მისიმა იუკიო
გაზიარება

ზღვა და დაისი ექსკლიუზივი

ეს ბუნეის ეპოქის მეცხრე წელს, გვიან ზაფხულში მოხდა, ხოლო დასავლური წელთაღრიცსვით - 1272 წელს, რასაც მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს.
განთქმული კამაკურული ტაძრის ტეძიოძის თავზე აღმართული სიოძეს ბორცვის ფერდობზე ორნი მიაბიჯებდნენ - მოცუხი ბერი და ბიჭუნა. 
იმ დღეებში, როდესაც დაისი განსაკუთრებულად ლამაზი უნდა ყოფილიყო, მოხუცი, რომელიც საკურთხეველში სავალდებულო მსახურებას ასრულებდა, შენობისა და ტაძრის ტერიტორიას უფრო სწრაფად ალაგებდა, ადრევე რომ ასულიყო გორაკზე.
მისი თანამგზავრი ყრუ-მუნჯი იყო; სოფლის ბიჭუნები მას არ ეთამაშებოდნენ და ბერს ის ეცოდებოდა, სულ თან დაჰყავდა და დაისის სანახავადაც ერთად დადიოდნენ.
მოხუცს ანრი ერქვა. ტანდაბალი და არც ისე თვალადი იყო, მაგრამ სახით აშკარად გამოირჩეოდა სხვა ბერებს შორის- განსაკუთრებით კი ღრმად ჩასმული ღია ცისფერი თვალებითა და მსხვილი ცხვირით. ბიჭები ზურგს უკან ტენგუს ეძახდნენ.
იაპონურად ბერი თავისუფლად ლაპარაკობდა, აქცენტის გარეშე. ანრი ამ ადგილებში ოც წელზე მეტი ხნის წინ გამოჩნდა; დიდებული დაიგაკუს ამალაში იყო, ძენის სექტის მქადაგებლის, რომელმაც დაარსა სწორედ ტეძიოძის ტაძარი.
საღამოს მზის ალმაცერი სხივები ტაძრის კარიბჭის მხოლოდ წვერს ანათებდა; მთავარი საკურთხეველი უკვე სიბნელეს მოეცვა, ბაღშიც ყოველ წუთს სულ უფრო ბნელოდა.
სამაგიოეროდ, გორაკის დასავლეთ ფერდობს, რომელზეც ანრი და ბიჭუნა მიბობღავდნენ, მზე ანათებდა. ბუჩქებში გამაყრუებლად ჭრიალებდნენ ჭრიჭინობლები. ბილიკი ბალახით იყო გაძეძგილი, რომელშიც აქა-იქ კაშკაშა წითელი ლიკორისები ბრჭყვიალდებოდა - შემოდგომის პირველი მახარობლები.
აი, მოხუცი და მისი თანამგზავრი, როგორც იქნა, წვერზე ავიდნენ. სახიდან ოფლი არ მოუწმენდიათ - საამურმა ნიავმა სწრაფად შეუშროთ გახურებული კანი.
ქვემოთ მთელი საკურთხეველი და მონასტრის ნაგებობები ჩანდა: დასავლეთის მეორედ მოსვლის ტაძარი, ერთიანი აღთქმის ტაძარი, ამაღლებული მადლის ტაძარი, დრაკონის წვერის ტაძარი. მთავარ კარიბჭესთან ღვიის მწვანე ბუჩქი შრიალებდა - მასწავლებლის სამშობლოს სახსოვარი, რომელმაც ეს მცენარე ჩინეთიდან ჩამოიტანა და თვითონვე ჩარგო მიწაში.
დაბლა, ფერდობზე განმარტოებული სამლოცველოს სახურავი მისცემოდა ბინდს, მის გვერდით სამრეკლო მაღლდებოდა. გამოქვაბულში შესასვლელიც ჩანდა, სადაც ჩვეულებისამებრ თავად მასწავლებელი მიეცემოდა ხოლმე მედიტაციას. გარშემო ალუბლის ხეები შექუჩებულიყვნენ, ყვავილობის დროს მონასტრის ამ ნაწილს ნამდვილ თეთრ ზღვად რომ აქცევდნენ. ხეების გვირგვინებს იქით წყალი ბუნდოვნად ელვარებდა - იქ დაიგაკუს ტბა იყო.
მაგრამ მოხუცი ანრი მონასტრის მხარეს კი არ იყურებოდა, არამედ ზღვის აელვარებულ ზედაპირს შეჰყურებდა, ჰორიზონტის თანაბარ ხაზს. რომელიც კამაკურის მთებსა და ველებს კვეთდა.
ზაფხულის საღამოებში აქედან, სიოძეს მწვერვალიდან, შესანიშნავად ჩანდა დაისი და შეიძლებოდა თვალი გედევნებინა, როგორ იძირებოდა მზე ოკეანეში, ინამურის კონცხის ნაპირთან.
იქ, ჰორიზონტზე, სადაც მუქი ლურჯი წყალი ცას ერთვოდა, ლეგა ღრუბლები იჯარჯებოდნენ, ისინი ადგილიდან არ იძვროდნენ, მაგრამ თვალისთვის მიუწვდომელი, უჩინარი საშუალებით თანდათან იცვლიდნენ ფორმასა და მოხაზულობას, როგორც მთვარისფერა, ნელ-ნელა რომ ხსნის თავის ფურცლებს.
ზემოთ იყო ცა - გახუნებული, მიბნედილი-ცისფერი ღრუბლებს ჯერ ვერ მოესწროთ დაისისფრად შეფერვა, მაგრამ უკვე ავსებულიყვნენ შინაგანი შუქით და კიდეებზე ოდნავ შევარდისფრებულიყვნენ.
ზეცაში ომი მიმდინარეობდა ზაფხულსა და შემოდგომას შორის: ცის კიდობანზე მდორედ მიედინებოდნენ ღრუბლების გუნდები, რომლებიც კამაკუას თავზე ფაფუკ გვირგვინს ქმნიდნენ.
-თითქოს ცხვრის ფარა შეგროვდა... -ოდნავ ჩახრინსული ბებრული ხმით თქვა ანრიმ.
მაგრამ მის გვერდით ქვაზე ჩამომჯდარი ყრუ-მუნჯი ცარიელი, გაუგებარი ხმით მისჩერებოდა. იმავე წარმატებით ბერს შეეძლო საკუთარ თავთან ელაპარაკა.
ბიჭს არაფერი ესმოდა, ვერაფერს ხვდებოდა. თუმცა მის კამკამა თვალებში მშვიდი სიბრძნე და იმის მზადყოფნა იკითხებოდა, ანრის სიტყვებს თუ ვერ გაიგონებდა, მათში ჩამალულ აზრს მაინც ჩასწვდომოდა. 
მოხუცი ალაპარაკდა, თავისი მეგობრისკენ მიმართული ოღონდ არა იაპონურად, რომელსაც ხანგრძლივი წლების განმავლობაში მისჩვეოდა, არამედ ფრანგულად, უფრო ზუსტად კი იმ იმთიანი მხარის დიალექტზე, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ბერისთვის, რომ მოესმინათ ახლა ონავარ ბიჭუნებს,იძულებული იქნებოდნენ ეღიარებინათ, რომ ეს რაკრაკა, ხმოვნებით სავსე მეტყველება სულაც არ ჰგავდა ტენგუს წრიპინა ხმას.
ანრიმ ღრმად ჩაისუნთქა და გაიმეორა:
-ჰო, თითქოს ცხვრის ფარაა...ნეტავ როგორ არიან ჩემი სევენური ბატკნები? უკვე რახანია მიბრძანეს დიდხანს სიცოცხლე, როგორც მათმა შვილებმა, შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა...
მოხუცი ფერდობზე მოკალათდა - იქ, სადაც ზაფხულის მცენარეები ზღვისკენ ხედს არ უფარავდნენ. ჭრიჭინობელების წკრიალი ყოველი მხრიდან მოდიოდა.
ანრიმ ყრუ-მუნჯს გადახედა თავისი გამჭვირვალე ცისფერი თვალებით და მოყოლა დაიწყო: 
-შენ, რასაკვიერველია, ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებ იქიდან, რასაც მე გეტყვი. სამაგიეროდ, მე ვიცი, შენ დამიჯერებდი- სხვებს კი არ ჰგავხარ. ამიტომ მისმინე. ძალიან უცნაური ამბავია, შენც კი გაგიჭირდება მისი დაჯერება.მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სხვებივით არ დამცინებ...
ამის მერე ანრი დიდხანს ლაპარაკობდა, არეულ-დარეულად, ხოლო როდესაც საჭირო სიტყვას ვერ პოულობდა, რაღაც ველური ჟეშტებით ეხმარებოდა საკუთარ თავს- თითქოს ამბის მთხრობელი მთელი მისი სხეული იყო.
- ...ძალიან დიდი ხნის წინ, როცა დაახლოებით იმდენის ვიყავი, რამდენისაც ახლა შენ ხარ... შეიძლება, უფრო პარატარაც კი... ჩემს მშობლიური სევენტში ცხვრებს ვწყემსავდით ეს ულამაზესი მთებია საფრანგეთის ცენტრში. პილას მთის სამხრეთით ტულიზელი გრაფების სამფლობელოები იწყებოდა... მაგრამ რისთვის გეუბნები ამას? აქ ხომ თვით საფრანგეთის შესახებაც არავის მოუკრავს ყური...
ესეც 1212 წელს მოხდა. მეხუთე ჯვაროსნულმა ლაშქრობამ მცირე ხნით გაათავისუფლა ურჯულოებისგან წმინდა მიწა მაგრამ სულ მალე ქრისტიანულმა მხედრობამ იგი ისევ დაკარგა და მთელი საფრანგეთი გლოვობდა ამ დანაკარგს. ქალები ძაძებით დადიოდნენ.
ერთ საღამოს ფარას მივერეკებოდი საძოვრებიდან შინისკენ. ჩემი ცხვრები ფერდობზე მოგოგმანობდნენ, კრიალა ცა იყო... უცებ ძაღლმა ყრუდ დაიყმუვლა, კუდი ამოიძუა და ფეხზე მომეტმასნა.
დავინახე, გორაკის წვერიდან როგორ მოაბიჯებდა ჩემთან შესახვედრად თვით მხსნელი, თეთრ, მანათობელ სამოსში გამოწყობილი.წვერი ჰქონდა, ისეთივე, როგორც ნახარებზე სახეს კი ღიმილი უნათებდა, სიყვარულითა და თანაგრძნობით სავსე. მუხლებზე დავემხე, ღმერთმა კი ხელი გამომიწოდა, ჩემს თმას შეეხო და ამოთქვა: ,,ანრი, შენ დამიბრუნებ მე იერუსალიმს.ისეთი ბავშვები როგორიც შენ ხარ,ჩემი ქალაქიდან ურწმუნო თურქებს გააძევებე. მრავალი ბიჭი და გოგონა შეკრიბე მარსელში წაიყვანე. ხმელთაშუა ზღვა თქვენ წინაშე წყალს გახსნის და თქვენ პირდაპირ გაემართებით წმინდა მიწაზე..."
მე დავიხსომე ეს სიტყვები, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს გონება დავკარგე, რადგან ცოტა გამოვფხიზლდი, ერთგული ძაღლი სახეს მილოკავდა, შეშფოთებული ჩამყურებდა თვალებში. მთელი სხეული ოფლით მქონდა სველი. სოფელში დაბრუნებულს არავისთვის არ მიამბია სასწაული ხილვის შესახებ - მეშინოდა, რომ არ დამიჯერებდნენ.
რამდენიმე დღე გავიდა - ოთხი ან იქნებ, ხუთიც.მახსოვს, წვიმდა, მარტო ვიჯექი მწყემსების ქოხში. მოსაღამოვებული იყო. კარზე დააკაკუნეს. გავედი და მოხუცი მწირი დავლანდე. პური მთხოვა.უცხო მწირს თვალებგაფართოებული შევყურებდი. დიდი, ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა, კუშტი სახე, ჭაღარა თმა, მზერა კი - შემაშფოთებლად ნათელი და სუფთა. მოხუცი ქოხში შევიპატიჟე, წვიმის ქვეშ რომ არდასველებულიყო, მაგრამ არ მიპასუხა. შევნიშნე, რომ ტანსაცმელი მშრალი ჰქონდა.
დავფრთხი, მეტყველების უნარი დავკარგე.მოხუცმა პური გამომართვა, მადლობა გადამიხადა და გამეცალა. წასვლის წინ დამიბარა - მომეჩვენა, თითქოს მისი ხმა ზედ ყურთან ისმოდა: ,,ხომ არ დაგავიწყდა, რაც გიბრძანეს? რატომ აყოვნებ? შე ღვრთის რჩეული ხარ!"
გონს მოგებული მწირს გავეკიდე, მაგრამ უკვე ბნელოდა, გარშემო ყველაფერი წვიმიან ნისლს დაეფარა და ვერ შევძელი უცნობის პოვნა. სიბნელიდან ცხვრების საბრალო ბღავილი აღწევდა...
იმ ღამით თვალი არ მომიხუჭავს. დილისკენ კი, მინდორში გამოსული, ჩემს მეგობარ მწყემსს გავედევნე,ჩემს ყველაზე ახლო მეგობარს. ღრმად მორწმუნე ბიჭი იყო და ჩემი ამბის მოსმენის შემდეგ, მოწიწებით მოიყარა ჩემს წინაშე მუხლი.
ათი დღეც არ გასულ, რომ ჩემს გარშემო მთელი იმ არემარის მწყემსები შემოიკრიბნენ.არა, არავისთვის არ მომიწოდებია- ბავშვები თვითონ მოვიდნენ.
მერე კი ხმა დაირხა, რომ ჩვენი სოფლის სიახლოვეს რმა წლის ბიჭუნა წინასწარმეტყველების უნარს ფლობდა. ეს მცირეწლოვანი ნათელმხილველი სასწაულებს სჩადიოდა და ქადაგებდა. ამბობდნენ, რომ თითის დადებით უსინათლო გოგონას თვალის ჩინი დაუბრუნა.
სასწაულმოქმედისკენ გავეშურე, თან წავიმძღვარიე ჩემი მიმდევრები. წინასწარმეტყველი ბავშვენთან თამაშობდა და მხიარულად იცინოდა.მივუახლობდი, მუხლებზე დავეშვი და ჩემთვის ნაუწყები ღვთის სიტყვის შესახებ ვუამბე.
წინასწარმეტყველს რძესავით თეთრი კანი ჰქონდა, შუბლზე კი ოქროსფერ კულულებს შორის ნაზი ცისფერი ძარღვები უჩანდა. სიცილი შეწყვიტა და პატარა ტუჩის კუთხეები რამდენჯერმე შეუკრთა.ბავშვი მე კიარ მიყურებდა, სადღაც შორს იმზირებოდა, მთებისა და სათიბების ტალღოვანი მოხაზულობებისკენ.
მეც იქით გავიხედე. მაღალი ზეთისხილის ხე ჩანდა.მზის სხივები ისე ანათებდა მის გვირგვინს, თითქოს ტოტები და ფოთლები არამიწიერი სიკაშკაშით ივსებოდა.ქარმა დაუბერა. წინასწარმეტყველმა მედიდურად დამადო ხელი მხარზე და ხისკენ მიმითითა. ხის წვერზე ანგელოზთა კრებული შემდგარიყო, რომლებიც თვალის მომჭრელად ოქროსფერ ფრთებს არხევდნენ.
,,აღმოსავლეთისკენ წადი,-მითხრა ბავშვმა შეცვლილი საზეიმო ხმით,-აღმოსავლეთისკენ წადი, სულ უფრო შორს და შორს. დასაწყისთვის კი , როგორც ნაბრძანები გაქვს, მარსელს გაემგზავრე".
ხმა საოცარი ხილვის შესახებ მთელს საფრანგეთსი დაირხა. არადა, ეს ხომ ერთადერთი შემთხვევა არ იყო-მსგავსი ამბები ყველგან ხდებოდა. ერთ ადგილას ბავშვებმა, რომელთა მამები ჯვაროსანთა ლაშქრობაში დაიღუპნენ, მოულოდნელად მამათა ხმლები აიღეს ხელში და მშობლიური მხარე დატოვეს. რომელიღაც ქალაქში შადრევანთან მოთამაშე ბავშვი უცებ გაიმართა, სათამაშოები მიყარა, მოსამსახურეს პურის ნაჭერი გამოართვა და ისიც გზას დაადგა. როდესაც დედა დაეწია და უსაყვედურა, მან მხოლოდ ის უპასუხა, რომ მარსელში მიდიოდა. მეორე პროვიციაში ბავშვები ღამით საიდუმლოდ შეიკრიბნენ გაემართნენ უცნობი მიმართულებით.დილას უფროსებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა წასულა, ახალშობილების გარდა, რომელთაც ჯერ სიარული არ ესწავლათ...
და მე ჩემი მხდრობით დავიწყე მზადება ლაშქრობისთვის მშობლები ცრემლებად იღვრებოდნენ, მეხვეწებოდენ, ამ გიჟურ ჩანაფიქრზე ხელი ამეღო, მაგრამ ჩემმა მიმდევრებმა საბრალო მცირედმორწმუნენი თავიდან მოიცილეს. ჩემთან ერთად გზას ასამდე ადამიანი დაადგა,სულ კი ჯვაროსნულ ლაშქრობაში რამდენიე ათასი ბიჭი ჩაერთო საფრანგეთიდან და გერმანიიდან.
გზა სავსე იყო ხიფათითა და დაბრკოლებით. პირველივე დღეს ყველაზე პარარებმა და ყველაზე სუსტებმა დაღლილობისგან დაცემა დაიწყეს. ბევრი ჩვენი ამხანაგის დაკრძალვა მოგვიხდა. ვგლოვობდით მათ და საფლავებზე პატარა ხის ჯერებს ვასობდით.
ჩვენამდე მოვიდა ცნობა, რომ სხვა რაზმი, ასევე ასი ადამიანისგან შემდგარი, ისეთ არემარეში მოხვდა, სადაც შავი სიკვდილი ბატონობდა. ვერავინ გადარჩა ცოცხალი.
ერთი პატარა გოგონა ჩემი რაზმიდან, გათანგულობისგან ჭკუიდან შეიშალა და კლდიდან გადაეშვა.
უცნაური რამ ხდებოდა - სიკვდილის წინ თითოეული ბავშვი აღთქმულ მიწას ხედვდა თვალწინ.თანაც არა ახლანდელს, უდაბურად ქცეულს, არამედ ბიბლიურს, სადაც შროშანები ყვაოდა, ველები კი რძითა და თაფლით იყო სავსე... საიდან ვიცი? სიკვდილის წინ ისინი თავიანთ ზმანებებს აღგვიწერდნენ, ხოლო თუ ლაპარაკის ძალა არ შესწევდათ, თვითონ ვხდებოდით იმ გასხივოსნებული შუქის მიხედვით, რომლითაც მათი თვალები ივსებოდა.
და აი, როგორც იქნა, მარსელში ჩავედით.
იქ უკვე გველოდნენ ისინი,ვინც უფრო ადრე მისულიყო. ყველას სწამდა, რომ ჩემი გამოჩენისთანავე ზღვის წყალი გაიხსნებოდა. მე კი მარსელამდე ჩემი რაზმიდან სამად სამი ადამიანით მივაღწიე...
ბიჭებისა და გოგონების ბრბომ მომიცვა. მღელვარებისგან ანთებული სახეები ჰქონდათ.პორტში გავემართეთ. ხშირი ტყვით შემოჯარულ ნავსადგურში ანძები იყო აღმართული. მეზღვაურები პირდაღებულნი მოგვჩერებოდნენ.ციცაბო ფერდობზე გავედი და ლოცვა დავიწყე. ზღვა დაისის მზის სხივებში წითლად ანათებდა. დიდხანს ვლოცულობდი. მაგრამ ზღვა უწინდებურად, აუჩქარებლად ანანავებდა თავის ტალღებს ნაპირისკენ, კვკავ უხვწყლიანი და ურღვევი რჩებოდა.
თუმცა სასოწარკვეთას არ მივცემივართ. ალბათ ღმერთს სურდა, რომ დანარჩენს დავლოდებოდით.
ბავშვები მოდიოდნენ და მარსელში გვიერთდებოდნენ. ძალაგამოცლილები იყვნენ, მრავალი მათგანი_ დაავადებულიც დღე დღეს მისდევდა, მაგრამ ლოცვები ამაო რჩებოდა: ზღვას არ სურდა გახსბა.
და აქ ჩვენ შორის გამოჩნდა ვიღაც კეთილშობილი მამაკაცი, რომელმაც მოწყალება დაგვირიგა და მორჩილი სახით შემოგვთავაზა, ბავშვები თავისი გემით მიეყვანა პირდაპირ იერუსალიმში.ბავშვების ნახევარს შეეშინდა ამ მოგზაურობის, მაგრამ მეორე ნახევარი - მეც მათ შორის - თამამად ავიდა გემზე.
თუმცა ვაჭარმა არა წმინდა მიწაზე, არამედ ეგვიპტურ პორტ ალექსანდრიაში მიგვიყვანა, სადაც ყველა ბავშვი ბაზარზე გაყიდა...
ანრი გაჩუმდა. იქნებ, უკვე დიდი ხნის წარსული დღეების მწუხარება გაახსენდა.
ცაში უკვე დამდგარიყო უმშვენიერესი დაისი - ასეთი მშვენიერება შეიძლება მხოლოდ გვიან ზაფხულში დაინახო.
შექუჩებული ღრუბლები მეწამულად შეფერილიყვნენ, შედარებით გრძელ ღეუბლებს წითელი და ყვითელი ფერი შეემოსათ, ზეაღმართულ მოფრიალე ალმებსა და ბაირაღებს ჰგავდნენ. ზღვის სივრცეზე ცა ისე აალებულიყო, თითქოს გიგანტური ღუმელი აენთოთ. ამ გამძვინვარებული ცეცხლის თინათინებში ხეების ფოთლები და ბალახი კიდევ უფრო მკვეთრი სიმწვანით კაშკაშებდა.
როცა ანრი ისევ ალაპარაკდა, მისი სიტყვებუ უკვე პირდაპირ დაისისკენ იყო მიმართული. ოკეანის აალებულ ტალღებში მოხუცი შორეული წარსულის სურათებსა და სახეებს ხედავდა: საკუთარ თავს, ჯერ კიდევ ბავშვს; თავის მეგობარ მწყემსებს, ზაფხულის თაკარა დღეს მხრებიდან რომ იძრობდნენ უხეში ჯვალოს ტანსაცმელს და მზეს უშვერდნენ თეთრ ბავშვურ მკერდს ნაზი-ვარდისფერი კერტებით. ანრის თვალწინ დაისის ცის ფონზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა მომაკვდავი ნორჩი ჯვაროსნების სახეები.მათი თავები შიშველი იყო -ოქროსფერი თუ თავთუხისფერი თმა მზის სხივებში ცეცხლოვანი მუზარადებივით კრთებოდა.
ვინც ცოხალი გადარჩა, ისინი ბედმა მთელ ქვეყნიერებაზე მიმოფანტა. მრავალი წლის განმავლობაში, რომელიც ტყვეობაში გაატარა, ანრი არასდროს შეხვედრია ვინმეს თავისი თანამოაზრეებიდან. თვით მან კი ვერ ვერასოდეს ნახა სანუკვარი იერუსალიმი.
იგი სპარს ვაჭარს მიჰყიდეს.მომდევნო პატრონმა ანრი ინდოეთში წაიყვანა. იქ ფრანგამდე ხმები მივიდა, რომ ბათუ ყაენი, დიდი თემუჩინის შვილიშვილი, დასავლეთის დასაპყრობად გაეშურა და თავისი შორეული სამშობლოს ბედით შეშფოთებული მონა ანრი დღე და ღამე გოდებდა. იმ დროს ინდოეთში იმყოფებოდა ძენის დიდებული მოძღვარი დაიგაკუ, რომელიც იქ ბუდიზმის ჭეშმარიტებას ეუფლებოდა. ისე გამოვიდა, რომ მოძღვრის მეშვეობით მონა ანრიმ თავისუფლება მოიპოვა. მადლიერების ნიშნად დაიფიცა, რომ მთელი ცხოვრება ერთგულად ემსახურებოდა თავის განმანთავისუფლებელს. ანრი მოძღვარს ჯერ ჩინეთში, ხოლო როდესაც შეიტყო, რომ დაიგაკუ იაპონიაში აპირებდა გაცურვას, სთხოვა, თან წაეყვანა.
ახლა მოხუცის სულში სიმშვიდე სუფევდა. დიდი ხანია მიატოვა ფუჭი იმედები სამშობლოში დაბრუნებაზე და შეეგუა აზრს, რომ მისი ძვლები იაპონიაში პოვებდა სამუდამო განსასვენებელს. გახსნილი გულით მიიღო მოძღვრის სწავლებები და შეწყვიტა ამაო ოცნება სამოთხეში ცხოვრებასა და საოცარ ქვეყანაზე, რომლის ნახვაც ვერ ეღირსა...თუმცა საკმარისი იყო ზაფხულის ცა დაისის ფერით შეფერილიყო, ზღვა კი აალებულიყო, რომ ფეხები თავისით მიაქანებდნენ მოხუც ანრის სიოძეს მთის წვერზე.
უყურებდა დაისის ცას, მის ანარეკლს ოკეანის სარკეში და უნებურად ბრუნდებოდა ფიქრებით იმ სასწაულებთან, რომელთა მოწმედ გახდა თავისი ცხოვრების აისისას. მოხუცი იხსენებდა გამოცხადებას, რომელიც მას ეწვია, შეუცნობელის შეცნობის წყურვილის, და ძლევამოსილებას, რომელმაც ის სხვა ბავშვები აიძულა,შორეულ მარსელში გამგზავრებულიყვნენ. ბოლოს კი ბერის მეხსიერებაში უცილობლად აღდგებოდა ერთი და იგივე სურათი: მაღალი კლდოვანი ნაპირი; მუხლმორთხმულო ბავშვების ბრბო, რომლებიც ლოცულობდნენ, რომ ზღვის წყალი გაპობილიყო; და უდრეკი, შეუვალი ზღვა, რომელიც მშვიდად ანანავებდა ტალღებს საღამოს მზის ქვეშ.
ანრის უკვე დაავიწყდა, რომელ მომენტში დაკარგა რწმენა. სამაგიეროდ, ძალიან კარგად ახსოვდა დაისისა და ზღვის სასწაული, რომელსაც არ სურდა ლოცვის შესმენა და გახსნა. ეს გამოცანა ნებისმიერ საოცარ ხილვაზე მეტად მიუწვდომელი და ჩეუცნობელი აღმოჩნდა. ბიჭუნას გულმა ქრისტეხ მოვლინება აღიქვა, როგორც ჩვეული რამ, მაგრამ საღამოს ზღვამ, რომელმაც მაინც არ გაუხსნა გზა წმინდა მიწისკენ, თავისი საიდუმლოთი გააგნა ნორჩი სული.
ანრი ჰორიზონტის ხაზს შეჰყურებდა შორეული კონცხის მიღმა. მას უკვე არ ეჯერა, რომ ზღვას შეეძლო ორად გაპობა და გახსნა.ის წითელი ნათებით იღვრებოდა ზღვის სივრცეებს შორის და უწნდელ ელდას ახსენებდა.
თუ ზღვას ეწერა ოდესმე გახსნა, მას ეს სწორედ მაშინ უნდა გაეკეთბინა, მაგრამ აუხსნელად გულგრილი დარჩა ადამიანისადმი და მხოლოდ უტყვად ელავდა დაისის ფერებით...
მოხუცი ბერი დუმდა. მზე გაწეწილ ჭაღარა თმაში დაცოცავდა, წითელი ნაპერწკლებით კრთებოდა გამჭვირვალე ცისფერ თვალებში. მეწამულმა დისკომ ზღვაში იწყო ჩაძირვა, ინამურის კონცხის მიღმა. წყალი სისხლისფრად შეიღება.
ანრი გარდასულს იხსენებდა: მშობლიური ქვეყნის პეიზაჟებსა და თანასოფლელების სახეებს.მაგრამ უკვე აღარ მიუწვდა იქით გული.წარსულის ყველა მოგონება - სევენაც, ცხვრებიც, თვით სამშობლოც - ზღვაში ჩაიძირა ჩამავალ მზესთან ერთად. და ეს იმ საღამოს მოხდა, როცა ზღვა არ გაიხსნა...
მოხუცი თვალს ვერ სწყვეტდა ზღვას, სანამ დაისი,მთელი ფერთა გამის გავლის შემდეგ, სულ არ ჩაიფერფლა.
იოძეს გორაკის მინდვრებზე ბინდი ჩამოწვა, ხეების ტოტების, მათი გვირგვინის მოხაზულობა უფრო რელიეფური და კაფიო გახდა.მონასტრის კოშკების წვერები უკვე მიიმალა სიბნელეში.
ღამის ჩრდილი ანრის ფეხებამდეც მიღოღდა; ცა მის თავზე გაიცრიცა - მქრქალი-ლურჯი და ნაცრისფერი გახდა. ზღვის სივრცე ჯერ კიდევ იღვრებოდა შორეული ციალით, მაგრამ სიკაშკაშე დაეკარგა და ვიწრო ალისფერ-ოქროსფერ ძაფად გაჭიმულიყო,რომელიც ცის კაბადონს არშიას ავლებდა.
უცებ ქვემოდან, მთის ძირიდან, ზარის წკრიალა ხმა გაისმა. ტაძრის სამრეკლო საღამოს ლოცვის ჟამს იუწყებოდა.
თუჯის გუგუნიც ტალღოვანი იყო და ღამე, რომელიც ამ ტალღებზე ლივლივებდა,მთეკ ქვეყნიერებაზე გადაგორდა. ზარის რეკვა დროს არ ზომავდა - არა, ის მას ფანტავდა და შორს მარადისობაში მიაქანებდა.
ანრი თვალებდახუჭული უსმენდა რეკვას. როცა ისევ გაახილა, გარშემო სიბნელე მეფობდა, ზღვის ჰორიზონტის ზოლს კი აჩრდილისფერი-ფერფლისფერი შეეძინა. დაისი ჩაიწვა.
მონასტერში დაბრუნების დრო იყო.მოხუცი თანამგზავრს მიუბრუნდა და დაინახა, რომ ბიჭუნას, მუხლებზე ხელებშემოჭდობილს, ღრმად ეძინა.

??????