მხედრის ანდერძი
მე ვიზრდებოდი
არწივების გადაყივილში,
სიკვდილი მკერდში
მეცა ქერჩში
ზღვასთან, ყირიმში.
წილი დამიდევ,
სამშობლოვ, შენთან
შენ სიხარულსა და შენს ტირილში,
მარად მაცოცხლე მე შენს ღიმილში...
ალისფერ ვარდად
ჩემი წყლული
ჰყვავის ყირიმში;
მე მოკირწყლული
ვიყავ ტყვიით ცეცხლის ყივილში.
და მაინც გავდე სიცოცხლის ხიდი,
დაგცემ, სიკვდილო, თუ ამიხირდი!
არა, სამშობლოვ, მე არ მოვკვდები,
შენი თვალები მეფოფინება;
შენი ხეების მწვანე ტოტები
სიცოცხლის სუფრად გამეფინება.
დამშხეფავს შენი წყაროთა ნამი...
თუ შენი ნისლი დამესუდრება;
ჩემი სიცოცხლე,
მზე,
დასაბამი,―
იქნება შენი თავისუფლება!