*** "ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად"
ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად
დასეირნობდა ჩვენს სასახელოდ,
ხელში ცისფერი წიგნი ეჭირა
და აწეული ჰქონდა საყელო.
ერთი შეხედვით უზომოდ მკაცრი,
ახლოს არავის არ იკარებდა
და იდგა, როგორც სხვა დროის კაცი,
ფოთლებდაცვენილ ბაღის კარებთან.
ნეტავ იმ ასულს, ასულს საროტანს,
ვისაც ის თავის გულს გაუღებდა…
არვინ იცოდა რა უხაროდა
ან ასე ძლიერ რა აწუხებდა.
ბინდი რამ დაჰყვა სიჭაბუკიდან
მისი თვალების გაცისკროვნებას…
უმზერდა ხალხი და ხალხს უკვირდა
ამ სულ უბრალო კაცის ცხოვრება…
ერთ დღეს ის გაქრა და გულის შიგნით
ჩაგვიდგა რაღაც ნაღველის მსგავსი…
ნეტავ, ჭაბუკი ცისფერი წიგნით
კვლავ თუ გაივლის ამ ხეივანში?!
1942 წ.