ტავერნა "ათი სექტემბერი"
ქალაქის მელიები
გრაფიკული რომანი
ავტორი ჯინა მელოი
1.
ჰოლანდ პარკში იმ ჩემს სკამზე ვიჯექი და მერილინ მონროს ველოდებოდი.
ცოტა ადრე მომიწია მოსვლამ და ჩიპსს, რომლის ჭამასაც მერილინი მივაჩვიე, თავად შევუდექი. რატომაც არა? ორნაირი ჩიპსი ვიყიდე: ბეიკონისა და ნივრის გემოდაყოლებული. ბეიკონისგემოიანი განსაკუთრებით საზიზღარი იყო, მაგრამ მერილინი იმას უფრო მადიანად შეექცეოდა და ამიტომ ვყიდულობდი.
ჩიპსი რაც უნდა გეზიზღებოდეს, მაინც ხრაშუნით ჭამ და ამ ხრაშუნის გამო გგონია, რომ მადიანად ჭამ. მერილინმა კი ძალიან მოხდენილი ჭამა იცის, ნამცეცსაც არ დატოვებს. ვერც მიხვდები, რომ აქ ვიღაც იჯდა და მიირთმევდა.
2. საერთოდ, სექტემბერი საუკეთესო დროა ჰოლანდ პარკში. გულმაც ამიტომ გამომიწია ადრე.
მერილინი კი არასოდეს მოდის ზუსტად, ზოგჯერ ერთ საათსაც კი დაიგვიანებს ხოლმე.
მე კი დღეს საერთოდაც ათის ნახევარზე მოვედი, იმიტომ, რომ მერილინის გარეშეც არ ვიწყენ ხოლმე. ბოლო დროა, საკუთარი ნაწერები დამაქვს და იმათი სწორებით ვერთობი.
თუმცა უმისოდაც ვეღარ წარმომიდგენია.
სწორედ ამ დროს აწრიპინდა ჩემი ტელეფონი. მესიჯი იყო და ვიფიქრე, რომელიმე ჩემი ნაცნობი ღლაბუცობს-მეთქი, მაგრამ სულ სხვა გამოდგა.
3. შემოდგომის ამ მშვენიერ შუადღეს, როცა მოხუც დეიდებს უკვე აცვიათ თავიანთი თბილი, ვარდისფერი ჟაკეტები, ხოლო შენ ჯერ კიდევ შეგიძლია წინდების გარეშე სიარული, ერთ ძველ მეგობარს გავახსენდი.
უცებ აღმოაჩენ, რომ მარტო არა ხარ სამყაროში, რომელიც ასეთი მშვენიერია.
ამბობენ, მშვენიერიაო და მეც კინაღამ ვიფიქრე, რომ მართლაც მშვენიერია. ალბათ, იმიტომ, რომ მოვდივარ ხოლმე აქ და მერილინს ვხვდები.
რა იქნება, რომ აქვე, სკამზე დავუტოვო ჩიპსები? მიხვდება, რომ რაღაც შემემთხვა და ვერ დაველოდე. მესიჯი რომ მივიღე, გული აღარ დამიდგა აქ.
4. მერილინი კი ყოველთვის ერთი მხრიდან მოდის, აი, იმ ბუჩქებიდან გამოყოფს ხოლმე ცხვირს, გზას მოათვალიერებს და ფრთხილად გადმოირბენს. უნდო, მოციმციმე თვალები აქვს და ფაფუკი და ვერცხლისფერია. შეგხვედრიათ მზეთუნახავი მელა ჰოლანდ პარკში? მერილინ მონრო მე დავარქვი.
თუმცა არ ვიცი, ძუ გახლავთ თუ ხვადი. ჩემი აზრით, ყველა მელია ქალია, ისევე, როგორც ყველა ტერორისტი პოეტია.
5. დიდი ხანი იყო, ჩემი ძმობილი ჯეკპოტი არ მენახა. წელიწადზე მეტი იქნებოდა. ერთ დროს კი ყოველდღე ერთად ვიყავით. შეიძლება ითქვას, რომ ინგლისური მასთან ლაპარაკში ვისწავლე.
მაშინ სულ თვე-ნახევრის ჩამოსული ვიყავი ლონდონში, მენეჯერობის ლექციებს ვესწრებოდი ისე, რომ თითქმის არაფერი მესმოდა, თან კი ენის კოლეჯში დავიარებოდი ორ გამოქცეულ ტიბეტელთან და ერთ გაუთხოვარ ფრანგ დეიდასთან ერთად, რომელიც ტაბლოიდებიდან მკვლელობათა ამბებს ჭრიდა და ალბომში აკრავდა. მის დაჭრილ გაზეთებს მე წამოვკრეფდი ხოლმე და ვცდილობდი, ამ გაზეთებითაც მესწავლა რაღაც. კვირაში ორმოცი გირვანქა და ერთი ბეისმენტი მქონდა, როგორც ყოველ ლტოლვილს, და ვცდილობდი ცხოვრება დამეწყო.
6. პასპორტი უკვე ჩაბარებული მქონდა, საკუთარი ქვეყანა უკანასკნელი სიტყვებით გავლანძღე იმ წერილში, რომლის შედგენაც სალტოლვილო სამსახურებმა მთხოვეს.
წერილი სათარგმნი იყო, რადგან ინგლისურად წერა მაშინ გამართულად არ შემეძლო. საერთოდ, ერთადერთი, რაც შემეძლო, პაბებში სიარული და ფეხბურთის ყურება იყო. ამ საქმეს ვერაფრით მოვუმაგრებდი ზურგს.
შორეული ქვეყნიდან გადმოხვეწილი წესიერი ახალგაზრდა კაცი ვიყავი. ის ქვეყანა ევროპას მიაკუთვნეს ღვინის სიყვარულის გამო, თორემ ღვინო რომ გამოგეკლო, იმის ევროპელობიდან მაშინ აღარაფერი დარჩებოდა.
სალტოლვილო სამსახურის ოფიცრები მაღალ-მაღალი, გრძელნაბიჯიანი ქალები და კაცები იყვნენ. ერთბაშად ვერც კი გაარჩევდი, რომელი კაცი იყო და რომელი _ ქალი. ზოგჯერ კაცები უფრო გულისხმიერად გეპყრობოდნენ, ქალები კი ძველი კაპრალებივით მიდი-მოდიოდნენ. ასეთი ენერგიულები კი იყვნენ, მაგრამ ჩემს მშობლიურ ენაზე შედგენილი წერილის მთარგმნელი მაინც სამ თვეს ეძებეს. ეეეჰ, როდის იყო ესა, აღარც კი მახსოვს.
იმის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და შეიძლება ბრიტიც კი დამერქვას. კარგა ხანია, ისეთი საბუთი მომცეს, რომელიც ძალიან ჰგავს ბრიტანულ პასპორტს.
თუ არ გადაშალე, ნამდვილი პასპორტი გეგონება. იმ ნამდვილ პასპორტამდეც არ ჩანდა შორი. სურვილის ამბავი იყო.
7. ჯეკპოტს კი მაისის ბოლოს შევხვდი.
თუ რომელიმე საფეხბურთო ცნობარს ჩავხედავთ, წელიწადსაც იოლად დავადგენთ, რადგან ასოციაციის თასის ფინალის დღე იყო და მე `ფირკინის~ პაბში შევეტენე შეფერდს ბუშზე, უკვე დაწყებული თამაშის საცქერად. ძალიან ცუდი საყურებელი თამაში იყო. ბოლოს მაინც ერიკ კანტონამ გაუტანა `ლივერპულს~ და თასიც მას ეჭირა ხელში, მაგრამ ეს ამბები უკვე გულსგარეთ მახსოვს. არა კვამლისა და ღრიანცელის გამო, არამედ იმიტომ, რომ ერთმა ჯეელმა თამაშის ცქერა არ მაცალა.
`ფირკინში~ გვარიანი ჭყლეტა იყო.
კართან ვიდექი და ლუდზე არც კი მიოცნებია. ფული არც მქონდა. ძლივს გავახვიე ჩემი `ოულდ ჰოლბორნი~ და სწორედ მაშინ ამომეტუზა გვერდით ეს ზორბა ჯეელი. უბრალო ბიჭი არ ჩანდა, მუშათა კლასის შვილს არაფერი უგავდა და არც ეს პაბი იყო ისეთი, სადაც ესენი იკრიბებიან, მაგრამ მეტად ძნელია ტელევიზორის ცქერა, როცა ვიღაც მოუღლელად გასუნთქებს ყურში. ვიშმუშნე, ვიშმუშნე და ბოლოს მივხედე, ის ვიგულისხმე, ეგებ სხვა მხარეს გაასუნთქო-მეთქი.
8. _ ჰაი, _ მითხრა მხიარულად.
_ ჰაი, _ მივუგე უხერხულად.
_ მე ჯეკი მქვია, _ მარჯვენა გამოაცურა ჩამოსართმევად.
_ მე პიტერი.
_ პიტერი?
_ დიახ, სერ.
_ ჰმ... მე ვიცი, რომელი ქვეყნიდანაც ხარ.
_ მეც ვიცი, _ ჩემი ინგლისური მაშინ ორსიტყვიანი პასუხების გასაცემად მეტად თამამი იყო.
_ ჩვენ ახლო-ახლოს ვცხოვრობთ.
მე ვიცი, შენ სადაც ცხოვრობ. ახალი ჩამოსული ხარ, არა?
_ დიახ.
_ აქ ბევრი ხალხია, გინდა წავიდეთ იქ, სადაც ცოტა ხალხია და უკეთესი ხმაურია?
_ ცოტა დარჩა. მთავრდება.
_ კარგი ადგილია, აქვე.
ასე გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით კიდეც.
9. ეჰეე, როდის იყო ეს ამბავი. ბევრგან დავეთრეოდით ერთად. ჯეკი უამრავ რამეში დამეხმარა, პირველი სამსახურიც მან მაშოვნინა. რა თქმა უნდა, არალეგალური.
მაშინ მუშაობა არ შემეძლო და მაინც გავახერხეთ რაღაც.
თვითონ მუშაობდა, მაგრამ არასოდეს აუხსნია, სად. ჩემი მიხვედრილობით, რაღაც დიდი ფირმა უნდა ყოფილიყო, რადგან მალიმალ ახსენებდა ხოლმე თავის თანამშრომლებს.
რა არ გადაგვხდენია ერთად, ლონდონი ხომ უკიდეგანო დროშაა. მელნისფერი დროშა, რომელიც შემაშფოთებლად და საზეიმოდ ლივლივებს ქარში.
არის მიწისზედა ქალაქები, იქ ყველაფერი ხელისგულზეა, ლონდონში კიდევ ნიჩაბი გჭირდება, უნდა თხარო და მაღაროებში იარო.
ჯეკპოტი კი იმიტომ დავარქვი, რომ მეტისმეტი და სწრაფი წინსვლის უნარი ჰქონდა. ერთ დღესაც მითხრა:
_ ეჰ, ახალ სამსახურში ვარ. ლონდონიდან გადაბარგება მომიწევს.
დიდად სევდიანი დღე იყო.
ეს ნიშნავდა, რომ წლები გავიდოდა და ერთმანეთს ვეღარც კი შევხვდებოდით.
_ სად გადადიხარ?
_ კარგი სამსახურია. სულ მაინტერესებდა, მაგრამ აი, უყურე, წასვლა მომიწევს. ჯერ ალბათ ფილიპინებზე, მერე კი ვნახოთ.
10. გვარიანად გამოვთვერით იმ საღამოს. მეტად ტკბილად და დარდიანად გამოვეთხოვეთ ერთმანეთს. მობილური ტელეფონი მაჩუქა, წინასწარ მოემზადებინა ჩემთვის.
_ დაგირეკავ, _ ასე მითხრა და მართლაც რეკავდა ან მესიჯებს გამოაგზავნიდა ხოლმე. იმეილიც არ ეზარებოდა და მეც ვწერდი გრძელ-გრძელ წერილებს.
წინსვლის კაცი იყო, მეგობრობის გამო ხომ არ ჩარჩებოდა შეფერდს ბუშზე, ერთსაწოლიან ბინაში?
_ როგორც კი ჩამოვალ, გნახავ, _ ჩემს სახლთან დავშორდით ერთმანეთს და იმის შემდეგ თვალითაც აღარ მინახავს.
11.
შარშან ამ დროს, ან უფრო ადრე, ჩრდილოეთში მოვხვდი, კემდენში. შუქნიშნის ანთებას ველოდი და დავინახე. საჭესთან იჯდა. ნელა ჩაატარა მანქანა. შავი, მშვენიერი შვედური მანქანა იყო.
ნამდვილად ჯეკპოტი გახლდათ, როგორ ამერეოდა. ტელეფონში მისი ბოლო ნომერი მოვქექე და დავურეკე. გამიხარდა, ვეტყოდი, ახლახან ჩამიარე გვერდით კემდენში-მეთქი.
არ უპასუხია. მთელი საღამო ვურეკავდი და გამორთული ჰქონდა. წერილიც მივწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მერე აღარ შევხმიანებივარ.
სამი თვის შემდეგ დამირეკა, დიდი ხალისით მომიკითხა და ამბებიც გამიბა, ახლა, მანდ რომ საღამოა, აქ თენდებაო. თავისი ახალი საფოსტო მისამართიც ჩამაწერინა. თითქოს ამერიკაში იყო, ან სადმე. მე არ მითქვამს, რომ დავინახე და დავურეკე.
ამ ჯერზე მართლაც სხვა ნომერი ჰქონდა. არ მიმალავდა თავის ნომერს, თითქოს ყოველწამს შემეძლო დამერეკა და მომეკითხა. მე აღარ დამირეკავს. წერილებსაც მხოლოდ საპასუხოს ვწერდი. მხოლოდ მაშინ უნდოდა ლაპარაკი, როცა თვითონ მოესურვებოდა. იმდენი ფული და ხალისი კი არასოდეს მაქვს, რომ გაუთავებლად ვილაპარაკო ოკეანეებს გადაღმა. ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ შემეშალა-მეთქი.
როგორ შემეშლებოდა?
12. და აი, მესიჯი მომივიდა. ავღელდებოდი, აბა რა?
`ჰაი, პიტ. აქ ვარ. გავთავისუფლდები და დაგირეკავ. საღამო ჩემია. იმეილი ნახე.
ჯ.~
პარკში გული აღარ დამიდგა, მერილინსაც კი ვუღალატე. ინტერნეტ-კაფეს მოსაძებნად გამოვბოდიალდი.
13. მონიტორს მივუჯექი თუ არა, ჯინამ დამირეკა.
_ სალაპარაკოდ გცალია?
_ არა.
_ საშინელება მოხდა. სიკვდილის პირას ვარ. ჩაი დავაქციე იმ წიგნზე, შენს წიგნზე. ყველაფერი მიკანკალებს.
_ დამშვიდდი, ჯინა.
_ მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. აზრი დაეკარგა.
მე სახლიდან აღარ გამოვალ. თუ გინდა, მოდი და მნახე, სიკვდილის წინ. აქ უნდა მოვკვდე შიმშილით. ცოტა ჯემი მაქვს, რომ გამითავდება, აღარაფერს შევჭამ.
ღმერთო, რატომ მოახერხე ისე, რომ თორმეტ მილიონ ადამიანში ამოარჩიე ისეთი, რომელსაც ჩემი მარტოობისთვის მკრთალი აკვარელი უნდა გადაევლო, შენ კი ლურსმნებითა და ჩაქუჩით შეაიარაღე! მაპატიე, რომ ასე ვამბობ, მაგრამ ლურსმნები ძალიან ბასრია, ჯინა კიდევ მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადამიანია დღის პირველ ნახევარში.
_ არაფერია...
_ რაო, რა მითხარი? მე მელაპარაკები თუ ვინმე სხვას? თუ არ გცალია...
_ ჯინა, არაფერი მითქვამს. რა მოგივიდა? ხომ უნდა მითხრა, რა მოგივიდა?
_ თეთრი თმა მაქვს. უარესი რა უნდა მომსვლოდა. ეს შოკია.
ნამდვილი შოკი.
_ ნუ ღელავ, ჯინა. ამოიგლიჯე და მორჩა. ეს ცხოვრებაა. შეხედე ყვავილებს ფანჯრის რაფაზე... სულ იოლად მიხვდები.
_ მეორეც, მესამეც, გესმის? მოჰყვება. მეორეც, მესამეც. ვეღარაფერი გააჩერებს.
მორჩა, დამთავრდა. მე დავმთავრდი...
_ მისმინე. თმა ხომ შეღებილი გაქვს. სად ჯანდაბაში იპოვე ეგ ერთი ღერი თეთრი თმა?
_ საერთოდ არ გესმის, რა მოხდა. იქ მაქვს თეთრი თმა. გესმის?
_ იქ?
_ დიახ. ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში ვარ.
_ ეგ საერთოდ არ არის პრობლემა.
ეგ რა სანერვიულოა? გკოცნი, ჯინა.
_ უკანასკნელად მკოცნი, გესმის ჩემი? აი, შენ მოხვალ და ნახავ. ისეთი საზიზღარი, ბოროტი, ავი, თეთრი თმა, ხიწვივითაა გამოჩრილი. არ მოხვალ? აღარ მოხვალ? აღარასოდეს მოხვალ? არ ვიცოდი, როგორ მეთქვა ეს საშინელება. ყველაფერი მიცახცახებს. აი, ახლა ვხედავ, ამ წუთში. შენს მოსვლამდე ხელს ვერ ვახლებ. თუ არ მოხვალ, აი, აქ მოვკვდები.
ჯემი ცოტაა. თითქმის აღარც დარჩა...
_ დღეს... დღეს ვერ მოვალ, ჯინა. საქმე ისაა, რომ...
_ ჩათვალე, რომ მომკალი. მკვლელი ხარ. უკვე მომკალი. ამით დამეხმარე.
ტანჯვაც არ გამიადვილე. ასე გიყვარვარ. ვის რაღად უნდა ბებერი ქალი? არ გენდობით თქვენ. თქვენ სხვები ხართ... იმიტომაც გყავთ ბევრი ცოლები...
და გათიშა.
14. ღმერთო, ეგეც ვერ დაიმახსოვრა, რომ იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც მრავალცოლიანობა მაშინ აკრძალეს, როცა ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ იყო კუნძული, მაგრამ რას გააგებინებ ქალს, რომელიც ამინდის პროგნოზსაც კი განიცდის?
ჯინა ჩემი მესაფლავეა, მაგრამ ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც მიხმობს.
15. იმეილის ყუთი გავხსენი და მართლაც დამიხვდა ჯეკპოტის წერილი.
მე ბრიტი ვერასდროს გავხდები, იდუმალება მაკლია.
ალბათ, იმიტომ, რომ ისეთი ქვეყნიდან ვარ, სადაც სასწაულებისა კი სჯერათ, მაგრამ კაცის სიტყვისა _ არა. ჩემთვის სიტყვებიდან არანაირი ძალა არ გამოსჭვივის, მათ უკან არანაირი საიდუმლო არ იმალება.
16. ჯეკპოტს კი დიდებული წერილი მოეწერა. ჯადოსნურ ადგილას მეპატიჟებოდა:
`ჰაი, პიტ,
როგორც იქნა, ლონდონში ვარ. ამას წინათ პარიზში მატარებლით ჩავედი. სადგურიდან გამოვედი, ტაქსიში ჩავჯექი და სასტუმროსკენ გავეშურე. უნდა გითხრა, რომ ნამდვილ პროვინციაში ამოვყავი თავი.
რა თქმა უნდა, ლონდონთან შედარებით. ახლა აქა ვარ, ხვალ საღამომდე, მაგრამ ხვალ დილიდან საღამომდე მოუცლელად ვიქნები, ამიტომ მეეჭვება, რომ ერთმანეთი ვნახოთ. მე კი ძალიან მომენატრა ერთი ჩვენებური ამბავი. ფართი და მეგობრების შეკრება არ გამოვა და არც მინდა დიდი ხმაური. ვიქნებით მხოლოდ მე, შენ და ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც საგანგებოდ ბრაიტონიდან მოდის ჩემთან შესახვედრად. ნამდვილ ძმურ დროსტარებას გავმართავთ. ამის დედაც, ძალიან მომენატრე.
ჩემი მეგობარი ჩვენზე ორი-სამი წლით უფროსია, ჰქვია დენიელ კვილპი.
არ მახსოვს, მიხსენებია თუ არა შენთან. იოლად გაუგებთ ერთმანეთს. შეხვედრის ადგილიც სწორედ მან შეარჩია.
დენი ძალიან მდიდარი კაცია და დროსტარებაც თავისებური იცის. ოღონდ არ იფიქრო, რომ უხერხულად იგრძნობ თავს. შემეძლო, საერთოდ არ მომეწერა და ვერც კი მიხვდებოდი, რომ ჩვენნაირი არ არის. სწორედ რომ ჩვენნაირია.
ახლა შეხვედრის ადგილის თაობაზე.
ეს არის პაბი `ათი სექტემბერი~. თუ დრო გაქვს, შეგიძლია ინტერნეტშიაც მოძებნო. მეც იქიდან შევიტყვე მისი არსებობა. მთელი მოულოდნელობა ის არის, რომ ეს პაბი მდებარეობს ტივზე, დაჰყვება ტემზას და იშვიათად არის ლონდონში. მაგრამ ორი დღეა, თურმე სწორედ აქ არის და მიბმულია ჰამერსმიტის ხიდის მარცხენა ბიჯგთან, ჰამერსმიტის მხრიდან. თუ ყოფილხარ იმ ადგილებში, მიგნება არ გაგიჭირდება. ანდა, რა მისაგნებია, ხიდი ხომ იცი.
რვის ნახევრიდან იქ დაგელოდებით და დაივიწყე შენი აღმოსავლური ტემპი, არ გვალოდინო.
შეგახსენებ ჯეკ დონაჰიუს სიტყვებს: ტჰე ნიგჰტ აირ ტოუცჰედ მყ ბოდყ წიტჰ ტოუცჰ წჰიცჰ წას ნეიტჰერ წარმ ორ ცოლდ, ონლყ ვერყ სოფტ ანდ უნეხპეცტედ.*
აი, როგორ მომენატრა ეს ყველაფერი.
ეჰ, რაც არის, არის. დროს ნუ დაკარგავ და აქვე ნახე პაბის საიტის მისამართი.
შენი
ჯეკი-ჯეკპოტი~
ასეთი ძველი მეგობარი მყავს. არ გამოდის, უბრალოდ, დაჯექი _ დალიე. მით უმეტეს, როცა კაცი მთელ მსოფლიოს უფრენს გარშემო და მობეზრებულიც კი აქვს წარამარა სმა.
17. ისე კი, შეიძლება ითქვას, ლონდონში ვბერდები, რასაც თუ ჩემი არა, ჯინას ჭაღარა მაინც დაამოწმებს და ტივზე გამართული პაბი მე არ მინახავს. საერთოდ, პირველად მესმის, ამ `ათ სექტემბერს~ კიდევ მთელი საიტი ჰქონია. `ათი ზარი~ რომ ერქვას, დიახაც მინახავს და ვყოფილვარ კიდეც, `მეფის თავი და ათი ზარიც~ გამიგია, მაგრამ `ათი სექტემბერი~ _ არასოდეს.
წინადადებები ოდნავ სულელურად, თუმცა კი საქმის ცოდნით გაემართათ:
`ჩვენი ტავერნა არის ისტორიული ნაგებობა, რომელიც სამასი წელიწადია არსებობს და განლაგებულია ტივზე. ტივი დაცურავს მხოლოდ ტემზაზე~.
`გთხოვთ, ფრთხილად მოეპყრათ ტავერნის ავეჯს, ჭურჭელსა და ისტორიულ რელიკვიებს. ჩვენს ყოველდღიურად სახმარ ჭურჭელს შორის არის ედვარდიანული ეპოქის ლუდის კათხები, სერ უოლტერ რალის ნაქონი ერთ-ერთი ჩიბუხი და ბრიტანეთში უძველესი დარტსის დაფა, რომელსაც ახლავს სერ რიჩარდ ბარტონის მიერ ამაზონიიდან ჩამოტანილი ისრები~.
`პაბში შექმნილია განუმეორებელი ატმოსფერო ძველი ინგლისისა. იგი დღესაც მოწყობილია, როგორც ისტორიულად განთქმული ტავერნები. აქ არ არის ტელევიზორი~.
ფოტოებზე მართლაც ძველით მსუნთქავი რამ იყო. ტივის პირობაზე მოზრდილიც ჩანდა.
ოთხი ფანჯარა _ სართულზე, ოთხიც _ დამრეც სახურავზე. კრამიტი, კიდეებს ამოყოლებული საბუხრე მილები, დარაბები და მათ იქედან გადმოღვრილი სინათლე, მყუდროების უტყუარი ნიშანი.
მერე მოდიოდა ფასები და ათასგვარი სისულელეები, მე კი ყველაზე უფრო აბრა მომეწონა. პირქუშად ლამაზი და ამბავში შემტყუებელი იყო: მეზღვაურულად ჩაცმული ლოყაწითელი მოხუცი კათხით ხელში მიუძღვის წინ წითელჩაჩიან ჯალათს და პატარა ბიჭს, რომელსაც ფარანი უჭირავს.
ნახატის ქვეშ საკმაოდ გრძელი ლათინური წარწერაც იყო, მაგრამ აღარ ჩავძიებივარ. ან კიდევ, საიდან უნდა ვიცოდე ლათინური? ეგ ყველაფერი მოკვდა და დამთავრდა. სამწუხაროდ. იყო დიდი და წარსული.
18.
დიდება იმ კაცს, ვინც იოლად, ხალისით იხსენებს წარსულის პირქუშ დღეებს.
დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა. მგონი, ეს ლექსი იყო და სკოლაშიც გვასწავლიდნენ.
დიდება იმ კაცს, ვინც სამშვიდობოს გასული თან წამოყოლილ შხამებით სავსე აბგას მდინარეში მოისვრის.
არ შეგაწუხებთ საკუთარი თავგადასავლის თხრობით... მით უმეტეს, რომ ისევ დამირეკეს.
_ დღეს რა დღეა?
_ ოჰო, ვისი ხმა მესმის? რა თქმა უნდა... შაბათი, სერ.
_ როგორ, შაბათია?
_ წმინდა შაბათი.
_ და რომელი საათია? და სადა ხარ?
მართალია, ჯერ კიდევ შეიძლება რიჩმონდ პარკში ხის ძირას წამოგორება და ირმების ჯგროსთან ლაპარაკი. სექტემბერია. შაბათია და ყველა მეგობარს დღეს ახსენდები.
ყველაზე ცუდი ამაში გადაადგილებაა. ახლა რიჩმონდ პარკისკენ უნდა წახვიდე. ასეთია ცხოვრება, მისტერ ჯეფერს. მისტერ ჯეფერსი სწორედ იმ ჯეილმა დამარქვა, ვინც ახლა დარეკა.
19. რიჩმონდ პარკში ბალახზე სხედან და წმინდა შაბათს ახორციელებენ ტიმი და მისი ცოლი მარი, ჯაკომო და მისი ცოლი ინგრიდი. წმინდა შაბათი შეკრებისა და ურყევი მეგობრობის რიტუალია. გარშემო ბავშვები და ირმები დარბიან, შორიახლოს კი შეყვარებულები კითხულობენ შაბათის `ტაიმსს~, ხოლო თუ კვირაა, კვირის `ტაიმსსა~ და `ობსერვერს~.
ოდესღაც, შეყვარებული რომ ვიყავი, საერთოდ ვერაფერს ვკითხულობდი.
ასე წავედი მეგობრებთან.
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა ტკბილია, ადამიანი რომ ხარ და მერილინ მონროს ელოდები ჩიპსებით ხელში.
20. ამაზე სასაცილო არაფერია.
ძალიან სასაცილო ისტორიაა: მგონი, უკვე მეექვსე რომანი დავწერე. უფრო სწორად, უკვე მეექვსე რომანს ვწერ. სამიოდე თავიღა დამრჩა. ორი ან სამი.
ჯერ არ ვიცი. მერამდენედ ვცდილობ, რომ მწერალი გავხდე.
ჩემი რომანების თავისებურება ისაა, რომ მათ არავინ აქვეყნებს და არც ვინმეს წაუკითხავს.
თუმცა არა, ერთმა ქალმა ჩემი ოთხი რომანი წაიკითხა, მგონი, ხუთიც და მათ საოცრად მოექცა.
იმ ქალს რომანები ერთმა აგენტმა მისცა, რომელსაც ცოლად ჩემი თანამემამულე ჰყავდა და ერთხელ, როცა ამერიკაში წასვლა გადავწყვიტე, ეს რომანები ერთ ჩვენებურ გოგოს დავუტოვე, რომელმაც, რახან თვითონაც სამშობლოში ბრუნდებოდა, რომანები თავის მეგობარს, ამ აგენტის ცოლს მიაბარა. აგენტმა რომანები გადაათვალიერა, რადგან ძალიან უყვარდა თავისი ცოლი და თანაც, ვერ წარმოედგინა, თუკი მისი ცოლის ბედკრულ სამშობლოში რომანებს წერდნენ, რაც პირადად ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, აგენტისთვის კი სულერთი იყო.
ის აგენტი თვალითაც არ მინახავს, რადგან საქმე რაიმე ლაპარაკამდე არ მისულა.
როგორც ის გოგო მიამბობდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში ვერ წავედი და მთელს წელიწადს კი ლანკასტერში ვცხოვრობდი, ხოლო ის გოგო სამშობლოდან უკვე დაბრუნებულიყო, აგენტს რომანები ერთი მაგარი ლიტერატორი ქალისთვის მიეცა სარეცენზიოდ თუ რაღაც ამგვარი საქმისთვის. მოკლედ, მისი აზრი აინტერესებდა. ის ქალი კიდევ თავისი საქმის მანიაკი გამომდგარა, რომანებისთვის ნაგავი უწოდებია, თუმცაღა ოთხი წიგნიდან ერთი შეუდგენია და აგენტისთვის უთქვამს, აი ეს არის კარგი რომანი და სახელად ოლდ რეფუგეე სჰოპ-ს თუ დაარქმევ, ეგებ მიადგე კიდეც გამომცემლობებს, თუმცა, არ მგონია, ვინმე გადაირიოსო.
ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მე მისი შედგენილი რომანი არ მინახავს, თუმცა კი ერთხელ ველაპარაკე ამ ქალს, რომელმაც ნაკლოვანებებზე მიმითითა, ხოლო აგენტი სრულიად მოულოდნელად დაიღუპა.
გაჩერებულ მანქანაში მჯდომს დაეჯახა უფრო დიდი მანქანა, ოღონდ აქ კი არა, სამხრეთ საფრანგეთში.
21.
ვერაფერს იტყვი: მწერლად გახდომა ძნელია.
კარგა ხანი იყო, აღარაფერი დამეწერა და ვფიქრობდი, აღარც დავწერ-მეთქი. გიჟი ხომ არა ვარ, რომ მხოლოდ იმისთვის ვწერო, რაც, მეხუთეზე აღარაფერს ვამბობ, წინა ოთხ რომანს გადახდა?
მაგრამ ახლა სრულიად სულისშემძვრელი ამბავი შემომეჭდო გულზე და თუკი მისი საჭირო სიტყვებით მოთხრობა გამომივიდოდა, ყოველგვარ კოდს, თვით და ვინჩისასაც, აზრს დავუკარგავდი.
ამგვარ ბრიყვულ და კადნიერ წინადადებას მე როგორ წამოვისროდი, მით უმეტეს, რომ და ვინჩის კოდისა სტრიქონიც არ წამიკითხავს.
ეს სახოტბო წინადადება ჯაკომომ წამოისროლა შუა სადილის დროს, იმ რიჩმონდ პარკის შექუცულ და ყვითელგარეულ ბალახზე, როცა სხვები მიირთმევდნენ, მე კი ახალი, სულისშემძვრელი რომანის შინაარსს მაყოლებდნენ.
22. მართლაც სულისშემძვრელი ამბავი იყო, რადგან მარიმ თქვა, ყოველთვის პატარა ქალაქში ცხოვრება სჯობია, განსაკუთრებით ამერიკაშიო.
რომ გითხრათ, მადა წავუხდინე-მეთქი, მართალი არ იქნება, მაგრამ საქმის მიმთავრება რომ ღირდა, აშკარა იყო.
განსაკუთრებით სათაური მოეწონათ.
23. აფრიკაში, ან სადმე, ეგებ ქალაქის კიდეებზე ლომებიც დაძრწიან, ხოლო ინდოთა ქუჩები მანგოპარია მაიმუნებითაა სავსე, მაგრამ...
_ როგორ ფიქრობთ, სერ... აი, თქვენ, რამდენი მელია იქნება ლონდონში? _ სწორედ ასე დავიწყე რომანის შესახებ ლაპარაკი.
_ მილიონი...
_ მილიონი ბევრია...
_ ნახევარი მილიონი...
_ იმ დღეს ეწერა...
_ რამდენიც უნდა იყოს, _ განვაცხადე სწრაფად, _ როგორ ფიქრობთ, ისინი მელიები არიან?
ჯაკომომ ტაში დაუკრა.
_ ახლა კი წარმოიდგინეთ ლონდონი, ვთქვათ, ათი წლის შემდეგ, ანდა ხუთის... ანდა, ჯვარი გვწერია და, საერთოდაც ხვალ.
_ ეგ შეგეშალა, _ ჩაიცინა ტიმმა, _ ლონდონს რა წარმოდგენა უნდა. ლონდონი ტოკიო კი არ არი, რო...
ხო მიხვდი, რასაც ვამბობ.
_ დიახ, _ ვთქვი მე.
ხოლო გოგოებმა მიმითითეს:
_ ჭამე, თორემ მშიერი დარჩები. ყველა ჭამს, შენ კიდევ ლაპარაკობ...
_ ლონდონი აღარ იარსებებს...
_ ეგეც შეგეშალა, _ თქვა ტიმმა.
_ კი, არასწორად ვთქვი... იარსებებს, ოღონდ ხალხი გამოიცვლება, ჩვენ აღარ ვიქნებით, სხვა ხალხი იქნება...
_ ღმერთო ჩემო, _ თქვა ინგრიდმა, _ წავიდეთ იტალიაში.
ჯაკომომ კი მიუგო:
_ იტალიაში ბერლუსკონია... კაცმა არ იცის, აქ რა ხალხი მოვა. ეგებ მაინც აქ ჯობდეს... ესე იგი, ანტიუტოპიას წერ?
_ ახლავე მოგიყვებით ყველაფერს... აი, წარმოიდგინე, რომანი ისე იწყება, რომ ერთი წესიერი, სიბრძნითა და სიმშვიდით სავსე კაცი...
კი, კი, არსებობენ ასეთი ვიღაცები... ჰოლანდ პარკში დაიარება ხოლმე, რათა იმ სიტკბოებაში იფიქროს თავისი ცხოვრებისა და სამყაროს რაობის შესახებ... იქ კიდევ ერთ მელიას გადაეყრება და მოიჩვევს, საჭმელებს უზიდავს და ესაუბრება ხოლმე... ჰოლანდ პარკია, მაგრამ არც არის ჰოლანდ პარკი. მკითხველს გაოცება იპყრობს _ ლონდონია და არც არის ლონდონი... თანდათან შეიტყობ, რომ ლონდონია, მაგრამ იქ რამდენიმე წლის წინათ რაღაც დიდი და გადამწყვეტი მომხდარა, ამიტომ ძველი ლონდონისა აღარაფერი დარჩენილა...
_ გასაგებია...
_ ღმერთო ჩემო, რატომ იგონებ ხოლმე ასეთ რამეებს? _ ამოიოხრა ინგრიდმა.
_ უსაქმობისგან, _ თქვა მარიმ.
_ მოკლედ, საზოგადოებრივი სტრუქტურა სრულიად სხვაა, სულიერი გარემოც სულ სხვა... მხოლოდ შენობებით თუ იცნობ.
ამას თანდათან ხვდები, რომ ლოდონში ხარ. ხარ, მაგრამ არც ხარ. ვთქვათ, არის პაბი, ანგლეზე არმზ ან რაღაც ასეთი... შედიხარ და პაბი არ არის, ფართლეულის მაღაზიაა...
_ აჰა, აჰა... _ დაიძაბა ჯაკომო.
_ ასე რომ ვთქვათ, ლონდონი სხვებს დაუპყრიათ, სულ სხვა კულტურის ხალხს, ხოლო აქ ვინც იყო, აღარსად ჩანს.
_ დახოცეს?
_ ან დახოცეს, ან გაიქცნენ, არ ჩანს...
_ ვის სხვებს? _ იკითხა ტიმმა.
_ არ ვიცი...
_ გასაგებია, _ თქვა ტიმმა, _ შენ თუ არ დაწერ, ვის _ სხვებს, წიგნს არც გამოგიცემენ და არც იყიდიან, ხოლო თუ დაწერ, ვის _ სხვებს, სიკვდილს მოგისჯიან. ო-ჰო-ჰო-ჰო-ჰოოოო... აი, რას გეტყვი, ძმობილო, არასწორად იფიქრე, შენს ფიქრებს არანაირი კავშირი არა აქვს ლიტერატურასთან.
_ ფინანსებთან აქვს.
მართალია. ვიცინეთ.
რა მშვენიერი ამინდია და ეს რიჩმონდ პარკიც და ცივი სოსიჯიც რა გემრიელია, ღვინოც მშვენიერი.
_ სხვებს... შუმერებს, სხვა ჯანდაბას და დოზანას, წითელ კხმერებს... ეგ არ არის მთავარი ამ წიგნში, მთავარი ისაა, რომ ყველაფერი წრეზე ბრუნავს... მოკლედ, ეს ახალგაზრდა კაცი თავის მელიას ებაასება და ამ დროს შეატყობინებენ, რომ მეგობრები ელიან რაღაც სრულიად უცნაური საქმის განსახორციელებლად.
_ დეტექტივივით არის, _ თქვა ჯაკომომ.
_ როგორც ყოველთვის, _ თქვა ტიმმა.
მე კი თხრობა შევწყვიტე და კიტრის ხრამუნს მივეც თავი.
_ მერე?
_ მერე იქ რაღაცა ხდება, ნასადილევს მოგიყვები პირადად შენ... მერე უკან ვბრუნდებით და ნაჩვენებია, რა მოხდა ლონდონში.
_ რა?
_ საშინელება.
_ ცათამბჯენი ააფეთქეს, აშკარაა... _ თქვა ტიმმა.
_ რატომ არ წერს ეს კაცი რომანებს? _ აღვშფოთდი მე.
_ კანარი ვარფი ააფეთქეს...
მეტს ეს ვერაფერს მოიფიქრებდა, _ მხარზე ხელი დამკრა ტიმმა, _ შენი სულისკვეთება გასაგებია... ტერორიზმი... მეგაპოლისი, ველური ბუნების საოცრება ურბანულ გარემოში...
_ ნახე, რა ჭკვიანია... არ გშურთ ამ კაცის?
ოხ, რა დავიბოღმე.
ასე არ იყო, მაგრამ ასე მოყოლით იდიოტობა გამოდიოდა.
_ ხო, გაცვეთილი ფილოსოფია გაქვს.
_ არა, _ კინაღამ არ გავბრაზდი?
_ ჭამე რა, ჭამე...
_ აი, დავამთავრებ და მერე ნახავ, ხელიდან გამომგლეჯენ... _ ქურთუკის ჯიბეზე დავიტყაპუნე ხელი, რაც შეცდომა იყო.
_ აქა გაქვს? _მკითხა ჯაკომომ.
_ ხო, რაღაცები, უქმეებზე ვასწორებ ხოლმე...
ფურცლები ამოვიღე.
_ კაიხელა დაუწერია, _ თქვა მარიმ.
_ უნდა წაგვიკითხო? _ გოგოების შემპარავი შეკითხვა გახლდათ.
_ არა, რა წაგიკითხოთ... ნაწყვეტებია, დაუმუშავებელი...
_ მიდი რა, წაიკითხე...
_ არა.
_ რას ეხვეწებით?
_ პირველ წინადადებას წავიკითხავ... _ ფურცლებს ყასიდად ჩავხედე, _ მე ისმაილს მეძახიან...
ტიმმა თავი გააქნია.
_ ჩვენ ამ კაცს ოდესღაც ვიცნობდით...
_ ეგრე იწყება? _ შეცბა ჯაკომო.
_ არა, კაცო, ვიხუმრე...
ეგრე დაწყების ტრაკი რო მქონდეს, აქ კი არ ვიჯდებოდი... ეგრე `მობი დიკი~ იწყება, _ და ტიმს დავეჯღანე, _ ერთით ნოლი...
ტიმმა კი მხარზე ხელი დამკრა:
_ კარგი ბიჭი ხარ, პიტ, მაგრამ ამ წიგნებს დროში ვერ არტყამ, მე ასე მგონია... ანუ იმ ამბავს, რომელიც უნდა აღწერო, ისე არ აღწერ, როგორც მილიონებს გაუხარდებოდათ. რაღაცას იგონებ... მოკლედ, შენ უკეთ იცი...
24. სულყველაფერი დავლიეთ: სამი ბოთლი ღვინო, თორმეტი ქილა ლუდი, ორანჯიც კი და ბალახზე გავგორდით.
მე `ტაიმსის~ შაბათის ნომერზე ვიწექი და წარმოვიდგინე, რომ მოვკვდი და სწორედ `ტაიმსის~ შაბათის ნომერში გახვეულს მიმასვენებენ.
საინტერესო სანახაობა იქნებოდა. მართალია, კვირის `ტაიმსში~ უფრო მადლიანად გამოვეხვეოდი, მაგრამ შაბათისაშიც ჩინებული ჩანართები იყო: ტურიზმი, მუსიკა, საკუთრება. ვიწექი და ვუყურებდი ცას, სანამ ვიღაცის ლაბრადორი არ მომადგა და ყნოსვა არ დამიწყო. ეს ძაღლი რომ დავინახე, ვიფიქრე, რომ სიკვდილი მართლაც მოვიდა, ვინაიდან არ მეშინია მელიებისა, მაგრამ სასტიკად მეშინია ძაღლებისა, თუნდაც ისინი უერთგულესი მეგობრები იყვნენ.
_ ფიქლზ, ფიქლზ... _ გაიხმო პატრონმა. კაი ფიქლზი ის იყო.
25. ცა კი მართლაც უზარმაზარი გამოდგა, სრულიად უზარმაზარი.
მინდორში გულაღმა მწოლიარე კაცისთვის ყველაფერი კვდება და მხოლოდ ცა რჩება. ის იმხელაა, რომ თუკი უცებ ჩამოვარდება, დედამიწას ქვეშ მოიყოლებს და ყოველივეს სამუდამო აკლდამაში მოაქცევს. კეთილი კი ჩანს, ასე, ქვემოდან რომ უყურებ, მაგრამ რას გაუგებ. და, საერთოდ, საკვირველია: ჯერაც არ მოუწვიმია. ნეტავ რომელი საათისთვის აპირებს?
ასე ვეგდე გულაღმა, სრულიად კმაყოფილი და ის ამბავი გამახსენდა, სამშობლოდან ჩემს გადმოხვეწას რომ არტყამს კაი საბრძოლო ხმალივით.
26. ვითომდა პოლიტიკური საკითხი იყო, მაგრამ პოლიტიკა საერთოდ არ გჭირდება, თუ ნამდვილი რომანების კითხვა გიყვარს. ამიტომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის მეფობის ოცდამეხუთე წლისთავზე გადავწყვიტე, რაღაცით გამეცნო თავი ამ კაცისათვის, რადგან მივხვდი, რომ ეს იქნებოდა უდიადესი წამი ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში.
ჩემი ქვეყანა ძველ იტალიურ ფილმებს ჰგავს, იქ ქორწილი და დაკრძალვა ერთდროულადაა. ყველამ იცის, როდის კვნესი ნეტარებისგან ფერმიხდილი და როდის გტანჯავს კბილის ტკივილი.
მოკავშირე არ მყოლია. ასეთი რამეები მარტომ უნდა მოაგვარო.
ეს საქმე მაშინ გადავწყვიტე, როცა მიმოწერა მქონდა გაჩაღებული ჩემი ქიმიური კვლევების თაობაზე და დიდი ბრიტანეთიდან სამთვიან მიწვევას ველოდი. ცხადია, მიწვევის ქაღალდი აგვიანებდა. აბა, რამდენი ჩემნაირი ქიმიკოსია ამქვეყნად? ლოდინმა ძალიან წამახდინა. მეგონა, ვერასოდეს გავაღწევდი აქედან და ეს ამბავი ძალიან მაწუხებდა. აბა როგორია, სამშობლოდან გაღწევას აპირებდე და ეს ვიღაც, თუნდაც კეთილი პროფესორის ხელმოწერაზე ეკიდოს?
ყველაფერი კი შემთხვევით მოხდა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს შევიტყვე, რომ პრეზიდენტი ჩვენს უბადრუკ ქიმიის ინსტიტუტში უნდა მოვიდეს, მეცნიერებს სამომავლო საკითხებზე გაესაუბროს.
მორიგი საარჩევნო შეხვედრა იყო თუ რაღაც ამგვარი. ის ყოველთვის პატიოსნად ირჩევდა საკუთარ თავს.
ცხადია, მოსაწვევები შერჩევით დაარიგეს, მაგრამ მეც შემხვდა. ბოლოს და ბოლოს ახალგაზრდა მეცნიერი ვიყავი, რომელსაც გაცხოველებული მიმოწერა გაეჩაღებინა უცხოელ პროფესორებთან.
ეს მოსაწვევი რომ მომცეს, მაგიდაზევე დავტოვე. აბა, რა ჯანდაბა დამრჩენოდა იმ სულელურ შეხვედრაზე, სადაც აკადემიკოსები პრეზიდენტს დაუწყებდნენ ქებას, მაგრამ შინ რომ ვბრუნდებოდი, მეტროს ვაგონში მთვრალი გვარდიელები შემოეყარენ და ერთ-ერთმა ზედ შუა კართან აღებინა და გადავწყვიტე, შეხვედრაზე წავსულიყავი.
ოჰ, რა შიშიანი ღამე იყო. თვალი არ მომიხუჭავს. ზუსტად ისე, როგორც დილეგში გამომწყვდეულ ტუსაღს ძველ რომანში. ისე მღელვარედ წარმოვიდგინე ყველაფერი, რომ რაღაც არაადამიანური ძალა მომეცა.
თითქოს ზედიზედ დამელიოს ესპრესო. ორმაგი დამელიოს და მერე კიდევ და კიდევ.
სხდომათა დარბაზის ჰოლში შემოვიდა. მცველები კი ერტყნენ გარშემო, მაგრამ ეტყობოდა, ყოველი აკადემიკოსისთვის ხელის ჩამორთმევა სწადდა და ისინიც ეგებებოდნენ პირმოთნე, გაუბედურებული ღიმილით. სწორედ ამ დროს ვიხელთე დრო, ტელეკამერების ტყე გავარღვიე და გაშლილი ხელი მოვუქნიე.
ქუჩის ჩხუბებისა არაფერი გამეგებოდა: ხან ვინ წამითაქებდა ხოლმე თავში მოწაფეობის დროს, ხან _ ვინ. ამიტომ მოქნეული ულაზათო გამომივიდა, ორი თითი თუ წაეცაცუნა იმ თავის ჩარბილებულ ლოყაზე. ოოო, რას დამეხვივნენ...
სულ ზორბა ჯეელები, სულ ჩემი ტოლი ბიჭები. რა ჯანი ჰქონდათ. ერთი ცერს მაჭერდა კისერზე. ეტყობა, რაღაც წერტილი იცოდა და იმ ქვეყნად მისტუმრებდა.
კარგა ნაწვალები კაცი ვარ.
უშიშროების მინისტრი დიდებული კაცი აღმოჩნდა, ტელევიზია იმავე საღამოდან მთვრალ ასპირანტად მაცხადებდა. ერთი ბეწო ქვეყანაა, ერთი ტელეგადაცემა ჰყოფნის. ასე მითხრა თავად უშიშროების მინისტრმა, რომელიც დღეში სამჯერ მაინც ჩამოდიოდა ჩემს საკანში. გამომძიებლებს ნაკლებად ენდობოდა, მისთვის მთავარი იმის გარკვევა იყო, რომელიმე პოლიტიკური ძალის ჩაგონებით ხომ არ ვმოქმედებდი.
კარგი კაცი იყო, სულაც არ ანაღვლებდა, რომ პრეზიდენტს შემოვცხე.
ფირი რამდენჯერმე ვნახე და არც მოხვედრიაო, მითხრა. ყველაფერი შეესწავლა ჩემი, რა გრჯიდა, უცხო ქვეყნის გზას ადექ და წასულიყავი წყნარადო. მე ვუთხარი, რომ მიწვევა აგვიანებდა და მეტროს ვაგონში მთვრალმა გვარდიელმა აღებინა. ნაცემი ადილები კარგად მიშუშდებოდა. მგონია, რომ საჭმელში მოსაშუშებელ წამლებსაც მირევდნენ და რაღაც სხვასაც, იმიტომ, რომ ამ კაცს ისე ველაპარაკებოდი, თითქოს აღსარება მინდოდა მეთქვა. შიმშილობის გამოცხადება კი არც მიფიქრია, მებრძოლი ხომ არ ვიყავი?
ოხრავდა, რა დღეში არიან ჩვენი შვილებიო. ერთხელ პირდაპირ მითხრა, შენ აქედან ვერ გახვალ, რადგან ხალხი ყველა დუქანში შენს სადღეგრძელოს სვამს და არ ვიცით, რას მოველოდეთ, როცა საქმე სასამართლომდე მივაო.
ერთხელ ვიღაც კაცთან ერთად მოვიდა, შენი ადვოკატი იქნებაო. საწყალი კაცი ჩანდა. მინისტრსავე მოუფიქრებია, რომ ტელევიზიით ნაირგვარი გიჟები ეჩვენებინათ, რომლებიც ვარსკვლავებს ტორტებს და სხვა რაღაცებს ესვრიან, ანდა მუშტით იწევენ პოლიტიკოსებზე. წინასწარი სასამართლოს დღე ახლოვდებოდა და არაფრით უნდოდა ჩემი სასამართლოზე გაყვანა.
27. სასამართლოზე არც გავუყვანივარ. იმიტომ, რომ ეს ამბავი მთლიანად იმ ღამეს მომაფიქრდა, როცა მეტროს ვაგონში მთვრალმა გვარდიელმა აღებინა.
აი, სურათიც ეს იქნებოდა, შეხვედრაზე რომ წავსულიყავი და იმ მოხუც კაცს გავქაჩოდი. რა თქმა უნდა, არ წავსულვარ შეხვედრაზე. ასეთ ქვეყნებს აკლია ხოლმე ასეთი ამბები. ბრიტანეთიდან მოწვევას ველოდი და თავს ხომ არ გავიფუჭებდი? დიახ, ჩვენ ასეთები ვართ, ამიტომაც ტერორისტები არ გვყავს.
ალალად რომ ვთქვა, ეს ამბავი კარგად მოვიგონე, ისე ცხადლივ წარმოვიდგინე ამგვარი გმირობა, რომ მთელი ღამე ბორგვაში გავატარე. დიდებული სცენები გავითამაშე სიბნელეში და იმგვარად გავითამაშე, რომ ვეღარაფრით დავივიწყე.
სიმართლე რომ ითქვას, ქიმიკოსიც არა ვარ. რა სისულელეა.
ოღონდაც, როგორც ყოველ ჩვენებურ კაცს, ისტორიათა გაბერვა მიყვარს და საკუთარ თავზე თავმდაბლურად, მაგრამ შემაძრწუნებლად რაინდული სევდით ლაპარაკი.
28. თავის დროზე ეს ამბავი ჯეკსაც ვუამბე,
დავთვერით და მოვატყუე, ზუსტად ასე ვუამბე როგორც ახლა გამახსენდა თუ ცოტა სხვანაირად, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჯეკპოტი რომ აღტაცდა და მამაცი გული მიწოდა, ეს მახსოვს. ამით დიდი არაფერი დამიშავებია, ერთი სახალისო ისტორია იყო, რომლითაც იმ წუთში ერთგვარი უძლურება თუ დავიკმაყოფილე. ეს ძველი ავადმყოფობაა.
29. ჰოდა, ვეგდე შაბათის `ტაიმსზე~ და ცას ავცქეროდი: ვფიქრობდი, ნუთუ ოდესმე ეს ცა ჩამოიქცევა და დამსჯის იმ ყოვლად თაღლითური ტყუილებისთვის, რომელთა გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია?
მგონი, უნდა ეპატიებინა.
და, მართლა ხომ არ დამინიშნავენ სიკვდილს?
30. _ გაჩვენო?
_ არა...
_ ასეც ვიცოდი... რაღას გაჩვენებ, როცა აღარ არის? გაქრა, გაუჩინარდა, წაჰყვა წყალს, გავიდა სადღაც, უსასრულობაში...
ეგრეც ვიცოდი, რო მოცუხცუხდებოდი, თან დაურეკავად. რატომ ხარ ასეთი ველური?
_ ეს გულის ამბავია... მოულოდნელად, ლაღად...
_ ესე იგი, გულმა არ გაგიძლო... უნდა მოსულიყავი... მოიცა, შარვალს ჩავიცმევ და წავიდეთ... `ანგლეზეში~, ხო?
_ არ ჩაიცვა...
_ არა? ასე ფიქრობ? იცი, როგორ მომშივდა? ვერ ვჭამდი, სანამ ბოლო არ მოვუღე... მოდი, მაინც ჩავიცმევ და როცა დავბრუნდებით, მაშინ გავიხდი...
ვბერდებით? ღმერთო, ღმერთო...
_ ამ საღამოს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, ჯინა... დრო მქონდა, ორი საათი და მოვედი... წასვლას ვერ მოვასწრებთ.
31. ასე დაპატარავდება ხოლმე ყველაფერი.
_ მშიერი, განადგურებული... გზად მოხვდი აქეთ?.. გამოვიცანი? რა თქმა უნდა, გამოვიცანი... მორჩა, ყველაფერი დამთავრებულია...
აი, დავჯექი. დიახ, ახალ ამბებს ვუყურებ, მშიერი და... გულმა აღარ გაგიძლო და გზად მოხვდი აქეთ... ყველაფერი დამთავრებულია. რაღას ვებღაუჭებით? მე რატომ ვებღაუჭები, თორემ შენ, შენი ველური ფილოსოფიით, სანამ გიშვებენ, ყველგან შეხვალ...
_ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, ჯინა... არასდროს მქონია ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა. ერთად უნდა შევხვდე აგენტსა და გამომცემელს...
32.
ყველაფერი კიდევ უფრო დაპატარავდა: ფანჯარა სარკმელს დაემსგავსა, მაგიდა _ სკამს, ტელევიზორი _ რადიოს, საფერფლე _ სათითეს, ჯინა _ ჩამქრალ ციცინათელას; ანუ ციცინათელას დღისით. მე... ალბათ... მე რას დავემსგავსე?
_ ზუსტად ოცდათორმეტი ნაბიჯია აქედან `ანგლეზე არმზამდე~.
_ ჰიუ გრანტს დაურეკავს, დღეს არ ვიქნები და ნუ მოვლენო... ჰამერსმიტელი კი არის, მაგრამ ახლა სხვაგან ყოფილა...
_ სად ხვდები იმ ვიღაცებს?
_ ჰამერსმიტის ხიდთან...
_ აგენტს, ალბათ, მისტერ სპიტი ქვია, გამომცემელს კიდევ მისტერ ურაინი... შაბათ საღამოს, ჰამერსმიტის ხიდთან, რომელი ნორმალური აგენტი შეხვდება თავის მომავალ კლიენტს? რა ჰქვიათ იმათ პარიზში?
_ კლოშარები.
_ ჰო... აი ეგენი...
ნუ მატყუებ, სჯობია, სიმართლე მითხრა...
_ ნავები უყვართ... რა ვიცი... შაბათია თუ კვირა... რომანი ძალიან მოეწონათ და ვერ ითმენენ, მე ხომ სხვაგანაც დავგზავნე.
_ დაგზავნე? ისიც არ ვიცოდი, თუ დაამთავრე... როგორ ფიქრობ, ეს რაზე მეტყველებს? ჰამერსმიტის ხიდთან პაბებია, სანაოსნო კლუბია... სხვა არაფერი... იქით მხარეს _ პიცერიები და ჩინურები.
ისიც კანტიკუნტად... თანაც, შაბათის ვახშამი... ჯერ ეს ერთი... იცი, რას გეტყვი, შენნაირ მათხოვრებთან მიდიხარ... პიჯაკი რატომ არ გაცვია?
შენ ციცინათელა ხარ, ჯინა... ღამით ანათებ, დილით კიდევ ბრაზდები, იმიტომ, რომ შენი სინათლე არ ჩანს.
ქლესა ადამიანთა სიტყვებშიც მოიპოვება გულწრფელობა.
33. _ ტყუილად არ გავედი დღეს სახლიდან...
შემომხედე... მოიცა... აი, აქ შემომხედე... რა მაქვს? ხელით ვგრძნობ, რომ რაღაც მაქვს და ვერ ვხედავ... სარკეშიც ვერ დავინახე... რა მაქვს? მითხარი... მითხარი...
ღმერთო, რა მაქვს? მითხარი... მართლა მოგწონს? მართლა... მთელი ორმოცი... მთელი ორმოცი წლის ვხდები... და... რა იქნება?
_ ციცინათელების... რაღაცა...
როცა ყველაფერი პატარავდება, ყვავილები არ პატარავდება...
_ რა გვარია... რა... გ... ვარია... აგენტი? რა...
_ ბონდი... ჯეიმს....
_ ბონდი? ბონდი...
ბონდი... ბონდი...
_ ბონდი...
_ ბონდი... ბონდი... ბოონდი... მატყუებ... ბონდი...
_ ბონდი-ბონდი-ბონდი-ბონდი...
ბონდი... ბონდი ჰქვია... ბონდი ჰქვია...
_ ბონდიჰქვიაჰ... ბონდიჰქვი... ბონდი... ბონდ...
ბონდ... ბონდი...
_ ბონდი... მისტერ ჯეიმს ბონდი... მისტერ...
_ მისტერ... მისტერ...
ბონ... მისტერ ბონდ... ბონდ... ბონდ... ბონდ... ბონ-ბონ-ბონ... ბოოონ...
ბოოონ... ბონ... ბონ... ბოოობნ... ბოონდ... ბოონდ. ბოოო-ოო-ონდ...
ბო-ო-ჰო-ჰო-ო-ნდ... ბოოო-ნდ... ბოობ-ო-ბონდ... ბონ... ბოოო... ბოოოოოოოოოოო.... ბოო...
_ ბონდ! ბო-ონდ? ბო-ონდ? ბო-ონდ?
_ ბოონდ...
ღიმილი.
34. მგონი, სულ პირველად ქალმა და კაცმა სწორედ მაშინ გაიღიმეს ერთად, როცა მიხვდნენ, რომ რაღაც გამოუვიდათ. მანამდე ცალ-ცალკე იღიმოდნენ, სულ ნაირგვაირი რამეების გამო. კაცი, ალბათ, სისულეებზე იღიმებოდა, ვთქვათ, როგორ ერჩოლებოდა თიკანი მუხის ხეს, ქალი კიდევ იმაზე თუ იღიმებოდა, როგორ დაუცდებოდა კაცს ფეხი ზღურბლზე და მიწაზე გაიშხლართებოდა.
35. _ ბონდი, არა?
_ ბონდი, ბონდი... ლიცენზიაც აქვს.
რა გაცინებს?
_ ბონდი... აი, ბონდი... მისტერ ბონდ, დიდი ხნით ჩაიძინეთ?
_ სიცილის დრო დადგა არა?
_ არა... გმადლობთ, ბონდ... ბრიტანეთი არ დაგივიწყებთ... გესმით?
_ კარგი, ესმის... ყველას აქვს უფლება...
_ ბოო-ნდ? სადა ხარ? გაიპარე?..
გაიპარებოდი, აბა რა. სამ წელიწადში ისიც ვერ გადაწყვიტე, ერთად გვეცხოვრა თუ არა. ეს ველურობის ნიშანია... ახლა მითხარი აგენტის ამბავი...
_ ჰოოოო... აგენტის ამბავი ისეთია, რომ ჩემი სახლიდან გაგდება არასგზით არ შეიძლება... აგენტმა ძალიან დამაიმედა. მეტიც, გამომცემელიც თან მოჰყავს, შეიძლება ამ საღამოსვე ხელი ხელს დავკრათ...
_ ეგ სისულელეა.
როდის ყოფილა, რომ შაბათ საღამოს საქმეები კეთდებოდა...
_ გაცნობაც კარგია...
_ კი, კარგია, მაგრამ არა მგონია, რომ ჰამერსმიტის ხიდის ქვეშ ლიტერატურული აგენტები შეხვედრებს უნიშნავდნენ ავტორებს... თუნდაც ყველაზე საბრალო და მათხოვარ ავტორებს, ძველმოდური საცვლებით... თითბრის ბეჭდებით ნეკა თითზე...
36. _ არაფერი გესმის, ჯინა... შეხვედრა ისეთ ადგილასაა დათქმული, რომ მეორე ეგეთს ვერ იპოვი... ტივზე უნდა შევხვდეთ. ჩემს ქვეყანაში ეს საკვირველი არც იქნებოდა, მაგრამ ლონდონში...
ტივზეა პაბი... ასეთი რამე გინახავს? ტივი კიდევ ტემზაზე დაცურავს და ახლა ჰამერსმიტის ხიდთანაა მიბმული, სწორედ სანაოსნო კლუბის შორიახლოს...
_ არ მინახავს... არც გამიგონია...
_ საიტიც აქვს... ტავერნა `ათი სექტემბერი~...
_ ათი ზარი...
_ `ათი სექტემბერი~...
მეც ეგ გამიკვირდა.
_ რაღაც იდიოტობას ამბობ. ათი სექტემბერი დღესაა...
_ ხო, _ ცოტა არ იყოს, ჩავფიქრდი, _ ათი სექტემბერია... ასეა თუ ისე, ხომ ხვდები, რომ ჩემი აგენტი მთლად უბრალო ვინმე არ არის?
_ ძვირფასო პიტერ...
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, იყიდიან თუ არა შენს რომანს... საერთოდ არ ვიცოდი, რომანებს თუ წერდი და თან ასე უიღბლოდ და უვარგისად...
_ იღბლიანი ის იქნება, შენს თეთრ თმაზე რომ დავწერ, არა?
_ ღმერთო, რა უგულო ხარ... ნამდვილი ცხოველი... ცხოველი... ცხოველი... ცხოველი...
37. _ სიყვარულით ნაცემ კაცსაც სტკივა...
ნუ მირტყამ... ნუ მირტყამ, თორე ამ ბალიშს გაჭმევ... ჯინა... ნუ მირტყამ... მითხარი, როგორ არის ბებიაშენი?
_ მე რა ვიცი, როგორ არის... ვეზიზღები... ალბათ, და არც ვახსოვარ...
ჰენლიში ცხოვრობს. ჰენლი ონ ევონში...
_ რა ბედნიერი ვიქნებოდი, ბებია რომ ცოცხალი მყავდეს...
_ ბებია ეხმარება ბედნიერებას?
_ ძალიან... მე რომ ვუკვირდები, ბედნიერი და მხიარული სწორედ მაშინ ვიყავი, ბებია რომ ცოცხალი მყავდა... საქორწინო ბეჭედი დაკარგა და მე ვუპოვე. ყურძნის მტევნებით სავსე ლანგრის ქვეშ იდო... ეტყობა, ლანგარი რომ დადგა, ბეჭედი გამოუცურდა ხელიდან. ზოგიერთი სუქდება და მერე ვეღარც იხსნის საქორწინო ბეჭედს, ბებია კიდევ გახდა.
ისედაც ხმელი ქალი იყო და მერე კიდევ უფრო გახდა, ამიტომ ხშირად კარგავდა ამ ბეჭედს. ძალიან განიცდიდა.
_ რატომ მელაპარაკები საქორწინო ბეჭედზე, პიტერ ჯეფერს? რატომ ხარ ასეთი საზიზღარი? ისეთ თემებს არჩევ, ადამიანები რომ მწარედ დაჩქმიტო... ყოველ შემთხვევაში, ერთი ადამიანი მაინც...
_ შეშლილი ხარ, ჯინა... მე ბებიაჩემზე ვლაპარაკობ და არა საქორწინო ბეჭდებზე. მესმოდა, როგორ ელაპარაკებოდა ხოლმე თავის ოთახში მყოფი ბაბუაჩემს. ბაბუაჩემი კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, ის კი მაინც ელაპარაკებოდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ მერე მივხვდი, რომ აქებდა.
ძალიან აქებდა, ისე, რომ, სიცოცხლეში რომ მოესმინა ბაბუაჩემს, შერცხვებოდა, ასეთი კარგი ადამიანი ნამდვილად არ ვარო. მაშინ კიდევ მეგონა, რომ ეჩხუბებოდა, რადგან კარს იქიდან სიტყვები ძალიან მღელვარედ და ხმამაღლა გამოისმოდა... ეგ არი, სწორედ, ჯინა, რომ სანამ არ მოკვდები, შენი ძვირფასი ქალი ძნელად აღიარებს, რომ არცთუ ურიგო ჯეილი იყავი, ხოლო როცა მოკვდები, წარმოუდგენლად გადააჭარბებს...
_ ეგ აღმოსავლური სიბრძნეა?
_ სიბრძნე საერთოდ არ არის... რამეს არ დამალევინებ?
_ ლუდს დაგალევინებ... თუმცა, შენ უნდა დაგელევინებინა... ის მაინც უნდა შეგეძლოს, რომ ხანდახან ქალს, რომელსაც ვერ ეშვები, რამე დაალევინო...
_ პოიზონი?
_ აი, ლუდში ჩაგიყრი ახლა... არ გიყვარს ლუდი...
რა საინტერესოა, რაღა ინგლისში ჩამოეხეტე, ვერ წახვედი, ვთქვათ, იტალიაში? იქ ლუდი არ უყვართ...
_ იქ ჩემნაირი ძალიან ბევრია... თან, იტალიური საერთოდ არ ვიცოდი, ინგლისურად კიდევ ვიცოდი... თეიბლ, გუდ მორნინგ, გარდენინგ იზ დილაითფულ ოქუპეიშენ... იტალიურად ვიცოდი ჩაო...
38. _ შეხედე ჩემს თითებს... აი, ასე... აქედან...
ხელისგულებს... და თითებს...
_ ათია, კი...
_ როგორ ფიქრობ, გამიხდება თუ გამისუქდება?
_ როცა დაბერდები? დილით ამბობდი, დავბერდიო...
_ არა, მართლა...
_ მგონი, გაგისუქდება... არ ვიცი, ან გაგიხდება... ბოლოს ყველანი დავდნებით... რაც ნამდვილად გაგისუქდება და ჩაგიმრგვალდება, ისედაც ცნობილია...
_ დავდნებით, არა? ჩამოვიღვენთებით როგორც ნაყინი...
_ ჩვენთან ამბობენ, სანთელივით ჩამოდნაო... სანთელივით.
_ ალბათ, ძალიან მოსაწყენი და სევდისმომგვრელი სურათია... ღმერთო, ღმერთო, რა სისულელეა!
_ სხვანაირად არ გამოდის...
ჩამოდნები... აი, ასე, აი, აქედან წამოჰყვება ნაღვენთი, ასე ჩამოცოცდება და აქ ჩამოეკიდება, თან წკაპ, წკუპ... იატაკზეც დაეცემა ერთი-ორი წვეთი... მე მგონია, რომ საუცხოო იქნება, თუ ამ ღვენთაში ვიღაცას ჩაეხუტები და ერთად ჩამოიღვენთებით.
_ აღმოსავლური სიბრძნე...
_ არა, რა სიბრძნე... ეს ლოპიანამ თქვა.
_ ვინ?
_ ლოპიანამ... თევზის გამყიდველმა და მედუქნემ... პაბი ჰქონდა ჩემს ქალაქში ამ ორასი წლის წინ.
_ პაბი?
_ დიახ...
39.
_ კიდევ თქვი რამე აღმოსავლურები, ზოგჯერ მსიამოვნებს...
_ სიამოვნების მიღწევა უფრო იოლადაც შეიძლება, ლაპარაკი საჭირო არ არის...
_ რაო? მისტერ ბონდ... რაო?
_ ხელი გამიშვი...
_ კოხტად მოიგონე... ბონდი... მიდი, მოჰყევი, თორემ წაგახრჩობთ, შენც და მისტერ ბონდსაც... მოჰყევი...
_ რას მოვყვე? უნდა წავიდე... აი, ოც წუთში...
_ იქიდან დაბრუნდები?
_ ღმერთმა იცის, იქიდან როდის დავბრუნდები, ეგებ ტივი დაიძრას და მე რა ვიცი, სად მიადგება ნაპირს? ფილოსოფიური პაბი ჩანს...
_ ახლა გამახსენდა, არის ეგეთი პაბი რაღაც წიგნში, ოღონდ დაფრინავს. მიწაზე აკრძალულია სმა...
_ ჰოოოო...
დირიჟაბლი უნდა იყოს... რამხელა საპირფარეშო ექნება? მთელი დედამიწა საპირფარეშო არ ექნება? გამოაღე ფანჯარა და... მიუშვიი...
_ ესეც შენი ქვეყნის ტრადიციაა, ხო? ადრე მიამბობდი...
_ კი, ნაქეიფარზე ღია ცის ქვეშ, მაგრილობელი ნიავით შუბლზე... რა, ცუდია?
_ გამახსენდა. ჩესტერტონის წიგნია. `მფრინავი დუქანი~. იქ მგონი ერთი ემფი ისლამური წესების დანერგვას ცდილობს და მთელ ინგლისში სმას აკრძალავს, ორი შენნაირი უქნარა კიდევ ამ დუქანს დააფრენს აქეთ-იქეთ...
_ ვააა?
_ მართლა...
არ წაგიკითხავს?
_ არა... არც ვიცი, რატო არ წამიკითხავს...
_ მე კიდე არ ვიცი, რატო წავიკითხე...
_ ჩესტერტონი როგორ არ წამიკითხავს...
_ მითხარი... მოხვალ, აგენტებს რომ მოილევ?
40. _ მოვალ... მართლა... გამოვფრინდები... შორი არ არის...
ნუ მცემ... შორი არ არის-მეთქი... სხვა რა ვთქვი?
_ შორი რომ იყოს? შორი რომ იყოს? შორი რომ იყოს?
_ ახლა საუსჰოლში თუ წავედი და იქ სანელებლების სუნით გავიჟღინთე, იქიდან რაღას მოვალ...
_ აქ ხო არის აბაზანა... ხო არის...
_ ღმერთო, დამასისხლიანა ამ ქალმა... შენ ისა ხარ... რა ჰქვია? მისთრისი ხარ?.. ნუ მირტყამ, ნუ მირტყამ...
აჰა... აჰა... მოიცა... მოიცა, გეტკინა? მაჩვენე... მაჩვენე...
_ ღმერთო, რა ველური ხარ... თვალში მატაკე...
41. _ თავს ვიცავდი, სერ, თავს ვიცავდი...
არაფერი დამიშავებია... ჩემთვის მოვდიოდი და... საერთოდ არ ვიცნობ ამ ქალს, შინ მომიწვია, ჭიქა ჩაი შემომთავაზა... მოულოდნელად დანა აიღო და ტანსაცმლის გახდა მიბრძანა... მაუპატიურებდა, ბატონო ინტენდანტო... სახელიც კი არ ვიცი... ისიც არ ვიცი, მისი სახლია თუ არა...
თქვენ თუ არ დამიჯერებთ, დავიღუპები, ბატონო ინტენდანტო... თუ ხედავთ, დანა კვლავ ხელში უჭირავს, მე უბრალოდ სკამი ვესროლე, რათა მომეშორებინა, ვიგერიებდი. აი, ეს სკამი... ხედავთ, სად აგდია? მე, აი, აქ ვიჯექი დივანზე, ის კი, როგორც ჩანს, დერეფანს გამოჰყვა და აი, ამ კარიდან შემოვიდა.
მეგონა, ჩაი მოჰქონდა. სამზარეულოში აიღო დანა. ალბათ...
აბა, მე რა ვიცი...
_ მოიცა, რას მიყვები?
_ რამე მომიყევიო, არ მითხარი?
_ რაღაც ნაცნობს მიყვები...
_ კი, ყოველდღე ხდება... ოღონდ უფრო ხშირად პირიქით...
_ საზიზღარი ხარ... მინდოდა რაღაც თბილი და რომანტიკული მოგეყოლა... როგორც იცი ხოლმე...
_ ჰოოოო... მოდი, ტიმზე მოგიყვები... ტიმი ხო იცი?
_ ტიმი? კი... როგორ არა...
შენი ტიმი...
_ დიახ. ჰოდა, ტიმი სიტიში მუშაობს, მოგეხსენება...
_ დიახ... ჭკვიანია ესე იგი...
_ დიახ, დიახ... ქლევაროს ლოს ფრონტერას...
_ ეგ რას ნიშნავს...
_ ესპანურად... ჭკვიანს...
42. _ ხო...
_ ხოდა, ტიმი სულ მივლინებებშია, დაიჭერს საკს და ბანკიდან ბანკში, მთელ მსოფლიოში... ტიმის ცოლი ხო იცი? მარი... ხოოო... ხოდა, წინა კვირაში ტიმი მივლინებაში იყო და დილით უნდა ჩამოფრენილიყო. ოღონდ ისე უნდა ჩამოფრენილიყო, რომ პირდაპირ თავის ბანკში მისულიყო და იქ კიდევ მთელი დღე ემუშავა ძაღლივით... ამიტომ, სიტის აეროპორტში ჩამოფრინდა... მარი კიდევ თურმე სწორედ იქით მიდიოდა კბილის ექიმთან...
ჰოდა, მარიმ იფიქრა, მომენატრა ეს ჩემი ქმარიო და მოდი, ერთი რომანტიკულად შევხვდები შუა სიტიში, ლანჩზეო... რახან ტიმს მართლაც ჰქონდა ლანჩის საათი თავისუფალი... დილით, ტიმი რომ ჩამოფრინდა, მარიმ დაურეკა, ლანჩზე შევხვდეთო... ტიმს ძალიან გაუხარდა, ცოლის სანახავად საღამომდე ლოდინი არ მომიწევსო და ჰკითხა, ექიმს ზუსტად რა დროისთვის ითავებო... მარიმ, და მინდა გითხრა, ცოლიც ასეთი უნდა, ექიმის საკითხი ზუსტად ისე დავგეგმე, რომ შეხვედრა და მონატრებული ლანჩი მოვახერხოთ, აბა დათვალე, რამდენი წელიწადია, შვებულებისგარეთა ლანჩი არ გვქონიაო... ვერც დაითვლიდი, როგორც ტიმი ამბობს... ჰოდა, რესტორანი არ შეურჩევიათ, ტიმმა, მოვრჩები თუ არა საქმეს, დაგირეკავო.
მოგეხსენება, სიტიში ლანჩის საკითხშიაც ყოველი წუთი ძვირფასია... ტიმი დიდად ორგანიზებული კაცია, მინდა გითხრა... დაურეკა... არ პასუხობს... დაურეკა... არ პასუხობს... შვიდ წუთში ოთხჯერ დაურეკა...
მერე შეშფოთებულმა სახლში დარეკა და მეიდს ჰკითხა, მარი სად გადაიკარგაო... მეიდმა, შენ უნდა შეგხვდეს ლანჩზეო, ექიმის შემდეგო... იცი, რას გეტყვი, ჩემო ჯინა? ორმოც წუთში ყველაფერი გაირკვა. მარი ნახევარ საათს ელოდა ტიმის ზარს, ფიქრობდა, ალბათ, ვერ მოიცალაო... მერე აღელდა და გადაწყვიტა, თავად დაერეკა... ჩანთაში ხელი ჩაყო და იქ მობილური ვერ იპოვა სიჩქარეში, მანქანაში დარჩენოდა, სიტიში კი მეტროთი წამოსულიყო, იქ მანქანას ვერ დავაყენებო. მერე ავტომატიდან დაურეკა ტიმს, რომლის მობილურის ნომერიც ძლივს გაიხსენა და საკვირველია, რომ მაინც გაიხსენა, ტიმს კი დრო აღარ ეყოფოდა, ლანჩს ვერ მოასწრებდნენ...
რა რომანტიკაზე მელაპარაკები, ჯინა? ლონდონში არ ცხოვრობ?
_ მთავარია, რომ უნდოდათ... თუმცა შენისთანა ველურისთვის მთავარია, რომ არ გამოუვიდათ...
_ მე არაფერ შუაში ვარ... საერთოდ... ეს უკვე ასეთი ქალაქია... თუმცა... მოკლედ... არ ვიცი...
ბევრს ვფიქრობ ხოლმე ამაზე...
43. _ მომისმინე... ჩავუშვა ოცდახუთი აბი ამ უბედურ, საბრალო სხეულში და მშიერმა დავიძინო თუ მოხვალ?
_ შიმშილი გიხდება... საერთოდ, მომწონს დამშეული ქალები...
_ ველური... მითხარი, დავიძინო თუ დარეკავ? თუ... დიდი სურვილი კი არ მაქვს, ვიღაც იდიოტს ვუდარაჯო...
_ თუ დიდი სურვილი არა გაქვს, მაშინ დაიძინე და მოვალ და გაგაღვიძებ...
_ იცი, რა, მოდი, გასაღები წაიღე...
_ არავითარ შემთხვევაში... დღეს ხომ შაბათია? კარგი, რვაზე იქ ვარ...
მე ვფიქრობ, თერთმეტზე მაინც... თუ ვინმე მელის ამ დედამიწაზე, სწორედ იმასთან მომინდება მისვლა... ციცინათელების საკითხია... მეტი არაფერი...
44. _ მოიცა, მეც გამოვალ... საჭმელს მაინც ვიყიდი რამეს, ანდა... შევეთრევი და ვივახშმებ...
_ გულს ნუ მიკლავ, ჯინა...
უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა...
_ ეგებ ვინმეს გადავეკიდო კიდეც...
_ იცი რა? ეგ საკითხი მალე გაარკვიე... მესიჯით მამცნე... გადავეკიდე... და აღარ მოვალ... ასე ერთ წელიწადს... რატომ მირტყამ? რახან ყოველთვის სიმართლეს ვამბობ? მე შენ მიყვარხარ... მგონი...
ალბათ... უფრო... ალბათ... ასეთი მეგობარი იშვიათად მყოლია... მე რას გეუბნები და შენ რას აკეთებ?
_ ჰა?
_ არა, არაფერი... მომწონს ეგ ჩექმები... ოღონდ ყოველთვის იმ დროს იცმევ ხოლმე, როცა რაღაცას მართლა მნიშვნელოვანს გეუბნები...
_ რა მითხარი?
_ არაფერი...
დამავიწყდა... და ნუ მიყურებ ეგრე, მაგ საშინელი ფრჩხილების კიდე არ მეშინია... საოცარი შაბათია...
45. სიბნელე იყო და მდუმარე მდინარის ჩაყოლებაზე ციმციმებდა რამდენიმე საგანგებო პროჟექტორი, ხოლო წყლისპირა პაბების სარკმლებიდან იღვრებოდა ტკბილი სინათლე.
პაბების წინ, მაგიდებთან, ადამიანები ისხდნენ, ლუდს სვამდნენ და ალბათ ნიჩბოსნობაზე ან კიდევ რაღაცაზე, უფრო ნაკლებმნიშვნელოვანზე ლაპარაკობდნენ, ისე, როგორც ეს მიღებულია შაბათ საღამოს, კოხტად შემთვრალზე.
გეზი ხიდის ბურჯებისკენ მეჭირა, რადგან სანაოსნო კლუბის კიდიდან არავითარი ტივზე წამოსკუპებული პაბი არ ჩანდა. თუმცა პირველი ნიშნული მალე დავინახე, ზედ ნაპირზე გასაშლელი დაფა იდგა, რომელსაც ეწერა: ტავერნა `ათი სექტემბერი~, ქვეშ კი იგივე ნახატი იყო, საიტზე რომ ვნახე: ჯალათი, მოხუცი მეზღვაური ფარნით ხელში და ბიჭი. ის ლათინური წარწერაც არ გამოეტოვებინათ, ქვემოთ კი ცარცით მიეჩხაპნათ რაღაცები.
უნდა გამოვტყდე, რომ ვერასდროს ვკითხულობდი ამ ნაჩხაპნებს. დიდი-დიდი, სიტყვა ფისჰ გამერჩია ხოლმე.
ამ დაფასთან შევჩერდი და მიმოვიხედე, წყალი ახლოს იყო, ტივი კი არსად ჩანდა. სიბნელე კი იყო, მაგრამ ტივზე შემომდგარი სახლი თავისი ოთხი განათებული ფანჯრით კი უნდა გამოჩენილიყო.
46. _ სერ?
ვახ, რას შევხტი?
მაღალი, ხმელი კაცი საშემოდგომო ლაბადაში, გრძელი თმითა და ფართოფარფლებიანი შლაპით.
_ დიახ... სერ...
_ `ათ სექტემბერში~ მობრძანდით?
_ დიახ, სერ...
კაცმა ჯიბიდან სიგრძეზე გაკეცილი ქაღალდი ამოიღო და ჩახედა.
_ მაგიდა თავად დაუკვეთეთ თუ მოწვეული ხართ?
_ მოწვეული... მისტერ ბლერისგან...
_ ბლერისგან... ჰმ... საინტერესო დამთხვევაა, არა? _ სია ჩაათვალიერა, _ მაგრამ...
მისტერ ბლერი სიაში არ არის... შეგიძლიათ სხვა გვარი მითხრათ?
_ კი... როგორ არა... მისტერ... მისტერ კვილპი, ალბათ...
_ დიახ... არის... ორი სტუმარი..
ცხრამეტი და ორმოცდახუთი წუთიდან... პირველი სტუმარი ადგილზეა... დიახ... მობრძანდით... აი, ეს სამაჯური, მოიცათ...
თეთრი სამაჯური მომაბა მარჯვენა მაჯაზე და რაღაც ხელსაწყოთი გააწკაპუნა.
პირველად შევდიოდი პაბში, სადაც დასათრობად მიბრძანებულ ადამიანებს სამაჯურებს უკეთებენ.
_ წამობრძანდით, სერ...
ტანხმელი მეკართანე ხალისიანი და გრძელი ნაბიჯით გამიძღვა ჰამერსმიტის ხიდის ბურჯისკენ.
_ მობრძანდით, სერ, მობრძანდით...
ნავი იყო.
მგონი, კატერი ჰქვია, არა, ასეთ ნავს?
_ დაბრძანდით... დიდი ბოდიში, სერ...
სრულიად სიმბოლური თანხა. ასეთია ძველი ტრადიცია... ადრე, ალბათ, გვარიანად იღლებოდნენ მენავეები, ახლა მხოლოდ მოქოქვაღა სჭირდება... გირვანქიანი, სერ... ბილეთის ფასი... _ მეკართანემ ქაღალდის ნაკუწი გამომიწოდა და მე კი გირვანქიანი გავუწოდე. კატერი აღუღუნდა.
ჩვენ მდინარეში შევცურეთ.
ტივი არსად ჩანდა.
_ მე მეგონა, ნაპირთან ება, _ ვთქვი მე.
_ ასეც იყო, სერ... და ასეცაა... ნაპირთან აბია, ოღონდ მეორე მხარეს... ჩვეულებრივ, როცა ლონდონში შემოვდივართ ხოლმე, სწორედ სანაოსნოსთან ვჩერდებით. იქ მოაჯირები საგანგებოდაა მოწყობილი, მაგრამ დღეს, სულ ბოლო წამს, გადაწყდა, რომ იქითა ნაპირთან ჩამოვმდგარიყავით. ნავიც ამისთვის დაგვჭირდა.
ტავერნა `ათი სექტემბერი~ კი არ ჩანდა.
მოტორი ბღუოდა.
_ რატომ ჰქვია `ათი სექტემბერი~? მე მეგონა, `ათი ზარი~ ან რაღაც ასეთი უნდა რქმეოდა...
47. _ საინტერესო ისტორიაა, სერ... ძალიან ძველი... 1643 წლის 10 სექტემბერს მავანი უილიამ ბოიდი ჩამოახრჩვეს ტაიბერნზე ათასგვარი სისაძაგლისთვის, რომელთა მოთხრობაც ახლა შორს წაგვიყვანდა... მისმა გულდათუთქულმა მეგობარმა, ბებერმა ჰონვიმ, ამ სამგლოვიარო დღის აღსანიშნავად თავის ტივს `ათი სექტემბერი~ დაარქვა, მერე ზედ რაღაც ხუხულა დადგა და მცურავ ლუდხანად გამოაცხადა. ეს უცნაური ტავერნა ანდერძით ბოიდის ვაჟს დაუტოვა. აბრაზეც ისინი არიან გამოსახულნი, ჯალათთან ერთად...
ჯალათმა ბოიდის ქამრის ბალთა მოუტანა ჰონვის... ჰონვი რომ დათვრებოდა, ბალთას კათხაში ჩააგდებდა და ასე სვამდა ელს... განსაკუთრებულ მუშტრებსაც შესთავაზებდა ხოლმე... მოვცურდით, სერ...
_ ჰო? _ არაფერი ჩანდა.
48. მეკართანემ თოკი მოისროლა სიბნელეში და სადღაც გადახტა. გადახტა თუ არა, სინათლეები აინთო.
ვახ...
მართლაც ტივი, მართლაც ძველით მსუნთქავი ტავერნა, ქვის კედლები, ფანჯრები, პარმაღი, აბრა...
_ ფოტოელემენტები, სერ... მობრძანდით, _ ხელი გამომიწოდა და გადავხტი. სითბოთი გაჯერებული ადგილი ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, ფასადი მართლაც საოცარი გახლდათ.
ასეთი რამე არასოდეს მენახა.
_ გრეით...
_ ასეა, სერ... ინჯოი...
კარს მივაწექი და შევედი.
49. იქაურობა სავსე იყო. ბართან კი არა, კედლებთანაც კი იდგნენ.
სინათლე განსაკუთრებით ჩამთბობი იყო, ბუხარიც კი გუზგუზებდა.
_ სამაჯური, სერ? _ ზორბა კაცი შემომეგება.
მაჯა ვაჩვენე.
_ გთხოვთ...
50. დიდი ჭკვიანი კაცი ჩანდა ამ ტავერნის დღევანდელი პატრონი. იმ ჰონვის ასეთი პაბი ნამდვილად ვერ ექნებოდა. საქმეც ხომ ეს არის, ისეთი გააკეთო, თითქოს ოდესღაც არსებობდაო. წიგნის წერასავით გამოდის. ერთი დიდი, მშვენიერი ტყუილია და მეტი არაფერი. მხოლოდ ლუდია ნამდვილი, ისევე როგორც წიგნში _ განცდები.
51.
_ პიტ... ჰე... პიტ... აბა როგორა ხარ, პიტერ ჯეფერს...
რა ხანი იყო, ჩემი მეგობარი ჯეკპოტი არ მენახა.
_ ო, ჰო... ჰო...
მეგობრული გადახვევა და ზურგზე ხელის ტყაპუნი ძალიან მიყვარს. მით უმეტეს, როცა ძველ მეგობარს გადავეყრები.
_ სადა ხარ? რას საქმიანობ?
_ ახლა ლონდონში...
_ მეეჭვება...
52.
მისტერ დენიელ კვილპი გამოდგა ორმოციდან სამოცდაათ წლამდე კაცი, დაბალი და სრულიად ძნელად დასამახსოვრებელი. რუხი მაისური ეცვა.
_ აბა, რას მიირთმევ? ჯეკი ბევრს მიყვებოდა შენზე...
_ მისტერ კვილპ...
_ დენი, უბრალოდ, დენი...
_ დენი... არ ვიცი, რას გიყვებოდა...
_ გითხარი, მხიარულია-მეთქი...
_ არ ვიცი, რას გიყვებოდა, მე ის შემიძლია გითხრა, რომ ვერაფერს გიამბობ მის შესახებ... ჩვენი მეგობრობა ყველაზე უცნაური მეგობრობაა მსოფლიოში. არასოდეს გვინახავს ერთმანეთი. ფოტოებზეც კი... მე?..
მე გინესს დავლევ ან რამე ბელგიური ლუდი თუ არის.
_ უცნაური შეხამებაა, _ თქვა კვილპმა.
ჯეკმა კვლავ მხარზე დამკრა ხელი.
_ აბა, რას საქმიანობ?
_ რასაც ყოველთვის... ფეხბურთს ვუყურებ, ტურისტულ ბიუროებში ვმუშაობ რუსეთის განხრით... მინდა, რაც შეიძლება მეტი ბრიტანელი ჩავიდეს რუსეთში და სამუდამოდ იქ დარჩეს... ასეთია ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალება. ბრიტანელები რომ ჩავლენ და დარჩებიან, ჩემს ქვეყანას უკეთესი მეზობელი ეყოლება. თუმცა კაცმა არ იცის, რა იქნება, როცა ბრიტანელები აღმოაჩენენ, რომ სახმელეთო საზღვრები აქვთ... საზღვაოთი ხომ აიკლეს მთელი მსოფლიო და სახმელეთოთი ძნელი მისახვედრი არ არის...
საბრალო შოტლანდიელები.
ჯეკმა ლუდი მოიტანა.
53. _ ღმერთო, რა კარგი ადგილია, _ ვთქვი, როცა ნახევარი ფაინთი სულმოუთქმელად ჩავცალე. თან, ისიც გამახსენდა, ჯეკმა რომ მომწერა, კვილპთან ერთად დროსტარება მართლაც რომ სხვანაირი იქნებაო. მეტად დამაინტერესა, რა სხვანაირობა უნდა ყოფილიყო, რადგან მისი მეგობრის იერი სრულიად გამორიცხავდა რაიმე სხვანაირობას.
_ ძალიან კარგი ადგილია... საიდან მოცურავს ეს პაბი?
_ სიმართლე გითხრა, არ ვიცი... _ თქვა ჯეკმა, _ დენის აღმოჩენაა...
_ სერენდიფითი, _ ჩაიცინა მისტერ კვილპმა, _ შემიძლია ხოლმე... ეს რომ არ მქონდეს, დავიღუპებოდი...
_ მენავემ მითხრა, ვიღაც ყაჩაღი ჩამოახრჩვესო...
ეს ტივი იმდროინდელიაო... მეეჭვება...
54. _ ბოიდი ყაჩაღი არ იყო, _ თქვა დენიმ, _ ბოიდი ჯაშუში იყო, თან კეთილშობილური წარმომავლობის. ჰონვი კი მისი მსახური გახლდათ. ბოიდს სასამართლომ მთელი ქონება ჩამოართვა, მისი ვაჟი ბედის ანაბარად მიაგდო. მანამდე ჰონვის ორმოცდაათი გინეა აჩუქა და მანაც თავისი საქმის წამოწყება სცადა. ჩანს, ჰონვი ძალიან კარგი კაცი იყო.
საქმე ჩაუფლავდა და სულ ბოლოს ტივების შეკვრას მიჰყო ხელი... ტივზე ხუხულა შემოდგა და...
_ ჰო, ეს მითხრა... მაგრამ ასეთი ამბები, მგონი, მისისიპიზე უფრო წარმოსადგენია.
_ ყველაფერი წარმოსადგენია, _ თქვა დენიმ, _ ერთი უბრალო ამბავია...
_ იქ ლათინური წარწერა რას ნიშნავს? რაღაც წარწერაა...
_ კი... წარწერაა... ოღონდ ვერ გაიგებ, რა კავშირი აქვს ამ ამბავთან. თვითონ ჰონვის ლათინური არ ეცოდინებოდა.
_ ისევე როგორც მე და ჯეკს, არა, ჯეკ?
_ იქ დაახლოებით ასეთი რამ წერია: მახვილი ჩემი არის ჩემი გულის პასუხი, საქმე ჩემი არის მახვილის ჩემის გული.
_ ხოოოო... ბუნდოვანება...
_ შეიძლება ეს ბოიდის წინაპართა დევიზი იყოს, ან რაღაც ასეთი, თუმცა მოგრძოა...
ბოიდი ხომ სულაც არ იყო ბოიდი, ის კეთილშობილი გახლდათ... ღმერთმა იცის. ყოველ შემთხვევაში, ჰონვის ეს ლათინური ნაწერი ჰქონდა, ანდა, შესაძლოა, სულაც დაუკვეთა... ძნელია, წარსულის სურათებში რაიმე გამოარკვიო. მის ვაჟს ეს ტივი და ზედ ტავერნა მემკვიდრეობით დარჩა მოხუცი ჰონვისგან.
_ ეს ყველაფერი ლონდონში ხდებოდა?
_ დენი, პიტი შეშლილია ასეთ ისტორიებზე, _ თქვა უცებ ჯეკმა, _ ბოლომდე გამოგწიწკნის ყველაფერს.
_ კარგი თვისებაა.
_ ჰო, არ ვიცი...
რახან გეკითხებით, მისტერ კვილპ, ბარემ ისიც მითხარით, ის ჯალათი ვინღა იყო?
55. _ ჰოოოო, _ ჩაფიქრდა ჩემი მეგობრის მეგობარი, _ ეგ, მგონი, ყველაზე საინტერესოა ამ ისტორიაში.
ამბობენ, რომ ჯალათი ბოიდის უახლოესი მეგობარი იყო... თავად ჩამოჰკიდა თავისი ძმაკაცი. ეს დიდად ჯენტლმენური და თავზეხელაღებული საქმე იყო, ამით ბოიდმა და ჯალათმა ისტორიას უთხრეს, რომ მათი საქმე გრძელდება; ანუ ჯალათმა იმდენი მოახერხა, რომ ჯალათად მოეწყო და ამით გვითხრა, საქმე წაგებული არ არის, ყველაფერი გრძელდებაო. ამბობენ, რომ შესაძლოა, ჯალათად თავად ჰონვი ყოფილიყო. თუმცა მე ნაკლებად მჯერა ამისა. ასე რომ იყოს, უძველესი აბრა, რომელიც აგე, იმ კუთხეში ჰკიდია, სხვანაირი იქნებოდა, ჰონვი თავად იქნებოდა ჯალათის ფორმაში. აქ კი ჯალათი სხვა კაცია.
ჯალათმა ბოიდის პირადი ნივთები დაუბრუნა ჰონვისა და ბოიდის ვაჟს.
_ ქამრის ბალთა...
_ მენავეს ბევრი მოუსწრია...
_ მე წავალ, ლუდს მოვიტან, _ თქვა ჯეკმა და წამოდგა.
_ იგივე, ჯეკპოტ...
_ თავი ხომ არ შეგაწყინე ამ ისტორიებით, პიტ... უბრალოდ, ეს პაბი რომ აღმოვაჩინე... მართლა საოცარი რამ არის, რას იტყვი?
_ გეთანხმებით, სერ...
56. _ ჯალათმა ბოიდის ნივთები მიუტანა ჰონვის, მათ შორის ის ქამრის ბალთა... აი, გაიხედე... იმ კაცის თავი ეფარება. აი, ქამრის ბალთა...
მერე ახლოდანაც ნახავ, ნუ ადგები ახლა... ეს ქამრის ბალთა ძალიან მოულოდნელი ფორმისაა. მერე ნახავ...
_ სერ უოლტერ რალის ერთ-ერთი ჩიბუხი მართლა არის აქ?
_ კი, მეორე სართულზე.
ჯეკმა კათხები მოიტანა, შეტყუპებულად დადგა მაგიდაზე და თქვა:
_ პიტ, ადამიანურად მითხარი, რას საქმიანობ?
_ ვმუშაობ-მეთქი... ტელეფონზე ვრეკავ რუსეთსა და უკრაინაში. იქაური ტურფირმის შვილობილში ვმუშაობ...
ჯეკმა თავი გააქნია.
_ ხო, ზუსტად ისე, როგორც თხუთმეტი წლის წინათ...
ჯეკმა თავი გააქნია.
_ რატომ?
_ ასეთია ცხოვრება... სამაგიეროდ, რომანებს ვწერ...
_ ეს დიდებულია, _ თქვა დენიმ, _ დიდებული...
_ ჰო, ოღონდ არავინ აქვეყნებს...
სიცილი დავიწყე, ისინი რომ არ მოღუშულიყვნენ.
_ ადრე მეც მინდოდა რომანების წერა, _ თქვა დენიმ, _ მისმინე პიტ, ჯეკი მიამბობდა, რომ ქიმიკოსი ხარ...
ოოოოოოპს...
_ მაგ ქიმიის აღარაფერი მახსოვს, დენი, _ რას მიაქცევენ ხოლმე ადამიანები ყურადღებას...
პირდაპირ გაგიჟდები, ტყუილი სად დაგხვდება ხოლმე წინ.
_ გასაგებია, მაგრამ ეს მაინც აჩენს კვალს მეცნიერებას. მგონია, რომ რომანებსაც იმიტომ წერ, რომ ქიმიკოსი ხარ და ათასგვარ რამეში ერკვევი. ეს ცოდნა ხომ დალექილია შენში.
_ ყველანაირად შევეცადე, რომ ეს ცოდნა თირკმლებში დალექილიყო...
ისევ გავიცინეთ.
_ საერთოდ, მგონია, რომ სხვაგან უფრო საინტერესო ცხოვრებაა, ვიდრე ჩვენთან ან თუნდაც კონტინენტზე. ჯეკმა ისიც მითხრა, რომ საოცრად უშიშარი ადამიანი ხარ და ოდესღაც თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს ხელი შემოარტყი...
57. ღმერთო ჩემო.
ჩემს შესახებ ჩემი ორი ტყუილის გარდა მოსაყოლი არაფერი ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ორსავე მნიშვნელოვან ამბავს: ერთი, რომ ცხოვრება ცარიელია და მეორე, რომ აუცილებლად რაღაც უნდა გამოიგონო.
_ ჰოო... აღარც მახსოვს, როდის იყო ეგ... მგონი, თხუთმეტი წლის წინათ...
_ თექვსმეტის... _ თქვა ჯეკმა.
_ აი, ჩემი ბიოგრაფი, _ გავიკრიჭე მე და `ათ სექტემბერთან~ დაბრუნება ვცადე, _ ის ფარანი რაღას ნიშნავს, ჰონვის რომ ხელში უჭირავს? თუ ნიშნავს რამეს, საერთოდ?
58. ეშმაკმა წაიღოს, აი, რას მივხვდი, მეორე კათხა ჩავცალე და თითქოს არაფერი დამელიოს, უბრალოდ, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, პაბი გაჭედილია და მგონი ყველანი ასეთ ხასიათზე არიან. ერთი მთვრალი ხომ უნდა გამოჩნდეს სადმე?
დენიმ თავი დაიქნია და ჯეკს გადახედა.
ამ გადახედვის არსი ვერ ამოვიცანი.
_ მთავარი სწორედ ფარანია, _ ჩაიცინა დენიმ, _ კარგი თვალი გქონია... საერთოდ, აქ სულ სხვა რამეა მთავარი და ბარემ თავიდან ბოლომდე გიამბობ...
_ ეგრე აჯობებს, _ ჩაიხითხითა ჯეკმა.
_ მგონი, ჰო... _ დავეთანხმე მეც.
59. _ ბოიდი ჯაშუშობისთვის ჩამოახრჩვეს, რაც სისულელეა... მიზეზები სულ სხვა იყო. ფარანი, მოგეხსენება, სინათლეს ნიშნავს. ღამით ჰონვიმ და ბოიდის ვაჟმა ბოიდის გვამი ჩამოხსნეს და საიდუმლოდ დამარხეს, ამ საქმეში მათ ჯალათიც დაეხმარა...
_ კი, მაგრამ თუ ჯალათი ჰონვი იყო?
_ მაშინ აბრა ცრუობს...
თუმცა ნახატი ყოველთვის ცრუობს... ასე არ არის?
_ ალბათ... ფოტო ცრუობს და ნახატი რაღა იქნება?
_ საქმეც ეს არის, რომ თუ ჰონვი ჯალათად გაძვრა თავისი პატრონის დასასჯელად, ჯალათი ქრება... შეგვიძლია აბრაზეც და ისტორიაშიც ხაზი გადავუსვათ... მაგრამ აქ კიდევ ერთი ამბავია, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებს. მით უმეტეს, თუ რომანებს წერ. საქმე ისაა, რომ ბოიდს არ ჰყავდა...
არც ერთი საბუთით არ დასტურდება, რომ მას შვილი ჰყავდა, რომელსაც ჰონვიმ ეს პაბი დაუტოვა. შვილი მხოლოდ ლეგენდაშია.
_ ზოგჯერ ლეგენდა სჯობია, მისტერ კვილპ...
_ პიტი ასეთი კაცია... _ ჩაიცინა ჯეკმა.
_ მესმის... უბრალოდ, მე ვამბობ, საქმე როგორც არის... და ასე თუ მივყვებით, აბრაზე ერთადერთი კაცი, ჰონვი რჩება, რომელიც, ჩემი აზრით, იყო ბოიდი, ანუ ადამიანი, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, მეტივეთა ხელობაში ჩაერთო ჰონვის სახელით და მერე ამ ჩვენი ტკბილი ტავერნის ამბავიც მოიფიქრა...
იცით, რა? ცოტა არ იყოს, თავი მომაბეზრა ამ ამბავმა, მაგრამ მაინც ბოლომდე უნდა მომესმინა.
_ ანუ, ჰონვის აბრაზე ვტოვებთ? _ გადავიხარხარე მე.
60. _ მისტერ ჰონვი არ არსებობდა, _ ღიმილით მომიგო დენიმ, _ ის მისტერ ბოიდი იყო, ხოლო რახან ბოიდი ბოიდის ნამდვილი გვარი არ იყო, ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო ბოიდი. ცნობილი დიდგვაროვანი, მაგრამ რომელი? იმ დროში არ დასტურდება ასეთი საქმე.
ყველაფერი გამოკვლეულია; ანუ რახან ბოიდი არ არსებობდა, არც ჰონვი არსებობდა. რა დარჩა აბრაზე?
_ აღარ მახსოვს. ფარანი...
_ ფარანი, რომელიც ღამით გზას გაგვინათებს, არა?
_ ასე გამოდის.
_ კიდევ რაღაცა დარჩა.
_ არ მახსოვს.
_ კათხა, რომელიც ჰონვის უჭირავს... ლუდის კათხა...
დიდებული ოხუნჯობაა. ჰა-ჰა-ჰა, ჰო-ჰო-ჰო...
_ კათხა და ფარანი, _ კედლისკენ თითი გაიშვირა დენიმ, _ აი, ფარანი... და, აი, კათხა... მეტი არც არაფერი...
ჰა-ჰა-ჰა, ჰო-ჰო-ჰო...
ჰო, მაგრამ...
ამხანაგო!
_ ჰო, მაგრამ ვიღაცა ხომ არსებობდა? ვიღაცა ხომ დასაჯეს სიკვდილით იმ წყეულ ათ სექტემბერს?
_ ალბათ, რა ვიცი... ჩვენ არ ვიცით, ვინ დასაჯეს სიკვდილით ტაიბერნზე სამასი წლის წინათ, თუ ტაიბერნზე დასაჯეს, საერთოდ...
ჯეკს გადავხედე. ისე, ვითომ გაოცებულმა.
ინგლისელებთან ლაპარაკისას დიდად არ უნდა გამოამჟღავნო, რომ მოგეწყინა და მახვილგონიერებით არ აღფრთოვანდი.
ჯეკმა მხრები აიჩეჩა.
_ არ ვიცით...
არ ვიცით...
_ და მაშინ რატომღა ჰქვია ტავერნას `ათი სექტემბერი~?
61. _ იმიტომ, რომ დღეს ათი სექტემბერია, _ თქვა დენიმ და კედელს თითით შეეხო.
მერე მიაწვა და დავინახე, როგორ რბილად და კოხტად შევიდა თითი ძველი აგურის კედელში. დენიმ თითი მაღლა აჰკრა და კედელი გაიხა.
ვაააჰ! ქაღალდისა ყოფილა?
_ იმიტომ, რომ დღეს ათი სექტემბერია, _ გაიმეორა დენიმ, _ და ჩვენ შენი დახმარება გვჭირდება, პიტ... სულ ერთი ღამით, მაგრამ წარმოუდგენლად და საშინლად.
ლუდი კი არ ათრობდა.
62. _ ოცი წუთი გვაქვს, _ თქვა ჯეკმა.
პაბი სავსე იყო. მე გაშტერებული ვიჯექი. ერთი პირობა ვიფიქრე, სიგარეტს მოვწევ-მეთქი, მაგრამ გამახსენდა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში არ ეწევიან.
_ ჩვენ, ყველას? _ ვკითხე ნირწამხდარმა.
_ მთელ ლონდონს? არა, მთელ ლონდონს ცოტა მეტი აქვს, _ ჩაიცინა ჯეკმა.
_ არა, ვინც ამ პაბში ვართ...
_ არა...
მე, შენ და დენის... ოც წუთში საქმეში ვართ...
_ და ესენი?
_ ესენი თავ-თავიანთ საქმეებზე წავლენ.
დენი სადღაც კუთხეში იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.
_ ჯეკ, რა გინდოდათ ჩემგან? _ ამას ნამდვილად ვეღარ ვკითხავდი, იმიტომ, რომ ამიხსნეს, რაც უნდოდათ.
63. მთელი დღის განმავლობაში მთელ ლონდონში საიდუმლო სამსახურისა და სკოტლანდ იარდის დამხმარე რაზმები იქმნებოდა. არჩევდნენ სანდო და ჭკვიან ადამიანებს. უფრო სწორად, ეს ადამიანები ადრევე შეერჩიათ.
ახლა სწრაფად და საიდუმლოდ კრებდნენ სხვადასხვა ადგილას.
64. ალბათ, დიდი პატივია, ქვეყნის გადარჩენის სახალხო რაზმებში რომ ჩაგწერენ.
_ მაგას სახლიდან გამოვექეცი, ჯეკ, _ ესეც მინდოდა მეთქვა, _ ქვეყნების გადარჩენა ჩემი ხელობა არ არის. ვისი ხელობაცაა, იმან მიხედოს...
რასაც დენიელ კვილპი ყვებოდა, ჯეკპოტი თავის დინჯი ქნევით ადასტურებდა.
მე მინდოდა, მეთქვა:
_ წავიდეთ, ფილმი გადავიღოთ, მერე `ოდეონში~ მივიტანოთ, მაიკლ კეინი და ლიზ ჰარლი დავპატიჟოთ... ყველა გაზეთში გამოგვწერენ, დიდებული პრემიერა იქნება... თუ გინდათ, კომიქსის დიალოგებს დავწერ, თქვენ კარგი მხატვარი მიშოვეთ, სამწუხაროდ, ხატვაში ისეთიგაწაფული ვერ ვარ.
რაზმები იკრიბებოდა საიდუმლოდ, მეგობრობის და სანდოობის გათვალისწინებით. საიდუმლო სამსახურის ყოველ მუშაკს ერთი სანდო კაცი მაინც უნდა ეპოვა.
65.
ჯეკმა მე მიპოვა.
ჯეკი რომ მზვერავი იყო, ადრე არ მიფიქრია, თუმცა იოლად მივიღე ეს ამბავი. ისეთი კაცი გახლდათ, რომ იოლ საქმეზე არ მოცდებოდა. ეს დენი კვილპი კი ზღვისპირელი მდიდარი კი არა, მისი უფროსი იყო. ჩემს მისვლამდე უკვე ორი ჩემისთანა გაეხვია ბადეში და საქმეზეც გაეგზავნა.
_ რა თქმა უნდა, შენ არაფერი გევალება, პიტ... შენ შეგიძლია, ადგე და წახვიდე. ოღონდაც, ერთ ქაღალდზე უნდა მოგვიწერო ხელი... ანუ, ეს ამბავი არ უნდა გათქვა.
ეს ქაღალდი ეგებ სასაცილოც იყოს და აღარავის დასჭირდეს, მაგრამ... _ თქვა დენიმ.
ჯეკი ოდნავ სევდიანი, გვერდით გადაქანებული იჯდა სკამზე და, მგონი, მაგიდის კიდეს უყურებდა.
66. მინდოდა, მეთქვა:
_ ის კაცი, ნავით რომ მომიყვანა, ტემზაში ჩამახრჩობს თუ მშვიდობიანად გადამიყვანს?
აი, ამის კითხვა მინდოდა.
საბრალო ჯინა, მთელი დღე მშიერი იყო... იცით, ჯინა ვინ არის, სერ? დილით ვფიქრობდი, დღეს სოჰოში წავიყვან და იქ `ვალერის~ მეორე სართულზე, ფანჯარასთან ჩამოვსხდებით-მეთქი, მაგრამ თურმე ლონდონი უნდა გადავარჩინო.
იცით, რა არის ყველაზე ცუდი მზვერავთა ცხოვრებაში? მათთვის სულერთია. ადრეც ვეჭვობდი, რომ ასე იყო. მათთვის სხვა გრძნობებია მნიშვნელოვანი. რისთვის იბრძვიან და მუშაობენ? იმისთვის, რომ მე და ჯინამ სოჰოში მშვიდად ვიბოდიალოთ, ანდა კაფეების მეორე სართულებიდან გადმოხედვა რომ მიყვარს, კვლავაც მოვახერხო.
სინამდვილეში კიდევ, ფეხებზე ჰკიდიათ ეს ამბავი. თავიანთი პირადი ბრძოლები აქვთ. მათ სიმამაცეს ხომ ვერ გავზომავ? საერთოდ, პირველად ვხედავ მზვერავებს. არა, რა პირველად, ჩემი ჯეკპოტი აგერ არ არის?
_ ჩვენთვის ადამიანების ოდენობაც არის მნიშვნელოვანი და მათი გონებაც, ყოველ ჩვენიანს ამაღამ თითო საზრიანი დამხმარე დასჭირდება, _ განაგრძობდა დენი, _ მერამდენედ ვამბობ დღეს ამ სიტყვებს... იცი, რა არის მნიშვნელოვანი? ადამიანურად რომ გითხრა: ვთქვათ, ჯეკს რომ ყუთების გადმოტვირთვაში დაეხმარო... ორნი უკეთ და სწრაფად არ გააკეთებთ?
_ ყუთების გადმოტვირთვაში... `ჰაროდსში~ ვიმუშავებდი, ყუთების გადმოტვირთვა რომ მნდომოდა.
ის ყუთები ლამაზლუმაზი რამეებით მაინც არის სავსე, _ ესეც არ მითქვამს.
მხოლოდ ჯეკს გადავხედე და ვიკითხე:
_ რა ხდება, ჯეკ? ეს ტივი _ ტივია?
67. _ არა, _ მითხრა ჯეკმა, _ ეს საიდუმლო ადგილია, ხვალ აღარ იარსებებს. საიტი გუშინ გავიდა ქსელში, ხვალ აღარ იქნება...
_ ხვალ აღარ იქნება, _ დაფიქრებით თქვა დენიელ კვილპმა.
მე, როგორც ქიმიკოსი, სრულიად გავოფლიანდი.
_ საპირფარეშოც ქაღალდისაა? რაში ხარჯავთ ამდენ ფულს?
ოღონდ შეკითხვა სხვანაირად გაისმა:
_ ტუალეტი სად არის?
68. მგონი, ისინი რაღაც ფილმს მიყვებოდნენ, რომელიც ამერიკაში გადაიღეს ლონდონის შესახებ. ფილმი უვარგისი იყო, მაყურებელი არ მივიდა, მილიონები კი დაიხარჯა.
69. მოკლედ, ჯეკს ძალიან ვუყვარდი, ისე ვუყვარდი, რომ თავის საქმეში ჩამითრია.
ამაში საკვირველი არაფერი იქნებოდა, ხელობაა ისეთი, რომ უკეთესს არაფერს უნდა მოელოდე, მაგრამ საკვირველი სწორედ ეს ტივის ამბავი იყო. წინ რაც მოგველოდა, იმის არაფერი ვიცოდი და წარმოდგენაც მიჭირდა. არც მიცდია, უბრალოდ, ფილმი იყო და სხვა არაფერი. რას მატყუებდნენ და რას _ არა, ვერ ამოვიცნობდი. მზვერავთა საქმე ასეა. გარშემო მოხორხოცე ხალხშიც, ალბათ, ერთი ათიოდე მზვერავი იქნებოდა, დანარჩენები ჩემნაირი ბითურები თუ იყვნენ.
_ ალბათ, გადამწყვეტი ჟამი დგას, რახან ამდენი ადამიანი თავის მეგობრებს გამოუტყდა, მზვერავი ბიჭი ვარ, თქვენი დახმარება მჭირდებაო. ესე იგი, რა დღეში უნდა ჩავარდნილიყო სამზვერავო ამბავი, რომ ხალხი არ ჰყოფნიდა.
რაღაც იდიოტობა გამოდიოდა.
მუყაოს პაბი, შიგ შეყრილი მზვერავთა მეგობრები და საღამოს ცხრა საათი. ამაზე დიდ იდიოტობას ძნელად წარმოიდგენდა კაცი.
70. _ ბოდიში, ამ ტივის ქვეშ რა არის? კაპიტანი ნემო ცხოვრობს?
ჯეკმა სევდიანდ გადახედა დენის.
_ ამ ტივის ქვეშ არაფერი არ არის, საჰაერო ბალიშების გარდა, _ თქვა დენიმ.
_ ანუ, ესე იგი, ჩვენ ვერ ავფრინდებით, რამე რო იყოს? მთვარეზე ვერ შემოვსხდებით?
ჯეკმა თავი გადააქნია.
_ ვერც დაივინგი გამოგვივა, როგორც ვხვდები... ჩემს სამშობლოში ერთი რესტორანია, აივანი პირდაპირ ტბორს გადასცქერის. მთვრალები გამოდიან ხოლმე და პირდაპირ ტბორში ცვივიან აივნიდან.
ამიტომ რესტორანს `ყირამალა~ ჰქვია. აქეთ რო მოვცურავდი, ვიფიქრე, მეც ისე არ დამემართოს-მეთქი, ახლა კი გამოირკვა, რომ იაპონური ფარანივით კოხტა ქაღალდში ვარ გამოხვეული და მდინარის დინებას მივყვები.
ლამაზია ღამით მდინარეზე ლივლივი, მით უმეტეს, როცა ანათებ... მე, საერთოდ, ციცინათელები მიყვარს, მისტერ კვილპ... მე ერთი გოგო მიღებს ხოლმე კარს ხანდახან, რომელიც აი, აქვე ცხოვრობს... თხუთმეტ წუთში მიგიყვანთ ფეხით... ის ღამღამობით ანათებს ხოლმე, დღისით ჩვეულებრივი ადამიანია. აუტანელიც კი... აქ იმიტომ მოვედი, რომ მიყვარს ძველი მეგობრები, მდინარე, ღამის ნიავი და ის, რაც ღამღამობით ანათებს...
ჰო, აქ წამოსვლამდე ის გოგო მეჩხუბა, მაგრამ იმდენ ხანს არ მენახა ჩემი მეგობარი, რომ მოვედი. თქვენ კიდევ მეუბნებით, რომ ლონდონი ხვალ ან იქნება, ან არა და იმისთვის, რომ დილით კვირის `ტაიმსი~ ვიყიდო, ამაღამ საქმეები უნდა მოვახდინოთ... მოვახდინოთ, ჰა... ოღონდ ის მაინც გამაგებინეთ, რა უნდა მოხდეს? კინოში მგონია თავი. პოპკორნიც გათავდა.
ჯეკს, ჩვენს ჯეკპოტს, გვარიანი იმედგაცრუება ეტყობოდა.
_ ამას მირჩევნია, შეფერდს ბუშ გრინზე ვეგდო გულაღმა ეპილეფსიური გულყრით ტანჯული...
ისევ ჩუმად იყვნენ.
_ მე მესმის, რომ თუ ხვალ დილით `ტაიმსს~ ვიყიდი, კარგი იქნება...
_ მეეჭვება, რომ ხვალ დილით `ტაიმსი~ იყიდო, _ დენიელ კვილპმა ხელი დაიქნია და სახელოში შემალული საათი მაჯისკენ გამოაცურა. მოციმციმე ციფერბლატს დახედა და ჯეკს მიუბრუნდა.
71.
_ კარგი, _ თქვა ხმადაბლა დენიმ, _ ჩვენ დრო არ გვაქვს... თქვენს შეხედულებებს ნამდვილად პატივს ვცემ. მეც მიყვარს ციცინათელები და ლიტერატურა. სამწუხაროდ, ხელობა მაქვს სხვანაირი. აი, ამ ბარათზე მოგვიწერეთ ხელი... მშვიდობით... გააცილე, ჯეკ...
ჯეკი წამოდგა.
მეც წამოვდექი.
ჯეკმა თავისი რევოლვერივით ტელეფონი ამოიღო და რაღაც წაიბურტყუნა.
მერე ხელი მომხვია და პაბის კარისკენ გამიძღვა. ამ ლაპარაკში ხალხი შეხალვათებულიყო, თუმცა ზღურბლზე ახალმოსულებიც შემოგვეფეთნენ.
72. გავედით და ვიფიქრე: ახალ ჯეკი ტივის კიდესთან მიმიყვანს, უკნიდან მავთულს ჩამომაცვამს ყელზე და უკვე მომხრჩვალს წყალში გადამაგდებს-მეთქი.
_ ეს რა ჯანდაბაა, ჯეკ? ეს ტავერნა?
ჯეკს გაეღიმა.
_ ოფისები არ იყო საკმარისი... ასეთი კიდევ ოთხია... ეს ძველი ფანდია. მგონი, ასი წლის წინანდელი. მასალები შენახული იყო.
ვიღაცამ მოიგონა ოდესღაც და არ დანერგეს... ახლა, კვილპმა გამოჩხრიკა.
ჩავიფხუკუნე და მანაც ჩაიფხუკუნა, მაინც ის ძველი ჯეკი-ჯეკპოტი არ იყო?
_ მოხსნი ჯეკპოტს?
მან მხრები აიჩეჩა.
_ ყველაფერი ძალიან ცუდადაა, პიტ... ძალიან ცუდად.
_ კი, მაგრამ აფეთქებებს როგორ უნდა შეუშალოთ ხელი?
_ ეგ არ არის მთავარი... მთავარი სულ სხვაა... მთავარი შედეგია, თორემ ლონდონს რა დაანგრევს?
_ ასე მგონია, ზღაპარში ვარ, ჯეკ...
ჯეკმა ჩაიცინა.
_ შენ გჯერა?
_ ჩვენი სამსახური დაჯერება-არდაჯერების სამსახური არ არის. იგულისხმება, რომ რასაც გეუბნებიან, ყველაფრის იმთავითვე გჯერა...
_ ახლა რა ვქნათ?
_ რა უნდა ვქნათ, _ ამოიოხრა ჯეკმა, _ წადი შენს გზაზე... ნავი მოვა...
ანდა, თუ გინდა, კიბით გადადი აქეთა ნაპირზე... თუ ძალიან შორი არ არის... უკან კიბეა.
_ ლიკვიდაციას არ ვექვემდებარები?
ჯეკმა თავი გააქნია.
_ ღმერთო, რა საზიზღარი ხარ...
_ ჰო, რავი... შენ რომც იუარო, მე ერთ წელიწადს მაინც ყოველდღე ვიფიქრებ. კინოებში ეგრეა. `სახელმწიფოს მტერი~ არ გინახავს?
_ მოგონილია.
_ ეგ მოგონილია და რასაც თქვენ ამბობთ, ნამდვილი? თუ ასეა, ჯარი რატომ არ არის ქალაქში? შოტლანდიელი მსროლელები ან ვინმე კიდევ, რა ვიცი...
_ ჯარს აზრი არა აქვს. აქ სხვა რამე წყვეტს...
ჯარი რაც დიდხანს არ გამოჩნდება, მით უკეთესია. კარგი, წადი, პიტ... მეც მალე უნდა წავიდე...
73. ისეთი პირი უჩანდა, რომ ჯეკს ვეღარასდროს ვნახავდი. ისე დამენანა, ისე დამენანა, ისე საშინლად დამენანა, რომ აღარც ვიცოდი, რა მექნა.
ნავის თრახთრახი გავიგონე და გავიხედე.
74. _ კები, სერ...
_ ისევ ის კაცი იყო, ცა კი ასეთი ლამაზი.
_ გამიხარდება, თუ გნახავ, პიტ...
ერთმანეთს გადავეხვიეთ.
ჯეკი გატრიალდა და ნავში ჩახტა. მე კი მეგონა, რომ მე უნდა ჩავმხტარიყავი.
_ კარგად, პიტ...
_ ჰეი! _ შევძახე უცებ, _ მე როგორ წავიდე?
_ ნავი დაბრუნდება, პიტ... დაელოდე.
_ დავბრუნდები, სერ...
დავრჩი პირდაღებული. ჯეკი რაღაცას ფათურობდა ნავში, ის აწოწილიც ეხმარებოდა.
_ კი, მაგრამ ორი გზა რატომ უნდა გააკეთო? _ ჩავეკითხე მე.
_ იმიტომ, სერ, _ რაღაც ყუთი გადადო ხვნეშით მეკართანე-მენავემ, _ იმიტომ, სერ, რომ...
და ამ დროს იფეთქა...
75. იფეთქა!!! მგონი, ათასმა მზემ! მთვარე ამას ვერ შეძლებდა ვერანაირად... სამხრეთისკენ ცა ნარინჯისფერი შეიქნა, მოყვითალო კანტები დაჰყვებოდა...
ჩავიკუზე, სამოქალაქო ომის ქუჩებში ნაწრთობი ჩვენებური გამოცდილებიდან გამომდინარე.
76.
_ კანარი ვარფია, სერ! კანარი ვარფი! _ შესძახა მენავემ.
77. აგე, დაასწრეს. არ ეგონათ.
ჯეკი ნავში იდგა და მსუბუქად ირწეოდა, ცისკიდურს უყურებდა.
_ ნამდვილად კანარი ვარფია! სწორედ იქ გლიჯეს, სადაც ინსტრუქციაში ეწერა. მაინც გლიჯეს!.. პირველსავე წუთს გლიჯეს, სერ! ახლა რა ვქნათ?
78. პაბის პარმაღი კი უკვე ხალხით იყო გაჭედილი.
_ ბოს! _ დაიძახა ჯეკმა, _ ბოს...
მისტერ კვილპი არსად ჩანდა.
ჯეკი ნაპირზე ამოხტა და ხმადაბლა და ცივად გადმომიგდო:
_ მოუსვი აქედან...
კი მაგრამ, როგორ?
მენავე რაღაცას ბუტბუტებდა ტელეფონში.
და ამ დროს მეორედ დააბათქუნა.
შორეული ხმა იყო, მაგრამ შთამბეჭდავი. ჯერ სინათლე დავინახე, ხმამ კი ცოტათი დაიგვიანა.
79. _ ჯინა, _ ვთქვი უცებ, _ჯინა...
_ ნავები, გრიკ... ორი ნავი... _ დაიძახა ვიღაცამ.
_ იქნება, _ მიუგო მენავემ, _ დიდი შეცდომა იყო ამ წყალში წუთების კარგვა, მინდა გითხრათ, სერ...
_ უკან, კიბიდან ადით! კიბიდან...
ეტყობა, ჩემნაირებს ერეკებოდა ერთი მზვერავი.
_ რას მიყურებ, ადი და წაეთრიე აქედან... _ დამიყვირა მე.
_ მე იქით ნაპირზე მინდა...
_ ღმერთო ჩემო, შენ რომ ეს გაგეგონა, ჯინა. გაირკვა, რომ შენზე ვფიქრობდი.
_ აგე ხიდი, _ დორბლი ადგა ტუჩებზე იმ საწყალს, _ ადი და წაეთრიე.
ამასობაში კიდევ ორი ნავი მოთუხთუხდა.
_ ნავები, _ თქვა გრიკმა.
80. ტავერნიდან დენიელ კვილპი გამოვიდა, ყურზე ტელეფონი მიეჭირა, არც გაუხედ-გამოუხედავს, ისე ჩახტა ნავში, უკან ჯეკი მიჰყვა და კიდევ ორნი...
_ წადი აქედან! _ მიყვირა იმავე კაცმა, ვინც, მგონი, ჩემისთანების სერჟანტი უნდა ყოფილიყო.
_ წაეთრიე, კიბე უკანაა...
მე მიმოვიხედე და ნავში ჩავხტი, კვილპმა ერთი გამომხედა. ჩანს, რაღაც მნიშვნელოვანს უსმენდა.
_ სად მოდიხარ? _ მხარში მკრა ხელი ჯეკმა.
_ შენთან...
ბოლოს და ბოლოს, ინგლისური მასწავლე...
_ საამაყოა, სერ, _ თქვა გრიკმა და ნავი მოატრიალა.
დენიმ ტელეფონი მოიშორა ყურიდან და ნავის ფსკერს ჩააცქერდა.
_ ჯანდაბა... ჯანდაბა... ჯანდაბა...
_ დამცავი ხალათები და აირწინაღები უკან არის, სერ, _ თქვა გრიკმა.
_ ხალათები...
რამხელა ჩავარდნაა... მთელი ორი საათი... როგორ უმუშავიათ, ოთხივე წყარო ტყუილი იყო... ჯანდაბა...
_ აირწინაღები აიღეთ, სერ, _ გაიმეორა გრიკმა, _ მე ჩემი აქა მაქვს...
81. ნაპირსაც მივადექით.
ის ორი ნავი უკვე იქ იყო.
82. _ ბოს, რა ვქნათ, ბოს? _ ჯერ არც გადავსულიყავით და უკვე ეკითხებოდნენ.
_ მოიცათ, _ თქვა მისტერ კვილპმა, _ შეტყობინება მოვა...
სანაოსნო კლუბთან ხალხი შეჯგუფებულიყო, ეტყობა, ფეთქების ხმამ გამორეკა პაბებიდან. ხორხოცებდნენ და ცისკენ იშვერდნენ ხელებს, ზოგიერთი გამოცალკევებით მიმოდიოდა შორიახლოს, ტელეფონზე ლაპარაკობდა.
დენისაც კვლავ ტელეფონი მიეჭირა ყურზე.
_ სახლებში, სახლებში! _ დაუყვირა ერთ-ერთმა ჩვენიანმა ბრბოს.
_ რა არის? რა აფეთქდა?
_ სახლებში...
შორს ცხოვრობთ? წადით თქვენს სახლებში. მანქანებში ჩასხედით... მინები ამოსწიეთ. საჰაეროები ჩართეთ... რაღაც დიდი ავარიაა. წადით და ტელევიზორი ჩართეთ...
_ ეგ არი, ეგ არი! _ შესძახა უცებ ერთ-ერთმა მზვერავმა, _ ქარს მოაქვს... ქარი ავრცელებს.
_ აირწინაღები და დამცავი ხალათები ყველას! გთხოვთ, სერ! _ დაიძახა გრიკმა და აირწინაღების ნაპირზე გადმოყრა დაიწყო.
დენი კვლავ ბოლთას სცემდა და დადუმებული უსმენდა ტელეფონს.
_ აიღეთ, ბოს, _ აირწინაღით გამოეკიდა ერთ-ერთი მზვერავი.
_ მაცადე, პარდიუ, _ ხელი აიქნია დენიმ.
_ ქარს მოაქვს...
83. გრიკმა თითი გამოივლო პირში და ნიავს შეუშვირა. მერე ჯიბიდან რაღაც ხელსაწყო ამოიღო და ააწრიპინა, ყურადღებით დააცქერდა.
_ რა ხდება, ჯეკ?
_ უბედურება, _ თქვა ჯეკმა, _ სრული უბედურება... ყველანი გავწყდებით, ანუ უარესი... ადრე დაიწყო... ამის გამოცნობა არავის შეეძლო. ყველანი დავიღუპებით, პიტ...
წადი აქედან, წადი და ნახე, თუ ვინმე გყავს ძვირფასი და საყვარელი...
_ გავრცელების სიჩქარე გვარიანია... ქარი მწვანე ნიშნულს მაღლაა, სერ, _ თქვა უცებ გრიკმა.
_ მითხარი, რა ხდება, ჯეკ... მითხარი...
_ რასაც გეუბნებოდით, ის ხდება... რასაც შენ კომიქსები უწოდე...
_ რა ხდება, მითხარი, ჯეკ...
_ გრძელი ამბავია, გრძელი...
_ ჯეკ... _ დენიმ, როგორც იქნა, მოიშორა ტელეფონი, _ მანქანებისკენ და ფანჯრები ამოსწიეთ, ვენტილატორები ჩართეთ...
ეს სიტყვები იყო და ცა ისევ განათდა.
84. _ სახლებში!.. სახლებში! _ უყვიროდა ვიღაც პაბების ხალხს.
_ სიტია! სიტი, _ დაიძახა გრიკმა, _ ახლო-ახლოს მოგსვლიათ...
ჯერ მოიცათ... აირწინაღები დავირიგოთ, ბიჭებო, აირწინაღები... ქარს აქეთ მოაქვს, სერ...
85. _ მანქანებში, _ დაიძახა კვილპმა და დაბლა გაიქცა, ყველანი მას მიჰყვნენ.
_ ჯეკ...
_ წამოდი, წამოდი!
_ წამოვიდე?
_ წამოდი, წამოდი...
_ ლიდსშიც ასეა, _ გადმოაგდო დენიმ, _ ყველგან ასე იქნება. სოფლის ინგლისი თუ გვიშველის... ჯანდაბა, ჯანდაბა.
_ პიტ, ჩაჯექი...
86. დიდი, ლამის კვერცხის ფორმის შავი მანქანები იყო.
ჩავჯექი.
ჯეკმა სწრაფად მოხურა კარი და ამოისუნთქა. მერე ტელეფონი ამოიღო და თაროზე მიაგდო. მერე რაღაც მრგვალი გაიკეთა ყურში და დაქოქა.
87. _ ვინ გვაფეთქებს? _ ვკითხე მე.
_ გრძელი ამბავია, პიტ... დიახ... მესმის... მივდივარ...
დიახ...
ძლივს მივხვდი, რომ ყურში ბრძანებები ჩაესმოდა.
_ რა ამბავი, ჯეკ?
_ დოქტორ მოროს კუნძული, _ ჩაიცინა ჯეკმა და მანქანა დაძრა, _ ხომ არ დაიღლები, პატრულირება რომ გავწიოთ? ვითარებაა შესასწავლი.
ჯეკმა ღილაკს მიაჭირა თითი და საჰაერო ჩართო.
_ ახლა ამას ოქროს ფასი აქვს...
_ ატომური ბომბია, ჯეკ?
ჯეკმა თავი გააქნია.
_ რა ძველმოდური კაცი ხარ, პიტ... ყველაფერი უფრო ახალია, ნახევრად ზღაპრული. პირდაპირ ფენტეზის წიგნებში მოხვდები.
თუკი რამ მეჯავრებოდა სიცოცხლის მანძილზე, ეს იყო ფენტეზის წიგნების ყდები.
88. ჰამერსმიტზე გამოვუხვიეთ, ქუჩებში ყველგან ხალხი იდგა, ცას ასცქეროდა, მოძრაობდა, დავობდა.
ჯეკი კიდევ ერთ ღილაკს დააწვა და თქვა:
_ შედით სახლებში, დახურეთ ფანჯრები... შედით სახლებში, დახურეთ ფანჯრები...
ვისაც შეგიძლიათ, ჩასხედით მანქანებში... მანქანებში... ამოსწიეთ მინები...
ხალხი მანქანას აყოლებდა თვალს. ვიღაც წინაც გადაგვიდგა ხელების ქნევით, მაგრამ ჯეკმა მოხდენილად აუქცია.
_ სულელი... თუმცა ეგებ ასე სჯობდეს...
89. წინ მოციმციმე საპოლიციო მანქანა გამოჩნდა.
_ აგე, პატრულირებენ... _ ვთქვი უაზროდ.
უცებ მანქანის ფანჯრიდან ძაღლი გადმოხტა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ქუჩაზე.
_ ეგენი აღარ პატრულირებენ, _ თქვა ჯეკმა, _ დიახ...
მესმის... მესმის... იყო შემთხვევა. პოლიციის მანქანიდან ნადირი გადმოხტა. ვერ ვივარაუდებ, უკვე გავცდი... არ მქონდა დამუხრუჭების საშუალება.
_ ძაღლი იყო...
_ არა მგონია.
_ ღმერთო, ღმერთო, ეს რა ხდება?
რა უცნაური ქუჩებია. ამდენი ხალხი.
რატომ გამოცვივდნენ?
_ დიახ... _ თქვა ჯეკმა, _ დიახ... მივდივარ... ახლოს ვარ... პარდიუ, მოვდივარ... აირწინაღი გაიკეთე, ან თუ გინდა, მანქანაში დარჩი.
_ სად მივდივართ?
ჯეკმა არაფერი თქვა.
90. _ მისმინე, ჯეკ, რისთვის დამიბარეთ, ამ საშინელებაში მე რა უნდა გამეკეთებინა?
ჯეკი ერთხანს ჩუმად იყო, მერე კი ჩაილაპარაკა:
_ მე რომ წავიქცეოდი, მერე შენ გააგრძელებდი...
უფროსობა ყველგან იდიოტია...
_ მეტი არაფერი?
_ მეტი არაფერი...
_ ღმერთო, რა სისულელეა.
_ ნამდვილი იდიოტობა... სამწუხაროდ, შენს რომანებს ვეღარავინ გამოსცემს. უკეთესი იქნება თქვა, რომ კარგა ხანს ვეღარავინ გამოსცემს. ნამდვილი ოპტიმისტი გამოხვალ...
_ რა ხდება, ჯეკ?
ჯეკმა თავი გააქნია.
_ აზრი აღარ აქვს... მე უბრალოდ მოვალეობას ვასრულებ... დიახ... სამ წუთში ადგილზე ვარ...
პარდიუ, მანქანიდან არ გადმოხვიდე. სად ორი და სად ოთხი... აირწინაღი გაიკეთე...
აირწინაღებს გადავწვდი, ერთი ჯეკის ჩავუდე მუხლებში.
_ რა ხდება?
_ პარდიუ გასაჭირშია.
მანქანის მინებს აქედან ვეღარ გაარკვევდი, რა ფერი იყო ცა. მგონი, ცა საერთოდ აღარ იყო.
_ არა, საერთოდ...
_ საერთოდ... შოტლანდიელი მსროლელები ვერაფერს გააწყობენ. ესეიესი რაღაცას იწვალებს, მაგრამ დრო არ ეყოფა... იცი, რა არის დიადის ნახმლევი?
_ არა...
_ მეც არ ვიცოდი, შარშან გავიგე...
91.
ჯეკმა აირწინაღი ჩამოიცვა თავზე. მეც ვეცადე, რა საშინელება იყო, ალბათ, სიკვდილმისჯილების საკნებია ასეთი. ლოყაც კი აღარ გაქვს შენი და საკუთარი.
_ მერე... მერე... _ აირწინაღის შიგნიდან მოისმა მისი ყრუ ხმა.
ჯეკმა სვლა შეანელა და ხალათი გადმოათრია უკანა სავარძლიდან. ხელთათმანები ამოიღო და დამანახვა.
მე თავი დავუქნიე.
_ იქ რომ მტოვებდით, იმ მუყაოს ტივზე, რას მიპირებდით?
ამ შეკითხვას ვერ გაიგონებდა, იმიტომ, რომ აირწინაღში ვთქვი და ისეთი გაჭირვებით, რომ გამიკვირდა კიდეც, სიტყვები დამავიწყდა თუ რა იყო-მეთქი.
92.
მანქანა აღარ გვყავდა, მივატოვეთ. იმიტომ, რომ ჭურვი უკანა ბორბალში მოხვდა.
ქარი ჩრდილოეთიდან უბერავდა, რაც გვაწყობდა.
ჯეკმა აირწინაღი გადააგდო. მეც გადავაგდე.
93. ქუჩის კიდეზე ვიყავით ჩაწოლილები, სადღაც, ჩოგბურთის კორტის ახლოს, თუ არ ვცდები, იფლი როუდის კიდე იყო. ჯეკს თავისი უცნაური პისტოლეტი ჰქონდა მომარჯვებული და ლამპიონებს ესროდა. განათებულ ქუჩებზე გავლა ჭირდა, თანაც აქეთ-იქიდან ყმუილი და წკმუტუნი ისმოდა. ძალიან მეშინოდა, მაგრამ ჯეკი ძალიან უშიშარი იყო.
მის პისტოლეტს ხმა არ ჰქონდა.
თითქმის არ ვლაპარაკობდით, სიმართლე ითქვას, გამიჭირდა ლაპარაკი. ფიქრი მიადვილდებოდა, სიტყვების წარმოთქმა კი მიჭირდა. ყველგან მონადირეები დაძრწოდნენ. აქამდეც იმიტომ მოვატანე, რომ ჯეკს მოვყვებოდი, მან კი ძალიან ბევრი რამ იცოდა ადამიანის კვლისა და ოხერი ადგილებიდან თავის დაძვრენისა. მისი ხელობაც ეს იყო. მივდიოდით, მაგრამ სად, არ ვიცოდი. სადამდე უნდა გვევლო ფეხით.
მით უმეტეს, რომ აღარც მანქანა გვყავდა და აღარც აირწინაღები გვქონდა.
94. ჯეკმა რომ აირწინაღი მოიხსნა, მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა და დარჩენილი დრო ისე უნდა გავატაროთ, როგორც ჭეშმარიტ მებრძოლებს შეშვენით.
უცნაურიც ეს არის: მებრძოლი არასდროს ვყოფილვარ, აქ კი ისე გამოდიოდა, რომ სწორედ მებრძოლივით უნდა დამელია სული.
95. _ რავენსკორტ პარკში უნდა შევაღწიოთ, _ თქვა ჯეკმა მძიმედ.
_ იქ... რა ვქნათ... ჯეკ?
ჯეკმა თავი ჩაღუნა.
_ უნდა ვიცხოვროთ, თუ მშვიდობა იქნა... ტყეებში. ტყე გვინდა...
პარკიდან პარკამდე უნდა ვიაროთ და ტყეებში გავაღწიოთ.
როგორც ნამდვილმა პარტიზანებმა!
შორი არ იყო რავენსკორტ პარკამდე.
მაგრამ წინ ძალიან ნელა მივიწევდით და თანაც ძალიან ფრთხილად. სულ მოკუზულები, ანდა ფორთხვა-ფორთხვით. უცნაური კი იყო, მაგრამ არც მინდოდა, რომ წელში გამართულს მევლო. ჩემი ჭკუით, ეზო-ეზო სიარული და ღობეებზე ძრომიალი ჯობდა. ვინ დაიწყებს უკანა ეზოებში ტრიალს? მაგრამ ჯეკს უკეთ გაეგებოდა: ქუჩებზე უფრო სწრაფად მიდიოდი.
96. მე კი უცებ ვთქვი:
_ წიგნი უნდა დამემთავრებინა...
ჯეკს არ უპასუხია.
საერთოდ, ამ წიგნის წერა იმიტომ დავიწყე, რომ ერთხელ მეტროს ვაგონში დაგდებული გრაფიკული რომანი ვნახე და მისი კითხვა-თვალიერება დავიწყე. ეტყობა, ვიღაცას ამოუვარდა ჩანთიდან.
წინ კარგა გრძელი გზა მედო, ისტში მივდიოდი, ძველ ძმაკაცთან და სწორედ იმის კითხვის დროს ვიფიქრე, რა იქნება, დიდი კოშმარი რომ დატრიალდეს-მეთქი. საერთოდ, დიდკოშმარიანი, ანდა დიდბედნიერებიანი წიგნების მოგონება იოლია. მთავარი იქ ადამიანები კი არა, კოშმარები და ბედნიერებებია. ოღონდაც, ახლა, კორტის მესერთან ჩაკუზულს, ეს ამბავი რომ მახსენდებოდა, ვფიქრობდი, რომ კაცმა რაც უნდა სისულელე მოიგონოს, თავისუფლად შეიძლება, რომ ეს სისულელე ახდეს. რატომ, სერ? იმიტომ, რომ ცხოვრება სისულელეა... ძალიან ადვილი პასუხია, მაგრამ რას იზამ? როცა ყველაფერი მთავრდება, ძნელი პასუხები არ უნდა ეძებო. მით უმეტეს, რომ თვალნათლივ ხედავ: ზოგჯერ კაცი ძალიან ჭკვიანურად ფიქრობს, ცხოვრება კი სისულელე ყოფილა.
97.
_ მეტროსკენ ხომ არ აჯობებდა, ჯეკ?
ჯეკმა ტუჩებზე მიიდო თითი. ჯიბიდან ისეთი ხელსაწყო ამოიღო, გრიკს რომ დავუნახე და დააცქერდა.
_ ჩქარა... უნდა წავიდეთ... არ მინდა, რომ გზაში ჩაგვკლან.
98. _ ჰეი, კაცო... _ მოისმა უკნიდან, _ ჰეი, კაცო...
ჩვენკენ ორი ვიღაც მოფორთხავდა.
ჯეკმა მიანათა.
_ ჰეი, კაცებო, საიდან ხართ?
_ ჰამერსმიტიდან...
_ მგონი, მოვიწამლე, კაცებო... გულ-მუცელში რაღაც დამიდის და ლაპარაკი მიჭირს...
ფეხზე რომ მდგარიყო, კარგა მაღალი და ზორბა კაცი იქნებოდა.
მეორეს არაფერი უთქვამს.
_ ეს პიჩია...
გამოფხიზლდი, პიჩი... რა არის, ბომბები დაგვაყარეს?
ბილდერები იყვნენ, აშკარად.
_ ჩვენ პოპლარიდან ვართ... აქეთ საქეიფოდ ვიყავით, ძმაკაცებმა დაგვპატიჟეს...
რა უნდა გვეთქვა.
_ ვრეკავ და არავინ პასუხობს... არც ჩემი ცოლი, არც ჩემი გოგოები... გამოფხიზლდი, პიჩ... ნუთუ... ვინ დაგვაყარა ეს ბომბები, კაცებო?
_ არ ვიცი...
_ სროლა ისმის, ჩვენც მოგვაყოლეს ტყვიები...
ვინ გვესვრის?
_ ჯოსჰარლანები... _ თქვა უცებ ჯეკმა, _ ჯოსჰარლანები გვესვრიან...
_ ვინ ჯანდაბაა? ცხვირ-პირს დავუსივებ, ერთი დღეც მოვა.
_ ლონდონში ცხოვრობენ... ჯოსები არ გინახავს? ნახევარი მილიონი ჯოსჰარლანი ცხოვრობს ლონდონში.
_ ვიცი ეგ ჯანდაბები... ვიცი... ჯოსები. ერთხელ მაგათ უბანშიც მოვხვდი. რა ერქვა მაგ ქუჩას...
ფფფ... როგორ... დავიღალე. ტელევიზორს რომ არ უყურებენ, ეგენი არიან, ხო?
_ ხო...
_ და ეგენი გვესვრიან? სად ჯანდაბიდან მოეთრნენ?
_ ჯოსჰარლანის მთებიდან... _ თქვა ჯეკმა მშვიდად, _ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, მეგობარო. ჯოსჰარლანების მეთაურები გიჟები არიან და ძალიან ბევრი ფული აქვთ. მათ ბოროტი ქიმიკოსები ჰყავთ ჯოსჰარლანის მთებში, სადაც მათი მთავრობაც კი ვერ შედის...
მათმა ქიმიკოსებმა საშინელი წამლები გამოიგონეს. გასაგებად რომ გითხრა, ეს წამლები ბომბებში ჩადეს და ლონდონში ააფეთქეს. ჰო, რომ არ დამავიწყდეს: ბოლო სამი თვეა, ყველა ჯოსჰარლანი, ვინც ლონდონში ცხოვრობს, აცრებს იკეთებს, რომ აფეთქების დროს არაფერი მოუვიდეს... ძალიან დავიღალე, მეგობარო... ლაპარაკი აღარ შემიძლია, ეგ არი და ეგ... ქარი იოლად ავრცელებს აფეთქებული ბომბების შემცველობას...
მოხოხებული ჩაფიქრდა.
_ კი მაგრამ, რატომ უშვებენ ქვეყანაში ჯოსებს?
ჯეკმა ჩაიცინა.
_ ახლა რა ვქნათ? პიჩი... გაიღვიძე, პიჩი...
პიჩი... ღმერთო, როგორ დაიკრუნჩხა... რა გემართება, პიჩი... ფეხში აქვს...
_ ჩვენ დასავლეთით მივდივართ... _ ხვნეშით თქვა ჯეკმა, _ თქვენ აღმოსავლეთით... თქვენ... ოლიმპიასკენ უნდა წახვიდეთ, ჰამერსმიტ როუდზე გააღწიოთ...
ვინმე შეგხვდებათ.
სროლის ხმა სულ ახლოს გაისმა. კარგა გრძელი ჯერები იყო.
99. _ დაეტიე, რა, შენს უბანში, _ წაიბურტყუნა მხოხავმა, _ დაეტიე შენს უბანში, დენიელ დრავოტ...
თავის თავს ეუბნებოდა.
100. ჯეკს აღარაფერი უთქვამს, ჩაბნელებულ მესერს ჩააყოლა თვალი და მოკუზული გაიქცა ძუნძულით.
_ რა ვქნათ, კაცო...
მომესმა უკნიდან.
_ პიჩი, პიჩი...
101. ჩვენ კი უკვე ოლდენსლი როუდზე მივძუნძულებდით. კარგად ვიცოდი ეგ ადგილები, რაც მანდ მიბოდიალია. ახლა კი ტყვიების წვიმა იქ იყო, თუ იყო.
ფანჯრებიდან ისროდნენ. დიდად არ უმიზნებდნენ, მაგრამ ყველა ჩქამსა და დალანდვაზე ისროდნენ. ვიღაცები სახლების წინაც იდგნენ, კანტიკუნტად. დიდი დევგმირობა არც ეტყობოდათ, ბიჭები ჩანდნენ, უფრო სახალისოდ ისროდნენ, ვიდრე დამიზნებით და ძებნით.
სულ მახსოვდა ჩემი მეგობრები და ის, როგორ ვიწექი შაბათის `ტაიმსის~ დავიწროებულ ფურცლებზე რიჩმონდ პარკში.
სად იყვნენ, რას აკეთებდნენ?
რა უნდა გაეკეთებინათ.
102. _ ჯეკ... ჯინასთან უნდა მივიდე...
ჯეკმა ტუჩებზე მიიდო თითი...
_ ორი ნაბიჯია აქედან...
ნესმიტისა და დალინგის კუთხეა... ნესმიტ სტრიტი...
_ გაჩუმდი...
_ ჯინასთან უნდა მივიდე.
_ დროს დავკარგავთ...
უცებ მიაყარეს და მიაყარეს.
_ ჩვენ გვესვრიან?
_ არა...
ჯეკმა პისტოლეტი მოიმარჯვა.
_ ვცდი... ჩავაბნელებ...
ჯერი გაისმა თუ არა, ჯეკმა ლამპიონებს ესროლა, მიყოლებით ორს, და ორივე ჩააქრო.
_ ოთხი დარჩა... მერე უფრო იოლად დავიძრებით...
103. რამხელაა ეს ლონდონი. ცა კიდევ ყვითელიცაა, მწვანეც, იისფერიც და...
მოკლედ სრულიად ჯოჯოხეთურია, ღრუბლები დირიჟაბლებივით დალივლივებენ. სპილოებივით, ჰოდა, სწორედ ეგ ღრუბლებია შხამით გამოვსებული.
რა სულელური რამე იყო ის ტავერნა.
თურმე ქვეყანა ინგრეოდა, იმათ კიდევ პაბი გამართეს მუყაოსგან.
_ ამერიკაში რა ხდება, ჯეკ? ნეტავ ამერიკაში რა ხდება?
ჯეკს არ უპასუხია.
_ ამერიკაში არიან ჯოსჰარლანები?
ჯეკი ქუჩას გასცქეროდა.
_ ერთიც ისროლონ.
104. ცხოვრებაში ბევრი ჯოსჰარლანი მინახავს, ცნობით კი ერთს ვიცნობდი. წესიერი და წყნარი კაცი იყო. კაცი რა, ჩემზე ერთი ხუთი წლით იქნებოდა უფროსი. საერთოდ, როგორც ვატყობდი, მთელი ეს ჯოსჰარლანების საზოგადოება ყველაზე თავჩაღუნული და გამრჯე ხალხი იყო. მაგათ ქუჩებზე არასდროს მოვხვედრილვარ, თუმცა ერთი-ორი ჯოსი გოლდჰოუკზეც მინახავს.
იქ ერთი მათი რესტორანიც იყო, `ათარმანათა~ თუ რაღაც ეგეთი, ქვედა წარწერა უფრო მახსოვს, `ჯოსჰარლან ქუსინ~. ის კაციც, მე რომ ვიცნობდი, შეფერდს ბუშელი იყო, ამბობდა, ჩვენები უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობენო და ტელევიზორსაც სიამოვნებით უყურებდა, თუმცა ვიცოდი, ჯოსჰარლანებს ტელევიზორის ყურებას თავიანთი მოგვები თუ ვიღაც ეგეთები უკრძალავენო. მოკლედ, წესები ჰქონდათ რაღაცნაირი, რომლებსაც იცავდნენ, ეს კაცი კი არად დაგიდევდათ ამ წესებს. ჩვეულებრივი კაცი იყო, თვალები სულ უციმციმებდა. მე შემთხვევით გავიცანი. დასარეკად შევედი შეფერდს ბუშზე, საერთაშორისო ზარების ერთ პატარა კანტორაში. იქიდან უფრო იაფი იყო, ვიდრე ქუჩიდან, სახლში კი მაშინ ტელეფონი საერთოდ არ მქონდა.
დიდი ხნის წინ იყო ეს ამბავი. მოკლედ, ჩემებთან ვრეკავდი შინ და ეს კაცი, რომელსაც შიმასი ერქვა, თავის ჯოსჰარლანში რეკავდა. დიდად წვალობდა. უწყდებოდა და გოგოს ხელახლა ცდას სთხოვდა.
მაშინ ხელის ტელეფონები არ არსებობდა.
თავის ლაპარაკს რომ მორჩა, ჩემი კაბინიდან დავინახე, როგორ გამოვიდა და დაიწყო თავის ტრიალი და სიმღერა. ეს იმდენ ხანს გააგრძელა, რომ მე ლაპარაკსაც მოვრჩი და პირდაღებულ მეტელეფონე გოგოს შევუერთდი, რომელიც იამაიკელი იყო და სრულიად ჯადოსნური სამი წლის გოგონა დაურბოდა ხოლმე ფეხებთან, თუმცა ქმარი ისეთი ზორბა მეტელეფონე გახლდათ, რომ ყოველგვარი ღიმილი ყალბი გამოგივიდოდათ.
სად არიან ჩვენი კარიბელი გოგოები? სად არის ლონდონის შავი საგანძური? აი, რა ფიქრები მოსდის კაცს თავში სიკვდილის წინ. რაღაცნაირი კაცი ვიყავი. დიახ.
ასე იყო, სერ... ახლა ის მეტელეფონე გოგო გამახსენდა და ეს ჯოსჰარლანები აღარც მაინტერესებს. ვეგდები აქ და ვიფიქრებ.
ჰო, როგორ მღეროდა?
თურმე მადლობას ეუბნებოდა თავის ვიღაცებს, რომ დარეკვის საშუალება მიეცა.
მე კი გოგოს გადავხედე და უფრო იმის გამო, რომ მის კანტორაში ყოფნა გამეგრძელებინა (იცით, როგორ თეთრ ბლუზებს იცვამდა?), კაცს ვუთხარი:
_ კარგი სიმღერაა...
სიმღერა არ არისო, ამიხსნა, მადლობააო.
ასეთ რამეს მარტო ლონდონში თუ ნახავდი.
ნახვამდის როგორ არის-მეთქი. რაღაც სიტყვა მითხრა. მე მეგონა, საერთოდ სიმღერით ლაპარაკობდნენ.
მერე ხშირად ვხვდებოდი ხოლმე გრინის შორიახლოს: ის ჩემი ქვეყნის ამბავს მეკითხებოდა, მე მისისას გამოვიკითხავდი ხოლმე. ქვეყანა არც იყო მისი ქვეყანა, ერთი ქვეყნის პროვინცია იყო, სადაც ცდილობდნენ, იმ წესებით ეცხოვრათ, როგორიც მათ ჯოსჰარლანურ ტომს მოსდგამდა, მაგრამ ქვეყნის მთავრობა ამის ნებას არ აძლევდა, ჯარით უტევდა, პროვინციის საზღვრებს უკეტავდა, თქვენი წესები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოლაშქრებას და ცივილიზაციის უარყოფას ნიშნავსო. დაიჩივლებდა ხოლმე ეს შიმასი, ლონდონში უკეთ შეიძლება ჩვენი ტრადიციებით ცხოვრება, ვიდრე იქო.
ამიტომაც ლტოლვილი ბევრი ყოფილიყო და ჯოსჰარლანთა ყველა მეთაურიც, რომლებსაც რაღაც გრძელი სახელიერქვათ, ლონდონში ბინადრობდა. ნამდვილი თავისუფლებაა აქააო, ამბობდა შიმასი, დავისვენეთ მთელმა ოჯახმაო.
სხვა ჯოსჰარლანისა მე არაფერი ვიცოდი. ზოგჯერ იყო ხოლმე, რომ შვილებს, რა თქმა უნდა, გოგოებს, გამოკეტავდნენ სახლში და ისინიც თუ გამოიქცეოდნენ, გაზეთები ერთ წიოკს ატეხდნენ. საქმე სასამართლომდეც კი მიდიოდა, ადამიანის უფლებათა განხრით. გოგოებს იმიტომ კეტავდნენ, რომ რაღაცნაირი წესები ჰქონდათ. არ უნდოდათ, რომ გოგოებს სკოლებში ევლოთ და ამას არავინ ანებებდა. თუ ივლიდნენ, სახეები ისე უნდა მოეხატათ ყოველდღე, რომ მათი გარეგნობა ხეირიანად ვერ გაგერჩია.
გაზეთებიდან მახსოვს ეს ამბები. მათი უფროსები რაღაც დათმობებზე კი მიდიოდნენ, მაგრამ, ეტყობა, დიდად არ მოსწონდათ, წესებიდან გადახვევა.
დალოცვილებს, იმ თავის ჯოსჰარლანის მთებში ებუთქათ, აქ რა უნდოდათ?
დალოცვილები კი არა და...
105. _ ჯეკ...
ჯეკმა გამომხედა, კვლავ არაფერი უთქვამს.
_ ეგ დიადის ნახმლევიც ჯოსჰარლანებისაა?
ჯეკმა გამომხედა და მკლავზე თითი გაისვა.
_ რა?
ჯეკმა კიდევ გაისვა მკლავზე თითი.
ვერ მივხვდი.
_ რა მოგივიდა, ჯეკ?
ჯეკმა გაბრაზებით გაისვა მკლავზე თითი.
_ ნნ... ნახმლევი...
თქვა და წამოდგა.
ძლივს გაიმართა წელში.
_ ჯეკ, რას შვრები?
მას პისტოლეტი გაუვარდა ხელიდან.
ნელა გამომხედა და ხელი დამიქნია, მომყევიო.
ფრთხილად წამოვიწიე და ქუჩას გავხედე.
106. ჯეკმა კვლავ დამიქნია ხელი, ისე, რომ უკან აღარ მოუხედავს, წელში მოიხარა და გაიქცა.
უხმო ფეხსაცმელები ჰქონდა, მზვერავებს ეგ არ შეეშლებათ. მივყევი.
გავრბოდით პირდაპირ, უკანმოუხედავად, გიჟებივით გავრბოდით. სულს ძლივს ვითქვამდი. ჯეკი უკან არ იყურებოდა, ერთ წამს წამოვეწიე და უკვე მხარდამხარ გავრბოდით, შეშლილებივით...
როდის-როდის მოგვაყოლეს ტყვიები.
რომ არ ჩამემუხლა, მოვკვდებოდი.
_ ჯეკ... ჯეკ... მოიც...
ჯეკი გარბოდა, ტყვიები წიოდნენ, საიდანღაც მოფრინავდნენ, საიდან, არ ვიცი. მოსახვევში მოვსრიალდი და თავი ვეღარაფრით შევიმაგრე. ჯეკი გარბოდა.
_ ჯეკ, _ ძლივსღა ამოვთქვი, რაღას გაიგონებდა.
ვიფიქრე, მომხვდება და მომხვდეს, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დამთავრდეს-მეთქი.
ტყვიები დაფრინავდნენ, არ ვიცი, ახლოს თუ შორს, არ ვიცი. ან რა საინტერესო იყო? გაჭირვებით წამოვდექი, მაგრამ წელში ვეღარ გავიმართე.
_ ჯეკ!..
ჯეკი აღარსად ჩანდა.
წინ ქუჩა იყო.
ვხედავდი გზისპირას ჩარჭობილ წარწერას, ოღონდ ვეღარ ვკითხულობდი.
_ ჯეკ...
მგონი, არ დამიძახია. ვერ დავიძახე.
107. ასოებს ვერ ვარჩევდი. ხის ძირას მივიყუჟე და იქაურობა მოვათვალიერე.
ფეხები არ მომჭამონ.
ფეხები არ მომჭამონ. დამიზნებაც არ იციან, უბრალოდ ისვრიან და მორჩა. ერთი აგერ იქაა, მესერთან ჩაცუცქულა, მეორე მანქანას ეფარება. ბრრრრ... ეგ დებილი, დღეს რაღაც საშინელება უჭამია. საშინელი სუნი ასდის. ასე ტკბილად წავცუნცულდებით.
აბა, ისროლე, მაინც გადაგასწრებ.
_ ჯეკ...
ვეღარ ვთქვი.
108.
ბუჩქები მიყვარს, ბუჩქებში ისეთი სიმყუდროვეა.
ფრთხილად და სხარტად გადავირბინე ქუჩა და მანქანის ქვეშ ვდურთე თავი. მანქანის ქვეშ საშინელი სუნია, მაგრამ თუ თავიდანვე არ დაგინახეს, ვერც კი მოიფიქრებენ, რომ იქ დაიმალე.
რაღაცას ყვიროდნენ.
აჰა, ჩამოირბინეს.
კიდევ გაისროლეს. ვის ესვრიან?
ჯეკს ხომ არა?
ესე იგი, აქედან ორი გზაა: ან ასე გადავჭრი და პირდაპირ იმ ბუჩქნარით გადავალ, ანდა პირდაპირ ჩავყვები ქუჩას და...
109. ბახ! ბახ! ბახ!
ისვრიან.
დიახ, ისროლეთ.
ჩვენ კიდევ... სად მივდივარ და მე ვიცი, სადაც მივდივარ.
აჰა... კოხტად გამოვძვერი და ბუჩქებში შევვარდი. აჰა, ახლა წავიდეთ, ახლა გამოვიკვლიოთ.
ქარი. დიახ. ქარი საჭიროა. ქარი ჩვენი ამხანაგია, მთავარია, სწორად დაუდგე. თუ სწორად დაუდგები, არც არაფერი იქნება.
ეს ვინ ჯანდაბაა? ჰმ. ციყვებიღა მაკლდა. მე მეგონა, ციყვები ადრე იძინებდნენ.
ციყვები ყოველთვის უტვინო ბითურებად და ძუნწებად მიმაჩნდა. პარკში, ჰო, საიდანაც ტყის სურნელი მოდის.
110. წავედი და წავედი, სწორად წავედი. სწორად მივდიოდი. სწორად წავედი, ყნოსვა-ყნოსვით, ქექვა-ქექვით. ყველაფერი გამომადგა.
იმ ნაცნობ ქუჩაზეც დამაყარეს ტყვიები. თქვე საწყლებო, თქვენზე სწრაფი ვარ და თქვენზე უკეთ ვიცი, ვინ სად არის. თან, ეტყობა, ღამით კარგად ვერ ხედავენ. ან საერთოდ ვერ ხედავენ. გათენებამდე უკვე ტკბილად უნდა გვეძინოს. სულ ცოტა სიმამაცეა საჭირო, წყვილის დაკარგვა არ შეიძლება. სხვა ვინა გყავს ცხოვრებაში? ამხანაგები მაინც სადღაც ქრებიან ხოლმე.
111. ვიცი, სადაც არის. ვიცი, ცხვირი კი არ დამიკარგავს.
მის სურნელს ყველგან გამოვარჩევ. ათას სისულელეში. თაგვები, ფუ... ესენი სადღა გარბიან, ამათ ვინღა დაეძებს. ისევ ხმა.
აჰა.
აი, ეს ბუჩქები.
აი, ეს ბუჩქები. ჰოპ. ქუჩაზე არავინაა. აი, ის კარი. აი, ის კარი და ის ასკილის ბუჩქი სახლის წინ. ხშირად მინახავს.
ყველაზე მაგარი ის არის, რომ როცა ქალთან მოდიხარ, ფეხებს თავისით მოჰყავხარ. სურნელი მოგდებს ნესტოში და წამოგაჩანჩალებს. სიფრთხილეა ასეთ დროს საჭირო, სიფრთხილე. იქ ვიღაცები მოძრაობენ, სწორედ იმ ფანჯრებში.
112. აღარ არის?
იქნებ წაიქცა, ან...
არა, არა.
ფეხები არ მოტყუვდებოდნენ და არც ეს ღიტინა რამე მოტყუვდება. მიღიტინებს...
მისი სურნელი... აქ ტრიალებს.
შორს არ წავიდოდა, დამელოდებოდა.
ვიღაცასთან ერთად მოვრბოდი. ვისთან ერთად მოვრბოდი?
113. აქეთ რომ ტყეებია, არ მინდა. იქ ვერ გავძლებ. იქით უნდა წავიდეთ, საიდანაც მზე ამოდის ხოლმე. იქ...
იქ... აქ რაღაცნაირი ტყეებია, სულ ვიღაცები დარბიან. იქ კი მოსვენებაც შეიძლება.
ჰო, მაგრამ სად არის? სად წავიდა?
114. აქ არის, სადღაც აქ არის... ვეღარაფერს მოუხერხებდნენ, ის ხომ ასეთი მოქნილი და სურნელოვანია. მეც კი მისხლტება ხოლმე და ეს ბრმები რას დააკლებენ.
აი...
აი, აი... ის არის. ნამდვილად შენ ხარ. ნამდვილად. სხვა არავინ ანათებს ხოლმე ასე სიბნელეში. ოჰ, რა სიფრთხილე გისწავლია. იჭყიტები მაგ საზიზღარი მანქანის ქვეშიდან.
მანქანების ქვეშ დამალვა ვინ გასწავლა? მე.
რა სულელი ხარ. მაინც სულელი ხარ. უნდა დავენახო. იჭყიტება, განა არ იკრა ჩემი სუნი?
ჰეი, აქა ვარ...
ქარი საჩემოდ არ არის.
ჰეი, გოგონა, ჭაღარა ხომ არ გამოგრევია?
აბა, სადა ხარ?
აბა, მოიცა, მოიცა, არ გაინძრე. მე გადმოვალ. ეგღა მაკლია.
ბახ! ბახ! ბახ! ბახ!
ეგღა მაკლია.
და ნუყვირით.
115. ო, კი, მე ვარ, მე ვარ, ძვირფასო. ამ სიცივეში ამდენი სითბო როგორ შეინახე? რა თბილი ხარ და რა სურნელოვანი. საშინელი სუნი დგას აქა. უნდა გავიქცეთ. ტყეებში უნდა წავიდეთ. იქით არის ტყეები.
არა, მაქეთ არა. მაქეთ მე ვერ ვიცხოვრებ.
ცუდი ღამეა. როგორმე იქით უნდა გავიდეთ.
იცი, რა ვქნათ, შენ ცოტათი უნდა ჩამომრჩე, იმიტომ, რომ ვიღაცები მოძრაობენ და... კარგ ადგილას წავალთ. საუცხოო ადგილია. იქ ვინ არის? უცხო ვინ უნდა იყოს. შეიძლება იყოს ვინმე, მაგრამ შენსავით ფაფუკი და თბილი ვინ იქნება?
ნახავ, როგორც ვიქნებით.
მშვენივრად, ოღონდ უნდა მივიდეთ იქამდე.
ამიტომაც გეუბნები.
ცოტა უკან მომყევი. ისე, რომ გამთენიას უკვე ბუნაგი გამოვთხაროთ. ადგილსაც პოვნა უნდა. აი, სითბო იქ იქნება... ძალიან თბილი ხარ და ძალიან რბილი... ჩემი ნება რომ იყოს, სამუდამოდ დავრჩებოდი აქ, მაგრამ უნდა გავიქცეთ, თავი უნდა შევინახოთ. არ მომწონს ეს მოძრაობები და სინათლეების დანათება.
აი, იმ კედელს, ძვირფასო...
შენებურად, ფრთხილად გამოჰყევი იმ კედელს და იოლად გავხტებით... სულ იოლად.
შენებურად, თბილად, ისე როგორც ქალაქის მელიებმა ვიცით...
რა თბილად ვიქნებით, წარმოგიდგენია?
ოღონდაც ეს რაღაცები არ მოგვხვდეს, რაც ყველას ერთ ადგილას ტოვებს.
1. ფათერაკ ღუნი ავტობუსში იჯდა, ფანჯარასთან, და გასცქეროდა ნოტინგ ჰილ გეითის ქუჩას, თან კი ზარმაცად ცდილობდა, თავის ტელეფონზე საზარე ჰანგი შეეცვალა.
წუხელ, დანათის შემდეგ, ახალ სიმღერებს ისმენდა და გულში ჩაუვარდა ფენად დანიას ახალი მელოდია.
ამ ჰანგს `სუთულამანი~ ერქვა, და ის გულარ-თისაც ძალიან მოეწონებოდა.
მეტად ტკბილი მუსიკობა იცოდა ფენად დანიამ, რომელიც `შვიდი ხმის~ მთავარ რადიოტალღაზე გალობდა ხოლმე იადონივით და ფათერაკს ეფიქრა კიდეც, ნეტავ როგორია ცხოვრებაში ფენად დანია, ეგებ სულაც გვერდზე ჩამივლია ან კიდევ ავტობუსსა და მეტროში მოვხვედრილვართ გვერდიგვერდო...
2. `სუთულამანი~ რომ ჩამოტვირთა თავის მობილურზე, ფათერაკ ღუნმა, ოცდახუთი წლის ახალგაზრდა კაცმა, ფანჯრის მინას აკრული წვიმის წვეთები შეათვალიერა და გაიფიქრა: `ყოველ მეექვსე დღეს, ყოველ მეთორმეტე საათს, წვიმს~. მერე კი დღეთა და ღამეთა კვირის ცნობარი ამოიღო ჩანთიდან და საჩქაროდ მოძებნა საჭირო გვერდი.
საჭირო გვერდი ფათერაკ ღუნისთვის ამჯერად გახლდათ მისი რაობის მიხედვით მოსაძებნი შეხვედრათა გვერდი. ისე იყო შედგენილი, რომ ქალსა და კაცთან შეხვედრები გამოცალკევებული არ იყო.
მამა ამბობდა, ჩემს ბიჭობაში ეს შეხვედრები ცალ-ცალკე, გვერდის ორ სხვადასხვა კიდეზე ეწერაო, მაგრამ ფათერაკი ასეთ რამეს აღარ მოსწრებია.
ფათერაკ ღუნი ბანადია ლავართან შეხვედრის უფლებას დაეძებდა ამ გვერდებზე.
3. უკვე მეცხრე კვირა იწურებოდა, რაც დღეთა და ღამეთა წიგნი ამ შეხვედრის არანაირ ნიშანს არ იძლეოდა. ფათერაკ ღუნმა უბის სწრაფმთვლელი ამოიღო და გამოთვალა: ციფრები კვლავ არ დაემთხვა ერთმანეთს.
`არ ვიცი, ეს რა არის, ბედნიერება თუ უბედურება~, _ გაიფიქრა ფათერაკ ღუნმა, _ აკი მითხრა დოლაკ ნათარამ, ჯებირის გადანგრევას მხოლოდ წამი სჭირდება, ოღონდაც ეს წამი, შესაძლოა, არასდროს დადგესო.
კაცსა და ქალს შორის სიყვარული უნამდვილესი მაშინ ყოფილა, როცა ცალკე გაძლებას სიკვდილი გირჩევნიაო, ხოლო მეგობრობა კი ნამდვილი სიყვარულიაო. ეს შიმას ბაკანმა მითხრა...
არ ვიცი, ჩვენ არ გვასწავლიდნენ ასეთ რამეებს. უფროსები ზოგჯერ ძალიან გაუგებრად და ხმადაბლა ლაპარაკობენ~.
მერე დასჯათა გვერდები ჩაათვალიერა ფათერაკ ღუნმა. უქმეებზე ოთხმოცდაცხრა კაცს ელოდა ნაირგვარი სასჯელი, ხელის მოკვეთიდან და თვალების დათხრიდან თავის წაცლამდე. გამოცხადებულ სასჯელებს ნაწინასწარმეტყველევი სასჯელების სია მოსდევდა. რა უცნაურია, რატომ უნდა ეკიდოს ყაჩაღი სანდოქელი სამ დღეს ლესტერ სკვერზე? ფათერაკ ღუნს არ ახსოვდა, რა დააშავა ამ კაცმა... მას უფრო უცხოელთა სასჯელები აინტერესებდა და ამიტომ ის გვერდები მოიძია.
4. ძნელი იყო რვაათასგვერდიანი დღეთა და ღამეთა წიგნის ფურცვლა და სრულად გაცნობა.
ამას არავინ აკეთებდა, მაგრამ არც ვინმე აღიარებდა. გულში ყველას ჰქონდა საყვარელი ადგილები ამ სამყაროს ყოველკვირეულში და სწორედ მათ ფურცლავდა.
5. ფათერაკ ღუნს აინტერესებდა უცხოელები. ამის გაბმულად გაფიქრებას კი ერიდებოდა, მაგრამ მართლა აინტერესებდა და მათ შესახებ ამბის შეტყობის ერთადერთი საშუალება სასჯელთა გვერდები იყო.
უცხოელები გადაცმულები იპარებოდნენ ქვეყანაში. ჰითროუში ყალბი პასპორტებით შემოდიოდნენ, თან შემოჰქონდათ ჰეროინი, ვისკი და სხვა ასეთი საშინელებები, ასევე თამბაქო და კიდევ ათასი სხვა რამ. მათ იჭერდნენ და ასამართლებდნენ, მაგრამ ამბობდნენ, ზოგიერთი ისე დაოსტატებულია, მაინც შემოაღწევს ხოლმე ქვეყანაში, თავს სამშობლოდან წამოსულად ასაღებს და მერე აქ მისდევს თავის შავ საქმესო.
ცხადია, ყველა მათგანი ჯაშუში იყო.
თუმცა ფათერაკ ღუნს სმენოდა, რომ აქ ისეთი უცხოელებიც მოდიან, ვისაც წარმოუდგენია, რომ აქაურებს აუცილებლად უნდა დაეხმაროს და თან ბევრი ფულიც მოაქვს, რაც უფროსობასაც მოსწონსო.
ამათთვის საგანგებო ქუჩებიც კი იყო ისტში, თუმცა იქ შესვლა მხოლოდ საგანგებო საშვებით შეიძლებოდა და ფათერაკ ღუნს ასეთი საშვი არ ჰქონდა.
6. დიდი ფეთქების შემდეგ, რომლის დროსაც ფათერაკი თხუთმეტი წლისა იყო და ბადრუჯის რაზმეულის მხოლოდ და მხოლოდ რიგით წევრად ირიცხებოდა, ბევრი რამ შეიცვალა. თუნდაც ის, რომ ბადრუჯის რაზმეულის რიგითი წევრობიდან ის მეთევართა რაზმეულის მესამე ოცეულამდე ამაღლდა, ანუ იმათ შორის მოხვდა, ვისაც ძველი ადათის მიხედვით სიკვდილი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ანუ მხოლოდ ომის დროს მოეთხოვებოდა. ბადრუჯის უწვერული რიგითიდან მეთევარის მესამე ოცეულის ძმამდე მისვლას ათი წელი დასჭირდა. ეს არ იყო იოლი საქმე, თუმცა ფათერაკ ღუნს არასოდეს დაუსახავს ცხოვრების მიზნად რაზმეულებში წინსვლა. ის არასოდეს ყვიროდა და არასოდეს იბრაგუნებდა გულზე მუშტს უფროსების დასანახად. ყველაფერი როგორღაც თავისით გამოდიოდა.
მამა ამბობდა, იმიტომ, რომ წესიერი შვილები გავზარდეთო, ხოლო დედა ხარობდა გამოუთქმელი სიხარულით. ეს სიხარული გამოსჭვიოდა იმაში, როგორ გადმოუღებდა კერძს ფათერაკსა და ღოლის, მის უმცროს ძმას. წინსვლის ნამდვილი მიზეზი უფრო სხვა რამ გახლდათ, ვიდრე წესიერობა:
7. ფათერაკ ღუნი ქონათი იყო.
მართალია, მეთევარის მესამე ოცეულის წევრობა განსაკუთრებული წოდება იყო, მაგრამ მაინც წოდება გახლდათ. მეთევარისდარი რაზმეულები ქვეყანაში ორმოცდაათამდე მოითვლებოდა და ამიტომ ბევრი იყო ისეთი, ვისაც სიკვდილი მხოლოდ ომის დროს მოეთხოვებოდა. აქ საქმე ასაკიც იყო: ფათერაკ ღუნი მესამე ოცეულის ყველაზე უმცროს წევრებზე სამი წლით უმცროსი იყო.
ეს კი წინსვლას ნიშნავდა. მიზეზი ისევ ქონათობა იყო. ქონათი უფრო იოლად მიდიოდა წინ, თუმცა ეგებ მერე დაეხია უკან.
რაზმეულის დავალებად ფათერაკ ღუნს ჰოლანდ პარკში სიარული და იქ არსებული ცხოველების დათვლა-შემოწმება ევალებოდა. ასეთი მოხელე ჰოლანდ პარკში ექვსი ენაცვლებოდა ერთმანეთს, სხვადასხვა რაზმეულიდან.
ქალაქის მთავრობა წუხდა და ფიქრობდა კიდეც ცხოველთა გამო, ვინაიდან დიდი ფეთქების შემდეგ მთავარი სწორედ ცხოველთა მორჯულება იყო. მაშინ ყმაწვილთა რაზმეულებიც კი გამოაფხიზლეს და კალაშნიკოვის ავტომატები ჩამოურიგეს, ქალაქში გამოცვენილი ცხოველების ჟლეტა დაავალეს _ წრუწუნათი დაწყებული, მგლით დამთავრებული, რასაც ლონდონის ქუჩებში გადააწყდებოდნენ, ყველაფერი უნდა დაეხოცათ. არავინ იცოდა, რატომ დაევალათ ეს საქმე.
ამბობდნენ, ფეთქების შემდეგ ისეთი რამ სხივები გამოიფრქვა, რომ ცხოველები საშინელი ცოფით დაავადდნენ და ქუჩებში ამიტომაც გამოცვივდნენ, ცოფი კი ძალიან სახიფათოა და ყველანი უნდა დავხოცოთო. საგანგებო განმარტებანიც კი გამოიცა: ტყეში და პარკში თუ გადააწყდებით ცხოველს, იმას ნურაფერს დაუშავებთ, მხოლოდ დაიჭირეთ და ჩვენ ჩაგვაბარეთ, რათა გამოვიკვლიოთო. ფენბაჯირთა ქაღალდი ამბობდა: ცხოველის უპირობო კვლას დიადი არ გვაპატიებს, მოსაკვდინებელნი სწორედ ის ცხოველები არიან, ვინც ქუჩებს მოედო, რადგან ცოფი სწორედ მათ შეეყარათო.
8. დიდი ხალისი იყო მაშინ ეს ნადირობა, მით უმეტეს, რომ ქალაქი როგორღაც დაცარიელებული ჩანდა: სად გაილალნენ სხვა მცხოვრებნი, ძნელი სათქმელი იყო. ფენბაჯირთა განმარტებებში ასე ეწერა: გაქრნენ, დიადის რისხვის გამო, რაც ჩვენს სიმართლეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, ფეთქებას ნამდვილი ზეციური სამართალი მოჰყვაო.
ასეც იყო.
ეზოებსა და სახლებს კი კვერნები, მელიები, თახვები, მგლები, ძაღლები და კატები მოსდებოდნენ. ბიჭები კუდებს აგროვებდნენ და ქუდის ფარფლებზე იმაგრებდნენ, როგორც ძველი მონადირეები აფრიკაში თუ სადმე სხვაგან.
დიდი მხიარულება სუფევდა მოზარდ-ყმაწვილთა შორის და თანაც გამოცდილებაც დიდებული შეიძინეს, გამოიწვრთნენ და გაკაჟდნენ, რადგან ასეთი ნადირობა იოლი არ იყო. საერთოდ არაფერი გაეგებოდათ ნადირობისა: ქალაქში გაზრდილი ყმაწვილები გახლდნენ, ზოგიერთი ძალიან კარგ სკოლაშიც კი სწავლობდა, ცხოველები კი, როგორც მერე მიხვდა ფათერაკ ღუნი, ადამიანებივით ყოფილიყვნენ, მოსაკლავად არც ერთი არ გაგიჩერდებოდა.
ბიჭობაში არ უფიქრდებოდა, მაგრამ მერე ამ ნადირობის ამბებს რომ იხსენებდა, ფიქრობდა, რომ ცხოველები ადამიანებს ჰგვანან, მათსავით კი არა და, მათზე უკეთესად შეუძლიათ ბრძოლა და ამიტომ მათთან პაექრობა ძნელია.
9. ფათერაკ ღუნი ცხოველთა ამბავს მას შემდეგ კიდევ უფრო ჩაუღრმავდა, რაც ჰოლანდ პარკში გაამწესეს საქმეზე. ეს იოლი საქმე არ იყო, მით უმეტეს, რომ ფათერაკ ღუნი, როგორც უცოლო, საოჯახო საქმესაც უძღვებოდა და რახან ცოლი არ შეერთო, ათასი რამის უფლებაც ჯერ არ ჰქონდა, უცოლო კაცი კი ძველთაგანვე ყველაზე მოცლილად ითვლება ოჯახში და ამიტომაც ათასგვარი საქმის მოგვარება უწევდა.
ამიტომ ფათერაკ ღუნი ხშირად მოქანცული და უხასიათო მიდიოდა ჰოლანდ პარკში, სადაც მელიები ებარა.
ფიქრობდა, რომ ეს დიდი შეღავათი იყო, რადგან მელიებზე საძნელო საქმე ციყვების უფროსობა გახლდათ. ციყვებს სამი კაციც ვერ აუდიოდა.
მთელი ლონდონის პარკებში ყველა ცხოველი აღრიცხული და, შესაბამისად, დანიშნული იყო. ასეთი იყო ცოფის დროინდელი ბრძოლის ხერხი.
აღურიცხავი ცხოველი იქვე უნდა მოეკლათ. ფათერაკ ღუნს იმისთვისაც უნდა ედევნებინა თვალყური, როდის დაყრიდნენ მელიები ლეკვებს.
ჰოლანდ პარკის მესერი საგანგებო ხლართებით იყო გამაგრებული, მესრის საძირკვლები კი ჩაბეტონებული, რათა იქ მცხოვრები ცხოველები არ გაპარულიყვნენ, თუმცა აქა-იქ მაინც აკლდებოდნენ ხოლმე სათვალავს, რაც ფათერაკს აუცილებლად უნდა ეცნობებინა საჭირო სამსახურისთვის. დაჭერილი ან მოკლული მელია ფათერაკ ღუნს არ ახსოვდა, სათვალავში დაბრუნებული კი _ რამდენიც გინდათ.
საბუთებს განახლება სჭირდებოდა, რადგან ცხოველები მრავლდებოდნენ.
ფათერაკ ღუნს იმიტომაც დაეგდო ჭკვიანი ახალგაზრდა კაცის სახელი, რომ რაზმეულმა მას სწორედ მელიები მიანდო. მართალია, ციყვთა დევნა-შემოწმება უფრო ძნელი იყო და თანაც ციყვებს პარკში ვერ აკავებდნენ, ისევე როგორც კვერნებს, მაგრამ საგანგებო სიებით ისინი უმნიშვნელო ცხოველებად იყვნენ მიჩნეულნი, ისევე როგორც ირმები, მელიებსა და მგლებს კი ხიფათის შემცველები ეწოდებოდათ და ამიტომ მათი მოვლა და თვალყურის გდება უფრო სერიოზულ რაზმელს მიენდობოდა ხოლმე.
ხუმრობდა ხოლმე დოლაკ ნათარა: ლონდონის პარკებიდან რომელი ჭკვიანი გაფრინდება სადმე სხვაგანო?
10. ოღონდაც ფათერაკ ღუნი მაინც ფიქრთა მოყვარული კაცი იყო და ამ თავის საჰოლანდპარკო საქმეშიც განსჯას ჩაუღრმავდებოდა ხოლმე.
ეს წესები ეუცნაურებოდა, თუმცა ფენბაჯირების წიგნ-გაზეთთა გვერდებზე პოულობდა ყოველივეს პასუხს, რაც აკვირვებდა და აინტერესებდა.
წინა დროის მორიგისაგან დამოწმებული მელიათა სია პარკის შესასვლელში ხვდებოდა, ჩაიდებდა უბეში, მოიკიდებდა ზურგზე სატყუარა საკვების ტომარას და გასწევდა თავისი საყვარელი ადგილისკენ.
დიდად არ უნდოდა, რომ პარკი გაეკაფათ, თუმცა ბოლო დროს ამბობდნენ, ამ უსარგებლო ტყეს გადაწვავენ, მის ადგილზე კი უზარმაზარ საგანათლებო ფონთოლს ააშენებენო, მთელ მსოფლიოში გადაეწყვიტათ ფონთოლის ტრფიალთ, ფულს ჩვენ შევაგროვებთ და ისეთი საგანათლებო ცენტრი უნდა ავაგოთ, რომ სახურავზე ერთბაშად ორმოცდაათი ვერტმფრენი დაჯდესო.
ფათერაკ ღუნი ფონთოლის წინააღმდეგი არ იყო, თავადაც ფონთოლში ესწავლა ბიჭობაში და ყოველივე ტკბილად შეესისხლხორცებინა, მაგრამ ჰოლანდ პარკის სიკვდილის წარმოდგენა გულს მოუწურავდა.
თავისი საყვარელი ადგილი ჰქონდა აქ, გაიშლიდა საძილე ხალიჩას და წამოუწვებოდა, თან სატყუარა საჭმელს აბნევდა აქეთ-იქით და მელიებიც მოუდიოდნენ. მოსწონდა ამ სურათის გვერდიდან დანახვა, მერე მელიებს ნელ-ნელა თიშავდა ელექტროშოკით და როცა სათითაოდ მიაძინებდა, დაუწყებდა სამაგრ-ნიშნების შემოწმებას... საქმეც ეს იყო, რომ ყველას გათიშვა არ სჭირდებოდა, ვისაც ნიშანს ისედაც დაუნახავდა, აღარ ერჩოდა. ვისაც ვერა და, უნდა მიეძინებინა. ანდა, თუკი გუნდს ახალგაზრდა მელია ან ლეკვებიც ახლდნენ, რაც თავისთავად იშვიათად ხდებოდა ხოლმე, ისინიც ხომ უნდა მოენიშნა?
ასეთი სახალხო საქმე ჰქონდა ფათერაკ ღუნს: ახალბედა მელიის გამოკვლევა, მისი დანიშვნა და კარგად მოჩვევა სატყუარა საჭმელზე.
11. ოღონდაც, ოღონდაც, ოღონდაც, მელიათა შორის იყო ერთი, რომელსაც ნომერთან ერთად უკვე სახელიც ჰქონდა. ეს იყო ვერცხლისფერი ძუ მელა, თავად ფათერაკ ღუნმა რომ შეარქვა სახელი.
იმ შერქმევამ კი ყველაფერი შეცვალა.
მეთევარის რაზმში, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ ის ამბავი, რომ მათი მესამე ოცეულის წევრს იმდენი გონებრივი სიხალვათე გამოსჩენოდა, რომ მელიისთვის სახელი დაერქმია. სახელის დარქმევა, თანაც...
12. ეს დიდ სირცხვილად ჩაითვლებოდა და ფათერაკ ღუნი იძულებული შეიქნებოდა, რამდენიმე საჩქარო ნაბიჯი გადაედგა უსიამოვნების გასაქარწყლებლად.
ეს ნაბიჯები იმთავითვე ცნობილი იყო: სხვა სამსახურის მოთხოვნა, ცოლის საჩქაროდ შერთვა დღეთა და ღამეთა წიგნის ბრძანებათა როგორიმე შემოვლით, რაც ნაცნობობით უნდა მოხერხებულიყო ვითარების გამოუვალობის გამო. ასევე, საჩუქრების მიღება იმის სანაცვლოდ, რომ მესამე ოცეულიდან მერვეში გადაისვრიან, რაიც იმას ნიშნავს, რომ როგორც ცოლიანმა კაცმა, ცხოვრება ხელახლა უნდა დაიწყოს, რადგან ასეა, რომ ახალცოლშერთული კაცი რაზმეულს იმდენს ვერ მოახმარს, რამდენსაც ძველცოლშერთული ანდა საერთოდაც უცოლო.
ფათერაკ ღუნის სარაზმეულო წარმატების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო და ბიჭები ამიტომაც ქორწინდებოდნენ ადრე, რომ წინსვლის საქმე დროზე მოეთავებინათ.
13. ფათერაკ ღუნიც დაქორწინდებოდა თოთხმეტი წლისა, რაც ძველ დროს ბრიტანული კანონით აკრძალული კი იყო, მაგრამ საოჯახოდ და უჩუმრად ხერხდებოდა, თუმცა ოჯახში ბავშვობიდანვე იცოდნენ, რომ მას ჩვეული წესით ვერ დააქორწინებდნენ, რადგან თარდუმაშმა დახედა თუ არა ახალდაბადებულ ფათერაკ ღუნს, ეზოში გავიდა და ბუტბუტსა და აქეთ-იქით თვალების ცეცებას მოჰყვა. ყველანი მიხვდნენ, რაც ხდებოდა: თარდუმაშს ეეჭვა, რომ ბიჭი ქონათი იყო, რაიც იმას ნიშნავდა, რომ ცოლი თავისით უნდა შეერჩია, ანუ გულს მინდობოდა.
ასეთი ბიჭები იბადებოდნენ, მაგრამ იშვიათად.
ოჯახისთვის ეს არ იყო სასიხარულო ამბავი, ოღონდ ერთდაგვარ განსაკუთრებულობას კი ნიშნავდა. შინ შემობრუნებულმა თარდუმაშმა თავისი ხმელ-ხმელი ხელი გულზე დაადო ბიჭს, მეორე ხელით წიგნი მოფურცლა და თქვა:
_ საზღვარზე დგას... სამი დღის შემდეგ უნდა ინახოს...
სამი დღის შემდეგ თარდუმაშმა პატივით მოაბრძანა ფენბაჯირის საუბნო მადაგარი, რომელმაც ბიჭს დახედა თუ არა, თქვა რიცხვი, თარდუმაშმა კი გულზე დაადო ხელი ჩვილ ფათერაკს და თავი დაიქნია.
ანუ, რაც ნაცადმა თარდუმაშმა ივარაუდა, მადაგარმა დაადასტურა.
ანუ, პირიქითაც.
_ შენი ბიჭი ქონათია, სადუმალ... გეზარდოს...
_ ან მელექსე იქნება, ანაც მებრძოლი. წინ წავა რაზმეულებში და სწავლაში... არ დააძალო არაფერი, რაც ცოლს შეეხება, _ დაარიგა მამა მადაგარმა.
_ მთელი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონის თვალი იქნება, პრემიერ-მინისტრის გენერალი და მომღერალი, _ ხალისით თქვა დოლაკ ნათარამ, ბიძამ, რომელიც მაშინ ახალგაზრდა იყო.
ეჰ... ძველი დრო იყო მაშინ. ქალაქის უკაცრიელობა არ შეიგრძნობოდა.
14. და ასე იზარდა ფათერაკ ღუნი და არავინ შეუყვარდა ისე, რომ თავად გადაჰყროდა. ძნელი იყო უქმრო გოგოს პოვნა ისე, რომ მისი ნამდვილი იერი ამოგეცნო. ქონათ ბიჭს თანადი გოგო უნდა ეპოვა, ვინაიდან ქალთა შორისაც არიან ისინი, ვინც სიყვარულს ელოდება.
ცხრა კვირა იყო, ფათერაკ ღუნს დალანდული ჰყავდა ბანადია ლავარი, თხუთმეტი წლისა მაშინ, მისსავე უბანში ცნობილი ვითარცა თანადი, ოღონდ დღეთა და ღამეთა წიგნი მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. პირველად ნახა საერთო წვეულებაზე, სადაც რაზმელთა ცოლები ემსახურებოდნენ სუფრას.
სცადა მასთან თვალით გაბაასება: ბანადია ლავარი მეორე რაზმეულის ჩონის ცოლისდა იყო.
მეორედ დაუხვდა ქუჩის ბოლოზე, როგორც მხედრის წესია, და გამოელაპარაკა. მერე კი წიგნმა სვლა დაკეტა.
15. არაფერი გამოდიოდა და ერთ დღესაც, როცა ფათერაკ ღუნი თავის საძილეზე იჯდა და სახმაუროთი ერეკებოდა სატყუარა საკვების გამო მის გარშემო შემოძინებულ, უკვე გამოფხიზლებულ მელიებს, ერთ-ერთი იმათგანი არასგზით არ გაერიდა.
ეს საკვირველი იყო. მოიშინაურებ მგელსაც კიო, ამბობდა დოლაკ ნათარა, მაგრამ მელიას _ ვერაო. მელია უყურებდა მოციმციმე თვალებით და წკმუტუნებდა უცნაურად და იქამდე გაუგონრად.
ფათერაკ ღუნმა იცოდა მისი ნომერი და საერთოდაც, კარგად იცოდა მისი ოჯახობისა.
ძუ მელია იყო და არ იძვროდა, უყურებდა ვერცხლისფერი და ვინ იცის, რას ამბობდა...
ცხოველები არაფერს ამბობდნენ.
ფათერაკ ღუნს თავისი საძილე ხალიჩიდან ადგომა ეზარებოდა: არასდროს ყოფილა, რომ წამოდგომა და მელიების ჯოხით დაფრენა დასჭირვებოდეს. აახმაურებდა თავის სახმაუროს და ყველანი გარბოდნენ. თუკი რომელიმე აკლდა, მერე ის უნდა მოეძებნა.
ყველა გაიქცა, ეს ერთი ვერცხლისფერი და თვალწყლიანი მელია კი არ იძვროდა. და მაშინ წამოავლო ხელი ფათერაკ ღუნმა თავის შავ ჯოხს, წამოხტა და გაუქნია კოჭებში ვერცხლისფერ და თვალსველ მელიას. მელია გახტა, მაგრამ არ გაიქცა. გაკვირვებულმა ფათერაკ ღუნმა მეორედაც მოუქნია და მაგრადაც მოარტყა.
მელიამ დაიწკმუტუნა საცოდავად და საბრალოდ, ოღონდაც კვლავ არ გაიქცა, დადგა ისე, თითქოს გასაქცევი არსად ჰქონდაო. ცოლ-ოჯახობა რომ ჰყოლოდა ფათერაკ ღუნს ანდა თავისი ბავშვობა რომ გახსენებოდა, იფიქრებდა, რომ მელია ისე დგას, როგორც ერთი განრისხებული კაცის ცოლი, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს.
ანდა სად უნდა გაიქცეს ქალი თავისი სახლიდან? გაიქცეოდა, მაგრამ არსად აქვს გასაქცევი და ელის რისხვის მიქრობას.
ოღონდაც ფათერაკ ღუნს არ უფიქრია ასეთი რამ. მან იფიქრა, ჩემი ელექტროხელსაწყო ხომ არ ვიხმარო, ხომ არ მივაძინო ეს მელია და გამოკვლევაზე ხომ არ გავგზავნოო. ამიტომაც მიუბრუნდა თავის საჰოლანდპარკო ჩანთას და იქიდან ხელსაწყო ამოიღო და როცა მობრუნდა, გაოცდა, რადგან მელია მთლად გვერდით ედგა და ამოსცქეროდა.
მელიას ცრემლი სდიოდა და ფათერაკ ღუნმა აღარ იცოდა, რა ექნა.
აკი ითქვა: ყოველი კაცი მიაძინებდა ცხოველს და ქაღალდსაც შეადგენდა მომხდარის შესახებ, რაიც აუცილებლად გამოსაკვლევი იქნებოდა და ბეითალთა უფროსსაც ამცნობდა, მაგრამ ფათერაკ ღუნი ასე არ მოქცეულა.
ეგებ იმიტომ, რომ ქონათი იყო და სიყვარულის სიძნელე ედო გულისცემათა შორის, ანდა ეგებ იმიტომ, რომ ბევრსა ფიქრობდა, როცა ავტობუსში იჯდა ანდა ბალახზე კოტრიალობდა ჰოლანდ პარკში?
ფათერაკ ღუნმა შეხედა აცრემლებულ, ფაფუკ მელიას, მერე მის საბნევ ნომერს და მერე უცებ ხელი გაუწოდა მას.
მელიამ თათი ჩამოადო ხელისგულზე და სრულიად მოულოდნელად, წარმოუდგენლად და რატომღაც ფათერაკ ღუნმა თქვა:
_ გულარ-თი.
ასე დაარქვა ფათერაკ ღუნმა სახელი მელიას, რაც სრული საშინელება იყო, რადგან სახელები და სახეები მხოლოდ ადამიანებს აქვთ და არა ცხოველებს, ხოლო კაცი თUუ სახელს არქმევს ვინმეს, მხოლოდ თავის შვილს და იმ ქალს, ვისი ცოლად შერთვაც გადაუწყვეტია.
ფათერაკ ღუნმა არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს სახელი ანდა საიდან მოუვიდა თავში, მაგრამ ასე კი გამოვიდა და როგორც ჩანს, მართლები იყვნენ უბნის მადაგარი და თარდუმაში, აგე რამდენი წლის წინ.
ნუთუ ეს ნიშნავდა, რომ ქონათს მელია შეუყვარდა?
16. ფათერაკ ღუნმა არ იცოდა, რომ ქონათებს გვიან ემხილებათ სიყვარული, მაგრამ იცოდა, რომ მელიის შეყვარებას მოჰყვებოდა ნათქვამ წესთა ამოქმედება და მისთვის როგორმე ცოლის შერთვის მცდელობა, რაც მეგობართა და შინაურთა კეთილი გულითვე იქნებოდა ნაკარნახევი.
უკვე მთელი თვე იყო ასე, ფათერაკ ღუნი და მელია, რომელსაც მან გულარ-თი დაარქვა,ერთმანეთს ხვდებოდნენ, ჰოლანდ პარკში დასეირნობდნენ და მეთევარის მესამე ოცეულის წევრი ესაუბრებოდა მას, უზიდავდა ნაირგვარ ნუგბარს ქალაქიდან და ცდილობდა, თანდათან გაეგო მისი ქცევანი და მოქცევანი.
ფათერაკ ღუნი თანაც ბანადია ლავარის შესახებ ფიქრობდა, თნაც კიდევ ვერცხლისფრად აფაფუკებულ მელიასთან ლაპარაკი მოსწონდა.
მელიებს ჭკუა ჰქონიათო, ფიქრობდა ფათერაკ ღუნი. გულარ-თი მართლაც არ იყო უბრალო მელია, ჭკუაზე მეტად კი განცდა ეტყობოდა და ყველაფერს განცდებით ატყობინებდა მას. რად მივაჩნივარ, მეგობრად, პატრონად თუ საქმროდო, ხშირად ფიქრობდა ფათერაკ ღუნი და ამ კითხვაზე პასუხი ვერ ეპოვა, რადგან თავადაც არ იცოდა, ვინ იყო ამ მოულოდნელ ამბავში: მეგობარი, პატრონი თუ საქმრო.
17. ამ შაბათ დღესაც ფათერაკ ღუნი ავტობუსიდან ჩამოვიდა და პარკისაკენ გასწია.
დიდ ზურგჩანთაში ეწყო დღეთა და ღამეთა წიგნის ყოველკვირეული, ორი კოლოფი ორცხობილა, შინაური ღეროდით სავსე თერმოსი, ორი წყვილი ქათმის ბარკალი და ერთი ქილა კრემი, რომელიც ასე უყვარდა გულარ-თის.
18. ნომალ განამა, შიმას ბაკანი და იდომალ სერი ერთად ისხდნენ ჰამერსმით გროუვზე, იმ ადგილას, რომელსაც ადრე `შეს კრისტოფი~ ერქვა.
აქაურობა ერთ დროს ფრანგული სადილ-საუზმეულით იყო განთქმული და სადესერტოდ კალვადოსებსაც ჩამოარიგებდნენ მსუქანა, თეთრი სანთლების ჩაბუჟბუჟებული ლიცლიცის ქვეშე.
ასე ოდესღაც იყო, ნომალ განამასა და იდომალ სერის ტოლები ამ ალაგს არ მოსწრებიან, შიმას ბაკანი კი, ვითარცა დროული კაცი, იხსენებდა, როგორ მოდიოდა ხოლმე აქ თავისი ძველი სამსახურიდან კვირაში ერთხელ და ჩაშუშულ თევზს მიირთმევდა.
19. მაშინ ყრმა გახლდათ შიმას ბაკანი და მიმტან გოგოებსაც უჟუჟუნებდა თვალებს, ნაირგვარ მოქნეულ სასაცილოებს ეუბნებოდა მათ.
იმ გოგოების ახლა კვალიც აღარსად იყო და `შეს კრისტოფსაც~ `ადარის სითხეები~ ერქვა, მაგრამ დროულ რაზმელს ძველი, დამალული სიყვარული ჰქონდა ამ ალაგისა და თავის ახალგაზრდა მეგობრებიც მოჰყავდა ხოლმე.
ადართან კარგ ღეროდებს ჩამოდგამდნენ და მათი ნება-ნება სმა სასიამოვნოც კი იყო. მესამე ფინჯანზე შიმას ბაკანი შემპარავად, ძალიან შორიდან, შემოვლითა და უკიდურესად დახლართული გზებით იწყებდა ახალგაზრდების წარსულისკენ შეტყუებას.
20. ვთქვათ, იტყოდა:
_ ჩვენი ცოლები გვიცოცხლოს დიადმა და ჯანმრთელად გვიმყოფოს. იმ ღამეს მესიზმრა, თითქოს თქვენი ხნისა ვიყავ და ისეთი გაგიჟებული ქონათი, რომ კედლებს ვაწყდებოდი და წამიყვანა წიგნმა და წამიყვანა და მიმიყვანა ერთი ქალის ფანჯარასთან... ჰიჰ...
_ ძველად ყოფილა, არა, ასეთი რამეები, ბიძიავ? რომ შესაძლოა... _ აღარ დაამთავრა ნომალ განამამ.
_ იმ საზიზღარ და ცუდ ცხოვრებაში ბევრი რამ იყო ისეთი, რისაც შეგრცხვებოდა, ოღონდ მაინც სჩადიოდი. მე რომ დავიბადე, სულაც არ უთქვამთ, ქონათიაო, მაგრამ ცხოვრება ისეთი საზიზღარი იყო, რომ ლამის იყო ბოლომდე გავქონათდი და გული ხან საით გამიწევდა, ხან _ საით.
უმრავლესი თქვენი მამა-ბიძებიც ისე იქცეოდნენ, თითქოს სარჩულად ქონათობა ედოთ და ურცხვად დასდევდნენ ქალებს, _ სინანული და ტკბილი გახსენება მიმალა ხმათა ხვეულში შიმას ბაკანმა.
_ ეჰ, ძიავ, ქონათი ერთიც გვეყოფა ჩვენს რაზმეულში, _ ჩაიცინა იდომალ სერმა.
_ ასეა, ასე, _ ყალბად დაეთანხმა დროული შიმას ბაკანი, _ ერთადერთი ბებერი ვარ მესამე ოცეულში, იმიტომ, რომ უშნო ცხოვრება მქონდა. იმ ცუდ დროს აყოლილი ვიყავი და ახლაც მიწევს სამსახური, თორემ გინახავთ ჩემი ტოლები რაზმეულებში? ისინი ან ფერთათები არიან, ანაც მასწავლებლები. მე კი ჩემმა წარსულმა დამხია უკან...
_ რა ერქვა მაშინ იმ ცხოვრებას, შენ რომ ცხოვრობდი, ბიძიავ? _ ჰკითხეს ახალგაზრდებმა.
შიმას ბაკანი ჩაფიქრდა, ღეროდის ცარიელა ფინჯანი შეათამაშა ხელში და ყრუდ, ვითომ უსიამოვნოდ თქვა:
_ ლაღი ერქვა...
მერე კი დაურთო:
_ ოღონდ ეგ არ ნიშნავს, რომ ქონათი ხარ. ეგ უწმინდურობაა. ქონათი დაიბადე და მორჩა... ლაღი კი...
და გაჩუმდა.
ნომალ განამამ მობილური ამოიღო და ღიმილით თქვა:
_ მოვიკითხოთ ჩვენი ქონათი მეგობარი, რომელიც დღეს მელიათა გუშაგად არის...
და დარეკა.
_ კარგი ბიჭია ფათერაკ ღუნი, ყველას რომ შვილად მოუნდება, ისეთი, _ თქვა შიმას ბაკანმა.
_ ჰეი, ფათერაკ ღუნ, მეთევარის მესამე რაზმეული მოგესალმება და მოგიკითხავს, _ ჩასცინა ტელეფონს ნომალ განამამ, _ აბა, როგორი ამინდებია?.. რას იზამ, ძმობილო, ზოგჯერ სიჩუმეც სიბრძნის მომტანია...
ასე არ არის, ძიავ?.. კი, ძიაც აქ არის... გკითხულობს და გამხნევებს... კარგი, შეღამებულზე შემოგეხმიანებით... ჰეი...
21. _ კარგი ბიჭია ფათერაკ ღუნი, _ კვლავ ჩაილაპარაკა შიმას ბაკანმა.
_ რა არის, რომ წიგნი ბედს არ უხსნის და ქალს არ ანახვებს. ორჯერ ნახა და ორჯერვე სხვადასხვანაირად, იმის შემდეგ კი ვეღარ მოახერხა...
_ ეს ძნელია, _ ამოიოხრა შიმას ბაკანმა, _ ყველაფერი დიადის ხელშია...
ეგრეა, ქონათი რომ დაიბადები, ძებნა გიწევს.
_ გამიგონია, ქონათს შეიძლება ყვავილიც კი შეუყვარდესო, _ ჰკითხა იდომალ სერმა ძია შიმას ბაკანს.
_ ამბობენ... ძველისძველი ამბები ვიცი ამის შესახებ, თუმცა ეს უფრო ზღაპრებია... ახალ დროში არც გამიგია, რომ ქონათს ყვავილისკენ გასწეოდეს გული. მითხარით, აბა, რომელი ქონათი გაამხელს ჩვენს დროში, რომ ასეთი სიყვარული დაემართა და, ალბათ, არც დაემართება... არა მჯერა, რომ კაცი მანქანას ქოქავს, რადიოს უსმენს, მარკეტში თამაჯასა ყიდულობს და სიყვარულში ისეთივეა, როგორიც ათასი წლის წინ იყო... ქონათობა გაქრება. გული აღარ იძგერებს იმ მოწადინებით...
აბა, მითხარით, ბევრი ქონათი იცით თქვენ გარშემო? არადა ქონათები საჭიროა სახელმწიფო სამსახურში. მთელი იმათი ჯანი საქმეს ხმარდება. მე თუ მკითხავ, ქონათს დიდი გაქანება აქვს. აი, თქვენ ხომ უფროსები ხართ ჩვენს ფათერაკ ღუნზე?
_ სამ-სამი წლით, _ მიუგო ნომალ განამამ.
_ აჰა, _ გაიცინა შიმას ბაკანმა, _ სამ წელიწადს გიგებთ ცოლიანებს.
_ ეჰ, მებრალება ფათერაკ ღუნი, ძნელია უცოლოდ გაძლება, _ ალალად თქვა იდომალ სერმა, _ ყოველ ჩვენგანს ელოდება ცოლი შინ, მას კი რა ელოდება?
_ მას ფიქრები და ოცნებები ელოდება, _ ჩაიხითხითა შიმას ბაკანმა, _ რას იზამ, ასე მოეზომა ცხოვრება... სამაგიეროდ, რამხელა სიტკბოება ელის, როცა ათჯერ მოახერხებს ქალის ნახვას და მეათე შეხვედრაზე ცოლობას სთხოვს...
ახალგაზრდებმა გაგებით დაუქნიეს თავები დროულ რაზმელს.
_ ჩვენ ვეხუმრებით ხოლმე, რომ ათჯერ მარტო მელიები თუ ეყოლება ნანახი, _ ჩაიხითხითა ნომალ განამამ, _ არა სწყინს...
22. _ კარგი ყმაწვილია ფათერაკ ღუნი, _ თქვა ჩაფიქრებით შიმას ბაკანმა, _ კარგი...
_ ერთიც ვნახოთ და, მელია ან ციყვი შეუყვარდეს, ანდა ირემი... _ ჩაიხითხითა იდომალ სერმა, _ რას ვიცინებ?
_ ეს ხუმრობა გასაფიქრებლად არის კარგი, _ უღიმილოდ მიუგო ძიამ, _ მეგობარს დახმარება სჭირდება.
ასე იყო იმ ძველ და საზიზღარ დროს, და არა იმიტომ, რომ სხვანაირად ვცხოვრობდით, ანდა იმიტომ, რომ იმ დროს გავიხსენებ კარგად... არავითარ შემთხვევაში. თქვენ მეგობრები ხართ და ჭირი და ლხინი უნდა გაინაწილოთ.
_ ასეც ვიქცევით, _ მიუგო იდომალ სერმა, _ მესამე ოცეულში...
_ თავისთავად, თავისთავად, _ დაფრთხილდა შიმას ბაკანი, _ ოღონდაც აი, აქ, გულში, მაინც არსებობს მეგობარი... რომლისთვისაც თავს დადებ. თუ არა და... თუმცა, არ ვიცი, მე ათასი წლის ამბებზე გელაპარაკებით და არა იმაზე... ოცეული, ცხადია, ერთ სულ და ერთ ხორც ვართ, მაგრამ ხომ უფრო ღლაბუცობთ თქვენ სამნი და მეც, ბებერს, მომიპატიჟებთ ხოლმე? ეს ტკბილია, მაგრამ ერთ დღეს, შესაძლოა, გამოცდისა და განსაცდელის დღე დადგეს და მაშინ მეგობრობა გამოჩნდება...
არ მინდა, ბევრი იფიქროთ ამაზე, თავისთავად გამოჩნდება, ვინ ვისი მეგობარია, თორემ რაღა თქმა უნდა, ჩვენს მესამე ოცეულში ყველანი თავს დავდებთ, როცა საჭირო იქნება... ოღონდაც მიამბეთ, როგორ შეხვდა იმ გოგოს.
_ ორჯერ შეხვდა... ერთხელ ნადიმზე, სადაც პირველად დაინახა, ოღონდაც, რა თქმა უნდა, გოგოს ისე ჰქონდა სახე მოხატული, რომ მეორედ მისი ცნობა გაძნელდებოდა. შენც უნდა ყოფილიყავი იქ, მაგრამ ავად რომ შეიქენი, ის დღე იყო... ჰოდა, ჩვენივე ცოლები ემსახურებოდნენ სუფრებს, ცოლისდები კი სამზარეულოში ტრიალებდნენ და იქიდან თუ გამოიხედავდნენ ხოლმე, რადგან იცოდნენ, ამ სამოც კაცში ორი ქონათი ზისო.
_ მეორე ვინ იყო? _ იკითხა შიმას ბაკანმა.
_ მეორე...
არავინ, უბრალოდ, იმათ ასე ეგონათ, _ ჩაიხითხითა ნომალ განამამ, _ ცოლისდებსა და სხვა ნათესავებში ოთხი თანადი იყო და სწორედ ისინი მოხატულიყვნენ ყველაზე ამოუცნობად, თითოჯერ თუ დავკარი თვალი და გეტყვი, ძიავ, ვერ დავიმახსოვრე...
_ ვერც მე, _ კვერი დაუკრა იდომალ სერმა.
23. _ ჰოდა ეს ქალი, თხუთმეტი წლისა და თანადი, იმგვარი სიეშმაკით მოხატულიყო, რომ თვალებს თუ დაუნახავდი.
მეორე ოცეულის ჩონის, განძილ ბერადის ცოლისდა გახლავს... ამიტომაც თამამად გამოიყურებოდა ფარდის იქიდან, თვალით თუ ცდილობდა ქონათების ამოცნობას. ფათერაკმაც იოლად დალანდა, ოღონდაც ვერ დაიმახსოვრა, ოღონდაც, რახან შეიტყო, ვისი სახლისა გახლდათ, მისამართი დაატყო და სთოუროუდის დასაწყისში დადგა ჩემი მანქანით, მით უმეტეს, რომ წიგნმა ხელი წაუკრა მეორე შეხვედრაზე. გოგომ გამოიარა ლანჩის დროს, გასწია ბაზრისკენ. ფათერაკ ღუნი მანქანიდან გადმოვიდა და საჭირო სიტყვები უთხრა.
_ ახ, ლამაზია ჩვენი ენა და ადათი, _ ჩატკბა შიმას ბაკანი, _ ქონათი ეძახის თანადს, თანადი არ დაიშურებს ღიმილს...
_ კი, ზუსტად ასე უთხრა და გოგოც მიეადამიანა... ოღონდაც, რახან მეორე შეხვედრა იყო, მეტის ნება არ ჰქონდა ჩვენს ფათერაკ ღუნს... გოგომ დასასრულის სიტყვა ასეთი მიუგო: სადაც იქნები, იქ დამინახავ.
_ კარგი გოგო ყოფილა, _ გაუხარდა შიმას ბაკანს,
_ კარგი.
თორმეტთაგან საუკეთესო სიტყვა მიუგია... ვინ განაგდებს ფათერაკ ღუნს? ის ხომ ასეთი ნამდვილია და ვერც იფიქრებ, რომ ქონათია, იმხელა თმენა აქვს.
_ ეხ, შეირთავს მაგას და მერვე ოცეულში ჩაბარგდება...
24. _ მეგობრობა მაინც არ გაიბზარება, ეს დამიჯერეთ, _ მტკიცედ უთხრა დროულმა შიმას ბაკანმა და მაღალი ჭიქით მოითხოვა ღეროდი.
_ ესაა, რომ ბედი დაეკეტა და მერამდენე კვირაა, ტყუილად ელის მესამე შეხვედრის უფლებას, _ მოიწყინა იდომალ სერმა და თავადაც დაუკვეთა ერთი დიდი ღეროდი.
_ თქვენ არ იცით, ეგებ წელიწადსაც ალოდინოს და მერე მესამედან მეცხრემდე ერთ კვირაში მოათავებინოს. ასეთია დღეთა და ღამეთა ამბავი, _ განუმარტა შიმას ბაკანმა.
_ ეჰ, _ ამოიოხრა იდომალ სერმა და სასმელი მოყლუპა, _ რაც უფრო მეტხანს ვზივარ აქა, მით უფრო მეცოდება ჩვენი ფათერაკ ღუნი, ახლა რომ სველ ბალახზე გაუშლია ხალიჩა და მელიათა და კვერნათა უკანალებს ჩასცქერის...
ეს სიტყვები იყო და აუწკრიალდა ტელეფონი ძველი მაზარის უბეში შიმას ბაკანს და ამას მოჰყვა წკრიალიც ორთა უბეებში.
25. _ მეთევარია, _ ტელეფონს დახედა იდომალ სერმა და სამივემ ერთდროულად წაიკითხა თავიანთ ტელეფონებში: მეექვსე საათზე მეთევარის ათი ოცეულის შეკრება რაზმეულთა სახლში.
_ ვაჰ, _ გაიკვირვა შემას ბაკანმა, _ შაბათს? რაზმეულის შეხვედრა ჩემს ბავშვობაშიაც კი არასდროს გამართულა შაბათს. არა ჩანს უბრალო საქმე...
_ ეგებ ფენბაჯირთა რამეა და საჩქაროდ უნდა მოგვითხრონ? _ იკითხა ეჭვით ნომალ განამამ.
_ ალბათ, _ უდარდელად თქვა იდომალ სერმა, ხოლო შიმას ბაკანი კი ჩაფიქრდა სხვათათვის შეუმჩნეველი სიმძიმით. საათს დახედა, შეეცადა, ცა დაენახა ვიტრინიდან და დადუმდა, ჩაუღრმავდა თავის ჭიქას.
26.
_ შინ დარეკეთ, _ თქვა ერთი ხნის დუმილის შემდეგ შიმას ბაკანმა და თავადაც ამოიღო ტელეფონი, _ სადილად მიბრუნებას აზრი არა აქვს, აქავე გავხრათ რამე და პირდაპირ რაზმეულში წავიდეთ... თუ ექვსი საათი ითქვა, ხუთზე მაინც უნდა მივიდეთ.
ორმა ახალგაზრდამაც ამოიღო ტელეფონები და იწყეს ცოლებთან რეკვა, რათა იმათ სადილები ტყუილად არ გაეწყოთ და კარშიაც ტყუილად არ დამდგარიყვნენ ქმრის მომლოდინედ.
27. შიმას ბაკანი კეთილი კაცი იყო: როცა საჩქარო რამ გამოუჩნდებოდა, ყოველთვის ურეკავდა ხოლმე ცოლს, _ უფრთხილდებოდა მას, ვინაიდან არ უნდოდა, ცოლი ტყუილად მდგარიყო სახლის კარში და მზის ჩასვლამდე ეცადა ქმრისთვის, თან ისე, რომ მალიმალ დაეხარა თავი და ლოცვა ეთქვა გზისთვის, რათა მისი ქმარი მშვიდობით დაბრუნებულიყო. კაცები იშვიათად რეკავდნენ შინ, სადილად არ მელოდოთო, მაგრამ შიმას ბაკანი დიახაც რომ კეთილი გახლდათ და ცოლს ზღურბლთან ფეხზედგომელა ტანჯვას არიდებდა. ამასვე აჩვევდა თავის ახალგაზრდა რაზმელებს, ოღონდაც შემპარავად, ისე, რომ ადათთა მორიდება არ გამოსვლოდა. რა არ უყვარდა და, როდესაც თავის ქუჩაზე შემოუხვევდა, ზღურბლებთან აყუდებული მობუტბუტე ქალების დანახვა.
აჰ, რა ბედნიერი იყო ის ცოლი, რომელსაც ქმარი დროით მოუვიდოდა სადილად და გახარებული ქალი ზღურბლზე გაეგებოდა, რათა ქმარს მისთვის ბეჭზე დაედგა ფეხი და ისე შეებიჯებინა სახლში! აჰ, რა უბედურნი იყვნენ ის ქალები, რომლებიც უცქერდნენ, როგორ დროით მოსულა მეზობლის ქმარი შინ და როგორ დარჩნენ თვითონ ზღურბლთან...
დაბიჯებაც ფრთხილი იცოდა შიმას ბაკანმა, ოდნავ თუ შეახებდა ფეხს გაწოლილი ქალის მხარს და უცებ შევიდოდა სახლში. ამ ილეთს აშკარად ვერ ასწავლიდა ახალგაზრდებს, მაგრამ ცდილობდა, თანდათან მიეყვანა იმისკენ, რომ ცოლის ბეჭზე ფეხის გაწმენდა სავალდებულო არ იყო.
28. ამ ტელეფონობაში რომ იყვნენ, უეცრივ `სითხეების~ დაბინდული კარი გაიღო და შიგნით შემოვიდა ფათერაკ ღუნი, მხარზე მოკიდებული დიდი ჩანთით, გალუმპული და ეგებ სახეარეულიც.
29. _ ფათერაკ ღუნ... აქ რა გინდა? _ პირი დააღო ნომალ განამამ.
ფათერაკ ღუნი მაგიდასთან მივიდა, ჩანთა იატაკზე დადო, სველი ლაბადა გაიხსნა და ჩამოჯდა.
_ ადგილი მიატოვე? _ შემცბარმა ჰკითხა იდომალ სერმა, _ რა მოხდა?
ხოლო შიმას ბაკანმა არაფერი თქვა, მხოლოდ დაფიქრებით შეხედა შემოსულს.
_ მესიჯი მოვიდა, ექვსზე კრებაა... _ ჩქარა თქვა ფათერაკ ღუნმა, _ დღეის ყველაფერი გავაკეთე, _ სამცველოში დავრეკე და თავისუფალი რაზმეულიდან შემცვალეს შვიდი შეცვლის წესით, იმ კვირაში მე შევცვლი...
სამივემ შვებით ამოისუნთქა და შიმას ბაკანმა თქვა:
_ გაწვიმებულა...
30. ფათერაკ ღუნმა ერთი ფინჯანი ღეროდი დაუკვეთა, სულმოუთქმელად გამოსცალა და მეორე მოითხოვა.
_ ნესტია, ნესტი... _ განმარტა მისი საქციელი შიმას ბაკანმა.
_ ჰო... პარკში დილიდან ორჯერ წამოწვიმა, ოღონდ მაინც მზე იყო, ახლა საათს არ გადაიღებს.
_ ცოლი უნდა შეირთო და მანქანა იყოლიო, _ ჩაიცინა იდომალ სერმა.
_ ძველ დროებაში ცხენი ყოფილა... _ დაუმატა შიმას ბაკანმა.
31. ფათერაკ ღუნმა კი მეორეც გამოცალა და თქვა ხმადაბლა, მაგიდას ჩაჩერებულმა:
_ ცხრა კვირა ძალიან ბევრი დროა... წიგნი არ მიშვებს...
ჩანს, არ უნდა...
_ არ იფიქრო... _ შეაჩერა შიმას ბაკანმა, _ წიგნს ასეთი ამბავი აქვს. ყველაფერი ისე უნდა იყოს, რომ უკეთესად გამოვიდეს. ჩვენ უბრალო რაზმელები ვართ. სიკვდილი არ გვევალება, ყოველ კვირას სიახლეს მოველით, მაგრამ სიახლემ თავისი დრო იცის, ფენბაჯირები ბევრს მუშაობენ ჩვენთვის...
_ ცხრა კვირა ბევრი დროა, _ გაიმეორა ფათერაკ ღუნმა, _ ბიძაჩემ დოლაკ ნათარას დავურეკე და ახლა აქ მოვა, ვილაპარაკებთ და მერე მამაჩემს შეხვდება...
ხომ ასეა წესი?
32. სამთავენი შეაცქერდნენ ფათერაკ ღუნს.
_ ასეა...
_ ამოთქვა შიმას ბაკანმა, _ მაგრამ რად გინდა? ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა გქონდა.
_ ორიც მქონდა და ათიც, _ წარმოთქვა მღელვარედ ფათერაკ ღუნმა, _ ოღონდ, სხვასთან...
ამას მოჰყვა ამოგმინვა იდომალ სერისა.
_ ვისთან? ვისთან?
_ ყოჩაღ... კი მაგრამ, წიგნი?
_ წიგნი იმასთან მატარებდა...
_ ვახ, რა ეშმაკი ხარ, ფათერაკ ღუნ? ვინ არის?
_ ხომ შემიძლია, რომ არ ვთქვა?
_ რა თქმა უნდა... _ უთხრა მძიმედ შიმას ბაკანმა, ოღონდ ეს სიმძიმე იმ ორს არ შეუმჩნევია.
_ ჰოდა, ჯერ მაპატიეთ, _ ფათერაკ ღუნი მღელვარე ჩანდა, _ ცოლად შერთვას არ ვლაპარაკობ... ცოლის შერთვა ეგებ სულაც არ მინდოდეს. მე ვამბობ, რომ უკვე ბევრჯერ შევხვდი და ეს მამას უნდა მოხსენდეს, ბიძის პირით. ასე არ არის?
_ შენს მამასაც და მის მამასაც, თუ ცოცხლები არიან, _ კვერი დაუკრა შიმას ბაკანმა, _ თუ არა და, ბიძებზე გადავა... თუ ბიძები არა, მაშინ უფროს ძმებზე და მერე...
_ მაგდენი აღარ მინდა...
_ უნდა გამოგვიტყდე! _ ხალისით დაჰკრა ხელი მაგიდას ნომალ განამამ.
_ ვნახოთ, _ ამოიხვნეშა ფათერაკ ღუნმა, _ ბიძაჩემს უნდა ველაპარაკო.
აი, იმ მაგიდასთან დავისვამ...
_ აჩქარებული ჩანხარ, _ ხმადაბლა თქვა შიმას ბაკანმა, _ სამსახური მიატოვე...
_ რა ვიცი... მაინც რაზმეულში რომ უნდა მივსულიყავით, იმიტომაც... ბიძაჩემს დავურეკე და ქირდალი ვუთხარი... მგონი გიჟივით გამოქანდა...
სამივემ გაიცინა.
33. _ ყველა ელის უბნის ქონათის ბედს... _ თქვა იდომალ სერმა, _ ჩვენ ყველა ველით...
ხოლო შიმას ბაკანმა არაფერი თქვა, იჯდა ასე მდუმარე და თითქოს ცდილობდა, ცისთვის შეეხედა ვიტრინის იქიდან.
_ რამხელაა ეს ლონდონი, _ თქვა უცებ ფათერაკ ღუნმა, _ და ჩუმი...
_ დიდია, _ ამოიხვნეშა შიმას ბაკანმა, _ ბოლო არა აქვს. დიდია და მდუმარე.
არც სამყაროს არა აქვს ბოლო... ეს ძველი ამბავია... არ ვიცი, სამყაროც მდუმარე თუა...
ახალგაზრდებმა კვლავ დაუკვეთეს თითო ფინჯანი.
_ აგე, ბიძაშენი მოვიდა, _ თქვა შიმას ბაკანმა, _ მისი წითელი მანქანა.
_ ჰო, ეგ არის...
34. ოთხივენი უყურებდნენ, როგორ გადმოვიდა მანქანიდან ჩასუქებული და სახემხიარული დოლაკ ნათარა, გაიხედ-გამოიხედა და ქუჩაზე გადმოირბინა.
_ ადრე აქ ძალიან ჭირდა პარკინგი, _ წაიბურტყუნა შიმას ბაკანმა და კარიც გაიღო.
_ ჰეი, ძმისშვილო, რა ბედია ჩვენს თავს? _ ამ სიტყვებით წამოვიდა მაგიდისკენ დოლაკ ნათარა და გულში ჩაიკრა საყვარელი ძმისშვილი, რახანღა თვითონ მხოლოდ ქალთა მამა იყო, _ მესამე ოცეულის მშვენებას და სიბრძნეს ჩვენი მოკითხვა, _ თქვა მან და ჩამოჯდომა დააპირა, _ თუ ჯერ საქმე? _ მიუბრუნდა ფათერაკ ღუნს.
_ ჩვენ ექვსზე რაზმეულში უნდა ვიყოთ, ესე იგი, ხუთზე, _ მიუგო ფათერაკ ღუნმა, _ ამიტომ ჯობს, ჯერ საქმე.
_ აი, ის იღბალა მაგიდაა... ბევრ კარგ საქმეზე გვილაპარაკია მის გარშემო ძველ დროში, _ თვალი ჩაუკრა დოლაკ ნათარამ შიმას ბაკანს და კუთხის მაგიდისაკენ წათახთახდა.
_ აბა, შენ იცი, _ მხარზე ხელი დაჰკრა იდომალ სერმა ფათერაკ ღუნს.
_ რაზმეულში ერთად წავალთ, _ უთხრა შიმას ბაკანმა მშვიდად.
ფათერაკ ღუნმა ჩანთა აიღო, მძიმედ მოიგდო მხარზე და კუთხის მაგიდისკენ წავიდა.
მართლაცდა, ლონდონურად წვიმდა, წვრილად და შინაურულად.
35. მერიენი იყო გამხდარი, დიდ და სველთვალებიანი გოგო, რომელსაც გოგო აღარც ეთქმოდა, მას ჰქონდა სველი თვალები, ოდნავ წვეტიანი ცხვირი, რომელიც მის გარეგნობას განუმეორებლობის ილუზიას სძენდა და ასევე ჰქონდა უამრავი განცდა.
მიუხედავად თავისი ასაკისა, მერიენს სჯეროდა სიყვარულისა, თუმცა მის განვლილ ცხოვრებას, წესით, უნდა გამოერიცხა ამგვარი უტეხი რწმენა. ამის მიუხედავად, მერიენი გამუდმებით შეყვარებული იყო.
მთელ ათ წელიწადს და დუხჭირ ცხოვრებასაც ვერ გამოეცვალა.
36. საერთოდ, ის მიჯნურდებოდა ყველგან და ყოველ ვითარებაში: მაგალითად, თავსხმა წვიმაში, როცა მერიენი საბაყლოს შეეფარებოდა და იქ თეთრჩაჩიანი სიმპათიური ყასაბი ჩაუვარდებოდა გულში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის სველი ქურთუკის გახდაში დაეხმარა და ღიმილით უპასუხა მის ორიოდე შეკითხვას; ანდა სიყვარულით აღივსებოდა მეტროს გამშვებ ადგილებთან, სადაც ლურჯპალტოიანი ხმელი ბიჭი, რომელსაც წაბლისფერი შარფი მოეგდო ყელზე, შესასვლელ რიგს დაუთმობდა და გაუღიმებდა; ანდა თავის რესტორანში, როცა მაგიდას ემსახურებოდა, ვინმეს კარგ ხუმრობასა და ღიმილს შეეძლო, მერიენისთვის ჯადოსნური, ოცნებებით სავსე ღამე ეჩუქებინა.
მერიენი მიმტანად მუშაობდა ჰამერსმიტ გროუვზე, ერთ ფრანგულ ადგილას, რომელსაც `შეს კრისტოფი~ ერქვა. დიდხანს კი არ გაჩერდებოდა აქ სამუშაოდ, მაგრამ როგორღაც მიეჩვია და მთლიანად იყო ჩართული ამ საქმეში.
37. მერიენმა ყველაფერში ასე იცოდა, თუმცა თავისი ბოლომდე ჩაყოლით ცხვირს წაიმტვრევდა ხოლმე, რადგან, როგორც გაარკვია, ბოლომდე ჩაყოლა დედამიწის ზურგზე ბევრს არავის უყვარდა. ზოგიერთები თუ გამოერეოდნენ შეშლილები და ისინიც ძნელად პოულობდნენ ერთმანეთს.
დიდი ბედნიერებაა, _ ფიქრობდა ხოლმე მერიენი, _ როცა ადამიანი ბოლომდე მოგყვება. ბედნიერებაც ეს არის, როცა ვიღაც მოგყვება.
სამწუხაროდ, მე არა ვარ ბედნიერი. უფრო სწორად, მანამდე ვარ ხოლმე ბედნიერი, სანამ შევიტყობ, რომ მხოლოდ მე ვარ ბედნიერი, სხვას კი ბედნიერება სხვა რამე ჰგონია.
მერიენმა ადგილის მიჩვევაც იცოდა, ალბათ, შეყვარება, ამიტომაც რესტორანში უფრო მეტხანს შემორჩა, ვიდრე თავიდან გეგმავდა.
38. საერთოდ, მან შედარებით გვიან შეიტყო, რომ იმედგაცრუებისთვის არის დაბადებული, მაგრამ არანაირად არ ძალუძს, იმედგაცრუებას მოერიდოს. ვინაიდან უყვარდება. ყველაფერი უყვარდება: ჩვეულებრივი, გახუნებული, საზიზღარი, ბაქია, აუტანელი, გულცივი, დასაცინი, ვერაგი, სულიერი და უსულო, და უყვარდება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, მხოლოდ ერთი წამით არ იყოს ჩვეულებრივი, გახუნებული, საზიზღარი, ბაქია, აუტანელი, გულცივი, დასაცინი, ვერაგი, ბრიყვი და სხვა ათასი საზიზღრობა.
მაგალითად, როცა ბიჭი ამბობს, რომ გაი რიჩიმ დაიბარა, რათა ქვეშაფსია ჯიმის როლზე გასინჯოს, მერიენს სჯერა. დიდად არ უხარია, მაგრამ ვერ წარმოიდგენს, რომ გაი რიჩიმ არაფერი იცის ამ ბიჭისა, რომელიც მერე მერიენის სამზარეულოში არწყევს გადამთვრალობის გამო, ხოლო მერიენი ისე უვლის მას, რომ იმ სულკურთხეულ ბებია ფლორენსსაც შეშურდება. ბიჭი კი გაიღვიძებს, მერიენის მაცივარს გამოაღებს, იქ შენახულ სითხეთა ასორტიმენტს დაიწუნებს, რძეს წამოიყუდებს და წავა ისე, რომ აღარასოდეს დაბრუნდება.
მერიენს კი უკვე უყვარს ეს ბიჭი, რომელიც სულ რამდენიმე წამს ასეთი კვიმატი და ნიჭიერი იყო.
39.
მერიენი ყოველ წელიწადს მოდიოდა რესტორნის კართან. უფრო სწორად, ქუჩის მეორე მხარეს, ჩასახვევთან ჩერდებოდა. სიბნელეში მოდიოდა, მაგრამ ეს დიდი სიმამაცე იყო. საერთოდ, მერიენი არ იყო მშიშარა გოგო, რაც უყვარდა და ვინც უყვარდა, იმისთვის ბოლომდე ჩაიხეოდა, ჩაიფხრიწებოდა და ჩაიგლიჯებოდა. ამიტომაც მოდიოდა: უყვარდა თავისი ადგილი, ენატრებოდა და მოდიოდა. ბევრი ვერ გაბედავდა და ბევრი ვერ მოახერხებდა.
მერიენი კი მოდიოდა, იდგა და უყურებდა.
40. `შეს კრისტოფი~ სრულიად შეცვლილიყო. ახლა იქ სულ სხვა ხალხი და სულ სხვა ბარი ჩანდა: ვიტრინებს იქით სანთლები აღარ ლიცლიცებდა.
იმ შაბათსაც, მოწვიმულზე, ბევრი ხალხი იყო იქა, მათ შორის კი მეთევარის რაზმეულის მესამე ოცეულის წევრები: ნომალ განამა, იდომალ სერი, ფათერაკ ღუნი და დროული შიმას ბაკანი. მერე მათ ფათერაკ ღუნის ბიძა, დოლაკ ნათარაც შემოუერთდა და ასე ისხდნენ, სანამ სადილობამ არ მოაწია და ჯამები არ ჩამოატარეს. მერე კი ყველანი წამოიშალნენ და დოლაკ ნათარა თავისი მანქანისკენ წავიდა, ეს ოთხნი კი ჩასხდნენ ბაკანის ძველ `რეინჯ როვერში~ და ოულდ ბეილისკენ გასწიეს, სადაც დანიშნული იყო ლონდონის ყველა დიდი რაზმეულის ცალ-ცალკე კრება.
41. ეს მოულოდნელი და სწრაფი შეტყობინება იყო.
შაბათ საღამოს კრებები არასოდეს ყოფილა. ყოველ გამოცდილ და გამოუცდელ რაზმეულელს მოეხსენებოდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა.
ნაცადი შიმას ბაკანი ჩაფიქრებული მართავდა მანქანას, მის გვერდით მჯდომი ფათერაკ ღუნიც არ იღებდა ხმას და გასჩერებოდა ფანჯრის მინაზე ბრმად შერჩენილ წვიმის წვეთებს. უკანა ორნიც მდუმარენი იყვნენ.
42. შიმას ბაკანმა რამდენჯერმე გადახედა ფათერაკ ღუნს.
მას, ცხადია, აინტერესებდა, რაზე ისაუბრეს ბიძამ და ძმისშვილმა ცოტა ხნის წინ, თუმცა ამას პირდაპირ ვერ ჰკითხავდა ბიჭს.
როდესაც დოლაკ ნათარამ და მისმა ძმისშვილმა ლაპარაკი მოათავეს კუთხის მაგიდასთან, ისევ მესამე ოცეულელებს დაუბრუნდნენ და მათთან ერთად ისადილეს, თუმცა, მათი მოქცევიდან კაცი იმაზე მეტს ვერაფერს გამოარკვევდა, რასაც აქამდე მიმხვდარიყო: ფათერაკ ღუნი მღელვარებდა და ბიძისთვის ქირდალი ეთქვა.
უტყვი და არაფრისკენ დაჟინებით მომზირალი იყო ის ჯამების ჩამოდგმის დროსაც: უხალისოდ იღებდა ლუკმებს. დოლაკ ნათარა კი როგორც მანამდე ხითხითებდა, ახლაც ისე: რა თქმა უნდა, ძმისშვილთან ნალაპარაკევს არ შეიმჩნევდა.
43. შიმას ბაკანს კი გული სხვაგვარს ეუბნებოდა. შიმას ბაკანი ბევრის დამნახავი კაცი იყო, ოღონდაც, ბიჭს თავისით უნდა ელაპარაკა.
მათ ორივეს ნაგრძნობი უჩანდათ, რომ მესამე ოცეულში სწორედ ის ორნი იყვნენ, ერთმანეთს რომ ყველაფერს ჰალალად ეტყოდნენ.
44. ოულდ ბეილიში ბარე ათი რაზმეულის ხალხი შეკრებილიყო. იყო ერთი მოკითხვა და სალამ-ქალამი, რაღაცნაირი ჩურჩულა ხმაური მოსდებოდა ქვემოთა დარბაზს.
_ ჰეი, _ უჩურჩულა ფათერაკ ღუნს იდომალ სერმა, _ აგე, იმ კუთხეში რომ დაბალი ვინმე დგას, ხედავ? შავ სამოსელში...
_ მერე? _ უხალისოდ მიუგდო ფათერაკ ღუნმა.
_ ეგ სეიდემის მეოთხე ოცეულის წევრია...
_ მერე?..
_ სხვანაირად იცი რა ჰქვია?... ფენად დანია...
_ მიდი რა, გაიარე...
_ ზუსტად ვიცი... ეგ ის მომღერალია...
_ და რაზმეულის წევრია?
_ აბა ისე როგორ იქნება? ერთმა სანდო კაცმა მითხრა. ოღონდ ფენად დანია რადიოს სახელია...
ფათერაკ ღუნი ქვეშ-ქვეშ გააცქერდა თავის საყვარელ მომღერალს.
_ ეგ არის?
_ გეუბნები... ოღონდ, რომ მიხვიდე და ჰკითხო, არ გიპასუხებს.
_ ეგ ვიცი...
როგორ უნდა გიპასუხოს, როცა არ შეუძლია?
ფათერაკ ღუნი ისევ უყურებდა ფენად დანიას.
მერე კი იდომალ სერს უთხრა:
_ არ მჯერა...
_ გეუბნები...
_ ახლავე შევამოწმებ...
_ როგორ უნდა შეამოწმო? არაფერს გეტყვის...
ფათერაკ ღუნმა ძალით ჩაიცინა:
_ ახლა მე მაგისკენ წავალ და რომ მივუახლოვდები, ტელეფონზე დამირეკე.
_ მერე?
_ მერე ზარად `სუთულამანი~ მიყენია, დღეს დავაყენე...
_ ხოო...
_ ჰა, რას იტყვი?
_ მიდი, ჰა... _ ტელეფონი ამოიღო იდომალ სერმა და ამ დროს მოძახილიც გაისმა:
_ მეთევარები... პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე... თავიანთ საოცეულოებში.
_ ნამდვილად ეგ არის, _ არ დაიშალა აჩქარებულმა იდომალ სერმა და მაინც კიბისკენ გაიჩქარა.
ფათერაკ ღუნმა ვიღაცის მძიმე ხელი იგრძნო მხარზე:
_ წავედით... რაღაც საჭმლის სუნია და ვერ მივხვდი, რისა...
შიმას ბაკანი იყო.
45. კრება არ ყოფილა, დერეფნებში მომლოდინე მეთევარელებს ჯგუფ-ჯგუფად იბარებდნენ ოთახებში და საქმეს აძლევდნენ. ზოგგან სამს გამოიძახებდნენ, ზოგგან _ ოთხს, ხუთსა და ორსაც კი.
გამოსულები მხოლოდ ნაცნობ სიტყვებს ამბობდნენ და მეტი არც შეეძლოთ ეთქვათ:
_ ღამის სამუშაოა...
შიმას ბაკანი და ფათერაკ ღუნი ერთად შეიძახეს.
ორივეს გადასცეს ფენბაჯირთა საერთო ქაღალდები, რომლებიც მერე უნდა წაეკითხათ და საქმეც მისცეს. გამოსულებს ნომალ განამა და იდომალ სერი ელოდნენ.
_ ჰა, რა არის? _ წაიჩურჩულა იდომალ სერმა.
_ არც რამე დიდი, _ ხმადაბლა მიუგო შიმას ბაკანმა, _ ერთად მივდივართ.
_ ხიფათია? _ ვერ მოისვენა იდომალ სერმა.
_ ღამის სამუშაო, მეტი არაფერი.
_ ახლავე მიდიხართ?
_ კარგი, რაღა, _ გაეცინა შიმას ბაკანს და ფათერაკ ღუნს მხარზე მოხვია ხელი, _ მივდივართ.
სწორედ ამ დროს გამოიძახეს იდომალ სერი და ნომალ განამაც.
_ აგე, საქმეს მიხედეთ, _ გაუცინა შიმას ბაკანმა და კიბისკენ წაიყვანა ფათერაკ ღუნი.
დაბლა რომ ჩამოვიდნენ, შიმას ბაკანმა საათს დახედა და უთხრა:
_ ორი საათი გვაქვს იარაღის გაცემის დრომდე, აქაურ კაფეტერიაში დავსხდეთ და დაველოდოთ თუ სადმე აქვე შევიდეთ?.. რა მოკლავს ამ დროს!
_ წავიდეთ აქედან, _ თქვა ფათერაკ ღუნმა.
46. ორნი ოულდ ბეილიდან გამოვიდნენ და ნიუგეიტის ქუჩას დაუყვნენ. უკვე სიბნელე იყო.
_ რას უნდა ნიშნავდეს? _ ყრუდ იკითხა ფათერაკ ღუნმა.
შიმას ბაკანმა კი სულ სხვა რამ უპასუხა:
_ ბიჭები ჩვენ გამოგვყვებიან...
_ ჩვენები?
_ ორივენი... იმიტომაც დაგვიბარეს წყვილ-წყვილად. სხვა რაზმეულებშიც კანტიკუნტი იყო წყვილად შეყვანა.
იციან, რომ ჩვენ ერთადა ვსვამთ ღეროდს. ბიჭებს ჩვენს შემმოწმებლებად გამოგზავნიან, მერე შენ და იდომალს გამოგგზავნიან ჩემი და ნომალ განამას შესამოწმებლად და ასე.
_ რატომ იქცევიან ასე?
_ საქმე რომ უკეთ გამოვიდეს... ალბათ... რა ვიცი...
_ ეს ქაღალდები წავიკითხო?
_ წაიკითხე, თუ გინდა, ან ნუ წაიკითხავ, ხელი მოაწერე და ისე დააბრუნე, იარაღზე როცა მივალთ... მანდ ყოველთვის ერთი და იგივე წერია.
ფათერაკ ღუნმა შემცბარმა გამოხედა დროულ მეგობარს.
_ აგე, იქ შევიდეთ, _ ხელი გაიშვირა შიმას ბაკანმა, _ კარგი სინათლე გამოდის...
47.
ფათერაკ ღუნი კი გაჩერდა იმ ბინდიან ქუჩაზე, რომელსაც ადრე ერქვა სენტ მარტინის ქუჩა და ყრუდ თქვა:
_ შიმას ბაკან, ბიძაზე უტკბესო... ბიძაჩემ დოლაკ ნათარას ვუთხარი, რომ უკვე ოცჯერ შევხვდი მელიას და მას ისე ველაპარაკები, როგორც ქალს...
შიმას ბაკანი გახევდა შუა ქუჩაზე.
თითქოს ზურგში მოხვდა ეს სიტყვები, ვითარცა ძველად ჩამოსხმული ტყვიები და დაინახა მთელი უბედურება ამაღამდელი ღამის სურათისა, რომელსაც მოელოდა, რახან კარგა ხანია, ნიშანი ჰქონდა გულზე. ეს ნიშანი იყო არა ფათერაკ ღუნის ცხოვრებისა და ბედის დახმარებით ამოცნობილი გზა, არამედ უფრო დიდი და ყოვლისმომცველი, რომ ყოველივე მოტრიალდებოდა და ფენბაჯირებს მოუწევდათ უსაშინლეს ბრძანებათა გაცემა და სწორედ ახლა, ამ ნიშანმა ერთბაშად გამოანათა შიმას ბაკანის გონებაში. ნიშანი იყო და არც იყო ნიშანი, რადგან გაეგონა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მალევე გაქრნენ დიდი ფეთქების შემდეგ, მანამდე კი დაუჯერებელ ამბებს ჰყვებოდნენ იმ ღამის შესახებ. ესეც რომ არა, შიმას ბაკანმა ერთი ცხოვრებით მეტი იცოდა ცხოვრებისა და ამბებისა, ვიდრე წარმოედგინათ.
48. ამას ვერ ეუბნებოდა მესამე ოცეულის ბიჭებს შიმას ბაკანი.
ოცეულებში ყველა თავდაჭერილი იყო, არავინ ენდობოდა ვინმეს, გულისთქმა კი მეთაურისთვის უნდა მოგეხსენებინა. სასაცილო არ არის, ჭაღარაგარეულმა, შვილიშვილებიანმა კაცმა მეთაურს მოახსენოს გულისთქმა?
49. ყოველივე ამას ახლა კიდევ ერთხელ შეიგრძნობდა შუა ქუჩაზე მდგომი შიმას ბაკანი, რომელიც ღამის საიდუმლო დავალებამ ლამის ათი წლით დააბერა, რადგან გრძნობდა, რომ ფათერაკ ღუნი უნდა წამხდარიყო ამ ღამეს.
გულს ისიც უკლავდა, რომ ამათ შემმოწმებლებად ნომალ განამასა და იდომალ სერს ამწესებდნენ. ეს თითქმის ზუსტად იცოდა.
შიმას ბაკანს ერთი უზარმაზარი რამით მეტი გაეგებოდა ფათერაკ ღუნის ამბისა. ფათერაკ ღუნმა არ იცოდა, რომ არანაირი უცნაურობა არ შემთხვევია. შიმას ბაკანმა კი იცოდა დარწმუნებით, სულ ბოლომდე და ვერავინ გადაარწმუნებდა.
ოღონდაც ჯერ ვერ მოეთვალა, რამდენი, როგორ და რა უნდა ეთქვა ფათერაკ ღუნისთვის, ვინაც დღეს ნაბიჯი გადადგა ცხოვრებაში და ეს ნაბიჯი ისეთ საყოველთაო ამბავს დაემთხვა, რომ დგება ღამე გადაწყვეტისა. და ვინ იცის, ეგებ ეს იყოს ღამე უფრო დიდი გადაწყვეტისა, რომელიც ყველაფერს შეცვლის?
50. თავიდან, როგორც წესია, ისე მისთავაზა შიმას ბაკანმა. ისე, როგორც ახერხებდნენ ამას ლონდონში გაჭირვების ჟამს.
მოსაკვდინებელი კი მაინც მოკვდებოდა.
_ აქ მო, ფათერაკ ღუნ, _ კვლავ მხარზე მოხვია ხელი ახალგაზრდას დროულმა, _ რას იტყვი, რომ ახლა ბიძაშენს დაურეკო და მეორედ სთხოვო ქირდალი.
ფათერაკ ღუნმა ამოხედა ისეთი ყველაფრისმთქმელი თვალებით, რომ ნამდვილად ამოეცნო, რაც აშენდებოდა ანდა დაინგრეოდა ამ სამი წინადადების უკან.
_ ახლა ყურადღებით მომისმინე, ფათერაკ ღუნ, _ პირდაპირ ყურში ეუბნებოდა შიმას ბაკანი, _ ბიძაშენი დოლაკ ნათარა გამგები კაცია...
არა მგონია, შაბათ საღამოს გაუბას ლაპარაკი მამაშენს შენზე... ამიტომ ახლავე რომ გავაფრთხილოთ ქირდალის შესახებ, უკეთესი იქნება... ამასობაში... იცი კი იმ გოგოს მისამართი, ვისაც თვალი დაადგი?
ფათერაკ ღუნმა უაზროდ დაიქნია თავი.
_ ჰოდა, მისმინე... კვირა საღამომდე... ხვალ საღამომდე ისე მოვახერხებთ, რომ ხუთჯერ მაინც შეხვდე... იმ...
რა ჰქვია...
_ ბანადია... ლავარი...
_ ჰო, ბანადია... ლავარს... საღამოს კი ბიძაშენს ქირდალი უთხარ და ორშაბათ დილითვე მამაშენს მოახსენებს. იქაც სამი შეხვედრა იმ კვირაში და მერე დოლაკ ნათარა მივა იმის ბიძებთან... ქორწილსა ვჭამთ...
ფათერაკ ღუნმა არაფერი უპასუხა.
მერე კი თქვა მიწას დაშტერებულმა:
_ ეგ ადრევე ეგრე იქნებოდა, მაგრამ წიგნმა არ გამიშვა... მერე კიდევ ასე მოხდა...
მელას სახელი დავარქვი... სხვა რაღა დარჩა, როცა სახელს დაარქმევ, იქაც მიჯნური არ ხარ? განა ასე არ დაარქვი შენს ცოლს სახელი? ვის ახსოვს ის, რაც მამამ დაარქვა?
_ წიგნს ნუ დააბრალებ, _ მიმოიხედა შიმას ბაკანმა, _ ჩემთან ლაპარაკის დროსაც კი... ის ყოველკვირას სხვადასხვაა... თუ შენ ამ გადაწყვეტის ყაბულს იქნები, მივალ ჩემს ბიძაშვილთან, რომელიც მთელი ჰამერსმიტის მადაგარია და ვკითხავ, როგორ ავუქციოთ გვერდი წიგნს. როცა ცოლქმრობაა, წიგნებს ჯერ შენი უბნის თარდუმაში ამოწმებს, მერე კი მადაგარი. ასეთია ქონათის ბედი. ოღონდაც, არა მგონია...
მოკლედ, გეტყვი, რომ ამ საქმეს გავჩარხავ და ორივენი თვალს დახუჭავენ, ისე წაიკითხავენ საჭირო გვერდებს, რომლებიც არ გიშვებდნენ მაგ გოგოსთან, რომ ყველაფერი პირიქით მოგეჩვენება... მომხდარა ასე, გამიგია... ოღონდ საჩქაროზევე უნდა გაკეთდეს... ყველაფერს გავაკეთებ... სიჩუმეა საჭირო, მეტი არაფერი... და ცოტა ძღვენიც მერე... ანდა, თვითონაც მოითხოვენ სანაცვლო რაღაცას...
რაც დრო დაგვრჩა იარაღის აღებამდე, მაგ საქმეს უნდა მოვახმაროთ, ასე სჯობია...
ფათერაკ ღუნი ისევ მიწას ჩასჩერებოდა... თუ სიბნელეს. მიწა იქ არ ჩანდა.
_ ბიძაზე უტკბესო...
და ამ სიტყვებზე შიმას ბაკანმა გულში ჩაიკრა ფათერაკ ღუნი და დაუწყო კოცნა თავსა და მხრებზე.
_ ყველაფერს გავაკეთებ შენთვის... _ ასე ეუბნებოდა.
ფათერაკ ღუნი კი თავს აქნევდა უარის ნიშნად.
_ მეგობრობას არ მივცემ ხელში ვინმეს... _ თქვა შიმას ბაკანმა, _ დავიღალე უმეგობრობით...
_ არა, არა, არ შემიძლია, _ თქვა ფათერაკ ღუნმა, _ რაც კანონითაა, ის მოხდეს... წავიდეთ, ავიღოთ იარაღი და დავხოცოთ მელიები... ბიჭებიც უკან მოგვყვებიან.
ჩვენი სიებით იქ ბევრი არ არის... ვისი ტყვია მოხვდება, არ ვიცი... ეგებ, შენიც... მე ამას ანგარიშს არ მივცემ...
აქ ხმა აუკანკალდა ფათერაკ ღუნს.
_ გვიბრძანეს, დავხოცავთ. ასეთია, ალბათ, ქონათის ბედი...
_ და მე? მე რომ არ მაქვს სახელი? არც ქონათი ვარ, არც რამე, მაგრამ გული ხომ მაქვს? დამიჯერე, ეს ჟლეტის ბრძანება სხვა რამეა... სულ სხვა რამეა...
მე ამიტომაც გეუბნები... ეჰ! რა გითხრა, ფათერაკ ღუნ, ვიცი, ხვალინდელი დილა არ გაგვითენდება და მაპატიე ის სისულელე, წეღან რომ მოგთავაზე... ეგ წყნარი და უხერხემლო ცხოვრებისა იყო, რომ გულსგარეთ დაგეტოვებინა თავსგადახდენილი ამბავი... ისე მოვიქცეთ, როგორც გული გეტყვის. გინდა, გამოვიტაცოთ შენი მელია, მივმალოთ ჩემს `რეინჯ როვერში~ და უცხოელთა უბანში გადავიპაროთ როგორმე...
_ როდემდე?
51. _ ბოლომდე! _ დასძახა უცებ შიმას ბაკანმა ისე, რომ გამვლელი გაჩერდა ქუჩაზე, _ ბოლომდე, _ გააგრძელა ჩურჩულით, _ რასაც ვფიქრობდი, ეს ნიშანია სწორედ... ჭკვიანი კაცია შიმას ბაკანი, იმას ნუ უყურებთ, რომ წვერშევერცხლილი გაჩერებულა მესამე რაზმეულში...
ეს ხოცვა-ჟლეტა ტყუილი არ არის...
ჯერ დილითაც ვიცოდი, რომ ქალაქზე ჯარები დაუძრავთ... რაღაცის დასაცავად... რისა? რისა? არა შენი მეგობრობის... ქონათო... ეს ბოლო რამე ჩანს, დამიჯერე... ხვალიდან ან ახალი ცხოვრება იქნება, ანდა ისევ განაგრძობ დღეთა და ღამეთა წიგნის ფურცვლას...
შენი მელია... რა დაარქვი?
_ გულარ-თი...
_ გულარ-თი... შენი მელია... _ აქ ძლივს ამოისუნთქა შიმას ბაკანმა, _ ახ... წამო, წავიდეთ... ისევ იქ დავეგდოთ და დაველოდოთ იარაღის მიღებას... ყველაფერს გეტყვი, რაც ამდენ ხანს ეჭვები მაქვს ამ მდუმარე გულში...
და ისინი ოულდ ბეილისკენ გაბრუნდნენ.
_ მაინც უნდა დავურეკოთ ბიძაშენს და ქირდალი გავუჩეროთ...
არა ღირს იმაზე ლაპარაკი, რაც დამთავრდა.
ამ უბრალო სიტყვებს ფათერაკ ღუნის ქვითინი მოჰყვა.
_ აი, რა არის ბედი... აი, რა არის ქალი... აღარავის ახსოვდა... ფათერაკ ღუნს კი ხსომებია... თავს არ დამალავს, რაც ნამდვილია... ცრემლი მოიწმინდე, ქონათო, თუ გადარჩები, სიყვარული გექნება, არა და, აგე რამდენი ვცხოვრობთ ჩვეულებრივად, ისე, რომ ვერცა ვხვდებით.
ცხოვრება რა არის? _ გულში ხმამაღლა გაისმოდა ეს შეკითხვა, გარეგნულად კი არც რამე ჩანდა. ცხოვრება არის მიდი-მოდი, სალამ-ქალამი, წესების ასრულება და ამით მოპოვებული სიმშვიდე?
52.
ძველი `რეინჯ როვერი~ გაჩერდა ვინგეიტ როუდზე, განთქმული მზა საჭმლის მაღაზიის წინ. სიბნელეში მაღაზიის კარის თავზე ანათებდა სამი ნათურა: ცისფერი, ყვითელი და იისფერი.
_ სამივე განყოფილება მუშაობს, _ თქვა შიმას ბაკანმა, _ წამო და ამოირჩიე, რაც საჭიროა.
ორივენი შეიარაღებულნი იყვნენ და სარაზმეულო ფორმაც ეცვათ, ღამის საცქერი სათვალეც კი მისცეს, ოღონდაც ორ კაცზე ერთი.
მაღაზიაში იმიტომ მოვიდნენ, რომ სწორედ აქეთ მოეცათ მოწერილობა სატყუარა საჭმლის თაობაზე. ცხადია, მაღაზიის პატრონებიც გაფრთხილებული იქნებოდნენ და სამივე ნათურაც ამიტომ ენთო ამ გვიან საათს.
როდესაც ორ კაცს ერთი ღამის საცქერი სათვალე არგუნეს, შიმას ბაკანმა ხუმრობით ჰკითხა რაზმეულის მეკუჭნავეს:
_ მე ჰაერში ვისროლო?
მეკუჭნავემ კი თითქოს ვერ გაიგოო:
_ რა უნდა ისროლო?
შიმას ბაკანმა ფათერაკ ღუნს უჩურჩულა:
_ ღამის სახედავს ჩვენს ძმებს მისცემენ... ნომალ განამას და იდომალ სერს... ჩვენ ცხოველები უნდა დავინახოთ, იმათ კი ჩვენ უნდა დაგვინახონ. ასეა... ისე, იმათი დავალება უფრო ძნელია...
ჩვენი კიდევ... ჩვენ...
მერე ქაღალდებიც მიიღეს და ვინგეიტ როუდისკენ გამოსწიეს, სადაც ხსენებულ მაღაზიაში მოვიდნენ.
53. _ ეს მაღაზია ადრე პაბი იყო... გახსოვს პაბები?_ კარზე დააკაკუნა შიმას ბაკანმა, _ ჰეი, ნეკილ თულაგ...
კარი გააღო შუახნის კაცმა და შემოსცინა სინათლის ქვეშ მდგომებს:
_ ჰეი, ვის ხედავს ჩემი თვალები? შენ გელოდებოდი შაბათ საღამოს? დარეკეს, ელოდე ცხრიდანაო...
შიმას ბაკანი და ნეკილ თულაგი ერთმანეთს გადაეხვივნენ.
ფათერაკ ღუნმა ქაღალდები გაუწოდა მაღაზიის პატრონს.
_ მოდით, მოდით, ძმანო და შვილნო, _ მაღაზიაში შეუძღვა ნეკილ თულაგი ორივეს, _ თითო ღეროდს არ მიიღებთ? სანამ ბიჭი დატრიალდება... ჰეი, შვილო, გესმის ჩემი, ცხოველთა სატყუარი გამოიტანე, _ ქაღალდებს ჩახედა ნეკილ თულაგმა, _ ოთხი... ჰო... ოთხი ტომარა...
რა ამბავია, შიმას ბაკან, ოთხი ტომარა?
_ მე მაგ ტომრებისა არაფერი ვიცი... აგე, მელიების უფროსი, _ მხარზე ხელი დაჰკრა შიმას ბაკანმა ფათერაკ ღუნს.
_ ჰოოო... ბევრია, არა, შვილო და ძმაო...
_ ასე გამოწერეს, თუმც მაგის ნახევარიც თავს სდის...
სანამ ბიჭები ტომრებს ეზიდებოდნენ და მანქანაში ტვირთავდნენ, ნეკილ თულაგმა ერთი ლურჯი ბოთლი გამოაძრო და თითო ღეროდი სახელდახელოდ ჩამოუსხა მოსულებს პლასტმასის ჭიქებში.
_ გათბობას არ დამაცლით და... _ მერე კი ხელკავი გამოსდო შიმას ბაკანს და ხმადაბლა ჰკითხა, _ ეს რა შაბათია? როდის ყოფილა, ჰა?
_ არ ვიცი, _ ამოიხვნეშა შიმას ბაკანმა, _ შაბათს კაცი უნდა იწვეს და ისვენებდეს... ვერა ხედავ, იარაღიც მოგვცეს...
_ ბრძანება გაქვთ? საქმე?
_ გვაქვს...
ნეკილ თულაგმა იცოდა, რომ ბრძანებისას ვერაფერს შეიტყობდა და სხვა მხრით მოუარა:
_ რაზმეულები ფეხზე დგანან? ჩემი დისშვილები და ჩემი ძმისშვილიც იქ გაცვივდნენ ხუთის ნახევარზე...
_ ჩემზე მეტი გცოდნია, _ გაიცინა შიმას ბაკანმა, _ მაშ წავალთ... კარგი ღეროდი გაქვს.
_ ჩემი გაკეთებულია...
ისინი კარისკენ წამოვიდნენ, მანქანა უკვე დატვირთული იყო.
_ ეს ახალგაზრდა კაცი მომწონს, _ მხარზე ხელი დაჰკრა ნეკილ თულაგმა ფათერაკ ღუნს, _ ბიჭობიდან მომწონდა, ჰამერსმიტელების თვალია... ნამდვილი ქონათი...
ფათერაკ ღუნმა თავი ჩახარა მადლობის ნიშნად.
_ ერთხელ ისე მოდით, რომ ტომრები არ იყოს სათრევი...
ძმავ და შვილო... კარგი გზა იყოს...
_ დიადის ხელში იყავ, _ საჭეს მიუჯდა შიმას ბაკანი.
54. იქიდან დასავლეთით გამოუხვიეს და გოლდჰოუკ როუდისკენ წამოვიდნენ: შიმას ბაკანს უნდოდა წამით შეერბინა სახლში.
შეფერდს ბუშ გრინს რომ ჩამოსცდნენ და ზედ გოლდჰოუკზე ჩამოვიდნენ, ფათერაკ ღუნმა თქვა:
_ აი, აქა ცხოვრობს ბანადია ლავარი... სთოუროუდზე...
და უცებ შიმას ბაკანმა მკვეთრად შეუხვია, გადაკვეთა ქუჩა და შევარდა სთოუროუდზე.
_ აბა...
_ აი, იმ სახლში... მაგრამ რა აზრი აქვს აქ მოსვლას?
შიმას ბაკანმა დაამუხრუჭა და თქვა:
_ არც რა... ბიჭბუჭივით მოვიქეცი. შაბათ საღამოს ეგებ სახემოხატული არც იყოს...
გოგოები არ იხატებიან შაბათ საღამოს... არ უყვართ.
ისინი ისევ გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ და ფათერაკ ღუნი უყურებდა განათებულ ფანჯარას მეორე სართულზე.
_ რადიოები მთელი ძალით მუშაობს ახლა, ამაღამ ახალი სიმღერებია, _ თქვა ასე, _ ალბათ, ბანადია ლავარიც რადიოს უსმენს.
_ მართლა ამაღამვე შეიძლებოდა ყველაფრის მოწყობა, ერთ ღამეშივე შეხვდებოდი ექვსჯერ, მეშვიდედ კი ხვალ დილით... _ შიმას ბაკანს, მგონი, თვითონ არ სჯეროდა საკუთარი სიტყვებისა და ამიტომ უხმოდ მოატრიალა მანქანა და გამოვიდა სთოუროუდიდან, რათა შინ შეევლო.
55. როდესაც ოულდ ბეილის საწყობში იარაღი და ქაღალდები აიღეს და გარეთ გამოვიდნენ, სწორედ იმ დროს მოვიდნენ თავ-თავიანთი იარაღის ასაღებად იდომალ სერი და ნომალ განამა.
_ ჰა, დავალება ძნელია? _ ჰკითხა შიმას ბაკანმა.
ნომალ განამამ უხალისოდ დაუქნია თავი, იდომალ სერმა კი ფათერაკ ღუნს მიმართა:
_ მოდი, მოვძებნოთ...
_ ვინ?
_ ფენად დანია... და ის ფანდი გავაკეთოთ ტელეფონით...
_ ააააჰ.. _ ხელი აიქნია ფათერაკ ღუნმა, _ არა გვცალია...
არ ღირს...
_ ცუდ გუნებაზე ხარ? _ ჩაეკითხა იდომალ სერი, _ ჰა, არ გავითამაშოთ?
_ ვის უხარია შაბათ საღამოს იარაღისა და ქაღალდების მიღება? _ უცებ ჩაერია შიმას ბაკანი, _ თქვენ გიხარიათ?
ნომალ განამამ თავი გააქნია, ოღონდაც ფრთხილად, ისე, რომ დერეფანი მოათვალიერა.
_ აი, ვინ ვერ არის ხასიათზე, _ თქვა შიმას ბაკანმა და მხარზე ხელი დაჰკრა ნომალ განამას.
_ ხოოო...
_ თავი გააქნია იდომალ სერმა, _ ამას სხვანაირად უყვარს შაბათ საღამოების გატარება...
_ მოკლედ, ჩვენ წავედით, _ ქაღალდებს ჩახედა შიმას ბაკანმა, _ თქვენ იცით...
_ ჩვენც წავალთ, _ თქვა იდომალ სერმა და საიარაღოში შეაბიჯა.
ახლა, მანქანაში რომ ისხდნენ, შიმას ბაკანს რატომღაც გაახსენდა, რა ფანდი უნდა გექნათ ფენად დანიასთვის ან საიდან იცოდით, ფენად დანია რომელიაო.
ფათერაკ ღუნმა ყველაფერი უამბო და შიმას ბაკანმა გაიცინა კიდეც.
მერე, როცა შინ შევიდა შიმას ბაკანი, ხოლო ფათერაკ ღუნი მანქანაში ელოდა, `შვიდი ხმის ტალღაზე~ კვლავ მღეროდა ფენად დანია და ფათერაკ ღუნი დარდიანად ჩაუფიქრდა ამ სიმღერას. მერე კი ისიც გაიფიქრა, ვინ იცის, ახლა სად არის რაზმეულისგან დავალებამიცემული ფენად დანია, თუკი ის ტანხმელი ბიჭი მართლაც ფენად დანია იყოო.
შიმას ბაკანი სახლიდან გამოვიდა და თან ერთი თავსაფარში გამოხვეული რაღაც გამოიტანა.
_ ეს მანქანაში დავტოვოთ, _ თქვა მშვიდად, _ რა იცი, რაში გამოდგეს... თუ რამე მოხდა და, მე რა ვიცი, ვინ ჩააგდო მანქანაში? ხელის ანაბეჭდს ვერ აიღებენ... მერე კიდევ, ეგება დაგვჭირდეს...
მან გამოხვეული ფათერაკ ღუნს გაუწოდა და მანაც ფრთხილად გახსნა.
_ ეს ვისია? _ იკითხა ფათერაკ ღუნმა, როცა პისტოლეტს დახედა.
_ არავისი, ასე ჩავთვალოთ, რა იცი, რაში გამოგვადგეს. უკან სკამზე დააგდე...
ათი ტყვიით მეტი თუ ხარ, ცუდი არ არის, _ მანქანა დაქოქა შიმას ბაკანმა.
_ შენია?
შიმას ბაკანმა ელვარე თვალებით გამოხედა ახალგაზრდას.
_ არავისი არ არის... ვიღაცამ ჩაგვიგდო მანქანაში...
_ კარგი...
_ ძველია... მაგრამ საიმედო...
56. მერე გაუყვნენ გზას ჰოლანდ პარკისკენ. არც ისე ახლოს იყო, რომ ლაპარაკი ვერ მოესწროთ. ლაპარაკს მოასწრებდნენ, უკვე საკმაო რამ მოასწრეს იმ საღამოს, ოღონდაც შიმას ბაკანს მაინც ვერ გაემჟღავნებინა თავისი იდუმალი ნაფიქრალი, გადაეწყვიტა, მოგვიანებით გაენდო ის, რასაც ფიქრობდა და რაც გადაეწყვიტა.
57. ღამე კი წყნარი იყო.
იმ დროს ქუჩებში აღარავინ დადიოდა და ამიტომ ლამპიონებიც აღარ ენთო, მხოლოდ თითო-თითო თითო ქუჩაზე, სიგრძისა და გამავლობის მიუხედავად. ასეთი წესი იყო და მინებამოწეულნი რომ მიდიოდნენ, შემხვედრ ნიავს შუბლმიშვერილი ფათერაკ ღუნი ფიქრობდა, რომ ღამე ეხებოდა რაღაცნაირად, თავისი არც თბილი და არც ცივი თითებით, რბილად და მოულოდნელად.
სექტემბრის ღამეები ისედაც საუკეთესო იყო, ეს კი მთლად გემრიელი იდგა.
_ ტყვიები ქაღალდებს შეუჯერე, მერე საშარო არ გამოდგეს, _ უთხრა შიმას ბაკანმა და ლამპის ღილაკს მიჰკრა თითი. ფათერაკ ღუნმა მჭიდები გადმოიღო და საბუთები მოიმარჯვა. მოთმინებით აძრობდა ტყვიებს მჭიდიდან და მერე ისევ უკან ალაგებდა.
_ განგებ რას დაგვაკლებდნენ, ემთხვევა, _ თქვა, როცა საქმეს მორჩა.
_ ჰო, ტყვიას ვინ დაინანებს, _ წაიბურტყუნა შიმას ბაკანმა.
58. ჰოლანდ პარკის ალაყაფთან დიდი უცნაურობა ელოდათ.
იქ მთელი საგუშაგო იყო გამართული, ოღონდაც რაზმელები კი არ იყვნენ, არამედ ფენბაჯირთა მილიციელები.
_ ხედავ? მილიცია... _ თქვა შიმას ბაკანმა, _ ასეც ვიცოდი.
ფენბაჯირთა მილიცია უბრალო საქმეზე ხელს არ გაისვრიდა.
მათ პირადად ფენბაჯირები დაავალებდნენ ხოლმე რამეს და თან ყოველგვარი ქაღალდების გარეშე. ყველაფერი ზეპირად ხდებოდა.
მილიციელებს ქვიშით სავსე ტომრებიც კი მოეზიდათ, რაც კიდევ უფრო დააფიქრებდა კაცს.
შიმას ბაკანმა მანქანიდან ქაღალდები გადაყო და მილიციელებს უთხრა:
_ მეთევარიდან ვართ... საქმე გვაქვს.
მილიციელებმა უბრალო სალამი უთხრეს, ქაღალდებს ჩახედეს და მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს.
_ ტვირთით ვართ, _ მიუგო შიმას ბაკანმა.
_ ვიცი, _ უპასუხა მილიციელმა, _ ურიკა მოუყვანეთ... მანქანით ვერ შეხვალთ. გააკეთეთ თქვენი საქმე და მანქანა აქ დაგხვდებათ.
_ ჩვენ საქმეს შეიძლება მთელი ღამე დასჭირდეს, _ გადმოვიდა ფათერაკ ღუნიც, _ მე ჰოლანდ პარკის მეთვალყურე ვარ. საქმეს რომ მოვრჩებით, სატვირთველიც ბევრი გვექნება.
_ სატვირთს ნუ იჯავრებთ, _ თქვა მილიციელთა ათისთავმა, _ ურიკაზე დააწყვეთ.
შიმას ბაკანმა ბუზღუნით გახსნა საბარგული, ფათერაკ ღუნმა კი ურიკა მოაყენა.
_ ოთხივე არ დაეტევა...
რატომ გვაწვალებ, კარგო კაცო?
_ მომისმინე... _ ახლოს მოვიდა მილიციელი, _ შენ თუ ქაღალდი გაქვს, მე სიტყვა მაქვს... დროული კაცი ხარ, პატივს გცემ...
_ იხარე, შვილოვ და ძმაო... საყვარელო ძმისშვილო... მაშ, მეორე ურიკაც უნდა მოგვცე...
_ ურიკა, _ დაიძახა ათისთავმა.
ფათერაკ ღუნმა კი შეშფოთებით წაიჩურჩულა:
_ ის... უკან აგდია...
შიმას ბაკანმა მანქანის კარი გამოაღო და პისტოლეტი უბეში გაიქანა.
_ მანქანა იქ მიაყენე, _ ტომრებს იქით მიანიშნა მილიციელთა ათმეთაურმა.
_ ახლა ამეების თრევა, _ წაიბურტყუნა ისევ შიმას ბაკანმა, _ საქმე კარგად ვერ არის, ფათერაკ ღუნ, უმანქანოდ შესვლა უმანქანოდ გამოსვლასვე ნიშნავს და რა ვქნათ?
მერე ხელი აიქნია და საჭეს მიუჯდა:
_ რაღაცას ვიზამთ...
59. _ შენ ფათერაკ ღუნი ხარ? _ მოესმა უცებ ურიკებთან დარჩენილს.
_ კი, _ სანამ მოიხედავდა, მანამდე უპასუხა.
მის წინ ერთი კეთილი სახის ფენბაჯირთა მილიციელი იდგა, უკვე ხელგამოწვდილი.
_ მე გადალ ბერი ვარ, ბანადია ლავარის ძმა...
_ ა...
_ დაბნეულად ჩამოართვა ხელი ფათერაკ ღუნმა, _ არ ვიცოდი, თუ ფენბაჯირთა მილიციელი იყავი...
_ ხო, ასე ვარ... გამიხარდა შენი ნახვა... მამაჩემი შეშფოთდებოდა ჩემს სიტყვებზე... მაგრამ მართლა გამიხარდა.
დიახ, კეთილი და ხალისიანი ვინმე ჩანდა ეს მილიციელი, ფათერაკ ღუნი კი ცდილობდა, მღელვარება გულში ჩაეკლა.
_ ბანადია ლავარი ყოველ შაბათს დღეთა და ღამეთა წიგნს ჩასცქერის, ისე გელოდება... სიმართლე გითხრა, მეც გელოდები, იმიტომ, რომ ბევრი კარგი მსმენია შენზე და თუ კაცს და თანადი ჰყავს, სიძედ შენისთანა ქონათი უნდა ინატროს. ჩვენ კარგი მეგობრები ვიქნებით, მთავარია, წიგნმა...
_ ჰო, _ თქვა უცებ ფათერაკ ღუნმა, _ ყველაფერი იქნება, ალბათ... მე ბანადიას ორჯერ შევხვდი.
_ ვიცი, _ ხელკავი გამოსდო მილიციელმა, _ იცი, ვინ არის მისი მთავარი მესაიდუმლე? მე...
60.
_ ფათერაკ ღუნ! ურიკა წამოაგორე! _ მოისმა უკნიდან.
შიმას ბაკანს მეორე ურიკა უკვე შეეყენებინა ბორბალზე და მას ელოდა.
_ წავედი, გადალ ბერ, _ ხელი გაუწოდა ფათერაკ ღუნმა.
_ მიხარია, რომ ასე იქნება, _ გაუცინა მილიციელმა, _ მე აქა ვარ დილამდე, ალბათ, თქვენც, ეგებ კიდევ გადავეყაროთ...
_ კარგი იქნება, _ ფათერაკ ღუნმა ურიკის სახელურებს მოავლო ხელი და ალაყაფისკენ დაიძრა.
_ ჩქარა, ჩქარა, _ წასჩურჩულა შიმას ბაკანმა და ურიკას მიაწვა, _ კიდევ რამე არ მოუვიდეთ თავში... ვინ იყო ეგა?
_ ბანადია ლავარის ძმა...
ძმობა გამომიცხადა.
შიმას ბაკანმა წაიფორხილა.
_ ფუჰ, ამის... რას ფიქრობ?
უკვე ხეივანში მიაჩიქჩიქებდნენ.
_ რა ვიცი, მოუთმენლად გელითო, წიგნზე ვართო, ქალს ღამეები არ სძინავსო...
შიმას ბაკანმა ურიკა შეაყენა:
_ დაფიქრდი, ფათერაკ ღუნ... მე ის ვიცი, რომ ხვალე შეიძლება არც დადგეს... მაგრამ დაფიქრდი... ბიძაშენთანაც არ დამარეკვინე...
თუმცა ადგილზე მივიდეთ და იქიდან დაურეკავ... შენ თვითონ...
_ მესამედ ამბობ, რომ ხვალე შეიძლება არც დადგეს და მაშინ რაღას მთხოვ?..
შიმას ბაკანი ისევ მიაწვა ურიკას და ნაბიჯს გაუჩქარა.
_ კარგი ჰაერია,_ თქვა ხვნეშით, _ რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ... მთელი თერთმეტი წელიწადი იქნება... კარგია, რომ სინათლეები დატოვეს... მომისმინე... როგორ ვქნათ ეს საქმე? მე მგონია, სადმე ღობე ისე უნდა გამოვღუნოთ, რომ ადამიანის ნახელავს არ ჰგავდეს... მერე მოვიდეთ და...
ყველაფერს მე გავაკეთებ... ოღონდაც შენ... შენ იპოვე ის და... მანქანა რომ შემოგვეყვანა, საუცხოო იქნებოდა... ახლა აღარ ვიცი, ღობის მეტი არაფერი მომდის თავში.
_ ასე ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ, _ წაიჩურჩულა თითქოსდა დამშვიდებულმა ფათერაკ ღუნმა, _ ტყეა და ლაპარაკი შორ მანძილზე ისმის, შენი სუნი კი უკვე ყველამ იკრა...
_ სატყუებლის?
_ სატყუებელს გავხსნით თუ არა, მაშინ...
_ ჰოდა, მაგას გეუბნები... ჯერ არ გავხსნათ, ჯერ გასაძრომი ვიპოვოთ.
ამ ლაპარაკ-ლაპარაკში გავიდნენ დაბალი შუქით განათებულ ერთ მოლზე და ფათერაკ ღუნმა თქვა:
_ აი აქ დავტოვოთ ურიკები და წავიდეთ მაშინ... მოვძებნოთ მესერი...
_ ყველაზე ახლო სად იქნება? _ ჰკითხა შიმას ბაკანმა.
_ ყველაზე ახლო? ალბათ იქით...
მაგრამ, შიმას ბაკან, ბიძაზე უტკბესო, სისულელეა... ჩვენ ვერ გავღუნავთ და რომც გავღუნოთ...
61. _ ჩუ! _ მოიკუზა შიმას ბაკანი და მიმოიხედა, _ მგონი, კუდში მოგვყვებიან... გაიგონე ის ჩქამი?.. მგონი, ჩვენი მეგობრები ჩასაფრდნენ სადღაც ჩვენს სათვალთვალოდ...
ფათერაკ ღუნმა ურიკასთან ჩაიმუხლა და მიმოიხედა.
იარაღები ორივემ დაიმარჯვა.
_ ცხოველის ხმაა? შენ უკეთ გეცოდინება.
ფათერაკ ღუნმა თავი გაიქნია და ტუჩებზე მიიდო თითი.
_ უკვე დანახული ვყავართ...
შიმას ბაკანი ერთხანს აყურადებდა, მერე კი სიმწრით გამოცრა:
_ აი ეს არის ცხოვრება... შენს ამხანაგებს შენს შემმოწმებლებად გზავნიან.
კვლავ მოისმა რაღაც ხმაური, ტოტის ტკაცუნის ხმა თუ რაღაც ასეთი.
_ ხო, შემოდგომაა, _ ჩაიცინა შიმას ბაკანმა, _ რა იქნებოდა, ხის ხმელი ტოტები რომ არ ეყაროს მიწაზე?
ფათერაკ ღუნმა კი იარაღი გააჩხაკუნა.
_ რას შვრები?
_ მელიებს ვხოცავ... _ თქვა უცებ ფათერაკ ღუნმა, _ ჩირგვებში მელიები დაშლიგინებენ, მეც ვესვრი...
შიმას ბაკანმა წამსვე წარმოიდგინა, რა გადაწყვიტა ფათერაკ ღუნმა და ლულაზე ხელი უტაცა:
_ მოიცა... მოიცა... მოიცა...
_ რატომ? ყველაფერი დღეს მთავრდება... ასე არ ამბობ?
შიმას ბაკანმა თავი ჩაღუნა.
_ ჩემთვის მაინც... _ ხმა ჩაუწყდა ფათერაკ ღუნს.
მან ამოიხვნეშა და კვლავ შემართა იარაღი.
62.
და უცებ შიმას ბაკანი წამოდგა და ხმამაღლა თქვა:
_ იდომალ სერ... იდომალ სერ, და შენცა, ნომალ განამა... უცხოები არავინა ვართ... გამოდით მეგობრობის ხათრით, რათა ტყუილად სროლა არ ატყდეს და მელიები არ გვეგონოთ...
არავინ გამოპასუხებია.
ფათერაკ ღუნი ისევ ისე იყო ჩაცუცქული ურიკებთან და იარაღშემართული უყურებდა ბუჩქებს.
63. შიმას ბაკანმა დანა იძრო და ღონივრად დასცხო სატყუებლით სავსე ტომარას. მერე მეორეს და მესამესაც.
_ აჰა... აჰა...
_ იძახდა გაჩქარებით, _ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, რაც დაგვევალა... აბა, მელიებო, დაეხვიეთ ამ ნუგბარს...
შიმას ბაკანმა მხარზე მოავლო ხელი ფათერაკ ღუნს, წამოაგდო და შორიახლო გაათრია.
_ აი, აქა ვდგავართ და გელოდებით... ეჰეი, მელიებო!
ახლა შიმას ბაკანმა შემართა იარაღი.
64. არ გაუვლია დიდხანს და დასავლეთის მხრიდან მდელოზე მელია შემოცუხცუხდა.
იმას მეორე მოჰყვა, იმას კიდევ მესამე.
_ აჰა, მოდიან... _ თქვა შიმას ბაკანმა მძიმედ, _ ცნობ?
_ როგორ არა...
მელიებმა ერთი გამოხედეს იქ მდგომებს და სატყუარას მიუცუცქდნენ.
_ სხვები სად არიან?_ იკითხა ხმადაბლა შიმას ბაკანმა.
_ არ ვიცი...
შიმას ბაკანმა ისევ გახედა ტომრებთან მოცუნცულე მელიებს.
_ ის არ ურევია?
_ არა...
შიმას ბაკანი ჩაფიქრდა.
_ მე მგონია, რომ...
ამათთვის სროლას აზრი არა აქვს, _ თქვა ხმადაბლა, _ ჩვენ სხვა საქმეზე ვართ გამოგზავნილი.
ფათერაკ ღუნმა გაკვირვებით გადახედა.
65. _ ჰო, ასეა... ეგრეც ვერ მოვასწარი, მომეყოლა, რასაც ვფიქრობ ამდენი წელია, _ ამოიგმინა შიმას ბაკანმა, _ ახლა ჩვენ... ჩვენ აქედან ცოცხლები ძნელადღა გავალთ, მთავარ დარტყმას კი ფენბაჯირების მილიცია მიიღებს... იდომალ სერ! იდომალ სერ!
ამ შეძახილზე მელიები დაფრთხნენ და ბუჩქნარისკენ მოცოცხეს.
_ იდომალ სერ! ნომალ განამა! მორჩით დამალობანას, საქმე უფრო ოხერია, ვიდრე თქვენა გგონიათ... გამოდით, ვილაპარაკოთ...
არავინ გამოსულა. როცა ყველაფერი მიჩუმდა, მელიებმა გამოყვეს ცხვირები ბუჩქებიდან.
66.
ფათერაკ ღუნმა იარაღი მოიმარჯვა და ერთი ჯერი მიაყარა იმ ბუჩქებისკენ, სადაც მელიები შეიმალნენ.
_ რას შვრები, ფათერაკ ღუნ?
_ მელიებს ვხოცავ!
_ თუ გაქცევაში შველი?
_ სიბნელეში ვინ იცის, ვხოცავ თუ გაქცევაში ვშველი?
ფათერაკ ღუნმა ტელეფონი ამოიღო და ნომრის აკრეფას მოჰყვა.
_ სად რეკავ?
_ უნდა შევატყობინო, რომ სატყუარაზე მხოლოდ სამი მელია მოდის...
_ ნუ იჩქარებ...
_ არა, სჯობია, სანამ თვითონ დაიწყებენ რეკვას...
_ დაიწყონ...
67. და ამ დროს შიმას ბაკანმა დაინახა, როგორ გამოვიდა ტყიდან ვიღაც კაცი. ის არ იყო იდომალ სერი და არცა ნომალ განამა. გამხდარი იყო, შეიძლება წითურიც, ძალიან დაღლილი და ნათრევი იერი ჰქონდა და მათკენ მიდიოდა.
_ ჰეი, ვინა ხარ? _ იარაღი შემართა შიმას ბაკანმა.
კაცმა არ უპასუხა, მხოლოდ შედგა და უკან მიიხედა. ბუჩქნარს იქით, სიბნელეში, ვიღაცები მოძრაობდნენ. სხვა კაცები.
ფათერაკ ღუნმა შეშლილი სახით გადმოხედა შიმას ბაკანს.
შიმას ბაკანმა ფრთხილად დადო იარაღი მიწაზე და ნელა, ხელებაწეული გასწორდა წელში.
_ აჰა...
_ თქვა ასე, _ მგონი, მთელ ლონდონში იგივე ხდება...
ამ დროს ცაში მწვანე მაშხალა გამოჩნდა. მაღლა მიდიოდა მდუმარედ, მერე კი გზა მორკალა და ნელ-ნელა ჩაიწვა.
_ ლონდონის ცა, _ ხრინწი გაერია ხმაში შიმას ბაკანს.
_ ვინ ხარ? _ გასძახა კაცს ფათერაკ ღუნმა.
_ ფილ საიმონ ქროსბი, უძრავი ქონების სააგენტოს პატრონი, _ თქვა კაცმა მშვიდი ხმით და რაღაც გადმოუგდო.
ფათერაკ ღუნი დაიხარა და ისევე დარჩა: ეს იყო მელიების კანჭებზე შესაბმელი ნომერი, მისთვის კარგად ნაცნობი.
68.
ფათერაკ ღუნმა თავი ასწია, მძიმედ გასწორდა წელში და რაც კი რამ ჰქონდა გულ-მუცელში, ყველაფერი შეაგება ცაზე მოხშირებულ მაშხალებს:
_ გულააააააააააააააააააარ-თიი!!!
69. ტყეში მიაბიჯებდნენ.
ფათერაკ ღუნი წინ მიდიოდა, შიმას ბაკანი _ უკან, აქეთ-იქიდან ვიღაცები მიჰყვებოდნენ, წინ კი მისტერ ქროსბი მიაბიჯებდა.
ორ ხეს შორის, კოცონთან, კაცი იჯდა, რაღაც ქაღალდი გაეშალა და ჩასცქეროდა. მგონი ეს ქაღალდი ლონდონის ტურისტული რუკა უნდა ყოფილიყო, ძველებური, გვარიანად დაფლეთილი. ასე იფიქრა შიმას ბაკანმა, როცა ისინი ამ ჩაფიქრებული კაცის წინ შეაყენეს.
კაცმა მათ ახედ-დახედა, მერე ფარანი ამოიღო და საიდანღაც მოყვანილებს მიანათა, კარგად შეათვალიერა.
_ ინგლისურად ლაპარაკობთ?
შიმას ბაკანმა თავი დაუქნია.
_ ამას ვიცნობ, _ ფათერაკ ღუნს გახედა კაცმა, _ შენ ვინ ხარ?
_ შიმას ბაკანი, შეფერდს ბუშზე ვცხოვრობდი, ჰამერსმიტზე ვმუშაობდი, კორნერშოფი მქონდა, ყველაზე კარგი ქლიავის ჩირი ჩემთან იყიდებოდა. განსაკუთრებით მოხუც დეიდებს უყვარდათ, ხომ იცით, რა სასარგებლოა კუჭის მოქმედებისთვის...
ძალიან შორიდან ჩამომქონდა შინაური პროდუქტი. განსაკუთრებული რამ იყო. ახალგაზრდა ვიყავი, შემეძლო...
კაცს გაეცინა.
_ კი, ასე იყო, _ შიმას ბაკანი მეტად ტკბილად, თითქოს თავდავიწყებით ლაპარაკობდა, _ მშვენივრად ვცხოვრობდით... ქალიშვილი საბიბლიოთეკო ინფორმაციის კოლეჯში ჩასაბარებლად ემზადებოდა. იცით, რა არის კაცის ცხოვრება, სერ? კაცის ცხოვრება ადგილია. ადგილი, რომელსაც შეეხამე, აი, როგორც ცხოველები ეხამებიან გარემოს... საჭირო ფერს რომ მიიღებენ.
ეს თითქოს უფერულობას ნიშნავს, არა? შეეხამე და გამორჩეული აღარ ხარ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, სისულელეა. ამ შეხამებაში იმდენი სიტკბოებაა. ეს ნიშნავს, რომ შენს ადგილას ხარ. აბა, ისე რა გამოვა? არაფერი გამოვა... საერთოდ კიდევ, მე ბილი ვარ...
კაცი აღარც უყურებდა შიმას ბაკანს, კოცონს ჩასცქეროდა.
_ კარგი, _ თქვა ბოლოს, _ გასაგებია... სამწუხაროდ, ახლა ამის დრო არა გვაქვს...
70. ფათერაკ ღუნი ხვდებოდა, რომ ყველაფერი დამთავრდა და რაღაც უზარმაზარ ზღაპარში მონაწილეობს.
დღეთა და ღამეთა წიგნი ამბობდა: ის, ვისაც დიადის ნიშანი აქვს მკლავზე, არ კვდება. ის გარდაისახება დიადის მსახურად.
_ სიკვდილი არაფერია, სერ, _ თქვა უცებ შიმას ბაკანმა, თითქოს ფათერაკ ღუნის ფიქრები გაიგონაო, _ სიკვდილი არაფერია... ზოგჯერ სიცოცხლე უფრო ძნელია...
კაცმა ჩაიცინა.
_ მგონი, ამაში მეც ვერკვევი... ფილოსოფოსი ყოფილხარ, ბილ, _ მერე რუკა იქვე მიაგდო და წამოდგა, _ პიჩ, დენი დრავოტ... პიჩ, სად ჯანდაბაში ხარ...
_ აქა ვარ, კაპიტანო ბლერ...
_ წაიყვანეთ...
71. სიბნელეს ცალფეხა კაცი გამოეყო. რაღაც თვითნაკეთი ყავარჯნები ეჭირა და ძლივს მოჩლახუნობდა.
უკან უფრო ზორბა ვინმე მოსდევდა. ფათერაკ ღუნმა იცნო ცალფეხა და საბოლოოდ მიხვდა, რომ სამყარო საოცრებათა სკივრია.
_ კი, ასეა, _ თქვა კაპიტანმა ბლერმა, _ ასეა... ქროსბი... ჭიშკართან რა ხდება?
_ ყველაფერი ტკბილადაა, სერ... იქ სისუფთავეა, როგორც გასაყიდად გამზადებულ სახლში...
_ ტყვეები გვყავს?
_ ჰეი, გაიარე, _ ყავარჯენი წაჰკრა ზურგში ფათერაკ ღუნს პიჩმა, _ დენი, თოკები გაამზადე...
სწორედ პიჩი იყო ის ფეხნაკლული მელია.
შიმას ბაკანი მორჩილად წაჰყვა მათ.
_ ტყვეები გვყავს, _ მოესმა ფათერაკ ღუნს.
_ ყველას ერთად გავასამართლებთ... ეგენიც წამოიყვანონ. შიკრიკი არ მოსულა, ქროსბი?
_ უკვე ორმოცდაათამდე ტელეფონი გვაქვს, სერ...
შეგვიძლია ჩამოვირიგოთ. მიკი და სუზი ახლა ნომრებს ადგენენ. თუ შიკრიკი რამე ნომერს მოიტანს, მაშინ საერთოდ აღარაფერი გვიჭირს... ნიდა სენ კლერის ტელეფონის ნომერი ხომ გვაქვს? ჰოდა, ყველაფერი მოგვარებულია...
72. ფათერაკ ღუნი და შიმას ბაკანი ერთი დიდი ხის ძირას გააჩერეს.
_ არ გაინძრეთ, აქ იდექით, _ თქვა პიჩმა, _ თოკები, დენი.
დენი დრავოტმა ხეს შემოუარა და ტყვეებმა ახლაღა შეამჩნიეს, რომ ხის ტანს სქელი თოკები ერტყა. რას დაინახავდი იმ სიბნელეში. დრავოტმა ხვნეშით შეხსნა თოკი და ხის კენწეროს რაღაც მძიმე და საშინელი მოწყდა, შხუილით გამოქანდა დაბლა და მიწას დაენარცხა.
_ მეორეც...
_ მესმის, ხო...
ჯალათად მამუშავებთ, რა... _ წაიბურტყუნა ზორბამ და კვანძს მოქაჩა, _ აჰა...
ზღართანი გაისმა.
პიჩიმ ფარანი დაანათა.
_ კი, განაჩენი აღსრულებულია, ნამდვილად.
და ფათერაკ ღუნმა იცნო იდომალ სერი და ნომალ განამა.
ამ ხის ტოტზე ჩამოეხრჩოთ.
_ ჰა? _ თქვა პიჩმა, _ როზენკრანცი და გილდენსტერნი მკვდარნი არიან?..
შიმას ბაკანმა ამოიხვნეშა.
_ აბა, მითხარი, რატომ მირტყამდი დენს წარამარა? _ ყავარჯენი ცხვირთან დაუტრიალა პიჩმა ფათერაკ ღუნს, _ თქვენი მათხოვრული საჭმლის გემო ახლაც პირში მაქვს. ღმერთმა აცოცხლოს ნიდა სენ კლერი... ნამდვილად ნობელის მშვიდობის პრემიას მიიღებს, ოღონდაც ამისთვის თქვენი ჩამოხრჩობაა საჭირო...
73. დენიელ დრავოტი კი სულაც არ ჩქარობდა.
შიმას ბაკანს მიუახლოვდა და ხმადაბლა ჰკითხა:
_ სიგარეტი არა გაქვს?
შიმას ბაკანმა თავი გააქნია.
_ მეც ისე მენატრება სიგარეტი... სიგარეტი აკრძალულია...
_ დღეიდან აღარ...
დღეიდან აღარ... _ ჩაიხითხითა პიჩმა, _ მხოლოდ საზოგადოებრივ ადგილებში... მთავარია ვიშოვოთ... სად ვიშოვით?
_ ჰეი, პიჩ, _ მოისმა ქალის ხმა და ფათერაკ ღუნი შეკრთა, _ ჰეი, პიჩ... რას ჯახირობ მანდ?
_ ექსკურსიაზე ვართ...
_ კაპიტანი გეძახის, საჩქარო საქმეა...
_ ფუჰ... ყველაზე მეტს ის დადის, ვისაც ფეხები არა აქვს... ამათ მიხედე, დენი...
შენ კიდევ, ელენ სანდჰუ, გირჩევნია... რაზმი უნდა გავიდეს...
_ გაგიჟდი? _ სიბნელიდან გამოვიდა ელენ სანდჰუ, თმაჭაღარა ქალი, _ ტყვეებთან რას ლაპარაკობ...
_ ტყვეები არ გაგვთქვამენ, _ ჩაიცინა პიჩმა და სიბნელეში წაჩლახუნდა, _ ჩვენები არიან...
_ დასხედით, _ თქვა დენი დრავოტმა, _ დასხედით...
ფათერაკ ღუნი ჩაჯდა.
74. შიმას ბაკანი იდგა და გვამებს დასცქეროდა.
_ სამწუხაროდ, _ თქვა დენი დრავოტმა, _ სამწუხაროდ, იმის საშუალება არ არის, რომ ტყვეებს სამხედრო წესით მივხედოთ. შეიარაღებული ადამიანი მტერია და სამხედრო წესით ვასამართლებთ...
დაჯექი.
შიმას ბაკანი ჩაჯდა.
_ შენ ცუდი კაცი არა ხარ, _ უთხრა დენიმ ფათერაკ ღუნს, _ თანაც, ახალგაზრდა ხარ. უბრალოდ, საქმე გქონდა ცუდი, გვტანჯავდი... გვივლიდი, მაგრამ გვტანჯავდი. ჩვენ აღარაფერი გვაქვს... მე სამი შვილი მყავდა, ჩემი ცოლი კერძო სკოლაში იყო სულ პირველი ჯგუფების მასწავლებლად. სად არიან ახლა ისინი? სად არიან? არავინ იცის.
_ მე არავინ მომიკლავს, _ თქვა შიმას ბაკანმა, _ იმ ღამეს ავად შევიქენი.
_ მეც არ მომიკლავს არავინ, _ თავი გააქნია დენიმ, _ მაგრამ არა მგონია, ბევრი თქვენებური რაზმელი გადარჩეს ამაღამ.
მალე ლონდონის ყველა ქანსელს შეუტევენ.
საერთაშორისო ძალებიც მზად არიან. დილით პარლამენტს დავიბრუნებთ. ვინ იომებს თქვენი უფროსებისთვის? თქვენ ხომ არ იომებთ... თქვენისთანები რამდენია... აი, უკვე ბებერი კაცი ვარ და რა მაქვს? სად არის ჩემი სახლი, სადაც უკვე ჩემი შვილიშვილები უნდა მოდიოდნენ ხოლმე სტუმრად?
მერე ჩუმად იყვნენ.
75. _ გულარ-თი... _ თქვა უცებ ფათერაკ ღუნმა, ისე, რომ თავი არც აუწევია.
შიმას ბაკანმა ერთი გახედა მეგობარს და ამოიხვნეშა.
_ ჰეი, დენი, კაპიტანი ეძახის ტყვეებს, _ მოისმა სიბნელიდან, _ გამორეკე...
_ ადექით, წავედით...
_ თქვა დენიმ.
კაპიტანი ისევ ცეცხლთან იჯდა, კვლავ რუკას ჩასცქეროდა.
_ ესე იგი, შენ შეფერდს ბუშზე ცხოვრობდი...
_ ახლაც იქ ვცხოვრობ, სერ...
_ მე მქვია ბლერი. ჯეკ ბლერი... ისე მოხდა, რომ ოდესღაც მეც შეფერდს ბუშზე ვცხოვრობდი... ეს არაფერს ცვლის და დროც არ არის, მაგრამ თუ ჩვენ ორ კოლონად გავალთ, შენ გამოგვადგები.
შიმას ბაკანმა თავი გააქნია და თქვა:
_ სერ, მინდა, რომ ჩემმა მეგობარმა იცოცხლოს... მე ბევრი მინახავს ცხოვრებაში... სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ არ მაინტერესებს...
ჩემს მეგობარს ყველაფერი წინ აქვს.
კაპიტანმა ბლერმა ჩაიცინა.
_ შენს მეგობარს....
შიმას ბაკანმა ხელები გაშალა.
_ მოკლედ, _ თქვა კაპიტანმა, _ თუ თანახმა ხარ, გაჰყვები. თუ გზას დაუბნევ, იქვე მოგკლავენ. ისე მოხდა, რომ რავენსკორტ პარკში ცოტა ჩვენიანია, ამიტომ ჩვენ ერთი საქმე დაგვევალა. წაჰყვები?
შიმას ბაკანმა ფათერაკ ღუნს გადახედა.
_ არ წავყვები, სერ... _ თქვა მშვიდად, _ იმიტომ კი არა, რომ რაღაცის მოღალატედ გამოვჩნდე ან არ გამოვჩნდე... იმიტომ, რომ ჩემთვის აზრი არა აქვს... ჩემი ოჯახისა არაფერი ვიცი, არც სხვა ათასი რამისა, რისთვის წამოვიდე ანდა რისთვის უნდა ვიცოცხლო?
კაპიტანმა ბლერმა თავი გააქნია.
_ ყველა გიჟი და ფილოსოფოსი მე უნდა გადამეყაროს...
პიტერ ჯეფერს! პიტერ ჯეფერს! პიტი მოიყვანეთ... თან ამბობ, ბილი ვარო. მე რა ვიცი? აი, გენდობი და უარზე ხარ. რა ვიფიქრო?
76. ფათერაკ ღუნმა ცას ახედა.
რამდენჯერ აუხედავს ასე, ამ პარკში, აქაურ ბალახზე მწოლიარეს, მაგრამ ამ საათს _ არასდროს.
77. ეს ყველაფერი ძველ თოჯინების თეატრს ჰგავდა, ბავშვობისას რომ ენახა ამ ქალაქში, ამ ადგილიდან არცთუ ისე შორს, შიმას ბაკანს, ლტოლვილ ბავშვთა საქველმოქმედო საღამოზე.
იქაც თითქოს ასე იყო: თოჯინები სიბნელიდან გამოდიოდნენ განათებულ ადგილას. ვინ იყვნენ? ალან ე-დეილი, უილ გემუელი, სტატლი, ლითლჯონი, თვითონ რობინიც. ეს იყო ერთადერთი წარმოდგენა, რომელიც ცხოვრებაში ენახა შიმას ბაკანს.
78. _ პიტ... წაიყვანე ეს კაცი.
_ მე იქ მოვდივარ, _ თქვა პიტმა, _ ნამდვილად არ დავრჩები აქ სადარაჯოდ.
_ პიტ, წაიყვანე ეს კაცი. ეს არის ბრძანება.
წადით შენ და ეს კაცი და ილაპარაკეთ ნაირგვარ საკითხებზე... ვერ ვასწრებ იმის გარკვევას, სიმართლეს ამბობს თუ არა.
_ მე წამოვალ, _ თქვა უცებ შიმას ბაკანმა, _ დაგეხმარებით...
კაპიტანი წამით შეყოვნდა და თქვა:
_ კარგი.
_ ამას რა ვუყოთ, სერ? ჩვენს ჯალათს? _ იკითხა პიჩმა.
_ უმაგისოდ არსად წამოვალ... ჩემი შვილობილია, _ თქვა შიმას ბაკანმა.
79. კაპიტანმა თავი გააქნია და ამ დროს სინათლე აინთო...
ან სად იყო ამდენი სინათლე! სად იმალებოდა!
_ იყო, იყო... ადრე ასე იყო, _ შესძახა შიმას ბაკანმა, _ იცით, რას გეტყვით, კაპიტანო? ეს ამბავი აღარ მაინტერესებს...
კაპიტანი ბლერი კი, პირიქით, შეშფოთდა.
_ უკვე აიღეს? _ იკითხა დაფიქრებით.
_ რა ყველაფერი უჩვენოდ უნდა მოხდეს, _ ჩაიხითხითა პიტმა, _ რო ჰკითხო, ჰოლანდ პარკის რაზმეული გვქვია.
_ ტელეფონები მოიტანეთ, _ თქვა კაპიტანმა ბლერმა, _ ჩვენ უფრო დიდი მისია გვაქვს...
_ ჯინა, ჯინა! მგონი, პარლამენტი ავიღეთ, _ დაიძახა პიტმა, _ ჯინა! _ მერე კი შიმას ბაკანს მოუბრუნდა და თქვა, _ იცი, რა არის ყველაზე ცუდი, ამხანაგო? სულ მიწის გემო მაქვს პირში და მიწის სუნი მიდის...
80. დენი დრავოტმა ტომარა მოათრია.
_ ტელეფონები, სერ!
_ რომელიმეზე როგორ არ დაგვირეკეს, _ ტომარაში ხელი ჩაყო კაპიტანმა ბლერმა და ბრმად ამოიღო ტელეფონი, _ კარგი, წავედით.
რაზმები გაამწკრივეთ.
_ რაზმები გაამწკრივეთ! _ გაისმა მოშორებით.
_ რაზმები გაამწკრივეთ! რაზმები გაამწკრივეთ!
_ წამოიყვანეთ! ტყვეები წამოიყვანეთ!
კაპიტანმა ჯოხი აიღო და წამოდგა.
_ გაინძერით, _ თქვა დენიმ, _ გაინძერით... ჰეი...
81. შიმას ბაკანი აღარ გაჩერებულა, დაძრულებს აედევნა.
82. ფათერაკ ღუნი კი არც განძრეულა, იქვე დარჩა მიმქრალ კოცონთან, ხან ცას ახედავდა, ხანაც ნაღვერდლებს ჩააცქერდებოდა.
83. _ ჰეი, _ მოტრიალდა დენი, _ უნდა გესროლო?
_ ჰო, _ თქვა ფათერაკ ღუნმა.
შიმას ბაკანიც შედგა.
_ სერ, ეს ბიჭი მთხოვს, რომ ვესროლო...
_ რა ჯანდაბაა, _ თქვა კაპიტანმა.
_ ორდენების გარეშე ვრჩებით, _ მოაყოლა პიტმა.
_ რა გინდა? _ კაპიტანი ბლერი ფათერაკ ღუნს მიეჭრა, _ რა ჯანდაბა გინდა? მადლობა უნდა გითხრა, რომ საჭმელს მიყრიდი?
კაპიტანი იდგა და თვალებში უყურებდა ფათერაკ ღუნს.
ისიც უყურებდა.
_ არ წამოხვალ და ეგდე აქ... დააგდეთ...
_ იქნებ აქვე მივასაღოთ?_ იკითხა პიჩმა.
შიმას ბაკანი ფათერაკ ღუნს მიუახლოვდა და ძველებურად ჩაიკრა გულში.
_ ვიცი... ვიცი...
_ ეუბნებოდა ხმადაბლა.
მერე მოტრიალდა და კაპიტანს მიმართა:
_ თქვენ ძალიან უსინდისოდ მოიქეცით, სერ... თქვენ ყველაფერი იცით და ძალიან უსინდისოდ მოიქეცით. თქვენ ყველამ ყველაფერი იცით... თქვენ იცით, რაც ხდებოდა მთელი ეს კვირები. ალბათ, ცხოველი რომ იყავით, ცხოველურადვე გშურდათ... ჩვენ აქ იმისთვის მოვედით ღამით, რომ გადასარჩენი გადაგვერჩინა. მე არ ვამბობ, რომ სიყვარული უნდა გადაგვერჩინა, მაგრამ თქვენ რით იწყებთ? იცით, რატომ არსებობდა საიდუმლო ჯგუფი? იმიტომ, რომ სიყვარული არ იყო...
არავის არავინ უყვარდა. მე იქ სიყვარულისთვის ვიყავი და... მშვენივრად იცით, ვინც ვარ. არ ვიცი, როდის გაიგეთ... მაგრამ იცით. თუ თქვენ იმარჯვებთ, ჩვენც ვიმარჯვებთ. ლონდონი იმარჯვებს...
_ დავიღალე, _ თქვა კაპიტანმა ბლერმა.
_ არა, _ ხელი აიქნია შიმას ბაკანმა, _ თქვენიანებმაც უნდა იცოდნენ, რომ იქ, მაღლა, მეთევარის რაზმებშიც კი იყვნენ ადამიანები, ვინც ცდილობდა რაღაცას.
მე განგებ შემაწყვილეს ამ საოცარ ბიჭს, რომ მთავარ ღამეს სწორედ პარკში ვყოფილიყავი. პარკებში სულ ჩემისთანები დაგზავნეს... ასე იქნებოდა... ამას ახლა ვხვდები. ფენაჯირების პოლიციას კი... _ შიმას ბაკანს ხველა აუტყდა, ორად მოიკეცა და მიწაზე დაემხო, _ სად არის ის ქალი? სად არის ის ქალი? იმ ქალის გარეშე ჩვენ აქედან არ წავალთ...
84. პიტმა და დენი დრავოტმა შიმას ბაკანის წამოყენება სცადეს.
_ გამიშვით, _ მოიშორა შიმას ბაკანმა, _ შენ ეს იცოდი და ქალი აქედან განგებ გაისტუმრე...
კაპიტანი ბლერი! რისი კაპიტანი ხარ!
_ მისი უდიდებულესობის, _ თქვა ბლერმა მშვიდად და მტკიცედ, _ რომელიც გამთენიას ლონდონში იქნება... წავედით...
85. _ ქალი... _ თქვა შიმას ბაკანმა, ფათერაკ ღუნი კი თითქოს არც იყო იქ, იდგა და იყურებოდა ღამის სინათლეებში.
პიტმა ჩაიმუხლა.
_ მომისმინე, კარგო კაცო... ეს საოცარი ამბავია, მაგრამ ჯერ ომია... ქალი კი... როგორ გითხრა...
_ სად?
პიტს არ უპასუხია, წამოდგა და ძუნძულით აედევნა წასულებს.
86.
_ სად, რა ადგილას? _ დაადევნა ბალახზე დაჩოქილმა შიმას ბაკანმა, მერე მაღლა აიხედა და თქვა:
_ წვიმს, ფათერაკ ღუნ, კარგი ნიშანია...
_ ლონდონში ყოველთვის წვიმს, _ ყრუდ თქვა ფათერაკ ღუნმა.
_ არა, მანჩესტერში წვიმს ყოველთვის... _ არ დაეთანხმა შიმას ბაკანი და მძიმედ წამოდგა.
_ შენ ამათი ჯაშუში ხარ?_ თითქოს ჰაერის კედელს ჰკითხა ფათერაკ ღუნმა.
_ მე, რაც მიყვარდა, იმის ჯაშუში ვარ, _ თქვა შიმას ბაკანმა, _ ძმისშვილზე უტკბესო... ხომ ხედავ, ბევრმა არავინ იცის, რომ მე ვიღაცას ვეხმარებოდი. ამაღამ შეიძლება ისე მოგვხვდეს ტყვია, როგორც ტოტზე მთვლემარე ჩიტს.
87. დასავლეთის დიდ გზას კი მოუყვებოდა ოთხი უცნაური მანქანა. ძნელი სათქმელია, ვის შეენახა და გადაერჩინა ეს მანქანები ამ წლების განმავლობაში. მანქანების მინები სანახევროდ ჩამოეწიათ და იქიდან ავტომატების ლულები გადმოეყოთ.
_ სწორედ ისეა, როგორც, ალბათ, ორასი წლის წინ, _ თქვა მეორე მანქანაში უკანა სავარძელზე მჯდომმა ასე ოცდაცამეტი წლის კაცმა, _ ჩემს ბავშვობაში დასავლეთის დიდი გზა ლამის შუა ქალაქი იყო, ახლა კიდევ ქალაქში შესასვლელია...
რა უქნეს ამ ქალაქს... ესე იგი, ჰამერსმიტი ქალაქის კიდეა, არა?
_ ასე გამოვიდა, ლონდონი დაპატარავდა, _ თქვა მეორემ, ჭაღარამ და თვალსევდიანმა, _ არაფერია, ისევ გაიზრდება.
_ უკაცრიელი გარემოა, _ ჩაილაპარაკა ახალგაზრდამ, _ კვილპ, რა ჰქვია შეხვედრის ადგილს? სად უნდა ჩამოვხტეთ?
_ ჰამერსმიტ გროუვზე, _ მოტრიალდა წინ მჯდომი პატარა კაცი _ ჰამერსმიტ გროუვზე. იქ ყველაფერი მოწყობილია. ორიოდ საათით იქ გავჩერდებით, მერე კი გავწევთ...
_ ქალბატონი სენ კლერი სად არის? არ შეგვხმიანებია? _ იკითხა ახლა ჭაღარამ.
_ ჯერ არა, თქვენო უდიდებულესობავ, თუმცა საგანგაშო არაფერია. უცხოელების უბანში უკვე ამერიკული დესანტია და ყველა შემთხვევაში კარგად გამაგრებული ადგილია.
მერე ჩუმად იყვნენ.
_ სრულიად უკაცრიელია, _ თქვა ისევ უფრო ახალგაზრდამ.
88. _ აი, ჰამერსმიტის ხიდი, _ თქვა უცებ წინ მჯდომმა პატარა კაცმა, _ ჰამერსმიტის ხიდი, _ ჩაილაპარაკა უფრო ხმადაბლა, _ ხედავთ, თქვენო უდიდებულესობავ? აი, მანდ ავტობუსების სადგური იყო...
_ მართლა არ ვიცი ავტობუსების სადგური, _ გაეღიმა ჭაღარას.
89. _ ადგილზე ვართ, _ თქვა მძღოლმა, _ ეს ქუჩა უნდა იყოს.
_ არსად არ აწერია, _ აღელდა უცებ ჭაღარა.
_ ეს არის, თქვენო უდიდებულესობავ.
მანქანები გრძელ, მდუმარე ქუჩაზე მისრიალებდნენ.
_ მარცხნივ იყურე, პარდიუ, _ თქვა კვილპმა, _ სადღაც მანდ უნდა იყოს. ვიტრინებია.
წინა მანქანამ სვლა შეანელა.
90. _ ო-ჰო-ჰო... _ თქვა პარდიუმ, _ მგონი, მოვედით, თქვენო უდიდებულესობავ.
წინა მანქანა გაჩერდა და იქიდან ოთხი კაცი გადმოხტა.
ისინი შემინულ კართან მივიდნენ და დააკაკუნეს.
_ ახლავე ყველაფერი იქნება, _ თქვა კვილპმა.
91. კარი გაიღო. მაღალი კაცი მანქანიდან გადმოსულებს შეუძღვა და ზუსტად ათ წამში უკან გამობრუნდა.
_ ყველაფერი რიგზეა, სერ, _ თავი შეყო სარკმელში.
_ კარგი, გრიკ, _ თქვა კვილპმა, _ წამობრძანდით, თქვენო უდიდებულესობავ.
ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და უკანა მანქანებიდან გადმოსული ჯეელების ალყაში აღმოჩნდნენ.
_ თუ შეიძლება, სწრაფად, თქვენო უდიდებულესობავ.
_ ლონდონის ქვაფენილი, _ ჩაილაპარაკა ჭაღარამ, _ ჰა, უილ, როგორია?
უფრო ახალგაზრდამ ღრმად ამოისუნთქა და მცველებს მიჰყვა.
92. ზღურბლზე გამხდარი, პატარა ქალი შემოეგებათ.
რევერანსი უსწრაფესი იყო.
_ ბედნიერი ვარ, გემსახუროთ, თქვენო უდიდებულესობავ...
ჭაღარამ ღიმილით ჩამოართვა ქალს ხელი.
_ მერიენი გვიმასპინძლებს.
მერიენი, არა? _ თქვა კვილპმა, _ აქეთ, თქვენო უდიდებულესობავ.
_ ლედი მერიენი. ასე უფრო კარგად ჟღერს, _ თქვა ახალგაზრდამ.
ქალი წამოჭარხლდა და თავი დახარა. გული ისე უცემდა, რომ რცხვენოდა კიდეც, გარშემო მყოფთ ხომ არ ესმითო.
_ აქეთ, სერ, ქვემოთ საიმედო ოთახია...
_ დიახ, დიახ, _ გამოცოცხლდა მერიენი, _ დიახ, ადრე აქ კარგი რამ იყო, ბავშვებისთვის ფილმებს ვუჩვენებდით... მშობლები რომ ბეიბისითერს ვერ იშოვიდნენ, ბავშვებიანად შეეძლოთ ვახშამზე მოსვლა... ბავშვები კინოს უყურებდნენ, მშობლები კი ღვინოს სვამდნენ...
_ საინტერესო გამოგონებაა, _ თქვა ჭაღარამ.
_ მობრძანდით, მობრძანდით...
_ რა ერქვა ამ ადგილს? _ იკითხა ახალგაზრდამ.
_ `შეს კრისტოფი~, `შეს კრისტოფი~, ფრანგული ადგილი იყო, სერ... მაპატიეთ, თქვენო...
_ ჯერ არა... ჯერ არა...
ყველაფერი სწორია, მერიენ...
ისინი უკვე კიბეს მიუყვებოდნენ.
93. _ ყოჩაღ, დიასახლისო, _ ჩაიცინა გრიკმა, _ რა, რა და არავის არაფერი დავიწყებია. ეგებ რამე დაგვალევინო სოფლელ ბიჭებს... ძალიან დავიღალეთ, სერ...
_ სოფლელ ბიჭებს? გადამეტებულია, სერ... აქ თუ რამეს ვიპოვით... მხოლოდ რაღაც სულელური სასმელებია. ჩვენ ისეთი კოლექცია გვქონდა...
_ ათი წელიწადი ტყეებში გავატარეთ, ასე იყო...
იოლი არ არის სამეფო ოჯახის გვერდით ყოფნა... ამას ნამდვილს გეუბნებით, სერ. ბორდერებზე, შოტლანდიაში, სერ. მთები, წვიმა და სიცივე. ათ წელიწადს ვინახავდით თავს... თქვენ ქალაქის მელიები ხართ, კუდრაჭავ, ჩვენ _ სოფლის... ეს რა საშინელებაა?
გრიკმა ღეროდის ბოთლი მოიშორა ტუჩებიდან და დაიჯღანა.
_ საკვირველია პირდაპირ...
მერიენი კი რაღაც ყუთს მოათრევდა.
_ ნახეთ, რა მტვრიანია, ნახეთ...
მთელი ყუთი ვარდისფერი ღვინოა... გადარჩენილა. ეტყობა, პატრონს არ დაეთმო და ინახავდა...
_ რა ჰქვიან? ჰეი, ბიჭებო... ბოთლები ჩამოვირიგოთ... აქ ღვინო აღმოჩნდა. აი, ას ნიშავს კარგი დიასახლისი.
_ ახლა ღვინის დრო არ არის, გრიკ...
_ რას ამბობ, თითო ჭიქამ რა უნდა გვიქნას... ნუ მაწყენინებთ, სერ...
კაცი მელიად დავბერდი... რაო, რა ჰქვია ამ ღვინოს, კუდრაჭავ?
_ როზ დ ანჟუ... ანჟუური ვარდისფერი.
94. _ გრიკ... მანდ რას დამდგარხარ, კავშირს მიხედე, _ კიბეზე ამომავალი დენიელ კვილპის ხმა იყო, _ მანქანები მიმალე მოხერხებულ ადგილას. ვერ ხედავ, რომ თენდება?
_ ჩვენ უკნიდან შეგვიძლია, სერ, _ თქვა მერიენმა, _ მე გიჩვენებთ, ორი მანქანა ნამდვილად დაეტევა. საწყობების MMMMმხრიდან...
_ ეს ქალი ნამდვილად ღმერთმა დამახვედრა აქ, _ თქვა გრიკმა, _ ახლავე, სერ.
95.
და მართლაც თენდებოდა.
რაღაცნაირად, ნელ-ნელა, ცვრიანად. წვიმდა და არც წვიმდა, წვეთები თითქოს ჰაერშივე ქრებოდა. გრიკს წვეთები ადნებოდა აფუებულ თეთრ თმასა და მელოტ კეფაზე.
ნელა თენდებოდა და სროლის ხმა არ ისმოდა.
_ სიჩუმეა, არა?.. _ თქვა მერიენმა.
_ დიახ, სერ... მემ...
სიჩუმეა...
_ ყველაფერი დამთავრდა?
_ არ მგონია... მგონია, რომ აქა-იქ ვიღაცები უნდა წავახრჩოთ და ესაა...
გრიკმა ამოიოხრა. მერიენმა თავი ჩაღუნა.
_ რა საშინელება იყო... _ თქვა მერიენმა.
_ აღარავინ გყავს? _ ჰკითხა გრიკმა და ნოტიო თავზე გადაუსვა ხელი, _ ისევ პატარა კუდრაჭა ხარ...
_ მყავს, _ თქვა უცებ მერიენმა, _ ოღონდ არ ვიცი, სერ... არ ვიცი... ჩემთვის ბედნიერებისა და უბედურების დღე ერთდროულად დადგა.
გრიკმა შეხედა.
_ რა ტრიალებს შენს თავს, გოგონავ?
მერიენმა თავი გააქნია.
96.
_ არაფერი, სერ, არაფერი...
ჰოლანდ პარკის დამცველი რაზმეული კაპიტან ბლერის მეთაურობით მშვიდობიანად მივიდა დანიშნულების ადგილას, ჰამერსმიტ გროუვზე. საკვირველი ის იყო, რომ გზად ადამიანის ჭაჭანება არ იყო. ერთი სულიერიც კი არ შეხვედრიათ.
როდესაც ათმა მანქანამ `შეს კრისტოფის~ წინ დაამუხრუჭა, მოსულებს გრიკი გამოეგებათ.
_ გრიკ, _ გადაეხვია კაპიტანი ბლერი.
_ სერ! სერ! არა ბერდებით... ჯეკ ბლერ... შე ძველო. ბიფიტერი მოგესალმება... ბიფიტერი მიესალმება მეფის გვარდიელებს.
_ გვარდია მიესალმება მეფის ბიფიტერებს! _ შესძახა პიჩმა.
_ თქვენ ცხენით უკეთ ივლიდით, _ შენიშნა გრიკმა პიჩს, _ არა უშავს, ჩვენ ხელი მიგვიწვდება საუკეთესო პროთეზებზე, სერ.
შეგეძლებათ, მუხლიდან ტყვიაც კი ისროლოთ...
_ ბოსი აქ არის? _ იკითხა კაპიტანმა ბლერმა.
_ გახლავს, მის უდიდებულესობასთან არის... ეს ვინ დაგვახვედრე, ბლერ, ძველო... უკვე ბარონესა შეიქნა, უკვე ტიტული აქვს...
_ მერიენი?
_ დიახ, სერ... _ ამოიხვნეშა გრიკმა, _ მერიენი... დიდ გასაჭირშია და როგორი ღირსებით...
კაპიტანმა ბლერმა ტუჩები მოკუმა, მერე კი თქვა:
_ კარგი... პოზიციები გვიჩვენე...
_ ჰო, რა თქმა უნდა, სერ... სრულ ათ საათზე ვესტმინსტერთან უნდა ვიყოთ და უფლისწულიც მეფედ ეკურთხება...
_ ასე სწრაფად...
_ ჰო, ასეთია მისი უდიდებულესობის გადაწყვეტილება...
ნადა სენ კლერის ზარს ველით... უცხოელების უბნიდან ველით ზარს... იცით, რა არის, სერ? წინააღმდეგობა არ ყოფილა... როგორღაც თავისით მოხდა ყველაფერი... ძალიან იღბლიანად და უხიფათოდ ვიმგზავრეთ...
_ მსხვერპლი არის, _ თქვა კაპიტანმა ბლერმა, _ ჩვენთან არის, ყოველ შემთხვევაში... სხვაგანაც იქნება... ეს ჩაბნელებული ფანჯრები რაღას ნიშნავს, ვერ გავიგე...
კარგი, გრიკ, საქმეს მივხედოთ.
97. შიმას ბაკანი წინ მიდიოდა, ფათერაკ ღუნი უხალისოდ მიჰყვებოდა უკან.
ჰოლანდ პარკის ალაყაფს რომ უწიეს, შიმას ბაკანმა თვალი მოავლო უკაცრიელ ადგილს და თქვა:
_ ალბათ, ყველანი დახოცეს... ბანადია ლავარის ძმაც... აგე, ჩემი მანქანა. როგორ დავქოქოთ? ყველაფერი გამომართვეს... მანქანა კი დაუტოვებიათ.. ტელეფონი მაინც გვქონდეს...
მომისმინე, ფათერაკ ღუნ... გონს მოდი და გამოფხიზლდი... ახლა უკან დახევა აღარ ეგების, რაღაცა უნდა ვქნათ...
_ რა?
_ რამე... ჩვენები მოვიკითხოთ, ოჯახები დავიაროთ... როგორმე დავქოქავ ამ მანქანას... გაინძერი... მათ ყველაფერი იციან...
როგორა გგონია, რატომ არ გესროლეს? ის კაპიტანი ჯალათს გეძახდა, მაგრამ თითიც არ დაგაკარა. უამრავი ჩვენიანი გადარჩება და ადამიანურად იცხოვრებს...
ამ სიტყვებზე შიმას ბაკანი თავის `რეინჯ როვერისკენ~ წავიდა და კარს დაეჯაჯგურა.
_ ჰეი, ღიაა, ფათერაკ ღუნ! _ შესძახა სიხარულით, _ ფეხი გამოადგი...
ფათერაკ ღუნი მანქანისკენ წავიდა და სწორედ ამ დროს დაინახა, რომ ბუჩქებს იქიდან ვიღაცები ამოხტნენ: კაცი და ქალი იყვნენ. კაცი უკვე ენახა პარკში, ქალი კი _ არა.
_ სეერ?
შიმას ბაკანი შეხტა ამ ხმის გამგონე.
98. _ გვაპატიეთ ეს მელიური ჩვეულება და მიპარვით მოსვლა... _ თქვა კაცმა, _ მე პიტერ ჯეფერსი ვარ. სინამდვილეში სულ სხვა სახელი მქვია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის... ეს ჩემი ცოლია, ჯინა...
რეგისტრირებულები არ ვართ... ორშაბათსვე მივალთ ქანსელში, თუ რიგები არ იქნება.
99. ფათერაკ ღუნი უაზროდ უყურებდა ამ ოდნავ ჩერჩეტ კაცს და ქალს, რომელიც მონატრებულივით იკვნეტდა ფრჩხილს.
_ თქვენ... ისა... _ წამოიწყო შიმას ბაკანმა.
_ ისა, კი, ისა... მოკლედ, ჩვენ ამ მანქანის გასაღები გვაქვს... _ თქვა უცებ ქალმა და ფრჩხილი გადმოაფურთხა, _ და ვიცით, სადაც უნდა მიგიყვანოთ...
_ თუ, რა თქმა უნდა, ჩაგვსვამთ ამ მანქანაში, _ თქვა პიტერ ჯეფერსმა.
შიმას ბაკანმა ფათერაკ ღუნს გადახედა და შესძახა:
_ არსებობს...
არსებობს! ყველაფერი არსებობს...
_ კაპიტან ბლერთან ლაპარაკის უნარი ჩემი დიდი ნიჭია, _ თქვა პიტერ ჯეფერსმა.
ქალმა მანქანის გასაღები გადაუგდო. შიმას ბაკანმა მოხდენილად დაიჭირა და შესძახა:
_ წავედით, ფათერაკ ღუნ, უბედურება და ბედნიერება მეზობლები არიან, ტკბილი მეზობლები... ზოგჯერ ისე გაერევიან ხოლმე ერთმანეთში, რომ... მგონი, ძველ დროში ადამიანები ამიტომაც იკლავდნენ თავს...
100. პიტერ ჯეფერსმა მანქანის კარი გამოაღო და დაიძახა:
_ მერილინ!
ბუჩქებიდან მელია გამოხტა და მანქანაში შევარდა.
_ ნამდვილი მელიაა... ხომ არსებობენ ნამდვილი მელიებიც... მაპატიეთ, ჩემი ძველი მეგობარია, _ ცოლი შესვა მანქანაში პიტერ ჯეფერსმა, _ მოხუცდა...
არ იფიქროთ, რომ ჩემს ცოლს საეჭვიანო ჰქონდა, ჩვენსავით მამაკაცია, ოღონდ ეს არის, რომ მერილინ მონრო ჰქვია. რას გაუგებ მელიებს? ჩვენი გაგება ძნელია...
_ ოჰ... ოჰ... საეჭვიანო... ეს ველური კაცია, _ თქვა ჯინამ, _ დაიმახსოვრეთ... ზუსტად საამისო ცხოვრება იყო...
_ წავედით, ფათერაკ ღუნ, _ ბღუილით მოატრიალა მანქანა შიმას ბაკანმა.
_ წავედით, _ ფათერაკ ღუნის ეს მეტად უხალისო ნათქვამი ამ ბღუილში ჩაიკარგა.
101. _ ერთი ეს მითხარით, _ თქვა უცებ ჯინამ, _ ჰამერსმიტზე გქონიათ მაღაზია...
_ კი, _ უთხრა შიმას ბაკანმა, _ მქონდა...
_ ვინგეიტ როუდი თუ გახსოვთ?
_ რა დახსომება უნდა, მემ, _ თავი დაიქნია შიმას ბაკანმა.
_ მე იქ ვცხოვრობდი, შორიახლოს...
_ ისევ იქ იცხოვრებთ, მე ასე მგონია...
იქ ხალხი თითქმის არ ცხოვრობს...
_ არა, მაგას არ გეკითხებით... იქ პაბი იყო, ანგლეზე არმზი... გახსოვთ ასეთი?
_ ანგლეზე არმზი...
_ ზედ ვინგეიტ როუდზე... იქ ოთხჯერ ვნახე ჰიუ გრანტი... სად იქნება ახლა ჰიუ გრანტი?
_ ვერ გეტყვით, მემ.
_ არა, მაგას არ გეკითხებით, ის პაბი თუ არის? მე იმდენი სიმამაცე არ მქონია, რომ პარკიდან გავპარულიყავი... ის პაბი თუ არის იქ?
_ რა სულელი ხარ, ჯინა, _ თქვა პიტერ ჯეფერსმა, _ ნუთუ მომენტის სიდიადეს ვერ გრძნობ? ეგრეც ვერ გასწავლე, რას ნიშნავს წამის უზენაესობა... ა, ნუ მირტყამ...
კბილი ნუ შემაჩვიე...
ფათერაკ ღუნს გაეღიმა.
_ ღმერთო, ამ ქალს ჩემი მარტოობა უნდა გაელამაზებინა, მან კი... ა, ნუ მირტყამ ჯინა... ალბათ, ხედავთ, რომ ცხოვრება აუტანელია... არა? თქვენ რა გქვიათ?
_ შიმას ბაკანი... შიმას ბაკანი...
_ შიმას ბაკანი? ასეც ვიცოდი...
102. _ თქვენ... ბოდიში და...
ცხოვრებაში ერთადერთ... თმა რა უყავით, შიმას ბაკან?
შიმას ბაკანმა დაამუხრუჭა და მოიხედა.
_ ვერ მცნობთ?_ ჰკითხა პიტერ ჯეფერსმა, _ თქვენ თმა გქონდათ... თვალებში კი ნაპერწკალი... შეფერდს ბუშ გრინი... ერთად ვრეკავდით ხოლმე...
_ მართალია, _ თავი ჩაქინდრა შიმას ბაკანმა, _ წავიდა ის დრო... როცა... მე...
პიტერ ჯეფერსმა მხარზე ხელი დაჰკრა შიმას ბაკანს.
_ ჩემს ქვეყანაში ასე იტყვიან: რა პატარაა ეს თბილისი...
ლონდონიც პატარა ყოფილა.
_ დაპატარავდა, _ თქვა შიმას ბაკანმა, _ ძალიან დაპატარავდა... ნეტავ სად არიან ახლა ჩემი ცოლი და შვილები?
_ აქ თუ ვიდგებით, ვერავის ვნახავთ, _ თქვა ჯინამ, _ პიტი ლამის გადაემტერა იმ იდიოტ ბლერს თქვენ გამო... რომ ჰკითხო, მეგობარია... ჰო, ჰო, იდიოტია... არ შემეწინააღმდეგო...
103. _ მომისმინეთ, შიმას ბაკან... ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა.
ამ ბიჭზე სულაც არ ვბრაზობ. სხვა ზედამხედველები ბევრად უარესნი იყვნენ... უბრალოდ, მე მივხვდი, რომ მას... მოკლედ, არავინ მიჯერებდა, მაგრამ ასე კი გამოვიდა. თან ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ... მოკლედ, ეს გრძელი ამბავია. ახლა ყველაფერი ვიცით.
ნიდა სენ კლერმა მომარაგების სამსახურის ტიპები დაქრთამა. თქვენი საჭმელი სულ ჩვენზე მუშაობდა. ეს თანდათან... ზაფხულიდან ასეა. დოზა იზრდებოდა და იზრდებოდა... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენ ვიცით, სად არის ახლა მერიენი...
_ მერიენი?
_ მერიენი... კი, მერიენი ჰქვია...
ამიტომაც დავრჩი, რომ იქ წაგიყვანოთ... მგონი, ამას ისედაც მიხვდით.
_ და იმ იდიოტს ჩხუბი მოუვიდა... ღმერთო, რა ბედნიერებაა, რომ ამ კაცს საერთოდ აღარ ვნახავ ცხოვრებაში... _ თქვა ჯინამ, _ ყველაფერზე იბოღმება...
_ ფრთხილად! _ დაიყვირა უცებ ფათერაკ ღუნმა.
104. შუა გზაზე კაცი ეგდო.
შიმას ბაკანმა ნელი სვლით აუქცია გვერდი გვამს.
გვამი იყო, ნამდვილად.
_ გააჩერე, _ თქვა უცებ ფათერაკ ღუნმა, _ გააჩერე...
შიმას ბაკანმა დაამუხრუჭა.
ფათერაკ ღუნი მანქანიდან გადავიდა და გვამისკენ წავიდა.
კაცი შუა გლენჰორნ როუდზე ეგდო გულაღმა.
პიტერ ჯეფერსი მანქანიდან გადმოვიდა, ფათერაკ ღუნს მიჰყვა.
_ ცას უყურებდა და მოკვდა, _ თქვა ხმადაბლა, _ ცას უყურებდა და მოკვდა...
ფათერაკ ღუნი გვამთან ჩამუხლულიყო და დასცქეროდა.
_ თავისით მოკვდა... _ თქვა ჩუმად, _ ალბათ, თავისით... ნატყვიარი არა აქვს.
_ იცნობდი? _ ჰკითხა პიტერ ჯეფერსმა.
_ თითქოს... მომღერალია, ფენად დანია... ჩიტივით მღეროდა. როგორც ჩიტები მღერიან ხოლმე გაზაფხულზე ჰოლანდ პარკში.
პიტერ ჯეფერსმა ამოიხვნეშა.
_ გზის პირზე გადავასვენოთ, _ თქვა მერე.
ფათერაკ ღუნმა მხრები აიჩეჩა.
_ თუმცა არა... იქიდან ცას ვეღარ დაინახავს, _ პიტერ ჯეფერსი გატრიალდა და მანქანისკენ წავიდა.
თენდებოდა, ყველაფერი ნოტიო იყო, ჩამიჩუმი არ ისმოდა. სადმე მაინც ესროლათ. თუმცა სასროლიც აღარაფერი იყო.
105. იქნებოდა დილის შვიდი საათი, როდესაც შიმას ბაკანმა თავისი ძველი `რეინჯ როვერი~ გააჩერა ჰამერსმიტ გროუვზე, `ადარის სითხეების~ წინ.
_ ეს ადგილი მეც ბრწყინვალედ ვიცი, _ თქვა შიმას ბაკანმა, _ აქ ადრეც ვყოფილვარ. ეს ჩვენი ადგილია, აქ ვიკრიბებოდით...
ფათერაკ ღუნი თავჩაღუნული იჯდა.
შესასვლელ კარს მანქანების ალყა ერტყა. ეს იყო ფენბაჯირთა მილიციის საბრძოლო მანქანები, თუმცა ამ ჯერზე პატრონები სხვანი ჩანდნენ.
_ ტელეფონები მაინც მუშაობდეს, _ ჯიბეებიდან ერთბაშად ორი ტელეფონი ამოიღო პიტერ ჯეფერსმა, _ თან დამჯდარია და თან ვის დავურეკო, არ ვიცი... გადავალ, ვნახოთ ერთი, რა ხდება.
პიტერ ჯეფერსი მანქანიდან გადავიდა თუ არა, რესტორნის კარს მიყენებული მანქანიდან დენი დრავოტი გადმოხტა.
_ აჰ, შენა ხარ, პიტ?..
ვდარაჯობთ... მინდა გითხრა, უფლისწულიც აქ არის.
_ იხარე... ოღონდაც მე ამას სიდიადედ ვერ აღვიქვამ, სხვა ქვეყნიდან ვარ... ვერ შევალ?
_ მაპატიე, პიტ... ვერა... კაპიტან ბლერს გამოვიხმობ, თუ გინდა..
_ არა, არა, დენი...
არა... იცი, რა ქენი? მერიენი გამოიხმე.
_ კარგი, ვნახავ, რა შეიძლება გავაკეთო შენთვის, პიტ...
შემინული კარი გაიღო და იქიდან გრიკი გამოვიდა.
_ სერ, მელექსევ? რა ამბავია? _ ხელგაშლილი გაქანდა პიტისკენ.
_ ჰეი, ქირონის კაცო... შენა?
_ მაშ, მაშ...
_ ახლა ვინა ხარ?
_ ბიფიტერი ვარ, დროებით, სერ... უფლისწულს... ახ, მხოლოდ ორშაბათამდე...
დიდი ხვევნა იყო, დიდი და დაუვიწყარი.
_ ერთი საქმეა, გრიკ... ერთი საქმე... თქვენ მანდ ერთი კოხტა ადამიანი დაგიხვდებოდათ...
მხოლოდ ერთი წუთით რომ გამოიხმო...
_ ბარონესა? ბარონესა?
_ ბარონესა? უკვე?
გრიკმა თვალები გადაატრიალა.
_ მგონი, ყველანი ლორდები ვხდებით, ჰა, პიტ..
_ ნევა ევა... _ გაიცინა პიტმა, _ ბარონესას შეუძლია, სულ ათი წამით დატოვოს სამეფო კარი?
_ რაზე მელაპარაკებით, სერ? ყველაფერი ვიცი... _ მხარზე ხელი დაჰკრა გრიკმა
_ მზვერავები... _ ჩაიცინა პიტმა და ერთხანს ასე იდგნენ, ხარბად უყურებდნენ ერთმანეთს.
მერე გრიკმა ხელი მოაშორა პიტის მხარს, მიტრიალდა და კარი გამოაღო:
_ ლედი მერიენ...
თქვა თავისი ხრინწიანი, მაღალი ხმით.
106. მერიენი თითქოს ფეხის წვერებზე იდგა.
დაღლილი, ჩამუქებული თვალის უპეებით, გაწეწილი თმით, ფერდაკარგული.
გრძელი სვიტრი მუხლებამდე სწვდებოდა. ხელები ჩამოეშვა და თითქოს არ იცოდა, სად წაეღო.
107. _ ჰეი, მელიების ზედამხედველო... აი, შენი გოგო! აი, შენი გოგოოო!!! _ დაიღრიალა პიტერ ჯეფერსმა.
_ ჩუმად, რა ჯანდაბა მოგივიდათ, სერ... _ ხელი აიქნია გრიკმა.
ფათერაკ ღუნმა როგორღაც გააღო მანქანის კარი, გადმოვიდა და ვეღარ გაინძრა.
ასე იდგა.
_ ლედი მერიენ... _ თქვა პიტმა, _ ღმერთო, როგორ მეჯავრება ეს ცერემონიები.
_ გულარ-თი... _ თქვა ფათერაკ ღუნმა.
_ პოლიტკორექტული დილა ჩანს, სერ, _ წაიბურტყუნა გრიკმა.
108.
მერიენმა ფრთხილად, ფიფქივით გადმოაბიჯა ზღურბლს.
ფათერაკ ღუნი კი ისევ გახევებული იდგა.
_ ველქამ თუ ლანდან, _ თქვა გრიკმა.
ისინი უკვე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და შიმას ბაკანი თავით დამხობილიყო საჭეზე, ტიროდა, ვითარცა ძველი მიჯნური.
109. _ მე... მე ასეთი... მიწის სუნი მიდის... ბოდიში... _ მერიენს ფათერაკ ღუნის მკერდზე ედო თავი.
ფათერაკ ღუნმა არ იცოდა, სად წაეღო გული. თითქოს ხელს უშლიდა, მძიმე იყო.
_ ეხ, ამის დედაც...
მაპატიეთ, სერ... _ თქვა უცებ გრიკმა და კარი ფართოდ გამოაღო, _ შემოდით აქ... შემოდით... ჩვენც გვერგება რაღაც...
_ მზვერავებს გული გაქვთ? _ ჩაიცინა პიტმა.
110.
_ თქვენო უდიდებულესობავ... თქვენო უდიდებულესობავ... _ ამსიგრძე გრიკი ცალ მუხლზე წაჩოქილი ასცქეროდა ჭაღარა კაცს, _ ეს ნამდვილი ზღაპარი იქნება.
ასე დაიწყება... გთხოვთ, ჯვარი დასწეროთ...
ჭაღარა კაცმა ოდნავ დაბნეულმა დააქნია თავი და თქვა:
_ ასე იყოს, გრიკ... სად არიან?
_ ზემოთ, დარბაზში... თქვენ ხომ ჩვენი ეკლესიის მეთაური ხართ, თქვენო უდიდებულესობავ...
_ მხოლოდ ათ საათამდე, _ ჩაიღიმა ჭაღარამ, _ მერე ყველაფერს უილი გაუძღვება.
_ თანაც ძალიან პოლიტკორექტული იქნება...
_ გეყოფა, გრიკ, _ თქვა დენიელ კვილპმა.
_ ასე იყოს, გრიკ...
111. მერიენი კი დაჩოქილი და თავდახრილი ელოდა მეფეს. ფათერაკ ღუნიც დაჩოქილი და თავდახრილი ელოდა მეფეს, ჩაებღუჯა მერიენის გამხდარი და ცივი ხელი და ჰაერის კედელს უყურებდა.
_ ასეთია ცხოვრება, საყვარელო ძმისშვილო, _ თითქოს ახლა აქ იყო და ამბობდა დოლაკ ნათარა, _ დღეთა და ღამეთა წიგნში ყველაფერი წერია, ოღონდაც ცხოვრება დღეთა და ღამეთა წიგნში არ ეტევა... კი არავის უთხრა, რაც ახლა გითხარი...
შენთვის იცოდე...
_ საღოლ, გრიკ, _ თქვა პიტერ ჯეფერსმა.
_ ჰა?
_ არაფერი... ეგრე ამბობენ ხოლმე ერთგან, აქედან შორს...
_ მეფე მობრძანდება, მეფე მობრძანდება... _ მოისმა დაბლიდან.
ამ დროს მუსიკის ხმა გაისმა.
_ ჰაიტ, ტელეფონი რეკავს, _ ჯიბეში ხელი იტაცა პიტერ ჯეფერსმა.
ფათერაკ ღუნმა იცნო: `სუთულამანი~ იყო..