ლეონიძე გიორგი
გაზიარება

არწივები 

მომწონს მე ფიცხი მერცხალი,
მისი ქროლვა და ფეთება,
თუ სახლზე ბუდეს მიაკრავს,
სახლს ლხინი დაებედება!
ბრიალებს ტურფა ხოხობი,
სტყორცნის ალს არემარესა;
შეიფრთხიალა ბულბულმა
და გული გამიალერსა...
მაგრამ მე მიყვარს არწივი,
სიმაღლე უყვართ არწივებს!
შუა გაჰკვეთენ განწირვით,
ვინც მის გზას დაუქარწვიმებს!
ავლენ მზესთან და მღერიან,
მზეში ფრთას გადაარწევენ,
უყვართ სიმაღლის ნათელი,
სიმაღლე უყვართ არწივებს!..
კარგია არწივის ფრთიდან, ―
სტვირზე გმირული გალობა,
თუ არწივული სიმღერა
ლექსის ხმას დაეწყალობა!
კარგია არწივის ფრთები, ―
თუ გმირის მხრებში გამოვა!
“მომცეს ფრთანი და ავფრინდე,
მივხვდე მას, ჩემსა ნდომასა;
დღისით და ღამით ვხედვიდე
მზისა ელვათა კრთომასა!”

მიყვარს არწივთა სამშობლო,
არწივიანი, ორბეთი, ―
იქ იწოდება არწივად
გმირების წინამორბედი!

??????