მეორე მხრივ, არც ათისთავს ესიამოვნა, როცა თვალი მოჰკრა მატეოს, რომელიც ჩახმახშეყენებული თოფით მოდიოდა ფეხაკრეფით.
- ვაი თუ მატეო ჯიანეტოს მოკეთე ან მეგობარია და მისი დაცვა მოისურვოს, - გაიფიქრა ვოლტეჟერთა მეთაურმა: - მაშინ მისი ორი თოფის ორ ტყვიას ორი ჩვენგანი ისევე სწორად მიიღებს, როგორც ფოსტით გამოგზავნილ წერილს. შეიძლება არც მე დამინდოს სისხლის ნათესაობის მიუხედავად!
ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ მან ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო, პირდაპირ წასულიყო მატეოსაკენ და ყოველივე ეამბნა, როგორც ძველი ნაცნობისათვის, მაგრამ მოკლე მანძილი, რომელიც მატეოსგან ჰყოფდა, დაუსრულებლად ეჩვენა.
- ეჰეი, ძველო მეგობარო! - დაუძახა მან, - როგორც ცხოვრობ? ეს მე ვარ, გამბა, შენი ნათესავი!
მატეო უსიტყვოდ გაჩერდა და თოფი ნელა ამართა, ისე რომ, როცა ათისთავი მიუახლოვდა, პირი სწორედ მისკენ იყო დამიზნებული.
- გამარჯობა, ძმაო, - უთხრა ათისთავმა და ხელი გაუწოდა... - დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
- გაგიმარჯოს, ძმაო.
- გზად გამოვიარე შენი და ჯუზეპას სანახავად.
დღეს კარგი ნადირობა გვქონდა და, თუმცა დავიღალეთ, დიდი ფრინველი დავიჭირეთ. ესაა ჯიანეტო სანპიერო ვიგდეთ ხელში.
- მადლობა ღმერთს! - წამოიძახა ჯუზეპამ, - მეწველი თხა მოგვტაცა გასულ კვირაში.
ეს სიტყვები ესიამოვნა გამბას.
- საბრალოს შიოდა და რა უნდა ექნა, - ჩაილაპარაკა მატეომ.
- იგი ლომივით იცავდა თავს, - განაგრძო ათისთავმა ცოტა არ იყოს ნაწყენი კილოთი, - ერთი ჯარისკაცი მოგვიკლა, ერთსაც ტყვიით ხელი დაუჩეჩქვა... შემდეგ ისე მიიმალა, ეშმაკიც ვერ იპოვნიდა. შენი პატარა ფორტუნატო რომ არ ყოფილიყო, ვერასოდეს აღმოვაჩენდით.
- ფორტუნატო! - წამოიძახა მატეომ.
- ფორტუნატო! - გაიმეორა ჯუზეპამ.
- დიახ! ჯიანეტო ამ ზვინში დამალულიყო; მაგრამ ჩემმა პატარა ძმისწულმა გვიჩვენა მისი ბუნაგი. ქალაქიდან რაიმე საჩუქარს გამოვაგზავნინებ მისთვის. ამას გარდა, შენი და მისი სახელი აღინიშნება მოხსენებაში, რომელსაც მთავარ მსაჯულს წარვუდგენ.
- შეჩვენებული! - ხმადაბლა წარმოთქვა მატეომ.
სამივენი სახლთან მივიდნენ. ჯიანეტო საკაცეზე იწვა, წაყვანას უპირებდნენ კიდეც.
როცა გამბას გვერდით მატეო დაინახა, უცნაურად გაიღიმა, სახლისკენ მიბრუნდა, ზღურბლს მიაფურთხა და თქვა:
- გამცემლის სახლი!
მხოლოდ სასიკვდილოდ განწირული კაცი თუ გაბედავდა მატეოსთვის გამცემელი ეწოდებინა. სატევრის ჩაცემა, რომელსაც განმეორება აღარ სჭირია, დაუყოვნებლივ შურს იძიებდა შეურაწყოფისათვის. მაგრამ ახლა მატეომ მხოლოდ შუბლზე მოისვა ხელი, როგორც ადამიანმა, რომელიც განადგურებულია მომხდარი ამბით და ვერ გამორკვეულა.
ფორტუნატო სახლში შევიდა მამის დანახვისთანავე. ჩქარა დაბრუნდა, ხელში რძით სავსე დოქი ეჭირა, ჯიანეტოს მიაწოდა, ისე რომ მისთვის თვალი არ გაუსწორებია.
- გამეცალე აქედან! - დაიღრიალა დატყვევებულმა საშინელი ხმით.
შემდეგ ერთ ჯარისკაცს მიუბრუნდა და უთხრა:
- ამხანაგო, წყალი დამალევინე.
ჯარისკაცმა თავისი თასი მიაწოდა, და ფირალმა წყალი მიიღო იმ ადამიანის ხელიდან, რომელიც ცოტა ხნის წინათ ცხელ ტყვიებს სთავაზობდა. შემდეგ ითხოვა ზურგზე კი არა, გულზე შემიკარით ხელებიო.
მისი სურვილი შესრულებულ იქნა.
ათისთავმა ნიშანი მისცა ავიშალოთო, გამოემშვიდობა მატეოს, რომელსაც პასუხი არ გაუცია, და ჩქარი ნაბიჯით დაეშვა დაბლობისაკენ.
ათმა წუთმა განვლო, სანამ მატეო კრინტს დაძრავდა. შეშფოთებული ბავშვი ხან დედას უცქეროდა, ხან მამას, რომელიც თოფს იყო დაყრდნობილი და თავშეკავებული გულისწყრომით უცქეროდა.
- კარგად იწყებ ცხოვრებას! - თქვა ბოლოს მატეომ დამშვიდებული ხმით, მაგრამ ვინც მას იცნობდა, ამ ხმაში მუქარას გაიგონებდა.
- მამა! - წამოიძახა ბავშვმა, თვალცრემლიანი მივარდა და დაჩოქებას აპირებდა.
- უკან დაიწი! - შეჰყვირა მატეომ.
ბავშვი უმოძრაოდ გაჩერდა რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე; იგი უხმოდ ქვითინებდა.
ჯუზეპა მიუახლოვდა ქმარ-შვილს.
მან ფორტუნატოს ძეწკვი დაუნახა ხალათქვეშ.
- ვინ მოგცა ეს საათი? - ჰკითხა მკაცრად თავის შვილს.
- ჩემმა ბიძამ ათისთავმა.
ფალკონემ ხელი სტაცა საათს, ქვაზე დაანარცხა და ნამსხვრევებად აქცია.
- დედაკაცო, ჩემია თუ არა ეს ბიჭი?
ჯუზეპას შავგვრემანი სახე შეუფაკლდა.
- რას ამბობ, მატეო? დაფიქრდი, ვის ეუბნები ამას.
- მაშინ ეს ბიჭი პირველია, რომელმაც ღალატი ჩაიდინა ჩვენს გვარში.
ფორტუნატო კვლავ ცრემლებს ღვრიდა, ხოლო მატეოს ფოცხვერისებური თვალები მას მიშტერებოდა. ბოლოს მატეომ თოფის დუმა მიწას დაარტყა, მოტრიალდა, თოფი მხარზე გადაიდო და ფორტუნატოს უბრძანა, უკან გამომყევ ტევრისკენო. ბავშვი უსიტყვოდ დაემორჩილა.
ჯუზეპა ქმარს უკან დაედევნა და სახელოში ჩაეჭიდა.
- ეს ხომ შენი შვილია, - შესძახა მან მთრთოლვარე ხმით და თავისი შავი თვალებით თვალებში ჩააცქერდა, თითქოს მისი სულის წაკითხვას ლამობსო.
- თავი დამანებე! მე მამა ვარ! - უპასუხა მატეომ.
ჯუზეპამ ვაჟი გულში ჩაიკრა, აკოცა და ტირილით დაბრუნდა შინისკენ. იქ ღვთისშობლის ხატის წინაშე დაემხო და გულმხურვალე ლოცვა დაიწყო. ამავე დროს მატეომ ორასიოდე ნაბიჯი განვლო ბილიკზე და პატარა ხრამის ნაპირას შეჩერდა. ნიადაგი მოსინჯა თოფის დუმით, რბილი აღმოჩნდა, ადვილი იყო მისი გათხრა. ეს ადგილი შესაფერისად ეჩვენა თავის განზრახვის შესასრულებლად.
- ფორტუნატო, გაჩერდი იმ დიდი ლოდის მახლობლად!
ბავშვმა ბრძანება შეასრულა, შემდეგ მუხლებზე დაეცა.
- ლოცვები წაიკითხე!
- მამა, მამა, ნუ მომკლავ!
- ლოცვები წაიკითხე! - გაუმეორა მატეომ საშინელი ხმით.
ბავშვმა ცახცახით და ქვითინით წაიკითხა ”მამაო ჩვენო” და ”მრწამსი”.
მამამ მტკიცე ხმით ”ამინ” დაუმატა თვითეულ მათგანს.
- სხვა ლოცვები არ იცი?
- მამა, ვიცი კიდევ ქალწულის ლოცვა და ლიტანია, რომელიც ძალუამ მასწავლა.
- ეს გრძელია, მაგრამ არა უშავს, წაიკითხე.
ბავშვი სუსტი ხმით ათავებდა ლიტანიას.
- გაათავე?
- გაათავე?
- მამა, შემიბრალე. არასოდეს ამას აღარ ვიზამ! ბიძია კაპრალს შევეხვეწები აპატიოს ჯიანეტოს!
იგი კიდევ რაღაცას ლიღლუღებდა. მატეომ თოფი დაუმიზნა და უთხრა:
- ღმერთმა გაპატიოს!
ბავშვმა სასოწარკვეთილად ძალა მოიკრიბა, უნდოდა წამომდგარიყო და მუხლებში ჩავარდნოდა მამას, მაგრამ გვიანღა იყო. მატეომ გაისროლა და ფორტუნატო უსულოდ დაეცა.
მატეოს გვამისთვის არ შეუხედავს, სახლისკენ გაემართა, რათა ნიჩაბი მოეტანა და საფლავი გაეთხარა. ორიოდე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, წინ ცოლი გადაეღობა, სწოლის ხმას შეეშფოთებინა.
- რა ჩაიდინე? - შეჰბღავლა ქალმა.
- მართლმსაჯულება შევასრულე დამნაშავის მიმართ.
- სად არის?
- ხრამის პირას, ახლავე დავასაფლავებ. მოკვდა როგორც ქრისტიანი; მღვდელს ვაწირვინებ. ჩვენს სიძეს, ტეოდორო ბიანკის უნდა შევუთვალოთ, ჩვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლად..