ლეონიძე გიორგი
გაზიარება

ელვათა ცეცხლში იჭედებოდა 

მე გამოვაბი ჩემს ვენახს ცხენი,
ბევრი დავთელე გზები ტრიალი,
მე თავს მიხრიდნენ ქართლის ციხენი,
მატიანეში ნახეტიალნი.
მესალმებოდნენ მწვანე წნორები,
სამამულე რქას ცრემლი სდიოდა,
მე ხელს მიქნევდნენ ჩემი სწორები,
სუფრა გაშლილი ჰქონდათ იორთან.
მამათა სახლის ნაცარის სითბო,
რაც ვინაჩუქრე, სულში ღვიოდა;
თითქოს იმ ყრმობის სუმბულის სიტკბოს
ნაზი სურნელი მე მომდიოდა.
და რას ეძებდა სული მღვიძარი,
რატომ მტკიოდა გულის ფიცარი?
თითქოს ვაზებმაც ფეხი აიდგეს,
დამდევნებოდნენ უკან მტევნებით...
სად მივდიოდი, ვისკენ, საითკენ,
რა მქონდა გულში დაუტევნელი?
ჩამოვიშორე აკი მიჯნური,
მისი სიტკბო და მისი სიავეც,
ჩემი გულიდან გამონიჩბული
ცრემლების ხვავიც გავანიავე,―
დიდ ნანგრევების ჩამონაფშვენი
ნაცარი აკი თავს დავიყარე;
და სამშობლოში, რაიც კი შვენის
მშვენიერებით, ხომ შევიყვარე!
ელვით მოსილი მთის მწვერვალები,
მაშ, რას მეძახდნენ, რას მიმღეროდნენ?
და მეგობართა ხმა მღელვარებით
რად ადიოდა არწივთ ჩერომდე?
იქნებ ძველ სევდას ვეთხოვებოდი,
იქნებ სამშობლოს ჩემი გულნებით?
არ ვიცი, არა, რით ვიწვებოდი,
და რა წყურვილის ვიყავ მწყურნები?
მხოლოდ ვხედავდი,
სივრცეში, იქით,
ელვათა ცეცხლში იჭედებოდა
ის გზა სავალი,
იგი ბილიკი...
და ქარიშხალი ყალხზე დგებოდა...

??????