რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

იმამ შამილი 

მზე ეშვება ნელინელ: თითქო დიდი თვალი, მწიფე შვინდის ფერი, მეწამულ-დამუქული, მინელებული. ყუდრო არუში გაისმის მხოლოდ ფრუტუნი ცხენთა. ბედაურები, უნაგირმოუხსნელნი, მწვანე ზავთიან მოლზე საძოვრად მიუშვიათ. ბორცვის განიერ ფერდობზე შამილის ნაიბებს ნაბდები გაუფენიათ-ისვენებენ მეომარნი, მხართეძოზე ნებივრად გართხმულნი, აქ არიან: სურახაი კოღელი, ახვერდი-მაღომა ხუნძახელი, ჯევარდ-ხან დარგოელი, ანზორ კარეხელი, ხაგნარ-დიბირ გიგატლოელი, მიქაილ ხორაკელი, არიან ჩაჩანნიც თუ ყაბარდოითგან. აქვეა თავჩენილი ნაიბიც: ხაჯი მურად. დაღვრემილნი აყოლებენ თვალს ჩამავალ მზეს მეომარნი. არაა ხალისი მღერისათვის–მით უფრო როკვისათვის. ყველანი სდუმან.
დუმილში ერთი ფიქრი იხლართება მხოლოდ: ფიქრი სახსარდამშლელი. ჩვიდმეტი წელია, ძლევამოსილი შამილი იგერიებს მედგრად შემოსეულ ურდოებს რუსთა. მამაცურ იცავენ თავისუფალნი შვილნი კავკასიისა მშობელი მიწის ყოველ გოჯს. ხშირად კიდევაც ამარცხებენ რიცხვმრავალ მტერს. დარგოსთან ბრძოლაში სრული განადგურებაც აწვნიეს მას. ხოლო რუსნი არ დრკებიან მაინც, არ ცხრებიან: რაზმი რაზმს ემატება, მოგორავენ ვითარ ზვავნი მოხეთქილნი–ეტანებიან შეუვალ მაღლობებს, ხანდახან კიდევაც იპყრობენ რომელიმეს, და, შემდგომ: ეშვებიან სისხლით დამთვრალნი მშვიდობიან აულებში, აოხრებენ და არბევენ მათ. ჩვიდმეტი წელია, მარჯვედ ხვდება კავკასი მტერს. ხოლო როდემდის? იჭვი ღრღნის ნაიბებს როგორც მხვრები მატლი შუაგულს ნამორისა: მაჟაური. ნაღვლით განაბულნი თვალს ავლებენ მეომარნი ჩამავალ მზეს. ყველანი ფიქრობენ ერთსადაიმავეს.
ფიქრი საზარელია: ზავი. ხოლო ვინ გაბედავს: ეს სიტყვა ჩააწვეთოს მეთაურს? ორი დღის წინად შამილს ეახლენ სწორედ ამის გამო ჯევად–ხან და ხაგნარ–დიბირ. მორიდებით წარსდგენ რაინდის წინაშე. შორიდან იწყეს სიტყვამოკლე საუბარი, რათა ამ გზით, მიკიბულმოკიბულით თანისთან, შეპარვით სიტყვა ჩამოეგდოთ ზავზე. ხან ამას ეხებოდენ, ხან იმას. ხოლო მიადგებოდენ რა სახელდახელო გნდეს საუბარში–ესაა უნდა შვებულიყო სიტყვა „ზავი“–გნდე უეცრად უფსკრულის პირად იხსნებოდა და მყისვე იხევდნენ უკან შეშინებულნი. ხანდახან გახედავდა ირიბად ხაგნარ-დიბირ ჯევად-ხანს: ეგებ მან გაბედოს სათქმელიო–ჯევად-ხან გვერდულ ირიდებდა თვალში თვალგაყრას.
ორივენი შიშით იყვენ აყვანილნი. მათ იცოდენ: მეთაური არ ავარდებოდა რისხვით ზავის გაგონებისა–ხოლო იმასაც გრძნობდენ: არმხელილი რისხვა, შამილის განლიგებულ უძრაობაში შეკავებული, უარესი იქნებოდა, გაბრუნდენ: ზავი არ უხსენებიათ. დადუმებულნი გაჰყურებენ ნაიბები ჩამავალ მზეს, დუმილში ერთი ფიქრია გაბანდული: ზავი, ანაზდად თავს უხსნის დუმილს ერთი მათგანი: ახვერდი-მაღომა. „არ იქნება მიზანმხვედრი, რომ ხაჯი მურად ეახლოს შამილს მოსალაპაპაკებლადოო“. ერთი მკაცრი მოხედვა სახელგანთქმული მხედარისა განიერ დაყენებული თვალებით–მოხედვა უსიტყვო პასუხია: განა არ იციან მეგობრებმა, რომ მისსა და შამილის შუა უნდობლობის იჭვია გაქროლვილიი? უკუაგდეს არჩევანი. ახლა შუანეთს ასახელებს მეორე–ეს კოლელია სურახაი. ვინ არ იცნობს ამ ქალს, ერთერთ ცოლს შამილისა! ტომით სომეხი, მაგრად ნაკვთიერი, იგი ხშირად ახლავს თან მეომარ ქმარს, თვითონაც მეომარი, ვაჟურად ტანგადაცმული. სწორედ ამის გამო, ფიქრობენ ვიეთნი, ეს ატეხილი ამორძალი, გამბედავი და ბედზე მიმგდები ყოველისა, იგი ყურსაც არ ათხოვებს რაიმე აზრს დაზავებისა. ბჭობა გრძელდება. ბოლოს დედა ახსენეს შამილისა. გულს მოეშვათ ყველას: არჩევანი იგულვეს მისწრებად. გადასწყვიტეს: ხვალვე წასულიყო მასთან სურახაი, ხატუსა და ესაკის თანხლებით.
გათენდა დილა. არჩეულნი გაემგზავრნენ შამილის დედის სანახავად. მიუახლოვდენ სახლს. ჯერ გამოიკითხეს: მეთაური შინ იყო თუ არა. არ იყო. ამან გამბედაობა შეჰმატა მოსულთ. წარსდგენ დედის წინაშე, გულზე ხელდაკრეფით, თაყვანით თავდახრილნი. მოახსენეს განაზრახი ნაიბთა. მოხუცი ქალი, მოდუნებული ხოლო ჯერ კიდევ ძვალმაგარი, შეირხა მთელი ტანით. მან, დედამ, თვითონაც კარგად იცოდა უიმედო მდგომარეობა კავკასის თემთა–ხოლო კარგადვე იცოდა უტეხი ხასიათიც შვილისა.
დიდხანს იდგა გარინდული, მძიმე ფიქრებში გადასული. ნაიბები იდგენ დადუმებულნი, ლოდინით კიდევ უფრო აღელვებულნი. ბოლოს თანხმობა განაცხადა მოხუცმა: მოლაპარაკებოდა შვილს. მიგზავნილები გამოეთხოვენ მადლობით. ათი წუთიც არ გასულა, ავარდა მოხუცი უეცრად, გავარდა ეზოში, იხმო მსახურნი, უბრძანა: დასწეოდენ წასულებს–სურდა უკან წაეღო მიცემული სიტყვა? გვიანღა იყო. ნაიბები გასცლოდენ შორს მიდამოს უკვე. ამასობაში შამილიც გამოჩნდა: შემოიჭრა ეზოში ყარაბაღული ბედაურით, შვიდი მურიდის თანხლებით. დადევნების აზრი გაუქმდა. გადმოხტა ცხენიდან სარდალი მარდად. ეცვა ღვინისფერი ჩოხა, საყელოზე და სამაჯურებზე ბეწვეულით მოთული.
არც თუ მაღალი, ხოლო ნაკვთიერებით კვრივი და ტანოვანებით მაგრად სხმული, წელზე ხანჯალი, ფეხებზე მესტები, წვივებზე ტყავის ლეკვერთხები, თავზე თეთრი ჩალმა, მხრებზე დაშვებული, ნელი ბიჯით მიაშურა სასახლეს. დედაც თან გაჰყვა შორიახლო, ათრთოლებული. მას უყვარდა შვილი რაინდი: იგი იყო მისი სიხლი და ხორცი, ხოლო შვილში რაღაც უცნაურსაც გზნებდა ხოლმე: თითქოს კაცი კი არა ნადირი ეშვას. ჯერ კიდევ უშვი, სიურჩეს იჩენდა იგი დედის მუცელში. ხშირად აგონდებოდა ხოლმე დედას: თუ რა სიავით ახლტა იგი ერთხელ მის საშოში. ტკივილიც იგრძნო ორსულმა, ბასრი, თუცაღა ერთი წუთით. შევიდენ სასახლეში. მისხდნენ.
შამილმა მოხედა დედას მოღუშულმა–დედა შეირხა. შერხევაში ის ტკივილი გაახსენდა, არა: იგზნო. ფეხმოკვეთილი გრძნობს ერთი წუთით ტკივილსაც მოკვეთილი ფეხისა–ამგვარი იყო დედის მოგონება იმ ტკივილისა. შამილი სდუმდა. სახე უძრავი, თითქო უწვარი ხისაგან ნაკვეთი, უკვე საკმაოდ დფღფრული. თვალები შავი გველის ფერის, გამხვრელი ხედვით–ისინიც უძრავნი: თითქო ხამხამი არ სჩვეოდეთ სრულიად. ბაგე თვინიერ გაყვანილი და თანვე სასტიკ მოკუმული.
შესაძლოა, ბაგეს ოდნავი ღიმილი მოეფრქვია–თვალებს კი არასოდეს. მათი მხვრეტი ციალი თვით ჯალათსაც შეაკრთობდა, შამილი სდუმდა: პირგამეხილი, ალმოვლებული. ქერა წვერი, ეგებ შეღებილი, ალივლივებდა თითქო მის შინაგან ალს და თან: ამით ანელებდა მას. ხოლო უცნაური: გალინგების ქვე მისი ღნიოში სახისა იმალებოდა მძიმე სევდა, არამიწიერი კაეშანი.
„რა გნებავს?“ მიმართა შვილმა დედას.
კითხვამ გამოხსნა მოხუცი აუტანელ დაძაბულობისაგან. ნელი, დათუთქული ხმით გადასცა შვილს ნაიბთა გულნადები. შეჩერდა ათრთოლებული. შამილმა მოხედა დედას–დედა ატორტმანდა. ავი ცეცხლი აკიაფდა შვილის თვალებში ერთი წუთით. დედა შიშმა აიყვანა. შვილი აღარ იყო მისი შვილი, იგი უცხო იყო, სხვა, სულ სხვა.
„ვინ იყვნენ მოგზავნილნი?“ გაისმა კვლავ ხმა შამილისა: ეტყობოდა, ბოღმას იკავებდა.
„სურხაი, ხატუ, ესაკი“, მიუგო დედამ. „ხაჯი მურად?“ „არა“. ჩამოწვა დუმილი.
„დამტოვე მარტო!“ დედა მოცილდა.
შამილი დაფიქრდა. ხაჯი მურადს თუ მოუვიდა აზრად ეს უხამსი რამ?! ბრუ მოეხვია თავაღებულ მხედარს!? სახელი მურადისა შორს იყო გავარდნილი. აქა-იქ ხმაც გაისმოდა: როგორც მეომარი იგი თვით შამილსაც გაეტოლება და ცხენოსნობაში ხომ ვერცა ვინ შეედრებაო. ეგებ შამილის შენაცვლებაც აქვს ფიქრად როგორც იმამისა– ამას შიშნარევი ჩურჩულით აწვეთებდენ. ხმა შამილის ყურსაც წვდებოდა. ალაგმოს ეს თავგასული ნაიბიი?! ხოლო რა ლაგამი გაუძლებს ხაჯი მურადს?! შამილი კვიატ ფიქრებში იბნეოდა.
სხვებს რაღა დაემართათ, სხვებს: მკლავითა და ხრმლით ერთგულ ნაიბებს?! ისინიც წამოეგენ სასირცხვო გეგმას? დამძიმდა ფიქრი მეომარისა. ეგებ მართლაც აღარ შესწევთ ძალა თემთ, აღარ ყოფნით ჟინი: ნაცადი სიმარჯვით გაუმკლავდენ გარსმოხვეულ მტერს?! გაცუდდა ბუნება სარდლისა. გაიფიქრა: ეხლავ მოეხმო უმაღლესი საბჭო– ხოლო უკუაგდო ფიქრი წამსვე. იხმო მსახურნი. უბრძანა შეეკაზმათ ალისფერი ბუდაური. მოუყვანეს. მოევლო უნაგირს ვითარ გახელებული ავაზა. დაუკავა მარჯვედ ცხენს სადავე და გაექანა. მარტო გაეშურა: ერთი მურიდიც არ უახლია თან. მინავარდობდა მხედარი ველიდან ველზე. სიმშვიდე სულისა თანდათან აკლდებოდა, უსვენარობა ძარღვებში უვლიდა.
„ზავი“–ეს ხომ დაღი იქნება სიცხვილისა! არა და არა! უძლეველნი ნაშიერნი უძლეველ ავართა, რომელთაც ერთხელ თვით შაჰ-ნადირიც უკუაქციეს ძარღვშეშინებული–ეს ქედმაღალი და მრევი ხალხი რუსეთის მეფეს დაემორჩილოს?! არასოდეს! სიტყვა ტვინში იწვოდა–ხოლო დაეჭვება არ ცხრებოდა. მიაგელვებდა მხედარი ბედაურს, უეცრად ერთი განცდა მოაგონდა. მაშინ ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო. იბრძოდა ყაზი-მულლასთან ერთად შუაგულ გარსმოხვეული მტრისა: ალყაშემორტყმულ კოშკიდან შემოტევას იგერიებდა. გამოელია სასროლი. დანებდეს მტერს? არა და არა! გადმოხტა კოშკიდან, ეძგერა მტერს, გაარღვია რკალი, ხიშტი მკერდში შერჩა შეტეხილი, გავარდა, ამოეფარა ძეძვიან ბუჩქნარს, ამოიძრო სისხლიანი რკინა, გადააგდო, მიიმალა, მიინაბა, და აი ასე, ორი დღეღამის განმავლობაში, ებრძოდა ტკივილს, ძაბავდა ძალას, სძლია ჭრილობა. აი რა მოაგონდა, და საკვირველი. ჭრილობა, უკვე დიდი ხნის მორჩენილი, ამ წამს თითქოს კვლავ გაეხსნა მორკინალს.
შამილმა იგრძნო „ის“ ტკივილი. ეხლა კი დაჭრილივით გავარდა. ერთ ფერდობზე ბავშვები თამაშობდენ. კლდის მკერდიდან მოჩქრიალებდა ხალასი ნაკადი. ბიჭებს აეშიშვლებიათ მომცრო სატევრები და ცდილობდენ: ისეთი მარდი მოქნევით განეკვეთათ მაჯის-სიმსხო კვრივი ჩქერალი, რომ რკინაზე ერთი ცვარიც არ შერჩენილიყო. თითქო გლუვი რტოაო–ისე სხეპავდენ ნაკადს. შემდეგ გახედავდენ მზეზე გაწვდილ სატევარს: არ სჩანდა ცვარიი–სიხალისე სიმარჯვს ლესავდა.
შამილმა შეაყენა ცხენი, გადმოხტა. იქვე ქვებით მოკალულ აუზში ანკარა ტბორი იყო შეგუბებული. მიუშვა ცხენი დასალევად, თვითონ კი მოპეშვა ცინცხალი ჩქერალი ორხელ და განიგრილა დასიცხული პირი. ბავშვები შეჩერდენ, ხმაც გაკმინდეს: ეუცხოვათ ფრიად ეს მოღუშული და აბორგილი მხედარი, თითქო მუხა ყოფილიყო ნამეხარი. რამოდენიმე წუთი დუმილისა. შამილმა ჩაიფუჩუნა თითქოს თავისთვის, ბავშვური კილოთი და თან მომგები ღიმილით:
„გავანადგურებთ მტერს!“ „გავანადგურებთ და მერე როგორ!“ იხრიალეს ერთხმად პატარა მორკინალებმა. სიმხნევე მიეცათ.
„შამილი თუ გაგიგონიათ!“ შეეკითხა მხედარი ერთს მათგანს.
„შამილიი? როგორ არ გაგვიგონია!“ იჟივლეს მალხაზებმა ახალისებით. ის დაამარცხებს მტერს!“ „ასე ძალოვანია იგიი?“ შამილის ბაგე ღიმილით გაიხსნა. „შამილიი? ვინ სძლევს მას? იგი უძლეველია–გაზი!“ „ჩემზე უფრო ძლიერიი?“ „შენზეე? შენც გძლევს იგი! მისი მომრევი არავინაა!“
შამილს გული აუტოკდა. მარჯვენა თვალში ცრემლი იგრძნო მომდგარი, ცრემლი ნეტარებისა. დაღვაროს იგი აქ? არა: ამ ჩვილ მორკინალთ ცრემლს ვერ უჩვენებს, თუ გინდ ასეთსაც. მოახტა ბედაურს და გაექანა.
„შამილი შენცა გძლევს“–ეს სიტყვა არ ეშვებოდა მის სმენას. თავის თავი გაორებულიად ეჩვენებოდა. ეს მხედარი, ეხლა ცხენს რომ მიაგელვებს, იგია თვითონ: შამილი. ამავე დროს იგი სხვაცაა. შამილს სძლევს იგი „სხვაა?“ დეე, სძლიოს, ოღონდ მტერი სძლიოს!
მხედარმა მოუშვა სადავე და მიუშვა ცხენი: უმხილა გავარდნა. ბედაური გავარდა: ეხლა იგრძნო, ვინ იყო მხედარი. თვრებოდა ცხენი კუთებარეკილი–თვრებოდა მხედარი ძალაყრილი. რომელ უფსკრულს შეუშინდებოდა ცხენი? რა ჯებირი შეაკავებდა მხედარს? მინავარდობდა შამილი და გრძნობდა თან: ის „მეორე“, ის „სხვა“, ის მრევი ყველასი–მის არსში იზრდებოდა, როგორც ენგადი ამოხატულ წყაროს ტანში. ერთი ლელო კიდევ და: ამოშრეტილი ტანი აივსო. შამილში თითქოს ის „მეორე“ იშვა, ის „სხვა“, ის მრევი ყველასი. აღარ იყო სიღრუე, აღარ იყო გაორება. მრთელ იქმნა შამილ! გაჰქრა ის ტკივილიც, სრულიად.
მზე უკვე ჩასვენებული იყო, როცა იმამი დაბრუნდა. ეზოში მურიდები გაჰყვენ შორიახლო. შამილმა შეაღო კარი სალოცავისა. მურიდები შესდგენ, ცხენი იქვე მიაბეს. შამილი შევიდა სალოცავში. დაემხო ჯვარედინ მოკეცილ მუხლებზე. ყურები თითებით დაიჭდო. მოხუჭა თვალები. ლოცვად დავარდა. შამილს რწამდა ხრმალი და მას რწამდა ალლაჰ–ეს ორი მხოლოდ. ხრმალი და ალლაჰ მის არსში ერთიმეორეს ეცილებოდენ – შეცილებაში მტკიცდებოდა ისლამი.
მლოცველი მიეცა შინაგან სმნას: ნელინელ, თანდათან, მძაფრდაზმული ნაბვით. ელოდა ლოცვადდავარდნილი იდუმალ ხმას: თუ რას ამცნევდა იგი ნაიბების გარდაწყვეტილების გამო. ელოდა, ელოდა. საღამო ღამედ იქცა–იმამი სალოცავში იმყოფებოდა. გათენდა დილა – იმამი არ გამოსულა. დღე მიიწურა – იმამი არ სჩანდა. შიშმა მოიცვა ყველანი. გაეშურნენ მიზგითისაკენ. დედა იმამისა, ცოლნი მისნი, ვაჟები და ცირები მისნი, „ნუკერები“–მსახურნი, მურიდები, უხუცესნიც უმაღლესი საბჭოსი და მათ შორის: ჯალალ-ედდინ, მასწავლებელი და სიმამრი იმამისა. შამილი არ სჩანდა. შიში მოედო აულებს, თემებს. გამოეშურენ გუნიბისაკენ. დიდი და პატარა, ქალი და კაცი, შამილი არ სჩანდა. მოვარდენ სხვადასხვა მხრიდან ნაიბები აქაფებული ცხენებით, შამილი არ სჩანდა. რა დაემართა? შიში ურვად იქცა. ბჭობდენ, თათბირობდენ, რა ექნათ. ნაიბებმა აირჩიეს წილისყრა, თუ ვის უნდა ხვედროდა: შეეღო კარი სალოცავისა. შეუდგენ წილისყრას. ამ დროს კარიც შეირხა: გამოჩნდა იმამი. იგრიალა ხალხმა.
„იმამ! იმამ! ლა ილლაჰ ილ ალლაჰ!“ იმამი შესდგა მაღალ საფეხურზე: გაფითრებული, ჩაფერფლილი, იდგა უძრავად. არას იტყოდა. ხალხი გაინაბა სუნთქვაშეკული. იმამი იდგა ხალხის წინ: როგორც მოსე, ამწვარ-უმწვარი ბურდიდან მოვლენილი, ისრაელის მიმართ, ხელში „ათი მცნებით,“ იმამს „ცნება“ ტვინში ჰქონდა ამოჭრილი, ხალხი გაისუდრა დუმილში. იმამი თვლში თვალს არ უყრიდა არავის: მზერა მისი შორეთში ინთქებოდა, ვითარ ხილვა ზმანეულისა. წუთი აუტანელი. როგორც იქნა გაეხსნა მოვლენილს ათრთოლებით ბაგე. ხალხი სმენად იქცა და: მოესმათ მოგროვილთ საშინელი სიტყვანი, თითქო ნაკვერჩხლებად დატეხილნი: „ასჯერ სახრე…მას…ვინც…პირველმა…გაუწყა…ზავის ჩამოგდების…განზრახვა…მამცნო პროფეტმა…“ იმამი ეხლა ენაბრგუ–აქაც თუ ემზგავსა მოსეს–დადუმდა.
ხალხი ატორტმანდა რეტდასხმული, ზარდაცემული. თვალი თვალს ეყროდა გაშტერებით. ნაიბებმა დახარეს თავი. „ვინ იყო ის პირველი?“ გაისმა უეცრად მყივანი ხმა ერთი ქალისა. ზარდაცემა ეხლა ხუთვად იქცა. მყისვე გაიხსნა პირველი რკალი მოგროვილთა. აღიმართა მტკიცედ დედა შამილისა. „მე ვიყავი იგი!“ განაცხადა ნელი, მტკიცე ხმით. ხალხის გროვა მოიცვა საზარელმა.
„სახრე ასსელდერ“ შესძახა შამილმა იქვე მდგომ მურიდს. გროვა დაიკლაკნა გველნაკბენივით. მურიდმა მოიტანა სახრე.
„შეუდექ ასსელდერ!“ მიმართა მოხუცმა.
მურიდს ხელი გაუშეშდა. ხალხი კვლავ ატორტმანდა. წუთი დამმეხავი. უეცრად მოეშვა საფეხურს იმამი. მოიხია ჩოხა. იწყო გაშიშვლება მხარ-ბეჭისა, გასძახა თან მაგარი ხმით: „მე შვილი ვარ ამისა. იგი მოხუცია. 95 ჯერ მე სახრე–5 ჯერ დედას!
შეუდექ ასსელდერ!“ მურიდს სუნთქვა აღარ ყოფნის, ხელი არ ემორჩილება. ამ დროს წამოიჭრენ ნაიბები წინ, გამეხებულნი.
“არ გვინდა ზავი!“ დაიყვირა ჯევად-ხანმა. „ბრძოლა ბოლომდე!“ მისძახა ხაგნარ-დიბირმა.
ამათ სხვებიც მიჰყვენ, შამილის წინ აღიმართა მთელი გუნდი ნაიბთა. აშიშვლებულნი ხრმალნი აელვარდენ.
„არ გვინდა ზავი!“ ბრძოლა ბოლომდე!“ ხალხს მოეშვა სიმძიმე.
„მარჯი იმამს! ლა ილლაჰ ილ ალლაჰ!“- იმამი იდგა უძრავი. ფითრი სცილდებოდა, ღვივდებოდა, სახე ეხსნებოდა, ხოლო არას იტყოდა. ხალხი ირეოდა აღტაცებით. ბნელი, ქვეფენილი ბუნებისაგან, საცა უპიროვნო ელემენტები თესლეულ თვლემენ, თრობის ღმერთი იშვოდა, ზღვარგადამლახველი: დიონისო. იშვოდა: ცალკეულ თვითეულში და ერთობლივ ყველაში. შამილიც იშვოდა იგი–ხოლო რაინდი ზღვარზე თავს იკავებდა დაძაბული დაძაბული. სისხლი ხან ერთ საფერქელში აწვებოდა ხან მეორეში.
ხალხი ირეოდა აღტყინებით. სიტყვა აღარ ყოფნიდათ. ეხვეოდნენ ერთიმეორეს. არ იყო მხოლოდ სასუნთქი ავარდნის საბოლოვო გასაშლელად. ეხლა ესეც გაჩნდა.
“საკრავები“!- გაისმა ხმა.
მოიტანეს უმალვე. იწყეს ახმიანება. წამოიშალენ ხალასნი რიტმნი კავკასიისა. თითქოს ყოფნის სუნთქვააო თვითონ, გაისმა: „დიიირა – დიიირა – დიიირა – და-რაა-მმ დაარა დი-რა-რაა-მმდაარა და-რა-დაა.“ „როკვა!“
გადმოეშვა კუნთებათასმული ნაიბი: ხიგნარ დირიბ, ჯიხვური აღვრებით აღიმართა მკერდი. გაშალა მკლავები. დაუარა. მოავლო რკალი. მთელი ტანით იქცა ცინცხალ რიტმად.
„ასსაა!“ „მმდაარა დი-რა-რაა – მმ დაარა და-რა-რაა.“
ახლა მეორე გამოხლტა: ახოვანი, მკერდმაღალი, მხრებკვრივი, ალეწილი. ეს იყო ვაჟი შამილისა: ყაზი მაღომა. ხლტომა ირმისა იყო. დაუარა. გავლებულ კამარას მეორე შაევლო. „ასსა!“ მას მოჰყვა ჯევად-ხან. „როკვა!“ გამოდის მეოთხე, გამოდის მეხუთე, გამოდის მეექვსე, გამოდის მეშვიდე. „ასსა!“ ეხლა ჯგუფ-ჯგუფად გამოდიან. „როკვა“ როკავენ ყველანი, მთელი კრებული როკავს.
„დიიირა-დიიირა-დიიირა-დიიირა-და-რა-რაა – მმ დაარა და-რა-რაა.“ „ასსა!“
კავკასი როკავს, ალაღებული, ლხენით დამთვრალი. ერთი არ როკავს მხოლოდ. არა: მთელი ტანი რიტმით არის აყვანილი შინაგან–ხოლო გარეგან გაქვავებულია. ეს იმამია. ერთი ტალღა რიტმისა კიდევ და: ტანი-ქვა გასკდება. შამილი ბეწვზეა. ანთებულნი თვალნი ალს აფრქვევენ. უეცრად ცხენს მოავლო თვალი თავისას. თვალში ცხენის თვალი მოხვდა. შამილი შეირხა, გადაქანდა. დასძლია ცხენის თვალის ალმა კაცის თვალის ალს: დასძლია, გადაიზიდაა? ბნელი ბუნი, საცა უპიროვნო ელემენტები თესლეულ თვლემენ–რომელ სხვა ცხოველშია უფრო ცეცხლოვანი?! დასძლია, გადაზიდა?! როკვით აყვანილი ამროკავი ტანი მოეშვა უეცრად: მოეშვა, მოსხლტა. შამილი გაექანა ცხენისაკენ, მოევლო უნაგირს, გავარდა. მყისვე მოახლტენ მეომარნი თავიანთ ბედაურებს. წინ: შამილი, უკან ნაიბები: ჯევად-ხან, სურახაი, ხაჯი-ალი, გაძივ, მაჰომედ-ეფენდი, ახვერდი, მაღომა, ანზორ, ომარილ-მაჰომედ, ხაგნარ-დიბირ, მიქაილ, ტალგიკ, შუაიბ, ხატუ, ესაკი და ვაჟიც შამილისა: ყაზი-მაღომა. მინავარდობს იმამი–დაწინაურებული. მინავარდობენ თანამეომარნი–მიყოლებით. წინ ხრამი, ყველასთვის ცნობილი. შამილი არ უხვევს–მიმყოლთ ტანში შიშის ჟრუანტელი ურბენთ. შამილი უახლოვდება ხრამს. ვინ შეაჩერებს? რა შეაკავებს? ახელებს ბედს, თუ ეზრდების ბედს? შამილი ხრამს მიადგა. დაუთქვა რაღაც ბედს, ჩაუთქვა რაღაც ბედს? იცის მხოლოდ: ბედი მისია, ვინც გამბედავია. ეხლა იგი ცხენკაცია: კენტავრ. ერთი წუთი, ბედგადამწყვეტი–ბედზიარი მხედარი ხრამს თავს გადაევლო. მეომარნი ატორტმანდენ, ბედაურებით, რეტდასხმულნი. ხედავენ: ცხენკაცი მიანავარდებს ბედაურს, უვნებელი. ახლა ესენიც მიენდვენ ბედს. ყიჟინით, ხივილით გადაეშვენ ხრამის თავს.
„ლა ილლაჰ ილ ალლაჰ! მარჯი იმამს!“ მოექცენ უვნებელ გაღმა. წინ: იმამ შამილ, უკან: მეომარნი. მინავარდობენ ახელებულნი. რომელ უფსკრულს შეუშინდებიან? რა ჯებირი შეაკავებთ?
„იიარრაალ არრალუუ – ოდილლარ იდალლა!

??????