მორჩილაძე აკა
გაზიარება

აგვისტოს პასეანსი სანთლის შუქზე საკითხავი ბულვარული რომანი 

პირველი გამოსატოვებელი შესავალი

წერილი მეგობარს
From: Kotiko17@flashmail.com 
Save address Block sender
To: zazabig@hotmait.com
Subject: Serili Kotesgan
Date: Wed. 2 september 2000 00:32:28+0400

Salami Zaz,
rava xart mand?
ars visi ra mogsero. An ra shekitxvaa? Mand kargad vin aris? Dges gavkseni e-maili da vnaxe serili. Kikilas ambavi ars mjera. Ar visi ra mogsero. 

Me ak vezebdi da sasodavi mand mouklavt. Ra vtkva, ise mikvarda, rogors tkven kvela. eg sasodavi. vistvis ra unda daeshavebina. amdeni xnis samosuli iko da chamosvlis dges rogor mokles? namdvili sagizetia. me albat gazapkulamge ar chamoval, mere kidev isev saval. rogor viknebi? vsvalob, magram mand kopnas jobia.
Kikila ar amomdis tavidan. 

amdeni seli ar gvinaxavs da rogor mindoda ak povna. turme... am serils internet cafedan gser. droze unda movatavo, torem xo isi, puli. Jer ar vmushaob, mara ragasas gavchitav. ak bevri kartvelia da umravlesoba usakmod. bevri kai bichia. 

gogoebi kvela mushaobs.
Momikitxe bichebi.
Magrad ikavit da gauzelit.
Tkveni zma Kote Chxenkeli.
Hanoveridan.

მეორე გამოსატოვებელი შესავალი

კალმასობა
ვლეს ბევრი ბერმა იოანე და თანმდევმა მისმა ღამბარაშვილ ზურაბამ, გლეხმა. და რა მოაწიეს ჩუღურეთსა, ესმათ ხმა სროლისა და თქვა ზურაბამ, ესე ჩაფარნი სდევენ ავაზაკთა, რათა დაატყვეონ და კვლავაც გაუშვან.
ბერმა: რათა, გაუშვან?
ზურაბამ: სარგებელი ნახონ. იმათი დილეგში ყოფნით რა სარგებელი ექნებათ?
ბერმა: უი, რას ამბობ?
ზურაბამ: ქრთამსა, დახე, ეს მოწონილი სახლი ეშკააღაშისა არს. კაი მპარავ კაცად იცნობენ ეშკააღაშ, მარა კეთილ კაცად. კაი ვახშამი გაგვიშალოს, მოგვასვენოს.
იოანემ ბერმა: კაი მშიშარაც ყოფილა. რკინის კარი შეუბამს.
ზურაბამ უთხრა ბერსა: ვითომ განჯის კარიაო.
ეშკააღაშ სიხარულით მიიღო ორივე, მოიკითხა ღვთიური სითფოთი. ამის მერე მოიღეს ვახშამი და ეშკააღაშ ჰკითხა იოანეს:
- მაქვს ქარხანა აგურხანა, ღრმაღელესა შინა. 

იქა ვარ ცისკრის ვარსკვლავის შესახვედრად და ფოდრატი მაქვს კარგი. ბნელი როს დაძლევს ნათელსა, მაშინღა მოვაწევ სახლსა. არა ვიცი ამბავი ქვეყნისა. ნასწავლი ხარ ქვათახევში, ეგებ ვაკისა გვიამბო რამე.
ზურაბამ: ვაკისა ბერმა იცის. იმდენი, რომა იქ აღარ მიესვლება.
ეშკააღაშ: რათა?
ზურაბამ: მათ, რომ კურკლს დააყრიან თავზე.
იოანე: უი, ჩემს თავს. ეს რადა თქვი?
ზურაბამ: იმად, რომ სირცხვილი გაჭამეს იქა, ნეკზედ პჭყალი წაგიზდიაო.
იოანე: ნეკზედ პჭყალი მით მქონდა, რომ პერიფერიას ნავალი ვიყავ.
ეშკააღაშ: რაი არს პერიფერია?
იოანე: სხვა დროს გეტყვი.
ეშკააღაშ: მაშ, ისევ ვაკისა მითხარ.
იოანე: ვაკე არს ადგილი სწორი ქალაქში. იქაური სამზღვარი განიყოფების ექვსად. 

დასავლით უძევს სასაფლაო ვაკისა, ბაგეები - მამული წერეთლისა და გზაი საბურთალოისა, მამული ელიზბარაანთ. სამხრით ხევნი უძირო და უბანნი ხილიანისა ხევ-გაღმა. აღმოსავლით უძევს ვერე, ბაღი მრგვალი და სამძღვარი ხიდქვეშე კეკელიძიან აღმართისა. ჩრდილოით კია კუს ტბორი და მთანი ძველის მთა ვაკისა, აღმართი ქობულეთისა, ვიდრემდინ გზაი ტაბიძისა არა ვალს ბაღამდის მარადი ცეცხლისა.
ეშკააღაშ: მარადის ცეცხლისა გეენისა იქნების! იქ არ მივდგამ ფეხსა.
ზურაბამ: სხვა ცეცხლისა არს! აღარ კია ცეცხლი. ასრე იტყვიან, ცეცხლისაო, თორემ სადღა არს ნისია ცეცხლი?
იოანე: ვაკე ქალაქად არს ქ~ნსა ჩშვ, ოდეს კლდიაშვილმა საბან და ცხვედაძემ ნიკოლაოს დასდეს ქვანი ღიმნაზიისა და იმას იქეთ ტყე იყო.
ეშკააღაშ: და ხალხი ვაკისა განიყოფების ვითარ?
და ზურაბამ: მურდალ, ფარცქვალ, მეკობრე და ნასწავლ. ასრე არის და სხვა არავითარ განიყოფების. განთქმულ სწავლითა, პარვითა და სხვათა მოკვდინებითა. 

სულ ფარისეველ არს, სამარიელი ვერ ნახო.
იოანე: უი, უი! ჯვარი გაუწყრა ამასა! რად იტყვი, ზურაბავ.
ეშკააღაშ: ბალღამითა უბნობს, მსახურის გულითა. ბარკალი შენ გიწილადე, ფრთა ამას შეხვდა, მოგვახსენე, ბერო...
იოანემ: ხალხი ვაკისა არს ამგვარ. თავგამოჩენილი არს თავგამოჩენითა. იგი არს უმეტეს ინტელიღენტის მოდგმისა, ვისაცა იმან, ვიდრემდის დააყრიდნენ ზარბაზანსა, უწოდის წითელ და ქრთამმოყვარულ. გარნა ესე ინტელიღენტ აქ ცოტა იყვნეს, ბევრი კი სჩანდეს.
ეშკააღაშ: და რაი არს ინტელიღენტ?
ზურაბა: კაცი დახრუკული და ვერას მქნელი. უფროის კი თავის მტანჯველი თავის ტანჯვითა და კარგ ცხოვრების მოყვარე. გარნა სხვა უბანსა გამოჩნდის, იმასაც ვაკელს ეტყვიან, რახან ინტელიღენტ გამოდგების.
ეშკააღაშ: დაბლანდულად უბნობ. 

ბერო, შენ გვითხარ.
იოანე: აგრე, ინტელიღენტ არს შვილი რუსთ ქვეყნისა, ჭმუნვითა მაფიქრალ და წიგნებიდან მხედვარე ქვეყნისა უკეთ მოსაწყობათ. ქართველსა ინტელიღენტობა რუსთა უბოძის, ადრე არა ყოფილა. აწ კი გასაქანი ჰქონდა ჟამსა სტალინ-სოსელოსასა. ახლა შაური არცა ღირს - ქვევრის ძირამდინ დასულა.
ეშკააღაშ: მაშ, ამ ვაკესა ლაფი დასხმია!
ზურაბამ: სულ ლაფიანი არ იყო?
და იოანემ: ზურაბავ! არ დასხმია, რათგან აგრეა. ვინცა გუშინ ინტელიღენტ ითქმოდა, თუ აღებ-მიცემის მარიფათი იპოვნა, სხვა ხელობაც გამოიჩინა.
ეშკააღაშ: მაშ, მეცა ინტელიღენტ ვყოფილვარ. აღებმიცემობა აკვნიდანვე მცოდნია.
იოანემ: იმათი სხვა არს, იმათი აღებ-მიცემა გაძრომ-გამოძრომის ხვრელებში დაცოცავს. ამით ოქრო მოიხვეჭება.
ეშკააღაშ: ვისაც მარიფათი არ უპოვნია?
იოანე: იმათ - ძველის ინტელიღენტურის სჯა-ბაასის გაგრძელება ლანძღვითა და მოლოდინი, რათა ბაირაღნი დახუნდეს.
ეშკააღაშ: მადლიანი თქმა იცი...
ზურაბა: ახლა მაგის მუცლის ქარობა რომ გასმინა? იმასთან თქმა ვერ მივა.
იოანე: უი, უი, სადა გსმენია ჩემი ქარობა?
ზურაბა: ძილში ჩამსმენია შენს ფერხთით მოსვენებულსა. 

ზედ თავზე დამცემია რუსის ყუმბარასავითა. ეშკააღაშ! ამეღამ ცალკე მომასვენე, თორე ოხრად დამარჩენს.
ეშკააღაშ: რათა, ლობიო მოგკადრეთ, რო ქარები დაგმართოთ?
იოანე: ღმერთო, შეუნდე.
ეშკააღაშ: მითხარ რამე ამბავი ვაკისა, ჩემი შვილი უნდა გავამგზავრო სასწავლად იქა. რა ქისები ჩაუწყო?
და იოანემ უთხრა ერთი ამბავი ვაკისა.

ღამე პირველი

რამაზამ და ეკამ სურათი გადაიღეს
მისმინეთ: ახლავე გიამბობთ ამ საზარელი მკვლელობის ამბავს. ხომ გახსოვთ, ნაწამები შიშველი სხეული რომ იპოვეს კუს ტბაზე? თუ საშინელი აღწერილობანი გულს გიფრიალებთ, გამოტოვეთ შემდეგი წინადადება:
თვალები ამოთხრილი ჰქონდა, ყურები მოჭრილი, ის ადგილი, სიამაყე რომ ერქვა ძველ დროში, ახლა კი საგულდაგულოდ რომ მალავენ მავანნი - მთლად დაჩეჩქვილი, თითქოს გრდემლზე შემოდო რომელიმე ორდენოსანმა მჭედელმაო. მოკლედ, თქვენ უკეთ იცით, ძმანო.
გამომძიებელი ბუხნიკაშვილი, არაყიშვილის ქუჩიდან რომ ამოვიდა კაკაოსფერი \"ჟიგულით\", ცუდად გახდა. ძველი ყაიდის ქართველი კაცი იყო და, აბა, რა მოუვიდოდა? გული შესტკიოდა მომავალი თაობის განადგურების გამო. ეს გვამი კი არა, ყოველი სხვა გვამიც ეცოდებოდა. 

მოკლულებისა თუ მოსაკლავებისა. 

დადიოდა ძველი \"ჟიგულით\" ჭავჭავაძეზე და ხედავდა მოსაკლავებს და ეცოდებოდა.
ეს კიდევ საერთოდ არ ჩანდა მოსაკლავი. იწვა გულაღმა წყლის პირას და ცას ასცქეროდა. თუმცა, როგორღა ასცქეროდა. ვეღარაფერს ხედავდა. ცა დასცქეროდა.
\"ოცდაოთხი წლის ბიჭი და ასეთი ამბავი\", - ესღა აღმოხდა გამომძიებელ ბუხნიკაშვილს და გული აუჩუყდა, თუ რა, აგრე გამეტებული გვამის ხილვისას, არავინ იცის.
თუმცა, ასაკში შეცდა. კაი მოვლილი და შენახული ბიჭი ვიყავი, თორემ რის ოცდაოთხი, რვა წელიწადი მომაკლო. 

შვიდი და თვეები მაინც.
ჰო, მე! აბა, თქვენ ვინ გეგონათ? საიდან გელაპარაკებით და, არი ეგეთი ადგილი ორმოცდამეჩვიდმეტე სკოლის ეზოში. იქ დავსახლდი. მაცადე და გეტყვი...
ექსპერტმა კი, სუჯაშვილ ნოდარიმ, ზოგადად შენიშნა: \"გული ტყვიებით აქვს სავსე. ოთხი ძაან დიდი ტყვიაა, უცხოური...\"
უცნაური იყო, რომ მეტი არაფერი თქვა. გვამის აღწერა იოლია. აი, ცოცხალი კაცის აღწერა კი... ხომ ხედავ, ასაკიც ვერ გამოიცნეს. 

საზოგადოდ, შესაძლოა, გვამი სტუდენტებსაც კი აჩუქონ, ზედ დანები გაავარჯიშეთ და კარგი ექიმები გამოდითო. პატრონი აქ არავინ გამომიჩნდება. ყველას იქ ვგონივარ და... მე კი აქა ვარ, ძმებო, გესმით? გუშინ ჩამოვედი, ბარგი არც კი გამიხსნია. თქვენი ყურშა ძმაკაცი თქვენკენ მოიჩქაროდა და სწორედ ამ დროს, ვერაგმა... არ გვინდა ნეკროლოგები, არ გვინდა ნეკროლოგები. ბევრს არავის მოეხსენება, რაი არს ბარნოვის ქუჩა მრგვალი ბაღიდან ვაკის პარკამდე. 

ვაკე გახლავთ... მოდიხარ და მოაბიჯებ, შენ გგონია, იოლად ივლი? აბა, რა იცი, რომ ასეთ ფათერაკს გადაეყრები? თანაც, გუშინღამ სტამბოლის ტრანზიტს ჩამოყოლილი. მოვდიოდი თქვენს სანახავად. ფათერაკი არც დაერქმეოდა. თავგადასავალი იქნებოდა, ასე რომ არ დასრულებულიყო. და რა ჯობს დიდი ხნის უნახავი ძმაბიჭებისთვის ცინცხალი თავგადასავლის მოთხრობას?
მე ასე დავდიოდი: გრძელი, ძალით არეული, ვითომ სულერთია ნაბიჯით.
ზაფხულია, ეგებ ქობულეთში იყავით ან წყნეთში შეიკეტენით, ლოთობთ და პლანსა სწევთ? მე რა ვიცი. მოვდივარ: ესპანური წვერი დამტყობია, თმა-ოდნავ აწეწილი, მაიკა-სულ ახალი. 

მაგრა ვგავარ იტალიელ ფეხბურთელს. მოვდივარ, ქუჩას ვათვალიერებ. გუშინ ჩამოვედი. ოცდათორმეტი წლის ვარ, დამტკიცდა, რო ოცდაოთხისას ვგავარ.
ისე, კბილი კი მაქვს გამოხრული.
ოთხი საათია, სიცხე, ასე, ოცდათვრამეტი რიხტერით. ფარენგეიტის რა ვთქვა?
\"ორბიტს\" ვყიდულობ და გამოვედი და გაჩერდა მანქანა, თეთრი ისე რა \"ბეემვე\", კაი ნახმარი, მაგრამ სუფთა და მინები შეძლებისდაგვარად ჩაწეული. ჩვენ კი ვიოფლებით, თითქოს წებო წაგვისვეს შუბლზეო. სიგრილე შეძლებისდაგვარად არარსებული და იეეეე! ქალი.
იცით, რა ასაკისა?
აი, ახლობლის ბიძაშვილის ცოლის უფროსი და რომ არის ხოლმე შარაფში...

ღამე მეორე

ეს თავგადასავალი იყო. 

ეს ბედი იყო. რა ვქნა? ტვინი მეკეტება. ბავშვობიდან, ზაურა გაჯიევის სათვალის დროიდან, არასწორად ვიზრდებოდი. თქვენ კი იცით, ძმებო.
იცით, როგორი ქალი იყო? ტრადიციული და არატრადიციული. სტანდარტული და არასტანდარტული. ვიცოდი, რომ ამ გაწეპილობის ჟამს შევიშლებოდი. მე ხომ ვიშლები, როცა ზაფხულში საჭესთან მჯდომ ქალებს ვხედავ? ერთი მუხლისთავი აქეთ, მეორე-იქეთ, შუაში რული, შიშველი მხარი, სარკე, სათვალე, ცეცხლისფერი თმა, შეღებილი, რა თქმა უნდა, მკრთალი ნაოჭი ტუჩის კიდესთან, სქელი ტუჩები... 

დაბალი გადასართველი, ზედ ხელი, ხელზე-სქელი ბეჭდები, ნეკზე, არათითზე, შუათითზე, ვერცხლი, ფრჩხილები-სწორად წაჭრილი, თითები, არცთუ გადასარევი, ორმოცდახუთი წლის ქალის თითები, ბავშვობის ფრანგული კინოებიდან დამახსოვრებული - ეკრანზე კაცის ზურგი და ზედ ეს თითები, გაშლილი ხელი. ნამწვებით გამოტენილი საფერფლე, სიგარეტი, ასანთი, რაღაცები, ხურდები.
არ მიმიშვათ იქამდე, გულის ფიცრამდე. და ხომ ვიცი, რომ ნოტიოა, მოფიფქულია, ასე ვთქვათ? მორჩა, ეგ არი, გადავირიე. შენ გგონია, წესიერად დავინახე? მე ხომ წამოვედი! აბა, თვალიერებას ხომ არ დავუწყებდი?
ეგრე რომ მოჰკრავ თვალს ახლობლის ბიძაშვილის ცოლის უფროსი დის ტოლ-სწორ ქალს, რაღა ყურება გინდა? ხომ უნდა მიხვდე ყველაფერს? ძველ დროში ერთმა ტაქსისტმა ბიძამ მასწავლა, ეგეთ ქალს \"ტოტა\" უნდა დაუძახოო.
ტოტა-ჯან! ტოტა!
იფ, რა კარგია გაღმური სილაღე?
მე რა ვიცი, რა იყიდა? ან გადმოვიდა, საერთოდ, მანქანიდან?
მე სარკეში რომ ვიყურები, იცი, რაზე ვფიქრობ? აი, ეგეთ ქალებზე. ასეა და რა ვქნა? აბა, ყბა მისწი-მოსწიე, ოდნავ ჩასწიე. ენა-სულ ოდნავ, ძლივს გამოსაჩენად. თვალები-ღრმად. 

ბინდისფერია სოფელი. აი, აი, ზუსტად. თავი ერთი რომ გგონია და ათასს აღმოაჩენ.
ეშმაკის დღე იყო, აბა, რა.
თქვენა გგონიათ, ძმებო, რომ წამოვედი და წამოვედი? თქვენკენ გამოვიჩქარე? ეჰ, არა. დავდექი, ვითომდა ტაქსი უნდა გამეჩერებინა. თქვენთვის ცინცხალი თავგადასავალი მომქონდა: წუხელ ჩამოვედი და დღეს უკვე, მაშ!
დავდექი, როგორც მატარებელი ჩიხში. დიპლომი არ ამიღია, მაგრამ რაღაცები მისწავლია. მათ შორის, ფილოსოფია. 

აქ კი არა, იქ. თერგი დამილევია. უფრო სწორად, რაინი. უკაპიკოს სულ უფილტრო მიწევია, ფენინგები მიკოწიწებია ქონდომის საყიდლად და წავიდოდი?
დიახ.
მე ვითომ ტაქსის ველოდები და, დიახ. მან გააჩერა.
მანქანიდან, ქვემოდან რომ ამოგხედავს, ეგ კიდევ არაფერი. შენ რომ ჩაიხედავ მანქანაში რიხტერის შკალის სკდომის ჟამს და თვალები, ქვემოდან რომ გიყურებენ, სათვალე რომ უკვე გვერდით აგდია.
არავის აქვს ისეთი თვალები, როგორი თვალებიც აქვთ ამ ქალებს, ამ ქუჩაზე. და მუხლები? და ფეხისგულები პედლებზე?
იცით, რა უტიფარი რამე იყო? მე თქვენობით დავაპირე და იმან, სპილენძისფერი თმა, ყელი. 

თუ ცეცხლისფერი?
- ერთი გზა გვაქვს, არა? - რით არ იყო ეშმაკის დღე?
- ალბათ, მემ, - არ იფიქროთ, რომ ასე ვუპასუხე. პირდაპირ ჩავჯექი. მე ხომ ეგეთი ვარ, უცბად ვიცი.
- რას დადიხარ ამ სიცხეში, სახლი არა გაქვს? - აქედანვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ არ ამომიღია ხმა.
წესით კი, უნდა მეთქვა:
- მგონი, სახლში მივდივართ, არა, მემ?
ამის მაგივრად რომ ეტყვი:
- მეგობართან მივდიოდი, და... - უკვე, სადღაც, რაღაც.
ვითომ სიჩქარე გადართო და... ამ სიჩქარის გადართვაზე სულ ჩვენი შრომის მასწავლებელი მახსენდება, ყოველ გაკვეთილზე ეშმაკურად რომ გვეკითხებოდა: \"ჰა, ვინ რამდენჯერ გადართო სიჩქარე ამ დილით?\"
ჩვენ კარგები ვართ, ძმებო. არასწორად ვიზრდებოდით.
- ეკას პლუს... რა გქვია?
ეკა არ რქმევია ამ ტოტაქალს?
- ყურშა, - აი, ამოვიღე ხმა. 


- ისა, აკაკი.
- აკაკიო? - თმა გადამიწია, - კი, ყურშა გერქმევა.
ვითომ, ახლა ეს ყურები ასე მნიშვნელოვანია?
რომ გითხრათ, საბედისწერო ქალი იყო-მეთქი, არ იქნება მართალი.
ჩვეულებრივი იქნებოდა ყველგან, მაგრამ მე ხომ... თქვენ ხომ, ძმებო.
დედა, როგორ მიყვარს ქალები! ღმერთო, როგორ მიყვარს ქალები! ბოლო, სულ ბოლო კაცი რომ შტერდებოდა პურის რიგში, ისე. ხომ გახსოვთ პურის რიგები, ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტ წელს?
ძალიან მაგარია. ეს სიცხეც არ იშლის და მკლავზე სულ ერთი ციცქნა ნოტიო წერტილი უბრწყინავს.
აი, ახლა სხვა ადგილას.
მაგრამ მე რა მენიშნა, იცით?
ძალიან ცუდად მენიშნა, ყიფშიძეზე რომ ჩავუხვიეთ. რატომღაც წყნეთზე ვფიქრობდი. ანდა, მანქანაში, ტყეში. იცოცხლე, ტყეში. 

ნიავზე.
მერე შუბლი გაგიგრილდება.
- ნაყინი გიყვარს?
ჰმ... საიდან მოვდივარ, იცი, ბიცოლ? გუშინ ამ დროს სად ვიყავი?
ისე, კი ჩანს ანტალიაში წამსვლელი.
ყიფშიძე არ მიყვარს. კორპუსებია.
ვაკელი არ ხარ?
ყიფშიძის ფანჯრები კლდეებს უყურებს.
მოემზადეთ - საათ-ნახევარში მომკლავენ.
ნეტავ მოეცა ღმერთს სიტყვის გამოთქმის არაბული სიტკბოება, ხომ გიამბობდით მებარგულისას და სამი ქალისას. იქ რომ არის გაფცქვნილი გუნჯუთები და მამაცის ღიღილოები, იმას მოვიფიქრებ?
ყიფშიძეზე რომ ჩაუხვევ, თუკი რამ არაბული გემუსიკებოდა თავში, სულ ერთიანად გამოგიფრინდება იქიდან და პირდაპირ, მონღოლურად, მომთაბარულად, იოლად, გასაგებად, ჯანიანად, ბრაზიანად...

ღამე მესამე

მე ვიყავ, ძმანო, ბაღდადელი მებარგული. ეს ქალი კიდევ... ნეტავ რა ერქვა? მართლა ეკა ხომ არ ერქმეოდა იმხელა ქალს?
კარს, ძალიან თანამედროვედ, არაფერი ეწერა. საერთოდაც, ძალიან თანამედროვე კარი იყო, მეტად თეთრი, ვიდრე მარია ანტუანეტას... 

კარგი, ჰო. ვის სჭირდება?
ძალიან ცუდად მენიშნა ეს ყველაფერი: თეთრი მანქანა, თეთრი კარი, ყიფშიძის ქუჩა და ვთქვი მაშინ მე გულში ბეითი, გალაკტიონს რომ შეუთხზავს:

\"ოქროყანელი ვარ მენახშირე,
ვირით ტფილისში სვლა დავახშირე,
ჩემს შეძახილებს ისმენს გზა ხშირი,
აბა, ნახშირი, კარგი ნახშირი!
მეც ავიკიდე, ვირსაც ავკიდე,
ცოტაღა დამრჩა, ბევრი გავყიდე,
შორს აივანზე ქალი თმახშირი
ნაზად მეძახის: რა ღირს ნახშირი?
ვუთხარ: - აიღე, რაიც დიდია,
რომელი გინდა, მომიყიდია,
გინდა, აიღე, ვირს რომ ჰკიდია,
გინდ - ეს აიღე, მე რომ მკიდია.
ქალმა დამწყევლა ლამაზი პირით,
მომკვდარხარ შენცა და შენი ვირიც,
ოხრად დაგფშვნია შენი ნახშირიც,
მეხი დაგეცეს, მიწამ გყოს პირი!\"

და შევდგი ფეხი იმ სახლში, სადაც კედლებიც იყო თეთრი, ხოლო კარადები მუქი ყავისფერი, სართული კი მესამე. მაცივარი გახლდათ მწვანე და შიგ იდო \"ორანჯ\" - ფორთოხლის წვენი.
სანამ წამოვიყუდე ეს ფორთოხლის წვენი, მე, ქუჩათმოარულმა და დავადნე წებო ჩემს შუბლზე, ქალი უკვე შიშველი იყო და, უნდა ვთქვა, რომ არ მიყვარს შუადღის სინათლეში დანახული მთლად შიშველი ქალი, რადგან ასეთს მხოლოდ ეკრანზე ვერ დაუნახავ ნაკლს, თორემ ლოჯიაში უეჭველად შეუმჩნევ რამეს. აბა, \"ორანჯი\" ხომ არ დაგილბობს მზერას?
მოგახსენებთ, ძმანო, რომ სანამ დავცალე ეს ფორთოხლიანი კოლოფი და გულისფიცარზეც ჩამოვისხი დასიცხული კაცის ველურ ხვრეპისას, მესმა ხმა შხაპისა, ღია კარიდან გამომავალ წყლის დამათრობელი და მოზომილი თქრიალისა და სულ დამავიწყდა ავი ნიშნები და აღარ ვიფიქრე: ჰყავს კი ქმარი ამ ქალსა, ანკი ჰყავს ვინმე, ვინაც გაათეთრა კედლები, გამოავსო მაცივარი ნუგბარ-ნუღლით და ერთ ტყვიასაც გამოისვრის ჩემკენ, რამე რომ იყოს?
გარნა შხაპის ხმა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე შესაძლებლობა ამ კაცზე ფიქრისა, და ვიწყე განძარცვა სამოსისა, თუმცა, ლამაზად არ გამომივიდა ეს საქმე, რადგან ლამაზად გახდას ღილები სჭირია, ხოლო ჩვენ, ამ სიცხეში, დაგვიდევს წესით, რომ ძირსქელი შავი \"ნაიკი\" გვეცვას ფეხზე და სანამ გაიხდი \"ნაიკს\", მანამ ამოგლეჯ ზონარს, სამჯერ მოგინდება და დაგავიწყდება ქალი.
და მაინც, გავიხადე და ცერებიც გავათამაშე, როგორც წესია.
არა, არა, ეს ქალი არა ყოფილა, ძმანო! ეს მეიდნელი მექისე ყოფილა!
დიდი ამბები დაატრიალა ჯერ იმ საშხაპეში და მერე კიდევ უშველებელ საწოლზე, რომლის კიდეზეც მობილური ეგდო და ესეც, ეს მობილურიც, ავად მენიშნა.
მოულოდნელად ბევრი იცოდა ამ ქალმა, ღოლამნო!
ამასთან შედარებით, მე ვყოფილვარ კაპიტანი ნემო. კაპიტანი არავინ.
შეხვდები ვიღაცებს, რაღაცებს რომ იმახსოვრებენ შუა ქარბუქობის დროს. ვიღაცები ხალებს იმახსოვრებენ, ვიღაცები-ხმებს. ეს ყოველი შემეძლო მეცა, ძმანო. 

ტელეფონების ნომრებივით ჩამოგითვლიდი, სულ ანბანის მიხედვით. მაგრამ ამ ჯერზე ვერაფერი დავიმახსოვრე, რახან თვალები ამიკრა იმ წყეულ შავი ბანდანით.
კარგით, ჰა, ხელებით დავიმახსოვრე ის გულისფიცარი. თუმცა, რა ფიცარი? ფიცარი კი არა, მეფის მთელი მხედრიონი იქ იქნებოდა. იქნებოდა კი არა, იყო.
გინახავთ, ძმანო, რაჭველები რომ ცომსა ზელენ და მერე თონეში გადაეკიდებიან? ის ცომიც თავად გახლდით და იმ თონეშიაც მაკრავდნენ, დახეთ, რა გამოიგონა - ჩინური ბეჭედიო. ესე იგი, შემამკო იმ ბეჭდითაც, ოღონდ ბევრჯერო, და სულ ერთი ყოფილა მაგისთვის, მე თუ ჩვენი მაღაზიის მტვირთავი უშანგა. მთავარია, ბევრჯერო, ასე გამოუვიდა და აკი ვთქვი კიდეც, კაპიტანი ნემო ვარ, ბებერი, ჩაყვინთული და ეგრე გულაღმა დაგდებული, თვალებაკრული. იქიდან კიდევ მოისმის შხაპეულის თამაშობის ხმა.
ჩვენც ხომ არ შევვარდნილიყავით? ახ, თითი რომ მომაკარო ახლა - მკვდარი ვარ.
რაა? ეს...
პოლიციას გამოუძახეთ! უხმეთ სამმართველოს! შესტოის! ყველას! მეხუთეში ჩავჯდები, ოღონდ აქედან გამიყვანეთ!
ო, არა, არა, ძმანო! მე ხომ თქვენკენ მოვიჩქაროდი.
გუშინ ჩამოვედი. 

გუშინ კი არა, დღეს, წუხელ...

ღამე მეოთხე

ყურადღება მიაქციეთ, უოტსონ, პოლიციას, თუნდ ვაკისა იყოს, ზოგჯერ ისეთი რამ გამოეპარება ხოლმე, რასაც მახვილი თვალის კაცი უყურადღებოდ არ დატოვებს.
- თქვენ მე მაოცებთ, ჰოლმს. გვამი ნაპოვნია, გამოკვლეულია. ცნობილია, რომ ბედშავი ახალგაზრდა კაცი აწამეს და მოკლეს.
ჩემმა მეგობარმა ხელები გაშალა და მერე თავისი სპარსული ქოშის ძებნას მიჰყო ხელი. ამ ქოშში თუთუნს ინახავდა ხოლმე. ჰოლმსის მოუწესრიგებლობამ ისე გამიწვრილა გული, რომ გავბედე და მის საწოლ ოთახში შევედი, რათა ქოშის მოძებნაში დავხმარებოდი. ვიცოდი, სანამ ჩიბუხს არ გასტენიდა, ლაპარაკსაც არ დაიწყებდა.
იქ კი რა დამიხვდა?
შავი სათვალე მაინც მკეთებოდა.
დედიშობილა ჰოლმსი თავის საწოლზე გაშხლართულიყო, ჩიბუხს აფუტებდა და მიბნედილი, ნეტარი თვალებით აშტერებოდა ჭერს.
- რას სჩადით, ჰოლმს? - მე გამახსენდა იმ საზიზღარი ამერიკელის წერილი, რომელიც ამტკიცებდა, უოტსონი ქალია და ბილწი მორალის ჰოლმსს საყვარლად უზისო.
- ჰა, აიღეთ სამზარეულოს დანა და ყურები დამაჭერით. 

მერე, აი, იმ საწერ-კალმით ამომჩიჩქნეთ თვალები, ბოლოს კი მისის ჰადსონს უთო გამოართვით და, აი, ეს ადგილი დამიჩეჩქვეთ... 

ჰა, რაღას უცდით, უოტსონ?
ჩემმა გაოგნებულმა სახემ გაახალისა ჰოლმსი. სწრაფად წამოჯდა, ნიფხავი ამოიცვა და მოხდენილი მოძრაობით გადაინასკვა ხვანჯარი.
- რა თქმა უნდა, ეს სისულელეა, უოტსონ. რა საჭიროა ყურების დაჭრა, როცა შეგიძლიათ, პირდაპირ მესროლოთ? თანაც ისეთ სახლში, რომელიც, ჩვენს მოკრძალებულ სამყოფელთან შედარებით, თამარ მეფის დარბაზებია?
ლოგინის კიდეზე ჩამოვჯექი და იატაკს დავაცქერდი.
- მესმის თქვენი, უოტსონ. არ გსურთ, დაიჯეროთ, რომ აქაც დაიწყო ისეთი რაღაცები, სერიალებში რომ ხდება. რას ვიზამთ? ასეა. წაიკითხეთ ჩემი მცირე გამოკვლევა ვაკის მიკროკლიმატის შესახებ და ყველაფერს მიხვდებით.
- ესე იგი, აქ ადიულტერია?
- ყოჩაღ, უოტსონ, ყოჩაღ. ჩვენს ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას ტყუილად არ ჩაუვლია.
- ასე ნუ იტყვით, ჰოლმს, - გულწრფელად გავაფრთხილე. 

- მთელი ქალაქი მამათმავლებით გაივსო. ჩვენც მოგვაკერებენ რაიმე იარლიყს.
- ეს არსებითი არ არის, უოტსონ. არსებითი ის არის, რომ ორმოცდაორიდან ორმოცდაშვიდ წლამდე ასაკის ქალმა, რომელსაც ქმარი ფრანკფურტში თუ ეგულებოდა, აქვე, მგონი, ფალიაშვილის ქუჩაზე (გამზირზე ქალი ბიჭს დევნას არ დაუწყებს, მთიან ვაკეში კი ვერ დაუწყებს. ასე რომ, რჩება ფალიაშვილისა და ბარნოვის ქუჩები) მოკლული მანქანაში ჩაისვა და შინ წაიყვანა. დამერწმუნეთ, უოტსონ, ბიჭი კმაყოფილი იქნებოდა. მაგრამ მხოლოდ იმ წუთამდე, სანამ ქმარი არ დაბრუნდა... ფასანაურიდან. 

მაინის პირად ეგონათ და არაგვის პირად კი ყოფილა ბულაჩაურის დუქნის კუპეში...
- ეს რა მოხდენილად წარმოსახეთ, ჰოლმს. მაინის პირიდან ხომ მოულოდნელად ვერ დაბრუნდები!
- მისმინეთ, უოტსონ. ქმარმა მოკლა ბიჭი. მაგრამ ასეთები ყურებს არ აჭრიან. ეს კავკასიის ომებში გამობრძმედილთა ხვედრია. ამიტომ ამ საქმეში სამი კაცი მაინც იქნება გარეული. ქმრის მძღოლი, რომელმაც გვამი კუს ტბაზე ააგრიალა და იქ დააგდო. 

მაწანწალა, რომელსაც სმენია, რომ ორგანოთა ტრანსპლანტაცია შემოსავლიანი საქმეა, და, თავისი უვიცობის გამო, ყურები დააჭრა გვამს, და ერთიც, ტბაზე მყოფი იქაურობის დარაჯი. შეამჩნიეთ, უოტსონ, რომ იმ დარაჯს იაპონური ქათმები მოუშენებია? ჩვენს დუხჭირ დროში ეს გასაკვირი სულაც არ არის. ადგილი მშვენიერია, ქათმები ლაღად იზრდებიან. თანაც, იაპონური ქათამი ძალიან აგრესიული ფრინველია, სწორედ ამ ქათმებმა ამოკორტნეს თვალები ბედშავ ყმაწვილკაცს.
- ქათმებმა? კი მაგრამ, ჰოლმს, ვინღა შეჭამს ასეთ ქათამს?
- ვინ? ალბათ, მოსახლეობა. ეს ჩვენი სადარდებელი არ არის.
- გამიგონეთ, ჰოლმს. თუ ეს ყმაწვილი არ უწამებიათ, საიდანღა დაეჩეჩქვა რამე-რუმეები? ყველაფერს იაპონურ ქათმებს ხომ ვერ დავაბრალებთ? - გავთამამდი მე.
- ყოჩაღ, უოტსონ, კიდევ ერთხელ ყოჩაღ. სწორედ აქა მაქვს მკვლელობის გასაღები. 

გახსოვთ, მძღოლი რომ ვახსენე? გვამი მძღოლმა ჩამოიტანა და მანქანაში ჩატენა.
- ალბათ, საბარგულში, არა?
- ორი ვარიანტია, ან საბარგულში, ან კიდევ, ორკარიანი სპორტული მანქანის სალონში. ამათგან არც ერთი არ არის გათვალისწინებული გვამის შესანახად. მძღოლი ჩქარობდა. საბარგული, ალბათ, სავსე იყო და გვამის ჩატენის დროს მოხდა ასეთი რამ. კარებში თითი არ მოგყოლიათ, უოტსონ? თუ სალონში ჩატენიდნენ გვამს, საბრალო ყმაწვილს ფეხები ფანჯრიდან ექნებოდა გამოჩრილი. ასე სიარული ახლა მოდაშია ამ კოხტა უბანში და თან, კუს ტბის ხვეულ გზას რომ შეუდგებოდა ის, ალბათ, საუცხოო მანქანა, გამოჩრილი ფეხები ავტოინსპექტორებს არ გააოცებდა, მით უმეტეს, ასეთ სიცხეში.
- ჰმ, თითქოს ყველაფერი ეწყობა. სასტიკ შემთხვევითობათა ჯაჭვი, არა, ჰოლმს?
ჰოლმსი წამოდგა და წინდების ძებნა დაიწყო
- შვიდ საათზე ოპერაში ნიორაძე ცეკვავს. 

წავიდეთ, თვალს წყალი დავალევინოთ.
- კი მაგრამ, რა დროს ოპერაა ამ შუა ზაფხულში? - გავოცდი მე.
- ესეც სასტიკ შემთხვევითობას მიაწერეთ, - ჩაიცინა ჰოლმსმა. - თუ ამ საკითხში უკეთ გსურთ გარკვევა, მომყევით მე და ერთი ინგლისური ბალადაც გაიხსენეთ.
და ჰოლმსმა ვაჟკაცური, მწუხარე ხმით წარმოთქვა!

\"მინდორში ვიყავ მე უსაქმური
და ორი ყორნის ხმას მოვკარ ყური.
ერთი მეორეს ჯავრით შესჩხავის:
\"დღეს სად ვიპოვით სადილს ნეტავი?\"
\"ხედავ? იქითკენ ხევია ღია.
იქით მოკლული რაინდი გდია.
იგი არავის აწვება დარდად
მწევრის, მიმინოს და ცოლის გარდა.
მაგრამ ტყეშია გაჭრილი ძაღლი,
მიმინო ცაში ნადირობს მაღლით.
ცოლი ახალ ქმარს გაჰყვა წადილით -
ჩვენ გველოდება ტკბილი სადილი.
შენ დააფრინდი მის კისერს მალე,
მე ამოვკორტნი ლურჯ, ლამაზ თვალებს,
და ჩვენს ბუდეში, როცა გავძღებით,
ჩავფინოთ მისი ნათელი თმებიც.
ვერავინ ნახავს მას ამას იქით.
ვერვინ შეიტყობს, სად გაჰქრა იგი,
და გაშიშვლებულ თეთრ ძვალთა გროვას
მალე გრიგალი დაუწყებს გლოვას.\" 


ღამე მეხუთე

ეს სცენარია. ისეთი ხურდა რამე არ გეგონოთ, ლიტერატურა რომ მიაჩნია ბარეორ რეჟისორს ამ ქუჩაზე.
მაღალ-მაღალი მელოტი კაცი, რომელსაც თეთრი მაისური და შავი კოსტუმი აცვია და ლურჯმინებიანი სათვალე უკეთია, ჯიბიდან გასაღებს იღებს, კლიტეს არგებს და კარს აღებს.
ისმის მღელვარების აღმძვრელი მუსიკა.
კაცი ეკონომისტის დიპლომსა ფლობს და ახლა ერთ გამგეობაში მამასახლისის ქვემოურავად მსახურობს. ის, აგრეთვე, ფლობს ნივრის პლანტაციებს ქართლში.
- ეკა! - იძახის სახლში შემოსული კაცი და ყურადღებას არ აქცევს შხაპის ხმას, სააბაზანოს შეღებული კარიდან რომ მოისმის.
- ეკა, სადა ხარ?
კაცს რამაზ ყურაბელიძე ჰქვია. ის ხელს ჰკრავს საწოლი ოთახის კარს და იქაურობას მოათვალიერებს. ხედავს თვალებახვეულ, საწოლზე გაშხლართულ შიშველ ყმაწვილს.
- შენ ვინა ხარ, ნაბიჭვარო? - ეკითხება ოდნავი წყენით.
შეშინებული ყმაწვილკაცი თვალებიდან ბანდანას მოიგლეჯს და წამოხტება.
- მეე, - ენა ებმის საცოდავს.
- მე, რა, თხა ხარ? - ეცინება რამაზა ყურაბელიძეს. - მოიცადე, მანდ იდექი. 

\"პოლაროიდს\" მოვიტან და სურათს გადაგიღებ, აი, მაგ გარდერობის ფონზე. ყველამ იცოდეს, რომ ჩემს საწოლ ოთახში ეგდე. ეკა სად არის?
- ეკა ვინ არის?
- თავს ნუ იკატუნებ, შვილო. ეკა ჩემი ცოლია, მერაბა ჟურულის საყვარელი. ოცი წლის წინათ უყვარდათ ერთმანეთი და ახლა ისევ შეუყვარდათ. გულსატკენია, არა? შენ საიდანღა გამოძვერი? სურათს გავუგზავნი მერაბას და... 

მოიცა...
რამაზა ყურაბელიძე საწოლი ოთახიდან გამოდის და სეკრეტერის უჯრაში ფოტოაპარატს ეძებს.
ამ დროს გაისმის გასროლის ხმა. 

ერთი, ორი, სამი...
რამაზა ყურაბელიძე აპარატით ხელში შევარდება საწოლ ოთახში და ხედავს, რომ უცნობი ყმაწვილი ლოგინზე აგდია, გულისფიცრიდან სისხლი გადმოსდის და ეს სისხლი თეთრ ზეწარს ღებავს.
შორიახლოს დგას მთლად სველი, პირსახოცშემოხვეული ქალი, რომელსაც ხელში პისტოლეტი უჭირავს.
- ესღა გვაკლდა, - ბუტბუტებს ქმარი. - ეს რა ქენი, ეკა?
ქალი დაბნეულია.
- შენ ბრიუსელში არა ხარ? - ეკითხება კაცს.
- ჩამოვედი, ეკა, - ეღიმება კაცს. - და, აი, რა დამახვედრე. ის არ გეყოფოდა, რომ შენს მობილურზე სულ მერაბას ნომრები იწერება? წაშალე მაინც... ახლა კიდევ ეს ბავშვი, მკვდარი...
- ვინ ბავშვი? ვინ არის ეს? - ამბობს ეკა. - ახლავე პოლიციას გამოუძახე. მე ვბანაობდი. 

კარის ხმა შემომესმა, გამოვედი და რას ვხედავ... ვიღაც შიშველი ბიჭი. ბედზე პისტოლეტი იდო სარკეზე.
- პისტოლეტი სარკეზე არ იდებოდა. კარადის თავზე იდო. ეს წარმოდგენა იმიტომ გაითამაშე, რომ მერაბა ჟურულმა არ იეჭვიანოს, - ეღიმება რამაზა ყურაბელიძეს.
- მაკუცუნას გეფიცები. როგორ არ გრცხვენია? აბაზანაში ვიყავი. ასე რამ გაგაბოროტა? მერაბიკო შენი სალაპარაკო არ არის. 

ერთად გავიზარდეთ და, ცოლს რომ გაშორდება, მე შენ გაგშორდები.
- შენ ვერ გამშორდები, იმიტომ, რომ ყველაფერი შენს სახელზეა გაფორმებული, - მტკიცედ ამბობს რამაზა. - მერაბას რად უნდა ჩემი საწყალი ქონება? მოგკლავ, ვერ წაიღებ ჩემს ნაშოვნს.
- რად გინდოდა ფოტოაპარატი?
- შენი საქმე არ არის. ამაღამ ბარსელონაში მივფრინავ და მინდოდა. შენ კი თავს მჭრი მთელ ქალაქში.
- შენ მეუბნები ამას? გამყიდველი და ოფიციანტი არ დაგიტოვებია. ვითომ არ ვიცი, რატომ დადიხარ ტანსაცმლის მაღაზიებში. იქ გარდერობში...
- ეკა, დადე პისტოლეტი, ცუდად ათამაშებ ხელში.
ქალი პისტოლეტს დადებს
- გივიმ დარეკა. მე ვუთხარი, ბრიუსელშია-მეთქი. 

შენ აქ გდებულხარ საუნაში, სამთუმნიან ბოზებთან. ღმერთო, რამდენი სისხლია. ყაჩაღი შემობედავდა ადრე ჩვენს სახლში? გამოუძახე პოლიციას, რამაზ.
- ნუ ბჟუტურობ. პოლიციას რომ გამოვუძახო, ბარსელონაში ვეღარ წავალ ნივრის საერთაშორისო გამოფენაზე, - რამაზა ყურაბელიძე ჩაფიქრდება. - გვამი უნდა მოვიშოროთ...
მერე წამოდგება და ღია ფანჯრიდან გაიხედავს. ქვემოთ მანქანა დგას. მანქანასთან ღიპიანი, გაოფლილი კაცი აყუდებულა.
- ანზორ! - ეძახის რამაზა ყურაბელიძე. 

- ამოდი! რაღაცა უნდა გადავაგდოთ!
- მეზობლები შეყარე! - ამბობს ეკა და სიგარეტს უკიდებს.
- შევყრი, აბა, - რამაზა ფოტოაპარატს ათამაშებს ხელში. - მოდი, სურათი მაინც გადავიღოთ.
ეკას ხელს მოხვევს, აპარატს წინ გაიშვერს და ხითხითებს:
- აქ უყურე...
ჩხაკ!
ასე იყო ჩემი სიკვდილი და ჭეშმარიტად არ ვიცი, რისი ბრალია. სიცხის?
თქვენკენ მოვიჩქაროდი, ძმებო. მე ყურშა მქვია.
იგივე კიკილა.
ქალებზე ლაპარაკი რო უყვარდა და გერმანიაში რომ გეგონათ.
ეჰ...

ღამე მეექვსე

იმ ქარიან დღეს ჩვენ წინაშე ჭრიალებდა უძლური ჭიშკარი მეცხრე საავადმყოფოსი, ხოლო მაწანწალა ბავშვები ლოკავდნენ გამომშრალი შადრევნის მილს.
დავიწყე მე:
- ბებერო აბდურახმანო, ძვალო და ტყავო გამხმარო, ოთხი სურათი ჰბურავს ჩემს წარმოსახვას. პირველია სურათი ძველი ვაკისა, სადაც ადრე მხოლოდ გორაკებზე ცხოვრობდნენ ხელოსნები და მენავთენი. ეს არის სურათი გარეუბნისა და იქაური წყნარი ცხოვრებისა. მეორე, რაც წარმომიდგება, სტალინურ მშენებლობათა ხატებაა - მაღალჭერიანი სახლები ზედ გაკრული დაფებით: \"აქ ცხოვრობდა აკადემიკი სლუმამანიძე\". 

ეს არის სახე ბოლშევიკურად განსწავლული და დასახლებული ალაგისა. მესამე სურათი შენი დროების სურათია, ბებერო აბდურახმანო, ჟამი ქეიფისა, ვითომც ბოჰემისა, ბანქოთი ღამის ტეხისა. ეს არის სურათი მორგებისა და უბნად ქცევისა. მეოთხე სურათი დღევანდელია - სურათი თავისუფალი ვაკისა. აქ სილაღე და წარსულის სიავენი ერთად ტრიალებენ. რას იტყვი, ბებერო აბდურახმან?
მან კოტიტა თითი გაიშვირა:
- აქ იყო ადრე კაფე \"ცისკარი\", - თქვა აბდურახმანმა და სათვალე გაისწორა. - მერე - რესტორანი \"მწვანე ველი\". 

ახლა სუპერმარკეტი გაუხსნიათ. \"ბიგ ბენი\" ჰქვია და ჩემი გული ქვად იქცა. შენ ვერ გაიგებ ჩვენს ტკივილს... როგორ გაიგებ, როცა ჯერ არ დაბადებულხარ და მხცოვანი პროფესორივით განსჯი? ის - სიხარული იყო. ცხოვრებისა და დარდისა.
- და განა თავად შენ პროფესორივით არ ლაპარაკობ? განა პროფესორი არა ხარ, შემოდგომის აზნაური? რამდენ ვაჟკაცს დაულევია სული აქ, მეცხრე საავადმყოფოს სარეანიმაციო ოთახში? ტყვიაც კი აღარ ამოუღიათ გულიდან. ჩვენი კიკილაც აქ მოასვენეს...
ბებერმა აბდურახმანმა საავადმყოფოს ერთ დროს ლამაზ აივნებს გახედა და ვიცი, რაც გაახსენდა.
- გამიგონე, პატარავ. მე ჩხუბს არ ვაპირებ. 

შენი სურათი ოთხია და ისტორიაც ხომ ოთხია? პირველი გემრიელად ჭამის ისტორიაა, ჩვენი ძველისძველი ხელოვნება. მეორე ისტორია გემრიელად სმის ისტორიაა, განა ვინმეს ძალუძს, ჭამოს და სვას ჩვენებრ? არავის. მესამე ისტორია გამოძინების ისტორიაა, ტკბილად გამოძინებისა, და მეოთხე - ამ სამის მიღწევის ისტორია. აი, ეს არის სულ. და თუ ეს იცი, პროფესორობით არ აგევსება გული.
- მე ამ უბნის სურათებს ვეძებ.
- ჰმ, სურათებს... ჯობდა დუქანი ან ეკლესია მოგეძებნა ამ უბანში, ძვირფასო ნიკა. განა ეს უბანია? დარბიხართ, ეძებთ გოგოებს, რომელთა ფეხებსაც იოლად შემოიგდებთ მხრებზე. 

ვიღაცები ბიჭებსაც ეძებენ. თქვენი ყურები ექთანმა გოგომ გახვრიტა, ჩვენი ყური კი - მუსიკამ... მე ჯაზს ვუკრავდი ძველ დროში.
- და განა ჯაზი სექსი არ არის? უფრო სწორად, სექსი არ იყო, რომ გაჩნდა?
- ჰმ, - ესღა თქვა ბებერმა აბდურახმანმა, სათვალე შეისწორა ცხვირზე და წაიბურტყუნა: - აღარაფერია თქვენს სულში. თვით ზამთარსაც კი ვერ ვუწოდებ თქვენს ჩაყინულ ჯიგარს. რატომ მეძახი აბდურახმანს, პატარავ?

თბილის მაშინაუ
გამდლიწყაროდან რომ ხევ-ხევ გადაუყვები, რომ გაივლი საურმე გზებს, ტყის პირებსა და დაკარგულ სოფლებს, რომ შემოგხვდებიან ლოყაწითელი ოსის ქალები, რუსის სალდათთა საგუშაგონი და ტყისპირებზე დატოვებული ნატრაქტორალი მანქანები, როცა თავს წამოგადგება და უცილობელ თანამგზავრად გაგიხდება ჯადოსნური ცა მაჩაბელთა ოდინდელი მიწისა, ხოლო სიჩუმე მარადიულ სიმშვიდედ გარდაიქმნება, ფიქრი მოიძევს კეთილშობილ საწყისებს, თვალი კი ვერ მოსწყდება ფერდობებზე შემომდგარ უკოხტავეს ძველ ეკლესიებს, სწორედ იქ, შორიახლოს, იღება წამალი.
და მოდიოდნენ უკან სამნი ზურას \"ბეემვეთი\".
- ჩვენა ვართ ჯაყოს ხიზნები, - გაიცინა ზურამ. 

- ლიმონი ჩააგდე ბარდაჩოკში.
ზურა ნასწავლი ბიჭი იყო. მამა მინისტრის მოადგილე ჰყავდა კომუნისტების დროს.
ხიხომ ლიმონი ბარდაჩოკში ჩააგდო და, ყურები მიცივდებაო, თქვა. 

ხოლო ზახოდამ (წყნეთელმა) კი არაფერი თქვა, რადგან ხიხო არ უყვარდა.
სრულ ხუთ საათში მოგვარდა ყველაფერი. ბინდი ეფინებოდა ლიახვის ხეობას. სარკეზე იორდანეში ნაკურთხი ჯვარი ქანაობდა. ზურას ძმას, მერაბას ჩამოუტანა რომელიღაცა დეპუტატმა იერაშალაიმიდან. სადღაც კი, სადღაც, ქარიშხლები ბღაოდნენ.
- გორში ხაჭაპური ვიყიდოთ, - თქვა ზურამ.
- მარწყევინებს, - ეწყინა ხიხოს.
იმ ტყის პირებზე მაშინ მოღვაწეობდა ოცდაოთხი წლის ყაჩაღი მარეკ სუგაევი. მას ჰქონდა მობილური ტელეფონი და ახლომახლო სოფლებშიც სანდო ხალხისთვის მიეცა მობილური ტელეფონები. მარეკ სუგაევი დუქანში იჯდა და ტერიტორიაზე მოძრავი მანქანების რაობას არკვევდა. 

მას ახლდა რამდენიმე თავზეხელაღებული ძმაბიჭი და ბევრს რასმეს წაახდენდა ხოლმე. წამალზე წამოსულ ხალხს თითქმის არასოდეს ერჩოდა, წამლიდან წამოსულს - არასოდეს. შემთხვევითი და დროებითი არაფერი აინტერესებდა. ის მარადიული ფასეულობებისკენ მიდრეკილი ახალგაზრდა გახლდათ. ერთი დღის კაცი არ სჭირდებოდა. შვიდი გვამი პირადად მის კისერზე იყო, დანარჩენებიც - დანარჩენების კისერზე.
ტყის პირას მარეკ სუგაევი და სამნი იდგნენ, ტალახიან, დილით, ალბათ, ვერცხლისფერ \"ბეემვეს\" უყურებდნენ.
- ჰაი, ბაურორამ! - თქვა ერთ-ერთმა.
- ანომერთაენ ნავინენ, - გაეპასუხა მეორე.
- თბილის მაშინაუ, - წაილაპარაკა მარეკ სუგაევმა.
- თბილის? - არ დაუჯერა მეორემ.
- თბილის მაშინაუ, ჯურენდან, - დაამტკიცა პირველმა.

- აშუ, ბაურომაი, - ზანტად წარმოთქვა მარეკ სუგაევმა, ავტომატი ჩამოიგდო მხრიდან და თამამად გავიდა გზაზე.
- გაგვტისკეს, - წამოსცდა მანქანაში ხიხოს.
- გავაჩერე, - თქვა ზურამ.
მარეკ სუგაევმა საჩვენებელი თითი მიაკაკუნა საქარე მინაზე.

ღამე მეშვიდე

- გამარჯობა, ძმა.
- რა არი? - ზურამ თავი გადმოყო ფანჯრიდან.
- ერთი გადმოდით, აბა, ძმა.
- აჰა, გადმოვედით, - თქვა ხიხომ და სიგარეტს ძებნა დაუწყო.
- არ გინდა, ძმა, - გაეცინა მარეკ სუგაევს.
- სიგარეტი.
- მერე მოწიე, - და ზურას მიუბრუნდა: - ალანასთან იყავი?
ზურამ თავი დაუქნია.
- მე მარეკა ვარ, იცი მარეკა?
- ვიცი, - უთხრა ზურამ.
- კაროჩე, ეს ყველაფერი, აქ რაც არი, ჩემია. გინდა, გააჩერე, იკითხე მარეკა.
- ვიცი, ხო...
- მე ეგ, თქვენ რო დარბიხართ, არ მაინტერესებს. 

იმიტო, რო ჩემგან იღებთ ყველაფერს...
და მარეკა დადუმდა. ჩიტების ჭიკჭიკი მოისმოდა ჭალებიდან.
- ჩვენგან რა არი საჭირო? - იკითხა უცებ სიჩუმით გულგაწვრილებულმა ხიხომ. კასეტაც კი დამთავრებულიყო მანქანაში. ჯო კოკერი. ჯო კოკერი დუმდა მარეკ სუგაევისადმი სოლიდარობის ნიშნად.
- ახლა ესა, ჩემი ახლობელი... ბარგი აქს და უნდა წააღებინოთ, მაშინები გატანებული მაქს და ბარგით არი. გორთან მიიყვან და ჩამოვა, - თქვა მარეკამ.
- დაჯდეს, ძმაო, - მოეშვა ზურას.
- დაჯდება, მა რას იზამს, - ძალა გამოაჩინა მარეკამ. 

- მე კაი ხალხს ვცნოფ. გზაზე თუ რამე, ეს ჩამოვა და ეტყვის, ვსო. დავაი, ალიკ, ვინასი...
- მაიტა! - გაუხარდა ხიხოს.
- წინ დაჯდეს! - ბრძანა მარეკ სუგაევმა. - ბაგაჟნიკი გახსენი.
ხუთი სოფლური ჩანთა და სამიც გატენილი ცელოფნის პარკი.
- ეგენი ფეხებში დაიგდე, - დაარიგა მარეკამ ხიხო.
- ფეხები სად წავიღო? - იკითხა ხიხომ, ზახოდამ კი (წყნეთელმა) მიუგო:
- პაპაჩემ სულ არ ქონდა ფეხები, მარა დედას ურტყნამდა...
და ზურამ დაქოქა.

ღამე მერვე

უკვე გვარიანად შეღამებულიყო, როცა \"დილით ვერცხლისფერმა\" ძველმა \"ბეემვემ\" მოხდენილად აუქცია გვერდი დიდ საგუშაგოს წყნეთის შესასვლელში და ამ კეთილშობილ დაბაში შეგრიალდა.
- ეგ შენი ძმაკაცია? - ჰკითხა ზახოდამ ზურას.
- ვინ ეგ?
- ეგა.
- ხიხო? - გაეცინა ზურას. - ხიხო - ხიხოა.
- არ მევასება... ჩემსა დარჩი, ვჭამოთ რამე, - შესთავაზა ზახოდამ. - მერე ადი თქვენთანა.
- ერთი, აქ შევივლი, - თქვა ზურამ და ჭავჭავაძეზე შეუხვია.
- აქ ვინ არი?
- ძმაკაცია. 

ვნახავ და... ორი წუთი.
- პატივი უნდა ცე?
- არა... ძმაკაცია, - დაამუხრუჭა ზურამ.
აივანზე იჯდა გაუპარსავი, სასაცილოდ გასუქებული ჯეილი და ფეხები მოაჯირზე შემოეწყო.
- ვა, - თქვა და ზანტად ჩამოიღო ფეხები.
- რავა ხართ, ნიკალაი ნიკალაიჩ?..
- დაჯე, რა თვალები დაგირბის!
ზურა დაჯდა.
- სად არიან?
- სასეირნოდ.
- მარტო ხარ? - ზურა ისევ ადგა.
- დაჯე, ფეხბურთი იწყება.
- არა, მელოდებიან. დადიხარ თბილისში?
- ყოველდღე.
- ვეღარ გამოვიარე.
- რას გამოივლი... ვინ გელოდება?
- შენ რას აწერ წიგნებს? აკა ისაო... ხო?
- მერე?
- ქუჩაში ვნახე, იდო. მაიტა, რა, წიგნი...
- აქ არა მაქ.
- შენ რო მომიყევი მაშინ, - გაეცინა ზურას. 

- აი, რო წავლენ და დაიჭერენო... ეგრე მომივიდა დღეს...
- ვერ გავიგე.
- ოსებმა დამიჭირეს.
- ვა? - თითქოს გაუხარდა წვერგაუპარსავს.
- მა!
- მერე?
- მერე, გამოვძვერით.
- ვინ გიზის?
- წყნეთელია.
- ვაი, ვაი, ვაი. რა დღეში ხარ?!
- ჩაი დამალევინე.
- ნატო მოვა და მერე. მე რა ვიცი, ჩაი!
- არა, წავედი.
- მოდი.
- დავრბივარ. მოვალ.
- ბავშვები გახსენებენ.
- აბა, ვინ უნდა ახსენონ?
ამ დროს მოისმა სიგნალის ხმა.
- აგე, - თითქოს ისევ გაუხარდა მასპინძელს.
- წავიდეს, ერთი, - წაიბურტყუნა ზურამ. - წავედი. დამიკოცნე, - და ჭიშკარი გაიხურა.
ზახოდა მანქანიდან გადმოსული დაუხვდა.
- რა იყო? - ჰკითხა ზურამ.
ზახოდა ნაწყენივით იყო.
- აგე, ცელოფანია.
- რა ცელოფანი?
- აი, იმას ედო ფეხებში.
- ვის, ხიხოს?
- ხო.
- აბა? იმ ოსის ცელოფანია. 

დარჩა იმ სირს.
- დარჩა თუ დატოვა, მაგის ჯიგარში შევედი! - დაჰკივლა უცებ ზახოდამ.
- რა გაყვირებს? ცელოფანია. ნახე, რა არი შიგ?
- ნესვია. მარა ნესვზე დიდი.
- საზამთრო?
ზახოდა ჩაცუცქდა, სიგარეტს მოუკიდა, გააბოლა და ხმადაბლა, ცხვირაბზუებით თქვა:
- ჩემი დედა მოვრტყამ, ეგ არი კაცის თავი.
და აღარაფერი უთქვამს.
წყნეთელთა უმთავრესი სალოცავის, მლეთის მხარეს გაიხედა და სიგარეტიანი ორი თითით გადაიწერა პირჯვარი.
- ე... - ჩაჯდა ზურა.

ღამე მეცხრე

- ქსივა უნდა გქონდეს, - წაიბურტყუნა ზახოდამ (წყნეთელმა).
ზურას მწარედ ჩაეცინა.
- ხო შეულია შენ ძმას, რო გაგიკეთოს? კაგებეა, რა, ძაღლობის ქსივა ხო არ არი. ძაღლობის ქსივაც, თუ საქმეზე მიდიხარ, გრეხი არ არი.
ზურას კვლავ მწარედ ჩაეცინა.
- მე ჩემი ცხოვრება მაქვს, - თქვა უცებ.
- და შენი ძმა ხო გეხმარება? - პირი დააღო ზახოდამ (წყნეთელმა). 

- იმხელა პონტშია.
- ჩემი ძმა არი მუშნი ზარანდია.
ზახოდა დადუმდა.
- შენი ძმა მერაბა არ არი?
ზურამ ისევ გაიცინა. სიბნელეში ვერ მიხვდებოდი, მწარედ თუ ტკბილად.
- ახლა მაღლა არ მიდიხარ, მერაბასთან?
- ხო.
- მერე, ამას რა ვუყოთ?
ზურამ მხრები აიჩეჩა.
- მერაბას მიუტანე, ე, კაგებეში წაიღებს, - გაუხარდა ზახოდას (წყნეთელს). 

- იქ გამოიძევენ. ე, - რა გულიანად იცინოდა.
- დავაი, სადმე გადავაგდოთ, - თქვა ზურამ.
- ვერა რეჩკაზე? - ჩაფიქრდა ზახოდა. - ტყის ძაღლები იპოვიან, გამოათრევენ... დასამარხია.
კარგა ხანს იყვნენ ასე, ჩუმად.
- ვინ იქნება? - იკითხა ზურამ. - ვისი თავია?
- მაიტა, ავიდეთ გორკის ქუჩაზე, - თქვა უცებ ზახოდამ (წყნეთელმა).
- იქ რა ვქნათ?
- მაიტა, ავიდეთ. იქ დამტოვე. ბაბო მაგათისამ... 

ახლა კიდე ეს მამარხვინე. მამაჩემი ძლივას დავმარხე შარშან. ქელეხი ორას კაცზე გამოვიდა. იმის ვალშია დღესაც დედაჩემი...
- რა ვუყოთ?
- დაახვიე, ავიდეთ გორკზე, რო გეუნები. იმათ დამარხონ.
- ვინა?
- თბილისლებმა.
ზურას გაეცინა.
- ხო, რა, მდიდარი უკეთ არ დამარხავს? დამარხავენ კოხტათ დაჩის ეზოში. ღორი არ ყავთ და რამე, რო გაჩიჩქნოს.
- ძაღლი?
- ეე, - ხელი აიქნია ზახოდამ. - იმათ ისეთი ქეთინო ძაღლები ყავთ. 

პიდარასტები. რას მაყოლეფ, ხო იცი? - და ზურამ დაქოქა. - თბილისლებში შენა და ერთი-ორ კაცს ვცემ პატივს... ქურდებს და შენა.

ამბორისიმო და ჩინური ჩაი ვერის ბაზართან
თუკი ოდესმე რაღაცების არდავიწყებაზე მიდგება საქმე, გთხოვთ, საყვარელნო, არ დაივიწყოთ ის დრო, როცა კინოში დაიარებოდით ღამის სეანსებზე. იყო ასეთი გემრიელი სეანსი პაწაწინა კინო \"ყაზბეგში\", სწორედ იმ დროს, როცა ვაკეში არსებობდა ერთი რესტორანი, \"მწვანე ველი\" და ერთიც კაფე, ხალხისაგან \"ფრანციად\" წოდებული, იქაური ნამცხვრების გამო.
კინო \"ყაზბეგის\" სალაროებთან მოჰკლეს ერთ დროს... ნუ გარევთ ამ ამბავს იმ ამბებში. არდავიწყება არდავიწყებაა და თუ გაიხსენებთ იმ ბოლო სეანსებს და იმ ბოლო დროს ნანახ ფილმებს, იმათგან არ დაივიწყოთ სადღეისოდ გახუნებული, ჩვეულებრივი ფრანგული ფილმები შეყვარებულთა შესახებ.
და, მართალია, იმ სიყვარულებს არაფერი მოუცია თქვენთვის. 

საკუთარ თავში ვერ დასძებნიდით სულ მცირე ძაფსაც, ალენ დელონის გმირს რომ ჩასჭიდებოდით თქვენის შინაგანის თრთოლით, რადგან არა თრთოდით. და არც ქალები უახლოვდებოდნენ ანუკ ემეს, ოღონდ თმას თუ შეიჭრიდნენ ისე და ეგ იყო და ეგ. მაგრამ ნუ დაივიწყებთ ამ ფილმებს, რადგან ისინი გიმოკლებდნენ საღამოებს და გულში კი შთებოდა მანქანის ფარებით განათებული გზები პარიზისა და მყუდრო სასტუმროთა ნომრები. ხედები ფანჯრებიდან და უხილავი ბზრიალა განცდებისა, საათ-ნახევრით.
განა არ ვიცი? მივიწყებულია ესა, ძვირფასო მერაბ, და ძვირფასო ეკა. მაგრამ გაიხსენეთ, ოცდახუთი წლის წინათ, პარასკევ საღამოს, კინო \"ყაზბეგში\", ბოლო სეანსზე, ბოლო რიგში რომ ისხედით. ეს იყო პირველ დარბაზში. მეორე დარბაზს აკლდა მყუდროება და თანაც, იქ რვა საათის შემდეგ აღარ იყო სეანსები. 

და ისხედით ბოლო რიგში, სულ კუთხეში, მერაბ. ბილეთები შენ აიღე, სულ კუთხეში, კედელთან შენ იჯექი, ეკა. მერაბ, ვიწროწელიანი შლაქსები გეცვა და ყვითელი ბატენის პერანგი, საყელოები მხრებს სწვდებოდა. შენ კი მოკლე ვარდისფერი კაბა გეცვა. იყო ასეთი ფერები ერთ დროს. მოკასინები - შენ, მერაბ, და საბოები - შენ, ეკა.
აჰ, რამდენი ნაცნობი და ახლობელი იყო დარბაზში... მთელმა ვაკემ იცოდა, მერაბა და ეკაო. 

ეკა ინგლისურზე მოეწყო სწორედ იმ ზაფხულს და მერე გაგრაში გაქანდა. შენც მოგაწყვეს, მერაბ, საინჟინრო ეკონომიკურზე და შენ, ნიკუშა, სანდრიკა და ალიკა მიროტაძე გაგრაში გაქანდით. დაზაგრულები ჩამოხვედით და ყველამ იცოდა, იმ საღამოს, იქ, იმ პირველ დარბაზში, რომ ბოლოში ისხედით და ერთმანეთს კოცნიდით. ვინ არ იცოდა? ბოლო რიგი შეყვარებულებისთვის იყო. მერაბ, მე სულ მიკვირდა. არა, კი არ მიკვირდა, ეკა ძალიან ისე იყო, ბოლომდე, და არ რცხვენოდა. ეკა, მითხარი, რა ფილმი გადიოდა იმ ღამით? რა გადიოდა? თქვენისთანებს აღარაფერი ახსოვთ. 

გეტყვით...
\"თავგადასავლების მაძიებლები\". ალენ დელონი, ლინო ვენტურა და...
არ დაივიწყოთ, სულ აღარაფერი დაგრჩათ?
ვინ იყო ამ დროს რამაზა ყურაბელიძე?
რა იყო ამ დროს რამაზა ყურაბელიძე?
არსებობდა, საერთოდ?
ალბათ, არსებობდა, სადმე, კვარტალებში და უნივერსიტეტის სტუდენტთა გახუნებულ ბრბოში. შენ იქ არ დადიოდი, მერაბ, თორემ თავიდანვე გეცოდინებოდა, რომ ერთ ჯგუფში ხართ.
ვინ იყო?


ღამე მეათე

დიდად ლამაზი არ იყო თქვენი ამბორი და თავიდანვე არ მომწონდა ასეთი სიყვარული. იცი, რატომ არ მომწონდა? მიკა ზარელუას რომ ართმევდი საბურთალოს სახლის გასაღებს. იმ ბაითში სიყვარული იქნებოდა? იქ ერთი წამლის ხარშვისგან დატანჯული ქვაბი იდგა გაზზე და მთელ ჩვენ კუტოკს ქალები აჰყავდა. იმ ტახტზე როგორ აწვენდი? ან შენ, ეკა, როგორ წვებოდი იმ ტახტზე? მე ვეღარ ვჯდებოდი და... იქ როგორ მიდიოდით?
საწყალი მამაშენი ხო გარიცხეს პარტიიდან და გამოუშვეს სამინისტროდან? შენც ხო გაგრიცხეს? რისთვის იჯექი ორი წელიწადი? რაც ძია მიშამ მიმაგრებაზე იწვალა, და რატომ? იმიტომ, რომ უტვინო ხარ, ასიტაშვილებმა როგორ შეგსვეს წამალზე. 

არა, რატომ შეგსვეს გასაგებია, წოვდნენ ძია მიშას ფაბერჟეებს და მაყუთს, მარა, შენ როგორ შეჯექი მაგათ ბაიანზე? ვიცი, ვიცი, ბავშვი ვიყავიო. ვიცი, დღეს სხვა ხარ. ვიცი, როგორ არა. ჩაწყობილი იყო. შენ კი არა, ძია მიშას გაუკეთეს. ჩაწყობილი იყო. თქვენი ორჯონიკიძეში წასვლაც, უკანა გზაზე დიღომში დაჭერაც. 

ძია მიშას გაუკეთეს და შენც, ბოლო გოიმივით, ვერ მიხვდი. მაგარია ძია მიშა. დღემდე დგას. იმიტო მიყვარს. ბოლომდე იდგება.
შენ, ეკა? რატომ ვერ ითმენდი? რისი მომთმენი ხარ! თქვენ არ გიყვარდათ ერთმანეთი. ვისთან აღარ... ისინიც გიყვარდა? რეზო ჟორჟოლიანი? ეტენებოდი, ეტმასნებოდი. 

გასაგებია. ეს შეჯდა. შემჯდარს რა უნდოდა ქალთან? რაღა სიყვარული იქნებოდა? მაგრამ რამდენ ხანს? მაგარი ბიჭებით დაიწყე და ჩვეულებრივ ბიჭებზე გადახვედი.
\"ზაპოროჟეცი\" გაგიჩერა. \"ზაპოროჟეცში\" ჩაუჯექი. მეტი რა გითხრა? მერაბის კურსელი ვარო, გაგიყვანო. მერე კიდევ დაგხვდა \"ზაპოროჟეცით\". არ რცხვენოდა. 

ერთადერთი რამის რცხვენოდა, გვარს არ გეუბნებოდა თავიდან, უტყდებოდა, ცუდი გვარი მაქვსო, ფიქრობდა. რას კარგავდა? კაი პროფესორის შვილი, გინეკოლოგის, შუა ვაკეში. ვინ იყო? რამაზა ყურაბელიძე. გაყვებოდი, აბა, რა. ჯერ მარტო აბორტები მოგწყინდებოდა ამდენი.
ძალიან ლამაზი, ძალიან, ძალიან. 

ვინ ამბობს?
იშოვა რამაზამ, თავისი ყველაფრით. ვინ იყო ყველაფრის მიმღები? რამაზა.
არც გახსოვთ, \"თავგადასავლების მაძიებლები\" გადიოდა.
არც გახსოვთ.
და ახლა რამ გადაგრიათ ერთმანეთზე? ამდენი წლის შემდეგ, ნახე, ხელზე როგორ დაადე ხელი. 

ასაკი.
არ დაივიწყოთ ეგ ფილმები, თუ არდავიწყებაზე მიდგება საქმე.
ეგ ერთადერთია, რაც თქვენს ახლანდელ რაღაცებს შეათბობს და გაალამაზებს. გახუნებულია, მაგრამ მაინც.
მე რაღას მიცნობთ? აი, ჩემი ჭაღარა, მოუვლელი წვერი. ეს პერანგებიც იმიტომ შემომრჩა, რომ კარგი ხმარება ვიცი. ვანიკომ ოცლარიანი ჩამიტენა ჯიბეში და შემოვედი აქ ჩინური ჩაის დასალევად. კიდევ როდის შემოვალ, არ ვიცი.
გვერდით ისხედით. შინაურებივით უხმობდით მიმტანებს. გასუქებულხარ, მერაბ.
არაფერი გახსოვთ. 

უბრალოდ, კარგად ხართ და მოძებნეთ ერთმანეთი.
და მე რომ ვერ ვარ კარგად და მაინც მოგძებნეთ?
მე ყველაფერი მახსოვს. დეიდა მაკუცუნაც და დეიდა ეთერიც. რა კარგი დედები იყვნენ.
ძია მიშაც და ბატონი საშაც. ეჰ, ეკა, ბატონ საშას ანეკდოტი ეკადრებოდა? სად არისო და, შვილს აბორტს უკეთებსო.
არ დაივიწყოთ, მაინც.


ღამე მეთერთმეტე

წყვილ-წყვილად
რადიოში მღეროდა კახა ცისკარიძე, \"განდაგანას\" რემიქსულ ვარიანტს. თეთრ ღრუბლებზე. მარიამ ყურაბელიძე ფანჯრის რაფაზე იჯდა, ჭავჭავაძის გამზირს გადასცქეროდა და ეწეოდა. მარიამ ყურაბელიძე ნაყინის კოლოფში აფერფლებდა. 

\"ტიბისი\" ბანკის წინ ბიჭები ირეოდნენ.
- შეხედე, - თქვა მაკუცუნამ, - ვასიკოს ძმა. რამდენს ლაპარაკობს.
ეთერიკო-ეთუნამ არაფერი თქვა. მხოლოდ შავად შეღებილი ფრჩხილი მოიკვნიდა.
მარიამ ყურაბელიძეს მაკუცუნას ეძახდნენ. ის ფანჯარაზე იჯდა, ეთერიკო-ეთუნა ჟურულის ბინაში და ეწეოდა. ეთერიკო-ეთუნა ჟურული ოდნავ მსუქანი, ოდნავ უშნო და ოდნავ დაბალი იყო, ვიდრე მაკუცუნა. მაკუცუნა სექსუალური ჩანდა, ეთერიკო - უსაზღვროდ სევდიანი და ენადაბმული.
- ვასიკო ჯობია. ეს ღორივითაა გასუქებული, ფუ, - გულწრფელად თქვა მაკუცუნამ. 

- ვასიკოს როგორი მხრები აქვს... იცი, როგორი ხასიათები აქვს?
ეთერიკო-ეთუნას ცრემლი მოადგა, ხმადაბლა თქვა:
- არა, - და კვლავ ფრჩხილი მოიკვნიტა. საღებავის ნამტვრევი დარჩა ტუჩზე.
მარიამ ყურაბელიძე ერთ წელიწადს სწავლობდა გეთინგენში და ქალიშვილი აღარ იყო. რას სწავლობდა, არასოდეს უთქვამს, სამაგიეროდ, ჭიპი თამამად გაიხვრიტა და ხუთი საჭიპე სამკაულიც ჰქონდა, რათა ზაფხულში თამამად ეჩვენებინა ყველასთვის. ოღონდ საჭიპეს სადარბაზოში იკეთებდა ხოლმე, რა თქმა უნდა, თუკი მამა შინ იყო. დედა არ უშლიდა. დედა გულში ნანობდა, რომ მის დროს საჭიპეები არ იყო. 

ეთერიკო-ეთუნასაც გააჩნდა საიდუმლო: მარჯვენა მკლავს რომ ასწევდა, დაუნახავდი იღლიის ქვეშ ამოსვირინგებულ ჩინურ იეროგლიფს. იეროგლიფი სიყვარულს გამოხატავდა, იღლიის ქვეშ კი იმიტომ მიმალულიყო, რომ მამას არ დაენახა. ერთ წელიწადს ეთერიკო-ეთუნაც სწავლობდა ვაიმარში და ქალწულობაც იქ დაეტოვებინა, საერთო საცხოვრებელში. მაშინ ნოემბერი იყო. ციოდა. ხორხემ შესთავაზა, ვიმეგობროთო. ეთერიკო-ეთუნა დაიბნა. 

ხორხემ მარწყვისფერი ქონდომი უჩვენა, შიში ნურაფრისა გექნებაო. ისიც, ეთუნასი არ იყოს, გერმანულ ფილოლოგიას სწავლობდა და პირი დააღო, როცა შეიტყო, ქალწულები მონასტრებს გარეთაც არსებობენო.
ხორხე არ იყო ცუდი, თუმცა, მაინც ცუდი იყო. უფრო სწორად, ეთერიკომ ჯერ არ იცოდა კარგის და ცუდის გარჩევა.
ასე გამოვიდა.
- ვასიკო მუხაშავრია, - თქვა მკაცრად მაკუცუნა ყურაბელიძემ, - ვასიკო მუხაშავრია, შენ ჯიგარს დავხევთ. იცი, რა საყვარელია?
აბა, ვინ არ იცოდა? ტანმაღალი ვასიკო მუხაშავრია მაკუცუნასაკენ მოილტვოდა. ადრევე დაედგა მისთვის თვალი, მაგრამ მერე მაკუცუნა გერმანიაში გაფრენილიყო, ვასიკო კი სასამართლოსგან დაეხსნათ და ამასობაში ცოლიც შეერთო. ვასიკოს და კარლიკა ამილახვარს ბრალდებოდათ ერთი ვაშლიჯვრელი ქურდის მკვლელობა და მონაწილეობა ამიაკის კონტრაბანდაში, მაგრამ ისე მოხერხდა, რომ ვასიკოს მამამ, ერემია მუხაშავრიამ, და მისმა მეგობრებმა ყველაფერი მოაგვარეს, ვაჟს ჰალსტუხი შეაბეს და ერთ დიდ კონცერნში მოაწყვეს ფინანსისტად.
ახლა ვასიკო მუხაშავრია ოცდასამი წლისა იყო, იჩხირავდა შემთხვევიდან შემთხვევამდე, ხშირად დადიოდა მივლინებით მოსკოვსა და ვარშავაში და, ამ გაწამაწიის მიუხედავად, ცდილობდა, სადმე მიემწყვდია მაკუცუნა ყურაბელიძე.
მაკუცუნას ფეხებზე ეკიდა და არც ეკიდა ვასიკო მუხაშავრია. ვასიკოს ორკარიანი ჯიპი ჰყავდა, რომელიც თავად ვასიკოზე ბევრად ლამაზი იყო. 

ესეც არ იყოს, ეთერიკო-ეთუნას თავდავიწყებით უყვარდა ვასიკო მუხაშავრია. იმგვარის გულამოსკვნილობით, რომ ყველაფერზე თანახმა იყო. ეთერიკო-ეთუნას თანხმობა თითქმის არაფერს ნიშნავდა, რადგან ვასიკო ვერ ამჩნევდა მარადი სევდით შეპყრობილ გოგოს, რომელიც მაკუცუნაზე ოდნავ მსუქანი და ოდნავ უშნო იყო და საპარიკმახეროდან თითქმის არ გამოდიოდა.
ესე ყოველი ავალდებულებდა მაკუცუნა ყურაბელიძეს, რომ დაქალი ვასიკოსთვის შეეტენა, მაგრამ, იმავდროულად, საკუთარ თავსაც ვერ ერეოდა და ამ ჯაფით დაღლილ ვასიკოს თავისკენ იწვევდა. ეთერიკო-ეთუნას აგიჟებდა მაკუცუნას ლაპარაკი. მაკუცუნა ხომ ასეთი დაუნდობელი იყო!
- გრძელი ხელები აქვს! - თვითონაც არ იცოდა, რატომ ამბობდა მაკუცუნა. - აი, ესე გაგიკეთებს, აი, ესე...
ეთერიკო-ეთუნა თვალებს ხუჭავდა.
- დღეს დავხევთ მაგის ჯიგარს, აი, ნახავ... წავალთ წავკისში.
- ცოლიც იქ იქნება, - აღმოხდა ეთერიკო-ეთუნას.
- ცოლი ქობულეთშია, ბანძო... 

რატო ხარ ეგეთი ბანძი? არ შეგიძლია, რო ხელი დაადო? - მაკუცუნა წამოდგა და ნაყინის კოლოფს ჩახედა. - რა ბანძია. მოდი, ფანჯრიდან გადავაგდოთ...
- ბუნკერში ჩავაგდებ...
- შიგ ვირთხები იბანავებენ.
- რა სისულელეს ამბობ, - ცრემლი მოსწყდა ეთერიკო-ეთუნას.
- ტელეფონი მომეცი.
- დედაშენს ურეკავ?
- ხო, მანქანა არ გინდა, დებილო? რითი წახვალ და წამოხვალ იმ წავკისში?
- მობილურზე ურეკავ?
- რა იყო, რა გეტაკა? ჩაუწიე რადიოს.
- არაფერი, - ამოიოხრა ეთერიკო-ეთუნამ. - დედაჩემი უყურებს ხოლმე მერე ნომრებს გადასახადის ქვითარში და ზოგჯერ...
მაკუცუნას ყურადღება არ მიუქცევია:
- მე ვარ... დე.

ღამე მეთორმეტე

- სულ გადაირია. აიშვეს.
- ერთად არიან, რა გინდა, ბავშვები არიან...
- შენ სათვალე გჭირდება. რაღა ბავშვები ეგენი არიან...
- მოიცა, ერთი...
- რა გაცინებს? ამ თვეში მეხუთედ მთხოვს მანქანას. 


წავკისში მივდივართო. ღამე ამოვალთ წყნეთშიო.
- წავიდნენ მერე... ოღონდ კოჯრით არ ჩამოვიდნენ, ღამეა, ტყეა. თბილისში ჩამოვიდეს და მერე ამოვიდეს. ნორმალურად დადის?
- დადის. ბავშვის პირობაზე. რა გაცინებს?
- ჩემი და შენი შვილი რომ ერთად დაგრიალებენ, იმაზე ვკაიფობ. 

წესით, ერთი უნდა ყოფილიყო და ორნი არიან. მაგარი რამეა...
- მოიცა ერთი... იცი, საერთოდ, რას აკეთებენ?
- რას უნდა აკეთებდნენ ოცი წლის გოგოები? შენ რას აკეთებდი?
- რა გაცინებს? გამიშვი ხელი... ჩემს მეტი დასაცინი ვერავინ ნახე? გამიშვი.
- ახლა ჩაიც დავლიოთ... მეგი, მეგი, მოდი ერთი.
სიბნელეში ჩამბალი ჩინური რესტორანის წითელი აბაჟურები და ოქროსფერი იეროგლიფები ემჩნეოდა იქაურობას. მაგიდაზე დაბალი, მსუქანი და არომატული სანთელი ცახცახებდა ყვითელი ქაღალდის კოლოფში. თეფშზე დრაკონი ჩანდა და უცხო რამ ხილის კურკები ეყარა.
- ეს ჩხირებით ჭამაც ხო გასწავლე...
- მისმინე... 

- ხელსახოცით ტუჩებს იწმენდდა ქალი, - ხვალ ჩამოდის... ვენის რეისით.
- ჩამოდის და ჩამოვიდეს, ჯერ არ ჩამოსულა, თუ რა. როგორც ჩამოვა, ისევ წავა, მერე ისევ ჩამოვა...
- შენ ლიკასი გეშინია, არა?
- ჰმ... მერაბიკოს ეშინია ლიკასი. ლიკასი შენ გეშინია.
- მე? გინდა, დავურეკო?
- დაურეკე, რა... ჯერაც არ დაგირეკია.
- დავურეკავ და ვეტყვი.
- ჰეე... ეგ უკვე ნათქვამი აქვთ. 

შარშან უთხრეს. მერე ლიკამ დაურეკა რამაზას და უთხრა, მომაშორე შენი ბოზი ცოლიო. რას მალაპარაკებ, არ იცი?
- არ ვიცი!
- რატო ბრაზობ?
- ასე აღარ შემიძლია. ნუ იცინი...
- რა აღარ შეგიძლია?
- აი, ასე, ბნელ რესტორანში.
- სინათლეზე გინდა? ხო იყავი სინათლეზე რამაზასთან? რატომ დარეკე?
- როდის დავრეკე?
- შარშან... დარეკე და, შემხვდიო. შენ მთვრალი ხო არა ხარ?
- და შენ შემხვდი, არა?
- არ შეგხვდი. არ მეცალა.
- მერე?
- მერე... 

დავრეკე და შეგხვდი. კი.
- მერე... მერე წავედით ბეთანიაში...
- მერე?
- მერე ჩამოვიარეთ წყნეთში. ჩემი ძმა დაგვხვდა იქ, ჩაიცვა და წავიდა.
- მერე?
- ეე, მერე, მერე... მერე შევიხსენი ქამარ-ხანჯალი და გამოვიდა დვაცატ ლეტ სპუსწЎა.
- რატომ?
- მე რავი, რატომ?
- ადე, წავიდეთ...
- მოიცა, რა, ჩაი დავლიოთ...
- მისმინე. კაცის მოკვლა ადვილია?
- რა იყო, რო?
- შენ მოგიკლავს კაცი?
- ომში, ალბათ, კი, ისე არ მომიკლავს. მისვრია, მაგრამ არ მომიკლავს... 

ოთხი ხდება.
- რამაზამ მითხრა, მოგკლავო.
- ვა?
- მაინც არ გაგშორდებიო.
- ეე... არ დამალევინა ეს ჩაი, რა, მაგ რამაზას... რათ გინდა ეს გაშორება?
- რო შენ შემირთო.
- ფხუ... დამექცა, რა. ადე, ჰა, ადე, არ ჩერდები და წამო, წავიდეთ.
- რა გამაჩერებს?
- მე ვიცი, რაც გაგაჩერებს. მოგარტყა, ერთი...
და ისინი გამოვიდნენ, თავ-თავიანთ მანქანებში ჩასხდნენ და წყნეთისკენ წავიდნენ.
თმაშევერცხლილი, მოსუქებული კაცი ოქროს სამაჯურით და მობილურით - რატომღაც მაიორად ქცეული, სამ ომში ნამყოფი მერაბ ჟურული და დიდი ნაბოზარი ქალი, ინგლისურის ზარმაცი რეპეტიტორი ეკა.
მერაბი მათხოვრებს ითვლიდა გზაზე, ასეთი ჩვეულება ჰქონდა. დილაობით იტყოდა სამსახურში, ერთ კილომეტრზე შვიდი მათხოვარი იდგაო.
ბაგებს რომ ასცდნენ და სტუდქალაქიც მოიტოვეს, ზედ მესამე მოსახვევთან, მერაბმა დაურეკა:
- აი, ახლა გადავუხვევ და გადმომყევი... 

მეზარება წყნეთში. ვერ ვიტან თქვენს სახლს.
ტყეში შეაგორა მანქანა.
- აქ რა გვინდა?
- ვეღარ მოვითმინე. დავაი, მოდი ახლა...
- მოიცა, გზიდან ჩანს...
- გზიდან არა, ნუცუბიძიდან, - გაბრაზდა მერაბი. - ეს რა უბედურებაა, როდის იყო ამდენი გეცვა...

ღამე მეცამეტე

მერე, მანქანებში რომ სხდებოდნენ, მერაბი თავის შემთბარ ბოთლისფერ \"კლარუსს\" ჩამოეყრდნო ხელით და დაუსტვინა:
- ეე, პაკრიშკა დაგეშვა...
- აბა? - მანქანას შეხედა ეკამ.
- უკანა მარჯვენა... გაქ ზაპასკა?
- ზაპასკა არა... რა ვიცი, მაქ? დედა, როგორ ცხელა... სად შემომათრიე. 

მომეცი სიგარეტი...
- მიდი, მიდი... ნახე და გამოვცვლი. არადა, უნდა გავბერო... ფუი...
- სად შემომათრიე, რაღაც ჯანდაბა ეგდო, ალბათ, ბოთლი... რა ვიცი...
- მიდი, მიდი...
- მოიცა, მომაწევინე. წყალი არ გაქვს მანქანაში?
- წყალი რა, ტაქსის შოფერი კი არა ვარ...
- აბა, მე ახლა... უნდა დავიბანო. 

შენსავით ცხოველი კი არა ვარ...
- ადე, ადე, გააღე... მოიტა, მე გავაღებ. დამკრატი გაქ?.. - კაცმა ხელი ჩაიქნია, - მე მაქ. - და თავისი მანქანისკენ წავიდა...
- ე, ეს რა არი? - მოესმა წინიდან, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია - ეს ვისია?
მერაბმა დამკრატი ამოიღო თავისი მანქანიდან და ეკასკენ წავიდა.
- ე... - თქვა უცებ ეკამ და ჩაიკეცა.
- რა არი? - იყვირა მერაბმა და გულწასულ ქალს ეცა. დამკრატი ხელში შერჩენოდა, - რა არი? - გამეტებით ურტყამდა გაშლილ ხელს სახეში და თითებით ენას ეძებდა პირში - ენა, ენა! მომეცი! ენა!
ეკამ ძლივს გაახილა თვალები.
- რა მოგივიდა? ბებერო? - ძალით გაიცინა მერაბამა და დაინახა, როგორ დაეცა მისი შუბლიდან მოწყვეტილი ოფლის წვეთი სახეზე ეკას - все, все, შენ კი არა, ფეხწაწყვეტილი კაცი გადავარჩინე, დღემდე ბურვაკი ჩამოაქ კახეთიდან.
- იქ, - დაიკრუსუნა ეკამ. 

- ცელოფანში...
- გველია?
- მოჭრილი თავი...
- ჰა? - თითქოს დამშვიდდა მერაბი...

ღამე მეთოთხმეტე

- ჰა, ბებერო, ხო არ მოგაკითხა? რაღაცა ადრე-ადრე დაიწყეთ დაბერება ვერელებმა. ეგ რა გიჭირავს?
- შამფურია, შენისთანებს უნდა გავუყარო.
- ჭეშმარიტად, ვერელს არაფერი გამოცვლის. ჯოჯოხეთის კართანაც ის თავისი ქუჩური უნდა გადმოაპურჭყოს. სამოცდაათი წლის კაცი ხარ, ჯოხით ძლივსღა აბიჯებ, კიდე მეუზდელები?
- წადი რა, ტოლი ნახე. ნოქრებში დადექი.
ამგვარ ხმატკბილათ მუსაიფობდა კაკლის ჩეროში ჩამომჯდარი ორი აზნაურიშვილი. შორიდან აღწევდა ნაირგვარი ხმა, ამ ტყის პირზე, გაშენებულ პარკში კი დასასვენებლად ჩამოსხდებოდნენ ხოლმე.
- თქვენ, ვაკელებს, ხო გაქთ თქვენი პარკი. აქ რას მოეტენებით?
- ეს ქალაქი ყველასია, ბარემ შლაგბაუმი დააყენეთ.
- ყველასია... 

სოფლელების კი არ არი.
- ვინ არი სოფლელი?
- ყველა ვაკელი სოფლელია.
- უსმინეთ, ხალხო, ვაკელები სოფლელები ვართ, ეს ქალაქელია.
- მამაშენი ხო ჩამოვიდა?
- ვინა?
- ბაბუაშენი?
- ეგრე მეფე ერეკლეც ჩამოსული იყო.
- ვაკე სად იყო, ტო, ვერა რო იყო? ვაკე ტყე იყო, მინდორი. ჩამოვიდნენ სოფლელები და აიშენეს სახლები. ბებიაჩემი თხებს უშვებდა ვაკეში საბალახოდ. ყანები ქონდათ წყნეთელებს.
- ბებიაშენს თუ თხები ყავდა, ვერაც სოფელი ყოფილა და მიგაწეპეს ამ ქალაქს, გლდანივით. 

პროსტო, ცოტა ადრე. თქვენზე სოფლელი ვინ არი, ბიჭო? ქუსლიანი ტუფლი ვერ გაგხადეთ.
- წადი, თქვე ბერიას ბულკებზე დაზრდილებო. ვითომ ქუჩაში რო იდექით და მერე გალსტუკები გაიკეთეთ. 

წადი, თქვე ცეკას შესტიორკებო...
- ამას ვინ ლაპარაკობს? დღემდე იმას დარდობ, რო თერთმეტ ნომერ ტრამვაიზე ჯიბგირობა ვერ გაბედე. ვინა, ბიჭო, თქვენი პრიმერი ვინ იყო, არ მათქმევინო.
- ახლა შეხედე ვერას და ახლა შეხედე ვაკეს... ფუ, რა წითელიც იყო, უფრო გაწითლდა...
- თქვენ გაწითლების ნამუსი ვინ მოგცათ?.. მიდი, მიდი, დაალაგე ეგ ქვები. ან რატო მეთამაშები? როდის იყო, ვერელები შახმატში მიგებდნენ?
- ვერის სასაფლაოზე ნამყოფი ხარ?
- ვერის სასაფლაოზე რა მინდოდა?
- ვერც ამობედავ ვერასდროს...
- კარგი, ჰო... აჰა.
ასე მასლაათობდნენ ეს ძველი დროის კაცები და ტყიდან მონაბერ სიოს წამოწეული საყელოთი აჩერებდნენ. იმათ მოსმენას არაფერი ჯობდა. 

რას არ მოჰკრავ ყურს, როცა ვერ გამჩნევენ!
ჩვენ, ორმოცდამეჩვიდმეტე სკოლის აჩრდილები... ისე, ჯერჯერობით მარტო ვარ.

გული - \"გრანდ ოტელი\"
- რამდენს გავუძლებ? შენ ჩემზე კარგად იცი, ვის ვუძლებ და რას ვუძლებ. ვდიო? მანქანით? დევნა რად მინდა? ზოგჯერ მგონია, რომ ამოიღებს და მესვრის.
- არ გესვრის, - წაიბურტყუნა ზურამ.
- მესვრის! მაგისთვის სროლა რა არის? ორი კვირის ცოლ-ქმარი ვიყავით და ჩანგალი მესროლა. დღემდე მემჩნევა, - ლიკამ თამამად აიწია კაბა და მუხლს ზემოთ ფეხის თვალიერება დაიწყო - აი... ბოდიში. ხო ხედავ, სულ გავგიჟდი. რო მძინავს, მესიზმრება, რომ მახრჩობს. 

ადრე შენ მაინც ამოდიოდი. ვინ გაჩერდება ესე? ეთუნა მათრახით ვერ ამოვდევნე აქ. ახლა დარეკა, წავკისში მივდივართო. იმ ჩათლახი ქალის შვილთან ერთად. ისიც ჩათლახი იქნება... გინახავს? ოცი წლის გოგოა და ბოზის თვალები აქვს...
- რავი, - მხრები აიჩეჩა ზურამ და ვერანდაზე გავიდა. - ლიკა!
- რა იყო? - სამზარეულოდან გამოიხედა ქალმა. 

შავად შეღებილი თმა ჩამოშლოდა თვალებზე. ლამაზი თითებით ეყრდნობოდა ფანჯარას.
- შენ ხო იმაზე ლამაზი ხარ? - გაეცინა ზურას.
- ლამაზი, - სიგარეტს მოუკიდა ქალმა. - დავახრჩობ, ზურა. მერაბის გულისთვის კი არა... როგორ შეიძლება, მერაბის გულისთვის ვინმე დაახრჩო? ჩემი გულისთვის. ის ერთი შემოჩენილია, დღესაც დარეკა, აქ. იცით, თქვენი მეუღლე ახლა სად არის? ამხელა კაცი ხარ, მე ვუთხარი, საქმე არა გაქვს-მეთქი? ჩემი საქმე ეგ არიო. 

გესმის? ვიღაც კაცი.
- ვიღაცა ახვარი იქნება... - ხელი ჩაიქნია ზურამ. - რას უსმენ...
- შენ ხო იცი, რომ თქვენი ოჯახი, იქ, მაღლა, არ უყვართ? ხო იცი, რომ მამაშენს სისხლი ჩაუქციეს?
- ვერ ჩაუქციეს.
- ხო, ვერ ჩაუქციეს, მარა წამოიკიდებენ ამ დებილ მერაბას რაღაცაზე და მერე დადგეს ბაზრობაზე. მაგის ტყვიით გაკაწრული ხელი არავის ჭირდება. ერთადერთი მაგიტომაა, რომ არ ვახრჩობ იმ ქალს...
- აგე, მოვიდა, - ქუჩას გახედა ზურამ და სიგარეტი ამოიღო.
- ჩადი, გაუღე, ერთი, - სთხოვა ქალმა.
ზურამ ზანტად ჩაირბინა და ჭიშკარი გააღო. მერაბმა მანქანა შემოიყვანა და მძიმედ გადმოხოხდა.
- გარაჟი უნდა გავაკეთო, - თქვა და ეზოში გაჩერებულ მანქანებს შეხედა. - ტაქსოპარკია, ეზო კი არა, - მერე ზურას ახედ-დახედა და თქვა: - გარეცხე რა, ეს მანქანა, რას გიგავს?
- ტალახი იყო.
- სად იყო ტალახი? ამ სიცხეში სად ნახე? - მერაბმა თავი გადააქნია და წაიბურტყუნა: - მაგათ ხო იცი, კიდიათ. 

ვერ გამოგიყვან... გაიგე?
ზურას არაფერი უთქვამს, კიბეს აუყვა და ვერანდაზე დაჯდა. მერაბი მშვიდად ამოდიოდა, გზადაგზა პერანგის ღილებს იხსნიდა.
- ლიკუნ! - დაიძახა მხიარულად. - ლიკუნ! არ მშია!.. ყავა მინდა!
ლიკამ ერთი გამოხედა სამზარეულოს ფანჯრიდან, ახალი სიგარეტი აიღო და ზურას გამოსძახა:
- შეენც?
- ხო, რა.
- ეთუნა სად არი? - იკითხა მერაბმა. - დღესაც არ ამოვიდა?
- წავკისშია, დაბადების დღეზე, - თქვა ზურამ.
- მერე, ვინ წამოიყვანს? - გაუკვირდა მერაბს.
- შენ! - მოესმა ლიკას ხმა. - მამამ მომაკითხოსო, დავრეკავო.
მერაბმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა.
- კარგი, ბატონო. 

რას ვაკეთებ? - თქვა ბოლოს.
- ზურააე! - მოისმა ქუჩიდან. - ზურაე!
- ჰო! - წამოდგა ზურა.
- ვინ დადის ამ ჩვენ სახლში? - წაიბურტყუნა მერაბმა.
- რა იყო! - ჩასვლა დაეზარა ზურას.
- ბაზართან ჩამოვიდესო!
- ვინ დაგაბარა?
- ზახოდამ და არტემას ბიჭმა. რესტორანში ვაართო... ძველ \"მაიკოშიო\". ახლობლები არიანო, დიდუბელებიო...
- ჰო, ჩამოვა-თქო, სტუმრები ყავს-თქო, ძმის ძმაკაცები-თქო, - დაუძახა ზურამ და ისევ დაჯდა.
- რა ხალხში დადიხარ? - ჰკითხა მერაბმა.
- ზურა, ტელეფონთან, - ლიკამ აპარატი შემოდო ფანჯრის რაფაზე.
- ვაა, პრემიერ-მინისტრია, რა, - აღმოხდა მერაბს.
- ჰაუ, - ყურმილს დასწვდა ზურა. - ჰო... რა?.. 

შენ სადა ხარ? ჰო, ჩამოგივლი... ჰო. მეცხრეში? კაი, რა. ჰო, მოვდივარ... - ზურა სწრაფად წამოდგა, ფეხსაცმელში გაყო ფეხები და მანქანის გასაღები აიღო.
- რა მოხდა? - ჰკითხა მერაბმა.
- გასკდა ეს გული, - ამოიოხრა ზურამ. - გრანდ ოტელი ხო არ არი. აღარ ეტევა ამდენი.
- რა იყო?
- მკვდარი რო იპოვეს კუს ტბაზე სამი დღის წინათ.
- მერე?
- ჩვენი კლასელია, კიკილა... 

ვიღაცამ ამოიცნო მორგში.
- ე...
- ხო, - თქვა ზურამ და კიბეს ჩაუყვა. - ვის რა დაუშავა მაგ უბედურმა...
- ეგ ხო წასული იყო? - ყავის ჭიქით ხელში გამოვიდა მერაბი.
- რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა ზურამ. - ახლა ნიკას ჩავუვლი ჭავჭავაძეზე და წავედი...


ღამე მეთხუთმეტე

- ამას... დედა არა ჰყავს, ხო? - იკითხა გამომძიებელმა ბუხნიკაშვილმა. - მამა ხო ყავს, კაცო?
- მამამისს სამჯერ ყავს ნანახი. ოცი წელიწადია, მოსკოვში ცხოვრობს. სხვა ოჯახი აქვს...
- ბიძა ხო ყავს, კაცო? - არ დაწყნარდა ბუხნიკაშვილი.
- ბიძა? მაგის ბიძა...
- მაინც უნდა გააგებინოთ მამას, - თქვა გამომძიებელმა. 

- ახლა, რო ვნახეთ ყველაფერი, იმ დღის ჩამოსული იყო და... მამამ ხო უნდა იცოდეს?
- ჩვენ რა უნდა გავაგებინოთ, ძმაო, - ვერ მოითმინა ზურამ. - ჩვენ უნდა დავმარხოთ და მივხედოთ. შენ შენი დეპეშა გაუშვი.
- მისამართი?
- მე რა ვიცი, მისამართი.. ახლა მაგის დრო არა გვაქვს.
ბიჭები შვიდნი იყვნენ.
მერე ისხდნენ და სამზარეულოში სვამდნენ არაყ \"პრეზიდენტს\". ცხელოდა.
მერაბი მოუსვენრად იყო იქ, მაღლა. ქვემოთ ჩაირბენდა, მანქანას ძარას ახდიდა და ჩახედავდა. 

ერთხელაც ჩავიდა და ლიკამ დაუძახა:
- მობილური რატო გამორთე? ეგებ ბავშვმა უნდა დარეკოს...
- ტელეფონი ხოა სახლში! - ამოსძახა მერაბმა.
- ეგებ ვერ დარეკა... თუ გეშინია, ვინმემ არ დარეკოს?
- მართალია, - ამოქოშინდა მერაბი. 

- სამსახურიდან. არა მაქ ახლა თავი...
ლიკამ გაიცინა და თვალებში შეხედა. დიდხანს უყურებდა. მერაბიც უტიფრად შესცქეროდა თავისი მხიარული ცისფერი თვალებით. ერთი არ დაუხამხამებია.
- რა იყო? - ჰკითხა უცებ.
ლიკა უყურებდა.
- გახევდა, მამაო, - გაეცინა მერაბს.
და უცებ ლიკამ სილა გააწნა. 

საშინელი ტკაცანი იყო. ხელი ეტკინა.
მერაბს სახე ეწვოდა.
ლიკა სამზარეულოში იყო უკვე, ხელში მერაბის პისტოლეტი ეჭირა. ფანჯრიდან უმიზნებდა.
- ე, რას შვები? - გაეცინა მერაბს, მაგრამ ლოყაზე ხელიც კი არ მოისვა.
- აიღე ტელეფონი, - გამოსცრა ლიკამ.
- რა ლამაზი თვალები გაქვს... - თქვა უცებ მერაბმა. - იასამნისფერი... არც მინახია იასამნისფერი თვალები.
- აიღე ტელეფონი, თვალები მოუნდა ამას... ახლა დაინახე? აიღე ტელეფონი...
- ტელეფონი რად მინდა? მღვდელს დავურეკო?
- აიღე და დაურეკე იმ ჩათლახს, საპოჟნიკების ბოზს, და დაემშვიდობე...
- ე...
- დაურეკე და დაემშვიდობე. 

მკლავენ შენი გულისთვის-თქო... მიდი.
მერაბს გაეცინა.
- აი, ეგ უნდა გადმოწიო, - უთხრა მშვიდად. ეგრე არ გაისვრის. \"გლოკი\" კი არ არი...
- \"გლოკი\" რა არის? - თავი გადააქნია ლიკამ და თმა გვერდზე გადაიყარა.
- ახრანის იარაღია. პრედახრანიწელი არა აქვს, - ამოიხვნეშა მერაბმა, სავარძელში ჩაჯდა და ფეხები მოაჯირზე შემოაწყო. - ჩუსტები არ მაქვს ამ სახლში? დამეწვა ფეხები მთელი დღე.
- აეთრიე, - თქვა ლიკამ. - აეთრიე და შემოეთრიე... 

ჰოლში აწყვია შენი ჩუსტები.
მერაბმა გამოხედა.
ლიკას პისტოლეტი აღარ ეჭირა. კვლავ სიგარეტს უკიდებდა.
- შენ კი არა, რუსლან განდუროვმა ვერ მომკლა... გავედი და არაყი დავლიეთ ერთად.
- რუსლან განდუროვი ვინ არის?
- არი ერთი ქლიავი... ახლა თუა ცოცხალი, არც ვიცი. გენერალია. ჩეჩენი...
- რატო ხარ ეგეთი საზიზღარი?
- რატო ვარ საზიზღარი? - მერაბი მძიმედ წამოდგა და სამზარეულოს ფანჯრისკენ წავიდა. რაფაზე შესკუპდა და ხელი მოხვია ლიკას. 

- წავალ, წამოვალ, აქ არ მოვდივარ?
- ჩემზე კარგია, ხო?
- ვინა?
- ვინა და ის ნაბოზარი.
- ვინა, კაცო, - გაიკვირვა მერაბმა. - შენზე კარგი ვინ არის? მაგის დედაც მტყნ... შენზე კარგი.
ლიკამ თავი გაითავისუფლა და ისევ თვალებში შეხედა:
- ნუ იქცევი ეგრე. მოგკლავ, იცოდე. მცხვენია, მაღაზიაში ვერ შევდივარ. დღეს ვიღაც კაცმა დარეკა. ჩინურ რესტორანში არიანო...
- სად არის ჩინური რესტორანი? - გაიკვირვა მერაბმა. 

- დღეს კოლეგიაზე ვიყავი. იმდენი რამე შემომტენეს... ერთი კვირა ვერ მოვალ სახლში, - და თავადაც გაუკვირდა თავისი ნათქვამი. - შენ სამსახური გართობა ხო არ გგონია.
ლიკა წამოდგა და ოთახში შევიდა. იქიდან ტელევიზორის ხმა მოისმა. მერაბი რაფაზე დარჩენილ პისტოლეტს დასწვდა და დაუსტვინა:
- პრედახრანიწელი ჩაწეული ქონია ამ დებილს... მკლავდი, გოგო? ე...

ღამე მეთექვსმეტე

მერაბი დაღლილი იყო.
სავარძელში გაშხლართულიყო და წყნეთის ცას ასცქეროდა. 

ვარსკვლავები, მთელი ამბავი. ხვალ კარგი ამინდი იქნებოდა. ეს ცა რომაა, ამნაირი საკაბე ვუყიდე ერთხელ ჩემს დას, საცოდავ ელეს. ღამესავით ნაჭერი იყო და ასე ვარსკვლავებივით ეყარა ზედ ყვითელი წინწკლები, ზოგი - დიდი, ზოგი - პატარა.
ვაა... აბა, გასაგიჟებელი არ არი? საიდან გაახსენდა \"დათა თუთაშხიადან\" ამოკითხული ეს ერთი ბეწო წინადადება? საოცარი წიგნია. სამსახურში მაგიდაზე ედო ეს წიგნი. გადაფურცლავდა და კითხულობდა. 

სხვა წიგნი არც წაეკითხა, აგერ უკვე ოცდახუთი წელიწადი იქნებოდა. მღვდლები რომ გეტყვიან რაღაცას და მოაყოლებენ, ლუკა მესამე, მეშვიდეო, ასე იცოდა. მაგრამ ეს წინადადება? უცნაურია. ათასგვერდიან რომანში ჩაკარგული ერთი პატარა წინადადება და ეს წყნეთის ცა. მერაბს არ უყვარდა წყნეთი. არც უყვარდა და არც ეჯავრებოდა. ძველად, მისი თავქარიანობის გამო, მამას ორჯერ დაუპირეს ამ სახლის წართმევა. 

ყველაფერი წაართვეს და ბოლოს აგარაკსაც მოადგნენ. მამა ჭკვიანი იყო - სახელმწიფო აგარაკი ბარე თხუთმეტი წლის შესყიდული აღმოაჩნდა. მერაბი ჩასვეს, საჩვენებლად, ქვეყნისთვის დასანახვებლად, ჩვენიანებსაც არ ვინდობთო. ერთი წელი იყო რუსთავში და მერე მიმაგრებაში, ჯანდარაში. ტყუილა ჩასვეს. დღესაც ასე სჯეროდა, ისეთს არაფერს კაიფობდა. ოთხმოცდაექვსში ისევ მამამ ირბინა - ოთხმოცდაშვიდში ნასამართლევობა მოუხსნეს. 

მერაბს ეცინებოდა. მერე კოოპერატივი ჰქონდათ მას, ჩოგოვაძეს და თათია ნებიერიძის ქმარს. მერე გვარდია შეიქმნა და მერაბმა იქ დაიწყო მუშაობა მომარაგების სამმართველოში. ამასობაში ომები დაიწყო, მერაბი ჯერ ოსეთში იყო, მერე ზემელზე სცემდა ბოლთას. ბოლოს აფხაზეთშიც აღმოჩნდა, იქიდან მსუბუქად დაჭრილი მობრუნდა და დაჯდა შინ. მამამისმა ისევ მირეკ-მორეკა და უშიშროების ბიუროში მოაწყო. ახლა ბიურო სამინისტრო იყო...
- ვახ, გასკდა ეს გული, ერმიტაჟი ხო არ არი, - აღმოხდა მერაბს. 

- ერმიტაჟი კი არა... გრანდ ოტელი. რას არ მოიგონებს?
ცხელი შუადღე იყო.
მერაბს კუნძზე შემოედო ეკას მანქანაში აღმოჩენილი, ცელოფანში გახვეული მოჭრილი თავი და ისე უყურებდა, როგორც მოქანდაკენი უყურებენ ხოლმე დაზგაზე შემოდებულ ჯერაც დაუსრულებელ ნაძერწს. ეკა თავისი მანქანის უკანა სავარძელზე იწვა და ძალიან სცხელოდა.
- ქართველი არ არი, - წაიბურტყუნა მერაბმა და ცელოფნიდან სანახევროდ ამოწეულ გვამის ნაშთს უკანასკნელად დახედა. მერე თავი მოუკრა და თითქოს სველი მაისურა მიაქვსო, ისე წაიღო თავისი მანქანისკენ. საბარგულს ახადა, შიგ ჩადო და დახურა, მერე ხელები გაიფერთხა, ვითომ რამეს უშველიდა, და ეკას გასძახა:
- ჰა, ხო არ დაგეძინა?
- ნამდვილია? - წამოიწია დაბნეული ქალი.
- არა, ტყუილი.
- რა უნდოდა ჩემს მანქანაში?
- ჩადეს, თავიდან მოიშორეს.
- რაღა ჩემთან ჩადეს? - შეხტა ეკა.
- ბაგაჟნიკს კეტავ, საერთოდ?
- კი, კი...
- ბოლოს როდის გააღე?
- ვაიმე... მომეცი, რა, კიდე ერთი სიგარეტი.
- როდის გააღე?
- არ მახსოვს. 

რატომ უნდა გამეღო?
- რატომ და აგე, რატომ...
ეკამ შეაბოლა და ამოიხვნეშა:
- ახლა რა ვქნათ?
- რა უნდა ქნა? დაჯექი და წადი სახლში...
- შენ...
- ხო. მე. ოღონდ ქუჩის მემაროჟნე მინდა.
- მაროჟნი გინდა?
- შე დებილო, მშრალი ყინული მინდა, სანამ მივიტან. სუნი უდის.
ეკას სიგარეტის კვამლი გადასცდა, ხველა აუტყდა და ამას გულისრევაც მოაყოლა.
- მიხმარა რა... - გაეცინა მერაბს და ცხვირსახოცი მიაწოდა. - წახვალ?
- როგორ კლავენ, ესე? - აღმოხდა ეკას.
- როგორ, ესე?
ეკამ მხრები აიჩეჩა.
- ჩაჯექი ახლა და წადი, - წამოდგა მერაბი. 

- ამას მე მივხედავ.
- დამარხავ?
- მივხედავ... 

მისმინე, - უცებ ჰკითხა: - შენი გამოქლიავებული რამაზა როდის ჩამოდის?
- ხვალ.
- ჩამოაქ დანივრული? მაგარი ბიზნესი გაქვთ ოჯახს, - გაეცინა კაცს. - მისმინე... მანქანა შოფერს დაუტოვა?
- როდის იყო, რო უტოვებდა?
- აბა, სად აყენია?
- რა ვიცი, ალბათ, აეროპორტში. სტაიანკაზე. მანქანით წავიდა. თვითონ დაჯდა. მე რა ვიცი?
მერაბმა არაფერი უპასუხა. 

თავისი მანქანისკენ წავიდა და კარი გამოაღო.
- რა იყო, რატომ მეკითხები?
- პროსტო. საკაიფო მანქანაა. ბარგი ბევრი ექნება?
- რა ბარგი, სამ დღეში? ერთი კოსტუმი ჩაიცვა, მეორე წაიღო.
- ჩემოდანი, მოკლედ...
- რა ბარგი აგიტყდა?
- წადი, წადი ახლა. ღამე დაგირეკავ, - თქვა მერაბმა. - და ხმა, კრინტი, თორე გაგაწვალებენ...ვაააჰ... ეს პაკრიშკა... მოიცა, მოიცა, გამოვცვალო... 

ვააახ. რა დღეა... რა გამოვცვალო? გქონია, რა გინდა?
- ხვალდილით უნდა ჩამოვიდე, - გამოსძახა ლიკამ.
- ადრე მივდივარ, - მიუგო მერაბმა.
- არა უშავს, ჩემი მანქანით წამოვალ.
- რა გინდა იმ სიცხეში?
- არ შემიძლია ასე ჯდომა. მოვკლავ ვინმეს... შენ მაგივრად.
- კარგი, ჰო, - წაიბურტყუნა მერაბმა და ბოლოს უშეცდომოდ გაიმეორა: გასკდა ეს გული, გრანდ ოტელი ხო არ არი, ყველაფერი რომ დაეტიოს.

ღამე მეჩვიდმეტე

ცეკვა კაფე \"ამბასადორში\"
გული \"გრანდ ოტელი\" არ არის, რომ ყველაფერი დაიტიოს, ხოლო სული კაფე \"ამბასადორი\" არ გახლავთ, რომ მასში სულ ცეკვა-თამაში იყოს გახურებული. \"ცეკვა კაფე ამბასადორში\" ჩემი საყვარელი ლექსია. ვინც გაბრაზდება, რაც უნდა, ის ქნას. 

ჩვენ, ორმოცდამეჩვიდმეტე სკოლის აჩრდილს, კიკილას, ანუ აკაკი კიკილაშვილს, სხვანაირად კი ყურშას, ვერაფრით მოგვწვდება. დიახ, ბევრს არ ღირსებია ასეთი აღსასრული - ქალის ხელით, ტიტლიკანასა. მე კი ამოვირჩიე მყუდრო ადგილი მშობლიური სკოლის უკანა ეზოში. ვუყურებ მობერებულ მასწავლებლებს და ვარ. ოღონდ, არ მკითხოთ, რაღა ეგ უსახელო სკოლა აირჩიე, არ ჯობდა, ქუჩის გადაღმა უგანთქმულეს ორმოცდამეთხუთმეტეში დაგედო ბინაო? ან კიდევ, სულაც, მთლად განთქმულ ორმოცდამეცამეტეში, აი, იმ ადგილას, \"ბუნების წიაღი\" რომ ერქვაო? ჯერ ეს ერთი, ვაკეში ვშობილვარ და ვერელების ორმოცდამეცამეტეში რა მინდა? ორმოცდამეცამეტელი იმდენი წავიდა, რომ ერთი-ორს მაინც გაუწევდა გული წიაღისკენ და მე ვინღა გამახარებს? ორმოცდამეთხუთმეტეს კი ეზო არცა აქვს, მაშინ როცა, ჩვენს ეზოში ყურძნის ტალავერია გაშენებული. გაუშვი, ის იყოს ელიტარული, ჩვენ კი მთის ვაკისა. მაინც მშობლიური მირჩევნია.
ახლა კი ვნანობ, ძმანო, რომ არც ერთი ლექსი არ ვიცი ზეპირად. 

უფრო სწორად, ერთი ვიცი, ოქროყანელ მენახშირეზე და მეორეც თითქმის ზეპირად, \"ცეკვა კაფე ამბასადორში\". სხვა ლექსებიც რომ ვიცოდე, ვიტყოდი და მოწყენილობაც განქარვდებოდა, მაგრამ რას იზამ? არ ვიცი. \"ამბასადორიდან\" კი მახსოვს, \"ჰალი-გალი, კაცი-ქალი\", და \"გინდა, გაკოცო? მაკოცე. კიდევ გაკოცებ! მაკოცე!\" საერთოდ, ამ ლექსიდან შევიტყვე, რომ არსებობს მხარე, სადაც კაფეში არაყს კი არ სვამენ, არამედ ცეკვავენ და ერთმანეთი უყვართ. გოგოებიც მაინცდამაინც მოსაწევად არ შედიან კაფეში და, საერთოდ... იქ, შორს, მზეა და ტაილანდელი ბარიშნები. კარგით, სხვა გოგოები. 

რას მოვეთრეოდი? თქვენკენ მოვიჩქაროდი, ძმანო. უცბად გადავწყვიტე და მორჩა. მეთქი, ჩავალ, დავხედავ. ალიკა ნალბანდიანის ძმამ, რობამ რომ რესტორანი გახსნა შლოსში, მე და ალიკა ჩავედით და შევუჩნდი, უთხარი, სახელი გადაარქვას, \"ამბასადორი\" დაარქვას-მეთქი. რას გადაარქმევდა, უკვე \"არმენია\" ერქვა.
ჰოდა, ეგეც იყო, რომ ვფიქრობდი, ყველა ჩემსავით მათხოვარი ხომ არ დამხვდება, ერთ-ერთს მაინც როგორ არ ექნება კაფე-მეთქი. ახლა კი ვხედავ, რომ კაფე კი არა, შავი ქვა გაქვთ. დავიპარები თქვენს სახლებში და გისმენთ. 

რომ გქონოდათ, \"ამბასადორს\" დავარქმევდით.
ისე კი, მოწყენილობაა.
ესე იგი, ვხედავ: რა გოგოები წამოსულან, ასე ვთქვათ. მოდიან და მოდიან. წიხლებით. პირდაპირ. და რა ჩაიცვეს? ვსმისლე, გაიხადეს.
რა ვქნა, აღარც ვუყურო?
და, აი, რა გითხრათ ახლა. ნუ, ვხედავ იმ მანქანას, \"ბეემვე\" და მთელი ამბავი.

ღამე მეთვრამეტე

გამოვქრიალდი იმ საღამოს გეგეშიძის ბაღთან, ვლივლივებ ძეგლის გარშემო და რას ვხედავ? ქუჩის გადაღმა, ყვავილებს რომ ყიდიან, იქ არ გაუჩერებია ვიღაცას ეს მანქანა?
ჩემი უკანასკნელი მანქანა. რა მომათმენინებდა?
თორემ იმ ოჯახისკენ, სადაც ტყვიები დამაყარეს, რა გამახედებს.
მივფრინდი და ველოდები. 

აბა, სად არის ის ოხერი ქალი. თქვენ გგონიათ, საბედისწერო ქალია? არა, ძმაო, ჭურჭელსაც კოხტად გარეცხავს. ეს კარგი, მაგრამ სად არის თვითონ? ორი გოგო-გოგოშკა მოდის, რუსული სკოლის გვერდით სიგარეტი უყიდიათ. ეს ერთი კი გაფორმდებოდა, ჩემმა მზემ. ნახე, ვახ. რა ლამაზად მოვიდა? ეს მეორეც ვითომ რაღაცა. ცოტა დებილს ჰგავს. 

ბჟიტ... და შევქრიალდი მანქანაში. ასეე, კოხტად. იფ...
- ჩამოუშვი ფანჯარა, - უთხრა იმ ლამაზმა და გამოხედა.
შვილია, ტო!
იმის შვილია.
კარგი, ხო, დაწყნარდი. აბა, ვინ იქნება, ის მანქანაა და...
- ახლა პირი არ დააღო, დებილო, გაიგე? - ნახეთ, როგორი გოგოა? - დალიე. დათვერი და ვნახოთ...
ხედავ?
პირდაპირ შარაფში. ამას ბიჭი ეყოლება.
- გაიგე?
- ხო.
- თუ გინდა, დარჩი. 

გაიგე?
- კი.
- ეგრე რა კაიფია წამოსვლა. ხო იცი, რაც მოხდება? ეგ ჩემზე წამოიწევს. შენ პირს გააღებ. მერე მე გარეთ გამათრევს, ეზოში. კაი, მე მოვუტყდები, მარა, შენ გაქ იმის თავი, რო, მე რო მოვუტყდები...
- მაკუც...
- რა იყო?
- ცუდად ვარ.
- ვასიკო მუხაშავრია! შენი ცოლის ყველაფერს დავხევ. მაცადე...
ხედავთ, საყვარლებო, რა მანქანაში მოვხვდი? ცარელა გულია, რა. ცარელა სიყვარულია. 

მეორედ ჩავჯექი ამ მანქანაში და მეორედვე სიყვარული არ შემხვდა? სავსეა სიყვარულით.
- ვასიკო მუხაშავრია... მივალთ, დალიე. გაიგე? ეგ შეილება ვაბშე არ იყოს ამოსული, შაიზე! ეს რა არის! ვააიმე...
მართლა ვაახ. რა არის?! ეს რა მოუვიდა? ტორმუზს, გოგო! ტორმუზს. არა, მე კი არაფერი, მარა ნახე, სად მიგორავს ბორბალი? ეე, ჩავიდა ვერა რეჩკამდე... აი, ეგრე, საღოლ...
ავარია მინდოდა?
- რა მოგვივიდა?
- ბორბალი მოგვძვრა, დებილო. ამის...
- ბორბალი?
- ხო, გადმოდი. 

გადმოდი, რო არ მოკვდი, არ გიხარია? ა, გადმოდი...
საღოლ, ბიძებო. აი, რატომ მიყვარს შოფერი ხალხი. ნახე, ყველამ როგორ გააჩერა? ქვემოდან კიდე ეს ჯეელი მოაგორებს ბორბალს:
- მიგარტ-მოგარტყათ, შვილო? - ნახე, რა ორმოცდაათწლიანი სტაჟის კაცია. 

ის მეორეც, ყვითელი \"ნოლაძინიდან\".
- მალადეც, როგორ გააჩერა... პატარა გოგოა და, სცოდნია, სად დააჭიროს ფეხი.
- ემაგას მეტიც ეცოდინება, - მოგუდულად ხითხითებს მესამე. - რა იყო შვილო, ხო არ მიარტყით რამე?
- ესა განახეთქიც არი და, - ამოაქოშინა ბორბალი ვიღაცამ. - გასაბერიც არი და ვინ დაუჭირა?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მაკუცუნამ.
- სიკვდილს კი გადარჩით და...
- სხვას რას გადარჩებიან, არ ასცდებათ, - ისევ მოგუდულად ხითხითებს მესამე.
მიყვარს შოფრები.
- ახლა, დამკრატი და ჰა, კრეპიოჟებს ვინღა იპოვის? ჩამოჰყარა გზადაგზა. 

ჰა, რა ვქნათ?
იმ მოუშნოომ ტუჩი წაიკვნიტა.
- აგე, ერთი, - თქვა იმ პირველმა. - აგე, ზემოთკენ, აქედან ვხედავ.
- ერთით გორამდე ვარ ჩასული, - გაეცინა აქოშინებულს. - თითოზე თითოთი, სახლამდე მიგიყვანს, ჩემო დაო...
ააა, ეს ის მაკუცუნაა. მე რო ვკვდებოდი და ის ქალი რომ იმ კაცს ეფიცებოდა?
- მაიტა, - ამბობს პირველი. - მაიტა, მე დავუყენებ, მაიტა, ჰა...
ეს ორი გოგო კი დასცქერის.
ბიძა ჭკვიანი ჩანს და მოხერხებული. ოფლის წრეები აკრავს იღლიებზე. ძველი პერანგი აცვია. 

თმა გადმოუვარცხნია. ნელა ირჯება, თავისი მანქანის ძარას ხდის, ხელსაწყოები ამოაქვს.
- ქალიშვილი გოგოები არიან... ერთი კრეპიოჟით გავუშვათ? ერთს ჩემსას მოვხსნი.
დანარჩენები მდუმარედ დაცქერიან.
- დიდხანს არ იქნებიან ქალიშვილები, - კიდევ უფრო მოგუდულად ხითხითებს ის მესამე და თავისი მწვანე \"მოსკვიჩისკენ\" მიდის. ათიდან რვა შოფერი ხურუშიანია. რატომ? თუმცა, მე ხმა ამომეღება? ამ საქმეს შეწირულს?
- შენ იქ არ დგახარ, ვაკეში? - ეკითხება უკვე დაწყნარებული აქოშინებული ხელგარჯილს.
- ხო, არაყიშვილის კუთხეშია ჩვენი ბირჟა...
იფ, ამას წავყვები სახლში. აბა, ამ დებილ გოგოებთან რა მინდა?
ის აქოშინებულიც წავიდა და კიდევ ერთი მდუმარეც. ბიძა კი ხვნეშის, მუშაობს.
ვაი, ჩათლახი ბიძა ხარ, ვიღაცა ხარ.
მე კი მოგყავარ უფასოდ ჩემი სკოლის ეზოში და არც იმ გოგოებს გამოართვი ფული, მაგრამ რეები გამოკითხე? ვისი მანქანააო, დედაშენს რა ქვიაო, სად ცხოვრობთო. 

ტელეფონიც კინაღამ არ თხოვე? თან ისე ეშმაკურად, ბიძაჯან, ისე მოხერხებულად, ვითომ არაფერი. ის შტერი გოგოც გპასუხობდა ყველაფერს. იმას თავისი საფიქრალიც ჰქონდა, მაგრამ ძაან შტერი ჩანდა. ისე, დედამისის შვილს მეტი მოეთხოვება. თუმცა რა, მადლობაც არ უთქვამს. ეჰ...
მაგრამ არ მომეწონა, ბიძაჩემო, შენი ლაპარაკი. შენ, ბოდიში და, ჩემი სურათი ხომ არ გინახავს \"რეზონანსში\" და \"ალიაში\" და ამოცნობილი გვამის შესახებ ხომ არ წაგიკითხავს, ამ მკვლელობას პოლიტიკური სარჩული არა აქვსო?
გკითხავდი, მაგრამ როგორ გკითხო? ხმა არა მაქვს.
ხელის მოთბობა ხომ არ გადაგიწყვეტია? გაფრთხილდი, ბიძაჯან, გაფრთხილდი. 

ეგენი შენ არაფერს მოგცემენ და კაი ნაცვეთი კი ჩანხარ, მარა თავი არ წააგო.
მოდი და გახსენი ესეთ ქალაქში კაფე \"ამბასადორი\"...
ჰალი-გალიო...
ისე, მე თავი ქუდში მაქვს. ასეთი მხარეა, მკვდარს თავი ქუდში აქვს. ცოცხლებო, თქვე გოიმებოო...

ძალით ჩამოფრენილი კაცის ფიქრები
სინამდვილეში ის ბარსელონაში კი არ იყო, არამედ მადრიდში. ბარსელონაში მივფრინავო, იმიტომ თქვა, რომ ბარსელონაში ნამყოფი არ იყო. ნივრისა და ღორის მწარმოებელთა სამდღიანი სემინარი კი მადრიდში იყო.
გრან ვიას კიდეზე დააბინავეს, მისი ფანჯრიდან ჩანდა ზღაპრული ქალაქის ვერანდები და სექს შოფი. კაი-კაი ბანკეტებსაც ესწრებოდა ზედიზედ სამი საღამოს განმავლობაში, ნივრიან ტაპასსაც აყოლებდა შავ ღვინოს, რომელიც, თუ პირის გემო არ ღალატობდა, ლა რიოხასი უნდა ყოფილიყო. ერთი ყუბანელი მენივრეც გაიცნო და იმან უთხრა, ეს ყველაფერი სალასა და არაყს იქეთ მაინც ვერ მიდისო. 

გაეცინა. ბანკეტ-მიღებებიდან მობრუნებული სასტუმროში ვერ ჩერდებოდა, მიაგდებდა ჰალსტუხს ლოგინზე და მიდიი, დაუყვებოდა დაბლა, სანტა ანას მოედნისაკენ. იქ მოსწონდა. პირველად კი არ იყო მადრიდში. იქვე, პატარა ქუჩაზე შეეგულებინა ერთი ბეწო დუქანი და უეჭველად იქ უნდა ეჭამა ტორტილია და დაელია სერვესა. ასე მოიწონა და მერე უყურებდა კაფეების წინ მსხდომ ხალხს და ქუჩის კუთხეში ატუზულ გოგოებს და ჰაშიშის გამყიდვლებს, მოუსვენრად რომ სცემდნენ ბოლთას. რა მინდოდა გრანდ ვიაზე, აგერ არ არის, ორ ნაბიჯში, ისეთივეო. 

თვითონ სამვარსკვლავიანშიც დადგებოდა, მაგრამ ბიზნეს კლასიო და მთელი ამბავიო და გლიჯეს ხუთიანში, სამი ოთახით.
მერე ერთ გოგოს, ძალიან ცუდი კაფეს წინ მდგომ გოგოს დაუქნია თითი და იქავე მოურიგდა მთელ ღამეზე.
- იტალიანო? - ჰკითხა გოგომ და რაღაც უთხრა იტალიურად. აქაოდა, ან ესპანელი უნდა იყო, ან იტალიელი, მთელ ღამეზე რომ გაიქაჩოო.
- ნო, ხეორხია, - გაუცინა ამან.
- ხეორხია? - კედელს მოშორდა ორმოციოდე წლის ჯეილი, ალბათ, ამ გოგოს სუტენიორი. - ხეორხია?
- სი, ხეორხია.
- ხეორხია-იბერია, - გულზე თითი მიადო სუტენიორმა, - ესპანია-იბერია. იბერია-იბერია, - ახლა თვითონ მიირჭო გულზე ცერი. - იბერია ორიენტალე. იბერია-კორასონ-იბერია, - და ძალიან ძმურად ჩამოართვა ხელი.
ლამის ცრემლი მოადგა თვალზე, ჩვენც გვყოლია ძმები ქვეყანაზეო.
განა კაცური იქნებოდა?
იქავ შევიდნენ და ჩამოდგნენ დახლთან. თეთრი ღვინო დაუკვეთეს. 

ლაპარაკობდნენ ხელებით, თვალებით და სადღაც პოულობდნენ ნაცნობ სიტყვებს. შავგვრემანი გოგო ხითხითებდა. მერე იმან, ნამდვილმა ძმამ, შეუმჩნევლად დახედა მის საათს და მანაც შეუმჩნევლად შეამჩნია. ერთმანეთს გადაეხვიენ. რა იყო, თხუთმეტი წუთი და მთელი სიცოცხლე.
სუტენიორმა გოგოს გავაზე წაჰკრა ხელისგული და თქვა:
- ხეორხიანო... ადიოს...
გოგოს გლორია ერქვა. წაიყვანა, ვერც გაიგო, რა დროს წავიდა.
მეორე დღეს მოფრინავდა. 

არ უნდოდა გამოფრენა. ერთი თქვენი ოხერი დედაცო, ფიქრობდა, დავრჩები აქო. მაგრამ რა უნდა ეკეთებინა აქ?
ტრანზიტი სტამბოლზე გამოდიოდა. შუალედი - ოთხი საათი. უყვარდა სტამბოლის ახალი აეროპორტი. ძველსაც არა უშავდა, მაგრამ ახალი ჯობდა. ბოლოში ერთი კაფე იყო, მოსაწევი ადგილი, იქ იჯდა ხოლმე. 

მერე დიუთი ფრიში ორ ბლოკ მალბოროს და ერთ ბოთლ \"ბომბეისეფირ ჯინს\" იყიდდა და ჰაიდა, გეითისკენ. ეს პირველი სართული ეზიზღებოდა. აქედან ყოველთვის შინ ბრუნდებოდა.
დიახ, შინ ბრუნდებოდა რამაზა ყურაბელიძე!
გამოჩენილ და შეძლებულ ქართველთა დარად, ვენის აეროპორტს კი არ აირჩევდა სატრანზიტო ალაგად, არამედ აუცილებლად სტამბოლისას. არ უნდოდა, ბევრჯერ ენახათ ცნობილთ, საქმეებზე დაძრწის ევროპაშიო. და, ჰა, მოდიოდა. 

ორ საათს იჯდა აეროპორტის კაფეში და \"ბალანთაინსს\" სვამდა. ბლომად დალია - მთელი ნახევარი ლიტრი. 

სვამდა და ფიქრობდა. და ბოლოს მოიფიქრა. გადაწყვიტა. ნაჩქარევად გაიარა ჩასხდომის ზონა, ქვემოთაც კაფეში შევიდა და დაჯდა. ტილიან კაფეს ეძახდა ზემოთასთან შედარებით. ქართველები დაინახა, მასავით მოტრანზიტენი. ვიღაცას გამოელაპარაკა, ყავა დალიეს და გასვლის დროც მოახლოვდა. 

ჩანთა არ ჩაუბარებია. რა ჰქონდა ჩასაბარებელი?
უკვე იცოდა, რასაც იზამდა.
ერთხელ. თვითონაც.
სულ ითმენდა, იარაღზე თუ მიდგებოდა...
არ მიდგებოდა.
ხვალ მელოდებიან. ხვალ არ არი? ღამის სამი საათია. რა ცხელა ამ დედაძაღლში?
- ტაქსი ხომ არ გჭირდებათ?
- არა, არა...
ჩქარი ნაბიჯით წავიდა ავტოსადგომისკენ.
- აჰა, ჩეიბარე, ბატონო, შენი მანქანა, - გამოეგება დარაჯი.
- ჰო, ჰო... - ხუთლარიანი ჩაუდო ხელში.
- რა ამინდებია იქეთ?
- საით?
- საცხა იყავი, ბატონო...
- ხოო... გრილა, - ჩანთა მანქანაში შეაგდო და ჩაჯდა.
- კაი გულის კაცია, - უთხრა დარაჯმა მაწანწალას.
- \"მერსედესიც\" ხო ყავს ხოშიანი, ორკარიანი, - მიუგო მაწანწალამ.
გზა ბნელი იყო.

ღამე მეცხრამეტე

სახლში არავინ დახვედრია.
\"ასეც ვიცოდი\", - გაიფიქრა რამაზამ. 

- \"წყნეთში იქნებიან\".
არ დარეკა. გვიანი იყო. იბანავა და დაეგდო. არ გაგიკვირდეთ და, იმწუთას დაეძინა. გაიღვიძა და მაინც არ დარეკა. მეტიც, ანზორას დაურეკა:
- ვა, ჩამოხვედით, ზახარიჩ?
- საროჩკა ჩამოგიტანე და ერთი ბლოკი \"მალბორო\". ჩემთან არი...
- ახლა გამოვალ, ზახარიჩ.
- არა, იყოს. 

დღეს არ მჭირდები. ხვალ გამოდი დილით... ახლა, ისა... ჰო, ხო მშვიდობაა?
- კი, ზახარიჩ.
- იმას ხო არაფერი? ახლა ტელეფონზე არ მინდა, მარა...
- არაფერი, ისა... გაიგეს და მორჩა.
- გაიგეს?
- ხო. გაიგეს, ვინ იყო. გაზეთშიც იყო...
- მაგას კი გაიგებდნენ.
- აბა, მეტი რა უნდა გაიგონ, ზახარიჩ? ერთი უპატრონო ბიჭი ყოფილა. 

ეგება საყაჩაღოდ...
- კარგი, ნუღა ლაპარაკობ. ტანსაცმელი...
- დავწვი.
- ხო, კაი, ხვალ გელოდები დილით, - რამაზა ყურაბელიძემ მობილურის ბარათი მოძებნა პიჯაკის ჯიბეში, უჯრიდან ამოღებულ მობილურში ჩადო და წაილაპარაკა: -ვყე, ჩამოვედი.
მერე კიბე სწრაფად ჩაირბინა და გარაჟში ჩავიდა.
უკვე ცხელოდა. რამაზამ სიგნალიზაცია გამორთო და მანქანაში ჩაჯდა. მერე დამტვერილ მინებს შეხედა, ბუზღუნით გადმოვიდა და საბარგულის კარი ახადა, ალბათ, ტილოს ამოსაღებად.
ახდილ საბარგულში ყველაფერი წესრიგში იყო, კოხტად მილაგებული. ერთი კოხტა თეთრი ცელოფანის პარკიც მიედოთ კუთხეში. შიგ რაღაც იდო.
\"ეს რა არი, ტო?\"- ჰკითხა საკუთარ თავს რამაზა ყურაბელიძემ,- \"ნიუჟელი საზამთრო ვიყიდე და დამავიწყდა?\"
პარკს თამამად მოავლო ხელი და შიგთავსს საბარგულში გადმოცლა დაუპირა.
- ვაიმე, დედა!
რამაზა დაბარბაცდა და გარაჟის კედელს მიეყრდნო.
თანდათან ჩაიკეცა და ბოლოს ჩაჯდა.
ორმოც წუთს იჯდა ასე. მოწია, ასე, ათი ღერი.
მერე წამოდგა და გარაჟის კარი მოკეტა. 

მერე ახალი შავი სათვალე გაიკეთა, რადგან ამგვარი რამეების ცხადლივ ყურება არ შეეძლო, და თავს დააცქერდა.
- არა, ის არ არის, ტო... - თქვა უკვე მშვიდად. მერე თაროსთან მივიდა, ჭუჭყიანი რეზინის ხელთათმანები მოძებნა და ჩაიცვა. ხელთათმანები ყვითელი იყო. რამაზამ თავი აიღო და ცელოფანში ჩადო. კოხტად გადაუკეცა ბოლო და საბარგული დაკეტა.
\"ეს არაფერს ცვლის\", გაიფიქრა, \"საერთოდ, არაფერს...\" და გაეცინა. მერე გარაჟის კარი გააღო და მობილური ამოიღო.
- ხო, ანზორ, მე ვარ...
- ხო, ზახარიჩ...
- ბიჭო, ბაგაჟნიკი გაიჭედა და როგორ გავაღო?
- ვარიანტი არ არი, ზახარიჩ.
- ჩემი კი არა, ბიჭო. 

აქ ერთს გაეჭედა...
- რა მანქანაა?
- ძევიტია...
- და სალონიდან გადადით, ზახარიჩ, თუ ამოსაღები გაქვთ რამე, და მერე...
- ხოო... ხო. გამოვშტერდი, რა.
- მერე მიიყვანოს, რავი... ახლა ეგრე ზეპირად, როგორ გავაღო.
- კარგი, კარგი...
და კვლავ აკრიფა.
- გენაცვალე, ნომერი მინდა რა. ჭავჭავაძის პროსპექტი, ჟურული მერაბ, მიხეილის ძე... ან, იგივე ჭავჭავაძე. მერაბიშვილი ლიანა გაიოზის ასული... 

აბა, მიდი, ერთი, გენაცვალე... ხო, ხო... ოცდაორი... ხო, და ახლა, გენაცვალე, იგივე გვარები და წყნეთი... ხო... ხარაშო... ეგეც ოცდაორზე იქნება... 

ხო, კი... ოცდაჩვიდმეტი... მადლობთ, გენაცვალე.
მერე კვლავ აკრიფა.
- ე, მე ვარ... ჩამოვედი, ხო. რას შვებით? მისმინე, მაკუცუნა!.. ხო. იცი, რა, ნუ აძლევ და შენც ნუ დადიხარ. 

ეს დღეები. იცი, რატომაც. ამოვალ, აბა, რას ვიზამ? ხო, კაი...
და კვლავ აკრიფა.
- ალო... ქალბატონო ლიკა, არა?... მე რამაზი ვარ... ხო... მე მგონია, რო მე და თქვენ უნდა შევხვდეთ... 

მე მგონია, რო სადმე მოფარებულში... ფუნიკულიორზე, ვთქვათ... ა-ხა-ხა... შეყვარებულებივით... რა იცი... რა იცი კაცმა?.. მაგ საკითხს ამ ორ დღეში მოვაგვარებ... 

ოღონდ, ერთად უნდა მოვაგვაროთ... მანქანით ხართ... არა, მე შემიძლია... კარგით, ეგრე აჯობებს.
და დაქოქა.

ღამე მეოცე

- დახე, რა კეთილშობილ ალაგას მოვხვდით, სანჩო. ამგვარი პალატები თვით მადრიდშიაც არ მინახავს. აბა, გაიხედე ამ ლოჯიიდან, რა კეთილშობილი საზოგადოება იკრიბება მრგვალი მაგიდის გარშემო? ამგვარ რაინდთა შორის ყოფნა უთუოდ დიდი პატივია. აი, ის, ჭაღაროსანი უთუოდ ამადის გალელი უნდა იყოს. 

ნახე, რა კეთილშობილური იერი დასდებია. შუქი გადაჰფენია სახეზე, თითქოს მზემ დაანათაო. შარავანდიანი გახლავს. აი, ის მეორე კი, აგრე ჩაფიქრებით რომ დასცქერის იმ გაფენილ საომარ რუკას, უთუოდ ლანჩელოტია. უყურე, სანჩო...
- ფეხი არ მიგიცდეს მაგ მაგიდასთან, ჩემო ბატონო, თორემ კბილის საჩიჩქნ ჩხირივით გაგწმენდენ. ისედაც მჭლე ბრძანდები და მთლად გაგატყავებენ.
- რას როშავ, ბრიყვო, განა რაინდი რაინდს რაიმეს შეჰკადრებს სუფრასთან ჯდომისას?
- ეეე, ჩემო ბატონო, შენ რომ რუკა გგონია, ეგ ბანქოს ქაღალდია და მეტი არაფერი. გეუბნები, არ მიეკარო მაგ მაგიდას, თორემ სადაცა ვართ, იქაურობაც ოხრად დაგვირჩება. 

ხუთიოდე გამოცდილი თაღლითი შეკრებილა და ერთმანეთს ბანქოს ეთამაშება და შენ გინდა, მარაქაში გაერიო, ჩემო ბატონო?
- ვერაფერი გაგიგია, სანჩო. როგორ შეგიძლია, თაღლითებად დასახო ამგვარი კეთილშობილი და ზეაღმატებული ერის ხალხი. ანდა, ამგვარად ჩაცმულ ადამიანებს როგორ უწოდებ თაღლითებს? თაღლითებს ხომ სახეზე აწერიათ ყველაფერი. თაღლითი, რაგინდარა რაინდულად მოიკაზმოს და მუსაიფი გააბას, თავის ელამ თვალს მაინც ვერ დამალავს...
- ხინეს დე პასამონტე ძუძუთა ბავშვად გამოჩნდება მაგათთან, ჩემო ბატონო.
- აბა, რას ბოდავ, უბადრუკო? ჯერ ამათ ნაოჭიან შუბლებს გადახედე. 

განა ნაოჭი სარაინდო საქმეზე ფიქრით არა ჩნდება შუბლზე? თაღლითის ნაოჭი სად გაგონილა, სანჩო. თაღლითი ისე აჩვენებს თავს, რომ თითქოს არც არაფერს ფიქრობდეს. თუ ნაოჭი დაუნახეს, მიუხვდებიან, ფიქრობსო, და მაშინ მისი თაღლითობა აღარ გავა. 

ეს ხელშუბი ჩამომართვი, უნდა მივეახლო და თაყვანი ვცე მათა!
- გაფრთხილდი-მეთქი, ბატონო, გაფრთხილდი! არც შუბს ჩამოგართმევ და არც ცხენიდან დაქვეითებაში გიშველი. ისე გაგწმენდენ, რომ აქედან ჩემი სათრევი დარჩები. ეს ადამიანები ბანქოს თამაშობენ. ვითომ მეგობრულად, სინამდვილეში კი სურთ, შვილიშვილებთან იამაყონ, ერთმანეთი როგორ დაამარცხეს.
- ბანქოს მოთამაშეებს ვინ შემოუშვებდა ამ მშვენიერ სახლში? მიედ-მოედები, სანჩო. გამიშვი...
- საქმეც ეგ არის, ბატონო, რომ ამათი ბანქოს თამაში შენისთანა გულუბრყვილოთათვის გამართული წარმოდგენაა. ჩაგითრევენ და მერე ფარსაგ საქმეში გაგხვევენ. ქისები სულ ფარსაგი საქმეებით აქვთ სავსე და გგონია, ფულზე თამაშობენ? რაც მეტ ფარსაგ საქმეს მოიგებენ, მით მეტი შემოსავალი ექნებათ.
- თუნდაც ასე იყოს საქმე, სანჩო, ჩვენ რა გვაბადია ფარსაგი, რომ წავაგოთ?
- ოო, ჩვენ ისეთი რამ გვაბადია, სენიორ, რომ სიამოვნებით აგვართმევდნენ.
- რა, სანჩო?
- სახელი. 

დონ კიხოტ ლამანჩელი.
- მართალია, სახელი კიდით კიდემდე გამვარდნია, მაგრამ განა ასეთ კეთილშობილ ხალხს ჩემი სახელი რამეში გამოადგება? სახელი ხომ ფული არ არის. უბრალოდ და გაცვეთილად კი ვამბობ ამ სიტყვებს, სანჩო, მაგრამ, შენისთანა კაცთან სხვანაირი ლაპარაკი არ გავა. მიმიშვი, წარვუდგე ცალ მუხლზე ჩოქვით...
- კიდევ თავისას რომ როტავს... ნუთუ არაფერი გასწავლათ, ჩემო ბატონო, ათი წელიწადი ამათმა ყურებამ?
- ათი წელიწადიო? რა ათ წელიწადზე მელაპარაკები, სანჩო...
- ათი წელიწადია, აქა ვკიდივართ, სენიორ, და რა ვქნა?
- ვკიდივართო? ხომ არ დამთვრალხარ, სანჩო...
- მთვრალი უფრო თქვენა ხართ, სენიორ. ათი წელიწადია, ამ ლოჯიაში ვკიდივართ, ვითარცა ერთი განთქმული ნახატის ასლი, და პირველად მიიხედეთ მაგიდისკენ?
- ასლიო?
- აბა, ნამდვილი ვინ იცის, რომელ სასახლეში ჰკიდია?
- რაებსა ბოდავ, სანჩო, ჩვენ ნახატებად გვაქციეს და თვითონ კი... თუ ამ კეთილშობილ რაინდებს რაიმე შეცდათ, თავზე ხელს ავიღებ და ბრძოლაში გამოვითხოვ, ჩემო ერთგულო...
- ეჰ, ბატონო, ეჰ...
აი, რა მოვიფიქრე. უსაქმო აჩრდილის პირობაზე, რაღაცას ჰგავს.

უშანგა და აქვსენტიჩი
ეკას უყვარდა \"ალბატროსში\" შევლა. 

კაფეში კი არა, მაღაზიაში. რაღაცებს მოირგებდა, რაღაცებს, უბრალოდ, მოიზომებდა. უხდებოდა მოზომებაც და მორგებაც, საერთოდ, ყველაფერი უხდებოდა, სიმთვრალეც კი. ცოტას რომ დალევდა, თვალები საპატრულო მანქანასავით უციმციმებდა. საერთოდ, ეკა, თავისი ქალიშვილისგან განსხვავებით, ბავშვს ჰგავდა. მისი გულუბრყვილო და უდარდელი სიტყვანი და საქმენი კაცს წააქცევდა სიმსუბუქითა და უბრალოებით.
\"ალბატროსიდან\" გამოსული მანქანაში ჩაჯდა, რიგის ქუჩაზე ჩაუხვია, მიიხედ-მოიხედა და სწრაფად მოატრიალა მანქანა. შემდეგ ჭავჭავაძეზე გამოვიდა და გალაქტიონის ძეგლთან ჩაუხვია. 

შინ მიდიოდა, ქმარი ჩამოსულიყო ბოლოს და ბოლოს, ეგებ რაღაც ჩამოუტანა კიდეც.
სადარბაზოსთან გადმოსულ ეკას ერთი უბრალოდ ჩაცმული კაცი მიუახლოვდა და დათაფლული ღიმილით დაეკითხა:
- ქალბატონი ეკა, ხო...
- კი, - თქვა ეკამ და ლიფტისკენ წავიდა. - ჩემი ქმარი თბილისში არ არის...
- უკეთესი, - ხმა გაუმკაცრდა კაცს. - უფრო მოვრიგდებით.
- მოვრიგდებით?
- ხო... აუშვი, ქალბატონო, ლიფტის კნოპკას ხელი, - და მოულოდნელად ხელი გაუწოდა. - უშანგი.
უხეში, დაკოჟრილი ხელი ჰქონდა.
- რაშია საქმე?
- უყურე, ახლა, ჩემი კაი გოგო... ვდგავარ ბარნოვზე. დავინახე, ბიჭი გაჩერდა. 

ტაქსი უნდა. დავძარი. ამ დროს დამიაბგონე შენ. და...
ეკას გაეცინა.
- მე არ ვტაქსაობ.
- ტაქსაობ, არ ტაქსაობ, ქალბატონო, ჩაისვი ის ბიჭი და წახვედით.
- მერე რა? - ეკას მარჯვენა ყური გაუცხელდა.
- მერე, - პერანგის ჯიბეში ჩაიყო ხელი კაცმა. - გალაქტიონის ძეგლამდე ისე მეც გამოვედი და პარკთან დავტრიალდი, ქალი ჩავისვი...
ეკამ ძალით გაიცინა.
- ხოო, - როგორც იქნა, ჯიბიდან ამოიღო ხელი კაცმა და გაზეთიდან ამოჭრილი შეცვეთილი ფოტო ამოიღო, - ეს ბიჭი. აბა, ნახე?..
ეკამ კვლავ მიაჭირა თითი ლიფტის ღილაკს. თუმცა, მიხვდა, რომ გაქცევას აზრი არ ჰქონდა.
- ცნობილობ, ხო. 

ხო... - ჩაფიქრდა კაცი. - ახლა კი არაფერი. შეილება, ნაცნობმა ნაცნობს გაუჩეროს, მარა პოლიციამ ხო უნდა იცოდეს. ვინ ნახა ბოლოსო, დაგვირეკეთო. აი, გაზეთში ნომრები და... ვიფიქრე, დაურეკე შენ, ქალბატონო, მე რაღას ვიწვალო...
- საერთოდ აღარ მახსოვს, საერთოდ არ ვიცი, ვინ არის... 

- გასაღებების ასხმა ააჩხრიალა ეკამ.
- ხო, - გააგრძელა კაცმა, - მაშინ მე დავრეკამ. დავრეკამ კი არა, მივალ. ორი ნაბიჯია. ვეტყვი, რო მე ვნახე ბოლოს, რო შენ ნახე ბოლოს. კარგი...
- შენ თუ იცი, ვის ელაპარაკები?
კაცი ვითომ წასვლას აპირებდა და უცებ შედგა.
- შენ თუ იცი, აი, ამ შენ მანქანას მარჯვენა ზადნი ვინ გამოუცვალა? შენი გოგო რო გუშინ თავის ამხანაგთან ერთად...
- გაჩუმდი! - წაისისინა ეკამ, - შენ რა იცი, პაკრიშკის ამბავი და...
- მე? მე როგორ არ ვიცი. პაკრიშკისაც ვიცი, იმ ბიჭისაც ვიცი...
- ვინ გამოგგზავნა?
კაცმა გაიცინა და თავისი მანქანისკენ წავიდა:
- თელ ამ ამბავს ხუთი ათასი დოლარი უნდა. მე ნამუსიანი კაცი ვარ. 

შენ რატო არ მიხვედი, თუ ნამუსიანი ქალი ხარ, და არ თქვი, რო ის ბიჭი ბოლოს შენა ნახე?.. ამდენი ფული გაქთ და... ხვალ დილას აქა ვარ, ფულს მაიტან, არადა პირდაპირ მივდივარ.
- სადაც გინდა, იქ წადი, - გული ამოაყოლა ეკამ.
- ცხრა საათზე აქა ვარ.
- ცხრა ადრეა.
- ათზე, - კაცი ძალიან ძველ და საზიზღარ მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა, თავი გადმოყო და თქვა: - მე შრამიანი უშანგა ვარ...
- სადა გაქვს შრამი? - უაზროდ ჰკითხა ქალმა.
- სადაც საჭიროა, - იყო პასუხი. - ტაქსისტათ კი არ დავიბადე.
ვინ იბადება ტაქსისტად.

ღამე ოცდამეერთე

ეკა სამზარეულოში იჯდა და მაგიდაზე დატოვებულ ორ ბლოკ \"მალბოროს\" უყურებდა.
ახლა საქმე ის იყო, რომლისთვის დაერეკა, რამაზა გადაერია, თუ მერაბა.
არა, იმ ბიჭის გამო რამაზა უნდა გადაერია, მაგრამ ის კაცი საბურავსაც მშვენივრად ახსენებდა. საბურავის ამბავი კი მერაბის გადასარევი იყო. ხო, საერთოდ, მერაბი ნაკლებად გადაირეოდა. მერაბი უფრო მოაგვარებდა, მაგრამ იმ ბიჭზე როგორ ეთქვა? როგორ და, პირდაპირ. 

ყაჩაღი იყოო, მერე რამაზამ და მძღოლმა გადააგდესო. 

ხო, რამაზამ ესროლაო. არა, არა, მერაბმა არ უნდა იცოდეს, რომ რამაზა... თორე რამეს გაუჩალიჩებს, გამჩალიჩებელია. მე რა გამეგება ნივრის? ეგ კიდე, იმ დეგენარატკას ვერ გაშორდება.
დიახ, ვერ...
არაფრის ეშინია და იმისი კიდევ როგორ.
მოდი, რამაზას დავურეკავ. ბოლოს და ბოლოს, თანამონაწილეა.
თანამონაწილეო, თავს გამიტეხავს.
გამიტეხავს და გამიტეხოს, რა ვქნა? ეგება თვითონ მოაგზავნა... ერთი საათის ჩამოსულმა? პაკრიშკაო. 

არა, რა სისულელეა?
ანზორა, ანზორას მოვძებნი. სად არის ანზორა? არა, ანზორა არა. რა იმ კაცს ვყოლივარ ხელში და რა ანზორას. და ის კაცი თუ მოგზავნილია? მოგზავნილია, აბა, რა? არა, ეგეთ იდიოტს ვინ მოაგზავნიდა? ხუთი ათასი! ბებიშენისამ. ხუთი ათასის რა გავაფუჭე? მე ხო ვიცი, სურათს გადაუღებდა და მერაბს გაუგზავნიდა. ახსოვს ჩვენი სპალნა? როგორ არ ახსოვს. გუშინწინაც აქ არ ეგდო?
არა, რამაზას დავურეკავ... 

მაგრამ პაკრიშკა?
ნუ, რა ვქნა ახლა... და აკრიფა.
\"მობილური გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან\".
სად ჯანდაბაშია გასული? ნივრებში?
ნივრებში არა, წიწვებში.
რამაზა ყურაბელიძეს მანქანა ტყის პირას გაეჩერებინა და ძარაზე შემომჯდარი გადასცქეროდა ქალაქს. აქ შედარებით გრილოდა. რამაზა ეწეოდა და ეწეოდა. ლიკა იგვიანებდა.
\"მოვა, ვაბშე?\"- გაიფიქრა რამაზამ და პატარა თეთრი მანქანაც დაინახა. \"ეგ არი? ეგ არი\".. ძარადან ჩამოხტა, სიგარეტი გადააგდო და პირში \"ორბიტის\" ნატეხი ჩაიგდო.
ლიკამ მანქანა გააჩერა და გადმოვიდა.
\"კაი ქალია, შობელძაღლი\", - გაიფიქრა რამაზა ყურაბელიძემ და ახალ სიგარეტს ჩასწვდა მანქანაში.
დღე იყო მხიარული და ცხელი, რაღაცნაირი სიმხიარულე ტრიალებდა ამ მონგრეულ ფუნიკულიორზე. 

რამაზა ყურაბელიძეს ეშმაკები პორჭყნიდნენ ახალი ესპანური პერანგის ქვეშ შემალულ ამტან და ტევად გულისფიცარზე.
- გამარჯობა, რამაზ...
- გამარჯობათ, - რამაზა აშკარად თქვენობითზე იქაჩებოდა.
ქალს ჩაეცინა, კაცი კი მოხერხებულად გადადგა ტყის ბილიკზე და უთხრა:
- გავიაროთ, დავილაპარაკოთ. იქ ადრე ფანჩატურები იყო, თუ გახსოვთ. რა რესტორანი იყო? მთელი ახალგაზრდობა აქ გავატარეთ. მერე რა იყო... იაფი იყო ყველაფერი, ამ მატარებლით ავდიოდით, ჩამოვდიოდით, და მერე ფეხით, რუსთაველამდე. რა დრო გვაქვს ნატარები.
- ეგ ცოტა ადრე იყო, - გაიცინა ლიკამ. ბილიკს მიუყვებოდნენ, ტევრში. 

- მამაჩვენების დროს. გეპეის ჯაზი, მთელი ამბავი... ჩვენ დროს ისე იაფი აღარ იყო.
- მართალია, - დაუთმო კაცმა, - მართალია. მაგრამ ამ ნანგრევებს ხო ჯობდა?
- ამას ყველაფერი ჯობდა, - ალმაცერად გახედა ლიკამ.
- ქალბატონო ლიკა, რა ლამაზი თვალები გაქვთ, იასამნისფერი, - ჩაიღიმა რამაზამ, - არც მინახავს ეგეთი ფერის თვალები. ახლა შეგამჩნიეთ. აქამდე არც შემომიხედავს თვალებში. აქამდე როდის უნდა შემომეხედა?
ქალს გაეცინა.
- ან როგორ უნდა შემოგეხედა? რამაზ. 

მე მაშინ დავრეკე და... მოკლედ, მე აღარ დავრეკავ, რა აზრი აქვს, ოღონდ იცოდე, სულ ერთი ბეწო დამრჩა და მერე არ ვიცი, რა იქნება. გუშინ... - ქალმა ხელი ჩაიქნია.
- მეც ერთი ბეწო დამრჩა, - ცივად თქვა რამაზამ და მერე თითქოს გაუხარდაო, - აი, სკამეიკა...
იქით გაუყვნენ. ახლოს იყო.
- მე რაღაც მოვიფიქრე, ქალბატონო ლიკა, - თქვა რამაზამ, როცა ჩამოსხდნენ. - ჩვეულებრივად, ცემით, სროლით, ფანჯრიდან გადმოგდებით და ყავის არმიწოდებით ამ საქმეს არ მოევლება. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, გეტყვით ახლავე და მერე დანარჩენსაც. 

ოღონდ თქვენი მხარდაჭერა მჭირდება...
ლიკამ ხელები გაშალა, სხვა რაო, და თითქოს ინანა:
- სიგარეტი მანქანაში დამრჩა...
- არა უშავს, მე მაქვს. - ხრინწი შეეპარა რამაზს ხმაში. - ხო, პირველი...
და უცებ ლიკას მკლავებში წაავლო ხელი, სკამზე გადააქცია და ზემოდან მოექცა.
- რას შვბ... რას შვბ... - რამაზა ხელისგულს აფარებდა ტუჩებზე და გაფართოებულ იასამნისფერ თვალებში ჩასცქეროდა.
- ჩუმათ, ჩუმათ, მაცადე... აგიხსნა, სხვანაირად არ გამოვა, არაფერი, მოიცა ლიკა... მოიცა... 

ასე მათხოვრებივით ხო არ ვეყრებით... ჩვენც უნდა გავიცინოთ... - რამაზი მომზადებული იყო, ელვაც კი, თურმე, იმ კრემისფერ შარვალზე მზადყოფნაში ჰქონდა. ფეხებით ცდილობდა რაღაცას და გამოუდიოდა კიდეც, ცალ ხელს კი, მოახერხა მაინც და დაასრიალებდა სადღაც-სადღაც, სადაც საჭირო იყო. და როცა რამაზამ გაიმარჯვა და იწყო მართალი საქმის აღსრულება, მოაშორა ხელი ტუჩებიდან ლიკას და საკუთარი ტუჩებით შეუნაცვლა. მელოტი თავი დაცვაროდა რამაზას, ის ისედაც გაუუთოვებელი ესპანური პერანგი კიდევ უფრო შეჭმუჭვნოდა. ბოლოს კი თქვა:
- აჰა, - და თითქოს დარცხვენილი წამოდგა.
\"საღოლ, საღოლ\", - ფიქრობდა გამალებით, -\"ახლაა მთავარი\".
და არც კი ამოასუნთქა, იქავ მუხლებში ჩაუვარდა წამომჯდარ, დაბნეულ და ნასიამოვნებ ქალს:
- ლიკა, ქალბატონო ლიკა... 

ხო გესმის, რო... რატომაც. ჩვენ სამაგიერო... და...
- სიგარეტი მომეცი, - არც შემოუხედავს, ისე უთხრა...
გულის ჯიბეზე იტაცა ხელი:
- აუ, ჩაჭმუჭნულა, სამი ღერია... - ძირს გადმოყარა. - მადრიდში ვიყიდე და... რბილი პაჩკის \"მალბორო\". 

ატენზე რო იყიდებოდა ადრე. აუ, ჩატეხილა, - და გაბრაზებულმა მოჭმუჭნა კოლოფი...
ლიკა ძირს გადავარდნილ ჩანთას გადასწვდა. მერე გამძვრალი ქოში მოძებნა ფეხით და გასაღები გაუწოდა:
- ჩემთან არი, მანქანაში...
ვითომ შემცბარი მიდიოდა და გული კი უფრთხიალებდა.
გიჟივით ეტაკა საბარგულს და ახადა. იქიდან თეთრი ცელოფნის პარკი ამოიღო და ქალის მანქანისკენ გაქანდა. ჰოპ, აბა, კოხტად მივმალოთ. ახ, რა მაგარია? ეს კოლოფიც როგორ ჩავჭმუჭნე? ხო ვიცოდი, რო ეწეოდა? საიდან ვიცოდი? აჰა, ესეც სიგარეტი. \"პარლამენტ ლაითი\". 

ვერ გამოცდენ ამ გოიმურ სიგარეტს.

ღამე ოცდამეორე

- ლიკა, მე... ხო იცი.
- ვიცი, ერთი მათხოვარი, უთავმოყვარეო კაცი ხარ. რამაზა ყურაბელიძე. როგორ არ ვიცი? - გაეცინა ლიკას.
- ლიკა მე... ყველაფრისთვის მზად ვარ.
- კიდევ მზად ხარ?
- აბა, რა, - თავის ნათქვამზე გაეცინა.
- ხარაშოო, - ჩაილაპარაკა ქალმა და მუხლზე დაადო ხელი.
\"მონატრებია, ხო იცი\", - ნამწვი გადააგდო რამაზამ. - \"არ მიმტყუნო, აქვსენტიჩ\".
და სიცილი აუტყდა.
ჯარში, სამთვიან შეკრებაზე, ერთი ბიჭი ახალციხეში დაიპარებოდა ვიღაც ქალთან. დილით კარავში შემოიპარებოდა და შესძახებდა:
- არ მიმტყუნა აქვსენტიჩმა!..
- ლიკა!..
- კი, კი. 

მართალი ხარ... მზად ხარ.
\"რა წესიერი ქალია\", - გაიფიქრა რამაზამ.

სიკვდილი და გადარჩენა
- მღვდელს დილით მოვიყვანთ...
-ვყე, გაკეთებულია ყველაფერი...
- დილით კიდე ავალთ და მესაფლავეს გავახსენებთ...
- მესაფლავეების თოხლი?
- ქვემოთ შევუკვეთე... 

ჩვენიც შევუკვეთე. ლესელიძეზე დავჯდებით.
- ლესელიძეზე საად?
- \"პრესტიჟი\" იცი? იმის ქვეშ, რესტორანია. კუპეში დავჯდებით. საკაიფო კუპეა...
- კუპეში რა გვინდა, ტო, ფეხზე ვიდგე?
- დიდი კუპეა, ტო. თავისი ცალკე ვხოდით. 

კონდიციონერით. საკაიფო რესტორანია.
- ვაბშე რამდენი ვართ?
- კაროჩე, ოცდახუთ კაცზე იქნება გაშლილი. და რამდენი ვართ, მე რა ვიცი...
- ხო რა, ეგრე. ვინც არ მოსულა, ნურც იქ მოვა.
- კატაფალკი...
- მოვა. შევროლე. ჯვარი მოვახსნევინე. ტეხავს. 

მარიაჟულია.
- ჯვარი უნდოდა ყურშას კატაფალკაზე?
- კაროჩე, ამაღამ ვინ რჩება?
- მე, ესა... შენ?
- ხო. ბიჭო, წასულია ყველა. ოცდახუთი ჩვენც არ ვიქნებით. აგვისტოა...
- დილით ჩაირბენთ რა, იმ ლესელიძეზე. შენ იყავი, ხო? შენ ჩაირბინე. ხარაშო? დილით აქა ვართ. 

თოხლი გააქთ?
- კი, კი. ამოვიტანთ.
- კაროჩე, ვყე?
- ვყე.
- ხო... კიდე რა? კიდე...
- მე გავალ მაშინ, - თქვა ზურამ. აჟრჟოლებდა.
- ხო. გადი. და დილით მოდი.
- მოვალ, აბა, რას ვიზამ?
- ზურ, ვაკის პარკთან დამტოვე, რა?
წამო.
ზურა დაღლილი იყო. რაღაცებზე ირბინეს. 

ხვალ კიკილას დამარხავდნენ.
- როგორ დადიხარ ამით?
- რავი, დავდივარ...
წყნეთისკენ აუხვია.
ვაკის სასაფლაოზე ვიღაც ნაცნობს მოჰკრა თვალი და გაუჩერა. ერთად იარეს.
- არ იცით, არა, არაფერი, - ჰკითხა ნაცნობმა.
- არა, - ხმადაბლა თქვა. გოსპლანის დაჩებთან მიიყვანა და დატრიალდა. ქვემოთ წამოვიდა, სოფელში, შეუხვია, შემოუხვია და გახუნებულ ცისფერ ჭიშკართან გააჩერა. საყვირს დააწვა:
- ზახოდ... - დაიძახა.
- არ არი, - უთხრა თუთის ხეზე ამძვრალმა პატარა ბიჭმა.
- სად არი?
- ვიგენტიჩა კვდებაო და დაუძახეს. ემ საათში გავიდა. 

ლურჯი ფოლცვაგენით იყო, ისა, ხიხინა...
მოატრიალა. წამოვიდა, ქვემოთ ჩაუხვია, მარჯვნივ გავიდა და სასწრაფო დახმარების მანქანის უკან გააჩერა. არც იყო სხვა ადგილი. ხუთი-ექვსი ბიჭი იდგა კართან.
- გაუმარჯოს.
- ბარო, ზურა...
- რა არი?
- იპარება ვიგენტიჩა. მატყუარა წამალია, დედამიწერილი. სასწრაფოს გული გონია...
- მერე?
- მერე დედ-მამა იქაა და ვერ ვეუნებით.
- ყურში ჩაყვირეთ?
- ვერა, ბიჭო, ვერა, ოჯახი იქაა.
- აბა, კლავთ კაცს?
- რა ვქნათ, ვერ ვეუნებით. არ ეჯერა დედამისს და... 

დაღლილიაო, ამბობს, ღამენათევიო. პრესები უზიდია გუშინა...
- ზახოდა სად არი?
- შიგნით არი.
- დაუძახე.
- ფულიც არა გვაქ, რა, რო უთხრათ ექიმს, მერე გაჩუმდეს...
- დაუძახე.
ზახოდა წევა-წევით გამოვიდა.
- მიდის კაცი, ბოიშვილი ვიყო. ვსო, წასულია...
- გამოიყვანე ექიმი.
- ვერა ბიჭო, ვერ შორდება. სუნთქვებს უკეთებს. სუნთქვა უარესია, დედამიწნული. ვერ მიეჩვია გერაინს, ვერ გაძღა...
- გამოიყვანე, ანიშნე...
ზურამ უკანა ჯიბეები მოიქექა. სამი თუმანი გამოუდიოდა.
ბიჭები ეზოში შევიდნენ.
ზახოდა ისევ გამოვიდა. 

უკან ექიმი მოჰყვებოდა, ორმოცდაათამდე წლის უკბილო კაცი. დასიცხული და დაღლილი ჩანდა.
ზურამ სათვალე გაიკეთა.
- მისმინე, ძმაო... - და ფული ჩაუდო ხალათის ჯიბეში, - ნუ აწვალებ ახლა მაგას და თავსაც ნუ იწვალებ. ნარკანი გაუკეთე და ეგ არი. გაქ ნარკანი?
ექიმმა დაბნეულმა დაუქნია თავი. ზურამ თითი ტუჩებზე მიიდო:
- ხო?
ექიმმა ახლა მტკიცედ დაუქნია თავი.
- ყურში ჩაყვირეთ. ან იყვირეთ, გაიგე...
- ვიცი... 

რას მასწავლი? - წაიბურტყუნა ზახოდამ და ექიმს მიჰყვა.
- დროზე გამოდი, - მიაძახა ზურამ და ბიჭებს მიხედა, - მომაწევიეთ რა, არც სიგარეტი მაქ... არც ფული მაქ...
ბიჭებმა გაიცინეს და \"ვაისროის\" კოლოფები ამოალაგეს.
- ვიგენტიჩა გადაიხდის, - უხაროდათ.
- ხმა ამოგეღოთ, ტო, - უსაყვედურა ზურამ.
- რავი... აბა, იქ, ეს ექიმები და... კი გამოვიყვანდით, მარა, ფული არ იყო.
- ფული რა, ოცი ლარი მივეცი, მეტი კი არა. - იცრუა ზურამ.
- ოცი ლარი კი არა, ოცი თეთრი ვერ მოვაგროვეთ...
- ეს გამოქლიავებული ზახოდა რას ადგას თავზე? მთავარანგელოზია?
- დილაზე ერთათ გაუკეთებიათ. მერე ეს წამოსულა და კიდე გაუკეთებია, ორი იმდენი, - თქვა ერთმა პატარა ბიჭმა.
- ორი იმდენი რამდენია, ბიჭო? - გაეცინა ზურას.
სხვებიც ახვიხვინდნენ.
ზახოდა ხელების ფშვნეტით გამოვიდა ეზოდან და ზურას მანქანაში ჩაჯდა:
- რა არი, ზახოდ?
- რა უნდა იყოს? გამოვიდა. გამოახილა თვალები და წყალი მინდაო. 

ბეე... არ იცი, რა ღორია? დაჯე ზურაჯან, დაჯე...
ზურაც ჩაჯდა.
- აბა, დავაი... - და უკანსვლით გაიყვანა მანქანა.
- თბილისელი და ეგეთი ჯიგარი გინახავს? - იკითხა ერთმა ბიჭმა.
- ვაკელია, - თქვა ვიღაცამ.
- არა, ძმაო, არ მინახავს, - ჩაცუცქდა უმცროსი არტემას ბიჭი.
- ცუგო გამოვიდა, ე, - თქვა ზახოდამ. - ვერა ვნახე, ტო. დღეს გამოვიდა... ახლა თითო გავიყაროთ და მერე ჩავალ... სამმართველო დარბის წყნეთში, - განაგრძო საქმიანად. 

- არ უნდა გამოსულიყავი აქა, ამდენმა ხალხმა დაგინახა. ერთი ნასეტკა მაინც იქნებოდა...
- მე რო არ გამოვსულიყავი, კლავდით ამ ჩემისას და, - თქვა ზურამ.
- მაგრა დარბის სამმართველო. მითითებაა, რო, კაროჩე, გაწმინდეთ... ცუგოს უთქვამს, შემოსული არ ვიყავი სახლში, მომადგენო...
ღამე ოცდამესამე 
მერე ზურა დიდ ოთახში იწვა, ძველ დივანზე, და ტელევიზორს უყურებდა, ტელეფონმა რომ დარეკა:
- სახლში ხარ? - ლიკა იყო.
- ხო.
- ჩვენ რესპუბლიკურში ვართ...
- რა?
- ხო... ახლა არ ინერვიულო, უკვე ყველაფერი კარგადაა. გესმის? ხო, შენმა ძმისშვილმა ვენები გადაიჭრა...
- რა?
- ხო. აი, ასეთი ქალბატონია. 

გადაიჭრა ვენები, მარჯვენა ხელზე.
- რატომ?
- კითხე და გეტყვის... აქ მოიყვანა სასწრაფომ. იმ დებილმა მიუსწრო ჩვენდა ბედად. - ლიკამ ხმას დაუწია, - იმის შვილმა. აქ აგდია... პალატაში უზის. ვერც ხვდება, რო წავიდეს.
- ვინმე უყვარს? ვიღაცა უყვარს...
- რა ვიცი, ჯანდაბა. 

დღეს მაინც აქ იყოსო, და ვრჩები.
- მერაბა მანდ არი?
- აბა, სად ეგდება. მთვრალია... საორდინატოროში ზის და მორიგესთან ერთად ვისკის სვამს.
- ლიკა, ახლა წამოვალ...
- არა. იყავი.
- წამოვალ. ბენზინიც არა მაქ... არც ფული, - წაიბურტყუნა ზურამ. - მოვდივარ.
- კარგად დაკეტე ყველაფერი, - დაადევნა ლიკამ.
ზურამ ტელეფონი მიაგდო და ზანტად წამოდგა.
- გამოქლიავებული ბავშვი... 

ახლა მერაბა ნაკოლკას უნახავდა და დაიწყებდა სმას. ჩემ თავს ველაპარაკები, ე. არ შეიძლება, რომ წყნარად დამამარხვინოთ ჩემი საცოდავი კლასელი? ესენი ვინ არიან, წვეთი ლიმონი არ შემარგეს. მორჩა. ზეგიდან ვიწყებ სმას. რა ზეგიდან? ხვალ საღამოდან. ეს ზახოდაც უნდა მოვტეხო. 

გადავაგდებ სმით. 

მორჩა... ან რა იყო, რა სამი დღე და არ მაცალეს. გერაინზე მეორე დღეს შემჯდარი ხარო. დღეს მესამე დღეა. მე ვარ შემჯდარი? შემჯდარი ვარ, აბა, რა... მოიცა, ხვალ დავლიო. 

ბევრს ლაპარაკობ, ჯიგარო. ხე-ხე-ხე, სიმონ. წავედით. ტო. ამისი, ეთერიკომ გადაიხსნა. ეთუნამ... ფუ. 

რეებს ვლაპარაკობ. ვყე, ვყე... წავედით. რამეს შეგარგებენ?
არა, შეიძლება ყოველდღე?
ერთი შემარგე, რა. ეს საწყალი კიკილაც, ყურშა. რო დაღამდეს, არ შეიძლება?

ღამე ოცდამეოთხე

მერაბი გვარიანად იყო განწყობილი. დილიდანვე თბილისში ჩამოქრიალდა. 

მერე კიდევ უფრო გამეტებით დააწვა გაზს და სამსახურში მიქროლდა. ვინ, ვინ და, მერაბ ჟურული ჭკვიანი კაცი იყო. ყოველ შემთხვევაში, საქმე იცოდა. იცოდა და ასეც უნდა ყოფილიყო. მერაბი ადრე იყო სულელი და ვითომ ქუჩის ბიჭი, თორემ ახლა ტყვიების ზუზუნმა დააჭკვიანა. თვითონ ასე ეგონა, ეს ცხოვრება რა ყოფილა, როგორ შევიცვალეო, და ცდებოდა, თუ არა, ამას მისი ფიქრი ვეღარ სწვდებოდა.
სამუშაო ოთახში შესული მერაბი ბიჭებს მიესალმა, თავის მაგიდას მიუჯდა და ყველა უჯრა რიგრიგობით გამოწია. აქვე უნდა ითქვას, რომ მერაბი უშიშროების სამინისტროს მომარაგების სამმართველოში მსახურობდა და ნამდვილ უშიშროებასთან საერთო ბევრი არაფერი ჰქონდა. 

ამიტომ უჯრებში სულ ტყუილად იქექებოდა. რისი გაგებაც სურდა, იქ არ იქნებოდა. მერე თაროზე ჩამწკრივებულ საქაღალდეებს შეხედა და ხელი ჩაიქნია.
უშიშროებაში უყვარდათ მერაბი. არსებობდა ურყევი აზრი, ნაღდი ქალაქელი კაციაო. მერაბს და ზაზა ტოროშელიძეს ერთი ავტონაწილების მაღაზია ჰქონდათ და ელიავაზე ხუთი დახლი ეჭირათ. ისა და ტოროშელიძე კასპელებთან ერთად რესტორანს აშენებდნენ კავთისხევის გადასახვევთან და ეს იყო სულ. მერაბი ძალიან კარგად იქცეოდა. 

ერთი განყოფილების უფროსი, ძველი პოლკოვნიკი ყოველი მეორე ჭიქის შემდეგ ეტყოდა ხოლმე: \"დავაი, დაწერე განცხადება და გადმოდი. მეტი რა გითხრა? დავაი. მე შევალ მინისტრთან. შენისთანა ნაფრონტალი იყო ალექსი ინაური და პირდაპირ ცხენიდან გადმოჯდა შინსახკომის კრესლოში\".
მერაბს ეცინებოდა, არ უნდოდა. რა ჯანდაბად უნდოდა დაზვერვა და ჯაშუშობანა? მერაბი იყო ვაკელი. ხმაურიანი წარსულით. თანაც იცოდა - თვალში არ შეეჩხირო. 

ეს მამამისის სიტყვები იყო. მამა ოთხმოცისა გახლდათ და ბევრი რამ გაეგებოდა. მერაბმა იცოდა, მამამისი ყოველთვის მართალი იყო. ერთხელ ლიკას უთხრა, მამაჩემი, \"ბრეივჰართში\" რო იმ შავწვერა ბიჭის მამაა, იმას გავსო.
მერაბი ოხრავდა.
მერე წამოდგა და დერეფანს გაუყვა. სადღაც ბოლოში დააკაკუნა. \"მობრძანდითო\", - გაიგონა და შევიდა.
- ვა, მერაბ, უჟე? - ჰკითხა დამხვდურმა. დაბალი, მოქნილი კაცი იყო, სავარძელზე ტრიალებდა.
მერაბმა უბიდან ასხმულა ამოიღო და წინ დაუდო.
- სპასიბა, გლიგორიჩ...
კაცმა ასხმულა უჯრაში ჩააგდო და კვლავ ჰკითხა:
- უკვე გაძარცვე?
- ხო.
- რა იყო, გაგიკეთეს მაინც?
- რავი, სულ ეგრე ემართება. 

ეგ შენი ატმიჩკები რო არა, - გაიცინა მერაბმა. - ახლა გზა ვისწავლე. თუ ვინმეს მანქანა ჩაეკეტება, შენთან გამოუშვებ...
- კოპერატივი გავხსნათ... - გაიცინა კაცმა.
იმაზე ლაპარაკს აღარ გავაგრძელებთ, რომ ამ ასხმულამ სულ იოლად გააღო რამაზა ყურაბელიძის მანქანის საბარგული.
- ჯაყოი არ გინდა კაპრატივი... - თქვა მერაბმა.
- დაჯე, რა.
- არა, გავრბივარ, - მერაბი დაჯდა. - რა ხდება?
- ტრაკოვსკი, - ტუჩები დაბრიცა კაცმა. - დომხალი.
- უცხოელები?
- რა უცხოელები? ხელი ხო უნდა გაანძრიო.
- შენა... 

მისმინე... ისინი იპოვეს? წითელი ჯვრის ხალხი...
- ტელევიზორს არ უყურებ?
- სადა, გლიგორიჩ. მიდი-მოდი...
- მიდი-მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... - წაიღიღინა კაცმა. - იპოვეს რა. მოლაპარაკებები იყო.
- და ის ქალი?
- ვინ ქალი?
- ამერიკელი?
- რომელი ამერიკელი?
- თუ ინგლისელი. რა ვიცი... 

თქვენგან ვიცი. აი, მეცნიერი და რამე. რო ამბობდა იმ დღეს ამირანა, იქ რო ვიყავით, დუქანში. აი, კისერზე ირტყამდა ხელს. ტკაც! აი, აქ მაწევსო, - ახითხითდა მერაბი.
- ჰოო, - მოიღრუბლა კაცი. - მართლა აწევს, ხო იცი... ოღონდ ქალი კი არა, კაცი.
- ქალიო.
- კაცი, კაცო. 

გადი გურამასთან და ნახე სტენდზე. ოთახში უკიდია სურათი.
- რატო უკიდია?
- რა ვიცი. არ შეიძლება და უკიდია ორასი სურათი, ასე უფრო ვიმახსოვრებ სახეებსო. ჩამოვახსნევინე და ისევ დაკიდა.
- გიჟია ეგა ...
- გიჟია, აბა რა არი.
- მე ქალი მახსოვდა, - მხრები აიჩეჩა მერაბმა.
- არა, კაცი. გვარიც ვიცი... ორი თვეა, არ ჩანს. ოფიციალურად არ არი დაკარგული. 

არც არავინ არ ეძებს. გორში წავიდა, სტალინის მუზეუმში, და გაქრა. ხაზეიკას უთხრა, მივდივარო მასალების მოსაძიებლადო. დისერტაციას წერს.
- გორში რა უნდოდა, ტო, - თქვა მერაბმა.
- დისერტაციას წერსო... რავი, მაგის დედაც... ამ საელჩომ სულ...
- ეე... გიჭირს, გლიგორიჩ, ჩემი არ იყოს, - წამოდგა მერაბი. 

- წავედი...
- არ დაიკარგო.
მერაბმა კარი გამოიხურა და დერეფნის სხვა ბოლოსკენ წავიდა. იქ კარგა ხანს ათვალიერა კარები და მერე ერთ-ერთს მიაწვა. ოთახში თითქმის ბნელოდა. ფარდები ჩამოეფარებინათ. სუნთქვა ჭირდა. სათვალიანი გამხდარი კაცი მაგიდასთან იჯდა და რაღაცას კითხულობდა. მერაბი რომ შევიდა, ფურცელი გადააბრუნა.
- დამალე, ხო, დამალე, - გაიცინა მერაბმა. 

- ამოიბუგები აქ...
- ერთი ვინტილიატორი რა გახდა, ძმაო? - წყენით თქვა დამხდურმა.
- აბა, რატომ მოვედი? - ჰკითხა მერაბმა. - შემოუშვებ ახლა ხელოსანს, რო გამოვზავნო? ჩაიხედავს მაგ კონდიციონერში.
- მოეთრეს, ძმაო, მოვიდეს, - წამოდგა კაცი. - დავიწვი, რა, გერეუში არ ფუჭდება კონდიციონერები და თუ ფუჭდება, ერთ საათში აკეთებენ.
- გერეუს რათ უნდა კონდიციონერები, იქ სულ ცივა, - თქვა მერაბმა და კედლის დაფაზე მაგნიტით მიკრულ, ქსეროქსით გამრავლებულ ფოტოებს მიაშტერდა. - ეს ვინ არი, ტომ კრუზია?
- ხო. ტომ კრუზია...
- არა. მართლა... ეს რა კაი გოგოა, ტო... 

ცოლ-ქმარი არიან?
- არა კაცო... რა ცოლ-ქმარი. ეგ ბიჭი დაიკარგა. ეგ გოგო ჩამოვიდა. ის კაცი მიდის... რას მალაპარაკებ?
- ო, საიდუმლო.
- საიდუმლო კი არა, გააკეთებინე.
მერაბი თვალს არ აცილებდა სტენდს:
- კი მარა, რო შემოვედი და ფურცელი გადაატრიალე, ეს რო ასე გაქ გამოფენილი ერმიტაჟივით, შეიძლება?
- წადი რა, - შეევედრა სათვალიანი. - გამოუშვი ხელოსანი...
- ეხ, გურამ, გურამ, გურამიკო. 

თხუთმეტ წუთში მოვა, - და კარი გამოიხურა...

ზაურა გაჯიევის სათვალე
ეჰ, ვდგავარ ქუჩის კიდეზე, ვდგავარ და ვდგავარ. მშობლიური სკოლის ალაყაფთან. აივლიან კაი ვინმეები, ჩაივლიან. 

ახლაღა დავაფასე სიცოცხლის საკითხი. ხვალ ჩემი დაკრძალვაა. ისე, მაგარი ვინმე გამოვდექი. ერთხელ არ შემიხედია სახლში. 

იქ რა დამრჩენია? ბიჭები სხედან და... თქვენა სხედხართ, ძმანო, თქვენ უკეთ არ იცით, მანდ რაც დამრჩენია? ეე, რაც მანდ გოგოები მოგვყავდა. და არ გამოგვდიოდა.
რა საინტერესოა, რატომ არ გამოგვდიოდა?
ან ისინი იყვნენ ცუდი გოგოები, ან ჩვენ ვიყავით კარგი ბიჭები.
აი, ახლა ვდგავარ და ვფიქრობ. გახსოვთ ჯადოსნური სათვალე? ასეთი რამ ვაიოს ველებზე ვაზის მომყვან ხალხს არ ეხსომება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს.
უნდა გახსოვდეთ, ძმანო, თუ ვაკის სკოლაში გისწავლიათ.
მე, პირადად, ამას ზაურა გაჯიევის სათვალეს ვუწოდებ.
ზაურა გაჯიევი ჩვენს კლასში ექვს თვეს სწავლობდა. ახლა კი მძღოლია და სერიოზულ ხალხს დაატარებს.
ზაურა გაჯიევს გააჩნდა უნარი თავისი აზრების გაჭირვებით, რომაელი ვეტერანის დარად გადმოცემისა.
ზაურა გაჯიევი ტომით ზემო ვაკელი იყო, ასირიელთა მოდგმიდან და მე ახლაც ვხედავ ბარნოვის ქუჩაზე, სადაც მისი ხაზეინი ცხოვრობს.
მასში სუნთქავდა ვაკის უძველესი მოსახლეობის, მთიანი ვაკის ლეგენდები, აქაური მუშათა კლასის ადათები და ხასიათი.
და ერთხელ, როცა გაილია გეოგრაფიის გაკვეთილი, ხოლო კოკამ დააძრო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ მამამისის მიერ შვედეთის საერთაშორისო სიმპოზიუმიდან ჩამოტანილი ფრიად უწყინარი ეროტიკული ბუკლეტი და ჩვენ უცხო რამ ხილთა შესატკბობად შემოგვიკრიბა, ზაურა გაჯიევმა თავისებურად, მძიმედ თქვა:
- სად ნაღდი ქალი? ამას არ უჩანს რამეები.
ჩვენ ამან როდი დაგვაბრკოლა, თუმცა, მაინც...
- ჩემი უბნელია, ვზროსლი, კოტე, - განაგრძო გაჯიევმა. - რუსეთშია ნაჯდომი. 

იმას სათვალე აქვს, გაიკეთებ, ყველა ტიტველა გამოჩნდება.
ახლაღა ვხვდები, რომ იმის შემდეგ ვეღარ ვიტან შიშველ ქალს დღისით, ანუ მზისით.
- ეს გაჯიევი სულ სიაბანდია, რა, - თქვა ხმამაღლა ქონამ.
- შენ, სიაბანდო, არ წაგცხო, - გაბრაზდა გაჯიევი. - რახანაც გადმოსული ვარ? გეუნები, აქს. მეც მაჩვენა. გაიკეთებს, დადის, ქალებს უყურებს. აბა, ეს, რა? ზიზღით დახედა კოკას ბუკლეტს.
- მიდი, რა, - ეწყინა კოკას. - მომეცით, უნდა შევინახო...
- შენ გაგიხედია? - ჰკითხა ქონამ დამცინავად.
- მე არ მახედებს! პატარა ხარო, - ამაყად მიმოიხედა ზაურა გაჯიევმა. - მასწავლა. 

ხვლიკი უნდა დაიჭირო, იმის კუდი მოაძრო და შუშაზე წაუსო. წინიდანაც, უკნიდანაც. როგორც კრასკა...
- ინგლისურის მასწავლებელს უნდა შეხედო, - იოცნება ვიღაცამ.
- არა, აი, ის როა, მეათე მეორეში...
და ზარიც დაირეკა. აი, მანდ, არაყიშვილის კუთხეში რომ გრძელი ფუნთუშები იყიდებოდა, გახსოვს?
საღამოს ზურამ დამირეკა. ასეც უნდა ყოფილიყო. ძია მიშა ჯერ კიდევ მინისტრი იყო. გაიხსენე, ძმაო, გაიხსენე.
- მისმინე, ვაკის პარკში ხვლიკები იქნება?
- არ ვიცი. 

იქნება?
- მამაჩემის შოფერს მოვაყვანინებ.
- ასწორებს.
- მამაჩემის შოფერმა თქვა, კუს ტბაზე ნაღდად იქნებაო. მარა მალე, შეიძლება, აღარც იყოსო, შემოდგომააო და აცივდებაო...
ასე დაიწყო ეს ამბავი და იმდენი რამ გადაგვხდა თავს, რომ კაცი იტყოდა, ტოლკიენის სამივე წიგნში გაიარესო. ამის მიუხედავად, ხვლიკი მაინც ვერ ვიშოვეთ, არადა, ნამდვილად ღირსნი ვიყავით, ნახევარი ხვლიკი მაინც გვრგებოდა.
ზაურა გაჯიევს სულაც არ ახსოვდა ეს ამბავი, ზარის გორებას ესწრებოდა კუს ტბის ძირას მიშენებულ უბანში და ჯიბეში კამათლებს მალავდა.
ერთ დღესაც ზურამ ხელი გადამხვია და დერეფნის ბოლოში გამიყვანა.
- მისმინე, - მითხრა ჩუმად, - ცოცხალი ხვლიკი მყავს სახლში. მემაწვნემ ჩამომიყვანა. დედაჩემს ვუთხარი, ზოოლოგიაში გვჭირდება-მეთქი და დააჭერინა.
ხვლიკი სამლიტრიან ქილაში ჩაემწყვდიათ. უაღრესად ბოროტი თვალები ჰქონდა და ხასხასა მწვანე იყო. ქილა ეზოში ჩამოვიტანეთ და ზურამ მაკრატელი გააძრო უბიდან.
- კუდი უნდა მოვაჭრათ, - თქვა საქმიანად, მაგრამ როგორ უნდა მოგვეჭრა?
- მიდი, შენ ამოიყვანე, - შემეშინდა მე. 

- მე მოვაჭრი...
- შენ ამოიყვანე...
- მე არ ამოვიყვან, თუ გინდა, მოვაჭრი...
ამასობაში ჩამოღამდა კიდეც. როგორ ამოვიყვანდით?
ხვლიკი ზამთრის პირას აღესრულა ქილაში, გაჯიევს კი ჯადოსნური სათვალე აღარც უხსენებია.
უკვე გაზაფხულზე ზაურა და მე ერთ მერხზე მოვხვდით რომელიღაც გაკვეთილზე და ვკითხე, სათვალისა რა ისმის-მეთქი.
მან უკვე დამშვენებულ ღინღლზე მოისვა ხელისგული და წამჩურჩულა:
- კოტე სროკზეა. ფული შეუგზავნეს ახლობლებმა. სათვალე არ ვიცი... ძაღლობა წაიღებდა. ვის არ უნდა ეგეთი სათვალე?
- და ხვლიკი? - არ მოვეშვი მე.
- იმას ყველა ხვლიკი კი არ უდგება. კოტემ იცოდა. 

ზონაში იციან... კოტეს წამოაყენებენ მალე და თუ ძაღლობამ არ წაიღო, მე ვთხოვ, ქურდი იქნება და მაგაზე მეტყვის არას? თითონ რამდენს იშოვის...
ეს იმ დღეს იყო, ზურამ რომ შიხრაშვილი ცემა. კარგად მახსოვს.
შვიდი წლის წინათ შიხრაშვილი ავტოინსპექტორი იყო, გაჩიანზე იდგა. გაჩიანზე დგომა რას ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ რომ შემხვდა, მითხრა, გაჩიანზე ვდგავარო, და მეც აღარ ჩავეკითხე. დავით ულუ რომ იდგა სიბაზე, რაღაც ისეთი უნდა იყოს.
ახლა არ ვიცი, სად დგას.
ზურას ეცოდინება, ძმებო.

ღამე ოცდამეხუთე

უცნაურია არა?
ეკა კაფეში იჯდა და ელოდებოდა... რამაზა ყურაბელიძეს.
ასეთი რამ არ მომხდარა, აგერ უკვე... თუმცა ასეთი რამ არც არასდროს მომხდარა. 

ყოფილა, რომ ერთად მოსულან, ყოფილა, რომ რამაზა ელოდებოდა ხოლმე რუსთაველზე \"მარკო პოლოში\" და იქ მისულს, თვალების ქაჩვით, ხმადაბლა აგინებდა. სახის ყველა ნაკვთი გაქვავებულივით ჰქონდა ასეთ დროს, მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა და მაგიდაზე ხელებდაყრდნობილი, მოგუდულ ხმებს ისროდა საფანტივით.
ერთხელ ეკამ ყავის ფინჯანს დააფარა ხელი.
- რას შვები? - წარბები შეკრა რამაზამ.
- მეშინია, შენი თვალები არ ჩაცვივდეს, - გაუცინა ეკამ.
და ახლა \"ალბატროსში\" იჯდა და ელოდა.
უცნაური იყო.
ეკა ლამის საათ-ნახევარს რეკავდა. რამაზას მობილური გამორთული ჰქონდა. მერე თვითონ დაურეკა.
- სად დადიხარ? - ეკა გამწარებული და შეშინებული იყო.
- რა შენი საქმეა.
- აბა, რაღას რეკავდი?
- დამჭირდა და დაგირეკე. სად ხარ?
- სახლში, - ამოიოხრა ეკამ.
- რა იყო, რა მოგეჩვენა?
- მაგისთვის რეკავ?
- მოიცა ერთი, - რამაზას მეტად თამამი ხმა ჰქონდა. - საქმე მაქვს. მისმინე. 

ახლა ჩაიცვი, წადი და \"ალბატროსში\" დაჯექი. ერთ საათში მოვალ...
- რა მოხდა?
- რა უნდა მოხდეს. მოვალ. დალაპარაკება მინდა...
- სახლში მოდი და აქ დავილაპარაკოთ, - ეკა თითქოს უძლურად იყო.
- სახლში მე აღარ მოვალ, - ჩაიცინა რამაზამ, - უფრო სწორად, ერთხელ მოვალ. 

ანზორას საროჩკა უნდა მივცე და \"მალბორო\". ხო არ გახსენი?
- ერთი გავხსენი, - ენა დაება ეკას, - მთვრალი ხარ? არ მოვალ, იცოდე...
- რა მთვრალი? - გაეცინა რამაზას, - დალაპარაკება მინდა...
- კარგი, - კბილებში გამოსცრა ეკამ, - დავილაპარაკოთ.
- მოკლედ, ერთ საათში იქა ვარ, - რამაზამ ტელეფონი გამორთო და ლიკას გადახედა; - ჭამე რა, საზამთრო. ხო კაი ადგილას მოგიყვანე?
- ო, დიდებული ადგილია, - ჩაიცინა ლიკამ.
- ეს ჩვენი კუპეა, ბიჭების. 

ქალაქგარეთაა, მოყუჩებულია...
- რაო?
- ცოტა შეშინდა, ცოტა, - გადაიხარხარა რამაზამ, - ცოტა...
- ძუძუს აგახევ, რამაზა ყურაბელიძე! - ეკამ მობილური ლოგინზე მიაგდო და სარკესთან დაჯდა. - ხვეწნაში ამოგძვრება სული.
და ახლა \"ალბატროსში\" იჯდა და ელოდა.
კაპუჩინო მოედგა და იმ გახსნილ \"მალბოროს\" ეწეოდა.
რამაზა მოვიდა. თეთრი მოჭმუჭნილი პერანგი ეცვა და შავი სათვალე ეკეთა. კრემისფერი შარვლის ცალი მუხლი გაჭუჭყიანებოდა, თითქოს ნივრის კვლებში ჩაიჩოქაო.
დაჯდა და გაუცინა.
- რა გეტაკა? - ჰკითხა ეკამ.
- ხმა, - გაიღიმა რამაზამ, - ახლა უნდა ვჭამოთ. ამათ აქვთ კალმახის ბლუდა. იტალიურად, თუ რა ვიცი... დიანა, გენაცვალე... 

მოდი... ახლა ჩვენ, ორი კალმახის ის რო გაქვთ, და ერთი დიდი ხაჭაპური და რას ვსვამთ?
- მე -\"კოკა კოლა\", - განზე გაიხედა ეკამ.
- ხოდა, მე ერთი \"ჰაინეკენი\"... გავარდი, მიდი...
- როგორ მოიარე? - ჰკითხა ეკამ.
- გადასარევად, მთელი ნივრომრეწველობა, აი, აქ არი, - ხელისგული დაანახავა რამაზამ.
- ბოზები მოგეწონა? პუტანკები?
- აქაურებს ჯობიან. უფრო პატიოსნები არიან...
- მოიხსენი ეგ სათვალე, რა წესია?
- ოო, ეს ჯადოსნური სათვალეა, - თქვა რამაზამ ვითომდა სერიოზულად. - გაიკეთებ და ყველაფერს სხვანაირად ხედავ. აშიშვლებს ადამიანებს. გაიკეთებ და, რაც აქამდე დაუნახავი დაგრჩენოდა, ყველაფერს გადაგიშლის.
- ესე იგი, ახლა შიშველი ვარ? - ტუჩი აიბზუა ეკამ.
- დიახ... 

ხო მართლა, ახალი ამბავი უნდა გითხრა: შენი ძვირფასი მერაბიკოს შვილმა ვენები გადაიჭრა და შენმა ძვირფასმა შვილიკომ წაიყვანა საავადმყოფოში.
- რას ბოდავ?
- ვბოდავ რა, ეგრე იყო. დავდივარ ქალაქში, ამბები მესმის...
- როდის მოხდა?
- დღეს, ალბათ, რა ვიცი, - უდარდელად თქვა რამაზამ და სკამზე გადაწვა, - უჰ, დავიღალე. ახლა მაზიანზე ვერ გიზამ ვერაფერს.
- შეგიძლია, რო? - წაისისინა ეკამ და მიხვდა, რომ არ უნდა წაესისინა. იცოდა, რომ შეეძლო, და ამას რამაზა ათწუთიან ქადაგებას მოაყოლებდა. მაგრამ რამაზას არაფერი უთქვამს, მხოლოდ ანიშნა, ჭამეო, და თეფშს ჩაუღრმავდა.
- მოიხსენი რა, სათვალე, რაღაც საზიზღრად გამოიყურები, - უთხრა ეკამ. - ეგ რომელი საროჩკაა?
- ვიყიდე, - ლუკმა გადაყლაპა ქმარმა.
- ღილი აგწყვეტია.
- აბა...
- აი, მეორე... მესამე...
კაცმა ჩანგლიანი ხელი ჩაიქნია:
- იაფი იყო... 

აქ ზაპასკა. მანქანა ხო არ არი, ზაპასკა არ ქონდეს?
ეკას ლუკმა გაეჩხირა ყელში.

ღამე ოცდამეექვსე:

- მერაბ!
მერაბმა მოიხედა.
- გამარჯობა, მერაბ...
- გამარჯობა, - მერაბმა კეფა მოიქექა მანქანის გასაღებით. \"მთელი უბანი მცნობს\", - გაიფიქრა დანანებით, - \"ახლა ამ ლოთს ხუთი ლარი ენდომება. ხუთ ლარზე ნაკლებს არ დამჯერდება. იცის, რო ადრე მერაბა ვიყავი\".
- ვერ მიცანი არა, მერაბ, - ისეთი წრფელი დანანებით ჰკითხა გრძელწვერა, ოდნავ ოფლიანმა კაცმა, რომ მერაბმა წამსვე გაიფიქრა: \"ათი ლარი\".
- ვერა, - მერაბმა თვალებში შეხედა კაცს, ჩაცვენილი ლოყები დაუთვალიერა და ძველ ფეხსაცმელსაც მოჰკრა თვალი.
- მერაბა ჟურული... ვაკის პარკი, ღია კინო... წამოდგა საწყალი გოგილო და ამბობს ხმამაღლა: მომიახლოვდი, საქართველოს დიდო სარდალო, და დარჩა ეგრე ხელგაშლილი... 

ჩვენ ვიფხრიწებით... საწყალი გოგილო კიდე დგას, ხელი ესე აქ და აქეთ-იქეთ აცეცებს თვალებს... მერაბ, მერაბ, იძახის. სად არი მერაბა? არ არი მერაბა. შეატოვა იმდენ ხალხს და ეკაიფება. მერაბას ხო უნდა ეთქვა: მადანა მოვიდე, ბატონო? არ არი მერაბა, - კაცი გაფარჩხულ ულვაშებზე იფარებს შეკრულ მუშტს და ბებრულად იცინის. უკბილო პირს მალავს ამ მუჭში.
- ჟუკა?
კაცი თავს აქნევს უარის ნიშნად და ახველებს. 

ჯიბიდან \"რედ ენდ ვაითის\" კოლოფს იღებს, სიგარეტს აძრობს და ჯიბეებზე ხელებს იტყაპუნებს.
- ტატო, - იცინის მერაბი. - ტატო...
- ტატო, ტატო, - ამბობს კაცი და ერთმანეთს ეხვევიან.
- ტატო, - უკვირს მერაბს. - ტატო...
- ხო, მერაბ... გასუქებულხარ.
- შენ გამხდარხარ... - ისევ იცინიან. - სად ხარ, რას შვები? - ეკითხება მერაბი.
- აქა ვარ, - მოწყენილი უპასუხებს ტატო.
- თემურა ტატიშვილი, - მერაბი უყურებს და ულვაშებში ეცინება. - ა, ტატო. 

რა დრო იყო?
კაცი თავს უქნევს და ბოლს უშვებს ნესტოებიდან.
- წამო რა, დაჯე მანქანაში, - ეხვეწება მერაბი. - წამო რა...
- არა, არა, - ირცხვენს ტატო. - არა, ტო, შენ საქმე გაქვს.
- რა საქმე მაქვს? წამო რა, წამო. წამო რა, ვილაპარაკოთ. სადმე გავიდეთ...
- არა, მერაბ, არა, არა, მერაბ. ვაკეს არ გავცილებივარ ხუთი წელიწადია.
მერაბი მკაცრად ეკითხება:
- სვამ?
- არი ხოლმე...
- ზაპოიში ვარდები?
- არი ხოლმე...
- წამო, წამო, - მანქანისკენ მიათრევს მერაბი. - წამო, - და სხდებიან. 

- მოყევი ახლა...
- რა მოვყვე? გასტრონომთან ვდგავარ, - მუჭში იცინის ტატო. - ძველი დრო ხო არ გგონია.
- იმუშავებ? - ეკითხება უცებ მერაბი. - ახლა არ თქვა, არხიტექტორი ვარო. ახლა ყველა არხიტექტორი პრარაბია. რა სუ სვეტაფორებია დღეს...
ტატო მხრებს იჩეჩს.
- მისმინე... კასპთან რესტორანი შენდება. ნოემბერში უნდა იყოს. 

იმუშავებ?
- იქ რა გავაკეთო?
- რავი... გამოჩნდება.
- მწვადის შეწვა მე არ ვიცი, - ამბობს ტატო.
- არც მე არ ვიცი და ვმუშაობ... მისმინე, დაიწერე ჩემი ტელეფონი. ახლა, სანამ ფხიზლები ვართ.
- სად დავიწერო?
- ვაა... რა კაცი ხარ... კნიაზ ტატიშვილი... გამოწიე ბარდაჩოკი... 

აი, მანდ ნახე...
ტატო უაზროდ ატრიალებს ხელს უჯრაში.
- შენა, - ამბობს უცებ გაბზარული ხმით, - იმ დღეს გნახე და ვერ მოვედი. მომერიდა, რა ვიცი...
- აუ, რა გიჟი ხარ, სადა?
- ჩინურ რესტორანში, - დამნაშავესავით ბლუკუნებს ტატო. - ვანიკო გამოდის ხოლმე ჩემთან, მნახულობს და რავი... მე ვიფიქრე, ერთი კაი ჩაის დავლევთ-მეთქი, და შენ და...
მერაბი ხითხითებს:
- მე იცი, რას ვეძახი? დვაცატ ლეტ სპუსწЎა... რავი, ეგრე გამოვიდა, ტატო. მოსულიყავი, ტო, მე იმ სიბნელეში რას დაგინახავდი, სინათლეში ძლივს დაგინახე. რა ხარ ეგეთი...
- მამა როგორ არი?
- არი, რა. 

აკაჩავებს განტელებს. ახლა წაგიყვან სოკოს მწვადებზე... მაიცა ერთი, - მერაბი აწკრიალებულ მობილურს იძრობს ქამრიდან. 

- მაიცა... ხო... სადა ვარ და ქუჩაში ვარ. საქმეზე. 

ხო, მანქანაში ვარ... ხო, მაიცა... რა?.. რა?.. ვინა... როდის?.. რა?.. 

არ ვნერვიულობ, კაცო... აბა, არ ვინერვიულო?-... და დაამუხრუჭა. - მანდ რაღა უნდა. ხო, ახლავე ამოვალ...
- ხო მშვიდობაა, მერაბ? - დაიბნა ტატო.
- ვახ, მაგისი... ჩემმა შვილმა ვენები გადაიჭრა. ვახ, მე მაგის დედა მტყნ... 

დედამისი იყო...
ტატო გაფითრდა.
- კარგათ არი, კაცო... ეგრევე ჟგუტი და გასაკერათ რესპუბლიკურში. ამხანაგი იყო სახლში... ბიჭო, დებილია, დებილია, გაიგე? - საჭეს დაჰკრა ხელისგული მერაბმა და დადუმდა.
ტატომ სიგარეტს მოუკიდა და მერე თითი გამოსდო სახელურს.
- წავალ მე, მერაბ...
- არ გვაჭამეს და არ დაგვალევინეს, რა... - თქვა მერაბმა. - მოიცა... ეხლა შენ დღეს უნდა იქეიფო.
- მოიცა რა, მერაბ, რა უნდა ვიქეიფო, - მანქანიდან გადაბორძიკდა ტატო. 

- წავედი. გნახავ...
- მოიცა, - მერაბმა კარი გააღო და ქშენით გადავიდა. ჯიბეში ჩაიყო ხელი. - მე ხო იცი, უბუმაჟნიკო ბიჭი ვარ...
- კარგი რა, - უკან დაიხია ტატომ.
- ნუ მაყვირებ ახლა, - ხელში ფული ჩაუტენა მერაბმა, - და დარეკე.
მერე წავიდა და ჩაჯდა, მაგრამ იმწამსვე გადმოვიდა მანქანიდან:
- ტატო...
- ჰა, - ტატო შორიახლოს იდგა, მოწყენილი და თითქმის დარცხვენილი.
- მაიცა... შენ ხო სათვალეები გიყვარს, - და მზის სათვალის თავზე ჩამოცმა დაუპირა, - ჩემ გასიებულ თავზეა გაწელილი...
- ე, კარგი რა, - ხელი შეაშველა ტატომ...
- აი, ეგრე. აჰა, ნაღდი ისა ხარ... რა ქვია?
- როლინგ სტოუნზ, - თქვა რატომღაც ტატომ.
- ისა, კაცო, - მერაბმა ხელი ჩაიქნია და ჩაჯდა. 

- დარეკე...
ტატოს არ გაუგონია. არც ჩაუწერია.
მერაბმა ერთხელაც გააჩერა, ნახევარლიტრიანი \"ბალანტაინსი\" იყიდა და რესპუბლიკურისკენ დააწვა.

ღამე ოცდამეშვიდე

ეკა იჯდა და უყურებდა, როგორ ჭამდა რამაზა ყურაბელიძე.
- არ გშია და რატომ ჭამ? - სიგარეტს გადასწვდა ეკა.
- რვა ლარი ღირს და იმიტომ... - აღიარა რამაზამ.
- ეგეთი მათხოვარი როდემდე უნდა იყო?
- დღეს ბოლო დღეა, - ხელსახოცი გაიხმარა რამაზამ. - ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ.
- ჭამა ვერ გასწავლე, გაიწმინდე თითები.
- უკვე გავიწმინდე, - სიგარეტს გადასწვდა რამაზა. - მდაა... ახლა ვილაპარაკოთ... ესე იგი, მე მივდივარ საზღვარგარეთ. 

ხო... - რამაზა დაელოდა, ეკა თუ იტყვის რამესო, მაგრამ ეკა დუმდა. - ხო. ჩამოვალ ხოლმე. მანამდე... დიდი ხნით მივდივარ, დიდი ხნით... სულ მივდივარ. 

ცოლი უნდა შევირთო იქ. ახლა ბარსელონაშიც ჩამომაკითხა... ხო.
რამაზა კვლავ დადუმდა, ეკას კი კვლავ არ ამოუღია ხმა.
- ხო. ამიტომ ჩვენ რა უნდა ვქნათ? - იკითხა რამაზამ და მასწავლებელივით უპასუხა: - უნდა გავშორდეთ.
ეკა უყურებდა და ეცინებოდა.
- გავშორდეთ, მერე, - უთხრა იოლად.
- ხოო... - გააგრძელა რამაზამ. - ახლა რა ხდება. ადვოკატი ჩვენ არ დაგვჭირდება. 

მაკუცუნაც სრულწლოვანია. სახლი უნდა გავყოთ.
- რატომ? - გაბრაზდა ეკა.
- მე ხო მინდა წილი?
- თუ აქედან მიდიხარ, წილი რა ჯანდაბად გინდა?
- მინდა. ფული ხო მინდა, - თქვა რამაზამ. - ახლა უყურე. ნივრები არის ერთი პირის საწარმო. ის ერთი პირი შენ ხარ. მე ვარ შენი დირექტორი. 

მე გამგებლის უბრალო მოადგილე ვარ. შენ ხარ ბიზნესმენი. ახლა რა ამბავია ამ ნიორში. ჩვენ გვაქ ხუთწლიანი კრედიტი. სამასი ათასი. პროცენტებს ვიხდით. სამ წელიწად-ნახევარში ეს კრედიტი უნდა დავფაროთ. 

ნიორი მუშაობს, მიდის. ნორმალურათ არი. გყავს ათი მუშა, აქედან მძღოლი... მოკლედ, ხვალ დილით მე შენ მთელ ამ საბუთებს გადმოგცემ მრგვალ ბეჭედს ხელში ჩაგიდებ...
- რაებს ბოდიალობ? - აღშფოთდა ეკა. - რაში მაინტერესებს?
- როგორ არ გაინტერესებს, - გაეცინა რამაზას. - მე დღეიდან დირექტორი აღარა ვარ. განცხადება დავწერე, წიგნში გავატარე. 

შენ ხელს მოაწერ...
- არაფერს არ მოვაწერ...
- ნუ მოაწერ. განცხადება არსებობს. თარიღი გატარებულია. მე აღარა ვარ დირექტორი. ახლა გინდა, შენ იყავი დირექტორი, გინდა, სხვა დანიშნე... მერაბა, მაგალითად, და, რაც გინდა, ის ქენი. მიხედე შენ შპსს. 

კრედიტი გაისტუმრე, ბუღალტერს ელაპარაკე, საგადასახადოს დახვდი. ნათესებში გადი, ტეხნოლოგიები ისწავლე...
- ბოდავ რაღაცებს...
- ვბოდავ კი არა, აგერ ბეჭედი და ქაღალდებსაც მოგცემ. მე შენი არაფერი არ მინდა. კრედიტი შენ გამოიტანე... ხო გახსოვს, ბანკში რო წაგიყვანე ხელის მოსაწერად? საწარმო შენია. პასუხისმგებლობა შენია. მიხედე შენს ბიზნესს და მიხედე შენს კრედიტს. 

გადახედე კოდექსს. ბინა შენ სახელზეა, აგარაკი შენ სახელზეა. ორივე ჩადებულია საგარანტიოთ...
- ეგ რას ნიშნავს?
- რას ნიშნავს და, სამწელიწად-ნახევარში გადაიხდი კრედიტს, გადაიხდი, არადა გაგიყიდიან ყველაფერს და, თუ არ ეყო, დავაი... იცი, რა კაი გოგოები სხედან ქალთა კოლონიაში?
- და შენ?
- მე რა? მე დირექტორი ვიყავი წელიწად-ნახევარი. ყოფილი ქმარი. გავშორდით და წამოვედი. ვცხოვრობ საზღვარგარეთ, მორჩა, - ხელები გაშალა რამაზამ. 

- ვერ დაგაწყნარე და რა ვქნა?
- კი მარა, ეგ ყველაფერი ხო შენია? შენ არ გააკეთე? შენ არ...
- ქაღალდზე ყველაფერი შენია, - გაუღიმა რამაზამ. - დაურეკე ახლა მერაბას და კითხე, რა ვქნა-თქო. უი, მერაბა დანიშნე დირექტორათ. იფ, რა გაეხარდება ქალბატონ ლიანას? დამატებითი შემოსავალი ექნებათ...
- ო, რა ახვარი ხარ...
- დღეს ბოლო დღეა. ხო, ახლა კიდე ისა, - ახალი სიგარეტი ამოიღო რამაზამ. - ხო. მერაბას რო შეხვდები კიდე, კითხე, ცოლ-ქმარი რო გავხდებით, ჩანგალს მეც მესვრი-თქო? ეხერხება ეგეთები. 

ოღონდ ისე მესროლე, რო მარჯვენა ბარძაყზე დამრჩეს შრამი-თქო. მაგის ცოლების ფირმენი ზნაკია - ბაყვზე შრამი.
რამაზამ წამოდგომა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა:
- ხო. ისა. იფიქრე ამაზე. ხვალ დილამდე გაქ დრო. ან, ესე იგი, მერაბა, ან გაუძეხი ბიზნესს, - გულიანად გაიცინა კაცმა. - ჰა, გაუძღვები? წავედი ახლა მე, სახლში გავივლი... 

- და წამოდგა.
- აქ დაეგდე! - კბილებში გამოსცრა ეკამ. - აქ დაეგდე, შე ახვარო... მათხოვარო... შე ნაბიჭვარო. რა გინდოდა მაგის ცოლთან? შენი ცოლისთვის ვერ მოგივლია.
- ვის ცოლთან? - გაიკვირვა რამაზა ყურაბელიძემ, - სხვისი ცოლები არ მაინტერესებს. ჩემი ცოლი მაინტერესებდა და გავარკვიე...
- დაჯექი, დაჯექი აქ და მისმინე.
რამაზამ სათვალე გაისწორა და ჩამოჯდა.
- მომისმინე, შე დეგენერატო. ხვალ დილამდე გაქ დრო, - დაიწყო ეკამ. 

- დღეს კაცი იყო მოსული. ის ბიჭი ხო ამოიცნეს.
- ვინ ბიჭი? - რამაზს შუბლი გაუცხელდა, სათვალემ კი თვალებიდან წამოსული ნაპერწკლები შეაჩერა.
- ის ბიჭი... - ნიშნის მოგებით უთხრა ეკამ.
- პისტოლეტი ტკვარშია, - ხელი ჩაიქნია რამაზამ.
- არ ვიცი. 

კაცი იყო მოსული, ვიღაც დეგენერატი. დაინახა ჩემთან ერთად... გაზეთიდან ამოჭრილი სურათი მაჩვენა...
- ო, შენი დედა მვტყნ, - აღმოხდა რამაზას. - ეკა, შენი დედა მვტყნ...
- ხვალ დილით მოვა სადარბაზოსთან. 

ხუთი ათასი დოლარი მინდაო.
- და ორი კვირის მერე ისევ მოვა ხუთი ათასზე, არა?
- მე რა ვქნა? მე ვიტყვი, რომ შემოგვივარდა და ვესროლე, - საცოდავად თქვა ეკამ.
- შიშველს, არა?
- ჰა?
- შიშველს ესროლე, არა? - დანა-ჩანგალს მოავლო ხელი რამაზამ. - შიშველს, არა? აიღე ლეიბი და დახედე მატრასს.
- მერე?
- მერე სისხლის ლაქაა.
- მერე?
- რა მერე?
- მერე, მე... საერთოდ, ეგეთი წესია. მაშინ მე ვიტყვი, რო, შენ შემოგვისწარი და ესროლე. შენ უნდა აიღო. ხო... თავისთავზე?
რამაზა ყურაბელიძეს მწარედ ჩაეცინა.
- აი, ჩათლახი, - თქვა თავჩაქინდრულმა. 

- სად უნდა თქვა?
- თუ დამიჭირეს, - მხრები აიჩეჩა ეკამ, - კაცი შენა ხარ სახლში...
- ვინ დაგიჭერს? ვიღაც შტერის ბრუტუნზე...
- იმან ბევრი რამე იცის. შრამიანი ისა ვარო... არტურა. არა, ვახტანგა.
- შრამიანი ვახტანგა?
- უშანგა.
- არ ვიცი, - წაიბურტყუნა რამაზამ.
- კაცი შენ ხარ. კაცმა უნდა აიღოს.
- მე ავიღებ, - დაეთანხმა რამაზა. - ოღონდ ჯერ უნდა გავშორდეთ.
- ეგ რაღაა? - თქვა ეკამ.
- ეგრეა.
- შენ... მე მაინც. 

შენ რო ჩაჯდე... ნიორი?
- ო, მაგაშია საქმე, - თქვა რამაზამ. - ადე, წამო ახლა სახლში. იქ ვილაპარაკოთ.
- უმანქანოდ ვარ, - თქვა ეკამ.
- კაი დროისაა...
- მე მეგონა, რო შენ მოაგზავნე... შესაშინებლად.

გზები და გზები... და გზები
- იქეთ ნუ გამახედებ, რა, - ხელი აიქნია მერაბმა და პლასტმასის ჭიქებში ჩამოასხა. - ვეძისისკენ ნუ გამახედებ, გია, რა, - მორიგე ექიმი, გია წულუკიძე, მერაბის ტოლი იქნებოდა, მშვიდი იყო, ვითარცა ზღვა კარგ ამინდში და მერაბის მოძღვნილ ვისკის ყლუპ-ყლუპ, იოლად სვამდა. 

- იქეთ ნუ გამახედებ, რა. ეს ონკოლოგიური რა ყოფილა, ძმაო. ეს რა ვნახე, ამდენი საცოდაობა. მანდ რო იმუშავო, რა გაძლება გინდა. მთელი დღე ვიყავი, ხუთი, არა, ექვსი წლის წინათ. მაშინ გვარდიაში ვიყავი...
- შენ გვარდიაში იყავი თუ მხედრიონში? - ჰკითხა გიამ. - მე მხედრიონი მახსოვდა...
- გვარდიაში ვიყავი, სნაბჟენიეში, - ხელი აიქნია მერაბმა. 

- მერე ბიჭებმა რაღაცა დააარსეს ვაკეში და იქ ჩამწერეს. წავედით მერე აფხაზეთში...
- ა, ესე იგი, შენ ზღვაზე იყავი...
- ზღვაზე ვიყავი და თან სახლშიც ვიყავი... კაროჩე, რას გეუბნები. ეს რო ჩამოვიდა და არჩევნები ტარდებოდა, ხოდა, საარჩევნო უბნებიაო, და ეს ონკოლოგიურიც საარჩევნო უბანი ყოფილა. იკაიფე, ავატყოფებისთვის, ხოდა, მოიგონეს, ტო. განაპირა საარჩევნო უბნებზეო ნალიოტი იქნებაო. ზვიადისტები რამეს იმასიზამენო. 

სიაბანდი. ვითომ წესრიგი რო იყოს და მთელი ბიჭები, ვინც ვიყავით, დაგვანაწილეს და ამ ონკოლოგიურში მოვხვდი მე და კიდე სამნი იყვნენ...
- აქაც იყო მაშინ საარჩევნო უბანი, - ჩაურთო გიამ.
- იკაიფე, იმის მერე იქეთ გახედვა აღარ მინდა. მთელი დღე, ტო, სართულიდან სართულზე, ამ საარჩევნო იაშიკით, პალატებში. ხალხი კვდება და შენ რაღაცებს... ხალხი იქეთ აწვება. იქეთ არი სანახევროდ. ერთი ბიჭი იყო, მკვდრისფერი ედო, რა. 

ძველი მაგნიტოფონი ედო გულზე და ბლატნოებს უსმენდა. ჩააცივდა ეს ბიძა. არ მიცემ ხმას? არ მიცემ ხმას... იქეთ ვეღარ ვიყურები, გაიგე, შენ...
- გაუმარჯოს, - თქვა ექიმმა. - ახლა ეს ბავშვი, ხო იცი, არ ინერვიულო მაგაზე. რაღაცის ჯინაზე გააკეთა. აი, მაროჟს რო არ უყიდი და რო არ იმეცადინებს. 

არც არი არაფერი. ორი ნაკერი ეყო. რა არი? არაფერი.
დალიეს.
- ბიჭო, ის შემხვდა, ძმაკაცი რა, დიდი ხნის უნახავი, და ამ დროს არ დარეკა ლიკამ?
- არაფერი არ ინერვიულო. პროსტო, რო გაიყვანთ, დაელაპარაკეთ. დედამისი დაელაპარაკოს. თუმცა, მეც რას გასწავლი...
- ახლა მაგათ თავში ისა აქვთ, - თქვა ალალად მერაბმა. - გაიგე? ნახე, გოგოები რო მოვიდნენ? შეხედე იმ გოგოებს. 

კიდიათ, ბიჭო. ყველაფერი კიდიათ. ეს კიდე, ჩუმია. ხმას არ იღებს, გაიგე, შენ?
გიამ თავი დაუქნია და წამოდგა. მუხლებზე მოისვა ხელისგულები.
- დღეს იყოს მაინც აქ. სისხლი დაკარგა. თავბრუ რო დაეხვეს, არ შეეშინდეს დედამისს. 

შოკოლადი მოუტანეთ, შეჭამოს და ეს გლუკოზა ექნება ამაღამ. დილით წაიყვანთ და მერე შენ იცი...
მერაბმა ისევ ჩამოასხა.
- მოდი რა, ჩავცალოთ ბარემ, ვიღას დავუტოვოთ?
გია დაჯდა:
- შენ ახლა უშიშროებაში ხარ, ხო? - ჰკითხა და ჭიქას დასწვდა.
- სნაბჟენიაში, - გაიცინა მერაბმა. - უშიშროების სნაბჟენიაში.
- ჩინი გაქ?
- მაქ... გვარდიიდან გადმოყოლილი.
- მე სუ მეგონა, რომ მხედრიონში იყავი. რატო მახსოვს?
- რავი. მეც ეგრე მახსოვს...
- რა, ტო?
- რო მხედრიონში ვიყავი... - ორივენი ხითხითებდნენ. 

- არა, ჩემი პატარა ძმა იყო ვითომ... დარბოდა. იმიტო გახსოვს.
- შენა... ისე, ამ უშიშროებაში, მაგარია, ხო იცი. ახლობელს შტუკა გავუკეთე.
- სულ შტუკარი არ იყავი? - თქვა გიამ.
- ხოდა. კაროჩე. მანქანა ეყენა აეროპორტში და მოვიფიქრეთ. 

მეთქი, ბაგაჟნიკი გავაღოთ და ჩავუდოთ... კაროჩე, რაღაცები ჩავულაგეთ, რაზეც მარტო თითონ იკაიფებდა. მარა, როგორ გინდა, გააღო ბაგაჟნიკი? დავითრიე ატმიჩკები, იქ, ჩვენთან, სამსახურში. იქ ყველაფერია, ხო აზრზე ხარ, ეგეთი რამეები და ჩავუდე.
- ჰმ...
- ახლა, ნახე. სტაიანკაზე გვერძე მივუყენე, ჩემსას ბაგაჟნიკი ავხადე და გავუშვი სიგნალიზაცია. გამოიხედა სტოროჟმა. მეთქი - აქა ვარ. 

გადმოვიღე ესა. ავხადე უცბათ იმის ბაგაჟნიკი, შეუბერა იმანაც სიგნალიზაცია. ჩავდე, დავახურე, ყვირის. გამოვიდა სტოროჟი. მეთქი, ამ აკუსტიკურის დედა ვატირე. ჩავჯექი და წამოვედი.
- შენ რა გინდა სნაბჟენიაში? შენ უნდა ყავდე გლავნი ჯეიმს ბონდათ.
- ე, - ხელი ჩაიქნია მერაბამ. - გაგვიმარჯოს.
გადაუშვეს.
- გავალ ერთი, დავხედავ, - თქვა გიამ.
- შენა, ეს შენი ექთნები... 

ჰა? - ხელი წაატანა სახელოზე მერაბმა. - ჰა?
- მაიცა, რა...
- კაია, ტო, ჯიშიანია.
- ეგ სანიტარია.
- მით უმეტეს, ტო.
- მაიცა, რა. რაღა დროს სანიტრებია? - გაიცინა გიამ. - სანიტრები პრაქტიკის დროს... სტუდენტი რო ხარ.
- აბა, ვინ? - წარბები შეკრა მერაბმა და ყალბი სიმკაცრით იკითხა: - კოლეგები?
გიამ ჩაიფხუკუნა.
მერაბმა კი უფრო მაგრად დაქაჩა სახელოზე, მიიზიდა და აკოცა:
- მაგიტო მიყვარხარ, რო სულ მზად ხარ... ყველაფრისთვის. რა ბედზე იყავი დღეს მორიგე?
- ბიჭო, არაფერი. 

სხვაც მიხედავდა, არაფერი არა აქვს ბავშვს, - თქვა გიამ და გავიდა.

ღამე ოცდამერვე

საღამოვდებოდა. კი არ საღამოვდებოდა, საღამო იყო უკვე და ბინდდებოდა. მაინც ცხელოდა. რამაზა ყურაბელიძე მანქანაში იჯდა ძველი, ხრუშჩოვისდროინდელი ოთხსადარბაზოიანი სახლის წინ და ანზორას ელოდებოდა. 

ძლივს მიაგნო. ვიღაც ბიძაშვილთან ყოფილიყო და ელექტროგაყვანილობის გამოცვლაში ეხმარებოდა. წვრილად გამოიკითხა მისამართი და მის შინ მისვლას აღარ დაელოდა. 

წამოვიდა და მოძებნა, დიღმის მასივში.
ანზორა ფაციფუცით ჩამოვიდა. გაოფლილი იყო, საყურეებივით ეკიდა ოფლის წვეთები ყურის ბიბილოებზე. მაჯა გაუწოდა ჩამოსართმევად და გაჯით დასვრილი ხელისგულები ზურგს უკან დამალა:
- ბოდიში, ზახარიჩ. დღეს არ მჭირდებიო და... ამათაც, ტელეფონი არა აქთ, ვეხმარებოდი...
- დაჯე რა, ერთი, დავილაპარაკოთ.
- მანქანას დავსვრი, ზახარიჩ. ხელ-პირს მაინც დავიბან...
- დაჯე, კაცო, რას დასვრი, - რამაზამ უკან გადაყო ხელი, - აგე, ეს შენია. სიგარეტი და საროჩკა, მერე აიტანე...
- მადლობთ, ზახარიჩ. 

ვერ ამოვედი შენი ვალიდან.
- ვალი, არა, - მიმოიხედა რამაზამ. - მე უფრო მეტი ვალი მაქ შენი... მისმინე. შრამიანი უშანგა გაგიგია, შოფერი?
ანზორა ჩაფიქრდა.
- არ გამიგია. რა არი, რო?
- ბარნოვზე დგას ტაქსების ბირჟაზე.
- ახლა ყველა ტაქსაობს, - ჭუჭყიანი ხელი აიქნია ანზორამ. - ეგეთი შოფერი არ გამიგია. რა არი, რო?
- ამოსულა და ეკასთვის უთქვამს... 

- რამაზა ოდნავ შეყოვნდა, - კაროჩე, პოლიციაში მივალო. ის ბიჭი თქვენი გასაღებულიაო. და ეგეთი რამეები.
- ე, - დაასლოკინა ანზორამ.
- აბა, ნაგლი. ხუთი ათასი დოლარი მომეცით და კარგად იყავითო.
- არ მიცე, ზახარიჩ, არ გაბრიყვდე. ისევ მოვა...
- მაგდენი კი ვიცი, - კბილები გააღრჭიალა რამაზამ. - ეს ეკა ცარიელა შარია, რა.
- ქალია, ზახარიჩ, - აღმოხდა ანზორას, - ლამაზი ქალი. ლამაზ ქალს ბევრი უნდა...
რამაზა დუმდა.
- ხო, ეგ იყო, რა, - თქვა ბოლოს. 

- მეთქი, შოფრებში რო გაგეკითხა...
- გავიკითხავ, მარამ რა აზრი აქ? - შეიშმუშნა ანზორა. - ახლა ყველა ტაქსაობს... ინჟინერი იყო, ლიოჩიკი იყო...
- ქურდი ხო არ დავაყენო? - იკითხა უცებ რამაზამ.
- ქურდი? - ჩაფიქრდა ანზორა. - ქურდი რათ უნდა? ერთი ვინმე ქუჩის ბიჭი ეყოფა.
- ბიჭო, ვერ ვერკვევი ამ ქურდებში. ჩემ დროს ქურდებს ჭკუას არ ეკითხებოდნენ.
- სადა?
- სადა და პლეხანოვზე. სადა... სულ ბოები ქონდათ ქურდებთან ძველ ბიჭებს.
- ჩვენთან ეგრე არ იყო, - შენიშნა ანზორამ. 

- ჩვენთან ქურდთან ავდიოდით და ახლაც ავდივართ, თუ რამეა. ოღონდ, ქურდს პატივისცემა უნდა და ვაბშე... მაგ საქმისთვის, რავი, არ გირჩევ. მერე ის ქურდი მოგაჯდება და იმას უხადე... გაქ ზედმეტი ფული?
- ხოო. ეგეც მართალია... მომადგება და ჩავსვამ, - ვერ გაერკვა რამაზა.
- მისმინე, ზახარიჩ, - ამოიხვნეშა ანზორამ. 

- ქურდი მაგ საქმეში არ გამოგადგება. ახლა, რამე რო იყოს, ხო შენ თავზე უნდა აიღო, არა? კარგი, აიღე. ახლა, რა მუხლით იღებ? თუ შენ იღებ, რო სახლში შევედი და ყაჩაღი მოვკალი, მომპარავი მოკალი? თუ მეორე ვარიანტში იღებ, ქალის გულისთვის... - ანზორა შეიშმუშნა, - ხო... მაშინ, ქალის გულისთვის კაცი მოკალი? ძაან ცუდი მუხლია. ქურდულში ეგრეა. ცოლი მოკალი? რატო, ეგება ბიჭი უნდა გაეჩინა და ქურდი გამოსულიყო? ქალის მოკვლა ცუდი მუხლია...
- ცოლი კი არა, ის, კაცო... 

შენ რაღა მოგივიდა.
- ქალისთვის კაცის მოკვლა არ მოსულა. სხვა უყვარს, რას კლავ? სიყვარულია. წამოდი, რა. ტაკ შტო, ორივე მუხლი ცუდია. ახლა ქურდს რას ეტყვი? იმან უნდა ძაღლობაში ჩამიშვას და გააჩერეო. ქურდი იტყვის, ეგ ბოზია და ტუჩებში მიარტყამს და მერე შენ მოგიბრუნდება და გეტყვის, შენ კიდე დასაშტრაფი ხარო...
- ე-ჰე-ჰე, რა კაია? არაფერი დამიშავებია და კიდე აქეთ...
- ზახარიჩ, შენ ხო შენ თავზე იღებ? - საყვედურივით გამოუვიდა ანზორას. - ამხელა ნაცნობობა გაქ, ქურდი რათ გინდა? მარა, ღმერთმა იცის, რა უფრო იოლი გამოვა...
- ეს ქურდული ვერ გავიგე, - აღმოხდა რამაზას, - ბიბლიაა, თუ რა...
- ეგრეა, ზახარიჩ, და რა ვქნა?.. 

რად გინდა, ზახარიჩ, ვინმე? შენ რო შემოგხედავს... შენი ლაპარაკის პატრონი. შენვე დაელაპარაკე...
- მე ვაბშე არ მიცნობს სახეზე, - ჩაილაპარაკა რამაზამ, - მარა რაღაცები კიდევ იცის.
- მაგან ჩემი ნახევარი არ იცის, ზახარიჩ... - ენაზე იკბინა ანზორამ და იქვე გაუთოვება სცადა: - მაგან რა იცის? დაელაპარაკე, მოიგონე...
- ხო, - თქვა რამაზამ და დაქოქა. - წამოხვალ თუ დარჩები?
- დავრჩები, დავიბანო მაინც... - გადავიდა ანზორა.
- დილით მოდი, - და რამაზა ყურაბელიძემ მანქანა დაძრა. - არ უნდა მოვსულიყავი.

ღამე ოცდამეცხრე

ჩვენ არ გახლავართ ძირძველი ვაკელები. 

ახლა ამაზე ლაპარაკი გვიანია, მაგრამ დედაჩემის მამა, ბეჟან ვიქტორის ძე ტყეშელაშვილი, გახლდათ იმერელთაგანი. იმათი ფუძე გახლდათ ვანი, კერძოდ კი - სოფელი ბზვანი. ბაბუაჩემის მამა, ვიქტორი, ანუ ბიქტორი, თბილისში მას შემდეგღა დაფუძნებულა, რაც ხეტიალა სტუდენტური ცხოვრება გაუსრულებია და ცოლიც, რა თქმა უნდა, იმერელი, შეურთავს. ამ ხეტიალის შემდეგ ბაბუაჩემის მამას, ვიქტორს, მოუპოვებია ერთი გერმანული სამედიცინო დიპლომი და პრაქტიკაც კარგი დაუჭერია თერაპევტობის განხრით. მასა და ბაბუაჩემის დედას მისცემიათ სამი შვილი, ორი ქალი და ერთიც თავად ბაბუაჩემი ბეჟანი, რომელიც მე ბუნდოვნად თუ მახსოვს. უკვე ოციან წლებში ჩემს დიდ ბებიას თავი დაუდია და ორმოცს გადაცილებულს გაუჩენია მეოთხე შვილი, რომლისთვისაც ვალოდია დაურქმევიათ. ვალოდია მე კარგად მახსოვს. 

თავის თავს სიბერეში მოგებულს უწოდებდა და დიდად ოხუნჯი კაცი გახლდათ. ჩემზე ამბობდა, მე გამომემგვანაო, და იქაჩებოდა, ყველაფერი ამას უნდა დავუტოვოო. ამის გამგონე დედაჩემი ოხრავდა. ვალოდია სარკომამ წააქცია ოთხმოცდახუთ წელს. არ დაზარებია და ყველა ნახვისას იმეორებდა, ეს გვარში გვაქვსო. მართლა მე დამიტოვა ყველაფერი. შვილი, ცხონებულს, არ ჰყავდა და არავინ. 

როცა დედაც სარკომით გარდაიცვალა, წავედი ვარანცოვზე და ის ძველი ბინა, ბეჟანი რომ ცხოვრობდა, მეზობელს მივყიდე. დიდი კი არაფერი, ორი პატარა ოთახი იყო. ან როგორ ეტეოდა იქ ცოლ-ქმარი ხუთი შვილით? ან როგორ აკეთებდნენ იმ შვილებს?
იმ ფულით კი გერმანიაში წავედი.
ახლა ეს რაღა სალაპარაკოა, მაგრამ ვალოდია გამახსენდა და ვიფიქრე, მოვძებნი-მეთქი. რას იპოვი? ეგ სადმე ვანისკენ გაუყვებოდა. ეგეთი კაცი იყო. საერთოდ, აჩრდილები მშობლიური ალაგებისკენ მიიწევენ. მეც ამიტომ მოვედი ორმოცდაჩვიდმეტში. 

დედას კი არ ვეძებ. ხომ გაგიჟდა, აქ რომ დამინახოს. აი, ვალოდია იხითხითებდა.
იცით, რატომ გამახსენდა ვალოდია?
დაჯდებოდა, მოიდგამდა ღვინის ბოთლს და დაიწყებდა:
- მაგარი კაცი იყო. ძაან მაგარი. აჰ... ნაგავი იყო, თუ რაცხა იყო, მაგარი იყო.
ოცდათოთხმეტი... არა, ოცდათხუთმეტი წელია და აშენებენ ნაბერეჟს. 

ახლა როა ამოშენებული, ისე კი არ იყო. ე, გრიბოედოვის ძეგლი როა, იქ ხდება ეს. 

მშენებლობაა და ვირევით ბოვშები, ვთამაშობთ. ორ ნაბიჯში ვართ სახლიდან. დეიძახებს დედაჩემი, გავაგონეფ.
მანდას იყო ერთი სომხური ეკლესია, დიდი, უშველებელი, და დაანგრია. ნაბერეჟნი არ უხერხდება სხვანაირადო. ეს მოხდა და მიქოიანმა მოწერა ტელეგრამა მოსკოვიდან, სომხური კულტურის ძეგლებს რომ ანგრევ მაქ, სამაგიეროს რას აშენებო. 

და ამან მიწერა, კომუნიზმს ვაშენებ, ანასტას ივანიჩო. ხო. მარა ეს სხვა არი...
ვთამაშობთ ერთხელ ბოვშები და წამევიდა წვიმა. ერთი იქით გეიქცა, მეორე აქეთ გამეიქცა, ეს მუშებიც წაბუნძულდენ ქვეითკენ. დავრჩი ასე, ახალი ტუფლები ჩევიცვი ჩუმათ იმ დღეს და წვიმიანი რომ მივალ, შემხედავს დედაჩემი ფეხებზე და გოუძელი მერე შენ. მივედი ფეხის წვერებზე, შეჭედილი ქონდათ მუშებს ხელსაწყოს შესანახათ და შევეფარე. შევეფარე, ვდგავარ. 

არ იქნა, არ გადეიღო.
ვხედავ ასე, ზემოდან შემოგორდა მანქანა. შავი. ოპელიო, მერე გევიგე. ოპელით დადისო.
გეიღო კარი და გადმევიდა. რეზინის ჩექმები აცვია, შლაპა ახურია, ეს სათვალე კი უკეთია. მიიხედა-მეიხედა, წასულან, ეს ვირიშვილებიო, - თქვა და დამინახა მეე... ვხედავ, ვინც არი, მარა ჩაფსმა უხერხულია და ვიკავეფ. 

დამიქნია თითიი. გევედი ამ ტყლაპოში, რა მექნა. რა ქვია, ბიძიაო.
ვლადიმერი-თქვა.
ოო, კაი სახელი გრქმევიაო, დამადვა სველ ქუდზე ხელი, მაგ სახელს ქე უნდა გამართლებაო.
ეს მუშები რო იყვენ აქ, სად არიენო.
გეიქცენ, წვიმის ამბავია-თქვა. ა, მამაძაღლებიო. შენ რატო არ გეიქეციო. მე უთხარი, ფეხსაცმელები მაცვია ახალი-თქვა და გამლახავენ სახლში-თქვა. ოო, მოფთხილება ჭირდებაო. 

დადგა მერე და გამეიკითხა, სად სწავლოფო, რა ატმეტკები გაქო, აბა, ლექსი მითხარიო. დევიბლუკუნე რაღაცა სტალინზე და მალადეცო, მითხრა.
მამაშენი ვინააო, და ექიმია-თქვა.
რა გვარის ხარო, და, ვუთხარი, რავარც გაზეპირებული მქონდა, ვლადიმერ ვიქტორიჩ ტყეშელაშვილი!
უიო, ამხანაგები ვყოფილვართ მე და მამაშენი, ბიქტორა ფედერალისტის ბიჭი ყოფილხარო.
ექიმია-თქვა, - გევიმეორე. რაცხა ძაან გძელ სიტყვას ამბობდა.
ვიცი, ვიცი, ექიმიაო. და მომხადა ქუდი და შეაწოდა შოფერს, ჩოუყარე აგენიო. გამომაწოდეს პრიანიკით და ბალიშა კამფეტით სავსე ქუდი.
კაი, ახლა, წევედი მეო, და მამაშენს უთხარი, ბიქტორია-ფედერალისტო, შე ძველო, ლავრენტი ბერიამ სალამი შემოგითვალაო.
დაძრეს და წევიდენ უკანსვლით.
გევიქეცი სახლში, ავარდი კიბეზე, შევარდი შიდ და დავდე ეს ქუდი სტოლზე. მამაჩემი მოსულია და ჭამს, დედაჩემი ქე დადგომია ქაფქირით ხელში თავზე.
რაა ეგიო, ბიჭო, მამაჩემმა. ტუფლის სისველეს ვინღა შეხედავდა, ერთი კილო კამფეტი მევიტანე.
ეს ამხანაგ ბერიამ მაჩუქა და შენთან დამაბარა, ბიქტორა ფედერალისტო, რავა ხარ, შე ძველოვო. 

ამის თქმა იყო და, გოუვარდა კოვზი მამაჩემს ხელიდან და მე ქე დავრჩი გაცინებული.
სა ნახეო, დედაჩემმა, და, ნაბერეჟის სტროიკაზე- თქვა, და წამოხტა მამაჩემი და ნახევარი საათი ყვიროდა, გონია, სად დეეთრევა ეს ბოვშიო, პატრონი არ ყავსო, და ასე...
მაგარი იყო, მაგარი. უჰ...
დიახ, ასე იტყოდა ბაბუაჩემის ძმა ვალოდია და ამ სევდისმომგვრელ საღამოს, დაკრძალვის წინა საღამოს, გამახსენდა იგი. ოღონდ კი ვალოდია ასე არ ლაპარაკობდა. ჩვეულებრივად ლაპარაკობდა და მხოლოდ ხანდახან გამოურევდა იმერულს. მე კი მის პატივსაცემად გიამბეთ ასე, ვინაიდან ერთხელ, სამოქალაქო აღწერის ანკეტაში, ეროვნების გრაფის ახლოს თამამად ჩაწერა - იმერეწინ.
იქაურობა უნდოდა და ვინ იცის, ეგებ ახლაც იქაა.
რა მშვიდი და მოწყენილი საღამოა. გოგოებიც არ ჩანან ქუჩაზე... 


ღამე ოცდამეათე

ზურა ლიფტიდან გამოვიდა და დაინახა ფანჯრის რაფას მიყრდნობილი დაღლილი ლიკა. 

ლიკა ღია ფანჯრიდან აფერფლებდა.
- როგორ არი? - ჰკითხა ზურამ.
- კარგად. გლუკოზა უდგას. დღეს მაინც აქ იყოსო. დილით წამოვიყვან.
- წყნეთში?
- ხო, იქ არ ჯობია?
- და რატო?
ლიკამ მხრები აიჩეჩა.
- ის დეგენერატკაა მოსული. წასული იყო და ისევ მოვიდა. პუტუნობენ რაღაცებს, - ლიკამ თავი გადააქნია. - დავიღალე, დავერევი ერთ მშვენიერ დღეს და...
- მერაბა აქ არი? - მიმოიხედა ზურამ.
- საორდინატოროში ზის და სვამს არაყს. 

ის მორიგე ექიმი ლოთია ვიღაცაა. რა თქმა უნდა, მაგის ნაცნობია.
- წავიდეს, რას ზის?
- ხო უნდა ჩახეთქოს. სტრესი მოიხსნას. წავა, წაეთრევა, აბა, რა უნდა აქ? მე დავრჩები, მაინც... წვეთოვანი უდგას.
- შევიდე, ვნახო?
- შედი, ხო, რას მიკეთებენ. მაგასაც ახლა თათბირი აქვს...
- შენა, მაინც რაო...
- რაო. რა ვიცი, რაო. 

უყვარს ვიღაც დეგენერატი და გუშინ რომ იყვნენ იქ, ალბათ, რაღაცა... რა ვიცი, რა ვიცი, აღარ შემიძლია მაგ თემაზე ლაპარაკი.
ზურამ პალატის კარი შეაღო და შეიხედა.
ეთერიკო-ეთუნა გულაღმა იწვა საწოლზე. მარჯვენა მკლავი დაუნანებლად გადაეხვიათ მოყვითალო ბანდებით. მარცხენა მკლავში წვეთოვანი ედგა და ძალიან საცოდავად შესცქეროდა ჭერს. \"რაღა ჩვენ დაგვემსგავსა, - გულწრფელად გაიფიქრა ზურამ, - დედამისს დამსგავსებოდა.\"
მეორე ლოგინზე ირიბად მიწოლილიყო მაკუცუნა ყურაბელიძე. მიწოლილიყო თუ მიმჯდარიყო. ხელები თავქვეშ ამოედო და იღლიებიდან ეროტიკას აფრქვევდა.
- მოჟნი? - გაიკრიჭა ზურა.
- ვაუ! ბიძაშენიც მოვიდა, - წამოჯდა მაკუცუნა.
ზურა შევიდა. 

მაკუცუნა წამოიწია და გადაკოცნა.
- შენ რა გამხდარი ხარ, - ზურას მაკუცუნას წელზე დარჩა ხელისგული და ეთუნას მიუბრუნდა: - რა ქენი, ე, თვითმკვლელობა ჩაიდინე?
ეთერიკო-ეთუნამ ერთი შემოხედა თავისი არაფრისმთქმელი, დაბნეული თვალებით და ისევ ჭერს ახედა. ზურამ ჩაკოცნა და წასჩურჩულა:
- მამაშენმა ნაკოლკა ნახა?
- არა, - ამოიკვნესა ეთერიკო-ეთუნამ.
- ხოდა, ვყე... - ჩამოჯდა ზურა. - დავაი, ახლა მითხარით, რა მოხდა.
დუმდნენ.
- არაფერი, - კვლავ ამოიკვნესა ეთერიკო-ეთუნამ.
- მე ხო უნდა ვიცოდე. ვიღაცებს ხო უნდა დაუნძრიო, ა, - თვალი ჩაუკრა ზურამ. - აბა, ეგრე შენ ვენები არ გეყოფა. ვენას გაფრთხილება უნდა, - და თვითონვე გაეცინა თავის ნათქვამზე. 

- ა, ნუ მაწვალებთ ახლა.
- ამას ვასიკო მუხაშავრია უყვარს! - წამოისროლა უცებ მაკუცუნამ და დაიჭყანა.
- ვინ ვასიკო მუხაშავრია?
- დედას არ უთხრა, - ლამის გული წაუვიდა ეთერიკო-ეთუნას.
- ვასიკო მუხაშავრიას გულისთვის ვენები გადაიჭერი? ვასიკო მუხაშავრ... ჰმ... ესენი გამაგიჟებენ.
ეთერიკომ კვლავ ჭერს მიაშტერა თვალები.
- არა, - თქვა მაკუცუნამ უდარდელად და ძალიან საზიზღრად. - ამას ვასიკო უყვარს. ვასიკოს ცოლი ყავს...
- არა, - დაიკნავლა ეთერიკო-ეთუნამ.
- მიდი, მიდი, მითხარით ეხლა დროზე...
- არაფერი არ უქნა, - შესთხოვა ეთერიკო-ეთუნამ.
- რა უნდა ვუქნა? მე რას ვუზამ ვასიკო მუხაშავრიას. 

ვასიკო მუხაშავრია ქურდებს ბრიდავს და მე რას მიზამს? - გაიცინა ზურამ და მერე დაუმატა: - ვასიკოს... ვასიკოს ცოლი ყავს და რა ვუთხრა, გაშორდი და ჩემი ძმიშვილი შეირთე-თქო?
- არა, - მთლად დაიკიდა ფეხებზე მაკუცუნამ, - ამას ვასიკო უყვარს, ვასიკო კიდე მე მეპადხოდება და... 

- მაკუცუნამ ეთერიკოს გადახედა და განაგრძო: - გუშინ იქ რო ვიყავით, შარაფში, მერე ვცეკვავდით და ზასაობა დამიწყო და... მე არა, თითონ. და ეს დათვრა და...
ეთერიკომ თვალები დახუჭა.
- კი მარა, ცოლი? - გაუკვირდა ზურას.
- ცოლი ქობულეთშია და შვილი...
- მერე?
- მერე მე წამოვიყვანე და ამასთან... თქვენთან დავრჩი და დავაძინე და მერე ამოვიდა იქ ვასიკო და... ხო, თქვენთან, და დამიძახა და მე ვუთხარი, ვერ ჩამოვალ-თქო, და საპარიკმახეროსთან ეყენა მანქანა და ორკარიანი ჯიპია და...
ეთერიკო-ეთუნას ცრემლები ჩამოუგორდა.
ერთი - ერთ ლოყაზე, მეორე - მეორეზე.
- მერე ამას ეძინა და წყნეთში დავრეკე დედაჩემთან, მანქანას ვერ ამოვიყვან, ეთუნასთან ვრჩები-თქო. და ვასიკომ ისევ დაიძახა და თქვენთან ხო არ ამოვიყვანდი და ჩავედი და...
ზურა ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს.
- ე, შენ, დადუმებულო, რატო გადაიჭერი ვენები?
- არა, - თქვა ისევ მაკუცუნამ. - დილით მე მოვუყევი, იმიტო, რო არ ახსოვდა.
- რო ჩავიდა... 

- ასლუკუნდა ეთერიკო-ეთუნა.
- რა, \"რო ჩავიდა\"?
- ხო...
- რა \"ხო\"? ხმა ამოიღე...
- მე ვიფიქრე, რო... მომიყვა... ვასიკომ... და ამან. და ამან დამიმალა-თქო... ამაზე გავბრაზდი.
მაკუცუნამ განზე გაიხედა.
- სულელები ხართ, - წამოდგა ზურა. - დებილი გოგოები.
- არ თქვა, - დაადევნა ეთერიკო-ეთუნამ.
- რა უნდა ვთქვა? ადექი ხვალ, წყნეთში ამოდი და ვითამაშოთ ჯოკერი. 

ზეგიდან მეც სულ სახლში ვარ...
ზურა დერეფანში გავიდა.
ლიკა სავარძელში იჯდა, მერაბი კი ფანჯრის რაფას მიყრდნობილი იყურებოდა გარეთ.
- რა მურტალია ეს ლისის ტბა, - ამბობდა მერაბი.
- რაო? - შეეკითხა ლიკა ზურას.
- არაფერი, სისულელე. რაღაცა ეწყინა...
- ღმერთო, რა სულელია...
- ხო, არ იცი, ვის გავს ეგეთი დებილი? - მოიხედა მერაბმა.
- შენ რისთვის ხარ აქ? ნერვების საშლელად? წადი რა, სახლში...
- სახლში რა მინდა, ბავშვი ავათ არი, - თქვა მერაბმა. - ახლა უნდა წავიდე, შოკოლადი მოვუტანო. გიამ თქვა...
- მე წავალ, - თქვა ზურამ. - წყნეთში ავალ. ხვალ ის არი, გასვენება...
- ხოო, - თქვა მერაბმა. - ხო. 

მეც უნდა გამოვიდე.
- რა გინდა? მარტო ჩვენ ვიქნებით, ბიჭები, - თქვა ზურამ.
- ჩავედი მე შოკოლადზე, - დაიძრა მერაბი.
- მოიცა, მოვდივარ, - ლიკას წინ ჩაიმუხლა ზურამ. - წავედი.
- კარგი.
- თქვენ რას ჩურჩულებთ მანდ? - ეწყინა მერაბს.
- ბენზინი არა მაქ, ვერ ავალ, - თქვა ზურამ. - არც ფული მაქ...
- მოგცემ ფულს, წამო...
- გადმოვისხამ რა, შენგან ერთ-ორ ლიტრას?
- ჩემგან ვერ ამოიღებს თორე... ჩემიდან ვერავინ ვერ ამოიღებს, - ამაყად თქვა მერაბმა.
- მოიცა, მაშინ მეც ჩამოვალ. სიგარეტი მაქვს მანქანაში, - წამოდგა ლიკა.
- სულ მანქანაში რატო ტოვებ ამ სიგარეტს? მარტო უნდა იყოს ახლა ის ბავშვი?
- მარტო რატო, შენი ძმაკაცი ექიმი მიხედავს. კიდევ უნდა დალიოთ? - ჰკითხა ლიკამ.
ზურამ პალატის კარი შეაღო:
- წავედი, ე, - თვალი ჩაუკრა ეთუნას. - შენ გაგიყვან, თუ გამოდიხარ. 

წყნეთში მივდივარ და...
- მეც... წყნეთში. ხუთ წუთში ჩამოვალ, რა? - უთხრა მაკუცუნამ. - დედაჩემი იქ არი.

ღამე ოცდამეთერთმეტე

ლიკამ საბარგულის სახურავი ახადა, კუთხეში მიგდებული ბალონი შეანჯღრია და თქვა:
- ამაში ცოტაა.
- მოიცა, შლანგით ამოვიღებ, - თქვა ზურამ.
- მე ნუ მომაწოვინებთ მაგ შლანგს, - დაიჯღანა მერაბი. - მე გასწავლით.
- რა მაგარი ხარ მთვრალი, ე, - ხელი წაჰკრა ზურამ.
- ე, ეს რა ჯანდაბაა, - ლიკას თეთრი, ბინძური ცელოფნისთვის წაევლო ხელი, ზურა შლანგს ეწეოდა და არ დაუნახავს. - რა ჯანდაბაა?
მერაბი დააცქერდა და უცებ მხრით დაეჯახა ლიკას, ცელოფანს ორი ხელით დასწვდა, ამოიღო და თავისი მანქანისკენ გააქანა:
- ეს ჩემია, ჩემი! მე ჩავდე...
- რა ჯანდაბაა? საშინელი სუნი უდის...
- ჩემია, - მოაძახა მერაბმა, - სამსახურის არი. საწამლავია. 

ხელი დაიბანე...
- რა იყო, - წამოდგა ზურა.
- რაღაც პარკი ჩაუდია ჩემთან. სუფთა დეგენერატია. რაღაცა ბინძური, - თქვა ლიკამ.- რატო ჩადე აქ?
ზურამ თვალი გააყოლა ავტოსადგომის ბოლოში მოფუსფუსე მერაბს და დაინახა თეთრი ცელოფნის პარკი, რომელსაც მისი ძმა მონდომებით დებდა თავის საბარგულში.
- ე, - აღმოხდა ზურას, - რა...
- ხელები დაიბანეო. იდიოტია ნამდვილი. რა მყრალი რაღაც იყო...
ზურას შლანგი შეაცივდა ხელში.
მერაბი სახეარეული მობრუნდა.
- ხელი დაიბანე, საპნით, - თქვა და ჩაიარა.
- რა იყო?
- სამსახურის...
- რატო ჩადე ჩემთან?
- ოოხ, - ხელი აიქნია მერაბმა, - შენ ჩაისხი თუ ისხამ, და წადი. შენ კიდე ადი რა, ბავშვთან...
- იმას უყვირე, - მიაძახა ლიკამ.
მერაბი მიმღების კარში შევარდა და მალე სველი ხელებითა და კიდევ უფრო არეული ცხვირ-პირით დაბრუნდა.
- ჩაასხი? წადი ახლა, - რაღაც ფული ჩაუტენა ზურას. - შენ ადი და ხელი დაიბანე...
ლიკა კიბეს აუყვა:
- იმ ბავშვს უთხარი, ჩამოვიდეს, ველოდები... 

- დააწია ზურამ და მერაბს მოხედა. - რა იყო?
- თაგვის წამალი, - თვალიც არ დაუხამხამებია მერაბს. - სამსახურში გაჩნდა... არქივის სარდაფებში. საქაღალდეებს ხრავს... გავალ, შოკოლადს ვუყიდი ბავშვს, - ამოიოხრა და დაამატა: - ცოტა დავთვერი, ხო იცი...

ღამე ოცდამეთორმეტე

- აუ, გუშინ რა ვიგუგუნეთ, - თქვა მაკუცუნამ და ფეხი ფეხზე გადაიდო. - პროსტო, ვასიკო სადაც არი, ჩემი მისვლა არ შეიძლება. 

მე ეთერიკოს გულისთვის მივედი და ხო ვიცოდი, რო ეგრე გამოვიდოდა. რა აქ ვასიკოს საყვარელი? პროსტო, დებილი ბიჭია...
ზურა კი ფეხებზე უყურებდა.
\"ერთი ბეწოა, - ფიქრობდა გაკვირვებული, - როგორ ეტევა ფეხიფეხზე გადადებული?\"
- მე, პროსტო, ნაღდათ არ მეგონა, აი, ნაღდათ... მოვწევ, რა?
- მოწიე რა, მე რას მეკითხები.
- არა, მე არა მაქ სიგარეტი.
ზურამ ჯიბე მოიქექა.
- არც მე მაქ, - გაახსენდა ბოლოს. - ვიყიდი, მოიცა... შენ რას ეწევი?
- \"მალბორო ლაითს\".
\"ე, ნაგლი ნახე\", გააჩერა ზურამ და ერთი \"გოლუაზი\" იყიდა, ერთიც \"მალბორო ლაითი\".
- გერმანიაშიც \"მალბორო ლაითს\" ეწეოდი? - დაქოქა ზურამ.
- იქ ყველა სიგარეტს ერთი ფასი აქ. ხუთი მარკა.
- რატო, არი ძვირიანებიც, - მიაწვა ზურა: - \"კრეივენი\" და ისა, \"სვით აფტონი\", კიდე არი \"კარელიასი\", ფილტრიანი, უფილტრო...
მაკუცუნამ თითქოს ნაწყენმა გადახედა.
- შენ როდის იყავი გერმანიაში?
- ახლაც იქა ვარ, - გაუცინა ზურამ. 

- დებილი არ არი ეს შენი დაქალი?
- მე, პროსტო, ნაღდად არ მეგონა, - ვითომ გულიდან ამოთქვა მაკუცუნამ, - რო მაგას გამიკეთებდა... 

მე, ხო აზრზე ხარ, ვაბშე, ბანძია ჩემთვის ის ვასიკო, პროსტო, ჯიპი ყავს ორკარიანი და პროსტო... მაგან ჩემზე იეჭვიანა ჩემი მონაყოლით... პროსტო, როგორ მტკივა იცი, გული? მარა, პროსტო, ეთუნაა და... პროსტო, არც ვაგრძნობინებ.
- აბა, მეზასავებოდაო?
- ის მეზასავებოდა, მე ხო არა? - გაოცდა მაკუცუნა, - მეცეკვეო, და ქაჯი ხო არა ვარ? აუ, ეს საბურთალო რა ბანძია...
ზურა ერთხანს ჩუმად იყო, ფიზკულტურის ინსტიტუტთან რომ აუხვია, მაშინღა ჰკითხა:
- შენ ვინ გიყვარს?
მაკუცუნამ დააფახულა თავისი დიდი წამწამები და უთხრა:
- მე უფრო ვზროსლები მომწონს.
- ვზროსლები? ვსმისლე, ბიძები? - გაეცინა ზურას.
- არა, ვზროსლები, ვსმისლე შენ პონტში...
- ხე-ხე-ხე, - გახალისდა ზურა. - მე ვზროსლი ვარ? ათი წლით ვიქნები შენზე დიდი...
- რომელი გოდა ხარ?
- სამოცდაშვიდი...
- თორმეტი წლით, - თქვა მაკუცუნამ და მანქანის სანთებელას მიაჭირა თითი. - ვზროსლები უფრო კაი ტიპები არიან. აი, შენნაირები. 

აჩკები უფრო გიხდება. უფრო საკაიფოდ გაცვია, დაჭმუჭნულები, სიგარეტსაც უფრო საკაიფოდ უკიდებ...
- ვიდრე ვასიკო მუხაშავრია? - გაეცინა ზურას.
- ხო. ის სულ პრიჩოსკებშია და ისეთ ფერებში... შენ, ვაბშე, უფრო საკაიფო მუსიკა გაქ მანქანაში.
- ჯო კოკერი. მეტი არაფერი არა მაქ...
- საკაიფოა. ვზროსლთან თუ ზიხარ, ეგეთი უნდა იყოს, - თქვა მაკუცუნამ, - პროსტო, მანქანა გიტეხავს... რამე უფრო საკაიფო რო გყავდეს...
- რა, რო მყავდეს? - ზურა შეყვა, თან ერთობოდა.
- საკაიფოდ მივგაზავდით ახლა ბათუმში, - დაასრულა გოგომ.
- მე და შენ? - გაეცინა ზურას.
- შენ როგორი გოგოები მოგწონს? - ჰკითხა ახლა მაკუცუნა ყურაბელიძემ.
- პატარა ხარ, შენთვის ჯერ არ შეილება, - უთხრა ზურამ. 

- მე როგორებიც მომწონს, ცოტა ძნელი სალაპარაკოა.
მაკუცუნა თითქოს გაიბუტა, ფანჯარას გადაეყრდნო მკლავებით და ზედ ნიკაპი შემოდო.
- კარგი, ხო, - უთხრა ზურამ. - აი, ჟუვაჩკაა და დაღეჭე...
- როგორები მოგწონს? - არ დაიშალა მაკუცუნამ.
- როგორები და... ცოტათი პუტანკებს რომ გვანან. ცოტა დაღლილი სახეები რომ აქვთ. ცოტა დიდი შავი თვალები და წელზე რო საკაიფოდ ჩამოადებ ხელებს, - მოამთავრა ზურამ.
- ცოლი არ გყავს, ხო...
- მყავდა, - აღიარა ზურამ.
- მიდი...
- მართლა.
- მერე აღარ უნდა შეირთო?
- პატარა გოგოს ხო არ შევირთავ? დიდები სულ დაკავებულია...
წყნეთის შესასვლელთან პოლიციის ოთხი მანქანა იდგა.
- ვაჰ, - დაამუხრუჭა ზურამ და საბუთები გამოაძრო ჭერიდან. - ხო მშვიდობაა?
- მშვიდობაა, - ორი ფორმაში იყო, ერთიც - ისე. - სად მიბრძანდებით?
- სახლში, - უთხრა ზურამ. 

უფორმომ მანქანაში შეიხედა. - ეს ვინ არის?
- ჩემი ცოლია, - გაეცინა ზურას. მაკუცუნამ შეიფერა.
- ახადეთ საბარგული, - თქვა ისევ უფორმომ.
- რა არი, ომია?
- ახადე, კაცო... რო გეუბნები.
- მეუბნები რა, - სახურავს ხელი აჰკრა ზურამ - აჰა, ძმაო...
- თავისუფალი ხართ, - თქვა კაცმა ცივად. ზურა ჩაჯდა და დაქოქა.
- რა პონტია? - ჰკითხა მაკუცუნამ.
- რეიდია. ეტყობა, მოკლეს ვინმე. შენ სად აგიყვანო?
- არ იცი ჩვენი სახლი?
- არ ვიცი.
- გორკზე.
ზურამ სკოლასთან შეანელა, მაკუცუნას მხარეს გადაიხარა და ღობესთან ჩაცუცქულ ბიჭებს გასძახა:
- რა მოხდა?
- ჩხუბი იყო, - მიუგეს იმათ.
- მერე, თქვენ გარეთ ხართ?
- უკვე გამოგვიშვეს.
- ისროლეს? - ზურამ ხელი ჩაიქნია და აღმართს შეუყვა. 

ვინ ეტყოდა, ისროლეს თუ არა?
- აი, ეს არი ჩვენი სახლი, - თქვა მაკუცუნამ. - ე, დედაჩემი არ ამოსულა...
- უკან ჩაგიყვანო? - ჰკითხა ზურამ.
- არა, უფრო კაია. გოგოებს დავურეკავ. პროსტო, რატო არ არი... - და მაკუცუნამ მოხედა ზურას იმ ბინდდადებულ ჟამს, დააფახულა თავისი დიდი წამწამები და უყურა ერთხანს და უყურა და ზურამაც არ მოაშორა თვალი და უყურა და უყურა და მერე მაკუცუნამ ძალიან ტკბილად თქვა: - ზნაჩიტ, მარტო ვაარ. სპასიბა, - და გადავიდა. - დვაცატ ტრი დვაცატ სემდესიატ დვა, - ჩამოყარა, ვითომ არაფერიო.
ზურამ დაქოქა და დაბლა წამოვიდა.

ღამის პეპლები
- შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ, რომა, - უთხრა სავარძელში ჩაფლულმა პატარა მსუქანმა კაცმა და ცხვირსახოცი მოისვა შუბლზე. 

- ეგეთები... იცი, რა? ხვალ დილით მე და კლიმენტა გამოვალთ შენთან და, რაც არი და როგორც არი, შევხედავთ.
- ხო გეუბნები, - ხელები გაშალა რამაზამ. - რა ვქნა? არ ახსოვს ამ ჩემ ცოლს. ეგეც სულელია. გაუჩერებს ხოლმე ვიღაცას. ნაცნობის ნაცნობს. ეს კაცი კიდევ მოსულა და პრავას აკაჩავებს, პოლიციაში ჩავალო. 

აჰა, ძმაო, აგერ პოლიციაც თქვენ ხართ და... გაარკვიეთ მაშინ. რა ხუთი ათასი უნდა მივცე! რისთვის? ამ დილის ჩამოფრენილი ვარ. რა ვქნა?
- კარგი, ნუ ნერვიულობ, - გაეცინა მეორეს, - რა არი სანერვიულო.
- ხო, - თქვა დაბალმა და მსუქანმა.
- მითხარი, ჩემზე ნაწყენი დადის ვინმე ამ ქალაქში? - ჰკითხა რამაზამ. - ვინმე იტყვის, რო რამაზამ ან უკან დაიხია, ან არ გადაიხადა, ან დაენანა? ვინ არი შრამიანი უშანგა. ვინ არი, გამაგებინე?
- ჰმ, - ჩაიცინა მეორემ.
- მივალ ახლა ხვალ დილით არაყიშვილზე და დავწერ განცხადებას, რო ასეა, ასეა. რა ვქნა, აბა. 

აღარ ვიცი. მოვკლა?
- რა უნდა მოკლა, თუ ძმა ხარ...
- ეკა, - გასძახა რამაზამ. - ეკა, შემოდი აქ, შემოდი...
ეკა შემოვიდა, კარში გაჩერდა.
- გახსოვს, რო ვინმე ჩაისვი? - ჰკითხა დაჟინებით რამაზამ.
- კარგი რა, რამაზ, - ხელი აიქნია მსუქანმა. - დაბრძანდით ჩვენთან, ქალბატონო ეკა...
- არა, მადლობთ. იქეთ საქმე მაქვს...
- თუ ჩემი ბრალი არ არი, რო ეს მანქანაზე ზის და წარამარა ნაცნობებს უჩერებს... ამას მოწონს, ხო იცი, ქალაქში სიარულს ვსწავლობო, - სიმწრით ჩაიცინა რამაზამ.
- ნუ ღელავ. შენ ნუ ღელავ, - თქვა მეორემ. 

- მე ხო ვარ კლიმენტი ჭეჟია? მე გეუბნები, რო არაფერი არ იქნება და იმას კიდე ცილისწამებაზე პასუხი მოეთხოვება.
- ბიჭო, ეგეც არ მინდა, რო ვიღაცა ჩემზე გამწარებული დადიოდეს, - აღმოხდა რამაზას. - ვიღაცაა, სახლი იცის, კარი იცის. გოგო მეზრდება, ძმაო, მე...
- გასაგებია. ნუ ღელავ შენ, - წამოდგომა სცადა მსუქანმა და ამოიხვნეშა. - აიტ, ასე, - თქვა წამომდგარმა. - დილით მოვალ აქ მე და შევხედავთ...
- მეც მოვალ, კაცო, - წამოდგა კლიმენტი. - ვაკიდანაც მოვიყვანოთ ვინმე.
- შოფერია, გესმის შენ, შოფერი, - გაიმეორა რამაზამ. 

- შოფერია და დაინახა თურმე...
- კაი, კაი, წავედით ჩვენ, შევხედავთ, - და ჰოლისკენ დაიძრნენ...
- უჰ, - თქვა რამაზამ და საკიდთან ჩაჯდა.
ეკა გამოვიდა და გვერდით მიუჯდა.
- დავურეკო რობერტ სტურუას? - კითხა უცებ.
- ვის?
- რობერტ სტურუას. 

დასში მიგიღოს. აზდაკი გათამაშოს...
- წადი, შენი, - წამოდგა რამაზა და გასაღები აიღო. - აქ ეგდე და ჭკვიანად იყავი.
- სად მიდიხარ?
- საქმეზე.
- ღამეა და... ამისთვის დამტოვე?
- შენ გეგონა, ჩაგიწვებოდი? - ჰკითხა რამაზამ და კარი გაიჯახუნა.
- რა ვუყოთ, გრიშა? - ეკითხებოდა კლიმენტი მსუქანს ლიფტში.
- რა უნდა ვუყოთ?
- ისე, ეგეთი ცოლის ყოლას...
- გატანჯა, რა. არადა, კაი ბიჭია რომა...
- კაი ბიჭია, მარა...ის ვიღაცაა, რაღაცა ხო დაინახა?
კლიმენტიმ ხელი ჩაიქნია და სადარბაზოში გააბიჯა.
- დაინახა, რო? მთელი თბილისი ამის ბოზობაზე ლაპარაკობს და იმანაც გაიგო, ეტყობა, რაღაცა...
- შოფერმა, ტო?
- შოფერი რა, ყრუა? გაიგო, დაფიქრდა. იფიქრა, მოვწველიო.
- უი, ის რო ყავს ამას მოურავივით...
- ანზორა?
- ხო. 

ანზორა. იმასთან დაილაპარაკებდა კაცი...
- რათ გინდა ანზორა?
- რა ვიცი, მაინც...
- თუ ძმა ხარ. მოვიდეთ ხვალ, შევხედოთ... ისე, სისულელეა. ამის ცოლს საყვარელი ლამის სახლში დაუდის და იმას არაფერს ეუბნება და...
- კარგი, რა... კაცი საქმეს აკეთებს. უნდა ახლა მაგას...

ღამე ოცდამეცამეტე

ზურამ მანქანა ჭიშკართან დატოვა, მაღლა ავიდა და აივანზე ტელეფონი გამოათრია. 

მერაბს ურეკავდა. მერაბი კი ჯიუტად დუმდა. საღამოობით სულ გამორთული ჰქონდა ტელეფონი. ზურა რეიდის გამო შიშობდა, უნდოდა, მერაბისთვის ეთქვა, საბარგულებს ამოწმებენო. თან ეს ისე უნდა ეთქვა, რომ მერაბი ვერ მიმხვდარიყო... თავის ამბავს. საიდან იცოდა მერაბმა, რომ იმ ცელოფანში თავი იდო? ან რა უნდოდა იმას ლიკას მანქანაში? ზურას ვერაფერი გაეგო. 

აივანზე იჯდა და ამცივნებდა. მერაბი არ პასუხობდა. რატომ რთავდა საღამოობით ტელეფონს? ლიკასი ეშინოდა. ზურას გაეცინა.
\"ზახოდაა სანახავი\", - გაიფიქრა ზურამ.
მაგრამ ჯერ მერაბი უნდა გაეფრთხილებინა. ის კიდევ არ პასუხობდა, არა, მერაბი უშიშროების წიგნაკს დააძრობდა, მაგრამ მერაბი მთვრალი იყო და როცა მერაბი მთვრალი იყო, ჯობდა...
\"ვაბშე, თბილისში დარჩეს, - გაიფიქრა ზურამ, - ეგება არც იყო ის თავი. რაღაცა ვერა ვარ ჭკუაზე\".
ამის მიუხედავად, ჩამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. იფიქრა, ვაკის სასაფლაოსთან დაველოდები მერაბს და ვეტყვი, რომ მაღლა რეიდიაო.
დაბლა წამოვიდა და შესახვევს რომ გამოსცდა, მერაბის \"კლარუსი\" დაინახა - თამამად მოქროდა გზაზე.
ზურა გადმოხტა და ხელი აუწია.
მერაბმა გააჩერა.
- სად მიდიხარ? - ჰკითხა შიგნიდან. 

- რაღაცები ვიყიდე, დავლიოთ. მე უნდა დავლიო...
- ქვემოთ ბიჭებს დავხედავ და ამოვალ, - აღარ გატყდა ზურა. - დღეს ბოლო ღამეა.
- რეიდია, - გააფრთხილა მერაბმა. - ყველას აჩერებენ.
- სუფთა ვარ, - გაიცინა ზურამ და ხელები აწია.
- სუფთას მოგცემ, - გაბრაზდა მერაბი. - ახალი მანქანა გინდა, ხო იცი.
- ლიკას უნდა... - თქვა ზურამ.
- ლიკას არა, იმას.
- საჭმელი აუტანე?
- ვისა.
- ლიკას და ბავშვს.
- შოკოლადი ავუტანე. ლიკა არ ჭამს.
- მინუტკა აქ იმ შენ გიას? ყავას ავუტან...
- იქ ახვალ? - ჩაეკითხა მერაბი.
- რავი, ავალ, დავხედავ.
- აქა ვარ, ვსვამ...
და ერთი ძმა მაღლა წავიდა, მეორე დაბლა წამოვიდა. 

ზურა კვლავ გააჩერეს.
- ვერ მიცანი? - ჰკითხა ერთ-ერთ პოლიციელს.
- ახადე ბაგაჟნიკი!
და კვლავ გაუშვეს.
ზურამ მრგვალი ბაღის კუთხეში გააჩერა მანქანა და წითელი აგურის ორსართულიან სახლში შევიდა. კიბეზე ვიღაც უცხოელს დაეჯახა, გაუგებარ ენაზე მოუბოდიშა და ძველ ხის კარს მიაწვა. ბნელ ჰოლში დიდი ოთახიდან გამოდიოდა სინათლე, ზურამ შეიხედა ფართოდ გამოღებულ კარში, სუდარაგადაფარებულ ცხედარს თვალი შეავლო და მეორე მხარეს წავიდა.
ბიჭები სამზარეულოში ისხდნენ.
- იქ რო დაგიტოვებიათ მარტო, ფანჯრებია ღია, - თქვა ზურამ, - კატა არ შემოვიდეს.
- ახლა გამოვედით, - თქვა ვიღაცამ.
ზურა ჩამოჯდა.
- ყველანი რჩებით?
- ვრჩებით, ხო, რა ვიცი...
- მაშინ მე დილით გამოვალ, - ზურა წამოდგა და დიდი ოთახისკენ წავიდა. ერთხანს იდგა და კუბოს დასცქეროდა. მხრები სტკიოდა და პირი უშრებოდა. მერე ლოჯიის ფანჯრები მიხურა და უკან გამობრუნდა.
- დასალევი გაქვთ რამე? თუ ამოგიტანოთ, - იკითხა სამზარეულოში შესვლისას.
- გვაქ, - იყო პასუხი.
- რა ფერი გადევს? - თვალებში შეაჩერდა ნიკა.
- შენც რჩები?
- ხო.
- აბა, დამალევინეთ. ერთი დამისხი, პროსტო.
ვიღაცა არაყის ბოთლს გადასწვდა.
- ნათესავი ხო არავინ გამოჩენილა? - იკითხა ზურამ და ჭიქა აიღო.
- არა. 

არც ვიცით. ვიცით, რო? შენ იცი?
- ყურშას გაუმარჯოს, - თქვა ხმადაბლა ზურამ, - და ყურშა ვინც მოკლა, იმის დედას შევეცი! ხო გაიგეთ, - და გადაკრა.
- ყურშას გაუმარჯოს, - წაიბურტყუნა ვიღაცამ.
- დაჯე, რა?
- არა, მივდივარ, - თქვა ზურამ. - ჩემი ძმიშვილი რესპუბლიკურში დააწვინეს?
- ხო მშვიდობაა?
- კი. უნდა ავიდე... მისმინე, ის გამომძიებელი ხო არ გამოჩენილა?
ჩაიცინეს.
- ხარაშო, დილით აქა ვარ, - დაიძრა ზურა.
კართან ნიკა დაეწია.
- რა მოგივიდა?
- არაფერი, - კარი გამოაღო ზურამ.
- აბა, რა არი?
- რა უნდა იყოს.
- დაგეწყო? - დანანებით ჰკითხა ნიკამ.
- ისე რა. წესით, არც უნდა დამწყებოდა... არაფერია.

ღამე ოცდამეთოთხმეტე

დერეფანში ხმადაბალი ლაპარაკი შემოესმა. 

ხმადაბალი და მშვიდი.
ზურას ხელისგულზე ნამცხვრებიანი ყუთი ედო, მეორე ხელში კი ყავის პაკეტი ეჭირა.
- უი, ზურა, - თქვა ლიკამ და წამოდგა. თითქოს დაიბნაო.
კაცმა მოიხედა და წამოიმართა. მაღალი იყო, მელოტი. თეთრი მაისური ეცვა და ადიდასის ტოტებჩახსნილი ჟოლოსფერი შარვალი, შიშველი ფეხები ბოლოებჩაკეცილ, გაცვეთილ ნაიკებში გაეყო.
- ნამცხვარი მოგიტანე და აი, ყავა. - გაუწოდა ზურამ.
- რა ტიპი ხარ, - თავი გადააქნია ლიკამ და თმა გვერდზე გადაიყარა.
კაცი წამოდგა.
- ზურა, ეს მაკუცუნას მამაა, - უთხრა ლიკამ შეძლებისდაგვარად მშვიდად.
კაცმა ხელი გაუწოდა.
- რამაზი.
- ზურა, - უთხრა ზურამ.
- აქ ვიყავი ამოსული, ჩემი ნათესავი წევს მეშვიდეზე, - თქვა უდარდელად რამაზამ. - დავინახე ქალბატონი ლიანა. ის შტერი გოგო კი არ გეტყვის არაფერს...
- მთელი დღე აქ იყო, - გაიცინა ლიკამ. 

- ზურამ წაიყვანა სახლში...
- ამ ბავშვების ვერ გავიგე, - ხელები გაშალა კაცმა. - ვერაფერს შეეკითხები.
ზურა ჩამოჯდა. ისევ აკანკალებდა.
- ცუდად ხო არა ხარ? - მხარზე ხელი დაადო ლიკამ.
- არა. დავიღალე.
- რაღას მოდიოდი? გავძლებდი ამ ყავის გარეშე.
- მაინც აქ ვიყავი, - თქვა ზურამ, - ხვალ ხო გასვენებაა. ავედი. რაღაცა სარბენი იყო.
- ხო. ხვალ არი გასვენება, - ჩაფიქრდა ლიკა და თითქოს რამაზას თვალთაგან წამოსულ შეკითხვას უპასუხა: - ამათი კლასელი, ბავშვობის ძმაკაცი, კუს ტბაზე რო...
- ხოო, - მოიწყინა რამაზამ. 


- ხო. ვიცი. ვიცი... დღეს ამბობდნენ. ვინ და რაო, ვერ გაიგეს, ხო?
- საწყალი... რას ერჩოდნენ? - თქვა ქალმა. - იმ დღის ჩამოსული. 

გერმანიაში იყო ექვსი წელიწადი...
- ეჰ, შვილო, - ბრძნულად თქვა რამაზამ,- აქ ჩამობრუნება იქნება? სულ უკან მრჩება ფეხები, მარა... თქვენხელა რო ვიყო...
- ეჰ, - ჩაურთო ლიკამ.
- კარგით, ქალბატონო ლიანა, წავალ მაშინ... - თქვა რამაზმა. - ღამე მშვიდობის. კარგათ, ზურიკო, გენაცვალე, - და წელგამართული, სწრაფი ნაბიჯით გაეშურა ლიფტისკენ.
ლიკამ ზურას შეხედა და ხელები გაშალა.
- მერაბი რო დახვედროდა აქ? - ჰკითხა ზურამ.
- მერაბი რო დახვედროდა, კი არ მომესალმებოდა... რა იყო, რა თვალები გაგიშტერდა?
- არაფერი. დავიღალე.
ლიკამ ყუთს ახადა თავი:
- ჭამე ახლა ეს ნამცხვარი, - თვალებში შესცინა ზურას.
- იასამნისფერი თვალები გაქ, - უთხრა ზურამ და წამოდგა. 

- წავედი.
- მოიცა რა. იჯექი ცოტა ხანს.
- კარგი, ვიცი, რო შემთხვევით მოვიდა, - თვალი ჩაუკრა ზურამ. - არ ინერვიულო ეხლა ჩემზე. ა, მეც შემთხვევით მოვედი. ვერ ვჩერდები ერთ ადგილზე... მერაბს არ ვეტყვი. სხვა რა?
ლიკა ლიფტამდე მიჰყვა.
კარი რომ გაიღო, უთხრა:
- ხო იცი, როგორ დამტანჯეს?
და ატირდა.
ზურას გულზე ედო თავი და ტიროდა. 

ზურა თავზე უსვამდა ხელს.
- რა ვქნა? მითხარი, რა ვქნა?
- არაფერი, - უთხრა ზურამ, - მე ვიზამ რაღაცებს, - და დააპირა, ეკითხა: იცი, რა იდო შენს მანქანაში?, მაგრამ არ ჰკითხა. გაიფიქრა: \"ზახოდა უნდა ვნახო\". და დახედა საათს ლიკას აცახცახებულ მაჯაზე.
თერთმეტის ოცი წუთი იყო. ორივენი კანკალებდნენ.
- წავალ, ხო. ჭკვიანათ იყავი, - გაუცინა აცრემლებულ ქალს. - ახლა შენც ვენები არ გადაიჭრა და არ მიუწვე შენ შვილს... გესმის?
ლიკამ თავი დაიქნია რამდენჯერმე და ნამტირალევი ხმით უთხრა:
- ჭკვიანათ იყავი...
\"ზახოდაა სანახავი\".
კვლავ რეიდი იყო. 

ზურამ კვლავ ახადა საბარგულს და კვლავ გაიარა. მერე ერთი ლამპიონით განათებულ ქუჩაზე შეუხვია, დაამუხრუჭა და დაიძახა:
- ზახოდ!
- არ არი!
ზურამ მაგნიტოფონს ჩაუწია და ფანჯრიდან გაყო თავი.
თუთის ტოტზე პატარა ბიჭი იჯდა.
- სად არი?
- პაბეგში, - ჩამოსჩურჩულა პატარა ბიჭმა. - ცუგო აწიეს. სროლა იყო...
- სად არი?
- იმალება, ბიცოლამისთანა, - კიდევ უფრო დაუწია ხმას პატარა ბიჭმა.
- ეგ სად არი?
- შენ ზურა არა ხარ? თბილისელი... - ჰკითხა ბავშვმა და ხიდან მესერზე ჩამოცოცდა, მერე კი ძირს ჩამოხტა.
- ხო.
- ჩაგიჯდები და გაჩვენებ. მილიცია დასდევს...
- სახლში არ შეეშინდეთ.
- ბაბოჩემს ძინავს და დედაჩემიც იქ არი, - მანქანაში ჩახტა ბიჭი.
- შენ დიშვილი ხარ? - გაუცინა ზურამ.
- ჰოუ, - მიუგო ბიჭმა. - სროლა იყო... 

ბიძაჩემმა ბიჭია დასჭრა ფეხში...
- აბა, საით წავიდეთ?


ღამე ოცდამეთხუთმეტე

- რა ბედზე გათენდა, ბოიშვილი ვიყო, - ზახოდა ეწეოდა და მიწას ჩასცქეროდა დაბალ, უზურგო სკამზე მჯდომი. - დილას იყო და, ის პირქვეაფეთქებული კვდებოდა. იქ არა ნახე? აბა, თუ მოვა მადლობის სათქმელათ, ერთი... მერე, შენ რო არ გაიკეთე და მე რო გავიკეთე... დამალული მაქ შენი ისა, რო იცოდე. და როცა მოგინდება... ხო... 

გამოვედი, მერე წავედი ღობე-ღობე, ძმაკაცი გამოვიდა, ბოიშვილი ვიყო, შვიდი წელი იჯდა და დავლიეთ. მე ცოტა დავლიე, მარა ხო უნდა დალოცო. გამოვედით ერთათ და ამანაც ახლა, ხო იცი, ამდენ ხანს იჯდა და აბშიაკი ებარა და ხო უნდა, რო აქაც პატივისცემა დაინახოს და იქ იჯდენ პატარები და, გამარჯობას რათ არ ამბობთ, ვერა მცნობთო? გამარჯობა, ცუგოო. ამას უკვე არ მოეწონა და წეეკიდა სიტყვაზე და, იასნია, რო წამოიკიდა. ცუგოს ლაპარაკში ვერ მოუგეფ. სიტყვა იცის. და დაარტყა... 

მაგრა დასცხო. ქუჩაში, ტო, ხალხი გვიყურებს. წააქცია და წიხლებით სცემა. ეხლა სავატყოფოშია ისა, ყბა გატეხილი აქვს. ესენი გაქანდნენ და მოიყვანეს, ზემოთ ტოლვილია ერთი, მომავალია, კაი ბიჭია, მაგათთან ახლობლობს და სიტყვას ელოდება და ამასაც ლაპარაკში წამოიკიდა, ტო, და დაარტყა, დააგდო ესეცა და წიხლებით... ბიჭო, ვეუნები, კაი ბიჭია, ბიჭო... რა კაი ბიჭიაო, ბოიშვილი ვიყო, ეხლავე ავიდეთ ქურდთანო და ამის კაი ბიჭობას იქ ნახავო. 

კაი, წამოვიყვანეთ. მოვიყვანე ჩემსა და დავაწყნარეთ მე და არტემას ბიჭმა და ეზოში მიჯენია კოხტათ და ხუმრობაში ამბობს, რა პალაჟენიე დამახვედრეთ აქაო და ზახოდ, ზახოდ, იძახის ვიღაცა. რა არის-მეთქი და ზუზუნა არი მთვრალი. შემო-მეთქი, ჰა. იძახის და ხო არ გააგდებ? შემოვიდა და მთვრალია, გულზეა და ახლა რა ხიპიშობა იყოვო, ჩემ ძმას ვიღაცის ხელი მოხვედრია, პატარასაო, და ყურები უნდა დავაჭრაო. ამის ძმა იმათში იყო და ვაშველებდით მე და ისა და ერთი ცუგოსი მოხვდა გაშველების დროს. მეც მომხვდა, რა არი მერე? აშველებ და მოგხვდება, მა, აბა, როგორ.
ათჯერა თქვა და აიღო ამან და მიარტყა დანა ბაყვში. 

ჰაო, ახლაც არ გაჩერდებიო, ჩემი მოხვდაო. ახლა ამას მოვბანე ის დაჭრილი. პატარაზე ჰქონდა, მარა წაუსვი რამეები. შარვალი სულ სისლხიანი. ვაწყნარე, ბიჭო, ვეუნები, ვაშველებდით მე და შენი ძმა. კაი ბიჭია მაგის ძმა... ახლა ეს გავისტუმრე და აიღო ცუგომ და, ძმაკაცი უნდა ამოვიდესო, და სახლში წავალო. 

ვიფიქრე, შარი არ ატეხოს, იმ დღის გამოსულია და ხო იცი, გავყევი.
ამოვიდა ის ძმაკაცი. ეს თუ დღეს გამოვიდა, ის გამოსულა სამი დღის წინათ. იარაღით არი და უკვე რეიდებია დაწყებული. მაგათთვის რა არი, ისევ შევლენ. მეც შევალ, მარა ტყუილა შევიდე, ძალათ? ძალაზე არიან. ცუგომ თქვა, წამო, მაიკოში დავჯდეთ ჩვენ სამიო, კუპეში დავჯდეთო. ეს ძმაკაცი ნასროკალია უგონზე, მარა ზონაში კაცი მოკლა და ბესპრიდელია, ჰკიდია. 

ვაჟკაცი ბიჭი არი და, აემხელა იარაღი აქეთ უდევს, იქეთ - ყამა. დავჯექით. ყვებიან ახლა იმის, ამის და მეცა ვთქვი, გუშინწინ-მეთქი, რუსთავში ვიღაცას ქურდისთვის ხელი დაურტყამს, იმის არაკაცი-მეთქი. მივაგინე რაღაცას, რავი, ამბათა ვთქვი, ყვებოდნენ ქვემოთა და. ეს ძმაკაცი მიყურებს და, ის ქურდი ქურდი აღარ არიო. როგორ აღარ არი-მეთქი. იმან კიდე სულა ჰკანკალებს ბნედიანივით და, მე ავწიე მაგაზე ხელიო და ეგ დღეს ქურდი აღარ არიო. 

და ამოიღო ყამა და დაარჭო მაგიდაზე და ცუგოს ეუნება, ეს ვინ არი შენიო, და, ჩემი ძმა არიო, ცუგომ ეგრე პირდაპირ უთხრა, კაცურათ, რაც არი სინამდვილეში. და ამან, მეო, ახლა პროსტომც შენი ხათრით არ ვესვრიო. და მე მეუნება, ძმაო, ამ წუთიდან, სადაც შეგხვდები, იქ გესვრიო. და უყურებ ბესპრიდელია, ჰკიდია. ერთი - იქეთ, ერთი - აქეთ. ავდექი და, ცუგო, გავედი-მეთქი. და გამოვედი.
გამოვედი და მეთქი, ამას ვემალო ახლა? ხო არ დავემალები? ბოლობოლო ცუგოსთან მნახავს. 

ქვეით რეიდია და დარბიან უკვე. 

ამოვედი სახში, ჩავიდე აბრეზი და გავედი. მაგის დედაც ვატირე, თავზე ხელი მაქ აღებული. დავჯექი ქვემოთა, ბიჭები არიან და დავჯექი. ჩამოივლის, დამინახოს, აქა ვარ. მართალი ვთქვი, ტყუილი ხო არა. მოვიდა ბიჭია, მთვრალია. 

ბანცალებს, ფეხზე ვერა დგას და რეიდებს აგინებს. მაგარი ბიჭია რა, იცის, რო რეიდია და გამოსული არიან და მაგარი ბიჭია. დაჯე-მეთქი, ბიჭო, რასა ჭყივიხარ, ვის გვიყვარს-მეთქი. ახლა მე არ დამიწყო? ერთი თვალი იქა აქ, მეორე აქა... დაჯე-მეთქი, ან წაიყვანეთ სახში, ვინა ხართ, აბა?.. მაგინებს. ძმა ხარ, ვეუნები, ბოიშვილი ვიყო, შენ ხასიათზე არა ვარ. 

მაგინებს. ათჯერ უთხარი, ძმა ხარ. მაგინებს...
მე ხო კაცი ვარ, არა? მთელი დღე ხო თავბრუ დამახვიეს, არა? და საღამოზე კიდე მკლავდა ვიღაცა, ხო? ვეუნები, შენ ხასიათზე არა ვარ... არ დაიშალა. მეუნება, ახლა მოიყვანე შენი დაო. გონზე არ არი, მარა ამდენი ხალხი გვიყურებს და ამოვიღე და გაუშვი ერთი დაბლა. გაუშვი და მოხვდა. 

ბნელა, რავი მაგისაც, კიდე... რბილში აქსო. იქავე გამოფხიზლდა და შევიყვანეთ მაღაზიაში, დავსვით... აიწიეო, რა, ბიჭებმა, ხმაზე მოვლენო და ამოველი აქა, აგე, რა დღეში ვარ...
- და ბიჭია?
- რესპუბლიკურში ჰყავთ. პაკაზანია მიცა, გააჩერეს მანქანაო და ქუჩა მკითხესო და ვუთხარიო და ვერ გაიგესო და უზდელათ მითხრეს და მეც შევაგინეო და მესროლესო. ახლა თბილისში უნდა გავიდე, ამეღამაც და აქ ვერ გავჩერდები... თბილისში ვიქნები, გლდანში. 

ბიძაჩემთან. შევხედავ. ცუგო აუწევიათ ეგრევე, კაპეზეში ჰყავთ. ის გაიქცა, მაგის ძმაკაცი. ნასეტკებია გარშემო სულა, აღარ არი ჯანი, - ამოიოხრა ზახოდამ. - რა დღეა, ა, ბოიშვილი ვიყო...
- მე რა გავაკეთო? რა გჭირდება? - ჰკითხა ზურამ.
- არაფერი, ძმაო, შენ რაღა უნდა გააკეთო. გაკეთდა და გაფუჭდა თანა... 

კი არა, მანქანა არ დაინახონ აქა, თორე გაგაწვალებენ... შენ იმაზე არ იდარდო. შენახულია. დღეს რაღა იქნება და ხვალ გამოვატან ვინმეს.
- მაიცა, თუ ძმა ხარ. შენი იყოს, - უთხრა ზურამ.
- არ შეჭამ რამეს? - უხალისოდ ჰკითხა ზახოდამ. - ჩემი რატო უნდა იყოს. შენი შენია, ჩემი - ჩემი.
- შენია, მორჩა.
- სპასიბა, ძმაო. 

პატივსა ვცემ ვინმე კაი ბიჭს. გრამ-ნახევარია, ხო.
- ორი იყო.
- ორია, ორი. ბევრია... - ჩაფიქრდა ზახოდა.
- იყოს. შენა, მისმინე, ის თავი სად გადააგდე მაშინ?
- ისა?
- ხო.
ზახოდამ ჩაიცინა თავისი ტკბილი ხმით:
- ისა... გორკზე ხო ამიყვანე.
- ხო.
- ხოდა, გადავედი ერთ ეზოში და მანქანაში ჩავდე. \"ბეენვე\" იყო, თეთრი. 

ღია იყო, რავი. მარტო ბაგაჟნიკი გავხსენი. აგურის ღობეა და წვეტიანი სახლი, კრიშაში რო ოთახია... რა არი რო?
- ჩემი რძლის ბაგაჟნიკში ვნახეთ ამ საღამოს, - თქვა ზურამ.
ზახოდამ ხელისგული დასცხო ხელისგულს.
- რა დღეა, ბოიშვილი ვიყო, - თქვა მწარედ, - ეს თბილისლები რა ყველაფერს კადრულობენ. ახლა რა უნდა უქნა?
- არ ვიცი.
- ვაახ...

ღამე ოცდამეთექვსმეტე

- მოხვედი? - მერაბს აივანზე გამოეგორებინა ტელევიზორი და სავარძელში მჯდომი თვლემდა. შორტებისამარა იყო. გვერდით მოედგა არაყის გახსნილი ბოთლი, თუმცა, ბევრს ვერ მორეოდა.
ზურამ გახუნებული შავი მაისური გადაიძრო და თვითონაც სავარძელში ჩაჯდა.
- გინდა ოცი ათასი? - ჰკითხა მერაბმა.
- ვერავინ ვერ იგებს, - გაეცინა ზურას.
- დალიე, რა?
- დავლევ, ხო, - ბოთლს გადასწვდა ზურა. 

- მთელი დღე მციოდა და ახლა მცხელა... უ, ესეც რა თბილია...
- ცხელა, - თქვა მერაბმა - შენ...
- რა იყო?
- კაიფში ხარ?
- საიდან მოიტანე. რა კაიფში.
- აბა, წეღან სად წახვედი?
- იქ ჩავედი. კაიფში ამ თბილ არაყს დავლევ?
- გადააგდე... - თქვა მერაბმა. - გესმის?
- რაზე ვიჯექი, რო გადავაგდო?- გაბრაზდა ზურა.
- მაიცა, რა... ორი დღე კაიფში ხარ. 

მაგის მეტი რა ვიცი.
- რომელი ორი დღე?
- გუშინ და გუშინწინ! მე ლიკა კი არა ვარ, შენი წონა...
- ახლა არ თქვა, ცოლი შეირთეო...
- ისე, აწი კი შეილება. რამდენის ხარ?
- ოცდაცამეტის.
მერე დუმდნენ. მაიკლ დუგლასს უყურებდნენ ტელევიზორში.
- დედამ დარეკა დღეს...
- ჰა... რაო?
- კარგათ ვართო.
- ლიკანში მეც კარგათ ვარ. წნევაო?
- კარგათ.
- როდის უნდა ჩავაკითხო?
- დარეკავენ, კიდე...
- დაასხი, რა.
- ზაპოი აიკიდე?
- დაასხი, დაასხი... ეგრე. გაგვიმარჯოს.
- თაგვის წამალი ჩააბარე? - ზურა წამოჯდა და მაისური გადაიცვა.
- რა თაგვის წამალი?
- ლიკას მანქანაში რო გქონდა.
- ხოო. 

მაგას... რაში გაგახსენდა?
- რავი.
მერაბმა ისევ დაისხა.
- ნახე, რამდენი პეპლებია, - თქვა ზურამ.
- შუქზე მოდიან, ჩათლახები. თან რა ჟივჩიკები არიან. დღე ძინავთ, კედლებზე... - დაამთქნარა მერაბამა.
- მისმინე... - წამოიწია ზურა, - ლიკა მოკვდება.
- ვა? - გამოხედა მერაბმა.
- ან რამე ძაან ნიტო მოხდება, თუ უკვე არ მოხდა, - ზურამ სიგარეტის კოლოფი ამოიღო შარვლის ჯიბიდან და თავი ახადა. - ა, მოწიე.
- არ მინდა, კაცო, ჩემი მაქ, - მერაბმა ტუჩები მოკუმა. 

- რა ცუდი უნდა მოხდეს? რას ბოდავ?
- რას ვბოდავ? როდემდე მოითმენს?
- და რას იზამს, სხვას მიცემს? გავუჩეხავ თავს... მაგასაც და იმ სხვასაც, - ხასიათი წაუხდა მერაბს.
- საღოლ. მერე?
- მერე და მერე, დაჯექი და კერე.
- ტვინი გაანძრიე, - ზურას თვალში შეუვიდა სიგარეტის ბოლი და დაიჯღანა. - ტვინი გაანძრიე. შენ იცი, რაზეც.
- რაზე, ზუკი, აზრზე ვერ მოვდივარ, - თვალის დაუხამხამებლად თქვა მერაბმა. - რაზე, ძმაო.
- მე შენ ლიკა ხო არ გგონივარ?
- ვააჰ, - სავარძლის სახელურს დაჰკრა ხელი მერაბმა. - რა გინდა, დავადო იმ ქალს?
- რა ვიცი. 

პროსტო, ყველა მაგაზე ლაპარაკობს. დაგცინიან.
- მე რას დამცინიან, რამაზას დაცინონ.
- და რამაზა მოითმენს?
- ჰმ. რამაზა ჩემი კურსელია, ტო. რამაზა მოითმენს? რამაზა იმდენს მოითმენს, რო არ დაგსიზმრებია.
- და, კაროჩე, ესე უნდა იყოთ და ლიკამ დღეში ოცჯერ უნდა იტიროს?
ზურა გაჩუმდა.
- რა ვქნა, ძმაო, სიყვარული ბრმაა, - წამოდგა მერაბი და გაიზმორა.
- რა სიყვარული? შენ ეგ წაკლაშკა გიყვარს? მაგის შვილი კინაღამ დამაჯდა მანქანაში.
- ვა, მართლა? - გაუხარდა მერაბს.
- რა გიხარია?
- ეგ ჩემი შვილი შეილება ყოფილიყო, - თქვა მერაბმა. - შენ საბავშვო ბაღში იყავი, მე რო დედამისი მიყვარდა...
- და ლიკა?
- ლიკაც. ლიკა... შენი ჭირიმე, რა? იმდენი პრობლემა მაქ... 

დავწვეთ, ჰა?
- დაწექი, მე არ მეძინება.
- ტელევიზორი შემოაგორე მერე...
ზურა იჯდა, უყურებდა, უყურებდა და უყურებდა. მერე გადაცემები დამთავრდა.
ზურა წამოდგა, შინ შევიდა.

შენ ვარდები გიკრეფია, ანზორი
- რომა, ჩამოდი ერთი...
მანამდე რამაზა ყურაბელიძე აივანზე იჯდა და უყურებდა, როგორ გადმოსვეს ძველი, ყვითელი \"ჟიგულიდან\" კეფაზე თმაწამოფარებული გოდორივით კაცი გრიშამ და კლიმენტიმ, როგორ ჩაისვეს მანქანაში და როგორ წავიდნენ სადღაც.
მერე რამაზი ლოჯიაში იჯდა და უაზროდ უყურებდა ტელევიზორს.
- ბავშვს დაურეკე? - გასძახა ეკას.
- არ პასუხობს, ეტყობა, წამოვიდა.
- ბავშვი ვერ ვნახე, რაც ჩამოვედი...
- არ გინდა ნახვა და როგორ ნახავ?
ამ დროს დარეკეს.
- რომა, ჩამოდი ერთი, - კლიმენტი იყო.
რამაზამ ფაციფუცით ჩაიცვა ფეხსაცმელი და ლიფტს აღარ დალოდებია.
სადარბაზოსთან გრიშა და კლიმენტი იდგნენ გაღიმებულნი.
- რას აგვაწრიალე, ბიჭო? - ჰკითხა გრიშამ.
- რა არი...
- არაფერი არ არი, კაცო. 

ერთი საწყალი ტაქსისტია, ისიც ვერ უთხარი, დაგიჭერ-თქო. არაფერიო, აქეთ კლიენტი მოვიყვანეო და. დავინახე ეს ქალიო და იმას მივამსგავსეო. არაფერი. ხმას არ ამოიღებს სიკვდილამდე არაფერზე. 

ტელეფონთან არ მივა სახლში, - მხარზე ხელი დაჰკრა კლიმენტიმ რამაზას, - დაისვენეო.
- ხუთი ათასიო, ბიჭო, - ამოთქვა რამაზამ.
- ხო, ხუთი ათასიო. მაგრამ არაო. რა მოგივიდა? კაცმა იფიქრა, არიფი ვნახეო, ქალიო. და ნაისპუგ ავიყვანო.
რამაზა დუმდა.
- არ ინერვიულო. აქაც მოვიყვანეთ, გამომძიებელი ვნახეთ, კაი ბიჭია. ჩვენი თაობა და კიდევ მაღლა...
- მაღლა კაცო, მაღლა...
- უპატიოსნესი ბიჭია, ბუხნიკაშვილი. მართლა, აი, გიჟივით პატიოსანი.
- გამომძიებელთან რა გინდოდათ? - შეცბა რამაზა.
- კაცო, მე შენ ნივრის კვლებში დავდივარ? - გაიცინა გრიშამ. 

- გვინდოდა, ესეც იქ მივათრიეთ ყურით. უთხრა, რაც სათქმელი ქონდა, და ჩვენც უთხარით, რაც სათქმელი გვქონდა. დარეკავს გამომძიებელი, მიიყვან შენს მეუღლეს, დაწერს, რო არ ახსოვს... ნუ, როგორც არი. რო უჩერებს ხოლმე ნაცნობებს. მოაწერს ხელს და მორჩა.
- იმასაც ჩამოართვა ჩვენება? - პირი დააღო რამაზამ.
- ვააჰ, - გაბრაზდა გრიშა. - ორი ამხელა კაცი რისთვის ვიყავით მისული? მერე ეს შოფერი გავუშვი და ვუთხარით ამას, რო ასე ქნა და ასეო. 

დაუდარაჯდაო...
- კაი ბიჭია, უპატიოსნესი ბიჭია...
რამაზა დადუმდა.
- ამ შოფერმა დაწერა, რო თეთრ \"ბეემვეში\" ჩაჯდა და ნომერი არ ახსოვს. ვსო, მორჩა, პრაშჩაი, დასვიდანია. ვერც ფულს მოგთხოვს, ვერაფერს. ახლა თეთრი \"ბეემვეების\" თვლა რო წავიდეს...
- დღეს მარხავენო, - თქვა უცებ რამაზამ.
- ვის, კაცო.
- იმ ბიჭს, - გამოერკვა რამაზა. - მთლად ახლობლის ის გამოდგა. სასაცილო არ არი?
- ეგრე, ჩემო რომა. ეგრე კეთდება. 

შენ არაფერზე ინერვიულო. დარეკავს ის პატიოსანი კაცი...
- ეგება, არც დარეკოს.
- ალბათ, არც დარეკავს, მარა მაინც, მაგაზე აღარ ინერვიულო. არც დაწერა მოგიხდებათ რამესი, პროსტო, ხელს მოაწერს შენი მეუღლე.
- აბა, დაწეროსო?
- თითონ დაწერს გამომძიებელი, რო გაესაუბრა, შემოწმდა და მორჩა. ეს ხელს მოაწერს. არაფერი...
- აბა, მორჩა? - ეჭვით შეხედა რამაზამ კლიმენტის.
- მორჩა ხო, მიხედე საქმეს.
- აბა... მადლობა?
- შენ კარგათ იყავი.
- მადლობაზე არ გავჩერდები.
- შენ იცი, - მანქანისკენ წავიდნენ ორნი, - აბა, კარგათ...
რამაზა დარჩა ოდნავ დაბნეული და დამფრთხალი. თუმცა, უკეთესი რა უნდა ექნა, არ იცოდა. 

მერე საათს დახედა და სადარბაზოში შევიდა.
- რა გადაწყდა? - ეკა სავარძელში იჯდა და ეწეოდა.
- რაც არ უნდა გადაწყდეს, მე ჩემ თავზე არ ავიღებ, - თქვა რამაზამ. - აეთრიე, ლოგინი აალაგე.
- რა ლოგინი? - გაუკვირდა ეკას.
- სპალნაში.
- რა ლოგინი ავალაგო...
- აეთრიე და მომეხმარე, მატრასები უნდა დავწვა. - რამაზა საწოლ ოთახში შევარდა და თეთრეულს ეტაკა. პირდაპირ იატაკზე ყრიდა.
- მოიცა, ე! - შეჰყვა ეკა.
რამაზა ყურაბელიძემ ჯერ ერთი მატრასი ამოგლიჯა ლოგინიდან და ჰოლში გააქანა, მერე - მეორე.
- რას შვები?
- შენ დამპალ კვალს ვსპობ... - ამოიგმინა რამაზამ.
- მერე, რაზე დავწვეთ?
- რაზეც გინდა, იმაზე დაწექი. მე ისედაც მივდივარ.
- მე ვიტყვი, რომ შენ მოკალი.
რამაზას გაეცინა. კომოდზე შემოდებულ ფოტოს დახედა.
- უკანასკნელი ფოტოგრაფია, - სურათი მოჭმუჭნა და ჯიბეში ჩაიდო. 

მერე ეკას მიუბრუნდა:
- ახლა მისმინე. ეს საქმეც გაგიკეთე. გამომძიებელი თუ დარეკავს, არ შეგეშინდეს. მიხვალ, დაწერ, რო არავინ ჩაგისვამს, და ხელს მოაწერ. მორჩა. ამას იქეთ არ წავა.
- სად მივალ, ხო არ გაგიჟდი? - მიახალა უცებ ეკამ.
- როგორ, სად მიხვალ? - პირი დააღო რამაზამ. - გეუბნები, თუ დაგირეკავს გამომძიებელი, მიხვალ, რაც გითხარი, იმას გააკეთებ და წამოხვალ. 

გამომძიებელი გაფრთხილებულია.
- ჰმ... გაფრთხილებულია. რო დამიწყოს იქ რაღაც შეკითხვები, რა ვქნა?
- არ დაგიწყებს.
- რო დამიწყოს?
- არ დაგიწყებს-მეთქი და ახლა თავი დამანებე, - დიდი ოთახისაკენ წავიდა რამაზა.
- მე ვეტყვი, რო შენ მოკალი, აბა, რა ვუთხრა? - მოესმა უკანიდან.
რამაზა ყურაბელიძე გაწვრთნილი ჯარისკაცივით მოტრიალდა და სილა შიგ სახეში სტკიცა ეკას. ეკა გადავარდა, უმატრასებოდ დარჩენილ საწოლებს შუა გაიშხლართა და სახეზე ხელები აიფარა. რამაზამ ისკუპა, თავზე დაახტა წაქცეულ ქალს და ნაცად მოკრივესავით დააყარა მუშტები. თავში და ნიკაპში. ეკა მოიკუნტა, სცადა, გვერდზე გადაბრუნებულიყო, და კიოდა კიდეც, რაც შეეძლო, მაგრამ რამაზამ იოლად უპოვა ტუჩები და ზედ ხელისგული დააფარა. 

ეს საქმე კარგად გამოსდიოდა. მეორე ხელით კი ეკას უსუსურ ხელებს იშორებდა და სცემდა, სანამ თვითონ შეეძლო სუნთქვა. მერე ხელი შეუშვა, გულამოვარდნილი წამოდგა და ძლივს ამოთქვა:
- მე მოვკალი, არა?
ეკამ ამოიკვნესა.
- ხმა, შე ნაბოზარო, - რამაზა მიუტრიალდა და წიხლი მიაყოლა ფერდში.
ეკამ კვლავ ამოიკვნესა.
\"ეშმაკობს, - გაიფიქრა რამაზა ყურაბელიძემ, - ისეთიც არაფერი დამირტყია. დროზე დავწყნარდი. ნახევარი ძალით ვურტყამდი\".
- ხმა! - დასჭექა რამაზამ. - დაურეკე ახლა შენ სკორი პომოშს. მოვარდეს გვარდიით...
ამაყად ჩაიცინა და ტანსაცმლის სწორებას მოჰყვა.
ეკა წამოჯდა, ლოგინის კიდეს ჩამოეყრდნო.
ტუჩი გახეთქილი ჰქონდა. 

თვალებიც შესიებოდა. სარკეში ჩაიხედა. შემოგლეჯილი ხალათი გაისწორა. თავი გააქნია და თქვა:
- შენ მე ვერ გამშორდები.
- გამომტყუე? \"მე ვიტყვი რო შენ მოკალი\"... გეუბნები, გაკეთებულია.
ზარის ხმა მოისმა.
- შეეთრიე შიგნით, ყინული გამოფხიკე და დაიდე, - თქვა რამაზამ და კარის გასაღებად წავიდა.
ანზორა იყო.
- მოვედი, ზახარიჩ.
- ხო, - თქვა რამაზამ. - ახლა ეს მატრასები ჩავიტანოთ ქვემოთ, მანქანას ის გაუკეთე და წავიღოთ... მოიცა, მანამდე გავზომოთ, - ჰოლში უჯრებს ეტაკა და სათითაოდ გამოწია, - ეს, - ხმას დაუწია: - ეს, წავიღოთ საწყობში და იქ ეზოში დავწვათ. 

ახლები უნდა მოვიტანოთ.
ანზორამ თავი დაუქნია.
- ახალია, ზახარიჩ, ვინმეს მოუნდება მუშას, იქ...
- უნდა დავწვათ, ხო გესმის... გამომართვი სანტიმეტრი...
- ხარაშო...
ერთი მატრასი ერთს მიჰქონდა, მეორე - მეორეს. ლაქა აღარც ეთქმოდა. იფიქრებდი, ვიღაც ფეთხუმს ლოგინში ყავის ფინჯანი გადაუბრუნდაო.
მატრასები ძარაზე დაამაგრეს და ანზორამ თქვა:
- ჯიპი გინდა, ზახარიჩ... აბა, ესეთი მანქანით ნაგვის თრევა ცოდვაა...
- დაჯე ერთი, ბევრს ნუ ლაპარაკობ... - და ჩასხდნენ.
მათ, რა თქმა უნდა, არ შეუმჩნევიათ თმაშევერცხლილი, კუბოკრულპერანგიანი შავგვრემანი კაცი, რომელიც \"კონგრესს\" ეწეოდა და შორიახლოდან უყურებდა მოფაციფუცე პატრონს და მოურავს.
ეს იყო უპატიოსნესი ბიჭი, გამომძიებელი ბუხნიკაშვილი.

ღამე ოცდამეჩვიდმეტე

მერაბ ჟურულმა დერეფანი გაიარა, კარს ხელი ჰკრა და თავის სამუშაო ოთახში შევიდა. 

ცელოფნის პარკი მაგიდის ფეხთან დადო და ჩამოჯდა. 

დილიდან ცხელოდა. მერაბი საშინელ გუნებაზე იყო, თუმცა შიში არაფრისა ჰქონია. ეს სიტყვა კარგა ხნის წინათ, ჯერ კიდევ სკოლაში დავიწყებოდა. იმ დღიდან, როცა სიმიონოვკაზე შატალოზე მყოფს ქურთებმა ჯინსის გახდა დაუპირეს. ისინი ოთხნი იყვნენ, მერაბი - ერთი, და, თან, ორიოდე წლით უმცროსი. სიმიონოვკელებს საერთოდ არ აინტერესებდათ, მინისტრის მოადგილის შვილი იყავი თუ ობერპროკურორისა. და მაშინ მერაბი მიხვდა, რომ რადაც უნდა დაჯდომოდა, უნდა ეჩხუბა, შიში არ უნდა დაენახვებინა მათთვის. 

იჩხუბა, ჩხუბით დააღწია თავი და გამოექცა.
ახლა მერაბი, უბრალოდ, ნერვიულობდა, და მეტი არაფერი. ნამთვრალევზე პირიც უშრებოდა და გზაში ნაყიდი \"ბორჯომი\" მანქანაში დარჩენოდა.
ჩქარობდა.
რომ მოვიდა, წელი ვეღარ აითრია. \"დათა თუთაშხია\" აიღო მაგიდიდან, გადაშალა და უაზროდ დაიწყო კითხვა. უყვარდა ეს წიგნი. ერთხელ ისეთი სადღეგრძელო დალია, რომ კარგა ხანს ახსენებდნენ. ეს წიგნი, სწორედ ეს წიგნი, ახლა რომ ხელში ეჭირა, ომისას ერთ-ერთ სოფელში იპოვა. ცარიელი, საჭურვედ გამზადებული კოხტა სახლი იყო. 

ვინ იცის, ახლა ეგებ აღარც არსებობს. სოფელში რომ შევიდნენ, იქ უკვე აღარავინ ცხოვრობდა, ეს სახლი კი მეორე საგუშაგოდ გამოცხადდა.
სახლში აღარაფერი იყო დარჩენილი. რაც დარჩენილიყო, იატაკზე ეყარა. ეს წიგნი პატარა მაგიდაზე იდო სკოლის რვეულებთან ერთად. ის პატარა მაგიდა, ის კუთხე, ერთადერთი დალაგებული ადგილი იყო მთელს სახლში. ჭიქაში წათლილი ფანქრები ეწყო, იქით კიდევ რაღაც სახელმძღვანელო იდო.
მერაბმა წიგნი აიღო და ზურგჩანთაში ჩაიდო. ასე ატარა თან მთელი ლაშქრობა და მერე თბილისში წამოიღო. 

შავყდიანი წიგნი იყო, აღარც ეტყობოდა ოქროსფერი წარწერა.
ყოველთვის, დახედავდა თუ არა მაგიდაზე ამ წიგნს, იმ სახლის ის პატარა კუთხე ახსენდებოდა და თუ კარგ გუნებაზე იყო, დასძახებდა ოთახში მყოფი თანამშრომლების გასაგონად:
- ჰა, არ შევდივართ?
ცუდ გუნებაზე მყოფი კი ძლივს გასაგონად წაიბურტყუნებდა:
- თქვენი...
ახლა მერაბი იჯდა და უაზროდ ფურცლავდა წიგნს.
მერე გადადო და სიგარეტს მოუკიდა.
არც ის მოწია ბოლომდე, ცელოფანს ხელი დაავლო და დერეფანში გავარდა...
დაუკაკუნებლად შეაღო ნაცნობი კარი და შევიდა.
- ვა, მერაბ... - წამოდგა ბზრიალა სავარძლიდან დაბალი, მოქნილი კაცი. - რა იყო, ვერა ხარ ხასიათზე?
- ხო, რაღაც ვერა ვარ და...
- მოულხინე?
- ჩავისხი, რა მოვულხინე...
- დაჯე, რა? - მაცივარი გამოაღო კაცმა. - შენ თუ იცი, რო \"ბორჯომს\" \"ნაბეღლავი\" ჯობია? - ცისფერი, გაუხსნელი ბოთლი გამოიღო. - საღამოს ვტოვებ, დილით ცივია. მა რა ვქნათ ამ სიცხეში? დაჯე...
- დავჯდები, ხო. გლიგორიჩ, ამირანა აქ არის? - ჰკითხა მღელვარედ მერაბმა.
- აქ არი, სად იქნება? ახლა გავა, ერთ ორმოც წუთში, - საათს დახედა მასპინძელმა.
- ეხლა მისმინე, გლიგორიჩ, - ფილტვები ამოაყოლა მერაბმა, - ეხლა მე ამას დაგიტოვებ, - და შელანძღული ცელოფანი მაგიდაზე შემოდო - შენ, ამირანამ და გურამამ ნახეთ და მე ჩემთან ვარ ოთახში და დამირეკეთ... 

ყველაფრისთვის მზად ვარ. ხარაშო?
- ეგ რა არი? - თითქოს პარკში ჩაჭვრეტა უნდაო, ისე აზიდა თვალები კაცმა.
- ნახავთ, რაც არი... გავიქეცი, ეხლა, - და მერაბი კარისკენ დაიძრა.
- ბომბი მომიტანე?
მერაბს აღარ უპასუხია, კარი გამოიხურა და დერეფანი ძუნძულით გალია. ოთახში შევიდა, მაგიდასთან დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
\"გურამა, თორე ამირანა და პიოტრ გლიგორიჩი ძმები არიან, ყველაფერს ვეტყვი\", - ფიქრობდა გამწარებული.
ტელეფონმა გამოარკვია. მობილური იყო. ნომერს დახედა.
ეკა.
- ხო.
- რას შვები?
- რა იყო, გაცივდი?
- არა.
- რა ხმა გაქ...
ამ დროს მაგიდაზედაც აწკრიალდა ტელეფონი.
- გადმოგირეკავ რა, მეძახიან...
- მერაბიკო...
და გათიშა.
- ჟურული, - ხრინწი ჩაიწმინდა ყურმილში.- მოვდივარ, ხო...
ყური არ უგდია, როგორ უწკრიალებდა ქამარზე ტელეფონი, დერეფანი გაირბინა და დააკაკუნა.
- შემო, ხო. უცხოა, გაიგე, შენ, - მოესმა შიგნიდან.
ამირანა ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო, გურამა კუთხეში ქსუტუნებდა, გლიგორიჩი კი თავის სავარძელს აჭრიალებდა.
მაგიდაზე გაზეთშემოძარცვული მომცრო საზამთრო იდო.
- დანა წამოიღე? - ჰკითხა ამირანამ.
- რა დანა?
- აბა, ყველაფრისთვის მზად ვარო და, წამოგეღო დანაც, - გაიცინა გლიგორიჩმა.
მერაბი სკამზე დაეშვა.
- ამას გარიაჩკა აქვს, - ჩამოხტა ამირანა.
- თავიდან ნესვი მეგონა... 

- თქვა გლიგორიჩმა. - -შევხედე, საზამთროა. თან როგორ მეუბნება, ამირანას და გურამს დაუძახეო, და მეც ოთახში ვარ და ყველაფრისთვის მზად ვარო.
- შუთნიქ, - გაუხარდა ამირანას. - ამან იცი, რა ქნა სოხუმში შუა დაგადუგის დროს? აიღო და...
- კაცო, გაჭერით თუ ჭრით, ვის ცალია ამისთვის? - აღმოხდა გურამს. - ცივია მაინც?
- ვითომ, - საზამთროს ხელი მიუტყაპუნა გლიგორიჩმა. - არა, ყველაფრისთვის მზად ვარო, რას ნიშნავს?
- ეგ პახმელიაზეა ეხლა და პრიჩინა შემოაგდო, - გასაღებების ასხმულაზე შებმული ჯაყვა გახსნა ამირანამ. - ნახე, ნახე, ხმას ვერ იღებს.
- რავი, თუ შამპანური გაგეხარდებოდათ, - უხალისოდ თქვა მერაბმა.
- აი, რა ვთქვი! ფერი კაი აქ, - თქვა ამირანამ. 

- პატარაა, მარა...
- ნესვი მეგონა, ბიჭო...
- უნდა შეგვედო მაცივარში, - თქვა გურამამ.
მერაბს კვლავ აუწკრიალდა ტელეფონი ქამარზე.
- ვაახ, ეს კიდე ვერ მოვიშორე, - თქვა და გამორთო.
- მევალეები დაგდევენ, ჯიგარო? - ამირანას ტუჩები საზამთროს წვენით მოსვროდა.
- მევალეები არა, ისა...
- ამას ქალები უჩმახებენ, - თქვა გლიგორიჩმა. - ფუმფულა ბიჭია...
გურამამ ერთი მოზრდილი ნაჭერი აიღო და თქვა:
- მე პას...
- ჭამე, ბიჭო, აიღე, - ანიშნა მერაბს გლიგორიჩმა. - ეს მართლა ვერ არი, ხო იცი, დღეს...
მერაბი პატარა ნაჭერს გადასწვდა და ჩაკბიჩა.
- წყნეთის გზაზე ვიყიდე, - თქვა უცებ. - მეთქი, სანამ მზე დააცხუნებს.
- უფრო პატარა არ იყო? - გაიკრიჭა ამირანა და ცხვირსახოცი ამოიღო.
- სამ კაცს გასართობად ეყოფა და დიდი რა, ქორწილში ხო არ მომქონდა.
- სწორია, რა გინდა. არც ისეთ პახმელიაზეა ეს კაცი... მარა, ის ყველაფრისთვის მზად ვარო, რა იყო?
- რა ვიცი. შამპანური, ვიფიქრე...
- არა, არა, - თქვა გურამამ. 

- თან უკვე შევჭამეთ.
- არა, ხო, - წამოდგა გლიგორიჩი. - ეხლა მე ხელი უნდა დავიბანო.
- წიხლი მიკარით, რა, - წამოდგა მერაბაც. - წავედი, საქმეს მივხედო, - და გამოვიდა.
- კაი ბიჭია მერაბა, - თქვა გლიგორიჩმა.
- ძმაა, ტავარიშ პალკოვნიკ, - გაუხარდა ამირანას.
- სულელია ცოტა, - წამოდგა გურამა.
- სულელი ნამდვილად არ არის, - თქვა გლიგორიჩმა და ოთახიდან გავიდა ხელების დასაბანად.

ღამე ოცდამეთვრამეტე

- ახვედით?
- ხო, ამოვიყვანე, - უთხრა ლიკამ. 

- აქა ვართ. შენ სადა ხარ?
- სამსახურში, - სახე მოისრისა მერაბმა. - ამოვალ საღამოს. ზურა სად არი?
- ზურა დღეს გასვენებაშია...
- უი, ხო, - მერაბს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სათქმელისთვის თავი ვერ მოეყარა. 

- ჭკვიანად იყავი, იცოდე. გესმის?
მისდა გასაოცრად, ლიკამ არ უპასუხა. აი, ეგრე, იდგა, ალბათ, სამზარეულოს გამოღებულ ფანჯარასთან და დუმდა.
- რა იყო? - ჰკითხა ბოლოს.
- არაფერი, - თქვა მერაბმა და დაკიდა.
მერე მობილური ჩართო და ქუჩაში გამოვიდა.
ერთხანს თავის ბოთლისფერ \"კლარუსს\" მიყრდნობილი იდგა, მერე კი მობილური იძრო და ნომერი აკრიფა:
- მე ვარ. რას შვები? გამოდი იქა, ვჭამოთ. სადა და იქა.
ეკა: ვერ გამოვალ.
მერაბი: ავათა ხარ-მეთქი?
ეკა: არა.
მერაბი: აბა, რა გჭირს? რა ხმა გაქ, სურდოიანი. ამ სიცხეში...
ეკა: ნაცემი ვარ. დასიებული მაქ მთელი სახე...
მერაბი დადუმდა. 

რა უნდა ეკითხა?
ეკა: მცემა. წიხლებით...
მერაბი კვლავ დადუმდა, ისე, როგორც ლიკა დადუმდა წეღან.
ეკა: გესმის?
მერაბი: მესმის, ხო...
ეკა: მერე?
მერაბი კვლავ დადუმდა, ბოლოს კი ჰკითხა: რა მერე?
ეკა: მე მეკითხები?
მერაბი: შენ მეუბნები და, აბა, ვის ვკითხო?
ეკა: მალაძეც... მაგას ველოდი ზუსტად.
მერაბი: რატომ გცემა?
ეკა: რატომ მცემდა, როგორ ფიქრობ? რატომ ცემენ ცოლებს? რატო ასისხლიანებენ? რატო ესვრიან სკამებს, თეფშებს, ბოთლებს... არ იცი?
მერაბი: მე რა ვიცი?
ეკა: თავს ნუ იშტერებ ერთი...
მერაბი: რას ვიშტერებ. დაგირეკე, ვჭამოთ-მეთქი. ნაცემი ვარო. ეგება მე შენზე უფრო ნაცემი ვარ. 

იცი, ვაბშე, რა მოხდა, შე... იცი, ვაბშე? შენი დებილობის გამო? არ მინდა ამ ტელეფონით ლაპარაკი, გამოდი და შემხვდი. გაიკეთე სათვალე და გამოდი, გაიგე?
ეკა: რას კივიხარ? წადი და შენ ცოლს უკივლე, თუ ტრაკი გაქ...
მერაბი: შენი საქმე არ არი, მე ვის რას ვუკივლებ... და ჭკუაზე მოდი...
ეკა: შენ მოდი ჭკუაზე! შენ მოდი ჭკუაზე! კივის აქ. გეუბნები, მცემა, შენ მეუბნები, მერე მე რა ვქნაო.
მერაბი: მე გეუბნები, გამოდი და შემხვდი, უნდა გელაპარაკო. არ არი ტელეფონით სალაპარაკო, გესმის?
ეკა: ვერ გამოვალ...
მერაბი: ვერ გამოხვალ და ეგდე მანდ და გირტყას წიხლები...
მერაბი დადუმდა, დადუმდა ეკაც.
და მაინც, ბოლოს ეკამ თქვა: მე ამას მაინც გავშორდები, შენ კიდე იმას ვერასდროს ვერ გაშორდები, ასი ჩანგალი რო შეურჭო... მაინც. 

მაგის თავიც აღარ გაქვს... (აქ ეკამ თითქოს ენაზე იკბინა, მაგრამ დასიებულ ტუჩებს უკვე თავისი მოეხერხებინათ).
და დაკიდა.
და, ალბათ, გათიშა.
გაოფლილი მერაბი ქუჩაში იდგა.
- რა ჩანგალი, - თქვა ისე, რომ გამვლელებმა მოიხედეს, - რა ჩანგალი და რა...
და ჩაჯდა და დაქოქა.
იცოდა, რო, სად მიდიოდა?
ყველაფერი უნდა მოეგროვებინა და დაფიქრებულიყო. სადღაც გააჩერა. გააჩერა და კვლავ აუწკრიალდა ქამარზე:
- მე ვარ, -თქვა მერაბმა. - ო, გლიგორიჩ... როდის? როცა მეტყვი... დავილაპარაკოთ? ხო მშვიდობაა? ეხლა ისა და... 

შენ რომელამდე ხარ მანდ? კარგი, - მერაბმა ტელეფონი მიაგდო და საჭეზე დაემხო თავით. \"ისქესა ბებერმა\", - გაიფიქრა და თვალები დახუჭა.

ღამე ოცდამეცხრამეტე

რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი.
არც მინახავს ასეთი რამე არასდროს. ან კი როგორ ვნახავდი? პირდაპირ დოლბიში ვუყურებდი მთელ ამ ისტორიას.
კაი ბიჭები არიან ჩემი ძმაკაცები.
არ ვაპირებდი და უფრო მაგიტომ წავედი, ბიჭების გულისთვის. უხერხული არ არის, საკუთარ გასვენებაში არ მიხვიდე? დედაჩემის გვერდით. ავდექი და გავფრინდი საბურთალოზე. რა თქმა უნდა, გავუსწარი. ვუყურებდი, როგორ ელოდნენ მესაფლავენი და როგორ მოჰქონდათ ბიჭებს კუბო. 

ჩვენი ადგილი ხევშია, ამიტომ ბევრი იწვალეს. აქეთ - ბაბუაჩემი, იქეთ - ბებიაჩემი...
ყველაზე უხერხული ის იყო, რომ ვხედავდი, რარიგ უფრთხილდებოდნენ კუბოს. ასეთი რამისთვის ადრე როგორღაც არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ საკუთარ დაკრძალვაზე მაინც სხვანაირად ჩანს. ეჰ, მინდოდა, მეყვირა, აბა, მაგას რას უფრთხილდებით, მე ეგ ტიალი გვამი ხომ არ გგონივართ-მეთქი, მაგრამ აბა, საიდან, როგორ...
ხალხი გვარიანად მოგროვილიყო. ცხადია, ჩემი ნათესავები ვერ ეპოვნათ. საწყლებმა ამას რომ მოაბეს თავი, ის მიკვირს და ეხლა კიდევ ნათესავები. გოგოები, სულ ქმრებით. 

დიდი არაფერი ხვითოები არიან. ამათაც, ჩემებს, ცოლები წამოეყვანათ, მშობლებიც კი მოსულიყვნენ და ირაკლი მაისურაძის ბებია ნინაც აქ იყო. საწყენად ნუ მიიღებთ და, ნინა ბებია მკვდარი მეგონა. აგერ არის, ბატონო, თავისი შავი შლაპით ამ სიცხეში და ლაკის ფეხსაცმელებით დასიებულ, დაღლილ ფეხებზე.
ცხონებული ბაბუაჩემი რომ მოკვდა, ბებიაჩემი დაისვამდა დედაჩემს და ჩამოთვლიდა, ის ორივე პანაშვიდზე იყო და გასვენებაშიც, ის - ერთ პანაშვიდზე, ის - მხოლოდ გასვენებაშიო, და მიყვებოდა ბოლომდე. სულ ბოლოს იმათ მიადგებოდა, ვინც არ ყოფილა და სულ წლების მიხედვით გაარჩევდა არმოსულების და ბაბუაჩემის ურთიერთობებს. ამით იმის დადგენას ცდილობდა, ერგებოდათ თუ არა პანაშვიდზე ან გასვენებაში მოსვლა.
სიმართლე გითხრათ, მიკვირდა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოვა და ვინ არა-მეთქი. ახლა კიდევ, დავცქეროდი ამათ თავზე და ვფიქრობდი, ნეტავ ვინ გვაკლია-მეთქი.
არსებობს სია!
ყველა ვიცი. 

თუმცა მათ სახლებში ქრიალს და ფარდების აშრიალებას არ ვაპირებ. მე თვითონ რაც პანაშვიდები გამომიტოვებია, ის რომ დავთვალოთ, სად წავალთ? ჯერ მარტო ამ ბოლო შვიდ წელიწადში. ნახევარი ქალაქი ჩაწვა და მე სად ვიყავი?
ახლა ვფიქრობ, იქ დარჩენა ხო არ ჯობდა-მეთქი, მაგრამ რა ვიცი. ეს აჩრდილობაც არც ისე ურიგო საქმე ყოფილა. ნეტავ მღვდელი თუ ყავდათ? უი, მაგაზე არც მიფიქრია. ასე რო დავქრიალობ, როდემდე? მოიყვანდნენ, ვარიანტი არ არი.
ისე, უნდა ვთქვა, რომ ბიჭები მაგრად იდგნენ. ტირილი და ეგეთი სისულელეები არ ყოფილა, რასაც ვერ ვიტან. 

ეგ იყო, რომ ძალიან დაძაბულები იყვნენ, თუ დამწუხრებულები, და შტერმა რუსიკო მამფორიამ წაიკრუტუნა. რუსიკო ყოველთვის ჯიგარი იყო, ყოველთვის ვჩხუბობდით და ერთადერთი გოგოა დედამიწის ზურგზე, რომელზეც არასოდეს არაფერი გამიფიქრია. ერთადერთია და განუმეორებელი და, აი, ხომ ხედავთ? წაიკრუტუნა, მიტრიალდა და წავიდა მაღლა ტირილ-ტირილით... ე, თხა! გიჟდებოდა, თხას რო ვეძახდი. ხო დადიხარ გაუთხოვარი? უფრო სწორად, განათხოვარი? შენ ვინ გაგიძლებდა?
და რა გამიკვირდა, იცით? შორიახლოს იდგა გამომძიებელი ბუხნიკაშვილი.
აღარ დაადგა საშველი. დგანან და დამყურებენ.
რუსიკო მაინც წამოიყვანეთ იქ, თქვე გოიმებო. მარტო რუსიკო, სხვები არ დავინახო.
ე, ნახე, სულ გამომრჩა.
ზურა მოვიდა.
ჩამოფხოკიალდა თავდაღმართში.
ე, ნახე, მე მეგონა, აქ იყო.
აქამდე სად იყავი, შე გოთვერანო?
რა ფერი აქ, რა არი? რამე არ მოგიხდეს, ტო, თორე მოგისვამ გვერდით ორმოცდამეჩვიდმეტეს უკანა ეზოში და ვიქნებით მხიარულად.
მოვიდა და დადგა.
- სადა ხარ? - წასჩურჩულა ნიკამ.
მან კი არ უპასუხა.
სულ რაღაც პრობლემა აქვს. 


გაუთავებლად. ოფლიანია და გაფითრებული. ისე, ყველა ოფლიანი იყო იმ სიცხეში.
მერე, ბოდიში და, დაახურეს.
რაღაა მოსაყოლი?
ბაბუნა მესაფლავეებთან შერჩა, საჭმელები ამოულაგა კალათიდან. ჭიქები გაავსო, რაღაც წაიბურტყუნა, დალია, კალათი წამოიღო და წამოვიდა.
- მანქანა უნდა დავაყენო, - ეუბნებოდა ზურა ნიკას ეკლესიის ჭიშკართან.
- ჩვენც უნდა დავაყენოთ, - თქვა ვიღაცამ.
მეც ავდექი და გამოვყევი.
საკუთარი ქელეხის აღწერა კი შეუძლებელია. ისე, არ უხარხარიათ. თამადა ბაბუნა იყო. საათ-ნახევარში ადგნენ ყველანი ერთად და ცოცხალივით მადღეგრძელეს. 

მერე ბაბუნამ ყველის ნატეხი ჩაიგდო პირში და თქვა:
- ვყე, - და აღარც დამჯდარან.
ეს სულელი რუსიკო კი იდგა ამათთან ერთად და კნაოდა.
ჩემი ძმაკაცები კაი ბიჭები არიან.
მეც აღარ გავჩერებულვარ. რაღა მინდოდა იმ რესტორანში?
გამოვქრიალდი მარტო.
ეჰ...

ღამე მეორმოცე

- წამო რა, დავჯდეთ სადმე, - უთხრა ზურამ ნიკას.
- წამო, ჰა, ოღონდ მე არ დავლევ, - მერიის საათს შეხედა ნიკამ.
- შენ კიდე, რა სულ საათს უყურებ? ერთხელ არ შეხედო, არ შეიძლება?
- ეგ ეგრე ჩანს, იმიტო, რო საათი არ მიკეთია. წამო, ჰა...
- წამო, ჩვენთან ახლოს სადმე და მერე წყნეთშიც აგაგრიალებ.
- მანქანა სად გიყენია?
- სახლთან. არა, ტაქსით ავიდეთ. ჯერ რა, ჯერ ადრეა. რა გინდა ახლა მაღლა!
ტაქსი გააჩერეს და ჩასხდნენ.
- ჭავჭავაძეზე...
- ჭავჭავაძეზე რა ადგილას? - დაძრა შოფერმა.
- რავი... წადი და ვნახავთ... 

მზიურთან. ფრანცია იცი?
- ფრანცია როგორ არ ვიცი, - თითქოს ეწყინა მძღოლს. - მარა გადაკეტილი იყო.
- რატომ? - ჰკითხა ნიკამ.
- რა ვიცი, ვიღაცას უნდა გამოევლო...
- გამოივლიდა მერე, - თქვა ზურამ. - ნაციონალში დავჯდეთ.
- ნაციონალი აღარ ქვია. სმაგლერსინი ქვია...
- რა ქვია?
- სააგლერს ინი. და გვერძეა კიდე რაღაცა ახალი.
- ჰო, წარამარა ცვლიან, - თქვა მძღოლმა. - ჩვენ იქა გვაქ ბირჟა, მაღლა...
- ეხლა იმ სახლს რა ეშველება? - იკითხა ზურამ.
- რავი. 

ნათესავი გამოჩნდება, იჩალიჩებს.
- რო არ გამოჩდეს?
- მაშინ სახელმწიფო დაითრევს.
- ყველაფერს ითრევენ, - თქვა მძღოლმა. - ყველაფერი მაგათ ხელშია და დაითრევენ, მა რა. ხალხი კიდე - მშიერი.
- ხოო, - გააგრძელა ნიკამ.
- ეხლა, ჩვენთან ერთი დგას ბირჟაზე... ეხლა, იმას რა უქნეს. - თქა და დადუმდა მძღოლი. -ბიჭი რო იპოვეს კუს ტბაზე... ხო იცით?
- მერე? - ჰკითხა ნიკამ ჩამწყდარი ხმით.
ზურამ კი თავი ჩაქინდრა.
- ეგ ბიჭი, ხო გაიგეს, ვინც არი. 

ხოდა, ამას უნდა ჩაესვა. დაუაბგონა წინ თეთრ ბეემვემ და ჩაისვა. ქალი იჯდა რულზე და წაიყვანა. წაიყვანა, წაიყვანა. ნაცნობი იყო, გაუჩერა. მერე ეს ბიჭი ხო იპოვეს. ეხლა ეს შოფერი მოდის და დაინახა ის მანქანა. 

ვაკეში დადის ის მანქანა დღესაც... და გაეკიდა. გაყვა, რა. კარგათ ათვალიერა, პადიეზდი ნახა, დეელოდა იმ ქალს და უთხრა, ესე, ესეო. და ცოტა ფული მომეციო. მომეციო, რა, რო მე დაგინახეო და ეხლა მე ხო არ ვამბოფო, მარა, რო არც გავიფიქროო. გიყურებ, ვაკეში დადიხარო...
ზურამ თავი აწია, თითქოს რაღაცა უნდა ეთქვა, მაგრამ იგრძნო, როგორ მოუჭირა ნიკამ მხარზე ხელი...
- მერე?
- მერე დააყენეს, ბიჭო, თავზე პოლიცია, ვიღაცა ხალხი. 

აიყვანეს გამომძიებელთან, დააწერინეს, რო ეს ქალი კი არ დაინახა, პროსტო, თეთრი მანქანა დაინახა. ლამის იქეთ მიატანინეს. აი, საწყალი კაცის ცხოვრება. ვის ეჭიდავები? ვაკეში ეჭიდავები? ყველაფერი ხელში აქვთ...
- შანტაჟზე წასულა, - თქვა ნიკამ ვითომ ინტერესით.
- ეხლა საწყალი კაცი... რა მუშაობა ჩვენ გვაქ?
- აი, აქ გააჩერე, - თქვა უცებ ზურამ.
მძღოლმა დაამუხრუჭა.
- მოიცა, მაქ, - გაიწია ნიკა.
- რა ქვია იმ შოფერს? - ფული გაუწოდა ზურამ.
- იმას? უშანგა... აგე, ზემოთ დგას, ბარნოვის კუთხეში...
- უშანგა...
მანქანა წავიდა.
ზურა ნიკას უყურებდა. ნიკა - ზურას:
- სისულელეა, - თქვა ნიკამ. 

- სულ ვიღაცას უჯდებოდა. ეტყობა, ვიღაცა იყო ნაცნობი. ქალი ხო არ მოკლავდა? შოფრების ამბავი არ იცი?
- ისე, მაგარი ქლიავი ყოფილა ის უშანგა. არ ყოფილა პროფესიონალი...
- წამო, ჰა, დავჯდეთ.
- მოიცა რა, ავიდეთ მაღლა, ეგება დგას...
- ვინა, ტო?
- უშანგა.
- და რა უთხრათ მერე?
- მე ვეტყვი...
- კარგი რა. სისულელეა...
- მაშინ შენ დაჯექი და მე ავალ...
საღამოვდებოდა.
ნიკამ სათვალე ჩამოიწია შუბლიდან თვალებზე და თქვა:
- წამო, ჰა...
- უ, როგორ მინდა დალევა, - ჩაილაპარაკა ზურამ.

ღამე ორმოცდამეერთე

ზურა იჯდა, უყურებდა. უყურებდა და უყურებდა. მერე გადაცემები დამთავრდა.
ზურა წამოდგა, სახლში შევიდა და მერაბის მანქანის გასაღები აიღო. 

მერე რაღაც პარკი მოძებნა და ეზოში ჩავიდა. სიგნალიზაცია გამორთო და საბარგულს ახადა. პარკი იქ იყო, თეთრი და ჭუჭყიანი. ზურამ ცარიელი პარკი ზემოდან შემოაცვა თეთრ პარკს, მერე ბოლოებში ხელი მოჰკიდა და დაიქნია. მერე ახალ პარკს თავი მოუკრა და თავისი მანქანის საბარგულში ჩადო.
მერე სახლში ავიდა, მაცივარი გამოაღო და იქიდან მომცრო საზამთრო გამოიღო. სასინჯი სამკუთხა ამონაჭერს დააწვა, აქაოდა, კარგად ჩავამაგროო. ეს საზამთრო გუშინ საღამოდან მაცივარში იდო. 

მერაბს არ გახსენებოდა, მთვრალს. მაგრამ არ იქნებოდა საზამთრო, სხვა რამე იქნებოდა. უბრალოდ, საზამთროს გავდა. ლიკას თუ უყიდა წყნეთის ბაზარში.
- აჰ, ხელები უნდა დამებანა, - თქვა მოულოდნელად ხმამაღლა, საზამთრო გაზეთებში გაახვია და ეზოში ჩაიტანა. თეთრ ცელოფანში ჩააგდო, იმასაც თავი მოუკრა და მერაბის საბარგულში, სიღრმეში შედო. მერე მანქანა დაკეტა და მაღლა ავიდა ხელების დასაბანად.
ერთხანს ისევ აივანზე იჯდა, მერე წამოდგა და ტელეფონი გამოიტანა.
დვაცატ ტრი დვაცატ სემძესიატ დვა.
- აბა, თუ მიცანი?
- ვაუ, ბიძააა?! როგორ დაიმახსოვრე?
- ეგრე გამოვიდა. მარტო ხარ?
- ვაუ... 

მძინავს.
- არ გამოისეირნებდი?
- სად?
- შორს...
- შორს?
- ვერ ვიძინებ. კატაობა მინდა... ჰა?
- და სად წავიდეთ?
- შორს...
- შაიზე! მაგრა ვპრიკოლობ შენნაირ მასტებზე.
- მოვდივარ, ჩემოდნით დამხვდი, - დაკიდა ზურამ და გახედა ვარსკვლავიან ცას წყნეთისას, ეგეთ ლამაზს და გემრიელს, დაუნანებლად გადმოფარებულს ამ კოხტა ალაგის თავზე.
წყნეთის გასასვლელში თვითონ გააჩერა და გადმოვიდა.
- მე ვარ, ძმაო, ისევ მე, - მიმართა უხალისოდ მსხდომ ავტოინსპექტორებს. - აგე, ჩემი პრავა, აგე, ჩემი ცოლი, აგე, ჩემი ბაგაჟნიკი, გასაღებიც არ უნდა, აარტყი, გაიღება... მეშვიდეთ მაჩერებთ დღეს.
- წადი, წადი, ერთი, - წაილაპარაკა ერთ-ერთმა გუშაგმა, - რამდენს ლაპარაკობს? მეშვიდეთ... 

ერთხელ ამოიარა და ერთხელ ჩაიარა...
- და ერთხელაც ამოიარა, არა? - გაუცინა ზურამ. - წავიდა სამმართველო?
- წავიდა.
- დაიჭირეს?
- დაუჭერიათ, ხო...
\"ხოო\".
ყველა საგუშაგოსთვის თავისი ტექსტი ჰქონდა მზად: \"სიმამრი დამეღუპა, ეხლა დარეკეს, მივდივართ მე და ჩემი ცოლი\", \"მამაჩემი მოყვა ავარიაში, ეხლა დარეკეს და მე და ჩემი და... 

გორში აგდია რეანიმაციაში. მკვდარია, ცოცხალია...\"

ვითომ რა უნდა მომხდარიყო
იგოეთთან რომ აბაზიანს გადააგდებ, რომ გამოსძებნი ერთს ვიწრო გზასა, იმ განთიადის ლაჟვარდოვან გაწელილობაში რომ არ გაგექცევა თვალი ჯერაც ნისლებამოვარდნილ ხევებისკენ, არ გიმტყუნებს ხელი და სწორად დაიჭერ მოსახვევებს ხრიოკა, საურმე გზაზე, ხოლო ჩიტების საამო ჭიკჭიკი და წინ გამოვარდნილი გაოცებული ყურცქვიტა არ აგიფრთხიალებენ გულსა და მაინც ჯიუტად გაჰყვები ამ გზასა, აი, იქ წაადგები მოფარებულში ერთ უბრალო სახაშე დუქანს, სადაც დილაბინდზე სჭამენ ხოლმე პურს კავკავიდან წამოსული ღამენათევი სატვირთო მანქანათა მძღოლები.
მაკუცუნას კი ეძინა. თავი გვერდზე გადაეგდო და ტუჩები სულ ერთი ბეწოზე გაეხსნა.
თავიდან არ ეძინა, მაგრამ ზურამ ბევრი იჩალიჩა, რომ დასძინებოდა.
- ეხლა ეს რას ნიშნავს, რო მომიტაცე?
- არა, ეს ნიშნავს, რო ვკატაობთ.
- და სად მივდივართ?
- კაი ხაშს გაჭმევ დილით, - ეცინებოდა ზურას.
- დილით დედაჩემი დარეკავს.
- დილით სახლში იქნები. ვკატაობთ, ბენზინს ჩავასხამ, გაჭმევ. გინდა, სურამში ვჭამოთ?
- იმსიშორეს ვკატაობთ?
სიმართლე ითქვას და, მაკუცუნას დიდად ვერ გაეგო, რას უპირებდა ზურა. რაც უნდა დაეპირებინა, საშიში და მოულოდნელი არაფერი იქნებოდა. ზურას კი თან სჭირდებოდა მაკუცუნა ავტოინსპექტორთათვის საჩვენებლად, თან ფიქრობდა...
არა, ზურას სულაც არ ეგონა, რომ მაკუცუნა ჭკვიანი გოგო იყო. 

უბრალოდ...
ერთი რამის ეშინოდა ზურას, ასეთი გოგოს იქ გამოჩენა... თან ხომ არ იცოდა, რა მოხდებოდა?
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მაკუცუნა უნდა ყოფილიყო იქ. ეს მას ისევე ეხებოდა, როგორც ზურას. კი, ეხებოდა.
ზურას სახსრები სტკიოდა და დაქანცული იყო. მუსიკა მაინც ჩართული ჰქონდა და ფანჯრები ჩაწეული. ეწეოდა და ეწეოდა. ხმას თითქმის არ იღებდა.
- შენ შუმახერი ხარ? - ჰკითხა მაკუცუნამ მოწყენილი, ძილისთვის მზადმყოფი ხმით. 

- რამსიშორეს გამოვკატავდით.
- შენ ეხლა წაუძინე... აი, კურტკა დაიფარე, - უთხრა ზურამ. - მე გაგაღვიძებ მაგარ საკაიფო რესტორანთან. რას შეჭამ?
- ყველაფერს, - თქვა მაკუცუნამ.
- ფანჯარა ამოწიე და დაიფარე, - უთხრა ზურამ. - სულ სწორი გზაა, საკაიფოთ დაგეძინება.
- ხო, - კურტკის ქვეშ მოიკუნტა მაკუცუნა.
\"რა პატარაა\", - გაიფიქრა ზურამ.
ახლა მაკუცუნას ისევ ეძინა. ზურამ კურტკა სახეზე გადააფარა და გადავიდა მანქანიდან. საბარგულს ახადა, პარკი ამოიღო და დუქანში შევიდა.
- ზდაროვა, - თქვა ხმადაბლა და დახლისკენ წავიდა.
დახლში ოსი იდგა, შიშველ ტანზე თეთრი ხალათი შემოეცვა.
- ზდაროვა, - თქვა ოსმა. 

ვიტრინაში ორი თეფში მწნილი იდო - ხარჩო, ხაში, ოსტრი..
- ხაბიზგინა? - გაუცინა ზურამ.
- გავაკეთებ, ო, - ჩაილაპარაკა ოსმა. - მოცდა უნდა, აგე, ჯერ დილაა...
- მარეკა მინდა, - უთხრა უცებ ზურამ და პარკი დახლზე შემოდო.
- ვინ მარეკა?
- მარეკა. არ იცი, ვინ არი მარეკა?
- რა ვიცი, ვინ არი მარეკა?
- რო მოგიყვანო და იცოდე, მაშინ რა გიქნა? - მიაწვა ზურა.
- მე არ ვიცი მარეკა.
- არც ალიკა?
- ალიკა... აი, ალიკა. ალიკ...
სამზარეულოდან ხელების წმენდით გამოვიდა მეორე ოსი.
- ეს კი არა, სხვა ალიკა... მარეკა მინდა.
- მაცადე, - თქვა ოსმა, - რას შესწამ? ოსტრის?
- მიდი, - უთხრა ზურამ. პარკი აიღო და მაგიდასთან დაჯდა. 

პარკი ძირს დადო - ქართულ ფულს იღებ?..
- ყველა ფულს, - თქვა ოსმა და გავიდა, ერთ წუთში გამოვიდა და დაუძახა: - მოდი, წაიღე ეს ერთი ოსტრი. შენ ვინა ხარ!
ზურა დაფიქრდა:
- იცი, ვინა ვარ? სამი დღის წინ ალიკა რო ჩაიყვანა გორში. ბარგი რო ჩაატანინა. ალანასთან რო დადის ხოლმე. სერი \"ბეემვე\", - უთხრა ზურამ და თეფშები აიღო.
მანქანას გახედა, მაკუცუნას კვლავ კურტკა ეფარა თავზე.
ზურა ჭამდა.
დრო თითქოს არ გადიოდა.
ოსი კვლავ გამოვიდა დახლში:
- სახელი რა გაქ?
- ზურა, თბილისელი... იცის, აქ დავდივარ ხოლმე.
და პირველად გაიფიქრა:
\"არ დამბრიდონ ამათ აქ მე და ეს მაკუცუნა არ გაუშვან კრუგში\".
თითქოს სურდო ჰქონდა:
- ლიმონათი, რუსეთის, - დაუძახა ოსმა და ჭიქაჩამოცმული ბოთლი შემოდგა დახლზე.
ზურამ ჭამა, მოწია და წამოდგა.
პარკი აიღო და კარისკენ წავიდა. მერეღა გაახსენდა, რომ გადასახდელი ჰქონდა, და დახლისკენ მოტრიალდა.
- ორი მანეთის არი, - თქვა ოსმა.
- ვა, კომუნიზმი გაქთ აქ? - ჰკითხა ზურამ და გამოტრიალდა.
- მაიცა, ეჰე, - დაუძახა ოსმა. 

- სად მიდიხარ?
- წავედი, რა.
- მაიცა, - ოსი დახლიდან გამოვიდა. - ეხლა მარეკას კაცი მოვა.
- მარეკას კაცი არ მინდა. მარეკა მინდა, - კარი გამოაღო ზურამ.
- მაიცა, მანდ იყავი. მარეკას ძინავს, სოფელშია.
- მე მღვიძავს, - თქვა ზურამ და უცებ ყოველგვარი გმირობის სურვილი გაუქრა. - იტოგში, აი, ეს, - პარკი აწია და ოსს დაანახვა, - მარეკასია. ჩემთან დარჩა მანქანაში. რო გაიღვიძებს, მიეცი...
მაგრამ ოსმა ხელები ზურგს უკან დამალა.
- მე ვიცი ხარჩო, ბორში, ყაურმა, - თქვა ეშმაკური სიცილით, - მე ეგენი არ ვიცი...
- აი, აქ დავდებ, - თქვა ზურამ.
- აქ ვერ დადებ, იმიტო რო, აქ ათასი კაცი მოვა, წავა...
ზურამ ხელი ჩაიქნია და გარეთ გამოვიდა.
მაკუცუნას ეძინა.
მოსახვევში სატვირთო მანქანა გამოჩნდა. 

ნელა მოდიოდა. აქ როგორ ივლი ჩქარა?
ძარაზე ორი კაცი იდგა.
მანქანა დუქანთან გაჩერდა.
მძღოლმა კარი გააღო და ზურა მიხვდა, რო მოვიდნენ.
მარეკას ზურასავით შავი, გახუნებული მაისური ეცვა და ავტომატი ეჭირა. ფეხშიშველი იყო...
ეს ორნიც ჩამოხტნენ დაბლა. დახლის ოსი კართან მოვიდა, ვიტრინას აეკრო.
ზურამ პარკი აიღო მიწიდან.
- ტი ქტო? - ჰკითხა მარეკამ და დაიჯღანა, ნამძინარევი იყო.
ზურამ იგრძნო, რომ სურდო დაეწყო.
პარკი გაუწოდა და თქვა:
- ეს შენ კაცს დარჩა მანქანაში, გორში რო ჩავიყვანეთ სამი დღის წინ...
მარეკამ პარკს უყურა, უყურა და თქვა:
- შენ თბილისიდან მოხვედი?
- ხო.
მარეკა შეტრიალდა და მანქანისკენ წავიდა. კაბინაში შეხტა და იქიდან მოკიდებული სიგარეტით დაბრუნდა.
- ეგ ჩემი ტრუპი არ არი, - შეხედა ზურას.
- არც ჩემი არ არი, - უთხრა ზურამ.
- შენ ალანასთან დადიხარ?
- ხო, - მიუგო ზურამ.
- მარტო ხარ?
- ხო.
- მერე რატო მოიტანე?
- რავი, დაგრჩათ. 

ვნახე, წამოვიღე. თქვენი იყო...
მარეკა რაღაცას ფიქრობდა.
- გადააგდე, რა... 

- უთხრა ბოლოს.
ზურამ პარკი მიწაზე დადო და ძალიან, ძალიან ქალაქურად უთხრა:
- შენია, ძმაო, და შენ გადააგდე, მე რა, მენაგვე კი არა ვარ... კინაღამ სროკზე წავედით ამის გულისთვის.
მარეკა კვლავ რაღაცას ფიქრობდა.
მერე ხელი ჩაიქნია და თქვა:
- შენ თუ ჩემი ეს გეგონა და მოიტანე, ... მარა ჩემი ტრუპი არ არი. არავისი არ არი. ვიპოვეთ... ეგ აქაური არ არი. ზნაეშ?
- ვაბშე, არ მაინტერესებს, ვინ არი, - მანქანისკენ წავიდა ზურა და იფიქრა, რომ ესროდნენ.
- მაიცა, ძმა...
ზურამ მოიხედა:
- შენ პრავი ხარ, - უთხრა მარეკამ. 

- მარა მეც პრავი ვარ. მაგის ადგილი თბილისია... აქ მე ოონი, მოონის ტრუპი არ მინდა.
- მე რა ვქნა?
- შენ... წადი, ძმა. მოხვალ, წახვალ. შენი საქმე ეგ არი... ჩემი სიტყვა არი რო, ეს არ ყოფილა. 

ია სვოი სროკ ზნაიუ.
- არ გვინდა ეგეთები, - თქვა ზურამ, აშკარად გახარებულმა. და მანქანის კარი გამოაღო.
- ტი ზნაიშ... შენ რა გქვია?
- ზურა.
- ხო. მე - მარეკა, - და მარეკამ პარკი აიღო და მანქანისკენ წავიდა.
\"უჰ!\" ამოისუნთქა ზურამ.
და ამ დროს გაეღვიძა მაკუცუნას და კურტკა მოიშორა სახიდან.
- სადა ვართ?
- საჭმელად მივდივართ, - უთხრა ზურამ და დაქოქა.

ღამე ორმოცდამეორე

ისინი სურამში, რესტორანების ქუჩის რესტორან \"ლას ვეგასის\" აივანზე ისხდნენ. ზურას სამი-ოთხი ჭიქა არაყი გადაეკრა უკვე. ქურთუკწამოხურული იჯდა და ხაჭაპურის შეჭმას ცდილობდა. მაკუცუნა კაი მადაზე იყო, დილის რვა საათზე ებრძოდა მოკლე შამფურზე წამოგებულ მწვადს და \"კოკა-კოლას\" სვამდა.
- ეგეთი გამხდარი რატო ხარ? - ჰკითხა ზურამ. 

- საჭმელს არ ჭამ?
- როგორ არ ვჭამ. სამ ბიგმაკს შევჭამ, მარა არ ვსუქდები, - უთხრა გოგომ. - და რატო ვარ გამხდარი? - უცებ წელში გაიზნიქა და მკერდი გადააფარა თეფშს - პროსტო ძვალწვრილი ვარ.
- ძვალწვრილი...
- შენ კიდე ძვალმსხვილი ხარ, თორე კუნთები, ვაბშე, არა გაქ. თქვენ დროს არ აწვებოდნენ, არა, კუნთებს...
- რომელ ჩვენ დროს?
- აი, შენ რო ჩემხელა იყავი. და არც პრიჩოებს აწვებოდნენ ეგრე, არა, როგორც დღეს. პროსტო, დედა მომიკვდეს, თუ უფრო კაი ტიპები არ იყოთ... პროსტო, მანქანა გკიდია და არ უნდა გეკიდოს.
- დავთვერი, - დაისხა ზურამ. 

- რულზე დამეძინება.
- მე დავჯდები, რა, - თქვა უცებ მაკუცუნამ. - დედაჩემის მანქანაზე სულ მე ვზივარ. ზუსტად ეგეთია. თბილისური \"ბეემვე\".
- თბილისური \"ბეემვე\" რა არი? - ჩაეცინა ზურას.
- აბა, გერმანიაში ეგეთი \"ბეემვები\" არ არი. სხვანაირებია, უფრო საკაიფოები.
- ხარაშო, დაჯექი... პრავა გაქ?
- პრავა სახლში მაქ.
- სახლში ცოლი მყავს, - თქვა ზურამ.
- არა გყავს, - ნიშნის მოგებით უთხრა მაკუცუნამ.
- ხო მყავდა.
- კიდე უნდა შეირთო?
- რა ვიცი, - წამოდგა ზურა. - ხო გაკატავე? ახლა შენ მაკატავე. 

მე დავიძინებ. შენ ხო გეძინა?
- როდის მეძინა? - წამოდგა მაკუცუნაც.
- ჰმ... - ჩაიცინა ზურამ და გასაღები გაუწოდა, - დავაი, მიდი, დაქოქე... მე გადავიხდი.
ზურას მართლა ჩაეძინა. მაკუცუნას ნელა და მშვიდად მიჰყავდა მანქანა...
- ჰეი, - მაკუცუნას ხმამ გამოაღვიძა.
სადღაც იყვნენ, გორის ტრასაზე.
- რა იყო? - ჰკითხა ზურამ.
- ვაუ... რულზე მოკიდება ვისწავლე სპიჩკით, - სიგარეტი დაანახვა მაკუცუნამ.
- გადმოდი, - თვალები მოისრისა ზურამ. - მე დავჯდები. 

ორზე მაინც თბილისში უნდა ვიყო. ამდენი ხანი რას აკეთებდი? ურემი ხო არ არი.
- გავაჩერე და გიყურებდი, - უთხრა უცებ მაკუცუნამ.
- რა?
- გავაჩერე და გიყურებდი, - გაიმეორა გოგომ. - გათვალიერებდი...
ზურა მანქანიდან გადმოვიდა და კარი გაუღო:
- გადმო, გადმო...
მაკუცუნა გადმოვიდა და როგორღაც, ეშმაკურად მიეკრო ბიჭს.
ზურას გაეცინა:
- პროსტო, იმიტო კი არა... - წაიჩურჩულა მაკუცუნამ. - რო, პროსტო, ხვალ სხვასაც მივეკრობი...
ზურამ არ ჩახედა თვალებში. იცოდა, რომ ჩაეხედა, ეს მაწაკი გოგო დააფახულებდა წამწამებს ისე საცოდავად, ისე საცოდავად...
მაკუცუნამ კისერზე შემოხვია ხელები და ზურა მიხვდა, რომ გოგო ფეხისწვერებზე იდგა.
- წავედით, - უთხრა ძალიან ფრთხილად და ხელები მოავლო მკლავებზე, - წავედით...
მაკუცუნა ჩაჯდა.
ზურამ დაქოქა.
- მე, პროსტო, ყველაფერი ვიცი, - თქვა ხმადაბლა მაკუცუნამ.
- რა იცი?
- პროსტო, ყველაფერი. ვაბშე, ყველაფერი, - ამოიოხრა გოგომ.
- ეგრე მეც ყველაფერი ვიცი, - თქვა ზურამ.
- შენზეც ვიცი, - ხმას აუწია მაკუცუნამ: - შენ იცი, რას უზამ ვასიკო მუხაშავრიას?
- ამ ვასიკო მუხაშავრიას მეტი ბიჭი არ არი ქვეყანაზე? - გაეცინა ზურას.
- პროსტო, რაც შენ დღეს გააკეთე, იმას ვასიკო მუხაშავრია ვერასდროს ვერ გააკეთებს.
- რა გავაკეთე?
- პროსტო, წამომიყვანე და... 

- მაკუცუნა გაჩუმდა.- პროსტო, იმიტო, რო გოგო გჯდომოდა მანქანაში...
- და მაგას ვერ გააკეთებს ვასიკო?
- პროსტო, იარაღიც არ გქონდა და...
- იარაღი რათ მინდოდა?
მაკუცუნა დადუმდა.
- რა მიეცი ავტომატიან კაცებს? - ჰკითხა აღელვებულმა.
ზურამ ერთი გამოხედა.
- შენ არ გეძინა?
- მეძინა არა...
- რაღაცა.
- ძაან ცუდი ხო. პროსტო, ძაან ცუდი...
- ხო.
- მე ყველაფერი ვიცი, - გაიმეორა მაკუცუნამ. - პროსტო, რა ვქნა?.. მე მანსარდიდან ვუყურებდი. ბიჭი გადმოძვრა და ბაგაჟნიკში... მე ვნახე.
ზურამ დაამუხრუჭა.
ძალიან, ძალიან არ უნდოდა, ეკითხა ასე, მაგრამ სხვანაირად ვერ მოიფიქრა:
- რატო წამომყევი?
და ძალიან შეეშინდა პასუხის, იმიტომ, რომ ეშინოდა ასეთი პასუხების.
მაკუცუნამ კი დააფახულა წამწამები, როგორც აფახულებდა ხოლმე, და უდარდელად თქვა:
- პროსტო, მევასება შენნაირები. ვზროსლები...
- ჯო კოკერი რო ყავთ მანქანაში? - გაეცინა ზურას.
- და, აი, ცოტა ჭაღარა რო აქვთ. 

ათასში ერთი... რა დებილობაა, არა, ახლა თბილისში ყოფნა? პროსტო, მაგარი დებილობაა...

პირველი გამოსატოვებელი ეპილოგი

- ყურადღება მიაქციეთ, უოტსონ, რომ მთელს ამ ამბავში შემთხვევითობას არცთუ უკანასკნელი ადგილი უპყრია, - ჩემი მეგობარი მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში და ჩიბუხის გაწყობას მიჰყო ხელი. იმთავითვე არ მჯეროდა მისი ვერსიისა. ჰოლმსმა ამხელა თხრობა გამოიწყო და თან ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ეს მის მეთოდს სრულიად უგულებელყოფდა. არაფერი გამოუძიებია და იაპონურ ქათმებზე დაყრდნობით კი ამდენის თქმა, ცოტა არ იყოს, ამპარტავნულიც კი იყო. ამიტომაც შევბედე შედავება:
- ჰო, მაგრამ, ეს ამბავიც არ არის. 

განა შეიძლება, ორ დღეში ამდენი რამ მოხდეს?
ჰოლმსმა ჩაიღიმა და თქვა:
- თქვენ სათვალე გჭირდებათ, უოტსონ. 

დაუკვეთეთ ხარისხიანი მინები, ჩარჩოს შერჩევა კი ჩემზე იყოს. სად ჩემი გემოვნება და სად - თქვენი.
ჩემი მეგობრის ამგვარ განცხადებებს დაჩვეული ვიყავი. ასე რომ, დიდად არ მწყენია.
- ერთი მითხარით, აბა, რა გამოდის აქედან? - ვკითხე გამოჯავრებით. 
- რა უნდა გამოდიოდეს. თქვენ მე მაოცებთ, უოტსონ, - ხელები გაშალა ჩემმა მეგობარმა. - ეს ასეა. 

მეტი არაფერი. ამისგან ვერაფერს გამოვიყვანთ.
- ხო მაგრამ, დაღუპული ყმაწვილი კაცი?
- მკვდრეთით ვერ აღდგება. დანარჩენი კი...
- ვერაფერი გავიგე, - ვთქვი მოთმინებადაკარგულმა. - ის თავი? საიდან იცით იმ თავის ამბავი?
- ო, ეს გახმაურებული ისტორიაა, - წამოდგა ჩემი მეგობარი. - წაიკითხეთ \"კრიმინალური ჯოჯოხეთის\" სამი წლის წინანდელი ნომრები. მართალია, იქ ეს ისტორია ოდნავ სხვაგვარად და უფრო ზედაპირულად არის აღწერილი, მაგრამ, თავის შესახებ, ამერიკელი მეცნიერის გაუჩინარების შესახებ, ყველაფერი ზუსტია. სხვა მხრივ ჩემი გამოკვლევა უფრო ღრმა გახლავთ.
ვერაფერი გავიგე.
- კი მაგრამ, ჰოლმს, თუკი ეს ამბავი სამი წლის წინათ ეწერა გაზეთში, ამ კვირაში როგორღა მოხდა?
- და ვინ გითხრათ, ჩემო ძვირფასო, რომ ეს ამ კვირაში მოხდა? - გაიცინა ჩემმა მეგობარმა და მიმქრალ ჩიბუხს ცერი დააფარა. 

- აჰ, რა უცნაური თამბაქო შემხვდა. ეს ასე ხდება და მეც გიამბეთ.
- ჰმ! - წამოვისროლე. - ესე იგი, ეს ამბავი არ დასრულდება?
- დასრულებულია. კარგა ხნის წინათ. უბრალოდ, ასე დაუსრულებლად და ერთნაირად ხდება ყოველთვის.
- ესე იგი, ახალგაზრდები თავიანთი მეგობრის მკვლელს იპოვიან. მოღალატე წყვილები დაცილდებიან, ქალი ციხეში წავა, კაცს ბიზნესი ჩაუფლავდება, ის საზრიანი ახალგაზრდა კი, პირადად ჩემთვის სამწუხაროდ, იმ პატარა გოგოს გაუმიჯნურდება, არა? - როგორც იქნა მოვუყარე თავი სიტყვებს.
- რა თქმა უნდა, არა, უოტსონ...
- აბა, მაშ, როგორ? კვლავ ვერაფერი გავიგე.
- ეს დასრულებული ამბავია, უოტსონ, როგორ შეიძლება, რაიმე გაგრძელება მოჰყვეს.
- არა, ჰოლმს!
- ეს არ არის დაუსრულებელი ამბავი, ვინაიდან დაუსრულებელი ამბავიც დასრულებულია, თუ მას სწორად უამბობ კაცს. მე კი მგონია, რომ სწორად გიამბეთ, - კვლავ ჩამოჯდა ჩემი მეგობარი.
- ესე იგი, ყველაფერი გამოიგონეთ!
- ჰო, მაგრამ, ეს სიმართლეა და არა ტყუილი.
- გამოგონილი სიმართლე? - პირი დავაღე.
- ო, დიახ, უოტსონ... 

გამოგიტყდებით, რომ ამ კამათმა თავი მომაბეზრა. ამას სჯობს, გავისეირნოთ, სანამ აცივებულა.
- მაინც ვერ გავიგე... ყველას რაღაც შეხვდება ამ ამბიდან, თქვენ კი, ჩემო მეგობარო, არაფერი?
- მე? მე, როგორც ყოველთვის, ჩემი კოკაინი, - თქვა ჰოლმსმა და თავისი ნერვიული, გრძელი თითებით გადასწვდა წამლის შუშას.

მეორე გამოსატოვებელი ეპილოგი

შემოდგომა მოდის. ახლა დაიწყებენ ჩამოსვლას და გამოეფინებიან. განა არ ვიცი, ძმანო, როგორც იყო, ისე იქნება. როგორც დავტოვე, ისე დამხვდა, როგორც იყო, ისეა და გეტყვით მე თქვენ, მართლა არც ისე ცუდია აჩრდილად ყოფნა ამ ქვეყანაში. თვალიერება და დაკვირვება შეგიძლია, მეტი კი საჭირო არ არის. 

არც ლაპარაკია საჭირო.
სიმართლე ვთქვა და, ხეირიანად ვერც მივხვდი, მე მომკლეს, თუ არა. სიკვდილი ისეთი უმტკივნეულო რამ ყოფილა, რომ გავოცდი, რამ გადარია ეს ხალხი? მგონი, როცა კვდები, უფრო სხვებს ამწუხრებ, ვიდრე საკუთარ თავს.
ასე რომ, ვართ, რა.
მით უმეტეს, რომ მეზობელი გამიჩნდა. კაცი, რომელსაც ჩემზე შვიდი-რვა წლით ადრე დაუმთავრებია ეს სკოლა და ახლა აქაური ეზო აურჩევია სამყოფად. დიდად გაგვახარა ერთმანეთის გაცნობამ. ოჰ, რამდენს ჰყვება ძველი ვაკისას? და, რაც მთავარია, ბედნიერია, რომ ცოცხალი აღარ არის. ძველი ძმაკაცი შეხვედრია, ფული უჩუქებია, ესეც რჯულზე დამთვრალა გასტრონომის წინ და მერე, მეცხრე საავადმყოფოსთან გადასასვლელზე უგლეჯია მანქანას. მთვრალი ვიყავი, სიბნელე იყო და თან ძმაკაცის ნაჩუქარი შავი სათვალეც მეკეთა, ისე დავთვერი, რომ მოხსნაც ვერ მოვიფიქრეო. 

ძველ დროში არქიტექტორი ყოფილა. ზის და ჰყვება.
სხვა რა?
ვართ, ვათვალიერებთ.
მხოლოდ ქუჩებს. ჩემი არ იყოს, ამასაც არ უყვარს სხვის სახლებში შელივლივება და ფარდების აშრიალება. რაც სიცოცხლეში არ მიქნია, იმას ახლაც არ გავაკეთებო.
სწორია, მაგრამ ეს გოგოები რომ ისევ დადიან და რომ ჩაიცვეს, ვსმისლე გაიხადეს, მე ცოდვა არა ვარ?
შემოდგომა მოდის. ბავშვები რომ მოვლენ სკოლაში, უნდა ავიბარგო. არ შემიძლია სკოლის ყურება. სულ ვიღაცა ჩაგრავს ვიღაცას. 

ეს საზაფხულო რეზიდენციად მექნება. მეგობარს ვუთხარი და თქვა, ვაკის პარკში, რესტორან \"ბუდაპეშტის\" ვერანდაზე დავსახლდეთო. ვნახოთ... არც მთვრალი კაცების ყურება მხიბლავს მაინცდამაინც. აი, ბორდელიერო რომ გაიხსნებოდეს სადმე, ჰოლში კი ჩამოვჯდებოდი.
ჯანდაბას, რაც არი, ეგ არი.
გამოჩნდება. ჯერ ერთი კვირა თუ იქნება, რაც აქეთ გადმოვბარგდი. ერთი კვირის აჩრდილი კი იცი, როგორ გრძნობს თავს? აი, გერმანიაში რომ პირველად ჩავედი და მეტროს ბილეთის აღება არ ვიცოდი.
ასეა.

FIN. 

??????