ლექსების გამოფენა
გაზიარება

ასი სიტყვა - 2013 ექსკლიუზივი

“დამნაშავე”

სამშობიაროს მოსაცდელში ჩაფიქრებული იჯდა. კალთაში რომ ესვა, ოთხი წლის იყო, მარჯვნიდან ათის და რვის, მარცხნიდან შვიდის და ექვსის. ყველანი გოგონები. ჩუმად ისხდნენ.
- გეგიძე! -  დაიძახა თეთრხალათიანმა.
ბავშვიანად წამოხტა სკამიდან.  
- გილოცავთ! გილოცავთ! ოთხი კილოა!  
- ბიჭია?!   
- არა.
- აბა?! 
- მამა, გოგოა. -  უფროსმა თავშეკავებით.
-ვიდეოკავშირით ისარგებლებთ?   -  თეთრხალათიანმა.
- არა! წავედით!  -  მკაცრად თქვა.
- მამა, ჩემი გაჩენაც გეწყინა?  -  ისევ უფროსმა.
- არა, რას ამბობ?
- ჩემი?
- არა.
- ჩემი?
- ჩემი?   -  რიგრიგობით.   
- არა! არა!   
- მამიკო, აბა ოლიკოსი?   -  უმცროსმა, ხელში რომ ეჭირა.
- ოლიკო ვინ არის?  
- ჩემი დაიკო, მე დავარქვი! 
ჩაფიქრდა
- ქალბატონო, კი!
- აი! - ვიდეოტელეფონზე მიუთითა თეთრხალათიანმა.
- გილოცავ... ოლიკოს ყურმილი ყურზე მიადე.
ღონემიხდილი გაკვირვებული დაემორჩილა.
- ოლიკო, მამა... მაპატიე...  
“დამნაშავეს” მოეჩვენა, რომ მძინარე ოლიკომ გაუღიმა.                                      

 
არჩევანი
 
- იქნებ ქალი აღმაჩნდეს?
- მაგას რაიღა მნიშვნელობა აქვ, ქალი იქნება თუ ბალღი?
- მაინც ბალღი ჯობია!
თივთიკივით რბილი თოვლი ახალ სივრცეებს ზვერავდა „თავის მისადრეკად“. ოდიშვილების ორსული რძალი მოკეთეებში იჯდა. ხელები მუცელზე ჩამოესვენებინა და ოდნავ წამღერებით ამბობდა:
- უნდა გამასდგეს, ბიძებს თავი არ მასჭრას, ჩემი ოცნებები მაგან აასრულას. ყველაფერი ჩემებურად გააკეთას, ვენაცვალე მაგასა! ოჯახსაც ჩემი არჩევით მეეკიდას, შვილებსაც ჩემებურად დავაზრდევინებ... აბა, შვილს სიცოცხლე მივცე, ცხოვრება შევსწირა და მემრე არაფრად ჩამაგდას?! მე ხო ყველაზე ძრიალ მეყორება. ყველაფერი ჩემებურად უნდა გააკეთას.
დედის წიაღში „ქალი“ გატრუნულიყო, ისმენდა და იშმუშნებოდა...
... ელდანაკრავ მეცხვარეს ამბავი დაახვედრეს:
„ტყარშეტიდან ყაზბეგს ამაიყვანესო, გონჯად იყოო“.
„მემრე? ლელაი?“ - ხმა გაებზარა ქმარს.
„გადარჩა...“
„შვილი?!..“
...
„სიცოცხლე... გადაიფიქრა...“


აცალე კაია

- აცალე კაია 
- უჰ, ცივა... მაკანკალებს...
- სველი ხარ მთლად, თან დასვრილი ხარ, ისევ იჩხუბე? მოვიდეს მამაშენი, ყველაფერი ვუთხრა. 
- მამამ, თუ საჭიროა უნდა იჩხუბოო...
- შენი ჭკუისაა იგიც...  
- ერთმა დედაზე შეიგინა?
- ვინ?
- ერთმა რა... 
- შენ შეგაგინა! 
- არა, სკოლის შემდეგ ფეხბურთს ვთამაშობდით და გოლი რომ გავუტანე,  ჩემი დედაო...  ნუ იგინები, დედაშენი ყოველთვის გიყურებსმეთქი. შენ ხო თქვი დედა ცაშია და ყოველთვის გიყურებსო...
- იმ ერთის  დედას რამე დაემართა?  
- არა, მაგრამ მე თუ დედა ცაში მყავს და სულ მიყურებს, იმას თუ სახლში ყავს იმასაც ხო უყურებს. 
- კი ასეა. 
- ბებო, მშია! 
- წვნიანს გიცხელებ! გამოიცვალე! ასე სველს არ შეგცივდა? 
- ხო ვთქვი ქალო მაკანკალებდამეთქი...
- ... 
- უჰ, რა ცხელია...
- აცალე ცოტა გაცივება...
- აცალე კაია... 


* * * 

ჩემი მეზობელი გმირია. ის ყველაზე ადრე დგება დილით და ყველაზე გვიან წვება ღამით. ის ორნახად არაყს სვამს ყოველ დღე. მას ერთჯერადი ,,ბიგი“ მთელი წელი ყოფნის, ანუ სამ–ოთხ გაპარსვაზე. მას უყვარს მოხუცები, განსაკუთრებით მეზობლების დედები. შეუძლია საათობით უყუროს ბურახის გამყიდველ გოგოს გზის მეორე მხრიდან. მისი ყველას ეშინია, თუმცა ის ტირის, როცა  გვეხმარება  სილაში გვირაბების გაკეთებაში. მას ბავშვებიც ვუყვარვართ. შორიდან დანის ჭადრის ხეზე დარჭობას გვასწავლის. მას ფრენაც შეუძლია, რამდენჯერმე უკვე გადმოფრინდა მესამე სართულიდან. მან შიშველი ხელებით გაგუდა მეზობლის ძაღლი, რომელმაც შეუღრინა. ის ზამთარ-ზაფხულ სულ ერთ ფორმაში დადის. მას არ შია, არ სცივა, არ წყურია. სანამ ომში წაიყვანდნენ, ჩვენს სკოლაში ასწავლიდა ვიოლინოზე დაკვრას.


* * *

თავის ხნის ხესთან იჯდა მოხუცი, მარტო. აღარ ახსოვდა საიდან და როდის მოვიდა ხესთან.
თვისტომიც არავინ ჰყავდა. შვილები - სახადს გაეწყვიტა, ქმარი - მანამდე მოუკვდა.
აღარც ისინი ახსოვდა მოხუცს, უბრალოდ, თავის ხნის ხესთან იჯდა, მარტო.
წყუროდა და ვერ ხვდებოდა წყალი დაელია. 
შიოდა და ვერც ამ წუხილის მიზეზს ხვდებოდა.
სციოდა და აღარ იცოდა აღარც სიცივის ძლევა.
- რა უბედურია? - ჩაილაპარაკეს გამვლელებმა.
სინამდვილეში, სულაც არ იყო უბედური.
იგი დაბრუნებულიყო ღრმა ბავშვობაში, როცა წყუროდა და არ შეეძლო თავისით დაელია წყალი, შიოდა და არ შეეძლი თავისით ჭამა, სციოდა და არც გათბობა შეეძლო თავისით.
თუმცა მოხუცი ვერც იმას ხვდებოდა, რომ ღრმა ბავშვობაში დაბრუნებულიყო, იგი იჯდა თავის ხნის ხესთან, მარტო.


სად ცხოვრობს ზორო

როცა ხიდეშლების კლუბად გადაკეთებულ საცხობში იმდენად ფართოეკრანიან კინოს მოიტანდნენ, რომ მოქმედება ეკრანზე ვეღარ დაეტეოდა, მაშინ ეს მოქმედება იქვე, მარჯვენა კედელზე გადადიოდა და ფურნეში შედიოდა.
მარჯვნივ წახრილი მაყურებლები ფურნეში სათამაშოდ შესულ ბავშვებს შესძახებდნენ:
- რა ქნა, ბიჭო, დაეწია?... 
ჰოდა, ერთხელაც რომ გაჭენდა ზორო და შევარდა ფურნეში, ე მაშინ გადაიწვა აპარატი. 
შეწყდა კინო – დარჩა ზორო ფურნეში.... 
მალე კლუბიც გაუქმდა, სოფელიც  გამეჩხერდა.
მაგრამ ხიდეშლები მშვიდად არიან – ზორო მათთანაა, ფურნეში ცხოვრობს.
- ბანდერასის ზორო იყო, თუ ალენ დელონის? – იკითხა გამხიარულებულმა სტუმარმა. 
- ალენ დელონის. არაფერია, ახლა სოფელი ისე აღორძინდება, რო ბანდერასიც შევარდება ჩვენ ფურნეში. - ჭიქები შეავსო თენგიზა ხიდეშელმა - სად ერთი ზორო რო დაიცავს სოფელს და სად - ორი! 



05. 02. 1996
 
- თოკოს გახდე.
- გავხედე, დე. - ვიტყუები. სად წავა, დმბლა აქვს... წლებია, ძველი ამწის ნაწილებთან ზის და გაიძახის: “ტრაქტორისტი ვარ! ტრახ... ტრახ...“
დედა მაინც შფოთავს. მოსწავლეს ტოვებს.
აღარაა თოკო...
შეიძრა უბანი... 
- გაიგეს, უმამოდ გზრდით და... მოგიკვდეს დედა... ღმერთო, ღმერთო... - ცახცახებს დედა. ჩაუბღუჯია ჩემთვის და თედოსთვის ხელები და დავძრწით ყველგან, - მიტოვებულ მშენებლობებზე... სარდაფებში... 
პოლიცია არ ჩანს.
ყინავს.
შეღამებისას პოულობს მეზობელი... თავდხურულ ორმოში. გასიპულია.
დედას მუხლები ეკვეთება და გაქვავებული თვალებიდან ახლაღა სკდება ცრემლები... ხელებს უკოცნის მპოვნელს.
- შშშავქქუდიანი... ტტტრაქტტორს გი-გიყიდიო... - ლუღლუღებს თოკო.
* * *
უკვე ოცდაოთხისაა... დღემდე ებმის ენა... უძრავად ზის და ბავშვივით მიყურებს იმ ტყუილისთვის ბოდიშჩამდგარ თვალებში... მერე ისევ ძველებურად მიღიმის: “ტტტაქქტორისტტი ვარ! მო-მომიჯექქი, წწაგიყყვან უუუნივერსიტტეტში...”



ტელეგრამა

გამარჯობა, დე!
კარგად ვარ. ვისაუზმე, თბილად ჩავიცვი და ისე გამოვედი გარეთ. ჯანმრთელად ვარ, ოღონდ ისევ ვწერ ხოლმე. მხოლოდ ეს ჩვევა ვერ მოვიშალე. ამ ავადმყოფობის წამალი ვერ ვიპოვე შენი რეცეპტების რვეულში. ჩვენ საოჯახო ფოტოალბომში ვცხოვრობ, რადგან გარესამყარო მეტისმეტად შავ–თეთრია მოგონებების ფონზე.
გიგზავნი ამ ტელეგრამას უკანასკნელი ფულით, რაც გამაჩნია. მხოლოდ ოთხმოცდასამი სიტყვის დასაწერად გეყოფაო ფული, - ოპერატორმა. თუმცა უფულობა აღარ მაღელვებს, რადგან ამ ქაღალდის ნაგლეჯებმა ჩემთვის ისედაც დიდი ხანია აზრი დაკარგეს. წლების განმავლობაში გულში დაგროვებულ, თავის დროზე ვერამოთქმულ სათქმელს კი სამიოდე სიტყვითაც გეტყვი: მომენატრე!  მიყვარხარ! მაპატიე! 
– დაწერეთ უკვე?
– დიახ, ინებეთ!
– ოთხმოცდასამია?
– ოთხმოცდასამია.
– კარგად დათვალეთ?
– დიახ! 
– მისამართი!
– თბილისი, პეტრე–პავლეს სასაფლაო, ყველაზე ძვირფასი საფლავი ჩემთვის...



,,ჩვენზე ამბობენ”

- გჯერა, რომ ადამიანები არსებობენ?
- ნუ კითხულობ ამდენს.
- თურმე ღამით ვერ ხედავენ და სძინავთ.
- ყველაფერი არეული ჰქონიათ.
- და ყველა ადამიანი ქრება.
- ქრება?
- ჰო, აი, დღეს არიან და ხვალ - აღარ.
- რა თავხედობაა. გვეყოფა. რომც არსებობდნენ, არ მგონია, ჩვენზე ამდენი ეფიქრათ. დილით რა დამემართა, იცი? ქუჩაში ვსეირნობდი და უცებ...
- დილით?
- ჰო, ვერ დავიძინე. უცებ მომეჩვენა, რომ ამეკიდა ვიღაც. ისეთი უცნაური შეგრძნება იყო. შემეშინდა, გვიან შევნიშნე - გავრბოდი და უკან არავინ მომდევდა. 
- დღეს წავიკითხე, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენ მათ დავდევთ.
- მავნებელია კითხვა. - თქვა აჩრდილმა და მინაზე დატოვა ნათითურები, რომელსაც გათენებისთანავე გაიკვირვებს დიასახლისი.
- ,,ღმერთო, უშველე ჩვენს ჩრდილებს.” - ჩაილაპარაკა ვინმე, ერლომ ახვლედიანმა, წიგნი გადადო და სიზმრებისთვის მოემზადა.


წერილი

მე ციხეში ვარ, შენ სახლში, ალეკო იმქვეყნად. შენ ცოცხალი ხარ, მე - ნახევრად, ალეკო მკვდარია. შენ ჭამ იმას, რაც გინდა, მე - რაც მაქვს, ალეკო არ ჭამს. შენ იცვამ შენი გემოვნებით, მე მაცვია რაც მოაქვთ, ალეკოს არ სჭირდება. შენ გაქვს საქმე და შენი ფული, მე ვარ უსაქმური და მაქვს სხვისი ფული, ალეკოს არც ერთი და არც მეორე. შენ გაქვს აწმყო, წარსული და მომავალი, მე მაქვს წარსული და მომავალი, ალეკოს მხოლოდ წარსული. შენ გაქვს შესაძლებლობა, მე პოტენციური, ალეკოს საერთოდ არა. შენ სუნთქავ, მე ვახველებ, ალეკო აღარ სუნთქავს. შენ სვამ ღვინოს, მე ვერ ვსვამ ღვინოს, ალეკოს ასხამენ. შენ მოკვდები, მე მოვკვდები, ალეკო აღარ მოკვდება.

??????