ლეონიძე გიორგი
გაზიარება

რუსთაველზე ნუ შეხედავ... 

რუსთაველზე მე შევხედე
მონარგიზულ თვალის გუგას.
კიდევ სწყურის გულს ხანძარი,
თუმც მრავალჯერ დაიბუგა!
შენი თვალი ბუდეშური
გამოსულა საშუბარად,
განა არ გაქვს დასაშური,
მოკაშკაშებ მაშ აბა რად?
თბილისში რომ დაგოგმანობთ,
შვლები მთებში რათ დატოვეთ?
არ გაწუხებთ, ლამაზმანნო,
მათი სვე და სიმარტოვე?
თქვენთვის უდგას ჩვენს გულს ფესვი,
ლერწმებად რომ დაიქნებით,
ევას მერე უტურფესი
ხართ, იყავით და იქნებით!
გინახიათ შავი ლალი?
მე მინახავს ერთის თვალში,
მისი მზერით დავიღალე,
გავნიავდი ეშხის ვალში.
რუსთაველზე ნუ შეხედავ
მონარგიზულ თვალის გუგას,
მოსწყურდება გულს ხანძარი,
ეჰ! რამდენჯერ გადიბუგა!

??????