მეკვლეს სიტყვა
დღე შრომაში მივაღამე,
აწ პირი მსურს გავისველო;
წისქვილსაც წყალს გადუგდებენ,
წყალმაც უნდა დაისვენოს!
ხელბედნიერს, ფეხბედნიერს
მეძახიან ხალხის მეკვლეს,
რადგან ვებრძვი ყოველდღიურ
ხალხისა და მიწის ეკლებს!
ვდგევარ, როგორც მუხის ძირი,
ჩემი მუხლი არ მოხრილა;
მოგილოცავთ! შეგაგებებთ
შოთის პურს და თაფლის ხილარს!
ზეთმოგდებულ უბრკო ღვინოს
არ ავიღებ სავაგლახოთ,
― მარილის კვნიწს გაუმარჯოს,
რომ ერთმანეთს დავენახოთ!
პირთაფლა და ოქროსბაგევ,
სულთადგმავ და თვალისჩენავ, ―
ჩემს ქვეყანას უსადაროს
გამარჯვებით გამოჩენა!
შენთვის ვითვლი თვითეულ კვირტს,
ყველა ვარდი შენთვის მინდა!
ის პირველი სხივიც იმ მზის,
დღეს რომ ახლად აღმობრწყინდა!
ღვინის ბუდეს, პურის მადანს, ―
ჩემს სამშობლოს, ― სიტყვა ლაღი,―
ოქროს წვიმის წვეთს იწოვდეს
ოქროყანა, ოქრობაღი.
ვაშლის გოდორს შუქი ადგეს,
სხივით ენთოს ატმის ტოტი;
ჩაის ფოთოლს, ნარინჯ-თურინჯს, ―
რაც მიწიდან ღიმით მოდის.
დამტევნებულ ძირტკბილ ვაზის
საწნახელში ჩადგეს ღვარი,
დამუგუზლდეს კერის ცეცხლი,
ბრძმედის ცეცხლი სიელვარით.
შიგ ნათობდეს ღადარივით
ხალხის აზრის ნაომარი!
რძე, მომსკდარი ზღვათაოდნად,
რწყავდეს ბაღნარ-მინდორ-მდელოს,
მოარწევდეს მტრედი აკვანს, ―
საქართველოს სასახელოს!
განედლებულ ქართლის მუხას,
დაუსხვილდეს ყველა ტოტი,
ასცდენოდეს სამესისხლო
ღვარცოფი და ქარაშოტი!
გაუმარჯოს ძმათა, მოძმეთ
შეწევნას და თანადგომას,
სიხარულს და გამრავლებას,
და მშვიდობის ყველა ქომაგს!
მე სიმღერა მწყურის ბევრი,
და სტუმარი კიდევ მეტი,
არ ავკეცავ სუფრას, მტერო,
არ ვიქნები გულდაკეტით!
ჰაი, სახლო, გაძლიერდი,
არ მოგაკლდეს ჩემგან რჩენა,
მოგილოცავთ,
ძმებო, დებო,
სულთადგმავ და თვალისჩენავ!