ლეონიძე გიორგი
გაზიარება

ძველი წიგნის მწერალი 

მიყვარს ოცნებით დახვეული ძველი გრაგნილი,
მთაწმინდელების ეტრატები დაუჭკნობელი.
თაფლით ნასიტყვი, ვარდის ენით გადათარგმნილი...
სადღაც შენდობას იხვეწება წიგნის მკობელი:
― მე საწყალობელს, მე ხელუღირსს, ცოდვა მერია,
საგალობელი მრავალთავი დავიღიღინო.
უცალო ვიყავ, უფრო ღამით დამიწერია,
შეუნდოს ცოდვა, ვინც წერის დროს მიგზავნა ღვინო,
ვინც მომაშველა ნასუფრალი პურის ნაწილი...
ხელი დალპების, ხოლო მწერლის რჩება ნაწერი.
მე ჟამთა ზღვაში წიგნი ჩავდგი, როგორც ფაცერი,
ზედ მარგალიტით გავიშუქე ხსოვნის მანძილი.

*
დავწერე წიგნი და ვადიდე ჩემი უფალი,
შესაფრფინავი, მშვენიერი და სატურფალი.
დავწერე წიგნი და ზედ გულმა შუქი ათოვა,
დავწერე წიგნი, წიგნმა თავი გაიმნათობა...
და მსურს, თქვენს გულშიც კვლავ მღეროდეს
ჩემი ბულბული,
ჩემი ოცნება სიყვარულში გადაღუპული.
დღითიდღეური თქვენში ცოცხლივ სუნთქვა მწყურია
და ჩემი სიტყვაც მხოლოდ ამის მეხვეწურია...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დე, ჩემს ეტრატში ნუ ჩასდებენ დამჭკნარ ნარგისებს,
ვიცი, ოცნებით სადღაც ვინმე შემივარგისებს;
მომიგონებენ მეგანძურად არა მეფენი,
არამედ ჩემებრ მიკარგული მეოცნებენი...

??????